წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლი (ფერაძე)

 

წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე 1899 წლის 13 აგვისტოს დაიბადა სიღნაღის მაზრის სოფელ ბაკურციხეში. მისი მამა რომანოზი მღვდელი იყო. გრიგოლმა დაწყებითი სასულიერო სასწავლებელი და სასულიერო სემინარია დაამრთავრა თბილისში 1918 წელს, შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1921 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად. მალე ქართული მართლმადიდებლური ეკლეიის მიერ გაიგზავნა გერმანიაში, სადაც შემდგომში ღვთისმეტყველებას ეუფლებოდა. 1922-25 წლებში ბერლინის უნივერსიტეტში სწავლობდა თეოლოგიას და აღმოსავლურ ენებს. 1925 წელს გადავიდა ბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, სადაც იღრმავებდა რელიგიის საკითხებისა და აღმოსავლური ენების ცოდნას, მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ნაშრომისათვის - „სამონასტრო საწყისების საკითხები საქართველოში“. ამ დროიდან მოყოლებული ვიდრე 1927 წლამდე განაგრძობდა ღვთისმეტყველების შესწავლას - ლექციებს ისმენდა ლიოვაიანეს უნივერსიტეტში.

1927 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას ინგლისში, სადაც გაეცნო ბრიტანეთის მუზეუმსა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებში დაცულ ეკლესიის მამათა თხზულებების უძველეს ხელნაწერებს. 1927 წლის ივლისში იგი დაინიშნა ბონის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტის თანამდებობაზე, სადაც დაევალა ლექციების კითხვა ძველ ქართულ და სომხურ ლიტერატურაზე. ლექციებს კითხულობდა 1932 წლამდე. ამავე წელს იგი მიიწვიეს ოქსფორდის ქართული ეკლესიის ისტორიის საკითხებზე ლექციების წასაკითხად. 1931 წელს ბერად აღიკვეცა, მღვდელ-მონაზონის ხარისხიც მიიღო და პარიზის ქართულ ეკლესიაში დაინიშნა მოძღვრად.

1932 წლიდან მის ცხოვრებაში ახალი პერიოდი დაიწყო - აირჩიეს მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის პროფესორად ვარშავაში.

მამა გრიგოლი ცხოვრების ძნელ წუთებში ხშირად იმეორებდა წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვებს: „გმადლობ, უფალო, ყველაფრისათვის“.

ფერაძის უდიდესი ცოდნა შერწყმული იყო ღრმა რწმენასთან. მისი ლექციები განმსჭვალული იყო ეკლესიის მამების შემოქმედებითი სულით. ფიქრებით იგი ხშირად გადადიოდა იქ, სადაც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ისინი. მამა გრიგოლი ხშირად კითხულობდა მოხსენებებს სამეცნიერო კონფერენციებსა და ევროპის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში. მთელ თავის სახსრებს იგი ახმარდა სირია-პალესტინაში, საბერძნეთში, ბულგარეშთი, ავსტრიაში, რუმინეთში, იტალიასა და ინგლისში ქართული საეკლესიო ხელნაწერებისა და ქართული ეკლესიის ისტორიისათვის ცნობების მოძიებას. მისი შრომითა და ღვაწლით ბევრი ქართული ხელნაწერი იქნა აღმოჩენილი. ორი თვისება - შრომისმოყვარეობა და თავმდაბლობა ახასიათებდა მამა გრიგოლ ფერაძეს მთელი ცხოვრების მანძილზე.

ქართულმა საზოგადოებამ იშვიათი გამონაკლისის გარდა თითქმის არაფერი იცოდა მისი ნაშრომებისა და მოღვაწეობის შესახებ, არ იცოდა, რომ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გატანილი საქართველოს ეკლესიის განძეულობა, როდესაც მას შენახვის ვადა გაუვიდა, ფაშისტების კონფისკაციას გრიგოლ ფერაძის წყალობით გადაურჩა. მან, როგორც ექსპერტმა, სიკვდილის საფრთხის მიუხედავად, დასკვნაში აღნიშნა, რომ იგი არავითარ მატერიალურ ფასეულობას არ წარმოადგენდა და მხოლოდ ეროვნული ღირებულება ჰქონდა; ქართულმა საზოგადოებამ არ იცოდა ისიც, რომ მისი დაარსებულია წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია პარიზში და სამრეველო ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“.

1942 წლის მაისში გრიგოლ ფერაძე ვარშავაში გესტაპომ დააპატიმრა. მის ბინაზე ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც გაქრა ის ძვირფასი ძველი ხელნაწერები, რომლებზეც იგი მუშაობდა, ასევე ძვირფასი საეკლესიო ნივთები, რომელთაც იგი თავისი მოგზაურობის დროს საქართველოში დასაბრუნებლად იძენდა.

დაპატიმრების უშუალო მიზეზი გახდა ის, რომ მამა გრიგოლი ეხმარებოდა და იფარებდა ფაშისტებისაგან დევნილ ებრაელებს თუ სხვა ეროვნების პიროვნებებს. გრიგოლ ფერაძე ჩასვეს პავიაკის ციხეში (ვარშავაში). საანკეტო ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ თავდაპირველად იგი მოხვდა VII განყოფილებაში, რომლის საკნები სარდაფში იყო მოთავსებული. იქ მან დაახლოებით 14 დღე დაჰყო. შემდეგ გადაიყვანეს პირველ სართულზე მოთავსებულ V, ე.წ. სატრანსპორტო განყოფილებაში, N 117 საკანში. 1942 წლის ოქტომბერში გადაიყვანეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში. ოფიციალური გერმანული ცნობების თანახმად, გრიგოლ ფერაძე აღესრულა 1942 წლის 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე. ესაა ოსვენციმის ბანაკის ადმინისტრაციის მიერ 1942 წლის 30 დეკემბერს გაცემული ცნობა, ხოლო ოსვენციმში პოლონეთის იმდროინდელი მთავრობის წარმომადგენლის ჩანაწერებში, რომელიც 1942 წლის დეკემბრის ამბებს შეეხება, აღნიშნულია: „ბანაკი ოსვენციმი. აქ გარდაიცვალა რამდენიმე კვირის წინ მოყვანილი გრიგოლ ფერაძე, პროფესორი, თეოლოგი, მართლმადიდებელი, ქართველი, გამოჩენილი მეცნიერი“.

გრიგოლ ფერაძის სიკვდილის გარემოებასთან ახლოს იყვნენ საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრები, რომლებიც გათავისუფლების შემდეგ, 1945 წელს, მოდიოდნენ ვარშავის საპატიმროში და მოჰქონდათ ამბავი გრიგოლ ფერაძის მოწამეობრივი აღსასრულისა. როგორც ირკვევა, არქმიანდრიტმა თავს იდო სხვისი დანაშაული, რის გამოც გაზის კამერაში მოაკვდინეს.

წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2001 წ.

კეთილმორწმუნე მთავარი ალექსანდრე ნეველი (+1263)

კეთილმორწმუნე მთავარი ალექსანდრე ნეველი ვლადიმირის დიდი მთავრის, იაროსლავ II-ის ძე იყო. წმიდანი 1220 წელს დაიბადა. მისმა სულმა სიყმაწვილიდანვე შეითვისა ქრისტიანული მოძღვრება. ნეტარს ძლიერ უყვარდა საეკლესიო საგალობლები, მუდამ წმიდა მამათა ნაწერებს კითხულობდა. ღამისთევები და ღვთისადმი ლოცვა-ვედრება მისი საყვარელი საქმიანობა იყო. 1236 წელს ალექსანდრე ნოვგოროდის მთავრად აირჩიეს. სულ მალე, 1340 წელს მის სამთავროს თავს დაესხნენ შვედები, რომლებიც ფინეთის ყურის სანაპიროს შემომტკიცებას და აქ კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებას ესწრაფოდნენ. ღვთის მსასოებელმა ალექსანდრემ მდინარე ნევის ნაპირებზე მცირერიცხოვანი რაზმით სასტიკი დამარცხება აგემა მტრის ურიცხვ ლაშქარს, რისთვისაც ხალხმა „ნეველი“ უწოდა. 1242 წელს ნეტარი გერმანელ ჯვაროსნებს შეებრძოლა და უფლის შეწევნით კვლავ გაიმარჯვა.

ალექსანდრეს კარგად ესმოდა, რომ იმ დროს თათარ-მონღოლებთან შებმა უაზრო იყო და ოქროს ურდოსთან ურთიერთობაში ფრთხილ, შორს გამიზნულ პოლიტიკას ადგა. 1250 წელს მან ნოვგოროდის დიდი მთავრის წოდება მიიღო და ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა ეკლესიისა და ხალხისთვის. ხანებთან შუამდგომლობით წმიდანმა მოახერხა, რომ ეპისკოპოსები და მღვდლები თათართა გადასახადებისაგან გაეთავისუფლებინა; ურდოს დედაქალაქში ხანის ნებართვით მან მართლმადიდებელი ეპისკოპოსი დაადგინა და უღმრთოები აიძულა, პატივი ეცათ ქრისტიანული სარწმუნოებისთვის. წმიდა ალექსანდრე მართლმადიდებელობის მტკიცე აღმსარებელი იყო: როცა იგი პირველად ჩავიდა თათართა ბანაკში, ქურუმებმა კერპების თაყვანისცემა მოსთხოვეს. უფლის რჩეულმა მტკიცე უარით უპასუხა და განაცხადა: „მე მხოლოდ ცისა და ქვეყნის შემოქმედ, სამებით ქებულ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს ვსცემ თაყვანს“. ბათო-ხანი, რომელიც პატივს სცემდა რუსი მთავრის სიმამაცესა და სიბრძნეს, მის საქციელს შემწყნარებლურად შეხვდა.

პაპმა ინოკენტი IV-მ წმიდანს რომაული კათოლიციზმის მიღება შესთავაზა, რაზეც ალექსანდრემ უპასუხა, ჩვენ მოციქულებისგან გადმოცემული სწავლება გვიპყრია და თქვენი სწავლების მიღება არ გვსურსო. 1262 წელს თათართა მძლავრობისგან შევიწროებული ხალხი აჯანყდა. განრისხებულმა ხანმა მათ დასასჯელად ლაშქარი გაამზადა. ალექსანდრე ურდოში წავიდა, რომ თათარი ხელისუფლის გული მოელბო, მიაღწია კიდეც ამას, მაგრამ ხანგრძლივი ღვაწლით დაუძლურებული უკან მობრუნებისას სასიკვდილოდ დასნეულდა. სულთმობრძავმა მთავარმა სქემა შეიმოსა ალექსის სახელით, წმიდა საიდუმლოს ეზიარა და 1263 წლის 14 ნოემბერს, 43 წლის ასაკში სული უფალს შეჰვედრა.

23 ნოემბერს კეთილმსახური მთავრის წმიდა ცხედარი პატივით დაკრძალეს ვლადიმირის ღვთისმშობლის შობის მონასტერში. გადმოცემით, როცა ნეტარ ალექსანდრეს წესს უგებდნენ, სასწაული აღესრულა - მან შენდობის ბარათის მისაღებად ცოცხალივით ხელი გაშალა.

1380 წელს აღესრულა უფლის სათნომყოფელის უხრწნელი ნაწილების აღმოყავნება (ამ მოვლენას ეკლესია 30 აგვისტოს აღნიშნავს).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტ. IV, თბილისი, 2001 წ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლი (ფერაძე)