წმიდა მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი

 

წმიდა მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი დაიბადა დაახლოებით 200 წელს ქალაქ კართაგენში (ჩრდილოეთ აფრიკა). მან, მდიდარი წარმართი სენატორის შვილმა, შესანიშნავი საერო განათლება მიიღო და ახალგაზრდობაშივე ბრწყინვალე ორატორი და მჭევრმეტყველების და ფილოსოფიის მასწავლებელი გახდა. იგი ქონებას მდიდრულ ქეიფებს, განცხრომით ცხოვრებას ახმარდა, მაგრამ მაშინაც სხვა წარმართებთან შედარებით უფრო მკაცრ ზნეობრივ პრინციპებს ერთგულებდა და რაღაც უმჯობესს, შეუცნობს ელტვოდა. უფალმა გაუნათა გონება - გულწრფელად ირწმუნა ქრისტეს მაცხოვარება და მოინათლა. ნათლისღებამდე წმიდანმა მთელი ქონება გალახაკებს დაურიგა, თავად კი ხუცეს სესილიუსთან დასახლდა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ იგი მღვლად აკურთხეს, კართაგენის ეპისკოპოს დონატის გარდაცვალების შემდეგ კი, 248 წელს, ერთხმად აირჩიეს მღვდელმთავრად.

ნეტარი მამა მოშურნედ შეუდგა ეკლესიის კეთილმოწყობასა და ღვთისმსახურებსა და მრევლში არსებულ მანკიერებებთან ბრძოლას. ამ დროს, ღვთისმოყვარე იმპერატორ ფილიპეს ზეობისას, ქრისტიანები საკმაოდ მშვიდად ცხოვრობდნენ, მაგრამ აფრიკელ მართლმადიდებლებს შორის დიდი ბოროტებაც შემოიპარა: არსებულ სიმშვიდესა და უსაფრთხოებაში მათ თანდათან გაუცივდათ გული სარწმუნოების მიმართ - უწინდელი საღმრთო შური მიწიერი სიტკბოების, სიმდიდრისა და ფუფუნების ტრფიალმა შეცვალა, ერთმორწმუნეთა შორის არსებული ძმური სიყვარული განქარდა, გლახაკები აღარავის ახსოვდა. კვიპრიანე ცდილობდა, სიტყვათა და პირადი მაგალითით გამოეფხიზლებინა ქრისტიანები და სიცოცხლის ჭეშმარიტი მიზანი დაენახვებინა მათთვის.

ამასობაში ტახტზე ავიდა ღვთისმოძულე დეკიუსი (249-251), რომლის შესახებაც წმიდანმა წინასწარ შეიტყო სიზმრისეული ჩვენებით. დაიწყო ქრისტიანების სასტიკი დევნა.

ეპისკოპოსი კვიპრიანე მორწმუნეთა დაჟინებული თხოვნით გაიხიზნა, რომ საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნებით დახმარებოდა დევნილებს. კართაგენში კი ამაზრზენი ამბები დატრიალდა: ცხადად გამოჩნდა, თუ რა სახიფათოა შემსჭვალვა ამქვეყნიურ კეთილდღეობაზე, როგორ ანელებს ღვთის სიყვარულს. ქრისტიანთა ბრბოებმა, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე დაიწყეს წარმართული მსხვერპლშეწირვის აღსასრულებლად. ზოგიერთები არ სწირავდნენ კერპებს მსხვერპლს, მაგრამ ყიდულობდნენ მოწმობებს, რომ ეს წესი შესრულებული ჰქონდათ და ამგვარად ინარჩუნებდნენ სიცოცხლესა და ქონებას. განდგომილები ისე მრავლად იყვნენ, რომ მსაჯულები ვეღარ აუდიოდნენ უარყოფის ბარათების მიღებას და მომდევნო დღისთვის გადაჰქონდათ. ამგვარი ცნობები თავზარს სცემდა კვიპრიანეს. თავის წერილებში ის მოუწოდებდა ქრისტიანებს, მიემართათ ლოცვისთვის, როგორც ერთადერთი საიმედო იარაღისთვის, სთხოვდა ხუცესებს, ეზრუნათ სუსტებსა და უძლურებზე, ეღვაწათ დაცემულთა აღდგინებისათვის, მთელი მისი ქონება გლახაკ მართლმორწმუნეთათვის დაერიგებინათ, რომ უპოვარების გამო არ მიმხრობოდნენ წარმართებს. იგი ითხოვდა აგრეთვე, ჩაენიშნათ მოწამეთა მიცვალების დღეები, რომ შემდგომ ყოველდღიურად ამ დღეებში მათი ხსენება აღენიშნათ. წმიდა მამა ხარობდა მათ გამო, ვინც არ შეუშინდა მტარვალთა წინაშე ქრისტეს აღიარებას, მაგრამ შიშობდა, რომ ამ ღვაწლს ამპარტავნებაში არ ჩაეგდო აღმსარებლები - წერდა: „დაე იყვნენ ისინი თავმდაბალნი, მშვიდნი და კეთილი მაგალითი მისცენ სხვებს შემდგომი მოქმედებითაც. ყველაზე მკაცრი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა. უფალმა ბრძანა: „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს“ (მთ. 24, 13). დაე, ჰბაძვიდნენ იესო ქრისტეს, რომელმაც სწორედ თავისი ვნების წინ გვიჩვენა თავმდაბლობის უდიდესი მაგალითი, ფეხები დაჰბანა რა თავის მოწაფეებს... ახლა კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, უნდა ეშინოდეთ მათ მტრის ხაფანგში მოხვედრისა, რომელიც, ნაგემები დამარცხებისათვის შურისძიების სურვილით აღძრული, მონდომებით ესხმის თავს ყველაზე ძლიერებს“.

კვიპრიანეს შიში გამართლდა: კართაგენის ეკლესიას განდგომილთა სულმოკლეობა იმდენად არ ტანჯავდა, რამდენადაც ზოგიერთი აღმსარებლის შეუფერებელი ამპარტავნება და საძრახი საქციელი. მათი ნაწილი, აღსრულებული ღვაწლით გაამაყებული, არღვევდა ეკლესიის წეს-კანონებს და საკუთარი სახელით აძლევდა წერილობით ნებართვებს იმ განდგომილებს, რომელთაც კრებულში დაბრუნება სურდათ; ეკლესიაში კი ოდითგანვე არსებობდა წესი, რომ მძიმე ცოდვილები მხოლოდ სრული მონანიების შემდეგ მიეღოთ უკან. გამოცდის ვადა იყო ერთი წლიდან სამ წლამდე, ცოდვის სიმძიმის მიხედვით, წეს-კანონების დარღვევამ ააღელვა რომისა და კართაგენის ეკლესიები და წარმოშვა განხეთქილება. რომაელმა ხუცესმა ნოვაციანემ დაიწყო იმის მტკიცება, რომ ღვთისაგან განდგომილების უფლის ეკლესიაში მიღება ყოვლად დაუშვებელია და ვერანაირ სინანულს ვერ ძალუძს მათი ცოდვის აღხოცა. მას შეუერთდა მეტად მანკიერი ცხოვრებით ცნობილი კართაგენელი ხუცესი ნოვატიც და ორივემ შემცოდეთა მიმართ უკიდურესი სიმკაცრის ქადაგება დაიწყო. წმიდა კვიპრიანე თავის ეპისტოლეებში გმობდა ნოვაციანელთა მწავლებლობას და იძლეოდა რჩევას, განდგომილებთან ურთიერთობაში შუალედური გზა არჩიათ: თავი შეეკავებინათ ქარაფშუტული შემწყნარებოლობისაგან, რომელიც ცოდვების გამო სინანულს არ ითხოვდა და ზედმეტი სიმკაცრისგანაც, სახარებისეული სწავლების სულს რომ არ ეთანხმებოდა.

ორი წლის შემდეგ, როცა დეკიუსი გარდაიცვალა, კვიპრიანე კართაგენში დაბრუნდა. მისი არყოფნისას მორწმუნეთა შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადასაწყვეტად ნეტარმა მღვდელმთავარმა მოიწვია ადგილობრივი კრება, რომელმაც აღელვებულ ეკლესიაში მშვიდობის ჩამოგდება და ერთობის დამყარება სცადა.

რამდენიმე ხნის შემდეგ ტახტზე ავიდა დეკიუსის მემკვიდრე, გალიუსი, რომელმაც განაახლა ქრისტიანთა დევნა. კვიპრიანემ ამჯერად გადაწყვიტა, დარჩენილიყო ეპარქიაში და მრევლი ქრისტიანული მოვალეობების შესასრულებლად მოემზადებინა.

მოლოდინის საპირისპიროდ აფრიკის ოლქში მკვიდრ ქრისტიანებს ამჯერად დევნა თითქმის არ განუცდიათ, მაგრამ სანაცვლოდ სხვა უბედურება დაატყდათ თავს - შავი ჭირის ეპიდემია. ყოველდღე ათასობით ადამიანი იღუპებოდა. აქ ცხადად გამოჩნდა მართლმადიდებელი სარწმუნოების ძლიერება. მღვდელმთავარ კვიპრიანეს მადლმოსილი სიტყვებით და პირადი მაგალითით აღფრთოვანებული ქრისტიანები არც სიცოცხლეს და არც ქონებას არ ზოგავდნენ მიცვალებულთათვის საკადრისი პატივის მისაგებად და განწირულთა დასახმარებლად, ზოგი მათგანი საკუთარ სახლში იფარებდა ავადმყოფებს. ამ დროს დაწერა წმიდა მამამ წიგნი „სიკვდილიანობის შესახებ“, სადაც წუთისოფლის ამაოებასა და სწრაფწარმავლობაზე საუბრობს და ცდილობს, ქრისტიანთა გონება მომავალი, მარადიული ცხოვრებისაკენ მიმართოს.

ის-ის იყო, ჟამიანობა შეწყდა, რომ ბარბაროსები შეიჭრნენ კართაგენის მოსაზღვრე, ნუიმიდიის ოლქში და მრავალი ქრისტიანი ტყვედ წაასხეს. წმიდა კვიპრიანემ მრევლს მიმართა: „არა მარტო გრძნობა, სჯულიც გვავალებს, გამოვისყიდოთ დატყვევებული თანამოძმეები: ქრისტე მკვიდრობს მათში“. კართაგენელმა მართლმადიდებლებმა, მართლაც, გულთან მეტად ახლოს მიიტანეს ნუმიდიელთა გასაჭირი და უხვი შესაწირი გაიღეს მათ გამოსასყიდად.

253 წელს ტაზტზე ავიდა იმპერატორი ვალერიანე. მისი მეფობის პირველი ექვსი, მშვიდობიანი წლის მანძილზე კვიპრიანე გულმოდგინედ ზრუნავდა საეკლესიო საქმეების მოსაწესრიგებლად, იმპერატორ ვალერიანეს თავისი კეთილგანწყობა ქრისტიანთა მიმართ საყვარლეი კარისკაცის, ვალერიანე მარკინეს წაქეზებით სიძულვილით შეიცვალა - სწორედ ამან გამოიწვია მაცხოვრის მსასოებელთა დევნის განახლება. კართაგენის პროკონსულმა პატერნემ მღვდელმთავარ კვიპრიანეს კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. წმიდანმა უარი განაცხადა როგორც ამ მოთხოვნის შესრულებაზე, ისე კართაგენელ მღვდელმსახურთა სახელებისა და ადგილსამყოფელის გაცხადებაზე. ამისთვის ნეტარი მამა ზღვისპირა ქალაქ კურუბისში გადაასახლეს. დიაკონი პონტიუსი ნებით გაჰყვა მას თან. იმ დღეს, როცა წმიდა ეპისკოპოსი გადასახლების ადგილზე ჩავიდა, უფალმა სიზმრეული ჩვენებით აუწყა, რომ ზუსტად ერთი წლის შემდეგ მოწამეობრივად აღესრულებოდა ქრისტესთვის. დევნილებაში წმიდანმა მრავალი ეპისტოლე და წიგნი დაწერა.

დაახლოებით 258 წელს ნეტარი მამა კურუბისიდან გამოიწვიეს და მალე სამსჯავროზეც წარადგინეს. პროკონსულის ავადმყოფობის გამო სხდომა ერთი დღით გადაიდო. ის ღამე წმიდანმა ერთ-ერთი წარმართი მოხელის სახლში გაატარა. ქალაქში ცნობილი გახდა მისი ადგილსამყოფელი და ამ სახლის სიახლოვეს უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. დილით, როცა მღვდელმთავარი სამსჯავროს შენობისკენ წაიყვანეს, შეკრებილი ქრისტიანები თან გაჰყვნენ მას. მსაჯულმა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა ნეტარს და როცა პასუხად მშვიდი და მტკიცე უარი მიიღო, მახვილით თავის მოკვეთა მიუსაჯა. განაჩენი რომ მოისმინა, ქრისტეს ტარიგმა ღაღადჰყო: „დიდება უფალს!“ ხალხმა კი იხუვლა: „ჩვენც მასთან ერთად გვსურს სიკვდილი!“ სიკვდილით დასჯის ადგილს რომ მიაღწიეს, კვიპრიანემ აკურთხა ყველა და განკარგულება გასცა, მისი სახელით 25 ოქროს მონეტა ებოძებინათ ჯალათისთვის. შემდეგ საკუთარი ხელით აიკრა თვალები, ხელები იქვე მდგარ ხუცესსა და იპოდიაკონს შეაბორკვინა და ქედი მოუდრიკა მახვილს. ნეტარი მამა 258 წელს აღესრულა მოწამეობრივად. მისი წმიდა ცხედარი ღამით წაასვენეს და პატივით დაფლეს პროკურატორ მაკროვიუს კანდიდიანეს კერძო საძვალეში.

მოგვიანებით, კარლოს დიდის (771-814) დროს მღვდელმოწამის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენეს საფრანგეთში.

წმიდა კვიპრიანე კართაგენელმა ძვირფასი მემკვიდრეობა დაგვიტოვა: თხზულებები და 80 ეპისტოლე. ისინი მიღებულ იქნა, როგორც მართლმადიდებლური სარწმუნოების ნიმუშები და მსოფლიო კრებაზე (ეფესოს III და ქალკედონის IV) იკითხებოდა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტ. III, თბილისი, 2001 წ.

გვირგვინი წელიწადისა და დაწყება ინდიქტისა

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / წმიდა მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი