ქართული სიბრძნე

 

ვეფხისტყაოსნის სიბრძნე

 

 

გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა.

 

 

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.

 

 

მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად.

 

 

კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა.  

 

 

ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

 

მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა?!

 

 

ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.

 

 

საბრალოა, სიყვარული კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად!

 

 

უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;

 

 

რასაცა გასცემ, შენია; რას არა, დაკარგულია!

 

 

კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს.

 

 

ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?

 

 

ამოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა!

 

 

ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირს, მიუხდეს მამაცურად.

 

 

მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად,

 

კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.

 

 

ფათერაკი სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი;

 

 

მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი;

 

 

ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს.

 

 

--------------------------------------------------------------------------------

თარიღი: 08.05.2008

 

ავტორი: რუსთაველი

 

 

 

მცხეთის ქალაქს მირონი დუღს

 

 

მცხეთის ქალაქს მირონი დუღს, მზის და ვაზის მირონი,

 

ბებერ ქვებში ღაღადებენ საქმენი საგმირონი.

 

იღაღადეთ, ფუძის ქვანო, ქვანო საგუმბათონო,

 

მცხეთას ხომ არ მიბრძანდებით, კონსტანტინე ბატონო!

 

ბულბულს როგორ არ ესტვინა

 

იბერიის ბაღთათვის,

 

არ მოევლო პალესტინა,

 

კილიკია, ბაღდათი.

 

მოიარე საქართველო მეროჭიკე ბერივით,

 

მოიძიე მონასტრები ჟამით გადაბელილი,

 

მკათათვეში თრიალეთზე ცაა უკაბადონო,

 

იქნებ კვეტარს ესტუმრებით, კონსტანტინე ბატონო!

 

ვით დაჭრილი მეციხოვნე ჭირის ოფლგადასხმული,

 

დიდოსტატის მარჯვენაზე გისვენია წარსული.

 

გადმოდგება ქართლის მთებზე დილა საიადონო

 

და ქუდს გიხდის საქართველო, კონსტანტინე ბატონო!

 

შოთა ნიშნიანიძე

 

 --------------------------------------------------------------------------------

თარიღი: 23.04.2008

 

ავტორი: ს. ნიშნიანიძე

 

 

 

კონსტანტინე გამსახურდია

 

         თბილისის 42-საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იზოლდა რობაქიძე

ივერიონის მკითხველებს სთავაზობს კონსტანტინე გამსახურდიას დიდოსტატის მარჯვენიდან ამოკრებილ აფორიზმებს და გამოთქვამს იმედს, რომ მისი ნაშრომი კიდევ ერთხელ მოანატრებს მკითხველს დიდ კლასიკოსთან შეხვედრას.

 

აფორიზმი (ბერძნულად განსაზღვრა) სხარტული  გამოთქმაა, რომელიც შეიცავს     მნიშვნელოვან  7 აზრს, სიბრძნეს.

 

როგორც ზოგიერთ კაცთაგანს, ცხოველსაც ასე სჩვევია: როცა ქედმოდრეკილად იქცევი, მას ჰგონია, ჩემი ეშინია, თორემ არ მომეპყრობოდაო პატივისცემით.

 

ზოგიერთი ადამიანი თავისი უმნიშვნელობითა ხდება შესამჩნევი.

 

რაც უნდა დიდი ქმნილების წინაე იდგე, თვით უმნიშვნელო ადამიანიც ყურადღებას მოითხოვს შენგან.

 

საერთო სენია კაცთა, მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხანდახან, რათა ცოცხალთ მიაყენონ ჩრდილი.

 

რასაც მიცვალებულებს მიუტევებენ ხოლმე, მას ცოცხალს არ პატიობენ თანამედროვენი არასოდეს.

 

ცნობილია, ადამიანები ღვთაებას უფრო იოლად აპატიებენ ხელის მოცარვას, ვიდრე კაცთაგანს.

სიბრძნის დედაა სიფრთხილე.

 

მკვლელებსა და ლოთებს აგრე სჩვევიათ, ჯერ ღვინით გაილეშებიან, შემდგომ ამისა, მოჰყვებიან ცრემლების ნთხევას.

 

ცნობილია, ვისაც სიყრმეში არ გაუხარია, ვისაც ბავშვობაში სიჭაბუკე წამოსწევია, ხოლო სიჭაბუკეში შუაკაცობის ტვირთი, მას მარადჟამს თან დაჰყვება გაცდენილი სიყრმისა და სიჭაბუკის დარდი.

 

ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე, გარს შემოუარო.

 

რავინ ისე არ იტანჯება მატერიის ქაოსის შემყურე, როგორც ხელოვანი ამქვეყნად.

 

კურთხეულია მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა, შრომაა უდიდესი სიქველე ამქვეყნად და არც არაფერი ამშვენებს ისე ვაჟკაცს, როგორც შრომაში გამოჩენილი სიმამაცე.

 

როგორც ტოლიოთი დაბმული ცხენი გარს უვლის ხოლმე დღედაღამ პალოს, აქ მოსძოვს მცირეს, იქ მოიბალახებს, დადის წრის გარშემო გაჩხიბულივით, ასევე ოსტატს მუდამ თვალწინ უდგას შემოქმედების თავისის საგანი, სულ ერთია, სეირნობს იგი, ლხინს ეძლევა ანდა მაშინაც, როცა ბრბოში უსაქმრად დაეხეტება, მარადჟამს თავის პირმშოს დასტრიალებს გონების თვალით.

 

ძლიერს უჭირს ამქვეყნად. მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ.

 

კაცის მაგივრად კაცის პოვნა ხომ ადვილია, ოსტატის ნაცვლად ოსტატის გამონახვა -ასევე ძნელია.

 

ქმნილების დაწყებაა მთავარი, მაგრამ დასრულება მისი უმთავრესია მაინც.

 

ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი, ვერც ის გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში.

 

ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვს ფასად, თუ მთელი ჯანი არ შეალიე ამ სასტიკ ბომონს, არაფერი გამოგივა ხელიდან.

 

სხვა რა ევალება ოსტატს, თუ არ წამიერის მარადჟამულად ქცევა? სხვა რა ევალება ამქვეყნად ოსტატს, თუ არა ჭიდილი წარმავლობის ნისლთან?

 

მხოლოდ ბრძენკაცთ ემტერებოდნენ მეფეები, და არსად არც ერთ მეფეს, თუგინდ სულელსაც, შლეგი არ ჩამოუხრჩვია ჯერ, რადგან თვით უჭკუო მეფეებსაც მუდამ ესმოდათ: სულელები სათითაოდ რომ ჩამოახრჩო, მაშინ ვერც ხარკს მოიხვეჭავდნენ, ვერც მონასპებს იპოვნიდნენ ომში წასაყვანს.. არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომსი,როგორც სულელი.

 

მაინც მოცალეობა და ფანტაზიაა შემოქმედების მკვიდრი მშობელი.

 

ყველაზე კარგი სურათი იგია, რომელსაც არც უფლისციხეში, არც კონსტანტინოპოლში, არც ქაიროში არ ყიდულობენ ამჟამად. სწორედ იგი, რომლისთვისაც სულს მოსთხოვენ ერთ დღეს დამხატველს.

 

მხოლოდ სულელები ეუბნებიან მართალს მეფეს.

 

მხოლოდ იმას ათრობს თრიაქი, ვისაც ასმევენ ხოლმე, მაგრამ სიტყვას ერთი იტყვის ხშირად და ათასს ეძგერება, როგორც ირიბად გასროლილი ქვა.

 

ჯერ არც ერთი მეფე ჭკვიან ვეზირებს არ გაუხდიათ ბრძენი. თუ ისეთი ვეზირები გაააჩნია, რომელთაც მეფის შიში აღარ ექნებათ, მაშინ ისინი თავად წაეპოტინებიან ტახტს.

 

მეფეები და ლომები მარტოობაში ხდებიან გულზვიადნი. ზვავდებიან და მოიწყენენ. მარტოხელნი იღუპებიან კიდეც.

 

რომელ გულს ეყოფა ძალა, მიჯნურობასა და ხელოვნებას ემსახუროს ორთავეს თანაბრად?

 

ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია, ალბათ, ის ღმერთი.მფლანგველებს ასეთი ბედი ეწევა მუდამ, სხვის საუნჯეთა მპარავნი საკუთარსაც ვერ შეირჩენენ.

 

ადამიანებს ასე ჰგონიათ, როცა ერთ უსამართლობას მეორეთი ცვლიან, მდგომარეობის შეცვლა მოუტანდეს თითქოს შვებას.

 

ამქვეყნად არც რაინდია ისეთი, რომელსაც რისამე წინაშე შიში არ ეგრძნოს ოდესმე, არც თუ ბრძენია სადმე, ერთხელ მაინც სისულელე არ ეთქვას.

 

არავინ ისე საძაგელი არაა ამქვეყნად, როგორც ძმების მოღალატე, მშიშარა ვაჟკაცები.

 

არიან ისეთი სიტყვებიც, რომელნიც გამოთქმისაგან შეიბღალებიან ხოლმე. ხოლოდ იმ სიტყვა აქვს წონა, რომელსაც საქმე მოჰყვება და მსხვერპლი.

 

უმსხვერპლო სიტყვა ისევე ამაოა, როგორც უსურნელო ყვავილი, უნათლო შუქი, გინა სიტფოს მოკლებული მზეი.

 

ყოველი საგანი მაშინ იწყებს წაქცევას, როცა წონასწორობას დაჰკარგავს იგი.

 

თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშრებსა და მსტოვრებს.

 

ასე ყოფილა ჟამის დასაბამიდან, ერთი ბომონი ვერ დაიტევს ვერასოდეს ორ კერპს.

ეს ცხოვრება არც ისე მრუდედ წარუმართავს არსთაგამგებელს, ყვველაფერი იმისთვის შეემთხვევა კაცს, რათა თავის თავსა და თავის ღმერთს მიაგნოს.

 

არავინ ისე არ ისჯება ამ ქვეყანაზე, როგორც იგი, რომელიც ყოველივეს არ შესწირავს თავის სიყვარულს.

 --------------------------------------------------------------------------------

თარიღი: 13.04.2008

ავტორი: იზოლდა რობაქიძე

 

 

 

 

 

 

მწვანე აფთიაქი

 

ქოლეცისტიტი

 

სალბის 2ჩ/კ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 2ჩ/ჭ მდუღარე წყალი.30 წთ-ით დააყენეთ,გადაწურეთ და მიიღეთ ყოველ 2სთ-ში 2-2ს/კ.

 

დამწვრობის საწინააღმდეგო ჩაი

 

მომინანქრებულ ჭურჭელში ჩაყარეთ 1ჩ/კ შავი ან მწვანე ჩაი, დაასხით 1ჩ/ჭ ადუღებული წყალი. დაახურეთ სარქველი და დააყენეთ. გააგრილეთ 13-14 გრადუსამდე. დაისხით დამწვარ ადგილას და დოლბანდით გადაიხვიეთ.ნახვევი იცვალეთ ისე,რომ არ გამოშრეს. მისი გაკეთება 10-12 დღე მოგიწევთ. ყოველი გადახვევისთვის ახალი ნაყენი მზადდება. ეს საფენები ხსნის ტკივილს და შეწითლებას მზით დამწვრობის დროსაც.

 

 

ნერვული დაძაბულობა და უძილობა

 

1ჩ/კ პიტნის ფოთოლს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 10 წთ-ის განმავლობაში ადუღეთ. დალიეთ 0.5ჩ/ჭ დღეში 2-ჯერ, დილით და ძილის წინ.

 

. . . თანაბარი რაოდენობით სამყურასა და პიტნის ფოთლების და კატაბალახას ფესვების 2ჩ/კნარევს დაასხით 2ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 20წთ გააჩერეთ, გაწურეთ და დალიეთ დილა-საღამოს 0.5ჩ/ჭ.

 

 

ნევროზი არითმიით

 

100გრ უნაბის კურკა დააქუცმაცეთ,დაასხით 0.5 ლწყალი, ადუღეთ 10 წთ-ით, დაამატეთ 200გრ 96% სპირტი, გააჩერეთ 8საათი, გადაწურეთ, მიიღეთ 1ს/კ 4-ჯერ ჭამამდე 15 წთ-ით ადრე.

 

 

ნევროზი- დეპრესია

3ს/კ დაქუცმაცებულ შვრიის ღეროს დაასხით 2ჩ/ჭ ადუღებული წყალი, გააჩერეთ, მიიღეთ ჭამამდე 3-ჯერ დღეში.

 

არითმია

 

2ჩ/კ კალენდულას ყვავილს დაასხით1ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 15 წთ გააჩერეთ,გაწურეთ.მიიღეთ 3ჯერ 1/3 ჩ/ჭ

 

 

ასთმა

 

1 ს/კ წითელი სამყურას ყვავილს დაასხით 2 ჩ/ჭ წყალი და 1-2 წთ ადუღეთ. ნახარში დალიეთ ჩაისავით.

. . . 50გრამ კომშის ფოთოლს დაასხით 250მლ მდუღარე წყალი და დადგით 15წთ ორთქლის აბაზანაზე,შემდეგ გააჩერეთ 1სთ, გადაწურეთ, ნაყენი შეინახეთ მაცივარში 3 დღე. მიიღეთ 2 ს/კ დღეში 4-ჯერ.

 

 

პიგმენტური ლაქები

 

3ჩ/კ არაპასტერიზირებული რძე აურიეთ 1ჩ/კ სუფთა სპირტში და ძილის წინ სახეზე შეიზილეთ.

 

 

ენტერიტი

 

ფაღარათის შემთხვევაში 3ს/კ კრაზანას დაასხით 1,5ჩ/ჭ მდუღარე წყალი და 1სთ გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. დალიეთ 1/3 ჩ/ჭ ჭამამდე 0,5 სთ-ით ადრე 3-ჯერ დღეში.

 

შეკრულობა

 

კრაზანას ნაყენს დაასხით მატიტელას ექსტრაქტი-2ს/კ მატიტელას დაასხით 100გ არაყი და 12 დღის განმავლობაში გააჩერეთ. მიიღეთ 4 კვირის განმავლობაში და ერთი კვირა დაისვენეთ. შემდეგ იგივე გაიმეორეთ.

 

 

გასტრიტი

 

1ს/კ გამხმარ გვირილას დაასხით 1ჩ/ჭ წყალი, 15 წთ დადგით ცხელი წყლის აბაზანაზე, გააგრილეთ და ანადუღარი წყლით თავდაპირველ ოდენობამდე შეავსეთ.მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ დღეში 3ჯერ ჭამის წინ.

 

დიარეა

 

აიღეთ 300გრ ხახვი, დააქუცმაცეთ, დაასხით 300 მლ ღვინო და 5 დღით დააყენეთ, დაამატეთ 100გრ თაფლი და 3 დღე გააჩერეთ, გადაწურეთ,მიიღეთ2ს/კდღეში4ჯერ.

 

ხველა

 

შავი ბოლოკი გახეხეთ, გაწურეთ,წვენს დაუმატეთ 1ს/კ თაფლი,მიიღეთ 2-2 ს/კ დღეში 3ჯერ ჭამამდე 15-20 წთ-ით ადრე . . . 1 მოზრდილ ლიმონს დაასხით 1 ლიტრი წყალი, ადუღეთ 10 წთ, დაატკბეთ და მიიღეთ დღეში 3-4 ჩ/ჭ.

 

 

ორგანიზმის სისუსტე

 

200გრ ლიმონი, 200გრ ლეღვი, 200გრ ჭერმის ჩირი, 200გრ კაკალი,200გრ ქლიავის ჩირი, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ 500გრ თაფლი, აურიეთ და მიიღეთ 1ს/კ დღეში 3ჯერ.

 

ავიტამინოზი

 

2ს/კ ოხრახუშის ფოთლებს და ძირებს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი,2-3 სთ გააჩერეთ, გადაწურეთ,მიიღეთ 3ს/კ დღეში3-4 ჯერ ჭამამდე 0.5 სთ_ით ადრე.

 

 

ოსტეოქონდროზი და ართრიტი

 

ხმელი დაფნის ფოთლები დაფქვით,50გრამს შეურიეთ 100გრ კარაქი ან ზეითუნის ზეთი და მტკივან ადგილას შეიზილეთ. 

 

--------------------------------------------------------------------------------

თარიღი: 29.03.2008

 

ავტორი: გიო

 

 

 

დედა

 

 გილოცავთ დედის დღეს!

 

პატივ_ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყვე ქვეყანასა ზედა._ ქრისტიანობის მეხუთე მცნება.

 

მას ნუღარ ვსტირით, რაც დამარხულა,

რაც უწყალოს დროთ ხელით დანთქმულა;

მოვიკლათ წარსულ დროებზედ დარდი...

ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს,

ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,

ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს...

აქ არის, დედავ, შენი მაღალი

დანიშნულება და საღმრთო ვალი!

აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,

საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას,

შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,

ძმობას, ერთობას თავისუფლებას,-

რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს

და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს...

მენდე, მიიღებ ნერგს, შენგან დარგულს,

და მოგცემს ნაყოფს, ვით კაცი კაცურს.

დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:

ისე აღზარდე შენ შვილის სული,

რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,

უკან ჰრჩეს კვალი განათებული.

 

ილია ჭავჭავაძე

 

 

 

დედაშვილური სიყვარული მძლეთამძლეა.

 

ილია ჭავჭავაძე.

 

 

 

ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა.

 

ილია ჭავჭავაძე

 

 

 

დედის გული ზღვა არის სიყვარულისა. რომ უთხრა, შვილი რომ უკვდებოდეს, ორი დღის სიცოცხლე კიდევ მიემატება შენს შვილსო, ოღონდ სული საკუნო ჯოჯოხეთს მიეციო,- დედა მაგას იქმს, შვილმა კი დედისათვის რომ ეგა ქნას, დედა იწყენს.

 

_ილია ჭავჭავაძე.

 

 

დედას ვუყვარვართ შვილები,

დედა არ გვახსოვს შვილებსა,

ამიტომ წუთისოფელი

სულ მუდამ გვაცოდვილებსა.

 

ხალხური

 

 

 

კარგი შვილების გამზრდელი

დედა მიცვნია გმირადა.

 

ვაჟა-ფშაველა.

 

 

ბევრად სჯობია სიკვდილი

მშობელი დედის წყენასა.

 

ვაჟა-ფშაველა.

 

 

 

ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო,

დიდება თქვენდა, ტკბილსახსოვარნო!

 

ნ. ბარათაშვილი.

 

 

ყოველივე მშვენიერი ადამიანში მზის სხივებისა და

დედის რძისგანაა, აი რა გვმსჭვალავს ჩვენ

სიცოცხლის სიყვარულით.

 

მაქსიმ გორკი

 

 

 

დედა მუცლით ატარებს შვილს, თავდაპირველად სულ ცხრა თვეს;

დედა ხელით ატარებს შვილს, ვიდრე მას ფეხზე არ დააყენებს;

დედა გულით ატარებს შვილს შემდეგ, მთელი სიცოცხლე.

 

ფ. ლოგაუ.

 

 

 

დედამ სისხლში გადმომცა მე საუნჯე ფარული,

მას ფულით ვერ მოიხვეჭთ თქვენ,

კაცნი განსწავლულნი.

 

გ.ბიურგერი.

 

 

 

განსაცვიფრებელი ფაქტია, რომ გენიალური ადამიანების უმრავლესობას შესანიშნავი დედები ჰყავდათ, რომ მათ თავიანთი დედებისაგან ბევრად უფრო მეტი მიიღეს, ვიდრე მამებისაგან._

 

ჰ. ბოკლი

 

 

დედის ხელები ხორცშესხმული სინაზეა. ბავშვებს კარგად სძინავთ ამ ხელებზე.

ვ. ჰიუგო

 

არაფერია დედის სიყვარულზე უფრო წმინდა და

უანგარო; ყოველგვარი სიყვარული, ყოველგვარი ვნება

და ერთგულება ან სუსტია, ან ანგარებიანია მასთან

შედარებით.

 

ბ. ბელინსკი

 

 

მშობლის თვალი რომ გიყურებს, უფრო ტკბილი რა არის?

 სოფოკლე.

 

 

სიყვარულით სავეს გული მშობლისა შვილს ეკუთვნის

მთლიანად.- ევრიპიდე.

 

მშობლების სიყვარული ყველა სათნოების საფუძველია.

 

ციცერონი.

 

 

ისე მოეპყარი მშობლებს, როგორც შენ ისურვებდი, საკუთარი შვილები მოგპყრობოდეს.

 

სოკრატე.

 

 

 

დედა

 

დედავ- სიცოცხლის დიდო საწყისო,

დედავ-ცხოვრების ბურჯო მაგარო,

ეს გული შენი გულით ხალისობს,

შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.

ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს

შენ დამღეროდი

ნანას,

მზე შინას     

რამდენი ღამე არ გძინებია,

რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა.

შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,

არ მშორდებოდი წუთით, საათით,

რომ სიარული გესწავლებინა,

შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.

მე შენი წმინდა შუქი მეფინა,

შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,

რომ ლაპარაკი გესწავლებინა,

შენც ტიტინებდი ჩემთან ბავშვივით.

 

 

დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,

 

თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,

შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,

რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.

თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,

რამდენჯერ სენმა ხელი დამრია,

დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,

თმებში ჭაღარა შემოგპარვია.

როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,

შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,

შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად

ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული.

ახლაც შენა ხარ ჩემი კანდელი,

სიცოცხლის დიდი გასხივოსნება,

შენ შემაყვარე დღე დღევანდელი,

ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება.

შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა,

თავზე ნამუსის ქუდი დამხურე,

სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა

და სიყვარული დავიმსახურე.

დედავ- სიცოცხლის ტკბილო საწყისო,

დედავ-ცხოვრების დვრიტავ მაგარო,

ეს გული შენი გულით ხალისობს,

შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.

 

იოსებ ნონეშვილი.

 

--------------------------------------------------------------------------------

თარიღი: 29.03.2008

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / მითოლოგია / უავტორო / ქართული სიბრძნე