ბესარიონ სოლოღაშვილი დაიბადა 1946 წელს ქალაქ თბილისში. საშუალო სკოლა დაამთავრა ოქროს მედალზე და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1969 წელს. შემდეგ კი დაასრულა იგივე უნივერსიტეტის ასპირანტურა თეორიული კიბერნეტიკის განხრით.

1969 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეორიული კიბერნეტიკის კათედრის ლაბორანტად. შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროს ინჟინრად.

1973 წლიდან მუშაობა დაიწყო კვების მრეწველობის სამინისტროს გამოთვლით ცენტრში უფროს ინჟინრად, შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარ კონსტრუქტორად, განყოფილების გამგედ.

1981 წლიდან მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოთვლით ცენტრში განყოფილების გამგედ.

1984 წლიდან 1990 წლამდე მუშაობდა  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკური პროგნოზირების და ტექნოლოგიების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში გამოთვლითი ცენტრის ხელმძღვანელად.

1990 წლიდან 1994 წლებში იყო სამგორის რაიონის საკრებულოს მდივანი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი და კომიტეტის თავმჯდომარე.

1995 წელს იყო გაზეთ „კომერსანტის“ რედაქტორი.

მხედველობის დაქვეითების შემდეგ 2001 წელს შექმნა უსინათლოთა და მცირე მხედველთა ასოციაცია „უსინათლოები საზღვრებს გარეშე“ და არის დღემდე მისი თავმჯდომარე.

2004 წლიდან მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც დააფუძვნა უსინათლოთა მკითხველთათვის სამკითხველო დარბაზი.

ამჟამად მუშაობს საქართველოს სამეცნიერო ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ხელმძღვანელობს უსინათლოთა მომსახურების ცენტრს.

წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის ხელოვნების მენეჯერთა უმაღლეს სასწავლებელში.

არის 20-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი თეორიულ კიბერნეტიკაში, ოპტიმალური მართვის მათემატიკურ მეთოდებში, ლინგვისტიკაში და ა.შ, რომლებიც გამოქვეყნებულია საქართველოს, საკავშირო  და საერთაშორისო ჟურნალებში.

 მისი ხელმძღვანელობით საქართველოს სინამდვილეში უსინათლოებისათვის შეიქმნა ქართული ტექსტების გამახმოვანებელი პროგრამების კომპიუტერული პაკეტი (ბუ, ბუ-2, ინტერბუ, ფაილების მართვის მენეჯერი და სხვა).

დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრიივ მეცნიერებათა ფაკულტეტი ფერმწერის სპეციალობით. მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა მათ შორის რესპუბლიკურ გამოფენებში.

მისი ჰობია ფილოსოფია, მხატვრობა, ლიტერატურა, ფსიქოლოგია. გამოცემული აქვს პოეზიის ერთი კრებული და ოთხი რომანი.

არის ცნობიერების სფეროს (ნოოსფეროს) აკადემიის პროფესორი.

გვერდის მისამართი : ჩვენს შესახებ / თანამშრომლები / ბესარიონ სოლოღაშვილი