წმიდა მოწამე მირდატ მეფე

 

წმიდა მოწამე მირდატ მეფე იყო ქართლის მეფე ვარაზ-ბაკურის შვილი. ის ბაბუამ, დედის მამამ, თრდატ მეფემ აღზარდა. მოწრმუნე, ბრძენი და გონიერი პაპა ღვთისა და ერის სიყვარულს ასწავლიდა მომავალ მეფეს. მირდატიც გამოირჩეოდა სამეფო თვისებებით, ახოვანება, სიმხნე და უშიშრობა ბავშვობიდანვე დაჰყვა უფლისწულს. მას არც სიქველე და გონიერება აკლდა. ჭარბმა ენერგიამ საკუთარ ძალასა და ვაჟკაცობაზე მინდობილ მეფეს ქართლის სამეფოს სრული განთავისუფლება და გაძლიერება გადააწყვეტინა - „მტერ ექმნა ბერძენთა და სპარსთა“. „ბერძენთაგან ეძიებდა კლარჯეთსა, საზღვართა ქართლისასა“, სპარსელებს კი ხარკის მიცემა შეუწყვიტა.

სპარსთა მეფემ ძლიერი სპა გამოგზავნა ქართველთა მეფის დასასჯელად. მირდატმა „არა ჰრიდა სიმრავლესა სპარსთასა“, მცირედი ჯარით მიეგება გარდაბანთან და ფიცხელი ომი გაუმართა მომხდურთ. დამარცხდა ქართველთა შიშველი შემართება უსჯულოთა სიმრავლის წინაშე, სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს ქედმოუხრელი მეფე და ბაღდადს წაიყვანეს ხალიფასთან. სჯულის გამოცვლა მოსთხოვეს ქართველ გვირგვინოსანს, მაგრამ ვერ გატეხეს ქრისტესთვის სიკვდილის მაძიებელი მეფის ნებისყოფა. ბორკილდადებული და ნატანჯი მეფე საპყრობილეში ჩააგდეს და იქვე აღესრულა 410 წელს.

სიცოცხლეში თავის ერზე უსაზღვროდ შეყვარებულმა მეფემ ვერ მოასწრო ეკლესია-მონასტრების აშენება, ქვეყნის გათავისუფლების შემდეგ აპირებდა, ალბათ, ერის სულიერი ცხოვრების წინ წამოწევას. საყვედურობს კიდეც ჟამთააღმწერელი: „არცა აღაშენა ეკლესიაი, არცა ჰმატა შენებულთაო“, მაგრამ ღმერთმა გაამჟღავნა მისი ქრისტესადმი უსაზღვრო სიყვარული და საკუთარი მოწამეობრივი აღსასრულით აგვიგო ტაძარი ზეცაში, საიდანაც ისევე მხურვალედ ლოცულობს ჩვენთვის, როგორც იბრძოდა მტერთა წინააღმდეგ.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / წმიდა მოწამე მირდატ მეფე