წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი, რომელ იყო წინაშე ჯვრისა უფლისა (I)

 

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი იუდეაში მსახურობდა და პროკურატორ პონტოელ პილატეს ხელქვეითი იყო. მაცხოვრის ჯვარცმის დროს რაზმი, რომელსაც რომაელი მეომარი ლონგინოზი ხელმძღვანელობდა, გოლგოთის ირგვლივ, თვით ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა საგუშაგოზე. მან თავის მეომრებთან ერთად უფლის მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი წამები და მიცვალების შემდეგ აღსრულებული შესაძრწუნებელაი სასწაულები. ამ მოვლენებმა შეძრა მეომრის სული. მან ირწმუნა ქრისტე და სახალხოდ აღიარა, რომ „ჭეშმარიტად ძე ღმრთისაი იყო ესე“ (მთ. 27, 54) (საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, ლონგინოზი ის მხედარი იყო, რომელმაც გვერდში ლახვარი უგმირა მაცხოვარს და ჭრილობიდან გარდამომხდარი სისხლითა და წყლით სნეულ თვალთა კურნება მიემადლა).

მაცხოვრის დაკრძალვის შემდეგ ლონგინოზი თავისი რაზმით უფლის საფლავს იცავდა. აქ ისინი, ღვთის ნებით, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის მოწმეები გახდნენ. იუდეველებმა სცადეს, მცველები მოსყიდვით ეიძულებინათ, რომ ემტკიცებინათ, ქრისტეს ცხედარი მისმა მოწაფეებმა მოიპარესო, მაგრამ ლონგინოზი და ორი მისი თანამებრძოლი უღმრთოების ოქროს არ დახარბდნენ. მეომრები მოციუქულთა ხელით მოინათლნენ და სამსახური დატოვეს. ლონგინოზმა თავის სამშობლოს, კაბადოკიას მიაშურა სახარების ქადაგებით. უფლის რჩეული მხედრებიც მას თან გაჰყვნენ. იუდეაში მომხდარი დიდი მოვლენების უშუალო მოწმეების მხურვალე ქადაგებამ შეძრა კაბადოკიელები. ქალაქსა და მიმდებარე სოფლებში ქრისტიანობა საოცარი სისწრაფით ვრცელდებოდა. ეს რომ შეიტყვეს, იუდეველმა უხუცესებმა პილატე დაარწმუნეს, ლონგინოზისა და მისი თანამოსაგრეების დასახოცად მეომართა რაზმი გაეგზავნა. ყოფილი ასისთავი თავად გამოეგება მხედრებს და შინ იწვია. ტრაპაზის დროს სტუმრებმა, რომლებმაც არ იცოდნენ, ვის სახლში იმყოფებოდნენ, ჩამოსვლის მიზანი განაცხადეს. ლონგინოზმა და მისმა თანამებრძოლებმა არ დამალეს თავიანთი ვინაობა და გაოცებულ მეომრებს სთხოვეს, ძრწოლის გარეშე, მორჩილებით შეესრულებინათ დავალება. მხედრებს სურდათ, გაეთავისუფლებინათ წმიდანები და ურჩევდნენ, გაქცეულიყვნენ, მაგრამ ქრისტესთვის წამების სურვილით ანთებულმა უფლის რჩეულებმა უარი განაცხადეს. მაშინ წმიდა მოწამეებს თავები მოკვეთეს. მარტვილთა ცხედრები დაკრძალეს იქ, სადაც თავად ითხოვეს, მოჭრილი თავები კი პილატეს გაუგზავნეს. უსჯულო თვითმპყრობლის ბრძანებით ისინი ქალაქის გალავანს გარეთ, ნაგავსაყრელში მოისროლეს. რამდენიმე ხნის შემდეგ იერუსალიმში ერთი ბრმა ქალი ჩავიდა სიწმიდეთა თაყვანსაცემად. მას ძილში ლონგინოზ ასისთავი გამოეცხადა და უბრძანა, მისი თავი მოეძებნა და დაეკრძალა. უსინათლო სანაგვესთან მიიყვანეს. როცა იგი სიწმიდეს შეეხო, თვალები აეხილა. ღვთისადმი მადლიერების გრძნობით აღვსილმა კეთილმსახურმა დედაკაცმა პატიოსანი თავი კრძლვით წაასვენა კაბადოკიაში და მიწას მიაბარა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტ. IV, თბილისი, 2001 წ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი, რომელ იყო წინაშე ჯვრისა უფლისა