წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელად უფლის ძმა (+ დაახ. 63)

 

წმიდა იაკობი, 70-თაგან უფლის მოციქული, იყო ძე მართალი იოსებისა, ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის დამწინდველისა. იგი უნდა განვასხვავოთ 12-თაგან წმიდა მოციქულების - იაკობ, ზებედეს ძისაგან, რომელიც იოანე ღვთისმეტყველის ძმა იყო და იაკობ, ალფეს ძისაგან, რომელიც მათე მახარებლის ძმა იყო. იაკობი იყო წმიდა მოციქულ იუდას (თადეოზის) ძმა, რომელიც ასევე განეკუთვნება 12 წმიდა მოციქულის რიცხვს, და იოასიას, 70-თაგან წმიდა მოციქულის ძმა.

სიჭაბუკიდანვე შეიყვარა იაკობმა მკაცრი, კეთილმსახური ცხოვრება: არასდროს ჭამდა ხორცს, კარაქს, არ სვამდა ღვინოსა და თაფლუჭს; მისი ძირითადი საზრდო პური იყო, სასმელი კი წყალი. გარდა ამისა, არც აბანოში დადიოდა და არც თმა-წვერს იკვეცდა. ტანთ ყოველთვის ძველმანი ძაძები ემოსა და მთელ დროს ლოცვა-ვედრებასა და ღვთის სათნო საქმეების აღსრულებას ანდომებდა. ღამითაც სულ მცირე ხნით თუ მიიძინებდა, მთელ დანარჩენ დროს მხურვალედ ილოცვიდა ღვთის წინაშე. თავისი წმიდა ცხოვრებისათვის იგი მართლ მორწმუნედ იწოდა და მღვდელთმსახურთაგან იერუსალიმის ტაძრის საკურთხეველში შესვლის უფლებაც კი ჰქონდა მიღებული! ხშირი მუხლმოყრისაგან და თაყვანისცემისაგან მუხლისთავები ერთიანად გაუხეშებოდა. გარდა ამისა, იგი უქორწინებელიც იყო, თავი მთლიანად ღმერთის მსახურებისათვის მიეძღვნა და თავისი ქალწულება ამქვეყნიური ცხოვრების ბოლომდე შეინარჩუნა. შობიდანვე იგი ნაზორეველი, ანუ ღმერთისადმი მიძღვნილი იყო თავის მშობელთაგან.

მასზედ, თუ რატომ იწოდა იგი ძმად უფლისა, არსებობს შემდეგი გადმოცემა: როცა იაკობის მამას - მართალ იოსებს მამულის დანაწილება სურდა თავისი შვილებისათვის პირველი ცოლისაგან, მას უნდოდა ყრმა იესოსათვისაც მიეცა წილი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისაგან უბიწოდ შობილისათვის; იოსების ყველა სხვა შვილი წინ აღუდგა ამ განზრახვას და მხოლოდ იაკობმა ჩაიზიარა იესო, იმხანად ჯერეც სრულიად ყრმა, თავისი წილხვედრი მიწის მფლობელობაში და ამის გამო იწოდა კიდეც შემდგომში ხორციელად უფლის ძმად. ეს სახელწოდება წმიდა იაკობს შემდეგი შემთხვევის გამოც მიეცა: როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ხორციელ-იქმნა და უბიწოდ იშვა ქალწულ მარიამისგან და ჰეროდე მეფის მზაკვრობის გამო მისი ოჯახი იძულებული გახდა ეგვიპტეში გაქცეულიყო ყრმა იესოითურთ, მაშინ ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს, თავის მშობელ მამას, იაკობიც ახლდა თან...

როცა იესო ქრისტემ 30 წლის ასაკს მიაღწია და თავისი მხსნელი საზოგადო მსახურება იწყო ამქვეყნად, ასწავლიდა რა ისრაელ ერს ცათა სასუფეველს და განუცხადებდა რა მას თავს ჭეშმარიტ აღთქმულ მესიად, მაშინ წმიდა იაკობმაც მთელის გულით ირწმუნა იგი, მარადის ისმენდა უფლის მაცხოვნებელ ქადაგებას და კიდევ უფრო მეტის სიყვარულით აღენთებოდა ღმრთისადმი, და წმიდა ცხოვრებასაც მეტის სიმკაცრითა და კეთილმსახურებით განაგრძობდა. ამის გამო უფალმაც განსაკუთრებით შეიყვარა წმიდა იაკობი. ამას ისიც ადასტურებს, რომ თავისი ნებაყოფლობითი ვნებისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უფალი ჩვენი იესო ქრისტე სხვათაგან გამორჩეულად და საგანგებოდ სწორედ ხორციელ თავის ძმას - იაკობს გამოეცხადა, როგორც ამას წმიდა პავლე მოციქული გვიმოწმებს: „და მერმე ეჩვენა უმრავლესს ხუთასისა ძმათა ერთ-გზის, რომელთაგანი უმრავლესნი ცოცხალ არიან აქამომდე და რომელთამე შეისვენეს; მერმე ეჩვენა იაკობს და მერმე მოციქულთა ყოველთა...“ (1 კორ. 15, 6-7). საეკლესიო გადმოცემით, წმიდა იაკობი ქრისტეს ვნებისა და დაფლვის განმავლობაში იოსაფატის ღელის ერთ მღვიმეში იყო განმარტოებული და აღთქმაც ჰქონდა დადებული, მანამდე არ მიეღო საზრდო, სანამ უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით არ აღდგებოდა და ღირს-არ-ჰყოფდა მას თავისი გამოცხადებისა. ამიტომაც შემდგომში, ქრისტიანობის გავრცელების პირველ საუკუნეებში, ეს მღვემე ტაძრად აქციეს, და  მას ახლაც უჩვენებენ კეთილმსახურ მომლოცველებს.

ყველანი ხედავდნენ წმიდა იაკობის ასეთ კეთილმსახურ და ღვთის სათნო ცხოვრებას და ამის გამო, როგორც ითქვა, მართალი მორწმუნეც უწოდეს. ხოლო უფალმა იგი სხვა მრავალთაგან გამოარჩია და თავის 70 წმიდა მოციქულთა შორის შერაცხა (1). სწორედ იაკობს ჩააბარეს სამწყსოდ იერუსალიმის ახლადმოქცეული ეკლესია. ძველი საეკლესიო მწერლების - კლიმენტი ალექსანდრიელის, ევსევი კესარიელისა და სხვათა მოწმობით, მაცხოვრის ზეცად ამაღლების შემდგომ თორმეტი მოციქულის ერთობლივი გადაწყვეტილებით იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსად სწორედ იაკობი, ხორციელად უფლის ძმა აირჩიეს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ უფრო მეტად იყვნენ გამორჩეულნი თვით უფლისაგან და სხვებზე აღმატებულადაც დადგინებულნი. ამ დროს იაკობი 37 წლისა იყო.

სულიწმიდის კარნახითა და ხელმძღვანელობით წმიდა იაკობმა პირველმა შეადგინა და დაწერა საღმრთო ლიტურგიის აღსრულების წესი - ჟამისწირვა, რომელიც შემდგომში, კაცობრივი უძლურების გათვალისწინებით, შეამცირეს - ჯერ ბასილი დიდმა, შემდეგ კი - იოანე ოქროპირმა. იაკობის წირვა კი დღეს მხოლოდ იერუსალიმის ეკლესიაში აღესრულება და ისიც წელიწადში ერთხელ - თვით იაკობის, ხორციელად უფლის ძმის, ხსენების დღეს, 23 ოქტომბერს.

წმიდა იაკობი სიბრძნით განაგებდა იერუსალიმში ქრისტეს სამწყსოს და თავისი ქადაგებით მრავალი იუდეველი და ელლინი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და ხსნის გზაზე დააყენა. მასვე ეკუთვნის ახალი აღთქმის ერთ-ერთი წიგნიც - საზოგადო ეპისტოლე ისრაელის 12 ტომისადმი - ჭეშმარიტად ღმრთივსულიერი და დიდად სასარგებლო სწავლების ეს წყარო, რომლითაც ქრისტეს მთელი ეკლესიაა შემკული და რომლითაც ჩვენ ყველანი სწავლობთ რწმენასა და კეთილ საქმეთა აღსრულებას.

ეს ეპისტოლე იაკობმა დაახლოებით 59 წელს დაწერა ქრისტეს შობიდან, იერუსალიმიდან განდევნილ ქრისტიან ებრაელთა მიმართ, რომელნიც გაბნეულნი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნებში. იაკობის ეპისტოლე მართლმადიდებელ ეკლესიაში მთლიანად იკითხება არა მხოლოდ როგორც სამოციქულო საკითხავი საღმრთო ლიტურგიის აღსრულების დროს, არამედ სხვა ლოცვათა ჟამსაც (მაგალითად, ზეთის კურთხევის დროს, გვალვის გამო პარაკლისის აღსრულებისას და თვით ღამისთევის ლოცვების დროსაც, როგორც პარემია).

წმიდა იაკობისადმი - ხორციელად უფლის ძმისა და იერუსალიმის პირველის ეპისკოპოსისადმი - ყველას დიდი პატივისცემა და მოწიწება ჰქონდა, არამხოლოდ მორწმუნე ქრისტიანებს, არამედ თვით ურწმუნოთაც კი! ასეთი გამორჩეული დამოკიდებულება მისადმი განსაკუთრებით მკაფიოდ გამომჟღავნდა მოციქულთა კრებაზე იერუსალიმში, დაახლოებით 50 წელს ქრისტეს შობიდან, როცა უნდა გადაეწყვიტათ ორი მნიშნველოვანი საკითხი: უნდა ეიძულებინათ თუ არა ქრისტიანობაზე მოქცეული წარმართები წინა-დაეცვითათ, და აუცილებელი იყო თუ არა მათთვის ძველი აღთქმის სჯულის სხვა საწეს-ჩვეულებო დადგინებათა ზემიწევნით აღსრულება. ამ კრებაზე თავმჯდომარეობდა სწორედ იაკობ მოციქული. პეტრეს, პავლესა და ბარნაბას გამოსვლების შემდეგ სწორედ წმიდა იაკობმა დაასრულა კრების მსჯელობა თავისი ღვთივსულიერი გამოსვლით და თქვა: „კაცნო ძმანო, ისმენეთ ჩემი! სვიმეონ (პეტრე) მიგითხრა, ვითარ-იგი ღმერთმან მოხედნა პირველად მიყვანებად წარმართთაგან ერი სახელისათვის მისისა. და მას შეეტყუებიან (ანუ შეესიტყვისება) სიტყვანი იგი წინასწარმეტყველთაგანი, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ამისა შემდგომად მოვაქციო და აღვაშენო კარავი იგი დავითისი, დაცემული, და დამხობილი იგი მისი აღვჰმართო და აღვაშენო, რაითა გამოიძიონ ნეშტთა კაცთა უფალი, და ყოველთა წარმართთა, რომელთა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი მათ ზედა, თქვა უფალმან, რომელმან ქმნა ესე ყოველი საცნაური საუკუნითგან. ამისათვის მე ესრეთ ვსჯი და ჯერ-მიჩნს, რომელი წარმართთაგანი მოქცეულ არიან ღმრთისა მიმართ, რაითა არა ვაუარვებდეთ მათ, არამედ მიწერად მათდა, რაითა განეყენენ იგინი ჭამად ნაზორევისაგან კერპთაისა და სიძვისაგან, დამშთვარისა და სისხლისა, და რაითა რავდენი მათ არა უნებს, რაიმცა ეყო, იგინი სხვასა ნუ უყოფენ“ (საქმე მოციქულთა 15, 13-20). მისი ეს ნათქვამი მოციქულთა კრებამ სულიწმიდის ნების გამოხატულებად აღიარა და ერთხმად მიიღო. იმავე ხანებში პავლე მოციქულმა თავისი სწავლების სიწმიდის შესამოწმებლად წმიდა მოციქულებს პეტრეს, იოანესა და იაკობს, ხორციელად უფლის ძმას, მიმართა, რომელთაც ქრისტეს ეკლესიის ბურჯად თვლიდა, ხოლო მათ შორისაც პირველობას სწორედ იაკობს აკუთვნებდა (იხ. გალატ. 2, 8-10). შემდეგშიც, როცა იერუსალიმს ჩავიდა თავის პირველ პყრობილებამდე, პავლემ უპირველეს მოვალეობად ჩათვალა იაკობთან მისულიყო წინამძღვართან, რათა ჯეროვანი პატივი მიეგო მისთვის და ეუწყებინა ის, რაც ღმერთმა აღარსულა მისი მსახურებით წარმართთა შორის (საქმე 21, 18-19).

ასეთი სიწმიდისათვის იაკობი იუდეველთაგან იწოდა სახელით „ობლი“, რაც ნიშნავს „კაცთათვის დადგენილ ზღუდეს“, ანდა მას ხმობენ უკეთილმსახურესად ყოველთა შორის, რადგან პირველმღვდელმთავარნიც კი არ უშლიდნენ ხელს იერუსალიმის ტაძრის საკურთხეველში შესულიყო. მთელ ერს უყვარდა წმიდა იაკობი და იუდეველთა მრავალმა უხუცესმა სწორედ მისი ქადაგებით ირწმუნა იესო აღთქმულ მესიად - ქრისტედ და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოიქცა. ყველანი დასტკბებოდნენ უფლის ამ დიდი სათნომყოფელის საუბრის მოსმენით.

იმ ხანებში იუდეველთა პირველმღვდელმთავარი ანანია გახდა, ნებედეს ძე, მიიღო რა მღდელმთავრობა თვით ჰეროდე აგრიპა II-გან. იგი ქრისტიანთა ჯიუტი მტერი იყო და საერთოდაც გამოირჩეოდა კადნიერი უტიფრობით, სისასტიკითა და უსამართლობით, რადგან განეკუთვნებოდა სადუკეველთა სექტას, რომელნიც უარყოფდნენ წმიდა გადმოცემას, ღვთის განგებულებას, სულიერობას, სულის უკვდავებას და ჩაფლულნი იყვნენ ქვეყნიურ ინტერესებში, ხორციელ სიამეებსა და მანკიერებებში. სწორედ ამ ანანიამ მისცა სიკვდილად იაკობ მოციქული და მანვე შეაპყრობინა შემდგომში პავლე მოციქულიც (იხ. საქმე 23, 2, 14-15). მაგრამ თავისი უმართლობისათვის თვითონაც სასტიკ საღმრთო სასჯელს ეწია: იმავე ჰეროდეს ბრძანებით მოაკლდა მღვდელმთავრობას და მოკლულ იქნა იუდეველთა აჯანყების დროს რომაელთა წინააღმდეგ... როცა ამ ანანიამ დაინახა, რომ მთელი ერი ყურადღებით უსმენს იაკობის ქადაგებას და მრავალნიც მათგან ქრისტეს რწმენად მიიქცევიან, იგი, ფარისევლებთან და მწიგნობრებთან ერთად, ბოროტი შურით აღივსო წმიდანისადმი და განრისხებულმა გადაწყვიტა მისი მოკვლა. და აი, ისინი შეითქვნენ იაკობ მოციქულის წინააღმდეგ და გადაწყვიტეს მოეთხოვათ მისგან ქრისტეს რწმენიდან ხალხის მიქცევა. მეტიც, ისინი აპირებდნენ თვით წმიდა იაკობი ეიძულებინათ, უარ-ეყო ქრისტე და სხვებიც ამისკენ მიედრიკა, და თუკი წმიდანი არ დათანხმდებოდა ამაზე, მაშინ მოეკლათ იგი როგორც მოსეს სჯულის უამყოფელი!.. ამასობაში ახლოვდებოდა ებრაელთა პასექის დღესასწაული, და იერუსალიმისაკენ ხალხის დიდი სიმრავლე მოედინებოდა. იმ დროისათვის უკვე აღსრულებულიყო იუდეის რომაელი მმართველი - პროკონსული ფესტუსი, რომელმაც ებრაელთაგან დასჯას გაარიდა მოციქული პავლე და რომს წარგზავნა განსასჯელად, მის ადგილზე კი ჯერ არ გამოეგზავნათ რომიდან შემცვლელი. ამ გარემოებით ისარგებლეს ფარისევლებმა და მწიგნრობრებმა, მივიდნენ ტაძარში და ასეთი თხოვნით მიმართეს იაკობ მოციქულს:

- გევედრებით, ჰოი, მართალო კაცო, დამოძღვრე ეს ჩვენი ხალხი, დაარწმუნე ისინი, რომ ცდებიან, როცა ღმერთის ძედ მიიჩნევენ იესოს! შეაგონე მათ, რომ უარყოს ეს თავიანთი ცრუ შეხედულება! ჩვენ ყველანი, დიდ პატივს გცემთ და გემორჩილებით, - ისევე, როგორც მთელი ერი. ჩვენ ყველანი მტკიცედ ვართ დარწმუნებულნი, რომ შენ ყოველივეს მხოლოდ ჭეშმარიტებას იტყვი. მაშ, დაარწმუნე ხალხი, რომ ნუღარ ცთუნდება ჯვარცმული იესოთი! გევედრებით შენ, დადექი ტაძრის მაღალ სახურავზე, რათა ყველამ დაგინახოს და მოგისმინოს, რამეთუ პასექის დღესასწაულზე დიდძალი ხალხი შეკრებილა.

ამის შემდეგ ფარისევლებმა და მწიგნობრებმა იერუსალიმის ტაძრის მაღალ სახურავზე აიყვანეს წმიდა იაკობი და ასე მიმართეს მას:

- ჰოი, მართალო კაცო! შენი ჩვენ ყველას უნდა გვჯეროდეს! ეს ხალხი კი, რომელიც ჯვარცმულ იესოს შეუდგა, ღრმად შემცდარია. ამიტომ გევედრებით, გვითხარი ჩვენ ჭეშმარიტება, თუ რას ფიქრობ შენ იესოს შესახებ!

ამაზე წმიდა იაკობმა მაღალის ხმით მიუგო:

- რად მეკითხებით მე შესახებ ძისა კაცისა და ძისა ღმრთისა, რომელმაც ნებაყოფლობით დაითმინა ვნება, ჯვარცმა, სიკვდილი, საფლავად დადება, და რომელიც მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით? აწ იგი ცათა შინა მჯდომარე არს მარჯვენით ღმრთისა და კვალად მომავალ არს განსჯად ცხოველთა და მკვდართა.

როცა მართალი კაცის ასეთი მოწმონა მოისმინა უფალ იესო ქრისტეზე, ხალხმა განიხარა და ხმამაღლა იწყო ღაღადი:

- დიდება ღმერთს! ოსანნა დავითის ძეს!

მაშინ ფარისეველებმა და მწიგნობრებმა ასე უთხრეს ერთურთს: „წინდაუხედავად მოვიქეცით ჩვენ, როცა საშუალება მივეცით იაკობს იესოზე ელაპარაკა, რამეთუ ამის ხალხი კიდევ უფრო აღელდა და შეშფოთდა!“

და, აი, გაბოროტებაში და მრისხანებაში განძვინებულმა, მათ ხელი ჰკრეს წმიდა იაკობ მოციქულს და ტაძრის სახურავიდან ძირს გადმოაგდეს, რათა ყველას შეშინებოდა და აღარ დაეჯერებინა წმიდანის სიტყვები.

- აი, მართალი კაციც შემცდარა! კეთილმსახურიც ცთუნებულა და სხვებსაც აცთუნებს! - გაჰვიროდნენ ისინი.

ტაძრის მაღალი სახურავიდან გადმოვარდნილი იაკობი ძლიერ დაიმტვრა, მაგრამ ჯერ ცოცხალი იყო. დიდი გაჭირვებით შესძლო მუხლის მოყრა და ასე მიმართა უფალს:

- უფალო იესო! შეუნდე ამათ ცოდვა ესე, რამეთუ არა უწყიან რასა იქმან!

ფარისევლები და მწიგნობრები ქვებს ესროდნენ წმიდანს და დიდად მოსწყლავდნენ მას. ამ დროს ვინმემ, რექაბის ტომიდან წამოიძახა:

- შეჩერდით, რას შვრებით?! ეს მართალი კაცი ჩვენთვის ლოცულობს, თქვენ კი ჰქოლავთ?!

მაგრამ ამავე დროს სხვა კაცი დიდი არგნით ხელში გააფრთებული მიეჭრა წმიდანს და ისეთი ძალით ჩასცხო თავში, რომ მოციქულის ტვინი მიწაზე გადმოიღვარა და იაკობმაც ამ ტანჯვაში მიაბარა უფალს თავისი ნეტარი სული (2).

მისი წმიდა სხეული იქვე დაკრძალეს, იერუსალიმის ტაძრის კედელთან, ამასთან, მართალი მორწმუნენი ცხარედ დასტიროდნენ თავიანთ მღვდელმთავრისა და მწყემსის სიკვდილს. წმიდა იაკობ მოციქული, ხორციელად უფლის ძმა, 30 წლის განმავლობაში იყო იერუსალიმის ეკლესიის ეპისკოპოსი და შობიდან 66 წლისა ევნო ქრისტესთვის, რომელსა შვენის პატივი და დიდება თანა-მამით და სულიწმიდითურთ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

„უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოციქულთა ცხოვრება“, თბილისი, 2004 წ.

 

(1) აღსანიშნავია, რომ უფლის 12 მოციქულთა შორის შერაცხულ იქნა არა მის ხორციელად ძმად წოდებული და მის მიერ განსაკუთრებულად ყვარებული და გამორჩეული იაკობი - იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი, ჟამის წირვის პირველი შემქმნელი, საზოგადო ეპისტოლეს - ახალი აღთქმის ერთ-ერთი წიგნის დამწერი და ყველასაგან იმდენად გამორჩეული, რომ თვით იუდეველი მღვდელმთავრებიც კი მას ტაძრის წმიდათა წმიდაში შესვლისა და ლოცვის ნებას აძლევდნენ ყოველთვის, როცა კი ამას იაკობი მოისურვებდა (!), არამედ იუდა, იგივე თადეოზ მოციქული, ასევე იოსებ დამწინდველის შვილი, რომელიც თავიდან ღვთაებრივი ძმის უსიყვარულობისა და ურწმუნოებისათვის იწოდებოდა იაკობის ძმად, და არა - უფლის ძმად. ამით უფალი, თითქოსდა გვეუბნება, რომ ჩვენ კი არ ვირჩევთ მას, არამედ სწორედ ის - შემოქმედი ღმერთი გვანიჭებს ყოველივეს და სწორედ იგი გვაქცევს თავის რჩეულებად.

(2) III საუკუნის საეკლესიო მწერლის - ორიგენეს ცნობით, მართალი იაკობ მოციქულის სიკვდილმა ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იუდეველებზე, რომ ამის შემდეგ მომხდარი აჯანყება რომაელთა წინააღმდეგ და იერუსალიმის დაქცევა-გაჩანაგება მისი ტაძრითურთ ხალხის მიერ აღქმულ იქნა, როგორც საღმრთო სასჯელი წმიდა კაცის მოკვლისთვის. IX საუკუნეში ნიკეის მთავარეპისკოპოსმა თეოფილე მგალობელმა, ნეტრმა გიორგი ნიკომიდიელმა და შემდგომში ბიზანტიოსმა მრავალი საგალობელი დაწერეს წმიდა მოციქულ იაკობის პატივად. მისი წმიდა ნაწილები ამჟამად რომშია დასვენებული 12 მოციქულის ტაძარში. ნაწილი მათგან მოსკოვშიცაა, სტარო-იერუსალიმის მონასტერში, სადაც ეს სიწმიდე ალექსანდრიის პატრიარქმა იეროთეოზმა გამოაგზავნა 1853 წელს.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / წმიდა მოციქული იაკობი