წმიდა კირილე იერუსალიმელი

 

წმიდა კირილე იერუსალიმელი იერუსალიმში დაიბადა 315 წელს. მკაცრი ქრისტიანული ღვთისმოსაობით აღზრდილი კირილე მონაზვნად აღიკვეცა, ხოლო 346 წელს პრესვიტერად აკურთხეს.

350 წელს გარდაიცვალა არქიეპისკოპოსი მაქსიმე. იერუსალიმის პატრიარქის ხარისხში მყოფი კირილე მხნედ იბრძოდა არიოზისა და მაკედონიუსის ერესის წინააღმდეგ. ამით არიოზის მიმდევარი ეპისკოპოსების რისხვა დაიმსახურა. არიანელებმა მოახერხეს კირილეს ტახტიდან ჩამოგდება და იერუსალიმიდან გაძევება.

351 წლის სულთმოფენობის დღეს იერუსალიმში ღვთიური გამოცხადება მოხდა: ცაზე გამოჩნდა ბრწყინვალე ჯვარი, რომელიც გოლგოთიდან ელეონის მთამდე იყო განრთხმული. კირილემ ამ გამოცხადების შესახებ შეატყობინა არიანელ იმპერატორ კონსტანცის (351-363) და ეცადა მის მოქცევას მართლმადიდებლობაზე.

სარდეს კრების მიერ გადაყენებულმა ერეტიკოსმა, კესარიის ყოფილმა მიტროპოლიტმა აკაკიმ გადაწყვიტა, იმპერატორის შემწეობით განედევნა წმიდა კირილე. როცა იერუსალიმში შიმშილობა დაიწყო, კირილემ მთელი თავისი ქონება გაჭირვებულებს დაურიგა, შემდეგ კი საეკლესიო ნივთების გაყიდვა დაიწყო მოშიმშილეთა დასახმარებლად. წმიდა კირილეს მტრებმა ხმა გაავრცელეს, თითქოს ქალაქში ნახეს მღვდელმთავრის შესამოსელში გახვეული მოცეკვავე ქალი. ამ ცილისწამების გამო ერეტიკოსებმა წმიდა კირილე იერუსალიმიდან გააძევეს.

მღვდელმთავარმა ტარსუსში ეპისკოპოსს სილოვანს შეაფარა თავი. ამის შემდეგ სელევკიაში შეიკრიბა ადგილობრივი კრება, რომელსაც 150 ეპისკოპოსი ესწრებოდა. მათ შორის იყო წმიდა კირილეც. მართალია, მიტროპოლიტ აკაკის არ უნდოდა მისი დაშვება, მაგრამ კრება არ დაეთანხმა. მაშინ აკაკიმ თვითონ დატოვა კრება და კირილე იმპერატორისა და არიანელ პატრიარქ ევდოქსის წინაშე დააბეზღა. იმპერატორმა მღვდელმთავარი გაასახლა.

იმპერატორმა იულიანე განდგომილმა (361-363), ვითომ ღვთისმოსაობის გამო, შეცვალა კონსტანცის ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მართლმადიდებელთა წინააღმდეგ იყო მიმართული. წმიდა კირილე თავის სამწყსოს დაუბრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ, როცა იულიანე ტახტზე განმტკიცდა, აშკარად უარყო ქრისტე. მან ებრაელებს ნება დართო, აღედგინათ რომალეთაგან დარბეული იერუსალიმის ტაძარი და ამისათვის სახელმწიფო ხაზინიდან თანხაც გაიღო. წმიდა კირილე ქადაგებდა, რომ მაცხოვრის სიტყვა ტაძრის დარღვევის შესახებ (ლკ. 21, 6) ახდება და იულიანეს მკრეხელური ჩანაფიქრი არ განხორციელდება. ერთხელ ღამით ისეთი მიწისძვრა მოხდა, რომ სოლომონის ტაძრის დარჩენილი ნაშთებიც კი დაინგრა, ახლად აგებული მტვრად და ნაცრად იქცა. როცა იუდეველებმა მაინც გააგრძელეს მშენებლობა, ციდან ცეცხლი გარდამოხდა და სამუშაო იარაღები შემუსრა. საზარელმა შიშმა მოიცვა ყველა. მეორე ღამეს იუდეველთა  ტანსაცმელზე გამოისახა ჯვრები, რომლებიც ვერაფრით მოაშორეს.

ამ ღვთიური გამოცხადების შემდეგ წმინდა კირილე კვლავ განდევნეს. იერუსალიმის კათედრა დაიკავა წმიდა კირიაკმა, რომელიც მალე მოწამეობრივად აღესრულა (+363, ხს. 28 ოქტომბერს).

იმპერატორ იულიანეს დაღუპვის შემდეგ წმიდა კირილე კვლავ დაუბრუნდა კათედრას, მაგრამ იმპერატორ ვალენტის (364-378) მეფობის დროს მესამედ იქნა გადასახლებული. მხოლოდ კეთილმსახური მეფის, თეოდოსი დიდის (379-395) დროს დაუბრუნდა წმიდა კირილე სამღვდელმთავარო მოღვაწეობას. 381 წელს წმიდა კირილემ მონაწილეობა მიიღო II მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელმაც დაგმო მაკედონიუსის ერესი და ნიკეა-კონსტანტინეპოლის რწმენის სიმბოლო დაამტკიცა.

წმიდა კირილეს თხზულებებიდან განსაკუთრებით ცნობილია 23 სწავლება და ორი საუბარი სახარებისეულ თემებზე: „განრღვეულისათვის“ და „წყლის ღვინოდ გადაქცევისათვის კანას გალილეაში“.

წმიდა კირილე გარდაიცვალა 386 წელს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / წმიდა კირილე იერუსალიმელი