ტროას ომი

 

 მშვენიერი ელენე

 

    სპარტის სახელოვან და დიდებულ სამეფოში, მეფე ტინდარეოსის სასახლეში, ცხოვრობდა მშვენიერი ქალწული ელენე, რომელიც გადმოცემის თანახმად გედის კვერცხიდან იყო დაბადებული. მთელ საბერძნეთში ვერ იპოვიდით ადამიანს,  ვისაც არ სმენოდა მისი სილამაზისა და სათნოების შესახებ. როდესაც მეფემ ასულის გათხოვება გადაწყვიტა, უამრავი მთხოვნელი მიაწყდა სპარტას – მეფეები, უფლისწულები, სახელოვანი მეომრები... ზოგიერთ მეფეს დესპანები გამოეგზავნა მდიდრული ძღვენით, სხვანი კი თავად სტუმრობდნენ ტინდარეოსს და უმორჩილესად სთხოვდნენ მშვენიერი ელენეს ხელს.

    საგონებელში ჩავარდა სპარტის მბრძანებელი. იცოდა, ამაყი და გამარჯვებებს ჩვეული მეფეები და დიდებულები შეურაცხყოფად მიიღებდნენ უარს, ხოლო ელენესა და ტინდარეოსის რჩეულს კი სამუდამოდ მტრად მოეკიდებოდნენ.

    იმ დროს სპარტაში იყო ჩასული ითაკის სახელოვანი მეფე ოდისევსი, რომელიც ტინდარეოსს სთხოვდა, თვალწარმტაცი პენელოპეს ცოლად შერთვაში დახმარებოდა. სპარტის მეფემ მასაც გაუმხილა თავისი გასაჭირი.

    - თუკი უარს არ მეტყვი და პენელოპეს შემართვევინებ, გასწავლი, როგორ აღმოფხვრა უცილობელი შუღლი სასიძოთა შორის, - უთხრა ოდისევსმა ტინდარეოსს და როდესაც თანხმობა მიიღო, განაგრძო, – აი, რას გირჩევ, სპარტის დიდებულო მეფევ, დააფიცე ყველა სასიძო, რომ მათგან ვინც არ უნდა გახდეს მშვენიერი ელენეს რჩეული, სხვები არ უმტრობენ, ხოლო ელენეს მუდამ დაიცავენ.

    მართლაც, მეორე დღეს დიდგვაროვან სასიძოთა წინაშე წარსდგა მეფე ტინდარეოსი და თავისი პირობა ამცნო შეკრებილთ. რა ძალა ჰქონდათ სასიძოებს? - ყველანი დამორჩილდნენ სპარტის მეფეს და ფიცი დადეს.

    მალე ელენეს რჩეულის ვინაობაც გაცხადდა. ეს იყო მდიდარი და შეუდრეკელი მენელაოსი.

    მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ტინდარეოსი გარდაიცვალა, სწორედ მენელაოსი გახდა სპარტის მეფე.

 

უფლისწული პარისი

 

    დიდი ხნის წინათ საქართველოს მახლობლად, მცირე აზიაში, ეგეოსისა და მარმარილოს ზღვების სანაპიროზე, არსებობდა უძლიერესი სახელმწიფო ტროადა. მისი დედაქალაქი ტროა, ანუ ილიონი, ჰელესპონტოსის (დარდანელის) სრუტის ახლოს მდებარეობდა. ტროას დამაარსებელ მეფეებს მისნები აფრთხილებდნენ, რომ ქალაქს მრავალი უბედურება დაატყდებოდა თავს. ამიტომ ღმერთებმა ტროას მეფის თხოვნით ქალაქს უძღვნეს ქალღმერთ პალადას ქანდაკება – პალადიონი. ტროელებმა ქანდაკებას ტაძარი აუგეს და ქალაქის მფარველობა შესთხოვეს. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ ამიერიდან ილიონს საფრთხე აღარ დაემუქრებოდა. მიუხედავად ამისა, ერთხელ ბერძნებმა დიდი გმირის, ჰერაკლეს მეთაურობით გაძარცვეს ტროა, დახოცეს მეფე და უფლისწულები, მეფის ასული ჰესიონე კი გაიტაცეს. მხოლოდ უფლისწული პრიამოსი გადაურჩა სიკვდილს.

    პრიამოსმა აღადგინა და გაამაგრა ქალაქი, შეირთო ცოლი და რამდენიმე ვაჟი შეეძინა. მისი შვილები გამბედაობითა და ღირსებით გამოირჩეოდნენ. მიუხედავად ამისა პრიამოსს მოსვენებას არ აძლევდა ბერძნებისაგან მიყენებული შეურაცხყოფა, თუმცა იმედოვნებდა, რომ შეძლებდა მათ მიერ გატაცებული დის გამოხსნას.

    ერთხელ, როცა ტროას დედოფალი ორსულად იყო, სიზმარში ნახა, თითქოს ანთებული ჩირაღდანი შვა, რომლიდანაც ცეცხლი მთელ ქალაქს მოედო. წინასწარმეტყველებმა აუხსნეს დედოფალს, რომ ვაჟი, რომელსაც იგი ამჯერად გააჩენდა, სახელმწიფოს დაქცევის მიზეზი გახდებოდა და ამიტომ დაბადებისთანავე უნდა მოეკლათ. მეფე-დედოფალმა შვილი მოსაკლავად ვერ გაიმეტა და მწყემს აგელაოსს დაავალა ამის გაკეთება. გულკეთილ აგელაოსს ემძიმა მეფის ბრძანების აღსრულება, ბავშვი იდას მთაზე წაიყვანა და იქ დატოვა. რამდენიმე დღის შემდეგ აგელაოსი მიბრუნდა იმ ადგილას, სადაც უფლისწული დატოვა და ნახა, რომ პატარას დედა დათვი აწოვებდა ძუძუს. მწყემსს შეეცოდა ბავშვი და შინ წაიყვანა აღსაზრდელად, მეფის სასახლეში კი ძაღლის მოჭრილი ენა მიიტანა იმის ნიშნად, რომ ჩვილი უფლისწული ნამდვილად მოკლა.

    აგელაოსმა ბავშვს პარისი დაარქვა, მწყემსად გაზარდა და არაფერი გაუმხილა მისი მეფური წარმომავლობის შესახებ. პარისი მუდამ მთებსა და ტყეებში დაეხეტებოდა და მწყემსავდა ძროხებს. იგი უშიშარი, მოხდენილი, ძლიერი ჭაბუკი დადგა და მალე სატრფოც გაიჩინა – წყაროს ნიმფა ენონა გახდა მისი გულის სწორი. უვლიდა პარისი ნახირს, ხეების ქერქზე კაწრავდა სატრფოს სახელს, ერთმანეთს აჯიბრებდა აგელაოსის ხარებს და გამარჯვებულს მთის ყვავილებით უმკობდა რქებს. რჩეული ხარიც ჰყავდა პარისს, რომელიც მუდამ იმარჯვებდა. ერთხელ მან პირობაც კი დადო – თუკი რომელიმე ხარი მის ხარს დაამარცხებდა, გამარჯვებულს გვირგვინს დაადგამდა თავზე. ომის ღმერთი არესი ისე მოხიბლულა ჭაბუკის თამაშით, რომ თვითონ ქცეულა ხარად და აგელაოსის ხართან შებმულს, გაუმარჯვნია. პარისს მაშინვე ყვავილების დიდი თაიგული დაუდგამს მისთვის თავზე. თურმე, ამ ამბავს ღმერთებიც ადევნებდნენ თვალს, რომლებიც ოლიმპოს მთაზე ცხოვრობდნენ. ისინი ინტერესით აკვირდებოდნენ ადამიანთა ცხოვრებას და სიამოვნებით ერეოდნენ მათ საქმეებში. ოლიმპოს მკვიდრთა მრისხანე მბრძანებელს, ყოვლისშემძლე ზევსს, მოსწონებია მშვენიერი ყმაწვილი და მისთვის სამი ქალღმერთის დავის გადაწყვეტა მიუნდვია.

 

 

განხეთქილების ვაშლი

 

    ეს დავა კი ასე დაიწყო: ზღვის ქალღმერთ თეტისისა და მეფე პელევსის ქორწილში ღმერთებს განხეთქილების ქალღმერთ ერისის დაპატიჟება დავიწყებოდათ. განაწყენებული ერისი მაინც მისულა ამ წვეულებაზე და დაუნახავს, რომ ოლიმპოს მრისხანე მბრძანებლის უმშვენიერეს მეუღლეს, ჰერას, სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე და ომის ქალღმერთი ათენა უმშვენებდნენ მხარს. ისინი უშფოთველად საუბრობდნენ ერთმანეთთან და ვერც კი ამჩნევდნენ განხეთქილების ქალღმერთის წყენას. ერისმა ტკბილად მობაასე ჰერას, ათენასა და აფროდიტეს ახლოს ბრდღვიალა ოქროს ვაშლი გააგორა უჩუმრად. ვაშლზე ულამაზესი ასოებით ერთადერთი სიტყვა იყო ამოტვიფრული - “უმშვენიერესს”. ქალღმერთები მართლაც გამორჩეულნი იყვნენ სილამაზით და ამიტომ სამივემ თავისად მიიჩნია ვაშლი, რის გამოც მათ შორის განხეთქილება მოხდა. ისინი ისე წაეკიდნენ ერთმანეთს,  რომ ზევსის ყურადღებაც კი მიიპყრეს. მაშინ  ოლიმპოს მბრძანებელმა განიზრახა, პარისისთვის დაევალებინა ქალღმერთთა დავის გადაწყვეტა. ზევსმა ღმერთების მაცნე ჰერმესს უხმო და უბრძანა, ქალღმერთები პარისთან წაეყვანა იდას მთაზე, რათა ამ გულუბრყვილო და ალალმართალ მწყემსს დაესახელებინა მათ შორის უმშვენიერესი. აი, ასეთი უბრალო წყენა გახდა მიზეზი უდიდესი ომისა ძველი მსოფლიოს ისტორიაში. სწორედ ამ ამბიდან წარმოიშვა ცნობილი გამოთქმა “განხეთქილების ვაშლი”.

    ჰერმესი ქალღმერთების თანხლებით მივიდა პარისთან, ოქროს ვაშლი გადასცა და უთხრა:

    – მისმინე, ჭაბუკო, შენ იმდენად ლამაზი და მშვენიერი ხარ, რომ ღმერთების ყურადღებაც კი მიიპყარი, ოლიმპოს მბრძანებელი ზევსი გავალებს, ეს ვაშლი ამ ქალღმერთთაგან ულამაზესს გადასცე.

    პარისს ვერ დაეჯერებინა ჰერმესის მიერ მოტანილი ამბავი, ვერაფრით გაეგო, რატომ მიანდეს ღმერთებმა უბრალო მწყემსს ქალღმერთთა შორის ატეხილი დავის გადაწყვეტა. ჭაბუკი მონუსხულივით შეჰყურებდა ზვიადი სილამაზით შემკულ ქალღმერთებს.

    ჯერ ჰერა მიუახლოვდა პარისს.

    – მე ზეცის ქალღმერთი ვარ, ჭაბუკო. თუ მაგ ვაშლს მარგუნებ, მეფედ გაგხდი და უამრავ ხალხს დაგიმორჩილებ, – უთხრა ზევსის მეუღლემ მას.

    პარისმა წამით მეფის ბრწყინვალე სასახლეში წარმოიდგინა თავი, მერე იქვე აღმართულ თოვლიან მწვერვალებს გახედა, მწვანე მინდვრებსა და დაბინდულ ტყეებს მოავლო თვალი და უცხოდ მოეჩვენა ქალღმერთის დაპირებული დიდება. სანამ რაიმე პასუხს მოიფიქრებდა, სიბრძნისა და ხელოვნების ქალღმერთი, თვალნათელი ათენა განმარტოვდა მასთან და უთხრა:

    – მისმინე, ყმაწვილო, თუ მე მომცემ ვაშლს, ყველაზე ბრძენ და იღბლიან ადამიანად გაქცევ, ჩემი მცდელობით, უმამაცესი ვაჟკაცი გახდები და ნებისმიერ ბრძოლაში გაიმარჯვებ.

    ჩაფიქრდა პარისი, მაგრამ ამ დროს სიყვარულის ქალღმერთი, მშვენიერი აფროდიტე მიუახლოვდა და ტკბილი საუბარი გაუბა:

    – პარის, შენ ულამაზესი ჭაბუკი ხარ მთელ სამეფოში, მაგრამ ამ მთებისა და ტყეების მეტი არაფერი გინახავს და ვერ გრძნობ შენს მშვენიერებას. აი, გიმზერ და ვფიქრობ, ვინ არის შენი შესაფერი ასული?.. და არავინ მაგონდება შორეული სპარტის დედოფალ ელენეს გარდა. იგი ულამაზესია ქალთა შორის. თუკი ვაშლს მე მარგუნებ, მშვენიერი ელენე შენი გახდება.

    პარისი მოხიბლა აფროდიტეს სიტყვებმა, წარმოიდგინა სპარტის ულამაზესი დედოფალი და ძალიან მოუნდა მისი სატრფო გამხდარიყო. მან სიყვარულის ქალღმერთს მისცა ოქროს ვაშლი – სამ ქალღმერთს შორის აფროდიტე მიიჩნია უმშვენიერესად. შეურაცხყოფილი ჰერა და ათენა გაშორდნენ მწყემსს და შურისძიების ჟინით შეპყრობილებმა ტროას დანგრევა გადაწყვიტეს.

    ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ ტროაში ასპარეზობა მოეწყო, რომელშიც პარისმაც მიიღო მონაწილეობა და ყველა შეჯიბრში ღირსეულად გაიმარჯვა. მეფე პრიამოსის ვაჟებს შური აღეძრათ ახლად გამოჩენილი ჭაბუკის მიმართ. მწყემსი აგელაოსი მიხვდა, რომ თუ სიმართლეს არ გაამჟღავნებდა, შეიძლება ხიფათს გადაჰყროდა მისი გაზრდილი. იგი პრიამოსთან მივიდა და უთხრა:

    – მეფეო, ეს ვაჟი შენი ძეა, რომელიც დაბადებისთანავე მთებში გამატანე მოსაკვდინებლად.

    დედოფალმა ჰეკაბემ მისთვის საჩინო ნიშნების წყალობით ამოიცნო ახალგაზრდა მწყემსში თავისი დაკარგული შვილი. პარისი დიდი სიხარულით მიიღეს სასახლეში. აქვე დაბინავდა მისი სატრფოც – ნიმფა ენონა.

    წინასწარმეტყველებმა კიდევ შეახსენეს პრიამოსს, ამ ვაჟს თუ არ მოიცილებ, ტროა დაიქცევა მისი მიზეზითო, მაგრამ მეფე-დედოფალმა ვეღარ გაწირა ახლად ნაპოვნი შვილი.

    – ტროას დაცემა მირჩევნია ჩემი მშვენიერი ძის დაღუპვას! – ბრძანა მეფე პრიამოსმა.

 

ელენეს მოტაცება

 

    პარისის სასახლეში დაბრუნების შემდეგ მეფე პრიამოსმა დიდებულთა საბჭო შეკრიბა ბერძნების მიერ მოტაცებული ჰესიონეს გამოხსნის თაობაზე სათათბიროდ. საბჭოზე ბერძნების წინააღმდეგ გალაშქრება გადაწყდა. ჯარის მეთაურობა პარისმა იკისრა.

    – თუ ჰესიონეს ვერ გამოვიხსნით, მაშინ რომელიმე მეფის ასულს მოვტაცებთ ბერძნებსო, – უთხრა მან პრიამოსს.

    ჭაბუკს გულში ჩარჩენოდა ქალღმერთ აფროდიტეს სიტყვები და მშვენიერი ელენეს სიყვარულზე ოცნებობდა.

    მალე საბერძნეთში გასამგზავრებლად გემები გაამზადეს. პარისმა მოწინავე გემზე აფროდიტეს ქანდაკება დაადგმევინა. ამით პრიამოსის ძეს სურდა, ეამებინა სიყვარულის ქალღმერთისათვის, რათა მას დანაპირები შეესრულებინა და ელენეს დასაკუთრებაში დახმარებოდა.

    პრიამოსის ასული, მისანი კასანდრა, მამასთან მივიდა და უთხრა:

    – მეფეო, ხელი ააღებინე პარისს საბერძნეთში წასვლაზე, თორემ ამ მგზავრობას ტროას დაქცევა მოჰყვება!

    კასანდრას ნათქვამი უფლისწულმა ჰელენოსმაც დაადასტურა, მაგრამ მეფემ არად ჩააგდო შვილების გაფრთხილება.

    მალე პარისმა ზღვაში შეაცურა თავისი გემები. ცრემლმორეული აცილებდა უფლისწულს ნიმფა ენონა.

    – თუ ბრძოლის ველზე დაიჭრები, ჩემკენ გამოსწიე, მხოლოდ მე შევძლებ შენ განკურნებას. – უთხრა მან პარისს.

    ტროელთა გემებმა ეგეოსის ზღვა გადაცურეს და სპარტას მიადგნენ. მეფე მენელაოსმა და დედოფალმა ელენემ პრიამოსის ძე პატივით მიიღეს და დიდი ნადიმი გაუმართეს. ნადიმისას პარისი დაუფარავი აღტაცებით უყურებდა ელენეს. დედოფალი შეაკრთო სტუმრის სითამამემ, რომელმაც სუფრაზე წითელი ღვინით წააწერა - «მე შენ მიყვარხარ». საოცარია, მაგრამ მენელაოსმა ვერ შენიშნა პარისის უცნაური ქცევა, რამდენიმე დღის შემდეგ კუნძულ კრეტაზე გაემგზავრა, სტუმრის მასპინძლობა კი დედოფალს დაავალა. მეფის წასვლის შემდეგ პარისმა სიყვარული გაუმჟღავნა ელენეს. თურმე, სპარტის დედოფალსაც შეჰყვარებოდა ტროელი უფლისწული და მასთან ერთად იმავე ღამეს დატოვა ქვეყანა. ბედნიერებისგან გაოგნებულ პარისს ჰესიონეს გამოხსნა აღარც გახსენებია.

    სპარტიდან გამოქცეულ პრიამოსის ძეს მრავალი განსაცდელი გადახდა თავს, საბოლოოდ ტროას მიაღწია და სულ მალე ყოფილმა მწყემსმა უმშვენიერეს დედოფალზე იქორწინა. ტროელები განაცვიფრა ელენეს სილამაზემ, ყველას შეუყვარდა იგი. პარისს და ელენეს სამი ვაჟი და ერთი ასული ეყოლათ.

 

 

    ბერძნების მზადება ტროაზე სალაშქროდ

 

    მთელი საბერძნეთი შეძრა სტუმარ-მასპინძლობის უწმინდესი წესების შებღალვამ და ულამაზესი დედოფლის მოტაცებამ. საბერძნეთის ყველა კუთხიდან დაიძრა ჯარები და დაიწყო ტროაზე გალაშქრებისათვის მზადება. საერთო-ბერძნულ მხედრობას, რომელიც ბეოტიის ქალაქ ავლისში შეიკრიბა, სათავეში ჩაუდგა მენელაოსის ძმა, მიკენის მეფე აგამემნონი. იისფერი ზღვის სანაპირო ხომალდებით გაივსო. მაღალ ბორცვზე შემდგარი მეფე აგამემნონი ყურადღებით ამოწმებდა მის წინაშე დამწკრივებულ მეომართა აღჭურვილობას. აგამემნონსვე მოეყვანა ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯარი მიკენიდან, კორინთოდან და კლეონიდან – სულ ასი ხომალდი. მას გვერდით ედგა მტრის ვერაგობით აღშფოთებული ძმა – სპარტის მეფე, მშვენიერი ელენეს მეუღლე მენელაოსი, რომელსაც ქუდზე კაცი გამოჰყოლოდა სპარტიდან, ფაროსიდან, მესენიიდან და სამოცამდე ხომალდი შეევსო.

    ვინ აღარ მოსულიყო ტროაზე სალაშქროდ? აქ იყო დიდი აიაქსიც – ტელამონის ძე, თავის ძმასთან, უბადლო მშვილდოსან ტევკროსთან ერთად. ისინი მეგარელებსა და კუნძულ სალამინის მკვიდრთ მეთაურობდნენ. ლაშქრად წასვლის წინ დიდი აიაქსისთვის მამას უთქვამს:

    – ღმერთები მოგეხმარებიან, თუ მუდამ გამარჯვებაზე იფიქრებ.

    ამაზე შვილს უპასუხნია:

    – ღმერთების შეწევნით მხდალიც კი გაიმარჯვებს, მე მათ გარეშე მსურს გამარჯვებაო.

    ოლიმპოს მკვიდრთ გაუგიათ დიდი აიაქსის ტრაბახი და განაწყენებულან მასზე.

    დიდი აიაქსის მესამე რაზმს მეთაურობდა პატარა აიაქსი – ოილევსის ძე, რომელსაც ბადალი არ ჰყავდა შუბის ტყორცნაში. “პატარა აიაქსს” იმიტომ ეძახდნენ, რომ ტანდაბალი იყო. მას მხარს უმშვენებდა ნახევარძმა – მამაცი მედონი.

    არგოსელებს სათავეში ედგა დიომედესი, ძმებთან – სთენელოსთან და ევრიალოსთან ერთად. ძმებს ოთხმოცი გემი მოეყვანათ.

    შორეული პილოსიდან მოსულიყო ხანდაზმული ბრძენი მეფე ნესტორი. მას მებრძოლებით სავსე ოთხმოცდაათი ხომალდი მოეყვანა. მხცოვან მეფეს განსაკუთრებით აფასებდნენ და რჩევას ეკითხებოდნენ ბრძოლების წინ.

    ითაკიდან ოდისევსი მოვიდა წითლად ნაფერი ოცი ხომალდით. ამბობდნენ, მისანმა უწინასწარმეტყველა ოდისევსს, ომიდან ოცი წლის შემდეგ დაბრუნდები შინ გაწამებული და უპოვარიო. მისნის სიტყვებმა დააფიქრა, თურმე, ოდისევსი, აღარ ისურვა ომში წასვლა და მასთან ჩასულ აგამემნონს, მენელაოსსა და პალამედესს გიჟად მოაჩვენა თავი – გლეხის ტანსაცმლით შემოსილს, უღელში ხარი და ვირი ჰყავდა შებმული, ყანას ხნავდა და მარილს თესავდა. მაგრამ მიუხვდნენ ეშმაკობას ითაკის მეფეს და ისიც იძულებული გახდა, დამშვიდობებოდა მეუღლეს – მშვენიერ პენელოპეს, საყვარელ შვილებს და წასულიყო ომში.

    კუნძულ კრეტის მეფემ, იდომენევსმა, ასი ხომალდი შეუერთა ბერძენთა მხედრობას. მას ფარზე მამალი გამოესახა იმის ნიშნად, რომ მზის ღმერთის, ჰელიოსის შთამომავალი იყო. მრავალრიცხოვან მხედრობას სარდლობდა იდომენევსი და ამიტომ აგამემნონთან ერთად მთელი ლაშქრის ხელმძღვანელობასაც ინაწილებდა.

    აქვე იყვნენ ბეოტიელები, ფოკისელები, ათენელები, ევბეელები, არკადიელები, როდოსელები და სხვანი და სხვანი – საბერძნეთის ყოველი კუთხიდან მოსული მებრძოლები.

 

 

   აქილევსი

 

    ბერძენთა ლაშქარს აკლდა მირმიდონელთა მეფე - პელევსისა და ზღვის ქალღმერთ თეტისის ძე აქილევსი. მას ბავშვობიდანვე გაეთქვა სახელი მოხერხებითა და სისწრაფით. სწორედ აქილევსის მშობლების ქორწილში მოხდა ქალღმერთთა დავა, რომელიც ამ სისხლისმღვრელი ომის მიზეზი გახდა.

    დაბადებისას აქილევსი დედამ მდინარე სტიქსში განბანა და ამიტომ ადამიანის ხელით ნაკეთები იარაღი ვერას აკლებდა ჭაბუკს; მხოლოდ ქუსლი ჰქონდა დაუცველი, რადგან თეტისს სწორედ ქუსლით ეჭირა ბავშვი და მისი სხეულის ამ ნაწილს სტიქსის წყალი არ შეხებია. აქილევსს კენტავრი, ანუ ცხენკაცი ქირონი ზრდიდა პელიონის მთაზე, ნადირის ხორცით კვებავდა და საბრძოლო ხელოვნებაში წვრთნიდა. იმდენად ფეხმარდი იყო თეტისის შვილი, რომ ირმებს ხელით იჭერდა და განცვიფრებაში მოჰყავდა უძლეველი ღმერთები.

    მისანმა კალქასმა ამცნო ბერძნებს – აქილევსის გარეშე ბერძენთა მხედრობა ტროას ვერ აიღებს, ხოლო თუკი პელევსის ძე მიიღებს ბრძოლაში მონაწილეობას, იგი სახელოვანი გმირი გახდება, მაგრამ ამავე ბრძოლაში დაიღუპებაო. ამის გამგონე თეტისმა გოგონას კაბა გადააცვა საყვარელ ვაჟს და სკიროსის მეფის სასახლეში გადამალა მის ასულთა შორის. ყმაწვილი აქილევსი იმდენად ლამაზი იყო, რომ კაბაში გადაცმული, ქალიშვილებში არ განირჩეოდა.

    აგამემნონმა პელევსის ძის მოსაძებნად ოდისევსი გაგზავნა, რომელმაც ვაჭრად წარადგინა თავი და თვალისმომჭრელი სამკაულებითა და სხვა საჩუქრებით აავსო ლიკომედესის სასახლე. რას არ ნახავდით ამ საჩუქრებში – ოქროს საყურეებსა და ვერცხლის სამაჯურებს, ქარვისა და სპილოს ძვლისაგან ნაკეთებ სამკაულებს, მრავალი ფერის ქსოვილსა და ნაირგვარ ჭურჭელს. ცბიერმა ოდისევსმა საჩუქრებში ფარი და მახვილიც ჩადო. მეფის ასულები აღფრთოვანებულნი ათვალიერებდნენ სამკაულებს, ერთ-ერთმა მათგანმა კი ფარსა და მახვილს სტაცა ხელი. ამით ამოიცნო ოდისევსმა მშვენიერ ქალწულთა შორის აქილევსი, მიუახლოვდა მას და ჰკითხა:

    – შენა ხარ აქილევსი?

    – დიახ, მე ვარ, – მიუგო ყმაწვილმა და გაკვირვებით შეხედა შორიდან მოსულ ვაჭარს.

    აქილევსი მაშინ მხოლოდ თხუთმეტი წლის იყო.

    – ტროას წინააღმდეგ დიდი ლაშქრობა იწყება. შენ საარაკო დიდება გელის ამ ომში, თუ ჩვენთან წამოხვალ! – უთხრა ითაკის მეფემ ჭაბუკს.

    აქილევსი უყოყმანოდ დაეთანხმა ოდისევსს, მალე შეკრიბა მირმიდონელთა ლაშქარი, ორმოცდაათი ხომალდი შეავსო, სათავეში ჩაუდგა და შეუერთდა ელინთა მხედრობას. პელევსის ძემ თან იახლა მასთან შეზრდილი საყვარელი ძმობილი პატროკლე.

    ბერძნებს სულ 1186 გემი ჰყავდათ და ასიათასამდე მეომარს ითვლიდნენ.

 

 

ბერძენთა პირველი გამგზავრება ტროასკენ

      ელინთა და კრეტელთა ლაშქარი ავლისში შეიკრიბა. როგორც ითქვა, მხედრობის საერთო ხელმძღვანელობა ევალებოდა აგამემნონს იდომენევსთან ერთად. მასვე ეხმარებოდნენ ოდისევსი, პალამედესი და დიომედესი. ელინთა ფლოტს აქილევსი მეთაურობდა, რომელსაც დიდი აიაქსი და ფენიქსი ჰყავდა თანაშემწეებად.

    ლაშქარი სურსათ-სანოვაგითა და ღვინით მოამარაგა დელოსის მეფე ანიოსმა. მას, ვაჟთან ერთად, სამი ასული ჰყავდა – ელაისი, სპერმო და ოინო. მეფე ანიოსის მიმართ კეთილად განწყობილმა ღვინისა და ნაყოფიერების ღმერთმა დიონისემ მის ქალიშვილებს უჩვეულო უნარი მიანიჭა. რასაც ელაისი შეეხებოდა, ზეთად იქცეოდა; სპერმო ხორბლად აქცევდა ყოველივეს ხელის შეხებით, ხოლო ოინო – ღვინოდ. ამიტომ მრავალრიცხოვანი ლაშქრის სურსათით მომარაგება მათთვის სიძნელეს არ წარმოადგენდა. აგამემნონმა გადაწყვიტა, სასწაულმოქმედი ასულები თან წაეყვანა ლაშქრობაში, მაგრამ მათი მამისაგან უარი მიიღო.

    – მისანთა მიერ ნაწინასწარმეტყველებია, რომ ტროა ათი წლის შემდეგ დაეცემა. მოდით, თქვენი ლაშქრით აქ იყავით ამ დრომდე, ჩემი ქალიშვილები არაფერს მოგაკლებენ, ხოლო მეათე წელს გაემგზავრეთ ტროასკენ, – უთხრა მათ დელოსის მეფემ.

    აგამემნონს არ მოეწონა ასეთი წინადადება. ოდისევსმა და მენელაოსმა ძალით აიყვანეს ქალწულები გემზე, მაგრამ დიონისემ ისინი მტრედებად აქცია და მებრძოლთა ხელიდან დაიხსნა.

    ზოგი გადმოცემით, ტროასაკენ გამგზავრებულ მოლაშქრეებს გზა აერიათ და ტროადას მაგიერ მის მეზობლად მდებარე ქვეყანას – მიზიას მიადგნენ. მიზიელებთან შეტაკება მალე დამთავრდა, მისმა მეფემ, ტელეფოსმა, მოახერხა ბერძენთა უკუქცევა. მათი ხომალდები ქალღმერთ ჰერას მიერ ატეხილმა ქარიშხალმა გაფანტა ზღვაში. მოლაშქრენი საბერძნეთში დაბრუნდნენ და იმავე წელს ისევ შეიკრიბნენ ავლისში.

 

იფიგენია

 

    ბეოტიაში მეორედ შეკრებილი ბერძენთა მხედრობა დიდხანს იდგა ზღვის სანაპიროზე. ფლოტი ზურგის ქარს უცდიდა, რომ გამგზავრებულიყო, მაგრამ ამაოდ. მისანმა კალქასმა იწინასწარმეტყველა, მხედრობა მანამ ვერ დაიძვრება ადგილიდან, სანამ აგამემნონი თავის ასულ იფიგენიას არ შესწირავს ნადირობის ქალღმერთ არტემისსო. თურმე, მიკენის მეფეს ქალღმერთის კუთვნილი შველი მოეკლა და განერისხებინა იგი. აგამემნონი სასტიკ უარზე იდგა.

    – თუ ასეა, ლაშქრის მხედართმთავრობა უნდა დატოვო! – განუცხადეს მას სხვა წინამძღოლებმა.

    მხედართმთავარს არ ეჭაშნიკა ეს ამბავი და თქვა:

    – ჩემი მეუღლე, კლიტემნესტრა, არასდროს გაწირავს იფიგენიას.

    მაშინ კლიტემნესტრას წერილი მისწერეს – იფიგენიას აქილევსზე დაქორწინებას ვუპირებთ და სასწრაფოდ ავლისში უნდა ჩამოიყვანოო.

    აგამემნონმა მაინც ვერ დათმო შვილი და საიდუმლო ბარათი გაუგზავნა მეუღლეს, რომლითაც სიმართლეს ატყობინებდა, მაგრამ მისმა წერილმა კლიტემნესტრამდე ვერ მიაღწია, მენელაოსს ჩაუვარდა ხელში.

    კლიტემნესტრა და იფიგენია გახარებულები ჩამოვიდნენ ავლისში, მაგრამ დაქორწინების ნაცვლად მშვენიერ ასულს საშინელი ამბავი აუწყეს. ის მსხვერპლად უნდა შეეწირათ ნადირობის ქალღმერთისთვის. კლიტემნესტრას სასოწარკვეთას საზღვარი არ ჰქონდა. აგამემნონიც დადარდიანებული იყო. აქილევსი ცდილობდა, როგორმე გადაერჩინა უმანკო ასული. ყველას ეძნელებოდა ამ შემზარავი მსხვერპლშეწირვის აღსრულება.

    თავად იფიგენიამ კი დიდსულოვნად განაცხადა:

    – თუკი ჩემი სიკვდილით გზა მიეცემა ბერძენთა ძლევამოსილ ლაშქრობას, თანახმა ვარ, დავდო თავი მსხვერპლად!..

    ქალიშვილის სათნოებამ გული მოულბო არტემისს. ქალღმერთი მოიხიბლა მისი მშვიდი მორჩილებით და სამსხვერპლოზე აყვანილი ქალწული დაინდო. როცა ყველაფერი მზად იყო მსხვერპლშეწირვისთვის, ცაში უზარმაზარი ფრინველი გამოჩნდა, რომელსაც კლანჭებში შველი ეჭირა. უეცრად ყველაფერი ნისლით დაიბურა და სამსხვერპლოზე იფიგენიას ადგილას შველი აღმოჩნდა. არტემისმა ასულის ნაცვლად შველი შეიწირა მსხვერპლად, ხოლო იფიგენია ცაში აიტაცა და სკვითების ქვეყანაში დასვა ერთ ტაძარში თავის ქურუმად.

    განცვიფრებული ბერნები დიდხანს უცქერდნენ ოქროსფერი ნისლის საბურველს, რომლის მიღმა იფიგენია ქრებოდა.

    მალე დასავლეთის ქარმა – ზეფირმა დაუბერა და საბერძნეთის ფლოტმა ტროასაკენ აიღო გეზი.

 

ომის დასაწყისი

 

    გადაცურეს ელინთა გემებმა ეგეოსის ზღვა და მიუახლოვდნენ ტროას. სანამ გემებს მიაყენებდნენ ნაპირთან, ოდისევსი და მენელაოსი გააგზავნეს ქალაქში და შეუთვალეს მეფე პრიამოსს, უბრძოლველად დავტოვებთ თქვენს ქვეყანას, თუ დედოფალ ელენეს და მასთან ერთად გატაცებულ განძს დაგვიბრუნებთო.

    ტროელებმა უარყვეს ბერძნების წინადადება და თავდაცვისათვის მზადება დაიწყეს. მათ გალავანშემოვლებული ქალაქი კიდევ უფრო გაამაგრეს და მოკავშირეებს უხმეს დასახმარებლად. ტროელებს მხარში ამოუდგნენ მეზობლად მცხოვრები ხალხები: დარდანიელები, თრაკიელები, კიკონები, მიზიელები, ფრიგიელები, მეონიელები, ჰალიძონები და სხვანი.

    ბერძნებმა ხომალდები ნაპირს მიაყენეს და ფეხი შედგეს აზიის მიწაზე. ტროელები გემებისკენ გაემართნენ და ქვები დაუშინეს ელინებს. გაიმართა პირველი ბრძოლა. ელინთა ხომალდიდან ყველაზე ადრე პროტესილაოსი გადახტა, ეკვეთა დამხვდურებს, უმალ დასცა რამდენიმე ტროელი, მაგრამ ტროელთა მამაცმა უფლისწულმა ჰექტორმა სძლია მას. ეს იყო ბერძენთა პირველი მსხვერპლი ტროას ომში. მალე აქილევსი ეკვეთა მტერს თავისი მებრძოლებით. ტროელთა მხრიდან ზღვის ღმერთის, პოსეიდონის ვაჟი კიკნოსი ანადგურებდა ბერძენ მეომრებს. აქილევსი ბაწრით ახრჩობდა მას, მაგრამ ზღვის ღმერთმა გედად გადააქცია ვაჟი და მოაცილა ბრძოლის ველს. თავდამსხმელთა შეტევას ვერ გაუძლეს ტროელებმა და ქალაქის გალავანში ჩაიკეტნენ.

    ბერძნებმა ხომალდები ნაპირზე გამოათრიეს, იქვე ვრცელ დაბლობზე კარვები გაშალეს და დაბანაკდნენ. ახლომდებარე მაღლობზე მოჩანდა ქალაქი ტროა, ანუ ილიონი – ვრცელი და უცხოდ ნაშენი. იგი მაღალი გალავნით იყო გარშემორტყმული და საიმედოდ დაცული. ქალაქის შუაგულში ათენას მშვენიერი ტაძარი ბრწყინავდა, იქვე აღმართულიყვნენ მეფე პრიამოსისა და მისი ვაჟიშვილების მშვენიერი სასახლეები.

 

 

ომის მიმდინარეობა

    საომარი მოქმედება შესვენებებით მიმდინარეობდა. ქალაქის დამცველები წარმატებით იგერიებდნენ ელინთა შეტევებს. ისინი ხშირად გალავნის გარეთაც გამოდიოდნენ და თავდასხმებს აწყობდნენ ბერძნების ბანაკზე. მეომრები შუბებით, მახვილებით, მშვილდ-ისრებითა და შურდულებით იყვნენ შეიარაღებული; ხელში ფარები ეჭირათ, ტანზე ჯავშანი ეცვათ, თავზე კი ჩაჩქანი ეხურათ. დიდგვაროვანნი ცხენებშებმული ეტლებით იბრძოდნენ.

    ბრძოლები მდინარე სკამანდროსის დაბლობზე იმართებოდა. ბერძენთა ბანაკიდან გამოიჭრებოდა ხოლმე რომელიმე მხედართმთავარი და მთელ ლაშქარს გამოიყოლებდა. ტროელებისა და მათი მოკავშირეებს ზვავივით ატყდებოდნენ ხოლმე თავს დიომედესისა და დიდი აიაქსის მეთაურობით მებრძოლი რაზმები. მედგრად ებრძოდნენ მტერს აგამემნონი, მენელაოსი, ოდისევსი და მოხუცი ნესტორი. აქილევსი მტრის რაზმის შუაგულში იჭრებოდა და შიშის ზარს სცემდა ტროელთ. მასთან შებმას პრიამოსის მამაცი ძე ჰექტორიც კი გაურბოდა. ხშირად მთელი დღე გრძელდებოდა დილით დაწყებული ბრძოლა. ღამის დადგომისას გაიყრებოდნენ ხოლმე მებრძოლნი და თავიანთ პოზიციებს მიაშურებდნენ. ბერძნები კარვებთან ბრუნდებოდნენ, სადაც მონები და მოსამსახურენი ვახშამს ახვედრებდნენ მოგიზგიზე კოცონებთან. ტროელები გალავანს შიგნით, ქალაქში შედიოდნენ, ჭიშკარს რაზავდნენ და უშიშრად გრძნობდნენ თავს. ბრძოლით დამაშვრალებს იქ დიასახლისები აპურებდნენ, მტვერსა და სისხლს ჩამოჰბანდნენ და ღვინით სავსე სასმისებს აწვდიდნენ.

    ზოგჯერ ორთაბრძოლებიც იმართებოდა მოწინააღმდეგეთა შორის. ძალგულოვანი გმირები გამოდიოდნენ ბრძოლის ველზე და ერკინებოდნენ ერთმანეთს. მათ თვალს ადევნებდნენ ქალაქის გალავნიდან და ბერძენთა ბანაკის მისადგომებიდან. ორთაბრძოლაში გამარჯვებული იარაღს აჰყრიდა ხოლმე დამარცხებულს და ტრიუმფით ბრუნდებოდა უკან.

    ბერძნები ტროას ახლომდებარე დასახლებებსაც ესხმოდნენ თავს. აქილევსმა იდას მთაზედაც კი ილაშქრა, მწყემსები დააწიოკა და ჯოგები ჩამორეკა თავის ბანაკში. ამის შემდეგ პელევსის ძემ დაიპყრო ქალაქები – კოლოფონი, სმირნა, სიდა და ლირნესი. ლირნესში იგი შეხვდა სახელოვან ენეასს, აფროდიტესა და ანქისესის შვილს, რომელიც ტროელთა მხარეს იბრძოდა.

    ამ ბრძოლების დროს ბერძნებმა ხელში ჩაიგდეს ულამაზესი ქალწული – სინათლის ღმერთ აპოლონის ქურუმის, ქრისეს ქალიშვილი ქრისეისი. ნადავლის გაყოფისას ქრისეისი აგამემნონმა დაისაკუთრა, ხოლო აქილევსს ტროელი მისნის მომხიბვლელი ასული ბრისეისი ხვდა წილად.

    შეტაკებები გრძელდებოდა, მაგრამ ომს დასასრული არ უჩანდა. ბერძნები ბრძოლის ველზე ჯაბნიდნენ ტროელებს, თუმცა ქალაქის გალავანში შესვლას ვერ ახერხებდნენ.

    ამასობაში ომის დაწყებიდან ცხრა წელი მიილია.

 

 

აქილევსისა და აგამემნონის დავა

 

    ომის მეათე წელს ბერძენთა ბანაკში შავი ჭირი გაჩნდა. უკურნებელი სენი აპოლონმა მოუვლინა ელინებს მისი ქურუმის – ქრისესის განაწყენებისათვის.

    ქურუმი ქრისესი ბერძენთა ბანაკში მისულა და თავისი მშვენიერი ქალიშვილის, ქრისეისის გათავისუფლება უთხოვია აგამემნონისათვის. მხედართმთავარს ყურად არ უღია მოხუცის მუდარა და ბანაკიდან გაუგდია იგი. უნუგეშო მამას სინათლისა და მისნობის მფარველი აპოლონისთვის უთხოვია ბერძნების დასჯა.

    განრისხებული აპოლონი მაშინვე გამოემართა ოლიმპოს მწვერვალიდან და შავი ჭირი შეჰყარა ელინ მებრძოლებს. ათი დღე უმოწყალოდ იჟლიტებოდა ჯარი. მისანმა კალქასმა ახსნა უბედურების მიზეზი – ქრისესის განაწყენებისთვის სჯის აპოლონი ბერძნებსო. ამ ამბავმა განარისხა გმირი აქილევსი. იგი აგამემნონთან მიიჭრა და მოსთხოვა, დაუყოვნებლივ დაებრუნებინა ქრისეისი მამისათვის.

    – ახლა დათმე ქურუმის ასული, სამაგიეროდ, როცა ტროას ავიღებთ, დანაკარგს სამმაგად გიზღავთ, – უთხრა მან მთავარსარდალს.

    აგამემნონმა გაათავისუფლა ქრისეისი და მამასთან გაგზავნა, მაგრამ ზარალის ანაზღაურება მაშინვე მოითხოვა.

    – მე დაპირებებით ვერ დავკმაყოფილდები, ახლავე მოვითხოვ ქრისეისის სამაგიეროს, შენი ბრისეისი უნდა მომცე! – უკმეხად მიახალა აქილევსს.

    პელევსის ძე აღაშფოთა მთავარსარდლის სიტყვებმა.

    – როგორ ბედავ ასეთ ურცხვობას! მე შენთვის და შენი ძმის, მენელაოსისათვის სისხლსა ვღვრი ბრძოლის ველზე, შენ კი ჩემი კუთვნილი ნადავლის მიტაცება გსურს. ახლავე დავტოვებ აქაურობას და დავბრუნდები ჩემი მებრძოლებით საბერძნეთში! – უპასუხა აქილევსმა.

    – დაბრუნდი, თუ გსურს, უშენოდაც ვეყოფით ტროელებს, ოღონდ სანამ უკან წახვიდოდე, ლამაზღაწვება ბრისეისი უნდა გადმომცე, – უთხრა აგამემნონმა აქილევსს, – ამით გაიგებ, რომ ამ ლაშქარში უზენაესი მბრძანებელი მე ვარ და არა შენ!

    აქილევსი ამ სიტყვებმა მეტად განარისხა და მახვილით აპირებდა აგამემნონის განგმირვას, მაგრამ ქალღმერთმა ათენამ შეაჩერა იგი სხვებისგან უჩინრად. პელევსის ძემ მცირედ დაიცხრო რისხვა და მიმართა მთავარსარდალს:

    – შენ მშიშარა და ლოთი ხარ, აგამემნონ! როცა ჩვენ ბრძოლის ველზე სისხლსა ვღვრით, ბანაკში ზიხარ და ნაალაფარს ელოდები, არა მსურს შენთან ერთად ბრძოლა, ვტოვებ თქვენს ბანაკს, იცოდე, მალე ძალიან დაგჭირდებით, მაგრამ გვიან იქნება!

    წამოდგა პილოსის ბრძენი მეფე ნესტორი და განრისხებული მეომრების ტკბილი სიტყვებით დაშოშმინება სცადა:

    – დაწყნარდით გმირებო, მეტად გაიხარებენ ტროელები, თუ თქვენს დავას მოჰკრავენ ყურს. შენ ძლიერი ხარ, აგამემნონ, მაგრამ უსამართლოა შენი მხრიდან ბრისეისის მოთხოვნა. შენც დამშვიდდი, აქილევს. მიკენის მეფე ამ ომში ჩვენი ხელმძღვანელია, ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს და განხეთქილებით მტერს ნუ გავახარებთ.

    მხცოვან ნესტორს ყურადღებით მოუსმინეს.

    – მართალს ბრძანებთ, მოხუცო, მაგრამ ამ კაცმა აღზევება მოინდომა, რის უფლებასაც მე არ მივცემ, – განაცხადა აგამემნონმა.

    – ლაჩარი ვიქნები, თუ შენს ბრძანებას დავემორჩილები. შეგიძლია მხევალი უკან დაიბრუნო, მაგრამ ჩემს ჯართან კი ხელი არა გაქვს! – თქვა აქილევსმა და დატოვა ბანაკი.

    აგამემნონის ბრძანებით, ბრისეისი წაიყვანეს აქილევსის ბანაკიდან. პელევსის ძეს წინააღმდეგობა არ გაუწევია აგამემნონის მსახურებისთვის, მაგრამ შეურაცხყოფილმა ზურგი აქცია ბრძოლის ველს და თავის ბანაკში ჩაიკეტა.

 

 

პარისისა და მენელაოსის ბრძოლა

 

    ტროელებმა შეიტყვეს ბერძენთა შორის განხეთქილების ამბავი და გულმოცემულებმა შეუტიეს მტერს. აგამემნონს შეეშინდა ბრძოლის გაგრძელება და დათანხმდა ტროელების წამოყენებულ პირობას – პარისისა და მენელაოსის ორთაბრძოლას გადაეწყვიტა ომის ბედი.

    დედოფალი ელენე ქალაქის კედლებიდან ადევნებდა თვალს ამ ორთაბრძოლას. ერთი კოშკიდან მოხუცმა ტროელებმა დაინახეს იგი და დედოფლის სილამაზით განცვიფრებულებმა წამოიძახეს:

    – ნამდვილად ღირს ასეთი ქალი იმ გაჭირვებად, რასაც ბერძნები და ტროელები იტანენ ამ ომში, უკვდავ ქალღმერთებს უტოლდება იგი სილამაზით.

    მერე მეფე პრიამოსი შემოხვდა ელენეს და თავისთან იხმო ტკბილი სიტყვით:

    – მოდი, ჩემო საყვარელო ასულო, ჩემთან ჩამოჯექი, ერთად ვადევნოთ თვალი ბრძოლის ველს. ისიც იცოდე, რომ შენ არ მიგიძღვის ბრალი ამ ომში, იგი ღმერთებმა წამოიწყეს.

    – აი, ისაა აგამემნონი, მის ახლოს ოდისევსი და იდომენევსია, – ტროას გალავნიდან აჩვენებდა ელენე მეფე პრიამოსს ბერძენთა წინამძღოლებს.

    მალე პრიამოსი ბრძოლის ველზე იხმეს, რათა ფიცი დაედო ბერძნებთან, რომ ორთაბრძოლის პირობები არ დაირღვეოდა.

    პარისის ნასროლი შუბი ფარზე შეელეწა მენელაოსს, მერე სპარტის მეფემ სტყორცნა შუბი მოწინააღმდეგეს, ფარი გაუხვრიტა და აბჯარშიც გაატანა. ამის შემდეგ ხმალი იშიშვლა მენელაოსმა და დაჰკრა პარისის მუზარადს, მაგრამ გადაიმსხვრა მახვილი; ბოლოს მიიჭრა ტროელ უფლისწულთან, ჩაჩქნის ღვედში ჩაავლო ხელი და ელინთა მხედრობისაკენ წაათრია, მაგრამ აქაც არ გაუმართლა, ღვედი გაწყდა და მოწინააღმდეგის ჩაჩქანი შერჩა ხელში. ამასობაში ქალღმერთმა აფროდიტემ პარისს ბურუსი შემოახვია და ბრძოლის ველს მოაშორა.

    ქალაქში დაბრუნებული პარისი ელენეს შეხვდა. ქალმა საყვედურით აღსავსე მზერა მიაპყრო მეუღლეს, რადგან მენელაოსმა დაჯაბნა იგი.

    ბერძნებმა გამარჯვებულად ჩათვალეს თავი, მაგრამ ტროელებმა გატეხეს ფიცი.

    მხარეებს შორის შეთანხმება რომ დაერღვიათ, ჰერამ და ათენამ ზევსიც ჩარიეს ომში. ათენას ძალისხმევით, ტროელთა მხრიდან პანდაროსმა ესროლა ისარი მენელაოსს და მსუბუქად დაჭრა. ამის მნახველმა ბერძნებმა ისევ შეუტიეს ტროელებს. გაჩაღდა სასტიკი ბრძოლა. მძვინვარებდნენ მებრძოლები, ბევრიც დაეცა ბრძოლის ველზე. იერიშზე დიომედესი გადავიდა, რომელსაც მთელი ლაშქარი გაჰყვა. ბერძნებმა თითქმის მიაღწიეს ქალაქის კედლებს. შეუდარებლად იბრძოდა იმ დღეს დიომედესი, ყველა გმირს აჯობა მამაცობით. მან ჯერ პანდაროსი მოკლა, მერე უზარმაზარი ლოდი ესროლა ენეასს და აფროდიტე რომ არა, მასაც მიწასთან გაასწორებდა. ძლევამოსილმა არგოსელმა ბოლოს ქალღმერთი აფროდიტე და თვით ომის ღმერთი არესიც კი დაჭრა და გააძევა ბრძოლის ველიდან.

 

 

ჰექტორი და ანდრომაქე

 

    სანამ მორიგ ბრძოლაში ჩაებმებოდა, ტროელთა წინამძღოლი ჰექტორი ქალაქში შებრუნდა. მას მისანმა ძმამ, ჰელენოსმა, ათენასათვის ახალი მსხვერპლის შეწირვა ურჩია. ჰექტორმა დედას დაავალა, მსხვერპლი შეეწირა და ეთხოვა ათენასათვის ბერძენთა გმირის, დიომედესის შეჩერება.

    ჰეკაბემ შეასრულა შვილის დავალება, თორმეტი ხარი შესწირა ათენას.

    ტროას დედოფალი მხურვალედ ავედრებდა ქალაქის მფარველ ქალღმერთს სამშობლოს, ოჯახს, თავისი შვილების სიცოცხლეს, სთხოვდა ბერძნების შეჩერებას:

    – მისმინე, თვალნათელო ქალწულო, მახვილი გადაუმსხვრიე დიომედესს და ტროას კედლებთან დაცემული მაჩვენე იგი.

    ჰექტორი ელენესთან მონებივრე პარისთან მივიდა, ლაჩრობისათვის გაკიცხა და ბრძოლისკენ მოუწოდა; ბოლოს მეუღლის – ანდრომაქესა და შვილის მოსაძებნად წავიდა და ქალაქის გალავანთან ნახა ისინი.

    – ნუღარ დაბრუნდები ბრძოლის ველზე, – უთხრა მას ანდრომაქემ, – იქნებ ჯობდეს, ქალაქში გამაგრებულიყავით და აქედან გებრძოლათ მტერთან, შენ რომ დაგკარგო, მეც ჰადესის პირქუშ სამეფოში მომიწევს ჩასვლა, რაღა მანუგეშებს ამქვეყნად?

    – დამშვიდდი, ძვირფასო, როგორ გავერიდო ბრძოლას, როცა ქვეყნის ბედი წყდება? მირჩევნია, ბრძოლის ველზე დავეცე, ვიდრე ილიონის დაცემას მოვესწრო და შენ ელინის ხელში ტყვედ ჩავარდნილი გიხილო.

    შემდეგ ჰექტორმა თავისი პატარა ვაჟი გამოართვა ძიძას და ღმერთებს მისი სახელოვნად გაზრდა შესთხოვა.

    – ნახვამდის, ძვირფასო, ბავშვს მიხედე და ღმერთებს ჩვენი გამარჯვებისთვის ევედრე, – უთხრა მან ანდრომაქეს, შვილი გადასცა, დაემშვიდობა და ბრძოლის ველს მიაშურა.

    პარისიც წამოეწია ძმას.

    – ხომ არ დავაგვიანე? – მობოდიშებით უთხრა მან ჰექტორს.

    – შენ მამაცი მეომარი ხარ, მაგრამ ბრძოლის ველზე იშვიათად გხედავენ. ამიტომაც საყვედურს ამბობენ შენზე ტროელი მებრძოლები. თუმცა ახლა საყვედურების დრო არაა, მალე ბრძოლაში უნდა ჩავებათ.

ბერძნები უკან იხევენ

 

    განახლდა ომი. ჰექტორი გავიდა ბრძოლის ველზე და ელინთაგან უმამაცესი გამოიწვია. მხცოვანმა ნესტორმა გაამხნევა ელინები. წამოიმართნენ ბერძენი გმირები, ყველას უნდოდა ჰექტორთან შერკინება. ბოლოს წილი ყარეს და დიდ აიაქსს მოუწია ტროელთან ბრძოლა. გახარებული გაიჭრა აიაქსი ბრძოლის ველზე. სტყორცნა შუბი გმირმა ჰექტორმა, რომელიც აიაქსის ფარში გაიჭედა ისე, რომ ვერაფერი დააკლო ელინს. აიაქსის ნასროლმა ოროლმა გაკვეთა ტროელის ფარი, მაგრამ გვერდით გადაიხარა ჰექტორი და უვნებელი დარჩა. კიდევ ესროლეს ერთმანეთს შუბები მებრძოლებმა. დაჭრილმა ჰექტორმა უზარმაზარი ლოდი სტყორცნა აიაქსს და ფარი დააგდებინა. აიაქსმა უფრო დიდი ლოდი მოგლიჯა და მუხლი დაუზიანა მოწინააღმდეგეს. საღამოს ბინდმა გაყარა ისინი. ჰექტორი და აიაქსი დაზავდნენ, ერთმანეთს იარაღი უსახსოვრეს და გაშორდნენ იქაურობას.

    რამდენიმე დღეში კვლავ განახლდა ტროელთა და ელინთა ბრძოლა. ყოვლისმპყრობელი ზევსი იდას მთაზე ავიდა და იქიდან მოავლო თვალი ბრძოლის ველს. ელინები ჯაბნიდნენ მტერს. ზევსმა მეხი სტყორცნა ბერძნების მხარეს და ტროელებს გაუკვალა გზა შეტევისათვის, მერე ოლიმპოზე დაბრუნდა და დანარჩენ ღმერთებს უთხრა:

    – სანამ აქილევსი არ ჩაერთვება ბრძოლაში, ვერავინ შეაჩერებს ტროელთა წინსვლას.

    უკან დაიხიეს ბერძნებმა. გმირი ჰექტორი ლომივით გრგვინავდა ბრძოლის ველზე, მან გაარღვია ბერძნების მიერ აგებული ზღუდე და გზა გაუკვალა თავის მებრძოლებს მტრის გემებისაკენ. ელინები ხომალდებს მიაწყდნენ და იქ დაიწყეს თავდაცვა. ღამის ბინდმა შეაჩერა ბრძოლა. ჰექტორი ქალაქში აღარ დაბრუნებულა, ბრძოლის ველზევე დააბანაკა თავისი მხედრობა; მერე ბრძანა, კოცონები დაენთოთ და თვალი არ მოეცილებინათ ბერძნებისათვის, რომ არ გაქცეულიყვნენ ან ქალაქში არ შეეღწიათ.

    – ხვალ ისევ უნდა ვეკვეთოთ მტერს და საბოლოოდ გავანადგუროთ! – თქვა ბოლოს ილიონის მთავარმა მცველმა.

 

     ელინთა მხედრობის წარმატებანი და მარცხი

 

    გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ბერძნებმა ბჭობა გამართეს. აგამემნონი საბერძნეთში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ დიომედესმა გაკიცხა მხედართმთავარი. ნესტორმა ურჩია აგამემნონს, დაებრუნებინა აქილევსისთვის ბრისეისი და შემოერიგებინა იგი. აგამემნონმა აღიარა დანაშაული, ქედი მოიხარა პელევსის ძის წინაშე, ოდისევსი და დიდი აიაქსი გაგზავნა მასთან და შერიგება სთხოვა. აქილევსი უარზე იდგა, არ აპირებდა აგამემნონთან შერიგებას.

    ღამით ბერძნებმა დიომედესი და ოდისევსი ტროელთა პოზიციების დასაზვერად გაგზავნეს. თავის მხრივ ტროელებიც ზვერავდნენ ბერძნების ბანაკს, მათ დოლონი გამოგზავნეს მზირად, მაგრამ იგი დიომედესს და ოდისევსს ჩაუვარდა ხელში. გმირებმა აიძულეს დოლონი, ეთქვა – სად იყო ტროელთა ბანაკი განლაგებული, აპირებდნენ თუ არა ქალაქში დაბრუნებას ან მათ მოკავშირეებს რა გეგმები ჰქონდათ. შეშინებულმა დოლონმა ყველაფერი ჩამოფქვა, ისიც კი უთხრა ბერძენ მზვერავებს, ახლახან თრაკიის მეფე რუსოსი მიეშველა ტროელებს და აქვე ახლოს დაბანაკდა, მას ქარზე უსწრაფესი თეთრი რაშები ჰყავსო.

    არ დაინდეს ტროელთა მზვერავი დიომედესმა და ოდისევსმა, სიცოცხლეს გამოასალმეს იგი და ჩუმად გასწიეს თრაკიის მეფის ბანაკისაკენ. დიომედესმა დახოცა თრაკიელი მცველები და მერე მეფე რუსოსიც გაისტუმრა ჰადესში. ოდისევსმა ამასობაში თრაკიელთა თეთრი რაშები მოიყვანა, ორივენი მოასხდნენ ცხენებს და გამოაქროლეს ბერძენთა ბანაკისაკენ.

    დილით ისევ განახლდა ბრძოლა. ამჯერად აგამემნონი გაუძღვა წინ ელინთა მხედრობას, შეუტია ტროელთა წინამძღოლებს და რამდენიმე განგმირა. სისხლით მოირწყო ბრძოლის ველი. წინამძღოლის მამაცობამ გაამხნევა ბერძნები. ფლანგებზე გადაიტანა ბრძოლა აგამემნონმა, დაერია ტროელთა მოკავშირეებს, ამოწყვიტა მათი ბელადები და დაახევინა უკან.

    ზევსმა ღმერთების მაცნე ირისი გაგზავნა ჰექტორთან.

    – რას ფიქრობ, რატომ ბრძოლის ცეცხლით არ აღაგზნებ შენს ჯარს, როდემდე გინდა ახოცვინო აგამემნონს შენი მეომრები? – უთვლიდა ოლიმპოს მპყრობელი ტროელ გმირს.

    ჰექტორმა შეაჩერა უკანდახეული მებრძოლები, იერიშისაკენ მოუწოდა და გაუძღვა წინ. ისევ განახლდა ბრძოლა. აგამემნონმა მტრის მრავალი მხედარი დასცა ძირს, ბოლოს თვითონაც დაიჭრა და შებრუნდა ბანაკისაკენ. მართლაც გმირულად იომა იმ დღეს მიკენის მეფემ, მრავალ ტროელ გმირს დაუბნელა მზე. ბრძოლის ველს გაცილებულმა მხედართმთავარმა შეუძახა დიომედესსა და ოდისევსს, არ დაეხიათ უკან, ისევ ჰკვეთებოდნენ მტერს.

    ბერძნების მიერ აღმართულ ზღუდეებთან ხელახლა შენივთდა ბრძოლა. მედგრად შეუტიეს ტროელებმა, მაგრამ ელინები გმირულად იცავდნენ თავს. ჰექტორმა მოახერხა წინ გაჭრა, ვეება ლოდი აიტაცა და ესროლა მტრის ზღუდეს. გაირღვა ზღუდე და გაეხსნათ ტროელებს გზა ბერძენთა ხომალდებისკენ. გემებთან ისევ გაიმართა სასტიკი ბრძოლა. ტროელებმა ჰექტორის მეთაურობით მორიგ წარმატებას მიაღწიეს.

    ზევსი გულმოსული იყო ელინთა მხედრობაზე, აღარ სწყალობდა მათ აქილევსის განაწყენების გამო და ამიტომ იხევდნენ ბერძნები უკან. ქალღმერთმა ჰერამ იდას მთებს მიაშურა, ბრძოლის მაცქერალ ზევსს მიეახლა, მიეალერსა და ჩააძინა ქმარი, მერე კი ისევ ელინებს მოუმართა ხელი.

    ბერძნებმა წინ წაიწიეს, ერთხანს ისევ დაჯაბნეს ტროელები. დიდმა აიაქსმა ლოდი ესროლა ჰექტორს. მუხლი მოეკვეთა ტროელთა მხედრობის სარდალს. გაიწიეს მის მოსაკლავად ბერძნებმა, მაგრამ ტროელმა გმირებმა – პოლიდამანტმა, ენეასმა, სარპედონმა და სხვებმა – გაარიდეს ბრძოლას თავიანთი წინამძღოლი. ბერძნებმა გემებიდან განდევნეს მტერი და უკან გამოუდგნენ.

    ამ დროს ოლიმპოს მპყრობელმა გაიღვიძა და ისევ შემატა მხნეობა ტროელებს. მან აპოლონი გაგზავნა ქალაქის დამცველების დასახმარებლად. ჰექტორმა ღონე მოიკრიბა და ისევ ჩაერია ბრძოლაში. ღმერთების მიერ ძალამიცემულმა ტროელებმა უკან დაახევინეს ბერძნებს თავიანთი გემებისაკენ. კვლავ ხომალდებთან გაჩაღდა ბრძოლა.

    – ზევსი ჩვენკენაა, ტროელნო, ჩქარა ჩირაღდანი, ცეცხლს მივცეთ მტრის გემები! – იყვირა ჰექტორმა.

    შეუდრეკლად იდგნენ ელინები თავიანთ გემებთან.

    – გმირებო, აღარა გვაქვს უკანდასახევი გზა, ჩვენ უკან ზღვაა მხოლოდ და ძალიან შორს – საყვარელი სამშობლო, ჩვენი ხსნა მხოლოდ ჩვენვე შეგვიძლია! – შეუძახა ელინებს დიდმა აიაქსმა და დაერია გემებთან მომდგარ ტროელებს – თორმეტი მათგანი გამოასალმა უცებ სიცოცხლეს.

    აქილევსის საყვარელ მეგობარსა და თანამებრძოლს, პატროკლეს, მოჰბეზრებოდა ბრძოლის ცქერა შორიდან, გემებთან მისულიყო და ჭრილობას უხვევდა ერთ მებრძოლს. დასამარცხებლად განწირული ბერძნული მხედრობის დანახვაზე მან აქილევსის ბანაკისაკენ გასწია.

    – წავალ აქილევსთან, იქნებ დავიყოლიო, რომ ბრძოლაში ჩაებას, – დაუბარა მან ქანცგაწყვეტილ ბერძენ მეომრებს.

 

პატროკლეს ჩაბმა ომში

 

    ელინთა შეჭირვებით გულმოკლული პატროკლე ცრემლების ფრქვევით დაბრუნდა აქილევსის ბანაკში.

    – რა გატირებს, პატროკლე, პატარა ბავშვს მაგონებ მაგ ცრემლებით. ნუთუ ცუდი ამბავი მოიტანე ბრძოლის ველიდან? იქნებ ელინთა ბედზე შფოთავ, საკუთარ გემებთან რომ ისრისებიან ტროელთაგან ძლეულნი.

    – შემინდე ცრემლის ფრქვევა, გმირო აქილევს, ელინების დიდი გასაჭირის გულგრილად ცქერა არ ძალმიძს. აგამემნონი, ოდისევსი და დიომედესი დაჭრილები არიან. ბევრი მებრძოლი მოგვიკლეს ტროელებმა. აქილევს, ნუთუ გული არ გეწვის მათი ცოდვით, ნუთუ აღარ დაგიცხრა რისხვა? ნუთუ ისეთი გულქვა გახდი, რომ თანამებრძოლთა ბედი აღარ გაღელვებს? ნუთუ შენ გულმოწყალე თეტისისა და პელევსის შვილი არ ხარ? მე მაინც მომეცი ნება, ჩავერთო ომში შენი მირმიდონელებით, იქნებ რამე ვუშველო სისხლმდინარე თანამებრძოლებს. შენი საჭურველიც მათხოვე, ვინძლო ფეხმარდი აქილევსი ვეგონო მტერს.

    – ჩემო კეთილო მეგობარო, მე ვერ დავივიწყებ აგამემნონისაგან მოყენებულ წყენას, რადგან უსამართლოდ მოინდომა ჩემი დაჩაგვრა. მანამ არ ჩავებმები ომში, სანამ ჩემს გემებამდე არ მოვა მტერი. შენ კი ნებას მოგცემ, მიეშველო გაჭირვებულთ, შეიმოსე ჩემი საჭურვლით და გაიყოლე მირმიდონელები. იმედი მაქვს, გემებთან მომდგარ მტერს იოლად განდევნი. ოღონდ ბოლომდე ნუ გაჰყვები, ნუ გაგიტაცებს ტროელთა დევნა. წადი, დროზე მიეშველე ბერძნებს, ცეცხლს არ მისცეს მათი ხომალდები მტერმა. სახელი მომიხვეჭე ჩვენი მებრძოლებით, რომ უკან მომგვარონ ელინებმა ნაზი ქალწული და აურაცხელი ოქრო-ვერცხლიც მოაყოლონ თან.

    ამ საუბარში იყო აქილევსი, რომ ელინთა ერთ-ერთი გემიდან ცეცხლი ავარდა. ამის მნახველმა ისევ ააჩქარა პატროკლე:

    – იჩქარე, ჩემო ძმობილო, ხედავ, გემზე ცეცხლი გიზგიზებს უკვე, გზა მოგვეჭრება, თუ ხომალდები ჩაიგდეს ხელში. შენ საჭურველი აისხი, მე კი ჯარს მოვამზადებ.

    სწრაფად აისხა პატროკლემ აქილევსის იარაღი. ცხენები მოუმზადეს საომრად მიმავალ გმირს. აქილევსმა კარვებს დაუარა, მებრძოლებს შეუძახა, სწრაფად დააწყო რაზმებად მირმიდონელთა ლაშქარი, წინამძღოლები დაუყენა წინ და სიტყვით მიმართა:

    – მეომრებო, თქვენ დიდი ხანია ბრძოლას ნატრობდით. აი, დაგიდგათ ჟამი თავის გამოჩენისა, აბა, ვისაც გული ერჩის, შეებას ტროელებს!

    მერე ღვინით სავსე თასი აიღო ხელში და ოლიმპოს მპყრობელს შესთხოვა:

    – დიადო ზევსო, გაუმარჯვე პატროკლეს და ჩემს ლაშქარს, უვნებლად დამიბრუნე ომიდან!

    გაუძღვა პატროკლე ლაშქარს და წაიყვანა ბრძოლის ველისკენ.

    მირმიდონელთა გამოჩენამ თავზარი დასცა ტროელებს. მათ ეგონათ, რომ აქილევსი ჩაება ბრძოლაში. თუმცა პატროკლეც გამორჩეული მებრძოლი იყო და თავისი ჯარით გარდატეხა შეიტანა ომში. რამდენიმე წინამძღოლი მოუკლა ტროელებს პატროკლემ, მალე განდევნეს მირმიდონელებმა ბერძენთა გემებიდან ტროელთა ლაშქარი. ახალი ძალით ჩაებნენ ბრძოლაში ელინი გმირები – მენელაოსი, იდომენევსი, დიდი აიაქსი და პატარა აიაქსი. ლაშქარს წინ უძღოდა უებრო პატროკლე, ჰექტორთან შებმა სწყუროდა გულმოცემულ გმირს.

    ტროელთა რჩეული მებრძოლი სარპედონი გადაუდგა წინ პატროკლეს. სტყორცნა შუბი აქილევსის მეგობარმა და დასცა ძირს მტერი. ისევ გაგრძელდა დევნა. პატროკლე ილიონისკენ მიერეკებოდა მტერს.

    აპოლონმა გაამხნევა ტროელები, შემოუბრუნდნენ ბერძნებსა და მირმიდონელებს, თან ლიკიელნი ამოიყენეს მხარში. ჰექტორი გამოემართა პატროკლესაკენ, მაგრამ მირმიდონელთა წინამძღოლმა ქვით გაუპო შუბლი მის მეეტლეს და მიწას დაანარცხა. აპოლონი ჩაერთო ისევ ბრძოლაში, იარაღი აჰყარა პატროკლეს. მაშინ იხელთა დრო ჰექტორმა და შუბით დასცა ძირს აქილევსის ძმობილი.

    – ვეღარ გიშველის აქილევსი, – მიაძახა ჰექტორმა პატროკლეს, – ალბათ, მან გამოგიშვა ჩემთან საომრად.

    – ზევსისა და აპოლონის შემწეობით გაიმარჯვე, ჰექტორ, მაგრამ არ შეგარჩენს აქილევსი ჩემს სისხლს, მალე მოგიღებს ბოლოს! – უთხრა ტროელთა სარდალს პატროკლემ და სული განუტევა.

    პატროკლეს დაღუპვამ დიდი არეულობა გამოიწვია ბერძნების ჯარში. აქილევსის საჭურველი აჰყარეს მოკლულს ტროელებმა. მალე ჰექტორი აღიჭურვა აქილევსის იარაღით და მედგრად შეუტია ბერძნებს. მენელაოსი იცავდა პატროკლეს სხეულს, რომლის მოტაცებას ცდილობდნენ ტროელები. სპარტის მეფეს მალე დიდი აიაქსი მიეშველა. გმირის სხეულისთვის გამართული საშინელი ხოცვა-ჟლეტა არ ცხრებოდა. რამდენიმე ბერძენი და უფრო მეტი ტროელი დაეცა მის ახლოს.

    მენელაოსმა ანტილოქოსი გაგზავნა აქილევსთან, რათა მეგობრის დაღუპვა ეცნობებინა. რიდით მოახსენეს აქილევსს საშინელი ამბავი. მწუხარებისაგან გაშმაგდა პელევსის ძე, თავზე ნაცარი დაიყარა და თმების გლეჯა დაიწყო. მირმიდონელთა მთელი ბანაკი აჰყვა თავის მეთაურს, საშინელი მოთქმა და გოდება იდგა. საიდანღაც ქალღმერთი თეტისი გაჩნდა და ნუგეშის ცემა დაუწყო შვილს.

    – რა მანუგეშებს, დედა? მე ხომ საყვარელი თანამებრძოლი მომიკლეს! პატროკლე ყველა მეგობარზე მეტად მიყვარდა. ჰექტორმა მოკლა იგი და ჩემი საჭურველიც აჰყარა, რომელიც თქვენს ქორწილზე აჩუქა მამაჩემს ღმერთების მჭედელმა ჰეფესტომ. შური უნდა ვიძიო მეგობრისათვის.

    – ვაიმე, შვილო! ხომ იცი, რომ ჰექტორის სიკვდილის შემდეგ დიდი დღე არ გიწერია? – შეახსენა მისანთა წინასწარმეტყველება თეტისმა.

    აქილევსის დამშვიდება შეუძლებელი იყო. თეტისი იძულებული გახდა, შეჰპირებოდა შვილს, რომ ახალ საჭურველს გააჭედინებდა ღმერთ ჰეფესტოს.

    ამ დროს ირისი მიუახლოვდა აქილევსს და შეატყობინა პატროკლეს გვამისთვის გამართული ბრძოლის შესახებ. აქილევსი უსაჭურვლოდ მიადგა ბრძოლის ველს და რამდენჯერმე მძლავრად შეჰყვირა. ტროელები შეშინდნენ მისი ხმის გაგონებაზე და ილიონისკენ იბრუნეს პირი. მენელაოსმა და დიდმა აიაქსმა მოიტაცეს პატროკლეს გვამი და ბერძენთა ბანაკისაკენ წაიღეს.

    – ვერ გავახარე მამაშენი, ვერ დაგაბრუნე სამშობლოში უვნებლად, მე შურს ვიძიებ შენთვის, მეგობარო! – მთელი ღამე დასტიროდა მირმიდონელთა ხომალდებთან დასვენებულ მეგობარს აქილევსი.

    იმავე ღამით თეტისმა შვილისთვის ახალი საჭურველი გააჭედინა ჰეფესტოს.

აქილევსის ჩაბმა ომში

    გათენდა მეორე დღე. როცა აისი აელვარდა ზღვის პირას, ქალღმერთმა თეტისმა ახალთახალი საჭურველი მიუტანა შვილს. მზეც ამოვიდა და მრავალფერად აბრწყინდა მის სხივებზე მჭედლობის ღმერთის უბადლო ნახელავი. აქილევსს მოეწონა საჭურველი, მოამზადა მირმიდონელთა რაზმები და ბერძენთა ბანაკისაკენ გასწია.

    პატივით მიიღეს იგი, მიეახლნენ დაჭრილი ოდისევსი და დიომედესი, გამოჩნდა აგამემნონიც.

    – ბრძოლის ველის შორიდან ყურება აღარ შემიძლია. პატროკლეს დაკარგვის შემდეგ უომრად ვერ დავდგები! აგამემნონ, ნუთუ შენც ახლავე არ ჩაებმები ომში? – მიმართა აქილევსმა მხედართმთავრებს.

    აგამემნონს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი აქილევსის შემორიგება, რადგან იცოდა, რომ მის გარეშე ამ ომს ვერასდროს მოიგებდნენ, ამიტომ მობოდიშებით დაიწყო საუბარი:

    – მეგობრებო, ჩემი ბრალი არაა აქილევსის მომდურება, ღმერთებმა ამიბნიეს გონება. გმირო აქილევს, ახლავე უკან დაგიბრუნებ ყოველივეს, რაც წაგართვი და ზედაც უამრავ საჩუქარს დავამატებ.

    – სანამ ძმობილი პატროკლე მიწევს მკვდარი კარავში, საჩუქრებზე ვერ ვიფიქრებ, უმჯობესია, ბრძოლაში ჩავებათ! – მიუგო მას აქილევსმა.

    – ჯერ ლაშქარი უნდა დავაპუროთ და მერე ჩავებათ ბრძოლაში! – უთხრა ოდისევსმა პელევსის ძეს.

    ამასობაში აქილევსს დაუბრუნეს ულამაზესი ბრისეისი, რომელსაც შვიდი უმანკო ქალწული და უამრავი განძი გააყოლა აგამემნონმა.

    – მოწმედა მყავს დიადი ზევსი, ცა და ქვეყანა, რომ ბრისეს ასულისათვის ხელი არ მიხლია, თუ ტყუილს ვამბობდე, ღმერთებმა დამსაჯონ! – თქვა მიკენის მეფემ.

    – ჩემი და აგამემნონის ჩხუბი ღმერთებმა მოინდომეს, აღარასოდეს დაირღვევა ჩვენი თანხმობა! – დაამატა აქილევსმა.

    გმირები შერიგდნენ. ბრისეისი და სხვა ქალწულები აქილევსის ბანაკში წაიყვანეს. იქვე წაიღეს აგამემნონის მიერ ნაბოძები სხვა საჩუქრებიც. ბრისეისმა დიდი მწუხარებით დაიტირა პატროკლე, რომელიც მუდამ კეთილად ექცეოდა ტყვე ქალს.

    ლაშქარი საბრძოლველად მოემზადა. აქილევსმა აისხა ჰეფესტოს მიერ გაჭედილი ახალი საჭურველი, ცხენები შეაბმევინა ეტლში და შურისძიების წყურვილით სავსემ ბრძოლის ველს მიაშურა.

 

 

ღმერთებიც იბრძვიან

 

    ღმერთებმა მთელი ყურადღება ტროასთან მიმდინარე ომზე გადაიტანეს. ზევსმა მართლმსაჯულების ქალღმერთ თემისს დაავალა კრების მოწვევა. ღმერთებმა, ქალღმერთებმა და ნიმფებმა ერთად მოიყარეს თავი.

    – მე ყველას მოგიწოდებთ ბრძოლისკენ. არ მინდა, აქილევსმა ტროა მიწასთან გაასწოროს.

    დატოვეს ოლიმპოს მთა ღმერთებმა და ჩაერთვნენ ბრძოლაში. ჰერა, ათენა, პოსეიდონი, ჰეფესტო და ჰერმესი ბერძნების საშველად მიადგნენ ბრძოლის ველს. ომის ღმერთი არესი, აპოლონი, არტემისი, ზევსის სატრფო  ლეტო, მდინარის ღმერთი ქსანთოსი და აფროდიტე ტროელებს მიეხმარნენ. მტრობის ქალღმერთმა ერისმა, რომლის წამოწყებულიც იყო ეს ომი, ბრძოლის სურვილით აღავსო მეომართა გულები. ზევსმა მეხი დასცა ბრძოლის ველს და ოლიმპოდან მიადევნა თვალი ომის მიმდინარეობას.

    აქილევსი ანადგურებდა ტროელ მებრძოლებს და ჰექტორს ეძებდა გამალებით. აპოლონმა ენეასი შეახვედრა გააფთრებულ გმირს. ორი ქალღმერთის, თეტისისა და აფროდიტეს შვილები დადგნენ ერთმანეთის წინაშე.

    – რამ გაგათამამა, ჩემი დამარცხება ხომ არ განგიზრახავს? გირჩევ, ისევ დაიმალო ტროელ მეომრებში! – ღვარძლიანად უთხრა აქილევსმა ენეასს.

    – ვერ დამაშინებ, პელევსის ძეო, შენი ქადილით! – შესძახა ენეასმა და შუბი სტყორცნა აქილევსს.

    მისი ნასროლი შუბი აისხლიტა აქილევსის ფარმა. ფეხმარდი გმირის მიერ ნასროლმა შუბმა კი გახვრიტა ენეასის ფარი, სიკვდილს ძლივს გადაურჩა ტროელთა მოკავშირე.

    ზღვის ღმერთმა პოსეიდონმა გადაარჩინა აფროდიტეს ვაჟი – ბინდი შემოახვია მეომრებს და ბრძოლის ველს მოარიდა ენეასი.

    წინ გაიჭრა პელევსის ძე, მთლიანად მოსრა და გაანადგურა ტროელთა ჯარის წინამძღოლები და ჰექტორსაც შეასწრო თვალი. მიიწიეს ერთმანეთზე გმირებმა. დააცხრა აქილევსი ტროელთა მხედართმთავარს, მაგრამ ნისლში შებურა აპოლონმა ჰექტორი და გადამალა მებრძოლებში.

    – კვლავ გამექეცი, მაგრამ ისევ შეგხვდები! – მიაძახა აქილევსმა ჰექტორს და ისევ შეუტია მტერს. მდინარე ქსანთოსს მიადგა გმირი და ეტლებიანად გადაყარა შიგ ტროელები. მტრის თორმეტი ჭაბუკი დაატყვევა აქილევსმა, თავის მებრძოლებს გაატანა ბანაკში პატროკლესათვის შესაწირად. მერე ახალგაზრდა ტროელი უფლისწული ლიკაონი შეეფეთა წინ. ფეხებში ჩაუვარდა აქილევსს პრიამოსის ძე, შეწყალება სთხოვა, მაგრამ არ დაინდო გააფთრებულმა გმირმა, დაუნანებლად ჩასცა სატევარი საბრალო ჭაბუკს და ისიც მდინარეში გადააგდო.

    ადიდებულმა მდინარე ქსანთოსმა ნაპირები გადმოლახა, ფეხქვეშ მიწა გამოაცალა და ტალღებში მოაქცია პელევსის ძე.

    – ნუთუ მდინარის ტალღებში დაღუპვა მიწერია! – ჰეჰღაღადა ღმერთებს აქილევსმა.

    მაგრამ ჰეფესტომ და ათენამ დააწყნარეს იგი. ჰერამ ჰეფესტოს დაავალა მდინარის ღმერთ ქსანთოსის დამშვიდება. მჭედლობის ღმერთმა ცეცხლი მოსდო მდინარის ნაპირებს, ყველაფერი გადაწვა მის ახლოს და აადუღა წყალი. შედრკა ქსანთოსი და ისევ თავის კალაპოტში მოაქცია მდინარე.

    ამდენი სისასტიკის შემყურე, ღმერთებიც აბობოქრდნენ. ისინი თითქოს დაათროო მდინარეებივით მომდინარმა სისხლმა. ომის ღმერთმა არესმა უშვერი სიტყვებით გალანძღა ათენა და შუბი სტყორცნა მას. სიბრძნისა და ომის ქალღმერთმა უზარმაზარი ლოდი ესროლა არესს და დაანარცხა მიწაზე. აფროდიტე მიეშველა არესს. ათენამ ახლა ორივე დასცა ძირს. პოსეიდონმა აპოლონი გამოიწვია ბრძოლაში, მაგრამ მისმა მეტოქემ ბრძოლის ველიდან გაცლა ამჯობინა. ჰერა და არტემისი შეხვდნენ ერთმანეთს. ზევსის მეუღლემ მშვილდი წაართვა ნადირობის ქალღმერთს და სახეში ჩასცხო. ატირებულმა არტემისმა ოლიმპოს მიაშურა, სადაც მამამ, მეხთამტყორცნელმა ზევსმა დაამშვიდა. ნადირობის ქალღმერთის მშვილდი და ისრები მისმა დედამ, ლეტომ აკრიფა და დაღონებულ შვილს აუტანა ოლიმპოზე. აპოლონმა ტროას შეაფარა თავი და იქიდან ცდილობდა, დახმარებოდა თავის რჩეულებს. თუმცა უშედეგო აღმოჩნდა მისი მცდელობა, აქილევსის მიერ დევნილი ტროელები ქალაქში შეცვივდნენ და მაგრად ჩაკეტეს კარიბჭე. გალავანს გარეთ მხოლოდ ტროელთა წინამძღოლი, უფლისწული ჰექტორი დარჩა და შეეგება აქილევსს.

 

 

    ჰექტორის აღსასრული

 

    ქალაქის მცხოვრებნი ჰექტორს გალავნიდან დაჰყურებდნენ. აქ იყვნენ მეფე პრიამოსი და დედოფალი ჰეკაბეც.

    – ნუ შეებრძოლები აქილევსს, შვილო! – გალავნიდან ხელებს იწვდიდა შვილისაკენ მეფე პრიამოსი, – მან ჩემი შვილებიდან მრავალი შეიწირა უკვე. ზევსმა წილად მარგუნა, რომ ჩემი თვალით ვიხილო საკუთარი სამეფოს განადგურება, ჩემზე უბედური არავინაა ამქვეყნად!..

    – მე, დედაშენი, შემიბრალე, ჰექტორ. შენი საბრალო მეუღლე ანდრომაქე შეიბრალე... შემოდი ქალაქში, ნუ შეებრძოლები აქილევსს! – ევედრებოდა დედოფალი ჰეკაბე შვილს.

    ჰექტორმა ყურად არ იღო მშობლების მუდარა. იგი ელოდა აქილევსს ქალაქის ჭიშკართან და აქილევსიც მიქროდა მისკენ მოელვარე ფარითა და შემართული შუბით. უცილობელი სიკვდილი მოფრინავდა ტროელი გმირისკენ აქილევსის სახით. შიშმა აიტანა პრიამოსის ძე, მოსწყდა გალავანს და გაიქცა. დაედევნა აქილევსი. სამჯერ შემოურბინეს ქალაქის გალავანს მებრძოლებმა. ათენა შეუმჩნევლად გადმოეშვა ოლიმპოდან, მივიდა აქილევსთან და დაჰპირდა, მე შევაჩერებ ჰექტორსო. შემდეგ ქალღმერთი ჰექტორის უმცროს ძმად, დეიფობოსად გარდაისახა და შეაგულიანა ტროელი გმირი, თითქოს მის დასახმარებლად გამოსულიყო ქალაქის კარიბჭიდან. ჰექტორმაც იმედად დაიგულა ძმა და გულმოცემულმა მკვახედ გასძახა მოახლოებულ აქილევსს:

    – აღარ ვაპირებ გაქცევას, უნდა გებრძოლო. ოღონდ ერთი პირობა დავდოთ – თუ მე მოგკალი, მხოლოდ აბჯარს წავიღებ, სხეულს კი არ შეგიბღალავ, შენიანებს გადავცემ... და თუ მომკლავ, ამავე პირობის შესრულებას გთხოვ.

    – ჰექტორ, მტრებს მე პირობას არ დავუდებ, შენ საუკეთესო მეგობრები დამიხოცე, სამაგიერო უნდა მოგიზღო! – უპასუხა პელევსის ძემ და სტყორცნა შუბი.

    ჰექტორმა აიცილა იარაღი. ათენამ, რომელიც შეუმჩნევლად იდგა მებრძოლთა ახლოს, ისევ მიაწოდა შუბი აქილევსს.

    – ამაო იყო შენი ქადილი, აქილევს, ახლა მიფრთხილდი! – შესძახა ჰექტორმა და ესროლა შუბი, მაგრამ ააცილა მირმიდონელთა სარდალს.

    უხმო ტროელმა გმირმა ძმას, რომელიც გვერდით ეგულებოდა, მაგრამ არსად ჩანდა დეიფობოსი. მიხვდა ჰექტორი, რომ ათენამ შეაცდინა, მარტო იყო დარჩენილი აქილევსის პირისპირ და გადარჩენის იმედიც აღარ ჩანდა. მაინც იშიშვლა სატევარი და გაექანა მტრისაკენ პრიამოსის ძე. შემოეგება აქილევსიც, შუბი ჩასცა და მიწას დაახეთქა მტერი.

    – ჰექტორ, პატროკლეს მკვლელს როგორ გაცოცხლებდი? იცოდე, სვავები დაკორტნიან შენს სხეულს და ძაღლები დაფლეთენ! – ჩასძახა მომაკვდავს აქილევსმა.

    – გაფიცებ მშობლებს, ძაღლების სათრევად ნუ დამაგდებ, გასამრჯელო გამოართვი მამაჩემს და გადაეცი ჩემი სხეული, – თქვა ჰექტორმა და სული განუტევა.

 

    აქილევსმა საჭურველი აჰყარა მოკლულს, მისი სხეული ეტლს გამოაბა და ბანაკისაკენ წაათრია. მეფე პრიამოსი, დედოფალი ჰეკაბე და დამარცხებული ტროელები ქალაქის გალავნიდან უცქერდნენ ამ საშინელ სურათს. სასოწარკვეთილი მეფე ქალაქის გასასვლელისაკენ იწევდა, რათა მირმიდონელთა ბანაკში მისულიყო და შვილის სხეული ეთხოვა აქილევსისთვის. გოდებდა საწყალი ჰეკაბე. ირგვლივ გლოვის ზარი იდგა. მხოლოდ ანდრომაქემ, ჰექტორის ცოლმა, არ იცოდა თავს დატეხილი უბედურების შესახებ, შინ დარჩენილიყო და ომიდან ქმრის დაბრუნებას ელოდებოდა. ჰეკაბეს მოთქმის გაგონებაზე, იგი გარეთ გამოიჭრა და გალავანთან მისულმა თვალი მოჰკრა, თუ როგორ მიათრევდა აქილევსის ეტლი ჰექტორის გვამს. ანდრომაქეს თვალთ დაუბნელდა და გულწასული ძირს დაეცა.

 

    პატროკლეს დაკრძალვა

 

    პატროკლეს გლოვობდნენ მირმიდონელთა ბანაკში. მცირე ხნით ჩაძინებულმა აქილევსმა პატროკლე ნახა სიზმრად, რომელიც სთხოვდა, დროზე მიებარებინა მიწისთვის მისი სხეული. ბერძნები პატროკლეს დაკრძალვის სამზადისს შეუდგნენ. აქილევსმა კულულები მოიჭრა და გარდაცვლილ ძმობილს ჩაუდო ხელში. უამრავი შეშა მოზიდეს იდას მთიდან კოცონისათვის და გმირის სხეული ზედ დაასვენეს. დაკლეს მრავალი ცხვარი და ხარი, ცხენები და ძაღლები. ადრე დატყვევებული თორმეტი ტროელი ჭაბუკიც შესწირეს მოკლულს თანამებრძოლებმა. ცეცხლი აანთეს. მირმიდონელები აქილევსთან ერთად უვლიდნენ გარშემო კოცონს და ტიროდნენ. შემდეგ ცეცხლი ღვინით ჩააქრეს, პატროკლეს ძვლები დამარხეს და საფლავზე ყორღანი აღმართეს.

    მიცვალებულის ხსოვნას დიდი ასპარეზობა მიეძღვნა, რომელშიც ბერძენი გმირები მონაწილეობდნენ. აქილევსმა საჩუქრები მოამზადა გამარჯვებულთათვის. ჯერ ეტლებით რბოლაში გაიმართა შეჯიბრი, რომელშიც დიომედესმა გაიმარჯვა. ჭიდაობაში ოდისევსი და დიდი აიაქსი შეებნენ ერთმანეთს, მაგრამ გამარჯვებული არ გამოვლინდა, ორივე გმირი უძლეველი აღმოჩნდა და თანაბარი ჯილდო დაიმსახურა. სირბილში ისევ ოდისევსი, პატარა აიაქსი და ნესტორის ძე – ანტილოქოსი გაეჯიბრნენ. დაწინაურებულ პატარა აიაქსს ნეხვზე აუცურდა ფეხი და დაეცა. ქალღმერთ ათენას დახმარებით, ოდისევსმა გაიმარჯვა. შენ ვინ გაჯობებს, ათენა დედასავით გეხმარება ყველგანო, ბუზღუნებდა დამარცხებული პატარა აიაქსი, ოილევსის ძე. შემდეგ ბადროსა და ისრის ტყორცნაში გამოსცადეს თავი გმირებმა. შუბის სროლაში აგამემნონს არგუნა მთავარი ჯილდო აქილევსმა.

    ბოლოს პელევსის ძემ ჰექტორის გვამი შემოატარა პატროკლეს საფლავის ირგვლივ რამდენჯერმე.

 

 

    ჰექტორის გამოსყიდვა და დაკრძალვა

 

    ღმერთებმა აღარ ისურვეს ჰექტორის სხეულის შეურაცხყოფა. თეტისის პირით ზევსმა აქილევსს შეუთვალა, დაებრუნებინა დაღუპული გმირი მშობლებისთვის. ოლიმპოს მბრძანებელმა პრიამოსსაც ჩააგონა, რომ მისულიყო პელევსის ძესთან შვილის სხეულის დასახსნელად.

    ტროას მეფე უამრავი საჩუქრით გაემართა მირმიდონელთა ბანაკისაკენ. ჰერმესმა უჩინრად მიიყვანა იგი აქილევსის კარავთან. პრიამოსი მუხლებზე შემოეხვია თავისი შვილების მკვლელს:

    – ღმერთის სადარო აქილევსო, გებრალებოდე, დამიბრუნე შვილის სხეული. მამაშენი გაიხსენე, რომელიც უკვე ამდენი ხანი გელოდება მონატრებულს. ჩემი შვილების მკვლელს ხელებს გიკოცნი და გთხოვ, შემიწყალო. ისიც იცოდე, რომ უამრავი განძი მომიტანია ჰექტორის სხეულის სანაცვლოდ, – ცრემლების ფრქვევით ემუდარებოდა პრიამოსი აქილევსს.

    მწუხარე მეფის შემყურე აქილევსსაც ცრემლები გადმოსცვივდა. მოხუცმა პრიამოსმა მართლაც მოაგონა დიდი ხნის უნახავი მამა, რომელსაც, ალბათ, შვილის მოლოდინში უღამდებოდა ყოველი დღე. არადა, ისიც ხომ იცოდა პელევსის ძემ, რომ ბედისწერა ტროასთან უქადდა დაღუპვას, ვეღარ ნახავდა საყვარელ მშობელს.

    – რამდენი ვარამი გადაიტანე, მოხუცო, – წამოაყენა პრიამოსი აქილევსმა, – ვიცი, ძლიერი მეფე იყავი. მართლაც უსასოოდ მიტოვებული მამაჩემი მომაგონდა შენ დანახვაზე. დამშვიდდი, მოხუცო, სათხოვარს აგისრულებ, რადგან ღმერთებმაც ისურვეს, ჰექტორის სხეული დაგიბრუნოთ.

    – რა დამამშვიდებს, პელევსის ძეო, ჩემი შვილებიდან ყველაზე ღირსეული მტრის ხელშია დაუმარხავი!

    – იყუჩე, მოხუცო, ნუღარ დამაღონებ, ეს ჩემი სურვილიცაა, ამიტომაც გიბრუნებ შვილის სხეულს.

    აქილევსმა უბრძანა მსახურებს, გაეპატიოსნებინათ ტროელი გმირი და სარეცელზე დაესვენებინათ. პრიამოსი იმ ღამით იქ დაიტოვა, დააპურა და მოასვენა თავის კარავში თანმხლებ მსახურთან ერთად. ისიც აღუთქვა პელევსის ძემ მეფეს, რომ თორმეტი დღის განმავლობაში, სანამ ჰექტორს იგლოვდნენ ტროელები, თავს არ დაესხმოდნენ ქალაქს. დილით ადრე წამოვიდა პრიამოსი მირმიდონელთა ბანაკიდან და წამოასვენა შვილი. ჰერმესმა ისევ უჩინარად გაატარა იგი ბერძენ მცველებს შორის და დააბრუნა ტროაში.

    ტროელები ზარითა და მოთქმით შეხვდნენ დაღუპულ ჰექტორს ქალაქის ჭიშკართან. ოჯახის წევრთაგან პირველი მეფის ასული კასანდრა შეეგება ტირილით. პრიამოსის სასახლეში დაასვენეს სამშობლოსთვის თავგანწირული გმირი. დაქვრივებულმა ცოლმა, ანდრომაქემ, დაიწყო მოთქმა, ხშირად ახსენებდა ობლად დარჩენილ მცირეწლოვან შვილს. მას საბრალო ჰეკაბე აჰყვა. მერე ელენემაც დააფრქვია ცრემლები ჰექტორს, რომელიც მუდამ კეთილად ეპყრობოდა შორეული ქვეყნიდან მოყვანილ რძალს. მთელი ტროა გლოვობდა თავის უპირველეს მებრძოლს. მეათე დღეს იდას მთიდან მოტანილი შეშის კოცონზე დაწვეს ჰექტორის სხეული. ცეცხლი ღვინით ჩააქრეს, ძვლები მოაგროვეს და დაკრძალეს. საფლავზე ყორღანი აღუმართეს გმირს. ბოლოს პრიამოსის სასახლეში ჭირის სუფრა გაშალეს.

 

 

    აქილევსის დაღუპვა

 

    ისევ გაგრძელდა ომი. ტროელთა ახალი მოკავშირეები – ამორძალები და ეთიოპიელები – ჩაებნენ ბრძოლაში. აქილევსი პირისპირ შეხვდა ამორძალთა წინამძღოლს, დედოფალ პენთესელეას და განგმირა იგი. შემდეგ ეთიოპიელთა მეფე მემნონი დაიღუპა მასთან ბრძოლაში. ისევ გაიჭრა წინ პელევსის ძე და მიაღწია ტროას ჭიშკარს. აქ კი აღსრულდა წინასწარმეტყველება, რომლის შესახებ ყველამ იცოდა. მოსულიყო დრო უძლეველი გმირის დაღუპვისა. თუმცა, ღმერთების ჩარევა რომ არა, იქნებ სხვაგვარად დატრიალებულიყო აქილევსის ბედი, მაგრამ აპოლონმა შთააგონა ტროას გალავანზე მყოფ პარისს, ისარი ეტყორცნა აქილევსისთვის. აპოლონის დახმარებით ისარმა აქილევსის ერთადერთი სუსტი ადგილი იპოვა - შიგ ქუსლში მოხვდა ლამის უკვდავ გმირს. იარა სასიკვდილო აღმოჩნდა. სწორედ ამ ჭრილობის მიზეზით გარდაიცვალა უმშვენიერესი და უმამაცესი გმირი აქილევსი.

    იმასაც ამბობდნენ, ჰექტორის სხეულის გამოსყიდვისას აქილევსს პრიამოსის ასული პოლიქსენე მოეწონაო. მეფეს მიუცია ასული პელევსის ძისათვის და სამაგიეროდ ჰექტორის სხეული დაუბრუნებია. ამ დროს აქილევსის დახმარებით თითქოს მოლაპარაკებაც უნდა გამართულიყო ელენეს განთავისუფლებასა და დაზავებაზე მოწინააღმდეგე მხარეებს შორის. პოლიქსენემ, თურმე, არ აპატია აქილევსს ძმების დახოცვა, პარისს მისი სუსტი ადგილის – ქუსლის შესახებ აცნობა. მანაც არ დააყოვნა და ტროაში მოსალაპარაკებლად მისული გმირი ტაძარში შხამიანი ისრით გამოასალმა სიცოცხლეს. ამ გადმოცემის თანახმად, მომაკვდავ აქილევსს უთხოვია, მოღალატე პოლიქსენე შეეწირათ მისთვის.

    ბრძოლის ველიდან აქილევსის სხეული დიდმა აიაქსმა და ოდისევსმა გაიტანეს ცხარე ბრძოლის დროს.

    ჩვიდმეტი დღე გაგრძელდა გლოვა. გმირის დედას, თეტისს, შვილის დასატირებლად თავისი დები – ნერეიდებიც ამოჰყვნენ ზღვიდან. მერე აქილევსის სხეული კოცონზე დაწვეს, ფერფლი მოაგროვეს, პატროკლეს ფერფლთან ერთად ოქროს ურნაში მოათავსეს და დამარხეს. ამის შემდეგ ბერძენმა მეომრებმა გარდაცვლილის პატივსაცემად ასპარეზობა გამართეს.

    ბერძნებს, როგორც ჩანს, არ ემეტებოდათ აქილევსი სასიკვდილოდ, ამიტომ შეთხზეს ლეგენდა, თითქოს თეტისმა აქილევსის სული მდინარე დუნაის შესართავში, კუნძულ ლევკეზე წაიყვანა, იქ გააცოცხლა თავისი გმირი შვილი და იფიგენია შერთოო ცოლად.

    აქილევსის საჭურველი, თეტისის სურვილით, ყველაზე მამაც ბერძენ გმირს უნდა რგებოდა. ოდისევსსა და დიდ აიაქსს შორის ყარეს წილი. აგამემნონმა იარაღი ოდისევსს მიაკუთვნა. დიდი აიაქსი განაწყენდა თანამებრძოლებზე, ათენამ გააგიჟა იგი. ტელამონის ძემ ძროხები და ცხვრის ფარა გაწყვიტა, შემდეგ კი გამოეთხოვა თავის ვაჟს – ევრისაკოსს და თავი მოიკლა. იგი კოცონზე არ დაუწვავთ, რადგან ბრძოლის ველზე არ დაღუპულა. აიაქსის სიკვდილის დროს მის მშობლიურ კუნძულ სალამინზე, როგორც იქაურები ამბობდნენ, ახალი ჯიშის ყვავილი ამოსულა თეთრი და მოწითალო ფურცლებით.

 

 

    პარისის სიკვდილი

 

    აქილევსის სიკვდილმა ტროას აღების იმედი დაუკარგა ბერძნებს. მისანმა კალქასმა იწინასწარმეტყველა, რომ ქალაქის ასაღებად ბერძენთა დიდი გმირის, ჰერაკლეს მშვილდ-ისრის გამოყენებაა აუცილებელიო. ღმერთად ქცეულმა ჰერაკლემ,  რომელმაც ერთხელ თვითონ დაიპყრო ტროა,  მისი მშვილდ-ისრის მფლობელი ფილოქტეტესი გააყოლა ოდისევსსა და დიომედესს კუნძულ ლემნოსიდან. ჰერაკლეს რჩევითვე, ბრძოლაში უნდა ჩაბმულიყო აქილევსის ვაჟი ნეოპტოლემოსი.

    ფილოქტეტესმა პარისი გამოიწვია ორთაბრძოლაში და სასიკვდილოდ დაჭრა იგი ჰერაკლეს ისრებით. მომაკვდავ პარისს გაახსენდა თავისი პირველი სატრფოს, ნიმფა ენონას ნათქვამი, თუ ვინმე ჭრილობას მოგაყენებს, მე მოგარჩენო. იდას მთაზე მიჰგვარეს დაჭრილი უფლისწული ენონას, მაგრამ ელენეს სიძულვილით შეპყრობილმა ნიმფამ უარი თქვა პარისის განკურნებაზე. რაღაც ხნის შემდეგ ენონას გული მოუბრუნდა და ტროაში ჩავიდა მის მოსარჩენად, მაგრამ პარისი ცოცხალი აღარ დახვდა. ამბობენ, პარისის პირველმა მიჯნურმა ვერ აიტანა მისი დაღუპვა და თვითონაც თავი მოიკლაო.

    პარისის სიკვდილის შემდეგ ელენეს შერთვა პრიამოსის ვაჟიშვილებს – ჰელენოსს და დეიფობოსს – სურდათ. ელენეს კი აღარ უნდოდა ტროაში დარჩენა და ქალაქიდან ბერძენთა ბანაკში გაქცევა სცადა. ტროელებმა დაიჭირეს იგი და უკან დააბრუნეს, რის შემდეგაც დეიფობოსმა ძალით შეირთო ცოლად. განაწყენებული უფლისწული ჰელენოსი იდას მთის ფერდობზე გადასახლდა. მანვე გაუმხილა ბერძნებს ტროას აღების საიდუმლო: ომში აქილევსის ძე – ნეოპტოლემოსი უნდა ჩააბათ და ქალაქის ციხესიმაგრიდან პალადიონი მოიპაროთო.

    სულ მალე ოდისევსმა, ფენიქსმა და დიომედესმა კუნძულ სკიროსიდან აქილევსის თორმეტი წლის ვაჟი – ნეოპტოლემოსი ჩამოიყვანეს. ოდისევსმა მას მამის საჭურველი დაუბრუნა. ითაკის მეფემ ტროაშიც შეაღწია და იქიდან ელენეს დახმარებით ათენას პალადიონი მოიტაცა. ზოგი თქმულება გადმოგვცემს, რომ პალადიონის მოტაცებაში, ოდისევსთან ერთად, დიომედესიც მონაწილეობდაო.

 

 

 

      ხის ცხენი

 

    ქალღმერთ ათენას კარნახით, ბერძნებს ტროაში შესაღწევად დიდი ხის ცხენი უნდა გაეკეთებინათ. ეს ოსტატმა ეპევსმა ითავა. მან ფიცრებისაგან ააგო უზარმაზარი ცხენი, უხილავი კარი გაუკეთა და ზედ დააწერა: “შინ მიმავალი ბერძნები ამ საჩუქარს მადლიერებით უძღვნიან ქალღმერთ ათენას სამშობლოში მშვიდობიანი დაბრუნებისათვის”. ოდისევსი, მენელაოსი, დიომედესი, ნეოპტოლემოსი და სხვა მამაცი მეომრები ხის ცხენში დაიმალნენ. ელინთა ძირითადმა ლაშქარმა კი ბანაკის დაწვის შემდეგ გემებს მიაშურა. მალე ხომალდები ზღვაში შევიდნენ და მოშორებით მდებარე კონცხს მოეფარნენ. ტროელები გაკვირვებული უყურებდნენ ბერძნების მოქმედებას, დაიჯერეს, რომ მტერმა დატოვა მათი ქვეყანა და სამშობლოში გაემგზავრა. მალე ქალაქის დამცველები მეფე პრიამოსთან ერთად გალავნის გარეთ გამოვიდნენ და ბერძნების მიერ დატოვებულ ხის ცხენს შემოეხვივნენ. მეფემ ბრძანა, ათენასთვის მიძღვნილი ცხენი ქალაქში შეეტანათ. ტროელებმა საგორავებზე შედგეს იგი და დიდი გაჭირვებით შეათრიეს ქალაქში. რადგან ხის ცხენი ჭიშკარში არ შეეტია, ტროას გალავანიც კი მოანგრიეს და მისი შეტანის შემდეგ მაშინვე ამოაშენეს.

    მეფის ასული, მისანი კასანდრა აფრთხილებდა ტროელებს, ცხენში შეიარაღებული მებრძოლები იმყოფებიანო, მაგრამ მას არავინ ათხოვა ყური.

    ნათელმხილველმა ლაოკოონმაც ურჩია პრიამოსს:

    – ნუ ენდობით, მეფეო, ბერძნებს, ეს ყველაფერი ოდისევსმა მოიგონა ჩვენ მოსატყუებლად!

    მერე მან შუბი ესროლა ცხენს და ერთი ფიცარი გახვრიტა, მაგრამ ტროელებმა მაინც არ დაუჯერეს ლაოკოონს. ნათელმხილველი პოსეიდონისათვის მსხვერპლის შესაწირად წავიდა, რომ ხის ცხენი უვნებელი გაეხადა, მაგრამ იმ დროს აპოლონმა ქალაქის დაცემის ნიშნად ზღვიდან ორი უზარმაზარი გველი გამოუშვა, რომლებმაც ლაოკოონი და მისი ორი ვაჟი მოახრჩვეს.

 

 

    ტროას დაცემა

 

    ტროაში გამარჯვებას ზეიმობდნენ. ქალებმა ყვავილებით შეამკეს ხის ცხენი. ქალაქელებმა სუფრები გაშალეს და ნადიმი გამართეს. გვიან ღამით, მხიარულებისა და ღრეობის შემდეგ, დაიძინეს ტროელებმა. ბერძნების ტროელი მოკავშირე ანტენორი ხის ცხენს მიუახლოვდა და იქ მსხდომთ დაუძახა, გამოსვლის დროაო. სანამ სავსე მთვარე გამოჩნდებოდა ცაზე, ბერძნები ხის ცხენიდან გამოვიდნენ. ზოგი მათგანი ქალაქის კარიბჭისაკენ გაიქცა, დარაჯები ამოხოცა და ჭიშკარი გააღო, ზოგმა კი ციხესიმაგრეში შეაღწია. მხოლოდ მენელაოსი გაიქცა იმ სასახლისაკენ, სადაც ელენე ეგულებოდა. ამ დროს ზღვის ნაპირზე დარჩენილმა ოდისევსის ძმისწულმა სინონმა აქილევსის საფლავზე კოცონი აანთო და ზღვაში შესულ ელინთა გემებს ნიშანი მისცა. გემები სწრაფად მოადგნენ ნაპირს, მებრძოლები ხმელეთზე გადმოვიდნენ და ქალაქში შეცვივდნენ. მთვარის შუქით განათებული ქალაქის ქუჩებსა და სასახლეებში საშინელი ბრძოლა გაიმართა. მოულოდნელი თავდასხმისაგან დაბნეულ ტროელებს ბერძნები შეუბრალებლად ხოცავდნენ.

    დედოფალმა ჰეკაბემ ქალიშვილებით ზევსის საკურთხეველს შეაფარა თავი. იქვე მივიდა მეფე პრიამოსიც. მალე მათი შვილი პოლიტესი დაეცა ახლოს განგმირული. ამის გამო პრიამოსიც ჩაერთო ბრძოლაში – შუბი ესროლა აქილევსის ძეს, ნეოპტოლემოსს, მაგარამ ვერაფერი დააკლო. ელინებმა ტროას მეფე საკუთარ სასახლეშივე აჩეხეს. ნეოპტოლემოსმა მისი ცხედარი აქილევსის საფლავზე მიიტანა და იქ დატოვა.

    ოდისევსი და მენელაოსი ელენეს ახალი ქმრის, უფლისწულ დეიფობოსის სასახლეში შეცვივდნენ, სადაც საშინელი ბრძოლა გაიმართა. ბერძენმა გმირებმა მოკლეს დეიფობოსი. თუმცა გადმოგვცემენ იმასაც, რომ დეიფობოსი თვით ელენეს განუგმირია – მახვილი ჩაუცია ზურგში. ქალის უზადო სილამაზემ და მისმა საქციელმა შეაჩერა მენელაოსი, რომელსაც მოღალატე ცოლის მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. სპარტის მეფემ მიატოვა ბრძოლა და ელენე გემებისაკენ წაიყვანა.

    პრიამოსის ასული, მისანი კასანდრა, აგამემნონს ერგო წილად. მანამდე ტაძარში, ათენას ქანდაკებასთან, კასანდრას უდიერად მოეპყრო პატარა აიაქსი. მიუხედავად გმირის მონანიებისა, ამ შეურაცხყოფისთვის ქალღმერთმა ათენამ სამშობლოში მიმავალი პატარა აიაქსის გემი დაამსხვრია, ნაპირთან მისული გმირი კი ზღვის ღმერთმა პოსეიდონმა დაახრჩო.

    ტროაში კარგა ხანს გაგრძელდა ხოცვა-ჟლეტა. ბერძნებმა ჯერ გაძარცვეს, შემდეგ კი დაანგრიეს და გადაწვეს ქალაქი. მათ უამრავი ნადავლი წაიღეს თან და ტყვეებიც წაასხეს საბერძნეთში; მერე ჰექტორის ცოლი ანდრომაქეც შეიპყრეს მცირეწლოვან შვილთან – ასტიანაქსთან ერთად. მისან კალქასის კარნახით, ბავშვი უნდა მოეკლათ, თორემ იგი შურს იძიებდა და საბერძნეთს გაანადგურებდა. მისი მოკვლა აქილევსის ძეს, ნეოპტოლემოსს დაევალა. მასვე ერგო ჰექტორის მეუღლე ანდრომაქე.

    პრიამოსის ასულ პოლიქსენეს შეპყრობისას ბერძნებმა აქილევსის ანდერძი გაიხსენეს, რომლის მიხედვითაც პოლიქსენე მისთვის უნდა შეეწირათ.

    აგამემნონი შეეწინააღმდეგა ამგვარ შურისძიებას.

    – გვეყოფა სისხლის ღვრა, მკვდრებს არა აქვთ უფლება, ცოცხალი ქალები შეიწირონ! – განაცხადა მხედართმთავარმა.

    – ძილშიც გამოგვეცხადა პელევსის ძე და გვითხრა, თუ პოლიქსენეს არ შემომწირავთ, გემებს პირქარის გამო სამშობლოსაკენ ვერ წაიყვანთო, – თქვეს ნეოპტოლემოსმა და სხვა მებრძოლებმა.

    – შენ აქილევსის მახვილზე მეტად, კასანდრას სარეცელსა სცემ პატივს, მისი გულის მოგება გინდა პოლიქსენეს გადარჩენით! – შეუტიეს აგამემნონს ბერძნებმა.

    ოდისევსმა კი რბილად ურჩია:

    – უმჯობესია, მოეშვა პოლიქსენეს დაცვას.

    მხედართმთავარი აღარ შეეწინააღმდეგა თანამებრძოლებს. პოლიქსენე აქილევსს შესწირეს და მის ახლოს დაასაფლავეს.

    პრიამოსის ცოლი ჰეკაბე ოდისევსს არგუნეს. ტროას დედოფალი შემდეგ თრაკიაში მოხვედრილა და იქვე გარდაცვლილა.

    ბერძნებმა დაინდეს და შეიფარეს ანტენორი და მისი ოჯახი. ამ ადამიანმა ომის დაწყებამდე ტროაში ელჩებად მისული ოდისევსი, მენელაოსი და პალამედესი სიკვდილს გადაარჩინა და შემდეგაც ეხმარებოდა მათ. ბერძნების ხელშეწყობით მან ოჯახთან ერთად დატოვა ტროა და სხვაგან გადასახლდა. ზოგი გადმოცემით, ანტენორმა ააღორძინა ტროას სამეფო.

    ბერძნებმა ქალღმერთ აფროდიტესა და ანქისესის ვაჟი ენეასიც დაინდეს, რომელიც ხშირად ეხმარებოდა ტროელებს. მან ქალაქის დაპყრობისას თავისი ხალხი იდას მთაზე გახიზნა. ტროას მეფის ტახტზე საბოლოოდ სწორედ ენეასის ვაჟი – ასკანიოსი ავიდა.

    ტროასთან დარჩა ელინთა გმირების – აქილევსის, პატროკლეს, ანტილოქეს და სხვათა საფლავები. ასიათასიანი არმიის დიდი ნაწილი განადგურდა ქალაქის დამცველებთან ომში.

 

 

    სამშობლოში დაბრუნება

 

    გამარჯვებულმა ბერძნებმა სამშობლოში გამგზავრების თადარიგი დაიჭირეს. ჯარის ერთი ნაწილი მენელაოსის მეთაურობით გაემგზავრა და დაბრკოლებების მიუხედავად, მიაღწია სამშობლოს. ასე რომ, საბოლოოდ სპარტის მეფე ელენესთან ერთად მშვიდობით ჩავიდა სამშობლოში. უხიფათოდ დაბრუნდნენ უკან ნესტორი, დიომედესი, ნეოპტოლემესი, ფილოქტეტესი, იდომენევსი და სხვანი. პატარა აიაქსი, როგორც უკვე ითქვა, ზღვაში დაიღუპა.

    ჯარის მეორე ნაწილი აგამემნონმა დაიტოვა და ერთხანს კიდევ დარჩა ტროაში, რათა პატარა აიაქსის მოქმედებით განრისხებული ქალღმერთის, ათენას რისხვა დაეცხრო. ბოლოს გამარჯვებით ძლევამოსილი მეფე დაბრუნდა მიკენში.

    ყველაზე მეტად ოდისევს გაუგრძელდა გზა, რადგან მასზე განრისხებული პოსეიდონი ისეთ დაბრკოლებებს უქმნიდა, რომ კიდევ ათი წელი იხეტიალა ზღვასა თუ ხმელეთზე. მან უამრავი ქვეყანა მოიარა, ბევრი განსაცდელი, ტკივილი და გაჭირვება გადაიტანა და ბოლოს, როგორც უსახელო ყარიბი, დაბრუნდა ერთგულ ცოლთან, პენელოპესთან, და საყვარელ შვილებთან.

 

    ეს არაჩვეულებრივი ისტორია ბრწყინვალე გმირებისა და მათ მიერ გარდახდილი განსაცვიფრებელი ომის შესახებ ჰომეროსს აქვს აღწერილი. მისი «ილიადა» ლამის ყველაზე პოპულარული წიგნია მსოფლიოში. საუკუნეების მანძილზე ადამიანებს შეთხზული ამბავი ეგონათ ბერძენთა ლაშქრობა ლეგენდარულ ტროაზე. მაგრამ ერთხელ, ერთმა ახალგაზრდა კაცმა, ჰაინრიჰ შლიმანმა, სხვა თვალით წაიკითხა ეს შესანიშნავი წიგნი. მან დაიჯერა, რომ ტროა ნამდვილად არსებობდა; სიმართლე იყო ის მშვენიერი ისტორიებიც, რომელსაც ჰომეროსი გვიამბობდა... და დიდი არქეოლოგიური გათხრები წამოიწყო იმ ადგილას, სადაც, სავარაუდოდ, ტროა უნდა ყოფილიყო გაშენებული. მას გაუმართლა. შლიმანმა უზარმაზარი ქალაქის ნანგრევებს მიაგნო და ახლა უკვე დანარჩენმა მსოფლიომაც დაიჯერა, რომ გამონაგონი კი არა, სიმართლე იყო მშვენიერი ელენეს ამაღელვებელი ისტორია, რომლის სრულქმნილი სილამაზეც მამაკაცებს სიყვარულს, გმირობასა და სახელის მოხვეჭას შთააგონებდა.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / მითოლოგია / უავტორო / ტროას ომი