წმიდა მოწამე ბონიფანტე

 

წმიდა მოწამე ბონიფანტე მდიდარი და ახალგაზრდა რომაელი ქალის, აგლაიდას მონა იყო და ქალბატონთან სასიყვარულო კავშირიც ჰქონდა. შემდეგ აგლაიდა ქრისტიანობაზე მოექცა. მან ვერ შეძლო საყვარელთან კავშირის გაწყვეტა, მაგრამ ყოველნაირად ცდილობდა, ეს ცოდვა კეთილი საქმეებით გადაეფარა და ხშირად ეხმრებოდა გაჭირვებაში მყოფ ქრისტიანებს. ერთხელ მან გაიგო, რომ აღმოსაველთში ქრისტიანების სასტიკი დევნა დაიწყო. თავისთან მოიხმო ბონიფანტე და აღმოსავლეთში წასვლა და იქიდან რომელიმე მოწამის სხეულის ჩამოსვენება თხოვა.

აგლაიდა იმედოვნებდა, რომ ქრისტეს მოწამე შეეწეოდა მას ცოდვის დაძლევაში და უშუამდგომლებდა ღვთის წინაშე. ამის გაგონებაზე ბონიფანტემ სიცილით მიუგო: „ქალბატონო, თუ წმიდა ნაწილები ვერ ვიპოვე და თავად ვეწამე ქრისტესთვის, პატივით მიიღებ ჩემს სხეულს?“ აგლაიდა სერიოზულად მოეკიდა ნათქვამს და გაკიცხა იგი იმის გამო, რომ წმიდა საქმეზე გამგზავრების წინ თავს ლაზღანდარობის ნებას აძლევდა. ბონიფანტეც დააფიქრა მისმა ნათქვამმა.

კილიკიაში, ქალაქ ტარსუში ჩასულმა ბონიფანტემ თანამგზავრები სასტუმროში დატოვა, თავად კი ქალაქის მოედანს მიაშურა, სადაც ქრისტიანებს აწამებდნენ. ნეტარმა საკუთარი თვალებით იხილა უფლის რჩეულთა სასტიკი ტანჯვა და ღვთის მადლით გაბრწყინებული მათი სახეები. თანაგრძნობით აღსავსე ბონიფანტე მოწაფეებს ევედრებოდა, ელოცათ, რომ ისიც ამგვარივე ხვედრის ღირსი გამხდარიყო. მაშინ მსაჯულმა ბონიფანტეს ვინაობა ჰკითხა: „მე ქრისტიანი ვარ!“ - გაბედულად უპასუხა ნეტარმა, შემდეგ კი კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა. ამისთვის მას იქვე დაუწყეს წამება: ისე გვემდნენ, რომ ხორცი ნაფლეთებად სცვიოდა და ძვლები უშიშვლდებოდა, ფრჩხილებქვეშ ნემსებით ჩხვლეტდნენ, ბოლო გამღვალი კალაც ჩაასხეს ყელში, მაგრამ, ღვთის ნებით, უვნებლად გადარჩა. სამსჯავროს ირგვლივ შემოჯარული ხალხი აღშფოთებამ მოიცვა. მათ მსაჯულს ქვები დაუშინეს, შემდეგ კი წარმართული საკერპოსკენ გაიქცნენ კერპების შესამუსრავად.

მეორე დილით, როცა მღელვარება რამდენამდე ჩაცხრა, მსაჯულმა ბრძანა, წმიდა მოწამე ადუღებული ფისით სავსე ქვაბში ჩაეგდოთ, მაგრამ ნეტარს ამანაც ვერაფერი ავნო. მაშინ წმიდა ბონიფანტეს მახვილით თავის მოკვეთა მიუსაჯეს. ჭრილობიდან სისხლმა და რძემ გადმოხეთქა. ამ სასწაულის ხილვამ 550-მდე ადამიანი მოაქცია ქრისტიანობაზე.

ამასობაში წმიდა ბონიფანტეს თანამგზავრებმა, რომლებიც ორი დღე ამაოდ ელოდნენ სასტუმროში ნეტარის დაბრუნებას, მისი ძებნა დაიწყეს - ფიქრობდნენ, რომ იგი ქარაფშუტულ დროსტარებას მიეცა. თავდაპირველად მათი ძიება უნაყოფო იყო, მაგრამ ბოლოს წმიდანის მოწამეობრივი აღსასრულის თვითმხილველს გადაეყარნენ. ეს უკანასკნელი მათ იმ ადგილამდე მიუძღვა, სადაც ჯერ კიდევ ესვენა ბონიფანტეს თავმოკვეთილი სხეული. მოწამის თანამგზავრები დიდხანს ცრემლებით ითხოვდნენ მისგან შენდობას უკადრისი აზრებისათვის, შემდეგ კი გამოისყიდეს მისი წმიდა ნეშტი და რომში ჩამოასვენეს.

მათი ჩამოსვლის წინა დღეს აგლაიდას ძილში ანგელოზი გამოეცხადა და უბრძანა, მისი ყოფილი მონის, ამჟამად კი - ბატონის, მფარველის და ანგელოზთა თანამოდასის დასახვედრად გამზადებულიყო. წმიდა დედამ მღვდელმსახურებს მოუწოდა, პატივით მიეღოთ წმიდა ნაწილები, შემდეგ კი მოწამის სახელობის ტაძარი ააგო და სიწმიდე შიგ დააბრძანა. წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა. აგლაიდამ მთელი ქონება გლახაკებს განუყო, თავად კი მონასტერს მიაშურა, სადაც სინანულში გალია თვრამეტი წელი და სიცოცხლეშივე არაწმიდა სულების განსხმის ნიჭი მოიგო. წმიდა დედა ნეტარი ბონიფანტეს საფლავის მახლობლად დაკრძალეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2001 წ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / წმიდა მოწამე ბონიფანტე