ასოციაციის მიერ განხორციელებული პროექტები
1. ასოციაციამ პირველი პროექტი განახორციელა 2001-2002 წელს. საფრანგეთის მთავრობის მიერ გამოცხადებულ მსოფლიო კონკურსში "ადამიანის უფლებები და ინვალიდობა", სადაც წარდგენილი იყო 48 ქვეყნის ორასამდე პროექტი, გაიმარჯვა ჩვენმა ასოციაციამ. იგი გახდა 2001 წლის ლაურეატი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ასოციაციის წევრები მიწვეულ იქნენ საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში პრიზების გადაცემის საზეიმო ცერემონიალზე დასასწრებად, სადაც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა – ლიონელ ჟოსპენმა ასოციაციას გადასცა ოქროს მედალი.
მიღებული თანხით გაიხსნა უსინათლოთა კომპიუტერის შემსწავლელი ცენტრი. სწავლება მიმდინარეობდა სპეციალური ხმოვანი პროგრამა Jaws for Windows-ის რუსული ვარიანტის საშუალებით. კურსის გავლის დროს მსმენელების მიერ გამოითქვა ქართულად გამახმოვანებელი მსგავსი კომპიუტერული პროგრამის არსებობის დიდი სურვილი და მოთხოვნილება. პროექტის ფარგლებში 80-მა უსინათლომ და მცირე მხედველმა გაიარა კომპიუტერის შემსწავლელი კურსი. აღსანიშნავია, რომ მისი დამთავრების შემდეგ ზოგიერთი მათგანი დასაქმდა.
2. 2003 წელს ასოციაციამ მიიღო მონაწილეობა ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ გამოცხადებულ განათლების პროგრამის კონკურსში, რის შედეგადაც დაფინანსდა პროექტი "ქართული ტექსტების გამახმოვანებელი კომპიუტერული პროგრამა".
პროექტის ფარგლებში პირველად საქართველოში შეიქმნა ქართული ტექსტების გამახმოვანებელი პროგრამა "ბუ", რომელსაც აქვს შესაძლებლობა წაიკითხოს კომპიუტერის მეხსიერებაში ჩადებული ქართული წიგნები. მისი საშუალებით უსინათლო მომხმარებელს უკვე მიეცა საშუალება კომპიუტერთან მშობლიურ ენაზე ურთიერთობისა. გარდა ამისა პროგრამა "ბუ" -ს ფუნქციებში შედის ვორდის მარტივი ფუნქციები, როგორიცაა: ფაილების შექმნა და შენახვა, ტექსტის აკრეფა, შესწორება, ამობეჭვდა. პროგრამას აქვს ორი - წერისა და კითხვის რეჟიმი. კითხვის რეჟიმში მომხმარებელს შეუძლია ტექსტში ნავიგაცია.
აღნიშნული პროექტის შესრულებით გადაიჭრა უსინათლოთა ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, როგორიცაა კომპიუტერში ქართულ ენაზე წერისა და კითხვის ხელმისაწვდობობა. უსინათლო მომხმარებელს მიეცა საშუალება შეექმნა წერილობითი დოკუმენტი, რომელიც მისაღები გახდა მხედველი ადამიანებისთვისაც (განსხვავებით ბრაილით შექმნილი დოკუმენტისა, რომელსაც კითხულობენ მხოლოდ ბრაილის მცოდნენი). მოიხსნა ინფორმაციის გაცვლის ბარიერი მხედველსა და უსინათლო ადამიანებს შორის.
3. 2004 წელი _ ფონდი “Mercy Corps” - უსინათლოთათვის კომპიუტერული სამკითხველო დარბაზის გახსნა და ხმოვანი წიგნების ჩაწერა.
ქართული ტექსტების წამკითხველი პროგრამა "ბუს" გამოყენებით 2004 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა უსინათლოთა სამკითხველო დარბაზი. დარბაზი აღიჭურვა თანამედროვე 3 კომპიუტერითა და ერთი მუსიკალური ცენტრით. ხოლო საბიბლიოთეკო ფონდი რეგულარულად ივსებოდა კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურით. გაფორმდა რამოდენიმე გამომცემლობასთან ხელშეკრულება, რომლებიც ბიბლიოთეკისთვის გამოყოფდნენ მათ მიერ ახლადგამოცემული წიგნების ელექტრონულ ვერსიებს. იმ დროისათვის ფონდი მოიცავდა რამოდენიმე ასეულ საბიბლიოთეკო ეგზემპლიარს.
ასევე ამავე პროექტით შეიქმნა ხმოვანი წიგნების ჩამწერი სტუდია. პროფესიონალი მსახიობების გახმოვანებით ჩაიწერა ქართული თანამედროვე, კლასიკური და საზღვარგარეთული ლიტერატურა. სულ შეიქმნა 100-მდე ხმოვანი წიგნი კომპაქტდისკზე.
4. 2004 წელი _ მსოფლიო ბანკის მიერ გამოცხადებული მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვების შედეგად დაფინანსდა უსინათლოთა სამკითხველო დარბაზის ფუნქციონირება.
პროექტის ფარგლებში გაგრძელდა წინა პროექტში დაწყებული სამუშაოები. გაიზარდა უსინათლო მკითხველთა ბიბლიოთეკით სარგებლობის აქტივობა. პარალელურად იზრდებოდა ელექტრონული წიგნების ფონდი. სამკითხველო დარბაზით სარგებლობის პირობებში გარდა იმისა, რომ უსინათლო მკითხველები კითხულობდნენ წიგნებს და იმაღლებდნენ თავიანთ ცოდნას, ასევე იძენდნენ კომპიუტერთან ურთიერთობის ძირითად უნარ-ჩვევებს.
5. 2005 წელი – ფონდმა "ქართუმ" დააფინანსა პროექტი - "უსინათლოთა ბიბლიოთეკისათვის ხმოვანი წიგნების ფონდის გაფართოებისა და მკითხველთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამა".
უსინათლოთა ცხოვრების ერთ-ერთ სირთულეს წარმოადგენს დამოუკიდებლად გადაადგილების პრობლემა, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, სადაც არ არის შექმნილი სათანადო პირობები. ამ პრობლემის არსებობით უსინათლო ადამიანს შეიძლება მოაკლდეს ის ბევრი სიკეთე, რითაც სარგებლობს მხედველი და ეს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია. მაგალითად, გამცილებლის გარეშე უსინათლოსათვის შეუძლებელია ბიბლიოთეკით სარგებლობაც. ამ პრობლების შეძლებისდაგვარად გადაჭრა აღმოჩნდა უსინათლო მკითხველის ავტომანქანით მომსახურეობა. მართალია, ამით ვერ გადაიჭრა ეს დიდი პრობლემა, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა მკითხველთა 400 მომსახურეობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასოციაცია ავტომანქანით მოემსახურა 400 სხვადასხვა ადამიანს. გამოიკვეთა აქტიურ მკითხველთა ჯგუფი, რომლებიც ყოველდღიურად სარგებლობდნენ ბიბლიოთეკით.
ასევე პროექტით შესასრულებელი იყო ხმოვანი წიგნების ჩაწერა. ფონდს კიდევ დაემატა 51 ახალი წიგნი, რომელიც გათვალისწინებული იყო უსინათლო მკითხველთათვის როგორც ბიბილიოთეკაში, ასევე სახლში სარგებლობისათვის.
წიგნების ელექტრონული ვერსიების ფონდი დამატებით შეივსო 110 ნაწარმოებით.
6. 2005 წელი - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დააფინანსა პროექტი -"ქალაქ ქუთაისის სამეცნიერო-უნივერსალურ ბიბლიოთეკაში უსინათლოთა სამკითხველო დარბაზის გახსნა".
ასოციაციამ ბიბლიოთეკაში დანერგა ქართული ხმოვანი პროგრამა "ბუ" და და გადასცა 500-მდე ელექტრონული წიგნების ფონდი. ქუთაისის ბიბლიოთეკის თანამშრომლებსა და უსინათლო მკითხველებს ჩაუტარდათ ერთკვირიანი ტრენინგი პროგრამა "ბუს" ასათვისებლად.
7. 2006 წელი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა ჩვენმა ასოციაციამ და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირმა "ჰერამ". განხორციელდა ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაიბეჭდა 130 ტომი ბრაილის შრიფტიანი წიგნი და ჩაიწერა 175 კომპაქტ დისკზე ხმოვანი ლიტერატურა. პროექტში ხმოვანი წიგნების ჩაწერას კოორდინაციას უწევდა ჩვენი ასოციაცია.
ბრაილის შრიფტიანი წიგნები და ხმოვანი დისკები დაურიგდა საქართველოს სხვადასხვა ბიბლიოთეკებს.
8. 2006 წელი – ლიტვის საელჩოს მიერ დაფინანსდა ქალაქ თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლაში კომპიუტერული კლასის გახსნა. ინფორმატიკის კაბინეტში დაიდგა 3 თანამედროვე კომპიუტერი, რომელშიც ჩაიწერა ქართული ხმოვანი პროგრამა "ბუ". მოსწავლეებს ჩაუტარდათ 2-3 დღიანი ტრენინგები პროგრამის ასათვისებლად და დაურიგდათ პროგრამის ინსტრუქციები.
9. 2007 წელი – იუნესკოს დაფინანსებით შესრულდა პროექტი "უსინათლოთათვის კომპიუტერის შემსწავლელი ტრენინგები". ამ პროექტით ასოციაციამ განაახლა კომპიუტერის შემსწავლელი ცენტრის ფუნქციონირება. ერთ თვიანი ტრენინგები ჩაუტარდათ ასევე 202-ე სკოლის უსინათლო მოსწავლეებსაც. სულ კურსი გაიარა 72-მა მსმენელმა.
10. 2009 წელი – შვეიცარიის საელჩომ დააფინანსა პროექტი - "სარკმელი სამყაროში". თანამედროვე პირობებში განათლების მიღება და საჭირო ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია. ეს პრობლემა მწვავედ იდგა უსინათლოთათვის. მართალია, პროგრამა "ბუ"-თი გადაიჭრა ქართველი უსინათლოებისათვის წერისა და კითხვის პრობლემა, მაგრამ ინტერნეტთან წვდომა ჯერ კიდევ შეუძლებელი გახლდათ მათთვის. ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა საქართველოში პირველად ქართული ვებგვერდების გამახმოვანებელი პროგრამა "ინტერბუ", რომელმაც მისცა საშუალება უსინათლოებს გამხდარიყვნენ გლობალური ქსელის წევრები. შეიქმნა ასევე ელექტრონული ფოსტისა და სკაიპის ადაპტირებული გახმოვანებული ვერსიები. ამ პროექტით საბოლოოდ გადაიჭრა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და ინტერნეტის საშუალებით ადამიანებთან კომუნიკაციის პრობლემა ქართველი უსინათლოებისათვის.
11. 2011 წელი – ფონდმა "ღია საზოგადოება-საქართველო" დააფინანსა პროექტი "გზა მარგინალიზაციიდან ინტერგაციისაკენ". პროექტი მიზნად ისახავდა ასოციაციის მიერ შექმნილი ქართული ხმოვანი პროგრამების პაკეტის გაფართოებასა და სრულყოფას უსინათლო მომხმარებლისათვის კომპიუტერზე მუშაობის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის მისაღწევად, ასევე შექმნილი პროგრამული პროდუქტის უსინათლოთა კონტიგენტის ფართო ფენისათვის მიწოდებას.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა პროგრამა "ბუს" გაუმჯობესებული ვერსია "ბუ-2", რომელსაც დაემატა არაერთი ფუნქცია, ასევე დაიხვეწა "ინტერბუ" და შეიქმნა ფაილების მართვის მენეჯერი – პროგრამა "ფაილმენეჯერი", ასე რომ ქართველმა უსინათლო მომხმარებელმა მიიღო ვორდის, ვინდოუსის, ინტერნეტისა და სკაიპის ადაპტირებული ხმოვანი ვერსიები.
იმისათვის, რომ შექმნილი პროდუქტი რაც შეიძლება მეტი უსინათლოსათვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი, ასოციაციამ იგი დანერგა საქართველოს სხვადასხვა ბიბლიოთეკებში, კერძოდ: საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს ეროვნულ-სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, თბილისის 202-ე უსინათლოთა სკოლაში, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის, ფოთის, გორის, რუსთავის, მცხეთის, თელავის და სიღნაღის მთავარ ბიბლიოთეკებში. პროგრამულ პაკეტთან ერთად ყველა ბიბლიოთეკას გადაეცა 2000-მდე საბიბლიოთეკო ეგზემპლიარების ელექტრონული ვერსიები. ბიბლიოთეკის თანამშრომლებსა და უსინათლოებს ჩაუტარდათ ერთკვირიანი ტრენინგები პროგრამების ასათვისებლად და გადაეცათ პროგრამის ექსპლუატაციის წესები.
ერთ თვიანი ტრენირება ჩაუტარდათ ასოციაციის სასწავლო ცენტრში კომპიუტერის შესწავლის მსურველებს და 202-ე სკოლის უფროსკლასელებს. სულ ხმოვანი პროგრამების პაკეტის მოხმარება შეისწავლა 87-მა უსინათლომ.