წმიდა იოანე მოწყალე - ალექსანდრიის პატრიარქი

 

წმიდა იოანე მოწყალე - ალექსანდრიის პატრიარქი VII საუკუნეში დაიბადა კვიპროსზე, მთავარ ეპიფანეს ოჯახში. იგი 15 წლისა იყო, როცა სიზმრეულ ჩვენებაში იხილა საკვირველი ასული ზეთისხილის გვირგვინით თავზე, რომელმაც უთხრა: „მე დიდი მეუფის უფროსი და უსაყვარლესი ქალიშვილი ვარ. თუ ჩემი მეგობარი გახდები, წყალობას გამოგითხოვ მისგან და მის საყდართან წარგადგენ, რადგან არავის გააჩნია ისეთი კადნიერება მეუფის წინაშე, როგორც მე“. წმიდანი მიხვდა, რომ ეს ასული იყო გულმოწყალება - უმაღლესი სათნოება. „უნდა შეიწყალო მოყვასი, თუ გინდა, რომ უფალმა შეგიწყალოს“, - ფიქრობდა იგი, როცა განთიადისას ტაძრისკენ მიემართებოდა. გზად ნეტარმა იხილა შიშველი გლახაკი, რომელიც სიცივისგან ძრწოდა, გაიხადა ზედა სამოსელი, მას უბოძა და თან გონებაში გაიფიქრა: „ახლა შევიტყობ, წუხელ საღვთო ჩვენება ვიხილე, თუ ეშმაკმა განმცადა“. მაგრამ სანამ ეკლესიამდე მიაღწევდა, წმიდანს თეთრებში შემოსილი უცნობი შეხვდა, რომელმაც ფუთა გამოუწოდა და უთხრა: „მეგობარო, მიიღე ეს ასი ოქრო შენი საჭიროებებისათვის“. იოანემ მიიღო საჩუქარი და მაშინვე მიხვდა, რომ მისი ხილვა - ზეციური გამოცხადება იყო და საკუთარ თავს უთხრა: „სულო ჩემო, კმარა, ნუ ცდი უფალს!“ ამ დღიდან მოყოლებული წმიდანი საოცრად გულმოწყალე გახდა.

ახალგაზრდობაში იოანე დაცოლშვილებული იყო, მაგრამ მალე მეუღლე და შვილები გარდაეცვალა. ამის შემდეგ იგი ბერად შედგა და მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცა.

სულიერმა ღვაწლმა წმიდა მამას ფართოდ გაუთქვა სახელი და როცა ალექსანდრიის საპატრიარქო კათედრა დაქვრივდა, იმპერატორმა ჰერაკლემ და სასულიერო პირთა დასმა მას სთხოვეს, ეტვირთა ეკლესიის მესაჭეობა. იოანე თავმდაბლობის გამო დიდხანს უარობდა, მაგრამ ბოლოს უძულებული გახდა, დათანხმებულიყო.

ნეტარი მღვდელმთავარი ღირსეულად ეზიდებოდა თავის მძიმე ჯვარს: ზრუნავდა სამწყსოს ზნეობრივ სრულყოფაზე, განათლებაზე, დაუცხრომელად ებრძოდა მწვალებლურ სწავლებებს, მაგრამ მაინც მთავარ საქმედ მაინც მოწყალება და ყველა გაჭირვებულის დახმარება მიაჩნდა. საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან მცირე ხნის შემდეგ იოანემ ეკლესიის იკონომოსებს უბრძანა, დაედგინათ მთელი ქალაქის გაჭირვებული მოსახლეობის რაოდენობა. ჩამოწერეს 7500 გლახაკის სია, რომელთაც წმიდანი იმ დროიდან მოყოლებული საეკლესიო ქონებიდან ყოველდღიურ ულუფას აწვდიდა.

პატრიარქი კვირაში ორი დღე - ოთხშაბათი და პარასკევი - ეკლესიის კარებთან იჯდა და ყველა მოსულს გულმოდგინედ უსმენდა და ეხმარებოდა. ზოგს აკვირვებდა ნეტარის ასეთი მოთმინება, ის კი ამბობდა: „თუ მე ყოველთვის შემიძლია მივმართო ჩემს უფალს, იესო ქრისტეს და ლოცვით გამოვითხოვო, რაც მსურს, ჩემთან მოსვლა როგორ უნდა ავუკრძალო მოყვასს?“ იმ დღეს, როცა წმიდა მამას არავინ თხოვდა შემწეობას, იგი მეტად გულნაკლული რჩებოდა. ნეტარს მოწყალების საქმის გადადება არ უყვარდა: ნათესავებისგან შევიწროებული ერთი გლახაკი ქვრივი ქალი იოანეს მაშინ მიუახლოვდა ჩივილით, როცა იგი ტაძრისკენ მიდიოდა. თანმხლებნი პატრიარქს ურჩევდნენ, საეკლესიო მსახურების შემდეგ მოესმინა მისთვის, წმიდანმა კი უპასუხა: „თუ მის მოსმენას არ ვისურვებ, ჩემსას შეისმენს კი უფალი?“ მან გაიგო ქალის სატკივარი, მის განმანაწყენებლებს ურბძანა, დაეკმაყოფილებინათ ქვრივი და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძო გზა.

იოანე კვირაში სამჯერ მიდიოდა საავადმყოფოებში და სნეულებს შეეწეოდა. როცა სპარსელებმა დაარბიეს და გადაწვეს იერუსალიმი, მისი მრავალი მკვიდრი კი ტყვედ წაასხეს, წმიდა პატრიარქმა საეკლესიო ხაზინის დიდი ნაწილი გაიღო მათ გამოსასყიდად.

წმიდანი მათხოვრებს არასოდებს ისტუმრებდა უარით. ერთხელ საავადმყოფოსკენ მიმავალ მღვდელმთავარს გლახაკი შეხვდა. მეუფემ ბრძანა, 6 ვერცხლი მიეცათ მისთვის. მათხოვარმა ტანსაცმელი გამოიცვალა, დაეწია იოანეს და ისევ მოწყალება სთხოვა. წმიდანმა კვლავ 6 ვერცხლი გაუწოდა. მაშინ კი, როცა გლახაკმა ნეტარს მესამეჯერ გაუშვირა ხელი სამოწყალოდ და მსახურებმა გაგდება დაუპირეს, პატრიარქმა თქვა: „ქრისტე ხომ არ მცდის?“ და მათხოვვრისათვის 12 ვერცხლის ბოძება ბრძანა.

ერთხელ პატრიარქს იკონომოსმა ამცნო, რომ მოწყალების სათხოვნელად ზოგჯერ კარგად ჩაცმული ადამიანებიც მოდიოდნენ და ჰკითხა, მათაც სხვებივით უნდა დავეხმაროთო? იოანემ უპასუხა: „თუ ქრისტეს მონა ხარ, მოიქეცი ისე, როგორც ქრისტემ გვიბრძანა: ისე გაეცი მოწყალება, რომ მთხოვნელს სახეში არ შეხედო... ჩვენ ჩვენსას კი არა, ქრისტესას გავცემთ; ქრისტეზე მდიდარი კი ვინ შეიძლება იყოს?“ მართლაც, პატრიარქი ბევრს გასცემდა, მაგრამ უფალი ყოველთვის გამოაჩენდა ხოლმე კეთილ ადამიანებს, რომელთა შემოწირულობითაც თითქმის დაცარიელებული ხაზინა კვლავ ივსებოდა.

ერთხელ იოანესთან ერთი მდიდარი დიდებული მივიდა ლოცვა-კურთხევის მისაღებად. ნახა, რომ მის საწოლზე უხარისხო და უკვე ნახევრად გაცვეთილი საბანი იყო გადაფარებული. როცა შინ დაბრუნდა, მან წმიდანს ახალი, 36 ოქროდ ღირებული ფარჩის საბანი გამოუგზავნა. უფლის რჩეულს არ სურდა გულწრფელი შემომწირველის გაწბილება და იმ ღამით ის საბანი დაიხურა, მაგრამ როცა გამოეღვიძა, მოაგონდა გლახაკები, რომლებიც ვერაფრით იფარავდნენ სიშიშვლეს და ითოშებოდნენ, მწირები და უსახლკაროები, რომელთაც ამ სასტიკ ყინვასა და ქარბუქში გზებზე ეძინათ..., გადაწყვიტა გაეყიდა ძვირფასი საჩუქარი და მისი საზღაურით უქონელებს შესწეოდა. კეთილმსახური დიდებული იმ დილით შემთხვევით გაივდა ბაზრობაზე, გასაყიდად გამოტანილი თავისი საბანი ნახა, შეისყიდა და კვლავ გაუგზავნა მწყემსმთავარს. წმიდანმა მადლობით მიიღო ძღვენი, შემდეგ კი ისევ გასაყიდად გაგზავნა. დიდებულმა კვლავ შეისყიდა იგი და პატრიარქს დაუბრუნა. როცა ასე რადენჯერმე განმეორდა, იოანემ მდიდარს შეუთვალა: „ვნახოთ, ვინ უფრო ადრე დაიღლება: მე, რომელმაც გადავწყვიტე გავყიდო, თუ შენ, რომელმაც დაიჟინე იყიდო და მე გამომიგზავნო“, თან სამადლო ვაჭრობა განაგრძო. ასე გამოიყენა წმიდანმა დიდებულის მისდამი კეთილგანწყობილება გლახაკების სასარგებლოდ.

წმიდა იოანე საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა. ერთხელ იგი იძულებული გახდა, ცოდვით დაცემული ერთ-ერთი ღვთისმსახური ეკლესიიდან განეკვეთა. შემცოდე გაბოროტდა პატრიარქზე. მღვდელმთავარს სურდა, სასაუბროდ მოეხმო იგი, მაგრამ გადაავიწყდა. როცა წმიდანი საღვთო ლიტურგიას აღასრულებდა, მოაგონდა სახარების სიტყვები: „უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეдსენოს შენ, ვითარმედ ძმაი შენი გულ-ძгრ რაიმე არს შენთгს, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი“ (მთ. 5, 23-24). იგი გამოვიდა საკურთხევლიდან, თავისთან მოუწოდა შემცოდე შვილს, მუხლებზე დაემხო მის წინაშე და საჯაროდ სთხოვა შენდობა. შეძრწუნებლი ღვთისმსახური სინანულში ჩავარდა და შემდგომ კეთილმსახური მღვდელიც გახდა.

ერთხელ იოანე ერთმა საერო ხელისუფალმა გლახაკთა გამოსარჩლებისთვის საშინლად შეურაცხყო. იმავე დღეს, მზის ჩასვლის წინ ნეტარმა კაცი გაგზავნა თავის შეურაცხმყოფელთან და შეუთვალა: „მალე მზე ჩავა, შევრიგდეთ“. ხელისუფალი ისე შეძრა ამ სიტყვებმა, რომ არა მარტო შეურიგდა მშვიდობისმყოფელ მღვდელმთავარს, არამედ აღთქმა დადო, რომ ამიერიდან ყოველგვარი შუღლის თავიდან აცილებას შეეცდებოდა.

ერთი მდაბიო უპატიოდ მოექცა პატრიარქის ახლო ნათესავს, გიორგის. ეს უკანასკნელი ისე აღშფოთდა, წმიდანთან მივიდა და სთხოვა, შური ეძია მის განმანაწყენებელზე. მღვდელმთავარმაც აღუთქვა, ისე მივუზღავ მსა, რომ მთელი ალექსანდრია გაოცდებაო. ამან გიორგი დაამშვიდა. ცილებელია ვიქონიოთ სიმშვიდე და სიმდაბლეო, შემდეგ კი შეურაცხმყოფელს მოუხმო და განაცხადა, მას მიწის საეკლესიო გადასახადისაგან ვათავისუფლებო. ალექსანდრია მართლაც გააოცა ამგვარმა „შურისძიებამ“, გიორგიმ კი გულისხმაყო ბიძის გაკვეთილი.

წმიდა იოანე უშურველად გაიღებდა ყველაფერს, თუ რაიმე გააჩნდა. იგი თვლიდა, რომ საკუთარს კი არა, ქრისტესას გასცემდა.

ერთხელ ქუჩაში მიმავალ პატრიარქს მიუახლოვდა ფრიად პატივცემული ადამიანი, რომელსაც ქურდებმა მთელი ქონება მოპარეს. წმიდა იოანემ ბრძანა, მისთვის 15 ფუნტი ოქრო მიეცათ. მაგრამ ეკლესიის ხაზინაში ოქრო ცოტა დარჩენილიყო და იკონომოსებმა არ შეასრულეს პატრიარქის ბრძანება და მხოლოდ 5 ფუნტი მისცეს, როდესაც წმიდა იოანე სახლში ბრუნდებოდა, მას ერთი მანდილოსანი მიუახლოვდა და ქარტია გაუწოდა, რომელშიც ეწერა, რომ იგი 500 ფუნტ ოქროს სწირავდა ეკლესიას. პატრიარქმა სულიწმიდის მადლით განჭვრიდა, რომ ქალმა იმდენი არ გაიღო, რაც განზრახული ჰქონდა. მან იკონომოსებს გამოჰკითხა, თუ რა რაოდენობის მოწყალება გაიღეს და შეიტყო, რომ მისი კურთხევა არასწორად შესრულდა და ამხილა მათი სიცრუე, სიხარბე და ურჩობა. მან გაუმხილა ისიც, რომ ერთ პატივცემულ ქალბატონს სურდა 1500 ფუნტი ოქროს შეწირვა, მაგრამ რადგან თქვენ სიძუნწე გამოიჩინეთ, უფალმა მხოლოდ 500 მოგვცაო.

ამის შემდგომ პატრიარქმა მოიხმო ეს ქალბატონი, რომელმაც იკონომოსების თანდასწრებით გაამხილა სიმართლე და ყველას უამბო, რომ მას, მართლაც, 1500 ფუნტი ოქროს შეწირვა სურდა, ასეც დაწერა წერილობით მოწმობაში, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ მასში სიტყვა - ათასი წაშლილი იყო და მხოლოდ 500 ეწერა, მაშინ მან გადაწყვიტა, რომ ასეთი იყო უფლის ნება და ისიც შესაბამისად მოიქცა.

ეკონომებს შეეშინდათ და შერცხვათ, პატრიარქის ფეხებთან დაემხნენ და შენდობა ითხოვეს.

ნეტარი მამა საოცრად ფრთხილობდა სხვების განსჯისას, ამბობდა, ნურავის განვიკითხავთ, რადგან ჩვენ მხოლოდ ცუდ საქმეს ვხედავთ, ცოდვილის ჩვენგან დაფარულ სინანულსა და მწუხარებას კი - ვერაო.

წმიდა იოანეს - მკაცრ ასკეტსა და მლოცველს, სიკვდილის მარადიული ხსოვნა გააჩნდა. მან თავისთვის კუბო შეუკვეთა, მაგრამ ოსტატებს უბრძანა, არ დაესრულებინათ იგი და ყოველ დღესასწაულზე მოსულიყვნენ მასთან შეკითხვით, მუშაობის დამთავრების დრო ხომ არ დამდგარაო.

ეგვიპტეზე სპარსელთა თავდასხმის დროს წმიდა იოანემ დატოვა ალექსანდრია და თავისი სამშობლოს - კვიპროსის გავლით კონსტანტინეპოლს გაეშურა. გზაში ნეტარს საღვთო გამოცხადება ჰქონდა - სიზმრეულ ჩვენებაში ნათელმოსილი ჭაბუკი წარსდგა მის წინაშე და უთხრა: „გიხმობს მეუფე მეუფეთა“. პატრიარქი მიხვდა, რომ მისი აღსასრული მოახლოვდა, კუნძულ კვიპროსზე, მშობლიურ ქალაქ ამათუნტში გაჩერდა, განემზადა სივდილისთვის და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (+616, 619 ან 620 წელს). ნეტარი იმავე ქალაქში, წმიდა ტიხონის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.

სასწაულები წმიდა იოანეს გარდაცვალების შემდეგაც აღესრულებოდა, ერთი ქალი უმძიმესი ცოდვით დაეცა და რცხვენოდა სულიერ მამასთან აღსარების თქმა. იგი რწმენით მივიდა წმიდა იოანესთან, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და გაუმხილა, რომ აღსარების თქმა არ შეეძლო. მაშინ პატრიარქმა ურჩია, ქაღალდზე დაეწერა აღსარება და მისთვის გადაეცა. ქალი ასეც მოიქცა, მაგრამ 5 დღის შემდეგ პატრიარქი გარდაიცვალა. ქალი ძლიერ განიცდიდა ამას. იგი პატრიარქია საფლავთან მივიდა და როგორც ცოცხალს ისე მიმართა დახმარებისათვის, რადგან იგი თვლიდა, რომ იმას, რისი გამხელაც მას მოძღვართან ეძნელებოდა, ახლა ქარტიაზე ყველა წაიკითხავდა.

ასე გაატარა მან წმიდანის საფლავთან 3 დღე. მესამე ღამით წმიდა იოანე ცხადად გამოვიდა საფლავიდან და, ქალის ცრემლებით შეწუხებულმა, მას ქარტია გაუწოდა. ბეჭედი ისევ მთელი იყო. ქალმა გახსნა და ნახა, რომ მისი ნაწერი წაშლილი იყო და მის ნაცვლად ეწერა: „ჩემი მონის, იოანეს წყალობით მოგეტევა შენი ცოდვა!“

ქალმა თავისი ცოდვის სასწაულებრივი მიტევება მიიღო.

წმიდა იოანე 11 ნოემბერს გარდაიცვალა, მაგრამ რადგან ამ დღეს ეგვიპტეში საზეიმოდ აღინიშნებოდა წმიდა მოწამე მინას ხსენება, ალექსანდრიაში კი - ღირსი თეოდორე სტუდიელისა, ეკლესიამ მის მოსახსენიებელ დღედ 12 ნოემბერი განაწესა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2001 წ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / წმიდა იოანე მოწყალე - ალექსანდრიის პატრიარქი