წმიდა მოწამე ქრისტეფორე გურული (XVI)

 

წმიდა მოწამე ქრისტეფორე გურულის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება. მისი სახელი საქართველოს საეკლესიო კალენდარში XVI საუკუნიდან შემოდის.

როგორც წესი წმიდა ეკლესია ყოველთვის სათუთად ინახავს მათ ხსოვნას, რომლებმაც თავიანთი წმიდა ცხოვრებით ან მოწამეობრივი სიკვდილით დაამტკიცეს ღვთის სიყვარული და ღმერთმაც ადიდა ისინი ზეციური ნიშნებითა და სხვადასხვა სასწაულებით. იწერება და ზეპირადაც გადმოიცემა მათი ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ, პირველ საუკუნეებში მათ საფლავებზე აღასრულებდნენ წირვა-ლოცვას. მათ სახელზე იგება ტაძრები ან ახლად აშენებულ ტაძრებში გადააქვთ მათ წმიდა ნაწილები, იწერება ხარები და შესაბამისი ლოცვები, მოსახსენიებლად დგინდება რომელიმე განსაკუთრებული, უმეტეს შემთხვევაში, მათი ამქვეყნიდან განსვლის, ანუ უფალთან წარდგომის დღე.

დამწუხაროდ, არიან ისეთი წმიდანებიც, რომელთა მხოლოდ სახელებია ცნობილი და დარჩენილია ხსენების დღე. ჟამთა სიავემ და ჩვენმა უდებებამ დავიწყების სიღრმეს მისცა მათი ცხოვრება.

საქართველოს სამოციქულო ეკლესია XVI ს-დან ყოველწლიურად 16(29) აგვისტოს იხსენიებს წმიდა ქრისტეფორე გურულს, რომლის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ საქართველოში მოღვაწეობდა და მოწამეობრივად აღესრულა ქრისტესთვის.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

ღირსი მამა ქრისტოდულე ფილოსოფოსი (XII)

ღირსი მამა ქრისტოდულე ფილოსოფოსი XII საუკუნის იმ წმიდა მამათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ეკლესიისა და ერის ისტორიაში.

ცნობილი საეკლესიო მწერლისა და ფილოსოფოსის, არსენ ვაჩეს ძის „დოგმატიკონში“ გვხვდება ერთი ანტიმაჰმადიანური საპოლემიკო თხზულება, რომელსაც ასეთი სათაური აქვს: „ხსენებაი სიტყვისგებისაი და სასჯელისაი სჯულისათვის ქრისტიანეთაისა და სარკინოზთა“. აქ მოთხრობილ ამბავს ავსებს იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“, რომელშიც გვაქვს ცნობები „მამისა ქრისტოდულე ოსად წოდებულისათვის“.

ამ ცნობების მიხედვით, მამა ქრისტოდულე იყო მონაზონი, წარჩინებულთაგან და კეთილშობილთა ძირთაგან აღმოსრული. ქრიტოდულე ფილოსოფოსიი ყოფილა, წმიდა წერილში ღრმად ჩახედული, არაბულ და სპარსულ ენებში განსწავლული და ყურანის მცოდნე.

 

როცა საქართველოში სპარსთა ხელმწიფე იამამე შემოიჭრა, თბილისში იგი უომრად შემოუშვეს, რისთვისაც უსჯულო მეფე მათ კეთილად მოექცა და „მრავალთა მიანიჭა საბოძვარნი“.

ერთხელ იამამემ შეკრიბა ქართველნი და სარკინოზნი. მათ შორის იყო ქართველი ბერი ქრისტოდულეც. მასა და სარკინოზებს შორის ამ კრებაზე პაექრობა გაიმართა. ბერს შეეკამათა ჯერ თვით იამამე ხელმწიფე, რომელიც ძლეულ იქნა, შემდეგ მას შეენაცვლა ვინმე მოგვი, ვარსკვლავთმრიცხველი. ისიც რომ ვერას გახდა, მოუწოდეს „კაცსა ვისმე მოძღუარსა და სიტყვის მეცნიერად საგონებელსა“, რომელიც თითქოს უფრო მომზადებული იყო საპაექროდ. კამათი წარმოებდა შემდეგი საკითხების ირგვლივ: აზრი და მნიშვნელობა ქრისტიანთა ბერმონაზვნობისა; იესო ქრისტეს ღვთაება და განხორციელება; არის თუ არა მუჰამედი ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი. ბერს თავისი არგუმენტები მოჰყავდა როგორც საღვთო წერილიდან, ისე ყურანიდან. მან სძლია მეტოქეებს, რომელნიც „შეკდიმებულ და სირცხვილეულ“ დარჩნენ.

მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) თავის „მიმოსვლაში“ აღწერს ათონის მთაზე მოგზაურობას, მოიხსენიებს იქ მოღვაწე მამებს და წერს: „...და იყო მუნ დაყუდებული ქართველი ანთიმოს ჯავახი, შორად მყოფი სენაკებსა, ესე არა გამოვიდოდის სენაკით ფრიადისა შიშვლოებისა და უპოვარებისა მისისათვის. და იყო სხუა ქართველი, გერმანე ატოცელი სამარლანაშვილი და კვალად ფცელი გერასიმე და იმერელი, საქარელი ხრისტოდულო და კვალად პატიოსანი და დაყუდებული კახი, საალავერდელო გრიგოლი, ფრიად პატიოსანი მონაზონებითა“.

სხვაგან ტიმოთე გაბაშვილი აღწერს პატმოსზე მოგზაურობას და ამბობს: „და იყო მთლივ გვამი წმიდისა ხრისტოდულოსი მუნ“.

სავარაუდოა, რომ საქართველოში მოღვაწე ბერი შემდგომ ათონს გაემგზავრა, ქართველთა მონასტერში და აღესრულა კუნძულ პატმოსზე.

„ქართველი წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / წმიდა მოწამე ქრისტეფორე გურული