წმიდა დინარ დედოფალი.

 

(X)

წმიდა დინარ დედოფლის შესახებ ცნობები გვხვდება „ქართლის ცხოვრებაში“. რუსული საეკლესიო მატიანეებიც მოიხსენიებენ „ივერიის დედოფალ დინარას“ შესახებ, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ქრისტიანობის წინაშე.

მეცნიერები დიდხანს დაობდნენ, თუ საქართველოს რომელ ისტორიულ პირს გულისხმობდა რუსული საეკლესიო გადმოცემა. ფიქრობდნენ, რომ წყაროები გულისხმობდნენ წმიდა მეფე თამარს (ხს. 1 მაისს), მაგრამ ცნობები თამარამდელ პერიოდს მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ „ქართლის ცხოვრებას“ დაცული აქვს ცნობა ჰერეთის დედოფალ დინარას შესახებ, რომელმაც თავის შვილ იშხანიკთან ერთად ჰერეთის ანუ ალბანეთის მრავალრიცხოვან მოსახლეობას აღუდგინა მართლმადიდებლური სარწმუნოება და იხსნა ისინი მწვალებელ-მონოფიზიტთა საეკლესიო უღლისაგან X საუკუნეში.

ჰერეთის ანუ ალბანეთის უდიდესი ნაწილი ძველთაგანვე დასახლებული იყო ქართველური ტომებით, ამიტომაც ძველი წყაროები მასაც ივერიას უწოდებდნენ და შავი ზღვიდან ვიდრე კასპიის ზღვამდე გადაშლილი ქვეყნის (ივერიის) ნაწილად მიიჩნევდნენ. სლავურ-რუსული მეომარი ტომები, რომლებიც, მოსე კალანკატუელის თანახმად, ზოგჯერ ლაშქრავდნენ სამხრეთის მხარეებს და ამიერკავკასიაში შემოდიოდნენ კასპიის ანუ დარუბანდის კარით, ხვდებოდნენ ივერიელ (ჰერ) მოსახლეობას, ამიტომაც, როგორც ჩანს, ჰერთა ანუ ივერთა დედოფალ დინარას შესახებ ცნობებიც მათ გაიტანეს რუსეთში. უნდა აღინიშნოს, რომ ცნობები წმიდა დედოფალ დინარას შესახებ არის პირველი რუსული წერილობითი ძეგლი (1564 წ.) საქართველოს შესახებ.

საქართველოს ეკლესია დიდ პატივს მიაგებდა წმიდა დედოფალ დინარას. თუ არა მისი თავგამოდებული ღვაწლი, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა შეემატებოდა მწვალებელ-მონოფიზიტთა რიგებს, რომელნიც აქ გაბატონებულნი იყვნენ სპარსელთა ხელშეწყობით.

მოსკოვის კრემლის სასახლეში, ოქროს სადედოფლო დარბაზის ჩრდილოეთის კედელზე გამოხატულია თეთრ ცხენზე ამხედრებული მტერთა მძლეველი წმიდა დედოფალი დინარა.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / წმიდა დინარ დედოფალი