წმიდა დიდმოწამე ევსტათი პლაკიდა, ცოლი მისი თეოპისტია და ძენი მათნი: აღაპი და თეოპისტე (+ დაახ. 118)

 

წმიდა დიდმოწამე ევსტათის ნათლისღებამდე პლაკიდა ერქვა. ის მხედართმთავრად მსახურობდა რომაელთა ლაშქარში იმპერატორების: ტიტუსისა (79-81) და ტრაიანეს (98-117) დროს.

ევსტათი ისეთი ახოვანი მეომარი იყო, რომ მტრებს მისი სახელის გაგონებაც კი შიშის ზარს სცემდა. მოცალეობის ჟამს წმიდანს ნადირობა უყვარდა. ერთ-ერთი ასეთი ნადირობის დროს მან დიდხანს სდია ირემს, რომელმაც ბოლოს მაღალ კლდეზე აირბინა და აქ გაჩერდა. უეცრად ირმის რქებს შორის ცხოველსმყოფელი ჯვრის ნიში გაბრწყინდა: ზედ ჯვარცმული მაცხოვარი იხილვებოდა. მან პლაკიდას მიმართა: „პლაკიდა, რაისა მდევნი მე?“ შეშინებულმა სტრატილატმა იკითხა: „ვინ ხარ შენ, უფალო?“ პასუხად მიიღო: „მე ვარ იესუ ქრისტე, რომელმაც ყოველივეე დავჰბადე არაარსისგან და თვისთა ხელითა შევქმენ კაცი და არავე მოაქამდე დავაყენე კაცთმოყვარებაი ჩემი, არამედ შემუსტვილი ცოდვისა მიერ კუალად განვაახლე“, და ყოველივე მიუთხრა: თავისი განკაცება, ჯვარცმა, სიკვდილი, დაფლვა, მესამე დღეს აღდგომა, „რომლისა მიერ წინააღდგომისგან თავისუფლებაი ნათესავისა ჩუენისა მოანიჭა“ და ამაღლება. ასე განისწავლა პლაკიდა, როგორც ოდესღაც სავლე, და უმეცრების წყვდიადიდან დახსნილ იქნა. კეთილი თესლი კეთილ ნიადაგზე მოხვდა - უფლის რჩეულმა წრფელი გულით ირწმუნა, რაც შეიტყო და მაცხოვარს შეევედრა, ეუწყებინა როგორ მოქცეულიყო შემდგომ. ნეტარს კვლავ ჩაესმა ხმა, რომელიც ქალაქად წასვლას, მღვდელთან მისვლას და მეუღლესა და შვილებთან ერთად ნათლისღებით განწმენდას უბრძანებდა.

გახარებული პლაკიდა შინ დაბრუნდადა ყოველივე მოუთხრო მეუღლეს, რომელმაც, თავის მხრივ, აუწყა, რომ წინა ღამეს როგორ ჩაესმა ძილში: „შენ და ქმარი შენი და შვილნი ხვალე მოვედით ჩემდა და განცხადებულად უწყოდეთ, მე ვარ იესუ ქრისტб, რომელსა ძალ-მიც ცხოვრებაი მოყუარეთა ჩემთაი“.

მეუღლეები ისე მოიქცნენ, როგორც ნაბრძანები ჰქონდათ: მიმართეს ქრისტიან ხუცესს, რომელმაც მთელ მათ სახლეულს ნათელ-სცა და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს აზიარა.

მომდევნო დღეს ევსტათიმ თავისი სასწაულებრივი მოქცევის ადგილს მიაშურა და მხურვალე ლოცვით მადლი შესწირა ცხონების გზაზე მის დამყენებელ უფალს.

 

მაშინ ნეტარი კვლავ საკვირველი გამოცხადების ღირსი გახდა - თავად ზეციურმა მეუფემ გააფრთხილა მოსალოდნელი განსაცდელების შესახებ: „ამიერითგან უკუე მიგელის შენ თავსდებად გამოსაცდელი სარწმუნოებისაი, რამეთუ წუთ ერთღა განმცდელი იგი ეშმაკი მოსლვად არს შენდა... ხოლო შენ ბრწყინვალე ძლევაი აღადგინო მას ზედა, ვითარცა პირველად იობ... და დასასრულსა წამებისა ჩემისა გვირგვინითა შეიმკო თავი შენი“. ევსტათიმ მდაბლად მიუგო: „იყავნ ნება შენი, უფალო!“

მალე ნეტარს უბედურებათა წყება დაატყდა თავს: მონა-მხევლები დაეხოცა, საქონელი გაუწყდა... გაღატაკებულმა, მაგრამ სულით ახოვანქმნილმა ავსტათიმ ოჯახთან ერთად ფარულად დატოვა მშობლიური სახლი, რომ უცხოობაში სიმდაბლითა და სიგლახაკით ეცხოვრა. ისინი ხომალდზე ავიდნენ და ეგვიპტისაკენ გაეშურნენ. გზაში გემის პატრონი მოიხიბლა ევსტათის მეუღლის - თეოპისტიას მშვენიერებით, ვნებააშლილმა ჩამოსხა ნაპირზე მამა და შვილები, ქალი კი თავისთან დატოვა. საშინლად დამწუხრებულმა სტრატილატ-ყოფილმა გზა განაგრძო და მიაღწია წყალუხვ და ბობოქარ მდინარეს, რომლის გადალახვაც ორივე ყრმით შეუძლებელი იყო. მან ჯერ ერთი ძე შეისვა მხარზე და ფონს გაიყვანა, შემდეგ მეორესთან გამობრუნდა, მაგრამ იხილა, რომ მძვინვარე ლომს დაეტაცებინა ყრმა და უდაბნოსკენ მიარბენინებდა. ვერც ნაპირზე დატოვებული შვილი შეინარჩუნა წმიდანმა: მგელმა ისიც ტყეში გაიტაცა.

ევსტათი, რომელმაც ყველაფერი დაკარგა, მწარედ ატირდა, მაგრამ მტკიცედ სწამდა, რომ ეს ყველაფერი ღვთის განგებულებით ხდებოდა. სოფელ ვლადისოსში ღვთის რჩეული მუშად დადგა და თხუთმეტი წელი გაატარა დაუცხრომელ ღვაწლში. მან არ უწყოდა, რომ ღვთის გამოუთქმელი მოწყალებით მისი ერთი ძე - მწყემსებმა, მეორე კი - მიწის მუშაკებმა გადაარჩინეს და ახლა მის გვერდით ცხოვრობდნენ; არ იცოდა ისიც, რომ უსჯულო მენავე მალე დასაჯა ღმერთმა  - მძიმე სნეულებით ამოხდა სული, მისი მეუღლე კი შეურცხვენელი პატიოსანი შრომით ირჩენდა თავს.

ამ ხანებში იმპერატორ ტრაიანეს რომისთვის მეტად მძიმე ბრძოლის წარმოება მოუხდა. მას მოაგონდა სახელოვანი მხედართუფროსი პლაკიდა და წმიდანის მეგობრები, ანტიოქი და აკაკი გაგზავნა მის საძებრად.

 

მხედრებმა მრავალი ოლქი შემოიარეს და ბოლოს იმ სოფელშიც ჩავიდნენ, სადაც წმიდა ევსტათი ცხოვრობდა. ისინი ყოფილ სტრატილატს მინდორში შეხვდნენ, ვერ იცნეს, უთხრეს, ვისაც ეძებდნენ და დიდი თანხის საზღაურად დახმარება სთხოვეს. წმიდანმა იცნო მეგობრები, მაგრამ ვინაობა არ გაამხილა; თავისი ბატონის სახლში მიიწვია ისინი და დააპურა. როცა მგზავრები კარგად დააკვირდნენ მასპინძელს, შენიშნეს, რომ იგი ძლიერ ჰგავდა პლაკიდას, შემდეგ ყელზე მისი განსაკუთრებული ნიშანი - საბრძოლო ჭრილობაც შენიშნეს და მიხვდნენ, რომ წინ თავიანთი მეგობარი ედგათ. სიხარულის ცრემლებმოძალებული მეომრები გადაეხვივნენ ნეტარს და მოუთხრეს, რისთვისაც ეძებდნენ. ევსტათი რომში დაბრუნდა და კვლავ იმპერატორის მხედართმთავარი გახდა. მის ლაშქარს მრავალი ახალწვეული შემოემატა და წმიდანმა არ იცოდა, რომ ის ორი ახალგაზრდა მხედარი, რომელთაც ხშირად აძლევდა დავალებებს და რომლებიც ძლიერ უყვარდა სიმარჯვისა და ახოვნების გამო, მისი ძეები იყვნენ. არც მათ იცოდნენ, რომ მამის წინამძღვრობით მსახურობდნენ და ერთმანეთს ძმებად ეკუთვნოდნენ.

ერთხელ, ლაშქრობის დროს ევსტათის მხედრობამ ერთ-ერთ სოფელში დაიბანაკა. ძმები - მეომრები კარავში ისხდნენ და საუბრობდნენ. უფროსი თავის ხვედრზე ყვებოდა: როგორ დაკარგა დედა და საბრალო ძმა, რა საშინლად გაეყარა მამასაც. გახარებული ნაბოლარა მიხვდა, რომ მის წინაშე მისი ძმა იყო და მას თავისი ცხოვრება მოუთხრო.

მხედრების საუბარი ესმოდა ქალს, რომლის სახლის მახლობლადაც იყო კარავი გაშლილი - მათ დედას. იგი მიხვდა, რომ უფალმა შვილები მიუყვანა კარს. ნეტარს მათთვის არაფერი გაუმხელია, მაგრამ ძლიერ სურდა ძეებს არ გაყროდა. ამიტომ სტრატილატთან მისვლა გადაწყვიტა, რათა თან გაჰყოლოდა ლაშქარს. მან იცნო თავისი მეუღლე და მოუთხრო საკუთარი თავისა და იმ ორი მეომრის შესახებ, რომლებიც მისი ვაჟები აღმოჩნდნენ. ღვთის მოწყალებით ასე შეიყარა მთელი ოჯახი.

ამასობაში ომი გამარჯვებით დაგვირგვინდა. ევსტათი პატივით და დიდებით დაბრუნდა ომში. გარდაცვლილი იმპერატორის, ტრაიანეს ნაცვლად ტახტზე ასულმა ადრიანემ (117-138) გადაწყვიტა, მომხდარი ღირსშესანიშნავი მოვლენა საზეიმო მსხვერპლშეწირვით აღენიშნა. ყველას გასაოცრად, ევსტათი საკერპში არ აღმოჩნდა. იმპერატორის ბრძანებით იგი სასწრაფოდ მონახეს.

„რომლისა მიზეზისათვის არა ინება მოსვლაი ჩვენ თანა გებად მამულთა ღმერთთა?“ - ჰკითხა ნეტარს ადრიანემ, - შენ სხვებზე მეტი მადლიერება გმართებს, რადგან ღმერთებმა არა მარტო დაგიცვეს ომში, არამედ ცოლი და შვილებიც გაპოვნინეს. ევსტათიმ მიუგო: „ქრისტიანე ვარ, е მეფეო, და მოცემულისა ჩემდა შევსწირავ მადლობას, საძლეველსა და წარწყმედულებისაგან შვილთა და მეუღლისა ჩემდა მომაქცეველს. ხოლო გარეშე მისსა სხუასა, და უფროისღა უსულოთა ამათ და ყრუთა, არცა მეცნიერ ვარ, არცა ვჰმსახურებ, რაითა არა გამოვჩნდე მოქენედ საცნობელთა“. განრისხებულმა იმპერატორმა ხარისხი აჰყარა ქველ მხედართმთავარს და მთელს ოჯახთან ერთად სამსჯავროზე წარადგინა. ევსტათე, თეოპისტია, აღაპი და თეოპისტე მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად. წმიდანებს მათ პირი არ დააკარეს, მაგრამ გამხეცებულმა თვითმპყრობელმა განკარგულება გასცა, მთელი ოჯახი გახურებულ სპილენძის ხარში შეესხათ. სამი დღის შემდეგ, როცა ცეცხლოვანი სარკოფაგი გახსნეს, წმიდა მოწამეთა ცხედრები სრულიად უვნებელი აღმოჩნდა - თმის ბეწვიც არ შეტრუსვოდათ, სახეები კი არამიწიერი მშვენიერებით უბრწყინავდათ. ამ სასწაულის მრავალმა მხილველმა ირწმუნა ქრისტე. მორწმუნეებმა მარტვილთა ცხედრები პატივით დაკრძალეს, შემდეგ კი, როცა მართლმორწმუნეთა დევნა ჩაცხრა, „აღუშენეს სახლი სალოცველი“ სადიდებლად უფლისა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტ. III, თბილისი, 2001 წ.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / წმიდა დიდმოწამე ევსტათი პლაკიდა