წმიდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი (VI)

 

წმიდა აბიბოს ნეკრესელი, საქართველოში ჩამოვიდა VI საუკუნეში ცამეტ ასურელ მამასთან ერთად. ისინი უშუალოდ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა აკურთხა და გამოაგზავნა. მათ ცხოვრებაში სწერია, რომ ისინი იყვნენ „ღმრთისა სათნონი ნათელნი სოფლისანი, ჭურნი რჩეულნი სავსენი ნელსაცხებელითა, ზეცისა კაცნი და ქუეყანისა ანგელოზნი, განმანათლებელნი სოფლისანი, სახენი, წესნი და კანონნი უცთომელნი მონოზონებისანი“ და მათ შორის წმიდა აბიბოს ნეკრესელი, „მღვდელთმოძღუარი უბიწოი, ნაყოფი შუენიერი, მხიარულებისა ჩუენდა მომღებელი და სულნელებისა ჩუენისა ჩუენდა მომფენელი. სანთელი მაღლად მნთებარე, მნათობი და განმანათლებელი ყოველთა მხილველთა მისთაი, შემწირველი უბიწოდ ხორცსა და სისხლსა ქრისტესსა, რომელმან თავიცა თვისი შეწირა მსხუერპლად მისსა მიმართ ხელითა უსჯულოისა მარზპანისაითა“.

წავიდა მამა თავიდან ღირს იოანესთან და სხვა ძმებთან ერთად ზადენის მთაზე ცხოვრობდა, შემდგომ კი ევლავიოს კათოლიკოსის და იოანე ზედაზნელის კურთხევით წმიდა აბიბოსი ნეკრესს ჩავიდა და მოციქულებრივ ღვაწლს შეუდგა. მადლმოსილი მსახურებისთვის წმიდა აბიბოსი „იქმნა... ეპისკოპოზ, მწყემსი გაღმა-მხრისა დიდოთურთ. ამან მოაქცივნა უმრავლესნი მთიულნი“, - წერს ვახუშტი ბაგრატიონი „ქართლის ცხოვრებაში“.

ამ დროს საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემელი სპარსელები ბატონობდნენ და ყველა ძალას ხმარობდნენ თავიანთი ცრუ სარწმუნოების გასავრცელებლად. მათ მრავალგან ააგეს ბომონები, სადაც ჩაუქრობლად ენთო ცეცხლი. მაზდეანები ზარ-ზეიმით აღასრულებდნენ თავიანთ ბოროტ წესებს და ქართველთა გადადრეკას ცდილობდნენ.

წმიდა აბიბოს ნეკრესელი დაუღალავად დადიოდა თავისი ეპარქიის სოფლებსა და დაბებში, ჭეშმარიტებას უქადაგებდა ქართველებს და სიმტკიცისკენ მოუწოდებდა. ერთხელ წმიდა მღვდელმთავარმა ნახა, რომ მოგვები აიძულებდნენ ქართველებს, თაყვანი ეცათ ცეცხლისთვის, ვეღარ მოითმინა ბოროტება, წყალი დაასხა ცეცხლს და ჩააქრო. განრისხებულმა მოგვებმა შეიპყრეს წმიდა აბიბოსი, სასტიკად სცემეს და ცოცხალ-მკვდარი საპყრობილეში ჩააგდეს. შემდგომ ეს ამბავი ანობენ სპარსეთის მარზპანს, რომელიც ამ დროს სოფელ რეხში იმყოფებოდა. მარზპანმა ბრძანა, მისთვის მიეგვარათ წმიდა აბიბოსი.

წმიდა აბიბოსი შავმთელი სასწაულთმოქმედის, ღირსი მამის სვიმონ მესვეტის (ხს. 1 სექტემბერს) მეგობარი იყო. ღირს სვიმონს ღმრთისგან ეუწყა წმიდა აბიბოსის მომავალი წამების შესახებ და ეპისტოლე, ევლოგია და კვერთხი გამოუგზავნა წმიდა მამას. სოფელ იალდოს მიღწეულ აბიბოსს ანტიოქიიდან წამოსული მოციქული შემოხვდა და ღირსი სვიმეონის საჩუქარი გადასცა.

ეპისტოლემ და ძვირფასმა საჩუქარმა გაახარა და განამტკიცა ტანჯვისთვის განმზადებული წმიდა მღვდელმთავარი. გზად მას ქართველები დახვდნენ და განთავისუფლების იდეა შესთავაზეს. წმიდა აბიბოსმა არ მიიღო წინადადება.

მღვდელმოწამემ მტარვალებს სთხოვა, წმიდა შიო მღვიმელის ნახვის უფლება მიეცათ მისთვის. სპარსელები დათანხმდნენ. წმიდა მამებმა მოიკითხეს ერთმანეთი და ერთად ილოცეს. შემდეგ წმიდა ეპისკოპოსმა სასწაულთმოქმედ მეუდაბნოეს სთხოვა, ელოცა მისთვის. წმიდა შიომ უთხრა: „ვიცი, მამაო მფლობელო, რამეთუ დაშრიტე ცეცხლი იგი მათი სრულიად, რომელსა ესვიდეს უსჯულონი იგი, არამედ მოგმადლენ უფალმან, რაითა აღტყინებულიცა იგი უჩინოი ცეცხლი, რომელ აღუზნიეს შენთვის ეშმაკსა განსაცდელად, დაშრიტო ადვილად... უწყოდე, რამეთუ ჭირი მათი შენ დიდება გექმნეს წარუვალი და ჭირი ეგე შენი მათ დაცემა და განბნევა...“ მღვდელმოწამე რეხში ჩაიყვანეს.

მარზპანმა მრისხანედ ჰკითხა სამსჯავროზე წარმდგარ წმიდა ეპისკოპოსს: „რაისათვის უვარ-ჰყავ უფლებაი მეფეთ-მეფისაი და მოჰკალ ღმერთი ჩუენი?“ წმიდა აბიბოსმა მშვიდად მიუგო: „მე არავინ ვიცი მეუფედ, გარნა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ხოლო ცეცხლი იგი, რომელ დავშრიტე, რაითამცა საცთური განვაქარვე ეშმაკისაი. ხოლო გლოცავ, რაითა განეყენნეთ უნდოსა მას მსახურებასა და მას მხოლოსა ჰმსახურებდეთ“. კადნიერი პასუხით გაგულისებულმა მარზპანმა კვლავ ჰკითხა: „მე გკითხავ, რაისათვის მოჰკალ ღმერთი ჩუენი და შენ გნებავს, რაითამცა შენისა ღმრთისა წარგვიყვანნე?“ ნეტარმა აბიბოსმა კვლავ მშვიდად მიუგო: მე ღმერთი კი არ მომიკლავს, მხოლოდ ცეცხლი დავშრიტე. ცეცხლი ღმერთი კი არ არის, ბუნების ნაწილია, ცეცხლი შეშის დაწვით წარმოიქმნება, მცირედმა წყალმა ჩააქრო, რადგან წყალი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და მოკლა იგი. „აწ მიკვირს თქუენი ესევითარი სიცოფე, ვითარ არა სირცხვილ გიჩნს მისი სახელის დებად ღმრთად, რომელსა ესეოდენი სული აქუს?“ მარზპანი საშინლად განარისხა წმიდა მღვდელმთავრის ასეთმა პასუხმა და მისი წამება ბრძანა.

ჯალათებმა საშინლად ტანჯეს ნეტარი აბიბოსი და ბოლოს „ქვითა განტვინეს“. მისი წმიდა ცხედარი ქალაქგარეთ გაათრიეს, უპატიოდ დააგდეს ცხოველთა და ფრინველთა საჯიჯგნად და მცველები მიუჩინეს, რომ ქრისტიანთაგან არავის წაესვენებინა და პატივით არ დაეფლა წმიდანის ნეშტი.

ღამით რეხის მღვდლები და ბერები მივიდნენ და დიდი პატივით დაასაფლავეს წმიდა მღვდელმოწამის ცხედარი სამთავისის მონასტერში. ქართლის ერისთავის, სტეფანოზის დროს წმიდა მღვდელმოწამის უხრწნელი ნაწილები სამთავსიდან მცხეთის სამთავროს მონასტერში გადაასვენეს და დაკრძალეს წმიდა ტრაპეზის ქვეშ.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / წმიდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი