წმიდა იოანე დამასკელი (+777)

 

ღირსი მამა იოანე დამასკელი დაიბადა 673 წელს, სირიის დედაქალაქ დამასკოში, წარჩინებულ და კეთილმსახურ მშობელთაგან, რომელთა მგზნებარე რწმენაც, გამოცდილ-გამოწრთობილი განსაცდელთა და მწუხარებათა ჟამს, ცეცხლში გაკეთილშობილებულ ოქროზე უფრო მტკიცე და ძვირფასი აღმოჩნდა. მაშინ მძიმე დრო იდგა ქრისტიანთათვის; სირია სარკინოზებს - მაჰმადიან არაბებს ჰქონდათ დაპყრობილი დედაქალაქიანად და მრავალ უბედურებას სწევდნენ იქ მცხოვრებ ქრისტიანებს: ზოგს კლავდნენ, სხვებს ატყვევებდნენ და მონებად ჰყიდდნენ, და არავის აძლევდნენ უფლებას თავისუფლად ეღიარებინათ ქრისტეს სარწმუნოება. ამ განსაცდელის ჟამს იოანეს მშობლები, ღვთის განგებით, უვნებლად გადარჩნენ და თავიანთი მამულებიც შეინარჩუნეს; მათ არც წმიდა რწმენისთვის უღალატნიათ, რამეთუ ღმერთმა მოანიჭათ შესაძლებლობა სარკინოზთა კეთილგანწყობა მოეპოვებინათ, როგორც ეს ოდესღაც იოსებს შეაძლებინა ეგვიპტელთა წინაშე და დანიელ წინასწარმეტყველს - ბაბილონელთა წინაშე (იხ. დაბ. 41, 37 და დან. 2, 48); ასე, რომ უკეთურნი აგარიანნი არ უკრძალავდნენ მათ განცხადებულად ეღიარებინათ ჭეშმარიტი სარწმუნოება და დაუფარავად განედიდებინათ უფლის წმიდა სახელი. მეტიც, იოანეს მამა - სერგი მანსური დამასკოს მსაჯულად და მთავარ ლოგოფეტად, ანუ ხაზინადარადაც კი დაადგინეს; მასვე ევალებოდა ყველა ახალმშენებლობათა უფროსობა. ასეთი ხელსაყრელი მდგომარეობის წყალობით იგი მრავალ კეთილ საქმეს აღასრულებდა ქრისტიან თანამოძმეთათვის: ტყვეობიდან გამოისყიდიდა მათ, სიკვდილისაგან იხსნიდა განსჯილთ, მძიმე ბორკილთაგან ათავისუფლებდა პყრობილთ და ყოველმხრივ შეეწეოდა გაჭირვებულებს. ამის გამო იოანეს მშობლები უსჯულოთაგან დაპყრობილ დამასკოსი მანათობელ კანდელთ ჰგავდნენ, ანთუ მინავლებულ ცეცხლში მბჟუტავ ნაკვერჩხალს, რომელნიც ღმერთმა დაიცვა და შეინარჩუნა იმისთვის, რომ მათგან ანთებულიყო ქრისტეს მთელი ეკლესიისათვის დიდი, სრულიად მსოფლიოსათვის მანათობელი კანდელი - წმიდა იოანე დამასკელი. შობეს რა იგი ხორციელად, მათ ისწრაფეს ნათლის ძედ შეექმნათ იოანე წმიდა ნათლობის გზით, რაც მაშინ მეტად საძნელო საქმე იყო - სარკინოზნი არავის აძლევდნენ მონათვლის უფლებას, მაგრამ წმიდანის მშობლებმა დაუბრკოლებლად მოახერხეს ეს და ძეს სახელად იოანე უწოდეს, რაც უბრაულად ღვთის მადლს ნიშნავს.

ყრმის მამა ძალზე ზრუნავდა, რომ იგი კეთილსახიერად აღზრდილიყო და მაჰმადიან არაბთა ჩვეულებები კი არ ესწავლა - მათი მხედრული ხელოვნება, ნადირობა თუ სხვა საერო საქმე, არამედ - ღვთისმოშიშება, თავმდაბლობა, მორჩილება და, რაც მთავარია, საღმრთო წერილი. ამიტომ მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს ისეთი ბრძენი და კეთილმსახური ადამიანის მოვლებას, ვინც მოძღვრად შეექმნებოდა ყრმა იოანეს ყოველივე ამაში. ღმერთმა შეისმინა მისი ლოცვა და მართლად მიანიჭა ასეთი მოძღვარი.

იმხანად დამასკოელი არაბები ავაზაკურად ესხმოდნენ თავს მეზობელ მხარეებს, ზღვაზეც მეკობრეობდნენ და მრავლად მოჰყავდათ ტყვე ქრისტიანები, რომელთაც ბაზრობებზე მონებად ჰყიდნენ, ხოლო თუ რომელიმე ტყვე გასაყიდად არ გამოდგებოდა, ჰკლავდნენ კიდეც. ერთხელაც მათ, სხვებთან ერთად ვინმე ბერი დაატყვევეს, სახელად კოსმა, გარეგნულად კეთილსახიერი და სულითაც მშვენიერი კაცი, ტომით იტალიიდან. სხვა ტყვებთან ერთად ისიც დამასკოს ბაზარზე გაიყვანეს გასაყიდად. სასიკვდილოდ განწირული ტყვეები კოსმას უვარდებოდნენ ფერხთ და თვალცრემლიანნი ევედრებოდნენ, ილოცე ღვთის წინაშე ჩვენი სულებისთვისო. რაკი მის ამგვარ პატივს ხედავდნენ, სარკინოზნი დაინტერესდნენ, რა წოდება თუ თანამდებობა გქონდა შენს სამშობლოში, რომ თანამოძმე ქრისტიანები ასე გაფასებენო, რაზეც კოსმამ მიუგო:

- არანაირი წოდება და თანამდებობა მე არ მქონია! მღვდლადაც კი არ ვყოფილვარ ნაკურთხი, რადგან ერთი ცოდვილი და უღირსი ბერი ვარ მხოლოდ, განსწავლული ფილოსოფიაში. ეს კია, რომ ქრისტიანული ფილოსოფიის გარდა, ყოველივე ისიც შემისწვლია, რაც წარმართ ბრძენკაცებს მოუაზრებიათ!

ამ სიტყვების თქმაზე კოსმას თვალთაგან ცრელმები წასკდა. იქვე შორიახლოს იოანეს მამაც იდგა, სერგი მანსური, რომელიც მიუახლოვდა ქრისტიან ბერს და სანუგეშოდ ასე უთხრა:

- ტყუილად მისტირიხარ, ღვთის კაცო, ამა ქვეყნის დაკარგვას, რომელსაც დიდი ხნის წინ განშორებიხარ და რომლისთვისაც მომკვდარი უნდა იყო, როგორც ამას შენი საბერ-მონაზვნო შესამოსელი გავალებს!

- მე ამაქვეყნის დაკარგვას სულაც არ მივტირი! - მიუგო კოსმამ. - მისთვის, როგორც კარგად თქვი, მე მომკვდარი ვარ! არც რაიმე ქვეყნიურისთვის ვწუხვარ, რაკი ვუწყი, რომ არსებობს სხვა ცხოვრება - უმჯობესი ამქვეყნიურ წარმავალ ცხოვრებაზე, - უკვდავი და მარადიული ნეტარი ცხოვრება, განმზადებული ქრისტეს მონათათვის, რომელთა შორისაც მეც მივითვლი თავს და მეც ვსასოებ ღვთის შეწევნით დავიმკვიდრო იგი! მე იმას დავტირი, რომ ამაქვეყნიდან უშვილოდ მივდივარ, ისე, რომ მემკვიდრეს არ ვტოვებ ჩემს შემდგომ!

სერგი მანსურს მეტად გაუკვირდა ბერის ეს სიტყვები:

- მამაო, შენ მონაზონი ხარ, ვისაც თავი ღმერთისთვის მიგიძღვნია სიწმიდისა და უქორწინებლობის შესანარჩუნებლად და არა შვილების გასაჩენად! მაშ, როგორღა მწუხარებ უშვილობის გამო?!

მაშინ კოსმამ განუმარტა:

- შენ არ გესმის, ბატონო ჩემო, ჩემი ნათქვამი: მე ხორციელ შვილზე და ქვეყნიურ მემკვიდრეობაზე კი არ ვლაპარაკობ, არამედ სულიერ შვილზე და სულიერ მემკვიდრეობაზე! მე, როგორც თვით ხედავ, ღარიბი ბერი ვარ და არაფერი გამაჩნია, მაგრამ უხვად მაქვს სიბრძნის საუნჯე, რომლითაც სიჭაბუკიდან განმვდიდრდი ღვთის შეწევნითა და დაუღალავი შრომით. მრავალი სხვადასხვა კაცობრივი მეცნიერება შემისწავლია ჩემს წუთისოფელში - რიტორიკა, დიალექტიკა, ფილოსოფია, მოცემული სტაგირელი ბრძნის (არისტოტელეს) და არისტონის ძის (პლატონის) მიერ; კარგად ვიცი მიწის გაზომვა და მუსიკა, ზეციურ სხეულთა მოძრაობა და ვარსკვლავთა მიმოქცევა, ასე, რომ ქმნილების სიმშვენიერისა და მისი ყოვლად ბრძნული მოწყობისაგან შემიძძლია თვით შემოქმედის უფრო ღრმა შეცნობამდე ავმაღლდე; და ბოლოს, მე კარგად შემისწავლია ბერძენი და რომაელი ღვთისმეტყველების მიერ შედგენილი მოძღვრებაც მართლმადიდებლობის საიდუმლოთა შესახებ. აი, ასეთი საუნჯის მფლობელი ვარ და ჯერ არავისთვის არ მიწილადებია იგი! ახლაც არ ძალმიძს სხვას გადავცე ის, რაც შემისწავლია, რადგან არც დრო მაქვს ამისთვის, არც მოწაფეები და არც შესაძლებლობა! და ვგონებ აქვე მოვკვდები აგარიანთა მახვილისგან და ასე უჯეროდ წარვუდგები ჩემს უფალს, ვითარცა უნაყოფო ხე და ვითარცა ის ურგები ბოროტი მონა, რომელმაც თავისი უფლისაგან მიღებული ტალანტი მიწაში ჩაფლა და არ განამრავლა!.. (მათე 25, 15). აი, რას დავტირი და რისთვის ვმწუხარებ! საერო დაქორწინებული კაციც ხომ მწუხარებს თავის უშვილობას, და მეც ვიურვი იმისთვის, რომ სულიერი ძე არა მყავს, ერთიც კი, რომელიც ჩემს შემდგომ მემკვიდრე გახდებოდა მთელი ჩემი სიბრძნისეული სიმდიდრისა!..

ამ სიტყვების გაგონებაზე წმიდა იოანეს მამამ დიდად განიხარა, რადგან აი, ღვთის წყალობით, დიდი ხნის სასურველი საუნჯეც იპოვა; ამიტომ სიხარულით უთხრა ბერს:

- ნუ იურვი, მამაო! ღმერთი მოწყალეა და შენი გულის სურვილს უსაუთოდ შეგისრულებს!

მერმე საჩქაროდ გაეშურა სარკინოზთა მთავართან, ფერხთ შეუვრდა და მხურვალედ სთხოვა ტყვე-ბერი მაჩუქეო. მანაც შეუსრულა თხოვნა და მიუძღვნა კოსმა, რომელიც ნამდვილად ყოველგვარ საბოძვარზე უფრო ძვირფასი იყო. შემდეგ ნეტარი კოსმა სახლში წაიყვანა და მრავალი ხანგრძლივი გაჭირვების სანაცვლოდ ქრისტესმიერი სიყვარულით ანუგეშა - შეიტკბო, შეიფარა და მოსვენებაც მიანიჭა თავის ჭერქვეშ.

- მამაო, - ეუბნებოდა სერვი მანსური კოსმას. - ამიერიდან ბატონი იყავი ჩემი სახლისა, მოზიარე ყველა ჩემი სიხარულისა და მწუხარებისა!

და შემდეგ დასძენდა:

- აი, ხედავ, ღმერთმა ოდენ თავისუფლება კი არ მოგანიჭა, ნანატრი სურვილიც აღგისრულა, რამეთუ მე ორი ძე მყავს - ერთი ჩემი ხორციელი შვილია - იოანე, მეორე კი - ნაშვილები, ტომით იერუსალიმელი, ადრეული სიყრმიდანვე დაობლებული შენი სეხნია, კოსმა!.. გევედრები, მამაო, ასწავლე მათ სიბრძნე და კეთილი ზნე, დამოძღვრე ისინი ყოველ კეთილ საქმეში, აქციე ისინი შენს სულიერ ძეებად, აღზარდე და ააღორძინე ღმრთივსულიერი სწავლით, და შენს შემდგომ იმ სულიერი სიმდიდრის მემკვიდრეებად დასტოვე, რომელსაც ვერავინ ვერ მოსტაცებს მათ!

მაშინ დიდად განიხარა ბერმა კოსმამ, ღმერთი განადიდა ასეთი წყალობისათვის და გულმოდგინედ შეუდგა ორივე ყრმის აღზრდას. ყრმები კი მეტად გონიერნი იყვნენ, ადვილად ითვისებდნენ მოძღვრისაგან ნასწავლს და წარმატებით ეუფლებოდნენ ყოველგვარ სიბრძნეს. იოანე მაღლად მფრენი არწივის მსგავსი იყო სწავლაში და ცოდნის უმაღლეს საიდუმლოებებს სწვდებოდა, მისი სულერი ძმა კოსმა კი ზურგის ქარით სწრაფად მცურავი ხომალდივით შორს მიემართებოდა სიბრძნის ზღვაში. და მის სიღრმეებსაც ჩასწვდებოდა. ორივე ძალზე გულმოდგინედ სწავლობდა და მცირე დროში ზედმიწევნით შეისწავლეს გრამატიკა, ფილოსოფია და არითმეტიკა, და ამაში პითაგორასა და დიოფანეს მიემსგავსნენ! მიწის გაზომვაც ისე კარგად შეისწავლეს, რომ ახალ ევკლიდეებად შეიძლებოდა მათი აღიარება. ხოლო თუ როგორ დახელოვდნენ პოეზიაში, ამას ნათლად მოწმობენ მათს მიერ შედგენილი საეკლესიო ჰიმნები და საგალობლები. განზე არ დაუტოვებიათ ნიჭიერ ყრმებს არც ასტრონომია, და ასევე კარგად შეისწავლეს საღვთისმეტყველო საიდუმლონიც. გარდა ამისა, კეთილი ზნე-ჩვეულებებიც შეითვისეს და სათნოდ ცხოვრებასაც მიეჩვივნენ, გახდნენ რა სავსებით სრულყოფილნი ცოდნაში - სულიერ სიბრძნეშიც და ქვეყნიურშიც. განსაკუთრებით იოანე წარმატებოდა სწავლაში. მის გამო მასწავლებელიც კი ჰკვირობდა, რომელსაც მოწაფე აღემატა კიდეც სიბრძნის ზოგიერთ დარგში. რამეთუ იოანე უდიდესი ღმრთისმეტყველი იყო შემდეგში, რასაც ცხადად მოწმობენ მისი ღმრთივსულიერი წიგნები. მაგრამ იგი არ იქადოდა თავისი სიბრძნით. როგორადაც ნაყოფით დახუნძლული ხე სულ უფრო დაბლა იხრება, ასევე იოანეც რაც უფრო მეტად წარემატებოდა სიბრძნეში, მით უფრო ნაკლებ ფიქრობდა საკუთარ თავზე და შეეძლო სიჭაბუკისმიერი ოცნებებისა და ზრახვების დაურვება, თავის სულს კი, კანდელივით ზეთით აღსავსეს, საღმრთო სურვილის ცეცხლით აღაგზნებდა.

და აი, ერთხელაც მოძღვარმა კოსმამ ასე უთხრა იოანეს მამას - სერგი მანსურს:

- აღსრულდა შენი სურვილი, ჩემო ბატონო: შენი ყრმები კარგად განისწავლნენ, ისე, რომ უკვე მეც კი აღმემატებიან სიბრძნით! ასეთი მოწაფეები ვერ დაკმაყოფილდებიან იმით, რომ თავიანთ მასწავლებელს გაუტოლდნენ. ბრწყინვალე მეხსიერებისა და განუწყვეტელი მეცადინეობის წყალობით ისინი სავსებით ჩასწვდნენ სიბრძნის მთელ სიღრმეს, ღმერთმა კი კიდევ უფრო განამრავლა მათი ნიჭი. ამიერიდან მათ აღარ ესაჭიროებათ ჩემი მოძღვრობა, რადგან უკვე თვით შეუძლიათ სხვათა სწავლება. ამიტომ გევედრები, ჩემო ბატონო, გამიშვი მონასტერში! იქ მე თვით გავხდები მოწაფედ და უზენაეს სიბრძნეს ვისწავლი სრულყოფილ ბერ-მონაზონთაგან. ის საერო ფილოსოფია, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მისწავლია, სულიერ ფილოსოფიასთან წარმგზავნის, საეროზე უფრო ღირსეულთან და განწმედილთან, რამეთუ მხოლოდ მას მოაქვს ნამდვილი სარგებლობა ადამიანისათვის იმით, რომ იხსნის მის სულს.

ამის გაგონებაზე იოანეს მამა დამწუხრდა, რადგან არ სურდა დაეკარგა ესოდენ ღირსეული და ბრძენი მოძღვარი. მაგრამ მან არ იკადრა მოხუცი ბერის ძალით შეკავება, რათა არ შეეურვებინა იგი; ამიტომ აღუსრულა სურვილი: უხვად დაასაჩუქრა და მშვიდობით განუტევა. ბერმაც პალესტინაში ღირსი მამის საბა განწმენდილის ლავრას მიაშურა იერუსალიმის მახლობლად, სადაც მშვიდობით დაჰყო გარდაცვალებამდე და მერმე ყოვლად სრულყოფილ სიბრძნეს - შემოქმედ ღმერთს შეერთო... რამდენიმე წლის შემდეგ იოანეს მამაც - სეგი მანსურიც გარდაიცვალა. სარკინოზთა მთავარმა იოანეს მოუწოდა თავისთან და შესთავაზა, ჩემი პირველი მრჩეველი იყავიო. იოანე უარს ეუბნებოდა, რაკი სულ სხვა სურვილი უღვიოდა გულში - ღმერთის წინაშე ემუშაკა განმხოლოებასა და მდუმარებაში. მაგრამ სირიის განმგებელმა აიძულა დამორჩილებოდა მის ნებას, და იოანემაც, თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, მიიღო ეს მაღალი თანამდებობა, - და ია, ქალაქ დამასკოში მან თავის მშობელ მამაზე მეტი ძალაუფლება მოიპოვა (ყველაზე დიდ ძალაუფლებას კი წმიდა იოანე დამასკელმა ხალიფა ვალიდის დროს მიაღწია 705-715 წლებში, როცა არაბი ხელმწიფის პირველი მრჩეველი იყო, მაგრამ არასოდეს დავიწყებია თავისი უმაღლესი მსახურება იესო ქრისტესადმი და ყოველთვის სარგებლობა მოჰქონდა ეკლესიისათვის თავის ერისკაცობაშიც: ებრძოდა მწვალებლებს - ნესტორიანელებს, მონოთელიტებს, გნოსტიკოსთა და მანიქეველობის გადმონაშთებს, პავლიკიანებს, სირიაში გაბატონებულ მაჰმადიანებს და ბოლოს ხატმებრძოლებს).

იმ დროს საბერძნეთში (ბიზანტიაში) ლეონ ისავრიელი მეფობდა (716-741), რომელიც მართლაც ლომისებრ მძვინვარედ ეკვეთა ქრისტეს ეკლესიას - წმიდა ტაძრებიდან განაგდებდა ხატებს და წვავდა, მართლმადიდებელ მორწმუნეებს კი - ხატების თაყვანისმცემლებს სასტიკი ტანჯვა-წამებით შეაჭირვებდა. როცა ამის შესახებ შეიტყო, იოანე კეთილმსახური მოშურნეობით აღენთო მსგავსად ელია თეზბიტელისა და თავისი თანამოსახელის - უფლის წინამორბედისა. მან ღვთის სიტყვის მახვილი განაშიშვლა და როგორც ომში ჰკვეთენ თავებს ბოროტ მტერს, ისე დაუწყო კვეთა უკეთური მეფის მწვალებლურ ბრძნობას: მან დაწერა და მრავალ ეკლესია-მონასტრებს დაუგზავნა ეპისტოლეები წმიდა ხატების თაყვანისცემის შესახებ. ამ ეპისტოლეებში საღმრთო წერილისა და ღმერთშემოსილი მამების ძველი გადმოცემის საფუძველზე იოანე სიბრძნით წარმოაჩენდა, თუ როგორ უნდა მიაგებდნენ მართლმადიდებელნი ჯეროვან თაყვანისცემას უფლის, ღვთისმშობლისა და წმიდანების ხატებს; ეს წერილები იოანემ ბევრ მორწმუნესაც გაუგზავნა, რომელთაც სთხოვდა, სადაც კი ხელი მიგიწვდებათ, ყველგან წააკითხეთ ისინი მართლმადიდებელ ძმებს, რათა ყველანი განმტკიცდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში და არ ეცთუნონ ახალი მწვალობლობითო. ასე ცდილობდა წმიდანი მთელი ქვეყნიერება აღევსო თავისი ღმრთივსულიერი ეპისტოლეებით და დაეცვა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ერთი ეპისტოლე მან კონსტანტინოპოლშიც გაგზავნა, რომელშიც, სხვათა შორის, წერდა: „შეგნებული მაქვს რა ჩემი უღირსება, მე უეჭველად უნდა ვმდუმარებდე და მხოლოდ საკუთარ ცოდვებს დავტიროდე ღმერთის წინაშე, მაგრამ როცა ვხედავ, თუ როგორ შფოთავს და მღელვარებს ღვთის ეკლესია სასტიკი ქარიშხლით, ვფიქრობ, რომ ახლა დრო არ არის მდუმარებისათვის; მეშინის ღმერთისა უფრო, ვიდრე ქვეყნიური ხელმწიფისა, თუმცა ამ უკანასკნელის ძალაუფლება იმდენად დიდია, რომ მას ადვილად შეუძლია ხალხის გაყოლიება“... ამ ეპისტოლეშიც დიდი სიბრძნით იყო დაცული წმიდა ხატები და მხილებული ხატმებრძოლი მწვალებლობა, თუმცა ლეონ ისავრიელის მისამართით ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვაც არ ეწერა. მთელს ბიზანტიის იმპერიაში გავრცელებული ეს ეპისტოლეები კეთილმსახურებაში განამტკიცებდნენ მართლმადიდებელ მორწმუნეებს, მწვალებლებს კი თითქოსდა შუბით განგმირავდნენ. ამიტომ ხმამ მათს შესახებ ხელმწიფემდეც მიაღწია, რომელმაც ვერ აიტანა თავისი უკეთურების საჯარო მხილება და გადაწყვიტა შური ეძია იოანეზე. ამისთვის თანამოაზრე მწვალებლებს მოუწოდა და უბრძანა მოჩვენებითი კეთილმსახურების სახით მისულიყვნენ მართლმადიდებლებთან, რათა როგორმე ხელში ჩაეგდოთ თვით იოანეს მიერ დაწერილი რომელიმე ეპისტოლე. ეს ლეონ ისავრიელს თავისი მზაკვრული გეგმის განსახორციელებლად სჭირდებოდა. მართლაც ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ  მეფის ბოროტმა თანამზრახველებმა მოახერხეს ერთი მორწმუნისაგან თვით იოანეს ხელით ნაწერი წერილის მოტყუებით მოპოვება და უმალ ხელმწიფეს მიართვეს იგი. ლეონ ისავრიელმა თავის დახელოვნებულ გადამწერთ დაავალა ყველანაირად ეცადათ იოანეს ხელწერისათვის მიებაძათ და მისი სახელით დაეწერათ შემდეგი შინაარსის წერილი (ვითომცდა იოანეს მიერ გამოგზავნილი დამასკოდან კონსტანტინოპოლში):

„გიხაროდეს, მეფეო! და მეც მიხარის შენი ხელმწიფების გამო ჩვენი საერთო რწმენის გულისთვის! თაყვანს გცემ და ღირსსაფერ პატივს მოგაგებ შენს სამეფო დიდებულებას... ამასთან გაუწყებ, რომ ჩვენი ქალაქი დამასკო, რომელიც აწ სარკინოზებს უპყრიათ ხელთ, ცუდად არის დაცული; აქ თითქმის სულ არა ჰყავთ მტკიცე მეციხოვნეები; ჯარიც მასში სუსტი და მცირერიცხოვანია. ამისთვის გვედრი, მეფეო, მოწყალე იყავ ამ ქალაქისადმი და ღვთის გულისთვის წარმოგზავნე აქეთ შენი მხედრობა! ოღონდ ისე მოაჩვენე, თითქოს იგი სხვა მხარეს მიემართება, და მოულოდნელად დაეცი დამასკოს, მაშინ შენ გაუჭირვებლად ეუფლები ქალაქს, ამ საქმეში მეც დიდად შეგეწევი, რამეთუ ქალაქიცა და მთელი ქვეყენაც ჩემს ხელთაა!“...

როცა ეს ვერაგული წერილი დააწერინა მსახურთ, ვითომცდა იოანეს მიერ მისთვის მოწერილი დამასკოდან, მზაკვარმა მეფემ ახლა უკვე თავისი სახელით მისწერა სარკინოზთა მთავარს:

„მშვიდობა შენდა, სირიის განმგებელო!.. ვგონებ, არაფერია იმაზე უმჯობესი, რომ მშვიდობით და მეგობრობით ვჰგიებდეთ ერთურთთან, რამეთ სამშვიდობო დაპირებების შესრულება მეტად საქებარი საქმეა კაცთაგან და ღმერთისთვისაც მოსაწონი. ამიტომ შენთან დამყარებული მშვიდობაც მე მსურს ბოლომდე ერთგულად და პატიოსნად შევინარჩუნო. მაგრამ ქრისტიანი დიდ-მოხელე ვინმე, მცხოვრები შენს სახელმწიფოში წამდაუწუმ მიგზავნის წერილებს და მომიწოდებს დავარღვიო ეს მშვიდობა, ამასთან მპირდება გაუჭირვებლად ჩამაბაროს ქალაქი დამასკო, თუკი მე მოულოდნელად წარმოვგზავნი ჩემს ლაშქარს... გიგზავნი ერთ-ერთს იმ წერილთაგან, რომელნიც ამ ქრისტიანს მოუწერია ჩემთვის, - ეს დაგარწმუნებს, რომ მე შენი მეგობარი ვარ. იმ კაცში კი, ვინც კადნიერად ასე მომწერს, შენ უტყუარ ღალატს და მტრობას შეიცნობ, და გეცოდინება, როგორი სიკვდილითაც დასაჯო იგი!“...

ეს ორი წერილი უკეთურმა ხელმწიფემ ლეონ ისავრიელმა თავის ერთ დაახლოებულ პირს გაატანა დამასკოში სარკინოზების მთავართან. როცა ამ უკანასკნელმა წაიკითხა წერილები, უმალ მოუწოდა იოანეს და უჩვენა ის ცრუ წერილი, რომელიც ვითომცდა მას მიეწერა ლეონ მეფისათვის. იოანემ წაიკითხა წერილი, ყურადღებით დააკვირდა და თქვა:

- ამ გრაგნილზე დაწერილი ასოები რამდენადმე ჰგავს ჩემს ხელწერას, მაგრამ მე არ დამიწერია ეს, რადგან არასდროს აზრადაც არ მომსვლია წერილის მიწერა ბერძენი მეფისათვის. არ ეგების, რომ მე მზაკვრობით ვემსახურებოდე ჩემს ბატონს!..

იოანე მიხვდა, რომ ეს ბოროტ მწვალებელთა მზაკვრული საქმე იყო, მაგრამ ვერაფერი გააწყო განრისხებულ სარკინოზთან, რომელმაც ბრძანა მარჯვენა ხელი მოეკვეთათ უდანაშაულო იოანესთვის. იოანე სთხოვდა მთავარს, მცირე ხანს მოეცადა და დრო მიეცა მისთვის თავისი უდანაშაულობისა და იმ სიძულვილის დასამტკიცებლად, რომლითაც ბოროტი მწვალებელი მეფე იყო გამსჭვალული იოანესადმი, მაგრამ უზომოდ განრისხებულმა სარკინოზმა ყურიც არ დაუგდო მას და უბრძანა მსახურთ დაუყოვნებლივ აღესრულებინათ სასჯელი. და აი, წმიდა იოანე ხალხმრავალ მოედანზე გაიყვანეს და მარჯვენა მოჰკვეთეს, - ის ხელი, რომელიც მართლმადიდებლებს განამტკიცებდა ღმერთის რწმენაში; და ეს ხელი, რომელიც თავისი ნაწერებით უფლის მოძულეთ ამხელდა, ახლა მელნით კი არა, საკუთარი სისხლით იყო დასვრილი! მოკვეთის შემდეგ იოანეს მარჯვენა ქალაქის შუაგულში, ბაზრის მოედანზე გამოჰკიდეს ბოძზე ყველას დასანახად, თვით იოანე კი, ტკივილისა და სისხლის დაკარგვისაგან დაუძლურებული მისსავ სახლში წაიყვანეს. საღამოთი, როცა შეიტყო, სარკინოზთა მთავრის რისხვა დამცხრალაო, ნეტარმა იოანემ თხოვნა შეუთვალა:

- გევედრები, ბატონო ჩემო, უბრძანო დამიბრუნონ ჩემი მოკვეთილი ხელი! ტკივილი სულ უფრო მატულობს და გამოუთქმელად მტანჯავს; სულს ვერ მოვითქვამ მანამდე, სანამ ჩემი მოკვეთილი მარჯვენა ჰაერშია გამოკიდებული ქალაქის მოედანზე... დამიბრუნე, რომ მიწაში დავმარხო, რადგან ასე მგონია, თუ ის დაიკრძალება, ტკივილიც შემიმსუბუქდება...

მთავარმა შეუსრულა ეს თხოვნა და ბრძანა საზოგადო ადგილიდან ჩამოეხსნათ იოანეს მოკვეთილი მარჯვენა და მისთვის სახლში მიეტანათ. იოანემ აიღო თავისი ხელი, თავის სამლოცველო ოთახში შეიტანა და ქვე დაემხო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე, რომელიც ყრმა მაცხოვართან ერთადაა გამოსახული; მოკვეთილი მარჯვენა დარჩენილ იდაყვზე მიიდო და ცხარე ცრემლითა და სულთთქმით იწყო ლოცვა:

- დედუფალო ჩვენო, ყოვლადწმიდაო დედაო, რომელმაც შობე ღმერთი ჩემი! - გულის სიღრმიდან შეჰღაღადებდა იგი ღვთისმშობელს. - აი, ჩემი მარჯვენა მოკვეთილია ღვთაებრივ ხატთა დაცვისათვის! შენ უწყი, რამაც განარისხა მეფე ლეონი. მაშ, ისწრაფე და განმიმრთელე მარჯვენა! უზენაესის მარჯვენა, რომელიც შენგან ხორციელ-იქმნა, შენი ლოცვით და მეოხმყოფელობით მრავალ სასწაულთ აღასრულებს. ამიტომ მეც გევედრები, რომ ჩემი ხელიც განკურნოს შენი მეოხებით. ჰოი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელო! დაე, ამ მარჯვენამ მხოლოდ ის დაწეროს, რის ნებასაც შენ დართავ სადიდებელად შენისა და შენი ძისა, და დაე, მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცებას შეეწიოს იგი თავისი ნაწერებით! შენ ყოველივე ძაგიძს მოიმოქმედო, თუკი ისურვებ, რამეთუ დედა ხარ ღვთისა!..

ამას და კიდევ მრავალს იტყოდა იოანე ცრემლებით, და ამ მხურვალე ლოცვისას მიერულა და ძილში ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იხილა, რომელიც ხატიდან ნათელი, მოწყალე თვალებით შემოსცქეროდა და ეუბნებოდა:

- ხელი შენი აწ განმრთელებულია! დანარჩენზე ნუ იურვი! გულმოდგინედ იშრომე, როგორც მე აღმიქვი! მალიად მწერლის კალმად აქციე შენი მარჯვენა!

გამოღვიძებულმა იოანემ ხელი მოისინჯა, დახედა და სრულიად განმრთელებული იხილა!  ხოლოდ მოკვეთის ხაზი ეტყობოდა. იგი უდიდესი სიხარულით აღივსო ღმერთის ამ სასწაულის გამო, რომელიც უფალმა და მაცხოვარმა ყოვლადწმიდა მარადის ქალწულის - თავისი დედის მარიამის მეოხებით აღასრულა მასზე. მაშინ ზე-აღაპყრო ორივე ხელი და მუხლებზე დამხობილმა მადლობა შესწირა ღმერთსა და ღვთისმშობელს. მთელი ღამის განმავლობაში განიხარებდა იოანე თავის სახლეულთა ერთად და ახალ საგალობელს უგალობდა უფალს:

- „მარჯვენე შენი, უფალო, დიდებულ არს, ძალითა შენითა მარჯვენემან შენმან, უფალო, მოსრნა მტერნი“ (გამოსვლ. 15, 6); შენმა მარჯვენამ ჩემი მოკვეთილი მარჯვენა განკურნა, და იგი შენს მტრებსაც შემუსრავს, რომელნიც პატივს არ მიაგებენ შენს პატიოსან და შენი ყოვლადწმიდა დედის ხატებას; შენი ამაღლებული განდიდებისათვის მოსპობს სარწმუნოების მტრებს, რომელნიც წმიდა ხატებს სპობენ!..

როცა იოანე ამგვარად განიხარებდა მთელი თავის სახლეულთან ერთად და სამადლობელ საგალობლებს უძღვნიდა ღმერთს, მეზობლებმაც გაიგონეს ეს და როცა მისი სიხარულის მიზეზიც შეიტყვეს, ძალზე გაოცდნენ. მალე მომხდარის შესახებ სარკინოზთა მთავარმაც გაიგო და მაშინვე თავისთან მოუწოდა იოანეს, ხოლო როცა ის სასახლეში წარუდგა, უბრძანა გამრთელებული ხელი ეჩვენებინა. მოკვეთის ადგილას, ღვთისმშობლის ნებით, წითელი, თხელი ძაფისებრი ხაზი დარჩენილიყო ნიშნად იმისა, რომ მარჯვენა მართლაც მოკვეთილი იყო. ამის დანახვაზე დიდად გაოცებულმა სარკინოზმა იკითხა:

- რომელმა მკურნალმა ქმნა ეს?! და რა საკურნელებლით გაგიმრთელა ასე კარგად მარჯვენა?! ვინ განგიკურნა იგი ასე სწრაფად? გინ განგიცოცხლა იგი ისე, თითქოს არც ყოფილიყო მოკვეთილი და მომკვდარი?!

იოანემ არ დაუმალა აღსრულებული სასწაული და ყველას გასაგონად დაადასტურა იგი:

- ეს უფალმა ჩემმა, ყოვლისშემძლე მკურნალმა განმიმრთელა მარჯვენა თავისი ყოვლადძლიერებით! ეს ჩემმა ღმერთმა განკურნა ჩემი ჭრილობა და განმიცოცხლა ის ხელი, რომელიც შენი ბრძანებით მომკვეთეს! უფალმა იესო ქრისტემ ქმნა ეს, როცა შეისმინა ჩემი მხურვალე ლოცვა-ვედრება თავისი ყოვლადწმიდა დედის მეშვეობით!

მაშინ გაკვირვებულმა მთავარმა შესძახა:

- ვაგლახ მე! ვერ შევიცანი ცილისწამება, უმართლოდ განგსაჯე და უდანაშაულოდ დაგსაჯე, ჰოი, კეთილო კაცო! გევედრები, შეგვინდე, რომ ასე მალიად და უგნურად  განგიკითხეთ! მიიღე ჩვენგან უწნდელი წოდება და უწინდელი თანამდებობა, და იყავ ჩვენი პირველი მრჩეველი! ამიერიდან უშენოდ და შენი რჩევის გარეშე არაფერი აღსრულდება ჩვენს სახელმწიფოში!

მაგრამ იოანე ფერხთ ჩაუვარდა მთავარს და დიდხანს ევედრებოდა, გამიშვი ისე ვიცხოვრო, როგორც მე მსურს, ნუ შემიშლი ხელს, ამიერიდან ჩემს უფალს შევუდგე იმ ბერ-მონაზვნებთან ერთად, რომელთაც უარ-უყვიათ საკუთარი თავი და უფლის უღელი უდვიათ ქედსო...

სირიის განმგებელს არ უნდოდა მისი გაშვება, და იგი ყოველმხრივ ეცადა დაერწმუნებინა იოანე კვლავაც მასთან დარჩენილიყო, მთელი მისი კარის უფროსი და სრულიად სირიის განკარგულებელი ყოფილიყო. ამის გამო ბატონსა და ქვეშევრდომს შორის ხანგრძლივი ცილობა იყო: ისინი მხურვალედ სთხოვდნენ ერთურთს თავისას და ორივე ცდილობდა თხოვნით ეძლია ერთურთისათვის. ბოლოს, ღვთის განგებით, იოანემ გაჭირვებით მიაღწია საწადელს: დიდი ხნის თხოვნის შემდეგ მიიღო მთავრისაგან სასურველი თავისუფლება, ამიერიდან შეეძლო თავის ნებისაებრ მოქცეულიყო.

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / წმიდა იოანე დამასკელი