წმიდა დიდმოწამე მარინე

 

წმიდა დიდმოწამე მარინე პასიდიის ანტიოქიაში მცხოვრები წარმართი ქურუმის ოჯახში დაიბადა. დედით ადრეულ სიყმაწვილეშივე დაობლებულ შვილზე ზრუნვა მამამ ძიძას მიანდო. კეთილმსახურმა გამდელმა კი მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთგულებით აღზარდა ნეტარი. როცა მამამ შეიტყო ამის შესახებ, საშინლად განრისხდა და საკუთარი ასულისადმი სიძულვილით აღსავსემ უარი განაცხადა მასზე.

ამასობაში იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანების სასტიკი დევნა დაიწყო. მართლმორწმუნეთა დასასჯელად ანტიოქიაში მიმავალი ეპარქი ოლიმბრი გზად თხუთმეტი წლის მარინეს გადაეყარა, მოიხიბლა მისი მშვენიერებით და ვინაობა და წარმომავლობა გამოჰკითხა. სათნო ქალწული თავმდაბალად პასუხობდა შეკითხვებზე, არ დაუმალავს ისიც, რომ ქრისტიანი იყო და ქრისტესთვის აპირებდა ცხოვრების მიძღვნას. ეს რომ შეიტყო, ოლიმბრმა თანმხლებ მეომრებს მისი შეპყრობა და ქალაქისკენ გაყოლიება უბრძანა, თან ფრთხილად ეპყრობოდა ასულს, იმედი ჰქონდა, რომ ადვილად დაიყოლიებდა რწმენის უარყოფაზე და ცოლადაც შეირთავდა.

მეორე დღეს წმინდანი სამსჯავროზე წარადგინეს. ეპარქმა ურჩია, კერპებისათვის მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ ვერც პირფერობამ გაჭრა და ვერც მუქარამ - ქრისტეს მხევალი მზად იყო, რომ მომკვდარიყო ქრისტესთვის.

ქალწული დაუდუმებლად ლოცულობდა და მაცხოვარმაც წყალობის თვალით მოხედა თავის მსასოებელს: მარტვილის თავს ზემოთ მანათობელი ჯვარი გაბრწყინდა და განკვეთა წყვდიადი. ჯვარს თეთრი მტრედიც დაადგა და ზეგარდმო გაისმა: „გიხაროდენ, მარინე, ქრისტეს გონიერო მტრედო! რამეთუ დათრგუნე მხდომის სივერაგე; გიხაროდენ, რამეთუ მალე ბრძენ ქალწულთა თანა ღირს იქმნები შესვლად ქორწილსა შინა სიძისა შენისასა, უკვდავისა მეუფისა ზეცათასა!“ მადლმოსილი სიტყვებით გამხნევებულმა მოწამემ იგრძნო, რომ წყლულებიც უმთელდებოდა, გული სიხარულით აღევსო, ადიდა უფალი და მეორე დღეს სულით და ხორცით ახოვანქმნილი წარსდგა მსაჯულის წინაშე. მომხდარი სასწაული ეპარქმა კერპებს მიაწერა და მარინეს კვლავ მათი თაყვანისცემა მოსთხოვა, ნეტარმა აღმსარებელმა კი ისევ და ისევ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი ადიდა, უღმრთოებმა ახალ-ახალი სატანჯველები დაატეხეს წმინდანს.

 

 

მმართველმა ბრძანება გასცა, წყლით სავსე უზარმაზარ კოდში ჩაეხრჩოთ გაკოჭილი მარინე, მარტვილი კი უფალს შესთხოვდა, ეს სასიკვდილო სასჯელი ნათლისღებად შექმნილიყო მისთვის. უეცრად ნეტარი ღვთაებრივმა ნათელმა გააცისკროვნა, საკრველები თავისით შეიხსნა და თავს ზემოდან გარდამომხდარი თეთრი მტრედი დაადგა, რომელსაც ნისკარტით ოქროს გვირგვინი მოჰქონდა. უფლის რჩეული ნათლისღების ემბაზში იდგა და ყოვლადწმიდა სამებას განადიდებდა. ემბაზიდან იგი კვლავ წყლულებდაამებული ამოვიდა. ამ სასწაულმა განცვიფრებაში მოიყვანა ხალხი. ბევრმა ირწმუნა და ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი. ეპარქი კი გააფრთდა და ბრძანა, ამოეჟლიტათ ყველა, ვინც ქრისტეს აღიარებდა. მაშინ 1500 ქრისტიანის სული შეერთო ცათა სასუფეველს... წმიდა მარინეს თავი მოჰკვეთეს. დიდმოწამის ღვაწლი ამ მოვლენათა თვითმხილველმა თეოტიმემ აღწერა.

ჯვაროსნების მიერ 1204 წელს კონსტანტინეპოლის აღებამდე წმ. მარინეს უხრწნელი ნაწილები პანტეპონტის მონასტერში იყო დაცული. სხვა ცნობებით, 908 წლამდე ისინი ანტიოქიაში ესვენა, აქედან კი იტალიაში გადააბრძანეს. დიდმოწამის პატიოსანი მკლავი ათონზე, ვათოპედის მონასტერში გადაასვენეს. მეორე მკლავი კი საქართველოშია (ამჟამად ზუგდიდის მუზეუმში).

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / წმიდა დიდმოწამე მარინე