წმინდა მოწამენი მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა

 

წმიდა მოწამენი: მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა - ღვიძლი დები იყვნენ, წარმოშობით ბითვინიიდან (მცირე აზია). ღვთისმოშიშებით გამორჩეულებმა გადაწყვიტეს, გარიდებოდნენ ამ სოფელს, ერთი განკრძალული ბერი ჰპოვეს უდაბნოში და აქ ატარებდნენ დღეებს ლოცვითა და მარხვით. მალე წმიდანებმა შორს გაითქვეს სახელი, რადგან უფლისაგან სასაწაულებრივი კურნების ნიჭი მიემადლათ. ოლქის მმართველმა, ფრონტონმა ბრძანა, შეეპყროთ ისინი და მისთვის მოეგვარათ. უღმრთო ხელისუფალი პატივისა და ჯილდოების აღთქმით შეეცადა ქალწულების გადადრეკას ქრისტეს სარწმუნოებისაგან, მაგრამ მათ ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და ყველა მაცდური წინადადება უარყვეს. გააფრთებულმა მმართველმა თავისი რისხვა უფროს დას - მინოდორას დაატეხა თავს. წმიდანი მოთმინებით იტანდა სატანჯველებს, ბოლოს კი აღმოხდა: „უფალო, იესუ ქრისტე, სიხარულო ჩემო და სასურველო ჩემო, შენდამი მოვილტვი სასოისა ჩემისა, შეივედრე სული ჩემი მშვიდობით“ და გავიდა ამსოფლიდან. ოთხი დღის შემდეგ უმცროსი დები - მიტროდორა და ნიმფოდორა წარადგინეს სამსჯავროზე. მათ მინოდორას ჭრილობებით დასერილი და გასისხლიანებული გვამი დაუგდეს წინ დასაშინებლად. ასულები ცხარე ცრემლით დასტიროდნენ ძვირფას ცხედარს, მაგრამ მაცხოვრის უარყოფაზე არც უფიქრიათ; მმართველს განუცხადეს: „ვერვინ ჰპოვო ჩუენ შორის მოშიში, არცა უღირსი და შეუმსგავსი ესევითარისა მის დისა, არცა აღმოცენებულისა მის ჩუენისა ძირისა, რომელმაც სამნი ესე რტონი აღმოგუაცენნა“. მაშინ წმიდა მიტროდორა გაიყვანეს საწამებლად: ხეზე დაკიდეს, „ლამპართა მიერ ცეცხლისათა“ დაუწვეს სხეული; შემდეგ გარდამოხსნეს და რკინის ჯოხების ცემით დაუმტვრიეს სხეული; ასეთ ტანჯვაში შეჰვედრა ნეტარმა სული უფალს. ბოლოს მესამე, ნიმფოდორა მოიყვანეს. მის წინ უფროსი დების ნაწამები ცხედრები ესვენა. ფრონტონი იმედოვნებდა, რომ ეს სახილველი დააფრთხობდა ყმაწვილ ქალს. თავი ისე მოაჩვენა, თითქოს ენანებოდა მისი სინორჩე და მშვენიერება, და ალერსით, უხვი ჯილდოებისა და პატივის აღთქმით შეეცადა მის გადმობირებას. წმიდა ნიმფოდორამ ყური არ ათხოვა მის მაცდურ სიტყვებს და დების ხვედრი გაიზიარა.

 

უსჯულოებს სურდათ, დაეწვათ მარტვილთა ცხედრები, მაგრამ „ქუხილნი და ელვანი საშინელნი მეყსა შინა იხილვნეს სახუმილსა მას ზედა ცეცხლისასა“ და მთავარი და მისი მსახურები „დაწუნა და განანქრინნა“; შემდეგ მძაფრი წვიმა გარდამოხდა ზეცით და ცეცხლი დაშრიტა. წმიდანთა უვნებლად დარჩენილი ნეშტი ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს მიწას. მათი ზოგი უხრწნელი ნაწილი ათონზე, პანტელეიმონის რუსული მონასტრის ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ინახება, წმიდა მიტროდორას მკლავი კი წმიდა მთაზევე, პანტოკრატორის სავანეშია დაბრძენებული.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტ. III, თბილისი, 2001 წ.

 

წმინდა მოწამენი მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა -

საქართველოს ახალი მეოხნი

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში მარიამობის მარხვის დამდეგს (14(1) აგვისტოს 2003 წ.) სამთა დათა-მოწამეთა გამოცხადებით შექმნილმა ხატმა, ღვთის ნებითა და განგებულებით, ივერიის მიწაზე ინება შემოსვლა.

2003 წლის ივლისის მიწურულს სანკტ-პეტერბურგის იუბილეზე ქართული დელეგაციაც ჩავიდა, რომლის შემადგენლობაში ჩვენი სასულიერო პირებიც იყვნენ. იუბილის დასასრულს ქართველი სამღვდელონი მორწმუნე მრევლთან ერთად აეროპორტიდან დივეევოს სერაფიმ საროვისეულ სავანეში უნდა გაფრენილიყვნენ ამ წმინდანის დღესასწაულზე დასასწრებად, და აი, თვითმფრინავში ასულებს, ზედ ტრაპთან უცნობი მანქანა მოადგა, საიდანაც ერთი რუსი ცოლ-ქმარი გადმოვიდა. თურმე რა ყოფილა:

1999 წ. ვინმე მორწმუნე გიორგის (სწორედ ამ გიორგიმ გადასცა ქართველებს თავისი დაწერილი ხატი) გამოეცხადა უფლის ანგელოსი და ამცნო, რომ სამთა დათა-მოწამეთა დ მინადორას, მიტრადორასა და ნიმფადორას დ აქვთ სახარებისეული ხუთი ბრძენი ქალწულის დარი მადლი. თუ გინდათ, რომ ქვეყანაში ომები და რელიგიური ქიშპი ჩაცხრეს, ოჯახებშიც მშვიდობამ დაისადგუროს, ხალხმა ერთმანეთი შეიყვაროს, დაწერე მათი ხატი და ილოცეთო.

გიორგის მორწმუნე დედა ჰყოლია, ნადეჟდა (ქართულად, სხვათა შორის, იმედს ნიშნავს). მას 2000 წ. ჩვენი წმინდა მამა გიორგი ათონელი და ვინმე ივერიელი მეფე გამოსცხადებიან (თავად გიორგი ათონელის ხსენების დღეს დაბადებულა). დედამ არ უწყოდა, რომელი მეფე იყო, მაგრამ ეს დავით აღმაშენებელი იქნებოდა, რადგან გიორგი ათონელს უთქვამს, - როგორც ამ მეფის დროს იყო, საქართველო კვლავაც ისევე აღორძინდება და გაბრწყინდებაო და ესეც დაუმატებია, - ხატი ქართველებს გადაეცი, რომ საქართველოში წაბრძანდესო.

ნადეჟდას სიცოცხლეში ორჯერ გამოცხადებია სერაფიმე საროველი და თავადაც ამ წმინდანის ხსენების დღეს, 15 იანვარს (2003 წ.) აღსრულებულა. ხატთან ერთად ჩვენს სამღვდელოებას 3000 ევროც გადასცეს, რომელიც წმინდანთა გამოცხადების შემდეგ ლოცვა-კურთხევით შეუგროვებია ნადეჟდას. გვთხოვეს, ამ წმინდანების სახელზე დედამიწაზე ტრაპეზი არ არის და თუ ტაძარს ვერ ააშენებთ, თავად გადაწყვიტეთ როგორ დახარჯავთო.

ამგვარად ამ სამთა დათა-მოწამეთა ხატი საქართველოში ჩამობრძანდა დეკანოზ ილია ნასიძის ხელით, რაზედაც მან მის უწმინდესობას ილია II-ს მოახსენა. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ეს წმ. ხატი დროებით სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარშია დასვენებული და მისი უწმინდესობის გადაწყვეტილებით ხატმა სრულიად საქართველო უნდა მოიაროს, რათა მშვიდობა მიჰფინოს მას.

კურთხეულ-არს მომავალი ჩვენი ქვეყნისა და ერისა სახელითა უფლისათა. ამინ.

 

ვედრება წმინდა ქალწულთა მიმართ შეეწევა სნეულებს, გაჭირვებულებსა და ტანჯულებს. დაიფარავს მშვიდობას, ააცილებს სისხლისმღვრელ ომებს, მათ შორის, რელიგიური ხასიათისა, ერთა შორის შუღლს, შეეწევა ბედნიერი ოჯახის შექმნასა და განმტკიცებაში.

კონდაკი, ხმა 4

სამებისა წმიდისათვის მხნედ მოღუაწეთა, მრავალმანქანა მტერი იოტეთ, ძმებრთანაშეკრულთა სულითა, ვინა განისვენეთ ხუთთა ქალწულთათანა, ზეცისა სასძლოსა, ღვაწლით შემოსილნო, და ანგელოსთა თანა ყოველთა მეუფისა წინაშე მოუკლებელსა სიხარულსა შინა მდგომარე ხართ.

ლოცვა წმინდანთა დათა-მოწამეთა

მინოდორასა, მიტროდორასა და ნიმფოდორას მიმართ

ჰოი, წმინდანო მოწამენო მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა. მარგარიტნო სარწმუნოებისა და სიწმინდისანო, საშინელთა სატანჯუელთა ქრისტესთვის დამთმენელნო, სიყმაწვილისა თქუენისა არადშემრაცხუელნო და სიმტკიცითა უწყალოთა მტანჯუელთა განმაცვიფრებელნო. თქუენ, სიყუარულითა აღვსილთა დათა, მე მონა ღვთისა (სახელი) სიმდაბლითა შეგივრდებით: ევედრენით უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა ბრძოლასა შინა და ჟამსა მშვიდობისასა დაცუად მოყვასისა ჩემისა და ჩემ ცოდვილისაცა თვისითა გამოუთქმელითა მადლითა. დახსნად ჩუენდა ეშმაკთაგან მყრალთა, სასტიკისა სიკუდილისაგან და უკურნებელისა ჭრილობისაგან, სეტყვისაგან, წყალდიდობისაგან, სენისაგან და სირცხვილეულ-მყოფელისა ტყუეობისაგან. ჰოი, მრავალტანჯულნო ქალწულნო, ლოცვითა თქუენითა მოწყალემან უფალმან დაიფაროს მამანი და დედანი ჩუენნი, ცოლნი და შვილნი, ყოველნი მოყუასნი ჩემნი მწუხარებათა და ვაებათაგან. წარმოჰგზავნიდეს მათ ზედა სიმდაბლესა და მოთმინებასა, და სიყუარულსა მათსა ჩუენდამო განატფობდეს მარადის. მიჰმადლებდეს მათ სამარადისოსა, მხურვალესა ლოცვასა ჩუენისა წარმატებულისა დაბრუნებისათვის სახლსა შინა. ღმერთო მართალო, გვიხსენ ჩუენ უსჯულოებათა და შეცოდებათაგან, ნეფსითთა და უნებლიეთთა. შემეწიენ ჩუენ ღირსებით აღსრულებად ვალისა ჩუენისა - გარეშევზღუდვიდეთ მამულსა ჩუენსა ბოროტისაგან. მომეც ჩუენ ძალი მოგუაქუნდეს კაცთათვის სიმართლე, მშვიდობა და სიყუარული. შენდა, უფალო, დამხსნელო და შემწყნარებელო, დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / რელიგია / წმიდანთა ცხოვრება / წმინდა მოწამენი მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა