ბათიაშვილი გურამ

 სახეები და სიტუაციები            

 

(დრამატურგის ჩანაწერები)

 

1987-2003 წ.

  სიტყვა... შენი დაწერილი სიტყვა... მტანჯველი ფიქრით, ათასგზის განცდით შობილი სიტყვა განიჭებს ძალას, ის გაგხდის უძლიერესად ან ბეჩავად. რამდენ სიხარულს მოგანიჭებს თავის დროზე, თავის ადგილას ნათქვამი სიტყვა. მაგრამ რაოდენ დროულად და ადგილზეც არ უნდა იყოს ნათქვამი, უნიჭო მსახიობს ისიც ძალუძს გული  მოგიკლას. რამდენჯერ ყოფილა: სცენიდან ისმენ შენს დაწერილ სიტყვას და იატაკს დასცქერი, ნატრობ: ოღონდ აქ არ ვიყო,  გინდაც მიწა გამისკდეს და თან დამიტანოსო, რადგან წინ, უკან, გვერდით სხედან ნაცნობები, უცნობები, ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, ქირქილებენ კიდეც ამ უმწეობის გამო. შენ კი ისმენ არა სიტყვებს, ყურს ჭრის კენჭების რაკა-რუკი და ამ წუთში შენზე საცოდავი არავინაა ქვეყნად  -  შენ ყველაზე მიუსაფარი ხარ, ვერავინ და ვერაფერი ვერ დაგიცავს, რადგან შენ თავად ინებე ასე - თავად დასდე თავი საჯალათო კუნძზე. შენი ჯალათი, ისევე როგორც შვების, სიხარულის მომგვრელი, შენს მიერვე დაწერილი სიტყვაა.

  მაგრამ მიხვალ სხვა თეატრში, ნახავ სხვა რეჟისორის მიერ იმავე პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს, ისმენ სხვა, ნამდვილი მსახიობის მიერ წარმოთქმულ იგივე მონოლოგს, იგივე სიტყვებს და... სიტყვა ცოცხალია, სიტყვა სუნთქავს, ფერიცა აქვს, წონაც, სიმსუბუქეც და სწორედ ის დინამიკა, ის განწყობა, რომელმაც შვა სიტყვა, ფრაზა და, რომელიც სიტყვას, ფრაზას თავის ადგილზე და თავის დროზე ესოდენ საჭიროდ წარმოაჩენს­. 

  და მსახიობის მიერ წარმოთქმული სიტყვა კენჭებივით არ ცვივა იატაკზე. ასეთი რამ ხშირად არ ხდება. მაგრამ განა ბედნიერება არის ხშირი სტუმარი?

  აი, თეატრში კარგა ცხოვრებაგამოვლილი ლაშა თაბუკაშვილი. მსახიობის მიერ არასწორი ინტონაციით წარმოთქმული სიტყვა მის მზერაში შეძრწუნებად გაიელვებს. წარმოდგენის შემდეგ კი საბრალო სანახავი იყო. აშკარა გახლდათ, რომ ეს ორი საათი მძიმე გამოდგა მისთვის. ღონეგამოცლილი, არაქათგამოლეული აკვროდა კედელს.

  ,,სოვრემენნიკში» ,,პირისპირ»-ის რიგითი სპექტაკლის შემდეგ დრამატურგი ალ. გელმანი ნახევარ კაცს ჰგავდა, ყოველ შემთხვევაში, ის არ იყო, რაც სპექტაკლის დაწყების წინ  -  სალმიანი, მომღიმარე და მოალერსე.

 

  ყველაზე დიდ მღელვარებას ჩემი პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი მგვრის. აქ ყოველი მსახიობი თავის როლს თამაშობს - ერთი ადამიანის როლს - მე კი ყოველი პერსონაჟის რეპლიკას წარმოვთქვამ, ცხადია, უხმოდ,  გულში. ამ წუთებში ერთი რამ მანიჭებს შვებას - ვიცი, აქვე სადღაც, კულისებში, ან გამნათებელთან სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი დგას. ჩემს დღეშია, იქნებ, ჩემზე მეტადაც განიცდის და სპექტაკლის შემდეგ მართლა გულით გადავეხვევით ხოლმე ერთმანეთს.

  დრამატურგის პროფესია იმითაც არის უმძიმესი, რომ მას აქვს შანსი თავად დაესწროს საკუთარ პანაშვიდს, დასაფლავებასაც კი... დარბაზში შეყრილი ხუთასი, ექვსასი, შვიდასი კაცის გულცივი მზერა, ირონიული ღიმილი დრამატურგის განაჩენია. პოეტს კი, ტახტზე წამოწოლილი, ან სავარძელში მოკალათებული ერთი კაცი კითხულობს. მხოლოდ ერთი კაცია უკმაყოფილო. ასეთი ერთი, შესაძლოა, მრავალი იყოს, მაგრამ პოეტი ყველას ერთად არ უყურებს. და ამდენად საკუთარი თავის დასაფლავების ნახვის შანსიც არა აქვს... ტახტზე წამოწოლილი ლექსებით უკმაყოფილო უხეში კაცი იმ წიგნს მოისვრის, გადააგდებს, მაგრამ თუ ამ უხეშ კაცს სპექტაკლი არ მოსწონს, მოქმედების მიმდინარეობისას წამოდგება და ბრახან-ბრუხუნით დატოვებს დარბაზს. ასეთი რამ მინახავს. მაგრამ დარბაზიდან ქარიშხალივით მოვარდნილი სიცილი, ტაშიც ხომ განმიცდია!

 

***

  ბერგმანი ამბობს: თეატრი თემა და მსახიობიაო.

  სერგო ზაქარიაძის ერთი ხელის ამართვაზე სპექტაკლში ,,როცა ასეთი სიყვარულია» ხომ იყო დამოკიდებული ჩვენი სუნთქვის სიხშირე? ,,ბებიაში» რომ სესილია გაიღიმებდა, ჩვენს გულებშიც ხომ გამოანათებდა მზე? გახსოვთ როგორ აცილებდნენ  ანდარეზს საბრძოლველად ,,ბახტრიონში?» განა, მაშინ ჩვენც არ მივდიოდით საბრძოლველად?

 

***

  1982 წლის 27 დეკემბერი. ნაშუადღევი. ეს-ესაა დამთავრდა მოსკოვის სამხატვრო თეატრის ახალი სპექტაკლის ,,ჯაყოს ხიზნების» გასინჯვა. ჩვენ, თბილისიდან ჩამოსული რამდენიმე კაცი; მედეა ჩახავა, ნანი ჩიქვინიძე, ავთო მახარაძე, კოტე ნინიკაშვილი, სოსო ჭუმბურიძე თეატრის ფოიეში ვდგავართ. Fფოიეში დრო-დადრო მსახიობები ჩამოივლიან და აღფრთოვანებული შემოგვცქერიან ერთ კუთხეში შეყრილ ქართველებს. გამარჯვება აშკარა და იმდენად დიდია, რომ იგი მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილს და თემურ ჩხეიძეს აღარ ეკუთვნით. ყველასია, ყოველი ჩვენგანის, მთელი ქართული მწერლობის, თეატრის.

  აი, ვიქტორ როზოვმა ჩქარი ნაბიჯით, ფუსფუსით გადაჭრა ფოიე, კარს რომ მიუახლოვდა, შედგა, ქურქი კარგად შეიკრა, კოცნა გამოგვიგზავნა და გავიდა. მერე ოლეგ ეფრემოვი ჩამოივლის, თავდახრილი, ფართო და აუჩქარებელი ნაბიჯით ჩაივლის, მობრუნდება, გაგვიღიმებს ხმადაბლა და აუჩქარებლად განაგრძობს გზას.

  ცოტა ხანში ინოკენტი სმოკტუნოვსკი მოგვიახლოვდება, ხელს ჩამოგვართმევს, მოგვეხვევა, მოგვიალერსებს, მოგვილოცავს, თან ხმადაბლა, თითქოს თავისთვის ბუტბუტებს:

   - ... ალბათ, ამის გამო თავი ვალდებულად ჩავთვალე ავთო მახარაძე გამეცნო მისთვის, ეს რუსთაველის თეატრის სწორედ ის მსახიობია, ,,რიჩარდ მესამეში» ამა და ამ როლებს რომ თამაშობს მეთქი.

  ინოკენტი სმოკტუნოვსკი წელში გაიმართა, გაირინდა, ავთოს თვალი თვალში გაუყარა, მერე მოღლილ მზერაში სიხარულმა გაუელვა, სახეზე სიცხოველე დაეტყო და...

  მუხლში მოიხარა სმოკტუნოვსკი, თავი დახარა ავთო მახარაძის წინაშე.   

   -  მე ქედს ვიხრი, მუხლსაც ვიყრი ქართული თეატრის წინაშე. თქვენი როლი კი ბრწყინვალეა, უბრწყინვალესი!

  ეს ისე უცებ მოხდა, მომენტიც ვერ დავიჭირეთ.

  ავთოს ფართო სახე ღიმილმა გააცისკროვნა, უხერხულობა დაეუფლა, დაიმორცხვა. სმოკტუნოვსკი წელში გაიმართა, თვალებში სევდაჩამდგარი გაგვეცალა, თან რაღაცას ჩურჩულებდა  -  თავისთვის, უხმოდ.

 

***

  გოგი ქავთარაძე რამდენადაც რბილი და უშუალოა ყოველდღიურ ურთიერთობაში, იმდენად შეუვალი და კატეგორიულია რეპეტიციაზე. ეს იმიტომ, რომ მტკიცედ სწამს იმისა, რასაც აკეთებს. თუ ბოლომდე არ დაიჯერა, თუ ძალიან საჭიროდ არ  მიიჩნია ამა თუ იმ პიესის დადგმა, ვერ დადგამს. ჩემი ორად ორი პიესა დადგა, მაგრამ ორივე ისე გახმაურდა, ზოგიერთს ჰგონია, ჩემი პიესების დადგმის მეტი არა-რა უკეთებია. (ეგ კია, ,,ვალი» სოხუმში გაიმეორა, ,,შეთქმულება»  -  რუსთაველის თეატრში), თუმცა, სხვა პიესებიც წაუკითხავს ჩემი, მაგრამ სათავისოდ არ მიუჩნევია, იმ პიესებზე კი, რომლებსაც სათავისოდ ვერ დაინახავს, არც საუბრობს  -  ის პიესა მისთვის არ არსებობს.

   ორი მომენტი განსაზღვრავს პიესასთან მის დამოკიდებულებას. პირველი: პრობლემამ უნდა ააღელვოს, აღელვებს კი ის, რაც ძალიან თანამედროვეა, ის, რაც ადამიანებს დღეს ჭირდებათ, დღევანდელობაზე უამბობს და მეორე: პიესა სცენაზე უნდა დაინახოს, ე.ი. უნდა დაინახოს პიესის თეატრალური ფორმა. თუ პიესის პრობლემამ ააღელვა და სცენაზეც დაინახა, არც დღე მოგასვენებს, არც  - ღამე, თვითონ ხომ არ მოისვენებს და არა  -  სახლში მოგადგება, თავს დაგადგება, რომ პაწია ეპიზოდები დაგაწერინოს, ან სათარგმნელი გათარგმნინოს, ვადას ერთ თვეს მოგცემს, ერთ კვირაში კი რეპეტიციებს იწყებს და რაღაც უნდა მიაწოდო.

  კარგად მახსოვს: ,,ვალი» შუადღისას გადავეცი, საღამოს შინ გამომიარეო. მაშინ მამისეულ სახლში ცხოვრობდა  -  წყაროს წყალივით სუფთა და ანკარა ბატონ გიორგისთან, საღამო ხანს მივედი კიდეც. გოგი გადამეხვია და ამით თქვა პიესაზე თავისი აზრი.

   -  მართალია ეს? კაი პიესა დაგიწერია რაცხა!  -  თავისი ოთახიდან გამოდის ბატონი გიორგი. თუ არ ვცდები, თუთუნისფერი ხალათი მოუსხამს, სქელ ულვაშებს ისწორებს, ხელში ჩაის ჭიქა უჭირავს, სამზარეულოსაკენ მიდის,  -  კი მარა, რა არი ეს, არ უნდა წამოვიდეს ქუთაისიდან? არ არის დრო? რატომ, ვითომ, რატო არ უნდა იყოს თბილისში?     

   -  იქ ძალიან სასარგებლო საქმეს აკეთებს, ბატონო გიორგი  -  ვეუბნები.

   -  მერე, არ შეიძლება ეს სასარგებლო საქმე აქ გააკეთებინოთ, თბილისში?!

   -  კიდევ ვის წააკითხე პიესა?  -  მეკითხება გოგი. ამას იმიტომ მეკითხება, რომ მამამისის ნათქვამი გაფანტოს, ყურადღებას ნუ მიაქცევო.

   -  ჯერ არავის, შენ ხარ პირველი!

   -  ძალიან კარგი! დროზე მიეცი კულტურის სამინისტროს და შევუდგეთ მუშაობას.

  მაგრამ პიესა ცენზურამ უარყო, აკრძალა; ,, გაიძახის მთავარი ცენზორი, სახე რომ სხვადასხვა ფერისა აქვს  -  ზოგან ბალღმისფერი, ზოგანაც ჩვეულებრივი  -  ხორცისფერი.

  გოგიმ კი რეპეტიციები დაიწყო. შესაძლოა, რაღაც უსიამოვნება მოხდეს. Uუსათუოდ მოხდება. ასეთ რამეს, ცენზურის უნებართვოდ რეპეტიციის დაწყებას, არ პატიობენ. გოგისათვის პირველსავე დღეს უნდა მეთქვა ცენზურა ნებართვას არ გვაძლევს-მეთქი. ახლა ყოველდღე გვიანდება. ვაჟა ბრეგაძე გულამოვარდნილი დარბის ცენზურასა და სამინისტროს შორის. მოქნილი კაცი იყო ვაჟა  -  ცენზურასთან ლაპარაკი იცოდა. ცენზურის ნათესავი  -  სუკი ქუთაისშიც იყო და გოგის ყველაფერი სცოდნია, მაგრამ ვერ გაუბედეს, ვერ უთხრეს სპექტაკლზე მუშაობა შეაჩერეო. ბოლოს, როგორც იქნა, ცენზურამ ბეჭედი დაარტყა პიესას. მე და ვაჟა გახარებული ვურეკავთ გოგის. ძალიან კარგიო, არც ადრე აღელვებულა, როცა ნებართვას არ გვაძლევდნენ, არც  -  ახლა.

  პრემიერის მეორე საღამოს სპექტაკლის დაწყების წინ კი ფიქრიანად მეუბნება: ,,ყველაფერი მაინც ამ საღამოს წყდება. მოვიდნენ». მივხვდი, ვისაც გულისხმობდა, ვინც მოვიდა ,,ანტისაბჭოთა პიესის» სანახავად. ის ორი საათი, მაყურებლისათვის ტაშისცემის, სიცილ-ხარხარისა და ცრემლის წუთები იყო, მე კი გულგალეული ვიჯექი და ვფიქრობდი რას გადაწყვეტდნენ ჩვენი ბედის გამგებლები. გამარჯვებაში ლომის წილი თავად გოგის მიუძღვის. ჯერ ერთი, მას აქვს საოცარი ნიჭი ადამიანები კეთილად განაწყოს მისადმი, მეორეც  -  მან შექმნა სპექტაკლი ადამიანების სიყვარულზე, გატანაზე, ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების სიხარულზე, საქართველოსადმი ებრაელთა ერთგულებაზე, მან ფაქტიურად ადამიანურ ურთიერთობათა გაუხუნარობის დღესასწაული მოაწყო.

  ხომ ამდენი ხნის ბიოგრაფია აქვს ჩვენს მეგობრობას, მასში მაინც იმდენ ბავშვურ სიცინცხლეს აღმოვაჩენ ხოლმე, გაოცებასა ვარ  -  თითქმის არ არის ადამიანი, რომლისაც არ სჯეროდეს, სჯერა იმიტომ, რომ ადამიანებს ენდობა. ზოგჯერ მოუტყუებიათ კიდეც, მაგრამ ამაშიც სიკეთისადმი მის ერთგულებას უფრო ვხედავ, ვიდრე დამარცხებას, რადგან მომტყუებელი თაღლითად რჩება, ეს კი მაინც გოგი ქავთარაძეა.

  სხვათა ნიჭიერების გამოვლენისათვის შრომა Nნიჭიერი და მართალი კაცის თვისებაა. ნაკლებნიჭიერნი, მაგრამ განსწავლულნი ათას მიზეზს გამონახავენ ნიჭიერების მისაჩქმალავად. სოხუმის თეატრში მისი მუშაობისას რამდენი ჩინებული მსახიობი აღმოვაჩინეთ. რა დამავიწყებს ამ კოჰორტას დიმა ჯაიანით დაწყებული აწგარდაცვლილი ომარ ელერდაშვილით დამთავრებული.

  თხემით ტერფამდე ქართველია  -  გულღია, ალალი, სამართლიანი, როცა საჭიროა, შეუპოვარი, მოალერსეც, დასადგმელად ქართულ მწერლობას ირჩევს, უცხოელების დადგმაც უყვარს, ცხადია, კლასიკა, მაგრამ მთავარი მაინც ქართული მწერლობაა. Aარ არის შემთხვევითი, რომ ქართულ სცენაზე სწორედ მან შექმნა ნოდარ დუმბაძის პერსონაჟთა გვერდაუვლელი სახეები. ნოდარი განა მხოლოდ ბიოლოგიურად იყო ქართველი, ქართული სულიერება მოჰქონდა თან. ასე გადმოდის ყველაფერი გოგის პერსონაჟებში.

 

  ჩემო გოგი, ხომ ამდენი დრო გავიდა, ხომ ამდენი რამ შეიცვალა თეატრში მას შემდეგ, მე დღესაც დიდი სიამოვნებით ვნახავდი შენს სპექტაკლებს: ,,მეთორმეტე ღამეს», ,,რევიზორს», ,,ხიდს», ,,რომეო და ჯულიეტას», ,,შემოდგომის სურათებს», ,,ვალს», ,,ექვს ივლისს», ,,ფსკერზე-»ს, ,,1832»-ს. სიამოვნებით ვნახავდი ,,ვენეციელი ვაჭრის» (ვიცი, მახსოვს, რომ ეს ბატონი დოდოს სპექტაკლია, მაგრამ შეილოკი ხომ შენია!) სინაგოგაში შესვლის და საფინალო სცენებს, მე აღარაფერს ვამბობ კლასიკად ქცეულ სოსოიაზე.

 

***

  არ ვიცი, არის თუ არა ახლა ცოცხალთა შორის, მაგრამ ამ ოცი წლის წინათ, როცა ნაზიმ ჰიქმეთზე დაწერილი წიგნი ,,კვალი» მაჩუქა, იბრაჰიმ ბალაბანი ერთი თხელ-თხელი, ცხოვრებისგან გალახული კაცი გახლდათ. მხატვარს სახეზე ეტყობა, რომ შემოქმედებითი პროცესი მისთვის ტანჯვით ხელახლა დაბადებაა. და აი, ეს კაცი -  ბურსასთან ახლო მდებარე ერთი სოფლელი გლეხი (,,ბევრი ქართველი მყავს მეზობელი და მიყვარს კიდეც გამტანობისა და Pპირდაპირობის გამო»  -  ამბობდა იგი), ჭაბუკობისას ციხეში მოხვდა. თითქოს აირია ცხოვრების გზა, გამრუდდა, მაგრამ ბურსის ციხიდან, სწორედ იმ ციხიდან, რომელშიც ნაზიმ ჰიქმეთი პატიმრობის მტანჯველ წლებს ატარებდა, საქვეყნოდ ცნობილი მხატვარი-პრიმიტივისტი გამოვიდა და დღეს კაცს, რომელმაც წერა-კითხვაც კი არ იცოდა, მთელი ევროპა იცნობს,  როგორც თვითმყოფად  მხატვარს. პირველად ფუნჯი ნაზიმ ჰიქმეთმა დააჭერინა ხელში (თავადაც კარგი მხატვარი გახლდათ).

  საქვეყნოდ ცნობილ პროზაიკოსს ორჰან ქემალსაც ნაზიმ ჰიქმეთმა აპოვნინა ცხოვრების გზა, ასევე ციხეში  -  მოთხრობები წერეო, ურჩია, იმანაც გუბერნატორის შვილიშვილს როგორ გავაწბილებო და ხელში კალამი აიღო.

  იბრაჰიმ ბალაბანი ასე იწყებს ნაზიმ ჰიქმეთზე დაწერილ წიგნს:

  ,,მე ახლაც თვალწინ მიდგას ხელბორკილები... ათასნაირი ხელბორკილი, მე დიდხანს მიტარებია ისინი. ამ წამებაში გაიარა წლებმა, მაგრამ ახლა ხელბორკილებს ვივიწყებ.

  სიზმრების იეროგლიფი...

  ვიდრე პოეტების მამას  -  ნაზიმ ჰიქმეთს შევხვდებოდი, მრუმე სიბნელეში ხელების ფათურით ვეძებდი საკუთარ თავს. პოეტების მამამ იპოვა ჩემი ხელები, იპოვა და ის საქმე მისცა, რაც უნდა ეკეთებინათ თურმე. ამ წიგნს მისთვის ვწერ».

 

  იპოვა ჩემი ხელები და ის საქმე მისცა, რაც უნდა ეკეთებინაო. ეს მიმაჩნია უმთავრესად. აბა, წარმოიდგინე, ჩემო მკითხველო, ყოველი ადამიანის ხელები რომ მხოლოდ იმას აკეთებდნენ, რაც მათეულია, რასაც უნდა აკეთებდნენ, როგორი იქნებოდა ცხოვრება?

  იბრაჰიმ ბალაბანის მიერ ნაჩუქარი ,,ნაზიმ ჰიქმეთი» სახლში მიკიდია, მაგრამ ამ პორტრეტს რომ შევხედავ, არა ნაზიმი, ბალაბანი მაგონდება.

 

***

  სოფიაში მარჯანიშვილის თეატრს ოთხი დღით ჩავასწარი. მარჯანიშვილელთა ჩამოსვლამდე  ბულგარული თეატრის რამდენიმე სპექტაკლი ვნახე და შევფიქრიანდი: სოფიის თეატრების მაღალი კულტურა გასტროლიორ კოლექტივს არც თუ მომგებიან ფონს უქმნის. ამას ზედ დაერთო ისიც, რომ გასტროლების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე სოფიელებს აჩვენეს ფილმი ,,ოტელო» ლოურენს ოლივიეს მონაწილეობით.

  სოფიაში არ მინახავს აფიშა, რომელიც ამ ქალაქში კოტე მარჯანიშვილის თეატრის ჩამოსვლის მაუწყებელი იქნებოდა. როცა ამის გამო ბულგარეთის კულტურის სამინისტროს მუშაკს შევჩივლე, დამამშვიდა, აფიშები გამოკრულია იქ, სადაც საჭიროაო. ასეთი ადგილები მე ვერსად ვნახე, ვგონებ, ამ გარემოებამ მაინც იქონია ზეგავლენა იმაზე, რომ პირველ სპექტაკლებზე დარბაზში თავისუფალი ადგილები იყო. თუმცა, ბულგარეთის თეატრის მსახიობთა კავშირის თავმჯდომარე ვანჩა დოიჩევა ამას იმით  ხსნიდა, რომ საერთაშორისო ფესტივალის გრძელმა მარათონმა გადაღალა მაყურებელი.

  ...ქალქის შუაგულში, ალექსანდრე ნეველის ტაძრის უკან ტყე-პარკი გაუშენებიათ. აქ უზარმაზარი სასტუმრო დგას. სასტუმროდან სულ რაღაც 500 მეტრს გაივლი და თეატრი ,,სოფია» შემოგეგებებათ.

  სწორედ აქ გამოდიოდნენ მარჯანიშვილელები.

  ისე მოხდა, რომ მარჯანიშვილელთა პირველ სპექტაკლს ,,ოტელოს», ვერ დავესწარი. ჩვენი ჯგუფი იმ საღამოს ერთი პაწია ბულგარული ქალაქის -  ხასკოვოს თეატრის სპექტაკლს  -  რადიჩკოვის ,,აურზაურს» უყურებდა.

  მეორე სპექტაკლი ,,ჯაყოს ხიზნები» იყო. თუ ,,ოტელო» ნაცნობი გახლდათ იქაური მაყურებლისთვის და იცოდა რაზეც მიდიოდა, აქ სრულიად უცხო, მისთვის უცნობი პრობლემებისა და ადამიანების სამყაროში შემოაღო კარი.

  მაყურებელთა დარბაზში სამარისებური სიჩუმეა. ათიოდ წუთში იგრძნობდა ადამიანი, რომ დარბაზი გაჰყვა მსახიობებს, რომ ეს სიჩუმე კი არა, სპექტაკლის საფიქრალში ჩაძირული ადამიანების გარინდება იყო. მათს სახეებს ფიქრი აკეთილშობილებდა და აი, ახლა, ამ წუთში, ერთად, ერთ რიტმში სუნთქავენ  სცენაზეც და დარბაზშიც. ამჯერად მაყურებელი სულ სხვაგვარია. იგი შეიპყრო ხევისთავის ტრაგედიამ და როდესაც დაიწყო მარგო-ნანა ჩიქვინიძის აცეკვება, დარბაზში ტაში დაუკრეს. ტაში დაუკრეს მსახიობს, რეჟისორის მიგნებას, მეტაფორული აზროვნების სიცხადეს... მაგრამ ემოციას მაინც ფიქრმა აჯობა და მაყურებელი კვლავ გაირინდა. და აი, ჯაყოსა და მარგოს ბრწყინვალე სცენა საქანელასთან. მისი დაწყებისთანავე იქუხა ტაშმა. აქ კი გაერთიანდა ფიქრი და ემოცია და აშკარა გახდა: სცენაზე მყოფი ადამიანების ცხოვრება წარმართავდა დარბაზში შეკრებილთა გულისცემას.

  ,,ჯაყოს ხიზნების» გამარჯვება პირველი მოქმედების შემდეგ, ანტრაქტშივე გახდა ცხადი. კრიტიკოსი ორლინ სტეფანოვი ანტრაქტზე მომიახლოვდა და მეუბნება:   -  ეს ხმამაღალი ფრაზა ლამის ჩურჩულით თქვა. ძნელია დაივიწყო ის აღტკინება, რომლითაც მაყურებელი სპექტაკლის ბოლოს შეეგება ნოდარ მგალობლიშვილს. ხოლო, როცა დარბაზის სხვადასხვა კუხიდან ტაშს ,,ბრავო, ბრავოც» მოაყოლეს გამარჯვებაში ვგონებ, თავად თემურ ჩხეიძესაც აღარ ეპარებოდა ეჭვი (იგი ხომ მუდამ აზვიადებს საკუთარი სპექტაკლების ნაკლს და ამცირებს ღირსებას).

  მეორე დღისთვის ლალი როსებას ,,პროვინციული ამბავი» იყო დანიშნული.

  ამ საღამოს დარბაზმა მყის გაიგო, თუ რა აწუხებდა დრამატურგს, რეჟისორს, მიიღო ეს პრობლემა. საინტერესოა ერთი გარემოებაც: მას ერთობ ზუსტი რეაქცია ჰქონდა სპექტაკლის ამა თუ იმ ეპიზოდის, განსაკუთრებით გ. გაბუნიას პერსონაჟის მიმართ. და თუ თბილისელი მაყურებელი არ გამინაწყენდება, ამასაც ვიტყვი: უმეტესწილად ეს რეაქცია უფრო სწორი და ზუსტი იყო, ვიდრე ჩვენთან აქვთ ხოლმე.

  შემოდგომის თბილი საღამო იდგა. კრიტიკოს მიროსლავა კორტენსკასთან ერთად სასტუმროსაკენ მიმავალ გზას ფეხით დავადექი. მთელი ნახევარი საათი იგი აღფრთოვანებული ლაპარაკობდა სპექტაკლზე, ნანი ჩიქვინიძეზე. ძალიან აქებდა პიესას და ისიც კი უკვირდა, ოფიციალურმა ინსტანციებმა როგორ მისცეს სცენური სიცოცხლის უფლება ამგვარი სულისკვეთების პიესასაო.

 

 

***

  მსიამოვნებდა, როდესაც ებრაული მუსიკალური კამერული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, უნიჭიერესი ბალომანი, მომღერალი, კომპოზიტორი და რეჟისორი იური შერლინგი მეუბნებოდა, ჩვენი თეატრი დიდად არისო დავალებული თბილისით, ქართული კულტურის მოღვაწეებით, მაგრამ გულახდილად რომ ვთქვა, ნათქვამს სტუმრის თავაზიანობასაც მივაწერდი. იური შერლინგი  -  ერთობ სხარტი გონებისა და რეაქციის, არა პირფერობის, არამედ პირში თქმის სურვილით დამუხტული კაცი, უფრო გვიან გავიცანი, გავიცანი ადამიანი, რომელიც ყოველდღიური შემოქმედებითი ბრძოლით, წვით, შრომით ამკვიდრებს დიდ ხელოვნებას. იგი ხშირად, სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვა სიტუაციაში გამოსთქვამს თბილისისადმი მადლიერებას:

  თეატრს ფული სჭიროდა. ფული კი გასტროლებს მოჰქონდათ. სასტუმრო ,,აჭარაში» შერლინგი, გლუზი, იაშა იავნე (ვგონებ, ეს გვარი მეშლება) და მე დიდხანს ვისხედით, ვბჭობდით. მაშინ ყველაფერი რიგზე იყო, მაშინ აფხაზეთში დიდძალი მეგობრობა მყავდა. ერთ-ერთი ამათგანი იყო გადასარევი პიროვნება, პროფესორი და კულტურის მინისტრი ალექსი არღუნი  -  ძმებივით ვიყავით, ძლიერ გვიყვარდა ერთმანეთი. სასტუმროდანვე დავურეკე, ებრაული თეატრისათვის დახმარება  -  გასტროლების მოწყობა ვთხოვე, ბირობიჯანის ოლქი ამათ გასტროლებს არ უგეგმავს-მეთქი. ეს ის დრო იყო, ყველას სოხუმში რომ უნდოდა გასტროლი.

  რამდენიმე წლის შემდეგ მსოფლიოს ებრაულ კონგრესზე, იერუსალიმში იურა შერლინგი და მე ერთად მოვხვდით, სასტუმრო ,,შაარეი იერუსალიმში» ღამის ორ საათზე მეუბნება ჩამო ქვევით, ლუდზე გეპატიჟები, თან რაღაც უნდა გითხრაო. ჩავედით. ლუდსა ვსვამთ. რა უნდა გეთქვა-მეთქი? ის თუ გახსოვს, სოხუმში გასტროლები რომ გაგვიკეთეო. თავი დავუქნიე, მახსოვს-მეთქი. აი, იმ დღეებში რუსეთის კულტურის სამინისტროში ჩვენი თეატრის გაუქმების ბრძანება დაწერილი იყოო. იურას მზერა გავუსწორე, უსიტყვოდ ვუთხარი აღარ განაგრძო-მეთქი. ახლა მაინც რომ არ მეთქვა არ შემეძლოო, ჩაილაპარაკა. ერთხანს უსიტყვოდ ვსვამდით ლუდს. მერე იურამ თქვა:

   -  მაგრები ხართ ქართველები, ძალიან მაგრები!

  ნეტავ, ახლა სად არი, რახანია არ შემხვედრია!

 

***

  ,,მეტროპოლიტენ-მუზეუმის» გალერეიდან ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკს გადავყურებ. იანვარია. კოკისპირულად წვიმს. გალერეიიდან შევყურებ ცენტრალურ პარკში ამ წვიმაში როგორ დარბის ვიღაც - ერთობ ყოჩაღად მოძრაობს, ხტუნავს... ასეთი სირბილი განსაკუთრებით სჭირდებათ იმათ, ვინც ინტელექტუალურ შრომას ეწევა. ალბათ, ეს კაცი მთელი დღე მაგიდასთან ზის, ფიქრობს, წერს. იქნებ, ერთი იმათგანია, ვინც ,,მეტროპოლიტენ-მუზეუმის» პირველ სართულზე გამოფენილ რელიქვიათა თანამედროვე ვარიანტს ქმნის. ახლა ეს კაცი, სირბილს რომ მოითავებს, შინ მიირბენს, ცხელი წყლით სულს მოითქვამს და ჩაუჯდება ფორმულებს იმ იარაღის შესაქმნელად, რომელიც უფრო სწრაფად მოსპობს, გაანადგურებს ადამიანსა და მის მიერ შექმნილს, ვიდრე ეს დღემდე ხერხდებოდა. აი, ის იარაღიც ამ მუზეუმის პირველ სართულზე რომ არის გამოფენილი, ხომ ადამიანის შექმნილია? აი, არმორსების აბჯარი მე-16 საუკუნისა, ხომ იმისთვის შექმნა ადამიანმა, რომ სხვები გამალებით ეხოცნა, თავად კი თითიც არ გაკაწრვოდა. აი, ამ  იარაღსაც, მეთხუთმეტე საუკუნეში ისევე ქმნიდა ვიღაც, როგორც დღეს ქმნიან ადამიანის სწრაფად, ბლომად, ერთიანად მოსპობის საშუალებებს. ალბათ, ისიც ისევე ვარჯიშობდა დილაობით, როგორც ეს, ცენტრალურ პარკში მორბენალი კაცი. დარწმუნებული ვარ, ერთ დროს ,,მეტროპოლიტენ-მუზეუმში» ისევე გამოჰფენენ ადამიანების, ქალაქების მოსპობის დღევანდელ საშუალებებს, როგორც აი, ეს აბჯარი, ან ეს ნატიფად მოხატული თოფები, ხმლები, ხანჯლები გამოუფენიათ. რა ლამაზი ნაჯახია! ან ეს თოფი ვინ მოხატა ასე? ასე ვინ შეეცადა ესოდენ საამო დასანახი გაეხადა ადამიანის მოკვდინების საშუალება? ან ეს ნაჯახი რისთვის არის შექმნილი? ადამიანი რომ ცქერით დატკბეს, თუ იმისთვის, რომ ადამიანს თავი მოაჭრას? ან აქ რა სჯაბნის, ამ თოფში  -  სილამაზე, თუ  ადამიანის მოკვდინების ძალა?

  ადამიანი არა მხოლოდ ჰკლავს, ადამიანის მოსპობის საშუალებას ასურათხატებს, ალამაზებს. რატომ? აქაც მშვენიერება სწადია? მასში მკვლელი და სილამაზის, მშვენიერების ტრფიალი თანაარსებობს. ალბათ, ასე იყო კაენშიც. შეუძლებელია კაენს არ ჰქონოდა მშვენიერების განცდა: მიწა, ყვავილობა, ნაყოფის გამოღების, სიმწიფის ხანა ის ბუნებისმიერი მშვენიერებაა, რომელსაც უთუოდ შეამჩნევს ადამიანი. მაგრამ როგორც ჩანს, მშვენიერებაზე ძლიერი ადამიანის ვნებაა!  -  ამ შემთხვევაში  -  შური, სიხარბე. კაენში ბუნებისმიერ მშვენიერებას შურმა, სიხარბემ სძლია, თორემ ალბათ, სხვა დროს კაენიც განიცდიდა იმ მშვენიერებას, რომელსაც მიწა ქმნის.

  სილამაზე ეულად რჩება, ადამიანის ვნება ძლევს მას. 

  აქ, ,,მეტროპოლიტენ-მუზეუმში”, პირველ სართულს მეორე სართული ეპაექრება! მეორე სართულზე კლასიკური ფერწერაა, ხელმარჯვნივ დარბაზებში კი თანამედროვე მხატვრები. შაგალის ,,ბაზრის ქუჩა ვიტებსკში” (ბედის ირონიაა  -  შაგალმა უკვდავჰყო ქალაქი, რომელშიც იგი არ უყვართ), მოდილიანი, პიკასო, ხაიმ სუტინი, სხვა მრავალი. ეპაექრება ეს ორი დარბაზი ერთმანეთს. სხვაგვარად არც შეიძლება,  -  ამათ შორის პაექრობა უსათუოდ იქნება, რადგან ერთი-მეორეს გამორიცხავენ, მაგრამ... თუ კარგად ჩავუკვირდებით, სხვაგვარად არის საქმე... ეს მოდილიანები, პიკასოები, თუ სუტინები ძლიერ ქვეყნებში იშვნენ, სწორედ იმ ქვეყნებში, სწორედ იმ დროს, როცა მათი ქვეყანა სხვათა მიერ ძლეული კი არა, სხვათა მძლე იყო. ე.ი. ესენი ერთმანეთს სჭირდებიან? ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი? მაგრამ მაინც... მე რომ ,,მეტროპოლიტენ-მუზეუმის» გამგებელი ვიყო, პირველი სართულის შესასვლელთან დავკიდებდი აბრას წარწერით: ,,აი, რა საშიშია ადამიანი!». მეორე სართულზე კი ასეთ აბრას დავკიდებდი: ,,აი, რა დიდებულია  ადამიანი!».

  P.S. ეს ჩანაწერი ერთი წლის მერე რომ წავიკითხე, აბრების ჩამოკიდების  სურვილი ერთობ პლაკატური მეჩვენა. ,,მეტროპოლიტენ-მუზეუმი” გენიალურთა სავანეა და აბრები რა შუაშია-მეთქი, მაგრამ მაინც არ წავშალე ეს სტრიქონები. ჩემი სურვილის გამო ,,მეტროპოლიტენ-მუზეუმში» აბრას არავინ გამოჰკიდებს, კიდევ იმიტომ არ წავშალე, რომ ალბათ, უნდა დადგეს დრო, როცა ადამიანი განთავისუფლდება სხვა ადამიანის ძლევის სურვილისაგან. სხვათა დათრგუნვის მსურველ კაცს არ უნდა ავიწყდებოდეს: დედამიწის ზურგზე ჯერ არ შობილა უძლეველი მძლევარი.  ყოველი  მძლევარი  ხვალ  ძლეული  იქნება.

 

***      

  ნიუ-იორკის ებრაულ მუზეუმში ერთ სართულზე გამოფენილი ექსპონატები მეორე მსოფლიო ომში ებრაელთა ტრაგიზმზე გვიამბობენ. სამეცნიერო ლიტერატურაში ამ ამბავს შოად-კატასტროფად  მოიხსენიებენ, ანგლო-ამერიკელები კი ხალაკოსტს ეძახიან.

  ხუთიოდე წლის წინათ ვაშინგტონის ებრაულმა მუზეუმმა იმდენად მძაფრი ემოციური შთაბეჭდილება მოახდინა, ისე დათრგუნვილი გამოვედი ამ მუზეუმიდან, რომ  კარგა ხანს ჭმუნვამორეული დავდიოდი ვაშინგტონის მთოვარე ქუჩებში  -  ამით ვიოკებდი ადამიანის აუგად მოხსენიების დიდ სურვილს, ადამიანისა, რომელსაც ძალუძს ამდენი ბოროტების ჩადენა ადამიანის წინააღმდეგ. ნიუ-იორკის მუზეუმი კი უფრო შემეცნებითი ხასიათისაა. იგი არ ცდილობს ემოციურ ზეგავლენას, თავშეკავებულია და ფუნდამენტური თავისი დოკუმენტურობით. ერთი ფოტოსურათის წინ კარგა ხანს ვიდექი: გრძელი ორმოს თავზე გაძვალტყავებული ბიჭუნები ჩაუმწკრივებიათ. თერთმეტი ბავშვი მოჩვენებად ქცეულა. ათიოდე ნაბიჯზე გერმანელი ჯარისკაცები დგანან. ერთი მათგანი რომელიღაც ბიჭუნას თოფს უმიზნებს. ესეიგი მან უკვე ესროლა რამდენიმე ბავშვს, დახვრეტილთ უკვე ორმოში ყრიან. ფოტოობიექტივი ორმოში ვერ იყურება, ამიტომ ვერ ვითვლი რამდენი ბიჭი დახვ-რიტა ამ ყმაწვილმა ჯარისკაცმა. ახლა იმასღა შევყურებთ, როგორ უმიზნებს თოფს ბიჭუნას. თუმცა... გვერდით მდგარი ჯარისკაცები ხარხარებენ, სიცილით იჭაჭებიან ბიჭები! ეს რაღას უნდა ნიშნავდეს? ალბათ, იმას, რომ ჯარისკაცი, რომელსაც ბიჭუნების დახვრეტა დაავალეს (ან დაივალა!), ახალბედაა. კი, ასე უნდა იყოს, უწვერული ბიჭი ჩანს ეს ჯარისკაცი, მიზანში ვერ ახვედრებს და პრაქტიკისთვის ახვრეტინებენ? გვერდით მდგარი ჯარისკაცები, ისე ხარხარებენ, ალბათ, ეს ჯარისკაცი ხან მუცელში ახვედრებს ტყვიას ებრაელ ტყვეებს, ხან ბეჭზე, ხანაც  -  ყვერებში. ჰოდა, ხარხარებენ უკვე დაოსტატებული, ადამიანის მოკვდინებაში გამოცდილი ჯარისკაცები  -  მათ ეს საქმე ძალიან კარგად იციან!    

  ესენი, ებრაელები? დგანან და ელიან როდის მოახვედრებს გულში, ან თავში ის ბედოვლათი ჯარისკაცი. სწადიათ მალე, ძალიან მალე დამთავრდეს ეს ჯოჯოხეთი.

  ჯარისკაცების ხარხარი ყურში ჩამესმის  -  ახალწვეულს დასცინიან: ებრაელები როგორ მორჩილად დგანან, შენ კი მიზანში ვერ ურტყამო. აჰა, ასეთია ეს ერთი ფოტო, რომელიც ფოტოგრაფირების მოყვარულმა დიტრიხმა, თუ ჰანსმა მეგობრებს ,,სამუშაო პროცესში» გადაუღო, მომავალს კი საშინელი მომენტი შემოუნახა.

 

  ფოტოს წინ ტაბლაზე ვჯდები, გაძვალტყავებულ ბიჭებს კვლავ უხმოდ შევყურებ, კვლავ ვითვლი და ფიქრი, ფიქრი, ფიქრი... ხომ შეიძლება რომელიმე ამათგანი გადარჩეს, ტყვია რომ ბეჭში მოხვდება, ერთი ეშმაკობა იხმაროს: ორმოში გადავარდეს, ღამე ორმოდან ამოხოხდეს, ამ ჯოჯოხეთს თავი დააღწიოს (სათავგადასავლო მოთხრობაა? ასეთი რამეც ხომ მომხდარა მეორე მსოფლიო ომის წლებში) და მერე ისრაელში აღმოჩნდეს? აი, იგი სამშობლოშია, ქვეყანაში, რომელიც მას, მის მეგობრებს, ნათესავებს (თუ დარჩა ვინმე ცოცხალი!) ეკუთვნით. შრომობს, იბრძვის, ამ მიწის ყოველ გოჯს ოფლით, სისხლით აპოხიერებს, აშენებს, ქმნის, თავისი, თავისი  შვილების  ქვეყანას.

  გამოხდება ხანი და ქვეყანაში, რომელიც ასე მშვენივრად ააშენეს სიკვდილის ხახიდან გამომძვრალმა ადამიანებმა, ჩადის რომელიმე ზურიკო, ან დათო, ისაკი, ან ბუჭუნა. მოსწონს ეს ქვეყანა, აღფრთოვანებულია. ყოველ საღამოს მასზე ადრე ჩასული ზურიკოები თუ ისაკები ახვევია  თავს, ადღეგრძელებენ, ქეიფობენ, ბედნიერ  აბსორბციას უსურვებენ და აი, ისიც  -  ეს ზურიკო, თუ ისაკი  -  იწყებს ცხოვრებას, გადის დრო, რაღაცას ვერ ეგუება, რაღაც არ მოსწონს, ბუზღუნებს, მერე იგინება,  მერე ამ ქვეყანას აძაგებს, ეს რა კანონებიაო, ერთი ამათიცაო...

  ამასობაში ის სიკვდილის  ხახიდან  გამომძვრალი ყმაწვილი, რომელმაც ეს ქვეყანა ააშენა, დაბერებულა, ძალა გამოლევია და გაოგნებული შეჰყურებს ადამიანებს, რომლებიც არ ხარობენ იმით, რაც მან შექმნა.

 

***

  ამ ათი წლის წინათ, იქნებ, უფრო ადრეც, პოლიკარპე კაკაბაძის მშობლიურ სოფელში ყოფნისას, ვგონებ, ჩავხვდი ,,ყვარყვარეს”« სიდიადის არსს. პოლიკარპე კაკაბაძე თავისი კუთხის, სოფლის ხალხს აყურადებდა, მასში ჰპოვა ის ხალხური სიბრძნე, რომელმაც ვირეშმაკა ყვარყვარე დაახატვინა. დიდი ნიჭის პატრონი გახლდათ პოლიკარპე კაკაბაძე, მასში სიბრძნე სძლევდა ემოციას, ანალიზი წამიერ განცდას, მეხსიერებაში აღბეჭდილი, სულში განფენილი სურათები, ხასიათები, სახეები, ისეთი სიბრძნით აამეტყველა, რომ ქართულ მწერლობაში სრულიად ახალი  რეალობა  შექმნა.

  უშანგი ჩხეიძის სოფელში ვარ, იმ ადამიანებში ვტრიალებ, რომელთა შორის უშანგი იშვა. ვუსმენ სოფელ ფუთის მცხოვრებთა საუბარს, მეტყველების მანერას, სიტყვა-პასუხის  რიტმიკას და ერთობ ნაცნობი  ინტონაციები  ჩამესმის ყურში  -  უშანგის ყვარყვარეს სიდიადის სათავეც ის არის, რაც პოლიკარპე  კაკაბაძესი  -  უშანგიმ მშობლიური, ხალხური ინტონაციები, სახე-ნიღბები გააცოცხლა სცენაზე.

  დავაკვირდეთ მისი და მისივე სოფლელების მეტყველებას, ჟესტიკულაციას, პლასტიკას. უშანგის ყვარყვარე არ მინახავს, მაგრამ ფოტოებით, ხმით, ჩანაწერების ინტონაციით მისსავე მოძრაობასაც ვხედავ, იმასაც კი, თუ როგორ იმზირება. და ყველაფერი ეს ერთობ მშობლიურია, მიწიდან  ამოზრდილი.

  ლიტერატურიდან ვიცით, ყვარყვარე ალ. ჟორჟოლიანს უნდა ეთამაშნა, ავად გახდა, პრემიერა კი დანიშნული იყო, მარჯანიშვილი აღარ დაელოდა ჟორჟოლიანის გამოჯამრთელებას და თითქმის მზა სპექტაკლში უშანგი ჩხეიძე ,,შეაგდო»”. ხუთ დღეში როლის მომზადება? და თანაც გენიალურად? არა, ცხადია, წარმოუდგენელია, მაგრამ თუ გარემომცველი სამყარო ასე ცოცხლად აღბეჭდილა შენს მეხსიერებაში, თუ ნიჭით ისე ხარ სავსე, როგორც უშანგი, თუ როლი ისეა დაწერილი, როგორც პოლიკარპე წერდა ყვარყვარეს და რეპეტიციას კოტე მარჯანიშვილი ატარებს, შეუძლებელიც კი შეიძლება: ესეიგი ყველაფერი იყო, ვიღაცას სული უნდა შთაებერა მოზელილი თიხისათვის. თიხა კოტე  მარჯანიშვილმა  აამღერა. 

 

***

  რომი... მისი კეისრები, მეომრები შიშის ზარს სცემდნენ ქვეყნიერებას. ევროპის, აზიის ბევრ კუთხეში იქნიეს ხმალი, ბევრი ქვეყანა გააცამტვერეს, სამეფოები დაამხეს.

  ძლიერი  იყო,  მძლეთამძლე!

  დღეს კი ვხედავ იმას, თუ როგორ შეიძლება ადამიანებმა სამასხარაოდ აქციონ თავისი ქვეყნის, ხალხის დიდი ისტორია:

  რომს უამრავი ადამიანი სტუმრობს. ბუნებრივია, ყოველი მათგანი კოლიზეუმისაკენ გარბის  -  იმპერიის დიდების ამ უტყუარი ძეგლით იწყებს რომის დათვალიერებას. ცხოვრების ამაოებაშიც აქვე, კიდევ ერთხელ დარწმუნდება. პანისტერნის ქუჩიდან, სადაც ვცხოვრობ, კოლიზეუმი ათი-თხუთმეტი წუთის სავალზეა. აჰა,  მიადგები ამ ბებერ კედლებს და თითქოს თვალებში შესცქერი ქვეყნიერების საჭეთმპყრობელთ ოცი საუკუნის წინ აქ რომ დააბიჯებდნენ  -  მათი გამგმირავი მზერა, ერთი შეძახილი ათასობით ადამიანს მოუსწრაფებდა სიცოცხლეს. აგერ, აქ არის ისტორია, ამ კედლებთან, ამ  ლოჟებში.

 

  თუმცა... აქვე არის გამასხარავებული, გაბრიაბრუებული ,,გრძნობა” ისტორიისა!»

  დღეს კოლიზეუმის კედლებთან რომის მბრძანებელ კეისართა, პატრიციათა  როლებს უნიჭო რომაელები თამაშობენ. ანტიკური ხანის სამოსში მორთული დღევანდელი ,,კეისრები» კოლიზეუმის კედლებთან დგანან, რომაელ პოეტთა ლექსებს წამღერებით წარმოსთქვამენ, შუბებს უგერგილოდ იქნევენ, ,,კეისრის» ბრძანებებს მუქარით გასცემენ, მერე გვერდში დაგიდგებიან რათა  -  ,,კეისართან” სურათის გადაღებით ბედნიერგყონ, სურათის გადაღების შემდეგ კი: 

   -  ერთი  დოლარი  ხომ  მეკუთვნის?  -  ხელს  გიწვდის  ,,კეისარი”.

   -  ერთი  კოკა  დამალევინე!  -  იღმიჭება  `რომაელი პატრიციუსი».

   -  ერთი  სენდვიჩი  არ  უნდა  მიყიდო?!

  ამ ათიოდე წლის წინათ ასე არ იყო. ათიოდე წლის წინათ გამათხოვრებული კეისრები კოლიზეუმთან არ მინახავს. როგორც ჩანს, აქაც, რომშიც იკარგება ღირსება.

 

***

  ერთ პაპანაქება დღეს მსოფლიოს კათოლიკური ეკლესიის გულისგულში  -  რომის წმინდა პეტრეს ტაძარში  -  კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იუდეველებსა და ქრისტიანებს იმდენი რამ აქვთ საერთო, ერთმანეთისადმი პატივისცემით უნდა იყვნენ გამსჭვალულნი. ჭეშმარიტ ქრისტიანთაგან, იმათგან, ვისაც ღმერთის რწმენა გულში ჩაუბეჭდია და არა ენის წვერზე, ასეც მიგრძვნია  -  არა ბოღმა, სიძულვილი იუდეველთადმი,  ღრმა  პატივისცემა.

  იმ დღეს კი, ვატიკანის მუზეუმი კიდევ ერთხელ რომ მოვიარე, უკვდავთა სავანეში  -  სიქსტის კაპელაში  -  მოკვდავთათვის დათმობილი ნახევარი საათი რომ გავლიე, ახლა კი მიბრძანდითო, გვთხოვეს. გამოსასვლელთან ხელმარჯვნივ, სულ ათიოდე ნაბიჯზე წმინდა პეტრეს ტაძარში შესასვლელია. შევედი. ხვალ კათოლიკური დღესასწაული ყოფილა. კარდინალი ქადაგებს. გატაცებით ლაპარაკობს. ჟეს-ტიკულაცია მის საუბარს ხატოვნებას მატებს. ტურისტებსა და მლოცველებს, სმენად რომ ქცეულან, კარდინალისაგან ხავერდშემოკრული მსხვილი ზონარი ჰყოფს. მლოცველებისაკენ გავემართე, მათ შორის ჩავჯექი, აუჩქარებლად ვათვალიერებ ყველაფერს: რაოდენ შთაგონებული სახეები აქვთ ადამიანებს. Nნეტარება აღბეჭდვიათ სახეზე. ლოცვით მოგვრილი ნეტარება! გულით მლოცველი, სადაც არ უნდა იყოს იგი, წმ. პეტრეს ტაძარში, სვეტიცხოველში, იერუსალიმის დიდ ბეით-ქნესეთში (სინაგოგაში), თუ ომერის მეჩეთში, კეთილისმსურველია. ვინც ყოველდღე გულით ლოცულობს, სისხლს არ დაღვრის, ბოროტებას განერიდება, ყოველთა კეთილისმყოფელი და მეგობარია. უბედურნი ისინი არიან, ვისაც ერესი ჩაუჯდება სულში, ასეთნი კი, სავალალოდ, ყველგან არიან  -  აქაც  -  რომში, მექაში, თუ  სხვაგან.

  კარდინალმა ქადაგება დაამთავრა, სავარძელში ჩაჯდა. გუნდმა გალობა დაიწყო. დიდებულად გალობენ. რაღაც გაჩხაკუნდა, აი, ეს ქალი, ჩემს გვერდით რომ იჯდა, თუნუქის კოლოფს აჩხაკუნებს, უფრო სწორად, თუნუქის კოლოფში ჩაყრილ ხურდა ფულს. წამოდგა, პირველი რიგისაკენ გაემართა, ადამიანებს თუნუქის კოლოფს უწვდის. ადამიანები კი მასში ფულს ყრიან  -  ზოგი ქაღალდისას, ზოგი  -  ლითონისას.

  ცედაკა ანუ ქველმოქმედება, ღარიბ-ღატაკთა შეწევნა!

  ეს ხომ ჩემი ბავშვობის სურათია! ყოველი ლოცვის დამთავრების შემდეგ ბეით-ქნესეთის მსახური წამოდგებოდა, ასეთივე ყუთით მლოცველთა შორის ჩამოივლიდა და ღარიბ-ღატაკთათვის შეწირულებას ისევე აგროვებდა, როგორც ახლა აქ, რომის წმ. პეტრეს ტაძარში ეს ქალი აგროვებს. ასე იყო ჩემი ბავშვობის დროინდელ სენაკში, ბანძაში, ფოთში. ბანძაში, დღეს ებრაელები აღარ არიან, აღარც სენაკში არიან თითქმის. რომში კი ისევე, იმნაირივე ყუთით აგროვებენ შემოწირულობას, როგორც სენაკელი, ბანძელი ებრაელები აგროვებდნენ. დღეს თბილისის ბეით-ქნესეთიც ასე აგროვებენ შეწირულობას.

  ოცი საუკუნის წინათაც, როცა რომაელები ჯერ იუდაიზმს ებრძოდნენ, იერუსალიმს მიწასთან ასწორებდნენ, მერე ქრისტიანებს ხდიდნენ სულს, ებრაელები ასევე აგროვებდნენ შეწირულებას, როგორც ახლა ეს კათოლიკე ქალი.

      P.შ. Pდაახლოებით ერთი საათის შემდეგ წმ. პეტრეს ტაძრის სარდაფის სართულში, გამოფენილ მცირე ქანდაკებებს სტატუებს რომ ვათვალიერებდი, ასე ჩინებულად მოქადაგე კარდინალს შევეფეთე, ძლიერ მეწადა მასთან მესაუბრა იმაზე, რაც განსხვავებული რწმენის ადამიანებს აახლოებთ, კარდინალს უკვე ტანსაცმელი გამოეცვალა, ხელში ავტომანქანის გასაღებს ათამაშებდა და გასასვლელისაკენ ჩქარი ნაბი-ჯით  მიეშურებოდა. ეგრეც არ ყოფილიყო, რომელ ენაზე გავესაუბრებოდი?

***

  ბადრი გოგია ისეთი რომანტიკოსია, იმდენად ღვთისნიერი, ადამიანის მოყვარული, ვერც დაიჯერებ თუ ჯოჯოხეთი ნახა  -  სოხუმში დატრიალებული ტრაგედიის ერთი პერსონაჟი ბადრი გოგიაცაა -  თავად შესცქეროდა ადამიანის გაველურება-გაპირუტყვებას. ვერ დავიმახსოვრე ამ ჯოჯოხეთიდან  -  ალყაშემორტყმული სოხუმიდან პარიზში  როგორ ამოჰყო თავი. შვიდი წელია პარიზში ცხოვრობს, სორბონას უნივერსიტეტში ისწავლა, ხარისხი  ძველი კოლხების თაობაზე დაიცვა. კვლავაც აგრძელებს ამ თემის შესწავლა-დამუშავებას, თან სასტუმროში მუშაობს. ხელფასის დიდ, ძალიან დიდ ნაწილს სორბონას უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში იხდის, უმცირესი ნაწილით თავს ირჩენს  -  ამ ბიჭისადმი დიდი პატივისცემით იმიტომ განვიმსჭვალე, რომ რა თანხითაც ის პარიზში თავს ირჩენს (და ერთობ კარგ გუნებაზეც არის!), იმდენ ფულს ჩვენი ბიზნესმენი ბიჭები ერთ დღეში სულ უბრალოდ ანიავებენ, ისე რომ  არც  კი  ახსოვთ,  რაში  დახარჯეს.

  ამავე საერთო საცხოვრებელში ერთი მუდამ მომღიმარი, კანთეთრი და ძვალმსხვილი გოგონა ცხოვრობს. ფრანგია, ოცდაერთი წლის და ვგონებ, ბადრი ძლიერ  უყვარს.

   -  ხომ იცი, ბადრი ქართველია, ხვალ-ზეგ თავის  სამშობლოს  დაუბრუნდება,  შენ  რას  იზამ?  -  ვეკითხები.

   -  მეც საქართველოში წამოვალ!  -  მყისვე მპასუხობს, ისე მპასუხობს, ეჭვიც არ  მეპარება  საქართველოში  კიდევ  ერთი  ფრანგი  რძალი  ჩამოვა.

  უკვე გითხარით, ბადრი ერთობ ხელმოკლედ არის-მეთქი. ალბათ, ასევე იყვნენ უცხოეთში სტუდენტობისას ჩვენი დიდი მეცნიერები, პოლიტიკური  ემიგრანტები.

  რისი გაკეთება შეუძლია ბადრის საქართველოსთვის? მე ვგონებ, ძალიან  ბევრის  -  ქართველი ჭაბუკი  ღირსეულად  რომ  მოიქცევა უცხოეთში, მაგისტრიც  რომ  გახდება,  ესეიგი  კარგად  მიდის  საქმე.

  ამაზე  მეგრულად  ვლაპარაკობდით  იმ  დღეს  სორბონას  უნივერსიტეტის  საერთო  საცხოვრებლის  ერთ  პაწია  ოთახში.

  მეგრული  ბაასი  კარგა  ხანს  გაგრძელდა.

***

  თუ ,,ვენეციელ ვაჭარს” იცნობ, წყალთა საუფლო ქალაქში  -  ვენეციაში  -  ეულად არ უნდა იგრძნო თავი. რკინიგზის სადგურიდან გამოსული გემტროლეიბუსში რომ ჩაჯდები, რამდენიმე წუთში გაჩერება ,,რეალტოს მოედანს» მიადგები.

  გამცილებელმა ,,რეალტოს მოედანი” რომ გამოაცხადა, ლამის შინ ვიგრძენი თავი, თუმცაღა, ორიოდ საათის ჩასული ვიყავი ვენეციაში - აქ დადიოდა შაილოკი აქ, ამ, მოედანზე საქმიანობდა ვენეციის ებრაელობა. არა მხოლოდ ებრაელობა. გახსოვთ ალბათ, ანტონიოზე რომ ამბობს შაილოკი რეალტოზე რომ გავიდოდი, დამცინოდაო. ქართულ სცენაზე მე ერთი შაილოკი მინახავს  -  გოგი ქავთარაძე. იგი ამ ფრაზას ძლიერი კაცის ისეთი ბრაზით წარმოსთქვამდა, ისეთი ინტონაციით, თითქოს ვხედავდი შექსპირისეულ ვენეციას, რეალტოს მოედანზე მეგობარ ვაჭრებში ჩამდგარ ანტონიოს, შაილოკს რომ დასცინოდა.

  შაილოკს მიუსაფარი, შეურაცყოფილი კაცის გრძნობა ამოქმედებს. ამას ვერ ხედავს ბევრი და შაილოკი პირსისხლიან პერსონაჟად ესახებათ. არა, იგი ღირსეული კაცია. ცხოვრობს თავისი დროის ზნეობრივი კატეგორიებით: აღებ-მიცემობას ეწევა, ოჯახს ღირსეულად აცხოვრებს, შვილს ზრდის. მევახშეობა? ეს მისი დროის ყოფის, ზნეობის შემადგენელი ნაწილია.მევახშეობა მასზე უფრო ადრე მოიგონეს ადამიანებმა და ურთიერთობის საუკეთესო ფორმად მიიჩნიეს -  ვაჭრები ვალს სარგებლით იღებენ, რათა ,,საქმე დაიწყონ»,  მოგება  ნახონ.

  წარმოვიდგინოთ გამდიდრებული ანტონიო:  როგორც კი ფულს მოიგდებს ხელთ, გახდება თუ არა მევახშე? საეჭვოა,მაგრამ როგორ მოექცევა იგი ადამიანს,  რომელიც ვალს  არ  დაუბრუნებს? მჯერა, თავისას არ დათმობს.

  კათოლიკე ანტონიოს იუდეველ შაილოკისადმი დამოკიდებულებაში მთავარი, წარმმართველი კონფესიური ურთიერთობაა და არა ის, რომ შაილოკი მევახშეობასაც ეწევა (ამით თავადაც კარგად ისარგებლა). ანტონიო ისე ექცევა შაილოკს, როგორც  კათოლოკური სამყარო ექცეოდა ებრაელობას. ეს ხომ კათოლიკური შეუწყნარებლობის ეპოქაა. სულ ახლახანს იყო - ესპანეთიდან გუშინ, გუშინსწინ აჰყარეს ებრაელობა. ეს იცის ანტონიომ  - ამ ჩვეულებრივმა, მეგობართა მოყვარულმა რასისტმა და შაილოკის შევიწროებით, აბუჩად აგდებით იმათ ეხმიანება, ვინც გუშინ, მეზობელ ესპანეთში ებრაელობას არბევდა. დღეს იგი დარბევის თავსეულ ფორმას მიმართავს. ეს ახელებს შაილოკს და ანტონიოს ცხოვრების არაადამიანურ წესს იარაღად, თავდაცვის საშუალებად ასევე არაადამიანურ პირობას წაუყენებს. ეს არის შეურაცყოფილი, მიუსაფარი კაცის იარაღი რასისტის წინააღმდეგ.

  თუმცა, ისა სჯობს წყალში მდგარ ქალაქს მივუბრუნდეთ  -  დოჟების სასახლიდან რეალტომდე ფეხით მიმავალ კაცს, ისედაც ბევრი რამ საინტერესო გხვდება:

  თუ პარიზში კითხულობ ესა და ეს ქუჩა სად არისო, მოგიგებენ ამდენი და ამდენი კვარტალი უნდა გაიაროო, ნიუ-იორკში გეტყვიან, ამდენი სტრიტიო. ვენეციაში? ვენეციაში რა არის მანძილის საზომი, ორიენტირი?

   -  აი, ოთხ ბრიჯს (ხიდს) გადაივლი, ხელმარჯვნივ მოუხვევ და სინაგოგაც იქვეა! სინაგოგა გეტოშია. გეტო ვენეციის იმ უბანს ერქვა, რომელშიც იარაღის ქარხანა იყო. ლუკმა-პურის მძებნელმა ებრაელებმა იარაღის ქარხანას მიაშურეს, აქ მუშაობდნენ და მის ირგვლივ დასახლდნენ. ასე მოექცნენ ებრაელები პირველ  გეტოში.

 

***

  ხშირად მითქვამს, დამიწერია კიდეც (არა მხოლოდ მე, სხვებსაც!), რომ ქართველი ებრაელობა ორმაგი ცნობიერებისაა  -  ქართული და ებრაული, ებრაული და ქართული ცნობიერების. აკაკი ბაქრაძემ ამას ჩემს პიესაზე  - ,,ვალზე”« დაწერილ წერილში ,,გახლეჩილი  გული”  უწოდა.

  26 საუკუნოვანმა თანაცხოვრებამ შვა ეს ორმაგი ცნობიერება.

  მაგრამ მე მეუბნებიან და სავსებით  სამართლიანადაც:  26 საუკუნის წინათ სხვა ქვეყნებშიც მივიდნენ ებრაელები, იქაც ამდენი ხნის თანაცხოვრების ისტორია აქვთო.  სწორედ რომ ასეა! მაშ, რაღაშია საქმე?

  ალბათ, ქართველთა ეროვნულ ბუნებაში  -  გახსნილი,  ლირიული.

  ამასწინათ, ამერიკიდან დაბრუნებულმა ერთმა ებრაელმა ახალგაზრდამ საინტერესო დაკვირვება  გაგვიზიარა:

   -  იქ ჩემი თანატოლი ებრაელები ჯერ ამერიკელები არიან, მერე - ებრაელები. 

  1995 წლის ივნისის ერთ ცხელ დღეს დაახლოებით იგივე მითხრა იცხაკ რაბინმა - ისრაელის  მაშინდელმა  პრემიერმა:

   -  თქვენ  უწინარესად,  საქართველოს  მოქალაქენი უნდა  იყოთ,  შემდეგ  კი  -  ებრაელები.

  საქართველოს მოქალაქე  -  საქართველოს ინტერესების დამცველი, მისი სიკეთისათვის  მებრძოლი  -  ამას  გულისხმობდა  აწგანსვენებული  პრემიერი.

  ასე მგონია, ქართველი ებრაელობა მაინც განსხვავებულია: მისთვის იქნებ, გაუცნობიერებლადაც კი, არ არის მთავარი და მომდევნო. იგი თავისი ბუნებით ისევეა  ებრაელი,  როგორც  ქართველი,  ისევეა  ქართველი,  როგორც  ებრაელი.

  ეს ორმაგი ცნობიერება აქაც, საქართველოში და იქაც, ისრაელში ერთნაირად ვლინდება.

  1993 წელს იერუსალიმში საერთაშორისო ებრაული სააგენტოს გენერალური ასამბლეა ტარდებოდა. ერთ-ერთ მომხსენებლად გახლდით მიწვეული. გენერალური ასამბლეის საზეიმოდ გახსნის ცერემონიალი გრანდიოზულ ,,ბინიანეი ჰაუმას”  -  ერების სასახლის დიდ დარბაზში მოეწყო. გახსნაზე რომ მივედი, სასახლის თავზე იმ სახელმწიფოების დროშები დავინახე, რომლებიც ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდნენ. გულახდილად რომ ვთქვა, ამ დროშებისადმი დიდი ინტერესი არ გამომიჩენია, მათს შორის საქართველოს დროშას არ ველოდი  -  1993 წლის ოქტომბერი იდგა, გაჭირვების, სისხლისღვრის, ომის გეენიაში ჩაფლული საქართველო ვის გაახსენდება-მეთქი, მაშინ ჩვენი დამოუკიდებლობა ერთობ ფერმკრთალი იყო. მაგრამ მოულოდნელად საქართველოს დროშას მოვკარი თვალი, მეჩვენება-მეთქი, ვიფიქრე (საღამო ხანი, ბინდ-ბუნდი იდგა) კარგად დავაკვირდი. კი, ბელგიის დროშის შემდეგ საქართველოს დროშა ეკიდა, მერე იყო დიდი ბრიტანეთის დროშა.

  სუნთქვა შემეკრა, გული ყელში მომებჯინა, თავი დავიოკე, რომ ამოდენა ხალხში ცრემლი არ მომრეოდა  -  საქართველოს სახელმწიფოებრიობა სწორედ აქ, წმინდა  მიწაზე კიდევ უფრო გავაცნობიერე და ეს განსაკუთრებით აძლიერებდა ჩემს მღელვარებას  -  ჩვენ  მაინც  სახელმწიფო  ვართ!

 

  ასევე ვიოკებ ხოლმე თავს, როცა ,,ჰათიკვას” -  ისრაელის ჰიმნს ვისმენ. ჯერ არ მახსოვს შემთხვევა, ისრაელის ჰიმნის მოსმენისას გულგრილად ვიდგე ფეხზე. ღმერთმა ნუ ქნას, ამ დროს ვინმე გამომელაპარაკოს  -  პასუხის გაცემას ვერ მოვახერხებ, კიდეც გავცე, ხმა მღელვარებისაგან გაბზარული, მექნება!

  არ მსმენია ჰიმნი, რომელიც ასე გამოხატავდეს ხალხის ოცნებას, სულისკვეთებას. სწორედ რომ ოცნებას და სულისკვეთებას! ისიც ნიშანდობლივად მიმაჩნია, რომ ამ ჰიმნის შემქმნელიც ერთობ უბრალო ადამიანი იყო. განსაკუთრებით ლექსის ავტორი  -  ძალიან უბრალო კაცი ყოფილა  -  ლამის მშიერი, დაბა-დაბა მოსიარულე, და აბა, ამაზე უკეთ ვის ეცოდინებოდა თუ რაზე ოცნებობდა ებრაელი ხალხი.

 

***

  ზვიად გამსახურდია უზენაესი საბჭოს თავჯდომარედ ახალი არჩეული გახლდათ, თავისთან რომ მიხმო. შევაღე თუ არა კარი, გაბრაზებულმა მკითხა:

   -  გურამ,  რა  ხდება,  რატომ  ამბობენ,  რომ  მე  ებრაელობა  მძულს!

  ამ ჯიქურ შეკითხვაზე სხვა ვერაფერი ვუთხარი გარდა იმისა, რომ სწორი ხართ,  ამბობენ  მეთქი.  წამოდგა,  ჩემსკენ  გამოემართა  და  მეკითხება:

   -  მერე  შენ  რას  ეუბნები  იმ  ხალხს,  ვინც  ამას  ამბობს?

  მიტინგებზე ხშირად არ დავდიოდი, მაგრამ ორიოდ მიტინგზე ვყოფილვარ, პირადი საუბრებიც მქონია მასთან, ებრაელებზე ნათქვამი აუგი კი არასოდეს გამიგია. ასეც  მივუგე.

  ტახტზე  მიმითითა,  მოდი,  აქ  ჩამოვჯდეთო.

   -  ნუთუ,  შენ  არ  იცი  რა  გავაკეთე  მე  ქარელში? გამიგია-მეთქი,  მივუგე.

  1989 თუ 90 წელს ქარელში ქართველთა და ებრაელთა შორის რაღაც უსიამოვნება მომხდარა. მაშინ, იმ  წლებში ზ. გამსახურდია (განსაკუთრებით 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ), ფაქტიური გამგებელი იყო საქართველოსი, ყველაფერს  მას  ეკითხებოდნენ,  ყველაფერს  ის  წარმართავდა. 

   -  ჩავედი ქარელში და ქართველები დავტუქსე, გავაფრთხილე კიდეც ებრაელების აწიოკების უფლებას არ მოგცემთ,  ეს  ჩვენს  მტრებს  გაახარებს-მეთქი.

   -  გამიგია  ეს  ამბავი  -  ვთქვი მე.

  მომეჩვენა, რომ უზენაესი საბჭოს თავჯდომარე დამშვიდდა. ამიტომ ვუთხარი:

  ასეთი ხმები, ალბათ, იმიტომ ვრცელდება, რომ თქვენ რუსებს, სომხებს, აზერბეიჯანლებს სტუმრებს ეძახით, იმასაც ამბობთ თქვენ და თქვენი ხალხი, არაფორმალები, რომ სტუმრებმა დროა საქართველო დასტოვონო. ალბათ, სტუმრებს შორის ებრაელობასაც გულისხმობენ და ამიტომ თუ ვრცელდება ასეთი ხმები-მეთქი.

   -  არა!  -  მომიგო  -  მე ვიცი ვინც ავრცელებს ამ ხმებს, მე ვიცი, ვინც ამას აკეთებს!  -  კვლავ გაღიზიანებულმა დამისახელა ერთი ადამიანი, რომელსაც სწორედ რამდენიმე დღის წინათ შევხვდი და ხანგრძლივი საუბარიც გვქონდა  -  აი, ნახავ, იმ კაცს ამ დღეებში სამსახურიდანაც მოვხსნი და დავიჭერ კიდეც. აი, ნახავ!  -  თვალებში  ელვა  უკრთოდა.

  რამდენიმე დღის წინ იმ კაცთან შეხვედრა დამიდგა თვალწინ, ზვიად გამსახურდიაზეც გვქონდა საუბარი, არჩევნებში მის გამარჯვებაზეც, მაგრამ იმ კაცს, ქართველს, გამსახურდიას აუგი არ უთქვამს. საერთოდ გამსახურდია ცუდ კონტექსტში ნახსენები არ ყოფილა.

   -  რატომ გაჩუმდი, ხომ მართალს ვამბობ, აი, ნახავ, ამ დღეებში დავიჭერ იმ  კაცს.

  არ  მინდოდა  უზენაესი  საბჭოს  თავმჯდომარეს  შევკამათებოდი,  მითუმეტეს, რომ გაღიზიანებული ჩანდა და იმას ვფიქრობდი რაღა მე დამიძახა, რატომ მე უნდა ვიყო იმ კაცის დაპატიმრების  მოდასტურე-მეთქი.  მაინც  გაუბედავად  მივუგე:

   -  მე ის კაცი ამ დღეებში შემხვდა, ბევრი ვისაუბრეთ, მათს შორის თქვენზეც.

   -  აი,  ხომ  გითხარი!

 

   -  მაგრამ მომკალით და იმ კაცს თქვენზე აუგი არ უთქვამს  -  ძალიან მორიდებით ვუთხარი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს.  

   -  ეს  როგორ!  შენ შეხვდი,  ესაუბრე  და  აუგი  არ  უთქვამს?!

   -  ზვიად, არ უთქვამს იმ კაცს შენზე აუგი. ღმერთს დავიფიცებ  -  ახლა უკვე შენობით  მივმართე უზენაესი  საბჭოს  თავმჯდომარეს.

   -  ესე იგი არ გენდო!  -  არ  ცხრება  იგი.  

   -  ვერაფერს გეტყვი  -  თითქმის ჩემთვის ჩავილაპარაკე და გავჩუმდი. არ ვიცი რამდენ ხანს ვდუმდი, ალბათ, ერთი წუთი მაინც. ისიც უხმოდ იჯდა. მერეღა ვთქვი  -  მაგრამ თუ ის კაცი ასეთი რამეების მოლაპარაკეა, სწორედ ჩემთან უნდა ეთქვა. მე რატომ არ მეტყოდა გამსახურდიას ებრაელები სძულსო.

   -  ესეიგი, რა გამოდის, მე შენ გენდო? მე შენზე ისედაც ნაწყენი ვარ  -  ქართველობაც პატივს გცემს და ებრაელობაც, ჩვენთან, ,,მრგვალ მაგიდასთან» არ მოხვედი, არ გაგვეკარე.

  ცხადია, გამსახურდიას საყვედურმა ხასიათი გამიფუჭა, უხერხულადაც კი ვიგრძენი თავი. ჩანთიდან მაინც ამოვიღე ჩემი ახლახან გამოსული წიგნი ,,მზე ღრუბლებში,» რომელიც ისრაელზე დავწერე და მივართვი. გადაფურცლა. რამდენიმე აბზაცი ჩაიკითხა, ვიგრძენი, რომ წიგნმა დააინტერესა, ამან  მხნეობა შემმატა და  ვუთხარი:

   -  ბატონო ზვიად, როცა ეროვნული ძალები ასე უპირისპირდებიან ერთმანეთს, მე მგონია, ებრაელმა კაცმა შორს უნდა დაიჭიროს თავი, ჩემთვის ორივე მხარე ქართულია, ამდენად  -  ახლა ისევ ბატონობით, არა შინაურული, უფროს - უმცროსის  შეგრძნების ინტონაციით ვუთხარი  -  აი, მე, მაგალითად, ,,მრგვალ მაგიდასთან» კი არა, ,,კონგრესთან” რომ მივსულიყავი, დღეს თქვენ ამას აღიქვამდით, როგორც ებრაელობის ,,კონგრესისადმი» მხარდაჭერას (ყველასათვის ცნობილია, 1990 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ ერთმანეთს როგორ დაუპირისპირდნენ ,,მრგვალი მაგიდა  -  თავისუფალი საქართველოსა” და ,,ეროვნული კონგრესის” ძალები), ასეთ შემთხვევაში როგორი იქნებოდა ებრაელობის მდგომარეობა სადღეისოდ, როცა არა ,,კონგრესმა”,  ,,მრგვალმა  მაგიდამ” გაიმარჯვა.

   -  ცუდი!  -  უცებ  და  მრისხანედაც  კი  თქვა  ზ. გამსახურდიამ.

   -  აი,  ხომ  ხედავთ!  -  გამეღიმა.

  მანაც  გაიღიმა  და  თქვა:

 

   -  ესეიგი  გენდო?  იმას  ჩემზე  ცუდი  არაფერი  არ  უთქვამს?

   -  არა, მე ნუ მენდობით, ბატონო ზვიად, ის კაცი სახელმწიფო მოხელეა და მე არ ვიცი რას აკეთებს, როგორ იქცევა. აი, იმ დღეს კი, ჩემთან საუბრისას მას თქვენზე  აუგი  არ  უთქვამს.  ამაში  მენდეთ.

  ზ. გამსახურდია გაჩუმდა. კარგა ხანს იჯდა უხმოდ. წიგნს მაშინალურად გადაფურცლავდა  ხოლმე, მერე  თქვა:

   -  კარგი,  ეგრე  იყოს.

  თავმჯდომარის კაბინეტიდან რომ გამოვედი, საშინელი მოქანცულობა ვიგრძენი, პირველ სართულზე ჩავედი, გასახდელთან გურამ პეტრიაშვილი შემხვდა, დეპუტატი,  მწერალი.

   -  ბიჭო, ეს კაცი რომ იტყვის, ის უნდა დავიჭირო, ეს უნდა დავხვრიტოო, იმ წუთში კვერს ნუ დაუკრავთ, უთხარით რომ გაიკითხ-გამოიკითხავთ, თორემ ასე თქვენ  სად  მიხვალთ!

  გურამმა  გაიღიმა.

 

 ***

  აკაკი ბაქრაძემ დახუჭა სამშობლოს მოდარაჯე  თვალი. დადგება დრო და ქართველი კაცი დაფიქრდება აკაკი ბაქრაძის ადგილზე 60-90-იანი წლების საქართველოს ცხოვრებაში, აკაკი ბაქრაძის ფენომენის თაობაზე, ქართველი კაცი კიდევ ერთხელ გადაავლებს თვალს იმას, რაც კაკოს გაუკეთებია ქართული საზოგადოებრივი აზრისათვის  -  იმისათვის, რომ ქართველ ხალხში არ ჩამკვდარიყო ეროვნული სულისკვეთება და ალბათ, დაასკვნის: აკაკი ბაქრაძე იყო ერთი იმ ქართველ მოაზროვნეთაგანი, რომლის სახელიც თავად მონახავს  ადგილს  ერის  ხსოვნასა და  ისტორიაში.

  იგი აზრის გამღვიძებელი იყო და არა ბარიკადებისათვის გაჩენილი კაცი. არადა, ბარიკადებზე დროშის ფრიალსაც სთხოვდნენ, იმას კი არ უწყოდნენ, რომ  რევოლუციონერთა  და ჭეშმარიტ მოაზროვნეთა შორის დიდი ზღვარია.

  ეს ერთი მომცრო ტანის კაცი ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ერთ-ერთი დედაბოძი გახლდათ. ცხოვრება პარადოქსალური ჰქონდა  -  იმ ხელისუფლებასთანაც კი ვერ თავსდებოდა, რომლის  დამკვიდრებასაც  ელტვოდა.  

  მჯერა: როცა ღრუბლები გადაიყრება, ქვეყანა  დაინახავს  რამდენი  რამ  გააკეთა  თავისი  ქვეყნისათვის  ადამიანმა,  რომელსაც  აკაკი  ბაქრაძე  ერქვა!

 

***

  ეს ცვლილება არჩევნების წინა პერიოდში შევამჩნიე  -  პრეზიდენტი ყოველთვის კარგ გუნებაზეა. იუმორით იგერიებს ყველა შეკითხვას. ყოველთვის ათიანში ურტყამს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. რუსეთის ანტიქართულ პროპაგანდაზეც კი ხუმრობს, ძალიან მოსწრებულად ხუმრობს. ნაღდად  რაღაც  დიდი  ამბავი  ხდება.

  და გამოჩნდა კიდეც: მთელი ოქტომბერი ისე იშრომა, 20 წლის ენერგიის კაცს რომ შეეფერება. საქართველოს დაბა-ქალაქები მოიარა, ხალხის გული გაათბო. მოქალაქეთა კავშირს მკერდით გადაეფარა ისე, როგორც მამა  -  გზააბნეულ შვილებს. (რა იქნებოდა ამ მოქალაქეთა კავშირში მეტი პატიოსანი კაცი იყოს. რომ არა  პრეზიდენტის  სახელი  ცხადია,  ჩაფლავდებოდნენ.).

  მერე ის, რაც ნოემბრის შუა რიცხვებში სტამბოლში მოხდა, ისტორიული მნიშვნელობისაა. დიდი ნავთობი, რუსული ბაზების ლიკვიდაცია. იცოდა ყველაფერი და ამიტომ იყო ასე კარგ გუნებაზე!.

 

 

***

  მზე ზღვაში ეშვება. ამ  წუთებში ისე ლამაზია სამყარო, ისე წარმტაცი, რომ ადამიანები  -  ზოგი ამათგანი მრუშია, ზოგი ცრუ, ზოგი მეგობრის მოღალატე (თუმცა არცერთ ამათგანს ამნაირი არ ჰგონია თავი) მოჯადოებულნი შესცქერიან ზეცას. სილამაზემ ყველა გააერთიანა, ყველა ერთიმეორის გვერდით დააყენა.

  ზღვა ზეცის ქვეშ ისე გატრუნულა, როგორც ბალღი აკვანში დედის რძეს რომ მიირთმევს. სახენათელია ზღვა, სახეგაცისკროვნებული. აჰა, მზე ზღვაში ჩაესვენა და ღრუბლები, ზღვის თავზე ნახატს ემსგავსება  -  დიდებული მხატვრის ნახელავს.

  ეს სანახაობა დიდებულია თავისი სილამაზით, თვალწარმტაცობით, შემზარავი  -  თავისი წარმავლობით. ღმერთო, როგორ შეიძლება ასეთი სილამაზე აღარ იყოს, რამდენიმე წუთში ხომ ქვეყნიერებას ბინდი  დაედება და ამ სილამაზეს ვეღარსად ნახავ,  ვერსად  მოიხელთებ. ადამიანის  ხვედრიც  ეს  არის  -  დადგება  დღე  და  აღარც ჩვენ ვიქნებით, ისინი, ვინც ახლა ამ სილამაზეს შევცქერით. აქ, ჩვენს ადგილას  ხომ  სხვები  იქნებიან,  სხვები  დატკბებიან  ამ  სილამაზით!

   ამიტომაა სასაცილო ზოგი მოკვდავის ბრძნული პოზა. ისე დგანან, ვითომ წარმავალნი კი არა, მარადიულობის ნაწილი იყვნენ. არ ახსოვთ, რომ წარმავალნი, მღილნი არიან ამ ცისქვეშეთში.

  დავით წინასწარმეტყველს კი არასოდეს არ  ავიწყდებოდა!

***

  უჟმური ამინდი, გულისგამაწვრილებელი წვიმა, განსაკუთრებით მომაბეზრებელი ზღვისპირასაა, დამთრგუნველიც კი, მაგრამ შესაძლოა, ადამიანმა ამაშიც აღმოაჩინო რაღაც საინტერესო, ყურადღებამისაქცევი. ხომ ასე მომქანცა ამ წვიმიანობამ, დროდადრო მაინც დავდგები აივანზე და გადავყურებ გადარეულ, ქაფმორეულ, ჟრუანტელის მომგვრელად გაღიზიანებულ ამ უზარმაზარ მასას წყლისა. შორს სიღრმეში ქაფმორეული ზღვა ნაპირზე უზარმაზარ ტალღებად მოდის. რა ღონიერია ეს ტალღები და ლამაზი სწორედ თავისი ძლიერებით.

  შემართულ ტალღაზე უფრო ღონიერი ძალა, ალბათ, არ არსებობს. შემართული ტალღა ცხოვრებასაც ჩამოჰგავს. არა ყოველი კაცისა, ცხადია. Bბევრისა! აი, ასე მოამაღლებს ხოლმე ცხოვრება ადამიანს, აი, ასე მოაღონიერებს, ძლიერს გახდის და...

  რა ღონივრად, რა ზათქით მოდის ტალღა ნაპირისაკენ, ხოლო მისი მიწაზე დაცემისას ასე მგონია, მიწა იძრა-მეთქი. ისე მოდის, ისე ეცემა, მიწას არყევს და  მხოლოდ სიბრალულს ბადებს, იმის გამო, რომ დაიმსხვრა, ის  ღონივრობა სადღაც გაქრა.     

  ადამიანი?

  ადამიანიც ასევე მოდის  -  ზათქით, ხმაურით, მუშტშეკრული, მაგრამ მისი მსხვრევა სიბრალულს იშვიათად ბადებს ერთი გარემოების გამო: ტალღისაგან განსხვავებით ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მოკვდავია, რომ ამ ცისქვეშეთში ყველაფერი  წარმავალია. მისი დაცემა სწორედ მაშინ იწვევს სინანულს, თუ ეს გარდაუვალობა ზეობის ჟამსაც კი არ  დავიწყნია, თუ მისი ზეობა სხვათა მუქარის სათავედ კი არ ქცეულა, სხვათა შემწეობისა, ეს ზეობა სიკეთისათვის დაუხარჯავს და არა საკუთარი უპირატესობის დასადასტურებლად.

  ვაი, მას, ვისაც ავიწყდება, რომ ტალღასავით ეცემა და იმსხვრევა ყველაფერი.

  ისევ დიდი დავითი - მეფე და მეფსალმუნე  -  უნდა გავიხსენო  -  ყველაფრით დიდი იყო, მაგრამ ადამიანის რაობის სრულად გააზრებამ ათქმევინა:

  ვითარცა წყალი დავიღვარე

  და დაიშალნენ ჩემი ძვლები;

  ცვილს დაემსგავსა ჩემი გული  -  დადნა ჩემს გვამში.

***

  ორი დასტური იმისა, თუ რაოდენ დიდი ზეგავლენა აქვს მაყურებელზე ჭეშმამარიტ ხელოვნებას:

  ნოდარ დუმბაძისა და გიგა ლორთქიფანიძის ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონის» წარმოდგენის შემდეგ, ბებიას როლის შემსრულებელმა სესილია თაყაიშვილმა (ვიდრე ამ როლს თამაშობდა, სუნამოს არ გაკარებია, მე ქინძისა და ნიახურის სუნი უნდა ამდიოდეს და არა ,,დუხისაო») მაყურებლის ბარათი მიიღო: იმის გამო, რომ ჩემი ცოლი და დედა ერთმანეთს ხასიათით ვერ ურიგდებიან, დედაჩემი რაიონში ცხოვრობს, თქვენი ბებიას ნახვის შემდეგ გამახსენდა, რა ხანია დედა არ მინახავს. სპექტაკლიდან პირდაპირ რაიონში მივდივარ, დედას ჩამოვიყვან და თუ ჩემი ცოლი ამას ვერ შეეგუება, სადაც უნდა, იქ წავიდესო.

  მეორე:

  მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართულ ფილმად გამოცხადებული ,,დათა თუთაშხია» საბჭოეთის ეკრანებზე რომ გავიდა, ფილმის შემქმნელი კოლექტივი, როგორც დღეს ამბობენ, ტომრებით ღებულობდა წერილებს. წერდნენ ჩრდილოელი, თუ სამხრეთელი მაყურებლები, მადლობას უხდიდნენ, ქებას ასხამდნენ. ოთარ მეღვინეთუხუცესსა და გიგა ლორთქიფანიძეს ერთი წერილი განსაკუთრებით დაამახსოვრდათ: კემეროვოდან 10-11 წლის გოგონა წერდათ: მამამ ადრე დატოვა დედა, დედამ ჩვენ მიგვატოვა, სხვასთან წავიდა, ახლა ბავშვთა სახლში ვიზრდებით, ძია დათა, იქნებ, ჩამოხვიდე, მოძებნო დედაჩვენი და უთხრა, რომ შვილებს ასე არ ექცევიანო.

  როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ხელოვანთა ოსტატობა იმდენად მაღალი იყო, რომ მაყურებელმა თავისი ცხოვრების შეცვლა მოიწადინა. შეთხზული სახე რეალურად მიიჩნიეს და მხსნელად იგულვეს.

  ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ როგორი უნდა იყოს ხელოვნება. და იმას ადასტურებს, რომ ეს ,,ძველმოდური», მივიწყებული, არისტოტელესეული კათარზისი მხოლოდ ნამდვილ ხელოვნებას ძალუძს.   

 

***

  სიუჟეტი პიესისათვის:

  მცირერიცხოვანი ერის წარმომადგენელი ამღვრეულ დროში დიდ საბჭოში მივიდა: ამა და ამ ხალხის შვილი ვარ და იმ ხალხის წარმომადგენლად რატომ არ უნდა ვიყო მაგ საბჭოშიო. მობრძანდი, ბატონოო, უთხრეს.

  რამდენიმე დღეში თანამოძმეებთან მოვიდა და მშრალი, ბრძანებაშერეული ტონით განაცხადა:

   -  თქვენ უნდა იცოდეთ მე ვისი სახელით ვლაპარაკობ. გაითვალისწინეთ, როცა ისრაელის რომელიმე დელეგაცია თბილისს ჩამობრძანდება, ჯერ საქართველოს ჰიმნი დაუკარით, მერე ისრაელისაო.

  აკი გითხარით, არეული დრო იყო, ღამ-ღამობით კი არა, დღისითაც ისმოდა ავტომატების კაკანი  -  ამ საბრალო ებრაელთაგან ზოგს შეეშინდა, რაიმე ხიფათს არ გადამკიდოს ჩემმა სიტყვამო, ზოგმა კი გაიფიქრა:  -  ალბათ, იქ უნდა მოახსენოს, რომ თქვენი ხაზი ასე და ასე გავატარეო, თორემ ჯერ ერთი რა ასეთი ჰიმნდასაკვრელი სტუმრები ისრაელიდან მოდიან, მეორეც, როდის იყო ქართველ ებრაელს საქართველოს პატივისცემის ჩაგონება სჭიროდა. ისინი ხომ მეტისმეტი ქართველებიც არიან. არადა, იქ, იმ საბჭოში ებრაელთა გასაჭირზე რომ ლაპარაკობდნენ, ებრაელთა ძარცვის, დაყაჩაღების გამო გულისწუხილს რომ ქართველნი გამოთქვამდნენ, ის, ვინც ებრაელთა სახელით შევიდა საბჭოში, უხმოდ იჯდა, კრინტიც არ დაუძრავს. რატომ? იმიტომ რომ იმათ, მეთაურებს უთხრა: ხომ ხედავთ, მე ერთი უპრეტენზიო, უთქმელი კაცი ვარ, მე სულ ჩუმად ვიქნები, არა-რა საზრუნავს არ გაგიჩენთო.

  იქ ჩვენი სახელით მჯდომარე კაცმა ჩვენს გასაჭირზე კრინტი არ დასძრა, ორიოდ კვირის შემდეგ კი ჩვენთან კვლავ მოვიდა და გამოგვიცხადა:

   -  ხომ ხედავთ, როგორი არეული დროა. ამიტომ კეთილი ინებეთ და როცა ეს ებრაული ორგანიზაციები რაიმეს მოიფიქრებთ, ვიდრე გადაწყვეტდეთ, ჯერ ჩემთან მოდით, გამაცანით, თუ მე მოვიწონებ, მერე იმოქმედეთო.

   -  ეგ რატომ?  -  კითხულობს შალვა.

   -  იმიტომ, რომ მე იმ საბჭოში ეროვნულ კომისიაში ვარ.

   -  მერე რა, ჩვენ მაგას ცეკა და სუკი არ გვთხოვდა, შენ ახლა იმათზე უარესი გინდა დაიწყო?  -  ბრაზობს შალვა.

  საბჭოში გამწესებულს პირზე დორბლი ადგება, ყბა უცახცახებს:

   -  მე თქვენ გეუბნებით, ასე უნდა იყოს!  -  ყვირის.

   -  წადი კაცო, გაგვანებე თავი!  -  ქართლურად ჯიუტობს შალვა.

 

***

  სხდომა გვაქვს. ძალიან გვსურს საქართველოს ებრაელობამ ერთიანი სახე მიიღოს. არა ორ თუ ხუთ ღირსეულ კაცს სცნობდეს მსოფლიოს ებრაელობა, არამედ გაერთიანებულ, ერთ ბირთვად ქცეულ ებრაულ თემს. იმ საბჭოში მისულ კაცს კი ეს არ მოსწონს, არ უნდა. ვიღაც ამბობს, იმიტომ არ უნდა, რომ ზეგავლენას დაჰკარგავს. დღეს ებრაელობის წარმომადგენელი მე ვარო, გაიძახის. ყველაფერი მე მეკითხებაო, ხვალ კი ორგანიზაცია თუ შეიქმნება, მას შეეკითხებიან ყველაფერს. არადა, ყოჩაღი ბიჭია, მართლა ყოჩაღია  -  ყოველ სიტუაციაში შეუძლია თავი ძალიან მიამიტ, ძალიან მართალ, ყოფისგან გამდგარ პოეტად მოაჩვენოს. ახლა, ამ წუთში კი წონასწორობა დაჰკარგა. როგორ შეცდა. ასეთ ფრაზას მისგან არ ველოდი: ,,რისთვის გჭირდებათ ეგ ყველაფერი, ზემდგომ ორგანოებში ყველაფერს მე ვაბალანსებ». იმდენად ფრთხილია, ასეთ ფრაზას მისგან არ ველოდი. დაიღალა და დაიბნა? ამ ფრაზამ მშვიდობიანი ატმოსფერო დაარღვია. ბ-ნი პროფესორი ამბობს, რატომ ხდება, რომ ვიღაც-ვიღაცეები ჩვენი სახელით დადიან უცხოეთში და ჩვენი სახელით ლაპარაკობენო. საბჭოში მისული თუ საკანონმდებლო ორგანოს წევრი კაცი დუჟმორეული იწყებს ყვირილს, მაგიდაზე ხელების ცემას. რა ტემპერამენტი იღვრება, რა ენერგია! არის ერთი გნიასი. Bბ-ნი პროფესორი არ ეპუება, შენს საკანონმდებლო ორგანოში ხომ არა გგონია თავიო. აბა, გაწევა, აბა, გამოწევა, ისე დავიბენი, შუაშიც ვერ ჩავდექი. არის ერთი შეძახილები, მაგრამ ამათ აღარავისი არ ესმით. თუმცა, ერთმანეთზე დარტყმას, მადლობა ღმერთს, არ აპირებენ. მაინც გივიმ იმარჯვა, კარგად ჩადგა შუაში.

  ყველაფერ ამას პირველ მოქმედებას დავარქმევდი. მე რომ კაცმა მკითხოს, ეს პირველი მოქმედება მეორე მოქმედების ჩირადაც არ ღირს. მალე მუშაობა ჩვეულებრივ გაგრძელდა, იმდენად ჩვეულებრივ, რომ ჩემი გარემომცველი სამყაროსადმი სიბრალულის გრძნობა დამეუფლა. ესენი ერთმანეთთან ჩვეულებრივ საუბრობენ, ცოტას ხუმრობენ კიდეც, თუმცა ბ-ნ პროფესორს აშკარად ამჩნევია წონასწორობიდან გამოსვლის კვალი. მერე, სხდომა რომ დამთავრდა, ორივენი ჩემი მანქანით წამოვიყვანე სახლში, შუაში მაინც გივი ჩავუსვი. ამაოდ ვფრთხილობ, ესენი ხუმრობენ კიდეც, ერთმანეთს  ეხუმრებიან. ვინ არიან? რა ჰქნეს? ჩვენ გვაჩვენეს ასეთი ბიჭები ვართო თუ.... როცა ადამიანს აქვს სურვილი თავი სხვებზე უფრო ძლიერად, მძლავრად წარმოგვიდგინოს, მე მინდა ამ კაცს ხელი ხელში გავუყარო და სასაფლაოზე გასეირნება შევთავაზო. ნელ-ნელა, აუჩქარებლად ვათვალიეროთ სასაფლაო, ნაცნობ ადამიანთა საფლავებთან შევჩერდეთ და ვუამბო, თუ როგორი, რა ღირსების, ქონების, თანამდებობის, საბჭოს წევრობის, თუ სხვა რეგალიების მფლობელი იყო კაცი, რომელიც ახლა მიწაში არის. ან იქნებ, აღარც არის  -  უკვე ჭია-მატლებმა შესჭამეს. მე კი შევთავაზებ, მაგრამ წამომყვება კი?

  დღეს მას საამისოდ არ სცალია. იგი საბჭოს წევრია.

     ***

  შეთხზვის ნიჭი ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა. რამდენადაც დიდია წარმოსახვის ძალა, იმდენად ძლიერია შეთხზული ამბავი. ცხადია, ყველას ერთნაირად არ მოსდევს ეს ნაჭი  -  არც შეთხზვისა და არც შეთხზულის, გამონაგონის მიღება-გათავისებისა. ზოგის მწირი ფანტაზია ვერც შეთხზვის პროცესს ჰგუობს, ზოგის ფხიზელი ბუნება კი ვერც შეთხზულს გაიაზრებს. შეთხზვა ხომ სრულიად ახალი რეალობის, წარმოსახული სამყაროს შექმნას და მასში ცხოვრებას, მისით არსებობას ნიშნავს. რაზეა დამოკიდებული შეთხზულის, გამონაგონის მიღება-არმიღება? იმაზე, თუ როგორია ბუნება იმ ადამიანისა, რომელმაც შეთხზული უნდა გაიზიაროს, მიიღოს?

  ზურა ამ საკითხებზე მესაუბრებოდა. მელაპარაკებოდა იმაზე, თუ რა განაპირობებს შეთხზულის მიღება-გათავისებას. მაგალითისათვის თავისი ყმაწვილკაცობის ერთი დღე გაიხსენა.

   -  კარგა ხნის წინათ იყო ეს ამბავი. იმ ქალს ნათია ერქვა, 30 წელს გადაცილებული, თხელ-თხელი, წაბლისფერი თმისა და მოალერსე ხმის პატრონი, სხეული კი... სხეულით ერთობ სასიამოვნო, ასეთი მოალერსე ქალი მერე არც შემხვედრია. ერთ საღამოს ძალიან გაგვიხანგრძლივდა ერთად ყოფნა. არც ის ჩქარობდა გაცლას და არც მე მეთმობოდა. გვიანი საღამო იყო, უხალისოდ რომ ჩაიცვა და ჩემი ოთახი დატოვა.

  გადის ორიოდე დღე. ნათია სრულიად შემთხვევით მხვდება ქუჩაში. ვხედავ: თვალქვეშ დიდ სილურჯეს. უპე ისე ჩალურჯებია, რომ ფერ-უმარულიც ვერ უფარავს. როგორც ჩანს, ვიღაცის ძლიერი ხელი მოხვდა.

   -  ეს რა მოგსვლია!  -  შევძახე მოულოდნელობისაგან გაოცებულმა, გაღიზიანებულმა და იმისთვისაც შემზადებულმა დამეცვა მისი ღირსება.

   -  ისეთი იდიოტი ქმრის ხელში, როგორიც მე მყავს, რა არ მომივა!

   -  რა მოხდა-მეთქი, გეკითხები  -  მზად ვიყავი მუშტით დამეცვა ჩემი ქალის ღირსება.

   -  გუშინწინ  სახლში მისვლა დამიგვიანდა. ქმარმა კი იეჭვიანა  -  ბოზაობდიო, და აი... მითხარი, ჩემზე ასეთ რამეს იფიქრებ? შეიძლება ნორმალური იყოს ადამიანი, რომელიც ჩემზე იტყვის ქმარს ღალატობსო?

   -  შენ რა მიუგე?  -  ვეკითხები ზურას.

   -  შენ ქმრის ძალიან ერთგული ქალი ხარ-მეთქი, ვუთხარი. მერე მივდიოდი და ვფიქრობდი ხომ მართლა ვიყავი გუშინწინ მასთან, ხომ არაფერი მომეჩვენა-მეთქი.

  რას ნიშნავს ყველაფერი ეს? იმ ქალმა  -  ნათიამ, მოიტყუა? იგი ისე კარგად ცხოვრობს შეთხზულ,  გამოგონილ სამყაროში, რომ რეალობას ვერც გრძნობს, არც აინტერესებს რეალობა. აი, ამ ჩემს მეგობარ კაცს კი ეჭვი შეეპარა იმაში, რაც ნამდვილად იყო, რაც მოხდა. ამისთვის რეალობა საეჭვო გახდა, ნათიასთვის კი გამონაგონია უთუო რეალობა.

  მაგრამ არსებობს კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც ვერაფრით ვერ მოვუნახე ადგილი  -  ის წუთები, თუ საათები, რომელსაც ნათია ზურასთან ლოგინში ატარებს, რაღა არის  -  გამონაგონი, რომელითაც იკვებება, თუ რეალობა? რას მიჰყავს იგი აქ, ამ ლოგინამდე, მხოლოდ ზურასთან მოდის თუ...

 

***

  საქართველოს, ქართველი ხალხის ტოლერანტობაზე რომ ვლაპარაკობთ, ზოგი იჭვის თვალით გვიყურებს. არ სჯერათ. აფხაზეთსა და ოსეთში დაღვრილი სისხლი ქართველთა ტოლერანტობაზე სულაც არ მეტყველებსო. იწყება კამათი, ხმაური და ამ დროს მე მაგონდება ერთი ქართული სოფლის ჩვეულებრივი, უბრალო ყოფა. ეს სოფელი დასავლეთ საქართველოშია და ჰქვია კულაში. ამ სოფელში დიდძალი, ძალიან ბევრი ებრაელობა ცხოვრობდა.

  ზაფხულის მიწურულს, ებრაული ახალი წლის დადგომამდე, ებრაელები გამთენიის ხანის ლოცვას ატარებენ. სელიხოთი -  ასე ჰქვია ამ ლოცვას. იგი დილა-ბნელში იწყება და მაშინ მთავრდება, როცა ქვეყნიერებას მზის სხივები მოეფინება. ამ დროს ძილი კი ძალიან ტკბილია და თქვენ წარმოიდგინეთ, ებრაელებსაც ისეთივე ღრმა ძილით ძინავთ, როგორც სხვა ერის შვილებს. ამიტომ კულაშელებს ჰყავდათ ერთი მაღვიძარა კაცი  -  მეირი. სოფელი მას მეირიკოს ეძახდა, მეტსახელიც ჰქონდა  -  ,,ადია». და აი, მეირიკო ,,ადია» ჯერ კიდევ ღამე, გათენებამდე ერთი საათით, ან ცოტა ადრე, დადიოდა კულაშის ქუჩა-შუკებში და გაიძახოდა:

   -  სელიხოთი, ლოცვა, ლოცვა, სელიხოთი, ისრეელებო!

  ასე აღვიძებდა ებრაელებს. ისინიც წამოდგებოდნენ, ღამის სიბნელეში ტანთ ჩაიცმევდნენ და რამდენიმე წუთში კულაშის ბნელ, გაუნათებელ, ოღრო-ჩოღრო ქუჩა-შუკებში დაინახავდით სალოცავისაკენ მიმავალ ებრაელებს  -  ხნოვანთ, თუ ახალგაზრდებს, საღსალამათთ თუ მოლასლასეთ. სიბნელეში ფრთხილად მავალთ კვლავ ჩაესმოდათ მეირიკო ,,ადიას» ხმა.

   -  სელიხოთი, ლოცვა, სელიხოთი, ლოცვა, ისრეელებო, ადე, ადია!

 

***

  ამბავი დიდი არაფერი, ერთმა წინადადებამ, ერთმა კატეგორიულად ნათქვამმა ფრაზამ ისე შემაშინა, ეს ამბავი დამამახსოვრა.

  ბატონი დოდო ალექსიძე მოსკოვის გოგოლის სახ. სახელმწიფო თეატრში ჟან ანუის ,,ჩიტებს» დგამდა. ერთ-ერთ თეატრალურ თავყრილობაზე მოსკოვს ჩავედით, ერთ საღამოს გოგოლის თეატრის დირექტორმა ოჯახში მიგვიწვია. ჩვენს საპატივცემლოდ დაპატიჟა ერთ დროს მთელ საბჭოეთში აღიარებული საოპერო მომღერალი ვლადიმერ კანდელაკი. ბატონი კანდელაკის პოპულარული რეპერტუარიდან განსაკუთრებულად ცნობილი გახლდათ ,,დელია რანინა», რომელსაც იმდენად კარგად მღეროდა, რომ სტალინის სიცოცხლეში, მერეც, კრემლში, თუ სტალინის აგარაკზე იწვევდნენ.

  სუფრა მშვენიერი იყო. ბატონი დოდო  -  კარგ გუნებაზე და მისთვის ჩვეული ლაღობისას, პარტიის იმდროინდელ ლიდერებს გაჰკრა კბილი. ჩვენ ცხადია, გულითადად ვიცინოდით, კანდელაკმა კი გაიხსენა ერთი ღამე სტალინის აგარაკზე, ის, თუ როგორ ილხენდა პოლიტბიურო, როგორ მღეროდა სტალინი და რას ეუბნებოდა ხრუშჩოვს.

  ნაშუაღამევს ავიშალენით. ბატონი დოდოს ერთ-ერთი მოადგილე და მე ერთ ოთახში ვცხოვრობდით, სასტუმრო ,,როსსიაში». როგორც კი შინ მივედით, დავწექი, ნასვამს ცხადია, უცებ ჩამეძინა. არ ვიცი ჩემი ჩაძინებიდან რამდენი ხანი იქნებოდა გასული, ბატონმა მოადგილემ რომ გამაღვიძა. მეკითხება:

   -  რაო, როგორა თქვა ვალოდია კანდელაკმა, რომელი წელი იყოო?

  მე ვუპასუხე.

   -  დოდომ რაო, ბრეჟნევზე როგორა თქვა?

   -  ბრეჟნევზე? ჰო  -  და დავიწყე ბატონი დოდოს ხუმრობის მოყოლა, მაგრამ ახლაღა გავაცნობიერე, ეს კაცი ჩემს ნათქვამს უზარმაზარ დავთარში  იწერდა. მასზე გამეგონა, ასეთ რაღაცეებს იწერს, როცა დასჭირდება, მთქმელის წინააღმდეგ იყენებსო და ახლა ჩემს მიერ ნათქვამ ორიოდ წინადადებას უკვე რომ იწერდა, უცებ გამოვფხიზლდი, თხრობა ცხადია, აღარ გავაგრძელე.

   -  მერე?

   -  დამავიწყდა.

   -  როგორ თუ დაგავიწყდა!  -  გაბრაზდა.

   -  არ მახსოვს.

  აი, ამ დროს ითქვა ფრაზა, რომელმაც ცხადია, იმ ღამეს ამაფორიაქა, მერე კი არ დამავიწყდა:

   -  გურამ, მე არასოდეს არ უნდა შემეპაროს ეჭვი შენს პარტიულ სინდისიერებაში.

  დამთავრდა. იმ დღიდან იგი ჩემთვის სულ სხვა კაცი იყო. ურთიერთობა კი გვქონდა, მაგრამ დისტანციური, როგორც ჩვენში იტყვიან  -  შორი-ახლო.

 

***

  ერთი უცნაური თვისების თაობაზე: ჩემი ზოგიერთი ნაცნობი, განსაკუთრებით ასე თუ ისე გამორჩეულნი, ლიდერებს რომ ეძახიან, ვიდრე ქართველთა შორის იმყოფებიან, ერთობ ჩვეულებრივი, სასურველი ადამიანები არიან: მშვენიერი ინჟინერი ინჟინერთა შორის, მშვენიერი არქიტექტორი არქიტექტორთა შორის, მწერალი მწერალთა შორის და ასე შემდეგ, მაგრამ ებრაელებში რომ ჩადგებიან, ერთგვარ მეტამორფოზას განიცდიან: თავი ისე უჭირავთ, გვეუბნებიან, მოგვთხოვენ კიდეც, ებრაელები ბედნიერი უნდა იყოთ მე რომ თქვენ შორის ვარო, თითქოს ამაზე უკეთესი, ამაზე მნიშვნელოვანი, ღირსეული შვილი ებრაელობაში არ შობილა. აქ ქედმაღალია და დიდგულა, იქ  -  თავმოდრეკილი.

  ეეჰ, ჩვენც ხალხი ვართ და როგორც ჩანს, ისევე ვატარებთ სამარცხვინო თვისებებს, როგორც სხვები, მაგრამ გამორჩეულობა ხომ იმას ნიშნავს, რომ ამ თვისებებს თავს აღწევდე, მაშ, რითღა ხარ გამორჩეული, იმით რომ კარგი ექიმი ხარ, კარგი ინჟინერი, მექანიკოსი, ან არქიტექტორი? ეს ხომ პროფესიული თავისებურებაა და არა პიროვნული, ეს ხომ შენი ოჯახის ეკონომიურ მდგომარეობაზე მოქმედებს და არა იმათი, ვისაც ესაუბრები.

  არის კიდევ ერთი სამარცხვინო თვისება: როცა არც კარგი ინჟინერი ხარ, არც კარგი არქიტექტორი და არც კარგი მკურნალი, მაგრამ მაინც გინდა შესამჩნევი პიროვნება იყო. ჩვენს შორისაც არიან ასეთი ადამიანები: ა ლია ხლესტაკოვები. Gგოგოლის ხლესტაკოვი ხომ ამბობდა ,,როგორ ხარ ძმაო, პუშკინ», ეს ჩვენი ხლესტაკოვი ღირსეულ ადამიანებს დაუდგება გვერდით, მეგობრულად მოიკითხავს, სურათს გადაიღებს, მერე ის ადამიანი შენ გეკითხება, ჩემთან სურათი რომ გადაიღო, ვინ არისო. არ იცი, რა უპასუხო. ამიტომ  იმას ეუბნები, რასაც ის კაცი თავის თავს უწოდებს  -  შემოქმედი. რა დაუწერია?  მხრებს იწურავ. პრემიები? კი, რამდენიც გინდა. რომელი? არ ვიცი, თვითონ ამბობს, საერთაშორისოო. აბა, აქაური, ჩვენი, რა ბედენაა! მაინც რომელი? ისევ მხრებს იწურავ.

  მოვა, დაგიჯდება. თავის სახელოვან, სხვათა ცუდ საქმეებზე გელაპარაკება, იმასაც გეტყვის, მართალია, მე არ მჯერა, მაგრამ შენზე ისეთ რამეს ამბობენ... მერე სხვასთან მივა, იმ სხვასთანაც ასე ლაპარაკობს, ლაპარაკობს პოეტი, მოქან-დაკე, კომპოზიტორი, მშენებელი, ლაურეატი, მაურეატი, ღირსეული, მირსეული.

  საქმე? საქმე არადა, არ არის!

  ამაში იხარჯება ადამიანების დრო, ენერგია... ეს ულმობელი დრო კი გარბის.

 

***

  სახელმწიფოს მეთაური ბევრია, ძალიან ბევრი. სახელმწიფო მოღვაწე კი ერთობ ცოტა. ამათ შორისაა დავით ბენ-გურიონი  -  ისრაელის პირველი პრემიერ-მინისტრი, ადამიანი, რომელმაც ჩამოაყალიბა ისრაელის სახელმწიფო, განსაზღვრა მისი მომავალი. მოცლილი არცერთი სახელმწიფოს მეთაური არ არის, მითუმეტეს არ იქნებოდა ბენ-გურიონი. სახელმწიფოს ისეთ გარემოში აყალიბებდა, ირგვ-ლივ მგლების ხროვა შემოჯარვოდა. მაგრამ... მის ბიოგრაფიაში ბევრი რამ არის საყურადღებო, გასაოცარი, მე ორ ეპიზოდს გავიხსენებ: პირველი: ძალიან უყვარდა სერვანტესის ,,დონ კიხოტი», თუმცა, ის არ მოსწონდა, ესპანურად რომ ვერ კითხულობდა. დაჯდა და ესპანური ენის შესწავლა დაიწყო. ,,დონ კიხოტი» დედანში უნდა ვიკითხოო. მეორე: ქვეყანას აყალიბებდა, აგურ-აგურ აგებდა, ომს უცხადებდნენ, იგებდა (1948, 1956, 1967 წწ.), ისევ აყალიბებდა  -  და იმათი შურდა, ვინც კიბუცში ღვრიდა ოფლს. სულ იქ, იმათ შორის ეწადა ყოფნა. უნდოდა მათთან ერთად ეშრომნა, უდაბნო წალკოტად ექცია. მოახერხა. სახელმწიფოს სადავეები სხვებს რომ გადააბარა, თაკარა სიცხეში გალურსულ ნეგევის უდაბნოში კიბუცს მიაშურა, სახელმწიფოს მეთაური მუშაკაცად იქცა  -  ლუკმა ჩემი შრომით უნდა ვჭამოო.

  1967 წელს, ექვსდღიანი ომის წინ იხმეს, სახელმწიფო თავს გვემხობა, მოდი, გვიპატრონეო. მთავრობაში მობრუნდა. Oომი მოიგეს. ცოტა ხანში ისევ კიბუცს დაუბრუნდა,  სიცოცხლის დარჩენილი წლები იქ გაატარა. იქვე დალია სული და ეს კიბუცი საქვეყნო მემორიალად იქცა  -  რადგან აქ არის ბენ-გურიონის საფლავი. სოფელს, მხარეს არა მხოლოდ იქ დაბადებული დიდი მოღვაწე, მისი საფლავიც გაუთქვამს სახელს. მეც მივედი საფლავზე იმ კაცისა, რომელმაც ქვეყნისთვის იცხოვრა. Yყველაფერი, რაც გააჩნდა, მას მოახმარა.

  ამასწინათ ისრაელში ერთი უსიამოვნო ფაქტი მოხდა: ინტიფადამ დიდად იმოქმედა ეკონომიკაზე, ცხადია, უარყოფითად. ეს ყველაფერს დაეტყო, გაიზარდა უმუშევრობა. ასეთ დროს მინისტრებმა, პარლამენტარებმა გამოაცხადეს შეიმცირონ ხელფასები. როცა ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა, ჩვენ არა-რა უფლება არა გვაქვს ასეთ ხელფასს ვღებულობდეთო. არ გამკვირვებია. ამ ქვეყანაში კიდევ ახსოვთ დავით ბენ-გურიონი.

 

***

  ჩამავალი მზის სხივებში გახვეული ნოტრ-დამი. მზე ბაჯაღლოსებრ აბრწყინებს ტაძარს. საღამოს ლოცვა დაუწყიათ. ორგანის ხმა. მე გასასვლელთან ვდგავარ. აქედან ვათვალიერებ ჩვენი ჯგუფის წევრებს ტაგანკის  -  მეამბოხე თეატრის ხელმძღვანელს იური ლუბიმოვს ეშმაკურად უთამაშებს მზერა, რეჟისორი ბორის გოლუბოვსკი თავდახრილი დგას, გამოჩენილი რუსი მსახიობი ბორის ჩირკოვი თავის თავში ჩაკეტილა - ერთი შეხედვითაც კი მიხვდები, რომ ფიქრებს ჩაღრმავებია. აქ არის, მაგრამ მისი ფიქრი სხვაგან რბის. ისევ აგაბო ბოგვერაძეზე ფიქრობს?  -  ახლა იგი მოსკოვში, თავის თეატრში ოტია იოსელიანის პიესაში ,,სანამ ურემი გადაბრუნდება» აგაბო ბოგვერაძის როლს ამზადებს. სპექტაკლს ედგარ ეგაძე დგამს. დაკვირვებით შევცქერი სსრკ სახალხო არტისტს, მასში აგაბო ბოგვერაძეს დავეძებ. ვიცი, ეს დიდი გულუბრყვილობაა  -  პარიზში, ნოტრ-დამში საღამოს მესაზე მდგარ რუს მსახიობს რატომ, რისთვის უნდა ამჩნევდე აგაბოს ნიშნებს? Gგულუბრყვილობაა, მაგრამ...

  ქუჩაში გამოვედი. პარიზელებს ნება-ნება ვათვალიერებ. აჰა, ჩვენი ჯგუფის წევრებიც გამოვიდნენ. პარკში მოვაბიჯებთ. ბორის პეტროვიჩი მკლავში ხელს მიყრის და მეუბნება:

   -  დიდი მელაკუდა ვინმეა ეს თქვენი აგაბო ბოგვერაძე! ხომ ხედავთ, აგერ, პარიზშიც არ მაძლევს მოსვენებას. აქაც გამომედევნა.

  გამოდის, ტაძარში ტყუილად არ მომგონებია აგაბო.

  გვიან საღამოს სასტუმროში რომ მივბრუნდი და ხვეულ კიბეზე ავდიოდი, ბორის პეტროვიჩი ფოიედან მეკითხება:

   -  მითხარით, გეთაყვა (`Uჯკე,ხბრ») აგაბო მღერის?

   -  რატომაც არა!  -  მყისვე ვუპასუხე და აჩქარება უმალ ვინანე. თუმცა... რატომ არ შეიძლება ქართველი გლეხკაცი მღეროდეს? Gგამახსენდა: რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლში სერგო ზაქარიაძე-აგაბო წაუმღერებდა ხოლმე.

  მსახიობ ლუდმილა გენიკას  -  ბორის ჩირკოვის მეუღლეს  -  თავისი მოსაზრება აქვს:

   -  აგაბო მიწის კაცია და არა მომღერალი!

   -  მითუმეტეს! თუ მიწის კაცია, უსათუოდ იმღერებს!  -  თავისას არ იშლის ბორის ჩირკოვი. მე, ცხადია, კიბეზე დავეშვი. ფოიეში მოკამათეებს შევუერთდი. ვგრძნობ, გადამწყვეტი სიტყვა მე მეკუთვნის და ვამბობ კიდეც:

   -  გლეხები დიდებული მომღერლები არიან, ამათგან მოდის გენიალური ქართული მუსიკალური ფოლკლორი.

  რამდენიმე თვის შემდეგ  -  უკვე 1974 წელი იდგა, ,,ურმის» პრემიერაზე მოსკოვს ჩავედი. პირველი სცენა: ბ. ჩირკოვი-აგაბო ხეზე გასულა და მღერის: ,,ცოცხალი ვარ, ცოცხალიი, შენი ეშხით ვიწვებიიი». ელდა მეცა. თავი ბრალეულად ვიგრძენი, ეს მიწის კაცი-აგაბო საესტრადო სიმღერას რომ მღეროდა. ცხადია, იგი ასეთ სიმღერას არ უნდა მღეროდეს.

  მაგრამ სიმღერის მერე ისეთი უშუალობით, მართლაც, ქართველი გლეხკაცის ინტონაციით გასძახის ცოლს:

 

   -  კესარია, ჰა, კესარია!  -  მსახიობის სიმართლე შევიგრძენი.

 

***

  შორეული მიუწვდომელი გგონია, მიუწვდომელი და ძალიან განსხვავებული  -  კანი ჩემთვის მხოლოდ კინოფესტივალების ქალაქი იყო. თუ ამ ქალაქში სხვა რამ კეთდებოდა, თუ ადამიანებს კინოს გარდა სხვა რამ აინტერესებდათ, ვერ წარმომედგინა (!) არადა, ერთი ჩვეულებრივი, ხმელთაშუა ზღვის ლამაზი ქალაქია, რომელშიც ადამიანებს თავთავიანთი საზრუნავი გააჩნიათ.

  ებრაელობაც  დიდძალი  ყოფილა  ამ  ქალაქში.

  აი, ჩვენმა მანქანამ ზღვის სანაპიროდან ხელმარჯვნივ აუხვია, ვიწროებში იარა და კანის ებრაული თემის ცენტრთან გაჩერდა.

  ამ ცენტრს სალოცავიც დიდებული აქვს, საბავშვო ბაღიც, სასწრაფო დახმარების ძლიერი ქსელიც, საგამოფენო დარბაზიც და ბიბლიოთეკაც.

  კანში სამი ათასი ებრაელია. ხოლო შემოგარენის ჩათვლით, ექვსი ათასიო, მეუბნება კანის მთავარი რაბინი მორდეხაი ბენ სასონი  -  ერთობ გულღია, ტკბილ-მოუბარი კაცი.  ვეკითხები:

   -  იქნებ, ამიხსნათ, რატომ არის ასე: ამ დღეებში პარიზში საღამო ხანს ბარე  ხუთი ბეით-ქნესეთი შემოვიარეთ, საათის შვიდიდან რვამდე, ყველა დაკეტილი დაგვხვდა. ეს ის დროა, როცა ბეით-ქნესეთი მლოცველებით სავსე უნდა იყოს.

   -  ასეა  კი,  საათის  ხუთისთვის  ნაშუადღევის  ლოცვას  ჩაატარებენ და...

   -  საღამოს  ლოცვა?

  მორდეხაი ბენ სასონი მზერას მარიდებს, ვერაფერს ამბობს.

  როგორც ჩანს, პარიზის ებრაელობამ მდგომარეობა გაიიოლა.

   -  აბა!  -  მეტყვის ამის თაობაზე ლეონ ელიგულაშვილი  -  პარიზში მცხოვრები ქართველი ებრაელი  -  ფრიად საინტერესო ბიოგრაფიის კაცი (მისი მამა ნოე ჟორდანიას მთავრობას გაჰყვა პარიზში, ბიძა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო) საღამოს აღარ გამოდიან სახლიდან. ნაშუადღევს ლოცულობენ და მორჩა! პარიზი შავებით და ყვითლებით გაივსო, ის დრო აღარ არი!

  რა  იქნება  ხვალ?

***

  ,,ევრეისკი მირის», ,,რუსსკაია რეკლამას», ,,ალეფის», საუკუნეზე უხნესი ,,ფორვერსტის»  -  შეერთებული შტატების რუსულენოვანი გაზეთების წარმომადგენლები, ახალგაზრდა, თუ ხანშიშესული კორესპოდენტები, რედაქტორები. ესენი უმეტესწილად ადრინდელი, აწგარდაცვლილი საბჭოთა კავშირიდან არიან ჩამოსულნი, ყველაფერი იციან იმაზე, რასაც გვეკითხებიან. იქნებ, უფრო უკეთ, ვიდრე ჩვენ. არც საქართველოს ამბებია მათთვის მიუწვდომელი, მაინც გვეკითხებიან. ასე რატომ ხდება? იქნებ, ერთი მიზეზის გამო გვეკითხებიან: იმით, თუ რა პასუხს მივცემთ ამა-თუიმ კითხვაზე, ე.ი. რამდენად ვეტყვით სიმართლეს, მიხვდებიან ვინ, რა შემადგენლობის ვართ ჩვენ, მერე, მოგვიანებით, როცა გაიგებენ ვართ თუ არა სიმართლის მთქმელნი, იქნებ, მართლა გვკითხონ ის, რისი გაგებაც აინტერესებთ, რაც არ იციან. და იქიდან გამომდინარე, როგორ კაცებადაც, ჭეშმარიტებასთან  რაოდენ მიახლოებულ ადამიანებადაც შეგვიცნობენ, დასკვნასაც გააკეთებენ ჩვენზე, საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე.

  ახლა აქ, მესამე ავენიუს ერთ-ერთ სართულზე გამართულ პრეს-კონფერენციაზე პაწია კომედია თამაშდება. თითქოს მეგობრული ატმოსფეროა, შინაურული საუბარი, მაგრამ დროდადრო სუსხიანი, ეკლიანი შეკითხვებიც არის. მოგვიანებით ვწვდები ამ ეპიზოდური ეკლიანობის მიზეზს. მე ვცდილობ სიმართლე ვილაპარაკო, რაც ვიცი, ცხადია. ამათთან რაიმეს დამალვას აზრი არა აქვს  -  საბჭოთა ხელისუფლება ამათ 70 წელი უმალავდა სიმართლეს, ვერ დაუმალა. მე სიმართლეს  -  ჩვენი ყოველდღიურობის პოლიტიკური ყოფის ნაკლოვანებებს ვაუწყებ ისე, როგორც ამას ვხედავ და განვიცდი  -  ტკივილით, გულისწუხილით. ამაოა-მეთქი გარჯა, ჯერაც ტაციაობის, ამოუვსები მუცლის სულისკვეთება სჯაბნის საღ აზრს, თუმცა, იმაზეც ვსაუბრობ, რა განსხვავებაა 1993 წ. და დღევანდელ საქართველოს შორის, ვლაპარაკობ იმაზე, თუ საით მივდივართ. ეს კი, აგერ, ჩემს გვერდით რომ ზის, ლაპარაკობს იმაზე, თუ რამდენი კარგი კანონი მიიღო საქართველოს პარლამენტმა, როგორ დაიხვეწა ყველაფერი, რა ნათელი დღეები უდგას ხალხს. ერთი სიტყვით, ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი კარგად არისო. პაუზებით, შთამაგონებელი ინტონაციით ლაპარაკობს, ისე, როგორც ამ ათი წლის წინათ პარტიული მუშაკი ილაპარაკებდა. მისი ნათქვამის ქვეტექსტი არ არის ძნელი ამოსაცნობი: მე მძლე ვარ, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელი და მე ვიცი ჭეშმარიტება. ერთი სიტყვით, მძლე მძლედ ლაპარაკობს.

  ისინი, კი ვისი რიდითაც მძლე საუბარს კონიუნქტურულად ეწევა - მისი პარტიული ბოსები  -  აქ, ამ ქალაქში ჩამოდიან და სხვადასხვა ინსტანციებში საქართველოზე შეულამაზებლად, ყოველგვარი კონიუნქტურის გარეშე ლაპარაკობენ.

 

  შედეგი?

  გაზეთების წარმომადგენლებს ცხადია, ვერაფერს გამოაპარებ, ორიოდ დღეში ერთ-ერთი გაზეთი წერს საქართველოდან ჩამოსულ იმიჯმეიკერებზე.

 

***

  ხშირად მიფიქრია, რატომ არის ამდენი თავისქალა ანტონიო ხოსე რივეირას, ფერედას, რუბენსის, ველასკესის ნამუშევრებში? თავისქალების მთები! იმიტომ ხომ არა, ადამიანს თავისი ხვალინდელი დღე შეახსენონ? ისინი განსაკუთრებული, გამორჩეული ნიჭის, ხედვის ადამიანები იყვნენ და სხვებზე ათასგზის უკეთ იცოდნენ ადამიანის რაობა, ამა სოფლის ამაოებას იმიტომ აჩვენებდნენ, რომ მათი თანამედროვე ადამიანების დღევანდელობა რამენაირად მიეახლოებინათ ღვთისნიერებასთან.

  ამით ხომ არ დაუდეს სათავე დღევანდელ საშინელებათა ფილმებს? Yყოველ შემთხვევაში ბიძგი მისცეს მათს არსებობას. იმისათვის რომ წარმოვიდგინოთ სულიერად თუ როგორ დაჩიავდა ადამიანი, ერთიმეორის გვერდი-გვერდ დავაყენოთ გოიას ,,სატურნი»  -  ეს გენიალური საშინელება და დღევანდელი უაზრო, გამოფშიტული ნებისმიერი საშინელებათა ფილმი. აი, საიდან სად წავედით, მაგრამ მთავარი მაინც სხვა რამეა  -  თუ შორეული საუკუნეების მხატვრები ასე ზრუნავდნენ ადამიანების სულებზე, მათს იმქვეყნიურ ცხოვრებაზე, ასე აფრთხილებდნენ მათ, რა უნდა იღონოს დღევანდელმა მხატვარმა?

 

***

  კიევში, ბროდსკის სინაგოგის დათვალიერებისას, ერთმა სასულიერო პირმა, რაბიმ, ასეთი რამ მიამბო:

   -  კონსტანტინე პაუსტოვსკი კიეველია. აგერ, იმ გიმნაზიაში სწავლობდა. იმ წლებში, როცა გიმნაზიას ამთავრებდა, კიევის მოსახლეობის 9-10% ებრაელობა იყო. მის კლასში ბევრი ებრაელი სწავლობდა. ამათ კი უმაღლესში მხოლოდ იმ შემთხვევაში ღებულობდნენ, თუ გიმნაზიას ოქროს მედალზე ამთავრებდნენ. კ. პაუსტოვსკის კლასში ბევრი ფრიადოსანი ებრაელი იყო  -  ჩინებული მოსწავლეები, მედლების რაოდენობა კი ერთობ შეზღუდული გახლდათ. ამიტომ ოქროს მედლის კანდიდატმა უკრაინელმა მოსწავლეებმა გადაწყვიტეს რომელიმე საგანში ოთხიანი მიეღოთ. ამით ისინი ებრაელებს უხსნიდნენ გზას მედლებისაკენ, ე.ი. უმაღლესი სასწავლებლებისაკენ.

  ქვეყანა, ხალხი ბევრ რამეს მოიცავს თავის თავში, იმ ავადმყოფობასაც ანტისემიტიზმის სახელით რომ არის ცნობილი და იმასაც, რითაც შემდეგ შთამომავლობას ასხივოსნებს, ისე როგორც ეს გაუკეთებიათ კ. პაუსტოვსკის და მის მეგობრებს.

 

***

  დაუდევარი ადამიანები, უმეტესწილად ქალები, ზღვაში ათას რამეს კარგავენ. ან გემებიდან გადმოუვარდებათ, ან ნაპირზე და მის სიახლოვეს ცურვისას.

  ზღვა კი უცხოს არაფერს ჰგუობს. იქნება ოქრო, ვერცხლი, თუ უბრალო პარკი ცელოფნისა - სამი, ხუთი, თუ ათი დღის შემდეგ უთუოდ აბობოქრდება. ხმაურით, გრიგალისებური გრუხუნით მოუვარდება მიწას და ბრაზით გადმოუყრის იმას, რაც მისმა დაუდევარმა შვილებმა ზღვის უბეში ჩაყარეს.

  წვიმს, თქეშია, ზღვა ღრიალებს, ზღვიდან მოვარდნილი ქარი ადამიანებს სახეში სცემთ. დამსვენებლებს ოთახებიდან ცხვირიც ვერ გამოუყვიათ, ცივათ, დასველებას ერიდებიან. აფხაზეთიდან ლტოლვილებისთვის კი ეს საუკეთესო ამინდია  -  ამ დღეს შესაძლოა, უფრო გაუღიმოთ ბედმა, ვიდრე გუშინ, გუშინწინ, როცა მოხარშულ სიმინდს, ან ვაშლს, ლეღვს, თუ წყალს ჰყიდდნენ ნაპირზე, შიშველ დამსვენებელთა შორის.

  ზღვა ასე რომ გაავდება, ესენი ლამის ხახაში ჩაუვარდნენ  -  ამ წვიმაში, ტალღების ცემასა, თუ ხორშაკში, ზეცას კი არ შესცქერიან, როდის გამოიდარებსო, მიწას დასცქერიან. აი, ეს ტალღების ცემისგან გვერდებდაჟეჟილი მიწაა მათი მარჩენალი. მასში დაეძებენ იმას, რასაც ზღვა უკან გადმოუყრის მიწას. აი, ამ წვიმასა და მეხთაცემაში ფეხშიშველა გოგონამ  -  აფხაზეთიდან ლტოლვილმა  -  რაღაც ბრჭყვიალას მოჰკრა თვალი. იქით გაიქცა. არა, ეს ოქროს ბეჭედი არ არის, ეს უბრალო ქაღალდია. Oოქროს ბეჭედი ამას წინათ ბონდოიამ იპოვა, კოჩობამაც იპოვა ქალის პაწია ოქროს საათი. ის ტუტრუცანა დედაკაცი ზღვაში, ალბათ, მაჯის საათით შევიდა.

  ეს გოგონა ფეხშიშველა დადის. ცივა, ქარი პირი-სახეში სცემს, ტალღების გრუხუნიც აღარ ესმის. მთელი ყურადღება იქითა აქვს  -  ტალღაგადავლილი სილისაკენ. ის ხომ მარტო არ არის ნაპირზე -  ათობით ლტოლვილი სცდის ბედს, დაეძებს სარჩოს  -  იმას, რასაც ზღვა გადმოისვრის.

  მოქუფრული ცა თავს დამხობია და შორი ნაპირი არ ჩანს. თუმცა, გოგონამ იცის, მშობლებისაგან სმენია: ამ ნაპირის გაყოლებით, არც ისე შორს, არც ისე ახლოს, მისი მშობლიური სოფელია. აგერ, ზღვის ამ ველოსიპედით მზის ჩასვლისას იქ იქნება.

  გოგონა თვალებში სევდაჩამდგარი გასცქერის არც ისე შორეულ და არც ისე ახლო ნაპირს, იქ, იმ სოფელში თავისი ბავშვობა ეგულება. ახსოვს, როგორ არ ახსოვს: ვიდრე თავიანთ სოფელში იყვნენ, სილაში არაფერს არ დაეძებდნენ -  სილაში კოტრიალებდნენ. იმ შუკებს, ზღვისპირს ნატრობს და უზარმაზარი ტალღის მიწაზე დახეთქებასაც ვერ გრძნობს. აჰა, მასთანაც მოვიდა ტალღა, მუხლებამდე მოსწვდა.

  ფუჭია ოცნება, ისევ ის სჯობს, მიწას ჩააცქერდეს. იქნებ, იქ იპოვოს რამე.

 

***

  ქსიუშა  -  წნელივით მოქნილი, სახებადრი, მაცთური მზერის, 22 წლის  -  კიეველია, აქ, მოსკოვში, თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობს, მარკ ზახაროვის მოწაფეა, მეორე კურსის სტუდენტი. ხმადაბლა საუბარი არ შეუძლია. მისი ხმამაღალი სიცილი დიდი თეატრის სვეტებს ეხლება და ღამეს ამსხვრევს. არ ისვენებს, უპაუზოდ ლაპარაკობს. მე კი მცირე თეატრისაკენ მიმეჩქარება  -  მინდა ერთხელ კიდევ ვნახო ჯორჯო სტრელერის ,,ორი ბატონის მსახურის» საფინალო სცენა.

   -  აი, ნახავთ, დავამთავრებ ინსტიტუტს, ჩამოვალ საქართველოში, ვითამაშებ მარჯანიშვილის  თეატრში, ისე ვითამაშებ, რომ სცენაზე მოვკვდები და ვერიკოს გვერდით დამასაფლავებენ  -  მე რომ სიცილი ვერ შევიკავე, ქსიუშამ (ალბათ, ქსენიამ  -  მაინც დავიმახსოვროთ)  ჯიბრით  განაგრძო  -  არა გჯერათ? არა გჯერათ ხომ? აი, ნახავთ!  -  ცხარობს კიდეც.

   -  კი, როგორ არა, მაგრამ ქართული რომ არ იცი?  -  თითქოს ეს საკმარისი იყოს იმისათვის, რომ ვერიკოს გვერდით დაასაფლავონ.

   -  იჰ, ეგ რა არი! მალე ვისწავლი და ისე ვითამაშებ, როგორც ვერიკო თამაშობდა, ამიტომ დამმარხავენ მის გვერდით, ნა მტაცმინდუ!

   -  ყოჩაღ, ქსიუშა, დავაი ნა მტაცმინდუ!  -  ვეუბნები მე.

 

***

  ფრიად ჩვეულებრივი შესახედაობისა გახლდათ. ასეთ კაცს ბევრს შეხვდებოდით ქუჩაში, მაგრამ მივიდა ტრიბუნასთან, გაშალა სასკოლო რვეული და დაიწყო კითხვა. მწერალთა კავშირის დარბაზში შეკრებილთ წაგვიკითხა თავისი ნაწერი ოთარ ჩხეიძის ერთ მოთხრობაზე (,,მიწა»). ჟურნალში დაბეჭდილი ეს მოთხრობა მე გამომპარვოდა, არ წამეკითხა, მაგრამ ისე წაიკითხა დიდი მონაკვეთი მოთხრობისა, ილაპარაკა ამ მოთხრობაზე, ისე დაახასიათა ადამიანის გასვენების, უფრო სწორედ, მიწის მიყრის პროცესი, მივხვდი: ამ კაცის შესახედაობა სულაც არ გამოხატავდა მისი აზროვნების სიღრმეს, და იგი ნამდვილ ლიტერატურაზე ლაპარაკობდა. იმ დღემდე მისი არც სახელი ვიცოდი, არც გვარი, არც ის, თუ ვინ იყო და რას იქმოდა,  (მერე მითხრეს სამგორის მშენებლობაზე მუშაობდაო). მაგრამ საუბრის დაწყებიდან სამიოდ წუთში გახდა ცხადი, ვინც იყო და რასაც იქმოდა  -  გონიერი და წესიერი კაცი იყო. მის გონიერებას იმით შეიტყობდით, რაც დაეწერა და ახლა კითხულობდა. წესიერებას კი იმით, სხვისი კარგი ნაწარმოების გამო სიხარულს რომ არ მალავდა. ისე საინტერესოდ და ემოციურად ისაუბრა ოთარ ჩხეიძის ამ მოთხრობაზე, მეორე დღესვე ჟურნალი მოვძებნე და წავიკითხე. მას მერე დიდხანს,  ძალიან დიდხანს მესმოდა  თუ როგორ ეცემიან მიწის ბელტები კუბოს.

  მომხსენებლის სახელი და გვარი გახლდათ რეზო ინანიშვილი. მაშინ არა, ცოტა მოგვიანებით, როცა რეზოს ნაწარმოებებიც წავიკითხე, თავს პირობა მივეცი: ვიდრე კაცი ხმას არ ამოიღებს, ვიდრე რაიმეს არ იტყვის, მასზე არაფერი გავივლო გულში. Nნაკლებ ნიჭიერთ, ან უნიჭო ადამიანებს სხვებზე კარგ სიტყვას ვერ დააცდენინებ, თორემ ნიჭიერნი ყველაფერში ხელხვავრიელნი არიან  -  სხვათა სიკეთის დანახვაშიც. ერთხელ ხაშმში მოვხვდი­  -  რეზოს მშობლიურ სოფელში. ცოლ-შვილს ისე გააცნო ჩემი თავი, ისე წარუდგინა, იქით-აქეთ ვიყურებოდი, ნეტა, სხვაზე ხომ არ ლაპარაკობს-მეთქი. მაგრამ მერე ჩემი რამდენიმე ნაწარმოები რომ ახსენა, ვირწმუნე ჩემზე ლაპარაკობდა. იმ დღემდე რომ გეკითხათ, დაბეჯითებით გეტყოდით, ჩემი არც-რა წაუკითხავს, არც-რა უნახავს-მეთქი. ყველაფერი ამის  მიზეზად მის ნიჭიერებას და სიკეთისაკენ მიდრეკილებას მივიჩნევ.

 

***

  თუ იოსებ ნონეშვილის პიროვნულ თვისებებს და მის დროში თავჩენილ, აყელყელავებულ საზოგადოებრივ მანკიერებას ერთმანეთს შევუფარდებთ, რასაკვირველია, პოეტი ამ დროსთან ვერაფრით ვერ გაიგივდება. იმ დროში სასიკეთო ბევრი რამ ხდებოდა, მაგრამ ადამიანები მუჯლუგუნების ცემით, სხვათა აბუჩად აგდებით, ლიქნით, დაბეზღებით ცდილობდნენ ადგილის დამკვიდრებას. ამ ფონზე სიკეთის ქმნის იოსებ ნონეშვილისეული მისწრაფება, მრავალთათვის ანაქრონიზმად გამოიყურებოდა. თავად წარმოიდგინე, მკითხველო, როგორი უნდა იყოს კაცი, რომ ყური მოჰკრას დედაბრის მუდარას უცხოეთში მიმავალი ნათესავისადმი იქნებ, ესა და ეს წამალი ჩამომიტანოო, ნათესავი უარს ეუბნებოდეს და იმ კაცს ჩამოაქვს წამალი, რომელმაც ყური მოჰკრა დედაბრის მუდარას. არადა, თბილისში ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ როგორ მოჰკრა ყური  იოსებ ნონეშვილმა მოხუცი ქალის ხვეწნას, მერე იმ ქალს მოიარებით გამოჰკითხა ყველაფერი და ორიოდ კვირაში წამალიც ჩამოუტანა.

  ან კიდევ: რაოდენი კეთილშობილებით უნდა იყოს სავსე ადამიანი, რომ ახალგაზრდა კაცს, დამწყებ მწერალს, რომელსაც არც გავლენიანი ბიძაშვილ-მამიდაშვილობა უმაგრებს ზურგს, არც პარტიის ცეკა და არც  -  ფინანსური ძალა, სამუშაოდ მიიყვანოს ისეთ პრესტიჟულ გაზეთში, როგორიც მაშინდელი ,,ლიტერატურული საქართველო» იყო. ამით იოსებ ნონეშვილმა სუნთქვა გაუადვილა ჩემს ოჯახს. ეს ის დრო იყო, როცა გაზეთში ვერადავერ მოეწყობოდი, თუ რომელიმე დიდკაცი არ გედგა გვერდით. მამაჩემი კი მუშა კაცი იყო.

  მანამდე ამაზე არც მიფიქრია, ამ დიდებულ პიროვნებასთან და პოეტთან მუშაობის წლებში პირველად ვიგრძენი, ჩემთვის მაშინ დაუჯერებელი: ადამიანებს არა უცხონი, უმეტესწილად, თავისი კოლეგები  -  ვითომ მეგობრები, ვითომ ამხანაგები აქიაქებენ და ამით უმოკლებენ წუთისოფელს: რა ღონეს არ მიმართავდნენ, რას არ იგონებდნენ იმისათვის, რომ რამენაირად დაემცროთ ბატონი იოსების მზარდი პოპულარობა საქართველოში, მისი ადგილი იმდროინდელ პოეტურ, საზოგადოებრივ აზროვნებაში.

  რამდენადაც დიდი სიყვარული ჰქონდა ხალხს იოსებ ნონეშვილისა, რამდენადაც მღეროდა, თუ ზეპირად წარმოთქვამდა ხალხი მის ლექსებს, მწერლობის ზოგი ჩინოვნიკი, მისივე თაობის მოლექსენი დიდ გამომგონებლურ ნიჭს იჩენდნენ, რომ რამენაირად მიეჩქმალათ იგი. ამას კი ბრძოლა არ შეეძლო, პოეტი იყო. მას მხოლოდ სიკეთის კეთება შეეძლო. წლების მერე აღმოხდა:

  ეცადნენ და

  ვერ გამხადეს

  ბოროტი,

  ეცადნენ და

  ვერ გამხადეს

  ფლიდი,

  წუთისოფელს

  კაცად შერჩე

  ბოლომდე  -

  თურმე ესეც

  გმირობაა

  დიდი.

  ბატონმა იოსებმა ჩაიდინა ეს გმირობა  -  წუთისოფელს ბოლომდე კაცად შერჩა. თუმცაღა, არაერთხელ მინახვს რაოდენ გულს ტკენდა ფლიდობა  -  თვალებში სევდა ჩაუდგებოდა, ტუჩები დაებრიცებოდა, ჩაილაპარაკებდა ,,როგორ სცოდავენ, როგორ სცოდავენ». ისინი  -  ცოდვილნი, კი ამ დროს იცინოდნენ, ხითხითებდნენ: ჩვენ თანამედროვედ ვაზროვნებთ, ჩვენ დღევანდელი აზროვნების პოეტები ვართო.

  იმ წლებში ,,ლიტერატურული საქართველო» ნაცვლად საღამოს 20 საათისა, ლამის გამთენიის ხანს მიჰქონდათ დასაბეჭდად -  ბატონი იოსები აგვიანებდა ხოლმე გვერდების წაკითხვას. მერე, როცა სტამბაში მოვიდოდა, ვიდრე წაკითხული გვერდები მანქანაზე სწორდებოდა, გულდაგულ გვებაასებოდა. ბ-ნი იოსები  -  შესანიშნავად იცნობდა თანამედროვე პოეზიას  -  რუსეთის, დასავლეთის ჭეშმარიტი პოეტური მონაპოვარი ხელის გულზე ედო, მაგრამ ამით სხვებივით თავს არ წაგჭამდა, რადგან თავისი სათქმელი ჰქონდა  -  თავისი სატკივარი და სიხარული. პოეტი იყო და ლიტერატურის  თეორიაზე საუბარს თავს არიდებდა. ადამიანთა მზაკვრობას ჩინებული ლექსებითა და სიკეთის ქმნით პასუხობდა. სიკეთის ქმნის იმოდენა ნიჭი ჰქონდა, მის კართან, მისაღებში მუდამ დიდი რიგი იდგა. ისეთი ხალხმრავლობა იყო, თანამშრომლებსაც კი გვიჭირდა მასთან შეხვედრა. ვინ არ მოდიოდა, საიდან არ მოდიოდნენ დახმარების სათხოვნელად  -  ამერიდან თუ იმერიდან. ის კი ყველას ეხმარებოდა. ობლობაში გაზრდილს, შემდეგ ცხოვრების კიბის მაღალ საფეხურზე ასულს, საქართველოს საყვარელ პოეტს, თითქოს მხოლოდ ერთი ფიქრი ჰქონდა, ერთი განზრახვა  -  ეშველა გასაჭირში ჩავარდნილი კაცისათვის. ალბათ, თავისი სიჭაბუკის მწარე დღეები აკეთებინებდა სიკეთეს.

  ბატონი იოსები თავისი ცხოვრების წესით ერთ სიბრძნეს ჩაგვაგონებდა: ბოროროტებას არ უპასუხო, ბოროტებას თავი არ გაუყადრო. ხომ წერდა დიდი მეფსალმუნე პოეტი, როცა ჩემს წინ ბოროტი კაცი ზის, პირზე ალიკაპს ავიკრავო. დიახ, თუ ბოროტი კაცი შენს ახლო-მახლო ტრიალებს, უნდა განერიდო. ვაი, რომ ადამიანები ყოველთვის არ მივდევთ ამ სიბრძნეს  -  ან დროულად ვერ ამოვიცნობთ ბოროტს, ან ნებისყოფა არ გვყოფნის და ზოგადად გვსურს ბოროტი დღესვე ვიხილოთ დამარცხებული. იგი ყველას სულში იხედებოდა, ყველას ფასი იცოდა, მაგრამ ისინი, მისივე კოლეგები, თანამეინახენი, ფერმკრთალ შეთქმულებებს უწყობდნენ ბატონ იოსებს. მერე რა შეიცვალა? წამიერი იყო ყველაფერი. დრომ წაიღო, ისინიც, მოქილიკენი  -  დღეს აღარავის ახსოვს. მათი სქელტანიანი წიგნები ბიბლიოთეკების თაროებიდან კარგა ხანია არავის ჩამოუღია. ბ-ნი იოსების ლექსებს კი მღერიან, ლაპარაკობენ სიკეთის ქმნის რა ნიჭი ჰქონდაო.

     ვაი, რომ დღევანდელთ გვავიწყდება ის, რაც გუშინ იყო  -  დღესაც იგივე გრძელდება. არიან სხვათა ნიჭის, შრომისმოყვარეობის, სიკეთის გამტრიზავებელნი, მოქილიკენი და არიან... თუმცა, ისეთნი, როგორიც ბატონი იოსები იყო, ცოტანი, თითებზე ჩამოსათვლელნი.

 

***

  რაიონული კულტურის სახლი. ადამიანები  -  რაიონის მცხოვრებნი, თუ თბილისიდან ჩასულნი  -  პატივს მიაგებენ გამოჩენილ ხელოვანს. მერე სცენაზე ადის ოთარ მეღვინეთუხუცესი. გამოხატავს თავის პატივისცემას რეჟისორისადმი და კითხულობს მონოლოგს მის მიერ დადგმული სპექტაკლიდან. კითხულობს... წარმოსთქვამს დიდებულ ტექსტს და შენ, მსმენელი, სრულიად სხვა სამყაროში გადადიხარ, აქ, ამ სამყაროში სულ სხვა რეალობაა, რიტმიც სხვა. მსახიობი გახედებს ტრაგიკული ადამიანის სულში. სიტყვა სულ სხვა განზომილებაში ექცევა, სიტყვა არ არის კენჭივით მძიმე, წარმოთქმისთანავე მიწაზე რომ ეცემა, სიტყვა ცოცხალი, მფეთქავი არსებაა, მას აქვს თავისი სახე, განა მხოლოდ ისმენ, ხედავ კიდეც იმას, რასაც ის გამოსახავს. ამიტომ იოლია ადამიანის სულში ჩახედვა. დიახ, ხედავ, ეს სიტყვები დაგანახებენ იმას, რაც ადამიანის სულში ხდება და გიჩნდება თანალმობის განცდა. მაგრამ მსახიობი თანალმობისათვის როდი ირჯება. არა, მან თავისი გმირის ბედის მონაწილე უნდა გაგხადოს, გხდის კიდეც  -  შენ და მსახიობის მიერ წარმოსახული პერსონაჟი ერთიანდებით, მსახიობი უკვე დარბაზს კი არ ესაუბრება თავის პერსონაჟზე  -  მსახიობიც, დარბაზიც ერთ არსებად  -  მის პერსონაჟად ქცეულა. მსახიობმა ამ დარბაზში მყოფნი, ყველა  -  ქალიცა და კაციც ერთ ადამიანად აქცია. ამიტომ ყველა ერთნაირად სუნთქავს, ერთ რიტმში, ჩახედეთ თვალებში  -  ყველას ერთი განწყობილება ჩასდგომია  -  სევდა. ყველას გულისწადილი, გულისძახილი ერთია, მაგრამ ყველა დუმს. ჯერ ერთი, ახლა ამ წამებში სხვაგვარად არ ძალუძთ, მეორეც  -  იმას, რაც ახლა, ამ წამებში მათს გულებში ტრიალებს, ოთარ მეღვინეთუხუცესზე უკეთ ვერავინ იღაღადებს. იგი ხან მოთქვამს, ხან შესძახებს, მერე კი ამბობს, მე ერთი ყურძნის მტევანი ვარო. არა, ის კი არ არის ყურძნის მტევანი, შენ, შენ ხარ  -  შენ იქეცი ამად, მსახიობმა გაქცია ყურძნის მტევნად, ამ ერთმა კაცმა, ერთმა ადამიანმა. აჰა, იგი ამთავრებს, ქუხს ტაში და გახსენდება, რომ შენ ყურძნის მტევანი კი არა, ადამიანი ხარ. აი, შენგან ხუთ მეტროში მდგარი კაცი ქმნიდა ნამდვილ ხელოვნებას და იმის გამო, რომ შენ ადამიანი ხარ, შესძახებ ,,ბრავო!» და შენ გიხარია, რომ იყავი ყურძნის მტევანი და ახლა ხარ ადამიანი.

 

***

  ეს ამბავი ბუდაპეშტში ხდება: ჩემი მეგობრისა და ნათესავის სოსო მიხელაშვილის ოჯახში სუფრას ვუსხედვართ, ვქეიფობთ. მიკის ათიოდე დღის წინ შეურთავს ეს მშვენიერი გოგონა და ისრაელელი აბრამ (ალიოშა) იოსებაშვილი ასე ადღეგრძელებს:

   -  კარგი ქართული ოჯახი შეგექმნათ!

  სხვებიც ადღეგრძელებენ მიკის. სამადლობელო სიტყვაში მიკი ამბობს,  ჩვენ შევეცდებით კარგი ქართული ოჯახი შევქმნათო. მე კი ვზივარ და ვფიქრობ: რატომ, რისთვის უნდა შეჰქმნას ქართული ოჯახი მიკიმ, ახალგაზრდამ, რომლის მშობლები ოცდაათი წლის წინათ წავიდნენ საქართველოდან. თავად მიკი ისრაელში დაიბადა და ახლა ბუდაპეშტში საქმიანობს. საქართველო არც უნახავს. აჰა, ქორ-წინებიდან ერთ კვირაში ბუდაპეშტში ჩამობრუნდა ისრაელიდან, საქმე არ გააცდინა და ქართული ოჯახის შექმნას რატომ ლამობს?

  აბრამის სურვილი, მისწრაფება გასაგებია: 69 წლის კაცია, ცხოვრების დიდი წილი საქართველოში გაატარა, უყვარს ეს ქვეყანა, ხალხი. აი, მიკისა კი მიკვირს: მას ხომ საქართველო არ უნახავს.

  ბევრი, ძალიან ბევრი რამ არის დასაფიქრებელი. ასე უბრალოდ არაფერი არ ხდება.

 

***

        ესპანური ცეკვის  -  ფლამენკოს  -  არსი ასე მეჩვენება: ვგონებ, ფლამენკოში მამაკაცი არ არის წამყვანი. აქ მთავარი ქალია და იგი არის მაცთური. მამაკაცს თავდაცვითი ინსტიქტიც კი ამოძრავებს. ქალი ექსპრესიული და გამოუცნობია. იბრძვის საკუთარი სურვილების, მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ამის უფლებას  -  შინაგან თავისუფლებას -  მას კათოლიციზმი ანიჭებს.

  ფლამენკოს რომ ვუყურებ, გარსია ლორკას ადელა მიდგას თვალწინ. ასეთი ვნებით მოცეკვავე ყველა ქალი ადელაა. მან აი, ახლახან, როგორც იქნა, დააღწია თავი ბერნარდა ალბას, გაარღვია ბერნარდას პატრიარქალური სამყაროს გარსი. დაუოკებელმა ვნებამ აპეურები გადაღრღნა და გამოვიდა, რათა მიიღოს ყველაფერი ის, რაც ადამიანს ეკუთვნის, რასაც ადამიანი იმსახურებს.

  გახსოვდეს, ეს ქალი-სტიქიაა, განთავისუფლებული მაცთური და თუ შენ არ ცთუნდები, ვერც ამქვეყნიურ სიამეთ ეზიარები.

 

1 2 3 4 5
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ხელოვნება / ბათიაშვილი გურამ / სახეები და სიტუაციები