წმიდა მარკოზ თრაკიელი

 

ერთხელ აბბა სერაპიონმა ეგვიპტეში წმინდა მამა იოანესთან სტუმრად ყოფნისას იხილა განდეგილები, რომელთაც ჯერ მამა იოანესგან ითხოვეს კურთხევა, მერე კი მისკენ წამოვიდნენ.

- იგი ახლახანს დაწვა. დაღლილია, ნუ გააღვიძებთ. - შეაჩერა ისინი წმინდა იოანემ.

მაშინ განდეგილებმა უთხრეს ხუცესს:

- რამდენი ხანია აბბა სერაპიონი მოღვაწეობს. მარკოზ თრაკიელთან მისვლის სურვილი კი რატომღაც არც გასჩენია. ამ მოღვაწეს ვერავინ შეედრება  მეუდაბნოეთა და მმარხველთა შორის. იგი 130 წლისაა. რახანია თრაკიის მთაზე ცხოვრობს. ამ ხნის მანძილზე ძე ხორციელთაგან არავინ უხილავს, რადგან მასთან მისასვლელი ბილიკიც კი არ არსებობს. მხოლოდ ვარსკვლავების მიხედვით თუ გაიგნებს კაცი მისკენ გზას. არადა წმინდანი ძალიან ნატრობს მამა სერაპიონთან შეხვედრას...

ამ სიტყვებზე გაეღვიძა მამა სერაპიონს და უამბო თავისი ხილვის შესახებ მამა იოანეს.

- ეს ხილვა ჭეშმარიტად ღვთისგანაა. როგორც სჩანს, უნდა ეახლო წმიდა მარკოზს. მაგრამ სად არის თაკიის მთა? - ჩაფიქრდა მამა იოანე.

- ილოცეთ ჩემთვის მამაო, - შეევედრა მამა სერაპიონი; შემდეგ გამოეთხოვა და გასწია თრაკიის მთისკენ. მისდა გასაკვირად ხუთ დღეში მიადგა ალექსანდრიას, ქალაქს, რომელიც მამა იოანესგან 20 დღის სავალზე მაინც იყო. ასე მისცა ნიშანი ღმერთმა, რომ მშვიდობიანად მიაღწევდა თრაკიის მთამდეც. შეუსველებლივ მიდიოდა მამა სერაპიონი. დღე და ღამ სულ გზას ადგა.

ალექსანდრიაში შესულმა ერთ ვაჭარს ჰკითხა:

- შორსაა აქედან თრაკიის მთა?

- დიახ მამაო, შორსაა. ეთიოპელთა საზღვრებამდე 20 დღის სავალი მაინც იქნება, ეს მთა კი იმის იქითაა.

- მაინც დაახლოებით რა მანძილია?

- ზღვით თუ გაემგზავრებით, არც ისე დიდი დრო დაგჭირდება. ხმელეთით კი 30 დღის სავალი მაინც იქნება.

მამა სერაპიონმა გოგრის ნაჭუჭში წყალი მოიმარაგა, აიღო ფინიკი საგზლად, მიენდო ღმერთს და გზა განაგრძო. მთელი 20 დღის მანძილზე არ ჩაუმუხლია. გზად არაფერს შეხვედრია - არც კაცს, არც ცხოველს, არც ფრინველს; არც მცენარე დაუნახავს; არც ნამი იყო, არც საკვები; იმ მიდამოებში ხომ არასდროს არ წვიმდა.

20 დღის შემდეგ გამოელია წყალი, გამოელია ფინიკი, გამოელია ღონეც და უკვე აღარ შეეძლო გზის გაგრძელება; აღარც უკან დაბრუნება შეეძლო. დაღლილობისგან იქვე ჩაიკეცა.

მაშინ კვლავ გამოეცხადნენ ის განდეგილები, მამა იოანესთან რომ იხილა:

- გამოგვყევი. - უთხრეს.

უსიტყვოდ დაემორჩილა მათ სიტყვებს.

- გშია? - ჰკითხა ერთმა.

- თუ მაკურთხებთ მამაო. - მიუგო.

მაშინ ბერმა მცენარის ფესვი დაანახა:

- შეჭამე ეს და ღონე მოგეცემა, მერე კი განაგრძე გზა.

მამა სერაპიონმა უსიტყვოდ შეჭამა და მართლაც მიეცა ძალა, უჩვეულო სიხარულიც იგრძნო. განდეგილებმა ბილიკიც დაანახეს,  რომელსაც უნდა მიეყვანა იგი წმინდა მამამდე, თვითონ კი გაუჩინარდნენ.

თანდათან უახლოვდებოდა მთას მამა სერაპიონი. მთა მწვერვალით ცას სწვდებოდა; ირგვლივ მხოლოდ მტვერი და ქვა-ღორღი იყო. უფრო ახლოს რომ მივიდა, მთის ძირში ზღვა გამოჩნდა. იწყო მთაზე ასვლა. 7 დღე სულ მაღლა და მაღლა მიიწევდა. მეშვიდე დღეს კი წმიდა მამისკენ ჩამომავალი ანგელოზი იხილა და ისიც გაიგონა, როგორ ახარა მან წმინდანს.

- ნეტარო მამაო კარგი ამბის მაუწყებელად მოვედი. აი, მოდის შენთან მამა სერაპიონი, რომლის ნახვაც ასე გულით გწადდა.

ამ სიტყვების შემდეგ ანგელოზი გაუჩინარდა. ხილვამ ისევ ახალი ძალებით აავსო მამა სერაპიონი და უშიშრად განაგრძო გზა. ასე მიდიოდა, სანამ დაბინდებისას ერთ მღვიმეს არ მიადგა. სწორედ ამ მღვიმეში მოღვაწეობდა მამა მარკოზი. მღვიმის კარებთან მისულს შემოესმა ფსალმუნიდან სიტყვები:

„- ათასი წელი წინაშე თვალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე“ (ფს. 89, 4).

წმინდანის ხმაში სიხარულის იგრძნობოდა. ახლა წმიდა მარკოზმა თავის თავთან იწყო საუბარი:

- ნეტარი ხარ შენ მარკოზ, ღვთის შეწევნით, რომ არ შებილწულხარ ამქვეყნიური უწმინდურებით, გონება შენი არ შერყვნილა უწმინდური ფიქრებით. ნეტარია შენი სხეული, რომელთაც არ უტვირთავთ ამქვეყნიური ვნებები, ნეტარია შენი თვალები, რომელიც ეშმაკმა ვერ აცდუნა სხვისი სილამაზით. ნეტარია შენი ყურები, რომელთაც არ სმენიათ ქალის ხმა ამ ქვეყნად, ნეტარია შენი ნესტოები, რომელთაც არ შეუსუნთქვთ ამა ქვეყნის სიმყრალე, ნეტარია შენი ხელები, რომლებიც არ გაკარებიან ამქვეყნიურ საგნებს, ნეტარია შენი ფეხები, რომლებიც არ დადგომია დაღუპვის გზას, შენი სული მოცულია ანგელოზებრივი სიხარულით.

შემდეგ წმიდა მამა კვლავ ფსალმუნს დაუბრუნდა:

„- აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონება ჩემი სახელსა წმიდასა მისსა. აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ მოცემულსა მისსა“ (ფს. 102, 1-2). რად შეგიპყრო მოწყინებამ სულო ჩემო? ნუ შეშინდები! შენ ვერ შეგიპყრობს ჯოჯოხეთის წყვდიადი, ეშმაკები ვერ დაგწყევლიან. ღვთის წყალობით შენში არ არის არანაირი ვნება, რადგან „დაიბანაკებს ანგელოზი უფლისაი გარემოის მოშიშთა მისთა და იხსნნეს იგინი“ (ფს. 33, 7). „ნეტარ არს კაცი, რომელიც აღასრულებს ნებას ღვთისას“. - ამ სიტყვების გასრულების შემდეგ მარკოზი მღვიმიდან გამოვიდა და მამა სერაპიონის დანახვაზე, სიხარულისგან აცრემლებულმა შეღაღადა:

- ალბათ როგორ იწვალე მამა სერაპიონ ჩემამდე რომ მოგეღწია!

მოეხვია, ემთხვია და უთხრა:

- 95 წელი გავატარე ამ უდაბნოში. არასოდეს არავინ მოსაულა ჩემამდე. დღეს კი გხედავ შენ, ვხედავ იმას, ვის ნახვასაც ასე ვნატრობდი. გმადლობ, რომ არ დაიზარე და ასეთი ჯაფა გასწიე ჩემამდე მოსაღწევად. ამისთვის, უფალი ჩვენი იესო ქრისტე საშინელი სამსჯავროს დღეს სამაგიეროს მოგიზღავს. - ღირსმა მარკოზმა დაჯდომა შესთავაზა მამა სერაპიონს. მაშინ მამა სერაპიონმა იწყო მისი ცხოვრების გამოკითხვა და აი, რა უამბო მამა მარკოზმა:

- აქ ცხოვრების მანძილზე არ მიჭამია ადამიანის ხელით გამომცხვარი პური, არც ტანსაცმელი მცმია. 30 წლის განმავლობაში მშიერ-მწყურვალი, შიშველი დავეხეტებოდი; ჩემი საჭმელი ბალახის ძირები იყო, წყურვილს კი ზღვის წყალი მიკლავდა. ეშმაკები მრავალგზის შეეცადნენ ჩემს ჩახრჩობას ზღვაში, მრავალგზის ჩამაგდეს უფსკრულში, მაგრამ მე ისევ ამოვდიოდი; ისინი კვლავ მიტაცებდნენ და ასე გრძელდებოდა, სანამ მთლიანად არ შემომაცალეს კანი; მათრევდნენ, მცემდნენ და ყვიროდნენ:

- წადი ჩვენი მიწიდან. დასაბამიდან არავის უნახავს აქაურობა, კაციშვილს არ დაუდგამს აქ ფეხი, შენ კი ვინა ხარ, რომ გაბედე აქ დასახლება?! ვინ მოგცა ამის უფლება?! როგორც გაბედე ეს?!

30 წლიანი შიმშილის, წყურვილის და ასეთი წამების შემდეგ ღმერთმა მომხედა და მადლი და წყალობა გარდამოავლინა ჩემზე. ეს მისი განგებით გარდაიქმნა ჩემი სხეული და თმით დამეფარა, საკვებს კი ყოველდღიურად უკვე ანგელოზები მაწვდიან; ისინი მემსახურებიან; ღმერთმა ღირსი გამხადა მეხილა ცის სასუფეველი და ნეტარების სავანე, მეხილა ის, რაც უფალმა წმინდანებს, კეთილისმქმნელებს აღუთქვა; და მე ვიხილე ღვთიური სამოთხე; ვიხილე ცნობადის ხე, რომლისგანაც იგემეს აკრძალული ხილი ჩვენმა წინაპრებმა. სამოთხეში. სამოთხეში ელია და ენოქიც ვიხილე; და საერთოდ რაც კი ვინატრეე ყველაფერი მიჩვენა ღმერთმა.

ადრე ათენში ვცხოვრობდი. იქ ვსწავლობდი ფილოსოფიურ მეცნიერებას. მშობლების გარდაცვალებამ ძალიან დამამწუხრა; ვიფიქრე:

„განა მეც იგივე არ მელის?! არა, არ მინდა ასეთი სიკვდილი. სჯობს უარი ვთქვა ამქვეყანაზე, სანამ თვითონ ცხოვრებას არ ჩავუთრევივარ მორევში!“

გადავწყვიტე და დაუყოვნებლივ შემოვიცალე კიდეც ტანსაცმელი, შევკარი პატარა ტივი, შევთხოვე ღმერთს, რომ ეჩვენებინა თავისი ნება და სადაც სურდა იქ წავეყვანე. მერე კი ზღვის ტალღების მეშვეობით, აქამდე მოვაღწიე.

ამ საუბარში თავს დაათენდათ. მხოლოდ ახლა დაინახა სერაპიონმა ღირსი მარკოზი, რომელსაც სხეული ცხოველ???ვეულო სანახაობამ; ეს რომ იგრძნო წმინდა მარკოზმა უთხრა:

- ნუ გეშინია, მამაო; ჩემი სხეულიც იმავე მიწისგანაა შექმნილი, როგორც შენი და ისიც ჩვეულებრივად, მოკვდავია. მაგრამ ღვთისთვის მთავარი სხეული კი არა, კაცის გულია.

შემდეგ თვითონ დაუწყო გამოკითხვა სერაპიონს:

- რა ხდება მამაო ქვეყანაზე, ისევ მყარად დგას იგი ქრისტეზე?

- კიდევ უფრო უკეთესად, მამაო.

- აღარ ხდება კერპთაყვანისმცემლობა და ქრისტიანთა დევნა?

- შენი წმინდა ლოცვებით, ქრისტიანთა დევნაც შეწყვეტილია და კერპთაყვანისმცემლობაც.

ამის გაგონებამ ძალზედ გაახარა წმინდანი. იგი კითხვას კითხვაზე აძლევდა მამა სერაპიონს:

- კვლავ არსებობენ ისეთი წმინდანები მთის გადადგომა რომ შეეძლოთ თავისი რწმენით, როგორც ეს სახარებაში წერია:

- გადადექ აქედან!

ამ სიტყვებზე მთა დაიძრა და ის-ის იყო ზღვაში უნდა ჩაშვებულიყო, რომ შეამჩნია ეს წმიდანმა:

- შენ კი არ გეუბნები გადადექ-მეთქი; უბრალოდ ჩემს ძმას ვესაუბრები. ასე რომ, დაუბრუნდი შენს ადგილს!

მთა მორჩილად დაბრუნდა უკან. მამა სერაპიონი შიშით დაემხო მიწაზე; წმინდანმა წამოაყენა და ჰკითხა:

- ნუთუ შენ არ გინახავს ამგვარი სასწაულები შენი ცხოვრების მანძილზე?

- არა, მამაო.

წმინდანი ატირდა და თქვა:

- მაშ, არ ყოფილა საქმე კარგად. ვაი მიწის მკვიდრთ, რადგანაც ქრისტიანებად მხოლოდ ამგვარი სასწაულებით შემკულნი თუ იწოდებიან...

ძალიერ დაღონდა; კიდევ უფრო აღივსო ღვთისადმი მადლიერებით და ხმამაღლაც გამოხატა ეს:

- კურთხეულ არს ღმერთი, რომელმაც მომიყვანა აქ, რათა მიწას ცოდვებით დამძიმებული არ მივბარებოდი.

მთელი ის დღე ორთავემ ფსალმუნთა გალობაში გაატარა. საღამო ხანს კი ღირსმა მარკოზმა უთხრა სერაპიონს:

- ძმაო, სერაპიონ! არ მოგშივდა? ხომ არ გვეტრაპეზა?!

მამა სერაპიონმა დუმილით შეხედა. მაშინ წმინდანმა მაღლა ასწია ხელი და ფსალმუნიდან ეს სიტყვები იგალობა:

„- უფალმან მმწყსოს მე და მე არაი მაკლდეს“ (ფს. 22, 1). რომ გაასარულა, მღვიმეში ვიღაცას შესძახა:

- ძმაო, გაგვიწყვე ტრაპეზი.

მერე ისევ სერაპიონს მიუბრუნდა:

- წამო, მივიღოთ ღვთისაგან ბოძებული.

გაოცებული შესცქეროდა სერაპიონი, ვერაფრით გაეგო, ვის მიმართავდა წმიდა მამა ამ სიტყვებით. მთელი დღის მანძილზე ის არავინ უნახავს.

მღვიმეში შესულებს ტაბლაზე ორი ფუნთუშა, თოვლივით თეთრი პური დახვდათ. იქვე ელაგა ბოსტნეული, შემწვარი თევზის ორი ნაჭერი, ზეთის ხილი, ფინიკი, მარილი და თაფლივით ტკბილი, წყლით სავსე ორი კათხა.

მიუსხდნენ ტაბლას და უთხრა წმინდანმა მამა სერაპიონს:

- შვილო სერაპიონ, აკურთხე ტრაპეზი.

- შემინდე, მამაო. - იუარა სერაპიონმა.

მაშინ წმინდანმა თქვა:

- უფალო, გვაკურთხე.

და ციდან ჩამოეშვა ხელი, რომელმაც ჯვარი გადასახა სუფრას. ტრაპეზის დასასრულს წმიდა მარკოზმა ისევ მიმართა ვიღაცას:

- აალაგე, ძმაო.

თვალისდახამხამებაში გაქრა ყველაფერი სუფრიდან. მამა სერაპიონი გაოცებული იყურებოდა, რადგან ამის მოქმედი არსად ჩანდა, (ანგელოზი, რომელიც ემსახურებოდა წმინდა მარკოზს, უხილავი იყო მისთვის). გასაოცარი სხვა რამეც იყო. მას მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე არ ეგემნა ასეთი გემრიელი კერძი; არ დაელია ასეთი გემრიელი წყალი.

- ხედავ, ძმაო, როგორ წყალობს ღმერთი თავის მონებს?! ყოველთვის ტრაპეზზე ჩემთან თითო პური და თევზი იდო, დღეს კი უფალმა გამიორმაგა საჭმელი შენი გულისთვის. ასე მკვებავს იგი ყოველდღე. - უთხრა მარკოზმა მამა სერაპიონს და ისევ განაგრძო:

- როგორც გითხარი, 30 წლის მანძილზე არაფერი მიჭამია მიწისა და ფესვების გარდა; ზღვის წყალს ვსვამდი. ამ ხნის მანძილზე სულ შიშველი ვიყავი; ყინვისაგან და სიცხისაგან ფრჩხილები დამძვრა, მზემ კანი დამიწვა, ეშმაკებიც მძლავრობდნენ ჩემზე, ღვთისგან მიტოვებულზე. მაგრამ, ღვთის წყალობით, ყველაფერი დავითმინე. 30 წლის დათმენის შემდეგ კი ღვთის განგებულებით, აი, ასე, ამ თმით დაფარულს გამომეღვიძა; იმ დღიდან ვეღარ მეკარებიან ეშმაკები. შიმშილი და წყურვილი აღარ მაწუხებს; არც გვალვა და ყინვა; აღარც სნეულება... ასე განვლიე ჩემი ცხოვრება  და ახლა ღმერთმა შენ გამოგგზავნა ჩემს დასაკრძალად; ძმაო, სეარპიონ! ეს ღამე უნდა იფხიზლო, რადგან ახლოსაა ჩემი აღსასრული.

ორივენი ლოცვად დადგნენ და დავითის ფსალმუნთა გალობა იწყეს. შემდეგ წმინდანმა თქვა:

- აღსასრულის შემდეგ ჩემი სხეული მღვიმეში დატოვე, შესასვლელი კი ქვით დაგმანე და ისე წადი.

მამა სერაპიონი ატირდა:

- შეევედრე ღმერთს, მამაო, მეც წამიყვანოს, სადაც  შენ მიყავხარ.

- ნუ ტირი ჩემთვის სასიხარულო ჟამს; პირიქით, გიხაროდეს! შენ უკან უნდა დაბრუნდე. უფალი, რომელმაც აქ მოგიყვანა, გარჯისა და შრომისათვის შენც გაცხონებს; ისიც იცოდე, როგორც მოხვედი, უკან იმ გზით არ დაბრუნდები; ძმაო სერაპიონ! ეს დღე მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის. დღეს თავისუფლდება ჩემი სული ხორციელი განცდებისაგან და მიდის ცის სასუფეველში განსასვენებლად. დღეს განისვენებს ჩემი სხეული მრავალ ჯაფათა და სნეულებათაგან. დღეს მიმიღებს ღმერთი თავისთან.

უეცრად მღვიმე ნათელმა აავსო; ეს ნათელი მზის სინათლეზე უფრო კაშკაშა იყო; მთელი მთა კეთილსურნელებამ მოიცვა.

წმინდანმა ხელი მოკიდა მამა სერაპიონს და თქვა:

- დაე მღვიმე, რომელშიც მე ვცხოვრობდი, ასევე დარჩეს უფლის მეორედ მოსვლამდე! მკვდრეთით აღდგომამდე აქვე იყოს ჩემი სხეული; სული კი, უფალო, შენ დაიხსენი მისგან. მე ხომ შენთვის დავითმინე შიმშილი, წყურვილი, სიცივე და სხვა ათასი უბედურება.

მეუფეო! განა შენ არ უნდა შემმოსო დიდების სამოსლით შენი მეორედ მოსვლის ჟამს?! ახლა კი იძინეთ, ბოლოს და ბოლოს, ჩემო თვალებო, რომელთაც არასდროს ჩაგძინებიათ ლოცვისას; დაისვენეთ ფეხებო, ღამისთევის ლოცვებზე ასე მტკიცედ მდგარნო; მე ვშორდები ამ წუთისოფელს; ყველა დამრჩენს კი გისურვებთ ცხონებას. ცხონდით მმარხველებო, რომლებიც უფლის გულისთვის მღვიმეებსა და მთებში დასახლდით; ცხონდით მოღვაწენო, რომლებმაც დაითმინეთ ყოველივე ცის სასუფევლისთვის; ცხონდით ღვთის მონებო, რომელთაც გდევნიდნენ უფლის გულისთვის; ცხონდით მონასტრებო, რომლებიც დღე და ღამე იღვწით ღვთისთვის, ცხონდით ეკლესიებო, ცოდვილთა განწმენდელნო; ცხონდით მღვდლებო, ღმრთისა და ადამიანთა შუა მდგარნო; ცხონდით სასუფევლის შვილნო, რომელნიც გიშვილათ ქრისტემ ნათლობით; ცხონდით ქრისტეს მოყვარულნო, რომლებიც მასპინძლობას უწევდით ადამიანებს; ცხონდით მოწყალენო; ცხონდით ქრისტეთი მდიდარნო, რომლებიც ცხოვრებას ღვთისთვის სათნო საქმეებში ატარებდით; ცხონდით ღვთისთვის გაღატაკებულნო; ცხონდით კეთილმორწმუნე მეფენო და მმართველნო, რომლებიც სამართლიანად და წყალობით განსჯიდით ამ ქვეყანას; ცხონდით მორჩილად და სიბრძნით მმარხველნო და დამაშვრალნო; ცხონდით ქრისტეს გულისთვის ერთმანეთის მოყვარულნო; დაე, ცხონდეს მთელ ქვეყანაში ღვთის მცნებებით მცხოვრებნი!

ამ სიტყვების დასრულების შემდეგ წმინდანი ემთხვია მამა სერაპიონს:

- ცხონდი შენც, ძმაო, სერაპიონ! და როცა აღვესრულები ნუ წაიღებ აქედან ნურაფერს; ერთი ბეწვიც კი არ წაიღო. დაე, ნუ შეეხება ჩემს სხეულს ნურაფერი, ტანსაცმელიც კი; დაე, დავრჩე ისე, როგორც ღმერთმა შემმოსა. ნურც შენ დაყოვნდები დიდხანს აქ.

მამა სერაპიონი ქვითინებდა.

უცებ ხმა მოისმა ზეციდან:

- მომგვარეთ უდაბნოდან ჩემი რჩეული ჭურჭელი, მომგვარეთ სიმართლის აღმსრულებელი, ერთგული მონა! მოდი, მარკოზ! განისვენე სიხარულსა და ნეტარებაში.

წმინდა მარკოზი მიუბრუნდა მამა სერაპიონს:

- მუხლი მოვიყაროთ, ძმაო!

ორივემ დაიჩოქა. და ისევ გაიგონა სერაპიონმა ანგელოზის ხმა, რომელმან მიმართა წმინდანს:

- ხელები გაშალე.

მაშინ წამოდგა მამა სერაპიონი და დაინახა წმინდანის სული, სხეულიდან თავდახსნილი, დაინახა როგორ მოსავდნენ მას ანგელოზები თეთრი სამოსით და როგორ აჰყავდათ ზეცაში. იხილა ამის შემყურე ეშმაკებიც და ისევ გაიგონა ხმა:

- ძენო წყვდიადისნო! განერიდეთ და დაემალეთ ჭეშმარიტებას!

მარკოზის წმინდა სულმა ზეცაში ერთი საათი მაინც დაჰყო. მერე მოისმა ხმა ანგელოზებს რომ მიმართავდა:

- მომგვარეთ ვინც დაამარცხა ეშმაკები!

როცა სულმა ყოველგვარი ვნების გარეშე ეშმაკებს შორისაც განვლო და გახსნილ ცას მიუახლოვდა, დაინახა მამა სერაპიონმა უფლის ხელი, რომელმაც მიირქვა უბიწო სული. შემდეგ კი ყველაფერი თვალთახედვის არედან გაქრა.

იქნებოდა ასე 6 საათი. მამა სერაპიონმა მთელი ის ღამე ლოცვებში გაატარა, გამთენიისას გამოეთხოვა წმინდანის ნეშტს, დაასვენა იგი მღვიმეში, მიაგორა შესასვლელთან ქვა და ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ მთიდან დაეშვა; ღმერთს ადიდებდა და წმინდა მარკოზს შესთხოვდა შინ მშვიდობით დაბრუნებას. მზის ჩასვლისას, როცა შეისვენა, უეცრად ისევ გამოეცხადნენ განდეგილები:

- ძმაო სერაპიონ, შენ დაკრძალე ადამიანი, რომლის ბადალიც არ ყოფილა დედამიწაზე. ეს ცოდვილი ქვეყანა დღეს კვლავ თუ არსებობს, სწორედ მის მსგავს ადამიანთა ლოცვითა და ღვთისადმი მათი ერთგულებით არსებობს... ახლა მოგვყევი და ჩვენ გაგიყვანთ სამშვიდობოს. ასე, ღამით ვიაროთ, რომ სიცხემ ამ დაგჯაბნოს.

და გაჰყვა მათ მამა სერაპიონი. ასე იარეს დილამდე. დილით კი განდეგილებმა უთხრეს:

- ახლა კი იარე მშვიდობით, ძმაო სერაპიონ და მადლობა შესწირე ღმერთს.

თვითონ კვლავ გაუჩინარდნენ. ცოტა რომ გასცდა იმ ადგილს მამა სერაპიონი წმიდა იოანეს მონასტერთან აღმოჩნდა. გაახსენდა წმინდანის ნათქვამი: უკან დაბრუნება უჩვეულო გზით მოგიხდებაო; კვლავ ხმამაღლა ადიდა ღმერთი; მიხვდა წმინდანის ლოცვით ანგელოზებმა რომ მოიყვანეს ასე მალე აქამდე და მმადლობდა ღმერთს, რომელმაც ასე კეთილად მოაწყო ყველაფერი. ამასობაში მონასტრიდან აბბა იოანე შემოეგება სიტყვებით:

- ღვთის წყალობით დაგვიბრუნდი შინ მშვიდობით ძმაო, სერაპიონ?!

მამა სერაპიონი ემთხვია ხუცესს და ორივენი ტაძარში შევიდნენ.

დიდხანს უამბობდა მამა სერაპიონი მონასტრის საძმოს ყოველივეს. რომ დაასრულა, ყველამ ერთად ადიდა ღმერთი.

მამა იოანემ კი თქვა:

- აი, ვინ იყო ჭეშმარიტად სრულყოფილი ქრისტიანი! ჩვენ კი მხოლოდ ვიწოდებით ქრისტიანებად, რადგან საქმით ძალიან შორსა ვართ ამისგან. მაგრამ კაცთმოყვარე და მოწყალე ღმერთი, რომელმაც განუსვენა თავისთან წმიდა მარკოზს, ჩვენც, თავის წმიდა და სამოციქულო ეკლესიასაც დაგვიფარავს ეშმაკისგანა; დაე, მუდამ იყოს იგი ჩვენთან, იყოს მის მორჩილ მონებთან და გვიწინამძღვროს თავისი წმინდა ნების გასატარებლად, რათა ჩვენც შევძლოთ წმინდანთა კვალდაკვალ სიარული და სასუფეველში განსვენება. ამინ!

თარგმნა  ლ. ჯიქიამ

წმიდა მოწამენი - სუქია და მის თანა 16 ქართველი: ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონ, იორდანე, კონდრატე, ლუკიანე, მიმნენოს, ნერანგიოს, პოლიევქტოს, იაკობ, ფოკა, დომანტიანე, ბიქტორ და ზოსიმე (100-130);

წმიდა მოწამენი - სუქია, ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონ, იორდანე, კონდრატე, ლუკიანე, მიმნენოს, ნერანგიოს, პოლიევქტოს, იაკობ, ფოკა, დომანტიანე, ბიქტორ და ზოსიმესი - ქართველი დიდებულები იყვნენ. ისინი ალბანეთის მთავრის კარზე მსახურობდნენ და შესაბამისი პატივიც ჰქონდათ მთავრისაგან.

სომეხთა მეფის, არტაქსარის მეფობის დროს (88-123 წწ.) წმიდანები არტაშტში, სომხეთის მაშინდელ დედაქალაქში მოხვდნენ. ისინი ახლდნენ ალბანეთის მთავრის ასულ სათენეკს, რომელიც სომეხთა მეფეს გაჰყვა ცოლად. აქ ქადაგებდა წმიდა თადეოზ მოციქულის მოწაფე და ხელდასხმული ხუცესი ხრისოსი. ქართველი დიდებულები დაემოწაფნენ მას და გადაწყვიტეს უფლის სამსახურისთვის გადაედოთ თავი. ხრისოსმა ახალმოქცეულები მესოპოტამიაში წაიყვანა და ევფრატის წყალში მონათლა. ნათლისღებისას მათ იხილეს ბორცვზე მდგარი ქრისტე. ახალნათელღებული ქრისტიანები აღარ განეშორებოდნენ იმ ადგილს, სადაც ნათელიღეს, მაცხოვრის გამოცხადების ადგილას ჯვარი აღმართეს და მას ჯვარი ხარებისა უწოდეს.

ამის შემდეგ ხრისოსთან არტაქსარ მეფის გამოგზავნილი კაცები მივიდნენ და სთხოვეს, თავისი მოწაფეებისთვის ებრძანებინა სომხეთში დაბრუნება. ხრისოსმა უპასუხა: „ნებისაებრ თვისისა აღირჩიონ მათ სარგებელი თვისი“. მოძღვრის სიმტკიცით განრიხსებულმა ბარბაროსებმა ხრისოსი და ოთხი მოწაფე მახვილით მოსწყვიდეს, სუქიასთვის კი ხელი არ უხლიათ, რადგან ეშინოდათ დედოფლისა, რომელსაც წმიდანი ნათესავად ეკუთვნოდა.

სუქიამ და მისმა თანამოძმეებმა დაფლეს სიმართლისათვის ვნებულნი, თვითონ კი „დაადგრეს სამხოლოსა მათსა ანგელოსებრივითა ცხოვრებითა“.

ხრისოსის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ საძმოს სულიერი მოძღვარი წმიდა სუქია გახდა. მალე ისინი გადავიდნენ სუკაკეთის მთაზე, რომელის სოფელ ბაგდევანის ახლოს მდებარეობდა. ყოფილი დიდებულები მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდნენ. მათი საჭმელი იყო მთის ბალახი, სასმელი კი - ცივი წყაროს წყალი. გამუდმებით ღია ცის ქვეშ ცხოვრებამ მოღვაწეთა კანი გამომწვარ თიხას დაამსგავსა, სხეულს კი თმა მოედო, რომელიც მათ ყოვლგვარ სნეულებისაგან იცავდა.

წარმართული ალბანეთის ახალმა მთავარმა დატიანოსმა შეიტყო, რომ მისმა ქვეშევრდომმა დიდებულებმა ნათელიღეს და განმარტოებით ცხოვრობდნენ. მან თავის კარისკაცს ბარლაპას უბრძანა, სპითურთ წასულიყო სუკაკეთს და პატივით მოეყვანა სუქია და მისი თანმხლებნი, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი მახვილით მოეწყვიტა ბერები.

ბარლაპამ სუკაკეთის ტყეში მოიძია მამაკაცები, რომლებიც სრულიად აღარ ჰგავდნენ დიდებულებს. მან მეფის ბრძანება გადასცა სუქიას, პასუხად კი წმიდანმა მიუგო: „ჩემი სახელისათვის უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესისა, რომელ არს შემოქმედი და უფალი ყოველთა მყოფთა, ნებსით მკუდარ ვიქმნენით და დავიწყებულ ხორციელად და რად სადამე სახმარ მკვდართა პატივი მთავრობითი, რომელნიცა ქრისტეს ჩვენისაგან მისთანა უკუდავსა და უბერებელსა, წარუდგინებელსა და სამარადისოსა მოველით დიდებასა ანგელოსთა თანა წმიდათა“.

წმიდანთა სიმტკიცით განრიხსებულმა ბარლაპამ ბრძანა, შეეკრათ ძმები და ცეცხლი შემოენთოთ. წმიდანები 21-ე ფსალმუნს გალობდნენ: „შენ, უფალო, ნუ განმაშორებ შეწევნასა შენსა ჩემგან და ხელის აღპყრობად ჩემდა მომხედენ. იხსენ მახვილისაგან სული ჩემი და ხელთაგან ძაღლთაისა მხოლოდშობილება ჩემი, უთხრა სახელი შენი ძმათა და შორის ეკლესიისა გიგალობდე შენ“.

ცეცხლმოკიდებული წმიდა მოწამენი ბარლაპას ბრძანებით მახვილით აკუწეს, მათი დანახშირებული ნაწილები კი მიმოაბნიეს.

ეს მოხდა 123 წელს (სხვა გადმოცემით - 130 წელს, ათონის ივერთა მონასტრის XI საუკუნის პერგამენტის მიხედვით - 100 წელს). უღმრთო მთავარმა წმიდანთა ნაწილების დაფლვა აკრძალა. ღვთის განგებულებამ 230 წლის განმავლობაში დაუმარხავი წმიდა ნაწილები უხრწნელად დაიცვა. IV საუკუნეში ქრისტიანებმა შეაგროვეს ისინი, ლუსკუმაში ჩაასვენეს და დაფლეს (წმიდანთა სახელები კლდეზე აღმოჩნდა ამოკაწრული).

წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლმა, სომეხთა განმანათლებელმა (+335; ხს. 30 სექტემბერს), წმიდა სუქიასა და მისი ძმების წამების ადგილზე ააგო ეკლესია და დააარსა მონასტერი. შემდეგომ ამ ადგილას მაკურნებელმა წყალმა ამოხეთქა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / წმიდა მარკოზ თრაკიელი