ნატროშვილი ნინო

«ბუ» და «ინტერბუ» კომპიუტერი და ინტერნეტი უსინათლოთათვის

 

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პრობლემების მინიმუმამდე დასაყვანად და მათთვის თანაბარი პირობების მისანიჭებლად მსოფლიოში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები ხორციელდება. უცხოელი ექსპერტების შეფასებით კი, საინფორმაციო ტექნოლოგიები ყველაზე წარმატებული და აპრობირებული ხერხია ამგვარი ადამიანების სოციალური ადაპტაციისათვის და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ ქვეყანაში ინვალიდებზე ზრუნვა სწორედ მათი კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით უზრუნველყოფიდან იწყება, ვინაიდან სწორედ ეს მიმართულება წარმოადგენს ბაზისს, რომლის მეშვეობითაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ცოდნის მიღების, შესაფერისი სამუშაოს მოძებნისა და აქტიურ შრომით საქმიანობაში ჩართვის საშუალება ეძლევათ.

დღესდღეობით საქართველოში IT შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დასახმარებლად საკმაოდ წარმატებულად გამოიყენა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტომ, რომლებმაც უწყებაში საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის შემდეგ ამგვარი ადამიანები დაასაქმა. ამას გარდა, განათლების სისტემაშიც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ინკლუზიური სწავლების დანერგვაზე, თუმცა მიუხედავად ამისა, ზოგადად ამ პირების რეალიზაცია მასშტაბურად მაინც არ ხდება. სხვათაშორის, ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ისიც სახელდება, რომ მათ ნაკლებად მიუწვდებათ ხელი კომპიუტერსა და ინტერნეტზე. განსაკუთრებით კი ეს შეიძლება უსინათლოებზე ითქვას, რომელთაც გასაგები მიზეზების გამო შესაბამისი უნარების დაუფლების საშუალება ნაკლებად აქვთ. თუმცა ტექნოლოგიების განვითარებამ ახალი შესაძლებლობები გააჩინა და უნდა ითქვას, რომ დღესდღეობით უკვე საქართველოშიც არსებობს სპეციალური პროგრამა «ბუ», რომლითაც ქართველი უსინათლოები კომპიუტერის დახმარებით დამოუკიდებლად წერა-კითხვას და ინტერნეტში მუშაობას შეძლებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია «უსინათლოები საზღვრებს გარეშეს» თავმჯდომარის ბესიკ სოლოღაშვილის ხელმძღვანელობით, პირველად ამ მიმართულებით ნაბიჯები 2001 წელს გადაიდგა. საფრანგეთის მთავრობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ასოციაციამ წარადგინა პროექტი, რომელიც უსინათლოებისთვის კომპიუტერის სწავლებას გულისხმობდა. პროექტმა გაიმარჯვა, ასოციაციამ კი შესაბამისი თანხა მიიღო, თუმცა ქართულ ენაზე გამახმოვანებელი პროგრამის არარსებობის გამო სწავლება რუსულად განხორციელდა. შემდეგ კი უკვე ზრუნვა ქართული პროგრამის შედგენაზე დაიწყო. 2003 წელს ფონდ «ღია საზოგადოება - საქართველოს» მიერ გამოცხადებულ კონკურსში შესაბამისმა პროექტმა დაფინანსება მიიღო და «ბუს» პირველი ვარიანტიც შეიქმნა, თუმცა მომდევნო წლებში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით იგი დაიხვეწა, ახალი შესაძლებლობებით აღიჭურვა და მარტივად სამართავი გახდა.

უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამა «ბუ» მართლაც ფართო ფუნქციონალობებითაა აღჭურვილი. მომხმარებლებს საშუალება აქვთ მისი დახმარებით მოახდინონ ტექსტის აკრეფა, მისი ჩასწორება, რედაქტირება, შრიფტების ზომების შეცვლა. ასევე შესაძლებელია «ბუში» აკრეფილი ტექსტის Word-ში გადატანა და პრინტერზე ამობეჭდვაც. გარდა იმისა, რომ მისი დახმარებით შესაძლებელია სასურველი ტექსტის წაკითხვა, არსებობს კიდევ ერთი ფუნქციონალობა ონლაინ-ბიბლიოთეკის სახით, რომელიც თავად პროგრამაშია ინტეგრირებული. აღნიშნული ონლაინ-ბიბლიოთეკა 1000-მდე საბიბლიოთეკო ეგზემპლარს მოიცავს და მასში გაერთიანებული მხატვრულ ლიტერატურა – პროზა და პოეზია, დოკუმენტური სახის მასალა, ისტორიული და რელიგიური ლიტერატურა, სამეცნიერო და საბავშვო ლიტერატურა და ზღაპრები. პროგრამის დახმარებით კი უსინათლოს საშუალება აქვს დამოუკიდებლად წაიკითხოს წიგნი და მიიღოს გარკვეული ცოდნა. რაც შეეხება უფრო დეტალურ ფუნქციებს, შესაძლებელია ტექსტის სასურველ ადგილას გაჩერება, იმავე ადგილიდან გაგრძელება, წინადადებების ცალ-ცალკე წაკითხვა, აბზაცების მიხედვით წაკითხვა, ასევე მომდევნო თუ ნებისმიერ სასურველ გვერდზე გადაფურცვლა, ციტატის მონიშვნა და გადატანა და ა. შ. აღსანიშნავია, რომ როგორც ტექსტში, ასევე ონლაინ-ბიბლიოთეკის კატალოგში ინტეგრირებულია საძიებო სისტემა, რომელიც მომხმარებელს სასურველი ლიტერატურის თუ ადგილის მოძებნის საშუალებას აძლევს. პროგრამაში ფუნქციონირებს არასასურველი ფაილის წაშლის სისტემაც.

პროგრამა «ბუ» ორი ადამიანის მიერაა შექმნილი, ტექნიკურ დავალებასა და ამოცანას ბესო სოლოღაშვილი ადგენს, უშუალოდ პროგრამას კი პროგრამისტი ზაზა ინჯია ქმნის. თავად ბესო სოლოღაშვილი ახორციელებს პროგრამის ტესტირებას და მის სრულყოფას. სხვათაშორის, საინტერესოა პროგრამის მართვაც, რომელიც მაუსის ხმარებას სრულიად გამორიცხავს და მთლიანად მომხმარებლის ინტუიციაზეა დაყრდნობილი და მხოლოდ კლავიატურის მომხმარებელს გულისხმობს. «ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ამ პროგრამის შექმნის იყო ის, რომ მისი მართვა მაქსიმალურად მარტივად მომხდარიყო. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ძალიან კარგად ხდება მისი დაუფლება და არავითარი პრობლემა არ იქმნება», – აცხადებ ბესო სოლოღაშვილი. პროგრამა ამჟამად დანერგილია თბილისის უსინათლოთა სკოლა-ინტერნატში, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ქუთაისის მთავარ, ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკაში და ზუგდიდის მთავარ ბიბლიოთეკაში, თუმცა სამომავლოდ ბესო სოლოღაშვილი მის დანერგვას საქართველოს ყველა რაიონული ცენტრის ბიბლიოთეკაში გეგმავს. როგორც იგი აცხადებს, დღეს ამ პროგრამით საკმაოდ ბევრი ადამიანი სარგებლობს და ბევრ მათგანს იგი საკუთარი თავის რეალიზაციაში დაეხმარა, თუმცა მის მასშტაბურ გავრცელებას ერთი გარემოება აფერხებს: სამწუხაროდ, უსინათლოთაგან ცოტას თუ აქვს კომპიუტერის შეძენის შესაძლებლობა, თუმცა «ბუს» ნებისმიერ უსინათლოს შემქმნელები უფასოდ გადასცემენ და უფასოდვე უინსტალირებენ. აღსანიშნავია ერთი დეტალიც: რა თქმა უნდა, «ბუს» გამოყენება პირველ რიგში უსინათლოთა საგანმანათლებლო სისტემაშია შესაძლებელი, როგორც უსინათლოთა სკოლაში, ასევე ინკლუზიური სწავლებისას. როგორც ბესო სოლოღაშვილი ამბობს, «ბუ» შესაძლოა ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც კი დაინერგოს და უმაღლეს სასწავლებელშიც უსინათლოებს ლექციების მოსმენისას დიდ დახმარებას გაუწევს. თუმცა საინტერესოა ისიც, რომ იგი შესაძლოა გამოადგეთ არა მარტო შეზღუდული, არამედ აბსოლუტური შესაძლებლობების მქონე პირებსაც: მაგალითად, გამომცემლებსა და კორექტორებს – პროგრამა გასასწორებელ ტექსტს სასვენი ნიშნების თანხლებითაც წაუკითხავს.

 კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც ბესო სოლოღაშვილი ამზადებს, პროგრამა «ინტერბუა». ინიციატივას ნაწილობრივ შვეიცარიის საელჩო აფინანსებს. მისი დახმარებით უსინათლოებსა და მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანებს ინტერნეტში თავისუფლად მუშაობის საშუალება ექნებათ. ამ საკითხზე მუშაობა აპრილში დაიწყო. უკვე დამუშავებულია საძიებო სისტემა, ვებ-გვერდების გამოძახების სისტემა, რომელთა დახმარებითაც მომხმარებელს ნებისმიერ ვებ-გვერდისა და მასზე განთავსებული განყოფილებისა თუ რუბრიკის გახსნა, ტექსტის წაკითხვა, სასურველი ტექსტის ონლაინ-ბილიოთეკაში გადატანა, ფავორიტი საიტების სიის შედგენა, ყველა გამოძახებული ვებ-გვერდის ჩამონათვალის შენახვა და შემდეგ საძიებო სისტემით სასურველი მოძებნა, Google-ის ბაზაში სასურველი სიტყვის მოძიება და ინტერნეტში რადიოს მოსმენაც შეუძლია. აღსანიშნავია, რომ «ინტერბუს» კითხვა როგორც ქართულ, ისე რუსულ და ინგლისურ ენებზეა შესაძლებელი და უსინათლოებს არამარტო ეროვნული, არამედ უცხოური ვებ-სივრცის გაცნობის საშუალებაც ეძლევათ. უცხოურენოვან ვერსიებს ისეთივე ფუნქციონალობა და შესაძლებლობები აქვთ, როგორც ქართულს. ამჟამად კონკრეტული სამუშაოები ელექტრონულო ფოსტისა და Skype-ის სისტემებზე მიმდინარეობს, რათა უსინათლოებს ამ სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობაც მიეცეთ. როგორც ბესო სოლოღაშვილი ამბობს, ეს ყველაფერი საბოლოოდ ოქტომბრის ბოლოსთვის იქნება მზად. პერსპექტივაში კი მას სურს შექმნას ფაილების მართვის ხმოვანი მენეჯერი, რათა უსინათლომ დამოუკიდებლად შეძლოს დისკიდან კომპიუტერში გადაწერა, დისკზე ჩაწერა, კომპიუტერიდან ფლეშ მეხსიერების ბარათზე გადაწერა და პირიქით, კალკულატორის მოხმარება, ფაილების მართვა. ასევე იგეგმება პროგრამის შექმნა, რომლითაც შესაძლებელი იქნება წიგნის დასკანერება და შემდეგ «ბუში» წაკითხვა. იგეგმება «ბუს» გაფართოებაც, რათა მან შეძლოს მათემატიკური ინტეგრალების და ქიმიური და ფიზიკური ფორმულების წაკითხვაც.

საინფორმაციო ტექნოლოგიები რომ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულ და თანამედროვე საშუალებაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის, ამ კონკრეტული მაგალითიდანაც დასტურდება.

 

 

 

«ნავიგატორი», 2009 (08.04 – 08.10), გვ. 13, 17. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ჩვენს შესახებ / მედია / ნავიგატორი