ზოროასტრიზმი

 

ზოროასტრიზმი ერთ-ერთი უძველესი რელიგიაა. იგი წინასწარმეტყველ ზარათუშტრას (ზოროასტრის) სახელს უკავშირდება (ზარათუშტრა რეალურ პიროვნებად მიიჩნევა). ამ რელიგიის გაჩენის თარიღად ძველი წელთაღრიცხვით მეორე ათასწლეულის ბოლო მიიჩნევა. ზოროასტრიზმი არანის მთიანეთის ტერიტორიაზე აღმოცენდა და გავრცელდა წინა აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, ასევე სამხრეთ კავკასიაში. ძველი წელთაღრიცხვით IV საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვით VII საუკუნემდე (ისლამის გავრცელებამდე). ზოროასტრიზმი იყო ძველი სპარსეთის იმპერიების ძირითადი რელიგია. მე ვფიქრობ, რომ ამ რელიგიის მოძღვრება და საყრდენი ძალიან საინტერესოა.

ზოროასტრიზმში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთ ცნებებს, როგორიცაა ჭეშმარიტება, სამართლიანობა, ერთგულება, სიმამაცე, სიკეთე, წესიერება და კეთილგონიერება, ასევე სიტყვის ერთგულება. ზოროასტრიზმისათვის დამახასიათებელია ბუნებისა და ცხოველთა სამყაროზე ზრუნვა და განსაკუთრებული დამოკიდებულება ოთხი სტიქიისადმი: ცეცხლის, წყლის, მიწისა და ჰაერისადმი. ცეცხლს თაყვანს სცემდნენ როგორც გამწმენდ ძალას. გარდაცვლილებს მარხავდნენ განსაკუთრებულ მდუმარების კოშკებში, მიიჩნევდნენ, რომ არ შეიძლება სხეულის არც მიწაში დამარხვა, არც დაწვა. სწამთ სულის უკვდავება, იმქვეყნიური ცხოვრება და სამყაროს აღსასრული. ზოროასტრიზმის წმინდა წიგნია ავესტა, რომელიც რამდენიმე ნაწილისგან შედგება (იასნები, იაშტები, ვისპრედი, ვიდევდატი და ჰორდა ავესტა).

 

 

ზარათუშტრა.

 

აჰურა-მაზდა.

 

ზოროასტრიზმი მკვეთრად გამოხატული დუალისტურიერლიგიაა. უზენაესი ღვთაებაა აჰურა-მაზდა (ორმუზდი). მისი სახელის მიხედვით მომდინარეობს რელიგიის მეორე სახელი მაზდეანობა. ზარათუშტრა წინასწარმეტყვრლია, რომელსაც გამოეცხადნენ ღმერთები და როგორც აჰურა-მაზდას შუამავალმა იქადაგა ახალი რელიგია. აჰურა-მაზდა - სიბრძნის მპყრობელი, ღმერთი ყოვლადბრძენი, შემოქმედი ღმერთია. მას უკავშირდება ღვთაებრივი სამართლიანობადა წესრიგი (აშა), კეთილი სიტყვა და კეთილი საქმე. აჰურა-მაზდა ქურუმის სახით გამოიხატება. იგი ქმნის სამყაროს ფიქრის ძალით და ითხოვს სულიერ თაყვანისცემას, ლოცვებს წმინდა ცეცხლის  პირას. მსხვერპლშეწირვის ხერხებიდან გამოიყენებოდა ხაომისა და რძის შერევის შედეგად მიღებული სითხის შეწირვა.

 

 

დარიოს III-ის ცეცხლის ტაძარი (ათეშგა).

 

ზოროასტრიზმის მიხედვით, მსოფლიო განვითარება ორი საწყისის- სიკეთისა და ბოროტებას შორის ბრძოლის პროცესია. აჰურა-მაზდას, სიკეთისა და სინათლის მეუფეს უპირისპირდება ანგრა-მანიუ (აჰრიმანი)- ბოროტებისა და წყვდიადის მეუფე. მას ახლავს ბოროტი სულები- დევები. აჰურა-მაზდამ სპენტა მანიუს (წმინდა სულის) დახმარებით შექმნა ექვსი უკვდავი წმინდანი: ვოჰუ-მინა (კეთილი აზრი, საქონლის მფარველი), აშა-ვახიშტა (ჭეშმარიტება, ცეცხლის მფარველი), ჰშარტა-ვაირია (ძალაუფლება, ლითონის მფარველი), სპენტა არმაიტი (კეთილგონიერება, დედამიწის მფარველი), ჰაურვატატი (ჯანმრთელობა, წყლის მფარველი), ამერტატი (უკვდავება, მცენარეთა მფარველი). მათ გარდა აჰურა-მაზდას მხლებლები არიან მითრა, აპამნაპატი (წყლის შვილიშვილები), სრაოში (მორჩილება, ყურადღება და დისციპლინა) და აში (ბედისწერის ქალღმერთი). ამ ორ საწყისს შორის ბრძოლა ოთხი მსოფლიო ციკლის მანძილზე წარიმართება და დასრულდება აჰრიმანის დამარცხებით, სამყაროს განწმენდითა და ნეტარების ერის დადგომით. აჰურა მაზდა განსჯის საშინელ სამსჯავროზე. მისი ნება აბსოლუტურად თავისუფალია. იგი იმარჯვებს ბოროტ ძალებზე.ყოველი ცოცხალი არსება პასუხისმგებელია აჰურა-მაზდას წინაშე. მისი გამოვლინებაა ცეცხლი. იგი არის ქურუმთა ფენის იდეალური პროტოტიპი. იგი ყოვლისშემძლეა. აჰურა-მაზდამ შექმნა სიცოცხლე, სითბო და სინათლე, ანგრა-მანიუმ კი- სიკვდილი, სიცივე და წყვდიადი, ასევე მავნე მწერები და ცხოველები.

 

 

თბილისის ათეშგა (ზოროასტრული ტაძარი).

 

ათეშგა აზერბაიჯანში.

 

ათეშგა ირანში.

 

ზოროასტრიზმში წეს-ჩვეულებისა და წარმოდგენების საკმაოდ რთული სისტემაა შემუშავებული, რაც ადამიანის ცხოვრებას სრულ რეგლამენტირებას ახდენდა. ამ სისტემაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებიოდა საზეიმო ცერემონიებს, რაც დაკავშირებული იყო ახალი წლის (ნოვრუზი) აღნიშვნასთან, წინაპართა კულტთან, ლოცვებთან, განწმენდის რიტუალებთან. ლოცვები (აჰურა-მაზდასადმი აღვლენილი) ყოველდღიური რიტუალია. ისინი სრულდებოდა დილით და ძილის წინ, სახლში შესვლისას და გამოსვლისას, განწმენდის რიტუალის შესრულებისას და ა.შ. ლოცვა შეიძლებოდა ტაძარში, სახლში სპეციალურ საკურთხეველთან, ბუნებაში. სავალდებულო წესი იყო ლოცვისას პირით სამხრეთისკენ შებრუნება (ფარსები ჩრდილოეთით ბრუნდებიან).

 

 

ავესტა (მაზდეანური წმინდა წიგნი).

 

მნიშვნელოვანია განწმენდის რიტუალი. ზოროასტრიზმის მთავარი მოთხოვნაა სიწმინდის დაცვა, არ უნდა მიკარებოდნენ უწმინდურ  საგნებს (მათ შორის ზოგიერთ მცენარეს, მწერებს (მაგალითად ჭიანჭველას, ქვეწარმავლებს და სხვა). წმინდად ითვლებოდა ადმიანი, ძაღლი, ძროხა, ცხვარი, ზღარბი, ხეები, ბაღებისა და ბოსტნების მცენარეული.

უწმინდურთა შეხება ცოდვად მიიჩნევა.

ზოროასტრიზმი ასევე ფარსიზმისა (ინდოეთში) და გებრიზმის (ირანში) სახელითაა ცნობილი. დღეს იგი სახეშეცვლილია- გაძლიერებულია მონოთეისტური ტენდენციები.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / მითოლოგია / უავტორო / ზოროასტრიზმი