წმიდა იოანე ოქროპირის სწავლებანი

 

ლოცვის შესახებ

     მარად უფალს მივეახლებოდეთ ყოველივეს სათხოვნელად. არაფერია ლოცვის დარი: იგი შეუძლებელს შესაძლებლად ხდის, ძნელს  -  აიოლებს...

 

     უფლისადმი დაუღალავ ლოცვას აღავლენდა ნეტარი დავითი: «შვიდ გზის დღესა შინა გაქებდე შენ განკითხვისათვის სიმართლისა შენისათა» (ფს. 118, 164). და თუკი უამრავი საზრუნავით დატვირთული და მრავალი გასართობით გალაღებული მეფე შვიდ გზის აღავლენდა დღეში ლოცვებს,  -  რა გამართლება ან შენდობა მოგვეძებნება ჩვენ, რომელთაც გვაქვს ამდენი უქმი დრო და არ ვლოცულობთ უფლისადმი დაუღალავად, როცა შეგვიძლია მივიღოთ ამ გზით დიდი სარგებელი. შეუძლებელია, ადამიანი ჩავარდეს ცოდვაში, თუკი იგი გამუდმებული ლოცვით თავის შემწედ იხმობს უფალს. ლოცვით ანთებული ცეცხლი დიდხანს რჩება ჩვენში და განაშორებს ჩვენგან ნებისმიერ ცოდვილ გულისთქმას. და თუკი ჩვენ დღის განმავლობაში ხშირად მივმართავთ უფალს ლოცვით, ბოროტ სულებს არ მიეცემათ საშუალება ცდუნების ბადეში გახვიონ ჩვენი აზრები.

 

     როდესაც მშენებლები აგებენ სახლს აგურებისაგან, აგურებს სიმაგრისათვის რკინის სალტეებს ურთავენ. მათ მსგავსად ჩვენც ყოველდღიური საქმიანობა განვამტკიცოთ ხშირი ლოცვით.

 

     მაგრამ შესაძლებელია კი ამქვეყნიური ზრუნვით დამძიმებული ერისკაცისთვის დღის განმავლობაში სამ-სამი საათი ლოცვა და ეკლესიაში სიარული? შესაძლებელია და ადვილიც. და თუკი მაინც შეუძლებელია ეკლესიაში მისვლა, სადაც ხარ - იქ ილოცე. ანას (სამუელ წინასწარმეტყველის დედის) ლოცვაც უფალმა შეისმინა არა იმიტომ, რომ მაღალი ხმით ხმობდა უფლისადმი, არამედ იმიტომ, რომ ღაღადებდა გულში ჩუმად  -  «...გულში ლაპარაკობდა, ბაგეებს ამოძრავებდა, ხმა კი არ ისმოდა...»  -  (1 მეფეთა 1, 13). ასეთი ლოცვისთვის არც დრო, არც ადგილი, არც მდუმარება არ არის დამაბრკოლებელი. შენც ასე მოიმოქმედე: მოიგონე ცოდვები შენი, მწარედ შეიცხადე, აღაპყრე თვალები ზეცად და თქვი გონებით: «უფალო, შემიწყალე» და დასრულებულია შენი ლოცვა. ვინც ითხოვა შეწყალება, მან მყისვე ცოდვების მიტევება მიიღო, რადგან შეწყალებული აღარ ისჯება. ვინც ღაღადჰყო: «უფალო, შემიწყალე», მან ცათა სასუფეველი მოიპოვა, რადგან როდესაც უფალი შეიწყალებს, იგი არა მხოლოდ ათავისუფლებს სასჯელისაგან, არამედ უბოძებს აგრეთვე წყალობას. ამიტომ ნუღარ ვიმართლებთ თავს იმით, რომ ტაძარი შორსაა, სულიწმიდის მადლმა ჩვენ თავად გადაგვაქცია ღვთის ტაძრად; და თუკი ჩვენ ვფხიზლობთ, მაშინ ყოველთვის ადვილად შევძლებთ ლოცვას. მსახურმა შეიძლება ილოცოს თავისი ბატონისათვის სურსათ-სანოვაგის ყიდვისას, ან სახლის დალაგებისას, აგრეთვე დიასახლისს შეუძლია ილოცოს სამზარეულოში ტრაპეზის მომზადებისას, უფალი შეიწირავს მათ გულწრფელ ლოცვას და არ უარჰყოფს მას «ლოცვისთვის შეუფერებელი ადგილის» გამო. ღმერთი ჩვენგან მარტოოდენ ითხოვს რწმენით ანთებულ გულსა და სისპეტაკეს. და რათა დარწმუნდეთ, რომ უფლისთვის არა აქვს მნიშვნელობა, თუ სად ილოცებს ადამიანი, შეგახსენებთ, რომ პავლე მოციქულმა საპყრობილეში, სარეცელზე განთხმულმა (დაუკვირდით, იგი ფეხზეც კი არ მდგარა), მაგრამ გულმოდგინეთ და სასოებით მლოცველმა, შეარყია მთელი სატუსაღო. შეიძლება გავიხსენოთ აგრეთვე ავაზაკიც, რომელმაც არა ტაძარში ხანგრძლივი ლოცვითა და მუხლმოდრეკით მოიპოვა სასუფეველი, არამედ ჯვარზე გაკრულმა წუთიერი, გულწრფელი სინანულითა და ღვთისადმი დიდი სასოებით.

 

     ყოველივე ამას გიყვებით, რათა იცოდეთ გულწრფელი ლოცვის ძალა, ხშირად იაროთ ტაძარში და სახლშიც ილოცოთ გულმოდგინედ. ხოლო თუკი თქვენ ხალხმრავალ საზოგადოებაში იქნებით, მაშინაც ნუ მიატოვებთ ლოცვას, მოუხმეთ უფალს გულმოდგინედ და მიიღებთ დიდ მადლს ასეთი ლოცვით.

 

     თუკი ჩვენ ყოველთვის შევძლებთ, რომ შევინარჩუნოთ ლოცვითი განწყობა და ვილოცებთ ყველგან, სადაც არ უნდა ვიყოთ, ამქვეყნად მშვიდობას ვპოვებთ, ხოლო იმქვეყნად სასუფეველს დავიმკვიდრებთ.

წმიდა წერილის კითხვის შესახებ

     თუკი მუდამ ვიკითხავთ წმიდა წერილს,  -  ჩვენ შევიმეცნებთ სჯულის დოგმატებს და ვისწავლით სათნო ცხოვრებას. თუნდაც ძალიან ურჩი და ზარმაცი რომ იყო,  -  წმიდა წერილის კითხვას თუ შეუდგები, აუცილებლად ჰპოვებ სულისათვის სარგებელს. რადგან, როგორც უსაქმურობა შობს სიზარმაცეს, ასევე საქმიანობით ჩნდება გულმოდგინება. მაგრამ თუკი ისმენ, მაგრამ არ ასრულებ? ესეც დიდი შენაძენია, თუკი თავს ცოდვილად და უღირსად მიიჩნევ, მაშინ ღვთის მცნებათა დარღვევის შიში გაგიჩნდება. და თუკი ინაღვლებ იმაზე, რომ არ ასრულებ მათ, მაშინ როდესმე აუცილებლად შეასრულებ კიდეც. ვინც საუბრობს უფალთან და ისმენს ღვთის სიტყვას, შეუძლებელია არ მიიღოს მადლი. თუ არ ვასრულებთ არაფერ სხვას, წმიდა წერილის მიმართ მაინც გამოვიჩინოთ მოწიწება და ყურადღება. დავუკვირდეთ, როცა მორწმუნე ხელში ბიბლიას იღებს, წმიდა წერილისადმი თავის მოწიწებას გარეგნულად იმით გამოხატავს, რომ ჯერ ტანსაცმელს მოიწესრიგებს და ხელს დაიბანს, ხოლო შემდეგ დედაკაცი მანდილს დაიბურავს, ხოლო მამაკაცი ქუდს მოიხდის, და მხოლოდ შემდეგ დაიწყებს კითხვას. ეს შინაგანი მოკრძალების გამოხატულებაა. შევუდგეთ წმიდა წერილის კითხვას და მივხვდებით, რომ თუკი შენ მდიდარი ხარ  -  არაფრად მიიჩნევ სიმდიდრეს, როდესაც სახარებიდან შეიტყობ, რომ ქალწული მარიამისა და უბრალო დურგალი იოსების ოჯახში გაიზარდა სამყაროს შემოქმედი. ხოლო თუკი შენ ღარიბი ხარ, აღარ შეგრცხვება შენი სიღარიბისა, როცა შეიტყობ, რომ თვით სამყაროს შემოქმედმა არ იუკადრისა უღარიბესი სახლი. ამაზე ფიქრი დაგიფარავს შენ მპარავობისა და დატაცებისაგან. როცა შეიტყობ, რომ ქრისტე უბრალო ბაგაში ჩააწვინეს, აღარ შეეცდები შენი შვილის ოქროებით მორთვას, ან შენი მეუღლისათვის ძვირფასი საწოლის შეძენას. ხოლო თუკი ამაზე აღარ იზრუნებ, არც მძარცველობა აღარ დაგემუქრება; აღარ აიღებ იმას, რაც შენ არ გეკუთვნის, პირიქით,  -  შეიყვარებ სიღარიბეს და შეიძულებ სიმდიდრეს. ხოლო თუკი ამას მიაღწევ, მაშინ ყოველივე ბოროტებასაც შეიძულებ.

 

     მრავალი სხვა სათნოება შეიძლება შეიძინო წმიდა წერილის კითხვით. ამის შესახებ თავად შეიტყობ, თუკი წმიდა წერილის კითხვას დაიწყებ. იუდეველებს, მათი უგულისხმობის გამო, ებრძანათ ღვთისგან წმიდა წერილის მკლავზე მიმაგრება და ასე მუდამ თან ტარება, რათა ხსომებოდათ მცნებები ყველა საქმეში. ჩვენ კი მკლავებზე კი არა სახლებში ვინახავთ მას,  -  ხოლო ქრისტიანს წმიდა წერილი სულში უნდა ჰქონდეს აღბეჭდილი. ამ საშუალებით ჩვენ განვიწმიდავთ თავს ჩვენს ამქვეყნიურ ცხოვრებაში და იმქვეყნად ზეციურ წყალობასაც მოვიმკით.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმინდა იოანე ოქროპირი / ლოცვის შესახებ