წმიდა მარტინე მოწყალე, ტურელი ეპისკოპოსი (დაახ. 400)

 

წმიდა მარტინე მოწყალე, ტურელი ეპისკოპოსი პანონიის ქალაქ საბერიაში დაიბადა. ახოვანი მოსაგრე ბერად აღკვეცამდე მხედართუფროსად მსახურობდა იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363 წწ.) ლაშქარში. როცა იმპერიას ბარბაროსები დაესხნენ თავს, იგი თავისი რაზმით ქალაქიდან გავიდა მათთან საბრძოლველად; გზად გლახაკს გადაეყარა, შეებრალა და საკუთარი სამოსელი უბოძა. ღამით მარტინეს უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა და მტერზე გამარჯვება აღუთქვა. იმპარატორი ზეიმით შეხვდა გამარჯვებულს და შესთავაზა, სამადლობელი მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. მარტინემ კი მიუგო: მე მსურს მსხვერპლი შევწირო ქრისტეს, ვისი მეოხებითაც გავიმარჯვე, და ბერად შევდგეო. უსჯულო თვითმპყრობელი მას წინ არ აღდგომია. წმიდა მამა მძიმე მონაზვნურ ღვაწლს შეუდგა და რამდენიმე წლის შემდეგ პუატიესგან 8 ვერსის დაშორებით დააარსა ლიგუჟეს სავანე, რომელიც მალე საფრანგეთის ბერ-მონაზვნობის კერა გახდა. წმიდა ცხოვრებისათვის მატინე საკუთარი ნების წინააღმდეგ ტურის (საფრანგეთშია) ეპისკოპოსად აკურთხეს. ნეტარი მღვდელმთავარი სიმდაბლის, მოთმინებისა და სიმშვიდის მაგალითს აძლევდა ყველას. მან ერთი მივარდნილი და უკაცრიელი ადგილი აირჩია სამოღვაწეოდ და აქ დააარსა სავანე (შემდგომში სახელგანთქმული მამურტიეს მონასტერი). წმიდა მარტინე წარმართების ქრისტიანობაზე მოსაქცევად ზრუნავდა. იგი მიმოდიოდა მეზობელ ქვეყნებში, ქადაგებდა მართლმადიდებლობას და თავის სწავლებას სასწაულებით განამტკიცებდა. ყოველივე ამასთან ერთად ნეტარი მამა საოცრად გულმოწყალეც იყო. გამორჩეული სიყვარულისა და ქველმოქმედებისათვის უწოდეს მას „მოწყალე“. საკვირველთქმედებისა და წინასწარმეტყველების ნიჭმომადლებული მღვდელმთავარი მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 400 წელს, 80 წლის ასაკში. საკუთარი მიცვალების დღე მან წინასწარ განჭვრიტა. ღირსი მამის ნაწილებიდან მრავალი სასწაული აღესრულა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტ. IV, თბილისი, 2001 წ.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / წმიდა მარტინე მოწყალე, ტურელი ეპისკოპოსი