ისინი ხედავენ მზეს... და კომპიუტერს

 

 

მსოფლიოში ხშირად ირღვევა უნარშეზღუდული ადამიანების პოლიტიკური, სოციალური და სხვა უფლებები. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საქართველოში. ეკონომიკური კრიზისის ფონზე ჯანმრთელ კაცსაც უჭირს თავის გატანა, არა თუ ინვალიდს, მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც მათ დაცვაზე ფიქრობენ. უსინათლოთა და მცირემხედველთა ასოციაცია «უსინათლოები საზღვრებს გარეშე» და მისი თავმჯდომარე ბესარიონ სოლოღაშვილი იმ 9600 ადამიანის კეთილდღეობაზე ფიქრობს, რომელთაც თვალის ჩინი დაკარგეს.

ადრე ამ ადამიანებზე «უსინათლოთა კავშირი» ზრუნავდა, მაშინ ჩვენ ქვეყანაში სპეციალური ფაბრიკა-ქარხნები არსებობდა და ისინი სამრეწველო საქმიანობაში იყვნენ ჩაბმულნი. 90-იან წლებში ყველაფერთან ერთად ეს ქარხნებიც განადგურდა და გაიძარცვა. უნარშეზღუდული ადამიანები, რომლებსაც თავიანთი საქმიანობით თავი გაჰქონდათ, უმუშევრად დარჩნენ.

ბატონი ბესარიონ სოლოღაშვილი ასოციაციის არა მარტო თავმჯდომარეა, არამედ მისი დამფუძნებელიც. მან თვალის ჩინი ექვსი წლის წინათ დაკარგა, ეს ასოციაციაც მას შემდეგ დააარსა. პროფესიით კიბერნეტიკოსია. ამ სფეროში 20-ზე მეტი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. რადგან ხატვა მისი გატაცება იყო, თსუ-ს მეორადი ფაკულტეტი დაამთავრა ფერწერის განხრით. 10-მდე გამოფენაში მიუღია მონაწილეობა. მერე ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე მუშაობდა, მათი მათემატიკური კანონზომიერების დადგენას ცდილობდა. ამჟამად მისი ორი წიგნი – «რას ეძებ ადამიანო» და «იაშა კრიხელი, ანუ წყალიც თავისას მოითხოვს» დასაბეჭდად მზადდება. 2001 წელს ასოციაცია «უსინათლოები საზღვრებს გარეშე» ჩამოაყალიბა და მას შემდეგ ასოციაციის წევრებთან ერთად საქართველოში უსინათლოთა უფლებების დაცვაზე ზრუნავს.

–                    ორგანიზაციის მიზანია, რომ უსინათლოებს ჩვენს ქვეყანაში ნორმალური საარსებო პირობები შევუქმნათ, – გვიამბობს ბატონი ბესარიონ სოლოღაშვილი, – ადრე ისინი ფაბრიკა-ქარხნებში მუშაობდნენ და წვრილმან საყოფაცხოვრებო ნივთებსა აწარმოებდნენ. ახლა მსგავსი პროდუქციის საზღვარგარეთიდან შემოტანა ბევრად უფრო იაფი ჯდება და ასეთი ფაბრიკების შექმნას აზრი აღარ აქვს, მათი დასაქმება კი აუცილებელია. რადგანაც უნარშეზღუდულ ადამიანებს არ შეუძლიათ ჯანსაღი ფიზიკური კონკურენცია გაუწიონ ჯანმრთელებს, უნდა დავაფასოთ მათი გონებრივი შესაძლებლობები და ამის მიხედვით დავასაქმოთ, მაგრამ ამისთვის შესაფერისი პროფესიული განათლებაა საჭირო. ჩვენ, პირველყოვლისა, გადავწყვიტეთ მათთვის კომპიუტერზე მუშაობა გვესწავლებინა. ამ მხრივ ასოციაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საფრანგეთის მთავრობასთან არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ-კონსულტაციური კომისიის კონკურსი იყო თეაზე: «ადამიანის უფლებები და ინვალიდობა». ამ კონკურსში 48 ქვეყნის 200 პროექტი მონაწილეობდა და ჩვენ 6 გამარჯვებულს შორის აღმოვჩნდით. 2001 წლის 11 დეკემბერს, პარიზში, ეროვნული ასამბლეის შენობაში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ლიონელ ჟოსპენმა მედალი გადმოგვცა საფრანგეთის რესპუბლიკის ადამიანების უფლებათა დაცვის დარგში. ამ პროექტის მეშვეობით 80-მდე ქართველმა უსინათლომ კომპიუტერზე მუშაობა ისწავლა.

უსინათლოები ისეთივე კომპიუტერზე მუშაობენ, როგორზეც მხედველი ადამიანები. არსებობს ორი ხერხი: ერთი, როცა მონიტორზე არსებული ინფორმაციის ამოკითხვა ბრაილის კლავიშიან კლავიატურაზე ხდება. უსინათლო მას თითების დახმარებით კითხულობს. მეორე ხერხია გახმოვანებული პროგრამა, რომელსაც ერთი უპირატესობა აქვს. იგი ზრდასრულ ასაკში დაინვალიდებულ ადამიანებს, რომლებმაც არ იციან ბრაილის ენა, კომპიუტერზე მუშაობის საშუალებას აძლევს. კომპიუტერზე მუშაობის სწავლისას უსინათლოებს ყველაზე მეტად კლავიატურის ათვისება უჭირთ. ამისთვის ასოციაციის ინიციატივით სპეციალურად კლავიატურის შემსწავლელი ქართული და რუსული პროგრამები შეიქმნა, რომლებშიც 10000 სიტყვა-სავარჯიშოა ჩატვირთული. რაც შეეხება ტექსტების გამხმოვანებელ პროგრამას, დიდხანს არ არსებობდა მისი ქართული ვარიანტი. ასოციაცია «უსინათლოები საზღვრებს გარეშე» «ღია საზოგადოება საქართველოს» გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა და თავისი პროექტით გამარჯვებაც მოიპოვა. ამის შემდეგ შეიქმნა კომპიუტერული ტექსტების გამხმოვანებელი ქართული პროგრამა «ბუ» (ეს ფრინველი კარგად ვერ ხედავს, ამისდა მიუხედავად, სიბრძნის სიმბოლოდ მოიაზრება).

ამ პროგრამის შექმნის შემდეგ ასპარეზი გაფართოვდა და უსინათლოებისთვის სპეციალური სამკითხველო ბიბლიოთეკის შექმნაც გახდა შესაძლებელი. იდეა ორგანიზაცია Mercy Corp-ში მოიწონეს და გრანტიც გამოყვეს შესაბამისი აღჭურვილობის შესაძენად, ხოლო საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ  (საჯარო) ამ კეთილი საქმისთვის ცალკე სამკითხველო დარბაზი გამოჰყო. ბიბლიოთეკაში უსინათლოებს საშუალება აქვთ კომპიუტერის მეშვეობით მოისმინონ ქართულად გახმოვანებული 200-მდე ლიტერატურული ნაწარმოები. აქვე მათ 300-მდე რუსული წიგნის მოსმენაც შეუძლიათ. პროგრამა ექვს განყოფილებად იყოფა: პოეზიის, მხატვრული, ისტორიული, რელიგიური, სამეცნიერო და საბავშვო ლიტერატურის განყოფილებებიდან მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სასურველი სფერო და ნაწარმოები. საგულისხმოა, რომ ამ პროგრამაში უსინათლოებს ახალი ტექსტის შექმნაც შეუძლიათ.

გარდა ამისა, ბიბლიოთეკაში შექმნილია მობილური ნაწილიც. წიგნები ჩაწერილია კასეტებზე და ლაზერულ დისკებზე. ამ ჩანაწერებში ტექსტებს მსახიობები კითხულობენ, მაგრამ, სამწუხაროდ, მარაგი მცირეა (დაახლოებით 50-მდე ხმოვანი წიგნი). ბიბლიოთეკის ამ ნაწილის გაფართოებისათვის Mercy Corp-მა კიდევ ერთი გრანტი გამოყო ასოციაციისთვის. ამ გრანტით ხმის ჩამწერი სტუდია გაიხსნა, რომელშიც უახლოეს მომავალში ხმოვანი წიგნები ჩაიწერება და ფონდიც გაიზრდება. ამ ფონდით სარგებლობას კი უკლებლივ ყველა უსინათლო ადამიანი მოახერხებს.

– ჩვენი ბიბლიოთეკით უკვე სარგებლობენ უსინათლოები, – გვიამბობს ბატონი ბესარიონი, – მაგრამ ყველა მსურველი მაინც ვერ ახერხებს ამას. ბევრს მოსწონს ეს იდეა, უნდა რომ ხშირად იაროს ბიბლიოთეკაში, მაგრამ ამას ფიზიკურად ვერ ახერხებს, მხედველობადაქვეითებული ადამიანების მთავარი პრობლემა ხომ გადაადგილებაა. საბედნიეროდ, ჩვენმა ასოციაციამ გამოსავალი მოძებნა. პრობლემის გადაჭრაში «ქართუ ჯგუფი» დაგვეხმარა, რომელმაც ტრანსპორტის შესაძენად საჭირო თანხები გამოგვიყო. უახლოეს მომავალში ყველა მსურველი შეძლებს ისარგებლოს ამ ბიბლიოთეკით.

ბატონო ბესარიონ, უკვე ამდენი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეთ, მომავალში კიდევ რას აპირებთ?

– ჩვენმა ასოციაციამ გადაწყვიტა შექმნას ხმოვანი წიგნების გამომცემლობა არსებული სტუდიის ბაზაზე. ეს წიგნები მარტო უნარშეზღუდულებს კი არა, ჯანმრთელ ადამიანებსაც გამოადგებათ. კარგი იქნება ამ წიგნების გავრცელება საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებში, განსაკუთრებით კი ფერეიდანსა და ლაზისტანში, სადაც ქართველები მშობლიურ ენაზე კი მეტყველებენ, მაგრამ ქართული ანბანი ნელ-ნელა ავიწყდებათ.

სასიხარულოა, რომ საქართველოში დღეს უნარშეზღუდული ადამიანების დასახმარებლად საერთაშორისო დონის პროგრამები ხორციელდება. ასოციაცია «უსინათლოები საზღვრებს გარეშე» ყველანაირად ცდილობს მხედველობადაქვეითებულ თანამემამულეებს მძიმე ხვედრი შეუმსუბუქოს. უსინათლოებს ხომ ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება – ინფორმაციისა და განათლების დამოუკიდებლად მიღება შეზღუდული აქვთ ბუნებისა და თავისი მდგომარეობის გამო.

ასოციაცია ცდილობს ისინი წიგნთან დააახლოვოს ყველა შესაძლებელი ხერხით, ამ შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალური კომპიუტერული მეთოდი აღმოჩნდა.

ამბობენ, რომ უსინათლოები მხოლოდ მზეს ხედავენ. კომპიუტერის მოხმარების შემსწავლელი პროგრამა ისეთი ადვილი და მოსახერხებელია, იმდენად უადვილებს უსინათლოს საჭირო ოპერაციების ჩატარებას, განათლების მიღებას თუ უბრალოდ გართობას, რომ მალე ისინი მზესთან ერთად, ალბათ, კომპიუტერსაც დაინახავენ.

 

                                                                                              სალომე ქოქიაშვილი

 

ელექტრონული ჟურნალი «კვალი»

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ჩვენს შესახებ / მედია / ელექტრონული ჟურნალი - კვალი