წმიდა დიდმოწამე არტემი (+362)

 

წმიდა დიდმოწამე არტემი ერთ-ერთი გამოჩენილი მხედართმთავარი იყო ჯერ მოციქულთასწორი იმპერატორის კონსტანტინე დიდის (306-337, ხს. 21 მაისს), შემდეგ კი - მისი ძისა და მემკვიდრის, კონსტანცის (337-361) ზეობისას. ერთგული სამსახურისა და გამბედაობისათვის წმიდანს ხშირად აჯილდოებდნენ, ბოლოს კი ეგვიპტის მეფის ნაცვლადაც დანიშნეს. ამ ხარისხში ნეტარმა არტემიმ ბევრი იღვაწა ეგვიპტეში ქრისტიანობის გასავრცელებლად და განსამტკიცებლად. ამასობაში ტახტზე ავიდა იულიანე (361-363). განდგომილმა თვითმპყრობელმა, რომელსაც იმპერიაში წარმართობის აღორძინება სურდა, შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა მართლმადიდებლობას. იგი დაუნდობლად გზავნიდა სასიკვდილოდ ასობით ქრისტიანს. ანტიოქიაში უსჯულომ ბრძანა, ეწამებინათ სიწმიდით განთქმული მღვდელმთავრები, ევგენი და მაკარი, რომლებმაც ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფა არ ისურვეს. ამ დროს ქალაქში ჩამოსული არტემი შეესწრო მათ მარტვილობას და საჯაროდ ამხილა იულიანე უღმრთოებასა და სისასტიკეში. მაშინ განრისხებულმა იმპერატორმა ისიც ჯალათებს გადასცა. წამების შემდეგ არტემი საპყრობილეში ჩააგდეს. როცა მარტვილი მხურვალედ ლოცულობდა ღმრთისადმი, მის წინაშე თავად ქრისტე წარსდგა ანგელოსთა დასის თანხლებით და უთხრა: „მხნე იყავ, არტემი! მე შენ თანა ვარ... უკვე გიმზადებ გვირგვინს დიდებისა, რამეთუ ვითარცა შენ მაღიარე წინაშე კაცთა ამა სოფელსა შინა, მეც ისე გაღიარო შენ წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა. მხნე იყავნ და გიხაროდენ - ჩემ თანა იყო სამოთხესა“.

მეორე დღეს იულიანემ მოითხოვა, რომ წმიდანს წარმართული კერპებისათვის ეცა თაყვანი და როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, კვლავ საწამებლად შეაგდო იგი. ნეტარი მოთმინებით იტანდა ტანჯვას. ტანჯვათა შორის მან იულიანეს უწინასწარმეტყველა, რომ ქრისტიანების მიმართ ჩადენილი ბოროტებისათვის მალე ღირსეულ საზღაურს მიიღებდა. ამან კიდევ უფრო გაამხეცა თვითმპყრობელი და მარტვილის წამება გააძლიერა, მაგრამ როცა იხილა, რომ წმიდა არტემის მოსადრეკად ყოველი ღონე ამაო იყო, მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა.

ქრისტიანებმა დიდმოწამის ნეშტი მიწას მიაბარეს. წმიდა არტემის სიკვდილის შემდეგ მისი წინასწარმეტყველება იულიანეს მოახლოებული აღსასრულის შესახებ ახდა: განდგომილი იმპერატორი ანტიოქიიდან გავიდა სპარსელებთან საბრძოლველად. ქალაქ ქტეზიფონის მახლობლად მას შეხვდა ერთი მოხუცი სპარსელი, რომელმაც თანამემამულეთა გაყიდვა და მეგზურობის გაწეცა აღუთქვა. იულიანე მიენდო მოხუცს, ამ უკანასკნელმა კი იგი მხედრებითურთ კარმანიტის უდაბნოს გაუვალ ადგილებში შეიყვანა, სადაც არც წყალი იპოვებოდა და არც საზრდელი. შიმშილითა და წყურვილით გათანგულ და განახევრებულ ბერძენ-რომაელთა ლაშქარს მტერმა სასტიკი დამარცხება აგემა. თავად იმპერატორსაც ღვთივმოვლენილი სასჯელი ეწია: უჩინარმა ხელმა გულში უჩინარი იარაღი უგმირა. იულიანემ მძიმედ ამოიოხრა და წარმოთქვა: „შენ გაიმარჯვე, გალილეველო!“

მწვალებელი იმპერატორის მიცვალების შემდეგ წმიდა დიდმოწამე არტემის ნეშტი პატივით გადააბრძანეს ანტიოქიიდან კონსტანტინეპოლში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტ. IV, 2004 წ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / წმიდა დიდმოწამე არტემი