გაკვეთილი ოცდამეერთე

 

 დისკები, ფაილების მართვის პროგრამა «ფაილ  -  მენეჯერი»

 

 

     ადამიანს ხშირად უხდება გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეში: მივლინებაში გამგზავრება, სხვადასხვა ქალაქში საქმიანი შეხვედრების გამართვა, კონფერენციებსა და სემინარებზე დასწრება, მოგზაურობა ან სულაც არდადეგებზე წასვლა დასასვენებლად. ამ გადაადგილებების დროს მას სჭირდება: ნაცნობების ტელეფონების ნომრები, მზა პროექტები, იდეებისა და საქმიანი წინადადებების ჩანაწერები, ანუ როგორც ახლა უწოდებენ საქმიანი კეისი, მასალები და თვალსაჩინოებები მოსაუბრეებთან წარსადგენად. ხშირად ადამიანი მეგობარს აწვდის კომპიუტერულ პროგრამებსა და სხვა საჭირო ფაილებს ან არადა თვითონ მოაქვს მეგობრისაგან ასეთი მასალები. ყოველივე ამ საქმიანობისათვის აუცილებლობას წარმოადგენენ ინფორმაციის გარე მაგნიტური მატარებლები. თქვენ ალბათ გსმენიათ ან არადა სულაც გინახავთ: გარე ვინჩესტერი, კომპაქტ-დისკები, ფლეშკები, ფლოპები და მათთაგვარნი. მათი დახმარებით ჩვენ შეგვიძლია კომპიუტერიდან გადმოვიწეროთ საჭირო ინფორმაცია ან პროგრამები და ისინი გამოვიყენოთ სხვა კომპიუტერში ამ ფაილების გადასატანად.

     ამ ოპერაციებს ასრულებს ვინდოუსი. პროგრამა «ბუ-ორში» კი ხმოვანი პროგრამა ფაილ-მენეჯერი. იგი წარმოადგენს ფაილების მართვის ხმოვან პროგრამას. მისი დახმარებით ჩვენ შევძლებთ კომპიუტერიდან გადმოვწეროთ საჭირო ფაილები, გადავწეროთ ისინი სხვა კომპიუტერში და მოვახდინოთ სხვა მსგავსი მოქმედებანი.

  ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე ფართოდ იყენებენ ფლეშკებსა და კომპაქტ-დისკებს. ფლეშკა წარმოადგენს სანთებელას მინამგვან საგანს. კომპიუტერში მის მისაერთებლად სისტემური ბლოკის წინა მხარეზე ამოჭრილია ერთი ან რამდენიმე ოთხკუთხა ბუდე. მას ადვილად მოძებნით ხელით პროცესორის წინა პანელზე. აქ სხვა ბუდეები ასეთი ფორმისა არ არსებობს. როცა ფლეშკას შევარჭობთ ამ ბუდეში,  მაშინ კომპიუტერი იძლევა სპეციფიკურ სიგნალს, რითაც გვამცნობს, რომ ფლეშკა უკვე მიერთებულია. კომპაქტ-დისკებისთვის სისტემურ ბლოკში არსებობს პატარა თაროს მსგავსი დაფა, რომელსაც ჩვენ დავუძახებთ კასეტას. ის პროცესორის შიგთავსშია და გარეთ გამოდის მხოლოდ შესაბამის ღილაკზე თითის დაჭერით. კასეტის გარეთ გამოსვლას ჩვენ შევიტყობთ თანმხლები ხმით. კასეტის გარეთ გამოსაყვანი ღილაკის მოსაძებნად წესი არ არსებობს, ვინაიდან მას შეიძლება სხვადასხვა მდებარეობები ჰქონდეს. უმრავლეს შემთხვევაში, ის მოთავსებულია პროცესორის წინა პანელის მარჯვენა მხარეს, სადღაც შუაში. კასეტის გარეთ გამოსვლის შემდეგ მასში ვათავსებთ კომპაქტ-დისკს და იგივე ღილაკზე დაწოლით შეგვყავს კასეტა სისტემური ბლოკის შიგნით, ან არადა ხელის ოდნავი მიწოლითაც შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ. კომპაქტ-დისკს აქვს ორი მხარე: წაღმა და უკუღმა. კასეტაში წაღმა მხარე ყოველთვის დაბლა უნდა იყოს მოქცეული. ამის გასაგებად კომპაქტ-დისკი უნდა მოვსინჯოთ შუაში მდებარე წრიულ ხვრელთან. წაღმა მხარეს მას აქვს ცოტათი ამოზნექილი წრიული შემაღლება, ხოლო უკუღმა მხარე მთლიანად ერთფეროვნად სადაა. ჩვენს სინამდვილეში პრაქტიკულად იყენებენ უფრო ხშირად ფლეშკებს, ვინაიდან, მას უფრო მეტი ტევადობა გააჩნია: 2, 3, 4, 8 ან 16 გეგაბაიტი. კომპაქტ-დისკის ტევადობა კი გაცილებით მცირეა.

    შევუდგეთ ფაილ-მენეჯერის შესწავლას. მის ჩასართველად გამოიყენება კომბინაცია: კონტროლ+ალტ+ასო ეფი, ხოლო გამორთვა ხდება ალტ+ეფ-ოთხით. ფაილ-მენეჯერი შეგვიძლია ჩავრთოთ პირდაპირ მაშინაც, როცა ჩართულია პროგრამა «ბუ». ამ დროს შეიძლება მოხდეს, ასეთი რამ: ჩაირთოს ფაილ-მენეჯერი და იმ წამსვე გააქტიურდეს «ბუ» ამას გვატყობინებს პროგრამა. დავაჭიროთ თითი კომბინაციას: ალტ+ტაბი. პროგრამა «ბუ» ჩაიკეცება და გააქტიურდება ფაილ-მენეჯერი. კომპიუტერში შეიძლება ერთდროულად ჩართული იყოს ორი ან მეტი პროგრამა, მაგრამ,როგორც წესი, მათგან აქტიურია მხოლოდ ერთი, სხვები კი ჩაკეცილია. მათ გასააქტიურებლად გამოიყენება კომბინაცია: ალტ+ტაბი, გამოძახებული პროგრამა გააქტიურდება და აქტიური კი გადავა მოლოდინის რეჟიმში, ანუ როგორც ამბობენ ჩაიკეცება.

    ფაილ-მენეჯერის ჩართვისას შეიძლება გვემცნოს ხმოვანი შეტყობინება: აქტიურია მარცხენა დაფა, ან აქტიურია მარჯვენა დაფა. ფაილ-მენეჯერის მოქმედების პრინციპი მიაგავს ფაილების მართვის პროგრამა ნორტონ კომანდერს. ფაილ-მენეჯერის გამოძახების დროს ეკრანი გაყოფილია ორ: აქტიურ და პასიურ დაფებად. ერთი დაფიდან მეორეზე გადასვლა ხდება ტაბ-კლავიშით. ასე, რომ თუ გვინდა გავააქტიუროთ რომელიმე დაფა, ვაჭერთ ტაბს და კომპიუტერი გვაძლევს ინფორმაციას რომელი დაფაა აქტიური. თუ ეს დაფა არ გვაწყობს, მაშინ, როგორც ვთქვით ვიყენებთ ტაბს.

     ფაილის გადაწერა ყოველთვის ხდება აქტიური დაფიდან პასიურზე. მოდით,ახლა ვეცადოთ შევასრულოთ ერთი პატარა პრაქტიკული მაგალითი. კომპიუტერიდან ფლეშკაზე გადავწეროთ რომელიმე პატარა ფაილი. შევარჭოთ ფლეშკა სისტემურ ბლოკში. ამ დროს თუ გავიგეთ სპეციფიკური ხმა, მაშასადამე ფლეშკა მიერთებულია კომპიუტერს. გავააქტიუროთ ტაბით მარცხენა დაფა. დავაწვეთ ეფ-ერთ ღილაკს. გამოვა საინფორმაციო ფანჯარა. თუ ჩამოვყვებით ამ ფანჯარას, ქვედა ისრით, მაშინ კომპიუტერი გვიცხადებს: ცე დისკი, დე დისკი, მაგიდა, ქსელი, სანაგვე, კონტროლ პანელი, ბოლოს გამოძახებული პროგრამები, სტარტის მენიუ და ასე შემდეგ. რადგან ტექსტური ფაილები მოთავსებულია დე-დისკზე, დავდგეთ მასზე და გავხსნათ იგი ენტერით. ეკრანზე გამოშუქდება ყველა საქაღალდე და ცალკე ჩაწერილი ფაილები, რომლებიც განთავსებულნი არიან ამ დისკზე. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ფოლდერები გამოცხადდება კატალოგებად. ისრების გამოყენებით მოვძებნოთ კატალოგი «ბუ-ორი» და დავაწვეთ ენტერს. გამონათდება «ბუ-ორის» ძირითადი ქვეფოლდერები: პირადი საქმეები,  ქართული, რუსული და ასე შემდგომ. დავდგეთ ქართულზე და დავაწვეთ ენტერს. გამონათდებიან ქვეფოლდერ-ქართულის ქვეფოლდერები: არქეოლოგია, არქიტექტურა და ხუროთმოძღვრება, ბიოგრაფიები და ასე შემდეგ. ავირჩიოთ არქიტექტურა და ხუროთმოძღვრება. კიდევ დავაწვეთ ენტერს. მარცხენა დაფაზე გაჩნდება იმ ფაილთა სახელები, რომლებიც შედიან არქიტექტურა და ხუროთმოძღვრების ქვე-კატალოგში. ავირჩიოთ მაჩაბელის დავით გარეჯის კლდის მონასტრები. დავდგეთ მასზე და ინსერტ კლავიშით მოვნიშნოთ იგი. ახლა ტაბით გადავიდეთ მარჯვენა დაფაზე და გავააქტიუროთ იგი. დავაწვეთ ეფ-ორს. ახლა უკვე მარჯვენა დაფისთვის გამოვა საინფორმაციო ფანჯარა. ავირჩიოთ ეფ მოხსნადი დისკი, ანუ ჩვენი ფლეშკა. აქ, მოდით და ნუღარ შევალთ სიღრმეში, უბრალოდ ჩვენს მიერ მონიშნული ფაილი გადავიწეროთ ფაილად, რომელიც ფლეშკაზე არსებულ ფოლდერების გვერდით ჩაიწერება, როგორც ცალკე მდგომი ფაილი. ტაბითისევ გადავიდეთ მარცხენა დაფაზე და გავააქტიუროთ. ფლეშკაზე გადაწერისთვის დავაწვეთ ეფ-მეხუთე ღილაკს. კომპიუტერი მოგვცემს შეკითხვას: მართლა გინდათ გადაიწეროთ ცე-დისკიდან ეფ მოხსნად დისკზე ფაილი დავით გარეჯის კლდის მონასტრები? დავადასტუროთ ენტერით და ჩვენს მიერ მონიშნული ფაილიც გადაიწერება ფლეშკაზე. აჰა, სადაც გინდათ წაიღეთ და სხვა კომპიუტერში გადაწერეთ მაჩაბლის წიგნი: დავით გარეჯის კლდის მონასტრები.

    პროგრამა ფაილ-მენეჯერი საშუალებას გვაძლევს წვდომა გვქონდეს კომპიუტერში არსებულ ფაილებთან, ფოლდერებთან და ქვეფოლდერებთან.მისი მოქმედების პრინციპი ასეთია: თუ ვდგავართ აქტიური დაფის ფაილზე და დავაწვებით ენტერს, მაშინ ეს ფაილი გაიხსნება, თუ ვდგავართ კატალოგზე, ანუ ფოლდერზე, ენტერის დაჭერით ვხსნით ამ ფოლდერს, ხოლო თუ ვდგავართ პროგრამაზე, მაშინ ენტერზე დაჭერა იწვევს ამ პროგრამის შესრულების დაწყებას. ქვეფოლდერიდან, იმ ფოლდერზე გადასვლა, რომლის შემადგენლობაში შედის მოცემული ქვეფოლდერი ხდება ბეგსპეისის დახმარებით. წეღან განხილულ ფაილის გადაწერის მაგალითში, ვნახეთ, რომ მარცხენა დაფის საინფორმაციო-სადიალოგო ფანჯარა გამოიძახებოდა ეფ-ერთი ღილაკის საშუალებით, ხოლო ეფ-ორით გამოიძახება მარჯვენა ფანჯრის საინფორმაციო-სადიალოგო ფანჯარა. ეფ-სამი გვიხსნის ფაილს დასათვალიერებლად. ხომ ხდება, რომ ჩვენ დაგვავიწყდა, ან სულაც არ ვიცით რას წარმოადგენს ფაილი, რომლის სახელწოდებაზეც ვიმყოფებით. თუ ეს ფაილი მოთავსებულია ბუ-ორის ფოლდერში, მაშინ ის გამოდის ჩვენთვის ჩვეული სახით და შეგვიძლია წავიკითხოთ. ზოგჯერ კომპიუტერი გვამცნობს, რომ ფაილი გახსნილია ნოტებად. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაილი ჩაწერილია არა ტექსტურ ფორმატში. უფრო სავარაუდოოა, რომ იგი არის ვორდის ფაილი და ჩაწერილია დოკ ფორმატში. შეგვიძლია გადავიდეთ წერის რეჟიმში, კონტროლ ა-თი მოვნიშნოთ იგი და კონტროლ ვ-ესა დაკონტროლ ც-ეს მეშვეობით შემოვიტანოთ ბუფერში. ყურადღება! თუ ეფ-სამით ან ეფ-ოთხით გავხსენით ფაილი, მაშინ მისი დათვალიერების შემდეგ ბუ-ორი უნდა დახუროთ ალტ+ეფ-ოთხით, ვინაიდან ფაილ-მენეჯერში ეფ 3 და ეფ 4 ბუს გაგვიხსნის ახლიდან და გვექნება ბუ-2 ორჯერ გახსნილი და თუ ყურადღება არ მივაქციეთ, ბუ შეიძლება გაიხსნას ცხრაჯერ, ათჯერ და უფრო მეტადაც რაც გადატვირთავს კომპიუტერს. ეფ-ოთხი ღილაკი ფაილს გახსნის შესასწორებლად. შესწორებული ფაილი კონტროლ+შიფტ+ესით გადავაწეროთ არსებულ ფაილს და ასე შევინახოთ. აქტიურ დაფაზე ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სახელის მოძებნის პირველი ასოს მეთოდი, ან საძიებო ფანჯარა, რომლის გამოძახება ხდება კონტროლ+ასო ეფით. დაფაზე მოქმედებენ ღილაკებიც: პეიჯაპი, პეიჯდაუნი, ჰოუმი და ენდი. შიფტ ეფ-ოთხის გამოყენებით აქტიურ დაფაზე შეიძლება შევქმნათ ახალი ფაილი, ამ დროს უნდა ჩავწეროთ სადიალოგო ფანჯარაში ფაილის სახელი თავის გაფართოებით.ეს დაგვჭირდება იმ შემთხვევაში, როცა ფაილს ვქმნით ბუს გარეთა სივრცეში.ახლა გადავიდეთ ეფ-ხუთ კლავიშზე. იგი ახდენს ერთი საქაღალდიდან ფაილის კოპირებას სხვა საქაღალდეში, რომელიც შეიძლება მდებარეობდეს იგივე ან სხვა მაგნიტურ მატარებელზე. გადაწერის დროს ფაილი უნდა მოინიშნოს ინსერტ კლავიშით, რომელიც მდებარეობს სამართავ ბლოკში დელეიტის ზემოთ, ან კალკულატორის ნულოვანი კლავიშით, როდესაც რიცხვები გამორთულია. მონიშვნის შემდეგ ვაწვებით ეფ-ხუთს და ვპასუხობთ გამოსული სადიალოგო ფანჯრის შეკითხვებს. მონიშნული ფაილი სხვაგან გადაკოპირდება თავისი სახელით. ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად მოვნიშნოთ რამდენიმე ფაილი და ისინი გადავწეროთ ერთდროულად. ამისთვის მოვძებნით პირველ ფაილს, მოვნიშნავთ მას, მერე ისრებით მოვძებნით მეორე გადასაწერ ფაილს, მასაც მოვნიშნავთ და ასე შემდეგ. მერე ეფ-ხუთით ერთდროულად გადავწერთ ყველა მონიშნულ ფაილს. ოღონდ ზუსტად უნდა ვუპასუხოთ ხოლმე სადიალოგო ფანჯრის შეკითხვებს. მონიშვნის მოხსნა ხდება მინუს კლავიშით. თუ გვინდა მოვნიშნოთ აქტიური დაფის ყველა ფაილი ამისთვის ვიყენებთ კონტროლსა და პლიუს კლავიშს. მონიშვნის მოხსნას ვაწარმოებთ კვლავაც მინუს კლავიშით. თუ არჩეული გვაქვს კატალოგი (ფოლდერი) მაშინ ეფ-ხუთით სხვა მატარებელზე გადაწერა ხდება მთელი ფოლდერის თავისი შიგთავსით. კიდევ ერთი პატარა ცნობა. როცა ვდგავართ რომელიმე ფაილსა ან ფოლდერზე, მაშინ კონტროლ ცეს გამოყენება ამ ფაილის სახელს და მისკენ მიმავალ ფოლდერების გზას გადაიტანს ბუფერში.

     ეფ-ექვსს ფაილი ან ფოლდერი გადააქვს სხვა მაგნიტურ მატარებელსა ან ფოლდერში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აქტიურ დაფიდან იგი ამოიშლება. პრაქტიკული მუშაობის დროს ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა საჭიროა მოცემული ფაილის ან ფოლდერის სახელის შეცვლა, თუმც ამ შემთხვევაში ფაილის შინაარსი, ან ფოლდერის შიგთავსი არ უნდა შეიცვალოს. აქტიურ დაფაზე ვდგებით სახელის გადასარქმევ ფაილზე, ოღონდაც ძალიან კარგად დაიმახსოვრეთ, რომ ფაილი არ უნდა მონიშნოთ ინსერტით. დავაწვებით კონტროლსა და ეფ-ექვსს. გამოდის სადიალოგო ფანჯარა და გვთავაზობს, რომ ფაილს შევუცვალოთ სახელი. ფანჯარაში ვწერთ ახალ სახელს და ვადასტურებთ ენტერით. თუ ვდგავართ ფოლდერზე, მაშინ იგივე ღილაკები და იგივე ქმედება ფოლდერს უცვლის სახელს.

     ეფ-შვიდი ღილაკის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია აქტიურ დაფაზე შევქმნათ ახალი ფოლდერი. გამოსულ სადიალოგო ფანჯარაში უნდა ჩავწეროთ შესაქმნელი ფოლდერის სახელი და დავაწვეთ ენტერს. დაფაზე ფაილის ან ფოლდერის წაშლა ხდება დელეიტ კლავიშით. და სანამ დავამთავრებდეთ ამ გაკვეთილს ერთხელ კიდევ დავუბრუნდეთ ეფ-მეხუთე ღილაკს.

     გავიხსენოთ, რომ კომპიუტერის ჩართვის შემდეგ, პირველი რაც გამოჩნდება ეკრანზე არის სამუშაო მაგიდა. მასზე გამოტანილები არიან პატარ-პატარა ხატულები, რომელთა მეშვეობითაც სწრაფი გამოძახების ღილაკებით უმალ ვაწყებინებთ პროგრამას შესრულებას. კონტროლ ეფ-ხუთის გამოყენება შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენც დავდოთ სამუშაო მაგიდაზე ჩვენთვის საჭირო პროგრამისა თუ ფაილის ხატულა და მივაწეროთ მას სწრაფი გამოძახების ღილაკების კომბინაცია. სწრაფი გამოძახების ღილაკებს აქვთ, როგორც წესი, შემდეგი სტრუქტურა: კონტროლ+ალტ+ ასოს შესაბამისი ღილაკი. აქტიურ დაფაზე ისრის საშუალებით დავდგეთ იმ პროგრამაზე, რომელსაც ვანიჭებთ ღილაკების კომბინაციას. დავაწვეთ კონტროლ+ეფ-ხუთს. გამოვა სადიალოგო ფანჯარა შეკითხვით: გვსურს თუ არა მივანიჭოთ არჩეულ ფაილს სწრაფი გამოძახების ღილაკთა კომბინაცია. თანხმობას ვადასტურებთ ენტერით. ამის შემდეგ კომპიუტერი გვთხოვს ჩავწეროთ ასო. სადიალოგო ფანჯარაში ვწერთ ასოს (კონტროლისა და ალტზე თითის დაჭერა სავალდებულო არ არის). დავაწვებით ენტერს და ხატულა დაიდება სამუშაო მაგიდაზე. შემდგომში არჩეული პროგრამის გამოძახება ხდება კონტროლ+ალტ+სადიალოგო ფანჯარაში ჩაწერილი ასოს კომბინაციით.

 

 საკონტროლო კითხვები:

 

1. როგორ უნდა გავარჩიოთ კომპაქტ-დისკის წაღმა და უკუღმა მხარეები, როგორ უნდა ჩაიდოს დისკი კასეტაში წაღმა მხრის ზემოთ თუ ქვემოთ მოქცევით?

2. რა ღილაკების საშუალებით ხდება ფაილ-მენეჯერის ჩართვა და გამორთვა?

3. შეიძლება თუ არა კომპიუტერში ერთდროულად ჩართული იყოს რამდენიმე პროგრამა, როგორ ხდება ერთიპროგრამიდან მეორეზე სწრაფი გადასვლა?

4.რა ღილაკი ააქტიურებს მარცხენა და მარჯვენა დაფებს?

5. რომელი დაფიდან რომელზე ხდება არჩეული ფაილის გადაწერა?

6. რა ღილაკებით ხდება ფაილების მონიშვნა, მონიშვნის მოხსნა? შეიძლება თუ არა ერთდროულად მონიშნულ იქნეს რამდენიმე ფაილი?

   7 ფოლდერის გადასაწერად როგორ უნდა მოვიქცეთ: მოვნიშნოთ ფოლდერში შემავალი ყველა ფაილი, თუ საკმარისია დავდგეთ ფოლდერის სათაურზე და ისე ვაწარმოოთ გადაწერა?

   8. რითი განსხვავდებიან ეფ-ხუთი და ეფ-ექვსი ღილაკებით წარმოებული გადაწერები ერთი მატარებლიდან მეორეზე?

   9. როგორ შევქმნათ აქტიურ დაფაზე ახალი ფაილი და ფოლდერი?

   10. რა ღილაკით ხდება ქვეფოლდერიდან ამ ქვეფოლდერის შემცველ ფოლდერზე დაბრუნება?

   11. რა ფუნქციები აკისრიათ ეფ-ერთ და ეფ-ორ ღილაკებს პროგრამა ფაილ-მენეჯერში?

   12. როგორ დავდოთ სამუშაო მაგიდაზე ხატულა სწრაფი გამოძახების ღილაკებით?

 

     დავალება

 

     1. გადაიწერეთ თქვენს კომპიუტერში არსებული თქვენი ნაცნობების ტელეფონების ნომრები ფლეშკაზე.

     2 გადაიწერეთ ქართულის ქვეფოლდერის «პოეზიის» შიგთავსი ფლეშკაზე.

     3. შექმენით ფლეშკაზე ახალი ფოლდერი და ფაილი. შემდეგ წაშალეთ ისინი.

     4. აირჩიეთ რომელიმე ფაილი და დადეთ სამუშაო მაგიდაზე მისი ხატულა სწრაფი გამოძახების ღილაკთა არჩევით.     

5. ფაილ მენეჯერში გადადით სამუშაო მაგიდაზე და წაშალეთ ახლად დადებული იარლიყი დელეიტის დახმარებით.

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ ორის სახელმძღვანელო / 22.გაკვეთილი ოცდამეერთე-დისკები, „ფაილ-მენეჯერი“