წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელის ანდერძი

 

     ყოვლად სამღვდელო იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) 1890 წელს ავად გახდა. იგი შიშობდა, რომ ეს ავადმყოფობა გაძლიერდებოდა. ამისთვის მისმა მეუფებამ შეადგინა ანდერძი თავის ქონების და ფულების შესახებ, რომელიც მას დარჩებოდა გასვენების დროს. მოგვყავს ანდერძიც: `წმიდა ხატებიდან ორი, მაცხოვრის და ღვთისმშობლისა მოჭედილი ხატები ჩამოიკიდოს ჩემს სასაფლაოსთან გაუქრობელი კანდელით, რომელიც დღესაც ჰკიდია ამ ხატების წინ. ყველა სხვა ხატები და აგრეთვე რუსული და ქართული საეკლესიო ღვთის მსახურების წიგნები გაიგზავნოს გურიაში სოფელ ბახვის ეკლესიაში.

     ძვირფას პანაგიას, რომელიც მიბოძა მე ხელმწიფე იმპერატორმა და აგრეთვე ძვირფას არქიმანდრიტის ჯვარს ალმასებით მორთულს, რომელსაც მე ვხმარობდი ღვთისმსახურების დროს, ვსწირავ საკრებულოს ტაძრის სალაროს. მეორე პანაგია, რომელიც უფრო უკეთესი იქნება, მიერთვას პირველ მღვდელმთავარს, რომელიც დაესწრება ჩემი წესის აგებაზე და გარდა ამისა ფულითაც იქმნეს დასაჩუქრებული. მესამე პანაგია მიერთვას მეორე მღვდელმთავარს, თუ მეორეც დაესწროს და მასთან შრომისათვის ფულებიც მიეცეს. თუ მეორე ეპისკოპოსი არ დაესწროს, მაშინ ეს პანაგია გადაეცეს იმავე ქუთაისის სობოროს. თუ ჩემს შემდეგ დარჩეს ხეირიანი ახალი ანაფორები და კაბები, ესეები მიერთვას წესის აგებაზე დამსწრე არქიმანდრიტებს, დეკანოზებს და არქიდიაკვნებს და აგრეთვე იგინი დაჯილდოებული იქმნან ფულითაც. უფრო ნაკლები ტანთ-საცმელი, საცვლები, სტოლის საფრები, ქვეშ საგებელი დაურიგდეს არქიერის გორაზე მცხოვრებ და სხვა ღარიბებს, ხეირიანი ნოხები - გელათის ტაძარს, ხოლო ძალიან ძველები ქალაქის ღარიბებს. მათვე დაურიგდეს სტაქნები, ბლუდები, ჩაის კოვზები (გარდა ვერცხლისა); ვერცხლის ყველა ნივთები გაიყიდოს და ფულები დაურიგდეს ქალაქის ღარიბ მცხოვრებთ, ანუ ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ღარიბ მოსწავლეთა.

     ჩემს პატარა წიგნთ საცავს ჩემი ანდერძის აღმსრულებელნი ასე უნდა მოეპყრან: ყველაზე უწინარეს მოიწვიონ ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის უფრ. ზედამხედველი, მისი თანაშემწე და ამავე სასწავლებლის სამმართველოს ერთი წევრი და მათ მიეცესთ ნება აღირჩიონ ჩემი წიგნთსაცავისაგან ყველა წიგნები. სამი ტომი ნახატებიანი დაბადებისა ტყავის ყდებში გაკეთებული გარდაეცეს იმას, ვინც იქნეს მაშინ, ე.ი. ჩემი სიკვდილის დღეს, ჩემ ნათესავთაგანი სასულიერო აკადემიაში მოსწავლე, ანუ სემინარიანი, ბერი ანუ მღვდელი; წინააღმდეგ შემთხვევაში ეს წიგნები იმავე ადგილზე დარჩეს, ჩემი მოადგილეების საკუთრებად, ხოლო ჩემი დახატული სურათი დარჩეს იქვე, სადაც ახლა არის. ალბომი მრავალი ფოტოგრაფიული სურათებით მიეცეს ჩემს ძმისწულს მიხეილ ათანასეს ძეს ქიქოძეს ანუ მის შვილს ჩემ მოსაგონად, კედლის სხვა სურათები იქვე დარჩენ. ყველა სხვა წიგნები ჩემი წიგნთსაცავისა შემიწირავს თბილისის სასულიერო სემინარიის მოწაფეთა წიგნთსაცავისათვის.

     თუმცა ჩემი სიცოცხლის დროსაც მე, ღვთის მადლით ყოველთვის ვეწეოდი ყველა წოდების შეუძლოთ და ღარიბთ, სხვადასხვა სასწავლებელში ღარიბ მოსწავლეთ, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ასეთ შეწევნას აქვს მხოლოდ დროებითი მნიშვნელობა, მე ვცდილობდი, შემედგინა თანხა, რომ ამ თანხის სარგებელი სამუდამოდ ეხმარათ ღარიბთა სასარგებლოდ. ამ თანხიდან ვსწირავ ქვემოთ მოხსენებულ სასწავლებლებს და ქველის მოქმედ საზოგადოებას:

 

1. ქუთაისის სააზნაურო საადგილ- მამულო ბანკში დაცულს 12.200 მანეთს გირავნობითი ფურცლებით ვუტოვებ და ვუანდერძებ სამუდამოდ ბახვის შკოლას 12.000 მან.

 

2. იმერეთის ეპარქიის სასულიერო წოდების ქვრივთა და ობოლთა სამზრუნველოს ორი ათას მან. 2000 მ.

 

3. ქუთაისის სამოქალაქო საქველმოქმედო საზოგადოებას ქალაქის ღარიბთათვის ათას ხუთას მან. 1500 მ.

 

4. ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ღარიბ მოწაფეთათვის სამი ათას მან. 3000 მ.

 

5. თბილისის სასულიერო სემინარიის ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ სამი ათას მ. 3000 მ.

 

6. იმერეთის ეპარქალურ ჩემ სახელზე დაარსებულ საქალებო სასწავლებელს ხუთი ათას მ. 5000 მ.

 

7. ქუთაისის უფასო საქალებო სასწავლებელს ორი ათას მან. 2000 მ.

 

8. გელათის მონასტერს ვუტოვებ ათას მანეთს, იმ პირობით, რომ ამ თანხის სარგებლით ყოველ წლობით ჩემი სიკვდილის დღეს - ყველა მამებმა მიწირონ მონასტრის ყველა ეკლესიებში და ეს სარგებელი მიეცეს ყველა ძმებს.

 

9. ქუთაისის სასულიერო სასწავლებელს ვუანდერძებ უფლებას ჩემ თხზულებათა გამოცემისას იმ პირობით, რომ გამოცემის მოგება ეძღვოდეს ამავე სასწავლებლის ღარიბ მოწაფეთ.     ვთხოვ ჩემი ანდერძის აღმასრულებელთ დაურიგონ ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემ მოსამსახურეებს სამასი მანეთი საჩუქრად, ხვედრი ჯამაგირების გარდა. ამას გარდა ჩემ სიკვდილს შემდეგაც დარჩებიან, როგორც ჩემ სახლში, ისე კერძოდ სხვა და სხვა სასწავლებლებში მოსწავლენი, რომელთაც მე ვაძლევდი შემწეობას. ვთხოვ ანდერძის აღმასრულებლებს, თუ შესაძლებელი იქნება და თანხაც დარჩეს. ჩემი ანდერძის აღმსრულებლად ვნიშნავ ჩემ მოძღვარს, რომელიც მაშინ იქნება და ჩემს ძმისწულებს მიხეილს და მოსეს ათანასეთ ძეთა, ლეონტი სიმონის ძეს, სობორის დეკანოზს და კანცელარიის მდივანს ერასტი სიმონის ძეს თუთბერიძეს.

    1894 წელში ნოემბრის 19-სა დღესა ყოვლად სამღვდელომ თავისს პირველ ანდერძს შემდეგი დაუმატა:

 

1. თუ რაიმე მიზეზების გამო ბახვის სოფლის შკოლა დაიხურება, ზემო აღნიშნული თანხა გადაეცეს ბახვის ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის ეკლესიას საკუთრებად. ასევე უნდა მოექცენ იმ ექვსას მანეთს, რომელიც ჩემგან შეწირული აქვს ბახვის შემნახველსამსესხებელ კასას, თუ ეს უკანასკნელი გაუქმდეს.

 

2. ყოველივე ის, რაც ჩემგან ნაანდერძები აქვს თბილისის სასულიერო სემინარიას, დღეს მე ვუანდერძებ ახლა ხანს დაარსებულ ქუთაისის სასულიერო სემინარიას.

 

ჟურნალი “კვალი” 1896 წ. # 8

 

 

 რუბრიკა მოამზადა თეა ცაგურიშვილმა

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელის ანდერძი