წმიდა გრიგოლ საკვირველთმოქმედი, ნეოკესარიელი ეპისკოპოსი (+266-270)

 

წმიდა გრიგოლ საკვირველთმოქმედი, ნეოკესარიელი ეპისკოპოსი (ნათლისღებამდე - თეოდორე) ქალაქ ნეოკესარიაში (მცირე აზიის ჩრდილოეთი), წარმართული ოჯახში დაიბადა. მან ბრწყინვალე განათლება მიიღო, შემდეგ კი ძმასთან, ათინოდორესთან ერთად ბირითში გაემგზავრა, რომ იქაურ სამართლისმცოდნეობის ცნობილ სკოლაში დაესრულებინა სწავლა. გზად ჭაბუკებმა კესარიაში გაიარეს. აქ იმჟამად ალექსანდრიის სასწავლებლის დიდი მოძღვარი, ხუცესი ორიგენე ასწავლიდა ფილოსოფიას. კაბადოკიის ეპისკოპოსმა ფირმილიანემ იგი ძმებს გააცნო, რამაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა მათ შემდგომ ცხოვრებაზე. თეოდორემ და ათინოდორემ ორიგენეს ქადაგებას რომ მოუსმინეს, გადაწყვიტეს, გზა აღარ განეგრძოთ და მას დამოწაფებოდნენ. მისი ხელმძღვანელობით შეიმეცნეს ყმაწვილებმა ცისა და ქვეყნის შემოქმედი უფალი, გულისხმაყვეს, რომ სიბრძნე და ჭეშმარიტება მხოლოდ სახარების მაცხოვნებელ სწავლებაშია, ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ნათლისღებისას თეოდორეს გრიგოლი ეწოდა.

გრიგოლის მოსაგრე ცხოვრება, კეთილგონიერება, სიწმინდე და უანგარობა შურით ავსებდა მის თავდაჯერებულ და ცოდვისმოყვარე წარმართ თანატოლებს, ამიტომ გადაწყვიტეს, ცილისწამებით შეებღალათ ნეტარის სახელი. ერთხელ, როცა გრიგოლი მოედანზე მოძღვრებს ესაუბრებოდა, მას ქალაქში ცნობილი მეძავი მიუახლოვდა და საზღაური მოსთხოვა თითქოს მასთან ჩადენილი ცოდვისათვის. თავდაპირველად წმიდანმა ქალს მშვიდად უპასუხა, ცდები, სხვაში გეშლებიო, მაგრამ იგი არ ცხრებოდა. მაშინ გრიგოლმა მეგობარს მეძავისთვის ფულის მიცემა სთხოვა. როგორც კი დედაკაცმა არამი საზღაური მიითვალა, ეშმაკი ეკვეთა მას და მიწას დაანარცხა. ბოლოს ბოროტისაგან გვემული ცილისმწამებელი ტყუილში გამოტყდა, წმიდა გრიგოლმა კი ილოცა მისთვის და ეშმაკისგან დაიხსნა.

ნეოკესარიაში დაბრუნებულმა გრიგოლმა უარი თქვა საერო მოღვაწეობაზე და უდაბნოში გავიდა. აქ ნეტარმა გამუდმებული მარხვითა და ლოცვით სრულყოფილების მაღალ საფეხურს მიაღწია და განჭვრეტისა და წინასწარმეტყველების მადლი მოიგო. წმიდა მამა შეეთვისა მეუდაბნოე ცხოვრებას და სურდა, სიცოცხლის ბოლომდე განმარტოებით ეღვაწა, მაგრამ უფალი სხვაგვარად სჯიდა.

როცა კაბადოკიის ქალაქ ამასიის ეპისკოპოსმა, ფედიმმა შეიტყო გრიგოლის მოსაგრეობის შესახებ, გადაწყვიტა, იგი ნეოკესარიის ეპისკოპოსად დაედგინა. უფლის რჩეულმა სულით განჭვრიტა მეუფის სურვილი და მის საძებრად გამოგზავნილ შუაკაცებს დაემალა. მაშინ ფედიმმა წმიდანი დაუსწრებლად დაადგინა ნეოკესარიის მღვდელმთავრად და უფალს შესთხოვა, ამგვარი უჩვეულო ქიროტონიის კურთხევა. ნეტარმა გრიგოლმა ეს განსაკუთრებული მოვლენა ღვთის ნების გამოვლენად ჩათვალა და ურჩობა ვერ გაბედა. ეს ეპიზოდი ღირსი მამის ცხოვრებიდან წმიდა გრიგოლ ნოსელს (ხს. 10 იანვარს) გადმოცემამ შემოგვინახა. მანვე გვამცნო, რომ უმაღლესი სამღვდელო ხარისხი წმიდა გრიგოლ ნეოკესარიელმა ეპისკოპოს რემიდოს ამასიელის მიერ მასზე მღვდელმოქმედების შემდეგ მიიღო.

ქიროტონიის წინ, რომლის დროსაც სარწმუნოების სიმბოლო უნდა წარმოეთქვა, ნეტარი გრიგოლი მხურვალედ და გულმოდგინედ ლოცულობდა უფლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ და ევედრებოდა ყოვლადწმიდა სამების ჭეშმარიტი თაყვანისცემის წესი განეცხადებინათ მისთვის.

ლოცვის დროს წმიდანს მზესავით გაბრწყინებული ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა სამღვდელმთავრო სამოსლით შემოსილ იოანე ღვთისმეტყელთან ერთად. ღვთისმშობლის ბრძანებით მოციქულმა იოანემ ასწავლა ნეტარს, თუ როგორ უნდა ვაღიარებდეთ ღირსად და მართლად ყოვლადწმიდა სამების საიდუმლოს. ღირსმა გრიგოლმა ყველაფერი, რაც უფლის უსაყვარლესმა მოწაფემ აუწყა, ჩაწერა. სარწმუნოების სიმბოლო, რომელიც გრიგოლ ნეოკესარიელის მიერ გადმოგვეცა, უდიდესი საღვთო განცხადებაა ეკლესიის ისტორიაში. მას ეყრდნობა სწავლება წმიდა სამების შესახებ მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში. მოგვიანებით იგი შეავსეს ეკლესიის წმიდა მამებმა: ბასილი დიდმა, გრიგოლ ღვთისმეტყველმა, გრიგოლ ნოსელმა. წმიდა გრიგოლ ნეოკესარიელის სიმბოლო განიხილეს და მოიწონეს I მსოფლიო კრებაზე (325 წ.), რომელმაც დაამტკიცა მისი წარუვალი მნიშვნელობა მართლმადიდებლობისათვის. ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ მღვდელმთავარი გრიგოლი ნეოკესარიისკენ გაემართა. გზად, ამასიაში მან წარმართული ტაძრიდან ეშმაკები გაასხა, რის შემდეგაც საკერპოს ქურუმი ქრისტიანობაზე მოექცა. წმიდა გრიგოლის ქადაგებები ქმედითი, ცოცხალი და ნაყოფიერი იყო. მის სიტყვებს ქრისტეს სახელით აღსრულებული სასწაულები მატებდა ძალას: მემკვიდრეობის გაყოფისას ორ ძმას შორის უთანხმოება წარმოიშვა გარდაცვლილი მამის მამულში მდებარე ტბის გამო. ორივენი თავის ირგვლივ მეგობრებსა და მომხრეებს იკრებდნენ და ბრძოლისათვის ემზადებოდნენ. მღვდელმთავარმა გრიგოლმა შეაგონა მათ, კამათის დამთავრება მომდევნო დღისთვის გადაედოთ, თვითონ კი განხეთქილების მიზეზად გამხდარი ტბის ნაპირთან ლოცულობდა. როცა ინათა, ყველამ იხილა, რომ შფოთის მიზეზი არ არსებობდა - ტბა მიწის ქვეშ დანთქმულიყო. ერთხელ, წყალდიდობისას, წმიდანმა ილოცა, ჯებირებიდან გადმოსულ მდინარეს კვერთხით საზღვარი მიუჩინა და წყლის ნაკადი შეაჩერა. სხვა დროს ნეტარმა გრიგოლმა გადაწყვიტა ეკლესიის აშენება. მან მთას ქრისტეს სახელით უბრძანა, ჩაწეულიყო და საძირკვლითვის ადგილი გაეთავისუფლებინა. გორაც მორჩილად დაჰყვა წმიდანის ბრძანებას.

როცა იმპერატორმა დეკიუსმა (249-251) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მღვდელმთავარი გრიგოლი თავის სამწყსოსთან ერთად მოშორებით მდებარე მთას შეეხიზნა. მეომრებმა მთას ალყა შემოარტყეს. მღვდელმთავარი გაშლილ ადგილას გამოვიდა, ხელები ცისკენ აღაპყრო, თავის დიაკონს უბრძანა, ასევე მოქცეულიყო და ლოცვა დაიწყო. მხედრებმა მთელი მთა გაჩხრიკეს, რამდენჯერმა ჩაუარეს მლოცველებს, მაგრამ ვერ დაინახეს ისინი და უკანვე გაბრუნდნენ. ენის მიმტანი შეაძრწუნა ამ სასწაულმა, სინანულში ჩავარდა და ისიც ქრისტიანი გახდა.

დევნის შეწყვეტის შემდეგ წმიდა გრიგოლი ნეოკესარიაში დაბრუნდა. მისი კურთხევით დადგინდა საეკლესიო დღესასწაულები ქრისტესთვის აღსრულებულ მოწამეთა მოსახსენებლად. იმ ხანებში ფართოდ გავრცელდა ერეტიკოს პავლე სამოსატელის ერესი (სამოსატი - ქალაქი სირიაში). ეს მწვალებელი, რომელიც განუყოფელი სამებისა და მამა ღმერთის აღსებას აღრევდა, თავისი ქადაგებებითა და ეპისტოლეებით მრავალ ქრისტიანს უბინდავდა გონებას. პავლე სამოსატელის ერესი დაგმეს ანტიოქიის პირველ კრებაზე 264 წელს, რომელსაც გრიგოლ ნეოკესარიელი ხელმძღვანელობდა.

წმიდა მწყემსმთავარი თავისი ღვთივსათნო ცხოვრებით, შთამაგონებელი ქადაგებებით, სასწაულებითა და სამწყსოს ბრძნული მართვით სულ უფრო და უფრო ამრავლებდა ქრისტიანთა რიცხვ. ნეტარის მიცვალების დროისთვის (+დაახ. 266-270) ნეოკესარიაში 17 წარმართიღა დარჩა მაშინ, როცა სამღვდელმთავრო ტახტზე მისი აღსაყდრებისას ქალაქში მხოლოდ და მხოლოდ 17 ქრისტიანი იყო.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტ. IV, თბილისი, 2001 წ.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / წმიდა გრიგოლ საკვირველთმოქმედი, ნეოკესარიელი ეპისკოპოსი