შაკუნტალა  (შევარდენთა მშვენიერი ნებიერი)

 

   * * *

 

   უძველეს დროში, როცა ადამიანებს სჯეროდათ, რომ ამ უთვალავი ფერით აელვარებულ ქვეყანაზე ღმერთები მათ გვერდით ცხოვრობდნენ, ინდოეთს სიბრძნით და კეთილშობილებით განთქმული მეფე მართავდა.

   პურუს სამეფო გვარის მემკვიდრე - ახოვანი, ძლიერი, მხნედ მბრძოლი, გონიერი და ღვთისმოსავი დუშიანტა - ზნეკეთილი, სამართლიანი და გულუხვი ხელმწიფე იყო. მისი მეფობის დროს ინდოეთი მზიანი დილით თეთრად გადაშლილი ლოტოსის ყვავილის ღვთაებრივი სიდიადით ყვაოდა.

   ერთხელ მეფე დუშიანტამ სანადიროდ წასვლა ინება. არაჩვეულებრივი სანახავი იყო ფეხმარდ ირემს ორთვალა ეტლით ადევნებული ხელმწიფე. შესანიშნავი მოისარი და ნადირთა ხელოვანი ძველი ფრესკებიდან გადმოსულ ნადირობის ღვთაებას ჰგავდა.

   ირემმა უღრან ტყეს შეაფარა თავი. მეფემაც მისდია. მზის პირველი სხივებით გამთბარ გაზაფხულის გამჭვირვალე დილას ტყეში მანგოს და ჟასმინის ნაზი ყვავილების მომაჯადოებელი სურნელი იდგა. ხასხასა ბალახი უძვირფასესი აბრეშუმივით დაჰფენოდა მიწას. ალერსიანად მოჭიკჭიკე ჩიტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ტკბილ გალობაში.

   საიდანღაც პატარა ნუკრი გამოსხლტა და ფეხებქვეშ შეუვარდა ირემს - ეთამაშებოდა, ლაღობდა, უდარდელად დაკუნტრუშებდა. ირემიც, თითქოს საფრთხე არსაიდან ემუქრებაო, უშფოთველად ეფერებოდა მხიარულ პატარას. მეფე ააღელვა ამ საკვირველმა სურათმა. აღარ მოუნდა ნადირობის გაგრძელება.

   ამ დროს ტყის სიღრმიდან იდუმალი ხმა შემოესმა:   - მეფეო, იარაღი მტერთან ბრძოლაში მოიხდინე. ეს მშვიდობიანი ადგილია. ირემიც და ნუკრიც ტყეს ეკუთვნის. აქ მათი სიცოცხლე ხელშეუხებელია.

კეთილი იყოს შენი მობრძანება წმინდა ნაკრძალში.

   დუშიანტამ კრძალვით შეაბიჯა მწვანე სავანეში. მშვილდი, ისრები, მახვილი, სამკაულები ორთვალაზე დატოვა - ნაკრძალში იარაღასხმული შესვლა მეფესაც კი არ შეჰფეროდა. ირემმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ასე გამალებით გაურბოდა, ახლა სულ ახლოს მიუშვა. მშვიდად უყურებდა, როგორ მიესიყვარულა ნუკრს დუშიანტა, მერე კი მდაბლად დაუკრა თავი. ნაზი სიოც მხიარულად მიეალერსა ლოყაზე მეფეს და დუშიანტას ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ამ ზღაპრულ ადგილას არაჩვეულებრივი თავგადასავალი უნდა გადახდომოდა.

 

 

   * * *

 

   ნაკრძალში განდეგილ კანვას დაედო ბინა. იქვე მისი მოწაფეები და სხვა მლოცველებიც სახლობდნენ. ეს მორწმუნე, სათნო ადამიანები სრულ თანხმობაში ცხოვრობდნენ მშვენიერ გარემოსთან. სიყვარულით უვლიდნენ ტყის ბინადართ, აპურებდნენ მშიერ ჩიტებს, გვალვის დროს წყალს უსხამდნენ ათასწლოვან ხეებს.

ნიადაგ ღვთის და ერთმანეთის მსახურებაში მყოფნი - გალობდნენ, ლოცულობდნენ, მარხულობდნენ, მცირე და დიდი ცოდვებისგან იწმინდებოდნენ.

   იმ დილას ნაკრძალი სიზმრად ნახულ სამოთხეს ჰგავდა. ულამაზესი გოგონები, თმებში ჩაწნული ფერადი თაიგულებით, ნამიან ყვავილებს აგროვებდნენ

საკურთხევლის მოსართავად. განდეგილი კანვა სალოცავად წასულიყო შორეულ ტაძარში და ამიტომ ქალიშვილების ქცევას მეტი სილაღე და სითამამე ეტყობოდა - ხმამაღლა იცინოდნენ, ხუმრობდნენ, ონავარი ბავშვებივით მხიარულობდნენ. შორიახლოს, ხის ჩრდილში მდგარ დუშიანტას საამურ გალობასავით ჩაესმოდა მათი ტკბილი ხმები. ორი გოგონა - პრიამვადა და ანასუია - თავის მესამე მეგობარს - ფერიასავით ნაზ შაკუნტალას აქეზებდა:

   - შაკუნტალა, შეხედე, შენი ჟასმინის ყვავილი მანგოს რტოს როგორ გადახვევია?! რა მშვენიერი სანახავია ღონიერ რტოზე მთვარის შუქივით მკრთალად დაფენილი თეთრი ყვავილი.

   - იქნებ ეს იმის ნიშანია, რომ მალე შენც იპოვი გულისსწორს და მის ძალას ჟასმინის ტოტივით მინდობილი, სამუდამოდ დატოვებ აქაურობას?

   შაკუნტალამ უდარდელად გაიღიმა, უხმოდ შეტრიალდა მანგოს ხისკენ და ალერსიანად გადაუსვა ხელი ჟასმინის თეთრ ყვავილებს. სწორედ ამ დროს დაინახა მეფემ შაკუნტალა და მაშინვე თავდავიწყებით შეუყვარდა. ნადირობაც გადაავიწყდა, ფუფუნებით განთქმული თავისი ქალაქიც და ძვირფას ფარჩებში გამოწყობილი სასახლის თავმომწონე ლამაზმანებიც.

აქ, ამ ზღაპრულ ადგილას მოუნდა ცხოვრება, ტყის მშვიდობიან ბინადართა გვერდით - განდეგილების, ფერიასავით ლამაზი ქალიშვილების, მიმნდობი შვლებისა და ფერად-ფერადი ყვავილების გარემოცვაში. ჟასმინის ჩუმი სურნელებით

გაბრუებულმა დუშიანტამ ის იყო სამალავიდან გამოსვლა დააპირა, რომ უეცრად შაკუნტალამ შეჰკივლა:

   - ვაიმე, მიშველეთ,  ფუტკარი დამტრიალებს თავს.

აუცილებლად მიკბენს, მეშინია, მიშველეთ რამე!

   - არ გაინძრე და გაფრინდება!

   - თავს არ მანებებს, მიშველეთ რამე!

   დუშიანტა ერთი ნახტომით შაკუნტალას გვერდით გაჩნდა, ხელი აუქნია ფუტკარს და ისიც მშვიდობიანი ბზუილით გაშორდა იქაურობას. შეშინებულმა ქალმა მადლიერებით შეხედა უცნობს და ვარდისფერი პიონივით აენთო სახე. უცნაური გრძნობა დაეუფლა - გარშემო თითქოს ყველაფერი გაქრა და წამით სულ მარტოდმარტო აღმოჩნდა გრძნეულ, საკვირველ, უტკბეს სიზმარში.

   ხელმწიფე ანასუიას ხმამ გამოაფხიზლა. გოგონა ეშმაკურად იღიმებოდა და მისალმების თავაზიან სიტყვებს ეუბნებოდა. ქალიშვილებმა სტუმარს ახლად დაკრეფილი ხილი და წყაროს ცივი წყალი მიართვეს. სთხოვეს, ჩრდილში მოესვენა და მორიდებით ჰკითხეს ვინაობა. დუშიანტამ არ ისურვა ეთქვა, რომ მეფე იყო.

მან უბრალოდ, ჩვეულებრივი მოკვდავივით შეაბიჯა ამ ზღაპრულ სამყაროში და ახლა ეშინოდა, არ განქარვებულიყო ჯადოსნობა. მაგრამ სიცრუის თქმაც ეთაკილა, ამიტომ მხოლოდ უფლისგან ხელდასხმული სამეფო მოვალეობები ჩამოთვალა ისე, რომ ვინაობა არ გაემხილა:

   - მე ვარ ის, ვისაც ევალება სახელმწიფოში სამართლიანობის აღსრულება; ქვეყნის კეთილი მომავლისთვის ლოცვა და ბრძოლა; წმიდა წიგნების პატივისცემა; მლოცველთა, ქვრივთა, ობოლთა, უპოვართა შემწეობა და მფარველობა.   ქალიშვილები დააბნია უცნობის სიტყვებმა. მისი საუბრიდან ბევრი ვერაფერი გაიგეს, მაგრამ სამივემ გაიფიქრა: - ეს კაცი უთუოდ მეფე იქნება, ისე მჭევრად მეტყველებს, ისეთი მოხდენილი გარეგნობა აქვს და ისე ღირსეულად უჭირავს თავიო...

 

   * * *

 

   დუშიანტამ რამდენიმე დღე დაჰყო ნაკრძალში. პირველივე საღამოს, როცა ამალაც წამოეწია, თავისთავად გაცხადდა, რომ განდეგილთა პირმშვენიერი სტუმარი მეფე იყო. პრიამვადა და ანასუია ადგილს ვერ პოულობდნენ მღელვარებისგან. გრძნობდნენ, რომ შაკუნტალას დუშიანტა შეუყვარდა. არც ხელმწიფე ჩანდა გულგრილი, მაგრამ რატომღაც ყოყმანობდა. პრიამვადამ გადაწყვიტა, დაემარტოხელებინა ხელმწიფე - იქნებ საუბარში გაერკვია, რა აბრკოლებდა.

   ჰოდა, როცა დუშიანტა მდინარის პირას ისვენებდა, პრიამვადა გვერდით მიუჯდა და შაკუნტალაზე ჩამოუგდო სიტყვა:

   - შაკუნტალა განდეგილი კანვას ქალიშვილი არ არის. ის ძლევამოსილი გმირის და ნახევრად ქალღმერთის, ერთ-ერთი აპსარას, ასულია.

შაკუნტალას მამა უძლეველი მეომარი იყო. ღმერთებს შეშურდათ მისი და საცდუნებლად მშვენიერი აპსარა მოუვლინეს ზეციდან. მეომარს თავდავიწყებით შეუყვარდა აპსარა და ერთხელ, ფიცხელ ომში, როცა სატრფო მოაგონდა და ოცნებებში წასულმა ბრძოლა შეწყვიტა, მტრის მიერ მიზანში ნატყორცნმა ისარმა განუგმირა გული.   დუშიანტამ მადლიერებით შეხედა ქალიშვილს:   - სევდიანი ისტორიაა.

  - ჩვენი ღმერთები ხშირად სასტიკნი და ღვარძლიანნი არიან. 

 - ნაკრძალში როგორღა მოხვდა შაკუნტალა?

   - აპსარამ არ ინდომა ჩვილის ზეცაში წაყვანა. ნაკრძალის ახლოს დატოვა მთებში. მამა კანვამ შემთხვევით იპოვა. ბავშვს გარშემო შევარდნები შემოსხდომოდნენ და მის უშფოთველ ძილს სდარაჯობდნენ. განდეგილმა გოგონა ნაკრძალში წამოიყვანა და შაკუნტალა - შევარდენთა მშვენიერი ნებიერი - დაარქვა.

   დუშიანტამ შვებით ამოისუნთქა. ინდოელთა წესის თანახმად, მეფეს, როგორც მეომართა წოდების წარმომადგენელს, ეკრძალებოდა ცოლის შერთვა ბრაჰმანთა კასტიდან, მაგრამ რადგანაც შაკუნტალაც მეომართა გვარიდან იყო, ქორწინებას წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა.

   - გმადლობ, პრიამვადა. საკვირველი, თითქმის ზღაპრული რამ მიამბე. მოკვდავთა შორის უბედნიერეს კაცად მაქციე.

 

   * * *

   დრო გადიოდა. ხელმწიფეს სატრფოსთან განშორება ეძნელებოდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო, ნაკრძალი უნდა დაეტოვებინა. დედოფალი, დუშიანტას დედა, მაცნეს მაცნეზე უგზავნიდა - სატახტო ქალაქში დაბრუნებას სთხოვდა. ხელმწიფეს განდეგილი კანვას ნახვა უნდოდა მოესწრო, შაკუნტალას ხელი რომ ეთხოვა, მაგრამ მამა კანვა რატომღაც აგვიანებდა ჩამოსვლას.

   ერთხელ, როცა ფიქრებში ჩაფლული დუშიანტა მდინარის პირას ქვის გრილ ტახტრევანზე ისვენებდა, შაკუნტალა მიუახლოვდა და ახალდაკრეფილი ხილი მიართვა. მეფემ თვალებში ჩახედა მიჯნურს და მოეჩვენა, რომ ეს სათნოდ მოღიმარი, ღარიბულად ჩაცმული ქალი უფრო ლამაზი იყო, ვიდრე მის შავ ნაწნავში ჩამაგრებული ლოტოსის ყვავილი.

   - სასახლეში უნდა დავბრუნდე... მაგრამ შენც რომ  არ მეთმობი? უძველეს დროში ინდოეთში არსებობდა საიდუმლო ქორწინების რიტუალი. როცა მიჯნურნი ვერ ახერხებდნენ შეუღლებას ტრადიციული წესების დაცვით, ისინი მალულად, ოჯახის მფარველი ღმერთების მოწმობით უდასტურებდნენ ერთმანეთს სიყვარულს და სამუდამო ერთგულების ფიცით კრავდნენ კავშირს. ეს ქორწინება ისეთივე წმინდად ითვლებოდა, როგორც ბრაჰმანთა მიერ ნაკურთხი ცოლქმრობა.

   შაკუნტალამ მორჩილი, სიყვარულით სავსე თვალები შეანათა მეფეს. ამ წამიერ გამოხედვაში თანხმობაც იყო, აღფრთოვანებაც, საუკუნო ერთგულებაც და თაყვანისცემაც.

   დუშიანტა ინდოეთის მომავალ დადოფალთან მდინარის პირას, ღვთაებრივი მშვენიერებით აღბეჭდილ ნაკრძალში შეუღლდა, ოჯახის და სიყვარულის მფარველი ღმერთების ნებით და თანხმობით. მზე რამდენიმე წუთით დაეკიდა აყვავებული მაგნოლიის წვერზე, მეწამულად ააელვარა იქაურობა და მეფური დიდებულებით ჩაესვენა მაღალი მთების გადაღმა - ფრთამალი შევარდნების, მედიდური არწივების და მოხდენილი ქურციკების საუფლოს იქით.

 

      * * *

 

     განშორებისას ხელმწიფემ ბეჭედი აჩუქა თავის რჩეულს. დაბეჯითებით სთხოვა, განდეგილის დაბრუნებისთანავე დაეტოვებინა ნაკრძალი და სატახტო ქალაქს ჩაბრძანებულიყო მეუღლესთან.

   მეფის წასვლის შემდეგ შაკუნტალა მთვარეულს დაემსგავსა. განმარტოება და სიმშვიდე სიამოვნებდა.

თუმცა, თავის მოვალეობას მაინც პირნათლად ასრულებდა - რწყავდა ათასწლოვან ხეებს, აგროვებდა ყვავილებს, მოშივებულ ჩიტებს ბრინჯს უყრიდა, ლოცულობდა და ოცნებობდა. სულ ოცნებობდა. არავინ და არაფერი ახსოვდა. მხოლოდ დუშიანტაზე ფიქრობდა.

   ერთხელ ანასუია და პრიამვადა მდინარესთან შეყოვნდნენ, თავიანთი დობილის მომავალზე ბჭობდნენ. ანასუიამ ეჭვები გაუმხილა მეგობარს:

    - რა გვეშველება, პრიამვადა, სასახლეში დაბრუნებულ დუშიანტას რომ აღარ გაახსენდეს შაკუნტალა? იქ ხომ, ალბათ, იმდენი ლამაზი ქალია...

   - ისეთი მშვენიერი გარეგნობის ადამიანები, როგორიც დუშიანტაა, ბუნებითაც სრულქმნილნი არიან - მართალნი, სულგრძელნი, კეთილშობილნი.

მისგან ცუდს არაფერს ველი. უფრო სხვა რამ მაწუხებს, განდეგილის რისხვის მეშინია.

   - ეგ ნუ გადარდებს. დანამდვილებით ვიცი, მამა კანვა ოცნებობდა, რომ შაკუნტალასთვის ღირსეული მეუღლე ეპოვა. თუკი ღმერთებმა შეუსრულეს ნატვრა და თავად ხელმწიფე მოუვლინეს სიძედ, რატომ უნდა იყოს უკმაყოფილო?

   ამ დროს ტყის სიღრმიდან ხმა გაისმა: - ვინ შემომეგებება შორი გზიდან მომავალ სტუმარს?

   - ვაიმე, სტუმარია.

   - შაკუნტალა იქ არის, შეეგებება.

   უეცრად მჭექარე ხმამ ქუხილივით გადაუარა ნაკრძალს:

   - როგორ ბედავ შენ, ქარაფშუტა გოგონავ, უყურადღებოდ დატოვო ნაკრძალში მშვიდობით მოსული სტუმარი? რახან აღარავინ და აღარაფერი გახსოვს შენი ქმრის გარდა, წყეულიმც იყოს სიყვარული, რომელმაც თავი დაგაკარგვინა; ნურც გაახსენდეს შენს ქმარს, რომ ნაკრძალში ცოლი დატოვა; დაე, დაავიწყდეს ერთგულების ფიცის სიტყვები, აღარ უყვარდე, ვეღარ გცნობდეს, აღარ მოსწონდე!

   ანასუია და პრიამვადა სტუმრის შესახვედრად გაიქცნენ, თანაც ბუტბუტებდნენ: - დავიღუპეთ, ეს ნამდვილად მრისხანე მისანი დურვასასია. ეტყობა,

შაკუნტალა ისე იყო ფიქრებში გართული, ყურადღება არ მიაქცია.  სასწრაფოდ მივეგებოთ, იქნებ, მოვულბოთ გული...

 

 

   * * *

 

   ორიოდ თვემ განვლო. განდეგილი კანვა შინ დაბრუნდა. მისი ჩამობრძანებით გამოწვეულმა სიხარულმა ნაკრძალში ყველას გადაავიწყა, თუ რამ უსიამოვნება მომხდარიყო მოხუცის იქ არყოფნაში. მხოლოდ შაკუნტალა იყო მოწყენილი და გულჩათხრობილი. რცხვენოდა, მამის დაუკითხავად რომ დათანხმდა ხელმწიფეს ქორწინებაზე. ყველაზე უმადურ და უღირს ადამიანად წარმოედგინა თავი.

   ერთხელ, როცა კანვა ლოცულობდა, საკურთხევლიდან ზეციური ხმა გაისმა:

   - მოამზადე შაკუნტალა მეუღლესთან გასამგზავრებლად. შენი შვილობილი ტახტის მემკვიდრეს დაბადებს. დადგება დრო და შაკუნტალას ვაჟი მამისგან მეფობას გადაიბარებს, - მშვიდობის სადიდებლად და ინდოეთის საკეთილდღეოდ!   განდეგილმა დაუყოვნებლივ ამცნო მთელ ნაკრძალს ეს ამბავი. ყველამ გულწრფელად გაიხარა, მაგრამ პირველი აღფრთოვანების შემდეგ საშინელმა დაბნეულობამ მოიცვა იქაურობა - არავინ იცოდა, რანაირ ტანსაცმელს ატარებდნენ სასახლის ლამაზმანები, ან თმას რაგვარად ივარცხნიდნენ.

ძალიან ღელავდნენ. წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რარიგ უნდა შეემოსათ შაკუნტალა ისე, რომ დედოფლის შესაფერისი გამოჩენილიყო მისი ჩაცმულობა.

   ისევ ღმერთებმა იზრუნეს ყველაფერზე: მდინარისკენ მიმავალ პრიამვადას მთვარის მკრთალი შუქივით მოლიცლიცე აბრეშუმის თეთრი საქორწილო კაბა დახვდა მანგოს ტოტზე გადაფენილი; ლიანებზე უძვირფასესი ბეჭდები, სამაჯურები, მძივები, საყურეები ეკიდა. მეგობრებმა დედოფალივით მორთეს შაკუნტალა. უყურებდნენ და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, თან ერთმანეთს აგულიანებდნენ - ასეთი ლამაზი ქალი მთელ ინდოეთში არ იქნება, იმიტომაც შეუყვარდა ჩვენს ხელმწიფესო.   ანასუიამ და პრიამვადამ ბედნიერება უსურვეს მეგობარს და რამდენჯერმე საგანგებოდ გააფრთხილეს: - თუ სასახლეში რაიმე უსიამოვნება შეგხვდეს, მეფეს მისი ნაჩუქარი საგვარეულო ბეჭედი აჩვენეო. ამას ისე დაჟინებით უმეორებდნენ, შაკუნტალას კიდეც გაუკვირდა - ნეტავ, რა უსიამოვნებაზე მელაპარაკებიან დობილებიო. არ იცოდა მშვენიერმა გოგონამ, რომ ანასუია და პრიამვადა მასზე განრისხებულ დურვასასის შეევედრნენ, ეპატიებინა ქალიშვილისთვის უნებლიე უყურადღებობა. მართალია, წყევლის მთლად გაუვნებელყოფა ვერ მოახერხეს, მაგრამ იმაზე კი შეიპირეს მისანი, რომ როგორც კი მეფე შაკუნტალასთვის ნაჩუქარ რაიმე ნივთს დაინახავდა, წყევლა ძალას დაკარგავდა.

   მამა კანვამ ნაკრძალის საზღვრამდე მიაცილა შაკუნტალა, გზა დაულოცა. გულაჩუყებული ქალიშვილი მამობილს გულში ჩაეკრა, პატიება და კურთხევა სთხოვა, თან მოკრძალებით შეჰბედა, განსაკუთრებული სისათუთით  იმ ნუკრს მოპყრობოდა, რომელიც დუშიანტას შემოუძღვა ნაკრძალში...   მშვენიერი განდეგილი ქალი სამუდამოდ ტოვებდა წმინდანთა საუფლოს. თან მიჰყვებოდა განშორების ჩუმი სევდა, ფოთოლთა ალერსიანი შრიალი და გუგულის ნაღვლიანი შეძახილი, რომელიც დაკარგულ სატრფოს უხმობდა გულსაკლავად. შევარდენთა გუნდი ღონიერი ფრთებით აპობდა ცის ლურჯ კამარას, პატარა ნუკრი ცრემლიანი თვალებით დიდხანს გასცქეროდა ხეივანს, რომლის შორეთშიც მიიმალა უცხოდ მოკაზმული მისი ლამაზი შაკუნტალა.

 

 

   * * *

 

   შაკუნტალას სიტყვასიტყვით აუხდა მისან დურვასასის წყევლა. სასახლეში დაბრუნებულ დუშიანტას ერთხელაც არ გახსენებია თავისი მეუღლე. ჯადოსნობამ უცნაურად გადაავიწყა ყველაფერი, რაც ნაკრძალში გადახდა. ამიტომ ძალიან გაუკვირდა, როცა მოახსენეს, განდეგილი კანვას მოწაფეები გეწვივნენო. დუშიანტამ სტუმრების პატივით მიღება ბრძანა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად განცვიფრდა, როცა განდეგილების გვერდით დედოფალივით მორთული ქალი დაინახა. ამ ლამაზი, მისთვის უცნობი ქალის მდიდრული მოკაზმულობა სულაც არ ეხამებოდა განდეგილთა უბრალო ჩაცმულობას.

 

   ერთი სიტყვით, დუშიანტამ შაკუნტალა ვერ იცნო და არამცთუ გაიკვირვა, საშინლადაც აღშფოთდა, როცა შეჰბედეს - ეს ქალი თქვენი კანონიერი ცოლიაო.

ხელმწიფემ განდეგილთა სასახლიდან დათხოვნა ბრძანა. დამცირებულმა, უარყოფილმა, გაოგნებულმა შაკუნტალამ ძალა მოიკრიბა და გაუბედავად გაუწოდა

მარჯვენა ხელი იმ იმედით, რომ ბეჭდის დანახვა მეფეს ნაკრძალში გატარებულ დღეებს გაახსენებდა, მაგრამ შაკუნტალას ხელზე დუშიანტას ნაჩუქარი ბეჭედი არ აღმოჩნდა - მხოლოდ ლიანებზე ნაპოვნი სამკაულები კიაფობდა მის თითებზე. ამ ტყუილმა უარესად განარისხა ხელმწიფე. მან ისე სწრაფად დატოვა პალატი, ყურიც არ უთხოვებია შაკუნტალას სასოწარკვეთილი სიტყვებისთვის: - მეფეო, ალბათ, განგის ნაპირას მომძვრა ბეჭედი, როცა მდინარიდან წყალი ამოვიღეო.

   დაბნეული, შერცხვენილი განდეგილები მარტო დარჩნენ პალატში. დაყოვნებას აზრი აღარ ჰქონდა, ნაკრძალში უნდა დაბრუნებულიყვნენ და განდეგილი კანვასთვის ეამბნათ ყველაფერი. დარწმუნებულები იყვნენ, ის იპოვიდა გამოსავალს.   როცა სტუმრები სასახლიდან გამოდიოდნენ, მაღლიდან ცეცხლოვანი ღრუბელი დაეშვა, შაკუნტალა მეწამულ ალში გაახვია და ცაში აიტაცა.

ეს სასწაული მთელი სამეფო ამალის თვალწინ მოხდა. განდეგილების გამგზავრების შემდეგ სასახლეში დიდხანს ჰყვებოდნენ ამ საიდუმლოებით მოცულ, სრულიად აუხსნელ საკვირველ ამბავს.

 

   * * *

 

   ერთხელ ერთმა უბრალო მეთევზემ განგში თევზი დაიჭირა. როცა მისმა ცოლმა თევზი გამოფატრა, მუცელში არაჩვეულებრივი სილამაზის ბეჭედი იპოვა.

მეთევზემ ბეჭედი დუშიანტას მიართვა - მეფესავით ვერავინ მოიხდენს ასეთ ძვირფას სამკაულსო. დუშიანტამ მადლიერებით მიიღო საჩუქარი და დახედა თუ არა ბეჭედს, შაკუნტალა გაახსენდა. მეთევზის უხვად დასაჩუქრება ბრძანა, თვითონ კი სასწრაფოდ განმარტოვდა და ფიქრებს მიეცა. უღირსობად, უმადურობად, სიბრიყვედ მოეჩვენა თავისი საქციელი.

ვერაფრით აეხსნა გონების ასეთი დაბნელება.

   იმ დღის შემდეგ არავის დაუნახავს მეფე პირმცინარი. მოღუშული დუშიანტა აჩრდილივით დაბორიალებდა სასახლის პალატებში. როგორ არ ცდილობდნენ მეგობრები თუ ხელქვეითნი მის გართობას, მაგრამ ამაოდ... ერთფეროვანი, უხალისო

დღეები უსასრულოდ მიჰყვებოდა ერთმანეთს. დუშიანტას არაფერი უხაროდა. მან არ იცოდა, რომ შაკუნტალა თავისმა დედამ, პირმშვენიერმა აპსარამ აიტაცა ცის ლაჟვარდში, იქ, სადაც ღმერთები ცხოვრობდნენ ლაღად და უდარდელად. დუშიანტა დარწმუნებული იყო, რომ ვეღარასდროს შეხვდებოდა მიჯნურს და მეუღლეს - თავის სათნო, კეთილ, ერთგულ შაკუნტალას. ეს განსაკუთრებით ამძიმებდა მის მარტოობას.

   ერთ მშვენიერ დღეს მეფეს ზეცის მფლობელთა მაცნე - მატალი ეწვია. ღმერთები ველურ ტახს განერისხებინა, რომელიც ქალღმერთ კალის ბაღნარს შესჩვეოდა და უმოწყალოდ ანადგურებდა უძვირფასეს ნარგავებს, აწიოკებდა ტაძრის მსახურ ქალებს, პატარა ცხოველებს ხომ სასტიკად ერჩოდა, გზად ყველაფერს ატიალებდა. ღმერთები დუშიანტას უხმობდნენ საშველად.

   მეფემ დაუყოვნებლივ აისხა იარაღი, მატალის ჯადოსნურ ორთვალაზე ამხედრდა და თვალის დახამხამებაში ქალღმერთ კალის გავერანებულ ბაღნარში აღმოჩნდა. გააფთრებული ტახი, თითქოს მის გამოჩენას ელოდებოდაო, საშინელი ზათქით გამოექანა ეტლისკენ. მის გააფთრებულ რბოლას ნგრევა და სიკვდილი მოჰყვებოდა თან. დუშიანტამ შუბი აღმართა და ნახტომისთვის მომზადებულ ტახს შიგ გულში ატაკა. ტახი ღრიალით დაეცა მიწაზე,  სადაც მაშინვე მტვრის უზარმაზარი ზვინი წამოიმართა.

   უეცრად ირგვლივ ყველაფერი განათდა. ჟუჟუნა წვიმა წამოვიდა და იმ ადგილს, სადაც ტახი ეგდო, ფერადი ცისარტყელა გადაევლო თაღად. საიდანღაც სულ პატარა ბიჭი გამოჩნდა. ღონიერი და კუნთმაგარი ბალღი იყო. ორი წლისა თუ იქნებოდა. ხელი ლომის ბოკვერისთვის ჩაევლო ქეჩოში და მკვდარი ტახისკენ მოათრევდა. ბავშვისთვის უჩვეულო თავდაჯერებით მოაბიჯებდა, არც დუშიანტასი ეშინოდა, არც მიწაზე გართხმული ნადირის.

   დუშიანტას უცნაურად შეუფრთხიალდა გული, თითქოს ეცნოო ბავშვი. აუხსნელი წინათგრძნობით შეპყრობილი, ბიჭისკენ დაიხარა და მარჯვენა გაუწოდა მისალმების ნიშნად. იმანაც ყოჩაღად ჩამოართვა ხელი უცნობს და გამარჯვება მიულოცა.

   - ლომს ერევი? - ღიმილით ჰკითხა დუშიანტამ.

   - პატარაა. დიდს ვერ მოვერევი.

   - შენც პატარა ხარ. რომ გაიზრდები, დიდსაც მოერევი.

   - მე ინდოეთის მეფის შვილი ვარ. ყველას მოვერევი!

   ყვითელი ფოთლებით მოფენილ ბილიკზე ბავშვის დედა გამოჩნდა. შეხედა თუ არა, მეფემ შაკუნტალა შეიცნო ამ ღვთიური სილამაზის ახალგაზრდა ქალში. ლოტოსის ყვავილივით დიდებული სანახავი იყო ხელმწიფის ცოლი - ცისარტყელასაც კი ჩრდილავდა არაამქვეყნიური მშვენიერებით. დუშიანტა უხმოდ გადაეხვია თავის დედოფალს, სიყვარულით ჩახედა ცრემლიან თვალებში და უსიტყვოდ გააგებინა ყველაფერი, რისი გამოთქმაც ასე სწყუროდა უსასრულოდ გრძელი მარტოობის უმზეო დღეებში.

   სამეფო ოჯახი სატახტო ქალაქში დაბრუნდა. გავიდა სიზმარივით ტკბილი მრავალი წელი და ლომებთან მებრძოლი პატარა ბიჭი ძლევამოსილი ხელმწიფე - ბჰარატა გახდა. მის საგმირო საქმეებზე ლეგენდები, პოემები, თქმულებები შეიქმნა. დუშიანტა კმაყოფილებით აკვირდებოდა შვილის ზღაპრულ წარმატებებს და სიამაყით აღვსილი ხშირად ფიქრობდა: - ინდოეთის ისტორია, ალბათ, სხვაგვარად წარიმართებოდა, ერთ ბედნიერ დღეს ირემს ადევნებულ მეფეს სამოთხესავით მშვენიერ ნაკრძალში რომ არ შესძღოლოდა პატარა ნუკრი.

 

 

 

არგონავტები

 

   უხსოვარ დროში საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა კოლხეთის დიდი სამეფო. ეს სამართლიანი, მდიდარი და ბედნიერი ქვეყანა იყო. კოლხები არასოდეს არავის ესხმოდნენ თავს, არ შურდათ სხვა სახელმწიფოთა ძლიერების, არც მათ სიმდიდრეზე ეჭირათ თვალი. ჩვენს წინაპრებს უყვარდათ თავისი სამშობლო და ბედით კმაყოფილნი მშვიდობიანად ცხოვრობდნენ უხვ, ნაყოფიერ, ლამაზ მიწაზე - ზღვაც ჰქონდათ, უდაბნოც, მდორე და ჩქარი მდინარეები, მსხმოიარე ბაღები და უღრანი ტყეები, ფერადი ყვავილებით მოხატული გაშლილი მინდვრები და თვალუწვდენელი მთების მარადთოვლიანი მწვერვალები.

   ამ ულამაზეს მთებში უხვად მოიპოვებოდა მადნეული - ოქრო, ვერცხლი, რკინა, ტყვია, თითბერი. ჩვენი წინაპრები ოსტატურად ამუშავებდნენ ლითონს. მათ საუცხოო იარაღი ჰქონდათ, რომელსაც ძალიან აფასებდნენ მთელ მსოფლიოში და ხშირად ამა თუ იმ მეტალს ძველი ქართული ტომების მიერ დარქმეულ სახელს უწოდებდნენ.   რა არ ხარობდა ამ მიწაზე - ხორბალი, ვაზი, კაკალი, ლეღვი, სუმბული, ბზა, ვარდი, ტანწერწეტა ალვა, ზამთარ-ზაფხულ მწვანედ მოლივლივე კედარი, ფესვმაგარი მუხა, რცხილა, ნეკერჩხალი, სურნელოვანი ვაშლი...

   კოლხეთში კარგად ერკვეოდნენ მცენარეებში, ათასგვარ ბალახეულს აგროვებდნენ და საოცარ წამლებს ხარშავდნენ. აქ იმდენად კარგად იცნობდნენ ბუნებას, რომ შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ადამიანებს ნადირთა და მცენარეთა ენა ესმოდათ. მიწა, ცა, წყალი ალერსიანად ეხმიანებოდა მათ გულისთქმას და მადლით ავსებდა ჩვენი წინაპრების უშფოთველ ცხოვრებას.  

კოლხები მხიარული, კეთილმოსურნე და გულღია ხალხი იყო; სხვას არას ერჩოდნენ, მაგრამ თავისას ადვილად არ თმობდნენ - ოდითგან საუკეთესო მხედრები და მეომრები ფოლადის კედელივით აღიმართებოდნენ სამშობლოს დასაცავად, მშვიდობიან დროს კი ისევ მიწათმოქმედებად გადაიქცეოდნენ - შრომობდნენ, ილხენდნენ მდიდარ ჭირნახულზე, ტკბილად მღეროდნენ და ცეცხლოვან ცეკვებს ცეკვავდნენ.

 

* * *

   კოლხეთში სიბრძნით და სიმამაცით განთქმული აიეტი მეფობდა. აიეტი და მისი და კირკე მზის ღმერთის - ჰელიოსის შვილები იყვნენ.

   კირკე ლურჯი ზღვით გარშემორტყმულ შორეულ კუნძულზე ცხოვრობდა, მომაჯადოებლად მღეროდა და ღმერთების უცვეთელი, გაუხუნარი სამოსელისთვის

ქსოვილს ქსოვდა. ბერძნები მას ქალღმერთს უწოდებდნენ.

   კირკეს უცნაური ძალა ჰქონდა და გძნეულებით, ჯადოქრობით თუ რაღაც სხვა, მოკვდავთათვის იდუმალი უნარის წყალობით ადამიანის პირუტყვად გადაქცევა შეეძლო. ის დათაფლულ, მათრობელა ბანგს ხარშავდა, რომელსაც არასასურველ სტუმრებს ასმევდა, რათა მათ მშობლიური მიწისა და სახლეულთა ხსოვნა წარხოცოდათ; მერე კი ძაღლად, ღორად, კატად, ან სხვა ცხოველად გადააქცევდა და სამუდამოდ თავის კუნძულზე ტოვებდა.   ყველა უფრთხოდა კირკეს რისხვას. ლურჯ

კუნძულს, სადაც ის ცხოვრობდა, მოგზაურები შიშით უვლიდნენ გვერდს, მაგრამ თუ ვინმე მისი გულის მოგებას მოახერხებდა, ქალღმერთის უხვი წყალობა სიკვდილამდე არ მოაკლდებოდა. კირკეს კი, რომელიც სხვა ღმერთებივით სიკვდილისა და სიცოცხლის მთავარ საიდუმლოს ფლობდა, უდიდესი დახმარების გაწევა შეეძლო გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანისთვის.

   აიეტს, კირკეს და მათ შვილებს მოლიცლიცე შუქი ედგათ თვალებში. მათ არაჩვეულებრივად ლამაზ გამოხედვაში მზის ბრწყინვალება აირეკლებოდა თვალისმომჭრელ ოქროსფერ ნათებად. საუკუნეების მანძილზე ეს მოლიცლიცე შუქი გამოარჩევდა სხვა მოკვდავთაგან მზის ღმერთის - ჰელიოსის შთამომავალთ და მთელ მსოფლიოში ყველასთვის საცნაურს ხდიდა მათ ღვთიურ წარმომავლობას.

 

* * *

 

  იმდროინდელ მსოფლიოში არსებობდა ერთი ძლიერი და მდიდარი ქვეყანა - საბერძნეთი. იქაურები აიეტს ოქრომრავალი კოლხეთის მეფეს უწოდებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ძლევამოსილებით ვერავინ გაუტოლდებოდა მზის ღმერთის შვილს.  ბევრ საიდუმლოს ინახავდა კოლხეთი... და აიეტი ღირსეულად იცავდა მას მომხდურთა თავდასხმებისგან.

   გადმოცემის თანახმად, კოლხებს ჰქონდათ მათი წინაპრების მიერ დატოვებული კირბები, - პატარა ოქროს ფირფიტები - რომლებზეც ქვეყნიერების ყველა ზღვისა და ხმელეთის საზღვრები იყო აღნიშნული.

ბევრი ოცნებობდა ამ რუკების ხელში ჩაგდებაზე, მაგრამ აიეტის შიშით ახლოსაც ვერავინ ეკარებოდა კოლხეთის მიწას.

   ყოველ დილით აიეტი არესის ველზე გადიოდა, გამოქვაბულიდან სპილენძისფეხებიანი ცეცხლისმფრქვეველი ხარები გამოჰყავდა, ადგამდა მათ ბრინჯაოს უღელს და მიწას ხნავდა; მაგრამ ხორბლის ნაცვლად ურჩხულის კბილებს თესავდა, საიდანაც უმალ ბრინჯაოსჯავშნიანი მეომრები ამოიზრდებოდნენ, მერე კი ხმალს იშიშვლებდა და მუსრს ავლებდა ამ შემზარავ ლაშქარს. ასეთ დროს ვერავინ ბედავდა არესის ჭალასთთან მიახლოებას, ისეთი ზათქი და გრგვინვა-გრიალი იდგა გარშემო.   ნაომარი მეფე სასახლეში ბრუნდებოდა და სანამ სახელმწიფო საქმეებში ჩაღრმავების ჟამი დადგებოდა, თავის მშვენიერ ბაღში ისვენებდა.

   არაჩვეულებრივი სანახავი იყო მეფე აიეტის სასახლე - ნათელი, მკვიდრი, ფართოდ გაშლილი. ყველას აკვირვებდა მისი ცადაზიდული სვეტები და დარბაზების ნატიფი მოხატულობა.სასახლის მშვენიერ ბაღში ოთხი წყარო გადმოჩუხჩუხებდა. ერთიდან რძე მოედინებოდა, მეორედან - ღვინო, მესამედან - სურნელოვანი ზეთი, ხოლო მეოთხედან - ცივი, ანკარა წყალი, რომელიც მწუხრის ჟამს თავისით თბებოდა.

   ერთხელ აიეტმა უცნაური სიზმარი ნახა: მისი ქვეყანა გასაოცარი ნათელით გაბრწყინებულიყო. თავად მაღალი მთის წვერზე იდგა და ხედავდა, როგორ თვალისმომჭრელად ლივლივებდა ოქროსფერ სხივებში ჩაძირული კოლხეთის ველები.    გამოღვიძებულს ვერაფრით აეხსნა ეს სიზმარი, თუმც კი ხვდებოდა, რომ ავის მომასწავებელი არ უნდა ყოფილიყო. მისმა ქალიშვილმა, მედეამ - მისნობასა და ჯადოქრობაში ყველა მოკვდავზე უკეთ განსწავლულმა, ზმანება ასე ახსნა: კოლხეთში სულ მალე უდიდესი სასწაული უნდა მომხდარიყო, რომელიც მთელ ქვეყნიერებას აალაპარაკებდა.

 

* * *

 

   საბერძნეთში იმხანად არსებობდა ბეოტიის სამეფო.

 ბეოტიის ქალაქ ორქომენოსს მართავდა მეფე ათამასი - ქართა ღმერთის, ეოლოსის ძე. ეოლოსს ძლიერ უყვარდა ათამასი და ყველა ძალას ხმარობდა, რომ მისი შვილი ბედნიერი ყოფილიყო, არც ბეოტიელებს აკლებდა მზრუნველობას. ქართა ღმერთის წყალობით, ბეოტია მთელ საბერძნეთში გამოირჩეოდა სიმდიდრითა და კეთილდღეობით.   ერთხელ სრულიად ახალგაზრდა ათამასს ეოლოსმა საკუთარი ფრთებით ჩამოუყვანა ოქროსფერდალალებიანი ჩუმი და ნაზი ასული - ცხოველმყოფელი ღრუბლების ქალღმერთი ნეფელე. ათამასს შეუყვარდა მშვენიერი ნეფელე და ცოლად შეირთო. ბედნიერად ცხოვრობდნენ ნეფელე და ათამასი, მალე შვილებიც ეყოლათ, - ჰელე და ფრიქსოსი - ოქროსფერთმიანი გოგო-ბიჭი.   შვილიშვილები ეოლოსს შვილზე მეტად შეუყვარდა, სიამოვნებდა მათთან თამაში, საუბარი. ღამღამობით ქარის ღმერთი ფრთხილად შეფრინდებოდა ხოლმე სასახლეში, მიეალერსებოდა ძილში კეთილად მოღიმარ ბავშვებს და მძინარე ათამასს ნაზად ჩასჩურჩულებდა ყურში: - მუდამ გიყვარდეს ნეფელე, გაუფრთხილდი მას, რადგან მის ხელთაა შენი ქვეყნის ბედნიერება.   ათამასიც უჯერებდა მამას, ალერსიან

მზრუნველობას არ აკლებდა ოჯახს და ყოველ დილით ღმერთებს მადლობას სწირავდა იმ უშფოთველი კეთილყოფისთვის, რომელიც მის ქვეყანაში სუფევდა.

 

* * *

 

   ერთხელ ათამასი ბეოტიის მთავარი ქალაქის, შვიდ-კარიბჭიანი თებეს მეფე კადმოსს ეწვია. დიდი პატივით მიიღო კადმოსმა ეოლოსის ძე, ზღაპრული ნადიმი გაუმართა. სუფრას არც ცვრიანი მწვადი აკლდა, არც სურნელოვანი ღვინო, არც დათაფლული ხილი.

   მეფეთა გვერდით, სუფრას მზეთუნახავი ქალებიც უსხდნენ, მაგრამ მათ შორის მარგალიტივით ბრწყინავდა კადმოსის ასული - მშვენიერმკლავება ინო.

   ინო მოურიდებლად უყურებდა ათამასს თვალებში და ხმამაღლა იცინოდა. ეოლოსის ძეს ეუცხოვა ამგვარი საქციელი, რადგან ცოლისგან არ იყო ჩვეული სითამამეს. ნაზი ნეფელე, თავისი დების - წვიმის ღრუბლების დარად, მუდამ ნაღვლიანი და მდუმარე იყო; ხშირად ტიროდა კიდეც რაღაცაზე გულაჩვილებული. ინო კი - მხიარული, ლაღი, თავისუფალი - კისკისებდა და კისკისებდა...   ათამასს თავდავიწყებით შეუყვარდა ინო, სადაც უნდა ყოფილიყო, ყურებში მისი სიცილი ჩაესმოდა; მუდამ თან სდევდა ინოს ხატება და თუმცა მამის წყენინება არ უნდოდა, ხვდებოდა, რომ ვერ მოისვენებდა, სანამ კადმოსის ასულს ცოლად არ შეირთავდა. ათამასი აღარ ზრუნავდა ოჯახზე, ერთთავად მოქუფრული იყო; დღეები ისე გადიოდა, ბავშვებს არც კი მიეალერსებოდა. ბოლოს დაელია მოთმინება და კადმოსს ინოს ხელი სთხოვა.

   ინოს არ უყვარდა ათამასი. საერთოდ, არავინ უყვარდა, მაგრამ დათანხმდა ამ ქორწინებაზე, რადგან ათამასის ცოლობა დედოფლის გვირგვინს მოუტანდა. ეოლოსის ძემ სასახლიდან გააგდო ჩუმი, სევდიანი ნეფელე და ინოსთან შეუღლდა.

 

* * *

   სასტიკად შეიძულა დედინაცვალმა პატარა გერები. ფრიქსოსი და ჰელე უჩუმრად დააბიჯებდნენ სასახლის პირქუშ პალატებში, ინო რომ არ შეეწუხებინათ; უფრო ხშირად გარეთ, ბაღში თამაშობდნენ ხოლმე. ეოლოსი ჩუმად მოდიოდა მათთან და ანუგეშებდა, ათამასს კი აღარ ენახვებოდა - ნაწყენი იყო, უსულგულო ინო რომ არჩია მშვიდ, სათნო ნეფელეს.

   შვილებს დანატრებული ნეფელე ღრუბელი ქვეყნად წვიმას აღარ აგზავნიდა და ბეოტიაში საშინელი გვალვები დაიწყო. ყანები გადახმა, მოსავალს ვეღარ იღებდნენ. თავგზააბნეულმა მეფემ რჩევისთვის ქალაქ დელფოში გაგზავნა ხალხი. პითიამ - დელფოს აპოლონის ტაძრის ქურუმმა ქალმა - მეფეს პასუხად შემოუთვალა :

   - ათამასმა პატიება უნდა სთხოვოს ნეფელეს და უყოყმანოდ აღასრულოს ქალღმერთის ყველა სურვილი!

   მაგრამ შინ მობრუნებულ ელჩებს გზად მდაბიურად გადაცმული ინო დაუხვდა, ვახშმად მიიპატიჟა, საუცხოო ღვინო ასვა, მერე მოისყიდა და... მისი სურვილის თანახმად, სულ სხვა პასუხი მიუტანეს მეფეს:

   - დიდო მეფეო, თუ ქვეყნის გადარჩენა გსურს, ღმერთებს მსხვერპლად უნდა შესწირო შენი ძე ფრიქსოსი. მას წმინდა მთაზე უნდა გამოსჭრა ყელი, რომ სისხლი ბეოტიის მიწას დაეპკუროს. მაშინ ღრუბლები შეგინდობენ და მიწაც უხვ მოსავალს მოგცემს.   სასოწარკვეთილი მეფე გამოსავალს ეძებდა, მაგრამ რომ ვეღარაფერი იღონა, იძულებული გახდა, გაეწირა საყვარელი პირმშო.

 

* * *

   მეორე დღეს ორქომენოსის მოქალაქეები წმინდა მთაზე შეიკრიბნენ. ის იყო აცახცახებული ფრიქსოსისთვის ყელი უნდა გამოეჭრათ, რომ ჰელე ყვირილით მივარდა ქურუმს და ხელი დაუჭირა. ცა დამაბრმავებლად გაბრწყინდა. გაისმა ჩუმი, მელოდიური მუსიკა და თეთრი, ფაფუკი ღრუბელი დაეშვა მთაზე. ერთი წამით ირგვლივ ყველაფერი ნისლით შეიბურა, მერე ღრუბელი გაქრა და სამსხვერპლოზე, ფრიქსოსის და ჰელეს გვერდით, ოქროს ვერძი გაჩნდა. მას თვალისმომჭრელად უბრწყინავდა გრძელი, ნაზი საწმისი. ზეციდან კი ნეფელეს ალერსიანი ხმა გაისმა:

   - ჩემო შვილებო, ფრიქსოს და ჰელე, ნუ აყოვნებთ, ახლავე შესხედით ვერძზე და მე დაგიხსნით!

   ფრიქსოსი და ჰელე სასწრაფოდ მოკალათდნენ ვერძის ზურგზე და ისიც იმავე წამს ცაში აფრინდა. რძისფერი ღრუბლებით გარშემორტყმული ვერძი წინ მიიწევდა... და უცებ ბავშვებმა ზღვა დაინახეს. ამ სანახაობით აღფრთოვანებული ფრიქსოსი შეშინებული ჰელეს გართობას ცდილობდა, მაგრამ ვერას გახდა. მოულოდნელად ჰელემ ხელები გაშალა, გადმოსრიალდა ვერძის ზურგიდან და აბობოქრებულ ზღვაში გადაეშვა. ფრიქსოსი ატირდა, განიცდიდა, დას რომ ვერაფერი უშველა, მაგრამ უეცრად ვერძმა ენა ამოიდგა, ადამიანივით დაიწყო ლაპარაკი - ამშვიდებდა ბიჭუნას, ათასგვარ საინტერესო ამბავს მოუთხრობდა, რომ მისი ბავშვური სევდა განექარვებინა.   იმ ზღვას, სადაც ჰელე დაიღუპა, ხალხმა ჰელეს ზღვა ანუ ჰელესპონტი უწოდა.   კიდევ დიდხანს იფრინა ოქროს ვერძმა, გადაევლო ევქსინის პონტოს  და მდინარე ფასისის პირას, კოლხეთში მიიყვანა მარტოდ დარჩენილი, დაღონებული ფრიქსოსი.    აქ, მაღალ მთებში, კავკასიონის ქედზე პრომეთე იყო მიჯაჭვული, რომელსაც არწივი ღვიძლს უკორტნიდა. ციურმა მგზავრებმა მისი გმინვაც კი გაიგონეს, როცა შავ ზღვას მოუახლოვდნენ. ვერძმა გმირის სევდიანი ისტორია უამბო ფრიქსოსს - პრომეთეს ღმერთები იმისთვის სჯიდნენ, რომ ადამიანებს ცეცხლი მოუტანა და მისი გამოყენება ასწავლა. ფრიქსოსს ძლიერ შეებრალა პრომეთე და მთელი გზა ამ უსამართლოდ დასჯილი გმირის ბედზე ფიქრობდა.

 

* * *

   სულაც არ გაჰკვირვებია აიეტს ოქროს ვერძზე ამხედრებული ბიჭუნას დანახვა. მას ხომ სიზმარში ეუწყა კოლხეთში ოქროსბეწვიანი ვერძის გამოჩენა.

მეფემ შვილივით მიიღო ფრიქსოსი, ებრალებოდა ახლობელთა მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ობოლი ბიჭი.

   ფრიქსოსის მოთხოვნით, ვერძი ყოვლისშემძლე ზევსს შესწირეს მსხვერპლად. ასე დაარიგა დედამ ბეოტიიდან წამოსვლის წინ ფრიქსოსი და ჰელე. ხოლო მდინარე ფასისის ახლოს, იმ ადგილას, სადაც ვერძმა ჩაიმუხლა შესასვენებლად, დიდი სალოცავი ააგეს. ოქროს საწმისი არესის ჭალაში დაჰკიდეს უზარმაზარ მუხაზე. მუხას დღედაღამ ცეცხლისმფრქვეველი ათასთვალება ურჩხული დარაჯობდა, რომელიც წუთითაც არ იძინებდა. კოლხები მოდიოდნენ ამ მუხასთან და ინტერესით ათვალიერებდნენ საწმისს, ახლოს კი არ ეკარებოდნენ. ურჩხულიც არას ერჩოდა ირგვლივ შემოჯარულ ხალხს, რადგან იცოდა, რომ მისი შიშით საწმისისთვის ხელის хлხლებას ვერც ერთი სულიერი ვერ გაბედავდა.

   მიუხედავად იმისა, რომ კოლხებს ჩვევად არ ჰქონდათ უცხო მხარეში მოგზაურობა და ძალიან იშვიათად ტოვებდნენ სამშობლოს, ეს ამბავი მთელ ქვეყნიერებას მოედო და, რასაკვირველია, ბეოტიამდეც მიაღწია. მეფე ათამასმა სიკვდილის წინ ანდერძად დაუბარა შთამომავლობას, ყოველი ღონე ეხმარათ, რათა საბერძნეთში დაებრუნებინათ კეთილისმყოფელი საწმისი.

* * *   მეფე აიეტს სამი შვილი ჰყავდა: პირმშვენიერი აფსირტოსი - უფროსი ვაჟი, და ორი ქალიშვილი - ქალკიოპე და მედეა. კოლხთა ხელმწიფე თავისი შვილებიდან არ გამოარჩევდა ფრიქსოსს, ისე ეპყრობოდა, როგორც უფლისწულს; თავად ხელმძღვანელობდა მის აღზრდა-განათლებას  - ასწავლიდა ნადირობას, კრივს, ომის ხელოვნებას; წვრთნიდა სიბრძნის სიყვარულში და მჭევრმეტყველებაში; ამღერებდა ძველ საგალობლებს და აზიარებდა ქურუმთა საიდუმლო სწავლებას.

  გადიოდა დრო, მეფე აიეტის მზრუნველი ყურადღების ქვეშ იზრდებოდა და ვაჟკაცდებოდა ფრიქსოსი.   ერთხელ, როცა ყმაწვილები სასახლის ბაღში ლაღობდნენ, ფრიქსოსის თვალებში ქალკიოპეს ოქროსფრად მოლიცლიცე გამოხედვა აირეკლა და

ბერძენი ყმაწვილი მიხვდა, რომ თავდავიწყებით უყვარდა აიეტის უფროსი ქალიშვილი.   არც ქალკიოპე ჩანდა გულგრილი - როგორც კი ფრიქსოსს დაინახავდა, შუქი ჩაუდგებოდა ისედაც მოელვარე თვალებში; საკმარისი იყო, ჭაბუკი სადმე ახლომახლო გამოჩენილიყო, რომ ყველაფერი ხელიდან უვარდებოდა. ფრიქსოსიც არეული იყო, რცხვენოდა, აიეტისთვის გაემხილა თავისი საიდუმლო; ყურადღებით ვეღარ უსმენდა მეფის ბრძნულ შეგონებებს, მისი ფიქრები სხვაგან დაქროდა.   მეფე მიუხვდა გულისთქმას ჭაბუკს და ერთ მშვენიერ დღეს, როცა ბაღში განმარტოებულნი ვარსკვლავთა მიმოსვლაზე საუბრობდნენ, სიტყვა ჩამოუგდო ქალკიოპეზე...   იმ საღამოს ფრიქსოსმა ხელი სთხოვა ქალკიოპეს და აიეტმა საჯაროდ განაცხადა თანხმობა მათ ქორწინებაზე.

 

* * *

   ფრიქსოსის და ქალკიოპეს ქორწილის დღე საყოველთაო დღესასწაულად აქცია გახარებულმა აიეტმა, საჭურჭლეები დაახსნევინა და უზომოდ გასცა ოქრო, ვერცხლი, თვალ-მარგალიტი. ხალხი მეკობრეებივით ხვეტდა სიმდიდრეს. მეჯინიბეებმა ცხენების რემა მოასხეს მინდვრებიდან და გამვლელ-გამომვლელს დაურიგეს ათამაშებული რაშები.   ზეციდან ნაბუქარ ბუქს ჰგავდა მეფის სიუხვე. გვიან ღამემდე ალაფობდნენ კოლხები აიეტის ნაწყალობევზე - ზეიმობდნენ, ცეკვავდნენ, მღეროდნენ, ხოტბას ასხამდნენ კოლხთა ძლევამოსილ მეფეს და მისგან წახალისებულ ახალგაზრდა წყვილს, რომელიც ასევე უშურველად გასცემდა თავის საუფლისწულო წილს. მთელი დღე ოქროს წვიმა დიოდა კოლხების თავზე.   შუაღამისკენ კი, როცა დადგა ჟამი ნეფე-დედოფლის განმარტოებისა, მრავალრიცხოვანმა მაყრიონმა ამარანტიონის მთებისკენ გააცილა ფრიქსოსი და ქალკიოპე. იქ, უმშვენიერეს მღვიმეში მოუმზადეს საქორწინო სარეცელი. საწოლზე მბრწყინავი ოქროს საწმისი დააფინეს, რათა სიცოცხლის ბოლომდე ზღაპარივით დამახსოვრებოდათ ეს დღე, ხოლო მიწის იატაკზე სურნელოვანი ხალიჩები დააგეს. ნიმფებმა თავისი დაკრეფილი ნაირფერი ყვავილები მიართვეს ნეფე-დედოფალს. ოქროს ბეწვი ისე ბრწყინავდა, რომ ნიმფებს თავბრუ ეხვეოდათ მისი ელვარებისგან. მათ თვალებში საწმისის დათვალიერების სურვილი კრთოდა, მაგრამ სირცხვილი აკავებდათ, ახლოს არ ეკარებოდნენ ამ უცნაურ ბეწვს.

   მღვიმის შესასვლელთან კოლხი ვაჟკაცები იდგნენ და მაღლა შემართულ საბრძოლო შუბებს არხევდნენ, რომ მტრის ლაშქარი მოულოდნელად არ მოჭრილიყო

საბრძოლველად; თავები ფოთლოვანი ტოტებით შეემოსათ და შეხმატკბილებულად მღეროდნენ საქორწინო საგალობლებს.

 

   ხმაურიანი და ბედნიერი დღის შემდეგ თავის სენაკში განმარტოებული აიეტი მომავალზე ფიქრობდა. ზაფხულის გამჭვირვალე ღამე იდგა. კავკასიონიდან ჩამოქროლილ სიოს პრომეთეს გმინვა მოჰყვებოდა თან. გმირის განწირული, სასოწარკვეთილი ამოძახილი კიდევ უფრო უმძიმებდა გულს დადარდიანებულ მეფეს; გრძნობდა, განსაცდელი უახლოვდებოდა მის ქვეყანას.

უცნაური იყო, რომ ამ საზეიმო დღეს ასეთი მწარე ფიქრები ეჯარებოდა, მაგრამ მან ხომ ყველა მოკვდავზე უკეთ იცოდა, რომ შურიანი ბერძენი ღმერთები არც მას, არც მის სამეფოს იოლად არ აპატიებდნენ ბედნიერებას, რომელიც კოლხეთში სუფევდა. პატარა, მყუდრო, მდიდარ ქვეყანას დიდი ხნით არავინ მოასვენებდა. ოქროს საწმისი უცხოელებს მოიზიდავდა და ყველა მომხდურს, საწმისთან ერთად, ამ მშვენიერი ქვეყნის დაუფლების სურვილიც გაუჩნდებოდა.

 

   აიეტი საწოლიდან წამოდგა, ტანსაცმელი გამოიცვალა, თეთრი თოვლივით სპეტაკი ქიტონით შეიმოსა და საკურთხეველში შევიდა სალოცავად.

მთელი ღამე ზეცისკენ ხელაპყრობილი, თავის სამშობლოს ავედრებდა კოლხეთის ღმერთებს მეფე აიეტი.

   დილისკენ კი, დაღლილი, მაგრამ ძალამოცემული მეფე გამოქვაბულისკენ გაემართა, რათა ცეცხლისმფრქვეველი ხარები ბრინჯაოს უღელში შეება და არესის ჭალაში ატეხილი გრგვინვა-გრიალით კოლხებისთვის ახალი დღის დასაწყისი ეუწყებინა.   ძველი საბერძნეთის ქალაქ თესალიის ახლოს, მთებში, მოხუცმა მწყესმა ერთხელ საოცარი რამ იხილა: ბებერი მუხის ქვეშ, ბალახზე, დიდი კენტავრი იწვა და სიყვარულით შეჰყურებდა იქვე, ქვაზე ჩამომჯდარ ოციოდე წლის ოქროსფერთმიან ჭაბუკს.

   - მამა, რა უნდა გაგენდო ჩემთვის? - ალერსიანად ჰკითხა კენტავრს ჭაბუკმა.

   - ოჰ, იასონ, დროა, სიმართლე გაიგო. მინდა იცოდე, ვინა ხარ შენ და რა გევალება.

   და კენტავრმა უამბო იასონს, რომ მეფე ათამასის ძმამ - კრეთევსმა - ააგო ქალაქი იოლკოსი და იქ გამეფდა. კრეთევსის სიკვდილის შემდეგ ტახტზე მისი შვილი ესონი ავიდა. კრეთევსის გერმა - პელიასმა - შეთქმულება მოუწყო ესონს და ტახტი წაართვა. ესონი სასახლეს განერიდა, სახელი შეიცვალა და ქალაქის განაპირას დასახლდა. ცოტა ხანში მას ვაჟი შეეძინა, მაგრამ, იმის შიშით - არ მომიკლანო, ხმა გაავრცელა, თითქოს ჩვილი დაბადებისთანვე გარდაიცვალა, ხოლო ყრმა კენტავრ ქირონს მიაბარა აღსაზრდელად და სთხოვა, სახელად იასონი დაერქმია.

   მაშინვე მიხვდა იასონი, რომ ესონის ძე იყო და მამისთვის სამეფო ტახტის დაბრუნება ევალებოდა. ხიფათიანი თავგადასავლის წინათგრძნობით აღტყინებული ჭაბუკი ფეხზე წამოიჭრა, რათა დაუყოვნებლივ გამგზავრებულიყო იოლკოსში.

კენტავრიც წამოდგა...

   ... და როცა შეშინებული მწყემსი სამალავიდან გამოვიდა, იქ აღარავინ დახვდა. ცბიერმა მოხუცმა გადაწყვიტა, სასწრაფოდ დასდგომოდა იოლკოსისკენ მიმავალ უმოკლეს გზას, იასონის მისვლამდე რომ მოესწრო მეფე პელიასის გაფრთხილება; დარწმუნებული იყო, დიდად დაასაჩუქრებდნენ ერთგული სამსახურისთვის.

 

* * *

   მეფესთან მიმავალ მწყემსს მთის ძირში, მდინარესთან, დედაბერი შემოეყარა, მიესალმა და ჰკითხა: - ლამაზი ჭაბუკი ხომ არ დაგინახავს, ვეფხისტყავმოსხმული და ჭრელხამლებიანიო?   

- არაო, - უპასუხა დედაბერმა, - თავადაც ველი ვინმეს გამოჩენას, იქითა ნაპირზე გადასვლაში რომ დამეხმაროსო. მწყემსმა ყური არ ათხოვა ქალის სიტყვებს, დასცინა კიდეც - ნეტა სად გეჩქარებაო? - და გზა განაგრძო.

   ცოტა ხანში იასონიც გამოჩნდა. მანაც შენიშნა მოხუცი ქალი, ტკბილად მიესალმა, ხელში აიტაცა და ფონს გაიყვანა... უკან რომ ბრუნდებოდა, წყალმა მარცხენა ხამლი მოსტაცა და მორევში ჩაითრია, რაღა უნდა ექნა? - ცალი ხამლით განაგრძო გზა.

   მალე ის მწყემსს წაადგა თავზე, რომელსაც ფეხში ეკალი შესობოდა და ტკივილისგან იგრიხებოდა. იასონი მას ვერას უშველიდა და ისევ გზას გაუყვა. დედაბერი ახლა ულამაზეს ქალად ქცეულიყო და შორიდან გაჰყურებდა ორ მგზავრს. მათ კი აბა რა იცოდნენ, რომ ეს დაუძლურებული მოხუცი სინამდვილეში შროშნისმკლავება, მარად ახალგაზრდა და მომხიბლავი ქალღმერთი ჰერა იყო!

 

* * *

   საღამო ჟამს, როცა მეფე პელიასი თავისი დიდებული ეტლით შინ ბრუნდებოდა, ქალაქის მოედანზე შეჯგუფებული ხალხი შენიშნა. მხლებელმა მოახსენა, რომ იოლკოსელები მშვენიერ ჭაბუკს შემორტყმოდნენ გარს, რომელსაც მხარზე ვეფხვის ტყავი მოეგდო და მხოლოდ ცალ ფეხზე ეცვა ხამლი. 

  შეკრთა მეფე პელიასი... მას კარგად ახსოვდა მრავალი წლის წინ ქურუმთა ნაწინასწარმეტყველევი: - როცა მეფეს გზად ცალხამლიანი კაცი შემოხვდება, მაშინ ჩაესვენება მისი დიდების მზეო. შეშინდა მეფე, მაგრამ არ დაბნეულა, ჭაბუკს თავად მიეახლა, ვინაობა და მოსვლის მიზეზი ჰკითხა. იასონს არ დაუმალავს სიმართლე. მოახსენა, ვინც იყო და რისთვის მოსულიყო აქ... სასახლის გზა ჰკითხა გულუბრყვილოდ.

   ცბიერი პელიასი დაამშვიდა იასონის პასუხმა, ეგონა, ადვილად მოერეოდა ამ მიამიტ ჭაბუკს; შემდეგ ამცნო, რომ თავად იყო დიდი პელიასი და სასახლეში მიიპატიჟა, თან დასძინა: - იქ ყველაფერს გიამბობ, რაც ღმერთებმა მითხრეს და თუ მათი ნება იქნება, შენ გამეფდები იოლკოსშიო.

 

* * *

   განდევნილი ესონის ძმებმა - მეზობელი ქვეყნების მეფეებმა - იასონის ჩამოსვლა რომ შეიტყვეს, გადაწყვიტეს, მარტო არ გაეშვათ ძმისწული პელიასთან. მართლაც, რამდენიმე დღის შემდეგ იასონი ბიძების თანხლებით ეწვია მეფეს.   პელიასმა მოჩვენებითი კეთილგანწყობით მიიღო იასონი და მთელი სამეფო აღუთქვა, მაგრამ სამაგიეროდ დიდი გმირობის ჩადენა მოსთხოვა. მეფემ უსირცხვილოდ იცრუა, თითქოს ცოტა ხნის წინ, ერთ ქარიშხლიან ღამეს, კოლხეთში გარდაცვლილი ფრიქსოსის აჩრდილი ეწვია და ამცნო: - იოლკოსის მეფე ის იქნება, ვინც კოლხეთიდან ოქროს საწმისს ჩამოიტანს და ტაძარში დაასვენებსო. პელიასი იასონს შეევედრა:

   - შენ უნდა ჩამოიტანო საწმისი, რადგან მე უკვე ხნიერი ვარ და ასეთ შორეულ მოგზაურობას ვეღარ ავიტან.

   იასონს ეჭვი არ შეჰპარვია მის გულწრფელობაში და დაიფიცა, რომ ოქროს საწმისს საბერძნეთში დააბრუნებდა.

   ელვისებური სისწრაფით მოედო ახალი ამბავი მთელ საბერძნეთს. ყოველი მხრიდან მოაწყდნენ გმირები იასონს, თან რომ გაჰყოლოდნენ აღთქმულ მიწასავით საოცნებო კოლხეთში. სახელგანთქმული გემთმშენებელი არგოსი სასწრაფოდ ხომალდის აგებას შეუდგა. მას უამრავი ადამიანი ეხმარებოდა და სულ მალე გემი მზად იყო. ასეთი მშვენიერი რამ ჯერ არავის ეხილა. მონუსხულებივით შესცქეროდნენ  იოლკოსელები ამ ულამაზეს ხომალდს და ამბობდნენ: - ათენას ნება რომ არა, არგოსი ასეთ საოცრებას ვერ შექმნიდაო.

 

* * *

   გამთენიისას შეუდგნენ სამზადისს იასონი და მისი მეგობრები. მთელ ქალაქს სანაპიროზე მოეყარა თავი. მოგზაურთა მომლოდინე მშვენიერი ხომალდი ოდნავ ირხეოდა ტალღებზე, მალე აივსო კიდეც. ყველამ თავის ადგილს მიაშურა და არგო თავმომწონედ შეცურდა წყალში.

   დიდხანს იცურეს არგონავტებმა და ერთ მშვენიერ დღეს  მთა დაინახეს, შემდეგ კი მეთევზეთა პატარა ქალაქი; გადაწყვიტეს, აქ შეესვენათ ცოტა ხნით და მალე ნაპირსაც მიადგნენ.   უამრავი ხალხი მიაწყდა ნაპირს. აქ, თურმე, დოლიონები ცხოვრობდნენ. მათი მეფე, ჭაბუკი კიზიკოსი, თავგანწირვით იცავდა თავის ხალხს საშინელი ექვსმკლავა გოლიათებისგან, რომლებიც ქალაქთან აზიდული მაღალი მთების ხეობებში ბინადრობდნენ.

   მეფემ დიდი ნადიმი გამართა სტუმართა პატივსაცემად. გვიან ღამემდე გაგრძელდა მხიარულება. დილით კი, როცა არგო უკვე გასამგზავრებლად ემზადებოდა, მახლობელი კონცხიდან ველური ღრიალი მოისმა. მთის ფერდობებზე მრავალხელა ურჩხულები მოქროდნენ და უზარმაზარ ლოდებს ისროდნენ ზღვაში, გასასვლელი რომ ჩაეკეტათ. მაგრამ არგონავტები არ დაბნეულან, მედგრად ეკვეთნენ მტერს და როცა ბრძოლა დამთავრდა, გამარჯვებული ბერძნების ფერხთით უამრავი

ურჩხული ეგდო უძრავად. მადლიერი დოლიონების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

არგონავტებმა კი გემს მიაშურეს და ზღვაში შეცურეს.   მგზავრობისას კიდევ ბევრ ფათერაკს გადააწყდნენ გმირები: ჯერ ნიჩაბი გაუტყდათ, მერე მეფე ამიკოსთან მოუხდათ შერკინება; თრაკიაში საშინელ ჰარპიებს შეებრძოლნენ, რათა ბითვინიის ყოფილი მეფე ფინევსი  დაეხსნათ გასაჭირისგან და სამეფო დაებრუნებინათ მისთვის; ბოლოს კი მოძრავ კლდეებს - სიმპლეგადებს მიადგნენ.

   შემზარავი სანახავი იყო ეს კლდეები. ისინი საშინელი ძალით ეხეთქებოდნენ ერთმანეთს. არადა, არგო მათ შორის უნდა გასულიყო როგორმე, რადგან აღმოსავლეთისკენ გასასვლელი სხვა გზა არ არსებობდა.

   საგონებელში ჩაცვივდნენ არგონავტები, ბოლოს მეფე ფინევსის დარიგება მოაგონდათ და ბედის საცდელად მტრედი გაუშვეს. მტრედი მშვიდობიანად გაძვრა კლდეებს შორის და უკანვე მოფრინდა. ეს იმის მაუწებელი იყო, რომ ხომალდიც მოასწრებდა სამშვიდობოს გასვლას. ასეც მოხდა. არგონავტებმა შვებით ამოისუნთქეს. ისინი უკვე ევქსინის პონტოში იყვნენ.

 

* * *

   დიდხანს იცურეს ბერძნებმა და როცა თითქმის გადაეწურათ იმედი, კუნძული დაინახეს. ხანმოკლე აღმოჩნდა მათი სიხარული, რადგან კუნძულს მიახლოებულთ სპილენძისფრთიან ფრინველებთან - სტიმფალიდებთან მოუხდათ ბრძოლა. თავგამოდებით იბრძოდნენ გმირები, სძლიეს კიდეც უცნაურ ფრინველებს და ამ დროს არგოსკენ სირბილით მომავალი ოთხი ჭაბუკი დაინახეს.

   - გვიშველეთ, ჩვენც თან წაგვიყვანეთ. - ითხოვდნენ ისინი. ბიჭები ფრიქსოსის შვილები აღმოჩნდნენ. კოლხეთიდან, თურმე, ბეოტიაში მიემგზავრებოდნენ, მაგრამ გზაში ხომალდი დალეწოდათ და ბედს ამ საშინელ კუნძულზე მიეგდო ისინი.

   იასონის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, იმავე საღამოს ოთხთაგან უფროსს - არგოსს - გაანდო თავისი ვინაობა და მოგზაურობის მიზეზი. არგოსმა დახმარება აღუთქვა თავის მხსნელს, თუმცა იქვე გააფრთხილა, რომ გაუჭირდებოდა კოლხეთის მეფე აიეტის ძლევა.

   ხომალდმა ოცი დღე-ღამე შეუსვენებლივ იცურა და ოცდამეერთე დღეს ნაპირიც გამოჩნდა. იასონმა შესაწირავი მიართვა საბერძნეთისა და კოლხეთის ღმერთებს, რათა ხელი მოემართათ მისთვის.

   თქმულების თანახმად, შესაწირავის კვამლმა ოლიმპოსის მთაზე ღმერთების სამყოფელს მიაღწია. ზევსის მეუღლემ -  ჰერამ და მისმა ასულმა - ათენამ უმალ ბჭობა გამართეს. მათ იცოდნენ, იასონი ვერ გაუმკლავდებოდა ძლევამოსილ აიეტს და დედა-შვილი აფროდიტეს სასახლისკენ გაეშურა, რომ დახმარება ეთხოვა მისი ვაჟის - ეროსისთვის. ქალღმერთებს სურდათ, ეროსს სიყვარულის ისრით დაეკოდა გული აიეტის უმცროსი ქალიშვილის - მედეასთვის, რომელიც ჯადოქრობაში მამას სჯობდა. მედეას თუ იასონი შეუყვარდებოდა, აუცილებლად მას მიემხრობოდა და გამარჯვებაც ქალღმერთთა რჩეულს ხვდებოდა წილად.

 

* * *

   ელადელები ადრიანად  გაეშურნენ აიეტის სასახლისკენ. გზად მიმავალნი არავის შეუნიშნავს, რადგან ნეფელემ ბურუსით შებურა ისინი; ნისლი მხოლოდ მაშინ გაიფანტა, როცა სასახლის ეზოში შევიდნენ. პირველად მედეა შემოხვდათ. ქალმა მოულოდნელობისგან შეჰკივლა. მისულთა შორის მისი დის, ქალკიოპეს, გაპარული შვილებიც იყვნენ.    მედეას კივილზე მთელი სასახლე შეიყარა.

ქალკიოპე და აიეტიც მოცვივდნენ. შვილიშვილების ხილვით გახარებულმა მეფემ სტუმრები სასახლეში მიიპატიჟა და მართლაც რომ მეფურად გაუმასპინძლდა. ყველა მხიარულობდა და არავინ იცოდა, რომ მედეას სილამაზით თავადვე მოხიბლულმა ეროსმა სწორედ ამ ლხინის დროს სტყორცნა მას სიყვარულის ისარი და იასონის ტრფობით დაუკოდა გული.

   არგოსი პაპას მისჯდომოდა გვერდით და უამბობდა, რა გადახდათ ძმებს სასახლიდან გაპარვის შემდეგ - მოუთხრო, როგორ დაემსხვრათ ხომალდი, როგორ მოხვდნენ საშინელ კუნძულზე და როგორ იხსნეს ისინი არგონავტებმა... შემდეგ იასონის ვინაობა და კოლხეთში ჩამოსვლის მიზანიც ამცნო. ოქროს საწმისის ხსენებაზე მეფე განრისხდა, სტუმრების გაძევება ბრძანა, რადგან დანამდვილებით იცოდა, ეს უცხო ადამიანები მხოლოდ ოქროს საწმისს კი არ წაიღებდნენ კოლხეთიდან, კიდევ ათას უბედურებას დაატეხდნენ თავს მის ქვეყანას. ბობოქრობდა აიეტი და სიკვდილით ემუქრებოდა არგონავტებს, თუ სასწრაფოდ არ გაეცლებოდნენ იქაურობას.

   შეშფოთდა მთელი დარბაზი, დაიბნა ხალხი. გამოსავალს ისევ იასონმა მიაგნო, ენა დაიშაქრა და მეფეს დაწყნარება სთხოვა:

   - მე არც შენი სამეფო მინდა, არც შენი ძალაუფლება. მე მხოლოდ ოქროს საწმისს გთხოვ, როგორც მოწყალებას; სანაცვლოდ ვერაფერს შემოგთავაზებ, რადგან სიმდიდრე არ გამაჩნია, მაგრამ შემიძლია, ავასრულო ნებისმიერი დავალება. როგორც

გენებოს, ისე მიმსახურე - ოქროს საწმისის მოსაპოვებლად არაფერს ვითაკილებ, რადგან იმ საწმისმა უნდა დამიბრუნოს სხვის მიერ მიტაცებული მამის სამეფო.   ამ სიტყვებმა ჩააფიქრა აიეტი. მოეწონა მეფეს მამაცი ჭაბუკი, მაგრამ იცოდა, საწმისის ძალით გატაცება იასონს ბედნიერებას ვერ მოუტანდა, კოლხეთს კი სიმშვიდეს დააკარგვინებდა. ბოლოს აიეტმა ასეთი დავალება მისცა ჭაბუკს:

   - ფასისის ზემოთ ერთი  მინდორია, რომელიც უხსოვარ დროში არესისთვის შეუწირავთ. ბრინჯაოს გუთნით უნდა გადახნა ეს მიწა. გუთანში სპილენძისფეხებიან ცეცხლისმფრქვეველ ხარებს შეაბამ და ხორბლის ნაცვლად ურჩხულის კბილებს დათესავ. იმავე წამს ყოველი კბილიდან სპილენძისჯავშნოსანი მეომარი წამოიმართება და მხოლოდ შენ ერთი უნდა შეერკინო მათ, თუ გაიმარჯვებ, ოქროს საწმისი შენი იქნება და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგიტანს ბედნიერებას... თუ დამარცხდები, დაგიტირონ შენმა ღმერთებმა, რადგან მაგ მიწას მე ყოველ დილით ვხნავ და არ ვაპირებ, ჩემზე ნაკლებ ვაჟკაცს უბრძოლველად რამე დავუთმო!   საგონებელში ჩავარდნილი სტუმრები გემზე დაბრუნდნენ. არავინ იცოდა, რა ეღონათ. ბოლოს არგოსმა იპოვა გამოსავალი - მედეას გადმობირება გადაწყვიტა, რადგან მხოლოდ მას შეეძლო არგონავტების შველა.

 

* * *

   გვიან ღამით, როცა ყველა სულიერს ღრმა ძილით ეძინა, ფხიზლობდა მხოლოდ მედეა. მის თვალებს ძილი არ ეკარებოდა. იტანჯებოდა კოლხეთის მეფის ასული, ორ ცეცხლს შუა იწვოდა, ვერ გადაეწყვიტა, ვის მიმხრობოდა - მამას თუ იასონს.

   მოგვიანებით ქალკიოპემ შეაღო ფრთხილად მედეას ოთახის კარი. არავინ იცის, რაზე საუბრობდნენ დები. ასეა თუ  ისე, იმავე ღამით არგოსმა სასიხარულო ამბავი ამცნო არგონავტებს...   განთიადისას მედეა ჰეკატეს ტაძარში შეხვდა

იასონს და საგანგებოდ დამზადებული სასწაულმოქმედი მალამო მიუტანა. ვინც ამ მალამოს შეიზელდა ტანზე, უძლეველი გახდებოდა - ვერც ცეცხლი დააკლებდა რამეს, ვერც რკინა და სპილენძი მოერეოდა.

   დამშვიდობებისას ქალ-ვაჟმა სიყვარული შეჰფიცა ერთმანეთს.

   - მოგიტაცებ, შორეულ საბერძნეთში წაგიყვან და იქ შეგირთავ ცოლადო. - დაჰპირდა ესონის ძე სიყვარულით გონებადაბნელებულ მედეას.

   დილით იასონი არესის ჭალისკენ გაეშურა. იქ უკვე მთელი კოლხეთი შეგროვილიყო. აიეტის ეტლი მთის ძირას იდგა. ხალხი გარინდებული ელოდა ბერძნის გამოჩენას.

 

   მშვიდად მოაბიჯებდა წმინდა მიწაზე ბედის საძიებლად შორეული ქვეყნიდან ჩამოსული ჭაბუკი. იპოვა რკინის გუთანი, ბრინჯაოს უღელი და იმ გამოქვაბულისკენ გაემართა, სადაც ცეცხლისმფრქვეველი ხარები ეგულებოდა.

   ღმუილით გამოქანდნენ თავჩაღუნული ხარები იასონისკენ. იქ მყოფთ შიშის ჟრუანტელმა დაუარა. ერთი წამით ყველაფერი მტვერში აირია, მაგრამ როცა ჰაერი გადაიწმინდა, არგონავტებმა შვებით ამოისუნთქეს - იასონს ხარები გუთანში შეება.   ჭაბუკს კარგად ახსოვდა მედეას სიტყვები და როცა ჯეჯილიდან საშინელი მეომრები წამოიმართნენ, შუაგულ მინდორში ქვა ისროლა. მეომრები იმ ადგილს ეცნენ, სადაც ქვა დაეცა. ისინი სიგიჟის ქალღმერთ ატას მოენუსხა და ახლა მხოლოდ ქვის მოპოვების სურვილით იყვნენ შეპყრობილნი. იასონი კი მეხივით დააცხრა მათ თავს და მუსრი გაავლო.   როცა ბრძოლა დამთავრდა, თავზარდაცემული აიეტი სასახლისკენ გაეშურა. მეფე მიხვდა, რომ კოლხეთს მძიმე განსაცდელის ჟამი დაუდგა. შორეული ქვეყნიდან მოსულმა უცხო ადამიანებმა ბარბაროსულად, გაუაზრებელი სისასტიკით დაანგრიეს ყველაზე ძვირფასი, რაც ებადა - ოჯახის და სამშობლოს ბედნიერება.

 

* * *

   ღამით მედეა სასახლესთან ელოდა იასონს. ისინი ერთად გაემართნენ არესის ჭალისკენ. ახლა იასონი ურჩხულს უნდა შებრძოლებოდა საწმისის მოსაპოვებლად. ვიდრე ჭალას მიაღწევდნენ, მედეას ჯადოქრობამ იმოქმედა - ღმერთი ჰიპნოსი დაეშვა დედამიწაზე, მიეპარა ურჩხულს, თვალებში ყაყაჩოს წვენი ჩაასხა და ღრმად მიაძინა. შემზარავი სანახავი იყო მთელ ჭალას შემოხვეული ახროტინებული ურჩხული, მაგრამ იასონს არაფრის ეშინოდა, სამი დარტყმით სამივე უზარმაზარი თავი წააგდებინა და ვიდრე თავები დაღმართში მიგორავდნენ, მუხას მივარდა, ოქროს საწმისი ჩამოხსნა და მედეასთან ერთად ხომალდისკენ გაიქცა.

   მეგობრები მათ ნაპირზე ელოდნენ. იასონი ჩქარობდა, ეშინოდა, აიეტს არაფერი შეეტყო, ამიტომ ყველას გემზე ასვლა უბრძანა, რომ დაუყოვნებლივ გასცლოდნენ იქაურობას; შემდეგ მედეას სთხოვა, თან გაჰყოლოდა, რათა შორეულ საბერძნეთში დაქორწინებულიყვნენ. გახარებული მედეა მაშინვე ავიდა გემბანზე და სულ მალე იალქნებდაბერილი არგო ზღვის ტალღებს მიაპობდა.

 

* * *

   მეფის რისხვას საზღვარი არ ჰქონდა. ოქროს საწმისის გატაცებას მედეას გაქრობაც დაერთო და გამძვინვარებულმა აიეტმა თხუთმეტი ხომალდის მომზადება ბრძანა. თითოეულ ხომალდს სამოცდაათი მეომარი უნდა გაჰყოლოდა და ფეხდაფეხ დადევნებოდა გაპარულთ.

   მეფემ მდევრები ორ ჯგუფად გაყო, რადგან საბერძნეთისკენ ორი გზა იყო. ან ჰელესპონტით უნდა წასულიყვნენ არგონავტები, ან დასავლეთით მდინარე ისტროსს  დაჰყოლოდნენ. ჰელესპონტის მიმართულებით თვითონ აიეტმა წაიყვანა ერთი ჯგუფი, ისტროსისკენ კი თავისი ძე - აფსირტოსი გაგზავნა.   იასონი ისტროსისკენ მიემართებოდა. ჩქარობდნენ ბერძნები, მდევრის გამოჩენამდე რომ მოესწროთ მდინარის შესართავში შესვლა. და აი, გამოჩნდა კიდეც პატარა კუნძული. არგონავტებმა გემი ყურეში შეიყვანეს, თავად ხმელეთზე გადმოსხდნენ - დაღამებამდე დიდი დრო იყო და შეეძლოთ, მშვიდად დაესვენათ. მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა მათი განცხრომა. მალე კოლხების ხომალდების იალქნებიც გამოჩნდა. შეშფოთდნენ ბერძნები, არ იცოდნენ, რა ჯობდა - სასწრაფოდ შესულიყვნენ ზღვაში, გაერღვიათ მოწინააღმდეგეთა ფლოტი და გაქცევით ეშველათ თავისთვის, თუ ხმელეთზე შებრძოლებოდნენ კოლხებს?

   ბოლოს მედეამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელებგაწვდილი კლდეზე გადმოდგა და აფსირტოსს შესტირა:

   - აქეთ ნუ მოგყავს გემი, აქ კლდეებია და შეიძლება დაიმსხვრეს. ხომ ხედავ, არგო მეჩეჩზე დგას, დაუშვი აფრები.

   აფსირტოსმა თავის ხალხს იალქნები დააშვებინა. ცბიერი მედეა კი განაგრძობდა მოთქმას :

   - ნუ დამღუპავ, ძმაო, შენ რომ თავს დაგვესხა, მე ნაკუწ-ნაკუწ ამქნიან და საწმისს წყალში გადააგდებენ. ჯობს, მოეთათბირო იასონს, დაჰპირდე, რომ ხელს არ ახლებ და მშვიდობიანად გაუშვებ სამშობლოში. სანაცვლოდ ის საწმისსაც დაგიბრუნებს და მეც გამათავისუფლებს. მას ხომ სხვა გზა არა აქვს, გემი მეჩეჩზე უდგას, რაზმი კი კოლხეთის ლაშქარზე ბევრად სუსტი ჰყავს.

 

* * *

   დაუჯერა აფსირტოსმა დას, გადახტა წყალში და ნაპირისკენ გაცურა. მედეამ იგი ჭალაში მდგარ პატარა ტაძარში გაგზავნა - ეს ქალღმერთ არტემისის ტაძარია, აქ ხელს ვერავინ გახლებს, მე კი წავალ და იასონს მოვიყვანო - დაჰპირდა.

 

   აფსირტოსი ტაძარში შევიდა, მედეა კი არგონავტებისკენ გაიქცა.

   - აფსირტოსი ჩვენს ხელთაა, - უთხრა მათ - ვიდრე ის ტაძარშია, არც ერთი კოლხი არ აღმართავს მახვილს ჩვენს წინააღმდეგ, წადით და მოელაპარაკეთ. როცა იასონს ეჭვი შეატყო, დასძინა:

   - აფსირტოსი ტაძარში შემოვიტყუე, ახლა ის ჩვენი ტყვეა, წამოიყვანე და ანძაზე მიაკარი; ამასობაში ზღვაში გავალთ, შენ  მახვილი მოუღერე აფსირტოსს. კოლხები შეშინდებიან, ეგონებათ - კლავსო, და გზას დაგვითმობენ.

   დაფიქრებული იასონი გვერდზე გაიყვანეს მოძმეებმა და ურჩიეს, არ დაეჯერებინა ცბიერი ქალისთვის. მათი აზრით, აიეტს მაინც ვერსად გაექცეოდნენ - ისტროსზე დაეწეოდა კოლხთა მეფე. ამიტომ აფსირტოსის მოკვლა განიზრახეს არგონავტებმა. კოლხური წესით, მას არავინ დატოვებდა დაუმარხავს - სამ დღეს იგლოვებდნენ მეფისწულს, ამასობაში კი ბერძნები თავს უშველიდნენ.   გულდამძიმებული გაემართა იასონი არტემისის ტაძრისკენ. მედეამ გაყოლა ვერ გაბედა და მის მოლოდინში იქვე, მუხის ქვეშ მიწვა; მიწვა და მაშინვე ღრმად დაეძინა, რადგან მთელი მოგზაურობის მანძილზე ერთხელაც არ მოეხუჭა თვალი და ძალიან დაღლილიყო.  

 

* * *

 

   მოუთმენლად ელოდა იასონს აფსირტოსი, დარწმუნებული იყო, კოლხების სიმრავლით შეშინებული ბერძნები დასაც დაუბრუნებდნენ და საწმისსაც; ვერც კი წარმოედგინა, რა ვერაგული განაჩენი გამოუტანეს არგონავტებმა.

   იასონმა აფსირტოსი რომ დაინახა, შეებრალა მშვენიერი ჭაბუკი და საქმის მშვიდობიანად მოგვარება გადაწყვიტა - სთხოვა, კოლხეთის ფლოტისთვის ებრძანებინა, მათთვის გზა დაეთმო, თავად კი არგოს გაჰყოლოდა.

   განრისხებულმა აფსირტოსმა სასწრაფოდ მედეას მოყვანა მოითხოვა, თანაც იმუქრებოდა: ჩემი მოტყუებისთვის სამუდამოდ ამ კუნძულზე დავტოვებ, რომ წყურვილით მოკვდესო. იასონი ერთხანს კიდევ ეცადა მის დაშოშმინებას, მაგრამ რომ ვერას გახდა, მოთმინებადაკარგულმა შუბი მოიქნია და გულგაპობილი აფსირტოსი არტემიდეს ფერხთით დასცა.

   შეძრწუნებული იასონი ერთხანს სიბრალულით დასცქეროდა ცხედარს, შემდეგ კი გამოვიდა ტაძრიდან, კლდეზე ავიდა და კოლხეთის ფლოტს გასძახა:

   - თქვენი მეფის ძე ჩვენთან დარჩა. ვინც ნაპირს მოუახლოვდება, მოკვდება. წადით და მეფეს აუწყეთ, როგორ მოგატყუათ ქალმა!

 

   მდევრები აიეტთან დაბრუნდნენ. ბერძნებმა კი ცხედარს ხელ-ფეხი მოჰკვეთეს და ცალ-ცალკე დამალეს, რათა აიეტს დიდხანს ეძებნა შვილის ნაწილები და მათთვის შორს წასვლის საშუალება მიეცა; შემდეგ მძინარე მედეა ხელით აიყვანეს არგოზე და გზა განაგრძეს.   სამი დღე ეძებდა აიეტის ხალხი აფსირტოსის სხეულის ნაწილებს; ბოლოს, როგორც იქნა, შეკრიბეს და ცხედარი არტემისის ტაძრის გვერდით დაკრძალეს.   მხოლოდ მეორე დღეს გამოიღვიძა ჰეკატეს მიერ დაძინებულმა მედეამ და ძმა მოიკითხა. კარგა ხანს არავინ გასცა ხმა. ბოლოს იასონმა უპასუხა უხალისოდ: - შენი ძმა კუნძულზე დარჩაო. მედეა მიხვდა, რაც მომხდარიყო, ბარბაცით მივიდა გემის კიჩომდე, გაოგნებული დაეშვა თოკების ვეებერთელა შეკვრაზე და გაირინდა.

   არგო მდუმარედ მიუყვებოდა მდინარეს.

   გემის კიჩოზე დასვენებული მბზინავი ოქროს ტყავი საბერძნეთისკენ მიემგზავრებოდა, მაგრამ არგონავტებიდან აღარავის სჯეროდა, რომ სისხლით და ღალატით მოპოვებული ოქროს საწმისი რომელიმეს ბედნიერებას მოუტანდა.

 

 

* * *

 

   სამშობლოსკენ მიმავალ  არგონავტებს საბერძნეთში ფასდაუდებელი საუნჯე, საოცნებო ოქროს საწმისი მიჰქონდათ. თან ახლდათ მშვენიერი მედეაც, კოლხთა მეფის - აიეტის ასული. მისმა ჯადოქრობამ მოაპოვებინა იასონს გამარჯვება უძლეველ აიეტზე. ბერძნებმა საწადელი აისრულეს - მდევრები ჩამოიცილეს. ზურგის ქარი ღონივრად უბერავდა იალქნებს, მაგრამ გზა უსასრულოდ გრძელი და დამქანცველი ჩანდა.   საღამო ხანს ახალ განსაცდელს გადაეყარნენ არგონავტები. ამჯერად ძაღლისთავა ადამიანებთან მოუხდათ ბრძოლა. მედეამ ეს ამბავი შურისძიების ქალღმერთების - ერინიების რისხვას მიაწერა. ქალღმერთები მისი ძმის მკვლელობას აზღვევინებდნენ ბერძნებს. იასონმა აღთქმა დადო, რომ ელადაში ჩასვლისთანავე მარმარილოს ტაძარს აუგებდა ერინიებს და ცოდვების შენდობას შესთხოვდა.

   აღთქმამ ვერაფერი უშველა არგონავტებს, ახალი უბედურება დაატყდათ თავს - ღმერთებმა საშინელი ქარიშხალი მოუვლინეს. მოგზაურები ისე გამწარდნენ, რომ მედეას წყალში გადაგდებაც კი დააპირეს, რადგან ყველა საშინელებას გემზე ჯადოქარი ქალის ყოფნას მიაწერდნენ. მაგრამ ამ დროს ქალღმერთ ათენას სახება მოევლინათ. იგი კირკეს კუნძულისკენ წასვლას ურჩევდა არგონავტებს, რადგან კირკეს გარდა ვერავინ განწმენდდა იასონს ცოდვებისგან.

 

* * *

 

 

   მრავალ წინააღმდეგობას გადააწყდა არგო, ვიდრე ქალღმერთის კუნძულს მიაღწევდა. ბოლოს და ბოლოს, კირკეს საცხოვრისსაც მიადგნენ. სასახლიდან საამური ხმა ისმოდა - კირკე მღეროდა. ქალღმერთმა სიმღერა შეწყვიტა, სტუმრებს გამოეგება, შინ შეიპატიჟა და მოსვლის მიზეზი ჰკითხა, მაგრამ არტემისის ტაძარში მომხდარი მკვლელობის ამბავი რომ შეიტყო, აღარაფრის გაგონება აღარ მოისურვა და იასონს კუნძულის დატოვება უბრძანა.

   მედეა თამამად მიუახლოვდა ყოვლისშემძლე ჯადოქრის ტახტს და მდუმარედ დაუდგა წინ. კირკე ქალიშვილის თვალების ბრწყინვაზე მიხვდა, რომ ის ჰელიოსის შთამომავალი უნდა ყოფილიყო; ხოლო როცა შეიტყო, რომ მისი ძმის - აიეტის ასული იყო, გულში ჩაიკრა და მწარედ ატირდა.

   კირკემ იცოდა, რომ მედეას, რომელმაც თავის სიყვარულს ანაცვალა სამშობლო, ძმა, მამა, აუტანელი სატანჯველი ელოდა. მის ქედმაღალ, მედიდურ გამოხედვაში განუზომელი უბედურების აჩრდილი დაინახა, ამიტომაც შეებრალა ასე ძალიან. მთავარი, ყველაზე დიდი განსაცდელი წინ ჰქონდათ იასონსაც და მედეასაც. თვით გრძნეული კირკეც კი ვერაფერს შეცვლიდა ამ საშინელ ბედისწერაში და... უარი ვერ უთხრა დახმარებაზე. მოსასხამი მოიძრო, ხელში

კვერთხი აიღო და სტუმრები ერინიების საკურთხეველთან მიიყვანა, ბატკნის ცხელი სისხლით დაჰბანა იასონს ხელები და მძიმე ცოდვისგან განწმინდა. ახალგაზრდებმა შვებით ამოისუნთქეს.

   დამშვიდობებისას კირკეს სევდიანმა მზერამ გაანდო მედეას ის, რაც სიტყვით ვერ უთხრა ჯადოქარმა: ძნელი, მძიმე, გაჭირვებითა და მწუხარებით აღსავსე ცხოვრება ჰქონდათ გასავლელი მედეასა და იასონს.

   არგონავტები მხიარულად გაუდგნენ გზას, თუმცა წინ კიდევ ბევრი ხიფათიანი თავგადასავალი ელოდათ: ჯერ იყო და სირენების ჯადოსნური სიმღერით მოიხიბლნენ და კინაღამ რიფებზე დაემსხვრათ გემი, მერე საშინელი ურჩხულები - სკილა და ქარიბდისი დაესხნენ თავს... ბოლოს, ქალღმერთ ჰერას დახმარებით, მაინც გააღწიეს სამშვიდობოს; შუადღისას კი ფეაკელთა მხიარულ კუნძულს მიადგენ, რომელსაც კეთილი და სამართლიანი მეფე ალკინოოსი მართავდა მზეთუნახავ დედოფალ არეტესთან ერთად.

 

* * *

   მეფე ალკინოოსი სიხარულით შეეგება სტუმრებს, მედეა დედოფალთან გაგზავნა, ხოლო არგონავტებს მდიდრული ნადიმი გაუმართა. სუფრას ჯერ არც კი შემოსხდომოდნენ, რომ კარი გაიღო და დარბაზში მეფე აიეტი შემოვიდა. ფეხზე წამოჭრილმა იასონმა ხელი შუბს წაავლო. ის იყო ხელჩართული ომი უნდა გაჩაღებულიყო, რომ ალკინოოსი უცებ მოეგო გონს და მოწინააღმდეგეთა შორის ჩადგა.    რადგან არც ერთ მხარეს არ სურდა დათმობა, ალკინოოსმა საშველად გონიერებით განთქმულ დედოფალს უხმო. დედოფალმა მოდავეებს სასამართლოს გამართვა ურჩია, ხოლო პირუთვნელ მსაჯულად მეფე ალკინოოსი შესთავაზა. მეფემ ორივე მხარეს ყურადღებით მოუსმინა და სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად თავის ოთახში განმარტოვდა.

   გვიან ღამემდე ფიქრობდა ალკინოოსი. მან ლოცვის შედეგად შეიტყო, რომ ათენასა და ჰერას არგონავტთა გამართლება სურდათ, ხოლო არტემისი და ჰელიოსი მათ დასჯას მოითხოვდნენ; ბოლოს გადაწყვიტა - საწმისი იასონისთვის დაეტოვებინა, რადგან მან აიეტის ყველა მოთხოვნა შეასრულა; მედეა კი მამისთვის დაებრუნებინა, რაკიღა იგი იასონის ცოლი არ იყო.

   მეფის გადაწყვეტილებამ გაახარა დედოფალი და მსწრაფლ მედეას სენაკს მიაშურა, მონა კი იასონის მოსაყვანად გაგზავნა. მისი გეგმის თანახმად, იასონი და მედეა სასწრაფოდ უნდა დაქორწინებულიყვნენ, რათა აიეტს კოლხეთში არ წაეყვანა ქალიშვილი. სამი ლანდი უჩუმრად გამოვიდა სასახლიდან და ოჯახის მფარველი დიდი ქალღმერთის - ჰერას ტაძრისკენ გაემართა.

   ჰერას მარმარილოს ქანდაკების წინ არეტემ მედეასა და იასონს ალკინოოსის გადაწყვეტილება გაანდო და, მათი სურვილის თანახმად, ქორწინების საიდუმლო რიტუალი ჩაატარა.   მეორე დღეს მეფე ალკინოოსმა განაჩენი ამცნო საკრებულოს. აიეტს არ მოეწონა ალკინოოსის გადაწყვეტილება. მან იცოდა, რომ იასონი ვერას გახდებოდა მედეას დაუხმარებლად. მისი აზრით, საწმისი მედეას ეკუთვნოდა და რახან იგი მამასთან ბრუნდებოდა, საწმისიც თან უნდა წამოეღო. მაგრამ მისდა გასაოცრად გაირკვა, რომ საწმისს კი არა, მედეასაც ვეღარ იბრუნებდა, რადგან იგი უკვე იასონის ცოლი გამხდარიყო.

   მოტყუებულმა, შეურაცხყოფილმა აიეტმა დასწყევლა იასონი, მედეა, არგონავტები, მეფე ალკინოოსი; გამოვიდა სასახლიდან, ავიდა თავის ხომალდზე და უზომოდ განრისხებული შინ დაბრუნდა.

 

* * *

   დილით გზა განაგრძეს ელადელებმა, მაგრამ ისევ დაბრკოლდნენ - მეფე აიეტის წყევლა ეწიათ. როგორც კი იოლკოსის ნაპირს მიადგნენ, საშინელი გრიგალი ამოვარდა, არგო მოიტაცა და ისევ ზღვაში დააბრუნა, შემდეგ კი სადღაც უცხო მიწაზე გამორიყა. დინებამ გემი ნაპირს მიახეთქა და ღრმად ჩაფლა შლამში.

   კუნძული უნაყოფო და უკაცრიელი აღმოჩნდა. საკვებად ლოკოკინები უნდა შეეგროვებინათ მოგზაურებს და ზღვის მოქცევას დალოდებოდნენ, გემი წყალში რომ შეეცურებინათ. მაგრამ წყლიდან ამოსულმა ნიმფებმა ურჩიეს, მხრებზე შეედგათ ხომალდი და ხელით ეტარებინათ ქვეყნის კიდემდე, რადგან ზღვაში უეჭველად დაიღუპებოდნენ.  

ასეც მოიქცნენ არგონავტები, მაგრამ ძალიან გაგრძელდა მგზავრობა. ძნელი იყო გემის ხელით ზიდვა, უწყლობა და შიმშილი. გზაში მედეას ღონე გამოეცალა და კინაღამ დაეცა. ამ დროს წყლის ხმაც შემოესმათ. კლდიდან უზარმაზარი ჩანჩქერი გადმოსჩქეფდა. როცა წყურვილი მოიკლეს, დაღლილ-დაქანცულებმა იქვე მშვენიერი ბაღიც შენიშნეს, სადაც თეთრსამოსიანი ულამაზესი ქალწულები სეირნობდნენ.

   მედეას ამ მხარემ კოლხეთი მოაგონა. მხოლოდ იქ, ტკბილ სამშობლოში ენახა ასეთი ლურჯი ცა - ღრმა, თბილი და კრიალა. ახლაღა მიხვდა აიეტის ასული, რომ გზაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ დაეკარგა - მიწის, ცის და წყლის ენა აღარ ესმოდა. ბუნება - ერთ დროს ასეთი ცოცხალი, მეტყველი და ახლობელი - ახლა იდუმალი, უცხო, პირქუშად მდუმარე ჩანდა. მედეამ კიდევ ერთხელ ახედა ცას და პირველად მთელი მოგზაურობის მანძილზე უიმედოდ ამოიოხრა...

   ბაღის სიღრმეში, მწვანე მოლზე წვერებიანი გიგანტი იდგა, რომელიც ცის მძიმე თაღს მხრებით იჭერდა. ეს ბაღი ჰესპერიდებს ეკუთვნოდა, გიგანტი კი მათი ბიძა ატლანტი იყო. ელადელები ქვეყნის კიდემდე მოსულიყვნენ. აქედან კი, როგორც ნიმფებმა უთხრეს, ელადაში იოლად დაბრუნდებოდნენ.

 

* * *

   საშინლად გაღატაკებული  მოხუცი ესონი მარტოდმარტო ცხოვრობდა ნახევრად დანგრეულ ჩაშავებულ სახლში. დაუძლურებული მეფე თავად იმზადებდა შავი ფქვილის შეჭამანდს, მერე მთელი დღე გაუნძრევლად იჯდა იასონის მოლოდინში და თვლემდა.

   ერთ დღეს უცნაურმა ხმამ გამოაღვიძა მოხუცი, აიხედა და საოცარი ბრწყინვალებისგან დაბრმავებულმა ძლივს გაარჩია მისკენ მომავალი იასონი, რომელსაც ხელზე ოქროს საწმისი გადაეკიდა. ათრთოლებულ მოხუცს ფეხები მოეკვეთა. იასონმა კი მოისროლა საწმისი და მამას გადაეხვია, მერე ხელში აიტაცა და შინ შეიყვანა. იოლკოსელებმა მალე გაიგეს იასონის

დაბრუნება, მაგრამ პელიასს ვერავინ გაუბედა ახალი ამბის შეტყობინება.

   იასონი თავად ეახლა მეფეს და საწმისი მიართვა. შეცბუნებული პელიასი უცებ მოეგო გონს და გულგრილად უთხრა, საწმისი ტაძარში დაეფინა - ღმერთებისთვის შეეწირა, თანაც კმაყოფილება გამოთქვა, ფრიქსოსის ოცნება რომ ახდა. იასონი ადგილიდან არ დაძრულა. იგი სულ სხვაგვარ შეხვედრას ელოდა მეფისგან და ახლა მისი მოქმედების ახსნას ლამობდა.

   პელიასმა კვლავ გაიმეორა ნათქვამი, თან დასძინა: - ცოტა ხნის წინ ღმერთები გამომეცხადნენ და მიბრძანეს, საწმისი არტემისის ტაძარში დავკიდო, რადგან შენ კოლხეთში ქალღმერთის საყვარელი ხარები და ათასთვალა გველეშაპი მოგიკლავსო.

   სიბრაზისგან თვალთ დაუბნელდა ესონის ძეს, უნდოდა, იქვე მოეკლა ცბიერი პელიასი, მაგრამ ახალი ცოდვის შეეშინდა და თავი შეიკავა. გამწარებულმა იასონმა მიატოვა ბიძის სასახლე და გულმოკლული შინ დაბრუნდა.   მედეამ არად ჩააგდო ეს ამბავი. მან უკვე იცოდა, როგორ გადაეხადა სამაგიერო პელიასისთვის.

 

* * *

   გამოხდა ხანი. მედეასა და იასონს სამი ვაჟი შეეძინათ. გამართლდა აიეტის სიტყვები, დაუმსახურებლად მოპოვებულმა ოქროს საწმისმა იასონს სამეფო ტახტი ვერ დაუბრუნა. სიღატაკეში ცხოვრობდა არგონავტთა ლეგენდარული წინამძღოლის ოჯახი.

   მედეა არ ივიწყებდა პელიასის მიერ ჩადენილ უსამართლობას. ერთხელ ის სასახლეში წავიდა და მის ქალიშვილებს დიდი სპილენძის ქვაბი გამოართვა, რათა ესონისთვის გასაახალგაზრდავებელი ბანგი მოეხარშა. პელიასის ქალიშვილები ძლიერ დაინტერესდნენ და სთხოვეს, მათ გარეშე არ ეჯადოქრა.

   ღამით ფეხშიშველი მედეა სამი გზის გასაყარზე გავიდა, მიწისქვეშეთის ქალღმერთ ჰეკატეს უხმო და ჯადოქრობისთვის ძალა სთხოვა. ჰეკატემ სამჯერ შეახო მედეას ჯადოსნური კვერთხი და გაქრა.   მეორე დღეს პელიასის ქალიშვილებს უხმო აიეტის ასულმა და ბანგის ხარშვას შეუდგა, ქვაბს გამხმარი ლეღვის ტოტით ურევდა. უეცრად ტოტს მწვანე კვირტები გამოესხა და ნაყოფით დაიხუნძლა. ბანგი მზად იყო.

 

   მედეა შინ შევიდა, სიბერისგან დასუსტებული, ბავშვივით მჩატე ესონი გარეთ გამოიყვანა და ბალახზე დააწვინა. მერე ბასრი დანით ყელთან ძარღვი ჩაუჭრა და დაელოდა, ვიდრე სისხლისგან დაიცლებოდა... ცოტა ხანში, როცა ძარღვებში ჯადოსნური ბანგი ჩაასხა, ჭრილობა შეხორცდა და გაახალგაზრდავებული ესონი იასონის უმცროს ძმას დაემსგავსა.

   შეშინებულმა, მაგრამ აღფრთოვანებულმა მეფის ასულებმა მედეას ცოტაოდენი ბანგი სთხოვეს პელიასისთვის.

   მედეამ ურჩია, საღამომდე მოეთმინათ, ძილში ხომ უფრო უმტკივნეულოდ მოხერხდებოდა პელიასისთვის სისხლის გამოცვლა. ქალიშვილებმა დაუჯერეს და შინ წავიდნენ. როგორც კი თვალს მიეფარნენ, მედეამ გადაასხა დარჩენილი ბანგი, შხამიანი ბალახები მოხარშა და საღამოს სწორედ ის შხამიანი ქვაბი გაატანა მეფის ასულებს.

   ღამით ქალიშვილებმა მძინარე მამას ყელი გამოღადრეს და ძარღვებში შხამი ჩაასხეს. პელიასი გაახალგაზრდავების ნაცვლად ნახშირივით რომ გაშავდა, მაშინღა მიხვდენენ, რომ სასტიკად მოტყუვდნენ, მაგრამ რაღას იზამდნენ?!

* * *

   საღამო ხანს, როცა შინ დაბრუნებულმა იასონმა შეიტყო ეს ამბავი, ძლიერ გაბრაზდა, რადგან ახალი ცოდვის შეეშინდა. მედეა კი მშვიდად იყო და ქმარსაც ამშვიდებდა:     - პელიასი ხომ ჩვენ არ მოგვიკლავს? საკუთარმა შვილებმა მოკლეს. ეს კი მან დაიმსახურა შენი მოტყუებისთვისო.

   იასონი მაინც ვერ მშვიდდებოდა. იცოდა, ახალი ბოროტება ახალ საწუხარს მოუტანდა. აკი ჯერაც იტანჯებოდა აფსირტოსის მოკვლის გამო.

   სასახლეში მისულ იასონს პირველად პელიასის ვაჟი აკასტოსი შეეგება და სთხოვა, ეცლია, ვიდრე მამას დაასაფლავებდა - მემკვიდრეობაზე დავას მერეც მოვასწრებთო.

   იასონი დათანხმდა და შინ დაბრუნდა, მაგრამ აქ ახალი უბედურება ელოდა - ესონი გველს დაეკბინა და მომკვდარიყო. ესეც ღვთის რისხვად მიიჩნია იასონმა და ბრალი მედეას დასდო.   აკასტოსის ხალხი დროს უქმად არ კარგავდა. ვიდრე ბიძაშვილები მამებს ასაფლავებდნენ, ისინი კარდაკარ დადიოდნენ და ყველას აფრთხილებდნენ, იასონი არ აერჩიათ მეფედ, რადგან მას ჯადოქარი ცოლი ჰყავდა. მედეა სიგიჟეს შეგყრით, შვილები მამებს დახოცავენ, დები - ძმებსო. - ამბობდნენ ისინი. და მართლაც, მეფის არჩევის დღეს იოლკოსელებმა აკასტოსს დაუჭირეს მხარი.

 

* * *

   შეურაცხყოფილმა იასონმა გადაწყვიტა, გასცლოდა იოლკოსს - გაყიდა ჯოგი, იყიდა ეტლი, ფიცრებით აჭედა ესონის სახლი და მთელი ოჯახით კორინთოსს გაემგზავრა, სადაც მისი ძველი მეგობარი კრეონი მეფობდა.

   კრეონმა სიხარულით და პატივით მიიღო ისინი და მშვენიერ ქვითკირის სახლში დააბინავა. წყნარად და უშფოთველად ცხოვრობდნენ, მაგრამ იასონს არაფერი ახარებდა, დაკარგულ სამეფოსა და უქმად დახარჯულ დროს მისტიროდა. შვილები იზრდებოდნენ, მამა კი ისევ ღარიბი ჰყავდათ - სხვის ჭერს სამოწყალოდ შეფარებული.   ერთხელ სასახლიდან შინ მიმავალი დარდიანი იასონი დედაბერმა შეაჩერა და ამცნო, რომ იგი მეფის ასულმა გლავკემ გამოაგზავნა, რომელსაც უზომოდ

შეჰყვარებოდა სახელგანთქმული გმირი და მისი ხილვა სურდა. იასონის უარმა ვერ შეაჩერა მოხუცი - უმტკიცებდა, რომ გლავკე გააბედნიერებდა, რადგან მზითვად მთელ კორინთოსს მოუტანდა. დიდხანს ელაპარაკა დედაბერი, მაგრამ იასონის გული

ვერაფრით მოიგო.

   მეორე დღეს ისევ დახვდა დედაბერი, იასონის უკმეხი პასუხი არად ჩააგდო და სხაპასხუპით მიაძახა:    - თუ გლავკეს შეირთავ ცოლად, კრეონი ნახევარ სამეფოს დღესვე გაჩუქებს, მეორე ნახევარს კი მისი სიკვდილის შემდეგ მიიღებ.

   იასონმა არაფერი უპასუხა მოხუცს, მაგრამ მისი სიტყვები გულში ჩარჩა და ღრმად ჩააფიქრა.   მესამე დღესაც იგივე განმეორდა. იასონმა ისე აუარა გვერდი დედაბერს, ზედაც არ შეხედა. მან კი მიაძახა:

   - დაიცა, შემობრუნდი და შემომხედე!

   ... და როცა მოიხედა, მის წინ მშვენიერი გლავკე იდგა. გლავკემ კვლავ გაიმეორა ვითომ დედაბრის პირობა, თან დასძინა:  - მედეას მე ვჯობივარ, უფრო ახალგაზრდა, უფრო ლამაზი და მდიდარი ვარო.   მაგრამ ვერც გლავკეს სილამაზემ და ვერც მისმა სიმდიდრემ აცდუნა იასონი - გაბრუნდა და შინისკენ გასწია.

 

 

* * *

 

   გლავკე არ ცხრებოდა. მან მამა აიძულა, დაებარებინა იასონი და მთელ სამეფოს შეჰპირებოდა, თუკი მისი სიძე გახდებოდა.   - შენზე უფროსი ვარ და მალე მოვკვდები, - უთხრა კრეონმა მეგობარს - ჯერ ერთად ვიმეფოთ, მერე კი ყველაფერი შენს შვილებს დარჩება. მედეას არავინ აწყენინებს, ჰეკატეს მარმარილოს ტაძარს ავუგებთ და მისი ქურუმი გახდება... შენი შვილები კი შენთან იქნებიან სასახლეში.

 

   ბევრი იფიქრა იასონმა და დათანხმდა, რადგან მისი ოცნება იყო, სიკვდილის შემდეგ შვილებისთვის სამეფო ტახტი გადაეცა მემკვიდრეობით.

  ერთ საღამოს იასონის ვაჟები ტაძრის მახლობლად თამაშობდნენ. მათი ყურადღება საქორწინო ცერემონიალმა მიიპყრო. გაოცებული ბავშვები უსიტყვოდ მისჩერებოდნენ სამეფოდ მორთულ მამას, რომელიც გლავკეს გვერდით იჯდა ეტლში, მერე შინ გაიქცნენ და ყველაფერი დედას უამბეს. მედეა სასახლისკენ გაეშურა და საკუთარი თვალით ნახა, როგორ აუყვნენ ტაძრის კიბეს გლავკე და იასონი. გამწარებულმა მათკენ გაიწია, მაგრამ ხალმა არ მიუშვა - არავის უყვარდა ბოროტი ჯადოქარი.   უბედური და გონებაარეული ქალი შინ დაბრუნდა და უფროს ვაჟს სთხოვა, მამა მოეყვანა გამოსამშვიდობებლად.

   მართლაც მოვიდა იასონი და მედეას დამშვიდება სცადა: დიდხანს უმტკიცებდა, რომ არ დავიწყნია ჰეკატეს ტაძარში დადებული ფიცი; რომ ისევ ისე უყვარდა, როგორც მაშინ და რომ ასე მხოლოდ შვილების გამო მოიქცა. მაგრამ ამაო იყო ყოველივე. მედეას მისი აღარ სჯეროდა, იგი მხოლოდ შურისძიებაზე ფიქრობდა.

   შეურაცხყოფილმა ქალმა ქმარს თავი ისე მოაჩვენა, თითქოს ყველაფერი აპატია; სკივრიდან ოქროს გვირგვინი და ლამაზად მოქარგული ძვირფასი კაბა ამოიღო, იასონს გადასცა და სთხოვა, ტანსაცმელი გლავკესთვის მიერთმია საჩუქრად, რომ მომავალში მის შვილებს კარგად მოპყრობოდნენ.

   გულდამშვიდებულმა იასონმა გამოართვა საჩუქრები და სასახლისკენ გასწია. ძლიერ გაახარა ძღვენმა მეფეცა და ქალიშვილიც. კრეონმა კიდეც ინანა, იასონის დაგვიანებით შეშინებულმა, შიკრიკი რომ გაუგზავნა მედეას მკაცრი ბრძანებით, დაუყოვნებლივ დაეტოვებინა კორინთო. გლავკემ სასწრაფოდ მოირგო კაბა, მაგრამ უეცრად ნახშირივით გაშავდა და უსულოდ დაეცა მარმარილოს იატაკზე.

 

* * *

   მიწაზე გართხმული მედეა ცხარედ ტიროდა, როცა მასთან შიკრიკი მივიდა და მეფის ბრძანება გადასცა. კრეონი მედეას დაუყოვნებლივ ქალაქიდან გაძევებას და მისი შვილების სასახლეში მიყვანას ბრძანებდა. გამწარებული ქალი წამოხტა და ყვირილით ეცა დაუპატიჟებელ სტუმარს. შეშინებული შიკრიკი ძლივს დაუსხლტა ხელიდან.    მედეამ აღარ იცოდა, რას სჩადიოდა. სიგიჟის ქალღმერთი ატა ჩასახლებულიყო მის არეულ გონებაში. გაგიჟებულმა დედამ ხელი დაავლო ხანჯალს და მძინარე ბავშვებს დაერია...

   იმავე წამს საშინელი ქუხილი გაისმა და ქალაქის თავზე  ეტლი გამოჩნდა. მას წყვილი ურჩხული მოაქროლებდა. გრიგალმა მედეა ჰაერში აიტაცა და ეტლზე დააყენა. უეცრად მიწა გაიპო და ეტლი მიწისქვეშა სამეფოში შთაინთქა.

   შინ მოვარდნილ იასონს საშინელი სურათი დახვდა. დახოცილი შვილების ნახვით გამწარებული, ამაოდ ეძებდა ცოლს. მედეა არსად ჩანდა. იასონი მარტოდმარტო იყო თავის მწარე ფიქრებთან. ოქროს საწმისი, რომელსაც მისთვის ბედნერება უნდა მოეტანა, დაუსრულებელ სატანჯველად ექცა.

ჯადოსნურმა ტყავმა შთანთქა ყველაფერი, რაც იასონს უყვარდა და ეძვირფასებოდა - სამშობლო, მამა, შვილები, ცოლი...

   ამ უმძიმესი განსაცდელის ჟამს ყურში აიეტის მრისხანე სიტყვები ჩაესმოდა. იქნებ, მართლაც იქ, კოლხეთში იყო ოქროს საწმისის ადგილი და ძალადობით მოტაცებულს ადამიანებისთვის დარდის მეტი არაფერი მოჰქონდა ყველა სხვა ქვეყანაში?

 

* * *

   განვლო დიდმა დრომ. ერთ დღეს ორი იოლკოსელი ბიჭუნა წყაროსთან თხებს აძოვებდა. სანაპიროზე მათ ხომალდი შენიშნეს. ახლოს მისულებს ქვიშაში ჩაფლული ძველი გემის ჩონჩხი შერჩათ. საწყალობელი სანახავი იყო ოდესღაც ბრწყინვალე ხომალდი.

მხოლოდ ძვირფასი ხისგან გამოთლილი ათენას თავი იდგა კიჩოზე უცვლელად და უსინათლო თვალებით დაჰყურებდა ბავშვებს. 

 ბიჭუნები გემბანზე აცოცდნენ სათამაშოდ. უეცრად მათ უცნაური სიმღერა მოესმათ და შეშინებულები ისევ ძირს ჩამოცვივდნენ, რადგან ეგონათ, ათენა მღეროდა. ბავშვებმა გაქცევა დააპირეს, მაგრამ ამ დროს გემბანზე მოხუცი გამოჩნდა. იგი ჩამქრალი ცისფერი თვალებით გაჰყურებდა სივრცეს და თითქოს ვერაფერს ხედავდა, მოულოდნელად ბიჭები შენიშნა და ძლიერ გაიხარა.

   მოხუცმა ღმერთებს მადლობა შესწირა დაკარგული შვილების პოვნისთვის და ხელგაშვერილი მათკენ გაემართა, მაგრამ უეცრად გონს მოეგო და  ბავშვებს ვინაობა გამოჰკითხა. როცა უთხრეს, იოლკოსელი მწყემსები ვართო, ბერიკაცი ჩაფიქრდა... ცოტა ხნის მერე კი სთხოვა, მეფე აკასტოსისთვის ეცნობებინათ, რომ იასონი სამშობლოში დაბრუნდა, რათა იოლკოსელებისთვის  გაემხილა, სად შეინახა ოქროს საწმისი. მოხუცი ჩქარობდა მეფესთან შეხვედრას, რადგან მგზავრობისგან დაღლილი და დაუძლურებული იყო, ალბათ, დიდხანს ვეღარც იცოცხლებდა.

 

   ბიჭებმა სასწრაფოდ მოაგროვეს ფარა და იოლკოსისკენ მოჰკურცხლეს. იასონმა გარს შემოუარა არგოს, იქვე ჩრდილში მიწვა და ჩაეძინა.

   ზღვიდან მოულოდნელად ამოვარდნილი ქარიშხალი ხომალდს ეძგერა და ერთიანად დაშალა. გემის კიჩოდან ათენასთავიანი მძიმე ბოძი გადმოვარდა, იასონს დაეცა და ისე მოკლა, ამოოხვრაც კი ვერ მოასწრო მძინარე მოხუცმა.

   გვიან საღამოს, როცა მეფე ოქროს ეტლით ეახლა იასონს, იგი უსულოდ იწვა ბოძის ქვეშ. აკასტოსი სინანულით დასცქეროდა ოდესღაც ლეგენდარული გმირის ცხედარს, რომელსაც ოქროს საწმისის საიდუმლოც თან წაეღო მკვდართა საუფლოში -

უსაზღვრო დარდთან, მარტოობასთან და იმედგაცრუებასთან ერთად. ამ საიდუმლოს ამიერიდან ცოცხალთა შორის ვეღარავინ ამოიცნობდა.   ამიტომაა, რომ დღემდე არავინ უწყის, სად ინახება ოქროს საწმისი.

 

 

 

ბოშა ქალი

 

   ბოშები უცნაური ხალხია. ერთ ადგილზე ვერ ჩერდებიან. დახეტიალებენ ქვეყნის ერთი კიდიდან მეორემდე. მღერიან, ცეკვავენ, მკითხაობენ და, თანაც, აუცილებლად ქურდობენ. ისინი რაღაც იდუმალი, მხოლოდ მათთვის მისაღები და გასაგები კანონებით ცხოვრობენ. არად უღირთ ტყუილის თქმა, თაღლითობა, უღირსი საქციელი. შესაძლოა, ასე იმიტომაც იქცევიან, რომ იციან, ერთ ქვეყანაში დიდხანს მაინც არ დაყოვნდებიან და მათგან მოტყუებულ ან გაძარცულ ადამიანებს აღარასოდეს შეხვდებიან. სინდისის ქენჯნას შორეული, ჯერ უვალი გზების ქარიანი წვიმები ჩამორეცხავს. სამყაროს კანონები, ასეთი მყარი და მარადიული, მათი ჭრელ-ჭრელი, მტვრიანი კარვების მიღმა დარჩება - სრულიად უცნობი, გამოუსადეგარი და მიუღებელი.

   ცხოვრობდა ქვეყანაზე მოხუცი ბოშა ქალი, რომელმაც ერთი პატარა გოგონა გაზარდა, სახელად კამილა დაარქვა და ბოშათა უცნაურ საიდუმლოებებს აზიარა.   გავიდა წლები და კამილა ისე დამშვენდა, ყველას თვალს სწყვეტდა მისი სილამაზე. სათნო და კეთილი გოგონა არაჩვეულებრივი გონიერებით გამოირჩეოდა, მაგრამ ყველაზე გასაოცარი მაინც მისი ქცევა და დახვეწილი მანერები იყო. თავი ყოველთვის ისე ღირსეულად ეჭირა, პრინცესა გეგონებოდათ. ერთი სიტყვით, მისი ბადალი არამცთუ ბოშათა ბანაკში, არამედ თვით მაღალ საზოგადოებაშიც კი არ მოიძებნებოდა. მოხუცმა ბებიამ თავის მომხიბლავ შვილიშვილს გულშიჩამწვდომი ბოშური რომანსები და ცეცხლოვანი ცეკვები ასწავლა, რათა გოგონას ადვილად შესძლებოდა ფულის შოვნა.

   თხუთმეტი წლისა რომ შეიქნა, ბებიამ კამილა დედაქალაქს წაიყვანა. მალე ახალგაზრდა ბოშა ქალის მშვენიერებამ მთელი მადრიდი დაატყვევა. საიდან აღარ მოდიოდნენ კამილას სიმღერის მოსასმენად მდიდარი კაბალიეროები თუ ღარიბი პოეტები. ყველას აღაფრთოვანებდა მისი ნიჭი და სილამაზე. კამილა მადრიდის ხალხმრავალ მოედნებზე მაყურებელს ართობდა ლამაზი ცეკვით, ბებია კი ჯიბეებს ოქროს მონეტებით ისქელებდა.

 

 

* * *

 

 

   ერთ მშვენიერ დილას, როცა ბოშები თავიანთი ბანაკიდან გამოვიდნენ და ქალაქში წასვლას აპირებდნენ, - ზოგი სამკითხაოდ და საცეკვაოდ, ზოგი კი საქურდლად, - დაინახეს მდიდრულად ჩაცმული ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ხელი ოქროსფრად მოლაპლაპე დაშნის ტარზე ედო. ეს კეთილშობილი რაინდი ბოშებისკენ გამოემართა და კამილა და მისი ბებია განზე გაიხმო.

   - ისე დამატყვევა კამილას სილამაზემ, - დაიწყო ახალგაზრდა კაცმა - რომ თავს ვეღარ ვერევი. დღისით მოსვენება დავკარგე, ღამით - ძილი. მე, ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, კაბალიერო გახლავართ. ჩემი გვარი მთელ ესპანეთშია განთქმული. მშობლების ერთადერთი ძე და მემკვიდრე ვარ. მინდა თქვენი შვილიშვილი ცოლად შევირთო, ჩემი ტოლი და სწორი გავხადო, მისი ნება ჩემს ნებად გადავაქციო. წადით მადრიდში, იკითხეთ ჩემი ოჯახის ამბავი და დარწმუნდებით, რომ არც თვალთმაქცი ვარ, არც თვითმარქვია. - ახალგაზრდა კაცმა ქალებს მკერდზე მოკიაფე კაბალიეროს ორდენი აჩვენა და ასი ოქროს ესკუდო მიართვა ძღვნად.

   კამილამ ყურადღებით მოისმინა ყმაწვილის აღსარება და ხანმოკლე დაფიქრების შემდეგ მიუგო:

   - მართალია, მე ბოშა ვარ, ჩემო ბატონო, სიღარიბეში გაზრდილი უბრალო გოგო, მაგრამ ჩემს გულს ვერც საჩუქრებით მოიგებთ, ვერც ფულით, ვერც ლამაზი სიტყვებით. ჩემი ნდობა და კეთილგანწყობა არ იყიდება. ამას დამსახურება უნდა. ჯერ მხოლოდ თხუთმეტი წლისა ვარ, მაგრამ ბევრი რამ მინახავს. სიმდიდრე სულაც არ მაინტერესებს, არც ცნობილი გვარი და მაღალი წარმომავლობა დამიბრმავებს თვალს. ჩემი გული მხოლოდ სიყვარულს დაემორჩილება. თქვენ კი სიყვარული საქმით უნდა დამიმტკიცოთ.

   კამილამ მშვენიერი, კეთილი ღიმილით შეარბილა თავისი სიტყვების სიმკაცრე. კაბალიერომ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ბოლოს მაინც დუმილი ამჯობინა და თვითონაც გაუღიმა გულის რჩეულს.

   - ჩემი პირობა ასეთია, - გააგრძელა კამილამ - თქვენ ბოშურად უნდა გადაიცვათ და ორი წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად იცხოვროთ, ბოშათა ადათ-წესებს დაემორჩილოთ. ამ ხნის მანძილზე მოგემსახურებით, როგორც და და მეგობარი. თუკი ორი წლის შემდეგ ასევე გენდომებათ ჩემი ცოლად შერთვა, - წამიყვანეთ. ამ დროისთვის უკვე უეჭველად მეცოდინება, რომ ჩვენ ნამდვილი გრძნობა გვაკავშირებს ერთმანეთთან და არა უბრალო, თუნდაც, რომანტიკული გატაცება.   რაღა დარჩენოდა კეთილშობილ კაბალიეროს?  

 დონ ხუან დე კარკამოს საავედრა სანჩესმა ესპანელ მიჯნურთათვის დამახასიათებელი გალანტურობით მიიღო სატრფოს წინადადება და დათქმულ დროს ბოშათა ბანაკში გამოცხადდა. ბოშის ტანსაცმელი ჩაიცვა, თავი გახუნებული ხილაბანდით წაიკრა და თავის ახალ ოჯახს, ბოშათა ბანაკს, ანდრესის სახელით გაეცნო. მან ერთადერთი პირობა დასვა - ბანაკი რაც შეიძლება სწრაფად უნდა აშლილიყო მადრიდიდან, რომ არავის ეცნო კეთილშობილი კაბალიერო. ბოშებსაც მეტი რა უნდოდათ, ერთ ადგილზე დიდხანს ყოფნას არც იყვნენ ჩვეული და ყოველგვარი სინანულის გარეშე დატოვეს მადრიდი. წინ ახალი გზები ელოდათ,  ახალი მოედნები,  ახალი შეხვედრები.

   ოთხი დღის სიარულის შემდეგ ხმაურიანმა ბანაკმა ტოლედოსთან დაიდო ბინა.  

 

* * *

 

 

   და აი, დადგა დრო, როდესაც დონ ხუან დე კარკამოს საავედრა სანჩესს ისე უნდა ეცხოვრა, როგორც ბოშები ცხოვრობენ. კეთილშობილ კაბალიეროს მოსწონდა ურთიერთობა გულღია,  ლაღ ბოშებთან. ამ ხმაურიან, მტვრიან ბანაკში ყველას თავისი ადგილი და მკაცრად განსაზღვრული საქმე ჰქონდა - ქალები მკითხაობდნენ, ცეკვავდნენ და მღეროდნენ; კაცები კი ქურდობდნენ ქალების მიერ გამართულ ამ პატარა წარმოდგენებზე.

   ბოშებსაც შეუყვარდათ ანდრესი, რომელიც ცდილობდა, მათ კანონებს დამორჩილებოდა და არასოდეს არავისთვის ეგრძნობინებინა, რომ წარმოშობით თუ აღზრდით მათზე მაღლა იდგა. ერთადერთ სერიოზულ წინააღმდეგობას ის ქმნიდა, რომ ბოშები მოწადინებული იყვნენ, ანდრესისთვის ესწავლებინათ, მათი აზრით, უმთავრესი კაცური ხელობა - ქურდობა. მაგრამ ბოშა ანდრესად წოდებულ დონ ხუან

დე კარკამოს საავედრა სანჩესს ქურდობა არ შეეძლო. მოტყუება, თაღლითობა, სხვის ჯიბეში ხელის ფათური ანდრესის ღირსებას შეურაცხყოფდა; კეთილშობილი სისხლი, რომელიც მის ძარღვებში ჩქეფდა, ახალგაზრდა მიჯნურს ქურდობის ნებას არ აძლევდა; მეტიც, მას იმდენად ეცოდებოდა ბოშების მიერ გაქურდული ხალხი, რომ შეუმჩნევლად გაჰყვებოდა ხოლმე მოტყუებულ, ცხოვრებისგან ისედაც დამძიმებულ საცოდავ ადამიანს და ჩუმად ჩაუცურებდა ჯიბეში ფულს.

   სიყვარული და მშვენიერ მთვარიან ღამეებში ტკბილი ოცნება ბუნებრივად უფრთხობდა ძილს ანდრესს. ასე რომ, უამრავი დრო ჰქონდა ფიქრისთვის და ჩვენმა მიჯნურმაც შესანიშნავ გადაწყვეტილებას მიაგნო, განაცხადა - სხვებთან ერთად ქურდობა არ შემიძლიაო; ბოშები ჩამოიშორა და მარტო დადიოდა ქალაქში; თან ათას რამეს ყიდულობდა, ბოშებს კი ატყუებდა, ნაქურდალიაო. ასეთი ხერხით მან ერთი თვის განმავლობაში ბოშათა ბანაკს გაცილებით მეტი რამ შესძინა, ვიდრე სხვა ბოშებმა თავიანთი სათაკილო ოსტატობით.

   გადიოდა დრო, კამილა და ანდრესი შეეთვისნენ ერთმანეთს. ახალგაზრდა ქალს ხიბლავდა ანდრესის ჭკუა და გამჭრიახობა; მოსწონდა მისი გალანტურობა, გულღია და მხიარული ხასიათი. ხოლო კაბალიეროს სულს და გულს სულ უფრო მეტად იპყრობდა ბოშა ქალის მშვენიერება და სისადავე. ერთი სიტყვით, მათ შორის ნამდვილი სიყვარული იბადებოდა.

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / მითოლოგია / უავტორო / შაკუნტალა (შევარდენთა მშვენიერი ნებიერი)