არგონავტები

 

 

არგო, ლორენცო კოსტას მიერარგონავტები ბერძნულ მითოლოგიაში გმირთა ჯგუფი იყო, რომელთაც ტროას ომამდე იასონთან ერთად კოლხეთში იმოგზაურეს ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. მათი სახელის წარმომავლობა მოდის მათივე გემის სახელწოდებიდან - არგო, რომელიც თავის მხრივ მისი ამშენებელი არგუსის სახელს ატარებდა. არგონავტებს ასევე მინიანელებს უწოდებენ, მათი წარმოშობის ადგილის მიხედვით.

 

 ისტორია

 

არგონავტების თქმულება, საქართველოსთან დაკავშირებული ერთ-ერთი უძველესი ბერძნული მითი. წარმოშობით წინ უსწრებს ტროისა და თებეს ციკლთა ცენტრალურ ელინურ თქმულებებს და შექმნილი უნდა იყოს ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარში. თქმულებაში ორი ძირითადი ნაწილია: ამბავი ფრიქსესა და ჰელესი და ამბავი იასონისა და მედეასი. ორქომენოსის მეფის ათამანტის ძესა და ასულს - ფრიქსესა და ჰელეს - დედინაცვლის ვერაგობისაგან დასახსნელად დედამ, ქალღმერთმა ნეფელემ, ცით მოუვლინა ოქროსმატყლიანი ვერძი. ვერძმა და-ძმა ზურგზე შეისხა და გაფრინდა. როცა ეგეოსის ზღვისა და პროპონტიდის (მარმარილოს ზღვის) სრუტეს მიუახლოვდნენ, ჰელე წყალში ჩავარდა. ამ ადგილს ჰელესპონტი ანუ ჰელეს ზღვა ეწოდა. ვერძმა ფრიქსე შავი ზღვის ნაპირზე მდებარე აიაში ანუ კოლხეთში მიიყვანა. კოლხთა მეფემ, ჰელიოსის ძემ აიეტმა, ფრიქსე სასახლეში შეიფარა და ცოლად შერთო უფროსი ასული ქალკიოპე. ვერძი ღმერთებს შესწირეს მსხვერპლად, ხოლო მისი ოქროსმატყლიანი ტყავი ანუ ოქროს საწმისი მდ. ფასისის (რიონის) ნაპირას, არესის ჭალაში დიდ მუხაზე ჩამოკიდეს და მცველად გველეშაპი მიუჩინეს.

 

თესალიის (იოლკოსის) მეფემ პელიამ თავის ძმისწულს იასონს სამემკვიდრეო ტახტის მისაღებად აია-კოლხეთს გამგზავრება და ოქროს საწმისის ჩამოტანა დააკისრა. იასონმა ააგო ორმოცდაათხოფიანი ხომალდი "არგო", ჩასხა შიგ ელადის რჩეული ვაჟკაცები და პონტოს ევქსინოსაკენ (შავი ზღვისაკენ) გაემართა. ხანგრძლივი ცურვის შემდეგ "არგო" ფასისის შესართავს მიადგა. არგონავტები მდინარეს აღმა აჰყვნენ და კოლხთა გამგებლის აიეტის ციხე-სიმაგრეს კუტაიას (ქუთაისს) მიადგნენ.

 

აიეტმა ოქროს საწმისის სანაცვლოდ იასონს უმძიმეს დავალებათა შესრულება მოსთხოვა. იასონს შემწედ აღმოუჩნდა აიეტის გრძნეული ასული მშვენიერი მედეა, რომელსაც ელადელი ჭაბუკი დანახვისთანავე შეუყვარდა. მედეას დახმარებით იასონმა ადვილად აღასრულა აიეტის ყველა დავალება, წაიღო ოქროს საწმისი და მედეაც წაიყვანა. სამშობლოში იასონმა უღალატა მედეას და კორონთოს მეფის ასული შეირთო. მედეამ სასტიკად იძია შური იასონზე. თქმულების უძველეს ვერსიათა მიხედვით, მედეამ ჯადო-წამლებით მოაკვდინა კორინთის მეფე კრეონტი და მისი ასული კრეუსა, ხოლო იასონისაგან შეძენილი ორი შვილი ჰერას ტაძარში დამალა. შემდგომ ხანებში შექმნილი ვარიანტის მიხედვით, მედეამ იასონზე შურის საძიებლად საკუთარი შვილებიც დახოცა.

 

არგონავტების თქმულებაში, რომლის ვერსიებიც ძველი ბერძნული და ლათინური წერილობით არის მოღწეული, ერთმანეთისაგან საკმაოდ დაშორებულ დროთა დანაშრევებია წარმოდგენილი. მაგრამ ყველა ფენისა და ვერსიის მთავარი მოტივი ყოველთვის იყო აია-კოლხეთი. ანტიკური ხანის ბერძენ ავტორებს ეჭვი არ ეპარებად თქმულების სინამდვილეში და მისი აღმოცენების მიზეზებს ისტორიულ-სოციალურ ასპექტში ეძიებდნენ.

 

საისტორიო, არქეოლოგიურ და ფილოლოგიურ ძიებათა შედეგად არგონავტების თქმულებაში მეცნიერებისათვის საყურადღბო და სინამდვილის ამსახველი მრავალი ფაქტი დადასტურდა.

 

არგონავტების თქმულების წერილობით წყაროებში ძვირფასი მასალაა დაცული ქართულ ტომთა დასავლეთ გაერთიანების - აიას ანუ კოლხეთის შესახებ, მის დიდებასა და ბრწყინვალებაზე. გადმოცემულია ცნობები ძველ ქართულ ტომთა ეთნოგენეზის, მათი დიდ ტერიტორიაზე გავრცელების, ცხოვრების პირობების, პანთეონისა და სხვ. შესახებ.

 

აპოლონიოს როდოსელის (ძვ. წ. III საუკუნე) "არგონავტიკაში" პირველადაა მოხსენიებული მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი კუტაია (ქუთაისი), დამოწმებულია კოლხეთის სხვა გეოგრაფიული პუნქტები.

 

არგონავტების თქმულება ანტიკური ხანის მწერლობის დაუშრეტელ წყაროდ იქცა. არ დარჩენილა ამ ეპოქის არათუ მწერლობის დარგი, არამედ, საერთოდ, ხელოვნების არც ერთი სფერო, რომელსაც ეს თქმულება მთლიანად ან ცალკე ეპიზოდად არ დაემუშავებინოს. ანტიკური ეპოქის ჩვენამდე მოღწეულ ძეგლთაგან არგონავტების თქმულების ლიტერატურულ-მხატვრული დამუშავების თვალსაზრისით, უმთავრესია: ჰომეროსის "ილიადა" და "ოდისეა", პინდარეს "IV პითიური ეპინიკი", ევრიპიდეს "მედეა", აპოლონიოს როდისელის პოემა "არგონავტიკა" და რომაელი პოეტის ვალერიუს ფლაკუსის "არგონავტიკა".

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / მითოლოგია / უავტორო / არგონავტები