წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

 

ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (+1021) დაიბადა 946 წელს ქალაქ მალატიაში (პაფლაგონია). მან უმაღლესი განათლება მიიღო კონსტანტინეპოლში. მამა სასახლის კარის ბრწყინვალე კარიერისთვის ამზადებდა და რამდენიმე ხნის განმავლობაში მაღალი თანამდებობა ეჭირა კიდეც. 25 წლის ასაკში სვიმეონმა იგრძნო ლტოლვა ბერული ცხოვრებისაკენ, სახლიდან გაიქცა და სტუდიტის მონასტერს მიაშურა, აქ გაიცნო წმიდა ბერი სვიმოენ ღვთისმოშიში და მისი მოწაფე შეიქმნა.

ღირსი სვიმეონის ძირითადი ღვაწლი იყო მოუკლებელი ლოცვა: „უფალი შეგვიწყალენ“. უფრო ხანგრძლივი ლოცვისთვის ის განმარტოვდებოდა ხოლმე. ლიტურღიაზეც კი ცალკე იდგა, ხშირად მარტო რჩებოდა ტაძარში მთელი ღამიე განმავლობაში. სიკვდილზე ფიქრი ჩვევად რომ გადაქცეოდა, მთელ ღამეებს სასაფლაოზე ატარებდა. სულიერი ამაღლების ჟამს მასზე სულიწმიდა გადმოდიოდა ნათელი ღრუბლის სახით და გარემოს ფარავდა მის თვალთაგან. დროთა განმავლობაში წმიდანმა უმაღლეს სულიერი გაბრწყინვალებას მიაღწია, რაც განსაკუთრებით ლიტურღიის დროს ჩანდა.

977 წელს ღირსი სვიმეონი მღვდლად აკურთხეს, ხოლო 980 წელს წმიდა მამანტის მონასტრის იღუმენად დანიშნეს. მან ამ ხარისხში 25 წელი დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში ღირსმა მამამ სავანის მოშლილი მეურნეობა მოაწესრიგა და ტაძარი კეთილმოაწყო.

ღირსი სვიმეონის სიკეთე შერწყმული იყო სიმკაცრესთან და სახარებისეული მცნებების  დაცვასთან. როდესაც მისმა საყვარელმა მოწაფემ, არსენმა, დახოცა ყვავები, რომლებიც დამბალ პურს კენკავდნენ, წმიდა სვიმეონმა უბრძანა, მკვდარი ფრინველები თოკზე აეცვა, ეს „სამკაული“ კისერზე ჩამოეკიდა და მონასტრის ეზოში დამდგარიყო. წმიდა მამანტის მონასტერში ცოდვებს ინანიებდა ერთი ეპისკოპოსი რომიდან, რომელსაც შემთხვევით ძმისწული შემოკვდომოდა. ღირსი სვიმეონი მის მიმართ განსაკუთრებულ სიკეთეს იჩენდა. ღირსი მამის მკაცრმა სამონასტრო დისციპლინამ ძმების უკმაყოფილება გამოიწვია. ერთხელ გაბრაზებული ბერები ლოტურგიის დროს თავს დაესხნენ მას და კინაღამ მოკლეს. როდესაც ეს ბერები კონსტანტინეპოლის პატრიარქმა მონასტრიდან გაყარა და სამსჯავროს გადასცა, ღირსი მამა მათ თავდებად დაუდგა, გამოიხსნა და დიდი დახმარება გაუწია.

1005 წელს წმიდა სვიმეონმა იღუმენობა გადასცა არსენს, თვითონ კი მონასტერში განმარტოვდა. აქ შექმნა მან თავისი საღვთისმეტყველო შრომები. ღირსი სვიმეონი თავის თხზულებებში გვასწავლის სულიერი სრულყოფილებისთვის მოღვაწეობას, ვნებებისა და ცოდვილი ფიქრების წინააღმდეგ ბრძოლას, შინაგან სიმშვიდეს. მან შექმნა სწავლებანი ბერებისთვის, ლოცვის სამი სახისა და რწმენის შესახებ. გარდა ამისა, ღირსი სვიმეონი იყო გამოჩენილი საეკლესიო პოეტი, ჰიმნოგრაფი. მას ეკუთვნის „საღმრთო ლიტურღიის ჰიმნები“, ღრმა აზრით განმსჭვალული 70 პოემა.

ღირსი მამის, სვიმეონის სწავლება „ხორცის განღმრთობის“ შესახებ, რომლითაც მას სურდა „ხორცის მოკვდინების“ სწავლების შეცვლა (რისთვისაც „ახალი ღვთისმეტყველი“ ეწოდა), თანამედროვეებმა ძნელად მიიღეს. ბევრისთვის მისი სწავლება უცხო და მიუღებელი იყო. ამან გამოიწვია კონფლიქტი კონსტანტინეპოლის უმაღლეს სამღვდელოებასთან. დაიწყო ღირსი სვიმეონის დევნა. წმიდა მამა წავიდა ბოსფორის სანაპიროზე, პალკიტონის კონცხზე და დააარსა წმიდა მარინეს სახელობის სავანე.

წმიდანი 1021 წელს გარდაიცვალა. მან ჯერ კიდევ სიცოცხლეში მიიღო სასწაულთქმედების ნიჭი. მრავალი სასწაული აღსრულდა მისი სიკვდილის შემდეგაც. ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის ცხოვრება აღწერა მისმა მოწაფემ, ნიკიტა სტიფატემ.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი