წმიდანი უვერცხლონი კოზმა და დამიანე, რომელნი იყვნენ ასიით

და დედა მათი ღირსი თეოდოტია (III)

 

წმიდა უვერცხლონი კოზმა და დამიანე, ღვიძლი ძმები, ასიაში (მცირე აზია) ცხოვრობდნენ. მათი დედა, მართლმორწმუნე ქრისტიანი თეოდოტია ადრე დაქვრივდა, რის შემდეგაც კეთილმსახურებით ცხოვრობდა და შვილებსაც ღვთის მცნებების ერთგულებით ზრდიდა. ძმები ქველისმოქმედებით გამოირჩეოდნენ. მოყვასთათვის კიდევ უფრო მეტი სარგებელი რომ მოეტანათ, ისინი მკურნალობის ხელოვნების დაუფლებას შეუდგნენ: ბალახებისა და მცენარეების სამკურნალო თვისებებს ეძიებდნენ და მალე საქმეში ღრმად ჩახედული ექიმები გახდნენ. უფალმა აკურთხა თავისი რჩეულები და ლოცვის ძალით სულიერი და ხორციელი ავადმყოფობების კურნების ნიჭი მიმადლა. წმიდანები მკურნალობდნენ არა მარტო ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც, მუდამ ახსოვდათ მაცხოვრის სიტყვები: „უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოთ მისცემდით“ (მთ. 10, 8) და გაწეული დახმარებისთვის არანაირ საზღაურს არ ღებულობდნენ. კოზმასა და დამიანეს სახელი მთელ ოლქში გახმიანდა. ხალხმა მათ უვერცხლონი შეარქვა.

ერთხელ წმიდა მკურნალებს უხმეს მძიმედ დასნეულებულ დედაკაცთან, პალადიასთან, რომლის მკურნალობაზეც, სნეულის მძიმე მდგომარეობის გამო, ყველა ექიმმა უარი განაცხადა. პალადიას სარწმუნოებითა და ნეტარი ძმების მხურვალე ლოცვით უფალმა სულთმობრძავი განკურნა, იგი სრულიად ჯანმრთელი წამოდგა სარეცელიდან და ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი. მკურნალებისადმი უსაზღვრო მადლიერებით აღსავსე ქალს სურდა, მცირეოდენი ძღვენი მაინც მიერთმია მათთვის. იგი ფარულად მივიდა დამიანესთან, სამი კვერცხი გაუწოდა და უთხრა: „მიიღე ეს მცირედი საბოძვარი ყოვლადწმიდა სამების - მამის, ძის და სულიწმიდის სახელით“. წმიდა სამების სახელი რომ ესმა, უვერცხლომ უარის თქმა ვერ გაბედა.

კოზმამ კი, მომხდარი რომ შეიტყო, ძალიან დაღონდა - მან ჩათვალა, რომ დამიანემ დაარღვია მათი მკაცრი აღთქმა და სიკვდილის წინ დაიბარა, იგი მის გვერდით არ დაეკრძალათ. მალე დამიანეც გარდაიცვალა. ყველანი გაუგებრობაში აღმოჩნდნენ - ვერ გადაეწყვიტათ, სად დაეკრძალათ წმიდა მკურნალი. მაშინ, ღვთის ნებით, სასწაული აღესრულა: ხალხის წინაშე უვერცხლო მკურნალების მიერ ოდესღაც ცოფისაგან განკურნებული აქლემი წარსდგა, ადამიანური ხმით ალაპარაკდა და ყველას ამცნო, დამიანე ყოვლგვარი ყოყმანის გარეშე დაეკრძალათ კოზმას გვერდით, რადგან მას ანგარებით კი არ მიუღია ძღვენი დედაკაცისაგან, არამედ უფლის სახელით. ნეტარი ძმების წმიდა ნეშთი ერთად დაკრძალეს ფერემანში (მესოპოტამია).

წმიდანი უვერცხლონი სიკვდილის შემდეგაც მრავალ სასწაულს აღასრულებდნენ. ფერემანში, კოზმასა და დამიანეს სახელობის ტაძრის მახლობლად, ცხოვრობდა ვინმე მალქოზი. ერთხელ მან, შორს გასამგზავრებლად გამზადებულმა, თავისი მეუღლე, რომელსაც დიდხანს მარტო მოუხდებოდა ყოფნა, წმიდა ძმებს შეავედრა და მათ ზეციურ მფარველობას მიანდო. მალქოზის ერთ-ერთ მეგობარში ჩასახლებულმა ადამიანთა მოდგმის მტერმა კი დედაკაცის დაღუპვა გადაწყვიტა. რამდენიმე ხნის შემდეგ ეს კაცი ქალთან სახლში მივიდა და უთხრა, შენმა ქმარმა გამომგზავნა, რომ მასთან მიგიყვანოო. მალქოზის მეუღლე ენდო სტუმარს და გაჰყვა, კაცმა კი იგი უდაბურ ადგილას გაიყვანა და შეეცადა ჯერ ძალა ეხმარა მასზე, შემდეგ კი მოეკლა. ქალმა, როცა შენიშნა, რომ საფრთხე ემუქრებოდა, გულწრფელი სარწმუნოებით ჰხადა უფალს. უეცრად საიდანღაც ორი პირქუში ჭაბუკი გამოჩნდა. მზაკვარმა კაცმა დედაკაცს ხელი უშვა და გაქცევა სცადა, მაგრამ ხრამში გადაიჩეხა. ჭაბუკებმა მალქოზის ცოლი შინ დააბრუნეს. სასწაულებრივ გადარჩენილმა ქალმა სახლის ზღურბლთან მათ მდაბალი მადლი უძღვნა და ჰკითხა: „რა გქვიათ, ჩემო მხსნელებო, ვის ვუმადლოდე სიცოცხლის დასასრულამდე?“ „ჩვენ ქრისტეს მონები კოზმა და დამიანე ვართ“, - უპასუხეს ჭაბუკებმა და გაუჩინარდნენ. შეძრუწნებულმა და გახარებულმა ქალმა ყველას მოუთხრო, რაც თავს გადახდა, ღვთისადმი მადლიერებით აღსავსემ, აცრემლებულმა, კოზმასა და დამიანეს ხატს მიმართა და სამადლობელი ლოცვა აღავლინა გადარჩენისთვის. ამ დღიდან მოყოლებული, წმიდა უვერცხლო მკურნალ ძმებს თაყვანს სცემენ, როგორც ქრისტიანული ოჯახის სიწმიდისა და სიმტკიცის მფარველებს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტ. IV, თბილისი, 2001 წ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / წმიდანი უვერცხლონი კოზმა და დამიანე