წმიდათა და მართალთა ქრისტეს საფლავისათა:

იოანე, სტეფანე და ესაია ქართველთა

წმიდა იოანე, სტეფანე და ესაია ქართველების შესახებ ცნობები მხოლოდ საეკლესიო კალენდარმა შემოგვინახა.

წმიდანთა დასში მართლად იწოდებიან ის ქრისტიანები, რომელთაც მთელი ამქვეყნიური ცხოვრება ღვთის დიდებასა და ერის სამსახურში გალიეს. მათი ცხოვრება თავის თავში იტევს ღირსი და ღმერთ-შემოსილი მამების, აღმსარებლებისა და მოწამეების ღვაწლს.

საქართველოს ეკლესიაში გაბრწყინებულ წმიდანთა შორის სულ ოთხი წმიდანია მართლის წოდებითა და ღვაწლით კანონიზირებული. მათ შორის - ყველასათვის კარგად ცნობილი, ერის მამად და უგვირგვინო მეფედ წოდებული ილია ჭავჭავაძე და დრო-ჟამისა და ჩვენი უდებების გამო დავიწყებული წმიდანები: იოანე, სტეფანე და ესაია ქართველენი. მათ ხსენებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია უკვე რამოდენიმე საუკუნეა აღასრულებს.

როგორც მეცნიერები და მკვლევარები ვარაუდობენ, წმიდანები იერუსლიმში მოღვაწეობდნენ და იყვნენ ქრისტეს საფლავის საპატიო მცველები.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

კრება წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისა

და სხვათა უხორცოთა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა, იერომიელისა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში, ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა. ლაოდიკიის კრებამ თავისი 35-ე კანონით დაგმო და უარყო ანგელოზებისადმი ღვთიური პატივის მიგება და დაამტკიცა მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა. დღესასწაული აღინიშნება მარტიდან (საიდანაც ძველად წელიწადის ათვლას იწყებდნენ) მეცხრე თვეს - ნოემბერში, რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება. თვის მერვე დღე მიგვანიშნებს ყოველთა უხორცოთა ზეცისა ძალთა შეკრებაზე „დღესა მერვესა“, როგორც წმიდა მამები უწოდებენ უფლის მეორედ მოსვლასა და საშინელ სამსჯავროს. წმიდა მამები სამყაროს არსებობის ხანას სიმბოლურად შესაქმის შვიდ დღეს უკავშირებენ, შვიდი ათასწლეულის შემდეგ („რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო ვითარცა გუშინდელი დღე“ (ფს. 89, 4) კი უნდა დადგეს „დღე მერვე“, „რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაი დიდებითა თვისითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა(მთ. 25, 31).

ანგელოზთა დასნი სამ იერარქიად განიყოფიან. უმაღლეს იერარქიას შეადგენენ: სერაბიმნი, ქარუბიმნი და საყდარნი. წმიდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან ექვს-ექვს ფრთენი სერაბიმნი (ანთებულნი, ცეცხლოვანნი) (ეს. 6, 2). ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ალით აღაგზნებენ.

სერაბიმთა შემდგომ უფალს წარუდგებიან მრავალთვალნი ქერუბიმნი (შეს. 3, 24), რომელთა სახელიც ნიშნავს: სიბრძნის გარდამოსვლას, განათლებას, რადგან სწორედ მათი მეშვეობით გადმოედინება ჩვენზე სიბრძნე და განათლება ჭეშმარიტი ღვთისშემეცნებისათვის.

ქერუბიმებს მოსდევენ საყდარნი (კოლ. 1, 16), რომლებიც ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან.

ანგელოზთა საშუალო იერარქიას შეადგენენ: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი.

უფლებანი (კოლ. 1, 16) ანგელოზთა მომდევნო დასებზე მეუფებენ, ღვთისგან დადგენილ მიწიერ ხელისუფალთ ბრძნულ მართვა-განმგებლობაში შეეწევიან, გვეხმარებიან გრძნობათა მოთოკვასა და ცოდვილ გულისთქმათა დაოკებაში.

ძალნი (1 პეტ. 3, 22) ღვთის ნებას აღასრულებენ. ისინი უფლის რჩეულებზე საკვირველთმოქმედების და განჭვრეტის მადლს გარდამოავლენენ. ძალნი ადამიანებს შეეწევიან მორჩილების საქმეთა აღსრულებაში, მოთმინებაში განამტკიცებენ, სულიერ სიმტკიცეს და ახოვნებას ანიჭებენ.

ხელმწიფებათ (1 პეტ. 3, 22; კოლ. 1, 16) დემონურ ძალთა დაოკების ხელმწიფება გააჩნიათ. ისინი ადამიანებს ეშმაკის საცთურთაგან განარიდებენ და ბოროტ გულისთქმებთან ბრძოლაში ეხმარებიან, განამტკიცებენ და იცავენ მოსაგრეებს.

უმდაბლესი იერარქია მოიცავს სამ დასს: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.

საწყისნი (კოლ. 1, 16) მთვარანგელოზებს აღძრავენ ღვთის ბრძანებათა შესრულებისათვის. საწყისებს დავალებული აქვთ სამყაროს განმგებლობა, ქვეყნების, ხალხებისა და ტომების დაცვა. ისინი ადამიანებს ასწავლიან, რომ ყველას თავისი ღირსების შესაფერი პატივი მიაგონ; ზემდგომებს შეაგონებენ, სამსახურებრივი მოვალეობანი პირადი განდიდებისა და გამორჩენის მიზნით კი არა, უფლის სადიდებლად და მოყვასთა სასარგებლოდ აღასრულონ.

მთავარანგელოზნი (1 თეს. 4, 16) გვახარებენ დიადისა და დიდებულის შესახებ, გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს, უფლის ნებას გვაუწყებენ. ადამიანებში რწმენას განამტკიცებენ და მათ გონებას სახარების ნათლით ანათლებენ.

ანგელოზნი (1 პეტ. 3, 22) ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებულებას ამცნობენ მათ, კეთილმსახურ და წმიდა ცხოვრებაში წინამძღვრობენ; მორწმუნეებს იცავენ, შებრკოლებულებს განამტკიცებენ, დაცემულებს აღადგენენ, არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან შეგვეწიონ, თუ ჩვენ ამას ვისურვებთ.

„ანგელოზნი“ ზეციურ ძალთა საერთო სახელია და „მაცნეს“, „მოამბეს“ ნიშნავს. უფალი თავის ნებას უცხადებს უმაღლეს ანგელოზებს, ისინი კი, თავის მხრივ, სხვებს ანათლებენ. ანგელოზთა ყველა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი (მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“) - ღვთის ერთგული მსახური, რომელმაც გაიმარჯვა სატანის ძალებზე, ზეციდან გადმოყარა ისინი, სხვა ანგელოზებს კი მოუწოდა: „გულისხმავყოთ! ვიქმნეთ კეთილნი წინაშე შემოქმედისა ჩვენისა და ნუ განვიზრახავთ მისი ნების წინააღმდგომს“. მთავარანგელოზ მიქაელის მსახურებაში დადასტურებული საეკლესიო გადმოცემის თანახმად, იგი ძველი აღთქმის მრავალ მოვლენაში იღებდა მონაწილეობას. ეგვიპტიდან გამოსვლის ჟამს სწორედ მთავარანგელოზი მიქაელი წინამძღვრობდა ებრალებს: დღისით - ღრუბლის სვეტის, ღამით კი - ცეცხლოვანი სვეტის სახით; მისი მეშვეობით გაცხადდა ღვთაებრივი ძალა, რომელმაც ებრაელთა მდევნელი ეგვიპტელები მოწყვიტა; მთავარანგელოზი ისრაელს ყოველგვარ უბედურებაში შეეწეოდა.

ღვთის დიდი მხედართმთავარი გამოეცხადა ისუ ნავეს და უფლის სახელით უბრძანა, იერიქონისათვის ბრძოლა დაწყოთ (ისონავე 5, 13-16). მან ერთ ღამეში გაანადგურა ასურეთის მეფის, სენაქირიმის 185 ათასი მეომარი (4 მეფ. 19, 35); მანვე დაამარცხა ანტიოქიელთა უსჯულო მთავარი, ილიადორი. მთავარანგელოზმა მიქაელმა დაიცვა სამი წმიდა ყრმა: ანანია, აზარია და მისაელი, რომლებიც კერპთაყვანისცემაზე უარის თქმისთვის გახურებულ ღუმელში ცოცხლად შეყარეს (დან. 3, 12-25). ღვთის ნებით მთავარანგელოზმა წინასწარმეტყველი ამბაკუმი იუდეიდან წარიტაცა და ბაბილონში გადაიყვანა, რომ ლომებთან ერთად მღვიმეში გამომწყვდეული დანიელისათვის მისი ხელით მიეცა საზრდელი (დაუჯდომლის კონდაკი, 8).

მთავარანგელოზ მიქაელს - მძლეველს ყველა მტრული ძალისა - ხატებზე ჯავშნით, ანუ ღვთიური მადლით შემოსილს ხატავენ. იგი ფეხებით დემონს თრგუნავს, მარცხენა ხელში ზეთისხილის მწვანე რტო, ან სამკუთხედი ფარი უჭირავს. მარჯვენაში უპყრია შუბი თეთრი ალმით (ზოგჯერ - ცეცხლოვანი მახვილი), რომელზედაც მეწამული ჯვარია გამოსახული. ზოგიერთ ხატზე ზეციურ ძალთა მხედართმთავარი მახვილით გმირავს დედამიწაზე შემოხვეულ გველს.

მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს.

საღვთო წერილიდან და წმიდა გადმოცემიდან ცნობილია სხვა მთავარანგელოზებიც, რომელთაც სხვადასხვა კურთხევა აქვთ მიცემული ღვთისაგან: გაბრიელი - სიმტკიცე (ძალი) ღვთისა (დან. 8, 16; ლკ. 1, 26) - ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს ხელში.

გაბრიელი ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთ აუწყებდა იესო ქრისტეს მოსვლას, ხოლო წმიდანთ მათი ამქვეყნიდან განსვლის ჟამს ამცნობდა.

რაფაელი - ღვთიური მკურნალი (ტობ. 3, 16; 12, 15), სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია; ხატებზე რაფაელს მარჯვენა ხელში უჭირავს ჭურჭელი მაკურნებელი წამლით, მარცხენათი კი მოჰყავს მართალი ტობიას ვაჟი, ჭაბუკი ტობია, რომელსაც თევზი მოაქვს. ტობია სათნო-ეყო უფალს იმით, რომ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ჩუმად მარხავდა უსამართლოდ წამებულთა ცხედრებს. ამისთვის უფალმა გამოუგზავნა მას მთავარანგელოზი, რომელმაც სიხარული და ღვთის კურთხევა მოუტანა მის ოჯახს;

მთავარანგელოზ რაფაელს მიმართავენ სასიკვდილო სნეულებათა დროს, მგზავრობის წინ, შორეულ უცხო ქვეყანაში ყოფნისას, მძიმე მწუხარების, უიმედობისა და სასოწარკვეთილების დროს.

ურიელი - ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი (3 ეზრ. 5, 20); ბერ-მონაზონთა და ღვთისმეტყველთა მფარველად ითვლება. იგი გვინათლებს გონებას, რათა შევძლოთ ღვთიურ საიდუმლოთა და წმიდა წერილის შეცნობა; მთავარანგელოზი ურიელი მონანულთა მფარველიცაა; საეკლესიო გადმოცემით, იგი ადამთან და ევასთან ერთად ლოცულობდა მათი სამოთხიდან განდევნის შემდეგ და უფლის საკურთხეველზე მიჰქონდა მათი სინანულის ცრემლი; ხატებზე მას გამოსახავენ ცეცხლოვანი ან გაშიშვლებული მახვილით.

სელაფიელი - მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას. გარდა ამისა, არის მკურნალი ამაკანკალებელ ავადმყოფთა (მალარია, ეპილეფსია...). ხატებზე სელაფიელი ლოცვით მდგომარეობაში გამოიხატება: თვალებდახრილი და მკერდზე ხელებდაწყობილი; ზოგჯერ მას ხელში ანთებული სანთელი და სამკეველი უჭირავს. მთავარანგელოზ სელაფიელის მიმართ ვლოცულობთ ლოცვის დაწყების წინ, რომ შევძლოთ ყურადღებით და მთელი გულით ლოცვა.

ეგუდიელი - ღვთის დიდებას ნიშნავს. ის ადიდებს უდალს, განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს. გარდა ამისა, ის ითვლება მოგზაურთა მფარველად და გაჭირვებულთა შემწედ. ხატებზე ეგუდიელს მარჯვენა ხელში ოქროს გვირგვინი უჭირავს, მარცხენაში კი - შოლტი სამი წითელი (ან შავი) ტოტით. შოლტი იმის მიმანიშნებელია, რომ ზარმაცთ და უდებთ ამ ცხოვრებაში ბევრი მწუხარება და სასჯელი დაატყდებათ თავს, სანამ გონს მოეგებიან, ხოლო გვირგვინი გულმოდგინეთათვის არის განკუთვნილი.

ვარახიელი - კურთხევის ანგელოზს ნიშნავს. იგი კეთილ საქმეებზე უფლისმიერი კურთხევის მიმცემი, ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია. ძირითადად ვარახიელი მოწამეთა, ქრისტეს აღმსარებელთა და მოსაგრეთა მფარველად ითვლება. ხატწერაში მთავარანგელოზ ვარახიელის სამოსელზე ვარდისფერ ყვავილთა სიმრავლე გამოისახება, რაც სულიწმიდის ნიჭთა სიმბოლოა.

წმიდა წერილში იხსენიება იერომიელი, რაც ნიშავს: ღვთისკენ ამაღლებას (3 ეზრ. 4, 36). ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ ეს იგივე ეგუდიელია, სხვანი კი თვლიან, რომ იგი საღვთო სიყვარულის აღმძვრელია, და ვნებათა და ცოდვათა დაძლევაში შეგვეწევა.

მთავარანგელოზი იერომიელი ხატებზე გამოისახება სასწორით ხელში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტ. IV, თბილისი, 2001 წ.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / წმიდა იოანე, სტეფანე და ესაია