წმიდა იოანე (თორნიკე) მთაწმინდელი (X)

 

წმიდა იოანე (ერისკაცობაში თორნიკე ერისთავი) მონაზვნად აღკვეცამდე ქართლის სპასალარი იყო. სახელოვანი და ბრძოლებში წარმატებული, უებრო რაინდი გამორჩეულად უყვარდა მეფე დავით კურაპალატს. თორნიკეს მებრძოლი სული უფრო ამაღლებულს ითხოვდა, მას მხოლოდ ზეციერი მეუფის მსახურება უნდოდა და გადაწყვიტა საბერძნეთში წასულიყო ულუმბოს მთაზე, სადაც მისი წინამორბედი სპასალარი, იოანე მოღვაწეობდა. ულუმბოს მთაზე მისულ თორნიკეს აუწყეს, რომ ღირსი მამა ათონის მთაზე დამკვიდრებულიყო. თორნიკემ მთაწმინდას მიაშურა და „კურთხევაი მონაზონებისაი ხელთაგან იოვანესთა მიიღო“. თორნიკეს მონაზვნობის სახელი იოანე იწოდეს. ღირსი მამები წმიდა ათანასეს ლავრაში დამკვიდრდნენ.

იოანეს მიერ თორნიკეს კურთხევის შემდეგ იმდენმა ქართველმა მოიყარა თავი ათანასეს ლავრაში, რომ იოანემ, წმიდა ათანასეს კურთხევით, ქართველთათვის ცალკე ააშენა ეკლესია იოანე მახარებლის სახელზე. ეკლესიასთან ერთად ქართველებმა სენაკებიც ააგეს და „მუნ იმყოფებოდეს მრავალჟამ ვითარცა ანგელოსნი ღმრთისანი“. ამ დროს საბერძნეთის მცირეწლოვან მეფეებს, ბასილის და კონსტანტინეს აუმხედრდა სარდალი ბარდა სკლიაროსი. დედოფალმა თეოფანიამ ბრძანა: „ჩუენი შემწე დავით კურაპალატისაგან კიდე არავინ არს“, წარჩინებული კაცი სევასტოფორი გაგზავნა წმიდა მთაზე და ქართველ მამებს სთხოვა: „უღმრთოი სკლიაროსი გაგვიდგა და ხმელით კერძო ყოველი დაიპყრა. აწ ვევედრებით სიწმიდესა თქუენსა, რაითა თვინიერ ყოვლისა მიზეზისა იოვანე თორნიკ მოვიდეს მოფობისა ჩუენისა“. იოანე-თორნიკემ შორს დაიჭირა თხოვნა: „მიჯმნიეს ერთგზის და არღარა უკუნ ვიქცე“. წმიდა ათანასემ და იოანემ სთხოვეს იოანე-თორნიკეს, ხლებოდა დავით კურაპალატს და დახმარებოდა ბერძენთა მეფეს.

ხანგრძლივი მუდარის შემდეგ იოანე-თორნიკემ შეისმინა მამათა ვედრება. ბასილი და კონსტანტინე მადლიერების ნიშნად ფეხებში ჩაუვარდნენ წმიდა მამას, დედოფალმა კი უთხრა: „რაიცა ამათ ობოლთა თანა ჰქმნა, ღმერთმან მოაგოს სულსა შენსა“.

იოანე-თორნიკემ ისარგებლა შემთხვევით და „მრავალფერთა საქმეთათვის ამხილა დედოფალი“. მან სიმდაბლით შეიწყნარა მხილება და უთხრა: „წმიდაო მამაო, რაიცა მიბრძანოს მამობამან თქუენმან, თქუენსა ბრძანებასა არა გარდავხდე, ოდენ, ღმერთმან დაგარწმუნოს, შრომაი თავს-იდევ და რომლითაცა სახითა გნებავს, წარვედ კურაპალატის წინაშე და ყოველი ჭირი ჩუენი აუწყე და ვესავ ღმერთსა, რომელ იოტოთ იგი უღმრთოი სკლიაროსი და ჩუენ ჭირისაგან განგუარინნეთ“.

იოანე-თორნიკე საქართველოში წამოვიდა. მეფემ დიდად გაიხარა ყოფილი სპასალარის ნახვით, შეიწყნარა დედოფლის თხოვნა და დამხმარე ჯარის სარდლად თვითონ იოანე-თორნიკე დანიშნა. წმიდა მამა დიდ უარზე იდგა, მაგრამ რაკი აღარ მოეშვნენ, დასთანხმდა და ქართველთა მხედრიონს ჩაუდგა სათავეში. ღვთის შეწევნითა და თორნიეს სარდლობით ქართველთა თორმეტიათასიანმა ლაშქარმა სასტიკი დამარცხება აგემა ღვთისა და მეფის წინააღმდგომ სკლიაროსს და საბერძნებიდან განდევნა.

გამარჯვების შემდეგ თორნიკემ შვებით მიაშურა ათონის მთას, „ხოლო მამანი სიხარულით მიეგებნეს და ამბორი უყვეს და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომლმან კვალად მოაქცია მშვიდობით“.

იოანე-თორნიკე საოცარი მორჩილებით გამოირჩეოდა: „განთქმულმან და საჩინომან კაცმან ყოველივე ნებაი თვისი მოიკუეთა“, სრულებით მიენდო მოძღვარს და ესევითარი მხურვალებაი აჩუენა, რომელ, უკუეთუმცა შესაძლებელ იყო, თვინიერ მისისა ბრძანებისა, არაცამცა სიტყუაი ერთი აღმოთქუა, არამედ ყოველსავე მამაი იოვანე განაგებნ და მისცემნ, ვითარცა ენების და სადაცა ჯერ იყვის“.

სიმდაბლით, სიწრფოებითა და უმანკოებით გამორჩეული მოღვაწე იოანე-თორნიკე მის მოძღვარს მამა იოანეს ეუბნებოდა: „მამაო, თვით ისი, რომელ დიდად ცოდვილ ვარ და სიკუდილი ჩემი მოახლებულ არს და უნებელი სიწმიდისა თქუენისაი არა ვარ, არამედ ნებაი ჩემი და თავი ჩემი შემდგომად ღმრთისა შენდა მომიცემია; ვითარცა გნებავს, აცხოვნე სული ჩემი“. რადგან თორნიკ-ყოფილი მრავალ ომში გამარჯვებული სპასალარი იყო, გარდასულ ამბავთა მოგონება უყვარდა. მონასტრის ძმებიც ხშირად აამბობინებდნენ მას „საქმეთა საგმიროთა“. წმიდა იოანემ ურჩია: „აწ დააცადე სოფლიოთა მაგათ საქმეთა უბნობაი და ამიერითგან სხუასა ნუ ვის ეუბნები, გარნა გაბრიელს ხოლო ხუცესსა“. გაბრიელ ხუცესის პირიდან არანაირი ამსოფლიური სიტყვა არ ამოდიოდა, თვინიერ საღმრთოთა და სულიერთა. წმიდა იოანე თორნიკ-ყოფილმა პატიება ითხოვა მოძღვრისაგან და შეჰღაღადა: „რად დაიდუმე აქამომდე და არა მამხილე, წმიდაო და ღმერთშემოსილო მამაო?“ მამა იოანემ წამოაყენა მოხუცებული და უთხრა: „უფალმან შეგინდვენ, გარნა აწ ხოლო ეკრძალენ!“ არავის გაუგონია ამის შემდეგ იოანე-თორნიკეს საუბარი, მან მდუმარებითა და ღვთის სასოებით გალია ცხოვრების დარჩენილი დღეები და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / წმიდა იოანე (თორნიკე) მთაწმინდელი