ოჩიაური ლელა

ახლა მე სიბრმავის არ მეშინია

 

«ბუ» უსინათლო ადამიანებს კომპიუტერზე წერა-კითხვაში ეხმარება და დამოუკიდებელ ცხოვრებაში ხელს უწყობს

 

მეცნიერმა, კიბერნეტიკოსმა, მხატვარმა, მწერალმა და გამომგონებელმა ბესარიონ სოლოღაშვილმა შვიდი წლის წინ მხედველობა დაკარგა. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი არათუ საკუთარ თავში ჩაიკეტა და საზოგადოებრივ ცხოვრებას განერიდა, არამედ აქტიური მოღვაწეობა გააგრძელა და მნიშვნელოვანი გამოგონების ავტორი გახდა. მან უსინათლოთათვის ისეთი პროგრამა დაამუშავა, რომელიც მათ კომპიუტერზე მუშაობის, წიგნის კითხვის საშუალებას აძლევს და იმ დანაკლისს უვსებს, რაც მანამდე სხვისი დახმარების გარეშე მიუწვდომელი იყო.

 

 

უსინათლოთა კომპიუტერულ ბიბლიოთეკაშია როგორც მხატვრული (პროზა, პოეზია), ასევე საბავშვო, ისტორიული, დოკუმენტური, რელიგიური და ა. შ. ხასიათის წიგნები, როგორც ქართული, ასევე უცხოური, კლასიკური და თანამედროვე ნაწარმოებები.

«მთელი კვირა»: რას წარმოადგენს თქვენი გამოგონება?

ბესარიონ სოლოღაშვილი: უსინათლოებისთვის მთავარი პრობლემაა დაავადება – სიბრმავე, ასევე, აწუხებთ, რომ ისინი, როგორც ბავშვები, ყოველთვის სხვაზე არიან დამოკიდებული. სხვა უნდა მოემსახუროს, რადგან უსინათლო ამას დამოუკიდებლად ვერ გააკეთებს. თუ ვინმე არ დაუჯდა და არ წაუკითხა, ის სასურველ ინფორმაციას ვერ მიიღებს. ამავე დროს, ყველა ადამიანს თავისი პრობლემები აქვს, მიზნები, მოვალეობები, თავისი საქმე და ამ დროს უსინათლო მისთვის ტვირთს წარმოადგენს.

ბავშვები, რომლებიც სინათლეს თავიდანვე არიან მოკლებული, სპეციალურ სკოლაში დადიან, სადაც წერა-კითხვას ე. წ. ბრაილის სისტემით სწავლობენ. მაგრამ მათ, ვინც შემდეგ, დავუშვათ, შუახნის ასაკში დაინვალიდდა, კითხვის შესწავლა ძალიან უჭირთ, რადგან თითები უუხეშდებათ და ამიტომ ისინი მოკლებულნი არიან ინფორმაციის მიღებასა და გაცემას.

ჩემ წინაშე სწორედ ის პრობლემა იდგა, რომ ამ მდგომარეობის ცოტათი მაინც შესამსუბუქებლად, ისეთი რამ მომეფიქრებინა, რაც ხელს შეუწყობდა უსინათლოს სხვის დაუხმარებლად წერასა თუ კითხვაში. გადავწყვიტე კომპიუტერული სისტემის გაკეთება. ასეთი პროგრამები არსებობდა რუსულ, გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ ენებზე, მაგრამ არა ქართულად. საქართველოში ასეთი პროგრამა პირველად ჩვენ გავაკეთეთ. მისი სახელწოდებაა «ბუ» – ანუ ბუ, როგორც გონიერი არსება და ამავე დროს, უსინათლო, რომლის ქმედების ასპარეზი ღამეა.

«მ. კ.»: როგორ მოქმედებს «ბუ»?

ბ. ს.: ამ პროგრამას მოგასმენინებთ, მაგრამ მინდა, წინასწარ გაგაფრთხილოთ, რომ გახმოვანება ხდება სინთეზატორის საშუალებით, ეს არაა ადამიანის ხმა, როგორც რობოტი, ისე ლაპარაკობს, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში ესეც კარგია. ამ შემთხვევაში ფორმას ისეთი დიდი ყურადღება არ ექცევა, როგორც შინაარსს. მთავარია, რომ უსინათლომ ინფორმაცია მიიღოს, გადაამუშაოს და თვითონაც დაბეჭდილი მასალის სახით მიაწოდოს მხედველ ადამიანს.

პროექტი დააფინანსა ფონდმა «ღია საზოგადოება – საქართველო». შემდეგ ამ პროგრამის დახმარებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გავხსენით სამკითხველო დარბაზი უსინათლოებისთვის. ის ერთი წელია ფუნქციობს და უსინათლოებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მოდიან, ისმენენ წიგნებს და მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან კმაყოფილი არიან.

მათი კიდევ ერთი პრობლემა გამცილებლის პრობლემაა. ჩვენ მათ მანქანებით ვემსახურებით, ბიბლიოთეკაში მოგვყავს, დაამთავრებენ კითხვას და შემდეგ სახლში მიგვყავს.

«მ. კ.»: რას აკეთებდით კომპიუტერული პროგრამის შექმნამდე?

ბ. ს.: დამთავრებული მაქვს სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტი. სანამ მხედველობას დავკარგავდი, ვმუშაობდი სხვადასხვა გამოთვლით ცენტრში, გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში, ვასწავლიდი უნივერსიტეტში, ამასთან ლექციებს ვკითხულობდი ხელოვნების მენეჯერთა უმაღლეს სასწავლებელში. გამოქვეყნებული მაქვს 20-ზე მეტი ნაშრომი მათემატიკური მოდელირებისა და ოპტიმალური მართვის საკითხებზე. ასევე დამთავრებული მაქვს უნივერსიტეტის ხატვისა და ფერწერის მეორადი ფაკულტეტი და რამდენიმე ათეულ რესპუბლიკურ თუ თემატურ გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული.

ჩემი მისწრაფება იყო, დამედგინა ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების მათემატიკური კანონზომიერებები (მათემატიკურ პროპორციებში და განტოლებებში). აღმოჩნდა, რომ ეს ძეგლები იმიტომაა ასეთი ლამაზი, რომ ისინი «ოქროს კვეთის» პრინციპზეა დაფუძნებული, რაც გულისხმობს, რომ მთლიანი ნაწილი ისე შეეფარდება დიდ ნაწილს, როგორც დიდი ნაწილი პატარას. პირველი ადამიანი, ვინც ასეთი გამოკვლევა ჩაატარა და ამ მიმართულებით ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლის (მცხეთის ჯვარი) ანალიზი გააკეთა, გახლდათ მხატვარი სერგო ქობულაძე. თუმცა მე მას შემდეგ, რაც დავბრმავდი, ამ მიმართულებით კვლევის გაგრძელება ვეღარ შევძელი და დიდი სურვილი მაქვს, ვინმემ გააგრძელოს.

«მ. კ.»: გვიამბეთ თქვნი ასოციაციისა და საქმიანობის შესახებ, უფრო დაწვრილებით.

ბ. ს.: ეს გახლავთ «უსინათლოთა და მცირემხედველთა ასოციაცია – უსინათლოები საზღვრებს გარეთ», რომელიც 2001 წელს დაფუძნდა. 7 წელია, რაც თვალთ კლება დამეწყო. ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდი. აღარ ვიცოდი, რა მექნა. კითხვა ჩემთვის ძირითადი საქმიანობა იყო. როდესაც წიგნს ვერ კითხულობ, სულიერ წყაროს კარგავ. გადავწყვიტე, რაღაც გამეკეთებინა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თავდაპირველად, ასოციაცია ჩამოვაყალიბე. შევიტყვე, რომ საზღვარგარეთ არსებობს პროგრამები, რომლის საშუალებით, უსინათლოები კომპიუტერზე დამოუკიდებლად მუშაობენ და სურვილი გამიჩნდა, ეს საქართველოში დამენერგა.

პირველი გრანტი 2001 წლის დეკემბერში მივიღეთ. მაშინ საფრანგეთის მთავრობამ გამოაცხადა კონკურსი – «ადამიანის უფლებები და ინვალიდობა». ჩვენ მიერ წარდგენილ პროექტში ხაზგასმული იყო, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა არა მხოლოდ საზოგადოების, ხელისუფლებისა თუ სხვადასხვა ბიუროკრატიული აპარატის მიერ, არამედ ბუნებრივად. ადამიანს აქვს ხედვის, წერის, კითხვის და ა. შ. უფლებები, ჩვენც სწორედ, ამ, ბუნებრივად დაკარგული უფლებების გამოსწორების საკითხს მივაქციეთ ყურადღება. 48 ქვეყნიდან 200 პროექტი იყო წარდგენილი და ჩვენ გამარჯვებულთა რიცხვში აღმოვჩნდით. დაგვაჯილდოვა საფრანგეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა. მიღებული თანხით დავიქირავეთ ოფისი, მოვაწყვეთ და უსინათლოებისთვის კომპიუტერზე სწავლების ცენტრი გავხსენით.

როგორც გითხარით, არსებობს ფრანგული, გერმანული თუ ინგლისური პროგრამები, მაგრამ, რადგან ჩვენი უსინათლოების უმეტესობა ამ ენებს ვერ ფლობს, ავიღეთ რუსული ვარიანტი, რომელსაც «ვოის თუ ვინდოუს» – «ხმები ვინდოუსისთვის» ეწოდება და მისი საშუალებით 80 უსინათლოს, პედაგოგებს და მცირემხედველებს კომპიუტერზე მუშაობა შევასწავლეთ.

ეს სპეციალური პროგრამა საშუალებას აძლევს უსინათლოებს, აითვისონ კლავიატურა. როდესაც ასოებს თითს აჭერ, ისინი ხმოვანდება. თუ სიტყვა სწორადაა აკრეფილი, ნიშანი გეძლევა, თუ შეცდომა დაუშვი, ამ ნიშანსაც იღებ. ქართულ ენაზე 10.000 სიტყვა გვაქვს. მთავარი, რა თქმა უნდა, კლავიატურის შესწავლაა და უნდა გითხრათ, უსინათლოები ამ პროგრამას წარმატებით ეუფლებიან. მოკლე ხანში ისინი, როგორც მბეჭდავი, რომელიც მიჩვეულია და კლავიატურას უკვე აღარ უყურებს, ტექსტს თავისუფლად კრეფენ.

უსინათლოს შეუძლია აკრიფოს ტექსტი და თვითონვე მოახდინოს საკუთარი, საჭირო დოკუმენტაციის შექმნა. მას შეუძლია დაწეროს ლექსი თუ მოთხრობა, შემდეგ პრინტერით ამობეჭდოს და მხედველს მისცეს, რასაც იგი თავისუფლად წაიკითხავს.

შემდეგ ხმოვანი, ქართული ტექსტების გამახმოვანებელი პროგრამა გავაკეთე, რისთვისაც ფონდი «ღია საზოგადოება – საქართველოსგან» ზემოაღნიშნული გრანტი მივიღეთ,  შემდეგი გრანტი ორგანიზაცია «მერსი ქორნ»-ისგან ავიღეთ და მისი საშუალებით, პარლამენტის ბიბლიოთეკაში კომპიუტერული ცენტრი დავაფუძნეთ.

მეოთხე გრანტი, ფუნქციონირებისთვის «მსოფლიო ბანკისგან» მივიღეთ და მეხუთე კი – ბანკ «ქართუდან», რისი საშუალებითაც მანქანა შევიძინეთ, გამოგვიყვეს საწვავი და უსინათლოები ცენტრში დაგვყავს. ასეთია ჩვენი ისტორია, რისი გაკეთებაც ამ სამწელიწადნახევრის განმავლობაში მოვასწარით.

«მ. კ.»: კიდევ რისი გაკეთება გაქვთ ჩაფიქრებული?

ბ. ს.: ძალიან მინდა გაკეთდეს ლაზერულ დისკებზე ჩაწერილი ხმოვანი წიგნების გამომცემლობა. ამისთვის სტუდია შევქმენით, სადაც ახლა ამ წიგნების ჩაწერები მიმდინარეობს ქართულ ენაზე, მსახიობების დახმარებით. გარკვეული რაოდენობა უკვე ჩაწერილია. ჩანაწერის ხარისხი ძალიან მაღალია და შენახვაც პრობლემას არ წარმოადგენს. ასეთ წიგნებს დიდი მნიშვნელობა აქვს უსინათლოებისთვის და ამავე დროს, მინდა მათი საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის, მაგალითად, ფერეიდანში, ლაზეთში თუ ამერიკაში, გერმანიაში, რუსეთში და ა. შ. გაგზავნა, რათა იქ მცხოვრები ქართველი ბავშვები ქართულ კულტურას მოწყვეტილი არ იყვნენ.

გვინდა ისიც, რომ უსინათლოებმა დამოუკიდებლად შეძლონ კომპიუტერის პროგრამებში მუშაობა და არა მხოლოდ წიგნები იკითხონ, გვინდა, რომ ინტერნეტის ქართულ საიტებზეც იმუშაონ, წერონ და ა. შ. პროგრამა ამის საშუალებას იძლევა და ჩვენი სურვილია, ის განხორციელდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს.

«მ. კ.»: გაქვთ თუ არა ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან?

ბ. ს.: უსინათლოთა სამკითხველო დარბაზი, როგორც აღვნიშნე, ეროვნულ ბიბლიოთეკაშია გახსნილი, მაგრამ ისიც უნდა გითხრათ, რომ გრანტები მუდმივად არ გრძელდება, წყდება და შემდეგ ხდება ჰაერში გამოკიდება.

ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ აღარ გვაქვს საქმის გაგრძელების საშუალება. არადა ცენტრის დახურვა და შემდეგ ახლიდან გახსნა და საქმის თავიდან დაწყება უფრო დიდ ფინანსებთანა დაკავშირებული, წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს მივწერეთ და საქმის გასაგრძელებლად გარკვეული დაფინანსების გამოყოფა ვთხოვეთ. ლაპარაკის მხოლოდ და მხოლოდ 5 თანამშრომელზე.

ეს არამარტო ჩვენი, არამარტო არასამთავრობო პრობლემაა. როდესაც რაღაც ღირებულს ქმნი და თუ ეს არაა ერთჯერადი, არამედ მუდმივმოქმედი პროგრამაა, მას შემდეგი დაფინანსება სჭირდება. ვფიქრობ, ამ პრობლემის მოგვარება მთავრობამ უნდა აიღოს. მე მგონი, რასაც ვაკეთებთ, არა მხოლოდ ჩვენთვისაა განკუთვნილი, არამედ მოსახლეობისათვის, რომელსაც დახმარება სჭირდება და მთავრობა ვალდებულია, მას ეს დახმარება გაუწიოს.

გვინდა ამ პროგრამის ტირაჟირება საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის, რაც დიდ ხარჯებთან დაკავშირებული არაა. ამის შესახებ ინფორმაცია კულტურის სამინისტროსაც გადავეცით. მისი წარმომადგენლები მოვიდნენ ჩვენთან, ძალიან მოეწონათ, მაგრამ ერთადერთი დაფინანსების პრობლემაა გადასაჭრელი.

იესო ქრისტე იერიქონში მიდიოდა. ერთი ბრმა მოწყალებას ითხოვდა, ხმაური რომ შემოესმა, იკითხა, რაშია საქმეო და იესო მობრძანდებაო უთხრეს. მან – უფალო იესო ქრისტე, ძეო დავითისა, შემიწყალეო! – ხმამაღლა ძახილი დაიწყო, ხალხი აჩუმებდა, მაგრამ იგი არ გაჩერდა. იესომ შეისმინა და მობრუნდა. ასეთ დღეში ვარ მეც. სხვა გამოსავალი არა, აბა, უსინათლომ სხვა რა უნდა გააკეთოს, მხოლოდ და მხოლოდ იყვიროს. თან ამბობენ, ითხოვე და მოგეცემაო. მეც არ ვისვენებ, ჩემთვის ნამდვილად არ მინდა. მე წავალ, მაგრამ სხვებს უნდა დარჩეს.

ეს ავადმყოფობა, სანამ კაცობრიობა იარსებებს, ალბათ, იქნება. დახმარება მათაც დასჭირდებათ, ვინც შემდეგ დაიბადება. ხშირად დავფიქრებულვარ, თუ რისთვისაა ავადმყოფობები, ღმერთს ხომ ყველაფერი სამართლიანად, თანასწორად უნდა გაენაწილებინა და მივედი დასკვნამდე, რომ საჭიროა იმისთვის, რათა ხილულებმა ისწავლონ მადლის გაღება, ისწავლონ მზრუნველობა, მოწყალება. სიყვარული მოყვასის მიმართ ალბათ აქედან მოდის.

პროგრამის პრეზენტაცია ენათმეცნიერების ინსტიტუტში მოვახდინეთ, ერთ-ერთი კონფერენციის ფარგლებში. მას გუჩა კვარაცხელია ესწრებოდა და როდესაც მოისმინა, თუ რა შესაძლებლობებია, პროგრამა ერთადერთი წინადადებით შეაფასა: «ახლა მე სიბრმავის არ მეშინია». არ ვიცი, ამაზე დიდი შეფასება რა უნდა იყოს.

გვერდის მისამართი : ჩვენს შესახებ / მედია / მთელი კვირა