ღოღობერიძე ირინა 

თანამედროვე  ფრანგული თეატრი

წინათქმა

 

  თარგმანების ეს პატარა კრებული მკითხველს შეიძლება ეკლექტურადაც მოეჩვენოს. მართლაც, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ჩვენი დროის უპირობო მეტრს, სემიუელ ბეკეტს, და ახალგაზრდა, დამწყებ იზაბელ დორეს? როგორ დავუკავშიროთ ერთმანეთს აბსურდის მიმდევარი, “ზედმეტად ფრანგი» ანრი დანონი და ეგვიპტელი ფრანგი ადელ ჰაკიმი? რა საერთო აქვს მათთან ძალიან კარგ რეჟისორს, მაგრამ არა დრამატურგს, არტურ ნოზისიელს, რომელმაც - ასეთი რამ ჯერ არავის გაუკეთებია – ფრანგული თეატრის კერპის, თვით ჟან-ბატისტ მოლიერის პიესას გაუბედა გადაკეთება! თანაც მთარგმნელს, ბატონ გიორგი ეკიზაშვილს თუ დავუჯერებთ, “ეს პიესა ნებისმიერ კარგად აწყობილ კრებულშიც კი აქლემივით გამოჩნდება”. ასე რომ გარკვეული ეკლექტურობა ამ კრებულს მართლაც ახასიათებს.

 

  დღევანდელი ფრანგული თეატრალური მწერლობის ერთიანი სურათის, ან პანორამული ხედვის, პატარა კრებულში შექმნა, ალბათ, მაინც შეუძლებელი იქნებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ დრამატურგია სხვადასხვა კომპონენტების – პოეზიის, მეტყველების, სცენის, გამომცემლობის, კომერციის – კავშირითაც განისაზღვრება. საფრანგეთში, მაგალითად, არასდროს ყოფილა ამდენი დრამატურგი, ამდენი დიდი, თუ პატარა თეატრი, ამდენი სახელმწიფო სტიპენდია, ჯილდო და სპეციალური თეატრალური პერიოდიკა. ყოველწლიურად ათობით ახალი პიესა იწერება, მაგრამ ფრანგებს რომ ჰკითხოთ, ვინ არის საუკეთესო თანამედროვე დრამატურგი, ისევ ბეკეტს, ანუის, ადამოვს, ჟენესა და იონესკოს დაგისახელებენ. შეიძლება, ერთი-ორმა რობერ პენჟე, მიშელ ვინავერი, ვალერ ნოვარინაც გაიხსენოს, მაგრამ არა როგორც დრამატურგები, არამედ თეატრით ეპიზოდურად დაინტერესებული ლიტერატორები.

 

  ცნობილი რეჟისორის ჟან ვილარის მიერ 60-იან წლებში დაწყებულმა დეცენტრალიზაციამ, რომელსაც თანამედროვე რეპერტუარზე ყურადღების გამახვილება უნდა გამოეწვია, საბოლოო ჯამში, უკუშედეგი გამოიღო. თეატრი საფრანგეთში ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჟანრად იქცა, მაგრამ ძირითადად რეჟისორების ხარჯზე. ბერნარ-მარი კოლტესიც კი მხოლოდ პატრის შეროს გახმაურებული დადგმების შედეგად გახდა ცნობილი. თეატრის გადანაწილების, მისი სივრცეში განფენის პროცესში, პროფესიონალ დრამატურგს თითქოს ფუნქცია მოეშალა და პიესების წერაც უმეტესად თეატრის პრაქტიკოსებმა ითავეს. ასე გაჩნდა ცნება “საავტორო თეატრი”. მაგალითად, ოლივიე პი, რომელიც თვითონ წერს, დგამს და თამაშობს თავის სპექტაკლებს, ან ვალერ ნოვარინა, რომელიც ავტორიც არის და რეჟისორიც. თითქოს გამართლდა გორდონ კრეგის წინასწარმეტყველება: “იმ დღეს, როდესაც რეჟისორი სიუჟეტის, ენის, მოძრაობისა და რიტმის ურთიერთშეკავშირებას შეძლებს, იგი ხელოვანი გახდება. დრამატურგი აღარ დაგვჭირდება და ჩვენი ხელოვნება დამოუკიდებელ ხელოვნებად იქცევა”.

 

  მაგრამ “მისი უდიდებულესობა სიტყვის” მოტრფიალე ფრანგებმა პროფესიონალი დრამატურგები საბოლოოდ მაინც ვერ განდევნეს სცენიდან. საავტორო თეატრთან ერთად მათ ბულვარის თეატრიც შეინარჩუნეს და ახალი პოეტური თეატრიც შექმნეს.

 

  ბულვარის თეატრი კარგად შეკერილი პიესის ტრადიციას მისდევს და კითხვა-პასუხზე აგებული დიალოგების თავბრუდამხვევ რიტმში შექმნილი ინტრიგით ართობს მკითხველსა, თუ მაყურებელს. იასმინა რეზა და ერიკ-ემანუელ შმიდტი ამ ყოველდღიური თეატრის ყველაზე წარმატებული (განსაკუთრებით, ფინანსურად) წარმომადგენლები არიან.

 

  პოეტური თეატრი დეკლამაციურ ხელოვნებაზე, გამჭვირვალე სტილისტიკაზე, წარმოსახვითი სამყაროს შექმნაზეა ორიენტირებული. რენე კალისკი, როლან დუბიიარი, მიშელ აზამა თითქოს საგანგებოდ არღვევენ წონასწორობას, თავდაყირა აყენებენ ეპოქათა თანმიმდევრობას და ყოველდღიურობასაც კი მიმქრალ, ამოუცნობ ფერებში გვიჩვენებენ.

 

  ფრანგული დრამატურგიის დღევანდელი სიტუაცია ახლოსაც ვერ მივა, მაგალითად, მეოცე საუკუნის 50-იანი წლების შოკურ მდგომარეობასთან, როდესაც ჯერ კიდევ ეგზისტენციალისტურ მედიტაციებში მყოფი ფრანგები ჟან ანუის დრამატურგიის გავლით აბსურდის თეატრის ორომტრიალში აღმოჩნდნენ. სავსებით ბუნებრივია, რომ ყველაფერი რაც დრამატურგიაში შემდეგ მოხდა და, განსაკუთრებით, რაც დღეს ხდება, ძალიან მცირე გამონაკლისით, ისევ ამ უძლიერესი მომენტების მეტ-ნაკლებად ნიჭიერ გადამღერებას წარმოადგენს...

 

  როგორც ავღნიშნე, კრებულში ხუთი ერთმანეთისაგან განსხვავებული პიესაა მოთავსებული. სემუელ ბეკეტი ისეთი რადიკალური დემარშით შემოიჭრა თანამედროვე ლიტერატურაში, რომ მის გვერდით ამავე სტილის ნებისმიერი ავტორი მისი შემოქმედების ფერმიხდილ იმიტატორად გამოჩნდებოდა. ამიტომაც მასთან ერთად ყველაზე უნივერსალური ფრანგი დრამატურგის ჟან-ბატისტ მოლიერის პიესის «ცრუ ავადმყოფი» გათანამედროვებული ვერსია შემოგთავაზეთ. მესამე პიესა ანრი დანონის “პიკნიკი ქალაქქვეშ” წმინდა ფრანგული უდარდელობით გაზავებული ბულვარული აბსურდია. კრებულის ბოლო ორი ნაწარმოები ახალგაზრდა ავტორების, იზაბელ დორესა და ადელ ჰაკიმის, დებიუტია და ერთი ფრანგი კრიტიკოსის აზრით “პოეტური თეატრის საინტერესო ილუსტრაციად არის მიჩნეული”.

 

  კრებულის ავ-კარგზე მკითხველებმა, ან, უმჯობესია, თეატრის რეჟისორებმა იმსჯელონ. ჩვენ, მთარგმნელები, უღრმეს მადლობას მოვახსენებთ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, რომელმაც უცხოური თანამედროვე დრამატურგიის თარგმანების მეტად მნიშვნელოვანი პროექტი წამოიწყო და მისი განხორციელების საშუალებაც მოგვცა.

 

ირინა ღოღობერიძე

სემუელ ბეკეტი

 

ო, ეს ბედნიერი დღეები

 

ფრანგულიდან თარგმნა ირინა ღოღობერიძემ

პერსონაჟები:

 

ვინი – ორმოცდაათს მიღწეული ქალი.

ვილი – სამოციოდე წლის მამაკაცი.

 

 

 

პირველი მოქმედება

 

სცენის შუაგულში გამხმარი ბალახების პატარა გორაკია აღმართული. გორაკის ფერდობები მსუბუქი დაქანებით ეშვება მარჯვნივ. მარცხნივ და სცენის პირისპირ უკანა ფერდი უფრო ციცაბო ჩანს. ყველაფერი უკიდურესად მარტივი და სიმეტრიულია.

 

თვალისმომჭრელი შუქი.

 

სცენის კედლის პომპეზური ტილო უღრუბლო ცისა და მოუხნავი მიწის შორეთში შეერთების რეალისტურ პეიზაჟს წარმოსახავს.

 

გორაკის ზუსტად შუაგულის შემაღლებაზე მკერდამდე ჩაფლული ვინია მოკალათებული – ასე ორმოცდაათი წლის, კარგად შენახული ქალი.    უმჯობესია ქერა იყოს; ვინი ჩაპუტკუნებულია, მხრები და ხელები მოშიშვლებული აქვს. მკერდსავსე დეკოლტეს მარგალიტის მძივი უმშვენებს. ვინის სძინავს, ხელები გორაკზე შემოუწყვია, თავი კი ხელებზე უდევს. მის გვერდით, მარცხნივ დიდი შავი ხელჩანთა დევს.

 

მარჯვენა მხარეს მიწაზე გაშოტილ ვილის სძინავს.

ის თითქმის არ ჩანს.

 

გრძელი პაუზა.

 

ისმის ზარის გამაყრუებელი ხმა, რომელიც ხუთიოდ

წამს გრძელდება, მერე  სიჩუმე. ვინი არ ინძრევა.

 

ზარი უფრო ხმამაღლა დაირეკება.

 

ვინი იღვიძებს. ზარის ხმა წყდება. ვინი თავს წამოწევს და პირდაპირ დარბაზში იყურება. გრძელი პაუზა. ის წამოიწევა, ხელებით გორაკს დაეყრდნობა, თავს უკან გადასწევს და ცას შეაჩერდება.

 

გრძელი პაუზა.

 

ვინი –  (ცას უყურებს) კიდევ ერთი ღვთაებრივი დღე. (პაუზა. თავს გაასწორებს, ისევ პირდაპირ დარბაზს შეხედავს. პაუზა. ხელებს გადააჯვარედინებს, მკერდზე დაიწყობს და თვალებს დახუჭავს. ერთი-ორი წამი მისი ტუჩები უხმო ლოცვას წარმოთქვამენ. მერე გაჩერდება, მაგრამ ხელები ისევ მკერდზე აქვს დაწყობილი. ჩურჩულით) იესო ქრისტე, ამინ. (თვალებს გაახელს, ხელებს გაასწორებს და მკერდზე დაიწყობს. სამიოდ წამი მისი ტუჩები ისევ უხმო ლოცვას იმეორებენ. ჩურჩულით) უკუნითი უკუნისამდე. ამინ. (თვალებს გაახელს, ხელებს გაასწორებს და ისევ გორაკზე შემოაწყობს. პაუზა) დაიწყე, ვინი! (პაუზა). ახალი დღე დაიწყო, ვინი! (პაუზა. ჩანთას მიუბრუნდება. ისე იქექება მასში, რომ ადგილიდან არც დაძრავს, ბოლოს კბილის ჯაგრისს ამოიღებს, მერე ისევ იქექება, ნახმარ, უკვე გაბრტყელებულ პასტას ამოიღებს, სახურავს მოხდის და გორაკზე შემოდებს; ცოტაოდენ პასტას ძლივს ამოქაჩავს და  კბილების გახეხვას შეუდგება. თავს მარჯვნისაკენ მორცხვად მიაბრუნებს და გორაკის მიღმა მორიდებულად გადააფურთხებს. ვილის შეამჩნევს და უკეთ, რომ დაინახოს უკან გადაიზნიქება). ეი! (პაუზა. უფრო ხმამაღლა) ე-ეი! კუ-კუ! (პაუზა. ნაზი ღიმილით დარბაზისკენ მიბრუნდება, კბილის ჯაგრისს დადებს) საბრალო ვილი. (ღიმილის გარეშე პასტას დააკვირდება) – თავდება. (სახურავს ეძებს) – რას იზამ. (აიღებს სახურავს) – ვერაფერს. (სახურავს მოარგებს) – ყველაფერი ძველდება. (პასტას დადებს) – კიდევ ერთი უსიამოვნება. (ჩანთას მიუბრუნდება) – ეშველება რამე? (ჩანთაში იქექება) – არაფერი. (პატარა სარკეს ამოიღებს) – ასეა და რა ვქნა? (სარკეში კბილებს აკვირდება). საბრალო, საყვარელი ვილი. (ნეკით საჭრელ კბილებს ისინჯავს, გაურკვევლად ლაპარაკობს) – ჯანდაბა – (ზედა ტუჩს აიწევს, ღრძილებს აკვირდება, ისევ გაურკვევლად) – ღმერთო ჩემო! – (ტუჩის მეორე კიდეს აიწევს, ისევ პირღია) – მაინც, არაუშავს – (ღრძილების დათვალიერებას რომ მორჩება, უკვე ნორმალური ხმით) – არც უკეთა მაქვს, არც უარესად – (სარკეს დადებს) – უცვლელად – (თითებს ბალახს შეაწმენდს) – მთავარია აღარ მტკივა (კბილების ჯაგრისს ეძებს) - თითქმის – (ჯაგრისს იღებს) – და ეს მშვენიერია – (ჯაგრისის სახელურს აკვირდება, კითხულობს) – ნამდვილი... რაო? – (პაუზა) – რაო? – (ჯაგრისს დადებს) – ასეა, აბა – (ჩანთას მიუბრუნდება) – საბრალო ვილი – (ჩანთაში იქექება) – გემოვნება არა აქვს – (ისევ იქექება) – საერთოდ – (გასწორდება) – ცხოვრებაში – (სათვალის ბუდეს ამოიღებს) – მიზანი არა აქვს – (ბუდეს დადებს) – სულ სძინავს – (სათვალეს გახსნის) – საოცარი თვისებაა – (სათვალეს გაიკეთებს) – ჩემის აზრით (ისევ ჯაგრისს ეძებს) – შეუდარებელი – (ჯაგრის აიღებს) – სულ ამას ვუჩიჩინებ – (ჯაგრისის სახელურს აკვირდება) – ნეტავ მეც შემეძლოს – (ჯაგრისს აკვირდება, კითხულობს) ნამდვილი... ბუნებრივი... რაო? (დადებს ჯაგრისს) – სულ დავბრმავდი – (სათვალეს მოიხსნის) – რას იზამ – (სათვალეს დადებს) – ბევრი რამ მინახავს – (ცხვირსახოცს ამოიღებს) – დროთა განმავლობაში – (ცხვირსახოცს ხელის მოქნევით გაშლის) – როგორაა იმ მშვენიერ ლექსში? – (ჯერ ერთ თვალს გაიმშრალებს) – ჯანდაბას ჩემი თავი – (მერე მეორეს) – ვინც ის ნახა, რაც მე ვნახე – (სათვალეს მოძებნის) – აბა – (სათვალეს აიღებს) – არაფერზე უარს არ ვამბობ (სათვალეს ცხვირსახოცით გაწმენდს, თან მინებს სულს უბერავს) – იქნებ ჯობდა, რომ მეთქვა – (სათვალეს წმენს) – წმინდა ნათებავ! – (წმენდს) – ამ შავ უფსკრულში – (წმენდს) – გამინელე – (წმენდს) – ჯოჯოხეთური ქურის გიზგიზი (სათვალის წმენდას შეწყვეტს, ცას შეაჩერდება და მარჯვენა მხრიდან უკან გადაიხრება) – კუ-კუ! (პაუზა. განაზებული ღიმილით წელში გასწორდება და წმენდას განაგრძობს) – საოცარი თვისებაა – (წმენდას მორჩება, სათვალეს დებს) – ნეტავ მეც შემეძლოს – (ცხვირსახოცს დაკეცავს) – რას იზამ – (ცხვირსახოცს დეკოლტეში ჩამალავს) – ნეტავ. რა მაწუწუნებს – (სათვალეს ეძებს) – არა, არა – (სათვალეს აიღებს) – არ უნდა ვიწუწუნო – (სათვალეს შუქზე გახედავს) – რამდენი რამ მახსოვს კარგი – (ისევ სათვალეს უყურებს) – უმტკივნეულო (სათვალეს გაიკეთებს) – აი ეხლაც ტკივილები აღარ მაწუხებს... თითქმის – (ჯაგრისს ეძებს) – და ეს მშვენიერია – (ჯაგრისს ხელში აიღებს) – მხოლოდ უმნიშვნელო – (ჯაგრისს ათვალიერებს) თავის ტკივილები, ხანდახან... (კითხულობს) – გარანტირებული... ნამდვილი... ბუნებრივი... რაა? – (თვალთან უფრო ახლოს მიიტანს) – ნამდვილი ბუნებრივი... (კორსაჟიდან ცვირსახოცს ამოიღებს) – ჰოდა ასე – (ცხვირსახოცს ხელის ერთი მოქნევით გაშლის) – დრო და დრო უცნაური შაკიკი მტანჯავს – (ჯაგრისის სახელურს გაწმენდს) – ამტკივდება – (ჯაგრისს წმენდს) – მერე გამივლის... ამდენი სიკეთე ჩემს მიმართ (მექანიკურად წმენდს ჯაგრისს) – ნამდვილი წყალობაა (შეჩერდება, გაშტერებული აზრმოკლებული მზერა, გაბზარული ხმით) – იქნებ უნაყოფო არ იყო – (პაუზა) – დილა-საღამოს ლოცვანი – (თავს დახრის, ჯაგრისის წმენდას განაგრძობს, თავს აწევს, მშვიდად შეიმშრალებს ორივე თვალს, ცხვირსახოცს დაკეცავს და ისევ კორსაჟში შეინახავს, კითხულობს) – ასპროცენტიანად გარანტირებული, ნამდვილი, ბუნებრივი – (თვალებთან ახლოს მიიტანს) – ნამდვილი ბუნებრივი... (სათვალეს მოიხსნის, დადებს, ჯაგრისსაც გვერდით მოუდებს, პირდაპირ იყურება). ძველი ნივთები. (პაუზა). ბებერი თვალები. (გრძელი პაუზა). მიდი, ვინი, განაგრძე (ირგვლივ მიმოიხედავს, ქოლგას შეამჩნევს, დააშტერდება, აიღებს და ქოლგის ნაკეცებიდან გრძელ, ძალიან გრძელ სახელურს გამოაძრობს. მარჯვენა ხელში დაშნასავით მოიმარჯვებს, უკან გადაიხრება და ვილის მიმართულებით მოიქნევს) კუ-კუ! (პაუზა) ვილი! (პაუზა) საოცარი თვისებაა, (ქოლგას მოუქნევს) ნეტავ მეც შემეძლოს! (კიდევ ერთი დარტყმა, ქოლგა ხელიდან გორაკის მიღმა უვარდება, ვილის უხილავი ხელი ქოლგას უმალ უკან უბრუნებს) მადლობთ, ძვირფასო. (ქოლგას მარცხენა ხელში გადაიტანს, გასწორდება და მარჯვენა ხელისგულს ყურადღებით დააკვირდება) ნოტიოა! (ქოლგას მარჯვენა ხელში გადაიტანს და ეხლა მარცხენა ხელისგულს აკვირდება) არც უკეთ ვარ, არც უარესად, არც იქით ვარ, არც აქეთ (პაუზა) ტკივილიც არ მაწუხებს (ვილის შესახედათ უკან გადაიწევა, ქოლგა ისევ საჩხვლეტად აქვს მომარჯვებული) გთხოვ, ძვირფასო, აღარ დაიძინო, შეიძლება დამჭირდეს რამე – (პაუზა). ოჰ, სასწრაფო არაფერია, ოღონდ კნუტივით ნუღარ მოიკაკვები. (გასწორდება, ქოლგას დადებს, ხელისგულებს დაითვალიერებს) არა, დღეს მაინც ვერა ვარ კარგად. (ჩანთაში რაღაცის ძებნას დაიწყებს, რევოლვერს ამოიღებს, ტუჩებთან მიიტანს, აკოცებს, ჩანთაში ჩადებს, ძებნას განაგრძობს, თითქმის ცარიელ წითელსითხიან პატარა ბოთლს ამოიღებს, გასწორდება, სათვალეს გაიკეთებს და წარწერის კითხვას შეუდგება). ენერგიის დაქვეითება... ცხოვრებისადმი ინტერესის ნაკლებობა... უმადობა... ჩვილები... ბავშვები... მოზრდილები... ექვსი სავსე სუფრის კოვზი... ყოველდღე – (თავს აწევს, იღიმება) – ძველი სტილი! – (თავს დახრის, კითხულობს) _ ყოველდღე... ჭამამდე... და ჭამის მერე... მომენტალური... (ბოთლი თვალებთან მიაქვს) – გაუმჯობესება. (სათვალეს მოიხსნის, დადებს, ბოთლს სინათლეზე გახედავს რამდენი დარჩაო, მერე გახსნის, ერთიანად გამოცლის და თავსახურიანად ვილისკენ, გორაკის მიღმა მოისვრის. ისმის შუშის მსხვრევის ხმა). უჰ! ასე არა ჯობია! (ჩანთისკენ მიბრუნდება, პომადას მოძებნის, გასწორდება, პომადას შეამოწმებს) - დიდხანს აღარ მეყოფა – (სათვალეს მოძებნის) – რა გაეწყობა... (სათვალეს გაიკეთებს, სარკეს მოძებნის) არ უნდა ვიწუწუნო (სარკეში იყურება და ტუჩების შეღებვას იწყებს) როგორ იყო იმ მშვენიერ ლექსში? (ტუჩებს იღებავს) – ო, სწრაფმავალო სიხარულო – (იღებავს...) – ო, ტა-ტა ტა, უბედურებავ.

 

ისევ იღებავს, მაგრამ ვილის ფაცი-ფუცი შეაჩერებს. მან თითქოს ლოგინზე წამოჯდომა მოახერხა. პომადას და სარკეს განზე გაწევს და უკან გადაიხრება. პაუზა. გორაკიდან გამოჩნდება ვილის მელოტი კეფა, რომელსაც წითელ ძაფად სისხლი სდის. გამოჩნდება და გაირინდება. ვინი სათვალეს შუბლზე აიწევს. პაუზა. მოჩანს ცხვირსახოციანი ხელი. ვილი ცხვირსახოცს კეფაზე მიიფარებს და გაუჩინარდება. პაუზა. ხელი კვლავ გამოჩნდება. ამჯერად მას ორფერი ლენტით გაწყობილი შლიაპა-კანოტიე უჭირავს. ხელი ქუდს მოხდენილად, ოდნავ ირიბად დაიდებს თავზე და ისევ გაუჩინარდება. პაუზა. ვინი უკან გადაიწევა, უყურებს.

 

ვინი -   კალსონები ჩაიცვი, საყვარელო, მზე დაგწვავს. (პაუზა). არ გინდა? (პაუზა). უყურე შენ, მალამო შემოგრჩენია (პაუზა) კარგად შეიზილე, ჩემო სიცოცხლე (პაუზა) ეხლა მეორე ფეფო. (პაუზა. მობრუნდება. პირდაპირ დარბაზს უყურებს. ბედნიერი გამომეტყველებით) ო, რა ბედნიერი დღე გველის! (პაუზა. კმაყოფილი გამომეტყველება გაქრება. სათვალეს ისევ ცხვირზე დაუშვებს და ისევ ტუჩების შეღებვას შეუდგება. ვილი გაზეთს გაშლის. მისი ხელები არ მოჩანს, მაგრამ თავი გაყვითლებული გაზეთის ფურცლებში ისეა მოქცეული, როგორც ჩარჩოში. ვინი პომადის წასმას მორჩება, სარკეს განზე გაწევს და მიღებულ შედეგს ამოწმებს) - ტუჩქორფა ქალი – (ვილი გაზეთს ფურცლავს. ვინი სარკესა და პომადას დადებს და ჩანთისკენ მიბრუნდება) – უფერული სულაც არ არის.

ვილი გაზეთს ფურცლავს. ვინი ჩანთაში იქექება, დაჭმუჭნულ, ფრთებით მორთულ, გადაპრანჭულ ქუდს ამოიღებს, გასწორდება, ფრთებს, ბუმბულსა და ქუდის სხვა სამშვენისებს მიასწორ-მოასწორებს, მერე დასახურად თავთან მიიტანს და ასე გაშეშდება ვიდრე ვილი ხმამაღლა კითხულობს.

 

ვილი -  მისმა უწმინდესობამ მამაო კაროლუს  შასპომ სული განუტევა... საკუთარ ვარცლში.     

                              პაუზა.

 

ვინი - (ქუდით ხელში დარბაზისკენ ბრუნდება და გზნებით იხსენებს) შარლო! შარლო შასპო! (პაუზა). თვალებს დავხუჭავ და – (მოიხსნის სათვალეს, დახუჭავს თვალებს, ცალ ხელში ქუდი უჭირავს, მეორეში სათვალე) – და კვლავ მის მუხლებზე აღმოვჩნდები იქ, ბარინეფში, სახლის უკან, პატარა ბაღში, თეთრი აკაციის ჩრდილში. (პაუზა, თვალებს გაახელს, სათვალეს გაიკეთებს, ქუდს ხელში შეათამაშებს) – ო, ბედნიერების ეს მშვენიერი დღეები!

 

პაუზა, ქუდს თავთან მიიტანს და ვიდრე ვილი კითხულობს,

არ ინძრევა.

 

ვილი –          ვეძებთ ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე კაცს.

 

პაუზა. ქუდის დახურვას აპირებს, მაგრამ შეჩერდება.

სათვალეს მოიხსნის, დარბაზში იყურება,

ცალ ხელში ქუდი უჭირავს, მეორეში სათვალე.

 

ვინი _            ჩემი პირველი მეჯლისი! (პაუზა) ჩემი მეორე მეჯლისი. (პაუზა, თვალებს ხუჭავს) პირველი კოცნა! (პაუზა, ვილი გაზეთს ფურცლავს. ვინი თვალებს ახელს) მასაჟისტი თუ პარაფსიქოლოგი დამულენი... Yთუ დიმულენი... ან იქნებ დემულენი. გაწკიპული, ცეცხლივით ულვაშებით. წითური იყო! (პაუზა) მებაღის ქოხში ვიყავით, მაგრამ ვისთან, მომკალით, არ მახსოვს. მებაღე არც ჩვენ გვყავდა, არც იმათ. (თვალებს ხუჭავს) ეხლაც თვალწინ მიდგას ყვავილებიანი ქოთნები (პაუზა) ხახვის კონები. (პაუზა) მაღალ, გოთურ თაღებში შეყუჟული ჩრდილები.

 

პაუზა. თვალებს გაახელს. სათვალეს ცხვირზე წამოიცვამს. ქუდს თავთან მიიტანს, მაგრამ ვილის ხმა შეაჩერებს.

 

ვილი -           მშვიდი და მზიანი ოროთახიანი ბინა.

 

 

პაუზა.

ვინი ქუდს დაიხურავს, სარკეს მოძებნის. ვილი გაზეთს გადაფურცლავს. ვინი სარკეს აიღებს, ჩაიხედავს, დადებს, ჩანთისკენ მობრუნდება. ვილის გაზეთი ქრება. ვინი გამადიდებელ შუშას ამოიღებს, გასწორდება, კბილის ჯაგრისს ეძებს. გაზეთი კვლავ გამოჩნდება, ამჯერად დაკეცილი და ვილის სახეს უნიავებს ისე, რომ ხელები არ მოჩანს. ვინი ჯაგრისს აიღებს და ლუპით ცდილობს სახელურზე წარწერა წაიკითხოს.

 

ვინი –             ასპროცენტიანად გარანტირებული (ვილი აღარ ინიავებს)...  ნამდვილი, ბუნებრივი... (პაუზა, ვილი ისევ ინიავებს). ღორის... (ვილი აღარ ინიავებს) ღორის ჯაგარი. (პაუზა. ვინი ლუპასა და ჯაგრისს დადებს. გაზეთი ქრება. ვინი სათვალეს იხსნის, დადებს, პირდაპირ დარბაზში იყურება) ღორის ჯაგრისი! (პაუზა) არა, მაინც რა მშვენიერია, ერთი დღეც არ გავა ისე, რომ (ღიმილი) – ძველი სტილი – (აღარ იღიმება) ჰოდა, ერთი დღეც  არ გავა ისე, რომ რაიმე ფაქტმა, თუნდაც უმნიშვნელომ, გონებრივად არ გამამდიდროს, უფრო ზუსტად ფაქტი კი შეიძლება უმნიშვნელო იყოს, მაგრამ თუ მოინდომებ, მაინც გაგამდიდრებს. (გამოჩნდება ხელი საფოსტო ბარათით, რომელსაც ვილი, ალბათ, ყურადღებით აკვირდება) მაგრამ, თუ ერთ მშვენიერ დღეს რაღაც გაურკვეველი მიზეზების გამო ვეღარ მოინდომებ, თვალები უნდა დახუჭო – (ხუჭავს) და დაელოდო იმ დღეს – (თვალებს გაახელს) – როცა სხეული კონკრეტულ ტემპერატურაზე გადნობას დაიწყებს, მთვარიან ღამეს კი დასასრული აღარ ექნება. (პაუზა). ო, როგორ მამშვიდებს ამ ბედნიერი დღის მოლოდინი! თუ ძალ-ღონე გელევა და ჩვენს მიერვე გასრესილ მწერებსაც კი შურით შევყურებთ. (ვილის მიუბრუნდება) ეხლა უფრო მამშვიდებს, რადგან იმედია, ჩემი ნათქვამიდან არაფერი გამოგრჩა -  (საფოსტო ბარათს შეამჩნევს, გადაიხრება, რომ უკეთ დაინახოს) ეს რა გაქვს, ვილი, ერთი მეც მაჩვენე. (ხელს გაუწვდის. ვილი ღია ბარათს გადასცემს. ვილის ხელი გაწვდილი რჩება, ვიდრე ვინი მას ბარათს არ დაუბრუნებს) ღმერთო! რას თამაშობენ? (სათავლეს მოძებნის, გაიკეთებს და ღია ბარათს ჩააშტერდება) კი მაგრამ ეს ხომ საძაგლობაა?! (ბარათს დახედავს) პატიოსან კაცს გული აერევა (ბარათს დაჰყურებს. ვილი მოუთმენლად ათამაშებს თითებს. ვინი ლუპას მოძებნის და ბარათს დააკვირდება. გრძელი პაუზა) და ის... მესამე? უკან... ის რაღას უშვება? (თვალებთან სულ ახლოს მიიტანს?) არა, შეუძლებელია! (ვილი კვლავ მოუთმენლად ათამაშებს თითებს. ვინი უკანასკნელად დახედავს ბარათს, მერე მარჯვენა ხელის ორ თითს წკიპად წაავლებს და განზე გაწევს, მეორე ხელის საჩვენებელსა და ცერა თითს ცხვირზე მოიჭერს, ზიზღით) ფუ-უჰ! (ბარათს გადააწოდებს) მომაშორე აქედან! (ვილის ხელი გაქრება, მერე ხელახლა ბარათით გამოჩნდება. ვინი სათვალეს მოიხსნის, დადებს, პირდაპირ იყურება. ვილი ამ დროს ბარათის ცქერით ტკბება, ხან ახლოს მიიტანს, ხან გვერდიდან დაყურებს) ღორის ჯაგრისი. (დაბნეული გამომეტყველებით) მაინც რას ნიშნავს ზუსტად ღორი? (პაუზა) ნეზვი მახსოვს რა არის, ტახი მახსოვს, მაგრამ ღორი? თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. ბოლოს მაინც გამახსენდება. (პაუზა) მაინც რა ბედნიერებაა, რომ საბოლოოდ ყველაფერი მახსენდება. (პაუზა) ყველაფერი? (პაუზა) არა, ყველაფერი არა  (ღიმილი) თითქმის ყველაფერი. (პაუზა). ერთ მშვენიერ დღეს მეხსიერებაში ამოტივტივდება... არსაიდან... (პაუზა) სიშიშვლიდან (პაუზა) ო,  რა ბედნიერებაა! (ჩანთას მიუბრუნდება, თითქოს რაღაცას ეძებს, მაგრამ შეჩერდება. ვილის ხელიც ქრება). არა (მოტრიალდება, ღიმილით) არა და არა! (ღიმილი გაქრება) ფრთხილად, ვინი... (პირდაპირ იყურება. ვილის ხელი კანოტიეს მოიხდის და გაქრება) მერე რაღა ვქნათ? (ხელი გამოჩნდება, ცხვირსახოცს მოიხსნის, გაქრება. ვინი გაბრაზებულია, თითქოს თავის თავს ტუქსავს) ვინი! (ვილის თავი ქრება) არის სხვა გამოსავალი? (პაუზა) სხვა გამოსა... –

 

ვილი გორაკის მიღმა ხმაურით იწმენდს ცხვირს. ვინი მისკენ მიბრუნდება. პაუზა. გამოჩნდება ვილის თავი... მერე ხელი, რომელიც თავზე ცხვირსახოცს წაიფარებს და გაქრება. პაუზა. ხელი გამოჩნდება, კანოტიეს თავზე მოირგებს და გაქრება. პაუზა

 

ვინი -    კი ბატონო, იძინე რამდენიც გინდა. (დარბაზისკენ მიბრუნდება. მექანიკურად წიწკნის ბალახს. მომდევნო სიტყვებს რომ მეტი დატვირთვა შესძინოს, თავს ზევით-ქვევით ამოძრავებს) კი, ბატონო, ოღონდ მე მარტოობა არ მიყვარს, ვერც იმას ვიტან, ჩემს ლაქლაქს რომ არავინ უსმენს. (პაუზა) არა, ვილი, ღმერთმა დამიფაროს, ილუზიებს არ ვიქმნი, ვიცი, რომ თითქმის არაფერი გესმის (პაუზა) არის დღეები, როცა საერთოდ არაფერი გესმის (პაუზა) მაგრამ ხანდახან ხომ მპასუხობ. (პაუზა) ერთი სიტყვით, მე იმის თქმა მინდა, რომ მაშინაც კი, როცა არ მპასუხობ და, ალბათ, არც გესმის, მე ვიცი, რომ რაღაც მაინც გესმის და მე სიცარიელეს არ ველაპარაკები. ვერ ავიტანდი ტყუილუბრალო ყბედობას (პაუზა) აი რა მაძლევს ძალას, უფრო ზუსტად ლაპარაკის ძალას. შენ რომ გარდაცვლილიყავი (ღიმილი) – ისევ ძველი სტილი! – (ღიმილი ქრება) – ან მიგეტოვებინე და სხვასთან წასულიყავი, მე რა მეშველებოდა, რას გავაკეთებდი მთელი დღე, ზარიდან ზარამდე, უფრო ზუსტად, დილიდან საღამომდე, გაღვიძებიდან დაძინებამდე? (პაუზა) ტუჩებმოკუმული ერთ წერტილს მივაშტერდებოდი? (ასეც აკეთებს. პაუზა. ბალახის წიწკნას თავს ანებებს). ბოლო ამოსუნთქვამდე სიტყვაც არ დამცდებოდა, აქაურ სიჩუმეს არ დავარღვევდი (პაუზა). ხანდახან სარკეში თუ ჩავიხედავდი... მწარე ოხვრით. (პაუზა) ან... ჩავიცინებდი თუ, რა თქმა უნდა, რამე გამაცინებდა (პაუზა. იღიმება, ღიმილი თითქოს ხარხარში უნდა გადაიზარდოს, მაგრამ მოულოდნელად მას შეშფოთება შეცვლის) ჩემი თმა! (პაუზა) ნუთუ დავარცხნა დამავიწყდა? (პაუზა) არა, ალბათ, დავივარცხნე. (პაუზა) არ მავიწყდება ხოლმე. (პაუზა) ან როგორ უნდა დამავიწყდეს, ისედაც ცოტა რამის გაკეთება შეგვიძლია. (პაუზა) ამიტომაც ვცდილობთ გავაკეთოდ ყველაფერი, რაც (პაუზა) – რაც შეგვიძლია. (პაუზა) ასეთია ადამიანი. (გორაკს ათვალიერებს. თავს აწევს) ასეთია მისი ბუნება. (გორაკს ათვალიერებს. თავს აწევს) მისი ბუნებრივი ადამიანური სისუსტე. (გორაკს ათვალიერებს) სავარცხელი არ ჩანს (ეძებს) არც თმის ჯაგრისი. (დაბნეული გამომეტყველებით ჩანთაში იქექება) სავარცხელი აქ ყოფილა (ისევ ეძებს) ჯაგრისიც, (დარბაზს უყურებს, შეწუხებული) ალბათ, უკვე ვიხმარე და ჩავდე (პაუზა) მაგრამ როგორც წესი, ჩემს ნივთებს ხმარების შემდეგ ჩანთაში აღარ ვდებ. მივყრი-მოვყრი ხოლმე და დღის ბოლოს ვალაგებ, ერთად (ღიმილი)  - ძველი სტილი – (ღიმილი წაეშლება) თუმცა ეხლა... თითქოს... (უდარდელად) რა ვქნა... რა მნიშვნელობა აქვს, სულ ამას არ ვეუბნები ჩემს თავს, რა მნიშვნელობა აქვს. თმას მოგვიანებით დავივარცხნი. მორჩა და გათავდა, არსადაც არ მეჩქარება. ეს დრო უფალსა და მე გვეკუთვნის. (პაუზა) უფალსა და მე... (პაუზა) უცნაური გამოთქმაა (პაუზა) ნეტავ, თუ ამბობენ ასე? (ვილისკენ მიბრუნდება) ვილი, შეიძლება ვთქვა რომ დრო უფალსა და მე გვეკუთვნის? (პაუზა. უფრო ხმამაღლა) ვილი, შენ იტყოდი, რომ დრო უფალსა და შენ გეკუთვნის?

 

გრძელი პაუზა.

 

ვილი –          დაიძინე.

 

ვინი –   (მხიარულად) ო, დღეს დამელაპარაკება. ო, ეს რა ბედნიერი დღე მელის! (პაუზა. დარდიანად) კიდევ ერთი დღე. (პაუზა) ძალიანაც კარგი. ესე იგი რაზე შევჩერდი? ჰო, თმას მოგვიანებით მივხედავ. (პაუზა) დავიხურე – (ხელებს თავთან მიიტანს) – ჰო, დავიხურე ჩემი ქუდი – (ხელებს დაუშვებს) – და ეხლა ვეღარ ვიხდი. (პაუზა) – ასეც ხდება ხოლმე, დაიხურავ და მერე ვეღარ იხდი. (პაუზა) არა და რამდენჯერ მითქვამს, ვინი, ნუ ხარ ცუდი გოგო, დაიხურე ქუდი, ასე ჯობია. მერე ვამბობდი, ვინი, ნუ ჯიუტობ, მოიხადე ქუდი, მაგრამ ვეღარ ვიხდიდი. (პაუზა) აღარ შემეძლო. (ხელს აწევს, თმის კულულს გამოათავისუფლებს, თვალთან მიიტანს, უყურებს, ხელს გაუშვებს). ოქროსიაო, მითხარი იმ დღეს, როცა ყველა წავიდა და მარტონი დავრჩით. (ხელს აწევს თოთქოს სადღეგრძელოს წარმოთქვამსო) – შენს ოქროსფერ თმებს გაუმარჯოსო... არასდროს არ... (ხმა ჩაუწყდება)... არასდროს არ (ხელს დაუშვებს, თავს დახრის. პაუზა. ჩუმად) ის დღე! (პაუზა. ჩუმად) რომელი დღე? (პაუზა. თავს აწევს. ნორმალური ხმით) რა შემრჩა? (პაუზა) სიტყვები მეკარგება. დგება დრო, როცა სიტყვებიც კი გაგირბიან (ვილისკენ მიბრუნდება) ასე არ არის, ვილი? (პაუზა. მიბრუნდება და ხმამაღლა) ხომ მართალი ვარ, ვილი, ხანდახან სიტყვებიც კი სადღაც გარბიან, არა? (პაუზა. გასწორდება) ჰა, ვილი, რა ვიღონოთ, სიტყვები რომ დავიბრუნოთ? თუ არ დაგვივარცხნია თმა დავივარცხნოთ, თუ რამე დაგვავიწყდა, ფრჩხილებს მივხედოთ? ასე, ასე და ამასობაში სიტყვაც მოიძებნება. (პაუზა) აი, რისი თქმა მინდოდა. (პაუზა). არაჩვეულებრივია, ერთი დღეც არ გავა – (იღიმება) – ძველი სტილი – (ღიმილი ქრება) ერთი დღეც არ გავა, რომ რაღაც უბედურებამ – (გორაკს მიღმა ვილი ხმაურით ეცემა, მისი თავი ქრება. ვინი მიბრუნდება) – სიკეთე არ მოიტანოს. (მაქსიმალურად გადაიხრება) ეხლავე, შეძვერი შენს სოროში, ვილი, გეყო მზეზე გამოცხობა. (პაუზა) გააკეთე, რასაც გეუბნები, ვილი, რას წამოგორდი ამ თაკარა მზეზე, შედი შენს სოროში (პაუზა) რას ვამბობ, ვილი არ გესმის? (ვილი თავის სამყოფელისკენ მიხოხავს) აი, ასე! (თვალს ადევნებს მის მოძრაობას) ჯერ ფეხები, სულელო, და მერე თავი, თორემ ვეღარ მოტრიალდები. (პაუზა) აი ასე... ცოტა კიდევ... წინ, წინ... ეხლა უკან. (პაუზა) ო. ვიცი, ვიცი, საყვარელო, უკან-უკან ჩოჩვა ძნელია, მაგრამ შედეგი კარგი იქნება.

 

შენი მალამო! (ცოცვით მობრუნდება). სახურავი არ დაგავიწყდეს (ვილი ყველაფერს გამოართმევს და ცოცვით უკან მობრუნდება. ვინი თვალს არ აშორებს. გაბრაზებული) აკი გითხარი, ჯერ ფეხები და მერე თავი. (პაუზა) უფრო მარჯვნივ. (პაუზა) აღარ  იცი სად არის მარჯვენა? (პაუზა. გაბრაზებული) ღმერთო ჩემო! საჯდომი დაბლა დაწიე, დაბლა! (პაუზა) ე-ერთი! (პაუზა) ჰოპლა! აი ასე! (შორისდებულებს ხმამაღლა წარმოთქვამს, მერე ჩვეულებრივი ხმით შეეკითხება) გესმის მანდ ჩემი? (პაუზა) ვილი, გემუდარები, მიპასუხე, გესმის ჩემი? ჰო ან არა, ვილი, სხვა არაფერი, ჰო ან არა?

 

                                     პაუზა

 

ვილი -           (გაბუტული) ჰო

ვინი - (გასწორდება) ეხლა, გესმის?

ვილი -           (გაბრაზებული) ჰო.

ვინი - (ხმადაბლა) ეხლა?

ვილი -           (უფრო გაბრაზებული) ჰო.

ვინი - (უფრო ჩუმად) ეხლა? (პაუზა. უფრო ხმამაღლა) ეხლა?

ვილი -           (უხეშად) ჰო!

ვინი –            (იმავე ხმით) დაე, იტირონ, ღმერთო ძლიერო, დაე, სირცხვილით შეკრთენ. (პაუზა) გაიგე?

ვილი -           (ბრაზმორეული) ჰო.

ვინი - (იმავე ხმით) რა? რა გაიგე?

ვილი -           (ბრაზმორეული) შეკრთენ.

 

                                    პაუზა

 

ვინი - (იმავე ხმით) რის გამო შეკრთენ, ვილი?

ვილი -           (უხეშად) შეკრთენ.

ვინი - (ნორმალური ხმით, სულმოუთქმელად) ღმერთი იყოს შენი მფარველი ვილი1, ძალიან კეთილი ხარ, ვიცი რად გიღირდაეს ძალისხმევა. ეხლა დაისვენე მოეშვი მეტს აღარ შეგაწუხებ თუ რა თქმა უნდა განსაცდელს თვითონ ვერ მოვერევი თუმცა რას ვამბობ მე ყველაფერს გავუძლებ მთავარია ვიცი – რომც არ გესმოდეს მაინც გესმის და აქვე ხარ გვერდით დარაჯად; აბა ისეთი რა უნდა წამოვაყრანტალო რომ შეგაწუხო ისიც კი არ ვიცი დანამდვილებით გესმის თუ არა მე კი გულს მოვიოხებ ლაპარაკით ჭიას რომელიც მღრღნის გავახარებ. (პაუზა. სულს მოითქვამს). ეჭვები! (ცერა და შუათითს მკერდზე მიიდებს, გულისცემას მოძებნის, მოუსმენს) აქ. (ხელს გადაწევს) ირგვლივ. (გულიდან თითებს მოიშორებს) და, უეჭველად, ის დროც დადგება, როცა ხმასაც ვერ ამოვიღებ, რადგან არ მეცოდინება, გაიგე თუ არა ის, რაც მანამდე გითხარი, მერე მარტო ლაპარაკსაც ვისწავლი. რომ იცოდე, როგორ ვერ ვიტან, სულ უდაბნოში მგონია თავი, მაგრამ ვისწავლი (პაუზა) მერე... სიტყვაგამშრალი და ტუჩებმოკუმული პირდაპირ ყურებას დავიწყებ. აი ასე ვიქნები – (ტუჩებს მოკუმავს) – მთელი დღე. (პაუზა) არა, არ მინდა (ღიმილი) ვერ მოგართვით! (ღიმილი წაეშლება) ჩანთა ხომ მაინც მექნება (მიბრუნდება ჩანთისკენ) ეხლაც მაქვს და მექნება... ალბათ. (პაუზა) შენ, რომ გვერდით აღარ მეყოლები, ვილი, ჩანთა ხომ მაინც შემრჩება (პაუზა) შენ, ალბათ, მალე წახვალ არა, ვილი?

 

 (პაუზა. გადაიხრება და ვილის დასანახად მარჯვნისკენ იხედება).

 

ქუდი მოიხადე? კარგად მოგიფიქრებია. (პაუზა) მხედავ მანდედან? სულ ამას ვფიქრობ, სულ! (პაუზა) ვერ მხედავ? (სახით დარბაზისკენ) ო, მე ვიცი, ვიცი, თუ ორი ადამიანი ერთად არის (ხმა გაებზარა) – ისე როგორც ჩვენ ვართ – (ნორმალური ხმით) – ერთი მეორეს მხოლოდ მაშინ ხედავს, როცა მეორეც ხედავს მას, ცხოვრებამ ესეც... მასწავლა (პაუზა) აბა... და იცი რას ვფიქრობ?  ცხოვრებას სინონიმი არ გააჩნია. (ოდნავ მიბრუნდება ვილისკენ). რომ შემოგეხედა, დამინახავდი მანდედან, ვილი? მითხარი დამინახავდი? ამომხედე რა, გთხოვ, ვილი, თავს ძალა დაატანე, ამომხედე და მითხარი მხედავ თუ არა. მე სულ, სულ ახლოს მოვიწევი (უკან გადაიხრება. პაუზა) ვერ შეძლებ? (პაუზა) ჩემი ხათრითაც ვერ შეძლებ? (პაუზა) კარგი, არა უშავს. (ძლივს გასწორდება). ეს მიწაც როგორ სარტყელივით შემომეკრა, გავსუქდი, თუ რაშია საქმე? (პაუზა. დახრილი თვალებით) ალბათ, სიცხის ბრალია. (მიწას მსუბუქად ხელს ურტყამს და ეფერება) ყველაფერი ფართოვდება (ისევ მიწას ეთამაშება) რაღაც მეტად, (ისევ ურტყამს და ეფერება) რაღაც ნაკლებად. (ისევ ეფერება) ოჰ, წარმომიდგენია ეხლა რას ფიქრობ, ამ ქალმა ლაპარაკით ხომ მომიღო ბოლო, მაგრამ აქამდე მოსმენა ყოფნიდა, ეხლა კი შეხედვაც მომინდომაო. (პაუზა. იგივე მოძრაობები) ნეტავ, რას გთხოვ... იმაზე მეტს, რაც შეიძლება ახლობელს სთხოვო (ხმა გაებზარება) არც არაფერს... ამაზე ნაკლების მოთხოვნა შეუძლებელია... თუმცა... თუ ჩაუფიქრდები... გულში თუ ჩაიხედავ... მიხვდები რომ შენს ახლობელს... თავი უნდა დაანებო... მას სიმშვიდე უფრო სჭირდება, ვიდრე შენი ლაქლაქი... შენ კი ამ ხნის განმავლობაში თურმე მთვარეს... ციდან მთვარის ჩამოხსნას იხვეწებოდი. (პაუზა. ხელი, რომელიც მიწას ეფერებოდა, გაუშეშდა. მკვირცხლად) შეხე! ამას რას ხედავს ჩემი თვალები? (მიწისკენ თავს დახრის, უნდობლად) ცოცხალი არსება! (სათვალეს მოძებნის, გაიკეთებს, ყურადღებით დააკვირდება. პაუზა) ჭიანჭველა! (გასწორდება. წვრილი ხმით) ვილი, ჭიანჭველა, ცოცხალი ჭიანჭველა. (ლუპას მოიმარჯვებს, დააკვირდება) გაიქცა! (პაუზა) არა, გამოჩნდა, გამოჩნდა! (ლუპით მიყვება ჭიანჭველას მოძრაობას) რაღაც პაწაწინა თეთრ ბურთულას მიათრევს (ჭიანჭველას მოძრაობას მიყვება, შეჩერდება) მიწაში ჩაძვრა. (ერთხანს ისევ ათვალიერებს იმ ადგილს, სადაც ჭიანჭველა გაუჩინარდა, მერე ნელ-ნელა გასწორდება, ლუპას დადებს, სათვალეს მოიხსნის. სათვალით ხელში. ხმადაბლა) რაღაც პაწაწინა თეთრი ბურთულა ჰქონდა.

 

პაუზა. სათვალის დასადებად მოემზადება.

 

ვილი -           კვერცხი

ვინი - (სათვალით ხელში გაშეშდა) ბატონო?

 

პაუზა.

 

ვილი -           კვერცხი. (პაუზა. ვინი სათვალის დადებას აპირებს) კვერცხისთვის ფაციფუცობს.

ვინი - (ისევ გაშეშდება) ბატონო, ბატონო?

ვილი -           (პაუზა) ფაციფუცობს.

 

პაუზა. ვინი როგორც იქნა სათვალეს დადებს და,

პირდაპირ დარბაზს დაუწყებს ყურებას.

 

ვინი - (ჩურჩულით) ღმერთო ჩემო!

 

პაუზა.

 

ვილი ჩუმად ხითხითებს.

 

პაუზა.

 

ვინიც ახითხითდება. ორივე ერთად იცინის. ვილი ჩერდება. ვინი სიცილს აგრძელებს. პაუზა. ვილი მას უერთდება. ისევ ერთად იცინიან. ვინი ჩერდება. ვილი მარტო იცინის. პაუზა. ვილი ჩერდება.

პაუზა.

 

ვინი –              (ჩვეულებრივად) რა ბედნიერებაა ვილი, რომ ისევ იცინი. არ მეგონა, თუ ოდესმე კიდევ მოვესწრებოდი შენს გაცინებას. ალბათ, არც შენ გეგონა. ისე, ეს ჩვენი უაზრო სიცილი ვიღაცას მკრეხელობად შეიძლება მოეჩვენოს, მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთს უნდა უხაროდეს, რომ ჩვენ მის მიერვე შექმნილ პატარ-პატარა უხამს სისულელეებზე ვიცინით... მასთან ერთად (პაუზა) მეთანხმები, ვილი? (პაუზა) თუ ჩვენ სხვადასხვა რამეზე გაგვეცინა? (პაუზა) თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, სულ ასე არ ვამბობდი ვიდრე... გახსოვს ის მშვენიერი ლექსი... ტა-ტა-ტა... იკმარე, ბედო ბედკრულო, ისედაც ბევრი დამცინე. (პაუზა) სხვა რა დაგვრჩენია? (პაუზა). შენ ერთი ეს მითხარი, ვილი, იყო კი დრო, როცა ვინმეს მოხიბვლა, ვინმეს ცდუნება შემეძლო? (პაუზა) იყო დრო, როცა ვინმეს მოვწონდი? (პაუზა) არ შეგეშალოს. ვილი, მე არ გეკითხები შენ მოგწონდი თუ რა, ეს საკითხი ჩვენ დიდი ხანია გავარკვიეთ, მე მაინტერესებს, შემეძლო თუ არა რაღაც მომენტში ვინმეს ცდუნება, რას ფიქრობ, ვილი, მითხარი. (პაუზა) არ შეგიძლია? (პაუზა) გეთანხმები. დაგღალა ჩემმა ლაქლაქმა. დღეს საკმარისად დაიხარჯე, ეხლა მოეშვი, დაისვენე, თუ ძალიან არ გამიჭირდა, აღარ შეგაწუხებ, ჩემთვის მთავარია ვიცოდე, რომ აქა ხარ, გვერდით და ვინ იცის, იქნებ იმისთვისაც მზადა ხარ რომ... ო-ო, გაფიქრებაც კი ნეტარების მწვერვალია ჩემთვის! (პაუზა) დღე უკვე ილევა, დღე თვალებს ხუჭავს (ღიმილი) ისევ ძველი სტილი! (ღიმილი ქრება) თუმცა სიმღერისთვის მაინც ცოტა ნაადრევია. ვის გაუგია ნაშუადღევს სიმღერა, ნაადრევად ამღერება დიდი შეცდომაა. (ჩანთისკენ მიბრუნდება) აგერ ჩანთა მაქვს ბოლოს და ბოლოს. (უყურებს ჩანთას) ჩემი ჩანთა. (გასწორდება) ნეტავ, შიგთავსის ჩამოთვლას თუ შევძლებ? (პაუზა) არა! (პაუზა) ვინმემ, შემთხვევით რომ გაიაროს და მკითხოს: ვინი, რა გიდევს ამ დიდ შავ ჩანთაშიო, გავცემ ამომწურავ პასუხს? (პაუზა) ვერა! (პაუზა). წარმოდგენა არა მაქვს რა განძეული მიდევს, განსაკუთრებით სიღრმეში (პაუზა) ჩანთა მაინც დიდი ნუგეშია (მიბრუნდება) დიახ, ჩანთა მაქვს (გასწორდება) ისე, სულ ვეუბნები ჩემს თავს, ნუ აჭარბებ ამ შენი ჩანთით, ვინი! მოიხმარე, რა თქმა უნდა, გამოიყენე, როცა ჩიხში მოექცევი, იმოძრავე მასთან ერთად, მაგრამ ფრთხილად იყავი, ვინი, წინდახედულად მოიქეცი, არ დაგავიწყდეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს სიტყვებსაც ვეღარ მოძებნი, მიგატოვებენ – (თვალებს დახუჭავს, პაუზა, მერე გაახელს) – ჰოდა, ამიტომ ნუ აჭარბებ ამ შენი ჩანთით! (ჩანთისკენ მიბრუნდება). იქნებ მაინც ჩავყვინთო? ვითომ რა მოხდება, რომ ერთი წამით... (გასწორდება, თვალებს დახუჭავს. მარცხენა ხელს გაშლის, ჩანთაში ჩაყოფს და რევოლვერს ამოიღებს. ამრეზილი). შენღა მაკლდი! (თვალებს გაახელს, რევოლვერს დააცქერდება) ბრაუნი, შე ძველო! (ხელისგულზე დაიდებს და თითქოს აწონ-დაწონის) ნუთუ ისე არ დამძიმდი, რომ ჩანთის ფსკერზე ჩაიძირო ამ... გადარჩენილ ვაზნებთან ერთად? ვერ მოგართვეს! სულ ხელში მეჩრები. (პაუზა) ბრაუნი... (ვილისკენ მიბრუნდება) გახსოვს ბრაუნი, ვილი? (პაუზა) გახსოვს, როგორ მიწყალებდი გულს მომაშორეო, გადამალე, ვინი, მომაშორე, თორემ ავდგები და ბოლოს მოვუღებ ჩემს ტანჯვასო. (გასწორდება. დაცინვით) შენი ტანჯვა! (რევოლვერს მიმართავს) ო, რა თქმა უნდა დიდი ნუგეშია ჩემთან რომ ხარ, მაგრამ თავი მომაბეზრე. ამიტომაც, მე შენ გაგაგდებ, აი რას ვიზამ, მე შენ გარეთ გაგაბრძანებ. (რევოლვერს გორაკზე მარჯვენა მხარეს შემოდებს) დღეიდან აქ იცხოვრებ. (ღიმილი) ძველი სტილი! (ღიმილი ქრება. პაუზა) ეხლა რა გავაკეთო?

 

(გრძელი პაუზა) მიზიდულობა, ვილი, მგონი აღარ არსებობს, ან სახე იცვალა. შენ რა აზრის ხარ? (პაუზა) სულ უფრო და უფრო მეჩვენება, რომ... იცი, ვილი, ასე მიჯაჭვული რომ არ ვიყო – (ჟესტი) – ცაში ავფრინდებოდი (პაუზა) ერთ დღეს დედამიწა, ალბათ, თავს დამანებებს,  გადაიხსნება, ირგვლივ ყველაფერს მილეწ-მოლეწავს და მე გამათავისუფლებს (პაუზა) არასდროს გქონია შეგრძნება, ვილი, რომ გამოგწუწნეს, აგამჩატეს და გასაფრენად გაგამზადეს (პაუზა) არ გქონია სურვილი ხანდახან რამეს ჩაეჭიდო? (ოდავ მიბრუნდება მისკენ) ვილი.

 

                                  პაუზა

 

ვილი -           გასაფრენად?

ვინი - ჰო, ფისო, ზევით, სილაჟვარდეში, როგორც ბუმბული (პაუზა) არა? (პაუზა) არასდროს? (პაუზა) რას იზამ ბუნების კანონი ბუნების კანონია, დანარჩენი უკვე ადამიანზეა დამოკიდებული. ისე კი უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვის ეს კანონები დღეს უფრო სხვანაირია, ვიდრე მაშინ როცა ვიყავი... ახალგაზრდა, გიჟმაჟი – (ხმა გაებზარება, თავს ჩაღუნავს) – კარგი შესახედი და მშვენიერი. (პაუზა. თავს აწევს) მაპატიე ვილი, ხანდახან დარდი შემომაწვება (ნორმალური ხმით) მაინც რა სიხარულია, რომ შენ აქა ხარ, შენს პოსტზე, ხან ფხიზლობ, ხან იძინებ, ხან მისმენ, ხან არა... კიდევ ერთი ბედნიერი დღე... იქნებოდა ჩემთვის, რომ... (პაუზა) მაგრამ როდემდე გავძლებ? (პაუზა) კიდევ კარგი, რომ  ამ მიწაზე  არაფერი იზრდება. წარმოგიდგენია, ვილი, მთელი ეს ნაგავი ერთ მშვენიერ დღეს რომ  აყვავდეს და ფესვი გაიდგას. (პაუზა) წარმოგიდგენია? (პაუზა) რა ბედნიერებაა, რომ არაფერი არ იზრდება. (გრძელი პაუზა) ლაპარაკი აღარ შემიძლია (პაუზა) ეხლა, ყოველ შემთხვევაში (ჩანთისკენ მიბრუნდება. პაუზა. გასწორდება. ღიმილი) არა-არა. (ღიმილი ქრება. ქოლგას უყურებს.) მე ხომ შემიძლია... (ქოლგას აიღებს) დიახ, ნამდვილად შემიძლია გავშალო ეს მექანიზმი. (იწყებს ქოლგის გაშლას. ამ პროცესში მას ბევრი “ტექნიკური” სირთულის გადალახვა მოუწევს. მომდევნო რეპლიკები სწორედ ქოლგის გახსნის რიტმით არის სინკოპირებული) თავს იკავებ – აგვიანებ – გაშლა – გეშინია – ადრე არ მომივიდესო – და დღეც ასე გადის – ხანდახან – არც გაშლი – საერთოდ. (ქოლგა გაშლილია. ვინი ოდნავ მარჯვნივ მიტრიალდება და ქოლგას აქეთ-იქით უაზროდ ატრიალებს.) აბა, აბა სათქმელი ცოტაა, საქმეც ცოტაა, შიში ბოლოში გასვლის შიში დი-იდია! დრო კი მიდის ზარის მოლოდინში, და ვერც ვერაფერს ამბობ, ვერც ვერაფერს აკეთებ, დრო მაინც გადის, დღე მაინც ილევა ძილის მომასწავებელი ზარის მოლოდინში, ზარიც დაირეკება, მაგრამ... თითქმის არაფერია ნათქვამი, თითქმის არაფერია გაკეთებული... (ქოლგას აწვს) და ეს სახიფათოა! ძალიან! (დარბაზს მიუბრუნდება) ჰოდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ. (პირდაპირ იყურება, ზემოთ აწეული ქოლგა მარჯვენა ხელში უჭირავს, პაუზა.) ოფლიანობა ვიცოდი, ადრე! (პაუზა) ეხლა თითქმის არ ვოფლიანობ (პაუზა) სიცხემ იმატა – (პაუზა) – ოფლიანობამ იკლო (პაუზა) და ეს ბედნიერებაა. (პაუზა) ადამიანი ეჩვევა _ (პაუზა) – ყოველგვარ ცვლილებებს. (ქოლგას მარცხენა ხელში გადაიტანს. პაუზა.) ხელაწეული ყოფნა Mმღლის (პაუზა) სიარულის დროს კი არა... (პაუზა) როცა უმოძრაოდ ვარ. (პაუზა) რა საინტერესო დაკვირვებაა! (პაუზა) გული არ დამწყვიტო, ჩემი შენიშვნა უყურადღებოდ არ დატოვო. (ქოლგას ორივე ხელს მოკიდებს. პაუზა) დავიღალე ჰაერში აშვერილი ქოლგის ფრიალით, არა და ვერც ვდებ. (პაუზა) გონება მკარნახობს, დაუშვი ქოლგა, ვინი, ხომ ხედავ არ გიშველა, დაუშვი და სხვა რამეს მოკიდე ხელი (პაუზა) არ შემიძლია! (პაუზა) რაღაც ხომ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაზე, რაღაც ხომ უნდა შეიცვალოს, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ძალა მაინც არ მეყოფა. (პაუზა) ვილი! (წვრილი ხმით) მიშველე! (პაუზა) მიბრძანე, რომ დავდო ქოლგა, ვილი, შენს ბრძანებას უყოყმანოდ შევასრულებ, როგორც ყოველთვის (პაუზა) ძალიან გთხოვ, ვილი, შემიბრალე. (პაუზა) არ შეგიძლია? (პაუზა) რას იზამ, წისქვილი კი ტრიალებს და ფქვავს (პაუზა)  მშვენიერია ეს ჩემი ორი შუქურა.  ერთს მოაკლდება შუქი, მეორე უფრო ძლიერად მინათებს (პაუზა) აბა, დიდი სიკეთეა, დიდი წყალობაა!

 

ამასობაში ქოლგას ცეცხლი ეკიდება. ვინი სუნს იკრავს, ქოლგას შეშინებული ახედავს და გორაკის მიღმა გადააგდებს. მერე უკან გადაიხრება და უყურებს, როგორ იწვის.

 

ვინი -   ო, დედამიწა, ძველო მეხანძრე! ნახე როგორ ჩააქრო? (პაუზა) ასეთი რამ თითქოს ადრეც მინახავს, მაგრამ აღარ მახსოვს სად (პაუზა) შენ გახსოვს, ვილი? (მიბრუნდება) გვინახავს ასეთი რამ? (გადაიწევა ვილი, რომ დაინახოს) გაიგე მაინც რა მოხდა, ვილი? ვილი? (პაუზა) რა იყო, გაითიშე, თუ კომაში ხარ? (პაუზა) მე ხომ არ გეკითხები გრძნობ თუ არა ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება, მე მხოლოდ ის მაინტერესებს, საბოლოოდ გაითიშე თუ არა (პაუზა) თვალები თითქოს დახუჭული გაქვს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს არაფერს ნიშნავს (პაუზა) ხელი მაინც აწიე, ჩემო საყვარელო, მაჩვენე, რომ უგონოდ არა ხარ. (პაუზა) ჩემი ხათრით, ვილი, ძვირფასო, ნუთუ ასეთი უსულგულო ხარ, ნეკა თითი მაინც გაატოკე. (პაუზა. მხიარულად) ო, ხუთივე თითი მაჩვენა, დღეს ანგელოზივით იქცევი, ძვირფასო, გულზე მომეშვა, ეხლა უკვე შემიძლია გავაგრძელო. (დარბაზისკენ მობრუნდება) ჰოდა, რა უნდა გვენახა ისეთი, რაც ადრე არ გვინახია და მაინც... რაღაც ვერ ვისვენებ (პაუზა) თუმცა ამ პაპანაქებაში, ამ ნაღვერდალზე, რომელიც უფრო და უფრო ულმობელი ხდება, ბუნებრივი არ არის, რომ ნივთებს ცეცეხლი თავისთავად და უმიზეზოდ ეკიდება? (პაუზა) მეც რომ ასევე, გამადნოს ან დამწვას ამ მზემ? ო, იმის თქმა კი არ მინდა, რომ აუცილებლად ცეცხლმა უნდა დამწვას, არა! მაგრამ ხომ შეიძლება ნელ-ნელაAამომბუგოს და შავ ნაკვერჩხლად აქციოს მთელი ეს - (ხელებს გაშლის) – არემარე (პაუზა) მეორეს მხრივ, იცი, რა მაფიქრებს ვილი, ნეტავ ცხოვრებაში, საერთოდ, თუ მქონია მშვიდი პერიოდები? (პაუზა) არა. თანაც სიმშვიდე, ზომიერება, ცეცხლი მხოლოდ სიტყვებია, ცარიელი სიტყვები. (პაუზა). სინამდვილეში მე იმ დროს მივტირი, როცა ასე გაქვავებული არ ვიყავი, მქონდა ფეხები და შემეძლო მოძრაობა, და თუ მზე დამღლიდა შენსავით ჩრდილს ამოვეფარებოდი, თუ ჩრდილში შემცივდებოდა, შენსავით მზეს მივეფიცხებოდი. (პაუზა) იტყვი, არ იტყვი, რა მნიშვნელობა აქვს. ყველაფერი ცარიელი სიტყვებია, ჰაერში ნასროლი. (პაუზა) დღეს გუშინდელზე მეტად არ ცხელა, ხვალ დღევანდელზე მეტად არ დაცხება ჰოდა, იქნება ასე უსასრულობამდე, გრძნობის დაკარგვამდე, წარსულისა და მომავლის მიკარგვა-დავიწყებამდე. (პაუზა) აი ხვალ მიწა, რომ აიწიოს და ყელამდე დამფაროს არ ვინანებ, იმიტომ, რომ მე არამც თუ ვერ ვნახავ, მე არც არასდროს მინახია ჩემი მკერდი და არც არავის არასდროს უნახია იგი. (პაუზა) იმედია, გაიგე რაც ეხლა ვთქვი, ვილი, ძალიან მეწყინება თუ გამოტოვე და ვერ გაიგე, ყოველთვის კი ვერ ვახერხებ ასე აზროვნებას. (პაუზა). დიახ, მეჩვენება, რომ რაღაც მოხდა, რაღაც უნდა მოხდეს, სინამდვილეში კი არაფერი არ ხდება, შენ მართალი ხარ, ვილი, არაფერი. (პაუზა) ჩემი ძვირფასი ქოლგა ხვალ ისევ აქ იქნება, ამ გორაკზე, ჩემს გვერდით და კიდევ ერთი დღის გათრევაში მომეხმარება. (სარკეს აიღებს). ავიღებ ამ პატარა სარკეს, ქვას დავანარცხებ, დავამსხვრევ – (ასეც აკეთებს) – და მოვისვრი – (გადააგდებს) – ის კი ხვალ მაინც აქ გაჩნდება, ჩანთაში, ნაკაწრის გარეშე და კიდევ ერთი დღის გათრევაში დამეხმარება (პაუზა). ვერაფერს ვერ შევცვლი, ვერაფერს გავხვდები (პაუზა) და მშვენიერია, რომ ნივთები... (ხმა ჩაუწყდება, თავს ჩაქინდრავს) რომ საოცარი ნივთები მაქვს.

 

გრძელი პაუზა. თავი დახრილი აქვს. მერე ასევე, თავდახრილი ჩანთას მიუბრუნდება, გაურკვეველ ხარახურას ამოყრის, ჩანთაში ჩაძვრება, მუსიკალურ ზარდახშას ამოიღებს, დაქოქავს, ჩართავს, ორივე ხელს მოკიდებს და ისევ თავდახრილი უსმენს. ნელა გასწორდება, ზარდახშას მკერდთან მიიტანს და მუსიკით ტკბება. ისმის ვალსი ოპერიდან “მხიარული ქვრივი”. სახეზე ბედნიერი ღიმილი დაეფინება. სხეული მელოდიის რიტმზე მოძრაობს. უცებ მუსიკა წყდება. პაუზა. ვილი უსიტყვოდ, ჩახლეჩილი ხმით იმეორებს იგივე მელოდიას. ვინი ბედნიერია. ვილი ჩერდება. ვინი ზარდახშას დადებს.

 

ვინი -   ო, რა ბედნიერი დღე შეიძლება ყოფილიყო! (ტაშს უკრავს) ბის, ვილი, ძალიან გთხოვ, ბის! (პაუზა. ბედნიერი გამომეტყველება ქრება) არ გინდა? იქნებ, ჩემი ხათრით კიდევ იმღერო? (პაუზა). მესმის შენი, ძალიან კარგად მესმის. როგორ შეიძლება იმღერო მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ასიამოვნო, მერე რა რომ ის ვიღაცა შენთვის ძვირფასი და ახლობელია. არა, სიმღერა გულიდან მოედინება, სულ იმას ვამბობდი, სიმღერა ნაკადულივით უნდა რაკრაკებდეს, სიმღერა შაშვი უნდა იყოს მგალობელი. (პაუზა) უხასიათოდ, რომ ვიყავი ხშირად ვეუბნებოდი ჩემს თავს: ვინი, იმღერე შენი სიმღერა, ისღა დაგრჩენია იმღერო, ვინი! მაგრამ ვერ ვმღეროდი. (პაუზა) არ შემეძლო. (პაუზა) არც შაშვივით უდარდელად მიმღერია, არც ტოროლასავით უმისამართოდ, არც ჩემთვის, არც შენთვის და არც სხვისთვის. არ შემეძლო. (პაუზა) ეხლა რაღა გავაკეთო? (პაუზა. ჩუმად) რა უცნაური შეგრძნებაა. (პაუზა. უფრო ჩუმად). ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიღაც მიყურებს. ჯერ კარგად, მკაფიოდ მხედავს, მერე ბუნდოვნად, მერე კარგად და ისევ ბუნდოვნად, მერე ისევ კარგად და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ, თითქოს ვიღაცის თვალში მივდი-მოვდივარ, ვჩნდები და ვქრები... უცნაურია, არა? (პაუზა. ისევ ჩუმად) თუმცა აქ ყველაფერი უცნაურია. (პაუზა. ნორმალური ხმით) რაღაც ჩამჩურჩულებს, გეყო ლაყბობაო, ვინი, გაჩუმდი, სიტყვების მთელი დღის მარაგს ნუ ფლანგავო,  გაჩუმდი და თუ შეგიძლია რამე განსხვავებული გააკეთეო. (ხელებს აწევს, თითებს თვალწინ გაიშლის და მიმართავს) აბა, გაინძერით, გააკეთეთ რამე! (ჩანთისკენ მიბრუნდება, რაღაცას ეძებს, პატარა ქლიბს ამოიღებს და ფრჩხილების გაქლიბვას შეუდგება. ერთხანს ჩუმად არის. მერე ისევ ლაპარაკს იწყებს. მისი საუბარი ქლიბის მოძრაობით არის გარითმული). მეხსიერებაში – ვინმე – ბატონი პიპერი – ამოტივტივდა – ბატონი და – ალბათ, ქალბატონი პიპერი – თუმცა, ცოლ-ქმარი – არ უნდა იყვნენ – ხელიხელჩაკიდებულებს – ვხედავ – ალბათ საცოლეა – ან მეგობარი (ფრჩხილებს დაჰყურებს) ეს ფრჩხილები სულ მტყდება ამ ბოლო დროს. (ისევ იქლიბავს). პიპერი – პიპერი – გეცნობა – გვარი – ვილი – რამეს გახსენებს – ნუ მიპასუხებ – თუ არ გინდა – დღეს საკმარისად  - დაიხარჯე – პიპერი – პიპერი (გაქლიბულ ფრჩხილებს აკვირდება) ეხლა არაუშავს. (თავს აწევს. პირდაპირ იყურება) გამაგრდი ვინი, სულ ამას არ ვიმეორებ, გამაგრდი და მოხდეს რაც მოსახდენია. (პაუზა. ისევ ფრჩხილებს იქლიბავს). ჰო – პიპერი – თუ კუკერი, იქნებ, მართლა კუკერია? (პაუზა. ვილისკენ მიბრუნდება) კუკერი, ვილი, ტვინი გაანძრიე, ვილი, კუკერი! გახსოვს ეს სახელი? (პაუზა. უკეთ, რომ დაინახოს უკან გადაიხრება) რას გავს ეს, ვილი? (პაუზა) აბა, რას უშვები მაგ ცხვირსახოცს? არ გადაყლაპო მაინც. გადმოაფურთხე, ჩემი სიცოცხლე, გადმოაფურთხე! (პაუზა. გასწორდება) რას იზამ, ჩვეულებრივი ამბავია (ხმა ჩაუწყდება) ბუნებრივი, ადამიანური მოვლენაა. რით ვუშველი? (პაუზა. იგივე ინტონაციით) დილიდან დაღამებამდე. (პაუზა) დღიდან დღემდე (პაუზა. თავს აწევს, იღიმება) ძველი სტილი! (აღარ იღიმება, ფრჩხილების ქლიბვას გააგრძელებს) არა, ეს ხელი უკვე მოვრჩი, (მეორე ხელს იქლიბავს) სათვალე უნდა გამეკეთებინა (პაუზა) ეხლა რაღა აზრი აქვს. (მარჯვენა ხელს შეუდგება. საუბარი, როგორც წინა რეპლიკაში, ქლიბის რიტმზეა აწყობილი) – ერთი სიტყვით ის, ვიღაც – კუკერი – თუ პიპერი – სულერთია – და ის ქალი – ხელიხელჩაკიდებულნი – ყავისფერი – დიდი ჩანთით – პირდაღებული – შემომყურებენ – მერე ის – ვერ ვიხსენებ – პიპერი თუ კუკერი – ამბობს – ნეტავ აქ რას აკეთებსო – ვის დაჭირდაო – მისი – ძუძუებამდე – გაუთლელი ხეპრე – ბაბუაწვერაში ჩაფლობაო – რა აზრი აქვსო – ნეტავ, აზრი თუ აქვსო – და ასე შემდეგ – ასე შემდეგ – სამწუხაროდო – უპასუხა ქალმა – რატომ სამწუხაროდო – რას ნიშნავს შენი სამწუხაროდო? (ფრჩხილებს შეეშვება. თავს აწევს, პირდაპირ დარბაზში იყურება) და შენ – ქალი ეუბნება – შენ თვითონ რამეს ნიშნავ? შენ თვითონ რამეს წარმოადგენ? შემდგარხარ ამ ბებერ ოჩოფეხებზე, ამოგიჩრია დაკონსერვებული ნეხვითა და დახეული საცვლებით გაძეძგილი ჩანთა და დამათრევ წინ და უკან ამ საძაგელ, გაპარტახებულ უდაბნოში – შენ თვითონ ხარ კარგი პარტნიორი, შე გამოფიტულო, უზრდელო ყანჩაო? (მოულოდნელი განრისხებით) – თავი დამანებე – ამბობს ქალი – ღმერთო ჩემო, მომშორდი, წადი აქედან! (ისევ ფრჩხილებს იქლიბავს) – კაცი – მაინც – თავისას აწვება – რატომ არ ამოთხრისო? – შენზე თქვა – ჩემო ანგელოზო – ასეთი ქალი რაში სჭირდებაო – ან ეს კაცი რის მაქნისიაო – და მსგავსი სისულელეები – უნდა ამოვთხაროთო – თქვა მან – ასეთ ყოფას აზრი არა აქვსო – რით ამოვთხაროთ – ჰკითხა ქალმა – რაც არ უნდა თქვა – ცოლქმარი არიან და – ერთად იყონ ჯობიაო (ჩუმად განაგრძობს ფრჩხილების ქლიბვას) – მერე წავიდნენ – ხელიხელჩაკიდებულნი – ჩანთაც წაიღეს – და გაუჩინარდნენ – უკანასკნელი – ადამიანები – რომლებიც – ქარმა აქეთ გადმოისროლა. (მარჯვენა ხელის გაქლიბვა დაამთავრა, შეამოწმა, ქლიბი მიწაზე დადო, პირდაპირ იყურება) რა უცნაურია, ასეთ დროს მსგავსი მოჩვენებები (პაუზა) თუმცა აქ ყველაფერი უცნაურია. (პაუზა) და მაინც მადლიერი ვარ (ხმა ებზარება) სულით და გულით მადლიერი. (თავს ჩაქინდრავს. პაუზა. თავს აწევს. მშვიდად) დაწიე თავი, ვინი, აწიე თავი, ვინი, დაწიე, აწიე... და ასე უსასრულობამდე. (პაუზა) ეხლა რა გავაკეთო? (გრძელი პაუზა. ნივთების ჩანთაში ჩალაგებას იწყებს, სულ ბოლოს კბილის ჯაგრისს ჩადებს). ვფიქრობ – ძილის თადარიგის – დაჭერა – ცოტა ნაადრევია (შეჩერდება, თავს აწევს, იღიმება) – ძველი სტილი! – (აღარ იღიმება, ჩალაგებას აგრძელებს) – და მაინც – ვემზადები – დასაძინებლად – იმიტომ რომ – ღამე ახლოვდება – ზარიც მალე დაირეკება – და მე ვიტყვი -  ვინი – ცოტაღა დაგრჩა, ვინი – ზარი საცაა დაირეკება. (შეჩერდება. თავს აწევს, პირდაპირ იყურება). ხანდახან ვცდები (ღიმილი) თუმცა იშვიათად. (აღარ იღიმება) ხდება ხოლმე, რომ დღის საქმეებს მოვრჩები, ყველაფერს ვიტყვი, ყველაფერს გავაკეთებ, ძილისთვისაც ყველაფერს მოვამზადებ დღე კი არ ილევა, არა და არ ილევა, არც ღამეს უჩანს პირი, არაფრით არ ღამდება (ღიმილი) თუმცა ეს  იშვიათად ხდება (აღარ იღიმება) ჰოდა, როგორც კი ვიგრძნობ, რომ საცაა დაღამდება და ზარიც დაირეკება, ვიწყებ ჩალაგებას, ფაცი-ფუცს, ძილისთვის მზადებას და უცებ ვხვდები, რომ დრო ამერია... (იღიმება) თუმცა ეს იშვიათად ხდება (აღარ იღიმება. ჩალაგებას განაგრძობს) მაშინ მეგონა რომ – არა და მართლა მეგონა – რომ ამ ნივთებს ადრე – ძალიან ადრე – ვალაგებ ჩანთაში – თანაც ვფიქრობდი – არაუშავს, თუ დამჭირდება – ამოვიღებ და მერე ისევ ჩავალაგებ – ამოვიღებ – ჩავალაგებ – უსასრულოდ – ვიდრე ზარი არ დაირეკება (შეჩერდება. თავს აწევს, იღიმება) მაგრამ, არა! (ისევ იღიმება) არა და არა! (აღარ იღიმება. ისევ ჩანთის ჩალაგებას იწყებს) ვინმეს უცნაურად მოეჩვენება – ჰო, ნამდვილად უცნაურად მოეჩვენება ის – როგორ ვთქვა – ის რაც ეხლა ვთქვი – დიახ, ძალიან – უცნაურად – (რევოლვერს აიღებს) – ყველაფერი, რომ (რევოლვერის ჩადებას აპირებს, შეჩერდება, დარბაზისკენ მოტრიალდება) – ყველაფერი რომ – (რევოლვერს მარჯვნივ გადადებს, შეჩერდება, თავს აწევს) – თავისთავად უცნაური არ იყოს. (პაუზა) ძალიან უცნაური (პაუზა) არასდროს არაფერი არ იცვლება. (პაუზა. დაიხრება, ბოლო ნივთის, კბილის ჯაგრისის ჩადებას დააპირებს, მაგრამ მის ყურადღებას ვილის გაურკვეველი წრიალი მიიპყრობს). დაგღალა შენმა სორომ, ჩემო კუდრაჭა? (პაუზა) მესმის, კარგად მესმის. (პაუზა) ქუდი არ დაგავიწყდეს! (პაუზა) არა და, ერთ დროს როგორ დაცოცავდი, ჩემო სიცოცხლე! (პაუზა) ჩემი გულის დასაპყრობად როგორ მიცოც-მოცოცავდი! (პაუზა) მუხლებზე, საყვარელო, მუხლებზე და თათუნებით წაეხმარე (პაუზა) მუხლებით, ხომ გითხარი მუხლებით! (პაუზა) მაინც რა წყევლაა ეს იძულებითი მოძრაობა! (ყურადღებით გადაადგილებს იქით,, სადაც იგი მოქმედების დასაწყისში იმყოფებოდა) ერთი მტკაველიც, ვილი და სახლში ხარ (პაუზა: თვალს ადევნებს ვილის ბოლო მოძრაობებეს) ყოჩაღ! (თავს ძლივს გაასწორებს, კისერს მოისრესს) კისერი მომეგრიხა შენი ყურებით (კისერს ისრესს) მაგრამ ღირდა, რაც კარგია კარგია! (ოდნავ მიბრუნდება მისკენ) იცი, ხანდახან რა მესიზმრება, ვითომ ჩემს მხარეს გადმობარგდი და სულ, სულ გიყურებ და გხედავ (პაუზა. გასწორდება) როგორ გამოვიცვლებოდი (მისკენ ოდნავ მიბრუნდება). იქნებ ხანდახან. მაინც გადმოხვიდე ჩემს მხარეს, მხოლოდ ხანდახან მინდა, რომ შენი ცქერით დავტკბე. (პაუზა. გასწორდება) მაგრამ, რას იზამ, არ შეგიძლია (თავს დახრის) ვიცი, რომ არ შეგიძლია. (პაუზა) ვიცი. (პაუზა. თავს აწევს). თუმცა – (ჯაგრისს დაჰყურებს) – რაღა დაგრჩა, ვინი, ცოტაც მოითმინე და – (ისევ ჯაგრისს დაჰყურებს) – ზარიც დაირეკება.

 

გორაკის მიღმა ვილის მელოტი კეფა გამოჩნდება.

 

(ვინი ყურადღებით აკვირდება ჯაგრისს) ასპროცენტიანად გარანტირებული... (თავს აწევს)... როგორ იყო? (გამოჩნდება ვილის ხელი, რომელიც კეფაზე ცხვირსახოცს წაიფარებს).

 

ნამდვილი, ნატურალური... ასპროცენტიანად გარანტირებული... (ხელი ისევ გამოჩნდება, ამჯერად შლიაპით, რომელსაც მოხდენილად, ოდნავ ირიბად თავზე დაიხურავს და გაქრება).

 

... ჰო! ღორის ჯაგრისი. (პაუზა) მაინც რა არის, ზუსტად რა არის ეს ღორი? (პაუზა. ოდნავ შებრუნდება) რა არის ღორი, ვილი? (პაუზა, ვედრებით)  გემუდარები ვილი, მითხარი, ღორი რას ნიშნავს?

 

                                   პაუზა

 

ვილი -           დაკოდილი ძუ ღორი წყვილჩლიქიანთა ოჯახიდან. (ვინის ბედნიერი სახე) სპეციალურად გაზრდილი დასაკლავად.

 

ვინი გასწორდება. ის, მართლა ძალიან ბედნიერია. ვილი უხილავი ხელებით გაზეთს გადაშლის, გაყვითლებულ ფურცლებში მხოლოდ მისი თავი მოჩანს. ვინი ბედნიერი გამომეტყველებით პირდაპირ დარბაზს უყურებს.

 

ვინი - ო, რა მშვენიერი დღე იქნებოდა, კიდევ ერთი ბედნიერი დღე. კიდევ ერთი.  (პაუზა) ყველაფრის მიუხედავად. (ბედნიერი გამომეტყველება თანდათან ქრება მისი სახიდან) რაც აქამდე იყო.

 

პაუზა. ვილი გვერდს გადაშლის. პაუზა. ვილი გვერდს გადაშლის. პაუზა.

 

ვილი -           პრემიები გამომუშავებისთავის.

 

პაუზა. ვინი ქუდს მოიხდის. ჩანთაში ჩასადებად მოემზადება,

უცებ შეჩერდება, დარბაზისკენ მიტრიალდება. ღიმილი.

 

ვინი - არა. (იღიმება) ვერ მოგართვით! (აღარ იღიმება. ქუდს ისევ დაიხურავს, პირდაპირ იყურება. ვილი გაზეთს შლის) ეხლა რა გავაკეთო? (გრძელი პაუზა) ვიმღერო? (პაუზა) იმღერე შენი სიმღერა, ვინი. (პაუზა) არ გინდა? (პაუზა) მაშ, ილოცე. (პაუზა) შენი ლოცვა თქვი, ვინი.

 

პაუზა. ვილი გვერდს გადაშლის. პაუზა.

 

ვილი -           სოციალური ხელშეწყობა.

 

პაუზა. ვინი პირდაპირ იყურება. ვილი გვერდს შლის. პაუზა. გაზეთი ქრება.

 

ვინი - თქვი შენი ძველი ლოცვა, ვინი.

 

გრძელი პაუზა.

 

ფარდა.

 

 

მეორე მოქმედება

 

იგივე დეკორაცია.

 

ვილი არ მოჩანს.

 

ვინი ყელამდეა მიწაში ჩაფლული. თავზე ქუდი ახურავს. თვალები დახუჭული აქვს. მისი თავი, რომელსაც იგი ვერ ატრიალებს, ვერც ხრის და ვერც მაღლა წევს, მთელი მოქმედება უძრავი რჩება. მითითებების თანახმად მოძრაობენ მხოლოდ ვინის თვალები

ჩანთა და ქოლგა ისევეა დაწყობილი, როგორც პირველ მოქმედებაში. რევოლვერი გამოსაჩენ ადგილას, ვინის თავთან, მარჯვნივ არის მოთავსებული.

 

გრძელი პაუზა.

 

ხმამაღლა ირეკება ზარი. ვინი მაშინვე ახელს თვალებს. ზარის ხმა წყდება, ვინი პირდაპირ იყურება.

 

გრძელი პაუზა.

 

ვინი -   მოგესალმები, წმინდა ნათებავ. (პაუზა. თვალებს ხუჭავს. ზარი კვლავ გამაყრუებლად ირეკება. ვინი უცებ გაახელს თვალებს. ზარის ხმა წყდება, ვინი პირდაპირ იყურება და იღიმება. პაუზა. ღიმილი ქრება. პაუზა) ვიღაც კიდევ მიყურებს. (პაუზა) ვიღაცას კიდევ ვახსოვარ (პაუზა) რა მშვენიერია! (პაუზა) თვალი თვალს ეალერსება... (პაუზა) როგორ იყო იმ საოცარ ლექსში? (პაუზა. თვალები მარჯვნივ) ვილი! (პაუზა. უფრო ხმამაღლა) ვილი (პაუზა. თვალებით პირდაპირ) იქნებ დროზე ვისაუბრო? (პაუზა) მაგალითად ვთქვა: რახანია არ გამოჩენილხარ, ვილი (პაუზა) ხომ ხედავ უკვე ვსაუბრობთ. (ღიმილი) ძველი სტილი! (ღიმილი ქრება) ისე ცოტა გვაქვს სალაპარაკო... (პაუზა) რომ ყველაფერზე ვლაპარაკობთ (პაუზა) როგორც შეგვიძლია. (პაუზა). მაშინ მეგონა ... ჰო, ნამდვილად მეგონა რომ მარტო ჩემთვის ლაპარაკს ვისწავლიდი (პაუზა) საკუთარ თავთან ლაპარაკს, როგორც უდაბნოში. (ღიმილი) მაგრამ არა .(ღიმილი)  ვერ მოგართვით. (ღიმილი ქრება) უი, შენ აქ ყოფილხარ. (პაუზა).  ო, სინამდვილეში შენ, ალბათ, უკვე მოკვდი, როგორც სხვები, ან წახვედი და მიმატოვე, როგორც სხვებმა, მაგრამ არა უშავს, შენ მაინც აქა ხარ (პაუზა. თვალები მარცხნივ) ჩანთაც აქ არის, იგივე და უცვლელი, მე ვხედავ მას. (თვალები მარჯვნივ. უფრო ხმამაღლა). ჩანთა აქ არის, ვილი, არც გაცვეთილა, ის ჩანთა შენ რომ ბაზარში სატარებლად მაჩუქე... (პაუზა. თვალები პირდაპირ). იმ დღეს (პაუზა) რომელ დღეს? (პაუზა) მაშინ ჯერ კიდევ ვლოცულობდი. (პაუზა) ამას არ ვამბობ ვლოცულობდი – მეთქი. (პაუზა) ჰოდა, ვაღიარებ, რომ ვლოცულობდი  (ღიმილი) ეხლა აღარ ვლოცულობ. (ღიმილი ძლიერდება) არა, არა (ღიმილი ქრება. პაუზა) მაშინ... ეხლა... თავგზა ამებნა. (პაუზა) იყო ის, რაც ხარ – და ამასთანავე, იყო ასე განსხვავებული იმისგან, რაც იყავი... (პაუზა) ჯერ ერთი ვარ, გესმის რას ვამბობ, ჯერ ერთი ვარ, მერე მეორე. (პაუზა) ხან ერთი, ხან მეორე. (პაუზა) ისე ცოტა რამ დაგვრჩა სათქმელი. (პაუზა) ამიტომაც ყველაფერს ვამბობთ (პაუზა) ყველაფერს, რაც კი შეგვიძლია. (პაუზა) სიმართლის გარდა. (პაუზა) არც ერთ მართალ სიტყვას არ ვამბობთ. (პაუზა) ჩემი ხელები. (პაუზა) ჩემი მკერდი (პაუზა). რომელი ხელები? (პაუზა) რომელი მკერდი? (პაუზა) ვილი. (პაუზა)  რომელი ვილი? (აღტკინებით, დამაჯერებლად) ჩემი ვილი! (თვალები მარჯვნივ. ეძახის) ვილი! (პაუზა. უფრო ხმამაღლა) ვილი! (თვალები პირადპირ) რას იზამ, არცოდნა... არცოდნა, არცვოდვაა და ეს გარკვეულწილად დიდი წყალობაა, სხვას არც ვითხოვ. (პაუზა) ჰოდა... მაშინ... ეხლა... მწვანე ჩრდილი... ის... შარლო... შეხვედრა... კოცნა... ეს... ყველაფერი... ტვინის ამრევი იყო (პაუზა) ყველასთვის... ჩემს გარდა (ღიმილი) ეხლა მითუმეტეს (ღიმილი ძლიერდება) ვერ მოგართვით (პაუზა. ღიმილი ქრება. ვინი თვალებს დახუჭავს).

 

 

ისმის ზარის გამაყრუებელი ხმა. ვინი იმავე წამს გაახელს თვალებს. პაუზა

 

ხელახლა ვხედავ იმ თვალებს... და ვხედავ როგორ იხუჭება თვალები... მშვიდად იხუჭება იმისთვის, რომ... სიმშვიდე დაინახონ. (პაუზა). ჩემი თვალები კი აღარ იხუჭება (ღიმილი) მით უფრო ეხლა. (ღიმილი ძლიერდება) ვერ მოგართვით. (ღიმილი ქრება. პაუზა) ვილი! (პაუზა) დედამიწა, ვილი... არ გეჩვენება, რომ დედამიწამ ატმოსფერო დაკარგა? (პაუზა) ჰა, რას იტყვი, ვილი? (პაუზა) ვერაფერს? შენი აზრი არ გაგაჩნია? (პაუზა) რას იზამ, ისევ შენი თავის ერთგული რჩები. არც არასდროს... არაფერზე არ გქონია საკუთარი აზრი. (პაუზა) გასაგებიცაა. (პაუზა) ჩვენი სფერო, ვილი, დედამიწა. (პაუზა) იცი, ამაზე ხშირად მიფიქრია. (პაუზა) იქნებ მთლიანად არა... (პაუზა) იქნებ რაღაც მაინც გადარჩეს ყველაფრისგან... (პაუზა) ყოველთვის რჩება რაღაც... (პაუზა) მცირე ნარჩენები. (პაუზა) თუ გონებაც დაიკარგება... (პაუზა) რა თქმა უნდა ეს არ მოხდება. (პაუზა) მთლიანად მაინც ვერ დაიკარგება. (პაუზა) ჩემი, ყოველ შემთხვევაში არ დაიკარგება. (ღიმილი) მით უფრო ეხლა (ღიმილი ძლიერდება). ვერ მოგართვით! (ღიმილი ქრება. პაუზა) და მაინც, ასე რომ მოხდეს სამარადისო სიცივე დაისადგურებდა (პაუზა) უსასრულო გამყინვარება. (პაუზა) ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, უბრალოდ ბედნიერი დამთხვევაა... (პაუზა) აბა, დიდი წყალობაა, დიდი სიკეთეა ჩემს მიმართ. (პაუზა) ეხლა რა გავაკეთო? (პაუზა) სახე. (პაუზა) ცხვირი. (თვალებს ცხვირის მიმართულებით დაბრიცავს) ვხედავ... (დაბრეცილი თვალებით)... წვერს... ნესტოებს... და შთაბერა სიცოცხლის სუნთქვა2... ვხედავ კეხს... რომელიც ასე მოგწონდა... (ტუჩებს გამობერავს).... ტუჩების ჩრდილს... (ისევ გამობერავს) თუ გავიბუტები... (ენას გამოყოფს)... რა თქმა უნდა ვხედავ ენას... (ისევ გამოყოფს) რომელსაც  შენ გემოს უშინჯავდი... (ისევ გამოყოფს) თუ გამოვყოფ... (ენას გამოყოფს)... ვხედავ ენის წვერს... (მაღლა აიხედავს) შუბლი... წამწამები... არ გამოვა... აქ წარმოსახვა უნდა ავამუშავო... (თვალები მარცხნივ)... ლოყა... არა (თვალები მარჯვნივ)... არა... (ლოყებს დაბერავს)... რომც გავბერო... (თვალები მარცხნივ. ისევ დაბერავს)... არა... არ გამოდის... ვარდისფრად მქონდა აფეთქებული. (თვალებს გაასწორებს) ესაა და ეს. (პაუზა) და კიდევ ჩანთა. (თვალები მარცხნივ) ცოტა ბუნდოვნად ვხედავ, მაგრამ ჩანთაა. (თვალებს გაასწორებს. უდარდელად) დედამიწა, რა თქმა უნდა და ეს ცა. (თვალები მარჯვნივ) ქოლგა, რომელიც იმ დღეს მაჩუქე... (პაუზა)... იმ დღეს... ტბაზე... ლელიანში. (თვალებს გაასწორებს) რომელ დღეს? (პაუზა) რომელ ლელიანში? (გრძელი პაუზა. თვალებს დახუჭავს).

 

ისმის ზარის გამაყრუებელი ხმა. თვალებს გაახელს. პაუზა.

 

(მარჯვნივ იყურება) და რა თქმა უნდა, ბრაუნი. (პაუზა)  გახსოვს ბრაუნი, ვილი? (პაუზა)  ხომ გახსოვს ბრაუნი, მე მას ეხლაც ვხედავ. (პაუზა. ხმამაღლა) ბრაუნი აქ არის, ვილი, ჩემთან. (პაუზა. უფრო ძლიერად) ბრაუნი აქ არის, ვილი. (პაუზა. პირდაპირ იყურება) ესაა და ეს. (პაუზა)  მათ გარეშე რა მეშველებოდა? (პაუზა)  რა მეშველებოდა თუ სიტყვებიც კი გამირბიან, თუ სიტყვებსაც ვეღარ ვპოულობ? (პაუზა)  ხმაგაკმენდილი პირდაპირ დავიწყებდი ყურებას? (გრძელი პაუზა. ტუჩებს მოკუმავს და პირდაპირ იხრება). არ შემიძლია (პაუზა)  მაინც დიდი წყალობაა, დიდი შვება. (პაუზა. ჩუმად). ხანდახან ხმაური, ხმები მესმის. (თითქოს უსმენს. ნორმალური ხმით) იშვიათად მესმის. (პაუზა)  მაგრამ სულ ვლოცავ ამ ხმებს... ვლოცავ, იმიტომ რომ დღის გალევაში მეხმარებიან. (ღიმილი) ძველი სტილი! (ღიმილი ქრება) ო, რა მშვენიერია ის დღეები, როცა ხმები ჩემთან მოდიან. (პაუზა)  როცა ხმები მესმის. ადრე მეჩვენებოდა...

 

(პაუზა)

 

ჰოდა იმას ვამბობდი, რომ ადრე მეჩვენებოდა თითქოს ხმები ჩემს თავში იყვნენ. (ღიმილი) თურმე არა (ღიმილი) ვერ მოგართვით. (ღიმილი ძლიერდება) თურმე ეს უბრალო ლოგიკა იყო. (პაუზა) გონება. (პაუზა) გონება არ დამიკარგავს. (პაუზა) ჯერჯერობით (პაუზა) ბოლომდე არ დამიკარგავს (პაუზა) შემრჩა. (პაუზა) ხმები. (პაუზა) როგორც პატარა მოზღვავება... პატარ-პატარა დაშლილი ტალღა (პაუზა. ჩუმად) როგორც ნივთები, ვილი (პაუზა. ნორმალური ხმით) ჩანთაში, ჩანთის მიღმა. (პაუზა) დიახ, ნივთები თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ, სულ ამას არ ვიმეორებ, ნივთებს თავისი ცხოვრება აქვთ. (პაუზა) ჩემს სარკეს, მაგალითად, მე არ ვჭირდები (პაუზა) ზარი, (პაუზა) როცა დარეკავს მახვილივით ბასრი და მტკივნეულია. (პაუზა) ვერ წაუყრუებ. (პაუზა) რამდენჯერ მითქვია... (პაუზა) ჰოდა იმას ვამბობდი, რამდენჯერ მითქვია, დაყრუვდი, ვინი, ყურადღებას ნუ მიაქცევ, დაიძინე და გაიღვიძე, დაიძინე და გაიღვიძე, როცა მოგეპრიანება, გაახილე და დახუჭე თვალი, როცა მოგინდება, ან როცა შენ გაწყობს.  (პაუზა) გაახილე და დახუჭე, ვინი, გაახილე და დახუჭე, და იყავი ასე... სულ (პაუზა) არ გამოდის. (ღიმილი) ეხლა, მითუმეტეს. (ღიმილი ძლიერდება) ვერ მოგართვით! (ღიმილი ქრება. პაუზა) ეხლა რა გავაკეთო? (პაუზა) ეხლა რა ვქნა, ვილი? (პაუზა) როცა სხვა არაფერია, ჩემი ამბავი ხომ მრჩება. (პაუზა) ჩემი ცხოვრება. (ღიმილი) გრძელი ცხოვრება (ღიმილი ქრება) როგორც უხსოვარ დროში, მილდრედის მოგონებანიც თვით სიცოცხლის საწყისიდან, საშვილოსნოდან იწყება და სიკვდილის პირას მისული იგი ისევ საშვილოსნოს, დედის საშვილოსნოს გაიხსენებს (პაუზა) მილდრედი სულ ოთხი თუ ხუთი წლისაა და მას უკვე აჩუქეს დიდი თოჯინა, ულამაზესად გამოწყობილი (პაუზა) ტუფლები, წინდები, მაქმანით მორთული საცვლები, ფრიალა, ბაფთებიანი კაბა, ხელთათმანები. (პაუზა) თეთრი-ქათქათა, აჟურული... (პაუზა) თავზე ჭილოფის პატარა თეთრი ქუდი რეზინით. (პაუზა) მარგალიტის მძივი. (პაუზა) თითქოს ნამდვილი, პაწაწუნა დასურათებული წიგნი წარწერებით, სეირნობის დროს იღლიაში ამოსადებად. (პაუზა). დიდი ცისფერი თვალები თავისთავად იღებოდა და იხუჭებოდა. (თხრობით კილოში) მზე ოდნავ ამოიწვერა, მილი კი უკვე ამდგარი იყო... ის ფრთხილად გამოვიდა... (პაუზა) მან ხალათი მოიცვა, ფრთხილად გამოვიდა თავისი ოთახიდან, მაღალი კიბე სულ ცოცვით ჩაიარა, თუმცა მას უკრძალავდნენ კიბეზე მარტო ჩასვლას და შეიპარა... (პაუზა) თითისწვერებზე, უხმაუროდ გაიარა ცარიელი კორიდორი, შეიპარა საბავშვო ოთახში და თავის შვილიკოს ტანსაცმლის გახდა დაუწყო. (პაუზა) თან ჭკუას ასწავლიდა და ტუქსავდა. (პაუზა) უცებ, სად იყო და სად არა – პატარა თაგვი – (გრძელი პაუზა) არ აჩქარდე, ვინი. (გრძელი პაუზა. ეძახის) ვილი! (პაუზა. ხმამაღლა) ვილი! (საყვედურით) ხანდახან ძალიან უცნაურად იქცევი, ვილი, ასეთი უმიზეზო სისასტიკე არასოდეს გახასიათებდა და ეხლა რა მოგდის? (პაუზა) უცნაურად? (პაუზა) ო, არა. (ღიმილი) აქ, არაფერია უცნაური. (ღიმილი ძლიერდება) ეხლა მითუმეტეს. (ღიმილი ქრება) და მაინც – (უცებ აღელდება) ხომ არაფერი მოგივიდა? (თვალები მარჯვნივ. ხმამაღლა) ხომ კარგად ხარ, ჩემო ძვირფასო? (პაუზა. თვალები პირდაპირ) ვაი, თუ ჯერ თავი შეყავი მაგ სოროში, ვილი! ღმერთმა დაგვიფაროს! (თვალები მარჯვნივ. ხმამაღლა) შემთხვევით, ხომ არ გაიჭედე, ვილი? (პაუზა. ხმამაღლა) რამე ხომ არ დაგეცა, ვილი? (პაუზა. თვალები პირდაპირ. სასოწარკვეთილი გამომეტყველებით) ვაი თუ შველას ითხოვს, ყვირის, მე კი ვერ გავიგე. (პაუზა) ხმები კი მესმოდა. (პაუზა) მაგრამ ისინი ხომ ჩემს თავში, წარმოსახვაში არსებობს. (პაუზა) ნუთუ შესაძლებელია, რომ - (პაუზა. დარწმუნებული ტონით) არა, არა, ეს ხმები უკვე დიდი ხანია მესმის... (პაუზა) არეული, სუსტი ყვირილი. (პაუზა) ხმები მოქრიან - (პაუზა) - მერე მიქრიან - (პაუზა) - როგორც ქარის ტალღაზე. (პაუზა) სასწაულია პირდაპირ, საოცრება. (პაუზა) მერე ჩუმდებიან. (პაუზა) აბა, დიდი წყალობაა, დიდი სიკეთე. (პაუზა) აი, დღევანდელი დღეც მთავრდება. (ღიმილი. ღიმილი ქრება) და მაინც სიმღერისათვის ცოტა ადრეა. (პაუზა) დიდი შეცდომაა უდროო დროს სიმღერა, სულ ამას არ ვამბობდი. (პაუზა) მეორეს მხრივ, ზედმეტი მოცდაც არ ვარგა (პაუზა). ძილის დრო მოვა, ზარი დაირეკება, შენ კი არ გიმღერია. (პაუზა) მთელი დღე გაივლის – (ღიმილი. ღიმილი ქრება) – უკანდაუბრუნებლად; შენ კი ერთი პატარა, უბადრუკი სიმღერაც კი არ გიმღერია. (პაუზა) აი, რაშია საქმე. (პაუზა) ტყუილუბრლოდ... ვერც წაიღიღინებ. (პაუზა) ხანდახან სიმღერა მოგაწვება... არავინ იცის, რატომ რისთვის. ჰოდა, მოგადგება პირზე, შენ კი თავს იკავებ და ყლაპავ მას. (პაუზა) მერე შენ თავს ეუბნები: დროა, ან ეხლა ან არასდროს და არ შეგიძლია. (პაუზა) ასე უმიზეზოდ ვერ იმღერებ (პაუზა) ერთ ბგერასაც კი. (პაუზა) კიდევ ერთი რამ უნდა გითხრა, ვილი, ვიდრე სხვა თემაზე გადავსულვარ (პაუზა) სევდა სიმღერის მერე. (პაუზა) გამოგიცდია, ვილი, შენი ცხოვრების მანძილზე? (პაუზა) არა? (პაუზა) ინტიმური, სექსუალური ურთიერთობის მერე მოზღვავებული სევდა ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ნაცნობია. ამ საკითხში, ვილი, ვფიქრობ, არისტოტელეს ეთანხმები. (პაუზა) ჰო, ასეთ სევდას ყველა განიცდის და ჩვენ კარგად ვიცით, როგორ უნდა მოვერიოთ მას. (პაუზა) მაგრამ, სიმღერის მერე?! (პაუზა) რასაკვირველია, ასეთი სევდა ხანგრძლივი არ არის. (პაუზა) და მალე იფანტება. (პაუზა) საოცარია პირდაპირ (პაუზა) როგორ იყო იმ მშვენიერ ლექსში? (პაუზა) ყველაფერი... ტა-ლა-ლა- დავიწყებას მიეცემა... ტალღა... არა... ყველაფერი... ტა-ლა-ლა... იფანტება... არა... მიდის... ტალღა... არა... ზვირთი... ჰო... ზვირთს ზვირთი მიაქვს... და იგი... არა... ტალღა... ჰო... დავიწყების ზღვარს მიღმა მოქცეული... ტალღათა რიგი... გიმსუბუქებს... თავდავიწყებას... თავდავიწყებას. (პაუზა. ოხვრით) ჩვენს კლასიკოსებს ვკარგავთ. (პაუზა) თუმცა, ყველას არა. (პაუზა) ნაწილობრივ. (პაუზა) რაღაც მაინც გრჩება. (პაუზა) კარგია, თუ კლასიკა ცოტა მაინც გახსოვს, დღის გადაგორებას გიადვილებს. (პაუზა) აბა, დიდი წყალობაა, დიდი სიკეთეა. (პაუზა) ეხლა კი... (პაუზა) ვილი, ეხლა რა გავაკეთოთ? (გრძელი პაუზა). გონების თვალი უხმობს ვინმე... პიპერს თუ კუკერს – (თვალებს დახუჭავს .ისმის ზარის გამაყრუებელი ხმა. ვინი იმწამსვე გაახელს თვალებს. პაუზა) .ხელიხელჩაკიდებულნი, ჩანთებით. შუახნის (პაუზა). არც ახალგაზრდები, არც ბებრები. (პაუზა) გაჩერდნენ, პირდაღებული მომაშტერდნენ. მკერდს არაუშავს, ამბობს კაცი, უარესიც მინახავს. (პაუზა) მხრებსაც არაუშავს, განაგრძობს იგი, უარესიც მინახავს. (პაუზა) ნეტავ, ფეხებს თუ გრძნობს? ამბობს კაცი (პაუზა) როგორ ფიქრობ, ფეხები სულ წაერთვა, თუ კიდევ ამოძრავებს? კითხულობს იგი (პაუზა) ნეტავ იქ, ქვემოთ სულ შიშველია? ამბობს იგი, კითხე რა, მე ვერ ვბედავ. (პაუზა) აბა, რა ვკითხო? ამბობს ქალი (პაუზა) რა და ფეხებს თუ ამოძრავებს, ქვემოთ თუ შიშველია (პაუზა. განრისხებული). თვითონ კითხე, თუ კარგია, მე თავი დამანებე, ღვთის გულისათვის, ხელი გამიშვი. წადი, გამშორდი! (ჩაიცინებს) არა! (იღიმება) ვერ მოგართვეს! (აღარ იღიმება) ვხედავ, როგორ მიდიან (პაუზა) მაინც ხელიხელჩაკიდებული, ჩანთებით. (პაუზა) უკვე ბუნდოვნად ვხედავ. ეხლა, ვეღარ ვხედავ (პაუზა) გზას აცდენილი უკანასკნელი ადამიანები. (პაუზა) მეტი აქ არავინ მოსულა. (პაუზა) ეხლა რა ვქნა? (პაუზა. ჩუმად) მიშველე, ვილი, მიშველე. (პაუზა) არ შეგიძლია? (გრძელი პაუზა) უცებ ერთი პატარა თაგუნა... (პაუზა. თხრობით კილოში) უცებ ერთი პატარა თაგუნა მილის ფეხზე შეცოცდა... მაღლა, უფრო მაღლა აცოცდა და...

 

მილდრედმა თავისი თოჯინა გვერდზე მოისროლა და შეშინებული აკივლდა – (ვინი უცებ გულგამგმირავად იყვირებს) – აკივლდა, მაგრამ რას აკივლდა – (ორჯერ იყვირევს) – საწყალი გოგო კიოდა და კიოდა, ვიდრე ყველამ ღამის პერანგების ამარა მასთან არ მიირბინა, დედა, მამა, ბიბი, ბები და მოხუცი ანა გულგახეთქილი მოვარდნენ ამბის გასაგებად. ღმერთო ჩემო, რა დაემართა ჩვენს გოგოს, ღმერთო ჩემო, ვინ აწყენინა ჩვენს გოგოს? (პაუზა) მაგრამ უკვე გვიან იყო... (პაუზა) გვიან იყო. (გრძელი პაუზა. ძლივს გასაგონად) ვილი. (პაუზა. ნორმალური ხმით). არა უშავს, ვინი, ცოტაღა დაგრჩა, ზარი მალე დაირეკება და შენ თვალების დახუჭვას შეძლებ, უფრო ზუსტად, შენ უნდა დახუჭო თვალები, ვინი, და მეტი აღარ გაახილო ისინი. (პაუზა). ერთი და იგივეს რატომ ვიმეორებ? (პაუზა) ადრე მეგონა... (პაუზა) ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ ადრე მეგონა, თითქოს წამის მეასედებს შორის არავითარი განსხვავება არ არსებობდა, (პაუზა) ერთ დროს ვამბობდი... (პაუზა)... ჰო, სულ ვამბობდი, ვინი, შენ არასდროს გამოიცვლები იმიტომ, რომ წამის ერთი მეასედი მეორისგან არ განსხვავდება. (პაუზა) ამ თემას რატომ დავუბრუნდი? (პაუზა) თუმცა, ისე ცოტა გვაქვს სალაპარაკო, რომ ყველაფერზე ხელახლა ვიწყებთ ლაპარაკს. (პაუზა) ყველაფერზე, რაზეც შეგვიძლია. (პაუზა. განრისხებით) კისერი მტკივა. (პაუზა) ასე, უკეთ ვარ. (ოდნავ გაღიზიანებული) შედარებით. (პაუზა) არც საქმე მაქვს... არც სათქმელი... (პაუზა) არა და რაღაც ხომ უნდა ვთქვა... აი, რაშია საქმე! (პაუზა) არა, ამ სამყაროში რამე უნდა შეიცვალოს, ამოძრავდეს, მე მეტი აღარ შემიძლია. (პაუზა) თბილი ნიავი (პაუზა) ან ერთი ამოსუნთქვა. (პაუზა) როგორ იყო იმ უკვდავ ლექსში? (პაუზა) ხომ შესაძლოა მოგვფენოდა სრული წყვდიადი, უკუნი ღამე გამოსავალს, თუ არ გვიტოვებს. (პაუზა) უბრალო დამთხვევაა, ჩემის აზრით, განუსჯელი ალალბედობა. (პაუზა) სიკეთე და წყალობის წვიმა! (პაუზა) და მერე? (პაუზა) ეხლა რა ვქნათ, ვილი? (გრძელი პაუზა). ვარდისფერი შამპანური და ის დღე! (პაუზა) ბროლის ჭიქები. (პაუზა) ყველა წავიდა, ჩვენ მარტო დავრჩით. (პაუზა) ბოლო ყლუპი და სხეულით თითქმის ვეხებოდით ერთმანეთს. (პაუზა) შენი მზერა. (გრძელი პაუზა) რომელი დღე... რომელი ყვირილი.... (პაუზა) იმღერე! (პაუზა) იმღერე, შენი ძველი სიმღერა, ვინი.

 

გრძელი პაუზა. ვინი გაფაციცებით რაღაცას უსმენს და მარჯვნივ იხედება. მარჯვნივ, გორაკიდან ვილის თავი გამოჩნდება. იგი ოთხით მოძრაობს, მაგრამ საზეიმოდ არის გამოწყობილი – ცილინდრი, ზოლიანი შარვალი,  თეთრი ხელთათმანები და ა.შ. პირისახეს გრძელი, ფუშფუშა, თეთრი ულვაში უმშვენებს. პირდაპირ გაიხედავს, მერე ულვაშებზე ჩამოისვამს ხელს, მარჯვნივ მიბრუნდება, შეჩერდება, თვალებს მაღლა ასწევს, ვინის შეხედავს და ასევე ოთხით სცენის შუაგულისკენ გაცოცდება. შეჩერდება, პირდაპირ დარბაზს შეხედავს, ულვაშებს, ჰალსტუხს და სურთუკს გაისწორებს, მოკოხტავდება, ცოტა წინ წაიწევს  შეჩერდება, ცილინდრს მოიხდის და ვინის შეხედავს. ვილი ამჯერად თითქმის სცენის შუაგულშია და, შესაბამისად, ვინის მხედველობის არეშია მოქცეული. თავაწეული დიდხანს ვეღარ ძლებს და შუბლით ლამის ფიცარნაგს შეეხება.

 

ვინი -   (კეკლუცად) ამას რას ვხედავ! რა სასიამოვნო, მოულოდნელი სიურპრიზი. (პაუზა). გაზაფხულის ის მშვენიერი დღე გამახსენდა, შენი სიყვარული რომ მომატირე: გაღმერთებ ვინი, ჩემი უნდა გახდე! (ვილი მას შეჰყურებს). სიცოცხლე დაცინვაა ვინის გარეშე! (ვინი უცებ გადაიხარხარებს) უიმე, რასა ჰგავს ეს ოთხათ მოკეცილი წუწუნა! (იცინის) თაიგული სად არის? (ვილი თავს დახრის). კისერზე რა გაქვს? ფურუნკული? მაგას მოვლა უნდა, ვილი, თორემ მთელ ტანზე მოგედება. (პაუზა). სად დამეკარგე, ვილი, რატომ არ ჩანდი? (პაუზა) მთელი ეს დრო რას აკეთებდი? (პაუზა) იცვამდი? ჩემი ყვირილი არ გესმოდა? (პაუზა) შენს სოროში გაიჭედე?

 

პაუზა. ვილი თვალებს მიაბრუნებს და შეხედავს.

 

ვინი - ჰო, ვილი, ჰო, შემომხედე. (პაუზა) გაახარე შენი ბებერი თვალები (პაუზა) შემრჩა რამე? ცოტა მაინც... ძველებური? (პაუზა) იცი, დღეს თავის მოვლა ვერ მოვასწარი. (ვილი თავს ხრის) შენ, კიდევ გიცნობს ადამიანი, რაღაც მაინც შეგრჩა, გარკვეულწილად... (პაუზა) საცხოვრებლად აქეთ გადმოსვლას ხომ არ აპირებ... ცოტა ხნით მაინც? (პაუზა) არა? (პაუზა) აბა, აქეთ შემთხვევით მოხვდი? (პაუზა) შენ რა დაყრუვდი კიდეც, ვილი? (პაუზა) თუ დამუნჯდი? (პაუზა) დიდი მოლაპარაკე არც არასდროს ყოფილხარ: გაღმერთებ ვინი, ჩემი უნდა გახდე და მორჩა კინო, მერე მხოლოდ გაზეთში ამოკითხული განცხადებებით თუ დამელაპარაკებოდი. (პაუზა) თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, კიდევ ერთი ბედნიერი დღე იქნებოდა, კიდევ ერთი ბედნიერი დღე... ყველაფრის შემდეგ. (პაუზა) თუმცა, რაღა დაგრჩა, ვინი? ძალიან ცოტა. (პაუზა) ყვირილი მესმის. (პაუზა) შენ გესმის ხოლმე ყვირილი? (პაუზა) არა? (თვალებს ვილისკენ მიატრიალებს). შემომხედე, ვილი! (პაუზა) კიდევ ერთხელ შემომხედე, ვილი!

 

ვილი შეხედავს, ვინი ბედნიერია.

 

ო-ოჰ! (პაუზა. შოკირებული) რა მოგივიდა, რა სახე გაქვს? (პაუზა) ქუდი დაიხურე, საყვარელო, ვერ ხედავ რა მზეა, ნუ გერიდება, დაიხურე, ჩემის ნებართვით.

 

ვილი ქუდსა და ხელთათმანებს გადააგდებს და გორაკზე

ვინისთან ასვლას ცდილობს.

 

ვინი -   (მხიარულად) ერთი ამას დამიხედეთ! ფანტასტიურია, თვალებს არ ვუჯერებ.

 

ვილი გაჩერდება, ერთი ხელით გორაკის წვერს მოეჭიდება, მეორესაც ნელ-ნელა ზევით სწევს.

 

ვინი - (მხიარულად). მიდი, მიდი, ჩემო სიცოცხლე, ენერგიულად, მიდი, მე ტაშს დაგიკრავ, გაგამხნევებ. (პაუზა). ჩემკენ მოცოცავ, ვილი, თუ სხვა რამეს ეძებ? (პაუზა) გინდა... შემეხო?... კიდევ ერთხელ? (პაუზა) გინდა მაკოცო, ვილი, თუ სხვა რამეც მოგინდა? (პაუზა) იყო დრო, როცა ხელის მოწოდება შემეძლო. (პაუზა). უფრო ადრე ხელს დასახმარებლად გიწვდიდი ხოლმე, ვილი! (პაუზა) შენ ყოველთვის და ყველაფერში წახმარება გჭირდებოდა, ვილი!

 

ვილის ფეხი დაუცდა და გორაკიდან ჩამოგორდება.

 

ვინი - ბუუმ-ბრახ!

 

ვილი ისევ ოთხზე დადგება და თვალებს ვინის მიაპყრობს.

 

ვინი -  კიდევ ერთხელ სცადე, ვილი, ოვაციას გაგიმართავ. (პაუზა) ასე ნუ მიყურებ. (პაუზა. სიმწრით) ასე ნუ მიყურებ, ძალიან გთხოვ, ასე ნუ მიყურებ. (პაუზა. ხმადაბლა) სულ დაკარგე გონება, ვილი? (პაუზა. იგივე ტონით) შენი ბებერი გონებისსაწყალი, უბადრუკი ნარჩენებიც მიაკარგე?

 

პაუზა.

 

ვილი -           (ხმადაბლა). დავლიოთ.

 

პაუზა. ვინი თვალებს მოაბრუნებს და ბედნიერი სახით პირდაპირ დარბაზს უყურებს.

 

ვინი -   დავლიოთ! (პაუზა) ო, რა ბედნიერი დღე იქნებოდა, კიდევ ერთი ბედნიერი დღე... ყველაფრის შემდეგ... (ხალისიანი გამომეტყველება ქრება) რაც აქამდე იყო.

 

პაუზა. ვინი ჩუმად წაიღიღინებს მელოდიას, რომელიც დასაწყისში მუსიკალური ზარდახშიდან გაისმოდა, ნელ-ნელა აყვება მუსიკას და წყნარად მღერის

 

 

ლამაზი ჟამი

გვათრობს

ნელ-ნელა...

ხვევნა

ალერსი და დაპირება...

აუწერელი ერთობის წამი

ვნების მორევში

 

გვითრევს

ნელ-ნელა

ყველაფერი ვთქვი,

დამტოვეთ თქვენთან.

 

 

პაუზა. თვალებს დახუჭავს. ზარის ხმა. თვალებს გაახელს. ეღიმება. თვალებით ვილის მოძებნის. იგი ისევ ფიცარნაგზეა გართხმული, მაგრამ თვალები ვინისკენ აქვს მიპყრობილი. ვინის ღიმილი ქრება. ვინი და ვილი ერთმანეთს შეჰყურებენ.

 

გრძელი პაუზა.

 

ფარდა.

 

 

 

 

არტურ ნოზისიელი

 

                                 ცრუ ავადმყოფი

ანუ მადლენ პოკლენის აჩრდილი

 

(ჟან ბატისტ მოლიერის «ცრუ ავადმყოფის» მიხედვით)

 

 

ფრანგულიდან თარგმნა გიორგი ეკიზაშვილმამოქმედება I

 

სცენა 1

 

მოლიერი

(დარბაზშია მთელი წარმოდგენის მანძილზე)

 

 

  მოლიერი - სამი და ორი ხუთი, ზედაც ხუთი, ათი, ათიც - ოცი. ორი და სამი ხუთი. “კიდევ, ოცდაოთხსა ამა თვესა, მცირე ოყნა, მოსამზადებელი, დასარბილებელი, ბატონის ჩვენის გულ-გვამის შესარბილებალად, დასასველებლად და გასანიავებლად”1.

  ყველა ყველა და ჩემს აფთიაქარს, ბატონ ფლორანს, ზრდილობას ვერ დაუწუნებ, დახე, რა თავაზით ადგენს ანგარიშს: “ნაწლავები ჩვენისა ბატონისა, ოცდაათი სოლი”. ძალიან კარგი, ბატონო ფლორან, მაგრამ ცარიელი ზრდილობა ვერაფერი ბედენაა. დროდადრო გონებას უნდა მოუხმოთ და ავადმყოფებს ტყავი არ უნდა გააძროთ. კუჭ-ნაწლავის გაწმენდა, ოცდაათი სოლიო, გაგიგიათ! ვერ მოგართვეს! აკი მახსოვს, სხეულის სხვა ნაწილების განბანვა ოცი სოლი მიანგარიშეთ, აი, ათი ჩავაგდოთ.

  “ამას ზედა, დათქმულ დღესა, ერთი კარგი კუჭის გამწმენდი ოყნა, ორმაგი მატიტელა, უცეცხლო თაფლით და სხვა ამგვარით. გამოწერის მიხედვით, რათა გავასუფთავოთ, გავაგრილოთ და გავწმინდოთ საზარდული ბატონისა, სულ ოცდაათი სოლი”.

  თქვენის ნებართვით, ათი იყოს. “გარდა ამისა, დათქმულ დღესა, საღამო ჟამს, ღვიძლის გასაგრილებელი ნაყენი. გამაყუჩებელი ტკივილისა, სწორედ იმგვარად შედგენილი, რათა მშვიდი ძილი მოგვაროს ბატონსა ჩვენსა, ოცდათხუთმეტი სოლი”.

  ამაზე ვერ შეგედავებით, ძილი საღ-სალამათი კაცისა მაქვს. ათი, თხუთმეტი, თექვსმეტი, ჩვიდმეტი სოლი და ექვსი დენიე.

  “ამასა ზედა, გვარიანი წამალი კუჭის მოქმედებისა და იმგვარადვე, ღონის მომცემი, ნაზავი კასიისა, სირჩამბრიისა და სხვათა, ბატონ პურგონის გამოწერილი, ელენთიდან უკეთური შხამების გამოსადენ-გამოსაძევებელად, ოთხი ლივრი”.

 

  მასხრად მიგდებთ, ბატონო ფლორან! ავადმყოფებსაც ხომ უნდა გაუგოთ! ბატონ პურგონს ის ხომ არ უთქვამს, გინდა თუ არა, ოთხი ფრანკი დაფასეო. სამი ლივრიც თავზე გადაგივათ, გეთაყვა!

  «შემდგომ ამისა, დანთქმულ დღესა უვნებელი სასაქმებელი ზეთი ბატონის მოსასვენებლადა, ოცდაათი სოლი”. ყაბულსა ვარ, ათი ან თხუთმეტი სოლი. “ამისა ზედა, ერთი ოყნაც, უკანა ტანიდან ჰაერისა გამოსადენად, ოცდაათი სოლი”. ათი სოლი, არც მეტი, არც ნაკლები, ბატონო ფლორან!” “განმეორებით ოყნა საღამოხანს, როგორც ზემოთ მოგახსენებთ, ოცდაათი სოლი”. ათი სოლი, ბატონო ფლორან! “გარდა ამისა, მარჯვედ შეზავებული წამალი, ბატონის გარეთ გასვლის დაჩქარებისა და გატკბილებული, რათა გაარბილოს და განაახლოს ბლანტი სისხლი ბატონისა, ოცი სოლი”. ათი-მეთქი!

  «კიდევ წვეთები გულისა, გამოხდილი ფაზარისა, ლიმონისა და ბროწეულისაგან და კიდევ სხვა რამ, გამოწერილის მიდევნებითა, ოხუთმეტი ლივრი».

  დინჯად, ბატონო ფლორან! თქვენ თუ ასე გაუტიეთ, ავადმყოფობას ვინ გიჟი მოისურვებს?! ოთხი ფრანკიც კარგად შეგერგებათ. სამი და ორი ხუთი და კიდევ ხუთი და ზედ ათიც ოცი. სამოცდასამი ლივრი, ოთხი სოლი და ექვსი დენიე. ამრიგად, მარტო ამ თვეში, ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა, ათი, თერთმეტი, თორმეტი ოყნა გავიკეთე. წინა თვეს თორმეტი წამალი და ოცი ოყნა გახლდათ. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ამ თვეს უფრო უქეიფოდ ვგრძნობ თავს. ბატონ პურგონს უნდა დავეკითხო, ის თუ მოაგვარებს ამ საქმეს.

  ეჰე, ეს ხარახურა მომაცილეთ!

  არავინაა? ყურსაც არ იბერტყავენ. თვალი გაქცევაზე უჭირავთ (ზარს აწკრიალებს). უნდა დააბა და ესაა! ეს ზარიც რომ რიხიანად ვერ რეკს. ძინ-ძინ-ძინ... შენც არ მომიკვდე! ძინ-ძინ-ძინ... დაყრუებულან...

 

  ტუანეტ!

 

  ძინ-ძინ-ძინ... ზარს მაინც არ ვრეკავდე?! ნაძირალა! ძინ-ძინ-ძინ... ლამისაა ცოფები ვყარო (რეკვას შეეშვება, ყვირის). ძინ-ძინ-ძინ... ჯანდაბამდე გზა გქონია! გაგიგიათ, საწყალი ავადმყოფის ასე მიტოვება? ძინ-ძინ-ძინ... საცოდაობაა, პირდაპირ! ძინ-ძინ-ძინ... ღმერთო ჩემო, სასიკვდილოდ გამიმეტეს!

 

ძინ-ძინ-ძინ... სცენა 2

 

ტუანეტი, არგანი (თამაშობს ბერალდი)

 

 

ტუანეტი -    ახლავე გეახლებით!

მოლიერი -   ოჰ!

არგანი -         მუხანათო!

მოლიერი -   ოჰ!

არგანი -         მტარვალო!

ტუანეტი -    სული ყელში გებჯინებათ, ისე ამაჩქარეთ, რომ თავი დარაბის კიდეს ვხეთქე.

არგანი -         მოღალატევ!

ტუანეტი -    ვაი!

არგანი -         უკვე...

ტუანეტი -    ვაი!

არგანი -         ერთი საათია...

ტუანეტი -    ვაი!

არგანი -         რაც მარტოდ დამაგდე...

ტუანეტი -    ვაი!

არგანი -         ხმა გაიკმინდე, თავხედო, სათქმელი მაცალე.

ტუანეტი -    განა ამის ღირსი ვარ?

არგანი -         ყვირილით ხმა ჩამიწყდა!

ტუანეტი -    თქვენს გამო ლამის თავი გავიხეთქე, ისე რომ ბარი-ბარში ვართ.

არგანი -         რეებს მიედ-მოედები?

ტუანეტი -    ლანძღვას თუ დამიწყებთ, ავტირდები.

არგანი -         რად მიმატოვე?

ტუანეტი -    რაო?

არგანი -         სალახანა! გსურს, რომ...

ტუანეტი -    რაო?

არგანი -         აღარ გაგთათხო? გინდა, ეს სიამოვნებაც მოვიკლო?

ტუანეტი -    რამდენიც გსურთ, იმდენი მლანძღეთ, მე კი მოგისმენთ.

არგანი -         წამდაუწუმ სიტყვა თუ მომტაცე, ჩხუბი როგორღა გამოვა?

ტუანეტი -    თქვენი ჩხუბი, ჩემი ტირილი. ყველას თავ-თავისი, სამართლიანობაც ეს არის.

არგანი -         კმარა, კმარა. ესენი მომაშორე! დღევანდელმა ოყნამ როგორ ჩაიარა?

ტუანეტი -    ოყნამ?

არგანი -         ჰო, ბალღამი გამოდევნა?

ტუანეტი -    თქვენს ბალღამთან მე რა ხელი მაქვს? ბატონმა ფლორანმა მოიკითხოს, მისი ხეირიც ხომ ეგ არის.

არგანი -         მეორე ნახარშიც მზად გქონდეს, სანამ პირველს მოვითავებ.

ტუანეტი -    ეს ბატონები, ფლორანსა და პურგონზე მოგახსენებთ, კარგა მაგრად ითბობენ ხელს მაგ თქვენს სხეულზე. საწველი ფური იშოვეს და ეგ არის? ეგეთი რა გჭირთ, ამდენ წამალს რომ გაყლაპებენ?

არგონი -        ხმა-კრინტი, შე უვიცო! საქმეებს შენ ვინ გკითხავს? ჩემი ქალიშვილი მომიყვანე, სიტყვა უნდა ვუთხრა.

ტუანეტი -    აი ისიც, ვითომდა თქვენს გულში იჯდა.

ანჟელიკი -   ნუთუ შევცდი, ნაზ გრძნობას რომ მივენდე?

ტუანეტი -    მე ეს არ მითქვამს

ანჟელიკი -   ერთი ეს მითხარით, შენც ჩემსავით ხომ არ ფიქრობ, რომ ჩვენს მოულოდნელ შეხვედრაში, ღმეთის ხელი ან, შეიძლება, ზეცის ნება ურევია.

ტუანეტი -    ამას რა ფიცი-მტკიცი უნდა.

ანჟელიკი -   ნუთუ არ გიფიქრია, რომ მხოლოდ პატიოსან ყმაწვილს თუ შეუძლია ქომაგად დაუდგეს უცნობ ქალიშვილს?

 

ტუანეტი -    რა თქმა უნდა

ანჟელიკი -   სწორედ რომ ზნემაღალი პიროვნების საკადრისი საქმეა.

ტუანეტი -    მეც მანდა ვარ.

ანჟელიკი -   მერე და რა თავაზი, რა კდემა!

ტუანეტი -    ნუ იტყვით!

ანჟელიკი -   რა ტანადი, რა ლამაზი. შენ რას ფიქრობ?

ტუანეტი -    სიმართლეს ბრძანებთ!

ანჟელიკი -   იერიც ხომ დიდებული აქვს?

ტუანეტი -    ეჭვს გარეშეა!

ანჟელიკი -   სიტყვა-პასუხი და მიხვრა-მოხვრაც კეთილშობილი კაცისა, განა არა?

ტუანეტი -    სრული სიმართლეა?

ანჟელიკი -   მისებრ მგზნებარე სიტყვებს სხვისგან ვერ ეღირსები.

ტუანეტი -    სწორი ბრძანებაა!

ანჟელიკა -    ჰოდა, ამის მეტი საცოდაობა გინახავს, ცით მოვლენილ ვნებას ვინმე წინ აღუდგეს და ერთმანეთის მოყვარულ არსებათ ხელ-ფეხი დაუბორკოს.

ტუანეტი -    ღმერთმა ნუ მომასწროს!

ანჟელიკი -   ჰო, მაგრამ, ჩემო კეთილო, ნუთუ მართლა ასე ვუყვარვარ?

ტუანეტი -    რა გითხრა, საჩოთირო საქმეა, შეყვარებულთა მანჭვა-გრეხა ხშირად სინამდვილეს წააგავს, გეგონება, კარგად გაწაფული მსახიობები არიანო.

ანჟელიკ -      ეს რამ გათქმევინა, ტუანეტ! ვაი, თუ ბრტყელ-ბრტყელ- სიტყვები სიცრუეა და მეტი არაფერი.

ტუანეტი -    ამას მალე შეიტყობთ. აკი, გუშინ მოგწერათ, თქვენი ხელის თხოვნას ვაპირებო; აი, ესეც უმოკლესი გზა სიმართლის დასადგენად, ამის მეტი საბუთი რაღა გნებავთ?

ანჟელიკი -   ტუანეტ, იცოდე, თუ დამაღალატა, სხვა მამაკაცს აღარასოდეს ვენდობი.

ტუანეტი -    აი, მამათქვენიც მობრძანდება.

 

 

სცენა 3

 

არგანი, ანჟელიკი, ტუანეტი

 

არგანი -         შვილო ჩემო, სრულიად რომ არ მოელი, ისეთი ამბავი უნდა გამცნო: შენი ხელი მთხოვეს. რა გაცინებს? განა სასაცილოდ გეჩვენება ხელის თხოვნა? ამაზე საამო ქალიშვილისთვის რა უნდა იყოს? ო, ბუნება, ბუნება! შენ შემყურეს, ისღა დამრჩენია გკითხო, თანახმა ხარ თუ არა?

ანჟელიკი -   თქვენი ნების აღსრულება ჩემი ვალია

არგანი -         რა ბედნიერებაა მორჩილი შვილი! მაშ, ასე, საქმე გაიჩარხა, მეც პირობას დავუთქვამ.

ანჟელიკი -   თქვენს სურვილს წინ ვერ აღვუდგები, მამა ბატონო.

არგანი -         ჩემს ცოლს, შენს დედინაცვალს, შენი და ლუზიონის მონაზონად აღკვეცა გადაუწყვეტია. დღე და ღამე ამას ჩამჩიჩინებს.

ტუანეტი -    გაგიგიათ სულელს ჭკუას ეკითხებოდნენ?

 

არგანი -         ქორწინებაზეც არ თანხმდებოდა, მაგრამ გადავარწმუნე, და სასიძოს სიტყვა მივეცი.

ანჟელიკი -   თქვენს სიკეთეს ვერაფრით გადავიხდი!

ტუანეტი -    მართალი თუ გნებავთ, ასეთი ბრძნული აზრი თავში არასოდეს მოგსვლიათ, ღმერთმა გაცოცოხლოთ!

არგანი -         სასიძო ჯერ არ მინახავს, მაგრამ მითხრეს, მამაც და შვილიც კმაყოფილი დარჩებითო.

ანჟელიკი -   ეჭვიც არ მეპარება!

არგანი -         როგორ? ნანახი გყავს?

ანჟელიკი -   თქვენი კეთილგანწყობა ნებას მაძლევს გული გადაგიშალოთ, არც იმის დამალვა მსურს, რომ წინა კვირას, შემთხვევამ ერთად შეგვყარა და ეს თხოვნაც იმ ორმხრივი გრძნობის შედეგია, რომელმაც პირველი ნახვისთანავე დაგვაახლოვა.

არგანი -         ჩემთან ამაზე სიტყვა არავის დაცდენია. მაგრამ, ვხედავ, საქმე წინ წაგიგდიათ. ამბობენ, თვალტანადი ყმაწვილიაო.

ანჟელიკი -   ასე გახლავთ, მამაჩემო

არგანი -         ლაზათიანი...

ანჟელიკი -   რა თქმა უნდა.

არგანი -         მომხიბვლელი იერი აქვსო.

ანჟელიკი -   მერწმუნეთ, ასეა!

არგანი -         ნატიფი ნაკვთებიო.

ანჟელიკი -   ლამაზად წყობილი.

არგანი -         ჭკვიანი, კეთილშობილიო.

ანჟელიკი -   მართალი უთქვამთ.

არგანი -         ზედმიწევნით პატიოსანიო.

ანჟელიკი -   ტოლი არ ჰყავს!

არგანი -         ლათინური და ბერძნული წყალივით იცისო...

ანჟელიკი -   ამისი კი რა მოგახსენოთ...

არგანი -         სამ დღეში ექიმად აკურთხებენო.

ანჟელიკი -   ვის, მამაჩემო?

არგანი -         რაო, შენთვის არაფერი უთქვამს?

ანჟელიკი -   მსგავსი არაფერი დაცდენია. თქვენ ვინ მოგიტანათ ეგ ამბავი?

არგანი -         ბატონმა პურგონმა.

ანჟელიკი -   იცნობს?

არგანი -         ეს რა საკითხავია! ხომ წარმოგიდგენია, საკუთარ დისშვილს რომ არ იცნობდეს?

ანჟელიკი -   მაშ, კლეანტი ბატონ პურგონის დისწულია?

არგანი -         ვინ კლეანტი? ჩვენ ხომ იმაზე ვსაუბრობთ, ვინც შენი ხელი მთხოვა.

ანჟელიკი -   მერე?

არგანი -         მერე ის, რომ ბატონ პურგონის დისწული გახლავს, ვაჟიშვილი ბატონ დიაფუარიუსისა, ექიმისა. ყმაწვილს თომა ჰქვია და არა კლეანტი, ქორწინების თაობაზე სწორედ ამ დილით შევთანხმდით. ბატონი პურგონი, ბატონი ფლორანი და შენი მონა-მორჩილი. ხვალ კი მომავალ სიძეს მამამისი გაახლებს. რა მოგდის? რა პირი დააღე!

ანჟელიკი -   საქმე ის გახლავთ, რომ ერთზე მესაუბრებოდით, მე კი სხვაზე ვფიქრობ.

 

ტუანეტი -    ეს რამ მოგაფიქრებინათ, ჩემო ბატონო? ამოდენა ქონების პატრონი, ვიღაც ექიმს ემოყვრებით?

არგანი -         სწორედაც. შენ რაღას ეჩრები, ეშმაკის ფეხო?

ტუანეტი -    ღმერთო შეგვეწიე! ახლა ორთავე აყალმაყალს ატეხთ. მოდით, გრძნობებს ნუ ავყვებით და დინჯად განვსაჯოთ. ნუ ვიჩქარებთ, თავის შეკავება გვმართებს. იქნებ ქორწინების მიზეზიც გაგვიმხილოთ!

არგანი -         მიზეზი ერთია: დავსნეულდი და დავსუსტდი, ამიტომაც, სიძედ ექიმი შევიგულე. ამით ექიმთა წრეში შემესვლება და მათი თანადგომის იმედიც მეტად მექნება. წამლისთვის შორს წასვლა აღარ დამჭირდება, რჩევა-დარიგებებს მზა-მზარეულად მომართმევენ.

ტუანეტი -    აი, მიზეზიც ამას ჰქვია! მოდით, ნუ გავცხარდებით. ბატონო ჩემო, ხელი გულზე დაიდეთ და მითხარით, ნუთუ მართლა ავად ბრძანდებით?

არგანი -         როგორაო, რა სთქვი, ავად თუ ხარო? ჩემზე ავადმყოფი გეგულება ვინმე, შე უნამუსო?

ტუანეტი -    მოდით, ამაზე ნუ ვიჩხუბებთ. ისე ავად ბრძანდებით, რომ  მეტი აღარ შეიძლება! ყაბულსა ვარ. ისიც კი მგონია, რომ თავადაც ვერ ხვდებით, რარიგ ავად ბრძანდებით. ასეა! მაგრამ თქვენმა ქალიშვილმა რაღა დააშავა? ქმარი თავისთვის უნდა, არც რამ ავადმყოფობა ჭირს და ექიმიც არაფერში წაადგება.

არგანი -         ექიმი ჩემთვის მინდა. მშობლების ბედნიერების მოსურნე ქალიშვილი კი იმას მითხოვდება, ვინც მამის ჯანმრთელობას უკეთ მიხედავს.

ტუანეტი -    ბატონო ჩემო, ნუ მიწყენთ და ერთ მეგობრულ რჩევას შეგბედავთ.

არგანი -         რას მირჩევ?

ტუანეტი -    ქორწილზე ფიქრს მოეშვით.

არგანი -         ეგ ვითომ რატომაო?

ტუანეტი -    იმიტომაო, რომ ქალიშვილს ვერ დაიყოლიებთ.

არგანი -         რაო, უარს იტყვის?

ტუანეტი -    დიახაც, რომ ასე იქნება.

არგანი -         ჩემი ქალიშვილი?

ტუანეტი -    სწორედ, რომ თქვენი ქალიშვილი. დიაფუარიუსთან არა მესაქმება რაო, გიპასუხებთ, არც მის ვაჟთან და საერთოდ, დიაფუარიუსების საგვარეულოს თავში ქვა უხლიაო.

არგანი -         სამაგიეროდ, მე მესაქმება, იმაზე არას ვამბობ, რარიგ სარფიანი საქმეა. ბატონ დიაფუარიუს ამის გარდა სხვა მემკვიდრე არ ჰყავს, ამას ისიც დაუმატე, რომ ბატონი პურგონი, რომელსაც არც ცოლი რჩება და არც შვილი, მთელ თავის ქონებას, ქორწინების შემდეგ, დისწულს გადაულოცავს. 8000 ლივრი რენტად, როგორია?

 

ტუანეტი -    რამდენი ავადმყოფი უნდა გაისტუმრო საიქიოს, ამდენი ფული რომ იშოვო!

არგანი -         8000 ლივრი ხუმრობა ნუ გგონია, ახლა ამას მამის ქონებაც ზედ დაადე.

ტუანეტი -    კარგი და პატიოსანი, მაგრამ მე ისევ ჩემსას ვუბრუნდები. ჩვენში დარჩეს და სხვა ქმარი შეურჩიეთ, ქალბატონ დიაფუარიუსად თქვენი ქალიშვილი ვერ ივარგებს.

არგანი -         მე ჩემსაზე ვდგავარ.

ტუანეტი -    ნუ იტყვით!

არგანი -         როგორ თუ ნუ ვიტყვი!

ტუანეტი -    ჰო, ნურც იფიქრებთ!

არგანი -         კი მაგრამ, რატომ?

ტუანეტი -    ხალხი იტყვის, ჭკუიდან გადაცდა, სიტყვას გონებას ვეღარ ატანსო.

არგანი -         ვინც რა უნდა ის თქვას, ჩემი ქალიშვილი ჩემს სიტყვას ვერ გადავა. პირობა მიმიცია, გესმის თუ არა?

ტუანეტი -    არა, ნაძლევს ვარ, რომ თავისას გაიტანს.

არგანი -         ძალას დავატან!

ტუანეტი -    არაფერი გამოგივათ!

არგანი -         არ გამომივა და მონასტერში ვუკრავ თავს.

ტუანეტი -    თქვენ იზამთ ამას?

არგანი -         დიახ, მე.

ტუანეტი -    ძალიან კარგი.

არგანი -         რისი თქმა გსურს?

ტუანეტი -    იმისა, რომ მონასტერზე, ნურას უკაცრავად.

არგანი -         ვითომ, რატომ?

ტუანეტი -    ვერ გაახერხებთ.

არგანი -         რა? ერთი ამას დამიხედეთ! ოჰო-ოჰო, რა ძალიან გამაცინე! მოვინდომო და ვერ გავაკეთო?

ტუანეტი -    ამაოდ დაშვრებით-მეთქი.

არგანი -         მერე და ვინ დამიშლის?

ტუანეტი -    საკუთარი თავი.

არგანი -         ჩემზე ამბობ?

ტუანეტი -    დიახ, თქვენზე. გული არ გაგიშვებთ.

არგანი -         გამიშვებს!

ტუანეტი -    ხუმრობთ?

არგანი -         სულაც არ მეხუმრება.

ტუანეტი -    მერე და მამაშვილური სიყვარული?

არგანი -         ეგ რა მოსატანია.

ტუანეტი -    ერთადერთი მდუღარე ცრემლი, კისერზე შემოხვეული მკლავები, ერთი ნაზად წაჩურჩულებული “საყვარელო მამიკო” და გულიც მოგილბებათ.

არგანი -         გეგონოს!

ტუანეტი -    თავად ნახავთ!

არგანი -         სიტყვას არ გადავალ!

ტუანეტი -    სისულელეა! არაფერი გამოვა!

არგანი -         ნუ იტყვი!

ტუანეტი -    მაღალ ღმერთს ვფიცავ, კარგად გიცნობთ; თქვენი კეთილი გულის ამბავი რომ ვიცი.…

არგანი -         ცხვარი ცხვარიაო, თუ გაცხარდა ცხარეაო, ხომ გაგიგონია?

ტუანეტი -    წყნარად, ბატონო! დაგავიწყდათ, რომ შეუძლოდ ბრძანდებით!

არგანი -         ვუბრძანებ, საქორწინოდ გაემზადოს!

ტუანეტი -    მე კი ვუბრძანებ, თითი თითს არ დააკაროს!

 

არგანი -         ეს რა მესმის! განა სადა ვართ? გაგიგიათ, მოახლე საკუთარ ბატონს ასეთ რამეებს პირში ახლიდეს?

ტუანეტი -    როდესაც ბატონი სიბრიყვეს წამოროშავს, ჭკუათმყოფელმა მოახლემ უნდა შეუსწოროს.

არგანი -         თავხედო! ერთ ისეთ ალიყურს გაჭმევ!

ტუანეტი -    ვალდებული ვარ უღირს საქციელს აგარიდოთ.

არგანი -         ერთი აქეთ მოდექი, ჭკუა გასწავლო!

ტუანეტი -    იმის ფიქრში ვარ, სისულელე რამ არ ჩაგადენინოთ.

არგანი -         უ, შე ურჯულო!

ტუანეტი -    არა, მომკალით და ქორწილს ვერ მოესწრებით.

არგანი -         კისრით ჩამოსაკიდი ხარ.

ტუანეტი -    თომა დიაფუარიუსს მაინც არ გავაყოლებ!

არგანი -         ტუტუცო!

ტუანეტი -    მე დამიჯერებს!

არგანი -         ანჟელიკ, გააჩუმე ეს სალახანა!

ანჟელიკი -   ფრთხილად, მამა, მღელვარება გავნებთ! არგანი -    გააჩუმე-მეთქი, თორემ დაგწყევლი.

ტუანეტი -    მე კი, თუ თანხმობა გაგიცხადათ, ცარიელ-ტარიელზე დავსვამ.

არგანი -         მეტს ვეღარ ავიტან. გული გასკდომაზე მაქვს!

 

 

სცენა 4

 

ბელინი, ანჟელიკი, ტუანეტი, არგანი

 

არგანი -         აი, ჩემი ქალიც მობრძანდა.

ბელინი -       რა დაგემართათ, ძვირფასო?

არგანი -         თქვენი თანადგომა მჭირდება.

ბელინი -       რა ხდება, ჩემო პატარავ?

არგანი -         სულიკო!

ბელინი -       ერთადერთო!

არგანი -         გამაბრაზეს!

ბელინი -       ოი, საბრალო! ასეთი რა გითხრეს?

არგანი -         ეს თქვენი ქარაფშუტა ტუანეტი სულ მთლად თავს გავიდა.

ბელინი -       ნუ აყვებით, ძვირფასო!

არგანი -         ცოფები მაყრევინა!

ბელინი -       მშვიდად, გეთაყვა.

არგანი -         კრიჭაში მიდგას, რაც გსურს, იმას ვერ მოესწრებიო, მიჩიჩინებს.

ბელინი -       წყნარად, წყნარად.

არგანი -         ისე ღრმად შეტოპა, ავად არ ხარო – გამიბედა.

ბელინი -       მუდრეგი!

არგანი -         თქვენ მაინც ხიმ იცით სიმართლე, სულის კოკორო!

ბელინი -       რა თქმა უნდა, ტყუილი უთქვამს.

არგანი -         საიქიოს გამისტუმრებს, ეგ აშარი!

ბელინი -       ეგ რამ გაფიქრებინათ?

არგანი -         ნაღვლის ბუშტი თუ გამისკდა, ამას დააბრალეთ.

ბელინი -       ბრაზი დაიცხრეთ, გეთაყვა!

არგანი -         რამდენჯერ მითქვამს, დავითხოვოთ-მეთქი.

ბელინი -       შვილიკო, აბა, უზადო მოახლე ან მსახური სად გინახავთ? რას იზამ, კეთილი თვისებების გამო, მავნეც უნდა ავიტანოთ. მარჯვე გოგონაა, მუყაითი, დაუზარელი და რაც მთავარია, ერთგული. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენს დროში, კარგი მოსამსახურე სანთლით საძებნელია. ეი, ტუანეტ!

ტუანეტი -    გისმენთ, ქალბატონო!

ბელინი -       ჩემი მეუღლე რად გააბრაზეთ?

ტუანეტი -    მე, ქალბატონო? ვერ გამიგია, რას მსაყვედურობთ! თავს ვევლები, ცივ ნიავს არ ვაკარებ.

არგანი -         ო, მუხთალო!

ტუანეტი -    ახლახან გამოგვიცხადა, ჩემს ქალიშვილს ბატონ დიაფუარიუსის ვაჟს ვატანო. მე კი ვუთხარი, ეგ კარგი საქმე მოგიფიქრებიათ, მაგრამ გიჯობთ მონაზვნად აღკვეცოთ–მეთქი.

ბელინი -       ეგ ჭკუასთან ახლოს მეჩვენება.

არგანი -         როგორ დაიჯერეთ, სულიკო? ნაძირალა, ეს-ეს არის ათასი უხამსობა წამოროშა!

ბელინი -       კარგი, როგორც გენებოთ! დამშვიდდით, ყური მიგდეთ, ტუანეტ, კიდევ ერთხელ გაამწარებთ ჩემს ქმარს და გარეთ გიკრავთ თავს. ახლა კი ქურქი და ბალიშები მომიტანეთ. ქვეშ ამოვუდებ. ხომ ხედავთ, გაბრაზებამ რა იცის! ქუდი ყურებზე ჩამოიცვით, იმაზე საშინელი არაფერია, როდესაც სიცივე ყურებიდან შემოდის.

არგანი -         ო, ჩემო გვრიტო, არც კი ვიცი როგორ გადავიხდი თქვენს ამაგს.

ბელინი -       წამოდექით, ამას ქვეშ ამოგიდებთ, ზედ დაჯდებით, ეს საზურგედ გამოდგება, ამ ბალიშს კი თავს მიაყრდნობთ.

ტუანეტი -    ეს კი ნოტიო ჰაერი რომ არ ისუნთქოთ.

არგანი -         ტუტუცო, გინდა დამახრჩო?

ბელინი -       რა გემართებათ?

არგანი -         გავიგუდე!

ბელინი -       რატომ ცხარობთ? კარგის გაკეთება მსურდა!

არგანი -         ამის ხრიკები არ გცოდნიათ! რეტი დამასხა, ახლა ცოტა მოვსულიერდი, ათი წამალი და თორმეტი ოყნა მაინც დამჭირდება.

ბელინი -       ნუ, ნუ, გული საგულეს ჩაიდეთ, ჩემო მეგობარო! 

არგანი -         ჩემი ერთადერთი ნუგეში თქვენ ხართ, სულო ჩემო!

ბელინი -       საბრალო პაწია!

არგანი -         ჩემი სიყვარულის დასამტკიცებლად ანდერძს შევადგენ.

ბელინი -       მოდით, ამაზე სხვა დროს! ფიქრიც კი არ მინდა ანდერძზე. ხსენებაც კი ტანში მზარავს.

არგანი -         ხომ გითხარით, თქვენს ნოტარიუსს მოელაპარაკეთ-მეთქი.

ბელინი -       მითხარით და გაახლეთ კიდეც.

არგანი -         შემოიყვანეთ, სულიკო!

ბელინი -       ღმერთო ჩემო, ტვინი ამერია, ასეა, სიყვარული ყველაფერს დაგავიწყებს.

 

 

სცენა 5

 

ნოტარიუსი, ბელინი, არგანი, ანჟელიკი, ტუანეტი

 

არგანი -         აქეთ მობრძანდით, ბატონო ბონფუა, სკამი მოიდგით გეთაყვა. ჩემმა ცოლმა მითხრა, რომ პატიოსანი კაცი ბრძანდებით, თანაც მისი მეგობარიც ყოფილხართ. ასე, რომ გადავწყვიტე ჩემი ანდერძის თაობაზე მოგელაპარაკოთ.

 

ბელინი -       მე ამაზე ხმის ამოღებაც მიჭირს.

ნოტარიუსი -           ბატონო ჩემო, თქვენმა მეუღლემ მამცნო თქვენი სურვილი და ისიც, თუ რას პირდებით. ამთავითვე უნდა მოგახსენოთ, რომ თქვენი ანდერძით თქვენს ცოლს ვერაფერს დაუტოვებთ.

არგანი -         კი მაგრამ, რატომ?

ნოტარიუსი -           ასეა მიღებული. დაწერილი კანონების ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, წინ ვერაფერი დაგიდგებოდათ. მაგრამ პარიზში და საერთოდ, ყველა იმ ქვეყანაში, ან უმრავლესობაში მაინც, სადაც ყოველივე ზნე-ჩვევებზეა დაფუძნებული, მსგავსი რამ ვერ მოხდება და თქვენც ამაოდ გაირჯებით. ერთი, რაც შეიძლება ცოლმა და ქმარმა გაახერხონ, ის გახლავთ, რომ სიცოცხლეშივე გასცენ, რის გაცემაც სურთ. ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ შვილებს არაფერი დარჩებათ.

არგანი -         კარგი რამ ჩვეულებაა, ღმერთმანი! ქმარს უფლება არა აქვს საყვარელ ცოლს, რომელიც ლამისაა თავს გადაყვეს, სარჩო-საბადებელი დაუტოვოს! ჩემს ნოტარიუსსაც დავეკითხები და წვრილად გავარკვევ საქმეს.

ნოტარიუსი -           ნოტარიუსებს ამაოდ შეაწუხებთ; ისინი ერთობ მკაცრად ეკიდებიან მსგავს გარიგებებს და კანონის გაბაიბურებას არავის აპატიებენ. მძიმე ხასიათის ხალხია, ჩემო ბატონო, და კანონის გვერდის ავლა აზრადაც არ მოუვათ. შემოვლითი გზებისა არა გაეგებათ რა. ისინი უფრო კარგად დაგმოძღვრავენ, ვისაც კანონისთვის თვალის ახვევა ემარჯვებათ და უსამართლოს სამართლიანად წარმოაჩენენ, სიძნელეებს არად დაგიდევენ და სარფიანი საქმის გასაჩარხად ჩვეულებასაც უღალატებენ. ასე, რომ არ იყოს განა აქამდე მოვატანდით სულს? საქმეების მოგვარებისას, ტვინის ჭყლეტა არას გვარგებს. ასე თუ არ იქნა, ეს ჩემი ხელობა გახვრეტილ გროშადაც არ მიღირს.

არგანი -         ჩემმა ცოლმაც სწორედ ეს მითხრა, ერთობ მოხერხებული და პატიოსანი კაციაო. მაშ, როგორ მოვიქცე, ცოლსაც რომ პატივი ვცე და შვილებიც პირში ჩალაგამოვლებული დავტოვო?

ნოტარიუსი -           როგორ მოიქცეთ? შეარჩიეთ თქვენი ცოლის ერთგული მეგობარი და წესების დაცვით, ქონება მას უანდერძეთ. მოგვიანებით ეს მეგობარი თქვენს დანატოვარს თქვენს მეუღლეს გადასცემს. შეგიძლიათ თვალის ასახვევად, ფული გაასესხოთ, თამასუქები კი ცოლს მისცეთ. დაბოლოს, სანამ ცოცხალი ბრძანდებით, შეგიძლიათ ნაღდი ფული ხელიდან ხელში გადასცეთ.

 

ბელინი -       ღმერთო. ეს რა დავიდარაბას გადავეყარეთ? თქვენ თუ არ მეყოლეთ, ფულსა და სიმდიდრეს რა თავში ვიხლი?

არგანი -         სულის მნათობო!

ბელინი -       დიახ... თქვენს უბედურებას თუ მოვესწარი...

არგანი -         ო, რარიგ მიყვარხართ!

ბელინი -       ...უკან გამოგყვებით, რომ საიქიოშიც დაგიმტკიცოთ ჩემი ერთგულება.

არგანი -         გულს რად მიკლავთ, საყვარელო?! დამშვიდდით, გევედრებით!

ნოტარიუსი -           ვია-ვიშით ფონს ვერ გავალთ და არც სამაგისოდ გვაქვს საქმე.

ბელინი -       ვერც კი წარმოიდგენთ რას ნიშნავს ქმრის თავგადაკლული სიყვარული.

არგანი -         დარდად ჩამყვება საფლავში, რომ თქვენგან შვილი არ მეყოლა, თუმცა, ბატონი პურგონი შემპირდა, რაიმეს გაგიხერხებთო.

ნოტარიუსი -           ღმერთმა გისმინოთ.

არგანი -         სულზე უტკბესო, ანდერძს ისე შევადგენ, როგორც ბატონი გვირჩევს, მაგრამ საწოლი ოთახის კედელში ჩატანებულ ოცი ათას ფრანკს, ახლავე გადმოგცემთ. სიფრთხილეს თავი არ სტკივა! ბატონ დამონისა და ბატონ ჟერანდის სახელზე გაცემულ ფასიან ქაღალდებსაც ზედ მოვაყოლებ.

ბელინი -       უმალ მიწა გამისკდეს; თითსაც არ დავაკარებ... კედელში რამდენი მაქვს ჩატანებულიო, რა ბრძანეთ?

არგანი -         ოცი ათასი, ჩიტუნავ!

ბელინი -       თუ ხათრი გაქვთ, ფულზე სიტყვაც არ დაძრათ. ჰო, მართლა, ფასიანი ქაღალდები რამდენისაა?

არგანი -         ერთი ოთხი ათასი - ფრანკისა, მეორე ექვსი ათასისა.

ბელინი -       თქვენი სიცოცხლის ფასი, ამქვეყნად, არაფერი მეგულება.

ნოტარიუსი -           საქმისთვის ხომ არ მიგვეხედა?

არგანი -         კარგი აზრია. სამუშაო ოთახში უფრო ხალვათად ვიქნებით. მომეშველეთ, ძვირფასო!

ბელინი -       აბა, წავედით, ჩემო ფისო!

 

 

სცენა 6

 

ანჟელიკი, ტუანეტი

 

 

ანჟელიკი -   ნუ მიმატოვებ, ხომ ხედავ რა დღეში ვარ.

ტუანეტი -    მიტოვება რას მიქვია? თავსაც განაცვალებ!

ბელინი -       ტუანეტ! 

ტუანეტი (მოლიერს) -       საღამო მშვიდობისა. ჩემი იმედი გქონდეთ!

 

 

მოქმედება II

 

სცენა 1

 

ტუანეტი, კლეანტი

 

ტუანეტი (მოლიერს) -       რა გნებავთ, ჩემო ბატონო?

კლეანტი -     მე მეკითხებით?

ტუანეტი -    ოჰ, თქვენ ბრძანდებით? რა მოულოდნელი სტუმრობაა! რა ქარმა გადმოგაგდოთ?

კლეანტი -     მსურს გავიგო, რა ბედი მეწევა. ძვრფას ანჟელიკს გავესაუბრები, ვეცდები, მისი გულისნადები ამოვიცნო და იმასაც გამოვკითხავ, რას ფიქრობს იმ საბედისწერო ქორწინებაზე, რომლის შესახებაც ეს-ესაა შევიტყვე.

ტუანეტი -    კარგად მოქცეულხართ, მაგრამ ანჟელიკის ნახვა არც ისე ადვილია. კარგად მოგეხსენებათ, დაუკითხავად ფეხს ვერსად გადგამს. უცხოსთან შეხვედრას უშლიან და გარეთ ცხვირს არ აყოფინებენ. მოხუც მამიდას უმადლოდეთ, რომ იმ საღამოს, თეატრში წავედით. თქვენმა გრძნობამაც იქ იფეთქა. ამის შესახებ არცერთს კრინტი არ დაგვიძრავს.

კლეანტი -     ამიტომაცაა, რომ როგორც კლეანტი და როგორც შეყვარებული არ გამოგეცხადეთ! ჩათვალეთ, რომ მუსიკის მასწავლებლის მეგობარი ვარ და დღეს მის მაგივრად გეახელით.

ტუანეტი -    აი, მამამისიც. გვერდზე მიდექით, მოვახსენებ, რომ აქ ბრძანდებით.

 

 

სცენა 2

 

არგანი, ტუანეტი, კლეანტი

 

არგანი -         ბატონმა პურგონმა მირჩია, ყოველ დილით, ოთახში თორმეტჯერ გაიარ-გამოიარეო, ის კი არ უთქვამს, სიგრძეზე თუ სიგანაზე.

ტუანეტი -    ბატონო, აი...

არგანი -         ხმადაბლა ილაპარაკე, შე სათოკევ, შენა! ტვინი ხომ ამირიე, ახლა ჩემს სნეულებასაც არად აგდებ და ყვირილით ყურები გამომიჭედე.

ტუანეტი -    იმის თქმა ვაპირებდი, რომ...

არგანი -         იყუჩე-მეთქი!

ტუანეტი -    ბატონო...

არგანი -         რას ჩურჩულებ?

ტუანეტი -    იმას, რომ სტუმარი გეახლათ, თქვენთან საუბარი სურს.

არგანი -         შემოვიდეს.

კლეანტი -     ჩემო ბატონო...

ტუანეტი -    ხმამაღლა ნუ ლაპარაკობთ, ჰაერის რხევამ შეიძლება ტვინი შეურყიოს ჩემს ბატონს.

კლეანტი -     ძვირფასო ბატონო, მიხარია, რომ ფეხზე მდგომსა და მოღონიერებულს გხედავთ.

ტუანეტი -    რას ბრძანებთ! ჯერ რა დროს მოღონიერებაა! ცდებით, ჩემი ბატონი ისევ ისე მისავათებული გახლავთ.

კლეანტი -     მითხრეს, თავს კარგად გრძნობსო – სახეზეც არაფერი ემჩნევა.

ტუანეტი -    განა ვერ ამჩნევთ, რა ჭირი ადგას?! მხოლოდ ცრუპენტელა თუ იტყვის, პირი აქაურობისკენ იბრუნაო. ასე ცუდად ჯერ არ ყოფილა!

არგანი -         ჭეშმარიტად!

კლეანტი -     ჩემო ბატონო, აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. ძალიან ვწუხვარ. თქვენი შვილის სიმღერის მაწავლებელმა გამომგზავნა. იძულებული შეიქმნა, რამდენიმე დღით, ქალაქი დაეტოვებინა და როგორც მეგობარს, მთხოვა მის მაგივრად ჩამეტარებინა გაკვეთილი. სხვაგვარად, თქვენ ქალიშვილს, რაც აქამდე უსწავლია, ისიც დაავიწყდება.

არგანი -         ამას რა სჯობს! ანჟელიკს უხმე.

 

ტუანეტი -    უპრიანია, ეს ბატონი პირდაპირ ოთახში მივგვარო.

არგანი -         არა, აქ მოვიდეს.

ტუანეტი -    თუ არ განმარტოვდნენ, გაკვეთილს როგორ ჩაუტარებს.

არგანი -         შენ მაგის დარდი ნუ გექნება!

ტუანეტი -    ჩემო ბატონო, შეწუხდებით, ტვინი აგემღვრევათ, შეიძლება აღელდეთ კიდეც.

არგანი -         სრულებითაც არა, მუსიკა მიყვარს და სიამოვნებით... აი, ისიც! ტუანეტ, მიდი ნახე, ქალბატონმა ტანთ ჩაიცვა თუ არა.

 

 

სცენა 3

 

არგანი, ანჟელიკი, კლეანტი

 

არგანი -         მობრძანდი, შვილო ჩემო, შენი მასწავლებელი ქალაქგარეთ წასულა და ეს ბატონი გამოუგზავნია სანაცვლოდ.

ანჟელიკი -   ღმერთო ჩემო!

არგანი -         რა მოგდის? რამ გაგაოცა?

ანჟელიკი -   იცით...

არგანი -         ასე რად აღელდით?

ანჟელიკი -   უცნაური დამთხვევაა.

არგანი -         რას გულისხმობთ?

ანჟელიკი -   ამ ღამით მესიზმრა, ვითომ რაღაც საშინელებას გადავეყარე და ვიღაც უცნობს, ამ ბატონს ტყუპისცალივით რომ ჰგავდა, შველა ვთხოვე. ჰოდა, მანაც განსაცდელს ამაცილა. ახლა ამ ბატონს ვუყურებ და მგონია, სიზმარი ამიხდა.

 კლეანტი -    მოხარული ვარ, რომ ძილსა თუ ღვიძილში, ჩემზე ფიქრობთ. უფრო მეტად გავიხარებდი, ხიფათი რომ დაგემუქროთ და მე მფარველ ანგელოზად მოგევლინოთ. თავს არ დავზოგავდი.

 

სცენა 4

 

ტუანეტი, კლეანტი, ანჟელიკი, არგანი

 

ტუანეტი -    პატიოსან სიტყვას გაძლევთ, თქვენი მონა-მორჩილი გახლავართ და ყველა ჩემი გუშინდელი სიტყვა უკან მიმაქვს. ბატონი დიაფუარიუსი და მისი ვაჟი გეახლნენ. ღმერთმანი, კარგ რამეს გამოკარით ხელი. ლამაზია, თანაც ჭკვიანი, თავადაც დარწმუნდებით. ორიოდე სიტყვაც კმარა, რომ თქვენს ქალიშვილს გულში ჩაუვარდეს.

არგანი -         დაბრძანდით, ჩემო ბატონო. ქალიშვილს ვათხოვებ და აგერ, საქმროც ეახლა. ჯერ თვალითაც არ უნახავს.

კლეანტი -     დიდად მსიამოვნებს, თქვენს საუბარს რომ ვესწრები.

არგანი -         განსწავლული ექიმის ვაჟიშვილი გახლავთ. ქორწილს ოთხ დღეში გადავიხდით.

კლეანტი -     ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!

არგანი -         მუსიკის მასწავლებელს გადაეცით, გვესტუმროს.

კლეანტი -     არ დავახანებ!

არგანი -         თქვნც გეპატიჟებით.

კლეანტი -     მეტისმეტი პატივია...

ტუანეტი -    აბა, ყოჩაღად... მობრძანდებიან.

 

 

სცენა 5

 

ბატონი დიაფუარიუსი, თომა დიაფუარიუსი, არგანი, ანჟელიკი, კლეანტი, ტუანეტი

 

 

 

არგანი -         ბატონმა პურგონმა ქუდის მოხდა ამიკრძალა. თქვენც ექიმი ბრძანდებით და კარგად მოგეხსენებათ, ამას რაცშეიძლება მოყვეს.

ბატონი დიაფუარიუსი - ჩვენი ვალია, ავადმყოფს შველა მოვუტანოთ და არა უსიამოვნებები.

არგანი -         ბატონო ჩემო, თქვენი სტუმრობა...

ბატონი დიაფუარიუსი -   ჩვენ გეახელით...

არგანი -         ...დიდი ბედნიერებაა ჩემთვის...

ბატონი დიაფუარიუსი -   ჩემი ვაჟი თომა და მე...

არგანი -         ...დიდი პატივია...

ბატონი დიაფუარიუსი -   რათა გამოვხატოთ...

არგანი -         ...ჩემი სურვილია...

ბატონი დიაფუარიუსი -   ჩვენი სიხარული...

არგანი -         ...შინ გესტუმროთ...

ბატონი დიაფუარიუსი -   ...იმ მოწყალებისა გამო, რაიც ჩვენზე მოიღეთ...

არგანი -         ...რათა კიდევ ერთხელ გამოვხატო, ჩემი თქვენდამი პატივისცემა...

ბატონი დიაფუარიუსი -   ...და სტუმრად მიგვიღეთ...

არგანი -         ...მაგრამ, თქვენც კარგად მოგეხსენებათ...

ბატონი დიაფუარიუსი -   ...ესეოდენ პატივდებული...

არგანი -         ...ბეჩავ ავადმყოფს...

ბატონი დიაფუარიუსი -   ...ჩვენის კავშირით და ნება მომეცით...

არგანი -         ...ისღა დამრჩენია...

ბატონი დიაფუარიუსი -   ...პირობა დაგიდოთ...

არგანი -         ...აქვე მოგახსენებთ...

ბატონი დიაფუარიუსი -   ...რომ ჩემს ხელობას რაც შეეხება...

არგანი -         ...რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ...

ბატონი დიაფუარიუსი -   ...ისევე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში...

არგანი -         ...რათა წამითაც არ დაეჭვდეთ ჩემს...

ბატონი დიაფუარიუსი -   ...მუდამ მზად ვარ...

არგანი -         ...თქვენდამი ერთგულებაში...

ბატონი დიაფუარიუსი -   ...გემსახუროთ, აბა, თომა ახლა შენი რიგია. შენი ენამჭევრობა გვაჩვენე.

თომა დიაფუარიუსი -      მამისგან დავიწყო?

ბატონი დიაფუარიუსი -   რა თქმა უნდა.

თომა დიაფუარიუსი -      მოწყალეო ბატონო ჩემო, გეახელით რათა მოწიწებით გიძღვნათ სალამი, პატივი მოგაგოთ და გაღიაროთ ვითარცა მეორე მამა, რომლისგანაც, გავბედავ და ვიტყვი, უფრორე ვრაცხ თავს დავალებულად, ვინემ პირველისგან. პირველმა ქვეყნად მომავლინა, თქვენ კი გამომარჩიეთ. მან ვალდებულების გამო მიშვილა, თქვენ კი, თქვენისა კეთილი ნებითა... მასთან ხორცის ერთობა მაკავშირებს, თქვენთან კი სულისა. და რამეთუ სულიერი თვისებანი ხორციელზე მაღლა დგას, მეც უფრო მეტად ვაფასებ მომავალს მამაშვილობასა ჩვენსა, რის დასტურადაც, ვლამობ, აქ და ახლა დიდი კრძალვით უღრმესი პატივისცემა გაგიცხადოთ.

ტუანეტი -    დიდება სკოლას, თქვენისთანების გამზრდელს!

თომა დიაფუარიუსი -      ხომ წყობილად გამომივიდა, მამაჩემო?

ბატონი დიაფუარიუსი -   ჩინებულია!

არგანი -         მოდი, ქალბატონებს მიესალმე.

თომა დიაფუარიუსი -      ვეამბორო?

ბატონი დიაფუარიუსი -   რა თქმა უნდა.

თომა დიაფუარიუსი -      ქალბატონო, ზენაარს არჩევანი არ შეშლია, როს გიწილადათ სახელი ღირსეული დედისა, რამეთუ...

მოლიერი -   ეს ჩემი ცოლი არ გახლავთ, ჩემი ქალიშვილია.

თომა დიაფუარიუსი -      თქვენი მეუღლე სად ბრძანდება?

მოლიერი -   ახლავე გეახლებათ.

თომა დიაფუარიუსი -      დაველოდო, მამაჩემო?

ბატონი დიაფუარიუსი -   გააგრძელე! ქათინაურები უთხარი ქალიშვილს!

თომა დიაფუარიუსი -      მსგავსად ქანდაკებისა მემნოსისა, რომელიც რომა, რა წამს, გარიჟრაჟზე, მზე პირველ სხივსა სტყორცნის, უნაზეს ბგერებს გამოსცემს, მეც მსგავსად ამისა, აღმიტაცებს გრძნობა ამაღლებული თქვენისა მზიური მშვენიერების ხილვისა. ბუნებისმეტყველნი გვიდასტურებენ, რომ მცენარე იგი ჰელიოტროპი მუდმივ არს ყელმოღერებული, ასევე, გული ჩემი, ამიერიდან, მიემართება თქვენთა მშვენიერ თვალთა ბრწყინვალებისკენ, ვითარც უკიდურეს წერტილისკენ ამა ქვეყნისა. მაშ, მიიღეთ, ქალიშვილთაგან უძვირფასესო, ხიბლთა თქვენთა საკურთხეველზე ძღვენი გულისა ჩემისა, რომელიც ახლა არა ესწრაფვის პატივსა და სახელსა სხვასა, თუ არა ოდენ დარჩეს უკუნითი უკუნისამდინ მონა და მსახური და მეუღლე თქვენისა კეთილშობილებისა.

ტუანეტი -    აი, რას ნიშნავს განსწავლულობა! რარიგ ჩაარაკრაკა!

არგანი -         თქვენ რას გვეტყვით?

კლეანტი -     სასწაულია, ბატონო ჩემო! თუ ექიმობაც ასე ხელეწიფება, როგორც მჭერვმეტყველება, მუშტარს ვერ აუვა.

ტუანეტი -    სწორი ბრძანებაა. მადლი იქნება, ისევე კურნავდეს, როგორც ჭიკჭიკებს.

არგანი -         აბა, დატრიალდით, სკამი მომიტანეთ და სტუმრებსაც მიართვით. შენ კი, ჩემო შვილო, აქ დაბრძანდი. თავადაც ნახეთ, ბატონო ჩემო, რარიგ შეამკეს თქვენი ვაჟი. ღვთის წყალობაა, ასეთი შვილის მამობა.

ბატონი დიაფუარიუსი - ბატონო ჩემო, ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და მართლაც მეამაყება. ჯერ მასზე აუგი სიტყვა არ მსმენია. ვინც კი იცნობს, ცუდს ვერაფერს დასწამებს. ცინცხალი გონებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ გამჭრიახობა არ აკლია. ჩვენს ხელობაში კი სწორედ ეს არის მთავარი. პატარაობისას, ცელქი და მოუსვენარი არ ეთქმოდა. დინჯი, წყნარი და უთქმელი ბავშვი იყო, არც გართობა-თამაშობა იტაცებდა ეგრერიგ. კითხვა ძლივს შევასწავლეთ, ცხრა წლისამ ანბანიც არ იცოდა. ეგ არაფერი, გვიანი ხილი უფრო ტკბილია, _ მარმარილოზე ჭრა გაცილებით ძნელია, ვინემ ქვიშაზე ხატვა, მაგრამ ქვიშა ქარს მიაქვს, მარმარილო კი რჩება. ჰოდა, ეს ახლანდელი სიმძიმე სწავლისა, სიმწირე შთაგონებისა მომავალი გონიერების საწინდარია-მეთქი, ვფიქრობდი. სკოლაში სწავლას თავს ვერ აბავდა, სიძნელეებს არ ეპუებოდა და მასწავლებლებიც მიქებდნენ, გამრჯე და მონდომებული ყმაწვილიაო. ბოლოს, დიდი რუდუნებით, სწავლაც გაასრულა და ახლა შემიძლია დავიკვეხნო, რომ მისი მსგავსი მოკამათე ჩვენს წრეში სხვა არვინ მეგულება. ვინ რა უნდა თქვას ისეთი, რომ ამან საწინააღმდეგო აზრი არ დაამტკიცოს. კამათში შეუვალია, სიტყვას ვერ გადაათქმევინებ და საკუთარ შეხედულებას ბოლომდე გაიტანს. მაგრამ ყველაზე მეტად ის მიამებს გულს, რომ ჩემი არ იყოს, ისიც პატივს მიაგებს წინაპართა შეგონებას, ხოლო თანამედროვეთა თითიდან გამოწოვილ გამონაგონს არად დაგიდევთ. არც მათ მსჯელობას აყვება და არც მათი აღმოჩენების სწამს, თუნდაც სისხლის მიმოქცევის თაობაზე.

თომა დიაფუარიუსი – ამ ვაი-მეცნიერების წინააღმდეგ ნაშრომი დავწერე, რომელსაც თქვენს ასულს მივართმევ პატივისცემით, როგორც პირველ ნიშანს ჩემი გონიერებისა.

ანჟელიკი -   ბატონო ჩემო, ეს ნაშრომი ზედმეტი ბარგია, მე ამ საქმის არა გამეგება რა.

ტუანეტი -    მე მიბოძეთ. კედელზე გავაკრავ და ოთახს გავალამაზებ.

თომა დიაფუარიუსი -      მამათქვენის ნებაც თუ იქნება, დროის გასატარებლად, ქალის ცხედრის გაკვეთაზე გეპატიჟებით, ახსნა-განმარტებებსაც თან დავურთავ.

ტუანეტი -    ამაზე კარგ გასართობს ვერც მოიგონებ. ზოგს დიდი საქმე გონია, შეყვარებული თეატრში თუ წაიყვანა, მაგრამ ცხედრის გაკვეთასთან ეს რა მოსატანია.

ბატონი დიაფუარიუსი - ქორწინებისა და გვარის გაგრძელებისათვის საჭირო თვისებებს რაც შეეხება, ჩვენი მეცნიერების თვალსაზრისის გათვალისწინებით, უკეთესს ვერც ინატრებთ. მწარმოებელი ძალა საკმაოდ მოდგამს და ჯანმრთელი შვილების გაჩენა-გამრავლებაც არ გაუჭირდება.

 

არგანი -         მეფის კარის ექიმობას ხომ არ უმიზნებთ?

ბატონი დიაფუარიუსი - მართალი თუ გნებავთ, ძლიერთა ამა ქვეყნისა სამსახურს არც აროდეს ვესწრაფოდი. მერწმუნეთ, მდაბიოთა შორის ყოფნა სჯობს. უბრალო კაცი მომთხოვნი არ გახლავთ. გამკითხველიც არავინ გყავს. მთავარია, ხელობის წესსა და რიგს მიყვე, დანარჩენი კი ღვთის ნებაა. მაგრამ თუ კი ვინმე კეთილშობილი ხდება ავად, ექიმებისგან მხოლოდ განკურნებას ითხოვს.

ტუანეტი -    გაგონილა ასეთი თავხედობა?! ექიმს როგორ უნდა მოთხოვო, გინდა თუ არა განმკურნეო. თქვენ მხოლოდ ის გევალებათ, რომ გასამრჯელო აიღოთ და წამლები გამოწეროთ. განკურნება კი ავადმყოფის საქმეა!

ბატონი დიაფუარიუსი - ჭეშმარიტად! მთავარია, ავადმყოფს როგორც ეგების, ისე მოუარო.

არგანი (კლეანტს) - იქნებ ჩემი ქალიშვილი ამღეროთ, პატიოსანი საკრებულოს დასატკბობად.

კლეანტი -     თქვენს ბრძანებას ველოდი. ახლა კი მზად ვარ საზოგადოების შესაქცევად, თქვენს ქალიშვილთან ერთად, სულ ახლახან შექმნილი ოპერის ერთი სცენა წარმოგიდგინოთ. აი თქვენი სიმღერა.

ანჟელიკი -   უნდა ვიმღერო?

კლეანტი -     თავპატიჟს ნუ დაიდებთ, გეთაყვა. ნება მომეცით, ამ სცენის თაობაზე, ცოტა რამ მოგახსენოთ. ხმით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ იმედი მაქვს მაპატიებთ, რადგანაც ქალიშვილი უჩემოდ ვერ იმღერებს.

არგანი -         საამო ლექსებია?

კლეანტი -     ნაუცბათევად დაწერილი ოპერაა, რიტმული პროზა. თუ გნებავთ, თავისუფალი ლექსი, მყისეულად ჩასახული სიყვარულის შესაფერისი.

არგანი -         ძალიან კარგი; გისმენთ!

კლეანტი -     სცენის შინაარსი ასეთი გახლავთ: ერთი მწყემსი აღტაცებით უსმენს თეატრალურ წარმოდგენას, რომელიც ეს-ეს არის დაიწყო. უცებ, გვერდით ატეხილი ხმაური ყურადღებას გაუფანტავს. მობრუნდება და ხედავს, ვიღაც ხეპრე მწყემს ქალს ეღლაბუცება. რა თქმა უნდა, როგორც ყველა მამაკაცს შეშვენის, მწყემსიც ქალს გამოესარჩლება და თავხედს საკადრისს მიუზღავს, მერე ქალს რომ შეაცქერდება, ცრემლით სავსე თვალებს გადააწყდება. “ვის მოუბრუნდება ენა, ასეთ მშვენებას შეურაცხყოფა მიაყენოს?” – გაფიქრებს მწყემსი – “ვის არ აუტოკებს გულს ეს მდუღარე ცრემლები?” ქალს დამშვიდებას დაუწყებს, ქალიც მადლობას უხდის ისეთი ხიბლითა და სათნოებით, რომ მწყემსს სული ეძვრის, ხოლო ქალის სიტყვა და გამოხედვა გულს ცეცხლს უკიდებს! “განა რით დავიმსახურე ესოდენი წყალობა?” – ფიქრობს იგი, “რა უნდა იყოს ისეთი, ამ თვალების ეშხით რომ არ მოვიმოქმედო, თავს გადავდებ, სიცოცხლეს არ დავზოგავ, ოღონდ კი მისი სათუთი გული მოვიგო”. ეს იყო და წარმოდგენას გული ვეღარ დაუდო. იმასღა ნანობდა, ერთობ სწრაფად დამთავრდა, ჩემს სათაყვანებელ ქალბატონს უმალ დამაშორაო და შინ მობრუნებულმა, პირველი ნახვის ისეთი ხიბლი გამოიყოლა, დიდი ხნის შეყვარებულებსაც რომ შეშურდებოდათ. ქალის სიშორით იტანჯება, წუხს, რომ ვეღარსად ხვდება იმას, ვისი ნახვაც ერთხელ ეღირსა და ისიც ცოტა ხნით, ყოველ ღონეს ხმარობს, რათა კიდევ ერთხელ გამოსცადოს პირველი შეხვედრის ნეტარება, რომლის ხსოვნა დღე და ღამ თან სდევს, მაგრამ მწყემს ქალს ფხიზლად დარაჯობენ და ვაჟს იმედი ეწურება. ტრფობით ანთებული, გადაწყვეტს შეირთოს მშვენიერი ასული, ვის გარეშეც სიცოცხლე აღარ უღირს, ქალს ფარულად ბარათს უგზავნის და სიყვარულს უმხელს. ქალი თანახმაა, მაგრამ მწყემსი შეიტყობს, რომ მამამისს სასიძო შეურჩევია და ქორწილიც კარს არის მომდგარი. წარმოიდგინეთ ჩვენი მწყემსის სასოწარკვეთა! სევდა და ნაღველი ისადგურებს ვაჟის გულში, რარიგ შეეგუოს იმ აზრს, რომ საყვარელ არსებას სხვის მკლავებში იხილავს! და, აი სიყვარულით გახელებული, რაღაც მანქანებით, მწყემსი ქალის სახლში შეაღწევს, რათა გაიგოს ქალის ზრახვანი და ისიც თუ რას უმზადებს ბედი. იგი რწმუნდება იმაში, რაც ესოდენ აშინებდა – ოჯახი საქორწილო სამზადისშია. მწყემსი ხედავს, როგორ მოდის ქალის სახლში უღირსი მეტოქე, რომელმაც ქალის მამის ახირებით, მისი ბედნიერება უნდა მოაშთოს. საყვარელი არსების გვერდით ხედავს მოზეიმე ტაკიმასხარა მოცილეს, საკუთარ წარმატებაში თავდაჯერებულს და რისხვით ანთებული, ძლივს იკავებს ბრაზსა და ბოღმას. მუდარით შესცქერის თავის ღვთაებას, მაგრამ მამის თანდასწრებით, ვერას ეუბნება, მხოლოდ თვალებით ესაურება. ბოლოს და ბოლოს, მოთმინების ფიალა ევსება, თავს ძლევს და ქალს გამოელაპარაკება:

 

                 მშვენიერო ფილისა

                 გვედრი, ტანჯვა მაკმარე,

                 უშენობით სიცოცხლეს

                 მიჯობს შავი სამარე.

 

ანჟელიკი ­-  ტირსის, პატარძლის კაბას მაცმევენ

 

                        წამების გარდა სხვას არას ველი

                        ხედავ, დავტირი ჩემს უბედობას

                        ვით ავიტანო ეს სატანჯველი?MMMMM

არგანი -         ერთი ამას დამიხედეთ! არ მეგონა, თუ ჩემი ქალიშვილი ასე იმღერებდა, რვეულში ერთი ჩახედვით, შეუცდომლად.

კლეანტი -     ჩემო ღვთაებავ, განა შენს გულში

                        ჩემთვისაც არის მცირე ადგილი?

ანჟელიკი -   პირველი ტრფობის გადავიწყება

                        ნუთუ გგონია ასე ადვილი?

კლეანტი -     ო, ეს რა მესმის? ბედნიერი ვარ!

ანჟელიკი -   ჰო-მეთქი, ტირსის, მე შენ მიყვარხარ!

კლეანტი -     ვით დავიჯერო? განა ჩემი ხარ?

ანჟელიკი -   ჰო, ჩემო ტირსის, მე შენ მიყვარხარ!

კლეანტი -     შენი სიტყვებით გული გაცოცხლდა

                        და სიხარულის ცრემლებით ტირის!

ანჟელიკი -   მე შენ მიყვარხარ, შენ გეტრფი, ტირსის!

კლეანტი -     უზენაესო, ქვეყნის მფარველო, ჩემს ნეტარებას რა შეედრება?

                        მაგრამ მეტოქე, მას რაღა ვუყო? ღმერთო, ისმინე  ჩემი ვედრება.

ანჟელიკი -   რას იტყვის მამა?

კლეანტი -     არ დავთანხმდები, უმალ სიკვდილი, ვერ მაიძულებს ვერარა ძალა!

არგანი -         მამა რაღას ამბობს?

კლეანტი -     უბრად გახლავთ.

არგანი -         კარგა ვინმე ბრიყვი ყოფილა. თუ კი ამ სისულელეებს ისმენს და ხმას   არ იღებს.

კლეანტი -     ო. ჩემო სატრფოვ!

მოლიერი -   არა, კმარა! ვერაფერი შვილი კომედიაა. ნაწერი მიბოძეთ! სად არის ის სიტყვები, ახლახან რომ წარმოთქვით. მუსიკის გარდა არაფერია.

კლეანტი -     ნუთუ აქამდე არ გსმენიათ, რომ ახლა, სიტყვებს ნოტებით წერენ?

მოლიერი -   ასე იყოს. ახლა კი, პატივი მაქვს, დაგემშვიდობოთ. ჩვენ კი, თქვენი ოპერის გარეშეც იოლად გავალთ.

 

 

სცენა 6

 

ბელინი, არგანი, ტუანეტი, ანჟელიკი, ბატონი დიაფუარიუსი, თომა დიაფუარიუსი

 

არგანი -         სულიკო, ბატონ დიაფუარიუსის ვაჟი გახლავთ.

თომა დიაფუარიუსი -      ქალბატონო, ჭეშმარიტად იმსახურებთ ზეცისგან სახელს ღირსეული დედისა... რამეთუ, ვჭვრეტ სახესა თქვენსა და...

ბელინი -       ბატონო ჩემო, ერთობ მახარებს თქვენი ხილვა.

თომა დიაფუარიუსი -      რამეთუ, ვჭვრეტ სახესა თქვენსა და...                              რამეთუ, ვჭვრეტ სახესა თქვენსა და... ქალბატონო, სიტყვა გამაწყვეტინეთ და სათქმელს ვეღარ ვაბამ...

ბატონი დიაფუარიუსი -   თომა, სხვა დროისთვის შემოინახე...

 

არგანი -         ცოტა ადრე რომ მოსულიყავი, სულიკო...

ტუანეტი -    ქალბატონო! რამდენი დაგაკლდათ! აქაო და მეორე მამაო, მემნოსის ქანდაკებაო, ჰელიოტროპის ყვავილიო...

არგანი -         შვილო ჩემო, ჩაჰკიდე ხელი ბატონს და ცოლ-ქმრული ერთგულება შეფიცე...

ანჟელიკი -   მამაჩემო...

არგანი -         რა მამაჩემო აგიტყდა, რისი თქმა გსურს?

ანჟელიკი -   ნუ მაჩქარებთ, დრო მოგვეცით ერთმანეთს შევეგუოთ. დე, ჩვენს გულებში იფეთქოს გრძნობამ, რომელიც ესოდენ აუცილებელია სრულყოფილი კავშირისთვის.

თომა დიაფუარიუსი -      ჩემდათავად, დიდი ხანია შევიგრძენი სიყვარული და დახანების მიზეზს ვერ ვხედავ.

ანჟელიკი -   თქვენი არ ვიცი, მე კი საჩქარო არაფერი მაქვს. იმასაც გაგიმხელთ, რომ თქვენმა ღირსებამ ჩემზე, ჯერ-ჯერობით მაინც, დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.

არგანი -         კარგი ერთი! შეუღლდებით და ყოველივე მოგვარდება.

ანჟელიკი -   გთხოვთ, მამაჩემო, დრო მომეცით. ქორწინება ის ჯაჭვია, რომელიც ნების გარეშე არ უნდა შეიბა და თუ ეს ბატონი ღირსეული კაცია, ნაძალადევ შეუღლებას თვითვე არ ინებებს.

თომა დიაფუარიუსი -      საღი აზრის საწინააღმდეგოს ბრძანებთ. ხომ შეიძლება პატიოსანიც ვიყო და მამათქვენის თანხმობით, ხელიც გთხოვოთ?

ანჟელიკი -   ძალად სიყვარული სად გაგონილა?

თომა დიაფუარიუსი -      ჩემს სიყვარულს რა მოვუხერხო?

ანჟელიკი -   შეყვარებულს საყვარელი არსების ნების დაფასება შვენის!

თომა დიაფუარიუსი -      მოდით გავარჩიოთ: თუ ქალის დაუფლებას არ გულისხმობთ, სადავო არაფერი მაქვს, მაგრამ თუ საყვარელ ქალზეა ლაპარაკი, ჩემგან თანხმობას ნუ ელით.

ტუანეტი -    ამაოდ იხარჯებით. ბატონმა ეს-ეს არის სასწავლებელი დაამთავრა და სიტყვა-პასუხი არ შეეშლება. რატომ არ გსურთ, თქვენც განსწავლულთა სიაში მოხვდეთ?

ბელინი -       იქნება სხვაზე შეუვარდა გული?

ანჟელიკი -   ასე რომ იყოს, მერწმუნეთ, არჩევანს გონებისა და პატიოსნების კარნახით გავაკეთებდი.

არგანი -         ოჰო! მე სათვალავშიც აღარ მაგდებთ?

ბელინი -       სულო ჩემო, შენი რომ ვიყო, ძალას არ დავატანდი. მე ვიცოდე და ჩემმა ქალობამ...

ანჟელიკი -   კარგად მესმის, რასაც ბრძანებთ, ქალბატონო. კარგად ვუწყი თქვენს ჩემდამი კეთილგანწყობას, მაგრამ, ვეჭვობ, შესაფერი რჩევები მომცეთ. ბელინი -           იმდენად ჭკვიანი და პატიოსანი ბრძანდებით, რომ მამის სურვილს არად აგდებთ. ეჰ, ძველი დრო იყოს...

ანჟელიკი -   შვილის მორჩილება უსაზღვრო არ გახლავთ, ქალბატონო. არც მონობაა გონიერებისა და კანონიერების ერთადერთი საფუძველი.

ბელინი -       გამოდის, ქორწინებაზე უარს ამბობთ: ეგ არის, რომ საქმროს შერჩევას თავადვე ითავებთ.

ანჟელიკი -   თუკი მამაჩემი ჩემს რჩეულს არ გამაყოლებს, იმას მაინც ვთხოვ, რომ ვინც არ მიყვარს, ის არ მარგუნოს საქმროდ.

მოლიერი -   ბატონებო, ყოველივე ამისა გამო, პატიებას გთხოვთ.

ანჟელიკი -   ქორწინებისას ყველას თავისი მიზანი ამოძრავებს: მე ისეთ ქმარს ვისურვებ, ვისაც შევიყვარებ, სიკვდილამდე ვუერთგულებ და ვისგანაც მსგავს აღქმას მოვისმენ. ვიღაც, შეიძლება, მშობლების მეურვეობისგან თავის დაღწევას და საკუთარ ხუშტურებზე სიარულს არჩევს; ოღონდ კი გათხოვდეს და ქონებას ქონება მიუმატოს, გულის სწორის ვინაობასა და რაობას არად დაგიდევს.

ბელინი -       ლამაზად კი გამოგივიდათ, მაგრამ, მაინც რის თქმა გსურთ?

ანჟელიკი -   მე იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ.

ბელინი -       ამდენ სისულელეს ვეღარ ავიტან.

ანჟელიკი -   გსურთ მაიძულოთ, რომ უხეშად გიპასუხოდ, მაგრამ ვერ ეღირსებით.

ბელინი -       გაუზრდელი ყოფილხართ!

ანჟელიკი -   ამაოდ დაშვრით!

ბელინი -       საოცარია, რარიგ ამპარტავანი და მედიდური ბრძანდებით!

ანჟელიკი -   გაცხარება კარგს არაფერს მოგიტანთ. თქვენს ფეხის ხმას ვერ ავყვები, ამიტომ სჯობს, ახლავე დაგტოვოთ.

არგანი -         ყური დამიგდე: ან ასე, ან ისე. აირჩიე: ოთხ დღეში ქორწილი, თუ არა და დედათა მონასტერი.

ბელინი -       ვწუხვარ, რომ გტოვებთ, სულიკო, მაგრამ ქალაქში საქმე გამომიჩნდა და უნდა მივხედო. მალე გეახლებით.

არგანი -         მიბრძანდით, ძვირფასო, თან ნოტარიუსთანაც შეიარეთ, უთხარით დააჩქაროს.

ბელინი -       ნახვამდის, სულიკო.

არგანი -         აი, სიყვარულიც ამას ჰქვია. ხომ ხედავთ, რარიგ მაფასებს...

ბატონი დიაფუარიუსი - ნება მომეცით, გამოგეთხოვოთ, ბატონო ჩემო.

 

(ისმის მოლიერის ტირილი)

 

არგანი -         მე კი მეგონა, გაგართეთ.

მოლიერი -   სიბრიყვე ვერაფერი გართობაა.

 

(მსახიობები გადიან, სცენა ცარიელია)

 

(სიჩუმე)

 

 

სცენა 7

მადლენ პოკლენის აჩრდილი

 

  მადლენის აჩრდილი -    უმაღლესი წყალობა მიიღო უფალმა, წარსულის გახსენების უნარი რომ დაგვანათლა.

 

  მაგონდება სახლი, სადაც დავიბადე და თოთო ბავშვმა რამდენიმე წელი გავატარე, მამაჩემის გვერდით... სკოლის წიგნების მკაფიო სურათებივით შემოინახა მეხსიერებამ სახლის განლაგება, ოთახების რიგი, ორი წინკარი... სახლის გვერდით, წყალსაქაჩი: წყლის საცავი, მოსურათხატებული კედლებით და სატყუარა მოხატული ფანჯრებით. ხშირად მივჩერებივარ ნახატ ფანჯრებს. ჩემთვის ისინი მოხატული კი არა, ამოქოლილი იყო. მათ უკან კი არაფერი, არა რა სისავსე, მხოლოდ და მხოლოდ  სიცარიელე – ძრწოლით წარმოვიდგენდი კედლებს მიღმა, ცივ საკნებში გამოკეტილ, ჰაერსა და სინათლეს დანატრებულ ქალწულებს. რამდენჯერ უამბიათ ჩემთვის განმარტოებულ ციხე-კოშკებში გამომწყვდეულ ქალიშვილებზე. წყალსაქაჩი მოჯადოებულ ზღაპრულ შადრევნებს, კაციჭამიებს და ურჩხულებს მაგონებდა.

  ამ სახლში იწყება ჩემი ბავშვობა. ყურისწამღები ხმაური, სიკასკასე და მხიარულება, ამასთან ერთად სევდა და მწუხარება, რაც დღესაც ტკივილად მომყვება. ახლაც განვიცდი იმ აუტანელი დუმილის სიმძიმეს. ყოველ შეკამათებას, ერთდროულად ერთმანეთის მოყვარე და მოძულე ადამიანების მიერ გაცხარებულ გულზე წამოსროლილ სიტყვებს რომ მოყვებოდა. რომ მკითხოთ, ვერც გიპასუხებთ უყვარდათ თუ სძულდათ ერთმანეთი. სახლის ერთი ბინა ჩვენ გვეკავა, მეორეში ბეჟარები სახლობდნენ. ყველანი მსახიობობდნენ.. უფროს ბეჟარს, ჟოზეფს, არ ვიცნობდი. ოჯახის ყველა წევრმა ცხოვრება თეატრს დაუკავშირა. ამიტომ, საგვარეულო ღირსების წარმოსაჩენად, ხშირად მიმეორებდნენ, ახალგაზრდობაში მამაჩვენიც მსახიობი იყოო. ერთი ეს კი ვიცოდი, რომ მდინარეებისა და ტყეების სასამართლო საქმეთა აღმასრულებლად მსახურობდა. მაგრამ ის, რომ ამ ერთობ მოკრძალებულმა კაცმა მსახიობთა მთელი თაობა შვა და რომ თეატრის სიყვარული, რომელიც ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი, აშკარად ერთხელაც არ გამოუხატავს, ახლაც იდუმალ გამოცანად რჩება ჩემთვის.

  ჟოზეფის უფროს ვაჟზეც ბევრს ვერაფერს მოგახსენებთ. უცნაური კია! ამ მსახიობის ბედი მამაჩემისას მაგონებს: ისიც ცოტაოდენ ენას უკიდებდა. “დაბნეულის” ერთ-ერთი წარმოდგენისას გულმა უმტყუნა და სახლში მოყვანისთანავე სული განუტევა. სახლში მეორე ბეჟარიც ცხოვრობდა, სახელად ლუი, ყველაზე უმცროსი. მეტსახელად წვრილა. ვერცხლისწყალივით მკვირცხლი, ცხოველებს ბაძავდა და გვარიანადაც მართობდა: აქეთ ძაღლი, იქით მგელიო. მაგრამ, თეატრს გული ვერ დაუდო.

  კარგად მახსოვს დეიდა მადლენის ბინა. ყველაზე მშვიდ საათებს იქ ვატარებდი. საწოლი ოთახის ფანჯრები ეზოს გადაყურებდა. დეიდა ძვირფასეულობას გადმოფენდა. რა გინდა სულო და გულო: ანდამატისთვლიანი ბეჭდები, ამეთვისტო, საფირონი თუ მარგალიტი. უძირო სკივრიდან თეატრალური სამოსელი ამოჰქონდა: ოქრომკედიანი კაბები, ვერცხლის სირმებით გაწყობილი სატინის საშინაო ხალათები, შავი ტაფთის მოსასხამები, თვალისმომჭრელად ელვარე შვინდისფერი ან მეწამული ხავერდის ტანსაცმელი.

  ზაფხულის ერთ ნაშუადღევს პალე-როიალის ბაღების მოსანახულებლად წამიყვანა. ფართედ გადაშლილი ველის შუაგულში სადარაჯო კოშკურა იდგა, რომლის მსგავსს მიუდგომელ და მიყრუებულ სოფელში თუ გადააწყდებოდი. ეს მცირე ზომის სიმაგრე, რომელიც პატარა უფლისწულისთვის ააგეს, ზუსტად ისეთი ეშმაკობითა და გემოვნებით იყო გაწყობილი, როგორიც ნამდვილ ციხე-სიმაგრეს შეშვენის. ბასტიონები, ზღუდეები, დახლართული დერეფნები, სათოფურები, ძნელად დასალაშქრი ციცაბოები, კოშკურები, მგონი ასაწევი ხიდიც... კოშკს ორმაგი დანიშნულება ჰქონდა: შეგეძლო დაგეცვა, შეგეძლო ალყა შემოგერტყა და იერიშით აგეღო. კორნელის ტრაგედია იყო მინიატურაში. მცირეწლოვანი მეფე ომობანას თამაშით ერთობოდა, თითქოს ომი ერთი დიდი თეატრალური სანახაობა ყოფილიყო. სწორედ მაშინ შევიყვარე ტრაგედია.

  მადლენი მეკითხებოდა: “გინდა მსახიობი გახდე?” მე არაფერს ვპასუხობდი.

  და აი, ერთ დღეს, ოჯახში სიკვდილმა და გლოვამ შემოაბიჯა. ჩემი პირველი გულის ტკივილიც მადლენის სიკვდილს უკავშირდება.

  მადლენი მამაჩემზე წლოვანი იყო. მისმა გარდაცვალებამ მამა სულით ხორცამდე შეძრა. ეტყობა, რაღაც ზეგარდმო ნიშანი იგულვა ამ უეცარ სიკვდილში. დასასრულის სიახლოვე შეიგრძნო, ალერსი დააკლდა და მარტოობის განცდა მოეძალა. რამდენი წელია, რაც მადლენს იცნობდა, ჯერ კიდევ იმ არეული დროიდან, როდესაც მსახიობთა დასთან ერთად საფრანგეთის სამხრეთში მოგზაურობდა. თუ არ ვცდები, სწორედ მაშინ შეიყვარეს ერთმანეთი. მოწიწებით ეპყრობოდა. მსახიობებთანაც ასეთი იყო – თავაზიანი, ალერსიანი, თითქოს მადლიერების გამოხატვა სურსო. ჟამი-ჟამ მტრად ეკიდებოდა, ბოღმას ანთხევდა, მწარე სიტყვას გადაკრავდა, რაღაცაში ადანაშაულენდა, თუმცა არც კი ვიცი, რაში. დღესაც ვერ გამიგია, რას ერჩოდა.

  ავად იყო. მკურნალობაზე უარს ამბობდა. უეცრად, საშინლად იფეთქებდა, თითქოსდა ყველა ეზიზღებოდა. გაუსაძლისი წუთები ზლაზვნით იწელებოდა. მე საწოლ ოთახს ვაფარებდი თავს. ხშირად მსმენია, როგორ ბუტბუტებდა სიბნელეში მარტოდ შთენილი, კაეშანმოსილი: “სიმშვიდე მსურს... მხოლოდ სიმშვიდე... მშვიდად უნდა ვიყო”.

  მოგვიანებით, როდესაც იმ წლებს და კრაზანების ბუდესავით აფორიაქებულ ჩვენს სახლს ვიხსენებდი, ხშირად მიფიქრია, რას განიცდიდა სნეული მამა, როდესაც უკან მობრუნებულს, იგივე პერსონაჟები ხვდებოდნენ, რომლებიც ეს-ეს იყო სცენაზე დატოვა. ამას ისიც ემატებოდა, რომ ბევრმა მოიძულა: მაყურებლების უმრავლესობა, ზურგს უკან ჩასაფრებული მოქიშპეები, ექიმები თუ მღვდელთმსახურები, ცრუ ღვთისმოსავნი თუ რქიანი ქმრები, ან თუ ფანატიკოსი ინტელექტუალები. სახლში კი, ცხოვრება თეატრის გაგრძელება იყო: დედას ეკინკლავებოდა, ისე როგორც სულ ახლახან, სცენაზე. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ იქაური კამათი მისთვის ხუმრობა იყო, მაყურებლისთვის კი თავშესაქცევი, აქაური კი აღიზიანებდა და სულს უწამლავდა. ძნელია ეჭვიანი ქმრის ნიღაბი ცხოვრებაშიც ვერ ჩამოიცილო და ყოველდღე, ყოველ წამს ატარო...

  მისთვის სახლი არც თავშესაფარი იყო და არც მშვიდი ნავთსაყუდელი.

  წარმოიდგინეთ მდუმარე სახლში პატარა გოგონა, დაუცველი, სრულიად მარტო... მაგრამ ეს მდუმარება, ბედნიერებასთან უდრტვინველი განშორება ჩემში ისევ აღვიძებს გარდასულ განცდებს, მძიმე აჩრდილებს, ძნელად შესაცნობ სინდისის ქენჯნას...

  საკუთარი უსუსურობის შეგრძნება მტანჯავს...

  მამა ვერ დავაფასე, საკმაოდ ვერ შევიყვარე და სიკვდილის შემდეგაც ვერ დავიცავი...

  ერთადერთი ქალიშვილის მომავალზე ზრუნავდა. სიკვდილის წინ კიდევ ერთხელ სცადა... ეს მისი უკანასკნელი გაბრძოლება იყო...

  ბოლო კომედიაში, დიახ, სწორედ რომ ბოლო აღმოჩნდა, სცენაზე გოგონა გამოიყვანა. “ცრუ ავადმყოფში” ერთ-ერთი მოქმედი პირი ანჟელიკია, გასათხოვარი ქალიშვილი. ანჟელიკს შვიდი თუ რვა წლის უმცროსი და ამოუყენა და ერთი სცენა მისთვის დაწერა. ეს გოგონალუიზონი გახლავთ...

 

  იმ დროს, მეც ამ ასაკის ვიყავი. სცენას რომ წერდა, მამა ჩემზე ფიქრობდა, მხოლოდ ჩემთვის წერდა. გაბედა და პიესაში გოგონას მიუჩინა ადგილი, სურდა ჩემი თამაში ეხილა. ყოველივე ეს მხოლოდ ჩემთვის გააკეთა. შეეცადა დავეყოლიებინე სცენაზე გავსულიყავი. გავუძალიანდი. მაინც მაიძულა, მაგრამ სცენაზე ხმა ჩამიწყდა, კრინტი ვერ დავძარი. მამა მიხვდა, წყლის ნაყვა იყო და შემეშვა.

  რატომაა მამაჩემის ყველა პიესაში ერთი უჩინარი პერსონაჟი, ჩრდილი, იდუმალი ტკივილი, კაეშანი? იქნებ ბავშვობაში დაკარგული დედის მოგონებაა? შეიძლება უდროოდ გარდაცვლილი ძმები, ნიკოლა და ჟანი ახსენდებოდა? ან იქნებ და, მადლენი? ან ჩემი პატარა ძმა, ლუი, მხოლოდ რამდენიმე დღით რომ მოევლინა სამყაროს? ნუთუ დანგრეული, ნამსხვრევებად ქცეული და გაცამტვერებული ოჯახების გარდა, სხვა არაფერი მოიძებნება მიწის გულზე?

  რატომაა, რომ ახლაც ყურში მიდგას არგანის ამოძახილი: “ან დიაფორიუსი, ან დედათა მონასტერი?” ბავშვობის წლები, ჩემთვის ესოდენ ლაღი, მხიარული, მამაჩემისთვის ტანჯვა-წამების ხანა იყო. ჰო და მეც, სხვების მსგავსად, ვერაფერი შევთავაზე, ვერც სალბუნი, ვერც წრფელი გრძნობა. აყალ-მაყალი დაიწყებოდა თუ არა, უმალ საწოლ ოთახში გავრბოდი. არც ის ვიცოდი, ნამდვილად ვწუხდი თუ არა. მაგრამ, ბავშვები არაფერს ივიწყებენ.

  ისიც ბედისწერის ბრალია, რომ ჩემი ოჯახის ცხოვრება მარტოსულმა, უქმროდ და უშვილოდ გადაგებულმა უნდა დავასრულო. აი, ასე უნდა დავუდო ბოლო მწუხარებასა და უბედურების გრძელ რიგს და წერტილი დავსვა. შინაბერა დავრჩი. ბავშვები არც მომსურვებია და არც მყოლია.

  მამა 17 თებერვალს გარდაიცვალა. იმ საღამოს ზედა სართულზე, მეძინა... არც არვის გავუღვიძებივარ. როდესაც ცხედარი გააპატიოსნეს და ოთახში შემოიყვანეს ძლივს ვიცანი. გახევებული სხეული საწოლზე იდო, თავთით ორი მონაზონი სულთათანას ბუტბუტებდა. მოშორებით დამაყენეს და არაფერი მესმოდა. არც მომსვლელ-დამხვდურთა სჯა-ბაასი, არც კიბეზე ამავალ-ჩამავალი ადამიანების საუბარი (ყოველივე მოგვიანებით მიამბეს), არც ჩურჩულით ნათქვამი: “საშინელებაა! მეფეს უნდა ვამცნოთ!” არაფერი მახსოვს. არც ის, თუ რა მოჰყვა სიკვდილს, როგორ ჩაუშვეს საფლავში ცხედარი, რაიც არაფერია, თუ არა “მტვერი მიწისა”!

 

  რამდენიმე დღის შემდეგ გავიაზრე, რომ მამა მართლაც მომიკვდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც კარადაში, თეატრალური კოსტუმების გრძელ წყებაში, მთვლემარე ფრინველივით შეყუჟული მისი სამოსელი ვიცანი, ცარიელი, მოშვებული, უსახური, ძალაგაცლილი, მაცოცხლებელი სულისგან მთლიანად დაწრეტილი. მხოლოდ მაშინ ვიგრძენი არყოფნა სხეულისა, რომელიც ამ ტანსაცმელს ჭეშმარიტ სიცოცხლეს სძენდა და იმასაც მივხვდი, რომ ამიერიდან იგი ვაღარასოდეს შეავსებდა ამ საშინელ სიცარიელეს.

  წარმოვიდგინე, რომ მაცდურმა სიკვდილმა, რომელმაც მამა სცენაზე შეიტყუა, მისი საყვარელი, ახლა უკვე ცარიელი ყვითელი და მწვანე ფერის ტანსაცმლის ნაკეცებსა და ჩრდილებში დაიბუდა. ჩიტის ფრთებით გაწყობილი ფარფაშა ქუდის კიდეებსაც, რომელიც სცენაზე თვალებსა და ყურებს უფარავდა, ხედვას უშლიდა და მრუმე სიშავეში გულყრის შეგრძნებას უმძაფრებდა, სიკვდილის იერი ედო.

  (გრძელი სიჩუმე)

  არგანი მოკვდა.

  ზედმეტ პერსონაჟად წარმომედგინა თავი. ჩემში ჯერ კიდევ ცოცხლობდა ლუიზონი, მაგრამ ახლა იგი იმ უფერულ არსებას დაემგვანა, რომელსაც გაბრაზებული მსახიობები სცენიდან აძევებენ, რადგან არ იციან რა მოუხერხონ. სცენაზე კი არა, სინამდვილეში, ჭეშმარიტ ცხოვრებაში ვიქეცი მოლიერის კომედიის პერსონაჟად, იმად, ვისაც სცენური სიცოცხლე არ ეწერა. მსახიობისა არაფერი მეცხო და ის საქმეც არ მემარჯვებოდა, რომელიც ბეჟარების გვარში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. თამაშზე მოგახსენებთ. ვიყავი ის, რაც ვიყავი, არც მეტი, არც ნაკლები, შინაგანად დაცლილი, ფუღურო.

  სიმარტოვეში სულ მარტოდ რომ არ მეგრძნო თავი, წმინდა ჩასახვის მონასტერს შევეკედლე. ასე დავშორდი ოჯახს და თეატრს, რომელიც არ მიყვარდა. მონასტრის ტკბილ უსაქმურობაში, ქმრისა და შვილების გარეშე განვვლიდი ცხოვრების დარჩენილ დღეებს, ამ თვლემისგან ერთბაშად რომ არ გამოვეყვანე შემთხვევას, რომელმაც სული ამიფორიაქა და რომლის მოყოლა მართლაც ღირს.

  (გრძელი სიჩუმე)

  სხვებისაგან არაფრით გამორჩეულ ერთ დილას სამლოცველოში შევედი, რათა წირვას დავსწრებოდი. სანამ წირვა დაიწყებოდა, საკანი მოვათვალიერე და რამდენიმე ჩემსავით მონასტრის კმაყოფაზე მყოფ ქალიშვილს ვკიდე თვალი. ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, მაგრამ ჩემს დანახვაზე მყისვე ჩაჩუმდნენ. გაურკვეველი ბუტბუტიდან დედაჩემის სახელი მომწვდა ყურს. მთელი დღე იმ დუმილზე ვფიქრობდი, რომელმაც იქ, სამლოცველოში, სხვებისგან გამრიყა, უხეშად მომიშორა. მეორე დღეს გადავწყვიტე გამოვლაპარაკებოდი ერთ-ერთ გოგონას, რომელსაც სხვებზე კარგად ვიცნობდი. მიკითხ-მოკითხვით გავიგე, ჩურჩულის მიზეზი ჩემი მშობლების განმქიქებელი პატარა წიგნი იყო, რომელიც “ცნობილ მსახიობ ქალს” ეძღვნებოდა... ო, დედიკო...

  ის, ვინც მსგავსი წიგნის დაწერას იკადრებს, საკუთარ სიძულვილს, ბოღმას და შურისძიებას აყოლილი, უღირსი და ზნედაცემული პიროვნებაა. ვის მოუვა აზრად ლაფი დაასხას გარდაცვლილს და მისი შვილების დედას?... როგორც ბევრი სხვა, საკუთარ თავს ვეკითხებოდი: “ვინ უნდა იყოს?” ვაგლახ, რომ ხელმოსაკიდი არაფერი მაქვს, რათა ყველას გასაგონად ვიყვირო: “აი, სიმართლე თუ გნებავთ!” ავტორი ჩემი ბავშვობისდროინდელ ამბებს იხსენებს. კარგად ვიცოდი ჩემი მშობლების არც თუ ისე დალხინებული ცხოვრება, ისიც ვიცოდი, რომ დედაჩემს ქვრივობა ოხვრასა და გოდებაში არ გაუტარებია, მაგრამ მისი სცენური ცხოვრების პირადისაგან გამიჯვნა ვერ შევძელი. მამაჩემის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებს კუშტი, გულისშემძვრელი ტრაგედიის ელფერი ედო.

  მამას სისხლის აღრევაში ადანაშაულებდნენ, აქაო და, საკუთარი ქალიშვილი შეირთო ცოლადო, ჩემს არსებობას კი აინუნშიც არ აგდებდნენ. არვის მოსვლია აზრად, რომ მოლიერს ქალიშვილი დარჩა, რომ ყველა ეს ბრალდება მასზე გადატყდებოდა, გაუსაძლის ტვირთად დააწვებოდა და ეს მაშინ, როცა თვით ქალიშვილი ამ ამბების ბაიბურშიც არ იყო. რატომ ერთხელ მაინც არ იფიქრა მჯღაბნელმა, რომ ამ ცილისწამებათა ერთადერთი სხვერპლი სწორედ მე ვიქნებოდი, გულში ეჭვი ჩამიძვრებოდა, სისხლს მომიწამლავდა, მთელ ცხოვრებას ჯოჯოხეთად მიქცევდა?! არავის, - არც ერთ კეთილ ძველ მეგობარს, არც თვით მეფეს, - არ გავხსენებივარ, არც ერთს არ დაცდენია ტკბილი სიტყვა; სიბრალულსა და შეწყალებაზე არაფერს ვამბობ. ბოსუემაც2, როცა ეკლესიის თაღებქვეშ, არწივის გამყინავი ხმით ადამიანთა მოდგმის სიდიადესა და სიმწირეზე ქადაგებდა, ერთხელაც არ გაიხსენა საბრალო ქალიშვილი, ყველა ამქვეყნიერი სიძვითა და ბოროტებით დამძიმებული ცოდვილის შვილი, თვითონ უცოდველი და ცოცხალი და მამაჩემის სიკვდილი ზეცის სამართლიან საზღაურად მონათლა.

 

  მე ისევ ჩრდილში გავდექი. ჩემი ცხოვრება მარტოსულის არსებობაა, მოწესრიგებული, უზადო და თალხით მოსილი. არ გავთხოვდი; არც სიყვარულის გამეგება რაიმე, არც დედობისა. სხვების ჩრდილს ვეფარები. წარსულის სურათების ფერები ისე ჩამიკვდა, რომ კაცის თვალი ვეღარაფერს გაარჩევს. არც მიცხოვრია, არც მყვარებია. ისტორიის სცენას ხორცშესხმულ მოქმედ პირად შემოვრჩი. თანდათანობით ვშორდები სხვებს, უდაბნოს შუაგულიკენ მივიწევ ნაბიჯ-ნაბიჯ, ვითარც ალცესტი3 და სულში ღრმად ვინახავ საიდუმლოს, რომელსაც ვერავინ ვერასდროს ამოიცნობს.

 

 

სცენა 8

ლუიზონი, არგანი, მადლენის აჩრდილი, მოლიერი

 

მოლიერი -   არავინაა? განა შეიძლება სნეულის ღვთის ანაბარა მიტოვება? ძინ-ძინ-ძინ...

მადლენის აჩრდილი -      რა გნებავთ, მამიკო?

მოლიერი -   მომიახლოვდი, შემობრუნდი. თავი ასწიე და თვალებში შემომხედე!

მადლენი -    რა დავაშავე, მამიკო?

მოლიერი -   აბა, დაიწყე!

მადლენის აჩრდილი -      რა დავიწყო, მამიკო?

მოლიერი -   სათქმელი არაფერი გაქვს?

მადლენის აჩრდილი -      თავის შესაქცევად შემიძლია სახედრის ტყავის ზღაპარი, ან ყვავისა და მელიის არაკი გიამბოთ, სულ ახლახან ვისწავლე.

მოლიერი -   ამას არ გთხოვ.

მადლენის აჩრდილი -      სხვა რა მოვყვე?

მოლიერი -   აი, შე  ეშმაკო, კარგად ხვდები, რასაც გეკითხები.

მადლენის აჩრდილი -      მაპატიე, მამიკო, არაფერი მესმის.

მოლიერი -   ასე უნდა მამის მორჩილება?

მადლენის აჩრდილი -      რას მემართლებით?

მოლიერი -   ხომ გითხარი, რასაც ნახავ, ყველაფერი წვრილად ჩამიკაკლე-მეთქი.

მადლენის აჩრდილი -      დიახ, მამიკო.

მოლიერი -   მერე?

მადლენის აჩრდილი -      აკი გიამბობთ კიდეც ყველაფერს.

მოლიერი -   დღეს ისეთი არაფერი გინახავს?

მადლენი -    არაფერი, მამიკო.

მოლიერი -   სულ არაფერი?

მადლენი -    არა, მამაიკო.

მოლიერი -   არ სტყუი?

მადლენის აჩრდილი -      გეფიცებით.

მოლიერი -   თუ ასეა, გაჩვენებ სეირს!

მადლენის აჩრდილი -      რა დავაშავე, მამიკო?

მოლიერი -   აი, შე ალქაჯო, რად არ მეუბნები, რომ შენი დის ოთახში ვიღაც უცხო ყმაწვილი ნახე?

მადლენის აჩრდილი -      რას ამბობთ, მამიკო?

მოლიერი -   აი, ეს ჭკუაზე მოგიყვანს.

მადლენი -    მაპატიე, მამიკო!

მოლიერი -   ჯერ წკეპლა მინდა იგემო სიცრუისთვის, მერე ვილაპარაკოთ!...

 

მადლენის აჩრდილი -      მაპატიე, მამიკო!

მოლიერი -   ვერ ეღირსები!

მადლენის აჩრდილი -      ნუ გამწკეპლავთ!

მოლიერი -   ახია შენზე!

მადლენის აჩრდილი ­-     ღვთის გულისთვის, დამზოგეთ!

მოლიერი -   აბა, გაემზადე!

მადლენის აჩრდილი -      მტკივა, მამიკო. საცაა სული გამძვრება.

მოლიერი -   რა გემართება ლუიზონ? ღმერთო ჩემო! ლუიზონ, გესმის? უბედურო ჩემო თავო! მოვკალი! ეს რა ჩავიდინე? ეშმაკსაც წაუღია ეს წკეპლები! სულ ამათი ბრალია! ო, ჩემო საბრალო პაწია ლუიზონ!

მადლენის აჩრდილი -      კმარა, მამიკო! ნუ სტირით. ჯერ სულ მთლად არ მომკვდარვარ.

მოლიერი -   ერთი ამ თვალთმაქცს დამიხედეთ! კარგი, ამჯერად შეგინდობ, ოღონდ იმ პირობით, რომ ყველაფერს მეტყვი.

მადლენის აჩრდილი -      პირობას გაძლევთ.

მოლიერი -   თუ იცრუე, ჩემი ნეკა თითი სიმართლეს მეტყვის და...

მადლენის აჩრდილი -      ჰო, მამიკო, ერთი კაცი მოვიდა.. ჩემი დის ოთახში... მეც იქ ვიყავი...

მოლიერი -   მერე?

მადლენის აჩრდილი -      რა გნებავთ-მეთქი, დავეკითხე. სიმღერის მასწავლებელი ვარო.

მოლიერი -   დახე, დახე, მერე რა მოხდა?

მადლენის აჩრდილი -      ის იყო და ჩემი დაც მოვიდა.

მოლიერი -   მერე?

მადლენის აჩრდილი -      ახლავე უკან გაბრუნდითო, უთხრა, საფრთხეში არ ჩამაგდოთო.

მოლიერი -   მერე? მერე?

მადლენის აჩრდილი -      იმას კი, ფეხები უკან რჩებოდა.

მოლიერი -   რაო, რას ამბობდა?

მადლენის აჩრდილი -      აბა, რა ვიცი, ბევრს რასმე.

მოლიერი -   მაინც, რაო?

მადლენი -    მიყვარხარო, შენზე ლამაზი არავინ მეგულებაო... რას არ ამბობდა.

მოლიერი -   მერე?

მადლენის აჩრდილი -      მერე მუხლებზე დაემხო.

მოლიერი -   მერე?

მადლენის აჩრდილი -      მერე ხელები დაუკოცნა.

მოლიერი -   მერე?

მადლენის აჩრდილი -      მერე, დედაჩემის გამოჩენაზე, გაიქცა.

მოლიერი -   სხვა არაფერი მომხდარა?

მადლენის აჩრდილი -      არაფერი, მამიკო.

მოლიერი -   ჩემი ნეკა თითი რაღაცას მიჩურჩულებს (ხელს ყურთან მიიტანს). დამაცა... აჰა, მაშ ასეა, არა? მეუბნება, კიდევ რაღაცა ნახა, მაგრამ გიმალავსო.

მადლენის აჩრდილი -      მამიკო. ნეკა თითი გატყუებთ.

მოლიერი -   აბა, აბა, სიტყვებს გაუფრთხილდი!

მადლენის აჩრდილი -      არ დაუჯეროთ, ცრუობს!

მოლიერი -   კარგი, დანარჩენი მერე ვნახოთ. ახლა კი წადი და ფხიზლად იყავი. ბავშვებიც რომ გადაგვარდნენ! აი, ესეც ერთი თავსატეხი. ავადმყოფობა სულ გადამავიწყდა. მეტი აღარ შემიძლია!

 

 

სცენა 9

ბერალდი, მოლიერი

 

ბერალდი -   როგორ გიკითხო, ჩემო ძმაო?

მოლიერი -   ვაი, ჩემს თავს, ძმაო, სული ძლივს მიდგას.

ბერალდი -   რას ამბობ?

მოლიერი -   ისე სუსტად ვარ, კაცი არ დაიჯერებს.

ბერალდი -   ეს კი აღარ მომწონს.

მოლიერი -   ლაპარაკის თავიც არა მაქვს.

ბერალდი -   ჩემო ძმაო, აქ იმიტომ გეახელი, რომ ანჟელიკზე გელაპარაკო.

მოლიერი -   არა, ძმაო, იმ სალახანაზე ნურაფერს მეტყვი. ურჩი, ფლიდი და თავხედი ვინმეა. ცოტაც და მონასტერში ამოვაყოფინებ თავს.

ბერალდი -   აი, ხედავ, ჩემმა მოსვლამ გარგო, ერთბაშად ჯანზე მოხვედი. საქმეზე მერე ვილაპარაკოთ, ახლა კი ბოშებს მოუსმინე. ყურს დაგიამებენ და გულს გაგიხარებენ. თქვენი განსწავლულობა სხვა არაფერია თუ არა მოჩვენება, უჭკუო და ცრუ ექიმებო; თქვენი ლათინურით ვერას არგებთ ტკივილს, რომელიც გულს მიღონებს, უიმედობაში მაგდებს. თქვენი ცოდნა ლანდია და სხვა არაფერი... ვაგლახ, მე! გულში ვიმარხავ ტრფობას ჩემსას, ვერას ვუმხელ ჩემსა საყვარელ მწყემს ქალს, რომლის გამო ამდენ ჭირს ვითმენ, იმას, ვისაც, ერთს, ძალუძს მიწამლოს. ნუ ყოყლოჩინობთ, უვიცო ექიმნო, ვერას უწამლებთ ჩემს ტკივილს, თქვენი ცოდნა ლანდია და სხვა არაფერი... თქვენი წამლებიც, უბრი ხალხის სატყუარა, ჩემს ჭრილობას ვერას უშველის და თქვენი კაკანი ცრუ ავადმყოფს თუ აცდუნებს... დიახ, დიახ, თქვენი ცოდნა ლანდია და სხვა არაფერი, ბითურო და ჭკუათხელო ექიმებო...

და ასე შემდეგ...

 

 

მოქმედება III

 

სცენა 1

მოლიერი, ბერალდი

 

ბერალდი -   ნება მიბოძე, ძმაო ჩემო, რჩევა მოგცე: საუბრისას თავი მოთოკე, არ აღელდე.

მოლიერი -   ასეც მოვიქცევი.

ბერალდი -   ეცადე, დინჯად უპასუხო ჩემს კითხვებს.

მოლიერი -   თანახმა ვარ.

ბერალდი -   გრძნობები დავიოკოთ და ფხიზელი გონებით განვსაჯოთ ყოველივე, რაზედაც ვისაუბრებთ.

მოლიერი -   ბატონი ბრძანდები, მაგრამ ასეთი გრძელი შესავალი რა საჭიროა!

ბერალდი -   ეს რამ მოგაფიქრა, ძმაო? ერთადერთ ქალიშვილს, პატარას ვგულისხმობ, დედათა მონასტერში აგზავნი.

მოლიერი -   იმან, რომ ოჯახის უფროსი გახლავარ და ნება ჩემია.

ბერალდი -   შენს ცოლს ერთი სული აქვს, სანამ ორთავეს მოგიშორებთ და მისი ღვთისმოსაობის ამბავი რომ ვიცი, გულით სურს შენი ქალიშვილები მონაზვნებად იხილოს.

 

მოლიერი -   აი, თურმე სად მარხია ძაღლის თავი, ახლა ჩემს ცოლსაც გადაჰკარი მათრახი. ის ყოფილა ბოროტების სათავე და ყველა მას ერჩის.

ბერალდი -   არა, არც ასეა საქმე. შენი ცოლი ოჯახზე გადაგებული ქალია, არც რამ ანგარება უდევს გულში, შენც უყვარხარ და შენს ქალიშვილებზეც გამორჩევით ზრუნავს. ამაზე არაფერი მეთქმის. შენს ცოლს მოვეშვათ და ქალიშვილს დავუბრუნდეთ. რად გადაწყვიტე, რომ ექიმის შვილს მიათხოვო?

მოლიერი -   იმად, რომ ჩემთვის საჭირო სიძე ავირჩიე.

ბერალდი -   შენს ქალიშვილს ასეთი ქმარი არ ეკადრება, მე უფრო შესაფერი შევარჩიე.

მოლიერი -   მე კი ეს უფრო შემფერის.

ბერალდი -   კი მაგრამ, რომელი თხოვდებით, შენ თუ შენი ქალიშვილი?

მოლიერი -   სიძე ორთავეს უნდა წაგვადგეს, ამიტომაც, ჩემს ოჯახში, ვისაც მსურს იმას შემოვიყვან.

ბერალდი -   თუ ასე მიყევი, შენს პატარას, წლოვანი რომ გახდება, ვინძლო, აფთიაქარს გააყოლებ.

მოლიერი -   რატომაც არა?

ბერალდი -   ასე რამ შეგაყვარა ექიმები და აფთიაქრები? ან კი სანამ უნდა იწუწუნო ავად ვარო, როცა საამისო არაფერი გჭირს?

მოლიერი -   რეებს მიედ-მოედები, ძმაო?

ბერალდი -   მე თუ მკითხავ, შენზე ჯანმრთელი კაცი დუნიაზე არ მეგულება და სულ იმას ვნატრობ, ღმერთმა შენი ჯანის სიმრთელე მომცეს. ასე რომ არ იყოს, ამდენი ექიმი და წამალი წირვას გამოგიყვანდა.

მოლიერი -   სწორედ ამ ექიმებისა და წამლების წყალობაა, რომ ჯერ კიდევ ვსუნთქავ. ექიმმა პურგონმა გამაფრთხილა, სამი დღე რომ ვერ მოგხედო, სულს განუტევებო.

ბერალდი -   დროზე თუ არ მოხვალ გონს, ის შენი პურგონი, ამდენი ზრუნვით, საიქიოს გაგამწესებს.

მოლიერი -   მოდი, ერთი, კარგად ავწონ-დავწონოთ. ექიმობისა არ გჯერა?

ბერალდი -   ჩემო ძმაო, ჯანმრთელობა თუ გინდა, ექიმებს უნდა შეეშვა.

მოლიერი -   რაო? მაშ, რაც ერთხელ და სამუდამოდ დაუდგენიათ, გამოდის ტყუილი ყოფილა?!

ბერალდი -   ტყუილი და კიდევ მეტი. ჩვენში დარჩეს და ფილოსოფიურად რომ ვიმსჯელოთ, ექიმობა ადამიანის ერთი ყველაზე დიდი სიგიჟე და მასხარაობაა. განა სასაცილო არ არის, ერთი ვიღაც მეორის განკურნებას ეშურება?

მოლიერი -   ვითომ რატომაო?

ბერალდი -   იმიტომ, რომ სხეულის იდუმალებისა არა გვესმის რა და ვერც ვერასოდეს შევიტყობთ. ბუნებამ ასე ისურვა, თვალი დაგვივსო და ვერაფერს ვხედავთ.

 

მოლიერი -   კაცმა რომ გისმინოს, ექიმები უვიცები ყოფილან.

ბერალდი -   ამას რა ფიცი და წილი უნდა! ზრდილობიანად მიგიღებენ, ლამაზ სიტყვებსაც უხვად გადმოაფრქვევენ, ლათინურსა და ბერძნულს გამოურევენ, უამრავ ავადმყოფობას ჩამოგითვლიან, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ვერც ერთს ვერ უწამლებენ.

მოლიერი -   იმას ხომ ვერ იტყვი, თავის საქმე სხვებზე კარგად არ იციანო?

ბერალდი -   რა ცოდნაზე ლაპარაკობ, როდესაც ავადმყოფს ვერ არჩენენ. ლაქლაქის მეტს არაფერს აკეთებენ. ხოლო სიტყვებით და დაპირებებით განკურნებული ავადმყოფი, მე ჯერ არ მინახავს.

მოლიერი -   ბევრი შენისთანა ჭკვიანი ვიცი, გაჭირვებისას ექიმთან რომ გარბის.

ბერალდი -   ადამიანური სისუსტის ბრალია. ექიმთა ხელოვნება აქ არაფერ შუაშია.

მოლიერი -   კი მაგრამ, საკუთარ ხელოვნებას თავისთვისაც რომ იყენებენ?

ბერალდი -   რას იზამ? ზოგი, ხალხის მცდარ აზრს აყოლილი, ამაში სარგებელს პოულობს, ზოგმაც კარგად უწყის საქმის ვითარება, მაგრამ სარფიან საქმეს ვერ ეშვება. აი, თუნდაც, თქვენი ბატონი პურგონი. ფარისევლობას ვერ დააბრალებ, თავით ფეხამდე ექიმია. საკუთარი ხელობისა უფრო სჯერა, ვინემ მათემატიკისა და ამ რწმენას ვერაფერი შეურყევს. მისთვის ყოველივე დღესავით ნათელია და აშკარა, ეჭვიც არაფერში ეპარება. რომ კითხო, მედიცინაში არაფერია დაფარული და იდუმალი, ყოველივე ხელის გულზეა. დარწმუნებულია, რომ არაფერი ეშლება. წარბსაც არ შეირხევს, ისე გულარხეინად გირჩევს სისხლის გამოშვებას ან სასაქმებლის მიღებას. თუ რამ გავნო, გულში წყენა არ უნდა ჩაიდო, რადგან, გარწმუნებ, საკუთარ ცოლ-შვილს და საკუთარ თავსაც ასევე მოექცეოდა.

მოლიერი -   ექიმებზე ძალიან შემწყრალი ყოფილხარ, ჩემო ძმაო. მოდი, საქმეს მივხედოთ! ერთი ეს მიბრძანე, ავადმყოფმა რა ქნას?

ბერალდი -   არც არაფერი.

მოლიერი -   როგორ თუ არაფერი.

ბერალდი -   არაფერი-მეთქი. მშვიდად იყოს და საკუთარ ბუნებას აცალოს თავისი გაფუჭებული თვითვე გაასწოროს. ჩვენი უბედურების თავი და თავი ჩვენივე მოუთმენლობაა. ადამიანს წამალი კლავს და არა სნეულება.

მოლიერი -   ბუნებასაც ჭირდება ხელის შეშველება.

ბერალდი -   ღმერთო ჩემო, აკი გითხარი, ფუჭი აზრებით ვიტყუებთ თავს. მაგრამ ასეა, ადამიანები საკუთარ წარმოდგენებს სინამდვილედ მიიჩნევენ და მათ ჭეშმარიტებას კბილებით იცავენ. როდესაც ექიმი გპირდება, დაგეხმარები, ფეხზე დაგაყენებ, შენს სხეულს ჯან-ღონეს დავუბრუნებ, იმას, რაც ვნებს წავართმევ, რაც აკლია, დავუმატებ და გავამთელებო, როდესაც გიჩიჩინებს სისხლის გაგიწმინდავ, ნაწლავსა და ტვინს შვებას მივცემ, ნაღვლის ბუშტს ზომაზე დაგიყვან, გულმკერდსაც მივხედავ, ღვიძლს მოვუვლი, გულსაც გაგიმაგრებ და ამით სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებო, სწორედ რომ სამედიცინო ზღაპარს ყვება. მაგრამ, თვალი თუ აგეხილა, წამსვე მიხვდები, რომ ყოველივე სიზმარია და გამოფხიზლებული, მწარედ ინანებ, ასეთი გულუბრყვილო რამ გამაჩინაო.

მოლიერი -   თავი მეცნიერად წარმოგიდგენია და გგონია, ექიმებზე მეტი იცი.

ბერალდი -   ექიმების სიტყვა ერთია და საქმე სხვა. ენა კი უჭრით, მაგრამ ჭკუისა რა მოგახსენო!

მოლიერი -   როგორც ვხედავ, დიდი მეცნიერი ბრძანებულხარ. ვინმე ექიმი მაინც გვისმენდეს, რომ გონზე მოგიყვანოს და ხმა გაგაკმენდინოს.

ბერალდი -   არა, ჩემო ძმაო, ექიმებთან ბრძოლას არ ვაპირებ. ყველამ თავისი ირწმუნოს, ეს საუბარი ჩვენს შორის დარჩეს. თუკი რამ ვთქვი, მხოლოდ იმიტომ, რომ იქნებ, ჭკუას მოუხმო. ახლა კი, გუნება რომ გამოგისწორო, მოლიერის კომედიაზე გეპატიჟები.

მოლიერი -   ეშმაკსაც წაუღია ეგ თქვენი მოლიერი თავისი კომედიებით. გაგონილა, ღირსეული და პატიოსანი ექიმების განქიქება?

ბერალდი -   ექიმებს კი არა, მათ უვიცობას დასცინის.

მოლიერი -   ექიმების საქმეში ცხვირს რად ჰყოფს? რა ხეპრე და თავქარიანი უნდა იყო, რომ ექიმების რჩევა და შეგონება მასხრად აიგდო, თვითონ ექიმებიც არ დაინდო და სცენაზე გამოაჭენო.

ბერალდი -   კაცის ხელობა და საქმე თუ არ წარმოადგინა, სხვა რაღა დარჩენია? მეფეებიც და კეთილშობილნიც გამოჰყავთ სცენაზე, ექიმებმა რაღა დააშავეს? რით არიან მათზე ნაკლები?

მოლიერი -   არა და არა! ექიმი რომ ვიყო, შურს ვიძიებდი და ავადრომ შეიქმნებოდა, თითსაც არ გავანძრევდი. იყვიროს და იფაფხუროს! ჩემგან ვერც სისხლის გამოშვებას, ვერც კუჭის ამოწმენდას ვერ ეღირსებოდა. ჩაძაღლდი, იქნებ ჭკუა ისწავლო და პატიოსან ექიმებს შეეშვა-მეთქი, ვეტყოდი.

ბერალდი -   ამდენი ღვარძლი საიდან, ჩემო ძმაო?

მოლიერი -   ღირსია, ბოროტს ბოროტი უნდა მიუზღო. ექიმებს თუ ჭკუა უჭრით, როგორც ვთქვი, ისე უნდა მოექცნენ.

 

ბერალდი -   ექიმებზე ჭკვიანი გახლავს და თუ გაუჭირდა ამათ რჩევას არ დაეკითხება.

მოლიერი -   მით უარესი! გიჟი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება ვნებასა.

ბერალდი -   აქვს კიდეც მიზეზი. მისი აზრით, ერთდროულად ავადმყოფობას და წამლებს, ჯანმაგარი კაცი თუ გაუძლებს. თავად სუსტი აღნაგობისაა და სულ იმას იმეორებს, ავადმყოფობას როგორმე მოვუვლი, წამლები კი, ნურას უკაცრავადო.

მოლიერი -   რეებს როშავ! მოდი, ამ ლაპარაკს შევეშვათ. ნაღვლის ბუშტი გასკდომაზე მაქვს. მეშინია კიდევ უფრო ცუდად არ გავხდე.

ბერალდი -   მაშინ, იმას გეტყვი, რომ გაბრაზებულმა, აქაოდა, ქალიშვილი მეურჩებაო, მონასტერში აღკვეცაზე ფიქრი გულში არ გაივლო. სასიძოზე თუ მიდგა საქმე, მხოლოდ შენს გუმანს არ აყვე, ქალიშვილსაც ათხოვე ყური, რადგანაც ნაძალადევი ქორწინებით უბედურებას გადაეყრები. კარგად მოგეხსენება, უბრალო საქმე არ გახლავს...

მოლიერი -   გისმენ და ცეცხლი მეკიდება. ერთი ჩემსავით ავად იყო, ვნახავ, რა ხმაზე ამღერდები. ლამისაა კაცი გავთავდე! ბრალი შენი, ჩემო ძმაო!

 

სცენა 2

მოლიერი, ბერალდი, ტუანეტი

 

ტუანეტი -    ბატონო, ექიმი გეახლათ და თქვენს ნახვას ითხოვს.

მოლიერი -   ვინ ექიმი?

ტუანეტი -    სნეულთა მკურნალი.

მოლიერი -   ვინ არის-მეთქი, გეკითხები?

ტუანეტი -    ვერ ვიცანი, მაგრამ წყლის წვეთივით მგავს. დედაჩემის პატიოსნებაში ეჭვი რომ მეპარებოდეს, ვიფიქრებდი ჩემი უმცროსი ძმაა, მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ გააჩინა-მეთქი.

მოლიერი -   შემოიყვანე. ხომ ხედავ, ძმაო, მოხვედი და დამთარსე!

ბერალდი -   ეჰა, შენ შენსას არ იშლი!

მოლიერი -   შეიძლება რამე ახალი სნეულება შემეყარა, მე კი არ ვიცი...

 

სცენა 3

ტუანეტი, არგანი, ბერალდი

 

ტუანეტი -    ბატონო ჩემო, გეახელით, რათა ჩემი სამსახური შემოგთავაზოთ და თქვენთვის სისხლის გამოშვება და კუჭის გაწმენდა ვითავო.

მოლიერი -   ძალიან დამავალებთ! ზედგამოჭრილი ტუანეტია.

ტუანეტი -    პატიებას გთხოვთ, ჩემს მსახურს სიტყვას ვეტყვი და უმალ მოვბრუნდები.

მოლიერი -   გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ტუანეტს.

ბერალდი -   ზუსტად მოარტყი. მე თუ მკითხავ, არც ისეთი იშვიათობაა და ისტორიაშიც ხშირად შეხვდები ბუნების ასეთ უცნაურობას.

მოლიერი -   თვალებს ვერ ვუჯერებ!

 

 

სცენა 4

ტუანეტი, მოლიერი, ბერალდი

 

ტუანეტი -    გისმენთ ბატონო?

მოლიერი -   რაო?

ტუანეტი -    განა არ მეძახდით?

მოლიერი -   არც მიფიქრია.

ტუანეტი -    ეტყობა, მომეყურა.

მოლიერი -   დაიცა, ერთხელაც ვნახოთ, რარიგ გგავს ეგ ექიმი.

ტუანეტი -    ამისთვის სად მცალია! საქმეს ვერ ავუდივარ! რაც სანახავი იყო ვნახე.

მოლიერი -   ორთავე ერთად თუ არ გნახეთ, ვერ დავიჯერებ, რომ ერთი და იგივე არა ხართ.

ბერალდი -   ბევრი წამიკითხავს ასეთ მსგავსებებზე. ახლაც ხდება, რომ ზოგჯერ ორ კაცს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ.

მოლიერი -   მე კი, ესენი ვერ გამირჩევია, და მზად ვარ დავიფიცო, ერთი და იგივე არიან.

 

სცენა 5

ტუანეტი, მოლიერი, ბერალდი

 

ტუანეტი -    კიდევ ერთხელ, გთხოვთ, მომიტევოთ.

მოლიერი -   საკვირველია, ღმერთმანი.

ტუანეტი -    თქვენც მიმიხვდებით, რარიგ ვესწრაფოდი თქვენისთანა ცნობილი ავადმყოფის ხილვას. თქვენი სახელი ყველას პირზე აკერია და სწორედ ეს პატიებს ჩემს კადნიერებას.

მოლიერი -   მზად ვარ გემსახუროთ.

ტუანეტი -    ვხედავ თვალს ვერ მაცილებთ, რამდენ წელს მომცემდით?

მოლიერი -   დიდი-დიდი ოცდაექვსი-ოცდაშვიდისა იქნებით.

ტუანეტი -    ორმოცდაათისა გახლავართ.

მოლიერი -   ორმოცდაათის?

ტუანეტი -    დიახ. ჩემი გაწაფულობის შედეგია, ასე რომ შემოვინახე თავი; ჯანიც მომდევს და ერთ ნაოჭსაც ვერ მიპოვნით.

მოლიერი -   მოდი და დაიჯერე! ორმოცდაათი წლისა ვარო! ასეთი ბებერი და ასეთი ქორფა!

ტუანეტი -    მოხეტიალე ექიმი გახლავართ. ქალაქიდან ქალაქში, პროვინციიდან პროვინციაში, ქვეყნიდან ქვეყანაში დავდივარ, ჩემი ცოდნის გამოყენებას ვესწრაფვი და ღირსეულ ავადმყოფებს ვეძებ, რათა ჩემი დიდი აღმოჩენები მათ განკურნებას მოვახმარო. ჩვეულებრივი ავადმყოფებისათვის თავს არ ვიწუხებ, გაციება, ანთება და თავის ტკივილები, რა მოსატანია! გამორჩეული სნეულებანი მიზიდავს, მამალი ციებ-ცხელება, ტვინის შესიება, წყალმანკი, შავი ჭირი, ფილტვების ანთება მაგარი ხველებით... აი, ამისთვის კი ღირს თავის შეწუხება, და აქ ტოლი არ მყავს! ნეტამც, ყველას ეს ავადმყოფობა გჭირდეთ, ჩემო ბატონო, და ყველამ იმედი გადაიწუროს თქვენი მორჩენისა, რომ მხოლოდ მე გიმკურნალოთ და დაგიმტკიცოთ ძლიერება ჩემი წამლისა.

 

მოლიერი -   არ ვიცი, სიკეთე რით გადაგიხადოთ!

ტუანეტი -    მაჯა მათხოვეთ! აბა, მოდი, წესიერად გაისარჯე! მეჯიუტება! მატყუებს, ჩემი ამბავი არ იცის! ექიმად ვინ გყავთ?

მოლიერი -   ბატონი პურგონი.

ტუანეტი -    ეგ გვარი ცნობილ ექიმთა შორის არ მიწერია. რა გჭირთო, რას ამბობს?

მოლიერი -   ღვიძლს იტკივებო, სხვები ელენთას აბრალებენ.

ტუანეტი -    ამ უვიცებისა არ გამკვირვებია?! ყველაფერი ფილტვებიდან მოდის.

მოლიერი -   ფილტვებიდან?

ტუანეტი -    დიახ. რას გრძნობთ?

მოლიერი -   დრო და დრო თავის ტკივილი მაწუხებს.

ტუანეტი -    აკი ვთქვი, ფილტვებია-მეთქი.

მოლიერი -   თვალებზე ლიბრი მეკვრის.

ტუანეტი -    ფილტვების ბრალია.

მოლიერი -   გულიც მისუსტდება

ტუანეტი -    ფილტვები...

მოლიერი -   მკლავები მივარდება და მუხლები მეკეცება.

ტუანეტი -    ფილტვები...

მოლიერი -   ზოგჯერ მუცლის გვემას ვგრძნობ.

ტუანეტი -    ფილტვები... მადაზე როგორ ხართ?

მოლიერი -   ვაცივით.

ტუანეტი -    ფილტვები... ღვინოსაც მიირთმევთ?

მოლიერი -   ცოტ-ცოტას გეახლებით.

ტუანეტი -    ფილტვები... სადილის შემდეგ გული ხომ არ გერევათ?

მოლიერი -   ხშირად.

ტუანეტი -    ვთქვი და ვიმეორებ, - ფილტვები. საჭმელს რას გირჩევთ ეგ თქვენი ექიმი?

მოლიერი -   წვნიანს.

ტუანეტი -    უვიცი!

მოლიერი -   ფრინველის თეთრ ხორცს.

ტუანეტი -    უმეცარი!

მოლიერი -   ხბოს რბილ ხორცს.

ტუანეტი -    უჭკუო!

მოლიერი -   ხორცის ნახარშს.

ტუანეტი -    ჩერჩეტი!

მოლიერი -   ახალ კვერცხებს!

ტუანეტი -    ჭკუის კოლოფი!

მოლიერი -   საღამოობით კი, შავ ქლიავს, მონელებას შველისო.

ტუანეტი -    უბირი!

მოლიერი -   განსაკუთრებით, წყლით გაზავებულ ღვინოს მირჩევს.

ტუანეტი -    უვიცობა უვიცობასა შინა! სუფთა ღვინო უნდა სვათ. გათხელებული სისხლის შესასქელებლად კი ძროხის და ღორის ხორცს, ყუათიან ჰოლანდიურ ყველს, ბრინჯსა და ფლავს, წაბლსა და შაქრის კვერს უნდა მიეძალოთ, რათა სისხლი უფრო წებოვანი და სქელი გახდეს. ეგ თქვენი ექიმი მთლად ყეყეჩი ყოფილა. მე სხვას გამოგიგზავნით, დრო და დრო თავადაც გეახლებით, თუ კი თქვენს მხარეში მოვხვდები.

მოლიერი -   მადლიერი დაგრჩებით!

ტუანეტი -    ეს მკლავი რაში გადგიათ?

მოლიერი -   როგორ?

ტუანეტი -    თქვენი რომ ვიყო, მყისვე მოვიჭრიდი.

 

მოლიერი -   ვითომ რატომო?

ტუანეტი -    თვითვე განსაჯეთ, საჭმელს თავისკენ მიირთმევს, მეორეს არაფერს უტოვებს.

მოლიერი -   კი, მაგრამ მკლავი რომ მჭირდება...

ტუანეტი -    თქვენს ადგილზე, მარჯვენა თვალსაც ამოვითხრიდი.

მოლიერი -   თვალს რაღას ერჩით?

ტუანეტი -    ხედავთ, მეორეს ეფარება და საჭმელს უმალავს, მერწმუნეთ, სასწრაფოდ მოიშორეთ და მარცხენათი უფრო კარგად დაინახავთ.

მოლიერი -   მოჩქარეს მოუგვიანდესო!

ტუანეტი -    დღე მეხვალიე კაცსაო... ახლა კი მშვიდობით ბრძანდებოდეთ! თქვენთან განშორება მიმძიმს, მაგრამ ავადმყოფთან მიმეჩქარება, ხვალ სული უნდა გააცხოს.

მოლიერი -   რა ბრძანეთ, ხვალ მოკვდება?

ტუანეტი -    დიახ, დავხედავ და ვნახავ, რა უნდა გაეკეთებინათ მის მოსარჩენად. ნახვამდის, ბატონო ჩემო!

მოლიერი -   შეუძლოდ ვარ და ვერ გაცილებთ.

ბერალდი -   აი, ექიმიც ასეთი უნდა!

მოლიერი -   ერთი ეგ არის, რომ სულსწრაფია.

ბერალდი -   ყველა დიდი ექიმი ასეა.

მოლიერი -   მკლავი მოიჭერი, თვალი ამოითხარე, რომ მეორემ უფრო ივარგოსო! გაგიგია? როგორც არის, ეგრეც არა უშავს! ცალხელა და ცალთვალა, კარგი საქმეა, მე და ჩემმა ღმერთმა!

 

სცენა 6

ტუანეტი, მოლიერი, ბერალდი

 

ტუანეტი -    სულაც არ მეხუმრება.

მოლიერი -   რა ხდება?

ტუანეტი -    თვენს ექმის სურს მაჯა გამისინჯოს.

მოლიერი -   ერთი ამას დამიხედეთ, რა ყოჩაღი ბებრუხანაა...

ბერალდი -   ჩემო ძმაო, მოდი ჩვენს საქმეს დავუბრუნდეთ და თქვენი ქალიშვილის გათხოვებაზე ვიფიქროთ.

მოლიერი -   არა, ძმაო, რადგან ჩემს ნებას ეურჩება, მონასტრის იქით გზა არა აქვს. მგონი, ვიღაც ეარშიყება, ფარული პაემანის ამბავიც შევიტყვე, თუმცა ჯერ არავისთვის მითქვამს.

ბერალდი -   თუ კი ვინმეზე გული შეუვარდა, ამაში საძრახისს რას ხედავ? მით უფრო, თუ კი შეუღლება სურთ.

მოლიერი -   ასეა თუ ისე, მონასტერს ვერ აცდება. ვთქვი და გათავდა.

ბერალდი -   ვატყობ, ვიღაცის გულის მოგება გსურს.

მოლიერი -   ვიცი, გულში რა გიდევს, ჩემი ცოლის აუგად ხსენებას ვერა და ვერ ეშვები.

ბერალდი -   გამოცანა გეკუთვნის, ზუსტად მოარტყი.

ტუანეტი -    ბატონო ჩემო, ქალბატონზე ძვირს ნუ იტყვით. სპეტაკი ქალია. ერთი განახათ, ჩვენს ბატონს როგორ ევლება. ბატონსაც ისე უყვარს, რომ... ენით ვერ აგიწერთ.

 

მოლიერი -   აბა, ერთი ჰკითხე, როგორ მეალერსება.

ტუანეტი -    მეტი რომ არ შეიძლება.

მოლიერი -   რარიგ ნაღვლობს ჩემს ავადმყოფობას.

ტუანეტი -    მართალს ბრძანებთ.

მოლიერი -   მივლის, ცივ ჰაერსაც არ მაკარებს.

ტუანეტი -    სწორია. გნებავთ, იხილოთ, როგორ უყვარს ქალბატონს თავის ქმარი? ჩემო ბატონო, თუ ინებებთ, წამსვე თვალს ავუხელ და ჩვენს სიმართლეში დავარწმუნებ.

მოლიერი -   რას აპირებ?

ტუანეტი -    ქალბატონი სადაცაა დაბრუნდება. თქვენ ამ სკამზე წამოწექით და თავი მოიმკვდარუნეთ. ნახავთ, რა ამბავს დააწევს, თქვენს გარდაცვალებას რომ შეიტყობს.

მოლიერი -   ეგ რა კარგი აზრი მოგივიდა!

ტუანეტი -    მაგრამ ხომ გაგიგიათ, მეტისმეტი, ბრეტის-ბრეტიო, შეიძლება გული გაუსკდეს. ამიტომ, ძალიანაც ნუ გადაამლაშებთ.

მოლიერი -   ჩემი საქმისა მე ვიცი.

ტუანეტი -    თქვენ კი დაიმალეთ.

მოლიერი -   თამაშ-თამაშ, ისე არ გამოგვივიდეს, ქათამმა თხარა- თხარაო, დანა გამოთხარაო.

ტუანეტი -    ფიქრი ნუ გაქვთ, წამოწექით, თვალი ავუხილოთ თქვენს ძმას. აი, ქალბატონიც მობრძანდება. აბა, თქვენ იცით! სცენა 7

ბელინი, ტუანეტი, მოლიერი, ბერალდი

 

ტუანეტი -    ღმერთო ჩემო, თავი მომიკვდეს, ეს რა მეხი დაგვეცა!

ბელინი -       რა მოგდის, ტუანეტ?

ტუანეტი -    ქალბატონო, ქალბატონო!

ბელინი -       რა მოხდა?

ტუანეტი -    თქვენმა ქმარმა სული განუტევა.

ბელინი -       მოკვდა?

ტუანეტი -    დიახ, გაღმა გავიდა, საწყალი.

ბელინი -       ხომ არ გეშლება?

ტუანეტი -    წყალი არ გაუვა. ჯერ არვინ იცის, მხოლოდ მე შევესწარი. ჩემს მკლავებში დალია სული. შეხედეთ, როგორ უძრავად წევს.

ბელინი -       მადლი ღმერთს! ეს რა მძიმე ტვირთი მოვიშორე! მოგცლია, ტუანეტ, რა გაღრიალებს?

ტუანეტი -    მეგონა, ამ საქმეს ტირილი მოუხდებოდა.

ბელინი -       კარგი ერთი, ამად არ ღირს. რა დიდი დანაკლისი ეგ არის, ან კი ვის რაში გამოადგა? ყველას ყელში ამოუვიდა. მუდამ ჩაფართხუნებული, გულისამრევი, წამდაუწუმ კუჭის ამოწმენდას და წამლებს ითხოვდა, თანაც სულ ახველებდა და დორბლი სდიოდა. ჭკუას ვერ მოკითხავდი, მუდამ აღრენილი იყო, ადამიანებს მოსვენებას არ აძლევდა, თავს აბეზრებდა, მოახლეებსა და მოსამსახურეებს ცხრაპირ ტყავს აძრობდა!

ტუანეტი -    დატირებაც ასეთი უნდა!

 

ბელინი -       ტუანეტ, ახლა ხელი უნდა გამიმართო, საზღაურსაც კარგს მიიღებ. სანამ კიდევ დრო გვაქვს, საწოლზე დავასვენოთ და სიკვდილის ამბავი არავის გავუმხილოთ, ამასობაში მე ჩემს საქმეს მოვითავებ. ქაღალდები და ფული უნდა მოვიხელთო. აბა, მაშ ამაოდ შევალიე ამდენი წელი ამ უბადრუკს? აქ მოდი, ტუანეტ. ჯერ ამ გასაღებებს მივხედოთ.

მოლიერი -   მოჩქრეს მოუგვიანდესო, სულიკო!

ბელინი -       რაო?

მოლიერი -   აი, თურმე როგორ გყვარებივარ, სულზე უტკბესო!

ტუანეტი -    ო, მიცვალებული არ მომკვდარა!

მოლიერი -   მოხარული ვარ, რომ თქვენს ერთგულებაში ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდი და თქვენი მშვენიერი სამგლოვიარო სიტყვაც მოვისმინე.

ტუანეტი -    თქვენი ქალიშვილი მოდის. დაწექით, ვნახოთ რას იტყვის. ეს რა კარგი რამ მოვიგონეთ, წამსვე გამოიცნობთ ვინ რას ფიქრობს თქვენზე.

 

სცენა 8

ანჟელიკი, მოლიერი, ტუანეტი, ბერალდი

 

ტუანეტი -    ო, მაღალო ზეცავ! ეს რა შავი დღე გაგვითენდა!

ანჟელიკი -   რა გატირებს, ტუანეტ?

ტუანეტი -    ვაი, რა ცუდი ამბავი უნდა გითხრათ.

ანჟელიკი -   რა ამბავი?

ტუანეტი -    მამათქვენი გარდაიცვალა.

ანჟელიკი -   მამაჩემი, რას ამბობ, ტუანეტ?

ტუანეტი -    დიახ, აი თქვენი თვალით ნახეთ. ეს-ეს არის გული შეუღონდა და მიიცვალა.

ანჟელიკი -   ო, თავო ჩემო! ეს რა უბედურება გვეწვია! რა ზარი დაგვეცა! ღმერთმა ერთადერთი მფარველი წამართვა, მარტოდ დამტოვა, თანც, ჯიბრზე, სიკვდილის წინ წავეკიდე. რა ვიღონო, მე უბედურმა, ან ეს დანაკლისი ვით ავიტანო?

 

სცენა 9

კლეანტი, ანჟელიკი, მოლიერი, ტუანეტი, ბერალდი

 

კლეანტი -     რა მოგდით, ძვირფასო ანჟელიკ? რატომ სტირით?

ანჟელიკი -   ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს დავსტირი, ერთადერთს, ვინც ამ ქვეყნად ახლობლად მეგულებოდა. მამის სიკვდილს ვგლოვობ.

კლეანტი -     ღმერთო ჩემო, ეს რა დაგმართნიათ! მე კი ბიძათქვენს ვთხოვე, მამათქვენთან ეშუამდგომლა. მერე მეც ვეახლებოდი და ხვეწნა-მუდარით გულს მოვულბობდი.

ანჟელიკი -   კლეანტ, ნურაფერს იტყვით, ქორწინებაზე ფიქრიც კი მზარავს. მამაჩემის სიკვდილის შემდეგ, მეც გავერიდები ამა სამყაროს. დიახ, მამაჩემო, ბევრჯერ გატკინეთ გული, მაგრამ ახლა ერთ სურვილს მაინც შეგისრულებთ, რათა ზეცის სასუფეველში გაიხაროთ. სიტყვას გაძლევთ და დასტურად შუბლზე გეამბორებით.

 

მოლიერი -   ო, შვილო ჩემო.

ანჟელიკი -   რაო?

მოლიერი -   მომიახლოვდი, ნუ გეშინია, მკვდარი არ გეგონო, ჩემი სისხლ-ხორცი ხარ და ნამდვილად ღირსეული შვილი. რაოდენ მიხარია, შენი ჭეშმარიტი ხასიათი რომ ამოვიცანი.

ანჟელიკი -   ეს რა ბედი მარგუნა ღმერთმა! ზეცამ ისმინა ჩემი ვედრება! ახლა კი მუხლმოყრილი გევედრებით: თუ კი კლეანტს არ გამაყოლებთ, ნურც სხვას მიმათხოვებთ ჩემი ნების გარეშე.

კლეანტი -     მოიღეთ მოწყალება, ჩემო ბატონო, გულთან მიიტანეთ ჩვენი თხოვნა და ხელს ნუ კრავთ ჩვენს სიყვარულს.

ბერალდი -   ძმაო, ნუთუ არ შეისმენ ხვეწნა-მუდარას?

ტუანეტი -    ბატონო ჩემო, ნუთუ გული არ გემდუღრებათ?

მოლიერი -   ექიმი გახდეს და ჩემი ქალის ხელი მიმიცია! დიახ, ექიმობა ისწავლეთ და ქალიც თქვენია!

კლეანტი -     სიამოვნებით, თუ კი საქმეს ეშველება, წინ ვერაფერი დამიდგება, ექიმობას ვისწავლი, აფთიქარობასაც, თუ ასეთია ნება თქვენი, ეს ადვილი საქმეა, ანჟელიკის გულისთვის მეტსაც გავაკეთებ!

ბერალდი -   ჩემო ძმაო! ერთი აზრი მომივიდა: იქნებ, შენ თვითონ გესწავლა ექიმობა? მუშტარი თუ დაგჭირდა, ამდენი ავადმყოფობის პატრონი აგერ არა ხარ?

ტუანეტი -    სწორი ბრძანებაა. უმალვე განიკურნებით, ყველა ავადმყოფობას მოერევით.

მოლიერი -   ლათინურს რაღა მოვუხერხო? მერე კიდევ, სნეულებებსა და წამლებშიც უნდა ვერკვეოდე.

ბერალდი -   ექიმის ჩაჩს რომ დაგხურავენ, ყოველივეს ადვილად შეისწავლი და ხელობაში ტოლს არავის დაუდებ.

მოლიერი -   რას ამბობ? საკმარისია ექიმის ტანსაცმელი მოისხა და ყველაფერს მოევლება?

ბერალდი -   მაშ, რა გეგონა? მთავარია, ენა არ დაგეღალოს! ქუდი და მოსასხამი ბრიყვს ჭკვიანად აქცევს, სულელს კი მეცნიერად მოგაჩვენებს.

ტუანეტი -    მისმინეთ, ბატონო, საქმეში წვერიც წაგადგებათ, წვერი ექიმის ნახევარია.

კლეანტი -     მე ყველაფერში ხელს გაგიმართავთ.

მოლიერი -   ახლავე?

ბერალდი -   დიახ, აქვე, თქვენს სახლში.

მოლიერი -   ჩემს სახლში?

ბერალდი -   დიახ. ერთი მეგობარი მეგულება ექიმთა ამქარში. ახლავე მოვა და ხელდასმას ამ დარბაზში ვიზეიმებთ.

მოლიერი -   მე რა უნდა ვთქვა? რამე თუ მკითხა, რა ვუპასუხო?

ბერალდი -   ორი სიტყვა და ყველაფერს მიხვდები, პასუხებს კი მზა-მზარეულს მოგართმევენ.

 

მოლიერი -   ვნახოთ, რა გამოვა.

კლეანტი -     ვინ მეგობარზე ლაპარაკობ?

ტუანეტი -    გუმანში რა გაქვთ?

ბერალდი -   საღამოს მხიარულად გატარება. მსახიობებმა ექიმის კურთხევის სცენა დადგეს, ცეკვებით და მუსიკით. გვარიანად გავერთობით. ჩემი ძმა კი წარმოდგენის მთავარი გმირი იქნება.

 

სცენა 10

 

მოლიერი -   ვის გაუგია ავადმყოფის ღვთის ანაბარა მიტოვება!

           ძინ... ძინ... ძინ... ეს რა უბედურებაა! ძინ... ძინ... ძინ სასიკვდილოდ გამიმეტეს, ღმერთო შენ შემეწიე!!!

 

ფარდა

 

 

 

ანრი დანონი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პიკნიკი ქალაქქვეშ

 

 

ფრანგულიდან თარგმნა ირინა ღოღობერიძემ

 

 

 

 

 

 

© Hენრი Dანონ 1992

© გამომცემლობა საარი 2005

© ირინა ღოღობერიძე. თარგმანი 2005

ჟოზეფისგან

ანრი დანონის შემწეობით

 

ძვირფასო ირინა,

 

აგლაემ დამცინა, როცა თითქმის დამთავრებული თარგმანის, სავარაუდო გამოცემისა და... ვინ იცის, იქნებ დადგმის შესახებაც ველაპარაკე. მან ნაცნობი ფრაზით კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ, შემომიტია: «შენ ბოდავ, ჟოზეფ, როგორც ყოველთვის. ნეტავ თუ გესმის, რა არის თბილისი? საქართველო?. გააცნობიერე, ჟოზეფ, კოლხეთი, ლეგენდა და ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანა». ეშმაკობა უხმარია ჩემს აგლაეს, უნივერსალური ენციკლოპედია წაუკითხავს და წაკითხულს თავისად ასაღებდა.

 

ვერც მე, ვერც ის ვერასდროს გავბედავდით საკუთარი თავისა თუ ახალგაზრდული ვნებების საძიებლად გადარჩენილი ოცნებანი იმ სახელებისთვის დაგვეწია, რომლებსაც ესოდენ კარგად იცნობთ იქ, საქართველოში. უჩვეულო რეალობამ უფლება მოგვცა მივმართოთ თეატრს და ჩემი ენისადმი თქვენს ღრმა სიახლოვეს, რათა მოწიწებით მივდიო თქვენს მიერ უკვე ნათარგმნ ფედოსა და ჟიროდუს.

 

მე და აგლაე, ეტყობა, იმთავითვე დაპროგრამებულნი ვიყავით თქვენი ცნობიერების სივრცეში. ბედნიერები ვართ, რადგან თქვენი ენის გავლით ოქროს საწმისს შევხვდებით მოკრძალებულად.

 

მოხუცი, რომელიც აშკარად ჩემსა და აგლაეს მაგივრად ლაპარაკობს ხოლმე, სიხარულს ვერ იოკებს. სწორედ ის მთხოვს მადლობასთან ერთად მეგობრობაც შემოგთავაზოთ.

 

მალე შეხვედრის იმედით,

 

თქვენი ერთგული ჟოზეფი.

 

პერსონაჟები:                       ჟოზეფი

                                   აგლაე

 

 

სცენის სიღრმეში, კუთხეში, აუდიომოწყობილობა და იაპონური შტორების ტიპის მოძრავი ვერტიკალური თასმებია დაკიდებული. მათი სიმაღლე ადამიანისას უახლოვდება. თასმები პერსონაჟებივითაა გამოჭრილი და მოხატული. თამაში გარკვეულ “ფიგურებს – სცენებს” გულისხმობს: ერთი პერსონაჟი მეორეს “უკან” მდგარი ლაპარაკობს, ან მოშორებით დგას. პერსონაჟები გამუდმებით თამაშში არიან. ზოგიერთ სცენაში ეს უძრავი პერსონაჟი-თასმები ერთიმეორესთან ისეთ მიმართებაში იმყოფებიან, როგორც ამას ჯიაკომეტის “ფიგურებში” ვხედავთ (ციურიხის მუზეუმი): ისინი თითქოს ახლობლები და მაინც უცნობები არიან,  თითქოს საკუთარი ტრაექტორიით მოძრაობენ სცენაზე, მაგრამ მაინც ერთად არიან.

 

და ბოლოს, მოქმედ პირთა ასაკს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს და მაინც... ოცდასამ წელზე ახალგაზრდები არ უნდა იყვნენ...

 

 

 

ნაწილი პირველი

 

ჟოზეფი ვარჯიშობს, ადგილზე ხტის, დარბის და სხვა.

აგლაე -          რას აკეთებ, ჟოზეფ?

ჟოზეფი -      ვვარჯიშობ, აგლაე.

აგლაე -          რატომ?

ჟოზეფი -      რომ წავიდე.

აგლაე -          წახვიდე?

ჯოზეფი -      წავიდე, გავემგზავრო, თავს ვუშველო, გავქრე.

აგლაე -          მტოვებ.

ჟოზეფი -      (წამით ჩერდება)    რა მოგდის? მივდივართ ერთად, შენ და მე.

აგლაე -          სად მივდივართ?

ჟოზეფი -      (ვარჯიშს განაგრძობს) ამაზონიაში.

აგლაე -          ჩვენი მოგზაურობა ცოტა ეგზოტიკური ხომ არ იქნება?

ჟოზეფი -      (ვარჯიშობს) არა.

აგლაე -          ჰო-ო?! (ხმაურის ფონს ჩართავს, სკამზე მოკალათდება) საბოლოო ჯამში ისინი დასაწოლად ზემოთ ავიდნენ.

ჟოზეფი -      (ვარჯიშობს) გადავკვეთავთ ტიბეტს.

აგლაე -          ნახარში მოგართვა, ძვირფასო?

ჟოზეფი -      (ვარჯიშობს) შემდეგ ბერინგის ყურე, ან სანდვიჩის კუნძულები ან პატაგონია.

აგლაე -          ჩამოჯექი, აქ კარგია (ჟოზეფი ვარჯიშობს) როდის მივდივართ?

ჟოზეფი -      (ვარჯიშობს) ხვალ.

აგლაე -          დაბრუნება?

ჟოზეფი -      უკან სავალი გზა მოჭრილია. მხოლოდ წინსვლა და არავითარი სინანული.

აგლაე -          აღარ დავბრუნდებით?

ჟოზეფი -      (ვარჯიშობს) არა.

აგლაე -          არასდროს?

ჟოზეფი -      (ჩერდება) ჩემთვის არა - არაა. არასდროს, არასდროს.

აგლაე -          რატომ, ძვირფასო? აქაურობა არ მოგწონს ? (გვერდით დასაჯდომად მოიპატიჟებს) დაჯექი.

ჟოზეფი -      შენ, რა თქმა უნდა, მომწონხარ (მიემართება დეკორაციისკენ. ფონი, ხმაური ტექსტს შეეფერება) ეს შეუდარებელი ატმოსფერო, ჩაფიქრებისათვის ხელსაყრელი... სიტკბოება, სიამოვნება!

აგლაე -          აღარ გიყვარვარ...

ჟოზეფი -      არა, სულელო. უბრალოდ, მომბეზრდა. ყელში ამომივიდა, ყურებიდან გადმომდის ეს სატვირთო მანქანები, პრემიერ მინისტრები, გაუთავებლად, რარაცეები, ვიღაცეები აქ, შენთან.

აგლაე -          აღარ გინდივარ (მიუახლოვდება რადიოს, ჩართავს, სასიყვარულო სიმღერა).

ჟოზეფი -      (გამორთავს) კიდევ ერთხელ გიმეორებ, აგლაე, შენი კუნტრუშა თეძოები არა მაქვს მხედველობაში. პრობლემა - ხმაურია. ხალხი. დილიდან საღამომდე. ღამეც კი. როცა ოცნება გინდა, ხალხი მალულად მითვალთვალებს, შექუჩულ ხროვადქცეული უკან მოგროვდება... საძინებელში, თავში, ხეებში, ტუალეტებში... ღრუბელიც კი არ დაცურავს საკუთარი სუპერბგერის გარეშე. სიჩუმის პაწაწუნა კუთხესაც კი საკუთარი აუდიოვიზუალური შხეფები გააჩნია.

აგლაე -          ნეტავ, ახლა რაღა დავაშავე?

ჟოზეფი -      შენ რა შუაში ხარ? ეს მეტრო, საბურღი მანქანები...

აგლაე -          ხმაურგაუტარი რომ იყოს აქაურობა, უკეთ იგრძნობდი თავს?

ჟოზეფი -      (ვითომ ტელეფონით ლაპარაკობს) ალო?! ვინ? ჟოზეფი? ესაუბროთ? სასწრაფოა? არა, ბატონო! ჯანდაბას! (აგლაეს მოუბრუნდება. პაუზა) და... მეზობლები!

აგლაე -          (ჟოზეფის უკან) მეზობლების გარეშე როგორ წავიდეთ, ჩვენი მშვენიერი მეზობლების გარეშე (ჟოზეფს წინ მოუვლის). რომელი მეზობლები?

ჟოზეფი -      (დეკორაციას უახლოვდება) ის ბატონები და ქალბატონები, ვერ შეამჩნიე? (რადიოში ჩურჩულის, საუბრის, ტელევიზორის და სხვ. ხმაური ისმის).

აგლაე -          (დეკორაციას მიაშურებს, ზურგით დადგება) არა. ვერაფერს ვხედავ.

ჟოზეფი -      (მანეკენებისგან მოშორებით დგას, სიცარიელისკენ გაიწვდის ხელს) აი, იქ, ცხვირწინ!

აგლაე -          ასეთი განსაკუთრებული რა აქვთ?

ჟოზეფი -      არარსებობა, არარაობა სახიფათოა და გადამდები.

აგლაე -          ოო, ჩემთვის, ხომ იცი, მთავარია ერთად ვიყოთ.

ჟოზეფი -      ყველანი ერთად. არავინ დაგვავიწყდეს, არავითარი ცრურწმენა. მობრძანდით, შევმჭიდროვდეთ, დავიპრესოთ, მივაწვეთ, ერთი პატარა ძალისხმევა. ერთი ადგილიღა დაგვრჩა, ცალი მხარი ჩაეტევა, ერთი ფეხიც. მსურველები აღარ არიან?

აგლაე -          ფანჯარა მოხურე.

ჟოზეფი -      გარეთ? სიცარიელე? სიჩუმე? ფეხის წვერებზე? კედლის მიღმა? ჭერამდე? ქუჩაში? აღარ გათავდა ეს ყველაფერი (მანქანის ხმაური).

 

აგლაე -          მარტონი ვართ.

ჟოზეფი -      მომბეზრდა.

აგლაე -          დამშვიდდი.

ჟოზეფი -      თავი დამანებონ, შემეშვან (პაუზა). შენ, შენ კმაყოფილი ხარ?

აგლაე -          რას ამბობ?

ჟოზეფი -      მიდი, ნუ გრცხვენია.

აგლაე -          არაფრისაც არ მრცხვენია.

ჟოზეფი -      კეთილი და პატიოსანი (ხელს მოკიდებს და გაასეირნ-გამოასეირნებს). ბრბო და სხვები? აგლაე? არ მინდა. ვიხრჩობი, როგორც თევზი უწყლოდ.

აგლაე -          გაჩერდი.

ჟოზეფი -      ყელში ამომივიდა. ჩავძაღლდები.

აგლაე -          ნუ აჭარბებ. ბოლოს და ბოლოს, მართლა დაიჯერებ ყველაფერს (პაუზა). გროგი ხომ არ გინდა?

ჟოზეფი -      ჩემნაირებს გაუმარჯოს! მილიონობით ძმაკაცის სადღეგრძელო იყოს! განრიგის ჭანჭიკით ვარ დაბმული.

აგლაე -          ცხელი გროგი!

ჟოზეფი -      ყველგან მეღვრება! შიგნით, გარეთ! კარის გაღება არაა საჭირო, არც ჭუჭრუტანა გჭირდება. გათელილი,, შთანთქმული, დამხრჩვალი. ვკვდები.

აგლაე -          კიდევ.

ჟოზეფი -      გავცამტვერდი (ხელებს ჯერ თვითონ ჩამოისვამს სახეზე, მერე აგლაეს ჩამოუსვამს). წავშალოთ! ყურადღებით, აგლაე (დეკორაციისკენ მიემართება). მომიტევეთ, მეგობრებო, აგლაე ხომ არ გინახავთ?

აგლაე -          (ჟოზეფის უკან) გათქვეფილი. დიდ სივრცეში. წაშლილი, ჩამორეცხილი, ხსნარად ქცეული (ჟოზეფის პირისპირ). არა და ყველგან ჟოზეფს ვხედავდი, ყოველ დილით მხოლოდ მას ვამჩნევდი.

ჟოზეფი -      ერთმანეთს ვკოცნიდით (კოცნიან ერთმანეთს)... გაუცნობიერებლად.

აგლაე -          დილიდან საღამომდე.

ჟოზეფი -      დღე მშვიდობისა! (ზურგს შეაქცევს, რამდენიმე ნაბიჯს გადადგავს).

აგლაე -          ჟოზეფ? ჟოზეფ! (უკან მისდევს).

ჟოზეფი -      (თავს მოაბრუნებს) უკაცრავად?

აგლაე -          ჟოზეფ, ძვირფასო.

ჟოზეფი -      რომელ ნომერს ინებებთ (გაშორდება, დეკორაციაში მიიმალება).

აგლაე -          ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი! ამ ბოლო დროს...

ჟოზეფი -      (ვარჯიშობს) შევიცვალე (კუნთებს ძაბავს). აი, ნახე!

აგლაე -          შენ ნაჭუჭში იმალები, მარტოვდები.

ჟოზეფი -      როგორ! ჟოზეფი და განმარტოება (ისევ რთავს რადიოს, ყურს მიუგდებს, ისმის საუბრები). ასეთ განმარტოებაზე ვილაპარაკოთ? (გადართავს, ისმის მუსიკა) თუ ასეთზე? (გადართავს, ისმის მოძრაობის ხმაური) არა? ასეთზე რაღას იტყვი? (გამორთავს, ისმის მანქანების, ბურღის ხმა) ნუ წუხდები, ძვირფასო, რაც შეეხება სიმარტოვეს, ფერთა წლიური გამა მზადაა... მთელი ცხოვრების მარაგი მაქვს, ბლოკებადაა დალაგებული. სამარესავით შავ, უშუქო ბლოკებად, არც წინაა არაფერი, არც უკან... დრამა და ჯოჯოხეთი. მაგალითად, ცოტა მოშორებით უღიმღამო ნოსტალგია მაქვს გადამალული, წვიმიანი დღისთვის - სიღატაკე და მიმქრალი უიმედობა. უფრო შორს თუ წახვალ, მეტაფიზიკურ და ამაღლებულ სტილს წააწყდები, მონოლოგით შენს არჩევანს შეახმიანებ, ამით კი უსასრულო სიცარიელეს და მარადისობას გააცოცხლებ. ეს სერია წმინდა კლასიკურ მოდელზე გადასვლას გვიმზადებს - შაქარი და ვანილი, ვანილი და შაქარი.

აგლაე -          (ჟოზეფის უკან დგება) ჩემი საყვარელი მოდელია.

ჟოზეფი -      (მსუბუქად შემოტრიალდება და გაშეშდება) ჩემიც.

აგლაე -          (ისევ ჟოზეფის უკან დგას) შადრევნების ჩაციებული თრთოლვა, ჩრდილთა შემპარავი სურნელი, სიჩუმის ბრმა თითები ღამის ბაგეზე (პაუზა).

ჟოზეფი -      (რადიოსთან მიირბენს. ჟრიამულის მოულოდნელი ტალღა «იქ დადევი ჩემი მანძილსაზომი. ბოდიში, აქ მობრძანდით» და ა.შ. ერთდროულად ყველა ენაზე: ფრანგულად, ინგლისურად, იტალიურად, ესპანურად, იაპონურად და ა.შ. ტექსტი, რომელსაც ჟოზეფი იტყვის, განმეორდება ყველა ენაზე ისე, რომ მისი ხმა არ დაიფარება.) ჩვენ ვიმყოფებით ალამბრას შუაგულში, სახელგანთქმულ ლომთა ეზოში. შეხედეთ და შეაფასეთ წყლის ჩანადენის და კანალიზაციის სისტემის სრულქმნილება. სისტემისა, რომელიც ალმორავიდებმა... ექვსას ოცდა ხუთმა, არა! ათას ოთხას ოთხმოცდათორმეტმა ალმორავიდმა - სიცოცხლის, ხელოვნების უზადო შემქნელებმა, გადმოგვცეს. დღესაც, ამ წუთსაც ამ სისტემით ვსარგებლობთ. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი შვილთაშვილებიც ისარგებლებენ. მომყევით, თუ შეიძლება! აქეთ, ფრანგების ჯგუფი, აქეთ! ვიჩქაროთ! თუ შეიძლება, ვიჩქაროთ (პაუზა, აგლაე ვარჯიშობს). აგლაე!

აგლაე -          ბატონო?

ჟოზეფი -      მისმენ?

აგლაე -          როგორც ხედავ, გისმენ.

ჟოზეფი -      მაშ, რას აკეთებ?

აგლაე -          ვვარჯიშობ (ჩერდება).

ჟოზეფი -      დაიღალე?

აგლაე -          საკმაოდ. დასაწყისში. ზურგს ხომ არ დამიზელ?

ჟოზეფი -      გამგზავრება...

აგლაე -          ცოტა დაბლა.

ჟოზეფი -      განთავისუფლება...

აგლაე -          ეხლა მარჯვნივ.

ჟოზეფი -      დღის ბოლოს კი... სიჩუმე.

აგლაე -          კეფისკენ, გეთაყვა, აი, აქ.

ჟოზეფი -      ჩვენს თავს უკვე იქ ვხედავ.

 

აგლაე -          ცოტა ფრთხილად, კანი ნუ დამაგლიჯე.

ჟოზეფი -      ზუსტი არჩევანი... კარგად შესწავლილი. კარგია?

აგლაე -          მშვენიერი. მადლობთ, ჩემო საყვარელო (პაუზა).

ჟოზეფი -      ნუ გეშინია, აგლაე (ორივე საკმაოდ დიდ წრეს შემოუვლის სცენას).

აგლაე -          დავიკარგებით.

ჟოზეფი -      სასაცილო ხარ.

აგლაე -          დედამიწა ცარიელია, ჟოზეფ. გამოფიტული, მკვდარი.

ჟოზეფი -      იქით გაიხედე.

აგლაე -          აღარავინ არის.

ჟოზეფი -      გაუმარჯოს თავისუფლებას!

აგლაე -          სიჩუმე (ჩართავს რადიოს. ისმის ცარიელი ფონის ხმა. მობრუნდება, ქვითინებს). როგორც ყოველთვის, სამსახურიდან გამოვდიოდი (გარბის). უკაცრავად, მაპატიე (ჟოზეფის პირისპირ ჩერდება).

ჟოზეფი -      ცოტა ფრთხილად, თუ შეიძლება.

აგლაე -          (ვიღაცას, ვინც თითქოს მის უკან დგას) გაიწიეთ, გეთაყვა, გამსრისეთ და ეგ არის.

ჟოზეფი -      (სიარულს იწყებს, თითქოს ძალიან ეჩქარება) ნუთუ ვერ ხედავთ, რომ გავლას მიშლით (თამაში აქ მრავალგვარი შეიძლება იყოს: მოძრავი, უძრავი, მსახიობები ხან ერთად არიან, ხან დაკორაციაში დგანან და სხვ.).

აგლაე -          მარტო ხომ არ გგონიათ თქვენი თავი? მეც მეჩქარება.

ჟოზეფი -      მაპატიეთ, წასვლა მინდოდა.

აგლაე -          მე კი, ასვლა.

ჟოზეფი -      მაშ მე ჩავდივარ.

აგლაე -          მე ავდივარ.

ჟოზეფი -      გაიწიეთ.

აგლაე -          ნუ მაწვებით.

ჟოზეფი -      მახრჩობ, ყეყეჩო.

აგლაე -          გამსრისე, ბრიყვო.

ჟოზეფი -      არ გეყო ჭიდაობა?

აგლაე -          ჩამომაგდებს ეს სულელი (ტრიალ-ტრიალით მარჯვენა კუთხეში აღმოჩნდება, ჟოზეფი საპირისპირო მიმართულებით მიექანება).

ჟოზეფი -      ხელის კვრას არ გაპატიებ. აბა, გასრიალდი აქედან.

აგლაე -          უნდა ჩავეჭიდო! თმა, სათვალე, ყველაფერი დავკარგე.

ჟოზეფი -      ვერა ხედავთ, წინ რომ ვეღარ მივიწევი?

აგლაე -          არ გაბედოთ ხელის ფათური. ასეთი სიფათით... სახარბიელო არაფერია.

ჟოზეფი -      რას მკვრავ მუჯლუგუნს?

აგლაე -          ვაი!

ჟოზეფი -      დავიხრჩვით.

აგლაე -          ყარს აქაურობა.

ჟოზეფი -      რა ხდება!

აგლაე -          გავჩერდით.

ჟოზეფი -      მძღოლი გაქრა?

აგლაე -          შუქნიშანია!

ჟოზეფი -      სული მეხუთება.

აგლაე -          (ზურგზე მოაჯდება ჟოზეფს) გასასვლელი, გეთაყვა!

ჟოზეფი -      დაკეტილია.

 

            აგლაე ხელით თვალებს მოიჩრდილავს.

 

ჟოზეფი -      აქედან წასვლა ჯობს (ადგილზე ტრიალდება, ჩერდება) ახალი ჰიბრიდების კუნძულებზე, ლაბრადორზე (საწყის პოზიციას უბრუნდება).

 

აგლაე -          მეც, მეც!

ჟოზეფი -      გასასვლელი? ზურგი შემაქციეთ? (აგლაე ჟოზეფის ზურგიდან ჩამოდის, მის უკან დგება).

აგლაე -          საბოლოოდ (ისევ ზურგზე მოაჯდება ჟოზეფს).

ჟოზეფი -      არა, აქ არ შეიძლება, აქედან არა.

აგლაე -          რადგან გვითხრეს, ჩემო ბატონო, ნუ გავჯიუტდებით. არა, ბატონო, ეს სარკმელი დაკეტილია.

ჟოზეფი -      მაშ, აქედან მოვჭრათ.

აგლაე -          ეს მიმართულებაც აკრძალულია.

ჟოზეფი -      აკრძალულია, და ჩამობრძანდით.

აგლაე -          კითხვა აღარ იცით? იქ, ცხვირწინ.

ჟოზეფი -      გამატარეთ.

აგლაე -          მიშველეთ.

ჟოზეფი -      სასიკვდილოა.

აგლაე -          ტა-ტა-ტა...

ჟოზეფი -      დამეხსენ თავიდან, ჯანდაბა, მეც კი გადავიხადე ამ ადგილის საფასური.

აგლაე -          ჩვენი ბილეთები ხელში მეჭირა.

ჟოზეფი -      ბრმების ხროვა.

აგლაე -          მოაჯირი, პოლიცია, კონტროლიორები (ჟესტი).

ჟოზეფი -      ... (პაუზა).

აგლაე -          აღარაფერი ისმის (პაუზა). როგორ არა, უკანასკნელი ამოოხვრის მაგვარი რამ ისმის (ჩამოდის ჟოზეფის ზურგიდან. წინ ჩაუვლის). საბედნიეროდ მომავალ ზაფხულს...

ჟოზეფი -      ყვითლითა და ბაცი მწვანით გაჯერებულ შუქთან ერთად, რომელშიც ამ შუქისსავეK ნამსხვრევები შთაინთქმებოდა... ბედნიერების ამოსუნთქვა მომესმა (რადიოში აეროპორტის განცხადებებისთვის ჩვეული სამი ბგერა გაისმის, ხმაური და დიქტორისKხმა: “კოლომბოში, სიდნეიში, ლაროშ-მიგენში მიმავალ მგზავრებს ვთხოვთ სასწრაფოდ გამოცხადნენ...”).

აგლაე -          ჟოზეფ! სად იყავი? ყველგან გეძებე!

ჟოზეფი -      კომპრესორები?

აგლაე -          რიგისტრირებულია.

ჟოზეფი -      ჩემოდნები?

აგლაიე -        (მოუთმენლად) ჩავაბარე.

ჟოზეფი -      ფოტოაპარატურა?

აგლაე -          აქაა! კამერებიც.

ჟოზეფი -      მაგნიტოფონები (რადიოში: “ბატონ ჟოზეფს, ვთხოვთ ბატონ ჟოზეფს პასპორტის კონტროლზე. გასასვლელი 7794. გთხოვთ, 7794-თან, ბატონ ჟოზეფს”).

აგლაე -          (მისკენ გაემართება) ჟოზეფ! აქ რას აკეთებ? ვერაფერი გამიგია (ხელს კიდებს). მოდი, უნდა წარგადგინო. ერთი მაზალოთა ბანდა მიემგზავრება. შეხე რასა ჰგვანან... ბალის კუნძულის თაობაზე კი უნდა გაინძრე. აგვისტოში კრემაციისთვის განკუთვნილი პირველი სამი რიგი უკვე დაკავებულია. გინება-ღა დაგრჩა. Gგაიძვერები, ყველგან, ყველგან ერთი და იგივეა. ათენში, ფლორენციაში. მხოლოდ მაღარიჩი... გესმის? მხოლოდ ბაკშიში... ბიჭო, რას ვაკლდებოდი, საკუთარ კრემაციას. აზრზე მოდი: პარიზი - ბალის კუნძული და ტიკ-ტაკ! მართალია, კარგად გამოვიყურებოდი. კიდევ კარგი, თავის დაცვა მოვახერხე.

ჟოზეფი -      (კუნტრუშით) აგლაე!

აგლაე -          სად დამეკარგა ეს კაცი?

ჟოზეფი -      ხმას თუ არ გამცემ, გაგექცევი (აგლაეს თითქოს რაღაც ქაღალდს აწვდის). ეს თუ ნახეთ?

აგლაე -          რა არის?

ჟოზეფი -      მე გახლავარ.

აგლაე -          კაცი ვერ გიცნობს.

ჟოზეფი -      როგორ? ყველაფერი ადგილზეა. ჩაბეჭდილი, ლამინირებული, დამოწმებული, ჩაკომპიუტერებული, წაკითხვა-ღა რჩება. კითხვა თუ იცით? იცით?

აგლაე -          03-41-01-12-125...

ჟოზეფი -      მანახეთ... 125...

აგლაე -          125-38-74...

ჟოზეფი -      6-732. აი, ეს მომწონს, 732. პუატიეს ბრძოლის თარიღი (იფხორება). როგორ მიხდება! როგორა მგავს ეს თარიღი!

აგლაე -          1789-14-18. ამას დამიხედე, 732-17-89-14-18. არა! ნამდვილად გაგანებივრეს. რა მშვენიერი სახელია, ადვილად დასამახსოვრებელი (ჟოზეფს ჩაეხვევა). ვაჟკაცური და ინტიმური. თოთხმეტი-თვრამეტი! მაკოცე, ძვირფასო, მომეხვიე (ერთმანეთს კოცნიან). რა კარგია!

ჟოზეფი -      (აგლაეს არ უშვებს, ეხვევა) თქვენი, ძვირფასო, თქვენი სახელი? რა გქვია? სახელი...

აგლაე -          (მორცხვად) გამოიცანი.

ჟოზეფი -      აზრზე ვერ მოვდივარ! (აგლაიე ყურში ჩასჩურჩულებს) არა?!

აგლაე -          დიახაც.

ჟოზეფი -      მშვენიერია.

აგლაე -          გაიმეორე, გთხოვ, ჩემი ხათრით, მასიამოვნეთ.

ჟოზეფი -      (თეატრალური პაუზის შემდეგ) გამგზავრება. სიმარტოვე. თავისუფლება.

აგლაე -          რა ცუდი ხარ!

ჟოზეფი -      (გამოფხიზლდება) 37-37. შOშ-75! ძვირფასო!

აგლაე -          ძვირფასო! (ერთმანეთს ეხვევიან. ასე ჩახუტებულები მოძრაობენ). არაჩვეულებრივად პრაქტიკულია, თანაც... თითო-კაცზე. აბა! შეუდარებელი ნაირფეროვნება, შეუდარებელი ფანტაზია.

ჟოზეფი -      ტროპიკული ბარაქა; ოცციფრიანი გაუჩეხავი ტყე ძირშიმოჭრილი ასოებით? ან ასოების გარეშე! პრეფიქსებით, სუფიქსებით, ანაკოლუფებით, ლოგარითმებით დატენილი, ოქრო-ვერცხლით შემოსილი. და მაინც, უჩვეულო ნაირფეროვნების, უსასრული ნაირგვარობის მიუხედავად, თვითოეულს თავისი, საკუთარი ნომერი, თავისი “მე” გააჩნია.

აგლაე -          არავითარი შიში, რომ ვინმე დაზღვეულ წერილში აგრევს.

ჟოზეფი -      თანაც კაცი, ქალი, ყველა ერთია... ციფრები და სხვა არაფერი! სექსი! დიქტატურა დამხობილია!

 

აგლაე -          სრული თანასწორობა!

ჟოზეფი -      თუ დაუძახებ: ჟოზეფ!

აგლაე -          ჟოზეფ? ვინ არის ჟოზეფი?

ჟოზეფი -      ჟოზეფ!

აგლაე -          არ ვიცნობ!

ჟოზეფი -      ჟოზეფ!

აგლაე -          ჟოზეფ? არ ვიცნობ.

ჟოზეფი -      ჟოზეფ!

აგლაე -          (ჟოზეფისკენ მიემართება... მოულოდნელად იცვლის მიმართულებას) ბატონო?

ჟოზეფი -      თქვენა ხართ ჟოზეფი?

აგლაე -          ნამდვილად!

ჟოზეფი -      თქვენ ნამდვილად ჟოზეფი ბრძანდებით? (პაუზა) დამიმტკიცეთ.

აგლაე -          (ტუჩებს დაბრეცს) კმარა!

ჟოზეფი -      მიდი, მიდი.

აგლაე -          ვერა მცნობთ?

ჟოზეფი -      ჟოზეფები ნამდვილად არასდროს დაგვკლებია...

აგლაე -          აბა... ფეხებში გვებლანდებიან, კედლებზე აკრულნი არიან... აფიშებივით... მათ გზა და გზა ვკარგავთ. არ ვიცი პირდაპირ... რას ჰგავს ეს?

ჟოზეფი -      (აგლაეს პირისპირ) ნიშანი რომ დაგედოთ, ადვილად იპოვნიდით (აგლაეს ზურგიდან მოუვლის). არასდროს გესმოდა ჩემი!

აგლაე -          (მაკეტებისკენ მიემართება) მე, ჟოზეფი, მწყობრში დავდივარ, ნაბიჯაწყობილი. რიტმულად. ამყევით, ჟოზეფები, ვიჩქაროთ, აბა, ერთად, ჟოზეფებო.

ჟოზეფი -      აგლაე გაჯავრებულია.

აგლაე -          (დეკორაციიდან გამოდის, ხელებს ჭუჭყიანი ჩვრით იწმენდს) ყველანი შევამოწმე, ნაწილებად დავშალე, ზუსტ დროზე დავაყენე.

ჟოზეფი -      (პროფილით მაყურებლისკენ, აგლაეს პირისპირ) ეხლა მე უნისონით ვლაპარაკობ, ერთად, ერთდროულად გამოვთქვამ, წარმოსახვაც ერთიანი მაქვს. მე ყველა ვარ.

აგლაე -          (მაკეტებისკენ მიბრუნდება) მათგან ორი თუ სამი მოიშალა, დასამსხვრევად გადავაგზავნე.

ჟოზეფი -      (მაკეტების წინ) რას ამბობთ, რომელი?

აგლაე -          (იატაკზე გაშოტილი, მაკეტებიდან თავს გამოყოფს) გიყვარვარ, ჟოზეფ?

ჟოზეფი -      მიყვარხარ თუ არა, ჩემო საწყალო ზანზალაკო? ამას მე მეკითხები? აბა, ამას რა ჰქვია? (გრამოფონისკენ მიემართება და მომდევნო რეპლიკებს მოკლე მუსიკალური პასაჟებით გაახმოვანებს. ისმის თანამედროვე, რეტრო, ლამაზი, ვულგარული, სენტიმენტალური, მოჩვენებითი თუ მართლაც გიჟური სიმღერების ნაწყვეტები) აი, ეს?! აბა, ეს რა არის? სიყვარული არაა? გრძნობა?! ვნება?! ამაზე უკეთ რით დაგიმტკიცო?

აგლაე -          (ჩაეხვევა) ჩემო... ჩემო კუსკუსა!

ჟოზეფი -      (მოიშორებს. ისევ გრამოფონი) მოიცა! რადგან ასე გინდა, ეხლავე მოგემსახურები, აი, ეხლავე მოგართმევ. აი, სოფელიც. ხომ გიყვარს სოფელი?

 

აგლაე -          იცი, მე და ბუნება...

ჟოზეფი -      სიმარტოვე, ჩერჩეტო. ვერ გაიგე? ვერა? სულ ხომ არ გამოვსულელდით ორივე? ნუ თამაშობ უმანკო ასულს. სიმარტოვე აგვანთებს, აგვანთებს. შე ბატო, შენა. ბუნების წიაღში ვიჟიმაოთ (გრამოფონში ისმის ტანგოს ჰანგები. აგლაე და ჟოზეფი რამდენიმე სვლას აკეთებენ. შემდეგ ტანგო მკვეთრად გადადის ბახის “სამების საკვირაო კანტატაზე” “სული ჩემი მორწმუნე, კრთის და გალობს”. პაუზა. გრამოფონი ჩერდება). მოკლედ, მიყვარხარ. ან ჰო, ან ჯანდაბას!

აგლაე -          სულ ერთად, არავითარი სტუმრები (ჟოზეფი მსუბუქად შემოტრიალდება. აგლაე მის უკან იგივე მოძრაობას აკეთებს). ის ჟოზეფიც გზაში დამეკარგა! (ჟოზეფი გვერდში ამოუდგება, ორივე მიმართულებას იცვლის).

ჟოზეფი -      სწრაფად, ჩუმ-ჩუმად დაუჩინარდა.

აგლაე -          კედლებს გაყვა (ჟოზეფს გარს უვლის, მეორე მხრიდან ამოუდგება).

ჟოზეფი -      სიბნელიდან გამოსხივებული მოძრაობაღა დამრჩა.

აგლაე -          სიბნელეშივე შთანთქმული.

ჟოზეფი -      ამოოხვრა.

აგლაე -          დაჩაჩანაკებული არლეკინი (ჟოზეფი აგლაეს დაიჭერს და ტუჩებზე ხელს ააფარებს).

ჟოზეფი -      სულისგულს გავიჭყლიტავ, მაგრამ პირში ჩაჩრილ ბურთს გავანთავისუფლებ.

აგლაე -          უხმაუროდ.

ჟოზეფი -      აუჩქარებლად.

აგლაე -          ვიპარები, ვქრები.

ჟოზეფი -      (გაქვავებული) რბილი, უხმაურო ლანჩებით.

აგლაე -          მსუბუქად, ღმერთის წყალობით.

ჟოზეფი -      ვცეკვავ (ჟოზეფი და აგლაე ერთმანეთს გარს უვლიან და პირისპირ ჩერდებიან).

აგლაე -          ვიცოდი, ვიცოდი, რომ ჩემი მიტოვება გადაწყვიტე.

ჟოზეფი -      აბა, რას ამბობ, ჩემო ქალბატონო? ჩვენ ჟოზეფი გავაბრძანეთ აქედან! მოვიშორეთ! თავს გვაბეზრებდა.

აგლაე -          (დეკლამაციით) მივდივართ, აგლაე. მარტოობა, აგლაე, სიწყნარე, აგლაე.

ჟოზეფი -      უაცრად გაგვეპარა, ცის ლაჟვარდმა მიიტაცა. ის... ჟოზეფი... ის დუნდულებში მომწყვდეული ბუშტი.

აგლაე -          რა ვქნა ეხლა? ცას შევაჩერდე?

ჟოზეფი -      მივდივართ, ჩემო სიყვარულო. სიმარტოვე.

აგლაე -          (სწრაფად ჩაეხვევა) რა კარგია, ძვირფასო! რა ბედნიერი ვარ. მალე დავიწყებთ?

ჟოზეფი -      (ვარჯიშობს) ეხლავე (პაუზა).

აგლაე -          ჟოზეფ? ისე, უდაბნოში ნუ წავალთ. ორნი, მარტონი, წყლის გარეშე? ზოგიერთები ვერ იტანენ უდაბნოს. ქვები...

 

ჟოზეფი -      სიწყნარე და მინერალები (პაუზა). ცოტა ხმაური, თუ შეიძლება!

აგლაე -          სიწყნარეც... არავინ. არსად. არავინ.

ჟოზეფი -      ცოტა ხმაურს ხომ ვერ მომიძებნით? ერთი უბედურისთვის მჭირდება, რომელმაც კოლეგების და პიკის საათის შეგრძნება სადღაც მიკარგა (ჟოზეფი დეკორაციისკენ მიემართება). აღარავინაა, ბატონებო და ქალბატონებო, ხალხი გაქრა, აორთქლდა. ადრეე ასი ათასი იძინებდა და სამი მილიარდი იღვიძებდა. ხმაური ხორცის მაგივრობას წევს, ხმაური გვევედრება, გვაძღებს, გვამშვიდებს, იავნანას გვიმღერის და ოცნების უნარს გვინარჩუნებს (გრამოფონში მანქანების, ბურღვის, ჭყლეტის, ჩხუბის და სხვ. ხმაური ისმის).

აგლაე -          თქვენ ჩემს ხმაურში ხართ, გეთაყვა, ეს ჩემი ზონაა. და-ჯავ-შნუ-ლი-ა.

ჟოზეფი -      თქვენი ხმაური სრულყოფილი არ არის. კეთილი ინებეთ...

აგლაე -          გაიწიეთ, გეთაყვა.

ჟოზეფი -      აი, აქ, აქ უკვე ჩემს ყურებში ბრძანდებით.

აგლაე -          (ჟოზეფის ზურგს უკან) ესროლე, ჟოზეფ! ცეცხლი! (წინიდან დაუდგება)

ჟოზეფი -      ბარიკადები აღვმართოთ, აგლაე.

აგლაე -          უდაბნოში?

ჟოზეფი -      რატომაც არა? ვინც იქ პირველი ჩავა (მხარზე წაკრავს ხელს), ბაჰ! და ჩაბარდება! (ვარჯიშობს) უმთავრესი მშვიდობაა, გესმის? მშვიდობა და მედიტაცია, ფიქრი.

აგლაე -          განრიდება.

ჟოზეფი -      (მაღალფარდოვნად) განმერიდე, აგლაე.

აგლაე -          (ოდნავ უკან დაიხევს და ადგილს შეიცვლის; კბილებდათხრილი ოცნებები, ტყვია-თუთიის კუნძულები, გაპოხილი ორთქლი, ნავსადგურების ჭუჭყიან-ყავის-ფერი ჟელატინი.

ჟოზეფი -      მოგზაურობის პოეზია (ხმაური: აეროპორტის კაკოფონია).

აგლაე -          (დარბის დეკორაციაში, ჟოზეფს ზურგს შეაქცევს, ჩერდება. პაუზა). ცრუპენტელა, ბოთლში ჩატეხილი სამაფრიანი გემის მეკობრევ, შემოგარენის არგონავტო.

ჟოზეფი -      უძრავაფრიანი გემები, ტაიფუნები, გაუჩეხავი ტყეები.

აგლაე -          ბავშვობის სიზმრებია.

ჟოზეფი -      დარაბებს ჩრდილს მიღმა გარინდული აგვისტოს თვეები. მოგონებანი.

აგლაე -          (ჟოზეფის უკან დგას) გგონია კარგადაა დალაგებული შენი მოგონებანი? აბა, გამოაღე უჯრა.

ჟოზეფი -      ერთ მოსაწყენ, უიმედო საღამოს მათ გადმოალაგებ, გახსნი. სინაზე.

აგლაე -          იჩქარე, მეძინება. ასჯერ გაქვს ყველაფერი მოყოლილი, ჩემო ფისუნია.

 

ჟოზეფი -      ფიგურები წვეთ-წვეთად იღვრება, ღიმილთა მურაბა, ოცნებათა ჰაშიში (სწრაფად, დეკლამაციით). მეზღვაურები, ორანძა ნავები, კაპიტანი, უკაცრიელი კუნძული, ნისლი, ჰიმალაია.

აგლაე -          (ისევ ჟოზეფის უკან) პატარა მეზობელი გოგონა მარწყვით გამოტენილი პირით.

ჟოზეფი -      (მსუბუქად შემოტრიალდება) მარწყვი... ჩემი თითებით, ცხვირით, ლოყებით, ნიკაპით ნაზად გადასრესილი.

აგლაე -          (ჟოზეფის უკან) ჩემი ტუჩები (პაუზა). მანქანის დაჯახება (ისმის მუხრუჭების კლაქსონის საშინელი ხმაური - შეჯახება - ყვირილი).

ჟოზეფი -      (აგლაეს მიუბრუნდება) გიყვარვარ, აგლაე? (პაუზა)

აგლაე -          რა საკითხავია (გარამოფონზე იგივე სიმღერებს აახმიანებს, რაც წინა სცენაში, მაგრამ უფრო ხანმოკლედ). არ გჯერა? ისევ ეჭვები? დაგიმტკიცო?

ჟოზეფი -      მკვდარი ხარ, გესმის? ჩაძაღლებული, დაღეჭილი... უსახელო, სხვათა ოკეანეში მივიწყებული. სანაგვეში გადასაგდები, ჩასატვირთი. აბა, გაახურეთ ნაგვის საწვავი ღუმელი.

აგლაე -          (უყურებს, თანაც ფრჩხილებს იქლიბავს) მკაფიოდ გამოთქვი, მეგობარო, არაფერი გვესმის.

ჟოზეფი -      შეუძლებელია. ლაპარაკისას თითქოს რაღაც მეყლაპება (გრამოფონში ისმის დისკოს რამდენიმე ტაქტი) ტა! ტა-ტა-ტა!

აგლაე -          ფეხები, ახალგაზრდავ, ფეხებიც გამოიყენეთ.

ჟოზეფი -      ოხვრები, დაპირებები, კეთილი ქალები, გამვლელები, კერპები, სიტყვები, ბუშტები, სიცილით ვსკდებით, ხოცვა და შიმშილი (პაუზა. აგლაე ტრიალებს, ჟოზეფი უკან იხევს, სხვა მიმართულებით მოძრაობს). სიზმარს ფეხი გადავაბიჯე. კარს ფრთხილად ვაღებ. იატაკი ჭრაჭუნით ოხრავს.

აგლაე -          დერეფნის ლარნაკისებრ სიღრმეში ვიძირები. სამალავს ალბათ ვერ მივაღწევ.

ჟოზეფი -      მხოლოდ ჩვენთვის განკუთვნილი ადგილია, აგლაე!

აგლაე -          ეს ხმა მეცნობა (აგლაე და ჟოზეფი გაირინდებიან, მაგრამ ყურადღება სხვადასხვა მიმართულებით აქვთ დაფიქსირებული). ეი! თქვენ! დიახ, თქვენ.

ჟოზეფი -      მავთულს გაუფრთხილდით.

აგლაე -          ზედმეტად ექაჩებით.

ჟოზეფი -      არ ამოგლიჯოთ, ფრთხილად.

აგლაე და ჟოზეფი -           (ერთად მღერიან) ასე ვართ, ვართ, ვართ, ჩვენ, პატარა თოჯინები! (გაირინდებიან. პაუზა)

ჟოზეფი -      (აგლაეს როგორც ავტომატს, ისე ამოძრავებს) ვინმე იფიქრებს, რომ... ამას რამე გაეგება.

 

აგლაე -          (მაკეტებისკენ) გთხოვთ, ბატონებო და ქალბატონებო, შემდეგ გაჩერებაზე არ ჩაბრძანდეთ, მარტო არ დამტოვოთ, ნუ მიმატოვებთ. იტალიის მოედნამდე კიდევ რვა გაჩერებაა. რა კარგია, არა? რამდენი დრო გვაქვს სალაპარაკოდ.

ჟოზეფი -      ჩემს ქმართან ლაპარაკი შეუძლებელია, მერწმუნეთ. ველურია.

აგლაე -          (ჟოზეფს მიუბრუნდება) მიყვარს ხალხთან ლაპარაკი.

ჟოზეფი -      (კვლავ აგლაეს უკან) ადამიანების მიერ დავიწყებული ლაყბობის ზღვაში ჩაძირვა მომინდა (გაეცლება, ცოტა მოშორებით დადგება). ალო, ლაპარაკობს რადიო-სიურპრიზი.

აგლაე -          გამარჯობა, ჟოზეფ! რა მშვენიერი სიურპრიზია.

ჟოზეფი -      ბრავო. უკვე მოიგეთ 32 ფრანკი და 25 სანტიმი, მოიგეთ, აგრეთვე, პლექსიგლაზის ტუალეტი. დარჩით ჩვენთან ერთად.

აგლაე -          რა თქმა უნდა.

ჟოზეფი -      მაშ, 50 ფრანკად, ვიმეორებ, 50 ფრანკად მოგვიყევით თქვენი პირველი სიყვარულის ამბავი. რაო? ძალიან მორცხვი ბრძანდებით. როგორ? ასე იყოს. სულ ერთია. შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ფინალში, შეგახსენებთ, რომ ბედნიერი გამარჯვებული ერთ კვირას გაატარებს... (გრამოფონში ისმის ინდური, არაბული და ჩინური მუსიკა). ეხლა, ჩვენი ახალი მეგობარი აგლაე მოგვიყვება...

აგლაე -          (ბეჯითი მოწაფის ინტონაციით) ჩემი პირველი ორგაზმის შესახებ. უმთვარო ღამე იყო...

ჟოზეფი -      ჩვენ გავემგზავრეთ. უკან დაბრუნება არც გვიფიქრია.Kთავისუფლები...

აგლაე -          (მეგაფონში - ქუჩაში, გაზეთის გამყიდველის ინტონაციით) სიჩუმის აღმოსაჩენად! ექკლუზიური სიჩუმის!

ჟოზეფი -      (მეგაფონს ჩამოართმევს) ლიმიტირებული მაქსიმუმი ორასი მონაწილეა.

აგლაე -          (მეგაფონში) ორასი ძმაკაცი. ატმოსფერო, გარემო, განწყობა. ფიესტა. ღამე პატარა საძინებელში. სიმარტოვეს თავისი სიჩუმე გააჩნია.

ჟოზეფი -      სიჩუმე, სიმარტოვე (მუხლებზე დაეშვება). უფალო, გვიბოძე ჩვენი კუთვნილი ყოველდღიური ხმაური ზეცასა და დედამიწაზე (გრამოფონში ხმამაღლა ისმის საეკლესიო საგალობელი, რომელიც წყდება, როგორც კი ჟოზეფი წამოდგება). მოდით, ხალხო, ხმაური ყველას ეყოფა!

აგლაე -          ჟოზეფ, მე აქა ვარ. ხელი მომკიდე, რომ არ დავიკარგოთ.

ჟოზეფი -      (აგლაეს ეხვევა) მართლა?

აგლაე -          (თავს ინთავისუფლებს, მსუბუქად ტრიალებს) ამბობდნენ, რომ... (პაუზა)

 

ჟოზეფი -      (იგივე მიმართულებით ტრიალებს) მარტონი ვიქნებოდით, მხოლოდ ჩვენ...

აგლაე -          სამუდამოდ.

ჟოზეფი -      ხმაურის გარეშე.

აგლაე -          ამბობდნენ, რომ მშვენიერი იქნებოდა...

ჟოზეფი -      ამბობდნენ, რომ არავინ შეგვიშლიდა ხელს. ამბობდნენ, რომ ძალდატანება აღარ დაგვჭირდებოდა.

აგლაე -          ამბობდნენ, რომ ყოველგვარი დაბრკოლება გაქრებოდა.

ჟოზეფი -      არასდროს არაფერს ვიტყოდით, არავისთან.

აგლაე -          (პირველი მოეგება გონს) არავინ, არაფერს. გეყოფა, ჟოზეფ! გესმის, რას ამბობ?

ჟოზეფი -      (მრისხანედ) არავინ!... სამოთხე...

აგლაე -          (მოშორდება) თითოO სართულზე თითო ლაქიაKდა ვივალდის მუსიკის ფონი. ჭკუას მოუხმე, ჩემო...

ჟოზეფი -      უზენაესი სიფრთხილის ხატო, წმინდა აგლაევ! ზომიერი ჯალათების მიმართ ბზიკიანი ვარ. მორჩა, გათავდა, ჩალაგდა, განადგურდა თავაზიანობა, აუცილებელი საუბრები, გულისწამღები უსასრულო მუსიკალური ფონი, ბრბო. იცი, ვინა ხარ შენ ამ შენი სიფხიზლით? ტერორისტი! სანაგვეზე - ქალთა დღე და სხვა დღესასწაულები!

აგლაე -          დამშვიდდი. ვინმეს გიჟი ეგონები.

ჟოზეფი -      (დეკორაციიდან) სულელები, ლაჩრები, მათთან რა მაქვს საერთო?

აგლაე -          და სხვები?

ჟოზეფი -      ვინ სხვები?

აგლაე -          სულელები.

ჟოზეფი -      მათ ჩემი შურთ. მე თავისუფალი ვარ, თავისუფალი.

აგლაე -          (ჟოზეფის უკან) უკვე? დარწმუნებული ხარ? (პაუზა) აკრძალულია.

ჟოზეფი -      აკრძალულია გარეთ გახედვა.

აგლაე -          საკუთარ თავში ჩახედვა.

ჟოზეფი -      აკრძალულია განმარტოებით ფიქრი.

აგლაე -          (ჟოზეფის უკან) აკრძალულია მარტო ლაპარაკი.

ჟოზეფი -      აკრძალულია თვალების დახუჭვა, აკრძალულია გაჩუმება, აკრძალულია, აკრძალულია... აუცილებლობის გარეშეც ყველაფერი აკრძალულია. მსურს ქუჩები დავაცარიელო, მეტრო ამოვახშო, აურზაური წამალივით გამოვწერო.

აგლაე -          ბატონი თავის ფანტასმაგორიებს ეალერსება, ბატონი საკუთარ ნარწყევს ღეჭავს.

ჟოზეფი -      ჩემო გოგონა, ამაზე მარტივი არაფერია. ჩემი ნარწყევი თუ არ მოგწონს, სხვისასაც ნუ მიირთმევ (აგლაე გაეცლება, ისმის დებიუსის პრელუდი). აგლაე, მისმენ?

აგლაე -          (თავის მოძრაობით) ვისმენ! დებიუსის!

ჟოზეფი -      (გრამოფონს უახლოვდება, ძალიან ხმამაღლა ისმის პირველი ნაწყვეტი “ჯარისკაცო, აღსდექ!”, კლარნეტის სოლო მოცარტის “ჯადოსნური ფლეიტიდან”. აჩერებს გრამოფონს. პაუზა). სინამდვილეში შენ ვერ იტან სიმკაცრეს... აბსოლუტისაკენ ჩემს სწრაფვას.

აგლაე -          (წაიმღერებს) აბსოლა-ლა-ლა-ლუტი. გახსოვდეს, აგლაე, მოცემული კომპლექტის ნახევარზე მეტს თუ უარყოფ, სკანდალი გელის.

ჟოზეფი -      გუნდად აკნავლებული კნავანა და მისი აზრიანი მოსაზრებანი. მადლობთ, ჟოზეფ. აქ განისვენებს ჟოზეფი. აბა, მადლობა გადაუხადე ქალბატონს, მოწყალე უფალს, ტელევიზიას, გამვლელებს.

აგლაე -          ფრთხილად, ჟოზეფ. მივიწყებას არ მიეცეს შენი სახელი (პაუზა). მაშ, პატივცემულო, მალე წავალთ უკაცრიელ კუნძულზე? (პაუზა). ისე... მართლა უკაცრიელ კუნძულზე ხომ არ ვიცხოვრებთ.

ჟოზეფი -      რატომაც არა...

აგლაე -          სერიოზულად გელაპარაკები.

ჟოზეფი -      მეც.

აგლაე -          უკაცრიელ კუნძულზე იცხოვრებ?

ჟოზეფი -      დიახ.

აგლაე -          ალბათ, კატასტროფის შემთხვევაში.

ჟოზეფი -      სიამოვნებისთვის, გესმის შენ? ნებისმიერი პირობით.

აგლაე -          და... შენ იქ დარჩები?

ჟოზეფი -      ბოლომდე.

აგლაე -          ეს ხომ სიგიჟეა, ეს... ეს საშინელებაა.

ჟოზეფი -      შენ არაფერს გაიძულებ.

აგლაე -          (ალერსიანი მოძრაობით) სუფრასთან მობრძანდით, კაციჭამიებო.

ჟოზეფი -      ნამდვილი ველურები აღარ არსებობენ, აგლაე. ტრანზისტორმა ისინი კარგად გაწვრთნა.

აგლაე -          იცი, რისი მეშინია?

ჟოზეფი -      დროის შესუნთქვის, ცხოვრების თითოეული ნაბიჯის შეგრძნების... (პაუზა)

აგლაე -          უცნაურმა ავადმყოფობამ, მთელი ქვეყნის განადგურების შემდეგ, საზღვრები გადალახა, ოკეანეებსა და მთებს გადააბიჯა. შეშინებული მდიდრები და გავლენიანი პირები ნაჩქარევად აშენებულ ციხე-სიმაგრეებს აფარებდნენ თავს. ბრძანების გარეშე ესროდნენ ყველას, ვინც მათ წინ გაივლიდა. ყველა თავის სახლში გამოკეტილი ცხოვრობდა. ნიღაბაფარებულნი და დეზინფექციის ორთქლით გაბოლილნი, სიფრთხილის მიუხედავად, ისინიც ისევე იხოცებოდნენ, როგორც ღარიბნი. მათი გახრწნილი გვამები კი ფაფუკ ხალიჩებსა და ძვირფას მარმარილოს აფუჭებდა. უბედურება გადამდები იყო ეფემერული მსგავსებით აზრთა გაცვლა-გამოცვლით. აბა, ერთხელ მაინც როგორ არ გაიფიქრებდი იმაზე, რაც ირგვლივ ხდებოდა. ჰოდა, გაფიქრებაც კი საკმარისი იყო, რომ ეს უბედურება, ეს კიბო თქვენს სხეულში მოკალათებული. სიტყვები, ხმაური, თვით მუსიკაც კი იზიდავდა ამ ჭირს, რომელიც არავის ინდობდა. ვერავინ დაიკვეხნიდა, რომ იდეალურ თავშესაფარს მიაგნო. ეპიდემია ყველაზე ძლიერად მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში მძვინვარებდა. ისინიც კი, ვინც ადრევე გათვალა განმარტოება და უკაცრიელ ადგილებს მიაშურა, განგებას ვერ დაუსხლტა ხელიდან. გარდაუვალი სიკვდილი სადაც დაეწეოდა, იქვე მიწაზე ანარცხებდა მათ. არც გახიზვნა, არც თავშესაფარი, არც ვაქცინა, არც ლოცვა. ადამიანთა მოდგმა სიკვდილისკენ მიექანებოდა.

ჟოზეფი -      მე არავის სიკვდილი არ მსურს. მე ვითხოვ სიმშვიდის ჩემს კუთვნილ ნაწილს, ჩემს უფლებას. არც მეტი მინდა, არც ნაკლები.

აგლაე -          და იმისთვის, რომ ეს მოიპოვო...

ჟოზეფი -      (ტრიალდება. პაუზა. აგლაეს ხელს კიდებს) მოდი, ნუ გეშინია.

აგლაე -          რა სიბნელეა (პაუზა). რა სიცივეა!

ჟოზეფი -      თითქმის ოთხი საათია მივცოცავთ.

აგლაე -          მწვერვალზე ასე აჩქარებული ასვლა ვიწრო ბილიკით. თავბრუ მეხვევა. მარცხნივ კრატერისკენ რომ ვიხედებოდი, შიში მიპყრობდა.

ჟოზეფი -      აქეთ-იქით მოქანავე მწვერვალი, ოქროსფერი მტვრის კონუსი ქვემოთ, აბუბუნებული ჯოჯოხეთისკენ მიგვაქანებდა.

აგლაე -          ხელი არ გამიშვა, ჟოზეფ.

ჟოზეფი -      მეორე მხარეს გაიხედე.

აგლაე -          უზარმაზარი ნაცრისფერი სივრცე, შვეულად, ხარბად მოედინება. გაყინულია.

ჟოზეფი -      ზვავი წამოვა.

აგლაე -          გაყინული ლავის ზედაპირზე ქვა-ღორღის გრიალი. ღმერთო, რა სიღრმეა! (აგლაე წაიბორძიკებს. ჟოზეფმა აგლაეს ხელი ჩასჭიდა და ქვემოთ ჩამოსვლა დაიწყო)

ჟოზეფი -      (წაიბორძიკებს) ორიოდ ნაბიჯიც საკმარისია.

აგლაე -          რომ გადავეშვა?

ჟოზეფი -      და ჩაიძიროთ მოულოდნელად ამტვერებულ ფერფლის ბურუსში, რომელიც მშვიდ, მსუბუქ, შეუმჩნეველ, მაგრამ უეჭველ საფარად იქცევა მათთვის (პაუზა. ორივე ცვლიან მიმართულებას).

აგლაე -          მაპატიეთ, გეთაყვა, სურათს ხომ ვერ გადამიღებდით, ჩემი ქმარი შორსაა (გრამოფონში ისმის ხმამაღალიG საუბარი, შეძახილები, მუსიკა. პაუზა). მეშინია, ჟოზეფ. იქ ვერასოდეს მივაღწევთ (წრიალებს). შენც გეშინია, ჟოზეფ.

ჟოზეფი -      (ვარჯიშობს) ყველაფერი გათვალისწინებულია.

აგლაე -          ეს ხომ ძალიან ძნელია.

ჟოზეფი -      (ვარჯიშობს) მოფიქრებულია.

აგლაე -          სიჩუმე, სიმშვიდე, სიმარტოვე. ძალიან შორსაა ეს ყველაფერი.

ჟოზეფი -      (ვარჯიშობს) გათვლილია დადებითი. აღმოფხვრილია უარყოფითი.

აგლაე -          მაშინებ, ჟოზეფ.

 

ჟოზეფი -      ვიცხოვრებთ, აგლაე.

აგლაე -          ვიცხოვრებთ? დარჩენილ დროს რაღა ვუყოთ?

ჟოზეფი -      თავისუფლება.

აგლაე -          სად წავალთ?

ჟოზეფი -      (ტრიალებს) საკმაოდ შორს, რათა მოვისმინოთ, როგორ მიყუჩდება ლურჯად დაჩრდილული მწვერვალებიდან წამოსული ჰარმონიული თანახმიანობა, რომელიც ფოჩებიან ნისლსა და ტბის ყვავილებს ესაუბრება.

აგლაე -          (ტრიალებს) მე ვარდების შრიალი, ხმაური მიყვარს. დილაობით.

ჟოზეფი -      რა თქმა უნდა, სიყვარულო, აირჩიე.

აგლაე -          ცოტა მკვეთრია ვარდებითა და თხევადი ნაცრისფრით გაჟღენთილი სექტემბერი? თოლიებით გადაბუმბლული პლაჟი, ჩვენი ნაბიჯებით აფორიაქებული ჰაერი, დაჭმუჭნულ ქსოვილს რომ ემსგავსება და წყლის ჩუხჩუხს რომ ეფინება (პაუზა. მიმართულებას იცვლის). სოფელი, განსაკუთრებით ზამთარში, საშინელებაა.

ჟოზეფი -      მტრედისფერი ტყეები კი...

აგლაე -          ამაზონია, ეგზოტიკურობა, იცი, ზედმეტად კონკრეტული მეჩვენება.

ჟოზეფი -      (თითქოს თოკს ყელზე იხვევს) ყველაფერი წინა გვაქვს, ძვირფასო.

აგლაე -          სარტყელები შეიკარით.

ჟოზეფი -      წამებულნი ასაფრენად ემზადებიან (პაუზა). ერთ მშვენიერ დილას უსიტყვო გვამებად ნამდვილად აღარ გავიღვიძებთ. მომყვები, ძვირფასო?

 

აგლაე ჟოზეფისგან საპირისპირო მიმართულებით იყურება. გაქვავებული ჟოზეფი დეკორაციისკენ მიემართება. ისმის სიცილი, სხვადასხვანაირი სიცილი. ფარდა ეშვება.

 

 

ნაწილი მეორე

 

მსახიობებს შეუძლიათ ტანსაცმელი გამოიცვალონ და ჩაიცვან, მაგალითად, ტიროლის სტილის შორტები.

 

ჟოზეფი -      ვარჯიშობ, აგლაე?

აგლაე -          (შეწყვეტს ვარჯიშს) შენც ივარჯიშე, მეგობარო.

ჟოზეფი -      ვარჯიშის შემდეგ ტექნიკა დაამუშავე. მთავარია ტექნიკა, აგლაე (სცენის კუთხისკენ მიემართება, უოკი-ტოკის ამოიღებს. რადიოგადმოცემის იმიტაცია). ლაპარაკობს ჟოზეფი, ლაპარაკობს ჟოზეფი. გესმით ჩემი?

აგლაე -          (საპირისპირო კუთხიდან თამაშში ერთვება) მიღებულია, ჟოზეფ. თქვენი ჯერია.

ჟოზეფი -      ხუთი ხუთზე.

აგლაე -          (იმავე სტილში, ოღონდ ჯერ უოკი-ტოკის ინსტრუქციას ეცნობა) თანახმა ვარ.

ჟოზეფი -      (ისიც ხმარების ინსტრუქციაში ჩაიხედავს) თქვენი ჯერია, აგლაე, თქვენი ჯერია.

აგლაე -          (ისევ ინსტრუქციით) ხუთი ხუთზე, ჟოზეფ, ხუთი ხუთზე. დავამთავრე.

 

ჟოზეფი -      (ინსტრუქციით) დავამთავრე... ეხლა რას ვაკეთებთ, აგლაე.

აგლაე -          აზრზე არა ვარ, ჟოზეფ, აზრზე არა ვარ. ჩაიხედე ინსტრუქციაში, ჩაიხედე ინსტრუქციაში. იქნებ რამე წერია. დავამთავრე.

ჟოზეფი -      კი, მაგრამ რა, აგლაე, რა?

აგლაე -          არ ვიცი, მე არ ვიცი. წაიკითხე. დავამთავრე.

ჟოზეფი -      (ინსტრუქციით) მხოლოდ ბატარეებია და ანტენა.

აგლაე -          შინაარსი არ არის? შინაარსი არ არის?

ჟოზეფი -      ვერაფერს შემოგთავაზებ, ვერაფერს შემოგთავაზებ.

აგლაე -          ვამბობთ, რაც გვინდა? ვამბობთ, რაც გვინდა? დავამთავრე.

ჟოზეფი -      თანახმა ვარ.

აგლაე -          ესე იგი? დავამთავრე.

ჟოზეფი -      სულერთია, სულერთია, არავინს ვჭირდებით, არავინ გვჭირდება. ვაგრძელებთ.

აგლაე -          დავამთავრე. იცი, შენ გავიწყდება დაამატო - დავამთავრე, დავამთავრე.

ჟოზეფი -      გთხოვ, აგლაე, გემუდარები, აგლაე, თავი დამანებე, თავი დამანებე. დავამთავრე (პაუზა). შენი ჯერია, ღმერთო ჩემო, ილაპარაკე! დავამთავრე.

აგლაე -          აბა, რა გითხრა? დავამთავრე.

ჟოზეფი -      მთავარი! დავამთავრე.

აგლაე -          მიღებულია. ხუთი ხუთზე. დავამთავრე.

ჟოზეფი -      თნახმა ვარ, აგლაე, თქვენი ჯერია.

აგლაე -          დავამთავრე.

ჟოზეფი -      რა დაამთავრე? თქვენი ჯერია, აგლაე.

აგლაე -          ჩემი ჯერია (პაუზა). დავამთავრე.

ჟოზეფი -      იჩქარეთ, მხოლოდ მთავარი. დავამთავრე.

აგლაე -          თანახმა ვარ. ლაპარაკობს აგლაე, ლაპარაკობს აგლაე. გესმით ჩემი?

ჟოზეფი -      ლაპარაკობს ჟოზეფი, ლაპარაკობს ჟოზეფი. ვღებულობ თქვენს ტალღას.

აგლაე -          ხუთი ხუთზე (პაუზა).

ჟოზეფი -      ხუთი ხუთზე (პაუზა). თანახმა ვარ (პაუზა). დავამთავრე (ჯდება).

აგლაე -          (სცენის მეორე კუთხეში ჯდება) დავამთავრე. ფანტასტიური მექანიზმია.

ჟოზეფი -      არაჩვეულებრივი, თანაც ძალიან საჭირო.

აგლაე -          ძალიან, ძალიან საჭირო. აქსპედიციაში ყოფნის დროს თითქმის აუცილებელი.

ჟოზეფი -      აბა, აბა.

აგლაე -          ინფორმაციული ასპექტის გარდა, მასში ადამიანურობა მიზიდავს.

ჟოზეფი -      კომუნიკაცია.

აგლაე -          ტელევიზორთან გამოტვინების მაგივრად...

ჟოზეფი -      ერთმანეთს ველაპარაკებით. იძულებული ხარ თავს ძალა დაატანო.

აგლაე -          თანაც გართობს (პაუზა. ვარჯიშის ილეთი).

ჟოზეფი -      ეხლა კი რამე დიეტური, აგლაე.

აგლაე -          სულ ჭამა-სმა, რა უბედურებაა.

 

ჟოზეფი -      (ისევ უოკი-ტოკით) დიეტური, აგლაე, დიეტური.

აგლაე -          (უოკი-ტოკით) მიღებულია. ხუთი ხუთზე. დავამთავრე.

ჟოზეფი -      მაგრად მოხარშული კვერცხი და თევზის კონსერვი.

აგლაე -          საბრძოლო რაციონი. ორივეს - ერთი კოლოფი.

ჟოზეფი -      დღეში ერთხელ (პაუზა). არ მოგვშივდება?

აგლაე -          ნუ ღელავ.

ჟოზეფი -      კვერცხი და სარდინები. მხოლოდ სარდინები, კვერცხი და წყალი. ხომ არ მოიწამლები?

აგლაე -          პირიქით. ვგიჟდები თევზზე.

ჟოზეფი -      (პოზიციას იცვლის) ფრთხილად, აგლაე, მოკვდები.

აგლაე -          (პოზიციას იცვლის) მოკვდი, ჟოზეფ.

ჟოზეფი -      (წინა პოზიციას უბრუნდება) გახსოვდეს: ეს ძალიან სერიოზულია.

აგლაე -          (წინა პოზიციას უბრუნდება) მახსოვს.

ჟოზეფი -      იცოდე, შენ მაიძულებ.

აგლაე -          იცი, რას გეტყვი?

ჟოზეფი -      ჩემს წინადადებაზე ხომ უარი თქვი?

აგლაე -          სწორია.

ჟოზეფი -      მოხვეტე და გადაყარე ყველაფერი, რაც კი შთაგაგონე.

აგლაე -          სწორია.

ჟოზეფი -      ყველა პროექტი, რომლის განხორციელებაც ვცადე, ველურივით გააკრიტიკე.

აგლაე -          ზუსტია.

ჟოზეფი -      ოცნებებსაც კი დასცინოდი.

აგლაე -          მართალია.

ჟოზეფი -      ბოლოს და ბოლოს გამცემ პასუხს თუ არა? ჰო, ჰო, ერთხელ და სამუდამოდ ამოღერღე ყველაფერი.

აგლაე -          აღარაფერი გამეგებოდა.

ჟოზეფი -      ჩემი არასდროს გჯეროდა.

აგლაე -          ყველაფერსKუარვყოფდი.

ჟოზეფი -      დიახ. უარყოფდი. გლობალურად. ჩემს შესაძლებლობებს, გამოგონებებს, თავისუფლებისა და განმარტოების უფლებას.

აგლაე -          მეოცნებე ხარ.

ჟოზეფი -      კმარა! ნუთუ ასე სულელი გგონივარ?

აგლაე -          სულაც არა.

ჟოზეფი -      თავს იკატუნებ, სინამდვილეში კი ფეხზე გკიდივარ.

აგლაე -          არა, მერწმუნე, არა.

ჟოზეფი -      არ დამიწყო ეხლა გულის გადაშლა! დამამცირე, ტალახში ამომსვარე (პოზას იცვლის). მივდივართ, აგლაე, მზად იყავი.

აგლაე -          (იგივე მოძრაობა) ისევ ზღაპრები, მასხარაობა, ტყუილები.

ჟოზეფი -      გეშინია. ნამცეცებად გინდა მაქციო. ნულოვანი ანათვალი...

აგლაე -          აჰა, მიკროფონი და აბრძანდი მაგიდაზე.

ჟოზეფი -      რაო, მიკროფონიო?

აგლაე -          შორიდან ცუდად ისმის (დეკორაციისკენ მიემართება, მეგაფონს იღებს). გეშინია, ნამცეცებად გინდა მაქციოო. ნულოვანი ანათვალი (ჟოზეფს მიუბრუნდება). მერე?

ჟოზეფი -      თუ ვერ ბედავ, მარტო წავალ.

 

აგლაე -          შენა, ჟოზეფ? ალალბედზე მატარებელში არ ჩამჯდარხარ, შეთხვევით პატარა ქუჩაზე არ შეგიხვევია, ვენეციაშიც კი! გაიხსენე. გეშინია! გეშინია გამგზავრების და პირში ჩალაგამოვლებული დაბრუნების... გეშინია...

ჟოზეფი -      დამეხსენ თავიდან.

აგლაე -          მოდი, დაიძინე. ის, რაც საეჭვოა, შედეგს არ მოგვცემს.

ჟოზეფი -      (აგლაეს ადგილს უცვლის) აურზაურის გარეშე ვკვდები, ხმაურის გარეშე შვებას ვერა ვგრძნობ, შენ კი...

აგლაე -          რა თქმა უნდა, ძვირფასო, ვაფრენ სიჩუმეზე (გრამოფონისკენ მიდის და ხმაურის ფონს რთავს).

ჟოზეფი -      და სიმარტოვეზე.

აგლაე -          სიმარტოვე? ერთ წუთსაც ვერ ვძლებ ამის გარეშე (მაკეტებში მიდი-მოდის).

ჟოზეფი -      (მისკენ მიემართება) ეს ქალი აფრენს და გონებას კარგავს. გესმით, ქალიშვილო? (აგლაე და ჟოზეფი პირისპირ დგანან. მერე ადგილებს იცვლიან და სარკობანას თამაშობენ) ეი, მანდ, მეორე მხარეს.

აგლაე -          ეი, მანდ, მეორე მხარეს.

ჟოზეფი -      დაიკავე ჩემი ადგილი.

აგლაე -          დაიკავე ჩემი ადგილი.

ჟოზეფი -      წამართვი ჩემი თავი.

აგლაე -          წამართვი ჩემი თავი.

ჟოზეფი -      შენიღბული მკვლელი.

აგლაე -          შენიღბული მკვლელი (პაუზა). კანში მიძვრება.

ჟოზეფი -      კანში მიძვრება (პაუზა). თვალის კაკალზე წამავლო ხელი.

აგლაე -          თვალის კაკალზე წამავლო ხელი.

ჟოზეფი -      თავს არ მოვაკვლევინებ.

აგლაე -          სარკე გახვრეტილია, ჯობს შეგჭამო, შვილო ჩემო (ჩერდებიან. პაუზა).

აგლაე და ჟოზეფი - (ძველ ადგილებს უბრუნდებიან. გრამოფონში მწყობრში მოსიარულეთა შეძახილი ისმის: “მარტოობა, სიჩუმე”) ნაბიჯით იარ! მარტოობა და სიჩუმე. მარტოობა...

ჟოზეფი -      და სიჩუმე.

აგლაე -          კოლექტიური მარტოობა!

ჟოზეფი -      სიჩუმე ყველასთვის. მუსიკა, წინისაკენ! (ისმის მუსიკა). მაგარია! სიჩუმის მოძღვარნი.

აგლაე -          მარტოობა! თაყვანისმცემელთა მსვლელობა. დიდი წარმატება ექნება.

ჟოზეფი -      გესმის? (აგლაე გრამოფონს გამორთავს).

აგლაე -          (მეგაფონში) უპრეცენდენტო წარმატება. სიჩუმის მოძღვარნი, მარტოობის თაყვანისმცემელნი, წრედშეკრულ მეზობელთა ასოციაცია დღეს, ნაშუადღევს, დიდებული აღლუმის ჩასატარებლად შეკრებილან. 300-ათასიანი ნუდისტთა ბრბო საზეიმო მარშით აქეთ მოემართება, ეხლა, ამ წუთებში. დაკარგული ბავშვების დასარიგებლად პოლიციის პრეფექტურამ საგანგებო ლოტო გაითამაშა. ამ დროისთვის ოთხ მოკლულს, ათ უგზო-უკვლოდ დაკარგულსა და 314 სასწრაფო გამოძახებას ვითვლით.

ჟოზეფი -      (მეგაფონს ჩამოართმევს) გვეყო ყოყმანი. გავიქცეთ ახალ გვინეაში ან ქეიფ-ჰორნში.

აგლაე -          აფრა აუშვით! მიმართულება - გზატკეცილი.

ჟოზეფი -      წინისკენ! ამჯერად სიმარტოვე ვერსად გაგვექცევა. ხელი უკვე ჩავჭიდეთ მას და ვიძირებით სიმარტოვეში. ნახავ, ჩემო პატარავ, როგორ პიკნიკს მოგიწყობ.

აგლაე -          (მოეხვევა) პიკნიკი. დადებითია. მიღებულია. ხუთი ხუთზე.

ჟოზეფი -      პატარა წახემსება. შორს წასვლაც არაა საჭირო.

აგლაე -          ფონტენბლო.

ჟოზეფი -      რატომაც არა, ჩემო სიციცხლე?

აგლაე -          რა ბედნიერებაა. რამდენი მიოცნებია უღრან ტყეებზე...

ჟოზეფი -      გზატკეცილის ზედაპირზე... თავი ზღვაზე გვეგონება.

აგლაე -          (წრიალებს) ბუნების ძლიერი გუგუნი. ქარში გაცრილი ატომები.

ჟოზეფი -      (მსუბუქად წრიალებს) პატარა ყურეში ჩაკარგულა ზღვის მიღმა მხარე, რომელიც აურზაურით ამოვარდნილმა რისხვის მწვანე, ჭუჭყიანმა ქარმა შეცვალა (პირვანდელ პოზიციას უბრუნდება). გზა ორმოცდაათ კილომეტრზეა ჩახერგილი. ვერ გაგვაფრთხილეს?!

აგლაე -          მთავარია კარგი რეაქცია.

ჟოზეფი -      თავის დაღწევის უნარი (თითქოს მანქანას მართავენ: აჩქარებენ, ამუხრუჭებენ და ა.შ.).

აგლაე -          შუა ზოლში იარე.

ჟოზეფი -      მარჯვენა რიგში.

აგლაე -          მარცხენა რიგში. ვჭრი, წავედით...

ჟოზეფი -      დაამუხრუჭე, ღმერთო, ვასწრებთ.

აგლაე -          გავასწარი, გამოვასწარი, შევძვერი, გავძვერი, გამოვძვერი. (ამასობაში ორივემ დეკორაციამდე მიაღწია).

ჟოზეფი -      კრეტინო!

აგლაე -          მკვლელო!

ჟოზეფი -      ვირო!

აგლაე -          (ხელს ასწევს, თითქოს ესალმებაო) წადი, გაიარე, დებილო! (ჟოზეფი და აგლაე წინ გადმოინაცვლებენ. ბუნებრივი ტონით)

ჟოზეფი -      მშვენივრად გავართვით თავი.

აგლაე -          ვიღაც-ვიღაცეები მინიმუმ ხუთი საათით გაიჭედნენ.

ჟოზეფი -      ვიცი.

აგლაე -          რა მაგარ ხარ! მაინც, როგორ მოახერხე?

ჟოზეფი -      წინჭვრეტით. აი, რას გვაძლევს ვარჯიში, გესმის? კარგი მხედველობა პლუს  გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი. მაგნიტური ველი მოიშალა? მიმართულებას იცვლი. გზატკეცილი გადატვირთულია? ჰოპ, და სწრაფად, უასფალტო მარშრუტებისკენ (მოთამაშეები მიმართულებას შეიცვლიან). დაიჭი! რუკას მისდიე!

 

აგლაე -          ეს მეთოთხმეტე უბნის გეგმაა.

ჟოზეფი -      ჟოზეფი გიჟი კი არ არის. ქვემოთ დაიხედე.

აგლაე -          ორლეანის კარიბჭეა.

ჟოზეფი -      პატარა წარწერა?

აგლაე -          ორლეანის კარიბჭე. ეს რა არის?

ჟოზეფი -      ნავიგაციაა, ჩემო კარგო, რუკას მიჰყევი.

აგლაე -          ეს რუკა კი არა... აი, გეგმას რომ უწოდებენ, ისაა.

ჟოზეფი -      ბრძანებების გაცემა თუ მოგინდა, ჩემო აგლაე, მიდი! მაგრამ იცოდე, ყველაფერზე პასუხს შენ აგებ!

აგლაე -          მაპატიე.

ჟოზეფი -      უაზრო წინააღმდეგობა ნერვებს მიშლის. რაც არ შემოგთავაზე, არ მოგწონს.

აგლაე -          რას ამბობ, ძვირფასო? ძალიან ვჩქარობ. მინდა დანიშნულების ადგილას დროზე მივიდეთ.

ჟოზეფი -      რაღაც არ გეტყობა (პაუზა). თითი გააყოლე რუკას, არ იჩქარო! ვირაჟი მარჯვნივ, ქუჩა მარცხნივ.

აგლაე -          «მწვანე წისქვილის» ქუჩა.

ჟოზეფი -      სწორია. მარჯვნივ ჩიხია, კიდევ ერთი.

აგლაე -          ყურადღებით, ჟოზეფ! ცალმხვრივი მოძრაობაა.

ჟოზეფი -      აღარ დამაცლი? ასეთი ხეტიალის დროს, არა უშავს! თანახმა ვარ, ილაპარაკე. მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, ჩაო!! მარტო მოგიწევს გზის გაგრძელება. შეხე! ცალმხვრივი მოძრაობა ყოფილა.

აგლაე -          ორივე მხრიდან? არ ვიცოდი.

ჟოზეფი -      ვერ შეამჩნიე ალბათ. აბა, მარჯვნივ.

აგლაე -          მერე...

ჟოზეფი -      სტოპ! მორჩა, ქალბატონო, მოვედით! კმაყოფილი ხარ?

აგლაე -          შესანიშნავია. შუაგულ პარიზში. მსგავსი ოაზისის მიგნება! აბა, ვნახოთ... ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი... არა, ექვსი.

ჟოზეფი -      ითვალე, ითვალე, ექვს სართულს არ აღემატება. ზღაპრული ადგილია. მშვენიერი, მაგრამ აქ ამისთვის ხომ არ მოგიყვანდი? შუა ქუჩაში ხომ არ წავიხემსებთ? მოდი! (ხელს მოკიდებს და მიჰყავს). იქ, სიღრმეში, შეხე!

აგლაე -          ო, ო, რა მშვენიერია!

ჟოზეფი -      დაიხარე, ფრთხილად, იჩხვლიტება.

აგლაე -          ეს ბალახია!!

ჟოზეფი -      პირადად თქვენთვისაა, ჩემო პრინცესა!

აგლაე -          ფერდობი ცოტა ფრიალოა.

ჟოზეფი -      ქვემოთ მოვეწყოთ.

აგლაე -          კი, მაგრამ...

ჟოზეფი -      მობრძანდი, წინ! იარ! იქნებ, მაგრამ, განხილვა, გარჩევა, სოფიზმები - ყველაფერი დაივიწყე. მომბეზრდა, ბოლოს და ბოლოს. დავიღლები, დავეცემი, ხელს გაგიშვებ, და ცხვირსაც მოიტეხავ.

აგლაე -          ქვემოთ ვერ წავიხემსებთ.

 

ჟოზეფი -      რატომ, მითხარი, რატომ?

აგლაე -          რელსებია.

ჟოზეფი -      რელსები. მერე რა? დენი იქ არ გადის და, იქნებ, იკადრო და სხვა ბალასტიც შეამჩნიო: მდელო, მაგალითად, ყვავილნარი.

აგლაე -          მატარებლებიც?

ჟოზეფი -      მატარებლებს მე მოვუვლი. მოდი (წინ მიდიან). აგლაე -    უფ, კაბა გამეხა.

ჟოზეფი -      დიდ კანიონს ვჩუქნი, ქალბატონი კი ჩვრებზე ჭორაობს. რა უგუნურობაა.

აგლაე -          დიდი კანიონი?

ჟოზეფი -      რა, არ გაგიგია? შეხე, ასწი თავი. არა, იქით არა. მაღლა აიხედე, ის გაშლილი მხარე, აღმოსავლეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთით, კოლორადოა. სრული, აშკარა ასლი კოლორადოსი. იგივე მიმართულება, იგივე.

აგლაე -          უფრო ტარნის მთების ვიწრო შესავლელს მაგონებს.

ჟოზეფი -      რა თქმა უნდა, თუ ვიტყვი თეთრია...

აგლაე -          ნუ მიბრაზდები.

ჟოზეფი -      შევცდი თან რომ წამოგიყვანე.

აგლაე -          ჟოზეფ!

ჟოზეფი -      რა?

აგლაე -          იცი, ზურგს უკან... მატარებელი.

ჟოზეფი -      რომელი მატარებელი?

აგლაე -          გუგუნი, ბორბლების ხმაური. ჯერ არ გავგიჟებულვარ.

ჟოზეფი -      (ყურზე დინამიკებს იფარებს) არაფერი გამიგია. არა, არაფერი.

აგლაე -          (ჯდება, ფრჩხილებს ითვალიერებს) სულ ერთი და იგივე, ერთი და იგივე. შევტოპავთ, სიხარულით ვსკდებით, წარმოვიდგენთ, რომ უკვე იქა ვართ...

ჟოზეფი -      (ადგილზე სირბილით) კონცენტრირებაა საჭირო, კონცენტრირება.

აგლაე -          (მოძრაობას იმეორებს) იმ საღამოს, ჟოზეფ, დაგავიწყდა?

ჟოზეფი -      (კვლავ დარბის) კონცენტრაცია, ყურადღების კონცენტრაცია.

აგლაე -          ყურები მიბზუის, რეცენტრაცია, მისი დაპირებები.

ჟოზეფი -      (აგლაეს ზურგს უკან დარბის) პატარა ბერძნული კუნძული, სიყვარული, დაფნისი და ქლოე.

აგლაე -          პატარა ბერძნული ქალაქი. დაფნისი და ქლოე.

ჟოზეფი -      (ყურებზე დინამიკებს ირგებს). ცენტრაცია-რეცენტრაცია.

აგლაე -          ამ კაცს რომ ბოლომდე გავყოლოდი... (ჟოზეფს მიუბრუნდება). ჟოზეფ! გესმის ჩემი?

ჟოზეფი -      (არ უყურებს) ცენტრაცია-კონცენტრაცია-ამოსუნთქვა-დეცენტრაცია.

აგლაე -          არ მისმენ?

ჟოზეფი -      (იგივე გამომეტყველებით) კომუნიკაცია-რესპირაცია-მედიტაცია.

აგლაე -          (ყვირის) ჟოზეფ!

ჟოზეფი -      (არ უყურებს, წამოიყვირებს) დალახვროს ეშმაკმა. რა გინდა? ტრანსცენტაციის საშუალება არა მაქვს. თქვენთვის ხომ არაფერი მითქვია, ქალბატონო.

 

აგლაე -          (ყვირის) ეხლა არ გამაგიჟო!

ჟოზეფი -      (ყვირის, ვარჯიშობს, ანუ ადგილზე სირბილს განაგრძობს) ცენტრაცია.

აგლაე -          (ისევ ყვირილით) ჟოზეფ!

ჟოზეფი -      (ყვირის) რეცენტრაცია!

აგლაე -          (ლამპიონების შუქზე) ჟოზეფ, ჟოზეფ!

ჟოზეფი -      (იგივე, ძალიან სწრაფად) კონცენტრაცია-დეცენტრაცია-რესპირაცია-რეცენტრაცია.

აგლაე -          (ახლოს მიდის ჟოზეფთან) ჟოზეფ, ვეღარ მცნობ?

ჟოზეფი -      (კვლავ ვარჯიშით) მედიტაცია-სუპირაცია.

აგლაე -          (ჟოზეფის პირისპირ) ჟოზეფ, რას აკეთებ?

ჟოზეფი -      (ვარჯიშით) ცენტრაცია... რას ამბობ?

აგლაე -          გესმის ჩემი?

ჟოზეფი -      რაო?

აგლაე -          რას ბუტბუტებ?

ჟოზეფი -      ხმამაღლა, ღმერთო ჩემო, ერთმანეთისა არ გვესმის.

აგლაე -          (ერთ დინამიკს ჩამოიხსნის, ცდილობს) მოიცადე, ეს რაღაც...

ჟოზეფი -      (უკან გადახტება) სულელი ხომ არა ხარ?

აგლაე -          მინდა გელაპარაკო.

ჟოზეფი -      ნუთუ არ შეგიძლია მაცალო, ვიდრე დავამთავრებდე?

აგლაე -          ბევრი დაგრჩა?

ჟოზეფი -      ამოისუნთქეთ! კონცენტრირება-დეცენტრირება-რეცენტრირება.

აგლაე -          პასუხიც არ გინდა გამცე.

ჟოზეფი -      ნუ ჩამაცივდი, არაფერი მესმის.

აგლაე -          (ხელით) მოიშორე.

ჟოზეფი -      მედიტაცია-რესპირაცია, ყურადღება, კონცენტრაცია!

აგლაე -          არ გცხვენია?

ჟოზეფი -      არ მესმის. რა კარგია. შენც უნდა მოშინჯო: გამყიდველი მეფიცებოდა, კარგიაო. მედიტაცია-ცენტრაცია. ისე, რეკლამის მიხედვით, ასეთ ეფექტს ვერც წარმოვიდგენდი.

აგლაე -          (ზურგს შეაქცევს, დაიჩოქებს, ვარჯიშობს) ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა. სხვა აღარაფერი მინდა.

ჟოზეფი -      (ფეხს წაარტყავს) მესაზე ხომ არა ხარ, იდიოტო. რა უგუნურია ეს ქალი. ბოლოს და ბოლოს, აგლაე, ვიდრე ვმეცადინეობდი... ნუთუ არ შეგეძლო... აბა, რა ვიცი... ქსოვა. მუსიკის მოსმენა.

აგლაე -          რას მეცადინეობდი?

ჟოზეფი -      (უოქი-ტოკის მოიცილებს, დაღლილი) ბოდიში?

აგლაე -          შენ რა, დაყრუვდი?

ჟოზეფი -      იცი, ამეებით...

აგლაე -          (ხაზგასმით) რას მეცადინეობდი?

ჟოზეფი -      სიჩუმეს და მარტოობას. პირველად, ათ წუთს არ უნდა გადააჭარბო, თორემ ავად გახდები.

აგლაე -          კასეტა?

ჟოზეფი -      (გრამოფონთან მიდის, ხმამაღალი მუსიკა. მკურნალი ექიმის ინტონაციით) ეკოლოგიურად სუფთაა, ჩემო პატარავ, ეკოლოგიურად სუფთა. სიუჟეტს თუ გამოიცნობ?

 

აგლაე -          აბა, რა ვიცი.

ჟოზეფი -      მიდი, გამოიცანი. მოგეხმარები. ეკოლოგიური კასეტაა.

აგლაე -          მერე?

ჟოზეფი -      (გრამოფონში მატარებელის ხმაური ისმის) ნიაგარის ხმაურია ჩაწერილი. კონდიციაში შესაყვანად. ძალიან შველის.

აგლაე -          მარტოობა ათ გაკვეთილში?

ჟოზეფი -      სულ მცირე ათში. სტაჟირების პერიოდში - ავტომატური თვითკონტროლი.

აგლაე -          როგორ, სტაჟირებაც შედის? (გრამოფონში ისმის შეძახილები)

ჟოზეფი -      აუცილებლად. ჯგუფში ექვსი კაცი შედის, მწვრთნელთან ერთად.

აგლაე -          სიჩუმე თუ მარტოობა?

ჟოზეფი -      ორივე ერთად. ჰოდა, ჩემს თავს ვეუბნებოდი, იქნებ ამ ზაფხულს შენთვისაც...

აგლაე -          ჩემთვისო? (ბრუნავს; პაუზა). ცარიელი სადგური, ნოემბრის ჭვარტლიანი შუქი, ლოდინის გემო, და ცალთვალა სალაროს მიღმა შუშაზე აკრული გამყიდველი. ქამრიანი საწვიმარი ლაბადა მაცვია. არ ცივა, მაგრამ მე მაინც ვკანკალებ და ვიკუნტები, რომ ცოტა მაინც გავთბე.

ჟოზეფი -      (მაკეტების წინ, აგლაეს საპირისპირო მიმართულებით) სადგურში მატარებელი შემოდიოდა. ბაქანზე, როგორც ყოველთვის, ხალხი იდგა. ზოგი ვაგონში ასასვლელად ემზადებოდა, ზოგიც - ამ მივიწყებულ სადგურზე ჩამოსასვლელად. მოვბრუნდი და იქვე ლაბადიანი ქალბატონი შევნიშნე.

აგლაე -          ის შემობრუნდება, მაგრამ მე მას ბაქანზე არ გავყოლივარ.

ჟოზეფი -      იქნებ ამ ქალისთვის მოვსულვარ? ეს როდის იყო? დილას თუ წინადღეს?

აგლაე -          ყავისფერ და მუქ ლურჯ უცხო ზურგებს შორის ერთადერთი ზურგი გამოირჩეოდა.

ჟოზეფი -      იმ ქალს კი არც სახელი გააჩნდა და არც სუნი ასდიოდა. მატარებელში ასასვლელად გავეშურე.

აგლაე -          ჯერ ადრე იყო. მეპატრონეებს მაღაზიებიც კი არ დაეკეტათ. აფთიაქში შევედი. ძალიან შემცივდა.

ჟოზეფი -      ხანდახან შენს მეხსიერებაში რომ ჩავიძირო... (პაუზა)

აგლაე -          იქნებ უვნებლად ამოტივტივდე მოგონებათა ჭუჭყიანი წყლიდან.

ჟოზეფი -      (ადგილს იცვლის) გეთანხმები. კოლორადო ჯობია, აბა, რა დაგვკარგვია ტარნის მაღლობზე?

აგლაე -          სახლში დაბრუნება მომინდა.

ჟოზეფი -      მოიცა! ეს ადგილი მეცნო (მაკეტებისკენ მიემართება). აგლაე!

აგლაე -          მიღებულია. ხუთი ხუთზე.

ჟოზეფი -      ფრთხილად, აგლაე.

აგლაე -          რა ხდება?

ჟოზეფი -      გარშემორტყმულნი, გარშემოხვეულნი, ალყაში მოქცეულნი ვართ.

 

აგლაე -          გამოსავალი ვიპოვოთ, კაპიტანო!

ჟოზეფი -      პერიფერია გადატვირთულია, გარე ბულვარებზე წყალდიდობაა, მენის პროსპექტი გადაჭედილია. რეომიურის ქუჩა - გადავსებული, ალმას მოედანი - ბლოკირებული. წყლის დონე - ბობოქარი, მანქანები მესამე სართულამდეა დახვავებული. უკან წყალთაღრევაა, მიმოქცევა და უკუქცევა!

აგლაე -          არ დავნებდეთ, წინისაკენ!

ჟოზეფი -      ვიპიკნიკოთ.

აგლაე -          ვიპიკნიკოთ, აბა რა.

ჟოზეფი -      კარებთან დაგელოდები. იჩქარე!

აგლაე -          (ჟოზეფი მაკეტებისკენ მიემართება. აგლაე დაეწევა, ხელს სტაცებს, მერე გაუშვებს) გაიარეთ, ნუ გავჩერდებით!

ჟოზეფი -      ცოლს ველოდები, ბატონო პოლიციელო.

აგლაე -          დაყრუვდით? გაიარეთ. აქ გაჩერება აკრძალულია.

ჟოზეფი -      აქვე ვცხოვრობ. ჩემი ცოლი ახლავე ჩამოვა.

აგლაე -          ვიჩქაროთ, გავიაროთ.

ჟოზეფი -      აგლაე! შვხვდეთ სადმე, კარგი?

აგლაე -          (ყვირის) გაივლით თუ არა, ბოლოს და ბოლოს?!

ჟოზეფი -      (მაკეტებში) წრეს დავარტყავ და დავბრუნდები (გამაფრთხილებელი სასტვენის ხმა).

აგლაე -          ვიჩქაროთ, გავიაროთ.

ჟოზეფი -      წავიდეთ, აგლაე.

აგლაე -          დაგეწევი (მაკეტებში) გავიაროთ.

ჟოზეფი -      წავიდეთ.

აგლაე -          სად?

ჟოზეფი -      ვიჩქაროთ, გავიაროთ.

აგლაე -          სად შეგხვდე? სწრაფად!

ჟოზეფი -      გავიაროთ.

აგლაე -          სად მოვიდე? მიპასუხე.

ჟოზეფი -      ვიჩქაროთ.

აგლაე -          ჩქარა, ჩქარა, წავიდეთ, ჟოზეფ!

ჟოზეფი -      მხედავ, აგლაე? წავიდეთ.

აგლაე -          შევანელოთ, ავაჩქაროთ, გავიაროთ!

ჟოზეფი -      აბა, ჯირითით! რა მყვირალა ვინმეა, ეგ პოლიციელი! ნაგავი... როგორ ვეხვეწე, ვემუდარე...

აგლაე -          დღეს კვირაა, ბატონო პოლიციელო.

ჯოზეფი -      აკრძალულია, გავიაროთ. რა მაგრა გავაცურეთ! ეხლა გავუსწრებ, სიჩქარეს მოვუმატებ, აბა, მარცხნივ... ორმაგი გასწრება.

აგლაე -          ორი-სამი უინტერესო გზაჯვერედინი. უფერული ქუჩები, რომლებსაც არსად მივყავართ.

ჟოზეფი -      და მერე, მოულოდნელი- გავიაროთ! თითქოს არ მივდიოდეთ?

აგლაე -          თავისუფალი ვარდნა!

ჟოზეფი -      თუ ნებას მომცემთ, ბატონო პოლიციელო, აქეთ წავალთ.

აგლაე -          ფრთხილად, ძვირფასო (სპორტული მანქანების ხმაური, სრბოლის ხმა, ძრავების ჩართვა-გამორთვა და სხვ.)

ჟოზეფი -      შიში? სწორედ ესაა სიმარტოვე. გობი. უდაბნო. სიკვდილამდე მანქანით სრბოლა და საოპერაციო მაგიდა.

 

აგლაე -          გასასვლელი დაკეტილია! ერთ კილომეტრ შვიდას ორმოცდაათ მეტრში.

ჟოზეფი -      არა, რა მშვენიერია?! თავისუფლად, თავისუფლად, ჩემო სიცოცხლე, სარისკო არაფერია, ეს უდაბნო დავკარგეთ, მაგრამ სხვას გამოვიყენებთ. მივაწვეთ აქსელერატორს.

აგლაე -          უკანასკნელი ათი წრე ორ წუთსა და ოც წამში (ქაღალდს ჩაკირკიტებს, თითქოს რალის გეგმას კითხულობდესო). გადავრთოთ წუთი, მეორე, ორმოცი, მარცხენა მოსახვევი, მესამე, ოთხოცდაათი, ვითვლი, ორი წუთი, მწვანე შუქი, ას ოცი, ისევ მწვანე, ყვითელი, წუთი.

ჟოზეფი -      სიჩქარე ოპერასთან უნდა გადაგვერთო, მირომენილის ყვითელ შუქთან კი უნდა აგვეჩქარებია. მაგრამ, როგორც ყოველთვის, ქალბატონმა ყველაფერი ყველაზე უკეთ იცის. შედეგი - შუქნიშნების მთელი კორიანტელი.

აგლაე -          რამბიუტოს ქუჩის შუქნიშანთან გაგაფრთხილე. უფრო სწრაფად.

ჟოზეფი -      ამას უწოდებ ინფორმაციას? ჩემთვის ეს მხოლოდ ხმაურია. წერტილი.

აგლაე -          არ მისმენ. უფრო სწრაფად.

ჟოზეფი -      მიდი, მიდი, თავი დამანებე.

აგლაე -          ჰოდა, მეგობარო, სხვა შტურმანი მონახე (პაუზა). ჟოზეფ! (ჟოზეფი მიდის). ჟოზეფ! გააჩერე! გააჩერე! ჩამოსვლა მინდა. გაგიჟდი?

ჟოზეფი -      შენი სისულელეების გადამკიდე უკვე სამჯერ გვერდი ავუარე შესასვლელს.

აგლაე -          რომელ შესასვლელს?

ჟოზეფი -      აი, ამას.

აგლაე -          რას აკეთებ?

ჟოზეფი -      ხომ ხედავ, ბილეთს ვიღებ.

აგლაე -          მანქანის დასაყენებელ პარკინგში? უკვე ვბრუნდებით? მანქანასაც ვაყენებთ (პაუზა). იბუტები? (პაუზა). რა გაცინებს? აქ შეგიძლია მანქანა დააყენო. შეხე, რამდენი ადგილია.

ჟოზეფი -      შეხე, პატარავ, დაითვალე.

აგლაე -          ერთი, ორი, სამი... ასე ჩქარა არ შემიძლია. ბოძს უკან... თხუთმეტი, თექვსმეტი, მარცხნივ სიღრმეში - ორმოცდაორი... სამოცდაშვიდი.

ჟოზეფი -      სამოცდათხუთმეტი მანქანა. მინიმუმ! პრინციპული მიმართულება - ერთი სართულით ქვევით.

აგლაე -          ამიხსენი, რა ხდება.

ჟოზეფი -      დაითვალე.

აგლაე -          ხუთი, ცხრა, თოთხმეტი. ჟოზეფი -       ნუ იღლები. კურსი სამხრეთისკენ. ერთი სართული ქვევით.

აგლაე -          დავითვალო?

ჟოზეფი -      რა თქმა უნდა.

აგლაე -          ათი.

ჟოზეფი -      მეტისმეტია.

აგლაე -          მაშ, მინუს მეოთხე სართული

ჟოზეფი -      ჩავიდეთ მეხუთეზე.

აგლაე -          მინუს ათი. ათი სართულით ჩავედით.

 

ჟოზეფი -      მერე?

აგლაე -          რაღა გინდა, ჩვენს ზევით უკვე სამი ცარიელი სართულია (სცენა სრულ სიბნელეში თამაშდება. მსახიობებს მხოლოდ სოფიტები ანათებს).

ჟოზეფი -      დაცული ზონა, სიწყნარე, სიმარტოვე.

აგლაე -          დიდებულია. სუნთქვა შემეკრა.

ჟოზეფი -      სივრცე.

აგლაე -          იდუმალება.

ჟოზეფი -      რა სიწყნარეა (გრამოფონს უახლოვდება. ისმის ვენტილატორის ხმაური).

აგლაე -          ზღვის ხმაურია, გესმის?

ჟოზეფი -      მსუბუქი ქარია. ტრანსლაცია მიმდინარეობს ვენტილატორით.

აგლაე -          (ვარჯიშობს) მსუბუქად ვსუნთქავ.

ჟოზეფი -      გახსოვს კაპრი? ან ოქროს სანაპირო? იცი, აქ მირჩევნია. ტურისტები არ არიან. არც ერთი.

აგლაე -          თანაც ეს იდუმალი, ჯოჯოხეთური სიღრმე. უძველეს გამოქვაბულში მგონია თავი.

ჟოზეფი -      გასაბერი ლეიბები თუ წამოიღე?

აგლაე -          ჭილობის ფარდაგიც კი წამოვიღე გასაშლელად.

ჟოზეფი -      ხომ არ გვესაუზმა?

აგლაე -          უკვე?

ჟოზეფი -      სწორია, რა გვეჩქარება (პაუზა). ქვეყნის ბოლოს მგონია თავი. უსასრულობა თავისთავად. სხვა არაფერი.

აგლაე -          ბავშვებმა გასაღებით არ ითამაშონ. Pერიცოლოსო სპორგჰერსი.

ჟოზეფი -      (ტრიალებს. დაჯდება) სიმშვიდე. სწორედ ისეთი, მე რომ მიყვარს. ანკესით თევზაობა. სპინინგს ვერ ვიტან, მღლის. ბუნებრივი დასაკეცი ანკესი. უძრაობა.

აგლაე -          (ჟოზეფის უკან, მოშორებით) მოჩვენებით ხილვათა თხელი ფირფიტა ოდნავ აკრთობს ტბის ზედაპირს (ჟოზეფს ახლოს ჩაუვლის).

ჟოზეფი -      ხომ კარგად ვართ, აგლაე?

აგლაე -          ძალიან.

ჟოზეფი -      გემრიელადაც ვსხედვართ. სუპერფანტასტიკა. ამდენი ადგილი, მაგრა მომწონს! ჯდომა, როგორც კაბინეტში. ოღონდ აქ რას ვფლობთ, აგლაე? თავისუფლებას და სიჩუმეს.

აგლაე -          (ჟოზეფის უკან) ჩემი პროფესია მოძრაობას არ საჭიროებს. ძირითადად, ვსხედვართ. საბედნიერედ, ახალგაზრდობაშივე ვისწავლე მჯდომარე ცხოვრება. შემიძლია აუდგომლად გავიმართო და ვიარო; შემიძლია წელიწადის დრონი შევაფასო ისე, რომ ადგილიდან არ დავიძრა; შემიძლია ვიჯდე და ვიძინო, ვიფიქრო, პირამიდები დავათვალიერო. წამოდგომისას, ვშიშობ, თავბრუც დამეხვევა ან... ან გავფრინდები (ჟოზეფი წამოდგება, გაიზმორება).

ჟოზეფი -      შესანიშნავია.

აგლაე -          ჰო, ჩემო სიყვარულო (პაუზა). იქ, სადაც ჩვენ წავალთ...

 

ჟოზეფი -      აქ რა, არ მოგწონს?

აგლაე -          ყველაფერი ისე იქნება, როგორც ეხლა?

ჟოზეფი -      რა თქმა უნდა.

აგლაე -          ერთმანეთს დაველაპარაკებით?

ჟოზეფი -      ჰო, ძვირფასო.

აგლაე -          ნამდვილად? აი, ასე კარგად, როგორც ეხლა?

ჟოზეფი -      ჰო, ჩემო სიყვარულო.

აგლე -                       შენ მე შემეხმიანები...

ჟოზეფი -      (მოეხვევა) როგორც ტალღა ნაპირის ჩურჩულს.

აგლაე -          არ დაიღლები?

ჟოზეფი -      არ დავიღლები, ძვირფასო, არავითარ შემთხვევაში.

აგლე -                       ყველანაირ ბედნიერებას ვიგემებთ?

ჟოზეფი -      მზესაც, წვიმასაც... და დღეებიც წამიერების მოუთმენელი მოლოდინით გაივლის.

აგლაე -          და მეც მათთან ერთად (სარეკლამო ინტონაციით). ჩემი სიყვერული დროს მოერევა...

ჟოზეფი -      ბედნიერებასთან ხანგრძლივვადიანი, პერსონალური ურთიერთობა გველის.

აგლაე -          (იგივე ინტონაციით) მიღებულია ხუთი ხუთზე (წაივარჯიშებს).

ჟოზეფი -      შესანიშნავი აზრია. ცოტა წავარჯიშება (ორი-სამი ნახტომი ადგილზე).

აგლაე -          ნუ წახვალ, ჟოზეფ. ნუ მიმატოვებ!

ჟოზეფი -      გონს მოეგე. აქ არაფერი გემუქრება.

აგლაე -          ამდენი ვიარეთ.

ჟოზეფი -      რას ამბობ? ილუზია იყო. განსაკუთრებული სიმარტოვისა და ხანგრძლივი სიჩუმის შედეგი. საკუთარ ოცნებებსაც ვეღარ ამოიცნობს კაცი.

აგლაე -          (ზურგს შეაქცევს) უსასრულო კოშმარი.

ჟოზეფი -      (აგლაეს უკან, მოშორებით) ასეთი მომენტები მეხსიერებას და მის ხატებს ლაქივით ააპრიალებს.

აგლაე -          (რამდენიმე ნაბიჯი უკან, ჯოზეფის გვერდით, მაგრამ საპირისპირო მიმართულებით, სიბნელისკენ გადაიხრება) ილაპარაკე, აგლაე, მიპასუხე.

ჟოზეფი -      მივრბოდი უმიზეზოდ. მეჩქარებოდა. დამავიწყდა რატომ.

აგლაე -          გაქცეული ჩრდილის სიბნელე ფეხებქვეშ ჟღერდა.

ჟოზეფი -      ნუთუ მაგვიანდებოდა? ალბათ... ისე მეჩქარებოდა. შემდეგ კი ეს უკანასკნელი ადგილი გამოჩნდა.

აგლაე -          შიშად ვიქეცი.

ჟოზეფი -      ბოძს დავეყრდენი. ცეცხლმოდებული, ხახაგამშრალი რაღაცას გავურბოდი...

აგლაე -          (ჟოზეფის უკან) გიჟივით. სულ ერთი იყო, სად გარბოდი.

ჟოზეფი -      რატომ? (პაუზა). არც ყვირილი, არც ფეხის ხმა. ჩემი ნაკვალევი ნისლმა შთანთქა.

აგლაე -          (იგივე ინტონაციით) დაიკარგა... როგორც იქნა...

ჟოზეფი -      დევნა შეწყვიტეს. ცარიელი, თავისუფალი ტროტუარი.

აგლაე -          (იგივე ტონით) არ შევხედავ.

 

ჟოზეფი -      თავი ვერ შევიკავე. ერთმანეთში არეული, მიწაზე მიყრილი ბოძები. ჭუჭყსა და ტლაპოში ამოსვრილი.

აგლაე -          მთავარია არ გავიხედო.

ჟოზეფი -      საყრდენს მოვნახავ (პაუზა). უნდა გადავრჩე, სწრაფად.

აგლაე -          (იგივე ტონით) ბორნეო, პოპოკატეპეტელი (პაუზა). უდაბნო (გრამოფონს უახლოვდება. ძლიერი ფონი).

ჟოზეფი -      (აგლაეს მიუბრუნდება) გაგიჟდი? გამორთე ეს საშინელება.

აგლაე -          ხელი გამიშვი. რა გემართება? (ჟოზეფი გრამოფონთან მიდის, გამორთავს). ამოსუნთქვის უფლებაც აღარა გვაქვს.

ჟოზეფი -      ნაკრძალია, აგლაე. სიჩუმე.

აგლაე -          ამიტომაც არ აღებ პირს და არ მელაპარაკები?

ჟოზეფი -      ვისვენებ. კარგად ვარ.

აგლაე -          მართლაც, კარგად ვართ.

ჟოზეფი -      რა კარგად ვართ! (პაუზა)

აგლაე -          ვერც წარმოვიდგენდი, იმდენად კარგად ვარ (პაუზა).

ჟოზეფი -      მშვენიერია.

აგლაე -          მართლაც, მშვენიერია. სიჩუმე...

ჟოზეფი -      არავინ.

აგლაე -          (ტრიალებს) გვიშველეთ! გასვლა გვინდა აქედან (მაკეტებისკენ მიემართება, უკნიდან მოუვლის). გასვლა გვინდა აქედან!

ჟოზეფი -      (მაკეტებისკენ მიემართება, მოშორებით შეჩერდება) აგლაე!

აგლაე -          (მუცელზე წამოწოლილი, მაკეტებიდან თავს გამოყოფს) რა?

ჟოზეფი -      (მოშორებით) ჩემი ხელი, აქ...

აგლაე -          (იგივე პოზიციაში) მერე რა? რა მოუვიდა შენს ხელს?

ჟოზეფი -      (მოშორებით) ხელი მომჭიდე.

აგლაე -          რატომ?

ჟოზეფი -      (შორიდან) გასასვლელი...

აგლაე -          (იგივე ტონით) ძალიან შორსაა.

ჟოზეფი -      (შორიდან) შეეცადე.

აგლაე -          დაიხარე. უფრო მეტად.

ჟოზეფი -      სწრაფად.

აგლაე -          (იგივე ტონით) სრიალებს და ვერ ვახერხებ (წამოდგება, მაკეტებიდან გამოდის, წავა, დაჯდება). რა აზრი აქვს, თავი დამანებე. მაინც ვერ წამოგყვები.

ჟოზეფი -      (აგლაეს უკან) მარტონი, აგლაე.

აგლაე -          (დაბალი ხმით) არა.

ჟოზეფი -      (აგლაეს უკან) თავის დაძვრენა შეუძლებელია.

აგლაე -          (გრამოფონისკენ მიემართება. შორიდან - მანქანების ხმაური) გესმის, ჟოზეფ, თითქოს ივსება აქაურობა. ალბათ, გვიანაა, ხალხი ბრუნდება. სამწუხაროა. ჩვენ ისე მშვენივრად ვგრძნობდით თავს.

ჟოზეფი -      (გრამოფონს გამორთავს) არაფერიც არ მესმის (პაუზა).

აგლაე -          (თითქოს უოკი-ტოკით ლაპარაკობს) მიღებულია, ხუთი ხუთზე.

 

ჟოზეფი -      არ გინდა.

აგლაე -          (ხელს მოჰკიდებს) გავისეირნოთ?

ჟოზეფი -      ჩშშ! (მიუთითებს). მიდი, დაჯექი.

აგლაე -          (დაჯდება) და მერე?

ჟოზეფი -      ჩუ!

აგლაე -          რა, ჩუ? ყელში ამომივიდა შენი საიდუმლოებანი.

ჟოზეფი -      ნუ ყვირი.

აგლაე -          გეშინია, მეზობლები არ გავაღვიძო? ვისარგებლოთ, ჩვენ ხომ მარტონი ვართ (პაუზა). მანქანა ცოტა შორს უნდა გადავაყენო (პაუზა). ნეტავ, სიღრმეში, შუქი როგორ ინთება? (მაკეტაბისკენ გაემართება). შეხე, ინტერფონი.

ჟოზეფი -      რად გინდა?

აგლაე -          მცველის გამოსაძახებლადაა დაყენებული (გრამოფონს ჩართავს, მუსიკისა და საუბრის ხმა ისმის). გესმის?

ჟოზეფი -      რა?

აგლაე -          რა და ლაპარაკობს (პაუზა). რაღაც ვერ გავიგე... 12 ფრანკი (პაუზა). 6 ფრანკი (პაუზა). ფულს იხდიან. გასვლისას, ნეტავ, რა ღირს? (პაუზა). 80 ფარნკი. არა, აზრზე მოდი! ამ ტიპს, ალბათ, საკმაო თანხა რჩება. მოუსმინე! ჩხუბობს! რა სულელია. მცველის რა ბრალია, მის ჯიბეში ხომ არ მიდის ფული? არც საფასურია მისი დაწესებული. ემუქრება. უნდა ავიდეთ, ჟოზეფ. ასე ხომ არ მივატოვებთ? (პაუზა). უფ! წავიდა. შემახურა პირდაპირ. საწყალი ტიპი, რა ხელობა აქვს! მოცუცქნულ გალიაში გამოკეტილს თავის დაცვაც არ შეუძლია (პაუზა). არა, გაიგე, რა უთხრა? ისეთი ლამაზი ხარო, რომ აქედან გაშვებაც კი არ  მინდოდაო. რა კარგია, არა? რას იტყვი? შებმა გადაწყვიტა, გესმის? (პაუზა). მორჩა, შეკერა! უყურე იმ ტიპს, რა მოხერხებულია. პაემანი მორიგეობის მერე (პაუზა). შენ მართალი იყავი, ძვირფასო, შესანიშნავი პიკნიკი გამოგვივიდა. მხოლოდ, სიმარტოვე სასაცილოა, თანაც მოსაწყენი (პაუზა). ინტერფონით ხომ არ დამერეკა მისთვის? ვისაუბრებდით, საინტერესო გამოცდილებასაც მივიღებდი. მცველისთვის კი დრო სწრაფად გავიდოდა. ავტოსადგომი! ასეთ ტიპებთან ჩვეულებრივ ორ-სამ სიტყვას ვხმარობთ - ქვითარი-ფული-წავედით. არაფერი ვიცით მათზე, სულ არაფერი. მათი შთაბეჭდილებები, რაზე ფიქრობენ, არაფერი, ნული. ვცადო? (პაუზა). ჟოზეფ, ვცადო დარეკვა?

ჟოზეფი -      არა.

აგლაე -          ყოველთვის - არა და არა (პაუზა). ბანქოც სახლში დამრჩა.

ჟოზეფი -      აქ ბანქოს სათამაშოდ არ მოვსულვართ.

აგლაე -          არც ქალაქობანა გინდა? (ჟოზეფი უარის ნიშნად ტავს გააქნევს. პაუზა). იქნებ, ჭადრაკი? კეთილშობილური თამაშია (ჟოზეფს იგივე რეაქცია აქვს). მაშ, რა?

ჟოზეფი -      არაფერი.

აგლაე -          ამდენი ხნით მივდივართ.

ჟოზეფი -      არაფერი.

აგლაე -          რამდენიმე წიგნი მაინც წაგვეღო...

ჟოზეფი -      არა.

აგლაე -          ცოტა მუსიკა. სერიოზული. ვინცენტო სკოტო, ბახი, ჩაიკოვსკი.

ჟოზეფი -      არა, ძვირფასო, შენ და მე.

აგლაე -          ასე მშრალად, გარნირის გარეშე? საბედნიეროდ, ექსკურსიებზე ვივლით.

ჟოზეფი -      გართობა, გაქცევა? არა, აგლაე, არაფერი არაფერია.

აგლაე -          სიჩუმე, თეთრი საძინებელი, ბროლი. ამით გინდა გამაკვირვო? მოგვწყინდება, ჟოზეფ, დამიჯერე.

ჟოზეფი -      დავივიწყე სახელი შენი, იერუსალიმო. და ენა ჩემი გაშრა ბაგეში.

აგლაე -          ჯერ ვერც გავაცნობიერებთ...

ჟოზეფი -      როგორც კიბოს...

აგლაე -          მერე ძვალსა და რბილში გაგვიჯდება და ფასადიც აგვექერცლება (აგლაე და ჟოზეფი ადგილებს გაცვლიან, ტრიალებენ).

ჟოზეფი -      გაიწიე, რამდენ ადგილს იკავებ.

აგლაე -          ჭამა თუ გინდა, ბიფშტექსი მოიმზადე.

ჟოზეფი -      ბრძანებებს არ ვემორჩილები.

აგლაე -          შენი მზარეული...

ჟოზეფი -      შენი ლაქია ვიყო?

აგლაე -          რას ღრიალებ?

ჟოზეფი -      შენ ღრიალებ, იდიოტო (აგლაე და ჟოზეფი ადგილს იცვლიან).

აგლაე -          ხმამაღლა. არაფერი მესმის.

ჟოზეფი -      ჭრიჭინობელები! ქარი!

აგლაე -          არა, სიჩუმის ხმაურია.

ჟოზეფი -      ნუთუ აღარ გეყოფა? რაღას ეძებ?

აგლაე -          შევიცვალე. ჯობს გაგეცალო (დეკორაციისკენ მიემართება).

ჟოზეფი -      მშვიდად ვართ. დაიძინე.

აგლაე -          შემოსასვლელს ვეღარ ვნახულობ. (დეკორაციას მიაშურებს. ვითომ ინტერფონში ვიღაცას ელაპარაკება). მცველო, ეი! ბატონო, ბატონო!

ჟოზეფი -      რას აკეთებ, აგლაე?

აგლაე -          ვრეკავ, მაგრამ არ პასუხობს.

ჟოზეფი -      შეამოწმე, ღილაკს თითი დააჭირე (პაუზა). გამოვიდა რამე?

აგლაე -          მცველო! ეი, ბატონო! გესმით ჩემი?

ჟოზეფი -      დამშვიდდი (პაუზა. უჩურჩულებს). დაგავიწყდა? ლაპარაკობს აგლაე, ლაპარაკობს აგლაე.

აგლაე -          რა თქმა უნდა. რა სულელი ვარ? ლაპარაკობს აგლაე. გესმით ჩემი?

ჟოზეფი -      მიღებულია. ხუთი ხუთზე (აგლაე ჟოზეფთან მიდის).

აგლაე -          გესმის, ძვირფასო?! ჩვენი ტალღა დაიჭირა. მიღებულია. ხუთი ხუთზე (გრამოფონს უახლოვდება). თქვენი ჯერია, მიპასუხეთ.

ჟოზეფი -      (ჩურჩულით) თქვენი ჯერია. დავამთავრე.

აგლაე -          თქვენი ჯერია, დავამთავრე.

 

ჟოზეფი -      (ვარჯიშობს) ტყუილად გასწავლიდი. ვარჯიში, მომზადება.

აგლაე -          (ვარჯიშობს) სწორია (პაუზა). თქვენი ჯერია, მცველო. დავამთავრე (პაუზა).

ჟოზეფი -      რას ამბობს?

აგლაე -          არაფერს, სიჩუმეა.

ჟოზეფი -      როგორ თუ სიჩუმე? უნდა გიპასუხოს. საერთაშორისო კონვენციის მიხედვით პასუხი აუცილებელია. ღილაკს თითი მიაჭირე. დარეკე! კიდევ.

აგლაე -          ალო, მცველო, ალო, მცველო. ლაპარაკობს აგლაე (ჟოზეფს უახლოვდება). პასუხი არ არის.

ჟოზეფი -      ხელახლა დაიწყე (პაუზა). უფრო დაჟინებით, სიტყვებს ცუდად გამოთქვამ, აგლაე. დარწმუნებული ვარ, კარგად რომ გამოთქვა, გიპასუხებს. კიდევ ერთხელ სცადე (აგლაე ტირის).

აგლაე -          აი, ასე გამომიჭერ ხოლმე. შენთან ერთად ყველაფერი უკუღმა მიდის. როგორ ფიქრობ, სასიამოვნოა, როცა ვიღაც ზურგს უკან გაუთავებლად ამოწმებს ყოველ მოძრაობას, ყოველ სიტყვას.

ჟოზეფი -      ისევ ჩემი ბრალია ყველაფერი.

აგლაე -          კმარა, მომბეზრდა.

ჟოზეფი -      თავი შეიკავე, აგლაე.

აგლაე -          მეშინია, ჟოზეფ.

ჟოზეფი -      კიდევ სცადე.

აგლაე -          არ ესმის.

ჟოზეფი -      გამოთქმა ძალიან მნიშვნელოვანია, აგლაე. ლა-პა-რა-კობს აგ-ლა-ე. გეს-მით ჩე-მი? აბა, გაიმეორე.

აგლაე -          ვერ ვბედავ.

ჟოზეფი -      გამაგრდი. Pპირველსავე დაბრკოლებას ნუ შეუშინდები.

აგლაე -          დარწმუნებული ვარ, რომ ვერ შევძლებ.

ჟოზეფი -      არ მოგეშვები.

აგლაე -          ხელები გამეყინა, ჟოზეფ, ხმა მიკანკალებს.

ჟოზეფი -      ერთხელ, მხოლოდ ერთხელ და უკანასკნელად.

აგლაე -          (ჩურჩულებს) ლაპარაკობს აგლაე, მცველო, ე-ე-ე, მცველო.

ჟოზეფი -      არა უშავს, ძვირფასო, დაისვენე.

აგლაე -          შენ რატომ არ ურეკავ?

ჟოზეფი -      მე-ე?

აგლაე -          მთავარია გვიპასუხოს.

ჟოზეფი -      ალბათ.

აგლაე -          (აღელვებული) არ გამოვა, ვიცი, არ გამოვა. გვიშველეთ!

ჟოზეფი -      ჩუმად, სულელო! ნუ ითარსები.

აგლაე -          მიდი, თქვი! ლაპარაკობს ჟოზეფი, ლაპარაკობს ჟოზეფი, გვიპასუხეთ (პაუზა). არა? რას ყოყმანობ?

ჟოზეფი -      არსად გვეჩქარება. ჯერ ადრეა.

აგლაე -          შენც გეშინია. გამოტყდი, რომ გეშინია.

ჟოზეფი -      თუ შენ ძალიან გინდა...

აგლაე -          დარეკე, ჟოზეფ. გემუდარები, სწრაფად. აჰა, განგაშის ზარი. ვრეკავ.

ჟოზეფი -      ლაპარაკობს ჟოზეფი, ლაპარაკობს ჟოზეფი, მცველო, გესმით? (პაუზა). იმავ წუთს ხომ არ გვიპასუხებს. არავის გაუფრთხილებია. სრული უფლება აქვს იყოყმანოს, შეამოწმოს, საიდან მოდის ხმა.

აგლაე -          კიდევ ერთხელ.

ჟოზეფი -      ცოტა ადრეა. ჰო, კარგი! ლაპარაკობს ჟოზეფი, ლაპარაკობს ჟოზეფი, მცველო, მცველო!

აგლაე -          ხედავ, პასუხი არ არის.

ჟოზეფი -      ძალად აკეთებს. ჩვენი გამოცდა უნდა.

აგლაე -          რეებს როშავ? შენ რა, სულ შტერი გგონივარ?

ჟოზეფი -      მცველო, გვიპასუხე, გვიპასუხე, მცველო! კანონით უნდა გვიპასუხოს.

აგლაე -          კანონის ძალით...

ჟოზეფი -      მცველო!

აგლაე -          ვერ გავიგებთ, იქ რას ლაპარაკობენ?

ჟოზეფი -      როგორ უნდა გავიგოთ?

აგლაე -          (გრამოფონთან მიდის, რთავს, სიჩუმე) აღარაფერს იჭერს.

ჟოზეფი -      ჩშშ! როგორ არა?

აგლაე -          არაფერს.

ჟოზეფი -      კარგად უსმინე. ჩურჩული.

აგლაე -          გატეხილია, ჟოზეფ. აღარ ისმის.

ჟოზეფი -      რა სიჩუმეა!

აგლაე -          მცველო, გვიშველე!

ჟოზეფი და აგლაე -           მცველო, მცველო!

აგლაე -          ასე ხომ არ დავრჩებით, სულ მარტონი (პაუზა).

ჟოზეფი -      (აგლაეს ხელს ჰკიდებს) მოდი, ნუ გეშინია (რამდენიმე ნაბიჯს გადადგავენ დეკორაციისკენ ნახევრად ბნელ სცენაზე).

აგლაე -          აღარაფერი ისმის. მხოლოდ ჩვენ დავრჩით. მარტონი. ეს დასასრულია (პაუზა). მოიცა, (მიბრუნდება გრამოფონისკენ და დეკორაციისკენ).

ჟოზეფი -      (ცდილობს შეაჩეროს) აგლაე! დარჩი! აგლაე (აგლაე გრმოფონს რთავს. ძლიერი შუქი. გრამოფონში ისმის ხმაურის მთელი ორკესტრი: საყვირი, საუბარი, მილების ჭრიალი, უკანასკნელი ცნობები, ნაირგვარი მუსიკა. ჟოზეფი და აგლაე ერთმანეთს ჩაეხვევიან). ხმაური! მარტონი აღარ ვართ! გადავრჩით, ძვირფასო!

აგლაე -          გადავრჩით, ჩემო სიყვარულო!

 

ფარდა.

 

 

 

 

იზაბელ დორე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სეზარი და დრანა

 

 

 

ფრანგულიდან თარგმნა ქეთი კვანტალიანმა

 

 

პერსონაჟები:

 

 

დრანა                        გაურკვეველი ასაკის ბოშა ქალი

 

კეჯა               დრანას დედა

 

ტიხელი        დრანას ქმარი

 

 

 

 

 

 

 

Bბნელა. ვიოლინოზე ბოშურ მელოდიას უკრავენ. ცივი ქარი ზუზუნებს. Mმძიმე ჩორთით მომავალი ცხენი ფურგონს მოაჭრიალებს. სიბნელეში დრანას ყვირილი ისმის.

 

  დრანა -       აჩუ, აჩუ, სეზარ!

 

  ისევ ბნელა. ისმის სეზარი როგორ ანელებს სვლას, ჩერდება და მიწას მძიმედ ენარცხება, თითქოს სული დალია. ქარი ქრის. ნათდება. ძველი ფურგონის კოფოზე დრანა შემომჯდარა, მის წინ უზარმაზარი ცხენის უსულო სხეული აგდია.

 

 

  აჩუ, სეზარ, აჩუ! რას აკეთებ?! გაინძერი! რა დაგემართა?! ავადა ხარ? ვინ მოთვლის, მერამდენედ ამოვიდა მთვარე, შენ კი არაფერი მოგიპარავს, ახლა სიარულიც აღარ გინდა?! სიკვდილს აპირებ, თუ რაშია საქმე?! დამაცადე, ტყვიას დაგახლი შუბლში! მერე ნახავ ვინ არის აქ უფროსი!

 

დრანა ფურგონიდან ჩამოდის და ცხენს უახლოვდება. ქარი ისევ ზუზუნებს.

 

  რას შვები... გესმის ჩემი? რა მოგივიდა... ცოცხალი ხარ, თუ მკვდარი? არა, სეზარ, შენ მე ამას არ გამიკეთებ! დაგავიწყდა, წვერგაპარსულები მოგვდევენ, უნდა გავიქცეთ... რაც შეიძლება შორს... აბა, რა დროს სისულელეებია?! ეს მეკუთვნის შენგან?!

სიბრაზისგან გაცოფებული დრანა ცხენს პანღურს ამოჰკრავს.

 

  რა ვქნა ახლა მე?.. ღმერთმა უწყის სად ვარ... ამ დასაკარგავში, ხომ არ დამტოვებ სეზარ?! მიდი! გაინძერი! წვერგაპარსულები დაგავიწყდა? მეშინია! ისინი ხომ ჟანდარმების დამქაშები არიან. უკვე სამი ბანაკი გადაწვეს, თუ მოგვისწრეს ფურგონსაც დაწვავენ და შენც მიგაყოლებენ! მიდი! ახლავე წამოდექი! სეზარ! დროზე! მიღალატე არა?! მით უარესი შენთვის! დამარხვას არ გაღირსებ! იცოდე, დაგაგდებ ამ შარაგზაზე და წავალ... ფურგონსაც დაგიტოვებ, შენი იყოს... ფეხითაც მშვენივრად ვივლი... უკვე მივდივარ... იყავი ახლა მარტო... რამე მითხარი?! კეთილი! აბა, მე წავედი...

 

დრანა თითქოს წასვლას აპირებს, რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს, მაგრამ ქარი დაუბერავს და ისევ სეზართან ბრუნდება.

 

  ეჰ, ჩემო სეზარ.... საშინლად ცივა.... ყინვა ძვალრბილში ატანს... თანაც როგორ უბერავს... არა, ვერ წავალ... ქარში სიარული არ შემიძლია... შენს გარეშე ვერსად წავალ სეზარ! უცხენო ბოშა ვის გაუგია, სეზარ! უცხენო ბოშა რის მაქნისია?! გახსოვს ერთხელ ვიღაცამ მითხრა “ცხენის გარეშე ციგანი რა ციგანია?!” ურჯულო გაჯოები გვეძახიან ციგნებს... თუ ბოშა ხარ, მაშინ გაჯო არ ხარ, თუ გაჯო ხარ, მაშინ ბოშა არ ხარ! აბა, წავედით! სიესტა დამთავრებულია. გაინძერი! დაე, მდუღარედ იქცეს ეს ჩემი ტვინი, თუ ეხლავე არ ადგები!

 

ქარი უბერავს. დრანა კანკალებს.

 

  ნუ გეშინია, ჩემო სეზარ, სულ მალე სადმე მივალთ და წყალსაც დაგალევინებ... ვიცი, ვიცი,  დიდი ხანია წყალი არ დაგილევია.... არც შვრია გიჭამია.. და არც ვაშლი... მაგრამ გპირდები, მალე გაჭმევ... ეჰ! მცივა, სეზარ! თანაც დავიღალე და მეშინია... იცი რა?! მოდი, მაგრად ჩაგეხუტები და გამათბე... აი ასე!

 

დრანა ცხენს ჩაეხუტა.

 

  სეზარ, ჯერ არ გაცივდე, სითბო შეინარჩუნე, თორემ მეც გავიყინები და მოვკვდები! იცი, რა მოვიფიქრე?! დილამდე აქ დავბანაკდეთ! ამასობაში, შენც მოღონიერდები! წვერგაპარსულებსაც ხომ ჭირდებათ დასვენება... არა?! ჰოდა... ამაღამ... არაფერი გვემუქრება! მაგრამ ხვალ დილით, უნდა მოვშორდეთ აქაურობას! წავალ, ვნახავ ჩვენისთანებისთვის რამე აბრები ხომ არ არის გზაზე გამოკრული. ახლა უკვე კარგად ვიცი აბრების კითხვა! ერთხელ დედაჩემმა... კეჯამ დამანახა და მითხრა: თუ მხოლოდ სამ სიტყვას დაინახავ ესე იგი, წერია “მომთაბარეთათვის სასტიკად აკრძალულია”. თუ სამ სიტყვაზე მეტს ხედავ, მაშინ “მომთაბარეთა ბანაკების გასაჩერებელი ადგილი” იქნება დაწერილი. უკეთეს შემთხვევაში! თუმცა, ეს ორ რამეს შეიძლება ნიშნავდეს, პირველი: “სასტიკად აკრძალულია ებრაელებისთვის... ციგნებისთვის და ძაღლებისთვის!” ან მეორე: “მომთაბარეთა გაჩერება ნებადართულია 48 საათის განმავლობაში”. რაც არ უნდა ეწეროს, ყოველთვის ვიცი, რომელია სიტყვა «სასტიკად», ასო «ს» ორჯერ რომ მეორდება იმიტომ. სისინა გველს მაგონებს. ერთ წელიწადს კარპატებთან იდგა ჩვენი ბანაკი, უხსენებლები შემოგვეჩვივნენ, პატარა თეკლას ფეხზეც კი უკბინეს... იმ წელს დედაჩემმა სამ გველს გამოღადრა ყელი. არა, არანაირი აბრა არ ჩანს! რაც არ უნდა იყოს, აქ ერთი ღამით ვრჩებით... არა, სეზარ?! წვერგაპარსულები გვიპოვიან თუ არა, მნიშვნელობა არა აქვს, მე მაინც უნდა განვაცხადო პოლიციაში! ვიცი, როგორ გეჯავრება ჟანდარმები!.. მაგრამ ასეა საჭირო! გინდა, საბანი დაგაფარო?.. ჰო, რა თქმა უნდა, გინდა... ვიცი, ძალიან გიყვარს!

 

დრანა ფურგონში შედის, მატყლის გაცვეთილი საბანი გამოაქვს და ცხენს გადააფარებს.

 

  აი, შენი საყვარელი საბანიც... როგორ დაძველებულა?! გახსოვს, გადაგდება დავუპირე, მაშინაც დახეული იყო... მაგრამ საიდანღაც მუნი შეგეყარა და სხვას არაფერს იფარებდი! როგორი ამოჩემება იცი, ან სიგიჟემდე გიყვარს, ან სიგიჟემდე გეჯავრება! ის თუ გახსოვს, ჩემს სავარძელს რომ ვყიდდი! ერთხელ, მაღაზიაში ლამაზი კაბა ვნახე! რა დეკოლტე ჰქონდა?! ტიხელისთვის თავის მოწონება მინდოდა... საუკუნე არ მენახა, ვიფიქრე ამ ჩემს ანტიკვარულ სავარძელს გავყიდი და კაბას ვიყიდი-თქო... ძლივსძლივობით გამოვათრიე ფურგონიდან და გასაყიდად გავამზადე! მაგრამ შებრუნებული არ ვიყავი, ერთიანად გადასანსლე! დიახ, ვიცი... თივით იყო გატენილი! მაგრამ განა ეს გამართლებაა?! დღემდე ვერ მიპატიებია შენთვის!

 

დრანა ცხენის უკან მოიკუნტება.

 

  ხვალ, კიდევ ერთხელ გაგყიდი... ხომ იცი, ამას ადრეც ვაკეთებდით... ყურებში ვერცხლისწყალს ჩაგასხამ, ცოტას გამოცოცხლდები... კბილებს დაგიქლიბავ.. და გაგყიდი.. შენ კი მეორე დღესვე დამიბრუნდები! სეზარ, გახსოვს, ერთ წვერგაუპარსავ გაჯოს ორჯერ რომ მიგყიდე? დილით გაგყიდე... საღამოს დამიბრუნდი... მთელი ღამე შენს გალამაზებას მოვანდომე... თვალს ზემოთ კანი გაგიხვრიტე, ჩალის ღერით ჩავბერე... და ამოვკერე, ჰაერი რომ არ გამოსულიყო! ამან ცოტა იერი გაგიახალგაზრდავა... მერე ხელოვნური კუდიც მიგაბი და ლურჯად გადაგღებე... საწყალი გაჯო... ერთ დღეს წაბლა იყიდა... მეორე დღეს ლურჯა.. ეჰ, რამდენჯერ გამიყიდიხარ ასე!.. არა, თუU გირჩევნია, ვიმათხოვრებ! ხომ არ გახსოვს, ჩემი ნაჭრის თოჯინა სად შევინახე? ჩემოდანში? მართალი ხარ! აბა, სად უნდა შემენახა?! წავალ, ვნახავ ისევ  იქ თუ დევს...

 

დრანა ფურგონში შედის. ისმის რახარუხის ხმა.

 

  იმედი მაქვს, იმ დღეს არ დავწვი, ტიხელის ტანსაცმელს ცეცხლი რომ წავუკიდე. ოჰ! არა, აი აქ ყოფილა! ნახე?!

 

დრანას ფურგონიდან თოჯინა გამოაქვს და მხარზე მოიკიდებს.

 

  შეხედე, ცოცხალს არ გავს? აი, ასე ხელში ავიყვან... და... ვიმათხოვრებ... კეთილო ხალხო, დამეხმარეთ... დამეხმარეთ ხალხო... პატარა ჯირკვლების მწვავე ანთებით მყავს ავად... თუ სამკურნალო ფულს ვერ ვიშოვი, ორივე ფეხს მოაჭრიან... გთხოვთ დამეხმარეთ... გაიმეტეთ რამდენიმე კაპიკი საბრალო ბავშვისთვის...

 

თითქოს უარის მთქმელს ემუქრებაო

 

  ეი, თქვენ, ახლა ასეთი ბედნიერი სახე რომ გაქვთ, იცით კი ათი წლის მერე რა გელოდებათ?! ქალბატონო, იყავით ღვთისნიერი, გაიღეთ მოწყალება! ქმარი მყავს დასამარხი... ფილტვის სიმსივნემ შეიწირა... ოთხასი კრონი მჭირდება, ქელეხისთვის ცოტაოდნი ლუდი რომ ვიყიდო... ბატონო, გაიმეტეთ რამდენიმე ფლორინი, შვილები სკოლაში მყავს გასაშვები!.. ქალბატონო, ტრანსილვანიაში ვარ ნამყოფი... სახლში ვამპირები შემოგპარვიათ, თქვენი პატარას სისხლით ტკბებიან... ნუ შეშინდებით... მე მოგაშორებთ... ქალბატონებო და ბატონები, ვხსნი ავ თვალს... ავი თვალისაგან ვანთავისუფლებ ოჯახებს... ავიღებ ლივრს... იენს... ფრანგულ ფრანკს... ამერიკულ დოლარს! გულუხვებს ღმერთი დააჯილდოებს! მაგრამ ძუნწები, მზის ამოსვლამდე იხილავენ თავიანთ ნაშიერთ ბუბონის შავი ჭირით მომაკვდავთ! გმადლობთ, გმადლობთ... დღეგრძელობა თქვენს ცხენებს. დიდი მადლობა! შეხედე სეზარ, თუ ასე გაგრძელდა, მალე ახალ მოსართავებს გიყიდი!.. არ გიხარია? ცოტა არ გაერთე? სეზარ, რატომ არ იცინი?! ამას ხომ შენს გასამხიარულებლად ვაკეთებ. ეჰ! დაბერდი ჩემო სეზარ, ძალიან დაბერდი... შენი უბედურებაც ეს არის... ცხენი ას წელიწადს ხომ ვერ იცოცხლებს! მე რომ დავიბადე, ზუსტად ისევე ციოდა, როგორც დღეს... მეც შენსავით დავბერდი სეზარ... მეც შენსავით ასი ზამთარი ვიცოცხლე.. გახსოვს, ჩემი დაბადების დღეს, რა ჭექა-ქუხილი იყო?! საუკუნეში ერთხელ თუ იქნება ასეთი.... იმ დღეს, ჩემმა დამ ფერმაში ქათამი მოიპარა... საწყალი რუპა! ზამთარში ქურდობა ადვილი არ გეგონოს... თოვლში სწრაფად ვერ გაიქცევი... სულ პატარა იყო! საქათმეში შევიდა თუ არა, ქათმებმა კაკანი ატეხეს... წყეული ქათმები! სულ კაკანებენ! რა განსხვავებაა ღუმელში შეგწვავს ურჯულო-გაჯო, თუ ბოშა მოგხარშავს ქვაბში?! თქვენი ბედი ხომ მაინც წვნიანია?!.. აბა, რა გაკაკანებთ?! ააყეფებთ ძაღლებს, გააღვიძებთ ურჯულოებს! წყეული ურჯულოები! საწყალი რუპა... მთელი ძალით გამორბოდა... აქოშინებული შემოვარდა ბანაკში... ფეხდაფეხ ჟანდარმები მოსდევდნენ! არ გადავიწყდეს, ცხენებით იყვნენ! შენი წყალობით, ჩემო სეზარ, დედაჩემმა... კეჯამ... ყოველთვის წინსწარ იცოდა ჟანდარმები როდის გვესტუმრებოდნენ... მათი მოახლოებისთანავე, სიბრაზისგან ერთიანად წითლდებოდი! მათ დასაკბენად იქაჩებოდი, თითქოს ვაშლები ყოფილიყვნენ! მათი ცხენებიც კი გეჯავრებოდა... ჟანდარმების თანამზრახველებიაო ამბობდი... მამაჩემი... ცირონო... ცდილობდა როგორმე დაეწყნარებიე, დედაჩემი კი რუპას დასამალად ადგილს ეძებდა! მაგრამ შორს ძებნის დრო სად ჰქონდა... მეც ზუსტად მაშინ მომინდა დაბადება. აბა, რა ვიცოდი გარეთ რა ხდებოდა?! დედაჩემმა რუპა ჩემოდანში ჩააწვინა.. და გარეთ გავიდა, ფურგონს უკან ჩასაცუცქად... საშინელი ქარი ქროდა და თოვლიც ნემსებივით ესობოდა კანს... ჟანდარმებმა... ფურგონში შემოსვლისთანავე ჩემოდანი გახსნეს! და რუპა ციხეში წაიყვანეს! ჩემს დას ისე მოეწონა ციხე, რომ მოგვიანებით შვილებიც იქ დაყავდა. ამბობდა, ციხეში უფრო თბილა, ვიდრე ფურგონშიო. ჩვენთან ხომ ყველა მხრიდან აწვიმს და ათოვს, იქ კი მხოლოდ ფანჯრის მხრიდან თოვდა, თანაც, ციხეში ქვის კედლებია და არც ქარი უბერავს... მამაჩემი... კარზე სკამს მიადგამდა, რომ არ გაღებულიყო... ახალდაბადებული ქვაბში ჩამაწვინეს, ასე უფრო თბილად იქნებაო... მაგრამ დაძინება მიჭირდა... გამუდმებით ვტიროდი და მეღვიძებოდა... დედაჩემი... დროდადრო ქვაბს თავს ახდიდა, ცხელ ოხშივარს გამოუშვებდა... ორთქლი მუთაქებს ანესტიანებდა... და უარესი იყო... ოჰ, როგორ მაციებს! შეშის მოსაჭრელად მაინც შემეძლოს წასვლა! მაგრამ მთელი გზაა ტყე არ მინახავს, თვალიც არ მომიკრავს. გაჯოებს ჩვენი ეშინიათ, ბოშები კუდიანები არიანო, ამბობენ... მომავალს რომ ვხედავთ იმიტომ... თვითონ კი ხეები გააქრეს... სეზარ, როგორ ფიქრობ, ფურგონში ერთი-ორი ღერი შეშა გვექნება, ცეცხლის დასანთებად რომ ივარგოს ისეთი? კარგი აზრია, არა?! ცოტას გავთბებით და ყავასაც მოვადუღებდთ... აბა, რას იტყვი?!

 

დრანა ადგება. ფიცრების აძრობას დააპირებს, მაგრამ შეყოყმანდება.

 

  ასეა თუ ისე, უკვე ნამდვილად გამოსაცვლელია! ეჰ, ძალიან დაგვიძველდა ბაბუა ბიჩიკას ფურგონი... დარწმუნაბული ვარ, ბაბუაჩემი უფრო ახალგაზრდა იყო სიკვდილის წინ, ვიდრე ეს ფურგონია...

 

ფურგონის კედლებს სიყვარულით გადაუსვამს ხელს.

 

  ამ კედლებს შეხედე სეზარ, რამდენ რამეს მოგიყვებიან... ამ ლაქას ხედავ?!.. გახსოვს, მატეო რომ ჩამოვიდა ამერიკიდან, მაშინდელია! გავაბრაზე და მანქანით ფურგონში შემოგვივარდა, უნდოდა ჩვენთვის ისეთივე ავტომობილი მოეყიდა, მას რომ ყავდა. მე ვუთხარი, ჩემი სეზარი გაცილებით ჭკვიანია, ვიდრე ეგ შენი სულელური მანქანა-თქო. ოჰ! არ იფიქრო, ამით შენ გასიამოვნე, უბრალოდ სიმართლე ვთქვი! ვენაში რომ ჩამოსულიყო, მატეომ მანქანისთვის გემი დაიქირავა... ჰმ, რატომ უნდა იყიდო მანქანა, რომლის წასაღებადაც გემი გჭირდება? ოჰ! ერთი ამას შეხედე! ცირკისთვის თვლას რომ გასწავლიდი, თუ გახსოვს... ახლაც ეტყობა წარწერა... შეხედე.... კედელზე ერთიანს დავწერდი და შენ ფეხს ერთხელ დააბაკუნებდი, ორიანს დავწერდი, და ორჯერ დააბაკუნებდი. სამიანს დავწერდი... სამჯერ... სულ ეს იყო, სამის მერე წერა არ ვიცოდი!.. აი, ამას შეხედე... ერთხელ ზურკა გვესტუმრა... ტელევიზია ჩავრთეთ, გამოსახულებებს ვუყურებდით, მაგრამ ამბავი ცუდად დამთავრდა და ზურკამ ტელევიზია კედელს მიანარცხა. ფიცრებიც აღარ ვარგა, სეზარ, დამპალია... არ დაიწვება! მაგრამ ნახე! საფეხურებს ჯერ კიდევ არაუშავს. ხედავ? ეს გამოდგება! ნახე... ესეც ასე!

 

დრანამ ფიცრები მუხლებზე დაიპო და ცეცხლი დაანთო.

 

  აბა, ეხლა ერთი კარგი ცეცხლი გავაჩაღოთ... მერე, მოგვიანებით... უკეთ რომ გახდები... მაჩვ-ზღარბა დავიჭიროთ და ბულიონიც გავაკეთოთ! ეჰ! ნეტავ იტალიაში ვიყოთ... პასტას მოვიპარავდი, საფრანგეთში რომ ვიყოთ... კონიაკს... შოტლანდიაში _ ვისკის! თურქეთში _ რაკის, რუსეთში _ არაყს...

 

დრანა ცეცხლზე ხელებს ითბობს

 

  ხედავ... სითბო როგორ მოგვიხდა?!

 

  დრანა ადგა, ფურგონში ჩამოკიდებული ყავადანი ჩამოხსნა და ცეცხლზე დადგა. ყავას ადუღებს, თან ჩიბუხს ტენის.

 

  მე რუსეთში დავიბადე... რუპას ციხიდან გამოსვლამდე იქ ვიყავით... გაზაფხულზე თოვლი გადნებოდა თუ არა, ბავშვები მოლზე წამოვწვებოდით და მამაჩემი სხვადასხვა ამბებს გვიყვებოდა... როცა სამი წლის გავხდი, საშინლად მკაცრი ზამთარი დაგვიდგა, გაზაფხულით შეგულიანებული ყვავები ძალადაკარგულ ზამთარს ლანძღავდნენ! სახეზე ფერი რომ დაგვდებოდა ყვავილებს ვჭამდით. ერთხელაც დედაჩემმა დაგვიძახა:

  კეჯა -           ცირონო! ცირონო! ჩვენი ქალიშვილი დაბრუნდა, რუპა დაბრუნდა!

  დრანა -       წამოვხტი და ჩემი დის სანახავად გავიქეცი! მის გასაცნობად მივიჩქაროდი... სამი წელი მასზე მელაპარაკებოდნენ! თურმე, ჩემსავით ხვეული თმა ჰქონდა! მეუბნებოდნენ, ტყუპისცალივით გევხართ ერთმანეთსო. მივედი თუ არა, დედაჩემმა მკითხა:

  კეჯა -           კი მაგრამ, მამაშენი სად არის? საუკუნეა ვეძახი!

  დრანა -       მამაჩემმა გაიგონა თუ არა დედაჩემის ხმა, მაშინვე წამოხტა... ამ დროს, ჩვენი ბანაკი უფსკრულის პირას იდგა... მოგვიანებით... ხალხმა თქვა, რომ გზა აერია და უფსკრულში გადაიჩეხა... ჯერ კიდევ თბილი ხარ სეზარ! ახლა, შენს გარდა აღარავინ მყავს... გახსოვს დედაჩემის ხმა, სეზარ?! გახსოვს, რას გვეუბნებოდა? ნამდვილი ბოშა მანამ არ მოკვდება, ვიდრე მასზე ფიქრობენო! არც შენ მომკვდარხარ, ჩემო სეზარ, მე ხომ გელაპარაკები!

 

მღერის

 

  უკვე აღარ ვიცი, ვინ ვარ მე... უკვე აღარ ვიცი, სად მივდივარ მე... ჩემი საათი გაჩერდა იმ დროს, როცა შენ მიმატოვე მე!.. მამაჩემის სიკვდილმა, ბაბუაჩემი ლოგინად ჩააგდო... საბრალო ბიჩიკა! შვილის დაკარგვამ გონება სულ აურია! მიტოვებული ვიოლინოსავით მოიწყინა! სიკვდილის მოახლოებას გრძნობდა! სურდა უკანასკნელად ენახა თავისი ძმა და გვთხოვა უნგრეთისკენ წავსულიყავით! სულ გვაჩქარებდა, ჩვენ კი ნელა მივდიოდით. მეგონა სანამ ძმას არ შეხვდებოდა, ბაბუაჩემი არ მოკვდებოდა და თუ საერთოდ არ ნახავდა, უკვდავი გახდებოდა... რა სულელი ვიყავი... ქურდობა აგიკრძალე... და გთხოვე ნელი ჩორთით გევლო... ორი კვირის შემდეგ... ბაბუა ბიჩიკამ ლენინგრადის ყინვებს ვერ გაუძლო და მოკვდა.

 

  მღერისუკვე აღარ ვიცი, ვინ ვარ მე... უკვე აღარ ვიცი, სად მივდივარ მე... ჩემი საათი გაჩერდა იმ დროს, როცა შენ მიმატოვე მე... სანამ მოკვდებოდა, ბაბუაჩემმა პერანგი დახია, ზონარი გააკეთა, თითზე შემაბა და მითხრა, თუ საფრთხე დაგემუქრება, ნასკვი გახსენი და უმალ შენს დასახმარებლად მოვალო... მართალს ვამბობ, შენც ხომ იცი... ბოშები ყოველთვის სიმართლეს ამბობენ! Gთუ ხელის გულზე არ მკითხაობენ! ერთხელ, მეც მოვიტყუე... ტიხელი მოვატყუე, ჩემი ქმარი... ხუთი წლის ვიყავი, როცა პირველად ვნახე ტიხელი... ჩიბუხის მოწევა ახალი დაწყებული მქონდა. შენც საუკეთესო ფორმაში იყავი! სენ-მარი-დე-ლა-მერში მივდიოდით მოსალოცად, წმინდა სარას, ბოშების მფარველს უნდა შევვედრებოდით... დილით გამოვედით ტრანსილვანიიდან და საღამოს უკვე მონპელიეში ვიყავით... სენ-მარის გზები გადაჭედილი იყო... უამრავი ხალხი მოდიოდა... ათასობით... დანარჩენი გზა ფეხით გავიარეთ... სწორედ იქ შევხვდით სუტზოების ოჯახს... ტიხელის ოჯახს... ამ ოჯახში ყველა მამაკაცი დათვების მომთვინიერებელი იყო... დედაჩემს ტიხელის მამა ძალიან უყვარდა და ჩვენს ქორწინებაზე ოცნებობდა. ჩემი და ტიხელის! გესმის?! ჩემი და ტიხელის ქორწინება! წლინახევრის იქნებოდა... წრიპა, ჩვრებში გახვეული, თანაც მახინჯი... ცალი თვალი სადღაც გაურბოდა და ცხვირიდან მდინარე მოდიოდა... ამ დროს მე ბაბუაჩემის ძმის შვილი მომწონდა, მთასავით კაცი იყო... ჩემები კი წრიპა ტიხელზე მათხოვებდნენ. ვევედრებოდი დედაჩემს, მამაშენის ძმის შვილიშვილს მიმათხოვე-თქო, მაგრამ არაფრის გაგონება არ სურდა! საშინელება იყო! ეჰ, ჯეკა, ჯეკა! მაშინ, ხელი ჩავიქნიე შენზე?! ჩემს ძმებს, ტყუპებს... მიზანის და გრიბლოს... ვთხოვე, ფურგონის სახურავზე ასულიყვნენ და ტიხელისათვის თავზე გადმოეშარდათ!.. მაგრამ გაგვექცა, ისე გარბოდა, როგორც ქურციკი გარბის ლომის დანახვაზე. მდინარისკენ დაეშვა, თან ბოშურად გვაგინებდა! ჯერ ხეირიანად ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ გინება... ყველა ზეპირად იცოდა! მდინარემდე მივყევი! ტიროდა, თან ჩანგლით თევზებს იჭერდა... ხელი მოვკიდე, ხელის გულზე დავხედე და საშინელი რაღაცეები ვუწინასწარმეტყველე... ვუთხარი, თუ ამ ქორწინებას დათანხმდები... შენი ცოლი... კვერცხებს დაგაჭრის და ქვაბში მოხარშვს!... იმდენად სულელი იყო, რომ დამიჯერა! უფრო მეტი შთაბეჭდილების მოსახდენად, ბორცვზე ავედი და დავუყვირე: გაფრთხილებ!.. ძალიან ხმამაღლა ვმღერი, თუ მუსიკა არ გიყვარს, მაშინ აჯობებს ახლავე დაყრუვდე ან ყურები ამოიქოლო! შენს დათვს კი გადაეცი, თუ ბაზრობის ვარსკვლავი გახდება... ჩემი ცხენი... შემოსავლის ნახევარს ითხოვს... თორემ ხელს დაავლებს, ჰაერში აიტაცებს და დუნაიში გადაუძახებს... ვიცი, სეზარ ასე მოიქცეოდი, კარგად გიცნობ! იმ დღეს, ისე შევაშინე, დედამისს სულ ძუძუები დაუხეთქა სიმწრით. სუტზოები საბერძნეთისკენ გაემგზავრნენ, ჩვენ კი ჩეხოსლოვაკიისკენ! საბრალო ტიხელი! მაინც დავქორწინდით, თხუთმეტი წლის შემდეგ ისევ შევხვდი... ისევ იქ... სენტ-მარი-დე-ლა-მერში... მაგრამ ახლა, სულ სხვა იყო... თხის ბეწვის პალტო ეცვა, კოჭებამდე, გახსნილს  ატარებდა. შიგნით მხოლოდ შარვალი მოუჩანდა, ეგვიპტელივით ტანი ჰქონდა... შავგრემანი და თმიანი. ჩემს ხელებზე სამჯერ დიდი ხელები ჰქონდა! ჭამის დროს, დიდი ბურთები ჩაუცურდებოდა ხოლმე ყელში. ამაყად თავაწეული დადიოდა ქალაქში! მთელს ევროპაში დათვების საუკეთესო მომთვინიერებელი იყო... ეს კი თავდაჯერებულობას მატებდა... მართალია ტილები ყავდა, მაგრამ სულ არ მადარდებდა. რა ლამაზი იყო! ჩემს დანახვაზე ხელი ცისკენ აღმართა და ნაღდი ბოშასავით შემომძახა!

 

 

  ტიხელი -    დაე, მზე თავზე ჩამომექცეს ლუდივით, თუ ერთ საათში ცოლად არ შეგირთო.

  დრანა -       აი ასე, მომხიბლა! როგორც კი შევხედე, ჟრუანტელმა დამიარა, ძალა გამომეცალა, თუმცა მაშინვე გამბედაობა მოვიკრიბე და ვუპასუხე: იქნებ საათნახევარში ჯობდეს! ბოლო სიტყვა ჩემი უნდა ყოფილიყო, თორემ... დავიღუპებოდი... მისი თვალები ბედისწერაზე შავი იყო და უფრო ღრმა და უსასრულო, ვიდრე დრო. გამოხედვაში რაღაც უცნაური ძალა-ჰარმეია ჰქონდა! ბოშის გარდა, სხვა ვერ მიხვდება რა ძალაა ჰარმეია. სწორედ ამ ჰარმეიას წყალობით უჯერებენ ჩვენს ზღაპრებს. გახსოვს, ერთ გაჯოს ავადმყოფი ვირი რომ მივყიდე? უნდოდა ფასი დამეკლო, ამბობდა ვირს თვალები აქვს ჩაყვითლებულიო. სხეულში მაშინვე ჰარმეია შემომეჭრა, ურჯულოს ქვაბზე მივანიშნე და ვუთხარი: ჩემი ორივე თვალი, ახლავე ამ ქვაბში მოიხარშოს, თუ ჩემი სახედარი ავადმყოფია!” მანაც, მაშინვე იყიდა ვირი. ომის დამთავრებამდე, მე და ტიხელი ბუდაპეშტში დავსახლდით. ეჰ! ტიხელი ბაზრობიდან ბრუნდებოდა და მუდამ ერთი და იგივე სცენა იმართებოდა. _ ღვინის სუნი გიდის ტიხელ! დღესაც ჩვენი ქორწინება აღნიშნე?!

  ტიხელი -    რას მიედ-მოედები, თვითონ არ იცი რას ამბობ!

  დრანა -       მშვენივრად ვხვდები, როდის ხარ მთვრალი! მაშინ შემოსვლისას კარებს არ აღებ, ჩუმად მოიპარები.

  ტიხელი -    რაც არ დაგიხურავს რას გავაღებდი! ბაბუაშენიც იმიტომ გაიყინა, რომ შუა ზამთარშიც არ ხურავდით კარს! შენი აზრით, კედლებში რომ ღრიჭოებია ის არ კმარა, კარი მაინც დავხუროთ!

  დრანა -       მე ჰაერი მჭირდება ტიხელ! ჰაერი საერთოდ არ არის... დედაჩემი, მამაშენი... ბავშვები! ოცდათექვსმეტი კაცი ერთ ფლეიტაში ვუბერავთ... ჰაერმა ხომ უნდა იმოძრაოს!

  ტიხელი -    ჰაერი თუ გინდა, ბარემ კედლებიც ჩამოანგრიე! მე წავალ და მარტო დავიძინებ ღუმელთან. პოლონელი დათვივით ცხოვრობ... აუტანელი ხარ!

  დრანა -       მორჩი ყვირილს, ტიხელ, თორემ მაგ საოხრეს ჭიები შეგიჭამენ! როცა მისი გაცოფება მინდოდა, მის საოხრეს მივადგებოდი და... ამის მერე შეეძლო მთელი საუკუნე ეყვირა! დაე, ჭკუიდან შეიშალო, რაც შეიძლება მალე, სანამ საჭმელს შეჭამდე!

  ტიხელი -    დაე სამუდამოდ დაუშნოვდე, პირველივე სავსე მთვარემდე!

 

  დრანა -       მერე... გავარდებოდა, კარს გაიჯახუნებდა და ჩამოაგდებდა... მაგრამ კეჯა ჩემთან იყო! კეჯა, დედაჩემო! ნუ ხვრინავ... სალაპარაკო მაქვს... ტიხელი სამუდამოდ წავიდა.

  კეჯა -           ჰო, რა თქმა უნდა... ვიცი... ყოველდღე ამას არ გაიძახი?!

  დრანა -       ამჯერად... სულ სხვაგვარადაა საქმე... უკვე აღარ მინდა რომ დაბრუნდეს.

  კეჯა -           ამასაც  ყოველდღე მიმეორებ!

  დრანა -       არა, ამას ყოველდღე არ ვიმეორებ!

  კეჯა -           კვირაში ერთხელ მაინც!

  დრანა -       კვირაში ერთხელ შეიძლება... მაგრამ დღეს ყველაფერი დამთავრდა, მან ჩვენი სიყვარული ფეხქვეშ გათელა.

  კეჯა -           გუშინაც გათელა თქვენი სიყვარული.

  დრანა -       არა! არაფერი გესმის, დედეჩემო! გუშინ მხოლოდ ჩვენი მეგობრობა გათელა.

  კეჯა -           მალე დაბრუნდება...

  დრანა -       უკვე ასი წლის ვარ! მოვხუცდი, ის კი ჯერაც არ დაბრუნებულა!

  კეჯა -           ძილი გამიტყდა! ყველაფრისგან ტრაგედიას ქმნი! დაბრუნდება!

  დრანა -       დარწმუნებული ვარ, სხვა ქალი ჰყავს!

  კეჯა -           სისულელეა... გახსოვს, ანდაზა, მამაშენი ხშირად იმეორებდა „ერთი უკანალით ორ ცხენზე ერთდროულად ვერ დაჯდებიო!”

  დრანა -       ხედავ... უკვე ვტირი!

  კეჯა -           უფ, ყოველდღე არ ტირი?!

  დრანა -       არა! ყოველდღე არ ვტირი!

  კეჯა -           დაწყნარდი! ხუთ წუთში მობრუდება.

  დრანა -       ყოველთვის ხუთ წუთში ბრუნდებოდა! თავისი ხელით ხელახლა აჭედებდა კარს! ხელში ამიყვანდა! გადააბიჯებდა ფანჯარას! და გამიყვანდა გარეთ! შორს ბავშვებისგან... შორს დედაჩემისგან... შორს მამამისისგან... და იქ, ფურგონის ქვემოთ!.. შუა ზამთარში! გახსოვს... შენ და დათვი... თვალს როგორ გვარიდებდით, თითქოს ვერ გვხედავდით. სამაგიეროდ ვარსკვლავები გადმოგვყურებდენ და შურით გვაკვირდებოდნენ. მთვარე ხმას გაიკმენდდა, თითქოს ყურს უგდებდსო ტიხელის ჩურჩულს! ყველანი ეჭვიანობდით... ეჭვიანობდით იმიტომ, რომ ჩვენ ძაღლებივით ვცნობდით ერთმანეთს. ჩემი სიმხურვალე შანთივით უწვავდა სხეულს. მეუბნებოდა, რომ ჩემს ხელებში ის ქალად გრძნობდა თავს. თითქოს ადგილებს ვცვლიდით, მე კაცი ვიყავი, ის კი ქალი! როგორც სევილიაში კორიდაზე... როცა ხარი მატადორად გადაიქცევა!

 

პაუზა

 

  სეზარ... ძალიან მაკლია ტიხელი! განსაკუთრებით იმ ხუთი წუთის მერე! იმის მეოთხედსაც ვერ გავაკეთებ, რასაც მასთან ერთად გავაკეთებდი.

 

 

მღერის

 

  წმინდო სარა! ჩემო მფარველო!

  გთხოვ მომიტევო ვნება დემონური!

  შენ ხომ გინახავს ჩემი სახე მადონასებრი!

  წმინდაო ქალწულო ერთადერთი

  შენი სიკეთე თუ მანუგეშებს.

 

  ოცდათორმეტი შვილი ვაჩუქე ტიხელს! თავდაპირველად, ყოველ წელს თითო ბავშვს ვაჩენდი, მერე ორწელიწადში ერთხელ, ბოლო ორი ტიხელის გარდაცვალების მერე მეყოლა! ამას პატარა პაპუც დავუმატოდ, კარგა ხანს მე ვზრდიდი.... ერთ დღეს, დედამისი, პარნი მოვიდა და მთხოვა ბავშვისთვის მიმეხედა... თვითონ იძულებით სამუშაოზე მიყავდათ. ულაპარაკოდ დავთანხმდი. პაპუ ბანაკის ულამაზესი ბავშვი იყო... მართალია არაყს სვამდა, მაგრამ ზრდილობა არასოდეს ავიწყდებოდა! გვერდით მოვიწვინე... გიტარას ისე უკრავდა, როგორც ცხენი დაჯირითობს... ვინ მოთვლის, რამდენი საღამო გაგვილამაზა.  მაგრამ... დედამისი, პარნი, სულ მალე გამოუშვეს და შვილის წასაყვანად მოვიდა! ამასობაში, ბიჭს შევეჩვიე. ვუთხარი: _ შე, საძაგელო  ქალო, ამას რომ მეუბნები არ გრცხვენია?! ბიჭი დამიტოვე, მიმაჩვიე და ახლა, მოდიხარ და მართმევ, ვითომ ნაქურდალია! მიპასუხა: _ ჩემი შვილია და უნდა დამიბრუნო! _ არასოდეს! როგორ დაგიბრუნო, მე მას უკვე ჩემი ძირმაგარები ვაჩუქე, მან კი თავისი ჩუტყვავილა გადმომილოცა, ახლა ის ჩემია, ჩემი! პაპუს შესთავაზა არჩევანის გაკეთება... იმედი გაუცრუვდა... პაპუმ ჩემთან მოინდომა დარჩენა! სრული სიმართლეა. პაპუსთვის ყავა მუდამ მქონდა გადანახული, თანაც საუკეთესო ჭიქით, ტიხელს თუთუნს ვპარავდი და მას ვაძლევდი! მაგრამ ცხრა წელიწადნახევარში, მაინც მიგვატოვა, ცოლი შეირთო. ამაზე ბევრი არ მიდარდია. იმ წელიწადს, მირიამი გამოძვრა ჩემი მუცლიდან, სამი მთვარით ადრე, ჯერ სახე ჩამოყალიბებულიც არ ჰქონდა... დარდისაგან კინაღამ გავგიჟდი, ტიხელიც მწუხარებისაგან ავად გახდა! მაშინ, პირველად ვნახე ატირებული ტიხელი... დავიფიცე, არასოდეს მეჩხუბა. ტიხელმაც დაიფიცა აღარ დაელია! არ გეგონოს მთელი ცხოვრება, მხოლოდ პატარას გადარჩენამდე! დედაჩემს... კეჯას... ერთი სიტყვაც არ დასცდენია, მაშინვე წავიდა და თავის ძმას ნახშირის ღუმელი გამოართვა... პატარა ღუმელში ჩააწვინა, სულ თბილად რომ ყოფილიყო, დღე და ღამე თვალყურს ადევნებდა! მე, ხმის ამოუღებლად ველოდი რა მოხდებოდა, ტიხელიც ელოდა, წვეთს არ სვამდა... არც ურსიტორიები მოდიოდნენ! ადამიანი დაიბადება თუ არა, მასთან სამი სული ჩამოდის ციდან, სამი ურსიტორია. სწორედ მათ ხელშია ადამიანის ხიცოცხლის ხანგრძლივობა. პირველი სული... ბოროტია... მაშინვე უნდა ადამინის მოკვლა... მეორეს, ათასი წლის სიცოცხლე ემეტება ჩვენთვის! საბოლოო სიტყვა კი მესამეს ეკუთვნის! მაგრამ მირიამთან ურსიტორიები არ მოდიოდნენ! შესაძლოა, ერთმამეთისგან ვერ არჩევდნენ ღუმელს და ჩემს მუცელს?! ერთ დილას... ჯერ კიდევ მეძინა, დედაჩემი მოვიდა და საბნის ქვეშ პატარა შემომიწვინა! ცრემლები ვეღარ შევიკავე, ტიხელი სასმელში ჩაიხრჩო! აბა, პაპუს წასვლაზე ფიქრის დრო სად მქონდა?!.. ერთხელ, პაპუს ცოლმა მისაყვედურა, ჩემი ქმარი კარგად ვერ გაგიზრდიაო! შვილებზე ყოველთვის კარგად ვზრუნავდი!... როცა ეშინოდათ ლაგამს ამოვდებდი... და მივაბამდი... თუ თავისუფლება მოუნდებოდა... ლაგამს მოვხსნიდი... ნებაზე მივუშვებდი... ასე და ამგვარად... წესიერად იზრდებოდნენ და კარგადაც ცხოვრობდნენ... ჩემსავით...

 

პაუზა

 

  დიდ პატივს ვცემდი იმ ქვეყნის რელიგიას, სადაც ჩავიდოდი. შენც დამემოწმები, სეზარ. ქრისტიანებისთვის ნამდვილი ქრისტიანი ვიყავი, თავი რომ მოეჭრათ, ქრისტეს მეოთხე ლურსმანს არ მივაჭედებდი. მუსულმანებისთვის სამაგალითო მუსულმანი...

 

პაუზა

 

  ჩემიანებისთვის არასოდეს მომიპარავს! სხვებისთვის, რამდენიც გინდა... ასეთია ჩვენი წეს-ადათი... მაგრამ იმაზე მეტი არასოდეს ამიღია, ვიდრე თავის გასატანად დამჭირდებოდა! არც ეშმაკობა მაკლდა, და ბნელ ღამესაც კარგად ვიყენებდი... დღისით, საქათმეში არასოდეს შევსულვარ. საწადელის მისაღწევად სულელების ჭკუათხელობით ვსარგებლობდი... ბაზარში ყოველთვის ხელით ვსინჯავდი ყველაფერს... ავიღებდი ხელში, რაც მჭირდებოდა, ვათვალიერებდი... გამყიდველები უმალ მაძლევდნენ, რასაც შევეხებოდი! ამგვარად, ჩემი ოჯახი ყოველთვის დიდ პატივში მყავდა. ბოშებმაც კი იციან, რომ ჩვენი ოჯახი ქურდების მეფეა! ის უნგრული ზღაპარი ხომ იცი, ცხენებით მოვაჭრე ტოდორზე რომ არის?

 

დრანა ყვება

 

  „ერთ დღეს ტოდორი ფაშატს ყიდის გლეხზე, თან ეუბნება: თუ ამ ცხენს შენ რამე ნაკლს უპოვნი, უკან დავიბრუნებ და ზარალსაც აგინაზღაურებო... სამი დღის შემდეგ გლეხს ფაშატი უკან მოჰყავს და ტოდორს ეუბნება:

 

 

  _აჰა, დაიბრუნე შენი ფაშატი, ნაკლი ვუპოვე.

  _რა ნაკლი? ჰკითხა ტოდორმა

  _ცალი თვალით ბრმაა! უპასუხა გლეხმა.

  საბრალო გლეხი, ტოდორმა სიტყვაზე დაიჭირა...

  _სიბრმავე ნაკლი კი არა, უბედურებაა, ჩვენ კი ამაზე არ შევთანხმებულვართო _ მიუგო ტოდორმა, და დარჩა გლეხი პირში ჩალაგამოვლებული.

 

  არასოდეს მიჭამია ჩემი ცხენის ხორცი! ძალიან თუ გამიჭირდებოდა, შემეძლო უცნობი ცხენი მომეპარა და მეჭამა... მაგრამ ოჯახის ცხენს ამას არასოდეს ვაკადრებდი.

 

პაუზა

 

რამდენი ვილაპარაკე, და ჯერ მხოლოდ ის გარდაცვლილები გავიხსენე, რომელთაც ძალიან ვუყვარდი, თუმცა ისეთებიც იყვნენ, ვინც დასანახად ვერ მიტანდა... ჩემს ახალგაზრდობაში, ბანაკში ერთი ზორბა და ბოროტი ქალი ცხოვრობდა... ის რომ მოაბიჯებდა, მიწისძვრა გეგონებოდა, თუ სადმე თვალს მომკრავდა, ერთს კარგად გამომლანძღავდა... როცა მოკვდა, სანამ მიწას მიაყრიდნენ, პირში ჩვარი ჩავჩარე... რომ არ მობრუნებულიყო და ყურში ისევ ათასი საშინელება არ ჩაეძახა. პაუზა

 

  როცა ჩემს ოჯახში ვინმე მოკვდებოდა, ყველაფერს, რაც მისი იყო, ვწვავდი. ყოველთვის ასე ვიქცეოდი. თუ სიკვდილამდე რამეს მაჩუქებდა, ვინახავდი, ის ხომ უკვე ჩემი იყო... ხედავ... ბიჩიკამ სიკვდილის წინ ფურგონი მომცა... ახლაც ის მაქვს... მაგრამ ტიხელმა არაფერი დამიტოვა... მისი წასვლის წინა დღეს ერთმანეთს ჩვენებურად დავჩხაოდით... ასე, რომ იძულებული ვიყავი გადამეყარა მისი ტანსაცმელიც და მისი ფულიც! ორი ათასი რუბლი, ექვსი ათასი კრონი, სამასი დინარი! მთელი ქონება!

 

პაუზა

 

  პეპლები არასოდეს დამიჭერია! ამბობენ, თუ პეპელას დაიჭერ, ბოშასაც დაიჭერენო. თუმცა, შეიძლება ბოშა პეპლის გარეშეც დაიჭირონ. ერთ დღეს, ჩემი ბიძაშვილი ჟანდარმებმა შეიპყრეს და ციხეში წაიყვანეს. მან უცებ იმარჯვა, ერთ-ერთს მაგრად უკბინა და ხელიდან დაუსხლტა... ძაღლები დაადევნეს... საწყალი  უკანმოუხედავად გარბოდა, გადაევლო ღობეებს, გადაახტა ბუჩქებს, სახლებს, ხეებს, მდინარეებს, ტბებს! ცხენივით მიქროდა! უფრო მსუბუქად რომ ერბინა, ქურთუკი გაიხადა, პერანგიც ზედ მიაყოლა... გარბოდა... ნაბიჯიც არ შეუნელებია, წამითაც არ გაჩერებულა! ბოლოს... ქვის დიდ კედელს მიადგა... რომელსაც ზემოდან ეკლიანი მავთული ჰქონდა შემოვლებული... მაიმუნივით შეახტა კედელს, აძრომისას შარვალი გაეხა, მავთულხლართზე ფეხი წამოდო და ბარძაყი გადაიყვლიფა! მაგრამ ტკივილს ვინ დაეძებდა... ამასობაში, კედელს ძაღლებიც მოაწყდნენ... საშინელი ბასრი ეშვები მოუჩანდათ, ყეფდნენ და აქაფებული პირიდან დუჟი სდიოდათ.... ეგონათ, ვერ გადაძვრება და ჩვენსკენ ჩამოვარდებაო.... მაგრამ ჩემმა ბიძაშვილმა იმარჯვა, კედლის მეორე მხარეს გადახტა... და იცი სად აღმოჩნდა?! ციხის ეზოში!

 

პაუზა

 

  ცხენი, ლამის საკუთარი შვილებივით მიყვარდა. ის რომ არ მყოლოდა, შვილებს ექიმამდეც ვერ მივიყვანდი. ჰოდა, კარგად ვუვლიდი.

 

პაუზა

 

  წესად არ მქონდა ბოშას საფლავზე ამოსული ყვავილის მოწყვეტა... არც გერმანიაში დამიკრეფია ოდესმე ყვავილები.

 

პაუზა

 

  ყოველთვის ზედმიწევნით ვასრულებდი კრის რომანის გადაწყვეტილებებს. ეს ბოშათა სამსჯავროა! პირველად, კრის რომანის რომ დავესწარი, საქმეს ჩემი ქმარი, ტიხელი უძღვებოდა. ჩემს ბიძაშვილს ასამართლებდნენ, რომელმაც ერთი დოლარი მოიპარა... რა თქმა უნდა, ერთი დოლარი ამად არ ღირდა, მაგრამ საქმე ის გახლდათ, რომ ბოშას მოპარა.

 

  ტიხელმა მოგვმართა:

 

  ტიხელი -    შეგახსენებთ რომ ქალებს ლაპარაკის უფლება არა აქვთ, თანაც არა მგონია აქ დასწრება დიდად მოეწონოთ.

  დრანა -       დედაჩემს საშინლად არ უყვარდა ეს წესები და შეეპასუხა.

  კეჯა -           არ დაგავიწყდეთ, მე ამ საქმის ერთადერთი მოწმე ვარ და  სათქმელიც ბევრი მაქვს!

  ტიხელი -    მაშინ, შენს მარცხნივ მდგომის პირით გველაპარაკე...

  კეჯა -           ჩემს გვერდით, ჩემი დის ქმარი დგას, მას მერე არ ველაპარაკები, რაც ჩემს ბიძაშვილთან იწვა.

  ტიხელი -    მაშინ, მარჯვნივ მდგომის პირით ილაპარაკე...

  კეჯა -           მარჯვნივ ჩემი ქალიშვილი დგას, დრანა.

  ტიხელი -    (მოთმინება დაკარგა) კარგი, დრანას უთხარი, ის კი თავის გვერდით მდგომს ეტყვის.

  დრანა -       დედაჩემი გადმოიხარა, ჩემს გვერდით მდგომს შეხედა და თქვა...

  კეჯა -           არასოდეს! ეს ხომ ბიძაჩემია, არც მას ველაპარაკები, ერთხელ თხა დამიძახა!

  დრანა -       ტიხელი სიბრაზისაგან გაწითლდა. მაგრამ დედაჩემი უფროსი იყო და რას იზამდა, თანაც ქალის ცემის უფლება მხოლოდ ქმარსა აქვს. მამაჩემი კი კარგახნის გარდაცვლილი იყო. უფსკრულის პირას რომ ვიყავით დაბანაკებული, მაშინ მოკვდა.... ასე რომ, დედაჩემს აღარაფრის ეშინოდა... კეჯამ ტიხელს უთხრა:

  კეჯა -           თუ არ გააკეთებ რასაც  გეუბნები, ცეცხლს მოვუკიდებ შენს წვერს, ქალების  კრის რომანის  მოვიწვევ და ბანაკის ყველა მამაკაცს ჩემებურად გავასამართლებ.

  დრანა -       ტიხელს არჩევანი აღარ ჰქონდა, და მაშინ ყველამ პირველად მოისმინა კრის რომანიზე  ქალების ლაპარაკი. ერთი კვირა გავიდა და საქმე კიდევ არ იყო გადაწყვეტილი. საწყალი ტიხელი  დედაჩემს ევედრებოდა, კვირაში რამდენიმე საათი მაინც დამაძინეო... ეჰ, ქალებს თუ შვილები ჰყავთ, შეუძლიათ მთელი ცხოვრება არ მოხუჭონ თვალი.... ამის შემდეგ, ტიხელს კრის რომანის ხსენებაზე მოულოდნელად ციებ-ცხელება შეეყრებოდა და დათვთან მიდიოდა დასაძინებლად. სეზარ, გახსოვს ტიხელის დათვი რომ მოკვდა! ვერაფრით ვანუგეშეთ. ისე შენც ძალიან მოიწყინე. გინდოდა ფაშატი მომეყვანა შენთვის, მაგრამ არავისთვის მემეტებოდი. ჰო, ვიცი! ვიცი! ერთხელ ზალკოს ფაშატზე იყავი შეყვარებული, მაგრამ შენ ხომ უკეთესს იმსახურებდი! არა, მაინც რა სიგიჟე იყო, არ ვიცი... არც ისეთი ლამაზი იყო, როგორც შენ გეგონა... ჯერ ერთი ფეხები  დაგრეხილი ჰქონდა, გავა განიერი, ვირის ყურები და ძროხის მუცელი... დიდი მოუქნელი ვინმე გახლდათ! თანაც შვრიაზე იყო გაზრდილი... არა, არა, ჩვენ არ გამოგვადგებოდა. მე შენთვის ნაცარა ფაშატს ვეძებდი. წინ წამოწეული მკერდით, წერწეტა ტანით, ჩამოსხმული ფეხებით, კოხტა უკანალით... ნამდვილი მდედრი, რომელსაც სისხლი უდუღდა ძარღვებში! ისეთს კი არა, რომანებში რომ წერენ! ეჰ, რა იცი შენ რომანები?! წაგიკითხავს? ამას გარდა, განა ჩემთან ცუდად იყავი?! მარტო შენ კი არ მყავდი მისახედი? ტიხელიც უნდა დამემშვიდებინა, მთელი დღე თავის დათვს დასტიროდა... ვამშვიდებდი, სხვა დათვებიც არსებობენ, ასე ნუ დარდობ-მეთქი. მოდი, ვენაში წავიდეთ მთელი ოჯახი, სეზარი უმალ გადაგვაფრენს დუნაის, იქ კი ისეთ ხილს შევჭამთ, ბუდაში რომ არასოდეს გვინახავს, მე ტურისტებს ხელზე ვუმკითხავებ, შენ კი ამასობაში ჯიბეებს დაუცარიელებ... ისტორიული ძეგლების ჩრდილქვეს ვიცხოვრებთ-თქო.

 

პაუზა

 

            ომის შემდეგ მომთაბარეობა აკრძალეს და ბუდაპეშტიდან აღარ წავსულვართ. ტიხელიც მალე მოკვდა.

 

ღიღინებს

 

            უკვე აღარ ვიცი, ვინ ვარ მე... უკვე აღარ ვიცი, სად მივდივარ მე... ჩემი საათი გაჩერდა იმ დროს, როცა შენ მიმამტოვე მე!.. კეთილი, ახლა სამყურას დასაკრეფად წავალ...

 

დრანა ფურგონის უკან ჩაცუცქდება.

 

  სეზარ, ოდესმე თუ გინახავს სახლი საპირფარეშოებით, ანუ ოთახით სადაც ყველა შარდავს... შეხვალ თუ არა იქ, ყველამ იცის რასაც აკეთებ... თანაც კაცებმა კარგად უნდა დაუმიზნონ, თორემ... ჩვენ კი ვიტყვით, სამყურას დასაკრეფად მივდივარ, და არავინ არაფერს იეჭვებს. მატეო ამერიკაში რომ ჩავიდა, კარგა ხანი კანადის ციხეში მოუწია დარჩენა... მის საკანში პისუარი ონკანის გვერდით იდგა. მატეოს წყურვილი ახრჩობდა, მაგრამ იმ ონკანიდან წყალს არ სვამდა... ფუ! მეც ზუსტად ასე მოვიქცეოდი...

 

დრანა წამოდგება, კაბებს გაისწორებს და აცახცახებული ცეკვა-ცეკვით უკან ბრუნდება, ცდილობს ცეკვით მაინც გაითბოს გათოშილი ფეხები.

 

  მგონი დღეს უფრო ცივა, ვიდრე მაშინ ტიხელს ცხვირი რომ მოეყინა.

 

ჩამოჯდება, ფეხსაცმელს გაიხდის, ფეხებს ერთმანეთს უხახუნებს, თან სეზარს აჩვენებს.

 

  ხედავ ჩემს იარას?! ხომ ლამაზია?! გახსოვს, პაპუ რომ ჩამოვიდა ჩვენს ბანაკში ველოსიპედით, აი მაშინდელია. ყველას უნდოდა ველოსიპედზე დამჯდარიყო, მეც დავჯექი და გზაზე გავიარ-გამოვიარე. უკან სატვირთო მანქანა მომყვებოდა, გზას ვუღობავდი. ისე ხმამაღლა დამიპიპინა, წონასწორობა დავკარგე, წავიქეცი და ბორბლის კიდემ ფეხი გადამიხლიჩა... ტიხელმა თავისი ხელით ამომიკერა... ცოტა რომ გავეხალისებიე, ჭრილობა მწვანე ძაფით ამომიკერა. რამდენიმე ხნის შემდეგ, ფეხზე დავიხედე და კანქვეშ პატარა შავი ლაქები დავინახე... თურმე ქვიშა დაგვრჩენოდა შიგნით. ტიხელმა ჯაყვით ხელახლა გამიჭრა ფეხი, ცხვირსახოცით ამომიწმინდა და ისევ ამომიკერა, ოღონდ ამჯერად წითელი ძაფით, რადგან ამჯერად, უფრო მეტად მტკიოდა და უნდოდა კიდევ უფრო გავემხიარულებინე... ჩემი ტიხელი კარგი ქირურგი იყო! გახსოვს, იმ ზამთარს, ომის დროს ტყეში რომ ვიმალებოდით. მთელი დღეები დაჭრილებს უვლიდა. მაშინ, თევზმა რომ ჩამითრია, ის თუ გახსოვს?! ჩემზე ორჯერ დიდი იყო და მისი ამოთრევის ნაცვლად, მე თვითონ ჩავვარდი წყალში. ერთხელ ტიხელმა ჰიპოპოტამის გაწვრთნაც სცადა, მაშინ ომი ერთი წლის დაწყებული იყო.

 

 

პაუზა

 

  იცი რას ვფიქრობ? ჩემი აზრით, ომი ხელახლა რომ დაიწყოს, ყველაფერი ზუსტად ისე განმეორდება, როგორც მაშინ! და იცი რატომ?! თუ წლებს ციფრებით იმახსოვრებ, ჩათვალე რომ არაფერი გამახსოვრდება...  ურჯულოები წლებს ციფრებით იმახსოვრებენ... ამიტომაც არ ახსოვთ არაფერი...

 

პაუზა

 

  თუ ომი დაიწყება... ჰიტლერს ისევ იმ ნათელმხილველს მოუყვანენ მიუნხენიდან... ისიც დახედავს მის ხელებს... ბანქოს გაუშლის... და უწინასწარმეტყველებს უზარმაზარ, მაგრამ ხანმოკლე ძალაუფლებას... ჰიტლერი ისევ სასტიკად გაუსწორდება ნათელმხილველს და მასთან ერთად ყველა ბოშას! ისევ დაიწყება ბრძოლა ბოშების საფრთხის წინააღმდეგ... ჩემს ძმებს, ტყუპებს... მაზანის და გრიბლოს, ისევ გაკვეთენ სამედიცინო ექსპერიმენტებისთვის, რათა წმინდა არიული სისხლის ქალებმა, რაც შეიძლება ხშირად შვან ტყუპები. ენიო კვლავ იშოვის გვატემალის პასპორტს და გადარჩება, არავინ არაფერს დაუშავებს. ქუჩის პირას ისევ დახვრეტენ პატარა ინასიოს ოჯახს, ის კი თავს მოიმკვდარუნებს და სოფლის კალოს შეეფარება. საბრალო ფეხმძიმე სერაფინას ისევ მოკლავენ თავის ექვსი წლის გოგონასთან ერთად. ფეხებს განდაგან გააშლევინებენ და ხეზე მაგრად მიაბამენ. მის ქვემოთ კი ორმოს გაათხრევინებენ, რომ ბავშვი გააჩენისთანავე, იქ ჩავარდეს და ცოცხლად დაიმარხოს. აგარს ტიფითა და მალარიით დაასნებოვნებენ, მაგრამ ისევ გადარჩება, ბირკენაუს ბანაკში ისევ დატოვებენ იმ ბოშებს, რომელთაც მუსიკალური ინსტრუმენტები აქვთ, რათა იმღერონ და დღესასწაულები მოაწყონ. ბანაკის კედელზე, ვიღაც ისევ დახატავს ისარგაყრილ გულს და ქვემოთ მიაწერს: ზ5483 + ზ1274! იაშკას ისევ გაუკეთებენ შიგ გულში რაღაც ნემსს და ისიც მაშინვე მოკვდება. ვიშის მთავრობა ისევ აკრძალავს მომლოცველობას სენ-მარი-დე-ლა-მერში! პატარა ბაბას ისევ ჩაუდებენ პურში კაუსტიკურ სოდას! ლაზარეთებში... ჯერ დაიცდიან, სანამ გვამი სუნს არ აუშვებს და მერე განაცხადებენ მოკვდაო. შობას, მეორე ბლოკის ბავშვები ისევ მიიღებენ საჩუქრად ვიტამინებს. სან-სილვესტრის დღესასწაულზე კი მეძავები ამ ბავშვებს სიმღერებს მიუძღვნიან, რადგან ვიტამინები გამოელევათ!@მეორე დღეს კი ოფიცრებს საახალწლო საჩუქრად გონოკოკებს ჩამოურიგებენ! პატარა მარია... ისევ მოიპარავს საწვავს, ბომბებს დაამზადებს და პარტიზანებს მიყიდის, ცოტაოდენ ბენზინს თავისთვისაც დაიტოვებს... დასაყნოსად! მე და ტიხელი, შვილებთან ერთად ისევ პარტიზანებს შევუერთდებით ტყეში. ერთ დღესაც დავიღლებით ფესვებისა და რკოს ჭამით, მე მოვკიდებ ხელს პატარა მირიამს და სოფელში პურის მოსაპარად წავალ. ჩემი პატარა ისევ დაინახავს გზაზე დაგდებულ ქათქათა ქვას, მის ასაღებად გაიქცევა და თავში ისევ მოხვდება ყუმბარა...

 

მღერის

 

  უკვე აღარ ვიცი, ვინ ვარ მე, უკვე აღარ ვიცი, სად მივდივარ მე, ჩემი საათი გაჩერდა იმ დროს, როცა შენ მიმატოვე მე... ომის შემდეგ ებრაელთა სულები მოაწყობენ დიდ კოსტუმირებულ მეჯლისს, ან დიდ კარნავალს... ყველაფერი ძალიან ლამაზი იქნება! მუსიკოსებად... ბოშების სულებს მიიწვევენ, ორკესტრში ხუთასი ათასი აჩრდილი დაუკრავს. ეს ყველაზე დიდი და ლამაზი მეჯლისი იქნება, რაც კი ოდესმე გამართულა დედამიწაზე. ყველა იცეკვებს. ჩემი პატარა მირიამიც მოვა... პრინცესა ინკას კაბას შევუკერავ... კეჯასაც აუცილებლად დაპატიჟებენ! იცი, პირველ ცეკვას ტიხელთან ვიცეკვებ, ჩემი ქმარია და იმიტომ, მეორეს მამაჩემთან, ცირონოსთან, მესამეს ბაბუაჩემთან, ბიჩიკასთან, ბოლო ცეკვას კი შენთვის შემოვინახავ, ჩემო სეზარ... ვიცეკვებთ, სანამ ფეხები მეძავი ქალივით არ გვიღალატებს...

 

პაუზა

 

  კარგი, ახლა წავალ დავიძინებ. ძილი აუცილებელია, იმიტომ რომ ცხოვრება ძალიან ღლის ადამიანს.

 

დრანა სეზარის უკან მოიკუნტება.

 

  სეზარ! ხომ იცი, ჩემი ოჯახის ნაწილი ახლა ამერიკაში ცხოვრობს! იმათაც აქვთ სალოცავები... თუმცა, არც იქ აკლიათ პრობლემები... მერე, თუ გინდა, მათ სანახავად წავიდეთ! ოჰ, მგონი შენ ისევ გაცივდი! სითბოს ვეღარ ინარჩუნებ. აბა, როგორ დავიძინო შენ თუ არ გამათბე?! უკვე ფეხებსაც ვეღარ ვგრძნობ, მუხლები აღარ მემორჩილება. ჩემს ხელებს შეხედე, ჩემს თითებს! რა თეთრია... ჩემგანაც მიდის სითბო.

 

პაუზა

 

  ოჰ! იგრძენი რა უცებ ჩამობნელდა?!

 

მოულოდნელად ყრუ ხმაური გაისმის.

 

  რა ხდება სეზარ? რა ხმაურია? შენც გესმის? მიწისძვრაა? შენც იგრძენა, არა? ჩემსავით იგრძენი? რა ხდება? არა, არა, ეს მიწისძვრაზე უარესია! ის ზორბა ქალი დაბრუნდა! დაე, ცეცხლმა დაწვას შენი ძვლები, თუ ახლავე არ გაქრები აქედან!

 

 

ნაბიჯის ხმა შეწყდება, ქარი დაუბერავს და ცეცხლს ჩააქრობს.

 

  ეი, უბედურების მომტანო ქარო! ახლავე ჩაწყნარდი თორემ სამუდამოდ გამოგკეტავ ოთხკედელში!

 

ციდან სამი სული ჩამოდის.

 

  სეზარ, ესენი ხომ სულები არიან! ურსიტორიები, სეზარ! აი, ის სულები მე რომ გიყვებოდი! აქ რა უნდათ?! მე ხომ ბავშვი არ გამიჩენია?! რამდენი მთვარეა უნაყოფო ვარ. ჩემი შვილები უკვე ხეებივით დაიზარდნენ! პირველი შვილი პენჯაბიში დაიბადა... დღეს კი მას თვითონ ყავს შვილები... მისი ქალიშვილი ლინკა ახალგაზრდა მოლნარზე გათხოვდა და უკვე თორმეტი შვილი ყავს... მათი ვაჟი ანაზე დაქორწინდა... მალეს ქალიშვილზე! ოჰ, ის ნამდვილი ბოშაა, ნამდვილი ბოშა! რა ტანი აქვს... რა მკერდი, რა უკანალი... ორმოცდაექვსი შვილი აჩუქა ქმარს! ჩემზე ძლიერია და უფრო ახალგაზრდაც დაფეხმძიმდა! ჰო, მათი უმცროსი გოგონაც უკვე ფეხმძიმედაა! აბა, დროა მათთან წავიდე, კანადაში! სულებო, თქვენთვის მოსაცემი აღარაფერი მაქვს! ოჰ, არა ეს ხომ თოჯინაა! თქვენ იფიქრეთ რომ... არა, ამ თოჯინით ვმათხოვრობ ხოლმე, ხალხს ვატყუებ! აა, თქვენ სეზარს მოაკითხეთ?!...

 

დრანა კბილებში გამოსცრის, ჩუმად.

 

  სეზარ, წამოდექი! მგონი ფიქრობენ, რომ მკვდარი ხარ! არა, არა, ისვენებს! პირგაპარსული ბანდიტები მოგვდევდნენ... ბევრი ირბინა!.. ხვალ უკეთ იქნება! მიდი, სეზარ! გეყოფა, თავს ნუ იმკვდარუნებ!

 

ხელს ასწევს, თითქოს ვიღაცას ემუქრება.

 

  ადექი სეზარ! შეხედე, შეხედე, ჩემი ხელი... ხაზები... ჩემს ხელის გულზე ხაზები აღარ ჩანს, სეზარ!

 

ურსიტორიებს მიუბრუნდება, მუქარით.

 

  წყეულო სულებო! დაე, ცის ყველა ვარსკვლავმა ხის მარგილები ჩაგცეთ გულში! თავიდან მომწყდით!

 

ურსიტორიები არ მიდიან. იქვე მოიკალათებენ და იცდიან. დრანა ევედრება.

 

  ყველგან დავძებნე! აბრა არსად იყო! აქ გაჩერების უფლება ნამდვილად მქონდა! მართალს გეუბნებით! რა გინდათ ჩემგან?!

 

არავინ პასუხობს. დრო გადის. დრანა თითზე შებმულ ზონარს მოიხსნის.

 

  ბაბუა ბიჩიკა! ზონარს ვიხსნი, შენ რომ შემაბი! ახლა მჭირდება დახმარება! ბაბუა! გესმის ჩემი?! ნასკვი გავიხსენი! თოკი გავიხსენი!

 

არავინ ეხმაურება. მღერის.

 

 

  უკვე აღარ ვიცი, ვინ ვარ მე, უკვე აღარ ვიცი, სად მივდივარ მე, ჩემი საათი გაჩერდა იმ დროს, როცა შენ მიმატოვე მე...

 

დრანა ცას შეჰყურებს. ურსიტორიები ნელ-ნელა უახლოვდებიან და წრეს კრავენ მის ირგვლივ.

 

  ოჰ! შეხედე სეზარ! მთვარეს ახედე! ხედავ?! ხედავ, რა ხდება მთვარის დაჩრდილულ მხარეს?! ეს ხომ, შენ ხარ სეზარ... წინ შენ მიდიხარ, მიფრინავ, სეზარ! რა ამაყი იერი გაქვს! რას მიაჭენებ?! მე მიყურებ... მე კი, შეხე, უკან მოგყვები, ფურგონს ვმართავ! ყური დაუგდე! გესმის ჩემი ყვირილი?! გაქეზებ... ჭენება არ შეანელო! სეზარ, გასწი... გაქუსლე... გაფრინდი!... ხედავ,Yყველაფერი ძველებურადაა, ყველაფერი თავიდან იწყება, სეზარ...

 

ფარდა

ადელ ჰაკიმი

დამსჯელი 14

 

 

 

ფრანგულიდან თარგმნა ქეთი კვანტალიანმა

მენტალური ტოპოგრაფია

 

  ომი და ძალადობა აყალიბებს იმ ადამიანთა მენტალურ სივრცეს, რომლებმაც მათი საშინელება განიცადეს და აუცილებლობიდან გამომდინარე, დრო და დრო აქტიურად მონაწილეობდნენ ამ დამანგრეველ პროცესებში. ასეთი ცნობიერება ძირფესვიანად განსხვავდება იმ პიროვნებათა ცნობიერებისგან, რომლებიც მყუდროდ მოკალათებულან ტელევიზორების წინ და ახალ ამბებს უყურებენ.

  ძალადობა, ომი, ფანატიზმი უხვადაა გამოფენილი ჩვენს თვალწინ... ტელევიზორის ეკრანზე, ლიტერატურაში, კინოში, თეატრში.

  პიესა “დამსჯელი 14” გვთავაზობს ერთი ჩვეულებრივი, მაგრამ უკვე ომგამოვლილი, ადამიანის მენტალურ ტოპოგრაფიას. დასაწყისში ეს პერსონაჟი არც პოლიტიკურად ანგაჟირებული მოქალაქეა და არც დაუნდობელი, სასტიკი პიროვნება. ის ერთი ჩვეულებრივი, საკმაოდ ბანალური და, ალბათ კონკრეტულ ღირსებებსაც მოკლებული ცოცხალი არსებაა. უბრალოდ, ტრაგიკულმა პროცესებმა, მოვლენათა თანმიმდევრობამ და ირგვლივ გამეფებულმა სისასტიკემ გამოავლინა ფანატიზმი, სიძულვილი, ანუ ის ბნელი ძალა, რომელიც აქამდე, შესაძლოა, უხილავად, მაგრამ მაინც არსებობდა მის სულში.

  მაყურებელი ამ პერსონაჟთან ერთად თითქოს სამუდამოდ მიდის რაღაც... შინაგან სამყაროში, რომელიც უცნობი, აპრიორი, გაუგებარი, რთული და მრავალფორმიანია. ეს მოგზაურობა, თითქოს ძრწოლის სამყაროს ზუსტი რუკის შექმნის მცდელობაც არის. ეს არც მოთხრობაა და არც ისტორიული მონაკვეთი. ეს არის შემოთავაზებული ექსპერიმენტია, რომლის ჩატარება მხოლოდ თეატრშია შესაძლებელი. თეატრალური დრო ის ერთადერთი დროა, რომელსაც მსახიობი და მაყურებელი თანაბრად და სპონტანურად ინაწილებენ შფოთისა და თანაზიარობის მიერ შექმნილ ინტიმურ სიტუაციაში.

  ომს ალბათ იგივე ახასიათებს: მოლოდინი, უსასრულოდ გაფართოებული დრო, სადაც ყოველ წამს შესაძლოა გამოჩნდეს მტერი, აფეთქდეს ყუმბარა, გაწყდეს სიცოცხლის ძაფი. გარდაუვალი პაროქსიზმის მუდმივი მოლოდინი ადამიანის მყოფობის შეჯერებულ, კონცენტრირებულ ფორმას წარმოადგენ და, გარკვეულწილად ამსუბუქებს სიკვდილის წილ სიმყიფისა და სასრულის განცდას.

 

ადელ ჰაკიმი

 

ომი აქ არის

 

ის ხილულია, როგორც არასდროს.

  და ყველგან არის.

  შორეულ სამყაროშიც და ახლო ქვეყნებშიც.

ომი ეხლა არის, აქ, ჩვენთან.

ომი გუშინაც იყო. ორმოცდაათი წლის უკანაც.

საშინელება ყოველთვის მეგზურად ახლდა. ნაცისტები, მაგალითად.

ან დრეზდენი და ნაგასაკი, ლაიფციგი და ხიროსიმა. და ბერლინი.

  ორ თაობაში, ჩვენ ამ ყველაფრის და

  უამრავი გენოციდის შვილები ვართ.

ომი ვიყავით ჩვენ, ამ ცოტა ხნის წინათ.

  მობილიზაციისთვის მოწოდება და მაშინვე ერი

  _ როგორც ერთი არსება _

  ჩაიცვამს ჩექმას, აისხამს იარაღს, მოირგებს ჯვაროსანთა მუზარადს და გარუჯული სატანას მოსაკლავად გაემართება.

ომის თავიდან აცილება?

როგორ? რა ხერხით? ჩვენ შევძლებთ ამას?

  მაშ შეეცადეთ გაიგოთ იგი, იფიქროთ მასზე, იმსჯელოთ მაინც,

  გამოიკვლიოთ, მიჰყვეთ ლოგიკას, იდუმალ აზრებს და ბოლოს გრძნობებს, რომლებსაც ვმალავთ მშვიდობიან ჟამს.

მშვიდობის ჟამი? უნდა ითქვას, იგი მაინც საომარია.

  რადგან ომი არის პერმანენტული, ეკონომიკური, სოციალური, სპორტული, კულტურული, სექსუალური, ინდივიდუალური.

სტადიონზე, მოთამაშე პატივისცემას არ მოაკლებს მაყურებელს, რომელიც მას სტვენით აცილებს.

ოფისში, ჩინოვნიკები კარგად ნიღბავენ ბრძოლის სურვილს და მკვლელის ინსტიქტებს.

ქუჩაში ნაძირლების ბასრი დანებით ჩხუბის მომსწრენი ვხდებით.

  ყოველდღე მასმედია მოხერხებულად გვითრევს მომაკვდინებელ სიტყვათა ომში.

 

ა. ჰ.

 

 

 

დეკორაცია რეალისტური არ უნდა იყოს.

 

ერთი ოთახი შფოთით მოცულ, ომისგან განადგურებულ ქალაქში. ირგვლივ ნანგრევებია. დეკორაცია, ლამის დარბაზშია შემოჭრილი.

 

 

ოთახს მარჯვენა მხარეს ფანჯარა აქვს დატანებული, საიდანაც მივარდნილი ჯურღმულები მოჩანს, მარჯვნივ კი ჩაკეტილი და ჩაბნელებული კორიდორია. კედლებს ჭურვებისა და ტყვიების კვალი ეტყობათ.

 

ოთახში მხოლოდ ერთი ფეხებმორყეული მაგიდა დგას, ისიც საკვირველია როგორ გადარჩა. იატაკზე მიმოფანტულია ცელოფანის პარკები და ძველი, დახეულ-დაჭმუჭნული გაზეთები... როგორც ჩანს, დიდი ხანია აქ გაზეთები აღარავის გაუყიდია.

 

მაგიდაზე ძველისძველი მაგნიტოფონი დევს, საიდანაც აღმოსავლური მელოდია მოისმის, ისეთი,  ბედნიერ Dდღეებს რომ მოაგონებს ადამიანს. დროდადრო შორიდან ომის ხმა მოდის.

 

პერსონაჟი ახალგაზრდა 30 წლის მამაკაცია, რომელიც ნაადრევად დაბერებულა და დაუძლურებულა. ყველაფერი ჭუჭყიანი და დახეულია. ტანთ აცვია მაისური, ჯინსები და ბოტასები. ძველისძველ სამხედრო მოსასხამში გახვეულა და გაუგებარ სიტყვებს ბუტბუტებს. მერე კარგა ხანს თავისთვის ლაპარაკობს, თითქოს შიგნიდან რაღაც ტანჯავს.

 

ბოლოს გამოფხიზლდება, მაგნიტოფონს გამორთავს და მაგიდის კიდეზე ჩამოჯდება. თანდათან მისი ბუტბუტი გასაგები ხდება.

 

არა, ბავშვობაში სულაც არ ვიყავი სასტიკი.

 

ბაყაყებს ქვებით არასოდეს ვუმტვრევდი ფეხებს,

 

არც მწვანე ხვლიკებს ვფატრავდი, მათი შიგანი რომ დამეთვალიერებია, არც ანთებულ სიგარეტს ვჩრიდი პირში, ბუზისთვისაც კი არ დამიწიწკნია ფრთები, თუნდაც უმტკივნეულოდ.

 

პირიქით, მე თვითონ ყოველთვის ძალიან მეშინოდა კატების.

 

სასტიკი ცხოველიაო, ასე ვფიქრობდი.

 

იმ თავისი გრძელი ულვაშებით, სევდიანი და დაკვირვებული გამოხედვით, გამჭოლი მზერით, საშინელი ბრჭყალებით.

 

და ამასთანავე მშვიდი. თუმცა, უცებ წამოხტება და გარბის... მოსაკლავად... ამ დროს, მისი შეჩერება შეუძლებელია.

 

ახლა რა შორსაა ეს ყველაფერი!.. სამუდამოდ გაქრა!

 

კატების უკვე აღარ მეშინია.

 

ეს ადრე იყო, ოდესღაც, თითქოს სამყაროს შექმნამდე.

 

(პაუზა. ისევ აგრძელებს)

 

თავიდან ყველაფერი თამაში იყო, პატარა ბიჭების თამაში, დიდობა გვსურდა.

 

ვერთობოდით.

 

კალაშნიკოვებს ვისროდით, ისე უბრალოდ, დედიკოების და მეგობარი გოგონების შესაშინებლად, ან განსაკუთრებულ შემთხვევებს აღვნიშნავდით: ახალ წელს, დაკრძალვას, ქორწილს, დღეობას.

 

 

ყველას ვუმტკიცებდით _ უკვე დიდები ვართ, არც ხმაურის გვეშინია, და ვიცით ცივი რკინა ცეცხლით როგორ გავახუროთ.

 

ამით თავი მოგვწონდა.

 

მაგარ სალუტს ვაწყობდით ხოლმე! ცეცხლის წვიმა ცას ნაფლეთებად ხლეჩდა.

 

ახლაც თვალწინ მიდგას ცა, გულგახეთქილი დედაჩემი, მისი გაბრაზებული სახე, ყურებზე ხელებაფარებული მეგობარი გოგონა.

 

ასე ვსწავლობდით იარაღთან თამაშს. თუ გინდა კარგად ისროდე, უნდა ისწავლო კიდეც.

 

არავინ იცოდა რა მოხდებოდა. მხოლოდ ის ვიცოდით, რომ რაღაც მიზანი არსებობდა, მნიშვნელოვანი, რთული და მრავალცეცხლოვანი. თითოეულ ტომს თავისი მიზანი ჰქონდა.

 

შორიდან, ერთი შეხედვით, ყველაფერი არეულ-დარეული და ქაოტური გეგონებოდათ. მიზანიც მეტად ბუნდოვანი ჩანდა.

 

მაგრამ ახლოდან, ყველაფერი სხვაგვარად იყო.

 

მიზნის გარეშე ხომ ჩვენ სიცოცხლე არ შეგვიძლია, თითქოს ჩვენი ნაწილია...…

 

მიზანს, გარკვეულწილად, დანაწევრება ახასიათებს. მაგრამ თუ ის შენს მსგავსს, ანუ როგორც ჩვენში ამბობენ, შესაბამის არსებას ეხება მაშინ, ნათელი და ახლობელია.

 

თუ რომელიმე კლანის წევრი ხარ, ყველაფერს ადვილად იგებ.

 

მე, ადამიტების კლანიდან გახლავართ, საუკეთესოა. ოდითგან, მხოლოდ ჩემი კლანიდან ირჩევენ ქალაქის თავს.

 

მომწონდა ადამიტი რომ ვიყავი. შემეძლო ქალაქის თავი გავმხდარიყავი, მართალია ამის ძალიან მცირე შანსი მქონდა, მაგრამ ასე თუ ისე, მქონდა მაინც. ამით მშობლების ამბიციებსაც დავაკმაყოფილებდი, განსაკუთრებით კი დედაჩემისას.

 

ადამიტად დაბადება ნამდვილი პრივილეგია იყო.

 

კლასში ნიშნებით მეოთხე ვიყავი, სამი მისწრებდა: ბარკავი, იამიტი და კლოვენი.

 

არც ერთი არ იყო ადამიტი, ე. ი. არც ერთს არ შეეძლო ქალაქის თავი გამხდარიყო. მეც მშვიდად ვიყავი.

 

მაგრამ ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში, ჩასაფრებული ველოდი ახალ კლასელს, და ვცდილობდი გამომეცნო რომელი ტომიდან იქნებოდა.

 

მოსვენება მეკარგებოდა, თუ ეს ახალი ჩემი კლანიდან იყო და თანაც ჩემზე უკეთესი.

 

თუ ადამიტი არ იყო, მაშინ სანერვიულოც არაფერი მქონდა, ის ხომ ვერასოდეს გახდებოდა ქალაქის თავი. ჯანდაბა, ყოფილიყო ადამიტი, ოღონდ ჩემზე ოდნავ ნაკლებ ჭკვიანი, მაშინაც ხომ ვერ ეღირსებოდა უფროსობა. მაგრამ თუ ორივე ნიშნის მატარებელი იყო... თუ ის ახალი ადამიტიც იყო და თანაც ჩემზე უკეთესი, მაშინ...  მისი მოსვლა ეკალივით მერჭობოდა გულზე.

 

ამ ფიქრებს საიდუმლოდ ვინახავდი, აი აქ... (ხელს თავზე მიიდებს). არავისთვის გამიმხელია, განსაკუთრებით ჩემი კლასელებისთვის. ამიტომაც ჩვენს მეგობრობას არაფერი უშლიდა ხელს.

 

სკოლის შემდეგ, მე, კლინი და კომა საათობით ვლაპარაკობდით ტროტუარზე, ვოცნებობდით როგორ ავაშენებდით სუპერ-ქალაქს, ბროლის ცათამბჯენებით, ვერცხლითა და ბრილიანტებით მორთულს. ავაგებდით ასმონეს კოშკებს და გამჭვირვალე მინის სამეფო გამოქვაბულებს. მთაგორიანი ხეივნები კი ლამაზი, მხიარული გოგონებით აივსებოდა. 

 

ვოცნებობდით და მერე ვასტოპებდით... უკან, ტროტუარზე ვბრუნდებოდით.

 

მაგარი კაიფი იყო.

 

კარგა ხანს ყველაფერი მაგრა მიდიოდა, ძალიან მაგრა.

 

თუმცა... მცირე დაძაბულობა მაინც იგრძნობოდა: ქალაქის თავს ხომ მხოლოდ ადამიტებიდან ირჩევდნენ, არა და, ჩვენი ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა ზელიტი იყო, ჰოდა... უკმაყოფილებაც შეინიშნებოდა,

 

მაგრამ უმნიშვნელო. თითქმის შეუმჩნეველი...

 

თავის აზრს ყველა თავისთვის ინახავდა.

 

ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა, თუმცა ფიქრობდა და თავისთვის, შესაბამისი არსების სიღრმეში ინახავდა თავის წილ სიმართლეს.

 

მაგალითად, მე არასოდეს ვყოფილვარ ჟიმბაში, ზელიტების უბანში, ახსნა შეუძლებელია მაგრამ ინსტინქტურად მეშინოდა იქ მისვლის.

 

ოკეი, კარგად მახსოვს, მათი სახლები... მუყაოსა და გოფრირებული რკინით ნაშენი, სატელიტი უბნის განაპირას იდგა, გადაულახავ საზღვართან.

 

სწორედ იქ ცხოვრობდნენ ზელიტები, იმ ჭუჭყიან და მოუვლელ სახლებში.

 

მიუხედავად ამისა, კარგად იყვნენ საზოგადოებაში ინტეგრირებულნი.

 

თითქმის ყველა მუშაობდა, მუშებად, იამიტებივით.

 

ერთი-ორი მდიდარი ბანკირიც ყავდათ... (იცინის)  ახლა ყველა გაკოტრებულია...

 

ვცხოვრობდით მშვიდად...

 

მაგრამ ზელიტებს მუდამ გულით დაჰქონდათ ღვარძლი, რომელსაც მწარე გემო დაჰკრავდა... შავი ყავის  ნალექივით მწარე გემო.

 

(პაუზა)

 

რეალურად საფრთხე არავის ემუქრებოდა,

 

მაგრამ ყველა იარაღდებოდა, ჩუმჩუმად და გამალებით.

 

პალტოებს ამოფარებული კალაშნიკოვები თუ ლიმონკები ხელიდან ხელში მიმოდიოდნენ.

 

 

თუმცა, ერთმანეთთან ყველას ჯიგრული ურთიერთობა ჰქონდა.

 

ქალაქი ძველებურად ცხოვრობდა: ნეონის ნათურები, ღამის კლუბები, კაზინოები. თითქოს არაფერი ხდებოდა.

 

ბოლო მოდაზე ჩაშმოტკილი ნაშა-დევოჩკები სერავდნენ ქუჩებს, რა დაზმანულები იყვნენ?! განსაკუთრებით ზაფხულში.

 

ყველგან დაძრწოდნენ ათასი ჯურის ბარიგები. მაყუთს ხომ უნდა ემოძრავა.

 

მაგრამ ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი შეიცვალა.

 

(ჯიბიდან წვრილნმანები ამოიღო, მაგიდაზე დაყარა, გაშალა და დააკვირდა. ბოლოს ტყვია აიღო, საჩვენებელი და ცერა თითი წაავლო, დანარჩენი ხარახურა კი ხელის ერთი მოსმით მაგიდიდან გადაყარა. მერე ტყვია ფრთხილად დადო მაგიდაზე და დააკვირდა, როგორც ბროლის უძვირფასეს ნივთს)

 

ზაფხულის ღამე...

 

ცა, ვარსკვლავები, თბილი ნიავი... გეოცნება რამდენიც გინდოდა.

 

საჭესთან ვიჯექი, გვერდით მეგობარი გოგონა მეჯდა.

 

ძველისძველი მანქანა იყო, დანჯღრეული და ჩახჩახა,

 

თუმცა მარდად მიხტუნავდა აღმართ-აღმართ.

 

ძალიან ვამაყობდი ჩემი ჯაბახანით, განსაკუთრებით მის წინაშე.

 

ასე მივსეირნობდით, მაგარი საკაიფო საღამო იყო. ბნელ მოსახვევში შევედით, ორ მეტრშიც არაფერი ჩანდა. კარგად უნდა დაკვირვებოდი, ყოველ წუთს შეიძლებოდა რამე გამომხტარიყო, უცებ მთვარეც გაქრა...

 

ერთი-ორჯერ, მარცხნივ, სიბნელეში რაღაც უფორმო სილუეტები შევნიშნე. ვიფიქრე ღამე ვიღაც დასეირნობს-თქო და გავიარე.

 

არ შემშინებია, ან რატომ უნდა შემშინებოდა?! გზა განვაგრძე.

 

უცებ, შორიდან ბუნდოვნი, თითქოს ბურუსში გახვეული შეძახილი ჩამესმა: “გააჩერე, გააჩერე!”.

 

ოცნებებში გართულმა გზა განვაგრძე, ლამაზ ღამეზე ვფიქრობდი.

 

ქუჩიდან ისევ მომესმა “გააჩერე, თორემ მიგაცხრილე!”.

 

ვერ გავიგე რა უნდოდათ და ისევ გავაგრძელე.

 

უცებ... ბახ! ბახ! და აკაკანდა კალაშნიკოვი.

 

აი, მაშინ კი ცივად გავამუხრუჭე.

 

გაოცებისაგან თვალებდაჭყეტილებმა უკანა ფანჯრიდან გავიხედეთ.

 

ქუჩაზე ხუთი ავტომატიანი კაცი გადმოდიოდა. სამურაებივით საჩხუბრად შემართულები.

 

«ეი, ძმაკაც, ახლავე მანქანიდან გადმოდი!» მომაძახა ერთმა.

 

მაშინვე დავემორჩილე. მაგარი იყო... ოღონდ არ ეუხეშათ და ყველაფერზე თანახმა ვიყავი. მივუახლოვდი.

 

 

ზელიტების ბლოკ-პოსტი აღმოჩნდა, მათი ბანაკიც იქვე იყო,

 

ალბათ, აკრძალულ ზონაში შევტოპეთ, რას ვიფიქრებდი?! ტიპებმა თავში ავტომატები დაგვიმიზნეს და პირადობები შეგვიმოწმეს (პირადობის მოწმობის ნაცვლად “პირადობას” ამბობს).

 

“_ წეღან რატომ არ დაასტოპე?

 

_ არ ვიცოდი აქ პოსტი თუ  იყო.

 

_ ერთი მეტრიც და შენ და შენს ნაშას მიგაცხრილავდით... ბედი გქონია... აჰა, აიღე, ჰაერში რომ გავისროლე ის ტყვიაა, შენი თილისმა იყოს.

 

_ გმადლობთ, გმადლობთ”.

 

საბუთები შეამოწმეს. “_ყველაფერი რიგზეა, შეგიძლიათ წახვიდეთ, მაგრამ სხვა დროს ფრთხილად იყავი”. მითხრა  და გამოგვიშვა.

 

ჩემმა ჯაბახანამ ერთი დაიფრუტუნა და ადგილიდან კიდევ უფრო გაჭირვებით დაიძრა.

 

ჩემი პატარა სიყვარული შიშისგან დამუნჯებულიყო, სახეზე მიტკლის ფერი ედო. ალბათ მეც.

 

დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთი მეტრი და უფალთან აღმოვჩნდებოდი უსასრულო პაემანზე.

 

დიახ, ომი სადღაც აქვე იყო ჩასაფრებული, ჩვენს შესაყლაპად გამზადებული.

 

გაოგნებული ვიდექი... ხელში მეკავა პირველი ტყვია... პირველი გაფრთხილება.

 

იმ დღიდან, ომმა ალმოდებული დენთივით იფეთქა. ამას არავინ ელოდა, ყველა გაოგნებული და თავზარდაცემული იყო.

 

ხან აქ მოხდებოდა რაღაც უჩვეულო და უცნაური, ხან იქ. და ნელ-ნელა, ამ უცნაურობასაც შევეჩვიეთ. აი, როგორც ფილმებშია: კოსმოსიდან რაღაც უცნობი რბილი მასა ჩამოვა, ჯერ უცნაურ ფორმებს მიიღებს, მერე შესაბამის არსებას მიეწებება, ბოლასდაბოლოს თავსაც გააცნობს და ისიც მასთან ერთად ისე განაგრძობს ცხოვრებას, თითქოს არაფერიაო.

 

(პაუზა)

 

აი, ეს ტიპი, მაგალითად.

 

ერთ დღეს, სამუშაოს მერე, სახლში ბრუნდება.

 

კარი ოდნავ გაღებული ხვდება, აღებს, შედის...

 

და რას ხედავს? მთელი ავეჯი თავდაყირაა, ყველაფერი გადმობრუნებულია, დამტვრეული, დალეწილი, შიგანგადმოყრილი.  მოჟეტ,  იჩხუბა ვინმემ? მაგრამ, ვის უნდა ეჩხუბა? ის ხომ სულ მარტო ცხოვრობს?!

 

ფარდები ჩამოუგლეჯიათ და დაუხევიათ, წიგნები გახეხილი ყველივით დაუნაკუწებიათ. რატომ? ავეჯი გასაგებია, ფარდებიც, მაგრამ წიგნებთან რაღა უნდოდათ? გაგიჟდება კაცი!

 

კარგი, განვაგრძოთ.

 

უცებ ვიღაცის ოხვრა გაისმის, უცნაურია... მიიხედ-მოიხადავს და მიხვდება, მარტო არ არის: სკამზე პირახვეული ქალია მიბმული. ნეტავ ვინაა? ან მის სახლში რა უნდა? მკლავებზე ჭრილობები აქვს, სახეზე ცემის კვალი ეტყობა.

 

შიში აიტანს.

 

გავა მეორე ოთახში და იქ უარესი ამბავი ხვდება. საწოლზე მამაკაცია გაშოტილი. შუბლი გახვრეტილი აქვს. ბალიში სისხლითაა მოსვრილი.

 

(პაუზა, ცოტა დამშვიდდება.)

 

სახლში დაბრუნებულს ხანდახან ასეთი სცენაც გაგეჩითებოდა, ხანდახან, კიდევ კარგი, რომ ყოველთვის არა.

 

(პაუზა, ისევ მოცოცხლდება)

 

აი, მეორე მაგალითიც.

 

ერთ საღამოს შინ ბრუნდები. უცებ ავტომატიანი  კაცები გეცემიან და სადღაც წაგათრევენ, ამის მერე აღარაფერი გახსოვს... მეხსიერებაში ჩნდება უძირო შავი ლაქა. და სამუდამოდ ქრები ყველასთვის. რა უნდოდათ, რატომ მაინცადამაინც შენ?! ვინ იცის? ვინ გაიგებს? არავინ, არასოდეს.

 

თუმცა ახსნა მაინც უნდა არსებობდეს.

 

იმ ავტომატიანებმა, სადღაც ტვინის ბნელ ხვეულებში, იციან რატომ მაინცადამაინც შენ... ყველა კითხვაზე აქვთ პასუხი. ყოველთვის არსებობს დანაშაული, დამნაშავე, მიზეზი, საბედისწერო შეცდომა.

 

სხვა თუ არაფერი, პირველცოდვა ხომ მაინც გაწევს მხრებზე. არ დაგავიწყდეს: დაბადებიდან ან ადამიტი, ან ზელიტი, ან იამიტი ხარ. ეს კი ისეთი დიდი ცოდვაა, ისეთი ფესვგადგმული, რომ ვერ ამოძირკვავ, ვერ მოინანიებ, თავს ვერ დააღწევ. მასთან ერთად გულიც უნდა ამოიგლიჯო...…

 

და ზოგჯერ, არც ეს არის საკმარისი...

 

(ჯიბიდან პირადობის მოწმობა ამოიღო)

 

აი, შენი ცოდვის უტყუარი სამხილი. ვერც წაშლი, ვერც გაექცევი, საშველი არსადაა! ნო ჰოპე!

 

აი, აქ არის შენი ცოდვა. წყალი არ გაუვა, აქ არის.

 

აქ მამის სახელი წერია, აქ დედის, აქ ნომერი. ვისაც უნდა ადვილად მიხვდება ვინ ხარ, ზელიტი თუ ადამიტი...

 

თუ ზელიტი ხარ, ადამიტები მოგკლავენ. თუ ადამიტი ხარ - ზელიტები.

 

ბუნებრივია, კაცი იტყვის “გადაშალე, ამოფხიკე, გადააგდე, დაწვი ეგ შენი პირადობა”

 

ნწ, ნწ, ნწ, ნწ, არა, არა და არა!

 

ამას გააკეთებ და ყველასთვის ეჭვმიტანილი გახდები. უ-ნი-ვერ-სა-ლუ-რად ეჭვმიტანილი!

 

თუ პირადობა არ გაქვს, მაშინ ვერაფერი გიშველის. ნო ჰელპ!

 

შენიანებიც ვეღარ გიცნობენ... ამიტომაც ვერ მოახერხებენ შენს ადამიტად იდენტიფიცირებას.

 

 

და ბახ... (ხელით თითქოს თოფს გამოკრა)

 

არც ხეირი, აღარც ეჭვი.

 

სხვაგვარად შეუძლებელია... ამ რთულ დროში.

 

ამიტომაც, შენი პირადობა კარგად შეინახე, ძალიან კარგად, სადაც საჭიროა გამოაჩინე, მოუარე, გააპრიალე, დაუფრთხილდი.

 

თუ პირადობა გაქვს, მხოლოდ ზოგიერთებისთვის ხარ დამნაშავე, თუ დაკარგე _ ყველასთვის.

 

წავედით...

 

(პაუზა)

 

მერე დაიწყო ბომბების წვიმა.

 

თუ ეს საკუთარ თავზე არ გამოსცადე, ნათქვამით ვერაფერს მიხვდები.

 

თითქოს იცი რაც არის?! არა, არაფერიც არ იცი.

 

რეალურად არ იცი, სანამ არ იგრძნობ. (ხელს მუცელზე დაიდებს)

 

წარმოიდგინე გული გერევა, ისე მაგრად გერევა, რომ სადაცაა პირიდან მთელ შიგანს ამოაყოლებ... ესეც კი ვერ შეედრება იმ გრძნობას. მსგავსი არაფერი არსებობს.

 

თითქოს დრო ჩერდებაო, შენ ზიხარ და ელოდები რა მოხდება. ბომბები კი დაუსრულებლად გეცემა თავზე... გადის საათები, დღეები, თვეები... და უცებ, ერთ წამში ფინალი თამაშდება და Yყველაფერს წერტილს უსვამს.

 

შენ რა ხარ ამ დროს? არაფერი, ყვავილის ქოთანი, პაიკი, დგახარ და უყურებ. შეცვლი რამეს? ვერა, ყველაფერი უშენოდ ხდება, ან არ ხდება. რა შეგიძლია? მხოლოდ ერთი რამ, იყვირო ხმის ჩაწყვეტამდე. გიშველის? არა.

 

ამის შესახებ, აქამდეც ბევრი მსმენია: მაგალითად, ჩემი ქალაქიდან მოშორებით, უმოწყალოდ დაიბომბა ათაბასკას ტბის სანაპირო. ფოტოებიც ვნახე.

 

მაგრამ, თითქოს არაფერი მომხდარა... სურათებიდან არც საშინელი ხმაური გამიგია და არც განწირულთა კივილი.

 

იცი, ეს რას მაგონებს? როცა ვინმეს კბილი ტკივა, შენ თანაუგრძნობ, გესმის მისი, ერთი-ორჯერ შეუძახებ “გამაგრდი, გაუძელი”, მაგრამ კბილი შენ ხომ არ გტკივა. თანდათან გბეზრდება, ბოლოს კისერში ამოგივა წუწუნი, და დაუყვირებ: “გეყოფა ერთი, ნუ აზვიადებ”. ის კი მაინც გრძნობს ამ უსაშველო ტკივილს და შეგუებას ვერ ახერხებს.

 

თავდაპირველად ბომბები სხვა უბანში ცვიოდა.

 

ვერ წარმომედგინა ჩემს უბანშიც თუ მოაღწევდა, ჩემს ქუჩაზე, ჩემს სახლში.

 

და მოაღწია კიდეც...

 

გაჩნდა ათასი კითხვა: რატომ? რისთვის? ასე უეცრად რა მოხდა? ალბათ, რამე შეეშალათ, უბედური შემთხვევაა... ანდა პირიქით, აქამდე რომ დაგინდეს იქნებ სწორედ ესაა სასწაული?

 

 

ეს მიდი-მოდი ყოველთვის ყველაზე სულელურ და უდროო დროს იწყება: ზიხარ შენთვის, მიირთმევ კეჩუპიან სენდვიჩს, არაფერს აშავებ, და ბახ! მაინც ისჯები.

 

ამას ხომ უნდა ქონდეს თავისი მიზეზი, რაღაც ლოგიკა, საფუძველი. არა, მიზეზი ნამდვილად არსებობს, ეს _ იარაღია! მაგრამ არის სხვა მიზეზიც: უფრო რთული, ბუნდოვანი, მრავალცეცხლოვანი, ზედმეტად გასაიდუმლოებული. ამას კი ვერაფერს მოუხერხებ.

 

ყველაფერი ასე დაიწყო. შემთხვევით. სახლში მარტო ვიყავი, უცებ, ჩემი ქუჩა აკრძლულ ზონად გადაიქცა. ადამიანებისათვის საშიშ ადგილად. გამოცხადდა კომენდატის საათი და ყველაფერი ჩაბნელდა.

 

მეზობლების ხმა გავიგონე: “მალე საჯარისო ნაწილები მოვლენ, ჩვენს ქუჩაზე უნდა იპატრულონ”, ლაპარაკობდნენ და თან გარბოდნენ

 

არ გეგონოთ, ეს საჯარისო ნაწილები ხალხის დასაცავად და გასაფრთხილებლად მოდიოდა, სულაც არა, რაღაც სხვა მიზნები ჰქონდათ, გასაიდუმლოებული მიზნები.

 

უზომოდ შევშფოთდი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი თავი როგორ გადამერჩინა. სულელური, ნერვების მომშლელი კითხვა გამუდმებით მიტრიალებდა თავში და მოსვენებას არ მაძლევდა. რა ვქნა, როგორ გადავრჩე?

 

წამში სამხედრო მანქანებით გაივსო ქუჩა.

 

ზოგიერთი ვიცანი: ყუმბარმტყორცნები, ტანკები, ჯავშანმანქანები, დიდი და პატარა ბომბდამშენები, ნაირ-ნაირი ტყვიამფრქვევები  და კიდევ, სხვა ათასი საშინელება, რომელთა სახელები არ ვიცოდი.

 

რკინის ვამპირებს ადამიანის სისხლი მოწყურებოდათ.

 

მაინტერესებდა გარეთ რა ხდებოდა, მაგრამ ტერასაზე გასვლას ვერ ვბედავდი, ინტერესი სიცოცხლედ არ ღირს. ფანჯარასთან ძლივს მივხოხდი და მალულად ხის დარაბებიდან დავალივერე სიტუაცია, ვცდილობდი ჯარისკაცების ყურადღება არ მიმექცია, მეშინოდა მათი რისხვა არ დამტყდომოდა თავს.

 

ვუყურებდი... ჩემი სახლის პირდაპირ მიწასთან გაასწორეს პანსიონი “გოლგოთას შვილები”. ყველაფერი ცეცხლში იწვოდა. მოხუცი დიასახლისი, თავის დანაზოგს ჩაბღაუჭებული, ალბათ ნანგრევებში მოყვა, უცებ ხუმრობით გავიფიქრე: “ამის შემხედვარეს, ისედაც წნევა დაარტყამდა”.

 

მაგიდის ქვეშ შევძვერი, ყურებზე მაგრად მოვიჭირე ხელები, თვალები კედლის კუთხეს მივაშტერე, თავი აბსოლუტურად დამიცარიელდა. დრო გადიოდა...

 

 

ვცდილობდი სხვა რამეზე მეფიქრა, თუმცა ამ ხმაურში ეს ადვილი სულაც არ იყო.

 

ზოგჯერ, მეგობრები ერთმანეთს მოიკითხავდნენ ხოლმე, ეტყოდნენ “გამაგრდი, გაუძელი,” როგორც კბილის ტკივილით შეწუხებულს, ან წყალში ჩავარდნილს დაუძახებ ხოლმე.

 

მე კი სახლში ჩავიკეტე, კეთროვანივით, მოვწყდი დანარჩენ სამყაროს.

 

იქნებ, ანგელოზი ჩამოვიდეს ციდან და აქედან შორს წამიყვანოს!

 

ჰო, ლამაზი, თეთრი-ქათქათა... მოვა ანგელოზი “სუპერ ბონუსი”... უხმაუროდ, ან იქნებ დიდი ზარ-ზეიმითაც, როგორც შობას, რამხელაა, რა ძლიერია, ოქროსფერი კულულები აქვს. არ იღიმება, მაგრამ ძალიან საყვარელია. რეკლამის ნამდვილი გმირი. რა დაკუნთული მკლავები აქვს, ფოლადივით. შეგიძლია მოეჭიდო, როგორც ძლიერ ხეს...

 

ისიც გაფრინდება, და თან წაგიყვანს შორს, ძალიან შორს, შორს ამ ქალაქიდან, შორს ავტომატებიდან, შორს სიკვდილის მანქანებიდან. გადმოიხედავ და ქვემოთ, ძალიან ქვემოთ დაინახავ შენს ქალაქს, შენს სიტე ჰორიზონს, ასანთის კოლოფებივით რომ ინგრევა. ეს ხომ შენი ქალაქია, შენი სიტე ჰორიზონი, მთელი ცხოვრება იქა გაქვს გატარებული.

 

აღარაფერი გესმის! ან კი როგორ უნდა გაიგო?! შენ აქ ხარ, ანგელოზის ფრთებს შეფარებული, შორს სიბინძურიდან, დამსხვრეულ, ნაჭუჭად ქცეული ქალაქიდან... მაგრამ, ეს ხომ შენი საყვარელი ქალაქია... და ის ინგრევა. უცნაური გრძნობა გიპყრობს, აღარ გინდა ანგელოზთან, გინდა სასწრაფოდ შენს ქალაქში დაბრუნდე. ხვდები, სწორედ იქაა შენი ადგილი.

 

დრო გადიოდა. მე ისევ მაგიდის ქვეშ ვიჯექი.

 

ჩემი სახლიდან სამას იარდში, ჩემი მეგობარი გოგონას ქვაბის მაგვარი ფურგონი იდგა. დარაბებიდან თვალებში ვუყურებდი, იქნებ ეხლა მაინც მოსულიყო ჩემთან, მაგრამ ერთი მილიმეტრითაც არ დაძრულა.

 

დაღამდა. ტელეფონებიც გაითიშა.

 

უცებ, თვითონაც არ ვიცი რატომ, შუქი ავანთე. (იცინის)

 

და თითქოს, პატრუქს მოუკიდესო, ტყვიების წვიმა მოასკდა ფანჯრებს. ავტომატებმა ერთიანად გადაცხრილეს სახლის კედლები.

 

ძლივს-ძლივობით გამოვრთე შუქი და ისევ სიჩუმემ დაისადგურა.

 

ასე რამდენჯერმე განმეორდა.

 

ავტომატურად, ავანთებდი თუ არა სინათლეს, მაშინვე აკაკანდებოდნენ კალაშნიკოვები, ჩავაქრობდი გაჩუმდებონენ,

 

 

ზოგჯერ, ასე ვამოკლებდით უსასრულოდ გრძელ ღამეებს, ვერთობოდით, მეც და ისინიც.

 

კარგად ჩავიმალებოდი საბანში, ცოცხის ტარით შუქს ავანთებდი და ტატატატა _ ჩავაქრობდი, და ჩქამიც არ ისმოდა, ისევ, ავანთებდი _ ტატატატა, ჩავაქრობდი _ სიჩუმე... სინათლე _ ტატატა, სიბნელე _ სიჩუმე. ისევ და ისევ...  მაგიდის ქვეშ შევათრიე ლეიბები, ბალიშები, წიგნები, საჭმელი,  რაც შეიძლება ნაკლები უნდა მემოძრავა.

 

ხშირად, აფეთქებები აკვანივით არწევდა იატაკს და ლეიბში ცხვირჩარგულს ტკბილად მეძინებოდა. ერთ დღეს, კარზე ზარის ხმა გაისმა. არ ვიცი ვინ იყო, მტერი თუ მოყვარე, ჯარისკაცი თუ მსხვერპლი, როგორ უნდა გამეგო, კარიც კი არ გამიღია.

 

ცხოვრება ისეთი... ხანმოკლე და სიფრიფანაა, შეიძლება ხელიდანაც  დაგისხლტეს, პატარა ჭუჭრუტანიდან გაგეპაროს, სიტყვის უთქმელად, უკომენტაროდ... ან პირიქით, შეიძლება სიკვდილი ყუმბარასავით დაგატყდეს და ბუუმ!  ნაფლეთებად გაქციოს ან თავი წაგაცალოს.

 

ასე, რომ ფრთხილად უნდა იყო, ყველა ჭუჭრუტანა ამოქოლო... სიკვდილი არ შემოგეპაროს.

 

 

ასე გადიოდა დრო.

 

საკუთარ სახლში ვიყავი კუთხეში მიმწყვდეული. გარეთ ომი მძვინვარებდა.

 

თანდათან ომს ალღო ავუღე, დავამუღამე როდის ისვენებდნენ.

 

ომში ჯარისკაცივით აზროვნება უნდა ისწავლო.

 

თუ გარეთ სამარისებული სიჩუმეა, იცოდე, კვერცხი სადაცაა გამოიჩეკება ანუ მალე შეტაკება იფეთქებს, ჭექა-ქუხილი დაიწყება.

 

თუ ავტომატები აქა-იქ კაკანებენ და ბომბებიც დროდადრო სკდება, ესე იგი, ყველაფერი საკაიფოდაა, დასვენების დროა, მოდუნდი.

 

თუ ავტომატებმა მიაყარეს, თანდათან მოუმატეს, მაშინ კი ყეს, სირ, თავი ლეიბში ჩარგე, მაგის დედაც! საშინელება იწყება!

 

თუ გული გიგრძნობს, რომ ყველაფერი საკაიფოდაა, გამოძვერი მაგიდიდან და შეეცადე რამე საჭმელი იპოვო. მაგრამ ფრთხილად, არ დაგავიწყდეს, ომის ხაზზე ხარ! ჯერ მარჯვნივ წადი, ზონიდან მარცხნივ რომ წახვიდე შეიძლება ვინმემ ტყუილუბრალოდ მიგაკლას. მთელი ძალით გაიქეცი, იცოდე ვერაფერს მოეფარები, ჩქარა, ჩქარა არ მობრუნდე! ჯარისკაცებისგან დახაზული გზით იარე, არ დაგავიწყდეს ზონაში ცხოვრება აკრძალულია, ყველგან ნაღმებია. იძრომიალე ეზო-ეზო, სარდაფ-სარდაფ, თუ არა და მოკვდები...

 

 

(პაუზა)

 

ჰო და, როცა გული მიგრძნობდა კარგახანს არაფერი  მოხდებაო, ჩემს მეგობარ გოგონასთან მივდიოდი სტუმრად.

 

ის კი იჯდა ნახევრად დაშლილ საბეჭდ მანქანასთან და ლექსებს წერდა. ასე გაყავდა დრო, ლექსების წერაში. მართალია უმეტესად მისი ლექსების არაფერი გამეგებოდა, მაგრამ მაინც ვეუბნებოდი, ძალიან ლამაზი ლექსები გაქვს, ვარსკვლავებს და მუსიკას მაგონებენ-თქო.

 

თუ არ წერდა, მაშინ მზის ენერგიის ძველი სადგურის ირგვლივ დაეხეტებოდა. ზოგჯერ სარკეების ლაბირინთში იკარგებოდა, ხანდახან კი დანგრეულ პლანეტარიუმში დასეირნობდა.

 

ვურჩევდი ჩემთან გადმოსულიყო, მაგრამ გამუდმებით ერთსადაიმავეს მიმეორებდა “_არა, არ შემიძლია, ჩემს ხარახურასთან მინდა ვიყო. ჩემს საბეჭდ მანქანას, ქვაბებს, ამ ყველაფერს ვერ მივატოვებ”.

 

მის პასუხს დიდი კამათი მოყვებოდა ხოლმე...  თავდაპირველად არ მესმოდა ეს უცნაური ახირება. ჩემთან რომ გადმოსულიყო, ერთის ნაცვლად ორნი ვიქნებოდით, ერთად ჩავრგავდით ცხვირს ლეიბში და უსასრულო ღამეებიც დამოკლდებოდა.

 

ერთად გავერთობოდით კიდეც. არ მესმოდა რატომ მეუბნებოდა უარს და საშინლად ვბრაზდებოდი.

 

მოგვიანებით ყველაფერს მივხვდი. და ჩემთვის გავიფიქრე: “მართალია, არც მე შემიძლია ჩემი ხარახურის, ჩემი ქვაბების, ჩემი კომიქსების მიტოვება, არც მე შემიძლია მასთან გადასვლა. დიახ, ის მართალია, სერ, ყველაფერი რიგზეა, ნო პრობლემ!”

 

მოკლედ, მივხვდი რაშიც  იყო საქმე და კამათიც მორჩა.

 

ხანდახან, ვგრძნობდი რომ კარგახანს სიმშვიდე იქნებოდა და ჩვენ სიტე ჰორიზონის დასათვალიერებლად მივდიოდით, გვაინტერესებდა რა შეიცვალა, რამე სიახლე ხომ არ იყო. შეცვლით, მართლაც ბევრი რამე შეიცვალა. ცა ძველებურად ცისფრად ანათებდა. ქალაქის კედლებს კი ეტყობოდათ ნაიარევები, დიდი, მძიმე, ღია ჭრილობები,  მტკივნეული წყლულები.

 

ამ საწყალ კედელს რა დამართნია?!.. მე ხომ აქვე დავიბადე, მის მეზობლად, მის წინ რამდენჯერ მითამაშია დამალობანა, დანასობია, ორდროშობანა, კალათბურთი, ომობანა. ახლა კი ცეცხლისგან გაშავებულა, დანგრეულა, თითქოს მომკვდარა.

 

კედლების ჭრილობებიდან ადრინდელი სიცოცოცხლის კვალი მოჩანდა. ტელევიზორების, სათამაშოების, მაცივრების, მიკროტალღოვანი ღუმელების არმია, სკამებისა და კარადების ბატალიონები.

 

 

ყველა გიჟივით გარბოდა.

 

ქუჩებში, ბომბებისგან გაჭყლეტილ მანქანებში, დაინახავდით ადამიანის დანახშირებულ ქანდაკებებს. იფიქრებდი, ცოცხლები არიანო. თითქოს გამვლელებს გვაკვირდებოდნენ და სიჩუმეში გვეძახდნენ. ადგილიდან არ იძროდნენ, იმ ადგილიდან სადაც თავს დაატყდათ ცეცხლოვანი სიურპრიზი.

 

 

დავდიოდით ამ უცნაურ მოდერნისტულ მუზეუმში და საათობით ვჩერდებოდით თითოეულ ექსპონატთან. ვცდილობდით ამოგვეცნო... აი, ასეთი იყო ჩვენი სიტე ჰორიზონი, ერთდროულად ნაცნობი და ძალიან უცხო.

 

მალე ყველაფერი თავიდან იწყებოდა და სასწრაფოდ ჩვენს თბილ კერას ვუბრუნდებოდით.

 

თბილი, თბილი სახლი, თბილი, თბილი კერა, მშვიდი, წყნარი, მყუდრო სახლი... სწეეტ ჰომე.

 

(პაუზა. ცა ბნელდება)

 

მერე, ერთ მშვენიერ დღესაც ყველაფრის დასასრული დადგა...

 

იქ, ზელიტების საზღვარზე. მე და ჩემი პატარა სიცოცხლე პეპლებივით ცეცხლისკენ მივისწრაფოდით, თითქოს სიკვდილს ვეძებდით.

 

ზამთრის საღამო იყო.

 

ტირილის ხასიათზე რომ აყენებს ადამიანს ისეთი.

 

ზელიტებმა პირადობები მოგვთხოვეს.

 

სხვა გზა არ იყო, მივეცით, რას ვიზამდით.

 

“ვაჰ! ადამიტები ყოფილან, აბა აქ მოდით!” დაიძახა ერთ-ერთმა.

 

წაგვიყვანეს, მეც და ჩემი გოგონაც.

 

მიტოვებული სახლის პირქუშ ეზოში შევედით.

 

სახლში ბნელოდა, გამოშიგნულ ტერიტორიას გავდა იქაურობა.

 

კალაშნიკოვები, ბოტები, კეპები.

 

ერთი ტიპი მეძახის: “მაშ, ადამიტებს ჩვენი გაჟლეტა უნდათ, არა?!”

 

ხელი მკრა და მაგარი სილა გამაწნა... ერთი, ორი, სამი...

 

ტკივილის მოყენებაზე მეტად, ჩემი დამცირება უნდოდა, რათა ამით მთელი ადამიტების მოდგმა დაემცირებინა. მე ხომ ადამიტი ვიყავი....

 

“_იცი, ადამიტებს რას ვუშვებით?! იმას, რასაც შენს დევოჩკას ვუზამთ ახლა. აბა, შეხედე! კარგად შეხედე...”

 

ავტომატები დამიმიზნეს და... დაიწყეს... საწყალი გოგო... რამდენი იტანჯა, რამხელა დამცირება... რამხელა ტკივილი გადაიტანა... სევდიანი, იმედდაკარგული თვალებით მომჩერებოდა, თითქოს მეალერსებოდა და თან შველას მთხოვდა. მისი უსასრულო, მარადიული, მუნჯი ყვირილი... შველას მთხოვდა...

 

სულში მეფლობოდა მისი თვალები და შიგნიდან მწვავდა. ათასჯერ უფრო მეტად, ვიდრე მსოფლიოს ყველა ტყვია დაწვავდა ჩემს სხეულს.

 

 

მერე სხვა ჯარისკაცებიც მოვიდნენ, მათაც მხოლოდ სიძულვილი მოიტანეს. ჯერ ერთი მოვიდა, მერე მეორე, მესამე... და მოჰქონდათ და მოჰქონდათ სიძულვილი. რამდენი სიძულვილია?! ბოლი არ უჩანს... საზარელი სიძულვილი, მარადიული და უსასრულო. დამშეული მგლებივით რიგრიგობით დააცხრნენ პატარა სხეულს. ღმერთო, რა უმწეო იყო!

 

უმწეო, სუსტი და უძლური. ბოლოს, კალაშნიკოვის ერთი გასროლა და ყველაფერი მორჩა. დამთავრდა! მშვიდობით, ჩემო ლამაზო!

 

მშვიდობით სითბო, მშვიდობით სიყვარულო, მშვიდობით მეგობრობა... მშვიდობით...

 

(პაუზა)

 

სიძულვილიც მაშინვე გასროლილი რევოლვერივით დაიცალა... ავთომატებიც დაეშვა, იქნებ შერცხვათ კიდეც.

 

დარჩა მხოლოდ სიჩუმე, ყველა საკუთარ მდუმარებასთან განმარტოვდა, სიძულვილთან და უძლურებასთან,

 

წინ კი შეურაცხყოფილი და უმიზეზოდ მოკლული ქალის სხეული ეგდო.

 

“_წადი, მოუყევი შენს მეგობრებს ადამიტებს რაც ელოდებათ”... მითხრეს და გამოვიქეცი...

 

მივრბოდა... მთელი ძალით... მივრბოდი... სადღაც შორს, რა სიცარიაელეა... რამდენი  ზიზღი, სიძულვილი... ახლა მეც მათნაირი ვარ.

 

ყველა მოგონებას სათუთად შევინახავ, არაფერს დავივიწყებ, არასდროს...

 

რა ვქნა?! უნდა ვიმოქმედო!

 

უნდა მოვკლა, რათა სისხლი ჩამოირეცხოს.

 

(პაუზა)

 

შესაძლოა, სწორედ იმ დღიდან დავიწყე ფიქრი.

 

ფიქრი დიდ მომრიგებელზე, უზენაესზე.

 

სხვა რა დარჩენია ადამიანს, რომელმაც ყველაფერი დაკარგა?! ან უნდა იფიქროს, ან სადმე გადაიკარგოს.

 

ძველებურად ვეღარ იცხოვრებს! ისეთი განცდაა, თითქოს აქამდე არც ყიფილხარ. გადახედავ შენს ცხოვრებას და არ იცი რა გზას დაადგე. ყველაფერი მიატოვო, თუ რაღაც მოიმოქმედო? არის, სერ!

 

მეც ფიქრი დავიწყე, ფიქრი დიდ მომრიგებელზე. შესაბამის არსებას ყოველთვის სჯერა მისი.

 

ის ხომ უზენაესია, ერთადერთია, უნიკალური. ადამიტების მოდგმიდან არის. ყველაფრის საწყისია, აქვს თავი, შუაგული და დასასრული.

 

დიდი მომრიგებელი სადღაც მაღლაა, ისე მაღლა, რომ უზენაესს ეძახიან.

 

ის არის მამრი და არის ქალწული ხელუხლებელი. მასში თავმოყრილია მიწა და ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა.

 

ის არის მსოფლიოს სუნთქვა, ცეცხლის ძალა და ქარის სინაზე. შემქმნელი ზღვის და ბატონი სივრცის.

 

უზენაესი ერთადერთი სიმყარეა, ერთადერთი ღმერთი, მარადიული ძალა, რომელიც ყველაფერს ამოძრავებს. ის არის შიში და უმშვენიერესი სიყვარული.

 

სწორედ ის არის, უზენაესი უსაზღვრო შეწყალებისა, უზენაესი უსაზღვრო სიკეთისა, უზენაესი უსაზღვრო სიყვარულისა.

 

დიახ, ის სიყვარულია.

 

უზენაესი აქვეა, ადამიტებთან. სავსეა სითბოთი და სინაზით. ტანჯულთა ღმერთი. ჰო და, უნდა დაიცვა იგი.

 

სწორედ მისი მოსპობა სურდათ წყეულ ზელიტებს. ბარბაროსობისგან უნდა დავიცვათ იგი, ის ხომ უსასრულო და მარადიულია.

 

უზენაესის ყოვლისშემძლე სხეულში თავმოყრილია მთელი სამყარო. სახეს ოქროსფერი კულულები უნათებს, საფეთქლებს ხარის ორი რქა უმშვენებს, აღმოსავლეთი და დასავლეთი ერქვა მათ, მისი თვალები მზესა და მთვარეს ეთამაშება, გონება კი - ცის კიდეა უკიდეგანო.

 

ყველაფერი იცის, ყველაფერი ესმის უზენაესს, ყოვლისშემძლეს, დიდ მომრიგებელს.

 

მისი სხეული ანათებს, როგორც ათასი ყუმბარმტყორცნიდან ერთდროულად გახსნილი ცეცხლი. ფრთებიც აქვს, ამიტომაც ყველგან დაფრინავს, ნებისმიერ დროს. სხეული მისი მთების კონად არის შეკრული.

 

ჩემს თავს ვეუბნებოდი, თუ მოინდომა შეუძლია დაგვეხმაროს... ყველაფერი იცის, ყველაფერი ესმის, ძალაუნებურად აქ ტრიალებს. როცა ძალადობა მეტისმეტია თავისთავს ეუბნება “ოკეი, საკმარისია, დროა რამე ვიღონო”.

 

სხვა ადამიტების მსგავსად, მსგავსად ჩემი ძმებისა, ჩემი მეგობრებისა, ომიანობის ჟამს შეძენილი ძმაკაცებისა, მეც ვუთხარი ჩემს თავს: დიახ სერ, ახლა ხელში იარაღს აიღებ და სანამ ყველაფერი არ დამთავრდება არ გაჩერდები. მერე _ ფინალი.

 

მაგრამ, ვიდრე მტერი მიწაზე დადის, ვიდრე ზელიტები სიტე ჰორიზონში, შენს საყვარელ ქალაქში არიან, მხოლოდ ერთი რამ დაგრჩენია _ ბრძოლა.

 

ბრძოლა უზენაესის გადასარჩენად, დიდი მომრიგებლის გადასარჩენად.

 

ყველაფრის გადასარჩენად, რისი განადგურებაც ზელიტებს ასე სწყურიათ.

 

ვიდრე ბრძოლას დავიწყებდი, სხვა ადამიტებიც გავიცანი,

 

ჩვენს მეთაურსაც შევხვდი, ჩვენს მთავარ რეგულატორსს.

 

ჩემდა გასაოცრად, ჩემი სკოლის მეგობარი კომა აღმოჩნდა. არა, ის უკვე აღარ იყო ჩემი ნაცნობი პატარა ბიჭი, პატარა ონავარი... ახლა ძლიერი და კუნთმაგარი მამაკაცი იდგა ჩემს წინ, ნამდვილი მებრძოლი, ნამდვილი მეთაური, არის, სერ და მსგავსი რაღაცეები...

 

ვუყურებდი და ვცდილობდი უწინდელი კომა დამენახა თვალები ძველებურად უბრწყინავდა, მაგრამ ახლა ეს ფოლადის ნათება იყო. ადრე კი ზაფხულის ცას გავდა, ვცდილობდი სული მეპოვა მასში, და ამით ჩვენი ბავშვობაც დამებრუნებია, მაგრამ მან ყველაფერი ღრმად, ძალიან ღრმად გადამალა.

 

მშრალი სიტყვებით იძლეოდა ბრძანებებს... მთავარი რეგულატორი...

 

შესვენებაზე კლინის ამბები ვკითხე. მაინტერესებდა ახალი ხომ არაფერი იცოდა. კლინიც ჩვენი კლასელი და მეგობარი იყო.

 

თავი დაკარგა, მითხრა მან, ყუმბარა გასკდა და თავი წააცალა.

 

მორჩა, სულ ეს იყო. წარსულზე მეტად აღარ გვისაუბრია.

 

თუმცა ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ ბრძოლისას კომას ძალა სწორედ წარსულიდან მოდიოდა. როგორ? საიდუმლოა. არავინ იცოდა.

 

აქ კი იყო მხოლოდ ბრძანებები, შეტაკებები და ომი. მეც ეს შევიყვარე და სხვა ყველაფერი დავივიწყე, დავივიწყე...

 

(პაუზა)

 

სახლი დავკარგე. ასე რომ, სხვა გზა აღარ დამრჩა, უნდა მებრძოლა. სწორედ ესაა გულს რომ მიღრღნის... (თითით გულზე მიანიშნებს)

 

თუ გამარჯვებაზე ფიქრობ, უნდა იცოდე, რომ მხოლოდ უზენაესის იმედი უნდა გგქონდეს. ომის დროს ძალა, აი აქედან, შიგნიდან მოდის.

 

კომასაც ასეთი ძალა ქონდა. მან მასწავლა ბრძოლა.

 

ესეც თამაშს გავს, ოღონდ ამჯერად სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი თამაშდება.

 

ყოველი წამი შესაძლოა უკანასკნელი აღმოჩნდეს, ბოლო... ერთ წამში შესაძლოა ყველაფერი დაკარგო.

 

ყველაფერი, და მოგებით რას მოიგებ? ძალიან ცოტას... ერთი ზელიტის სიცოცხლეს, დამპალი ძაღლის ტყავს. დაკარგვით კი სიცოცხლეს კარგავ, მთლიანად... ერთ ზელიტს მეორე მოყვება, მეორეს _ მესამე და ყოველ ჯერზე ახალი სიძულვილი ჩნდება. ასე გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე, იმ დღემდე, ვიდრე უკანასკნელ ზელიტი არ გაქრება სიტე ჰორიზონიდან.

 

ძალა, რომელიც ბრძოლაში გაქვს, არ არის სხეულის ძალა, არც იარაღის ძალაა. შენდაუნებურად აკეთებ ყველაფერს, ძალდაუტანებლად, ბუნებრივად.

 

ბრძოლაში ერთადერთი ძალა მოქმედებს _ განადგურების... გაანადგურო ყველა წინააღმდეგობა, რაც გზაზე გადაგეღობება, სწორედ ეს გაძლევს ძალას. ამის სურვილი კი ან გაქვს, ან არ გაქვს. ძალიან უცნაური გრძნობაა... კომასაც სწორედ ეს სურვილი ამოძრავებდა.

 

 

დაიმახსოვრე, ბრძოლისას საფრთხე უნდა გაანადგურო ყველგან, სადაც გადაეყრები, სულ ეს არის. უნდა ჩააძაღლო, და ერთმანეთის მიყოლებით მიწასთან გაასწოროო ყველა წინააღმდეგობა.

 

მხოლოდ მაშინ იგრძნობ, რომ შენი სხეულის ყველა ნაწილი ცოცხალია, თვალები, ცხვირი, ყურები, შენს გულს ესმის. შეხედავ, მანძილს გაზომავ, მიიღებ გადაწყვეტილებას, გამოკრავ და ბახ! ბახ!

 

სხეული კი არა დამჯერე მანქანაა: ჩუმი, მარდი, ფრთხილი, ცბიერი, მტკიცე, მგრძნობიარე. უცებ, ხმა შემოგესმა, მიაყურადებ... ზელიტის ხმაა? აქვეა, ინძრევა, სუნთქავს, არსებობს და სიძულვილიც ამოხეთქავს... ნესტოებში ამ აყროლებული ძაღლის სუნი გიღიტინებს, თავი ლამისაა გაგისკდეს, გული კი ბრაზით გევსება.

 

ზურგს უკან ანგელოზის არსებობას გრძნობ. ფრთებით გიფარავს, გზას გიჩვენებს უზენაესის წარმოგზავნილი. რა მაგარია, რა სიმშვიდეა!

 

მხარზე ხელს შეგახებს, ღრმად ჩაისუნთქავ და გრძნობ, როგორ ივსები ბუნების ძალით. ბრძოლამ მოიცვა შენი შესაბამისი არსება. შენს წინ ზელიტი დგას. ავტომატს ჩაბღაუჭებია. ქვებს მიღმა მიმალულს, სიძულვილის მყრალი სუნი ასდის. შენს დანახვას ელოდება, რომ მოგკლას.

 

შენ კი არ გამოჩნდები, სუნთქვაშეკრული დაიმალები, კედელს აეკრობი. ანგელოზის წყალობით, უჩუმრად უკნიდან მოუვლი და ხელის აუკანკალებლად მოკლავ შენს მტერს. ანგელოზი წინ მიგიძღვის და დიდი მომრიგებელიც შენთანაა.

 

როგორც იქნა ჩააძაღლე და ახლა, გინდა ეცე მის სხეულს, ხელები მისი სისხლით დაიბანო, კბილებით დაგლიჯო შენი მტრის შიგანი, გემო გაუსინჯო მის სისხლს და ხორცს.

 

მაგრამ დრო არ იცდის, ბრძოლა გრძელდება.

 

(პაუზა)

 

მერე ის დიდი დღეც დადგა. უმაღლესი სუპერ-კლასის შოუ მოვაწყვეთ. ცეცხლმა წითლად გაანათა სიტე ჰორიზონის ცა. მე, ჩემი ძმები, წინამძღოლ-რეგულატორი კომა, ყველანი ქალაქის ზემოთ, მაღლობზე ვიდექით და შოუს თვალს ვადევნებდით.

 

კვამლის უზარმაზარმა ღრუბლებმა დაფარა ყველაფერი, შავმა ცამ და რაღაც ბზუალა ფორმებმა ერთიანად გამურა ვერცხლისფერი ზღვა. ცეცხლი მტვერივიც ცვიოდა მიწაზე.

 

კედლები ერთიანად ინგრეოდა, ყველა საწყობს ცეცხლი მოედო, მარაგი იწვოდა, ბოლოს ყველაფერი ისეთი ხმაურით ჩამოიქცა, ნამდვილი ჯოჯოხეთი გეგონებოდა.

 

 

მანქანები ჭიანჭველებივით უთავბოლოდ დაეცეცებოდნენ ცეცხლში.

 

ხალხი ხან აქეთ მიაწყდებოდა, ხან იქით. ცდილობდა, როგორმე თავი დაეღწია ამ საშინელებიდან, მაგრამ ცეცხლოვანი დრაკონი უკან მოსდევდა და ათასი მწველი ენით ლოკავდა მათ.

 

როგორ, ან სად გაექცევი უზენაესის შურისძიებას?! სიტე ჰორიზონის ცენტრი ხანძარს მოეცვა. სწორედ ეს იყო უზენაესის რისხვის მიზეზი. ვინ გააჩაღა ეს ცეცხლი?

 

რა თქმა უნდა, ჩვენ, ადამიტებმა. უზენაესის რჩეულებმა და მისმა დამცველებმა.

 

ახლა კი მთაზე ვდგავართ და მაღლიდან გადმოვყურებთ ყველაფერს.

 

ქალაქი, პორტი... ოდესღაც ჩვენი ხელით ავაშენეთ, ახლა კი ჩვენვე ვწვავთ. დაე, ცეცხლმა ამობუგოს ყველა ზელიტი, უკანასკნელის ჩათვლით.

 

ქალაქი კი არა, ნამდვილი ჯოჯოხეთი  იყო, მაგრამ არაუშავს, განწმენდის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება, ისევ ძველებურად ბედნიერების ზონის ქალაქად ვაქცევთ, ისევ ავაგებთ ტაძრებს უზენაესისთვის.

 

სწორედ, მაშინ ავაშენებთ სუპერ-ქალაქს. ჩვენი ოცნების ქალაქს. ჩემი, კომასა და კლინის ოცნების ქალაქს. ბროლის ცათამბჯენებით, ვერცხლითა და ბრილიანტებით მორთულს, ავაგებთ ასმონეს კოშკებსა და გამჭვირვალე მინის სამეფო გამოქვაბულებს. მთაგორიანი ხეივნები კი სავსე იქნება ლამაზი, მხიარული გოგონებით. დიახ, ცოტაც და ყველაფერი ასე იქნება.

 

მაგრამ ადამიტების ეს გამარჯვება უკანასკნელი არ არის.

 

საბოლოო გამარჯვებისათვის ბრძოლა ჯერ კიდევ წინ გვქონდა. ცოცხლად დარჩენილთა შორის გამართული უკანასკნელი ბრძოლა. ორ ბანაკს შორის გამართული უკანასკნელი ბრძოლა. მტრის ბანაკები აუცილებლად უნდა გაგვენადგურებია.

 

ბანაკი.

 

უკანასკნელი.

 

გავანადგუროთ.

 

 

(დიდი ხნით სიჩუმემ დაისადგურა.

მეხსიერებაში ყველაფერი აერია.

აღარ იცის ვინ ჯალათია და ვინ არის მსხვერპლი.

რა ხდება, ნეტავ? გონება დაებინდა. ამნეზია დაემართა.

თითქოს სქელ და გაუვალ ბურუსში მოხვდა.)

 

ერთ დღეს ჩვენს ბანაკში წავალთ, სულ ბოლო, უკანასკნელ, ბანაკში. დანარჩენებიდან გაგვყარეს.

 

დამფრთხალი ცხოველივით შეგვეშინდება. ეს ბანაკიღა იქნება ჩვენი საბოლოო საყრდენი და თავშესაფარი. კარგა ხანია სახლები არ გვაქვს, ყველა გადაბუგეს.

 

 

მეომრები სადღაც წავიდნენ, ალბათ სხვაგან. სააქაოს თუ საიქიოს არიან, ნეტავ?! ჩვენ დამცველი აღარავინ გვეყოლება.

და სწორედ მაშინ მოვლენ დამსჯელთა რაზმები, კბილებამდე შეიარაღებული უზარმაზარი გოლიათები, ჯგუფ-ჯგფად მოვლენ, ხუთ-ხუთი, ექვს-ექვსი, ან მეტი.

 

და დაიწყება ნადირობა დიდსა და პატარაზე, ავტომატებით, დანებით, არ გაჩერდებიან.

 

ძალიან მარტივია, გაგეცინებათ პირდაპირ, ისე მარტივია...

 

ფინიშამდე გავლენ.

 

ბანაკს მოადგებიან, ჩვენ თავშესაფარში დავიმალებით, გავიგონებთ სროლის ხმას და როგორ დაეცემიან მოკლულები მიწაზე, როგორ გატანჯავენ ცოცხლებს. საკეტის ჭუჭრუტანიდან გავიხედავ: დავინახავ, სიკვდილით დასჯას და როგორ მოკლავენ გაუპატიურებულ ქალს.

 

შიში გულ-მუცელს დამიწვავს, მაგრამ კრინტსაც ვერ დავძრავ. ერთი ამოკვნესა და მორჩა, ფინალია! დიდხანს, თითქმის საუკუნე ველოდით.

 

უცებ ნაბიჯების ხმა შემომესმა, კარს უახლოვდებოდა. წიხლი კრეს, კარი გაიღო. გოლიათები მოვიდნენ... დიდი და ძლიერი დამსჯელები. ოფლის სუნით ყარდნენ. ხელში დანები ეჭირათ, ერთიანად სისხლში იყვნენ მოთხვრილნი.

 

თავშესაფარში, ასე ვირთხებივით გამოკეტილები რომ დაგვინახეს, გულიანად გაეცინათ.

 

იცინოდნენ იმიტომ, რომ ძალიან გვეშინოდა. დაგვცინოდნენ. ამან კიდევ უფრო დაგვაფრთხო, ისინი მგლებს გავდნენ, ჩვენ კი კურდღლებს.

 

ერთ-ერთის გაბანჯგვლულ, უზარმაზარ, დაკუნთულ მკლავზე სვირინგი დავთირე. დიდი ცისფერ-წითელი სვირინგი დამსჯელი 14.

 

დამსჯელი 14, მაშ, ყველაფერი დამთავრდა.

 

ისევ დავაკვირდი, მომღიმარი სახე მიახლოვდებოდა. წვრილი თვალები ცეცხლს აფრქვევდა, თეთრი და რკინასავით ბასრი კბილები ჰქონდა.

 

იცინოდა, იმიტომ რომ ვირთხებივით სოროში ვიყავით შეყუჟულები და შიშისაგან ქვეშ ვიფსავდით.

 

ცოტაც და... ძალით დაგვითრევდნენ სამალევებიდან.

 

გაქცევის ძალაც კი წამერთვა. გვერდით ჩემი დისწული იწვა, ცხრა თვის ჩვილი.

 

ოფლის სუნითა და ხმაურით შეწუხებულმა ტირილი მორთო.

 

გაუთავებლად ტიროდა, გოჭივით ჭყვიტინებდა. ასე იციან ხოლმე პატარებმა, თუ დაიწყეს ვეღარავინ გააჩერებს.

 

დამსჯელი, რომელსაც მკლავზე ეწერა დამსჯელი 14, ანერვიულდა და იყვირა: “კმარა, ვიგინდარა ბავშვების ყვირილი.” მერე, პატარას ავტომატი ესროლა მხარში.

 

 

ვიტირებდი, აბა რას ვიზამდი. ეს უკვე, ოკეი აღარ არის. სიმწრისგან ვყვიროდი: ის ხომ უკანასკნელი ბავშვია, ერთადერთი ბავშვია, მის მეტი აღარავინ დარჩა.

 

მაგრამ დამსჯელი 14, ჩემმა ყვირილმა და ბავშვის ტირილმა კიდევ უფრო გააბრაზა. ჩვილს ხელი დაავლო და შუაზე გაჭრა, თევზივით გაფატრა.

 

გავჩუმდით ყველა. მხოლოდ დამსჯელი 14 იღიმებოდა რკინის კბილებით.

 

მან ხომ, ახლახანს ანგელოზი მოკლა. უკვე ყველა ანგელოზი მკვდარია.

 

მოგვინებით, ოდნავ მოგვიანებით, ყველაფერი დამთავრდება. თჰე ენდ. ფინალი.

 

(წამოდგა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანის გაკეთებას აპირებს)

 

უნდა დავმარხო, მკვდრები უნდა დავმარხო. მზეზე ხომ არ დავტოვებ გასახრწნელდ?!

 

(პაუზა)

 

წარმოიდგინე, სადამდე შეიძლება მიგიყვანოს უკიდურესობამ?!

 

ბოლოს ხელს ჩაიქნევ, მზერა სიცარიელეს მიაშტერდება.

 

იმედი... არაფრის იმედი აღარ გაქვს.

 

მიაბიჯებ უდაბნოდ ქცეულ ქუჩებში, აკრძალულ ზონაში, ყველგან საფრთხეა ჩასაფრებული. ირგვლივ არავინაა ისეთი, რომ უკვე არმყოფობის ზონაში მყოფს, დახმარების ხელი გამოგიწოდოს.

 

გონებას კარგავ. უძირო უფსკრულში ეშვები.

 

მიექანები უფსკრულში და მთელი სამყარო შენს თვალწინ ისე ტრიალებს, როგორც გონებაარეული გიჟი. მიმართულება დაკარგულია. ყველა გზა მოჭრილია. სამუდამოდ.

 

უყურებ და ვერაფერი გაგიგია. მხოლოდ თვალებს ხედავ, მეგობარი გოგონას და ბავშვის თვალებს. შველას ითხოვენ მდუმარებაში.

 

მდუმარედ.

 

შენ კი არაფერი გააკეთე. ხელიც ვერ გაუწოდე.

 

კითხვებიც აღარ გიჩნდება... და აღარც ის იცი, როგორ დაივიწყო ყველაფერი. Nო ცომმენტ. უნდა დაივიწყო.

 

ამ ქვეყნიდან აღარაფერს ელი. ყველაფერი ძირფესვიანად არის ამოგლიჯილი და შენც... მიწაზე გაიშოტები.

 

(ნელ-ნელა მონგრეულ მაგიდაზე გაწვა)

 

ელოდები და ცას შეჰყურებ გაშტერებული.

 

შენს პირდაპირ მხოლოდ ერთ წერტილს ხედავ. ის უძრავია.

 

მეხსიერება, რომელმაც ყველაფერი დაივიწყა, ახლა მხოლოდ ამ უძრავ წერტილზეა მიჯაჭვული.

 

მაგრამ ამ უზუსტეს წერტილს დროდადრო რაღაც საგანი ფარავს. და საფრთხე კვლავ გამოჩნდა. ისევ აქ არის. თუმცა, საფრთხის ხატიც ამოუშლია მეხსიერებას. რადგან, თვით შიში ანგელოზთან ერთად გაუჩინარდა.

 

 

უყურებ უშფოთველად, წარბშეუხრელად. ჯანდაბას. მსუბუქადაც. ინსტინქტებიც გაყუჩდა და სამუდამოდ გაქრა. ძალმომრეობაც მათვე გაჰყვა და ჩაიფერფლა. ეხლა მხოლოდ სიმშვიდე და მოსვენებაა.

 

მერე, მზერას გააყოლებ იმ წვეტიან საფრთხეს, რომელმაც, ერთი წამით, შენი უძრავი წერტილი დაჩრდილა.

 

დაინახავ მრუდს. სუპერ-უნაკლო პარაბოლას, რომელიც ჰორიზონტამდეა გადაჭიმული. ეს ჯადოსნური, ჰიპერ-მშვენიერი პარაბოლა, შემთხვევით და მხოლოდ შემთხვევით წარმოიშვა, გაიჭრა შორს, ძალიან შორს და პირობითი საზღვარი, მისტიური საზღვარი შექმნა, ვერასდროს გაიგებ როგორ, ვერც შენ გაიგებ და ვერც მეცნიერება, ვერც დიდი ინტელექტი ვერ ახსნის, ნამდვილად ვერ ახსნის ამ პირობით, სასაზღვრო ზონას, რომელიც წვეტიანი საფრთხისა და უძრავი წერტილის შეერთებით ჩნდება, იგი მყარია, ხელშეუხებელია, შეიძლება ადამიანის სხეულიც იყოს, შეიძლება - არა, სასაზღვრო ზონა კი არის აფეთქება და სიკვდილი.

 

შენი გონება იკარგება და ივიწყებს რაც მოხდა, რაც აღწერას ან თხრობას ვერ უძლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფრის ხელახლა განცდა მოგიწევს. ამიტომაც დავიწყებას ამჯობინებ. ეს უფრო მაგარია, მითუმეტეს თუ, ცრემლები გახრჩობს.

 

მაგრამ ცრემლიც რომ აღარ შეგრჩა?!

 

მხოლოდ ერთი რამ გინდა, გულზე მიიკრა ნაზად, ფაქიზად და შენი სინაზე სასაზღვრო ზონის ძალადობასა და ხმაურზე უფრო ძლიერი იყოს.

 

ეხვევი. საყვარელ არსებას ნაზად, ტკბილად ეხვევი და კოცნი მას, ნელა, ძალიან ნელა. გინდა შეიგრძნო მისი სიახლოვე, ასე ცოცხალი, თბილი, სათუთი.

 

ტუჩებით ოდნავ შეეხები მის კანს, სუნთქვით მოუვლი მის უკვე უცრემლო თვალებს, ხელებს შემოხვევ მის ნატიფ, თბილ სხეულს და ნელ-ნელა გადაეშვები ბედნიერების მორევში.

 

იმ წამს დაგავიწყდება ყველაფერი, საკუთარი თავიც დაგავიწყდება და შენი მზერა დაუბრუნდება ისევ იმ უძრავ წარტილს.

 

და... წვეტიანი საგანი აღარასოდეს, აღარასოდეს არ გადაფარავს შენს უძრავ წერტილს.

ავტორების შესახებ

 

  სემუელ ბეკეტი  _ დაიბადა დუბლინის მახლობლად, პროტენსტანტულ ოჯახში. 1937 წლიდან, ევროპაში ხანმოკლე ხეტიალის შემდეგ, საბოლოოდ დასახლდა პარიზში. ორმოც წელს მიღწეული, იგი უცნობ ირლანდიელად დარჩა, თუმცა უკვე დაწერილი ჰქონდა პრუსტისადმი მიძღვნილი ესეი, პაროდია კორნელის «სიდზე» და რამდენიმე პროზაული ნაწარმოები. 1948-49 წწ. ბეკეტი კალმის ერთი მოსმით წერს გახმაურებულ ტრილოგიას _ «მოლოი», «მელოუნი კვდება» და «უსახელო». მოგვიანებით დაიწერა მისი «ელეფთერია» და ბოლოს, როგორც იქნა, «გოდოს მოლოდინში”, რომელმაც მას როგორც ფრანგულენოვან მწერალს გაუთქვა სახელი. ერთ-ერთ წერილში ბეკეტი ჰაროლდ პინტერს მიმართავს: «ფორმის შესახებ მკითხე. შევეცდები აგიხსნა: ერთხელ საავადმყოფოში მოვხვდი. მეზობელ პალატაში იწვა კაცი, რომელიც ყელის კიბოთი კვდებოდა. სიჩუმეში მე მისი გაუთავებელი ყვირილი მესმოდა. აი, ჩემი შემოქმედების ერთადერთი ფორმა.”

  ბეკეტთან კომიკურ-ტრაგიკულის ტრადიციული კატეგორიები, ისევე, როგორც დრამატურგიის კანონები დარღვეული და არეულია. ამბავი ქრება, დრო იყინება. ტრაგიკული და იმავდროულად სასაცილო პერსონაჟები, რომლებსაც დაბადებიდანვე არსებობის აუცილებლობა აქვთ მისჯილი, იდენტურობას, საკუთარ «მე»-ს კარგავენ და თითქოს თვითონაც იკარგებიან განწმენდილ, მინიმალისტურ მეტყველებაში.

  ბეკეტის თეატრის არსი სიჩუმეა. მისი «თეატრი არაფერს ნიშნავს» (ბეკეტი), მაგრამ ყოფიერების სიცარიელესა და ადამიანის მყოფობის ტრაგიზმს აშიშვლებს.

  1969 წელს სემუელ ბეკეტი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.

 

  არტურ ნოზისიელი დაიბადა 1967 წელს პარიზში. მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი კინემატოგრაფიაში, პარალელურად შედის შაიოს ეროვნული თეატრის სტუდიაში და სამსახიობო ოსტატობისა და სასცენო მოძრაობის სრულ კურსს ანტუან ვიტეზის ხელმძღვანელობით გაივლის. სწავლას პარიზის კონსერვატორიაში და შაიოს სტუდიაში ერთდროულად ამთავრებს და იწყებს პარიზის სხვადასხვა თეატრებთან თანამშრომლობას. თამაშობს ცნობილი რეჟისორების _ ლუი-შარლ სირჟაკის, ალენ ფრანსონის, ჟერომ სავარის, ჟაკ ნიშეს, ანატოლი ვასილიევის და სხვათა სპექტაკლებში. 1999 წელს მისი სარეჟისორო დებიუტი შედგა. სპეტაკლმა «ცრუ ავადმყოფი, ანუ მადლენ პოკლენის აჩრდილი» წარმატებით მოიარა მსოფლიოს სცენები. 2002 წელს ნოზისიელმა პეტერბურგის «ერმიტაჟის თეატრში» ამ სპექტაკლის ახალი რედაქცია გააკეთა უკვე რუსი და ფრანგი მსახიობების მონაწილეობით. იმავე წელს ლორიენის თეატრის სცენაზე დადგა თანამედროვე ფრანგი კომპოზიტორის ფილიპ დულას ოპერა «მოგზაურობა სეთში», ხოლო მანამდე 7 შტაგეს თჰეატერ-ში (ატლანტა) ქმნის «ზანგებისა და ძაღლების ბრძოლა» ბერნარ-მარი კოლტესის მიხედვით. 2002 წელს ამ სპექტაკლმა ამერიკასა და საფრანგეთში იმოგზაურა. აღსანიშნავია, აგრეთვე მისი ბოლო სპექტაკლი სემუელ ბეკეტის «ო, ეს ბედნიერი დღეები,» რომელიც პარიზის ოდეონის თეატრის სცენაზე დაიდგა.

  არტურ ნოზისიელი ხელმძღვანელობს სამსახიობო სტუდიებს საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში. ავტორია რამდენიმე პიესისა, არის დრამატურგთა პრესტიჟული სტიპენდიის «ვილა მედიჩი საზღვრებს მიღმა» 2000 წლის ლაურეატი, მას ხშირად და სიამოვნებით იღებენ კინოშიც.

 

  ანრი დანონი (Hენრი Dანონ) დაიბადა არგენტინაში, ასაკის დაზუსტებას დღესაც ერიდება, თუმცა მისთვის ჩვეული იუმორით აღნიშნავს, რომ «მშვენიერი სქესისთვის მიმზიდველ ასაკს» რახანია გადააბიჯა. განათლებით ექიმი-ფსიქიატრია. 1980 წლამდე სხვადასხვა სამედიცინო დაწესბულებებში მუშაობდა, იყო სამედიცინო-ფსიქოლოგიური საუნივერსიტეტო კოლეჯის რექტორი. სამედიცინო საქმიანობა ორმოცდაათამდე სამეცნიერო და ესეისტურ პუბლიკაციაში აისახა.

  მეორე მსოფლიო ომის დროს აქტიურად მონაწილეობდა საფრანგეთის წინააღმდეგობაში, აქვს სამხედრო ჯილდოები, ლიტერატურული მოღვაწეობისათვის დაჯილდოვებულია საპატიო ლეგიონის კომანდორის წოდებით.

  წერა ძალიან ადრე, ჯერ კიდევ ლიცეუმში დაიწყო. ავტორია ათამდე რომანის და, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, «არავინ იცის რამდენი პიესის იმიტომ, რომ შემოქმედებით ორანჟერეაში ახლობლებსაც ეკრძალებათ შესვლა, პიესა კი სცენაზე უნდა ნახოთ ან რადიოგადაცემაში მოისმინოთ.»

  საერთაშორისო წარმატება მოუტანა ცნობილი რეჟისორის და ავტორის ლუსიენ ატუნის მიერ 1977 წელს ავინიონში წარმოდგენილმა პიესამ «მხოლოდ სიმართლე» და განსაკუთრებით, ბოლივიელი რეჟისორის მარკოს მალავიას მიერ დადგმულმა სპექტაკლებმა «კაციჭამიათაA ღრეობა» და «პიკნინი ქალაქქვეშ».

  ანრი დანონს არასოდეს დაუმალია, რომ არის აბსურდის თეატრის მოყვარული, მაგრამ «აბსურდით გატაცებას ის ნამდვილ აბსურდამდე არასდროს მიუყვანია,» თუნდაც იმიტომ, რომ უზომოდ უყვარს აბსურდის თეატრი და ვერასოდეს გაბედავს ფრანგული თეატრის მეტრებთან «სპრინტის გამართვას».

 

 

  იზაბელ დორე (Iსაბელლე Dორй) დაიბადა პარიზში. თეატრთან ურთიერთობა მსახიობობით დაიწყო. თხუთმეტი წლის ასაკში «თეატრ მონდის» სცენაზე სპექტაკლში «სეილემელი გრძნეულები» ბეტი პარის როლი ითამაშა. მაგრამ სულ მალე მსახიობობას დრამატურგობა ამჯობინა და რადიოსა და ტელევიზიისთვის წერა პისების სერია: «ფრიკასე,» «არც პრიფესორი, არც გორილა», «გაშიშვლებული ნერვები», «100 ვატის კლუბი», «კიჟინა», «სიყვარულით სიკვდილი», «სვიჩი და მისი გუნდი». მოგვინებით ქმნის პიესებს თეატრისთვის: «სეზარი და დრანა» და «ნაბოლარას საღამო».

  «სეზარი და დრანა» მისი პირველი პიესაა. დაიწერა 1992 წელს ერთაქტიანი პიესების საერთაშორისო კონკურსისთვის «ვალანსი სცენაზე» და გაიმარჯვა კიდეც. იმავე წელს პიესა დაიბეჭდა ჟურნალში «ავანსცენა» და დაიდგა ვალანსის თეატრში.

  1993 წელს მონრეალში «ლალიკორნის» სცენაზე შედგა «სეზარი და დრანას» სახალხო კითხვა. იმავე წელს მსახიობმა ჟული ვენსანმა შექმნა პიესის რადიო ვერსია, რომელიც ტოკიოში გამართულ რადიოგადაცემათა საერთაშორისო კონკურსზე წარმოადგინა. ამის შემდეგ პიესა ითარგმნა ინგლისურ, გერმანულ, ჩეხურ და სლოვენიურ ენებზე.

  1995 წელს რეჟისორმა იზაბელ ვიენევმა ეს პიესა «თეატრ დ’ოჟურდუის» სცენაზე დადგა, დრანას როლში კვლავ ჟული ვენსანი მიიწვია.

  2004 წელს ანსამბლმა I Mუსიცი დე Mონტრйალ, იური ტუროვისა და კატერინ გადუას ხელმძღვანელობით შექმნა პიესის მუსიკალური ვერსია.

  ამჟამად იზაბელ დორე ცხოვრობს და მოღვაწეობს საფრანგეთსა და კანადაში.

 

  ადელ ჰაკიმი (Aდელ Hაკიმ) დაიბადა 1953 წელს ქაიროში. თვრამეტ წლამდე ეგვიპტეში ცხოვრობდა. შემდეგ კი მისი ოჯახი ემიგრაციაში წავიდა ბეირუთში. 1972 წლიდან პარიზში ცხოვრობს. სწავლობდა მათემატიკისა და ფილოსოფიის ფაკულტეტებზე. მიღებული აქვს ფილოსოფიის დოქტორის წოდება. სორბონის უნივერსიტეტში სწავლასთან პარალელურად ადელ ჰაკიმი საუნივერსიტეტო თეატრის დადგმებში მონაწილეობს. მოგვიანებით ამთავრებს ცნობილი რეჟისორების არიან მნუშკინისა და ჯონ შტრასბერგის სამსახიობო სტუდია-სახელოსნოს. 1984 წელს მსახიობ ელიზაბეტ შაიუსთან ერთად აარსებს საკუთარ «სასწორის თეატრს», და წარმატებით ახორციელებს მარივოს პიესის «სიყვარულის სიურპრიზი» დადგმას. თამაშობს პიესებში «ალექსანდრე დიდი» (რასინი), «ოქროს ნაყოფი» (ნატალი საროტი), «ცხოვრება სიზმარია» (კალდერონი) და სხვა.

  ამავე პერიოდში იწყებს სხვადასხვა ცნობილი ტექსტების ადაპტირებას და თვითონვე დგამს მათ. ასე შეიქმნა მისი საავტორო სპექტაკლები _ «მიჯაჭვული პრომეთე» (ესქილე), , «ფრანცისკ ასიზელი» (ჟოზეფ დელტეი), სენეკას ტრილოგია: «თიესტე», ტროელები» და «აგამემნონი»...

1992 წელს ადელ ჰაკიმი ივრის თეატრის და ივრის თეატრალური სახელოსნოს დირექტორად დაინიშნა. არის აგრეთვე, სტრასბურგის თეატრის ეროვნული ინსტიტუტის და «ბლანშის ქუჩის თეატრალური სკოლის» პროფესორი. «დამსჯელი 14» ადელ ჰაკიმის პირველი პიესაა. მისი საჯარო კითხვა შედგა 1990 წელს «ღია თეატრის» სცენაზე, ხოლო პრემიერა 1991 წელს «ჟერარ ფილიპის» თეატრში. ამავე წელს სპექტაკლმა საკმაოდ პრესტიჟული «მაყურებლის ჯილდო» მიიღო. პიესა დაიდგა შვეიცარიაში, ესპანეთში, ქაიროში. ნათარგმნია სხვადასხვა ენებზე. ჟან-პიერ ტიბოდა1

 

ფრანგული დრამატული მწერლობის პერიპეტიები

 

  რეჟისორებით დავიწყებ. ადრიენი, არიასი, ბრუკი, შერო, გარსია, ენჟელი, ჟურდეი, ლასალი, ლაველი, პლანშონი, რეჟი, ვენსენი, ვიტეზი... შესაძლოა რომელიმე დამავიწყდა კიდეც. მათი წყალობით რეჟისორის საყოველთაო ტრიუმფის, წარმოდგენის ოქროს ხანის მომსწრენი გავხდით. რეჟისორი მეფეა და ხშირად დესპოტურიც. ის მართავს თავის ქვეშევრდომებს _ მსახიობებს, ავტორს, მხატვარს. ვის აქვს იმდენი ძალაუფლება, რამდენიც ფრანგულ თეატრალურ სისტემას, რომელიც მუდმივი დასის გარეშე (კომედი-ფრანსეზის გამოკლებით), მაგრამ დოტაციაზე მყოფ თეატრების სათავეში მოქცეულ მრავალრიცხოვან რეჟისორთა მეშვეობით, წინადადებისა და მოთხოვნის საქველმოქმედო სიტუაციას ქმნის. უბრალო მუშის დონეზე დაყვანილი მსახიობები რეჟისორთან სამუშაოს საშოვრად, დასაქირავებლად მიდიან. ,,ვარსკვლავად» ქცეულ რეჟისორს მასმედია ყურადღებას არ აკლებს. კინოში ვარსკვლავები მსახიობები არიან, თეატრში კი - რეჟისორები. ისინი განაგებენ დროს, ქმნიან ამინდს, რითმავენ ეპოქას. მაგალითისათვის იმ პიესებს გავიხსენებ, რომლებმაც 68 წლის მაისის შემდეგ შეავსეს თეატრის სცენა. ბევრი მათგანი ან კონკრეტული რეჟისორისთვის იყო შეკვეთილი, ან კონკრეტული რეჟისორის ხელწერის გათვალისწინებით იწერებოდა.

 

  ძალიან დავშორდით 50-იან წლებს, როცა დიდი რეჟისორი და კარგი ტექსტების მაძიებელი როჟე ბლენი მოკრძალებით გზას უთმობდა ავტორს. ძალიან შორსა ვართ ვილარისაგანაც, რომელიც პატიოსნებითა თუ თავმდაბლობით უარყოფდა ტერმინს ,,მიზანსცენა» და მის ნაცვლად ,,რეჟისურას» ხმარობდა. აქვე, ნიუანსებიც დავიცვათ:  წლებს მანძილზე, კლოდ რეჟი ახალი, ხშირად უცნაური, მაგრამ უმეტესად თანამედროვე ტექსტების დაუცხრომელი მაძიებელი იყო: პინტერი თუ ბონდი და მორტონი, სლავკინი თუ ჰანდკე... ან როგორ დავივიწყოთ მარგერიტ დიურასისა და ნატალი საროტის კლოდ რეჟის მიერ განხორციელებული დადგმები. ლასალი, რომელმაც თავი დრამატურგიაში მოსინჯა, დიდი ხანი მიშელ ვინავერის პერსონალურ, უფლებამოსილ რეჟისორად ითვლებოდა. სტრასბურგის ეროვნულ თეატრში მუშაობის დროს მან ახალი პიესების მკითხველთა კომიტეტიც კი დააარსა, რომელსაც მწერალი და კრიტიკოსი ბერნარ დორი ხელმძღვენელობდა. კიდევ ერთი მაგალით: მოგზაურობათა ჟინით შეპყრობილი ფილიპ ადრიენი თავის საყვარელ ავტორებს, ენცო გორმანს და ჟან-დანიელ მანინის შემოქმედებას დაემგზავრება. მათთან ერთად ისეთი დრამატურგებიც გამოჩნდებიან, რომლებიც ერთ, კონკრეტულ დასს უკავშირდებიან, როგორც მრჩევლები, მეგობრები, ავტორები, და მისი მფარველობით ნაყოფიერად მუშაობენ. მაგალითად, მიშელ დოჩი სტრასბურგის ეროვნულ თეატრთან, ან მოგვიანებით, ჟან-კრისტოფ ბაიი ჟორჟ ლავოდანის დასთან.

  დაბოლოს, საკმაოდ ნიშვნელოვანია თეატრის პრაქტიკოსთა რიცხვი, რომლებიც დრამატურგობას მიჰყოფენ ხელს. მაგლითად, მსახიობი ჟან-პოლ ვენცელი, რაჟისორი ბრუნო ბაიენი, ან მსახიობი-მწერალი ბრუნო ვალეტი და სხვა. 1975 წელს რეჟისორი ანტუან ვიტეზი წამოჭრის ლოზუნგს, რომელიც ყველას გულზე მოხვდება _ ,,ყველაფრისგან შევქმნათ თეატრი!» დიდებული, ტრიუმფალური ლოზუნგი გახლდათ! თანაც ნასროლი იმ რეჟისორის მიერ, რომელიც არამც თუ აბუჩად იგდებდა ავტორს, არამედ ეთაყვანებოდა მას. ამგვარად, პიესა, რომელიც თეატრის ძრავა და მისი ჯადოსნური მანქანა იყო, ერთ-ერთ სავარაუდო, მამოძრავებელ კბილანად იქცა. დრამატურგი მაგრად უნდა დადგომოდა ყოველივეს. მას დიდი, მნიშვნელოვანი ნაწარმოებები უნდა შეექმნა.

 

  გავიხსენოთ ანტონენ არტოს ერთი წინასწარმეტყველება: ,,თეატრი, რომელიც დადგმას და ხორცშესხმას, ანუ ყოველივეს, რაც სპეციფიკურად თეატრალურია, ტექსტს დაუმორჩილებს, იდიოტების, გიჟების, ჰომოსექსუალისტების, გრამატიკოსების, ვაჭრების, ანტიპოეტების, პოზიტივისტების თეატრად, ანუ დასავლურ თეატრად მესახება. დამოუკიდებელი და ავტონომიური თეატრი რომ გამოცოცხლდეს, ან უბრალოდ, იცოცხლოს, მან უნდა მონიშნოს და გაიზიაროს ის, რაც მას ტექსტის, სიტყვის, ლიტერატურისა და სხვა დაწერილი, თუ დაფიქსირებული საშუალებისაგან განასხვავებს.»

  იმისთვის, რომ ლიტერატურას ან კინოს (რომელსაც თეატრმა ბევრი კარგი დრამატურგი უსაჩუქრა!) ჩამოშორებოდა, იმისთვის, რომ ჩვეული სიმძაფრე დაებრუნებინა, თეატრმა ტექსტის მიმწოდებლის ან მწერლობის გამომხატველის როლი აღარ იკმარა და კონკრეტულად სპექტაკლი _ სანახაობა განამტკიცა. ამ მიმართულებით განვითარებულმა თეატრმა ტექსტი ზომიერად დატოვა სცენაზე. არტოს საოცნებო ტოტალურმა თეატრმა მიზანსცენის საკმაოდ მოკრძალებული ტრიუმფი იგემა. ტექსტი ნელ-ნელა იზოლირებული აღმოჩნდა იმ სამყაროში, სადაც თეატრის მიერ მოპოვებულ ავტონომიას სრული დახშულობა (ავთარკია) შეენაცვლა. თეატრის კონტინენტი კუნძულად იქცა, კუნძულზე მაცხოვრებელთათვის დამახასიათებელი ყველა (მაგ. პროტექციონიზმი) რეფლექსით. აი, რას ამბობს ამის თაობაზე მიშელ ვინავერი: ,,უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში თეატრმა ლიტერატურის ტერიტორიასთან საზღვრების მოშლა მოახერხა, ამას ყოვლად მოულოდნელი შედეგი მოჰყვა _ თეატრი კულტურის ერთიან კონტინენტს გამოეყო. თითქოს რაღაც ჩატყდა, შემდეგ ამოიწია და საბოლოოდ თეატრი კუნძულად ჩამოყალიბდა».

  მსგავს გათიშვას მრავალ სფეროში ვხედავთ.

  თეატრს ჯერ მწერლები გამოეყვნენ. კოპო ამ ფაქტს ჯერ კიდევ ომის წინა პერიოდში დასტიროდა. ,,მე ვამბობ, რომ მწერლებს თეატრი ეზიზღებათ», წერდა რეჟისორი, რომლის უახლოესი მეგობარი და ,,ძველი სამტრედის» დროინდელი უძვირფასესი თანამშრომელი, გამომცემელი და მწერალი გასტონ გალიმარი იყო. ნუ დავივიწყებთ, რომ კოპო იმ პერიოდში ცხოვრობდა, როცა კოკტო, კლოდელი თუ ჟიროდუ თეატრსა და ლიტერატურას შორის მსუბუქად, ძალდატანების გარეშე მიმოდიოდნენ. ომისშემდგომი  პერიოდის მაგალითებიც უნდა გავიხსენოთ: უპირველეს ყოვლისა, ბეკეტი და მასთან ერთად, დიურასი, პენჟე და საროტი, რომლებიც 50-იან წლებში იბეჭდებოდნენ. კი მაგრამ, დღეს? რამდენიმე წლის წინ, მიშელ ვინავერმა წიგნის ეროვნული ცენტრის დავალებით ოცდაათამდე მწერალი გამოკითხა. აღმოჩნდა, რომ ისინი (უმეტესად რომანისტები) თეატრს სიახლოვეზეც არ ეკარებიან, არ იცნობენ და არად აგდებენ მას. ეს ,,სხვა სამყაროა», ამბობდნენ ისინი, დახურული, თითქმის ჰერმეტული, რაღაცით სასაფლაოს წააგავს; ერთ-ერთმა ისიც კი განაცხადა, რომ თეატრი ბეკეტთან ერთად გარდაიცვალაო. ამგვარი მსჯელობა, რა თქმა უნდა, ყალბი და უსამართლოა, მაგრამ განხეთქილების უტყუარი ნიშნებიც ნამდვილად არსებობს...

  დიდი გამომცემლები ყურადღებას აღარ აქცევენ თეატრს. გალიმარის გამომცემლობაში კოლექციამ ,,არლეკინის მოსასხამი» თავისი დამაარსებლის, შესანიშნავი კრიტიკოსის და ლიტერატურული მრჩეველის ჟაკ ლემარშანის გარდაცვალებისთანავე შეწყვიტა არსებობა. გამომცემლობაში ,,სეი» (შეუილ) კოლექცია ,,თ» 68 წლის მაისის დღეებს ვერ გადაურჩა. საფრანგეთში ბრეხტის პოპულარიზატორი ,,არში» (L’ Aრცჰე) ,,პოზიციათა ომის» გამო ფრანგ დრამატურგებს აღარ აქვეყნებს. ამ გამომცემლობის (და მასთან სხევებისაც) შეხედულება ხელოვანთა და კომპოზიტორთა პროფკავშირის, ე.წ. ,,შAჩD»-ის ბასტიონს, ანუ ,,გამომდინარე უფლებების» პოზიციას ეწინააღმდეგება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს რომ ამ ბოლო დროს ხმლები ქარქაშებში ჩაბრუნდა, რადგან ,,არშმა» ხელახლა დასტამბა მიშელ დოჩის ადრინდელი პიესები და ახალი ნაწარმოებების კრებულიც გამოუშვა. შეჩერდა, აგრათვე, გამომცემლობა ,,სტოკის» (შტოცკ) კოლექცია ,,ღია თეარტი» (თйаტრე ოუვერტ), რომელმაც ათიოდე წლის მანძილზე სამოცდაცხრა დასახელების პიესა გამოაქვეყნა. დრამატურგების ბრალია? შესაძლოა, ამბობენ გამომცემლები. მაგრამ უპირველეს მიზეზედ მაინც რენტაბელობას ასახელებენ: წიგნის დაბეჭდვის ღირებულება დღითი დღე იზრდება, წიგნები კი, განსაკუთრებით დრამატურგია, ცუდად, ძალიან ცუდად იყიდება. ამგვარად, მხოლოდ რამდენიმე დიდი გამომცემლობა გვრჩება, რომლებიც ,,ფირმის საკუთარ ავტორებს ბეჭდავს», მაგ. ,,მინუი» (მინუიტ, პენჟე, კოლტესი და სხვა) ; ან ,,კრისტიან ბურგუა» (ჩრისტიან Bოურგოის, სტრასბურგის სკოლის წარმომადგენელი _ მიშელ დოჩი, გრენობლელი ბაიი და ძველი მეგობრები _ კოპი და არაბალი).

  დიდ გამომცემლებთან ერთად თეატრში სპეციალიზებული და ხშირად აქტიურად მებრძოლი პატარ-პატარა ფირმებიც მოქმედებან...

  თუმცა უნდა გავითვალისწინოთ მათი უმდგრადობა და ერთგვარი მარგინალიზაცია, რომელიც ,,გეტოს» გარკვეულ ეფექტსაც ქმნის. ამასთანავე, იმ ტექსტების რაოდენობა, რომელსაც ყოველწლიური ბაზრობა ერთ დიდ, მიმზიდველ, მაგრამ თავგზისამბნევ და უძღებ ტომარაში ათავსებს, დაღუპვის (მეტისმეტი ყოველთვის მეტისმეტია) და ნიველირება-გათანაბრების (საბოლოო ჯამში, ტექსტების უმრავლესობა ერთმანეთისაგან არაფრით განსხვავდება) ეფექტს იწვევს.

  მასმედია ამ პროცესს კვალდაკვალ მიყვება. თეატრისა და წიგნის რუბრიკები, რომელთაგან ზოგი ესეისა ან რომანის კრიტიკით არის გატაცებული, ზოგი თეატრის ყოველდღიურობას აშუქებს, ერთმანეთს ისე ებრძვიან, რომ ხშირად თეატრზე ახალი პუბლიკაციის გამოჩენას ვერც კი ამჩნევენ. რაც შეეხება ტელევიზიას, მან თითქმის არაფერი იცის თეატრებისა და მისი ავტორების შესახებ. ლიტერატურულ გადაცემებზე დრამატურგებს საერთოდ არ იწვევენ, პროგრამის ავტორები არც პიესებს უკვეთავენ მათ. იმავე სურათს ვხედავთ რადიომაუწყებლობაში, სადაც, რა თქმა უნდა, ახალი პიესების გარკვეული რაოდენობა იწერება, მაგრამ მათი დაკვეთის ტრადიცია, ინგლისისაგან განსხვავებით, არ არსებობს.

  თანამედროვე დრამატურგი შემდეგი კომპონენტებით არის ფორმირებული.

  იგი იმ რევოლუციის შვილი და, იმავდროულად, მსხვერპლია, რომელმაც ძალაუფლება რეჟისორს გადაულოცა. ამის გამო დრამატურგი დამოკიდებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ხოლო რეჟისორის საცერში გატარებული, მისი, უმეტესწილად, მყიფე შემოქმედება ხშირად ადაპტირებული, გადაზელილი და დამახინჯებული სახითაა წარმოდგენილი. დრამატურგი ღმერთად აღარ ითვლება. იგი მუშაა, ტექსტის წერით დახელოვნებული მუშა, რომელიც თეატრის ეკონომიკის უმძიმეს ტვირთს მხრებით ატარებს.

  სახსრების უქონლობის გამო, პიესა, რომელსაც რთული დეკორაცია და 7-8 მსახიობზე მეტი სჭირდება, სცენაზე დადგმის ნაკლები შანსით სარგებლობს. დრამატურგებმა ეს მშვენივრად იციან და ამ დაუწერელ კანონს ხშირად შეგნებულად თუ ქვეცნობიერად ემორჩილებიან: დეკორი მწირია, სარეჟისორო განმარტებანი მარტივი და მოსახერხებელი. პიესები კი ნებისმიერი თვალსაზრისისა თუ გემოვნებისთვის მისაღები გახლავთ. მესამე კომპონენტი პირველი ორის ფენომენს აძლიერებს. გამოკითხვებმა ცხადჰყვეს, რომ დრამატურგები საფრანგეთში, ძირითადად, თეატრალურ წრეში იზრდებიან, (ტექსტის კორექტორები, რეჟისორის თანაშემწენი, მსახიობები და ა.შ.). თეატრის პოეტები, თეატრის ძმაკაცებმა, მეგობრებმა შეცვალეს.

  აქედან მომდინარეობს უბადრუკობის, სისუსტის, სიმყიფის ეფექტი, რომელსაც ავტორთა საკუთარ თავში ჩაკეტილობაც აძლიერებს. შემოქმედებითი წარმოსახვის ნიადაგად დრამატურგი უფრო ხშირად ინტიმურ ,,ტეტა ტეტს» ან ოჯახურ წრეს ირჩევს (ჩემს, შესაძლოა ოდნავ ნაჩქარევ განზოგადებას რამდენიმე გამონაკლისიც აბათილებს). ეს სწორედ ის საფრთხეა, რომელზეც ჯერ კიდევ ორმოციან წლებში დიულენიც ამახვილებდა ყურადღებას: ,,უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანი თანამედროვე სიუჟეტები უნდა გავაშუქოთ. თუ მწირის, პრეტენზიულის ნიშანში ამოღებას შევეჩვიეთ, ლილიპუტების მოშენებას შევუწყობთ ხელს».

  დრამატურგებს დღეს თეატრი მძიმე ტვირთად აწვება. მათი კალამიც ამ ტვირთით არის დაზიანებული. ბულვარის თეატრები პიესებს კონკრეტულ, ერთადერთ ვარსკვლავზე გათვლით ქმნის. შეიძლება, ამიტომაც, ბულვარის დრამატურგი კარგავს შანსს წეროს იგივე სულისკვეთებით, როგორცმაგალითად ედუარდ ბურდე, რომელიც ბულვარის თეატრთან გარკვეულ დისტანციას ინარჩუნებდა. სხვა ავტორები, რომლებიც ნაკლებად მსუბუქ და ტრადიციულ თეატრს მიმართავენ, თავის შემოქმედებას მცირე პრობლემატიკით და როლების ჩვეულებრივ მსახიობებზე განაწილებით ზღუდავენ. მათი პიესები დიალოგის ფორმით დაწერილი დღიურის უღიმღამო გვერდებს მოგვაგონებს. ამ დრამატურგებს გაქანება, ვნება აკლიათ და სწორედ ამაში მდგომარეობს მათი დრამა.

  ამგვარად, ვინავერთან ერთად დავსვათ ასეთი კითხვა: შემორჩა კი ამ პეიზაჟს მწერალთა მოსახლეობის ის ნაშთი, რომელიც ავტონომიურად ორიგინალურ ტექსტებს შექმნის? ვინავერივე პასუხობს: ,,საქმე იმაშია, თუ ასეთი ტექსტი მართლაც არსებობს, თანამედროვე პირობებში მისი მოძიება თითქმის შეუძლებელია». ვინავერის აზრით ამ პრობლემას ორი გარემოება განაპირობებს: კრიტიკა, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარე რეპერტუარით არის გატაცებული და რეჟისორი, რომელიც პიესით უფრო სარგებლობს, ვიდრე დგამს და თუ სარგებლობს მხოლოდ იმისთვის, რომ მისი მეშვეობით ,,თავისი შემოქმედება» განავითაროს. სწორედ ამიტომ თავად ვინავერი წინასწარ გათვლილი, მაგრამ ოდნავ კორპორატისტული მიდგომით ცდილობს ძველი დატვირთვა დაუბრუნოს ტექსტს: ახალი ტექსტი, გაცნობის მიზნით, მოკლე მიმოხილვის სახით დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს რეჟისორს, რომელიც მას დადგამს იმ დღიდანვე, ანუ დადგმას ტექსტის შექმნის პროცესშივე განახორციელებს. ერთი სიტყვით, ტექსტი ჯერ მიზანსცენის გარეშე უნდა დაიდგას. სიტყვის დიდი მოტრფიალე ლუი ჟუვე თითქოს პასუხს ასწრებს მიშელ ვინავერს: ,,ტექსტი უპირველეს ყოვლისა სუნთქვაა. მსახიობის ხელოვნება იმაში მდგომარეობს, რომ გაუთანაბრდეს პოეტს, თავისი რითმი აუწყოს მის სუნთქვას და დროგამოშვებით საერთო შემოქმედებით აღმაფრენად აქციოს იგი».

  ჟაკ ლასალისა და მიშელ ვინავერის რეჟისურაში ხშირად ვხვდებით მსგავს მომენტებს. ისევე როგორც, მარსელ მარეშალის მიერ ვოტიეს სცენურ ხორცშესხმაში ან ვალერ ნოვარინას ენით მოსვირინგებულ ანდრე მარკონის სამსახიობო ხელოვნებაში. რა თქმა უნდა, რეჟისურა წარმავალია, ტექსტი კი _ უკვდავი. უდავოა ისიც, რომ სპექტაკლის შექმნისას ნაწილ-ნაწილ არაფერი კეთდება, სხვადასხვა რეალობების გათვალისწინებითაც შეუძლებელია დავაზუსტოთ, რა მოუტანა სპექტაკლს ახალმა ტექსტმა და რა _ რეჟისორმა, მსახიობმა და ა.შ. მაყურებელმა თეატრის მთლიანობაში აღქმა ისწავლა. იგი პიესის მოსასმენად კი აღარ მიდის თეატრში, არამედ სპექტაკლის სანახავად. სპექტაკლისა, რომელიც ერთი მთლიანი საღამოს ისტორიად არის ქცეული. თავად პიესა, ამ საღამოს გამოყოლილი, დალექილი მოგონება უფროა, ვიდრე სიტყვათა პარტიტურა, რომელმაც სპექტაკლის შექმნა განაპირობა.

  და მაინც... წარმოდგენათა ჭაობსა და უბადრუკ, ხავსმოდებულ ბიუროკრატებს შორის მომწყვდეული ზოგი ავტორი ახერხებს გზის გაკვლევას და საქმის კეთილ ბოლომდე მიყვანას სიჯიუტისა და ნიჭის წყალობით.

  ვინ იქნებიან ჩვენი ქვეყნის ჰაინერ მიულერი და თომას ბერნჰარდტი? ალბათ ისინი, ვინც სახელგანთქმული გერმანელების მსგავსად, თავიანთ თეატრალურ სივრცეს ტრადიციის ბრმა მიზეზებისა და ეკონომიკური სირთულეების გათვალისწინების გარეშეც მოხაზავენ... არც ძველი მიმბაძველნი და არც ახლის დამკნინებელნი... მათი სახელები უკვე ენის წვერზე მადგას... თანამედროვე ისტორიის ორომტრიალის (აღმოსავლეთ ევროპის ნგრევა, შიდსი, უსახლკარობა, გოლფის ომი, ეთნიკური წმენდა, განდევნა-გადასახლება) და თითოეულის ბიოგრაფიულ თუ პირადულ მოთხოვნილებათა მიუხედავად უნდა ვირწმუნოთ, რომ თეატრი-თხრობის მოულოდნელი განვითარება, კინემატოგრაფის მეზობლობა, მშვენიერება სანახაობითი თეატრის დიდებულება და მსახიობის დაბრუნებული ტრიუმფი სრულიად ახალ თეატრალურ ხელწერას შექმნის, ხელწერას, რომლის გაუბედავი ჩურჩული უკვე გაისმის.

  უფრო მეტიც, სათაო სიტყვის მფლობელი ადამიანი _ პოეტი-დრამატურგი, ალბათ, სწორედ ის პიროვნებაა, რომელიც თეატრს სასიკვდილო ილეთების გამოყენებითაც ემსახურებე. ,,ჭეშმარიტი პოეტი-დრამატურგი ის პიროვნებაა, რომელიც თავის თავში ატარებს თეატრს, თუნდაც იმიტომ რომ არ იცის როგორ, რა ხერხით წარმოადგენენ მის შემოქმედებას. იგი საკუთარი წარმოსახვით ქმნის სპექტაკლის სტილისტიკას, რადგან არავის ძალუძს მისი (სპექტაკლის) აღწერა; სწორედ ამისთვის თხზავს, ქმნის და თითქოს, გვაფრთხილებს კიდეც _ ამიერიდან როგორც გინდათ ისე დააღწიეთ ყოველივეს თავიო. ისტორიაში მოსროლილი ნივთი-პიესა პროგრესულად ერგება დროს და ვიღაც აუცილებლად იპოვის მას. პოვნისას კი თვითონაც შეიცვლება და თეატრსაც ცვლის. სწორედ დრამატურგი გვევლინება თეატრის გარდაქმნათა მოთავედ და მის რეფორმატორად,» წერდა ანტუენ ვიტეზი, რომელსაც არასოდეს მობეზრებია თანამედროვე დრამატურგიის სფინქსთან გასაუბრება.

  რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა მოხდეს, მწერალს თეატრის მერკანტილური და ულმობელი საზოგადოებისთვის სათქმელი არასდროს გამოელევა. ,,დრამატურგის მოგონებებში» XIX საუკუნის დასასრულს ანრი ბეკი იხსენებდა, თუ როგორ დაატარებდა კარდაკარ და თეატრიდან თეატრში თავის პიესას ,,ყვავები». ხუთი წლის შემდეგ იმედგაცრუებული ბეკი მზად იყო, ყველაფერზე უარი ეთქვა, მაგრამ პიესა მოულოდნელად მოიწონეს, მიიღეს, გაიგეს და ითამაშეს. ეს პიესა დღეს კომედი-ფრანსეზის რეპერტუარშია. ჟან-პიერ ვენსენმა სულ ახლახან წარმოადგინა ,,ყვავების» ახალი, უმშვენიერესი დადგმა.

  ასე და ამგვარად, ყველა იმედი დასაშვებია.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ხელოვნება / ღოღობერიძე ირინა / თანამედროვე ფრანგული თეატრი