ვარსკვლავთმეტყველებისათვის

(ასტროლოგია, ზოდიაქო და ზოდიაქოს ნიშნები.

 

და თქუა ღმერთმან, იქმნენიდ მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა მნათობად ქუეყანისა; უგანსაყოფელად შორის დღისა, და შორის ღამისა; და იყუნედ სასწაულებად, ჟამებად და დღეებად და წელიწადებად და იყუნედ განმანათლებელ სამყაროსა ცისასა, რათა ნათობდენ ქუეყანასა ზედა; და იქმნა ეგრეთ და შექმნა ღმერთმან ორნი მნათობნი დიდნი: მნათობი დიდი მფლობელად დღისა; და მნათობი უმრწემესი მფლობელი ღამისა; და ვარსკვლავები და დახსნა იგინი ღმერთმან სამყაროსა ცისასა: რათა ნათობდნენ ქუეყანასა ზედა და მთავრობდენ დღესა და ღამესა: და განაწვალებდენ შორის ნათლისა და შორის ბნელისა: და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეოთხე...

 

დაბადება (შესაქმე) წიგნი 1.

 

 

* * *

 

მან (ღმერთმან) შექმნა შვიდნი ცანი ორ დღეში. თითოულს მიუწერა თავისი მოქმედება. მან შეამკო სამყარო მანათობელი ვარსკვლავებით, და მათ მისცა გუშაგნი: ასეთი იყო წესი, რომელი შემოქმედმა მსოფლიოში დაამყარა. (ყურანი 40,11).

ჩვენ შევქმენით შვიდი ცა (ყურანი 23,17).

ჰკითხეთ მათ: ვინ არის მეუფე შვიდთა ცათა და უბრწყინვალესი ტახტისა? (ყურანი 23,17) კურთხეულ იყოს, რომელმან მოათავსა სამყაროში ზოდიაკოოთა ნიშანნი, ჟინჟღილი დღისა და ვარსკვლავნი ღამისა, ნიშანნი, გამომაცხადებელნი ძლიერებისა მისისა. (ყურანი 25,62).

მზე სრბოლავს თავისი გზით იმ ადგილამდე, სადაც იგი ისვენებს, როგორც ბრძანა ღმერთმან ძლიერმან და მცოდნემ ჩვენ დავაწესეთ მთვარის ფაზანი; მზემ თავის სრბოლაში ვერ უნდა მიაღწიოს მას...

ყველა გვამი ციური რბის თავის სფეროში. (ყურანი 31, - 38, 39, 40).

დღე და ღამე, მზე და მთვარე თავიანთ სიდიადეს აცხადებენ. არა თაყვან სცე მზესა და მთვარესა. თაყვან ეც ღმერთსა, რომელმან გამოიყვანა ისინი არარაობისაგან (ყურანი 41,37).

 

* * *

საოცარია და უცნაური: ცა! ადამიანზე იგი უღრმესსა და გამოუცნობ შთაბეჭდილებას ახდენს. ცის ტრიალი, დღე და ღამე, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი; ერთი და იგივე მარადი მოძრაობა მუდმივი წესი და შეუწყვეტელი რიგი ცის მოვლენებთან დაკავშირებით, ადამიანის თვალსა და გონებას მიწყივ იპყრობდა. ცის ცოდნა სჭირდება მონადირესა და მწყემსს, მიწის მოღვაწეს და მეზღვაურს, სასულიერო პირს და ერის კაცს, რადგან ცასთანაა გადა ბუნება და ადამიანის ცხოვრება. ზემოთის, ზესთას, ზემოდ მყოფის, ცის და ვარსკვლავთა გაგება ამავე დროს ბუნების გაგება და ადამიანის ცხოვრების ახსნაც უნდა ყოფილიყო. აი ამ გაგება-ახსნასთან დაკავშირებით წარმოიშვა ასტრონომია და მასთან ერთად დაიბადა ასტროლოგიაც, ძველთა და შუა საუკუნეთა მანძილზე გაბატონებული ტყუპი მეცნიერება.

* * *

ასტრონომია თვით ცათა და მათ სხეულთა განწესებასა და რიგს, მათ მოძრაობასა და კანონებს სწავლობდა; ხოლო მასთან განუყრელად გადა ასტროლოგია კი იყო სწავლა მნათობთა და ვარსკვლავთა გავლენის შესახებ ბუნებასა და ადამიანის სიცოცხლე - ცხოვრებაზე. ადამიანმა სააქაო, მიწიური ცხოვრება ცას დაუკავშირა და მას გადააბა. ცა მან ღმერთებით, სულებით, ცხოველებით და საგნებით დაასახლა. ეს არის მითოლოგიისა და რელიგიის დასაწყისი. აქ დაიბადა ასტრალური მითოსი ანუ ვარსკვლავური თქმულება.

მითოლოგია ანუ სწავლა მითოსისა არის ადამიანის პირველი ცდა, რომლითაც იგი მსოფლიოს გაუგებარ მოვლენებს თავის წარმოდგენითა და ამისათვის შეთხზული ამბავით განმარტავდა. ასტრალური ანუ ვარსკვლავური მითოსი არის ადამიანის პირველი ცდა: აეხსნა ცა, ხოლო მისი გაგება შესაძლებელი უნდა ყოფილიყო მხოლოდ იმით, რომ ადამიანმა ზემოთი, ზესთა ანუ ზეშთა დედამიწის მსგავსად დაასახლა და გააცოცხლა.

როგორ ესმოდა ძველ ასტრონომიას ზესთა? რასაკვირველია არა ისე, ვით დღევანდელ მეცნიერებას, რადგან კაცი მაშინაც და დღესაც, უბრალო თვალით მხოლოდ ცის მოძრაობას ხედავს აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, და სხვა საიდუმლოებას, როგორიც არის დედამიწის ბრუნვა, იგი ვერ ამჩნევს; ამიტომ ხმელეთი ანუ დედამიწა მსოფლიოს ანუ ყოვლადი ქვეყნიერების ანუ კოსმოსის გულად, უძრავ ცენტრად ითვლებოდა, და მის გარშემო ცათა ტრიალი სინამდვილედ მიაჩნდათ. ამ მბრუნავ ცათა ცოდნა სიბრძნის უდიდესი გამოსახულება იყო, და მაშასადამე, ყოფნა-არ-ყოფნის გასაღებიც, რომელი ჩვეულებრივ, თავიდანვე, ღმრთის მსახურთა ხელში იყო.

 

* * *

 

ადამიანის თვალი უნებურად უნდა შეჩერებულიყო ზემოთის ორ უდიდეს მოვლენაზე: მზე და მთვარე თვალისა და ყურადღების დამპყრობი იყო და არის. ზემოთის მოძრაობა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, დღე და ღამის დადგენასთანაა დაკავშირებული – ამოდის მზე მუდმივ, და ჩადის იგი მუდმივ. იცვლება მთვარე აგრეთვე მუდმივ; შვიდჯერ ამოდის მზე შვიდი დღის განმავლობაში, და შვიდჯერ ჩადის იგი, – და ამ ხნის განმავლობაში მთვარე მხოლოდ ნახევრად სჩანს; შემდეგი შვიდი დღის მერმე, მთვარე უკვე აღარ სჩანს; და დამალული, მხოლოდ სამი დღის შემდეგ გამოჩნდება იგი, ვითარცა ახალი მთვარე, რქის მსგავსი, ნამგალა. სამჯერ შვიდი დღის მერმე მთვარე სრული ხდება, გავსილი, რგვალი, ბადრი. ამგვარად, ოთხჯერ შვიდი დღის განმავლობაში მთვარე ივსება და კლებულობს, – და ეს მოვლენა დროის ანუ ჟამის დანაწილებასა და ანგარიშს საფუძვლად დაედო, – და აქედან წარმოიშვა მთოვარე, თთვე, თვე, და ასე დაიბადა კალენდარი.

 

* * *

 

მზე და მთვარე თავისი მსვლელობის განმავლობაში ცის უმაღლეს წერტილამდე მიემართებიან და შემდეგ იწყება მათი დაშვება, სანამ ორი პარალელური ხაზი არ გადაიჭრება, – ამას უწოდებენ: ჩრდილოეთისა და სამხრეთის მოტრიალების წრეს, ანუ მოქცევას, და ამაზეა დამყარებული წელიწადის დროთა განსხვავება. მზისა და მთვარის სვლა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაა ამავ მოძრაობასთან დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ; თუ ამ მოძრაობის ანუ მოტრიალების შუა ხაზს წარმოვიდგენთ, ამით ცის ბურთი ორ თანაბარ ნაწილად იყოფა, ერთი – ზემო, და მეორე – ქვემო ნაწილი, ანუ ჩრდილოეთი და სამხრეთი. ამ წარმოდგენითი ცის ხაზს ეკვატორი ეწოდება.

როდესაც მზე თავის დღიურ მსვლელობაში ცაზე ეკვატორს უვლის, მაშინ მზის ცაზე ყოფნისა და არ-ყოფნის დრო, ანუ დღე და ღამე, თანასწორი არის. თუ მზე ეკვატორს ზემოდან უვლის, დღე უფრო გრძელია ვიდრე ღამე, და უგრძელესია, ოდეს მზე თავისი გზის უმაღლეს წერტილს აღწევს, საიდანაც შემდეგ იგი დაქანებას იწყებს. ცის ეკვატორის ზემო, ანუ ჩრდილოეთის გზაზე სვლის ხანა მზისა ექვს თვეს გრძელდება, და ესაა თბილი დრო – გაზაფხული და ზაფხული.

როცა მზე ეკვატორის ქვეშ მოექცევა, ანუ სამხრეთის გზით მიდის, დღე მოკლდება და ღამე იზრდება, სანამ მზე თავის უმდაბლეს წერტილს მიაღწევდეს. ეს ხანა ექვს თვეს გრძელდება და ესაა სიცივის დრო – შემოდგომა და ზამთარი. შემდეგ მზე ისევ მაღლა ასვლას იწყებს, და ასე მარადულად.

თავისი სვლით მზე ორჯერ უვლის დედამიწას, დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, ანუ ერთი წელიწადის განმავლობაში მზე უვლის ეკვატორს, და ამის შემდეგ მოცემულია დღისა და ღამის გათანასწორება, ანუ ბუნიობა, და წელიწადის დრონი. პირველად, როდესაც მზე თავისი ქვემო გზიდან ამოსვლას იწყებს, ხდება დღისა და ღამის გასწორება, ანუ ბუნიობა გაზაფხულზე, 21 მარტს. ეს არის გაზაფხულის ბუნიობა, ანუ გაზაფხულის ეკვინოკტიუმი.

მეორედ, როდესაც მზე ზემო გზიდან ეშვება, იწყება დღისა და ღამის გასწორება 21 სექტემბერს, და ეს არის შემოდგომის ბუნიობა, ანუ შემოდგომის ეკვინოკტიუმი. ამ ორი ბუნიობის შორის, ამ მოტრიალების წრეში, ანუ მოქცევაში არის მოტრიალების ანუ მოქცევის წერტილები


 ზაფხულის დღის მოქცევის წერტილი, უმაღლესი წერტილი, და ზამთრის მზის მოქცევის წერტილი, უმდაბლესი წერტილი მზის გზისა. ამ დროის განმავლობაში, მზე ხან მაღლა იწევს, ხან ჩამოიწევს, ხან გვშორდება, ხან გვიახლოვდება.

 

მთვარე მზესთან დაშორებისა თუ დაახლოების გამო (და მთვარე შეეყრება ანუ ხვდება მზეს გზაში 12-ჯერ ერთი წელიწადის განმავლობაში) 12-ჯერ იკლებს და 12-ჯერ ივსება. ამგვარად, მთვარე ერთ წელიწადს 12 თვედ გაჰყოფს. ძველად ერთ თვეში ირიცხებოდა 30 დღე, და ამნაირად, წელიწადში – 360 დღე. მაგრამ ვინაიდან სინამდვილეში წელიწადი 3651/4 შეიცავს, (და ეს არის მზის წელიწადი), ამიტომ ამ გამორჩენილ დღეებს, როგორც ზედმეტს ანუ ეპაგომენს, წელიწადის დასასრულსა და ახალი წლის დამდეგს შუა ურთავდნენ, ანუ უმატებდნენ ხოლმე. ეს არის მზის წელიწადი.

 

* * *

 

მაგრამ მზისა და მთვარის გარდა, ადამიანმა აგრეთვე სხვა მნათობნიც გამოძებნა. ეს მნათობნი არიან მზესა და მთვარესთან ერთად შვიდნი:

ქართულად:

 

1. მთვარე.

2. ერმი.

3. აფროდიტი.

4. მზე.

5. არია.

6. დია.

7. კრონოს.

 

ლათინურად:

ლუნა.

მერკურიუს.

ვენუს (ვენერა).

სოლ.

მარს.

იუპიტერ.

სატურნუს.

 

ბერძნულად:

სელენე.

ჰერმეს.

აფროდიტე.

ჰელიოს.

არეს.

ზევეს.

კრონოს.

 

არაბულად:

ყამარ.

ოტარიდ.

ასპიროზ.

შამს.

მარიხ.

მუშთარ.

ზუალ.

 

ამ მნათობთა შემოვლის წრე, ანუ მიმოქცევა სხვა და სხვა არის, და მისი დროის სიგრძის მიხედვით, წარმოდგენილი იყო მათი დაშორება და მანძილი დედამიწიდან. ეს შვიდი მნათობი ისეთ წარმოდგენას ჰქმნიდა, თითქო არსებობდა შვიდი წრე, შვიდი სარტყელი, შვიდი ცა, შვიდი სფერო, რომელი ერთი მეორეს მისდევს, ერთი მეორეს რკალივით ერტყმის, სარტყელივით ეკვრის, ერთი მეორეში შედის.

ძველი ასტრონომიის მიხედვით ამ მნათობთა განლაგება დედამიწიდან შემდეგია:

 

1. მთვარე (ყამარ).

2. მერკურიუს (ოტარიდ).

3. ვენუს (ასპიროზ).

4. მზე (შამს).

5. მარს (მარიხ).

6. იუპიტერ (მუშთარ).

7. სატურნუს (ზუალ).

ანუ ზემოდან ქვემოდ:

7. სატურნუს (ზუალ).

6. იუპიტერ (მუშთარ).

5. მარს (მარიხ).

4. მზე (შამს).

3. ვენუს (ასპიროზ).

2. მერკურიუს (ოტარიდ).

1. მთვარე (ყამარ).

 

ამგვარად დახატულია შვიდი ცა ანუ შვიდი სფერო. ამათ ზემოდ იმყოფება კიდევ უძრავ ვარსკვლავთა ცა, უუძველესი და უუზენაესი ციერი ცა, ციური სამეუფო, ვიწრო მნიშვნელობით.

 

* * *

 

ყველა მნათობი თავის სვლას ასრულებს დაახლოებით ოცი გრადუსის ფართობის სიბრტყეზე, სარტყელზე, რომელს ვერც ერთი მათგანი ვერ გადასცილდება. ეს სარტყელი ეკვატორს სჭრის ერთი მეორის მოპირდაპირე წერტილში, რომელიც არის გაზაფხულისა და შემოდგომის წერტილი; მათ შუა იმყოფება მზის გზა ანუ ეკლიპტიკა; ასეთი სახელი იმიტომ დაარქვეს, რომ ამ გზაზე ხდება დაბნელება (ეკლიპს) მზისა დ მთვარისა. ეს სარტყელი იცნობა უძრავ ცაზე ვარსკვლავთა სურათით, რომელი თითოეულ სარტყელზე იმყოფება.

მთვარე თავისი წლიური მოქცევის განმავლობაში დედამიწის ირგვლივ, 12-ჯერ ივსება; ამიტომ ეს სარტყელი თავიდანვე 12 ნაწილად იყოფა; თითოულ მეთორმეტე ნაწილში არსებობს ვარსკვლავთა განსაკუთრებული გუნდი = ვარსკვლავედი. თითოული გუნდი ვარსკვლავთა განლაგებისა, დაწყობისა და მოთავსების შედეგად, ერთგვარ სურათს გვიჩვენებს, და ამიტომაც ადამიანმა თითოული ვარსკვლავედი რომელიმე ცხოველს ან საგანს მიამსგავსა; და ცხოველის სახელიც დაარქვა მას.

თითოულ ამ გუნდს ბერძნულად ეწოდება ზოდია ანუ ცხოველი. მნათობთა იმ სარტყელს, რომელზეც ზოდია ანუ ვარსკვლავთა ცხოველური სურათი იმყოფება, ზოდიაკო = ზოდიაქოს, ანუ ცხოველთა სურათების წრეს უწოდებენ. მასვე ჰქვია აგრეთვე ეტლი.  ძველად იხმარებოდა კიდევ სახელი: ბურჯი.  სულხან საბა ორბელიანი ამბობს: ბურჯი სხვათა ენაა ჟამთაგან მოსული, ვარსკვლავთა ათორმეტთა ზოდიათა უწოდებენო.

ჩვენი სახელოვანი ლექსიკოგრაფოსი სულხან საბა ორბელიანი სწორად ამბობს: სიტყვა ბურჯი  სხვათა ენა არისო.  მაზდეიანობის საგალობელთა წიგნში ავესტა, ამ სიტყვისათვის იხმარება ბარეზი, ბარეზ, რაც სიმაღლეს, ამაღლებულს ნიშნავს, ხოლო ფეჰლევურ (ფალაურ) ენაზეა: ბურჯ  და ახალ სპარსულში: ბურზ. სიტყვა ბურჯი, რომელიც 12 ზოდიაკოს ეწოდება, ქართულში ფეჰლევურიდანაა ნასესხები.

ზოდიაკოს ეწოდება ქართულად: ცხოველთა სახილველი ანუ ცხოველთა სახილავი . თუ ზოდიაკოთა სახელთა აღნიშვნა დაიწყება იმ წერტილში, სადაც მზე გაზაფხულზე, დღისა და ღამის გასწორებისას, ანუ 21 მარტს, ანუ გაზაფხულის ბუნიობას ამოდიოდა, მაშინ ზოდიათა ანუ ვარსკვლავურ გუნდთა გამომხატველ ცხოველთა სახელები, ერთი მეორეზე მიყოლებით, შემდეგი იქნება:

 

 

 ქართულად:

1. ვერძი.

2. კურო.

3. მარჩბივი (ტყუბი).

4. კირჩხიბი (კიბორჩხალი).

5. ლომი.

6. ქალწული (სახვი).

7. სასწორი (მეუღლე).

8. ღრიანკალი (მორიელი).

90. მშვილდოსანი.

10. თხის რქა (ვაცი).

11. მერწყული.

12. თევზნი (თევზი).

 

ბერძნულად.

კრიოს.

ტავროს.

დიდიმოი.

კარკინოს.

ლეონ.

პართენოს.

სიგოს.

სკორპიოს.

ტოქსოტეს.

სიგოკეროს.

ჰიდროსსოს.

იხთიეს.

 

ლათინურად.

არიეს.

ტაურუს.

გემინი.

კანცერ.

ლეო.

გირგო.

ლიბრა.

სკორპიო.

არციტენს.

კაპერ (კაპრი კორნუს).

აკვარიუს.

პისცეს.

 

არაბულად.

ელ-ჰჰამელ.

ელ თაურ.

ელ ტავამაინ.

ელ სერტან.

ელ აზელ.

ელ აზრა.

ელ მიზან.

ელ აკრაბ.

ელ რამი.

ელ ჯედი.

ელ დელვ.

ელ სემას ატაინ.

 

* * *

 

ზოდიაკოთა შესახებ სწავლის წარმოშობა ბაბილონში უნდა ვეძიოთ, იქ, სადაც ევროპიული კულტურის ჩანასახია მოცემული. სუმერ-ბაბილონელთა ასტრონომია არა მარტო ვარსკვლავთთაყვანისცემას (ასტროლატრია) და ასტროლოგიას ემსახურებოდა, არამედ მან კალენდარი და ქრონოლოგიაც შექმნა. ბაბილონი იყო სამშობლო ასტრონომიული მეცნიერებისა, დედა ასტროლოგიისა, რომლის მოზიარე შემდეგ მთელი მსოფლიო გახდა. სპარსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ეგვიპტე,


 ეს მოწინავე ქვეყნები, და დაბოლოს ევროპა,


 ბაბილონურ-ქალდეური მეცნიერებით იკვებებოდა. ზოდიაკოთა სახელნი შექმნილნი არიან ბაბილონში ოთხი-სამი ათას წლებში ქრისტეს წინ. ბაბილონელთ არა ჰქონდათ მხოლოდ სახელი ქალწული ,


 მას იქ ერქვა სპიკა ანუ თავთავი. ქალწული  დაარქვეს ბერძნებმა და მას აქ აღნიშნული ბაბილონური სპიკა (თავთავი) ხელთ მისცეს.

 

 

* * *

 

თითოულ ზოდიაკოში მზე ერთი თვე რჩება, ანუ თითოული ზოდიაკოს გავლას მზე ერთი თვე უნდება. მზე ამოდის რომელიმე ზოდიაკოსთან ერთად და ჩადის მასთან ერთად. აქ მომაქვს მზისა და ზოდიაკოთა გამოჩენა-ამოსვლის დრო და დამალვა-ჩასვლის დრო: მეცხრე საუკუნის ქართული სიის მიხედვით, სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონში მოცემული სია და ჩვეულებრივად მიღებული სია. სულხან საბა ორბელიანს თავის შესანიშნავ ლექსიკონში აღნიშნული მოვლენის განსამარტებელად შემდეგი გამოთქმა აქვს ნახმარი:


 ვერძი თთვესა მარტსა მიითვალავს მზესა -ო. და ასე დანარჩენ ზოდიაკოთა შესახებ.

 

 

* * *

 

მეცხრე საუკუნის ქართული სია (მზე იმყოფება რომელიმე ზოდიაკოში ამა და ამ.

დღიდან ამა და ამ დღემდე):

გაზაფხული.

1. ვერძი – 21 მარტიდან 19 აპრილამდე.

2. კურო – 20 აპრილიდან 19 მაისამდე.

3. მარჩბივი (ტყუბი) – 20 მაისიდან 18 ივნისამდე.

ზაფხული .

4. კირჩხიბი (კიბორჩხალი)– 19 ივნისიდან 18 ივლისამდე.

5. ლომი – 19 ივლისიდან 17 აგვისტომდე.

აქ ემატება ხუთი დღე.

6. ქალწული – 23 აგვისტოდან 21 სექტემბრამდე.

 

შემოდგომა.

 

7. სასწორი – 22 სექტემბრიდან 21 ოქტომბრამდე.

8. მორიელი – 22 ოქტომბრიდან 29 ნოემბრამდე.

9. მშვილდოსანი – 21 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე.

ზამთარი .

10. თხის რქა – 21 დეკემბრიდან 19 იანვრამდე.

11. მერწყული – 20 იანვრიდან 18 თებერვლამდე.

12. თევზნი – 19 თებერვლიდან 20 მარტამდე.

 

სულხან საბა-ორბელიანის სია (მზე ამოდის ზოდიაკოსთან ერთად):

 

გაზაფხული .

1. ვერძი – თთვესა მარტსა 20.

2. კურო – აპრილსა 20.

3. მარჩბივი – მაისსა 21.

 

ზაფხული.

4. კირჩხიბი – ივნისსა 22.

5. ლომი – ივლისსა 23.

6. ქალწული – აგვისტოს 23შემოდგომა


.

 

7. სასწორი – სეკდენბერსა 23.

8. ღრიანკალი – ოკტონბერსა 23.

 

ზამთარი.

10. თხის რქა – დეკენბერსა 22.

11. მერწყული – იანვარსა 20.

12. თევზნი – თებერვალსა 19. 0.

ჩვეულებრივი სია:

 

გაზაფხული.

მზე რჩება ზოდიაკოში .

1. ვერძი – მარტის 19დან აპრილის 19მდე.

2. კურო – აპრილის 20დან მაისის 20მდე.

3. მარჩბივი – მაისის 21დან ივნისის 29მდე.

 

ზაფხული .

4. კირჩხიბი – ივნისის 21დან ივლისის 22მდე.

5. ლომი – ივლისის 23დან აგვისტოს 22მდე.

6. ქალწული – აგვისტოს 23დან სექტემბრის 21.

 

შემოდგომა.

7. სასწორი – სექტემბრის 22დან ოქტომბრის 21.

8. ღრიანკალი – ოქტომბრის 22დან ნოემბრის 20.

9. მშვილდოსანი – ნოემბრის 21დან დეკემბრის 20.

ზამთარი .

10. თხის რქა – დეკემბრის 21დან იანვრის 19მდე.

11. მერწყული – იანვრის 20დან თებერვლის 18.

12. თევზნი – თებერვლ. 19დან მარტის 20მდე.

 

* * *

როდესაც მზე ვერძის ზოდიაკოში შედის, მარტის 21-ს, დგება გაზაფხული, იწყება ვერძის თვე, როცა ოთხფეხთ საძოვრად ველზე უშვებენ. როცა მზე ვერძის თვეში სვლას ასრულებს, 19 აპრილს, და შემდეგ თვეს კუროს ზოდიაკოში შედის, მაშინ იწყება კუროს თვე, აპრილის 20სა. ამ თვეში მზე თავის მათბურსა და მაცოცხლებელ ძალას აფართოებს. ამიტომ ზოდიაკო კურო არის ბუნების ნაყოფიერების, თესლის გაპოხიერების, მიწათ მოქმედების დასაწყისის სიმბოლო.

21 მაისიდან მარჩბივის ანუ ტყუბის თვეა, როცა ცხვარი და თხა იზვებას იწყებს ანუ კრავსა და თიკანსა ჰბადებს (დოლი დაიძრაო ანუ გამოდისო, როგორც ს. ს. ორბელიანს აქვს ნათქვამი).

კირჩხიბის თვეში, 21 ივნისიდან დღე არის უგრძესი, იწყება ზაფხული, ჭირნახული მწიფდება.

ლომის თვე არის დიდი სიცხის თვე, 23 ივლისიდან 22 აგვისტომდე – ჭირნახულის დამწიფების დასასრული. 23 აგვისტოს იწყება ქალწულის თვე – ჭირნახულის მოწევნის, აღების თვე.

შემდეგ მოდის შემოდგომის დღისა და ღამის გასწორების თვე, 21 სექტემბერს. როდესაც მზე ამ ზოდიაკოში სვლას დაასრულებს, იგი ამ დროს თავისი გზის ზემოს ანუ ჩრდილოეთის ნაწილზე სრბოლას ათავებს. ს. ს. ორბელიანი ამ გზას ანუ სარტყელს უწოდებს: ივლონა. ივლონა ესე არს გრკალი ცისა ჩრდილოეთ კერძო, რომელსა ზაფხულის მზე მუნით მიიქცევის და ვერ გასცილდებაო.

მაგრამ შემოდგომის ბუნიობის შემდეგ, 21 სექტემბრიდან, მზე ნელნელა ეშვება ეკვატორის ქვეშ თავის ქვემო გზაზე, ანუ სამხრეთ ნაწილში. ს. ს. ორბელიანი ამას უწოდებს: დეკნა . დეკნა ესე არს გრკალი ცისა სამხრეთ კერძო, რომელსა მზე ზამთარ მას ვერ გასცილდება... ზამთარ მზე ვალსო... ამ დროს ბუნება აჩერებს თავის ძალთა განვითარებას; ზრდა სწყდება; ადამიანთ, პირუტყვთ სენი ემუქრება. ეს არის უკეთური თვე მავნე და მტრული მორიელ=ღრიანკალისა, რომელი 22 ოქტომბერს იწყება.

მერმე მოდის მშვილდოსანის ზოდიაკო, ნოემბრის 21-ს, და ესაა ნადირობის თვე. 21 დეკემბერს მზე ჩადის თავისი გზის ანუ რკალის უმდაბლეს წერტილზე, და აქედან იწყება მზის ნელნელა ასვლა. ეს ასვლა ზემო გზაზე თხის ასვლას წააგავს, და ამ თვის ცხოველია თხა ანუ თხის რქა, ან ნახევარ თევზი, ბაბილონური წარმოდგენით. ამ თვეში ხან მშრალი, ხან წვიმიანი (თოვლიანი) დღეებია, რომელი ერთი მეორეს ეცვლება.

 

ზოდიაკოთა და მნათობთა ნიშანნი ს. ს. ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით.

 

ზოდიაქონი:

1) ვერძი,

2) კურო,

3) მარჩბივი,

4) კირჩხიბი,

5) ლომი,

6) ქალწული,

7) სასწორი,

8) ღრიანკალი,

9) მშვილდოსანი,

10) თხის რქა,

11) მერწყული (წყლის სატანელი),

12) თევზი.

 

ცთომილნი:

1) მთოვარე,

2) ერმი,

3) აფროდიტი,

4) მზე,

5) არია,

6) დია,

7) კრონოსი.

 

მაგრამ მალე იმარჯვებს წვიმა და იწყება ზოდიაკო მერწყულის თვე (წყლის საქანელი); ესაა ვარსკვლავედი კაცი, რომელიც ჭურჭელიდან წყალს აქცევს. ამის შემდეგ იწყება მზის ასვლა ისევ ვერძის ზოდიაკოში (21 მარტს) და დგება წელიწადის მეორე ნახევარი, ნათელი და თბილი დრო, მზის სასუფეველი ექვსი თვით. და ასე მარად და მარად...

* * *

 

მოძღვრება მნათობთა შესახებ შექმნილია არსებითად ძველ ბაბილონში, სადაც კურო იყო მარდუკის, გაზაფხულის მზე-ღმერთის გამოხატულება. ბაბილონელებმა ეს სწავლა დაიწყეს იმ ხანაში, როდესაც მზეს თავისი საგაზაფხულო წერტილი, ანუ გაზაფხულის დადგომის, დღისა და ღამის გათანასწორების დრო 21 მარტს კუროს ზოდიაკოში ჰქონდა, დაახლოებით ხუთი ათასი წლის წინად, და მასთან არის ბაბილონელთა სარწმუნოებაც დაკავშირებული.

 

* * *

 

მზე თითო ზოდიაკოში ერთ თვეს რჩება, ხოლო მთვარე თითო ზოდიაკოს გავლას ორ დღეზე მეტ ხანს უნდება. ამიტომ ამ ზოდიაკოებს უწოდებენ აგრეთვე: სახლი, სადგური, ტახტი , და სხვა. მაშასადამე, არსებობს სახლი, ტახტი, სადგური და სხვა ამგვარი, სადაც მნათობი შედის და ჯდება, რჩება იქ თავის განკუთვნილ ხანას.

ძველთა წარმოდგენით, ასეთია მნათობთა სახლები:

მზის სახლი არის ლომის ზოდიაკო.

მთვარისა – კირჩხიბი.

მერკურიუსისა (ოტარიდი) – მარჩბივი და ქალწული.

ვენუსისა (ასპიროზი) – კურო და სასწორი.

მარსისა (მარიხი) – ვერძი და ღრიანკალი.

იუპიტერისა (მუშთარი) – მშვილდოსანი და თევზნი.

სატურნუსისა (კრონოსი, ზუალი) – თხის რქა და მერწყული.

 

* * *

ამაღლება, ეკსალტაციო არის ცნება, რომლის თანახმად, მნათობი თავის ძალასა ჰშლის, აფართოებს, როცა იგი თავის საკუთარ ზოდიაკოში იმყოფება. ესაა წმინდა ასტროლოგიური ცნება და ამ მნიშვნელობით ამაღლება ანუ ეკსალტაციო აქვს:

მზეს – ვერძში.

მთვარეს – კუროში.

მერკურიუსს – ქალწულში.

ვენუსს – თევზში.

მარსს – თხაში.

იუპიტერს – კირჩხიბში.

სატურნუსს – სასწორში.

 

* * *

 

ელლინურ (ჰელლენისტურ) ხანაში თითოული აქ დასახელებული სახლი გარდაიქცა ოლიმპოსის ღმერთთა სახლად.

ღმერთი ათინას სახლი იყო – ვერძი.

აფროდიტესი – კურო.

აპოლლოსი – მარჩბივი.

ჰერმესის – კირჩხიბი.

ზევესის – ლომი.

დემეტრესი – ქალწული.

ჰეფასტოსის – სასწორი.

არესის – მორიელი.

არტემისის – მშვილდოსანი.

ჰესტიასი – თხა.

პოსეიდონისა – თევზნი.

 

* * *

 

ოთხ კავშირსაც ანუ ოთხ ელემენტს, რომლისაგან ყოველივე წარმოიშვება, თავისი ზოდიაკო აქვს მიკუთვნებული: ცეცხლს – ვერძი, ლომი, მშვილდოსანი.

მიწას – კურო, ქალწული, თხა.

ჰაერს – მარჩბივი, სასწორი, მერწყული.

წყალს – კირჩხიბი, ღრიანკალი. თევზნი.

 

* * *

 

თითოულ ციურ სახლს, რომლის რიცხვი არის 12, სამ ნაწილად ჰყოფდნენ. თითოულ ნაწილში 10 გრადუსია. თითოულ გრადუსს ეწოდება დეკანე, და ამგვარად არის 36 დეკანე (12 ხ 3 = 36). თითოულ ამ დეკანეს განსაკუთრებული ციური ძალა მიეწერებოდა: თითოულ დეკანს ღვთიური წარმომადგენელი განაგებდა.

 

* * *

 

... ზოდიაკონი, ანუ ცხოველთა სურათნი, რომელნი კაცთ წარმოუდგენიათ ვარსკვლავთა გუნდის შემადგენლობისა, განლაგებისა და წამსგავსების მიხედვით, უბრალო სურათი კი არ არის, არამედ ისინი ცხოველ არსებებად წარმოდგენილნი არიან, რომელნი მზის გავლენით თავის ძალებს ანვითარებენ დ აძლიერებენ.

 

 

ვერძი.

მორიელი (ღრიანკალი).

* * *

 

როგორც უკვე აღინიშნა, მზე შედის ვერძის ზოდიაკოში 21 მარტს, და ესაა გაზაფხულის დღისა და ღამის გასწორება. და მაშინ იღვიძებს ბუნება, იფურჩქნება და ყვავილდება, თავდება ცივი დრო, კვდება ზამთარი. იმის ნაცვლად, რომ აღნიშნონ: მზის წყალობით, როდესაც იგი ვერძის ზოდიაკოში შედის (21 მარტს), გაზაფხული იწყებაო, ამბობენ: ვერძმა დაამხო ზამთარი, ვერძმა მოიტანა სიცოცხლე და გაზაფხულიო.

როცა მზე ლომის ზოდიაკოშია, მაშინ არის დიდი სიცხე; ამიტომ ამბობენ: ლომმა სიცხე მოიტანაო. როცა მზე ლომის.

 

ზოდიაკოს მიაღწევს (23 ივლისს), მაშინ იწყება მდინარე ნილოსის ადიდება. ამიტომ ამბობენ: ლომმა ნილოსის წყალდიდობა გამოიწვიაო. ამიტომაც ლომის თავი არის გამოსახული, ვითარცა წყლის სიმბოლო, მილებზე და ხიდეებზე (ასეთი გამოქანდაკებული ლომი წყაროს თავზე მინახავს ჭიათურის რაიონში, რაც, რასაკვირველია, ჩემთვის უცნაური იყო!).

როცა მზე ქვეითდება და ღონეს ჰკარგავს, – ეს ღრიანკალს მიეწერება და ამბობენ: ღრიანკალმა ანუ მორიელმა მზე-გმირი სასიკვდილოდ მოშხამაო.

ამნაირად, თითოული ზოდიაკო გახდა ამა თუ იმ მოვლენის გამომწვევი, ანდა კიდევ: მზემ მიიღო, შეითვისა რომელიმე ზოდიაკოს თვისება და ძალა, რომელიც შესაფერი ბუნებით მოვლენებს იწვევსო. ამიტომაც მზე იყო: ვერძი, კურო გაზაფხულზე; ლომი – ზაფხულზე; ღრიანკალი და მერწყული


 შემოდგომაზე, და დაბოლოს: თხა ან თევზი – ზამთარში.

 

 

* * *

 

ცაზე მზის მდგომარეობასთან სხვა ვარსკვლავნიც ერთგვარ ურთიერთობაში იმყოფებიან. ამ ვარსკვლავებს პარანატელლონტა, ანუ ზოდიაკოთა თანამგზავრებს უწოდებენ; ისინი თითქო მზისა და ზოდიაკოთა საქმიანობაში მონაწილეობას ღებულობენ; და ვინაიდან ეს თანამგზავრნი მზისა და მთვარის განსაზღვრულ მდგომარეობასთან დაკავშირებულად ეჩვენებოდათ, ამიტომ მზისა და მთვარის თანამონაწილედ მათაც სახავდნენ.

როცა მზე ლომის ზოდიაკოში შედის ანუ ლომზე ჯდება (23 ივლისს), ამ დროს ცაზე გამოჩნდება და ამოდის ვარსკვლავი სირიუსი, ანუ დიდი ძაღლი. ამიტომ სირიუსი ითვლება სიცხის წინამორბედად, და ამ დიდი სიცხის დღეებს ძაღლის დღეებს  ეძახიან. ეგვიპტეში ამ დროს მდინარე ნილოსი თავის ყოველ წლიურ ადიდებას იწყებს, და ამის წინამორბედად აგრეთვე სირიუსი იყო; ამავე დროს სწორედ, მერწყულის ზოდიაკო ჩადის, და რადგან იგი ჰაერის სადგომიც არის, კეთილად ითვლება იგი, რადგან სირიუსის მიერ გამოწვეულ სიცხეს თავისი ჰაერით ანელებს და კაცს შვებას აძლევსო.

 

* * *

ცის სურათები ხმელეთის სურათებია. დედამიწიდან კაცმა ცაზე გადაიტანა მიწიური ცხოვრება, ცხოველები, საგნები; ცაში ხედავდა კაცი ზღვებს, ქვესკნელთ, გზებს, ხეებს, მთებს-ბაღებს, მდინარეებს, სახლებს, ქუჩებს, ადამიანებს, ღმერთებს... მიწიურ მოვლენათა ციურ მოვლენებად დასახვა კაცის წარმოდგენის მიერ ცის დასახლება იყო. ყველაფერი, რასაც დედამიწაზე ვხვდებით , – ნათქვამია თალმუდში (თალმუდი


 სწავლა, მოძღვრება; ებრაელთა საკანონმდებლო წიგნი, შეთხზული ქრისტეს შემდეგ ხანაში)


 არსებობს აგრეთვე ცაში, და არ არის ისეთი მცირე რამ, რომელს თავისი ნიმუში ცაში არა ჰქონდეს -ო. ამ ასტრალური მითოსიდან არის წარმოდგენილი თვით პლატოს (პლატონის) ფილოსოფიური მოძღვრება, საერთოდ, ყველა იდეალისტური სწავლაო, – ამბობს პროფ. დრევს. მუსულმანური წარმოდგენითაც, ხმელეთის ცხოვრებას შეეტყვისება ცის ცხოვრება. არ არსებობს არც ერთი მორწმუნე, რომლის თანაბარი სახე ანუ ხატი მისი ცის ტახტზე არ იყოს; და როცა მორწმუნე ლოცვის დროს იჩოქებს და ძირს ემხობა, ასევე მოქმედებს მისი თანაბარი ხატი ცაშიო. 13. ცა დასახლდა ღმერთებით და ვარსკვლავნი ღმერთებად გახდნენ, და მათ შორის, რასაკვირველია, მნათობებმა პირველი ადგილი დაიჭირეს.

 

ბაბილონურ ღმერთთა შორის ღმერთებად შემდეგნი მნათობნი გარდაიქცნენ:

1. მთვარე = სინ – ქვეყნის სიცოცხლის ღმერთი, რომელი შორეულ დღეთა ბედს განაგებს.

2. მერკურიუს = ნებო – მწერალი ღმერთი.

3. ვენუს = იშთარ – სიყვარულისა და ლხინის ღმერთი.

4. მზე = შამაშ – მოსამართლე და ღმერთთა მეუფე.

5. მარს = ნერგალ, შემდეგ – ნინიბ – ომისა და ჭირის, ხანძრის ღმერთი.

6. იუპიტერ = მარდუკ – მწიგნობარი, ბედის გამგებელი, ახალი წლის გამომცხადებელი.

7. სატურნუს = ნერგალ – მკვდართა სამეფოს ღმერთი.

აი, ამ მთავარ ღმერთებს ეკითხებოდა ყველაფერი, და ამგვარად დამკვიდრდა შვიდთა მნათობთა თაყვანება და მასთან ერთად ასტროლოგიამაც ფრთა გაშალა, ვინაიდან ასტროლოგია არის ბედის მკითხაობა ვარსკვლავებთან დაკავშირებით.

 

* * *

 

აკადემიკოსი რ. ბერთელოს თქმით, ასტროლოგიური ნაწერები ბაბილონის ისტორიაში ცნობილია უკვე მერვე საუკუნეში ქრისტეს დაბადებამდე. ეს მეცნიერება ქალდეანთა, ქალდეან-ასსირიელთა, ქალდეან - ირანელთ შორის იყო სასახლის მეცნიერება, ხოლო მას შემდეგ რაც ასტროლოგია ძველ საბერძნეთში შეითვისეს (მესამე საუკუნედან ქრ.წინ, ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობათა შედეგად), იგი ფართოდ გავრცელდა და სავაჭრო ხელობადაც გადაიქცაო.

 

* * *

 

აკადემიკოსი ფრანს კიუმონ-იც ამბობს ამ საკითხის შესახებ – ძველი მაზდეიზმი ასტროლოგიას არ შეიცავს და თუ მაზდეიზმი მზისა, მთვარისა და ზოგი ვარსკვლავის, მაგალითად: სირიუსის (იშტრია) თაყვანებას მისდევდა, იგი მაინც ვარსკვლავურ წინასწარმეტყველებას არ აღიარებდა და ვარსკვლავთა მიხედვით მომავლის მკითხაობა-მარჩიელობას არა სცნობდაო. ზარათუშტრას ასტრონომიული ცოდნა ალბათ იმაზე მეტი არ იყო, რაც ჰომიროსს გააჩნდაო. იგი დარწმუნებული იყო, რომ მზე და მთვარე მოძრაობდნენ უძრავ ვარსკვლავთა ზემოდ. მაზდეიზმის საღმრთო წიგნი ავესტა  ზოგ ადგილას იხსენიებს ვარსკვლავთა ჩარევას ბუნების საქმეებში, მაგრამ ეს საერთო ზემოქმედება ფიზიკურ მოვლენებზე ძალიან დაშორებულია იმ გავლენისაგან, რომელს ასტროლოგია აღიარებსო. თუ ფეჰლევურ (ფალაურ) წიგნებში მნათობნი განიხილებიან ვითარცა ბოროტნი ძალნი, ხოლო მყარნი ანუ უძრავნი ვარსკვლავნი კი ვით კეთილნი ძალნი, ესაა მხოლოდ ერთი მხარე მაზდეიზმის იმ გაორებისა, რომლის მიხედვით მთელი მსოფლიო კეთილ და ბოროტ ძალად განიყოფება. ნამდვილი ასტროლოგია მნათობებს ერთად არასოდეს არ განიხილავს როგორც უკეთურ ძალას, და არც მათ ყველას შეყრას (კონსტელაციო) ვით საკეთილოსო.

 

 

ჩვენის ცნობით, – ამბობს აკადემიკოსი ფრანს კიუმონ, – მხოლოდ მინოხირედ, რომელიც დაწერილია მერვე საუკუნეში, ამტკიცებს: ყველა სიკეთე და ყველა უკეთურება, რომელი კაცს და სხვა არსებათ შეემთხვევათ, არის ნაყოფი შვიდთა (მნათობთა) და თორმეტთა (ზოდიაკოთა), რომელნი მსოფლიოს აწყობენ და მართავენ -ო. მაგრამ აქ საქმე ისეთ წიგნს ეხება, რომელი ძლიერ გაჟღენთილია ზერვანიზმით და ეს კი ქალდეურ დიდ გავლენას გვიჩვენებსო. საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ ირანულმა მაზდეიზმმა, ვით კლასიკურმა საბერძნეთმა, უარჰყო ვარსკვლავური მკითხაობის ანუ ასტროლოგიის ყოველი ცდა: და თუ სასანიდთა სასახლეში ასტროლოგოსებს ყურს უგდებდნენ, ეს იმ ხანაში, როდესაც ზერვანიზმი ირანული იმპერიის ოფიციალური რელიგია გახდა. მაგრამ იგივე არ ითქმის მოგვთა შესახებ, რომელნი გაფანტულნი იყვნენ ირანის დასავლეთში: მათზე დიდი გავლენა მოახდინა ქალდეურმა ცის მეცნიერებამ და ასტროლოგია გაბატონდა მათ მსოფლმხედველობაშიო. ბაბილონურ-ქალდეურ მოძღვართა ზეგავლენით, რომელნი ასტრონომიისა და ასტროლოგიის ოსტატები იყვნენ, მაზდეიზმმა განიცადა დიდი გავლენა. ამ შერეული ახალი მოძღვრების თანახმად, მსოფლიოსა და არსებათა პირველი მიზეზი და შემოქმედი არის დაუსრულებელი დრო  ანუ ზერვან აკარანა . მაშასადამე: უზენაეს ღმერთად გამოცხადდა დრო  =  ჟამი, ვინაიდან ყოველი მოვლენა მსოფლიოში დამოკიდებული არის (ქალდეურ-ბაბილონური სწავლის თანახმად) ვარსკვლავთა მსვლელობისაგან, დრო, რომელიც ამ ციურ სხეულთა მსვლელობას განსაზღვრავს, განიხილებოდა ვითარცა უძლიერესი ღვთაება, და ყველა არსების, ყველა მყოს შემოქმედი. ამგვარად, დრო  გარდაიქცა ასტროლოგიური გარდაუვალობის და ფანატიზმის განუშორებელ ნაწილად. ეს იყო მოგვთა სწავლა, რომელი შემდეგში ელლინურ კულტურას შეეზავა და რომლის ნიადაგზე წარმოიშვა ერთი დიდი რელიგიათაგანი: მითრაიზმი -ო. მითრაიზმის მიხედვით, ღმერთთა დახარისხებაში პირველ ადგილზეა და პირველ მიზეზად დასახულია განყენება  დროის  სახით. დრო დაუსრულებელი  ანუ ზერვან (ზრვან) აკარანა , რომელი ვარსკვლავთ მსვლელობას განაგებს, არის სრულყოფილი ბატონი, მეუფე მსოფლიოსი. ამგვარად, ასტროლატრია ანუ ვარსკვლავთთაყვანება და ასტროლოგია ანუ ვარსკვლავთ მკითხაობა არის მითრაიზმის ღმრთისმეტყველების = თეოლოგიის საფუძველი.

 

* * *

 

საბერძნეთზედაც დიდი გავლენა მოახდინა ბაბილონურ-ქალდეურმა ასტრონომიურმა სწავლამ, მაგრამ უგავლენოდ დარჩა პირველად: ასტროლოგია.

მხოლოდ ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობათა შედეგად, მსოფლიო მონარქიის შექმნამ იძულებული გახადა საბერძნეთი ასტრონომიური თეოლოგია აღეარებინა. ადგილობრივი, მხარითი, ქალაქური ღმერთები ბერძენთა ქედს იხრიდნენ საერთაშორისი რელიგიის წინაშე. ვარსკვლავთა თაყვანება, რომელი მრავალი ხალხისათვის უკვე საერთო იყო, საბერძნეთშიაც ზურგს იმაგრებდა, და ადგილობრივი ღმერთები იღუპებოდნენ. ამგვარად, მსოფლიო პოლიტიკურმა ვითარებამ და აგრეთვე ვარსკვლავთ თაყვანების მიდრეკილებამ ელლინიზმი ასტრონომიულ თეოლოგიაში შეიყვანაო, - ამბობს აკადემიკოსი ფრანს კიუმონ. ამნაირად, ძველი ასტრონომია რელიგიას და ასტროლოგიას საფუძვლად დაედო: შვიდნი მნათობნი ითვლებოდნენ მთავარ ღმერთებად და თითოულ მნათობ-ღმერთს თავისი საკუთარი, მიკუთვნებული თვისებები ჰქონდა.

 

* * *

 

შვიდი მნათობი თავისი სვლითა და ზოდიაკოში გავლენით, თავის ურთერთობით სხვა ვარსკვლავებთან განაგებდა მსოფლიოს, განსაზღვრავდა დროს, მართავდა ბუნებას და კაცის მომავალს და მის მოქმედებას, მის სიცოცხლეს და მის სიკვდილს ჰფლობდა. ამიტომ ეს შვიდი მნათობი, ბაბილონელ - ქალდეანთა შვიდი მთავარი ღმერთი იყო და მასთან დაკავშირებით რიცხვმა შვიდი  რელიგიური ხასიათი მიიღო.

1. მზე (შამს) – ღმერთი, მრავალი სხვა და სხვა სახელით ცნობილი, და მრავალი შესანიშნავი თვისებით დაჯილდოებული: წარმომშობი და შემქმნელი ქვეყნიერებისა, ბუნების შემოქმედი მუდმივი ძალა, დამცველი და მფარველი სამართალისა და სამართლიანობისა, ბრძენი და მკვდრეთით აღმადგენელი, მაცხოვარი, მძლეთა მძლე, ყოველის მხედი, ყოველის შემძლე, მორიგე და მმართველი მსოფლიოსი, ჯანმრთელობის მომანიჭებელი, სნეულთა განმაკურნებელი, თვალის სინათლის მბოძებელი, დამსჯელი დამნაშავეთა სიბრმავით და სხვა და სხვა... ასტროლოგიური მნიშვნელობით, მზე არის კეთილი ბედის, ბედნიერების, სიყვარულის, თავისუფლების და სხვა სიკეთის მომანიჭებელი, ვაჟის სიყვარულის მფარველი...

 

2. მთვარე (ყამარ) – აგრეთვე მრავალი მნიშვნელობით, ვითარცა ჩანასახის განმაყოფიერებელი და განმავითარებელი, მფარველი და მზრდელი პირუტყვთა და მცენარეთა, შვილოსნობის გამგე, დედაკაცთა თვიურის მომაწესრიგებელი, ჯანმრთელობაზე და სნეულობაზე გავლენიანი, ასულის სიყვარულისა მფარველი, დამცველი კანონისა, ბრძენი და სხვა და სხვა...

ასტროლოგიური მნიშვნელობით მთვარის გავლენაშია: ადამიანის ხასიათი, სახე, ქორწილი, ფულის შოვნა, პატივი, ჯადოსნობა და სხვა.

3. მერკურიუსი (ოტარიდი) – ძველ ბაბილონში მზის ამოსვლისა და მზის ჩასვლის ვარსკვლავად ცნობილი და ახალი დროის წინამორბედი, – სიბრძნის ღმერთი და მწერალი ღმერთი (ბაბილონური ნებო ). მას ხელთა აქვს გრიფელი და ფირფიტა, რომელზე იგი კაცის კეთილსა და ბოროტ საქმეებს აღნიშნავს: იგია მეუფე ჭკუისა, მოხერხებისა, ძალისა, გამგებელი ბედისა... ასტროლოგიური მნიშვნელობით, მერკურიუსი (ოტარიდი) არის კეთილი ბედისა და ამავე დროს ცუდი ბედის მომტანი: ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ მერკურიუსს სხვა მნათობებთან და ვარსკვლავებთან განსაზღვრულ წამში ცაზე რა ადგილი უკავია და მასზე ეს ვარსკვლავნი რა გავლენას ახდენენ: კარგსა თუ ცუდს.

4. ვენუს (იშტარ, ასპიროზი) ითვლებოდა წმიდა სამებაში (ტრინიტას, ტრიადა) და ამ სამებას ეკუთვნოდნენ ღმერთები: მზე, მთვარე, ვენუსი (შამაშ, სინ, იშტარ). ვენუსი იყო დიაცი-ღმრთისმშობელი, მადონა: იგია სიყვარულის ღმერთი: დედოფალი სიყვარულისა: ყოველგვარი მცენარეულობის მზრდელი, მკურნალი და სხვა. ასტროლოგიური მნიშვნელობით, ვენუსი (ვენერა, ასპიროზი) არის კეთილი დიაცი ღმერთი, რომელი ქვეყანას სიყვარულსა ჰფენს და ვით ასული ცის ღმრთისა, სიკეთესა და ქველობას, მოწყალებას დედამიწას ანიჭებს. იგია ქვრივთა დამცველი: მხოლოდ ჩჩვილთათვის არის იგი საშიში.

5. მარსი (მარიხი)


 ჭირისა და სიკვდილის ღმერთი, უმთავრესი გამომწვევი უბედურებათა, ხიფათთა, ცეცხლთა და ომთა. იგი ჭირნახულს ზიანს აყენებს, ნათესსა და ხილს აფუჭებს; იგი ხელს უშლის ოთხფეხი ზრდას, აბრკოლებს თევზთა გამრავლებას, მოაქვს ხანძარი, შფოთი, აღრევა, და არის მეფე სიკვდილისა. ასტროლოგიური მნიშვნელობით, მარსი (მარიხი) არის უბედურების მომტანი.

 

6. იუპიტერი (მუშთარი) – ყოვლად მცოდნე და ქვეყნის შემოქმედი, მკვდრეთით აღმადგენელი. ღმერთი მარდუკის (გაზაფხულის მზის, ბიბლიური მეროდახი -ს) გამოსახულება, მართალი მოსამართლე: მმართველი ღმერთთა და ადამიანთა.

ასტროლოგიური მნიშვნელობით, იუპიტერი (მუშთარი) არის, თუ მასზე რომელიმე ახლოს მდგომი, ჭირთა მომცემი ვარსკვლავი ცუდ გავლენას არ ახდენს, სიცოცხლეზე კარგი გავლენის მქონე და კარგი ბედის მომცემი. თუ იგი მთვარის სადგურში იმყოფება, ამ დროს იგი ვაჟთა დაბადებას ხელს უწყობს.

7. სატურნუსი (ზუალი ანუ შავი მნათობი), – ღმერთი ოჯახისა და საზოგადოებისა. მას შეუძლია ომის გამოწვევა: იგია ნადირობის ღმერთი და უფალი ძალმომრეობისა, გარყვნილებისა. ასტროლოგიური თვალსაზრისით, სატურნუსი (ზუალი) არის უბედურებისა და უბედობის ვარსკვლავი: მაგრამ იგი შეიძლება ბედნიერების მომტანიც გახდეს, თუ ბედნიერების მომანიჭებელ კარგ ვარსკვლავთან ერთად იმყოფება და მის გავლენას განიცდის.

სპარსელი ზაქარია ყაზვინელის (1200 – 1273) განმარტების მიხედვით: 1. მზეს შეეტყვისება მეფე; 2. მთვარეს – ტახტის მემკვიდრე, ვაზირი; 3. მერკურიუსს – მწერალი; 4. მარსს – მეფის მცველთა უფროსი; 5. იუპიტერს – მოსამართლე; 6. სატურნუსს – მოლარე; 7. ვენუსს – მონა-ქალნი, მოახლე ქალნი.

ჰინდოური (ინდური, ჰინდოსტანური) ასტროლოგიის მიხედვით, მზე და მთვარე არიან მეფენი; მარსია – სარდალი; მერკურიუსი – პირველი თავადი, იუპიტერი – მინისტრები; სატურნუსი – მსახურნი და სხვა. მაგრამ ამას გარდა, მნათობთ სოციალური მნიშვნელობაც აქვთ და თითოული რომელიმე კასტას წარმოადგენს: ვენუსი და იუპიტერი – ბრაჰმანთა კასტა; მარსი და მზე


 მხედართა კასტა; მთვარე – ვაჭართა კასტა; მერკურიუსი – შუდრას, ანუ მათხოვართა კასტა და სატურნუსი – შანდალა, ანუ შერეულთა კასტა.

 

 

* * *

 

როგორც აღვნიშნე, 12 ზოდიაკო განიყოფება 12 სახლად, და თითოულ სახლს კიდევ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს:

ვერძი (აღმოსავლეთის კუთხე) არის სახლი სიმდიდრისა;

კურო (ქვემო კარი) – სახლი სიმდიდრისა;

მარჩბივი (ძმათა სახლი) – მემკვიდრეობის, ძღვენის, მოულოდნელი საჩუქარის;

კირჩხიბი (მიწის კუთხე) – სახლი მშობელთა;

ლომი (ბავშთა სახლი) – ბავშთა ბედისა;

ქალწული (დახსნის სახლი) – მტრობისა, სნეულებისა, მწუხარებისა და სხვა ასე ქვემოდ...

ამას გარდა, როგორც ვთქვი, ზოდიათა სარტყელი გაყოფილია გრადუსებად, იმ რწმენის მიხედვით, რომ თითოულ გრადუსზე ხილული ან უხილავი ვარსკვლავური არსება, ასტრალური არსი ბატონობს და თითოულ გრადუსს გავლენა აქვს მსოფლიოზე, ხალხებზე, პიროვნებებზე, განსაკუთრებით პირადული ბედის გადაწყვეტაზე.

 

* * *

 

აქ მსურს გაკვრით აღვნიშნო, რომ ჩვენი დროის ასტროლოგიური სწავლაც არსებითად იგივეა, რაც იყო ძველად. მაგალითად ინგლისელი ტრენტ 1933 წელს თავის წიგნში სწერდა:


 ჭკუიდან შეირყევა, ანუ გაგიჟდება ის, რომლის დაბადების წამს მერკურიუსზე, მთვარეზე ან ორივეზე ერთად გავლენას ახდენს შეყრით, ან მოწინააღმდეგობით სატურნუს, მარსი. ამ უბედურ წუთს იყვნენ დაბადებულნი, მაგალითად:


 რუსეთის იმპერატორი პავლე (1 ოქტომბერს 1754 წ.), ინგლისის მეფე გიორგი მესამე (4 ივნისს 1728 წ.), შვეციის მეფე, გუსტავ მეოთხე (1 ნოემბერს 1778 წ.), ავსტრიის იმპერატორი ფერდინანდ მეორე (19 აპრილს 1793 წ.), პორტუგალიის დედოფალი მარიამ (6 ნოემბერს 1661 წ.), თურქეთის სულთანი მურად მეხუთე (21 სექტემბერს 1840 წ.) და სხვა. ამ სტრიქონთა დამწერს თან დაურთავს მნათობთა ურთიერთობისა და გრადუსთა ცხრილიც. რაღა გასაკვირია, რომ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში მართლაც მოელოდნენ: როცა ყველა მნათობი ერთად თავს მოიყრის, ერთმანეთს შეხვდება ზოდიაკოში თხის რქა , მაშინ წარღვნა მოხდებაო, ხოლო თუ ასეთი შეხვედრა მოხდა ზოდიაკოში კირჩხიბი , მაშინ მსოფლიოს ხანძარი მოედება და იგი გადაიწვებაო. ეს იქნება ქვეყნის დასასრული და ღმრთის სასუფეველის დამკვიდრებაო.

 

 

 

* * *

 

არამც თუ ქვეყნები, ხალხები, ადამიანები ექვემდებარებიან ვარსკვლავურ ბედს, არამედ ვარსკვლავთა გამგებლობაში არიან.

 

დღენი, მეტალები, ადამიანის გვამის ნაწილებიც, რომელთა სნეულებასა თუ ჯანმრთელობას თვითონ ვარსკვლავნი განაგებენ. მაგალითად:

ზოდიაკო ვერძს ეკუთვნის ადამიანის თავი;

კუროს – ყელი;

მარჩბივს – ხელები;

კირჩხიბს – მკერდი;

ლომს – ბეჭები;

ქალწულს – მუცელი;

ღრიანკალს – სული;

მშვილდოსანს – ღვიძლი;

თხას – მუხლები;

მერწყულს – ბარძაყნი;

თევზს – ფეხები და სხვა.

ხირომანტიაში, თითოულ თითს საკუთარი მნათობი მიეკუთვნება


.

 

ცერს – ვენუსი;

სალოკს – იუპიტერი;

შუათითს – სატურნუსი;

არათითს – მზე;

ნეკს – მერკურიუსი.

 

 

by www.dzeglebi.ge.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / მითოლოგია / უავტორო / ვარსკვლავთმეტყველებისათვის