წმიდა ბასილი დიდის ცხოვრება

 

მართლმადიდებლობის სვეტი, ეკლესიის ღმრთივსულიერი მოძღვარი ბასილი დიდი კეთილშობილი და მართლმორწმუნე მშობლების შვილი იყო. იგი დაიბადა კაპადოკიის ქალაქ კესარიაში, დაახლოებით 330 წელს, კონსტანტინე დიდის მეფობის დროს. მის მამასაც ბასილი ერქვა, დედას კი - ემელია. სარწმუნოების პირველი თესლი ბასილის სულში ბებიამ, მაკრინებ ჩააგდო, რომელიც ახალგაზრდობაში წმ. გრიგოლ საკვირველმოქმედის ქადაგებებს ისმენდა, მამა კი მხოლოდ ქრისტიანობას კი არა, საერო მეცნიერებებსაც ასწავლიდა: თვითონ მჭევრმეტყველებისა და ფილოსიფიის მასწავლებელი იყო. 14 წლის ბასილის მამა გარდაეცვალა და ორი-სამი წელი ნეოკესარიის მახლობლად, ქალაქგარეთ გაატარა ბებიის - მაკრინეს მამულში, რომელიც შემდგომში მონასტრად გადაკეთდა. აქედან ბასილი ხშირად დადიოდა კესარიაში დედისა და და-ძმის მოსანახულებლად.

მაკრინეს სიკვდილის შემდეგ 17 წლის ბასილი კესარიაში დაბრუნდა და იქ სხვადასხვა მეცნიერებების შესწავლას შეუდგა. მალე იგი კონსტანტინეპოლს გაემგზავრა, სადაც იმ დროს გამოჩენილი სოფისტი ლიბანიოსი ცხოვრობდა, მაგრამ არც იქ გაჩერებულა დიდხანს - ათენში გადავიდა, რომელიც მთელი ელინური სიბრძნის დედად ითვლებოდა. აქ იგი სახელგანთქმულ წარმართ მასწავლებელს, ევბულეს და სხვა ცნობილ რიტორებს უსმენდა. ამ დროს ბასილი უკვე 26 წლისა იყო. ათენში მან მხოლოდ ორო გზა იცოდა: ეკლესიისა და სკოლის. აქვე დაუმეგობრდა ბასილი გრიგოლ ღმრთისმეტყველს, რომელიც იმ დროს ასევე ათენში სწავლობდა. მათ ძმებივით შეიყვარეს ერთმანეთი და ეს სიყვარული მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვათ. ბასილიმ შეისწავლა გრამატიკა, რიტორიკა, ასტრომონია, ფილოსოფია, ფიზიკა, მედიცინა, საბუნებისმტყველო მეცნიერებები, მაგრამ იგრძნო, რომ საერო განსწავლულობა ქრისტიანული სურლყოფის მაძიებელს ბევრს ვერაფერს მისცემდა, ამიტომ გადაწყვიტა იმ ქვეყნებში გამგზავრებულიყო, სადაც ქრისტიანი მოღვაწეები ცხოვრობდნენ და მათგან ესწავლა ქრისტიანობა - მეცნიერებათა მეცნიერება.

ამრიგად, გრიგოლი ათენში დარჩა და უკვე თვითონ ასწავლიდა რიტორიკას. ბასილი კი ეგვიპტეში გაემგზავრა, სადაც იმხანად ბერ-მონაზვნობა ყვაოდა. აქ იგი არქიმანდრიტ პირფორის სახლში საღმრთისმეყველო თხზულებთა მდიდარ ბიბლიოთეკას წააწყდა და მთელი წელი ღმრთისმეტყველების შესწავლაში გაატარა. ეგვიპტეში ბასილიმ გაიცნო მრავალი დიდი მოღვაწე: მაკარი დიდი და მაკარი ალექსანდირელი, პაფნუტი, პავლე და სხვები. ეგვიპტიდან პალესტინასა და მესოპოტამიაში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად და იქაურ მოღვაწეთა ცხოვრების გასაცნობად, მაგრამ გზად ათენში შეიარა - სურდა ენახა თავის მასწავლებელი ევბულე, ქრისტეს სჯულზე მოექცია იგი და ამით გადაეხადა ის სიკეთე, რაც მას ევბულემ უყო. ევბულეს ბასილი ქალაქგარეთ წააწყდა, სადაც იგი სხვა ფილოსოფოსებს რაღაც მნიშვნელოვან საკითხზე ესაუბრებოდა ბასილის არ გაუმჟღავნებია თავისი ვინაობა, ისე ჩაება კამათში, სადავო საკითხიც გადაჭრა და ახალი კითხვაც დაუსვა ყოფილ მასწავლებელს. მსმენელებს გაუკვირდათ, ვინ უდნა ბედავდეს სახელგანთქმულ ევბულესთან პაექრობასო. ამაზე ევბულემ თქვა: „ეს ან რომელიმე ღმერთია, ანდა ბასილიო“.

მაშინ ბასილიმ გაუმჟღავნა თავისი ვინაობა, ევბულემ კი გაუშვა მოწაფეები და ბასილი შინ მიიწვია, სადაც მათ სამი დღე საუბარში გაატარეს, ისე რომ ხშირად ჭამა-სმაც ავიწყდებოდათ. ევბულემ ჰკითხა ბასილის, შენი აზრით, რა არის ფილოსიფიის არსიო. „ფილოსოფიის არსი“, - მიუგო ბასილიმ, - „არის ის, რომ ადამიანს სიკვდილის ხსოვნას ანიჭებს“. დიდხანს ესაუბრა ბასილი თავის მასწავლებელს და ბოლოს დაარწმუნა, რომ ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა. ევბულემ ბასილისთან ერთად ცხოვრება გადაწყვიტა. მათ გაყიდეს თავ-თავიანთი ქონება და იერუსალიმისაკენ გაემგზავრნენ. ანტიოქიაში ბასილიმ მოინახულა თავისი მასწავლებელი ლობანიოსი და ესაუბრა მას. ლობანიოსმა ყურადღებით მოუსმინა და თქვა: ჯერ არ მოსულა ამ სიტყვის მიღების დრო, მაგრამ დადგება ჟამი, როდესაც ქრისტიანობას წინ ვერაფერი აღუდგებაო.

იერუსალიმში მათ მოინახულეს წმინდა ადგილები, შემდეგ კი წარუდგნენ ეპისკოპოს მაქსიმეს და სთხოვეს, იორდანეში მოენათლა ისინი, რაც მაქსიმემ კიდევაც შეუსრულა. ბასილი და ევბულე ერთი წელი დარჩნენ იერუსალიმში, მერე კი ანტიოქიაში გაემგზავრნენ, სადაც მთავარეპისკოპოსმა მელეტიმ ბასილი დიაკვნად აკურთხა. ცოტა ხნის შემდეგ ბასილი ევბულესთან ერთად კაპადოკიაში დაბრუნდა. როდესაც კესარიას მიადგნენ, მთავარეპისკოპოს ლეონტის ეჩვენა, რომ ქალაქს უახლოვდებოდა კაცი, რომელიც შემდგომში მისი მთავარეპისკოპოსი გახდებოდა. ლეონტიმ უხმო მთავარდიაკონს, ეპისკოპსებსა და რამდენიმე მორწმუნეს და სთხოვა, ქალაქის აღმოსავლეთ კარიბჭესთან დახვედროდნენ და პატივით მიეგვარათ მისთვის ორი მგზავრი, რომელიც ქალაქში შემოვიდოდა. მათ შეასრულეს მღვდელმთავრის ბრძანება და მიეგებნენ ევბულეს და ბასილის. როდესაც ისინი ლეონტის წარუდგინეს, იგი განცვიფრდა - სიზმარში სწორედ ეს ორი კაცი იხილა. მთავარეპოსკოპოსი ესაუბრა მგზავრებს და გაოცებული დარჩა მათი სიბრძნით. სტუმრები თავისთან დაიტოვა და განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდა, თუმცა ბასილი აქაც იმავე ცხოვრებას განაგრძობდა, რაც ეგვიპტისა და პალესტინის ბერ-მონაზვნებისაგან ისწავლა.

ლეონტის შემდეგ კესარიის მტავარეპისკოპოსი გახდა ევსევი, რომელმაც ბასილი მღვდლად აკურთხა. ბასილი მთელ თავის ნიჭსა და შრომას ამ მსახურებას ახმარდა, დაუღალავად ქადაგებდა, ბევრს ზრუნავდა თავისი სამწყსოსთვის და მალე ისეთი დიდება მოიხვეჭა, რომ თვით მთავარეპისკოპოსი დაჩრდილა. ამ უკანასკნელს შურმა სძლია და მტრულად დაუწყო ყურება ბასილის. ეს რომ შეიტყო, ბასილიმ მიატოვა კესარია და პონტოს მონასტერში დაიწყო მოღვაწეობა, სწორედ იქ სადაც ადრე მისი ბებიის, მაკრინეს მამული იყო. იქაურობა თავისი განმარტოვებული მდებარეობითა და სიმყუდროვით ბასილის ისე მოეწონა, რომ გადაწყვიტა სამუდამოდ იქ დარჩენილიყო. იგი მკაცრ მოღვაწეობას ეწეოდა, საკვებად მხოლოდ პური და წყალი ჰქონდა, მატნიის ქვეშ ძაძები ეცვა, რათა მისი მოღვაწეობა კაცთათვის სახილველი არ ყოფილიყო. ასეთი მარხვისაგან ბასილი გახდა და დაუძლურდა. ბასილი არასოდეს დადიოდა აბანოში და არც ცეცხლს ანთებდა. მონასტერში მან სხვა ბერებიც შემოიკრიბა, მათ შორის თავისი მეგობარი, გრიგოლ ნაზიანზელი. აქ ისინი ერთად ლოცულობდნენ, ერთად კითხულობდნენ საღმრთო წერილს და წმიდა მამათა ნაწერებს, აქვე დაწერეს მონასტრული ცხოვრების წეს-განგება, რომელსაც ძირითადად დღესაც ეყრდნობა აღმოსავლეთის ეკლესია. ბასილი და გრიგოლი ფიზიკურადაც შრომობდნენ: შეშა მოჰქონდათ, ქვებს ამაუშავებდნენ, ნაკელს ეზიდებოდნენ, ისე, რომ ხელებზე ბებერები უჩნდებოდათ. მათ სამყოფელს არც სახურავი გააჩნდა, არც ჭიშკარი, პური კი ყოველთვის ისეთი ძველი ჰქონდათ, რომ ძლივს ღეჭავდნენ.

მაგრამ დადგა დრო, როდესაც ორივეს მოუხდა მონასტრის დატოვება ეკლესიის საჭიროებისათვის, რომელსაც იმ დროს მწვალებლური განხეთქილებები არყევდა. გრიგოლი მამის თხოვნით ნაზიანზში გაემგზავრა. ბასილი კი ევსევიმ მიიწვია კესარიაში, სადაც არიანელები მძლავრობდნენ. ბასილი ჩავიდა კესარიაში და მაშინვე შეუდგა დაუღალავ მოღვაწეობას მართლმადიდებლობის დასაცავად: თავისი ქადაგებებითა თუ თხზულებებით ებრძოდა არიოზის ცრუმოძღვრებას. მალე ევსევი აღესრულა და მათავარეპისკოპოსის ტახტზე მისივე სურვილის წინააღმდეგ ეპისკოპოსთა კერბულმა ბასილი დაადგინა. ბასილი წარმატებით მართავდა ქრისტეს ეკლესიას. მას სიცოცხლეშივე მიაგებდნენ უდიდეს პატივს, როგორც ღმრთივგაბრძნობილ მამას, თავისი სამწყსოსათვის მზრუნველ მღვდელმთავარს და მრავალი საღმრთისმეყტველო შრომის ავტორს.

ბასილის სასწაულთმოქმედების უდიდესი ძალა ჰქონდა მონიჭებული. რამდენიმა მათგანს მოკლედ აქაც გადგმოგცემთ: ერთხელ ერთი ებრაელი ქრისტიანებთან ერთად შევიდა ეკლესიაში. მან დაინახა, რომ ბასილის ხელში საოცარი სილამაზის ყრმა ეჭირა და ნაწილებად ჭრიდა. ახლოს რომ მივიდა ებრაელი დარწმუნდა, რომ ეს ნამდვილად ქრისტეს ხორცი და სისხლი იყო. ამ სასწაულის ხილვის შემდეგ იგი მთელი ოჯახით მოინათლა.

იმ დროს მეფე იულიანე განდგომილი, ქრისტიანობის სასტიკი მდევნელი, სპარსელების წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა. ბასილი მხურვალედ ლოცულობდა ღმრთისმშობლის ხატის წინ, რომ განქარვებულიყო უსჯულო მეფის ბოროტი ზრახვანი, უფალმა ისმინა წმინდანის ლოცვა: წმ. მერკურის გამოსახულება, რომელიც ამავე ხატზე იყო გამოსახული შუბით ხელში, მცირე ხნით გაუჩინარდა. მალე მთელმა ქვეყანამ გაიგო, რომ სპარსელებთან ომში ვიღაც უცნობი შუბოსნის მიერ განგმირული დაეცა იულიანე - ეს მხედარი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიერ მოვლინებული წმ. მერკური იყო.

წმ. ბასილიმ მრავალი ტანჯვა დაითმინა ბიზანტიის უსჯულო იმპერატორის, ვალენტისაგან, რომელიც ამაოდ ცდილეობდა არიანელთა მხარეზე მის გადაბირებას, მაგრამ ვერც მუქარით და ვერც დაპირებებით ვერაფერს მიაღწია - წმინდანს მართლმადიდებლობის ღალატი ვერ აიძულა. ბასილი დიდის სახელი მთელ მაშინდელ ქრისტიანულ სამყაროში გახდა ცნობილი. ამ ხმამ ეფრემ ასურამდე მიაღწია, რომელიც უდაბნოში მოღვაწეობდა. ეფრემი ევედრა უფალს, რათა გამოეცხადებინა მისთვის, ვინ იყო ბასილი დიდი ღმრთის წინაში. მაშინ ეფრემმა იხილა ნათლის სვეტი, რომლის წვერი ცამდე აღწევდა, და ესმა ხმა:

- ეფრემ, ეფრემ! იცოდე, ამ ცეცხლოვანი სვეტის მსგავსია ბასილი.

ეფრემი მაშინვე კესარიისკენ გაემგზავრა და თან წაიყვანა თარჯიმანი, რადგან თვითონ ბერძნული არ იცოდა. კესარიაში მათი ჩასვლა ნათლისღების დღესასწაულს დაემთხვა. ბასილი. ბრწყინვალე შესამოსელში გამოწყობილი, ეკლესიისკენ მიდიოდა ასევე ბრწყინვალედ შემოსილი ამალის თანხლებით. ეფრემმა უთხრა თავის თარჯიმანს:

- ვგონებ, ამაოდ დავშვერით, ძმაო. მე ასეთ მაღალ პატივში მყოფი კაცი არ გამომცხადებია.

ეფრემი, ყველასათვის შემუჩნეველი, ტაძრის კუთხეში იდგა და ფიქორბდა:

„ჩვენ, რომელთა ვიტვირთეთ სიმძიმე დღისა და სიცხე“ (მათ. 20,12), ვერაფერს ვაღწევთ, ეს კაცი კი, რომელსაც ხალხი ასეთ პატივს და დიდებას მიაგებს, ცეცხლოვანი სვეტით ბრწიყნავს, საოცარია!“

ამ დროს ბასილის, სული წმიდამ ამცნო ეფრემის მოსვლა და მას თავისი მთავარდიაკვანი გაუგზავნა, რომელმაც უთხრა:

- მამაო, მთავარეპისკოპოსი გიხმობს, საკურთხეველში შემობრძანდი.

ეფრემმა თარჯიმნის პირით მიუგო:

- ცდები, ძმაო! ჩვენ აქ უცხონი ვართ და მთავარეპისკოპოსი არ გვიცნობს.

მთავარდიაკვანმა გადასცა ბასილის ეფრემის პასუხი. ბასილიმ კვლავ გაუგზავნა ეფრემს შუამავალი და დააბარა:

- მამაო ეფრემ! გთხოვ, შემობრძანდი საკურთხეველში, მთავარეპისკოპოსი გიხმობს.

მაშინ კი გაოცდა ეფრემი, დიდება აღუვლინა ღმერთს და წარმოთქვა:

- ჭეშმარიტად დიდია ბასილი, ჭეშმარიტად ცეცხლოვანი სვეტია და სული წმიდა მეტყველებ მისი ბაგეებით.

შემდეგ სთხოვა მთავარდიაკვანს, რომ წირვის შემდეგ სადმე განმარტოვებულ ადგილას შეეხვედრებინა ბასილისთან. მართლაც, ბასილი და ეფრემი შეხვდნენ ერთმანეთს და თარჯიმნის დახმარებით ისაუბრეს. ბასილის ლოცვით ღმერთმა ეფრემ ასურს ბერძნულის ცოდნა მიანიჭა. სტუმრებმა სამი დღე დაჰყვეს მღვდელმთავართან, რომელმაც წმ. ეფრემი დიაკვნად აკურთხა, მისი თანამგზავრი კი - მღვდლად, და მშვიდობით განუტევა.

ბასილი დიდი რვა წლის მანძილზე მართავდა კესარიის ეკლესიას. მღვდელმთავარი თავისი სამწყსოს სიყვარულითა და პატივისცემით იყო გარმეოცული, მაგრამ მას ჯანმრთელობა საერთოდაც სუსტი ჰქონდა და მკაცრმა მოღვაწეობამ კიდევ უფრო შეურყია. მალე ბასილიმ აღსასრულის მოახლოება იგრძნო. კესარიაში ცხოვრობდა ერთი ებრაელი ექიმი, სახელად იოსები, რომელიც იმით იყო ცნობილი, რომ შეუცდომლად არკვევდა ავადმყოფის გარდაცვალების დროს 3-5 დღით ადრე. ბასილის ძალიან უყვარდა იგი, ხშირად იწვევდა ხოლმე თავისთან სასაუბროდ და ურჩევდა, ქრისტეს სჯულზე მოქცეულიყო, მაგრამ იოსები უარზე იდგა და ამბობდა, რა სჯულისაც დავიბადე, იმ სჯულისა მინდა მოვკვდეო. მაშინ ბასილიმ უთხრა: „მერწმუნე, შვილო, არც მე და არც შენ არ მოვკვდებით, ვიდრე წლისა და სულისაგან არ იშვებიო“. სწორედ ამ იოსებს უხმო ბასილიმ სიკვდილის წინ და ჰკითხა, რას იტყვიო. ექიმმა უპასუხა, მზის ჩასვლამდე აღესრულებიო. ბასილიმ მიუგო, რას იზამ, ხვალამდე რომ ვიცოცხლოო? იოსებმა უპასუხა, ეს შეუძლებელია და თუ ასეთი სასწაული მოხდა, მე შევასრულებ შენს სურვილს და ნათელ-ვიღებო. ბასილი ევედრა უფალს, დილამდე გაეგრძელებინა მისთვის სიცოცხლე, დილით იოსები მივიდა ბასილის სახლში, სრულიად დარწმუნებული, რომ მღვდელმთავარი გარდაცვლილი დახვდებოდა. როდესაც ნახა, რომ იგი ცოცხალი იყო, მუხლებზე დაემხო და აღიარა, რომ ქრისტე ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია, და სთხოვა ბასილის, მეც და მთელი ჩემი ოჯახიც ეკლესიის წევრებად მიგვიღეო. ბასილიმ თვითონ ჩაუტარა უკანასკნელი ლიტურგია და მონათლა იოსები, რომელსაც იოანე უწოდა, მერე კი ყველა დალოცა, ყველას დაემშვიდობა, მადლობა შესწირა ღმერთს ყოველივესთვის და მშვიდობით აღესრულა 379 წლის 1 იანვარს, იმპერატორი გრაციანეს მმართველობის დროს, 49 წლისა. იგი დიდი პატივით დაკრძალეს - ყოველი მხრიდან მოდიოდნენ არა მარტო ქრისტიანები, არამედ იუდეველები და წარმართებიც.

სად იმყოფება ამჟამად ბასილი დიდის წმიდა ნაწილები, უცნობია. მისი თავი ათონის მთაზე, ათანასე დიდით ლავრაშია დასვენებული, სხეული კი ჯვაროსნებმა წაასვენეს ფლანდრიაში, მაგრამ ამჟამად მისი ადგილსამყოფელი არავინ იცის. „დიდი“, „ეკლესიის დიდება და მშვენება“, „სოფლის თვალი და მნათობი“ - ასე განადიდებდნენ წმიდა მღვდელმთავარს მისი თანამედროვენი და მომდევნო თაობები.

შეადგინა და თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / წმიდა ბასილი დიდის ცხოვრება