* * *

 

 

   ერთხელ, ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ, ბოშათა ბანაკი მურსიასთან დაბინავდა. სწორედ აქ დაატყდა თავს ჩვენს გმირს უბედურება.

   ანდრესი და რამდენიმე ბოშა ერთი მდიდარი ქვრივის ეზოში დასახლდნენ. ამ ქვრივს ქალიშვილი ჰყავდა, - ერთი თავნება და ქარაფშუტა გოგო, რომელსაც სახელად ლილიანა ერქვა. ლილიანას თვალში მოუვიდა ანდრესი და მიზნად დაისახა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, მისი ცოლი გამხდარიყო. ჰოდა, ამ ლილიანამ დრო მოიხელთა, მიირბინა თავის რჩეულთან და ჩასჩურჩულა:

   - ანდრეს, მე მდიდარი ქალი ვარ, დედაჩემს ჩემს მეტი არავინ ჰყავს; ძალიან მომწონხარ, დარჩი ჩემთან და ცოლად შემირთე; მისი სიკვდილის შემდეგ მთელი ქონება ჩვენ დაგვრჩება, ეს კარ-მიდამოც ჩვენი იქნება; თუ სულელი არა ხარ, ხეტიალს უნდა მოეშვა და ჩემთან დარჩე.

 

   ანდრესს არაფერში ეპიტნავა ეს უხამსი წინადადება.

   - ძვირფასო, მე ბოშა ვარ და, ჩემი ხალხის ადათ-წესების თანახმად, მხოლოდ ბოშაზე მაქვს დაქორწინების უფლება. ძალიანაც რომ მინდოდეს, მაინც ვერ დავრჩები შენთან. - მიახალა ანდრესმა ქალს ისე, რომ ოდნავადაც არ ცდილა, ცოტა  თავაზიანი ფორმა მიეცა თავისი უარისთვის.

   შეურაცხყოფილმა ლილიანამ გადაწყვიტა, შური ეძია ურჩ ბოშაზე. ანდრესმაც იგრძნო, რომ სასწრაფოდ თუ არ გაეცლებოდა იქაურობას, აუცილებლად რაღაც უბედურებას გადაეყრებოდა და მოითხოვა, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ მურსია.

ბანაკი აიყარა, მაგრამ გვიანღა იყო. ლილიანამ, რომელიც მიხვდა, რომ ბოშები აღარ დაყოვნდებოდნენ, ყელიდან მარჯნის მძივი მოიხსნა და ყველასგან უჩუმრად ჩააგდო ანდრესის ფუთაში.

   ქალაქიდან გასულები არც იქნებოდნენ, რომ ლილიანამ საშინელი აურზაური ატეხა - გამქურდესო. მის ყვირილზე ხალხი შეიკრიბა, მოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ბოშებს ბადრაგი დაადევნეს და მურსიაში ჩამოაბრუნეს.

   ლილიანამ ანდრესს დაადო ხელი და უტიფრად იცრუა, რომ დაინახა, როგორ გაიარა მან ორჯერ მისი ოთახის კართან. ანდრესს სიცილადაც არ ეყო ეს უსაფუძვლო ბრალდება და, თავის უდაშანაულობაში დარწმუნებულმა, თამამად გაუწოდა ფუთა მდევრებს.

   ჯარისკაცებმა გადმოყარეს მისი ნივთები და, თავად ანდრესის გასაოცრად, წითელი მძივი წკრიალით გაიბნა კაბალიეროს ღარიბულ ძონძებს შორის. მარჯნები სისხლის წვეთებივით ელვარებდა ჩამავალი მზის შუქზე. მოულოდნელობისგან გაქვავებული ანდრესი გაკვირვებული მიშტერებოდა მათ ავისმომასწავებელ კიაფს.

   უტყუარი სამხილის დანახვით გულმიცემულმა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა სახეში გაარტყა კეთილშობილ კაბალიეროს, როგორც ვინმე ქურდბაცაცა ბოშას. რომელი კაბალიერო მოითმენდა ასეთ შეურაცხყოფას?!

   სილამ უმალ გამოაფხიზლა ანდრესი. ერთ-ერთ ჯარისკაცს დაშნა ამოართვა ქარქაშიდან და სახე გადაუსერა შეურაცხმყოფელს. საშინელი ალიაქოთი ატყდა.

   ბოშები გააფთრებით იბრძოდნენ, მაგრამ ჯარისკაცების რიცხობრივმა უპირატესობამ თავისი გაიტანა და ისინი განაიარაღეს. პატივაყრილი, დამცირებული, შეურაცხყოფილი დონ ხუან დე კარკამოს საავედრა სანჩესი მურსიის ციხეში გადაიყვანეს და საბოლოო განაჩენამდე ბნელ საკანში გამოკეტეს.

 

 

* * *

 

 

   კამილამ შესანიშნავად იცოდა, რომ ბოშას ესპანელი ჯარისკაცის დაჭრას არავინ აპატიებდა. ვიღას არ მიმართავდნენ თხოვნით ის და მისი ბებია, ანდრესისთვის სასჯელი რომ შეემსუბუქებინათ, მაგრამ ცხადად ჩანდა, რომ ყველა მცდელობა ამაო იყო.

   ერთხელაც ბედმა ისინი ქალაქის მმართველის, კორეხიდორის, სახლში მიიყვანა. მისი მკითხაობით ნასიამოვნებმა ერთ-ერთმა სენიორამ რეკომენდაცია გაუწია კამილას კორეხიდორის მეუღლესთან, რადგან იცოდა, რომ, მიზეზთა გამო, ამ ოჯახში ძალიან წყალობდნენ ყველას, ვინც მკითხაობისა თუ ნათელმხილველობის საშუალებით შეძლებდა, იდუმალების საფარველი ჩამოეხსნა წარსულის ერთი ტრაგედიისთვის.

   კორეხიდორის ცოლი კეთილი, მგრძნობიარე ქალი აღმოჩნდა. ისე ააღელვა კამილას შინაგანმა ღირსებამ, სილამაზემ და გულწრფელმა განცდამ, რომ თვითონაც ცრემლებად დაიღვარა. მაგრამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება ამ მშვენიერ ქალბატონზე მაინც მიჯნურთა რომანტიკულმა ისტორიამ მოახდინა. ბოლოს კი გულაჩუყებული გადაეხვია ბოშა გოგონას და უთხრა:

   - ვისურვებდი, ჩემი ერთადერთი ქალიშვილი, რომელიც ბავშვობაში გაიტაცეს ბოროტმა ყაჩაღებმა, შენ გგვანებოდა სათნოებით, გარეგნობით თუ ყველა სხვა ღირსებითო.

   ამ დროს თავად კორეხიდორიც შემოვიდა.

დაკარგული ქალიშვილის გახსენებამ მალული ცრემლი მოჰგვარა ოჯახის უფროსს. კამილას ახალგაზრდულმა უშუალობამაც იმოქმედა, ალბათ. სევდიანი ფიქრები აეშალა, მოლბა, გული გაუთბა და გადაწყვიტა, ყველანაირად დახმარებოდა სათნო გოგონას.

   ამ სცენას კამილას ბებია ჩუმად ადევნებდა თვალყურს, მაგრამ ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, მიხვდებოდით, მისი გონება დაძაბულად მუშაობდა. თითქოს ხვდებოდა რაღაცას, თითქოს თავსაც ვერ უტყდებოდა, თითქოს ხმამაღლა თქმისაც ეშინოდა... ბოლოს, როგორც ჩანს, მიიღო გადაწყვეტილება, ჭრელი კაბის უზარმაზარი ჯიბიდან პატარა ბოხჩა ამოიღო და უსიტყვოდ გადასცა კორეხიდორს.

   ძველ, გახუნებულ თავსაფარში ბავშვის სათამაშოები, ტანსაცმელი და ბარათი იყო გამოხვეული. ბარათში ეწერა: “გოგონას სახელია კონსტანსა დე ასავედრო. დედა - დიანა დე მენესისი, მამა - დონ ფერნანდო დე ასავედრო - კალატავრის ორდენის კავალერი. ბავშვი მოვიტაცე ქრისტეს აღდგომის დღეს, დილის 7 საათზე, 1595 წელს. კონსტანსას ეცვა ტანსაცმელი, რომელიც ამ ფუთაში ინახება.”

 

 

* * *

 

   ვაი, რა ამბავი ატყდა კორეხიდორის სახლში... დონნა დიანამ იცნო თავისი შვილის ტანისამოსი, გული შეუღონდა; შემოცვივდნენ მსახურები, იყო ერთი ხვევნა-კოცნა, მილოცვები; კამილას დაუთვალიერეს ხალები, თანდაყოლილი პატარა ნიშანი მკერდქვეშ...   არავითარი ეჭვი აღარ არსებობდა - კამილა ნამდვილად დონნა დიანას და დონ ფერნანდოს დაკარგული ქალიშვილი იყო.

   გაიხარა ოჯახმა. ბედნიერი იყო კამილა; ბედნიერი იყო კეთილი, მგრძნობიარე ქალბატონი დონნა დიანა; ბედნიერი იყო კორეხიდორი. ვერც კამილას ბებია მალავდა სიხარულს. თუმცა, სევდანარევი იყო ეს სიხარული. იცოდა მოხუცმა - მშობლების პოვნა საბოლოოდ დააკარგვინებდა გოგონას...

   კორეხიდორს დაწვრილებით უამბეს კამილასა და ანდრესის სიყვარულის მღელვარე ისტორია. დონ ფერნანდო მეტად კმაყოფილი დარჩა ქალიშვილის არჩევანით, რადგან კარკამოსის გვარი მართლაც განთქმული იყო ესპანეთში და კორეხიდორს გულწრფელად სჯეროდა, რომ ანდრესის მაღალი წარმომავლობა და კეთილშობილება ბუნებრივად გამორიცხავდა ქურდობის ან, საერთოდ, რაიმე უღირსი საქციელის ჩადენას. ოჯახის მამას დრო აღარ დაუკარგავს, გამოემშვიდობა ცოლ-შვილს და ანდრესთან წავიდა ციხეში.

 

 

* * *

 

 

   ტუსაღი იმავე ღამით გადმოიყვანეს კორეხიდორის სახლში. ბორკილებდადებული ანდრესი რომ  დაინახა, კამილა  გაფითრდა და პატარა დამფრთხალი ჩიტივით ჩაეკრა დედას გულში. დონ ფერნანდომ საგანგებოდ მოწვეულ მღვდელს სთხოვა, კამილასთვის და ანდრესისთვის ჯვარი დაეწერა: - მამაო, ეს ბოშები უნდა დააქორწინოთ. - ისე არხეინად თქვა კორეხიდორმა, თითქოს არ იცოდა, სინამდვილეში ვინ იყვნენ კამილა და ანდრესი.

   მღვდელმა უარი განაცხადა, რადგან, მისი თქმით, ბოშებს ნათლობის არავითარი საბუთი არ ჰქონდათ და, საერთოდ, ეჭვქვეშ დააყენა მათი ქრისტიანობა.   მაშინ კორეხიდორმა ბრძანა: - ეს, ალბათ, ღვთის წყალობაა, რადგან ვიდრე განაჩენს გამოუტანენ, ანდრესმა უთუოდ ჯვარი უნდა დაიწეროს. ასეთი სიტყვა მივეცი მის სატრფოს - ამ მშვენიერ გოგონას. პირობას კი ვერაფერი დამარღვევინებს. აქედან გამომდინარე, ბოშა ანდრესის სიკვდილით დასჯა გადაიდო იმ დრომდე, სანამ მისი ნათლობის საბუთს არ მოვიპოვებთ. - მერე ეშმაკური ღიმილით მიმართა ტუსაღს:

   - ახლა კი, სანამ განკარგულება სასჯელის გადავადების შესახებ ძალაში შევიდოდეს, მინდა ერთი რამ შევიტყო. იქნება თუ არა კამილას ქმარი ბედნიერი იმისდა მიუხედავად, რას დაუძახებენ მას - ბოშა ანდრესს, თუ დონ ხუან დე კარკამოს საავედრა სანჩესს?

   თავისი ნამდვილი სახელის გაგონებაზე ანდრესი სულ ერთი წამით შეკრთა, მაგრამ უმალ მიხვდა, რომ სიმართლის დამალვას აზრი არა ჰქონდა და მშვიდად მიუგო კორეხიდორს:

   - გნებავთ, ანდრესი დამიძახეთ, გნებავთ, დონ ხუან დე კარკამოს საავედრა სანჩესი. კამილას ცოლად შერთვა იყო და არის ჩემი ყველაზე სანუკვარი ოცნება. მისი სიყვარული ყველა წოდებაზე უფრო ძვირფასია ჩემთვის. ამ შეგნებით ვცხოვრობდი მასთან შეხვედრის პირველი დღიდან და, ალბათ, ამ რწმენით მოვკვდები.

   მაშინ დონ ფერნანდო, რომელსაც გვერდით ყვავილივით მშვენიერი კამილა ედგა, შეეცადა, რაც შეიძლება საზეიმო ჟღერადობა მიენიჭებინა თავისი ხმისთვის : - კეთილშობილო კაბალიერო, დონ ხუან დე კარკამოს საავედრა სანჩეს, თქვენ მიერ გამოჩენილი სულიერი სიმტკიცის გამო, ცოლად გაძლევთ კამილას, ანუ დონნა კონსტანსა დე მენესის დე ასავედროს - ჩემს ერთადერთ ქალიშვილს, რომელიც არ ჩამოგივარდებათ არც კეთილშობილებით, არც გვარიშვილობით და, რაც მთავარია, არც გრძნობის სიმტკიცით!

   წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა ანდრესს? რაღაც ძალიან კარგი რომ ხდებოდა მის თავს, ხვდებოდა, მაგრამ ბოლომდე ვერაფრით გარკვეულიყო, რას ნიშნავდა ეს უცნაური სიტყვები. კამილამაც არ მისცა ამოსუნთქვის საშუალება და სხაპასხუპით, ბოშების მეტყველებისთვის დამახასიათებელი მელოდიური, მჟღერი ინტონაციით უამბო სატრფოს ამ საკვირველი დღის შფოთიანი თავგადასავლები.

   მართლაც, მშვენიერი და უცნაური დღე იყო - სიყვარულით, ბედნიერებით, მზით, სინათლით გაჩახჩახებული. მარტო კორეხიდორის ოჯახი კი არა, მთელი ქალაქი ზეიმობდა ამ ორმაგ სიხარულს. ყველა მოედანზე, ყველა ქუჩაზე სუფრა იყო გაშლილი. ბოშები თავიანთი სიმღერებით და ცეკვით ართობდნენ გამხიარულებულ მოქალაქეებს. კამილა და ანდრესი თავიდან ცოტა ღელავდნენ, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ სანერვიულო არაფერი ჰქონდათ - მათი ქორწილის დღეებში ქალაქში ნემსიც კი არ დაიკარგებოდა. სიძე-პატარძლის განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად, არც ერთ ბოშას არათუ ხელი, თვალიც არ გაუპარებია სხვისი ჯიბისკენ.

ასე რომ, სრულიად მშვიდობიანად და ბედნიერად დამთავრდა კეთილშობილი კაბალიეროსა და მშვენიერი ბოშა ქალის რომანტიკული  სიყვარულის ლამაზი ისტორია.

 

 

 

საბრალო ჰაინრიჰი

 

გერმანიაში ძველად ერთი ბრწყინვალე რაინდი ცხოვრობდა. ჰაინრიჰი ერქვა. ღმერთს მისთვის ყველა სიკეთე უხვად ებოძებინა - წარჩინებულიც იყო, მდიდარიც, ჭკვიანიც, მოხდენილიც, გულადიც... და, რაც მთავარია, მის ბრწყინვალებას პოეტის ფაქიზი სული აგვირგვინებდა.

   ჰაინრიჰი ბედნიერი იყო. ცხენოსნობაში, შუბის ტყორცნაში, ხმლის მოქნევაში ბადალი არ ჰყავდა; სიმღერაც შეეძლო და მოლხენაც; დახვეწილი გემოვნება ჰქონდა, სილამაზის საუკეთესო დამფასებელიც იყო და კარგი მოსაუბრეც. მეგობრებით იყო სავსე მისი სასახლე. ყველა უყვარდა და ყველას უყვარდა.

   ჰაინრიჰს სატრფოც ჰყავდა - მშვენიერი ლამაზთვალება ქალბატონი. რაინდი მისთვის სასიყვარულო ლექსებს თხზავდა. ბანოვანს ძალიან უყვარდა პოეზია. საუბრობდნენ ხოლმე ხელოვნებაზე, სიყვარულზე, გაზაფხულის ლამაზ ყვავილებზე,

მთვარის იდუმალ მშვენიერებაზე.   სიამეში ატარებდა ჰაინრიჰი ცხოვრებას. საწუხარი არაფერი ჰქონდა. პოეზია, ლხინი, ნადირობა, მოგზაურობა - სულ ეს იყო მისი საქმე.   მთელი გერმანია შენატროდა ბრწყინვალე რაინდს.

 

   * * *

 

   ერთხელ რაინდმა იარა შენიშნა ხელზე. იარა გაღრმავდა, დაწყლულდა. ცოტა ხანში ახალი იარა გაჩნდა. მერე მეორე, მესამე და სულ რაღაც ორ კვირაში საბრალო ჰაინრიჰს მთელი სხეული საშინელი წყლულებით დაეფარა. კარის ექიმი ვერაფერს ამბობდა. უბრალოდ, როცა დახედავდა ხოლმე თავისი მბრძანებლის დასნეულებულ სხეულს, თავს უიმედოდ გადაიქნევდა. ჰაინრიჰი საკუთარ თავს ვერ უტყდებოდა, მაგრამ უკვე თვითონაც ხვდებოდა, - კეთრი ჰქონდა.

  ერთ დროს ბედნიერი, ამაყი რაინდის ცხოვრება საშინელი ტანჯვით შეიცვალა. ბრწყინვალე რაინდს, რომელსაც ოდესღაც მთელი გერმანია შენატროდა, თანდათან შემოეცალა მეგობრები. მისმა მშვენიერმა სატრფომ, ლამაზთვალება ქალბატონმაც, რომელსაც ასე უყვარდა მთვარიან ღამეს გაზაფხულის სურნელოვან ყვავილებზე საუბარი, უცებ გადაწყვიტა, რომ ჰაინრიჰის ლექსები ერთფეროვანი და მოსაწყენი გახდა და ზრდილობიანად მიუხურა კარი ყოფილ შეყვარებულს.

   წყლულები საშინლად ტანჯავდა რაინდს, მაგრამ უფრო დიდ ტკივილს იმის შეგნება ანიჭებდა, რომ, თურმე, არავის ჰყვარებია. მოჩვენებითი ყოფილა ყველაფერი, რაც ოდესღაც მის ბედნიერებას შეადგენდა. როგორც კი გაუჭირდა, მიხვდა, რომ სულ

მარტო იყო, ყველასგან დავიწყებული და მიუსაფარი.

   ჰაინრიჰმა მთელი მსოფლიო მოიარა იმ იმედით, რომ სადმე იპოვიდა ექიმს, რომელიც შეძლებდა მის განკურნებას. ყველა ცდა ამაო აღმოჩნდა. ვერავინ ჰპირდებოდა შველას. ბრწყინვალე რაინდს ნელი და საშინელი სიკვდილი ელოდა.

   ამ დროს საფრანგეთის ერთი ქალაქი - მონპელიე - განთქმული იყო ექიმებით. იმასაც ამბობდნენ, თითქოს იქაურ ექიმებს თვით კეთრის განკურნებაც კი შეეძლოთ. სხვებზე მეტად ერთ ექიმს აქებდნენ, სასწაულებს ჰყვებოდნენ მისი ოსტატობის შესახებ.

   ჰაინრიჰმა ყველაზე ძვირფასი საჩუქრები ამოარჩია თავისი საგანძურიდან, თვალ-მარგალიტით დატვირთა ცხენები და მონპელიეს გაემგზავრა.

 

 

   * * *

 

   ექიმმა ყურადღებით მოუსმინა. წყლულები დაუთვალიერა, დაკვირვებით გასინჯა და ბოლოს მანაც სხვებივით უიმედოდ გადააქნია თავი.

   - ნუთუ, სულ მცირე იმედიც არ არსებობს? - დიდი ხნის მტანჯველი დუმილის შემდეგ ძლივს იკითხა საბრალო რაინდმა.

   - თითქმის არ არსებობს.

   - უთვალავი სიმდიდრის პატრონი ვარ. აუწონელია ჩემი საუნჯე, არაფერს დავინანებ, გაუჩენელს გავაჩენ. ფასი თვითონ დაასახელეთ.

   - სამწუხაროდ, თქვენი იმედი ფუჭია. არ არსებობს სიმდიდრე, რომელიც იმას იყიდის, რაც თქვენ გჭირდებათ.

   - მე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კაცი ვარ გერმანიაში.

   - ილოცეთ, უფლის მეტი ვერავინ შეგეწევათ. ფული იმას ვერ გასწვდება, რასაც თქვენი გადარჩენა შეუძლია.

   - მაინც რა არის ასეთი?

   - წამალი, რომელიც ფულზე არ იყიდება! - სხვა ადამიანის სიცოცხლე.

   - რას ნიშნავს სხვა ადამიანის სიცოცხლე?

   - ახალგაზრდა, უმანკო ქალმა თავისი ნებით უნდა შემოგწიროთ სიცოცხლე. მის წმინდა სისხლში განბანა! - აი, თქვენი ერთადერთი წამალი. უფალი ძალით მოკვდინებული მსხვერპლის სისხლს არ მიიღებს. თავისი ნებით კი სიცოცხლეს სხვისთვის არავინ გაიღებს. ილოცეთ, მხოლოდ ღმერთი თუ შეგიცოდებთ, ადამიანი აქ უძლურია.

 

 

   * * *

 

 

   დაბრუნდა თავის მამულში საბრალო ჰაინრიჰი. მისი სენი მართლაც უკურნებელი აღმოჩნდა. აბა, სად უნდა ეპოვნა ასული, რომელიც ყველასგან მიტოვებულ, დასახიჩრებულ ადამიანს სიცოცხლეს შესწირავდა?

   დღე დღეს მიჰყვებოდა, სულ უფრო უარესდებოდა ოდესღაც ბრწყინვალე რაინდის ჯანმრთელობა. ზამთარი ისე გავიდა, არც ერთი მეგობარი არა სწვევია -  ავადმყოფი და სასიკვდილოდ განწირული არავის სჭირდებოდა. სულ მარტო იყო. ტყეში დახეტიალებდა, ადამიანებთან შეხვედრას გაურბოდა. იცოდა, ყველას აფრთხობდა მასთან სიახლოვე.   ერთხელ ტყეში შემოაღამდა. უსიხარულო ფიქრებში

გართულს გზა აერია. ტყის განაპირას ერთი პატარა სახლი იდგა ობლად. იმის მოწყენილ შუქს გაჰყვა. სახლში შესვლა ვერ გაბედა, არ უნდოდა, მასპინძელი დაეფრთხო. ძროხების თბილი სუნთქვით გამთბარ ბოსელს შეაფარა თავი. უცხოს დანახვაზე, ძაღლი აწრიალდა, საშინელი ყეფა ატეხა. გლეხი გარეთ გამოვიდა, ძაღლს დაშოშმინება დაუწყო. მერე, ალბათ, იფიქრა, ძროხებს დავხედავო და ბოსლისკენ გაეშურა.    სხვა რა გზა ჰქონდა საბრალო რაინდს, გამოვიდა სამალავიდან, მოკრძალებით მიესალმა მასპინძელს.

გლეხმა იცნო ბრწყინვალე რაინდი და შინ შეიპატიჟა. ჰაინრიჰი განაცვიფრა კაცის საქციელმა, ადამიანურ მოპყრობას გადაჩვეული, გულთბილ შეხვედრას არავისგან ელოდა. მორიდებით შეჰყვა მასპინძელს. 

 გლეხს ცოლი და ქალიშვილი ჰყავდა. ისეთი პატივით მიიღეს, თითქოს ჰაინრიჰი ისევ ის ბრწყინვალე რაინდი ყოფილიყო, რომელსაც ერთ დროს მთელი გერმანია შენატროდა.

 

   * * *

 

 

   ჰაინრიჰი იმ დღის შემდეგ ხშირად დადიოდა სტუმრად გლეხის ოჯახში. სიყვარულით და მოწიწებით ეპყრობოდნენ, მაგრამ გლეხის ქალიშვილი მაინც განსაკუთრებულ სინაზეს იჩენდა რაინდის მიმართ. ვერავის გაუმხელდა საიდუმლოს - ჰაინრიჰი ჯერ კიდევ იმ დროიდან უყვარდა მალულად, როცა ის ბრწყინვალე რაინდი იყო და მთელი გერმანია შენატროდა. გზაზე ელოდებოდა ხოლმე, შორიდან მაინც რომ მოეკრა თვალი. რამდენჯერმე ახლოდანაც უნახავს და  მის ელვარე გარეგნობას აღუფრთოვანებია, მაგრამ განა მიაქცევდა მაშინ ყურადღებას მედიდური რაინდი უბრალო გლეხის გოგოს?

 

   ახლა კი, მარტოსულს, უმეგობროს, მიუსაფარს ახარებდა გოგოს კეთილად მოღიმარ თვალებში ჩახედვა; უყვარდა მისი მხიარული, ლამაზი სახე; ისე არ მოვიდოდა, საჩუქარი რომ არ მოეტანა - ხან ლამაზ კაბას აჩუქებდა, ხან ძვირფას სარკეს, ხანაც ნამივით ბრჭყვიალა საყურეს.

   ამ უბრალო, კეთილშობილ ადამიანებთან ურთიერთობამ ჰაინრიჰს საკუთარი ყოფის ამაოება დაანახვა, სამყაროს უმთავრესი საიდუმლო გაუხსნა - სიმდიდრე, წარჩინება, ძალაუფლება, თვით ბრწყინვალე განათლებაც კი არაფერს ნიშნავს, თუ მას სხვისთვის სიკეთის მოტანა არ შეუძლია. რამდენად მდიდარი ჩანდა მასთან შედარებით ღარიბი გლეხი, რომელსაც დიდი სიყვარულის უნარი ჰქონდა და ბედისგან დაჩაგრული ადამიანის შეცოდება, თანაგრძნობა და გამხნევება შეეძლო. რა უპოვარი იყო ყველა დანარჩენი მის წინაშე!

   ჰაინრიჰმა შეინანა ცოდვები, გული გაუხსნა სიყვარულს და საკვირველი შვება იგრძნო. აღარც სიკვდილის ეშინოდა, აღარც მომავალი აფრთხობდა, ერთს წუხდა მხოლოდ - აღარაფრის შეცვლა რომ არ შეიძლებოდა. როგორი სხვანაირი გახდებოდა მისი ცხოვრება, ღმერთს რომ ყველაფრის თავიდან დაწყების შესაძლებლობა ებოძებინა მისთვის...

 

 

   * * *

 

 

   ერთხელ ცოლ-ქმარმა სინანული გამოთქვა ჰაინრიჰის ავადმყოფობის გამო. იმდენად წრფელი იყო მათი თანაგრძნობა, ისეთი სიყვარული ედგა ორივეს თვალებში, რომ ჰაინრიჰმა თავს უფლება მისცა, გაემხილა მათთვის ყველაფერი, რასაც თავისი ცხოვრების ამაოებასა და ამ ფუჭი ყოფის საშინელ საზღაურზე ფიქრობდა. გლეხის ქალიშვილი გულისყურით უსმენდა რაინდს. სანთლის მკრთალ

შუქზე მისი ცრემლიანი თვალები დილის გამჭვირვალე ცვარივით კიაფობდა.

   - ნუთუ, სულ არ არსებობს განკურნების იმედი?!

   ჰაინრიჰს მწარედ ჩაეღიმა:

   - იმედი არ არსებობს.

   - გამიგონია, შორს, საფრანგეთში მეტად დახელოვნებული ექიმები არიან. ამბობენ, ყველა დაავადებას არჩენენო. იქნებ, თქვენც სცადოთ, უფალი არასოდეს ტოვებს ადამიანს იმედის გარეშე. ხსნა აუცილებლად იქნება.

   ... და ჰაინრიჰმა თავის გულმოწყალე, კეთილ მეგობრებს მოუთხრო ფრანგ დასტაქართან იმ უსიხარულო საუბრის შინაარსი.

   მოსაღამოვდა. სტუმარი დაემშვიდობა მასპინძლებს და ახალი შეხვედრის მოლოდინით გულგამთბარმა დატოვა მათი კეთილი ბინა.

 

   იმ ღამეს გლეხის მშვენიერ ქალიშვილს თვალი არ მოუხუჭავს. ლოცულობდა, ტიროდა, საბრალო ჰაინრიჰის საშინელ ხვედრზე ფიქრობდა. გამთენიისას მოეჩვენა, თითქოს არაამქვეყნიური შუქით გაბრწყინდა მათი პატარა ქოხი... თითქოს იესო ქრისტეს ტანჯულ სახესაც კი მოჰკრა თვალი. იმწამს საოცარი ძალა იგრძნო, აღფრთოვანებით გადაისახა პირჯვარი და ქოხიდან გამოვიდა.

 

 

 

   * * *

 

 

   დილაუთენია მსახურმა გამოაღვიძა ჰაინრიჰი. სასტუმრო დარბაზში გლეხის ქალიშვილი ელოდებოდა, მშვიდი და მშვენიერი იყო, მხოლოდ თვალები უბრწყინავდა ჩვეულებრივზე მეტად.

   - მთელი ღამე ვფიქრობდი, სიკვდილის არ მეშინია. სასწრაფოდ წავიდეთ იმ ქალაქში, მონპელიეში, ვნახოთ ის ექიმი. ბედნიერება იქნება ჩემთვის თქვენი გულისთვის სიკვდილი. რა არის ჩემი საცოდავი არსებობა, თქვენს მაღალ დანიშნულებასთან შედარებით. თქვენს სიცოცხლეს უზარმაზარი სიკეთის მოტანა შეუძლია ადამიანებისთვის. ჩემისთანები ვერავის არგებენ, ვერავის გამოადგებიან, მე არავის არაფერში ვჭირდები.

   ჰაინრიჰს უნდოდა, თავზე ხელი გადაესვა მშვენიერი ქალიშვილისთვის, მიჰფერებოდა, გულში ჩაეკრა და ეთქვა, რომ არასოდეს, არასოდეს მიიღებდა მისგან ასეთ მსხვერპლს. მაგრამ არ დააცადა გლეხის კეთილთვალება გოგომ ლაპარაკი - ცრემლად იღვრებოდა, გულმხურვალედ ევედრებოდა, მსხვერპლად მიეღო მისი სიცოცხლე.

   - გესმის, რასა მთხოვ? ასე გადავუხადო შენს მშობლებს მადლობა თანაგრძნობისთვის, შვილი წავართვა?!

   - მშობლებს მე თვითონ ავუხსნი  ყველაფერს, ისინი გამიგებენ. თუ უარს მეტყვით, არ დამთანხმდებით, თავს მაინც არ ვიცოცხლებ. არ შემიძლია უთქვენოდ სიცოცხლე. თქვენ თუ დაიღუპებით, თავს მოვიკლავ. თუ დამიჯერებთ, ერთი ჩვენგანი მაინც გადარჩება!

   მაგრამ ჰაინრიჰს უკვე აღარ ესმოდა გოგოს სიტყვები. ბედნიერი იყო, სასწაული მოხდა - უფალმა მისი გადარჩენა ინება. სულ ცოტა ხანში ოცნება აუხდებოდა, ახალი ცხოვრება დაიწყებოდა - აზრიანი, ბედნიერი, უდარდელი ცხოვრება! ჰაინრიჰი რამდენიმე დღეში ისევ ბრწყინვალე რაინდი გახდებოდა. მარტოობას, დამცირებას, შიშს, მალვას, სირცხვილს სამუდამოდ მოეღებოდა ბოლო.

 

 

   * * *

 

 

 

 

   ცოლ-ქმარს თავზარი დასცა ქალიშვილის გადაწყვეტილებამ. ბევრი იტირეს, ბევრსაც ემუდარნენ, მაგრამ მისი ნება უდრეკი აღმოჩნდა. უბედური მშობლების ვედრებაზე ერთი პასუხი ჰქონდა - ნებას თუ არ დამრთავთ ისე მოვიქცე, როგორც საჭიროდ მიმაჩნია, თავს მაინც არ ვიცოცხლებო.

   რა უნდა ექნა საბრალო ცოლ-ქმარს, ქალიშვილის გადაწყვეტილება შეუვალი ჩანდა. ცრემლითა და გოდებით მოამზადეს გასამგზავრებლად. ისე მოკაზმეს, გეგონებოდათ, საქორწილოდ ამზადებენო.

   ლამაზი კაბა ეცვა, ჰაინრიჰის ნაჩუქარი, ოქრომკედით ნაქარგი. თვითონაც ისეთი ლამაზი იყო, გაზაფხულის დილას ვარდისფრად აფეთქებულ ატმის ყვავილს ჰგავდა. დედოფალივით დაიმშვენა ჯიშიან ბედაურზე ჯდომა. მის დანახვაზე, აღფრთოვანებული გამვლელები ჩერდებოდნენ და გაკვირვებულ მზერას აყოლებდნენ. გვერდით ოდესღაც ბრწყინვალე რაინდი, კეთრით დაავადებული ჰაინრიჰი მიჰყვებოდა.

 

 

   * * *

 

 

 

   ექიმმა გაოცება ვერ დაფარა. თვალებს არ უჯერებდა. დარწმუნებული იყო, რომ ჰაინრიჰმა რაღაც ფარული ხერხი იხმარა გოგოს გასაბრიყვებლად. ცალკე გაიხმო ქალიშვილი, დიდხანს ესაუბრა, გულდასმით დაჰკითხა. ყველა კითხვაზე ნათელი და

მტკიცე პასუხი მიიღო. ეჭვი არ იყო, ქალი თავისი ნებით წირავდა სიცოცხლეს ჰაინრიჰის გადასარჩენად.

   სხვა რა გზა ჰქონდა, თავისი მოვალეობა უნდა შეესრულებინა. ქალიშვილს სთხოვა, მაგიდაზე დაწოლილიყო. ხელები და ფეხები დაუბა, ოპერაციისთვის ასე იყო საჭირო. თვითონ ხელსაწყოების მომზადებას შეუდგა. აღელვებული იყო, თვალებზე ცრემლი ერეოდა, ეცოდებოდა გოგო.

   ჰაინრიჰი გვერდით ოთახში ელოდებოდა ექიმს. მომავალზე ფიქრობდა. უცნაურ გრძნობას შეეპყრო - ბედნიერი იყო და თანაც გაუგებარი სევდა აწვებოდა გულზე.

   კედელში პატარა ჭუჭრუტანა იყო. იქიდან საოპერაციო ოთახი ჩანდა. ჰაინრიჰმა გაიხედა ჭუჭრუტანაში. ქალიშვილი მშვიდად იწვა მაგიდაზე, ექიმი დანას ლესავდა. რაინდი შეძრა ამ სურათის დანახვამ და უცებ მიხვდა, რომ მკვლელობას სჩადიოდა, რომ ქვეყნად არაფერის,  არაფერის მოპოვება არ ღირდა სხვისი სიცოცხლის ფასად - არც ჯანმრთელობის, არც ბედნიერების, არც სიმდიდრის... ჰაინრიჰმა ცხადად შეიგრძნო, რომ ეს სასტიკი მსხვერპლშეწირვა, თუ ის აღსრულდებოდა, უფრო დიდ ტკივილს მოუტანდა, ვიდრე ავადმყოფობა, რადგან მის ცხოვრებაში ამაზე მნიშვნელოვანი უკვე აღარაფერი მოხდებოდა. ყველაზე არსებითი თავისთავად აღსრულდა -  ჰაინრიჰმა იპოვა ადამიანი, ვინც მისი გულისთვის სიცოცხლეს გაწირავდა და თუ დღეს ამ სიყვარულს მოაკვლევინებდა, მომავალი რაღაში სჭირდებოდა, რაღა ფასი ექნებოდა ის ცხოვრებას უსიყვარულოდ?!

   ჰაინრიჰმა შეამტვრია საოპერაციო ოთახის კარი, გამოსტაცა დანა ექიმს, გოგოს ხელ-ფეხი გაუხსნა და წამოაყენა:

   - შენი სისხლის ფასად მოპოვებული სიცოცხლე მე არ მჭირდება. ღმერთი მოწყალეა, ხსნა მის ხელთაა. თუ ინებებს, ამ მსხვერპლის გარეშეც განვიკურნები. უბედნიერესი კაცი ვარ, შენ რომ გიპოვე, სხვას აღარაფერს აქვს მნიშვნელობა. ექიმო, მოგვიტევეთ. ალბათ, გამიგებთ, სხვაგვარად მოქცევის უფლება არა მაქვს. თქვენ მიიღებთ თქვენი შრომის საფასურს.

   ეს ბოდიში სულაც არ სჭირდებოდა ექიმს, თვითონაც ბედნიერი იყო. არც გასამრჯელო აღელვებდა, იქით გაიღებდა ყველაფერს, ოღონდ ეს საშინელი ოპერაცია აერიდებინა თავიდან - ძალიან მოეწონა გლეხის კეთილთვალება ქალიშვილი, ახლა დაბნეული და გაკვირვებული რომ შესცქეროდა ბრწყინვალე რაინდს.

 

   * * *

 

 

   როცა შვილი ცოცხალი და უვნებელი დაინახეს, დედ-მამა სიხარულით ცას ეწია. მთელი სოფელი ზეიმობდა, სათნო და კეთილი გოგო ყველას უყვარდა. ისეთი მხიარული ორომტრიალი იყო ირგვლივ, გეგონებოდათ, დიდი დღესასწაული დადგაო. ეკლესიის ზარები განუწყვეტლივ რეკდნენ და ქვეყნიერებას ამცნობდნენ ამ კეთილი სოფლის დიდ, გულწრფელ სიხარულს.

   ყველაზე ბედნიერი მაინც ჰაინრიჰი იყო, თვალს ვერ აშორებდა თავის მშვენიერ სატრფოს. მოსწონდა, უყვარდა, ეამაყებოდა მის გვერდით ყოფნა. ისიც, დედოფალივით მდიდრულად მორთული, დამფრთხალი შვლის სევდიანი თვალებით იღიმებოდა... რამდენი ძალა, სიყვარული, სიმშვიდე და სიკეთე იყო ამ ღიმილში...

   ავადმყოფობისთვის აღარც კი ეცალა რაინდს, უამრავი საქმე ჰქონდა მოსასწრები. ყველაზე მეტად თავშესაფრის აშენება ეჩქარებოდა ქვრივ-ობოლთათვის,

უნდოდა მოესწრო მისი დამთავრება. ამიტომ თვითონ ხელმძღვანელობდა მშენებლობას. კიდევ ათასი წვრილმანი იყო მოსაწესრიგებელი, დრო კი ცოტა ჰქონდა. ისე უნდა წასულიყო ამ ქვეყნიდან, რომ არც ერთი დაუმთავრებელი საქმე არ დარჩენოდა. გლეხებს მიწები აჩუქა, ეკლესიას დიდძალი საუნჯე შესწირა, უპოვართ

ფული უბოძა, პატარა სკოლაც ააშენა; უთვალავი, ულევი ქონება გასცა და დაარიგა.

 

 

   * * *

 

 

   ამდენ საქმეში თვითონაც ვერ შეამჩნია, ისე დაიწყო ნელ-ნელა გამოჯანმრთელება და ერთ მშვენიერ დღეს სარკეში რომ ჩაიხედა, თვალებს არ დაუჯერა - მის წინ ისევ ბრწყინვალე რაინდი იდგა, ძველებურად ლამაზი და მოხდენილი. ავადმყოფობას ერთადერთი კვალი დაეტოვებინა - თვალები ჰქონდა სხვა. ჰაინრიჰის მშვენიერი სახე სიკეთით ბრწყინავდა, სიყვარულის ღვთიური შუქი ირეკლებოდა მის ელვარე გამოხედვაში.

   ეს ამბავიც, ისევე, როგორც ბედნიერი სიყვარულის ყველა ისტორია, ჯვრისწერით დასრულდა. დიდი და ლამაზი ქორწილი ჰქონდათ. არავის გაჰკვირვებია, რომ ბრწყინვალე რაინდმა უბრალო გლეხის გოგო შეირთო ცოლად. ყველამ იცოდა, საშინელი და გარდუვალი სიკვდილისგან სწორედ ამ ლამაზი გოგოს სიყვარულმა იხსნა რაინდი.

   ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად. ჰყავდათ ბევრი შვილი და ღვთის წყალობა არ აკლდებოდა მათ სახლს, რადგან ყველა საპყარი, ქვრივ-ობოლი, ავადმყოფი თუ გაჭირვებული ჰაინრიჰის ჭერქვეშ ჰპოვებდა მზრუნველობას, ყურადღებას, შველას და თავშესაფარს.

 

 

 

კროსოსი - ყველაზე მდიდარი მეფე

 

   უძველეს დროში, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა საქართველოს გაერთიანებული სახელმწიფო და ჩვენი წინაპრები - კოლხები, ტაოხები, მოსხები, იბერები - მშვიდობიანად ცხოვრობდნენ მდიდარ, ნაყოფიერ მიწაზე შავ ზღვასა და კავკასიონის  ქედს შორის, მათ მეზობელ სახელმწიფოთაგან დაწინაურდა ლიდიის სამეფო. ლიდიელებმა გარშემო პატარ-პატარა ქვეყნები დაიპყრეს და არაჩვეულებრივად გამდიდრდნენ ნაძარცვისა და ხარკის წყალობით. განსაკუთრებულ ძლიერებას ლიდიამ მეფე კროსოსის მმართველობის დროს მიაღწია.

   კროსოსმა, რომელიც ოცდათხუთმეტი წლისა გამეფდა, აზიაში მცხოვრები ყველა ელინური ტომი დაიმორჩილა. ლიდიელთა მეფე სხვადასხვა ქალაქს სხვადასხვა მიზეზს მოსდებდა ხოლმე, ომს გამოუცხადებდა და გამარჯვების შემთხვევაში დიდძალ ხარკს ართმევდა. სულ ცოტა ხანში ლიდია ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფო გახდა წინა აზიაში.

   სატახტო ქალაქ სარდეს სიმდიდრეზე ლეგენდები დადიოდა. საიდან აღარ ჩამოდიოდნენ მოგზაურები ლიდიაში, რომ საკუთარი თვალით ენახათ ფუფუნებით და სილამაზით განთქმული ქალაქი. პატივმოყვარე კროსოსს თავბრუ დაახვია წარმატებებმა. მან თავი ყველაზე ძლიერ და ბედნიერ ადამიანად წარმოიდგინა, წარჩინებულ მოგზაურებს ათვალიერებინებდა თავის სასახლეს და სიამოვნებით ისმენდა მათ ქათინაურებს.

ისინიც უშურველად ადიდებდნენ კროსოსის ძლევამოსილებას, განცვიფრებას გამოთქვამდნენ მის სასახლეში დაუნჯებული აურაცხელი სიმდიდრის გამო.

 

* * *

   ერთხელ ლიდიას სახელგანთქმული ბერძენი ფილოსოფოსი სოლონი ეწვია. კროსოსმა მსახურებს უბრძანა, სარდეს საგანძურები ეჩვენებინათ მისთვის, მერე კი ფილოსოფოსს ასე მიმართა:

   - ათენელო სტუმარო, ჩვენამდეც მოაღწია შენმა დიდმა სახელმა. მთელი მსოფლიო მოგივლია, ბევრ ჭკვიან კაცთან გისაუბრია. ახლა მინდა გკითხო, მათ შორის, ვისაც შენ  შეხვედრიხარ, ვინ არის ყველაზე ბედნიერი ადამიანი? - ლიდიელთა მეფე ფიქრობდა, რომ თვითონ იყო მოკვდავთა შორის უბედნიერესი და იმედოვნებდა, სოლონიც დაუდასტურებდა ამას. მაგრამ ბერძენმა ფილოსოფოსმა საჭიროდ არ ჩათვალა ეცრუა და რაც სიმართლედ მიაჩნდა, ის უთხრა მეფეს:

   - ტელოს ათენელი.

   - რატომ მიგაჩნია ტელოს ათენელი ყველაზე ბედნიერ ადამიანად?

   - იმიტომ, რომ ტელოს ათენელი, რომელიც ბუნებით სათნო და ღირსეული ადამიანი იყო, თავისი სათაყვანებელი სამშობლოს არნახულ აღმავლობას მოესწრო; გამრჯე და ზნეკეთილი შვილები  და შვილიშვილები ჰყავდა; მის დიდ, სვებედნიერ ოჯახში მშვიდობა და კეთილდღეობა სუფევდა. მშვენიერი და ამაღელვებელი იყო მისი აღსასრულიც, რადგან ათენის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაეცა, - მტერი გააქცია, თვითონ კი ლამაზად მოკვდა. მადლიერმა თანამოქალაქეებმა ტელოს ათენელი თავიანთი სახსრებით დაკრძალეს და დღემდე სიყვარულით

მიაგებენ პატივს მის ხსოვნას.

   კროსოსი გააღიზიანა სოლონის სიტყვებმა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია:

   - ტელოს ათენელის მერე ვიღა მიგაჩნია უბედნიერეს ადამიანად?

   - არგოსელი ძმები - კლეობისი და ბიტონი. მათ შესახებ ასეთ ამბავს მოგვითხრობენ: ერთხელ არგოსი ქალღმერთ ჰერას დღეს ზეიმობდა. ამ დღესასწაულს კლეობისისა და ბიტონის დედაც  უნდა დასწრებოდა, მაგრამ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა - ცხენმა, რომელსაც ორთვალა უნდა წაეყვანა, ფეხი იტკინა.

მაშინ შვილები შეებნენ ეტლში და დედა  სალოცავამდე სირბილით ატარეს. მათი სახლიდან ტაძრამდე დიდი მანძილი იყო - 45 სტადიონი (დაახლოებით 8 კილომეტრი). დღესასწაულზე თავმოყრილი არგოსელები აღფრთოვანებით შეხვდნენ ეტლის გამოჩენას. კაცები ჭაბუკების ძალას ადიდებდნენ, ქალები კი - მათ დედას, ასეთი შვილები რომ გაზარდა. არგოსელებმა ამ შესანიშნავი ყმაწვილების გამოსახულებები გამოაქანდაკეს და დელფოს შესწირეს, რადგანაც მიაჩნდათ, რომ კლეობისი და ბიტონი საუკეთესო ვაჟკაცები იყვნენ, რომელთა საქციელი მათ დედასაც ასახელებდა და მთელ ქალაქს სიამაყით აღავსებდა.

   ამჯერად მეფე არც კი ცდილა, თავისი გაღიზიანება დაემალა: - ათენელო სტუმარო, ნუთუ ჩვენს ბედნიერებას იმდენად არაფრად აგდებ, რომ უბრალო ადამიანების ბედნიერების დარადაც არ მიგაჩნია?! 

 - მე განმაცვიფრა შენმა სიმდიდრემ. დიდებული მეომარიც ხარ და ძლევამოსილი მეფეც, მაგრამ სანამ არ შევიტყობ, როგორ დაასრულე სიცოცხლე, ვერ ვიტყვი, მართლა ბედნიერი კაცი ხარ, თუ არა. ხშირად ღარიბი, არაფრით გამორჩეული უბრალო ადამიანი უფრო ბედნიერია, ვიდრე სიმდიდრით და მდგომარეობით მასზე ბევრად აღმატებული მეფე ან დიდგვაროვანი. ღმერთების გარდა არავინ უწყის, როგორ წარიმართება ადამიანის სიცოცხლე. სანამ კაცი არ აღესრულება, ძნელია, ბედნიერი უწოდო მას. - თქვა სოლონმა და კიდევ უფრო გაანაწყენა კროსოსი. მაგრამ მეფემ არაფერი უთხრა ფილოსოფოსს. თავისთვის კი იფიქრა: - უმეცარია, ვინც აწმყო სიკეთეს არად აგდებს მომავალი, თანაც, სათუო ქარტეხილების საფრთხის შიშითო.

 

* * *

   სოლონის წასვლის შემდეგ კროსოსს ესიზმრა, რომ მისი ვაჟი ატისი შემთხვევით გამოსროლილი რკინის შუბით განიგმირა სასიკვდილოდ. ლიდიელთა მეფეს მეორე შვილი დაბადებიდან ყრუ-მუნჯი ჰყავდა და მთელ თავის იმედებს სწორედ ატისზე ამყარებდა.

ამიტომ, ძლიერ შეაშინა ამ ავის მომასწავებელმა სიზმარმა. კროსოსმა ატისს სასწრაფოდ შერთო ცოლი და, სასახლეში საქორწილო დღესასწაულების მიზეზით, ყოველგვარი სამხედრო თამაშობები, ნადირობა და შეჯიბრი აკრძალა.

   საქორწილო დღესასწაულები ჯერ არ იყო დამთავრებული, როცა სარდეში ერთი ფრიგიელი გამოჩნდა. იგი კროსოსის სასახლეში მოვიდა და მასპინძელს გაუმხილა, რომ ფრიგიელთა ხელმწიფის, გორდიეს მიდასის ძის, ვაჟი - ადრესტოსი იყო:

   - ჩემი ძმა შემომაკვდა უნებურად. მოვედი აქ - მამის მიერ გამოძევებული, საკუთარი ტომისგან მოკვეთილი, უმომავლოდ და უსასოოდ დარჩენილი.

  კროსოსმა შვილივით მიიღო ადრესტოსი, თავის სასახლეში მიუჩინა ბინა, უსაფრთხოება და ყოველმხრივი მხარდაჭერა აღუთქვა.

 

* * *

   იმხანად ლიდიელთა ყანებს დიდი ტახი შემოეჩვია. იგი მთებიდან ჩამოდიოდა და ნახნავ-ნათესს ანადგურებდა. ვერავენ შეძლო მისი მოკვლა. კროსოსის შვილს - ატისს, კარგი მეომრისა და მონადირის სახელი ჰქონდა გავარდნილი. ამიტომ ლიდიელებმა მეფეს სთხოვეს:

   - მეფეო, გთხოვთ, შენი შვილი, რჩეული ჭაბუკები და ძაღლები გაგვაყოლო თან, როგორმე ტახი რომ მოვკლათ, რომელიც ყანებს გვიოხრებს.

   კროსოსს სიზმრის ახდენის შეეშინდა და შეეცადა, უარით გაესტუმრებინა მთხოვნელები. მაგრამ ატისმა, რომელიც შემთხვევით შეესწრო ამ საუბარს, მამას მწარედ უსაყვედურა:

   - მამა, უწინ უკეთილშობილეს საქმედ მიგაჩნდა ომიც და ნადირობაც, ამით სახელის მოხვეჭა. ახლა კი ამ საქმეებს შეგნებულად მარიდებ, თუმცა, არც სიმხდალე შეგიმჩნევია ჩემთვის, არც სილაჩრე. გთხოვ, ან გამიშვი სანადიროდ, ან დამიმტკიცე, რომ ჩემთვის შინ დარჩენა უმჯობესია!

   კროსოსი იძულებული შეიქნა, გაემხილა შვილისთვის უარის მიზეზი.

   ჭაბუკმა კვლავ შებედა მამას საყვედური:

   - ამბობ, გესიზმრა, თითქოს ჩემი სიკვდილის მიზეზი შემთხვევით გამოსროლილი რკინის შუბი გახდება. აბა, ტახს სადა აქვს ხელები ან რკინის შუბი, რომლისაც შენ ასე  გეშინია? რაკიღა ადამიანებთან არ მოგვიწევს ბრძოლა, უნდა გამიშვა, სხვაგვარად სირცხვილს ვერ ავირიდებ.

   ჭაბუკის სიტყვები დამაჯერებლად ეჩვენა კროსოსს, მაგრამ რაიმე ბრმა შემთხვევითობის ასაცილებლად, ფრიგიელი ადრესტოსი იხმო თავისთან და დაბეჯითებით სთხოვა, თვალი არ მოეშორებინა ატისისთვის.

   - მეფეო, სხვა ვითარებაში არ წავიდოდი ამ საქმეზე, რადგან ჩემისთანა ცოდვიან კაცს არ შეშვენის თანატოლთა გვერდით გამოჩენა, მაგრამ რახან ასე გადაწყვიტე, მზად ვარ, დაგემორჩილო. ნურაფერზე იღელვებ, შენი შვილი, რომლის დაცვაც მიბრძანე, შინ ჯანმრთელი და უვნებელი დაბრუნდება.

   საუბედუროდ, ადრესტოსმა ვერ შეუსრულა მეფეს სიტყვა. მეტიც, სწორედ იმ ბრმა შემთხვევითობის გამო, რომელსაც ასე უფრთხოდა კროსოსი, თავად გახდა თავისი მასპინძლისა და მფარველის ძის მკვლელი - ადრესტოსის მიერ გატყორცნილი შუბი სასწაულებრივ ასცდა ტახს და კროსოსის შვილს მოხვდა გულში.

   თავზარდაცემული ადრესტოსი კროსოსს ჩაბარდა, მდუღარე ცრემლებს აფრქვევდა, ლოყებს იხოკავდა და ევედრებოდა - დამაკალი ზედ შენი შვილის ცხედარსო.

   - სტუმარო, მადლობელი ვარ, რომ ასე მკაცრად სჯი შენს თავს. თუმცა, ჩემი უბედურების მიზეზი შენ კი არა, ბოროტი ბედისწერაა. შენ, ადრესტოს, მხოლოდ და მხოლოდ უიღბლო აღმსრულებელი ხარ განგების ნების, რომელმაც არ ისურვა ჩვენი დანდობა.   კროსოსმა დიდი პატივით დაკრძალა შვილი.

   ადრესტოსმა - გორდიეს მიდასის ძის ძემ, თავისი ძმისა და ლიდიის მეფისწულის მკვლელმა - საფლავის ირგვლივ შემოჯარული ხალხის თვალწინ დააკლა თავი ატისის ცხედარს იმიტომ, რომ მოკვდავთა შორის

ყველაზე უბედურ ადამიანად მიაჩნდა თავი.

 

* * *

 

 

   კროსოსმა ორ წელიწადს იგლოვა შვილი. ამ დროისთვის მეტად გაძლიერდა სპარსთა სახელმწიფო, რომელსაც სათავეში კიროსი ედგა. კროსოსი შეაშფოთა მის ახლოს ახალი, ძლიერი სახელმწიფოს წარმოქმნამ. ლიდიელთა მეფემ გადაწყვიტა, როგორმე შეეჩერებინა სპარსელთა მზარდი ძალა და დიდი ომისთვის დაიწყო მზადება. ერთმა ლიდიელმა - სანდანისმა, რომელიც სიბრძნითა და კეთილგონიერებით იყო განთქმული, ურჩია კროსოსს:

   - მეფეო, შენ იმ კაცებზე ემზადები სალაშქროდ, რომლებიც დაუმუშავებელი ტყავის შარვლებს ატარებენ; იმდენს კი არ ჭამენ, რამდენიც სურთ, არამედ იმდენს, რამდენიც აქვთ და ეს იმიტომ, რომ ისინი სუსხიანი ქვეყნიდან არიან; ღვინოს კი არა,

უბრალო წყალსა სვამენ; არც ლეღვი აქვთ საჭმელად, არც სხვა რამ ხეირიანი. ჯერ ერთი, თუ შენ სძლევ მათ, რას წაართმევ, თვითონაც რომ არაფერი აქვთ?

ხოლო თუ გძლიეს, შეუდარებლად ბევრს დაკარგავ, რადგანაც როცა აქაურ სიკეთეს იგემებენ, ვეღარ გავაძევებთ ჩვენი ქვეყნიდან. მე ვმადლობ ღმერთებს,

რომლებიც ლიდიელებზე სალაშქროდ არ აქეზებენ სპარსელებს.

   კროსოსმა არ დაუჯერა სანდანისს და დელფოში - აპოლონის ტაძარში - ხალხი გააგზავნა ღმერთების ნების შესატყობად. პითიამ - დელფოს მისანმა ქურუმმა ქალმა, კროსოსს უწინასწარმეტყველა: - თუ სპარსელებზე გაილაშქრებ, დიდ სახელმწიფოს დაანგრევო.

   ლიდიელთა მეფეს მისნის სიტყვები უტყუარი წარმატების მომასწავებლად ეჩვენა.

* * *

   ლიდიელი და სპარსი მეომრები კაპადოკიაში, პტერიეს მხარეს შეიყარნენ. პტერიე შავი ზღვის პირას გაშენებულ ქალაქ სინოპეს ქვემოთ მდებარეობდა. მათ შორის სასტიკი ომი გაჩაღდა. უამრავი მებრძოლი დაიღუპა, მაგრამ საბოლოო გამარჯვებას ვერც ერთმა მხარემ ვერ მიაღწია და ერთმანეთს თავი ანებეს.

   კროსოსი სარდეს დაბრუნდა და ახალი ომისთვის დაიწყო მზადება. ფიქრობდა, რომ კიროსი, რომელსაც პტერიეს ომში უზარმაზარი დანაკარგები ჰქონდა, ვერ გაბედავდა სარდეს დალაშქვრას. მაგრამ კიროსმა სხვაგვარად განსაჯა - გადაწყვიტა, ლიდიელებს მანამ დასხმოდა თავს, სანამ ისინი ახალი ჯარის შეგროვებას მოახერხებდნენ. ასეც მოიქცა.

   კროსოსის და კიროსის ჯარები სარდეს წინ, ერთ ტრიალ მინდორზე განლაგდნენ. კიროსმა იცოდა, რომ ლიდიელები საუკეთესო ცხენოსნები იყვნენ და მთელ აზიაში გამოირჩეოდნენ სიმამაცითა და ვაჟკაცობით.

ამიტომ ბრძოლის დაწყებისთანავე შეეცადა, არეულობა შეეტაა მათ რიგებში - რაც კი ჯარში სურსათითა და ბარგით დატვირთული აქლემები იყო, ყველა ერთად შეკრიბა, ჩამოხსნა ტვირთი და ზედ კარგად შეიარაღებული ჯარისკაცები აამხედრა.   აქლემების დანახვაზე ლიდიელთა ცხენები დაფრთხნენ. მათ მეწინავე რაზმებში საშინელი ალიაქოთი ატყდა. მართალია, ლიდიელები მსწრაფლ ჩამოქვეითდნენ და ისე შეებნენ მტერს, მაგრამ ომი უკვე წაგებული იყო და თვით ეს საარაკო თავგანწირვაც ამაო აღმოჩნდა. ისინი იძულებული გახდნენ, ზღუდეშემორტყმული სარდესთვის შეეფარებინათ თავი. ლიდიელთა დედაქალაქი ალყაში მოექცა.  

 

* * *

   კროსოსს ეგონა, ალყა დიდხანს გაგრძელდებოდა და სპარსთა უჩუმრად, მოციქულები გაგზავნა მოკავშირეებთან, ჯარით რომ დახმარებოდნენ. მაგრამ კიროსი ლოდინს არ აპირებდა. მან თავის ჯარისკაცებს აღუთქვა, რომ პირადად დაასაჩუქრებდა იმ მამაც მეომარს, რომელიც პირველი ავიდოდა ზღუდეზე.

   მეფის დანაპირებით ფრთაშესხმული ჯარისკაცები აკროპოლისის მკვიდრად ნაგებ კედლებს შეეფინენ, მაგრამ ვერავინ მოახერხა ზღუდეზე ასვლა. მხოლოდ ერთი მეომრის მცდელობა აღმოჩნდა იღბლიანი. ლეგენდის თანახმად, როცა სარდე შენდებოდა, ლიდიელთა პირველ მეფეს, მელესს, უწინასწარმეტყველეს: - თუ ზღუდეზე ლომს გაატარებ, ქალაქი შეუვალი გახდებაო. მართლაც, მელესმა თავის მიერ მოშინაურებულ ლომს მთელი გალავანი შემოატარა.

ერთ ადგილს არ მიაქცია მხოლოდ ყურადღება, სადაც მისასვლელი განსაკუთრებით ციცაბო და გაუვალი იყო. სწორედ ეს ადგილი იპოვა იღბლიანმა სპარსელმა მეომარმა, ჩუმად შეიპარა ქალაქში და თანამებრძოლებს კარიბჭე გაუღო. სპარსელები შეესივნენ ლიდიელთა დედაქალაქს და თვალის დახამხამებაში აიღეს სარდე. თავად კროსოსი ტყვედ ჩაიგდეს.

   ამ დროს კროსოსის შვილმა, რომელიც დაბადებიდან ყრუ-მუნჯი იყო, უეცრად ენა ამოიდგა. ამბობენ, ყველაფერი წინასწარმეტყველების თანახმად აღსრულდაო. თურმე, ლიდიელთა უიღბლო მეფეს უწინასწარმეტყველეს, რომ მისი შვილი ხმას მეფისთვის ყველაზე დიდი უბედურების ჟამს ამოიღებდა.

   მართლაც ასე მოხდა. როცა სპარსელები კროსოსის სასახლეში შეიჭრნენ, მეფე ისე იყო განადგურებული, თავის დაცვაც კი არ უცდია. მაშინ ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ხმალი მოუქნია და სწორედ ამ დროს ამოიდგა ენა მისმა ყრუ-მუნჯმა ვაჟმა - რას შვრები, კაცო, ეს ხომ მეფეა, ნუ მოკლავო. მწარედ გაეღიმა კროსოსს, შვილის ხმა რომ გაიგონა... და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ჩაბარდა გამარჯვებულებს.

   ამგვარად, ახდა კიდევ ერთი წინასწარმეტყველება.  სპარსელებთან წამოწყებული უდროო ომით კროსოსმა დიდი სახელმწიფო - თავისი სამშობლო - სიმდიდრით და სილამაზით განთქმული ლიდია დაანგრია.

 

* * *

   კიროსმა გადაწყვიტა, წარმატება შთამბეჭდავად დაეგვირგვინებინა და სარდეს მთავარ მოედანზე დიდი კოცონის დანთება ბრძანა. სპარსთა მეფეს უნდოდა, პირველი დიდი გამარჯვების აღსანიშნავად, ლიდიელთა დამარცხებული ხელმწიფე თავისი ღმერთებისთვის შეეწირა მსხვერპლად.

   გაძარცული და გავერანებული სარდეს მოქალაქეებმა თავისი დამპყრობლების გვერდით, ერთ დიდ მოედანზე მოიყარეს თავი. ისინი შიშით და სინანულით შესცქეროდნენ, როგორ ემზადებოდა კოცონზე ასასვლელად ერთ დროს ბედნიერი და

ქედმაღალი მათი ხელმწიფე. კროსოსს არც ცეცხლის გუგუნი ესმოდა, ვერც თანამემამულეთა სევდიან სახეებს ხედავდა. მაღალ ხარაჩოზე შემდგარი ლიდიელთა მეფე იმ ბერძენი ფილოსოფოსის სიტყვებზე ფიქრობდა, რომელიც შეეცადა, გაამპარტავნებული კროსოსისთვის საწუთროს ამაოებაზე აეხილა თვალი. მწარე ფიქრების გარემოცვაში უსასოოდ დარჩენილმა ხელმწიფემ ხმამაღალ შეძახილს ამოაყოლა გულისტკივილი:

“სოლონ, სოლონ, ნეტავი თავიდანვე ყურადღებით მომესმინა შენთვის, ბრძენო ბერძენო!”   კიროსმა გაიგონა კროსოსის სასოწარკვეთილი შეძახილი და თარჯიმნებს უბრძანა, ლიდიელი მეფის სიტყვები ეთარგმნათ. ყოფილი მეტოქის ხმამ თუ იმ უსაზღვრო ღირსებამ, რომელიც უდიდესი განსაცდელის ჟამს კროსოსს ჩვეულებრივ მოკვდავთაგან გამოარჩევდა, ააღელვა კიროსი. მართლა ბარბაროსობად ეჩვენა თავისი საქციელი. დაინტერესდა, რატომ შეჰღაღადებდა ლიდიელთა მეფე ბერძენ ფილოსოფოსს... და კროსოსმა, ალმოდებული კოცონის თავზე მდგარმა, უამბო მოედანზე შეკრებილ ზღვა ხალხს - მტერს და მოყვარეს - სოლონთან თავისი შეხვედრის ამბავი.

   სულით ხორცამდე შეძრულმა კიროსმა კოცონის ჩაქრობა ბრძანა. უეცრად მანაც შეიგრძნო საკუთარი დაუცველობა ბრმადმსახვრალი ბედისწერის წინაშე. თითქოს თვალები აეხილაო - უფრო ლმობიერი, დამთმობი, სულგრძელი გახდა. იმ მშვენიერ გაელვებისას კიროსმა, სულ ერთი წამით, თავისი მომავალიც დაინახა, ისეთივე ამაო და უნუგეშო, როგორიც მის წინაშე მდგარი პატივაყრილი მეფის ცხოვრება.

   ამბობენ, ვერც ლიდიელებმა, ვერც სპარსელებმა მოახერხესო ცეცხლის ჩაქრობა. და სწორედ მაშინ, როცა ყველას ეგონა, რომ კროსოსს გარდუვალი სიკვდილისგან ვეღარაფერი იხსნიდა, მზიანი ცა უეცრად მოიქუფრა, მძლავრმა ქარიშხალმა საიდანღაც ღრუბლები მორეკა და ისეთმა კოკისპირულმა წვიმამ დასცხო, გეგონებოდათ, წარღვნა ემუქრებაო სამყაროს. ცით მოვლენილმა ნიაღვარმა ცეცხლი ჩააქრო.    განგებამ კროსოსის გადარჩენა ინება...

 

 

* * *

   ასეთი იყო ლიდიელთა მეფის, კროსოსის, ცხოვრება - ყველაზე მდიდარი მეფის მთელ მსოფლიოში. დღესაც გაიგონებთ გამოთქმას - “კროსოსივით მდიდარი კაცი”. ჩანს, ისტორია ვერაფერს ასწავლის ადამიანებს. კროსოსის სიმდიდრე ყველას ახსოვს მიუხედავად იმისა, რომ სიმდიდრემ მას ვერც ბედნიერება მოუტანა, ვერც შვება, ვერც სიმშვიდე. მაგრამ ძნელად თუ იპოვით ადამიანს, რომელმაც იცის, რომ, კიროსის თანხმობით, ლიდიელთა მეფემ თავისი ბორკილები დელფოს სამისნოში გააგზავნა და მისან ქალს, პითიას, შეუთვალა: - მიპასუხონ ღმერთებმა, რატომ ჩამაგდეს ასეთ საშინელ დღეშიო.

 

   სოლონის შეგონებაზე არანაკლებ დამაფიქრებელი გამოდგა პითიას პასუხი. თურმე, განგება კროსოსს მისი პაპის პაპის მიერ ჩადენილი საშინელი ცოდვისთვის სჯიდა. ერთმა მისმა წინაპარმა, მეფის კარზე მომსახურე მეომარმა, ოდესღაც მოკლა თავისი ხელმწიფე, მისი მეუღლე შეირთო ცოლად და თავად დაჯდა ლიდიის ტახტზე. მეფობაც და სიმდიდრეც სწორედ ამ დანაშაულის ფასად ერგო კროსოსს; ამავე დანაშაულის საზღაური აღმოჩნდა ქარტეხილებით, ტკივილით და იმედგაცრუებით სავსე მისი ცხოვრებაც...

   სიბერე კროსოსს - ლიდიელთა ყოფილ მეფეს - მშვიდი და უშფოთველი ჰქონდა. კიროსის კარზე ცხოვრობდა, როგორც მისი საუკეთესო მეგობარი, მრჩეველი და მესაიდუმლე.    საწუთროს ამაოებისგან თავდახსნილი ლიდიელი ახლა სხვისი ცხოვრების მაგალითზე აკვირდებოდა კაცთა ბუნების, ბედისწერის და ჟამთა სვლის უცნაურ საიდუმლოს.

 

 

 

კუხულაინი

 

  დიდი ხნის წინათ ძველი ულადის სამეფოს დიდებული ხელმწიფე კონხობარი მართავდა. ბევრი მამაცი ქვეშევრდომი ჰყავდა მეფეს, მაგრამ ვერავინ შეედრებოდა უშიშარსა და ძალგულოვან კუხულაინს, კონხობარის სასახლის - “წითელი ტოტის “ -

უპირველეს მეომარს. ერთადერთი, ვინც ტოლს არ უდებდა მას ვაჟკაცობაში, ფერდიადი იყო - დამანის ძე, უმამაცესი გმირი დომნანთა მოდგმიდან. 

 ულადის უმშვენიერესი ასულები ეტრფოდნენ კუხულაინს და შენატროდნენ მის მიჯნურ ემერს - ფორგალ ცბიერის ულამაზეს ასულს, რომლისთვისაც ღმერთს ექვსი ნიჭი ებოძებინა: ნიჭი სილამაზისა, სიმღერისა, ტკბილად უბნობისა, ქსოვისა, სიბრძნისა და სათნოებისა. კუხულაინი სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ ემერთან მიისწრაფოდა, რათა მოეშუშებინა ჭრილობები და გაექარვებინა თანამებრძოლთა სიკვდილით მოგვრილი დარდი. ფიცი ჰქონდათ დადებული კუხულაინს და ემერს, - სიკვდილამდე არ დაშორებოდნენ ერთმანეთს.    კუხულაინი და ფერდიადი ძმადნაფიცები იყვნენ - ყრმობიდანვე შეეთვისნენ ერთურთს. ორივეს ერთი და იგივე მოძღვრები წვრთნიდნენ, ასწავლიდნენ ბრძოლას და ჭირთათმენას. არაერთი ომი გადაიხადეს გმირებმა და არასოდეს მიუტოვებიათ ერთმანეთი განსაცდელის ჟამს. სასტიკ ბრძოლებში დაღვრილი სისხლით იყო განმტკიცებული მათი ძმობა.

   მაგრამ ერთხელაც ფერდიადი აუმხედრდა ქედმაღალ მეფე კონხობარს, დატოვა ულადი და კონახტთა სასტიკ მბრძანებელ მედბს შეეკედლა. ასე გაჰყარა განგებამ ძმადნაფიცები.

 

   * * *

 

   გამოხდა ხანი. კონახტთა გოროზმა დედოფალმა ულადზე გალაშქრება განიზრახა. საომარი დრო კარგად შეერჩია მედბს: ზამთრისპირი იყო. ამ დროს კი ულადელ მეომრებს ომის ქალღმერთი არა სწყალობდა, რადგან მათ ამაყ და ქედმაღალ მბრძანებელს ოდესღაც შესაფერი პატივი არ მიუგია მისთვის. განრისხებულ ქალღმერთს დაუწყევლია მეფეც და მხედრობაც. მას შემდეგ ყოველ წელიწადს ძალა ეცლებოდა ქვეყნის მცველ სპას და ერთი თვით უმოქმედო ხდებოდა ულადთა ლაშქარი. შიშმა და შფოთმა დაისადგურა კონხობარის სამეფოში.

   მხოლოდ კუხულაინზე არ მრისხანებდა ქალღმერთი, ვინაიდან ის დაბადებულიც არ გახლდათ მაშინ, როცა ულადის სამეფოს თავს ზეციური რისხვა დაატყდა. სწორედ კუხულაინზე ეკიდა ქვეყნის დაცვა. გმირი მტერს ჩრდილოეთის კარიბჭესთან შეეგება, უთანასწორო ბრძოლაში ჩაება და მუსრი გაავლო მოწინააღმდეგეს. დედოფალი მედბის მრავალი რჩეული მხედარი დაეცა მისი მახვილით განგმირული. კუხულაინის ღამეული თავდასხმები შიშის ზარს სცემდა მტერს. რა ხერხს არ მიმართა ცბიერმა დედოფალმა მამაცი მოყმის დასამარცხებლად, მაგრამ ამაოდ - მისმა დაუღალავმა მარჯვენამ ლამის გაანახევრა კონახტთა ძლევამოსილი ლაშქარი.

   საგონებელში ჩაცვივდნენ ირლანდიელი დიდებულები, ბჭობდნენ, ვინ შეძლებდა ამ მოუხელთებელი მტრის დაჯაბნას? ვინ გაბედავდა მასთან შერკინებას? ბევრი ფიქრის შემდეგ ერთხმად გადაწყვიტეს - მხოლოდ ფერდიად დამანის ძე თუ

სძლევსო კუხულაინს.   მყისვე ელჩები აფრინეს მასთან, მაგრამ ყური არ ათხოვა ფერდიადმა დიდებულთა თათბირს:

   - არასოდეს აღიმართება ჩემი შუბი და მახვილი სიყრმის მეგობრისა და ძმადნაფიცის შესამუსრადო - დააბარა შიკრიკებს.

   მაშინ უკეთურმა მედბმა ამგვარ ხერხს მიმართა, გრძნეული და ბოროტი მომღერლები მიუგზავნა ფერდიადს; სამი შემბოჭველი სიმღერის და შელოცვის წარმოთქმა უბრძანა, რომელთაც ჭაბუკი უნდა მოენუსხათ და სასახლეში მისვლაზე დაეყოლიებინათ. დაბანგული ფერდიადი ვერ აღუდგა ამ ჯადოსნური სიმღერების ძალას და მედბთან გამოცხადდა.

 

   * * *

 

 

   დიდი პატივით მიიღეს გმირი დედოფლის კარზე. ბრწყინვალე ნადიმი გაუმართეს, ძვირფასი ღვინო ასვეს. რა არ იღონეს, მისი ნება რომ გაეტეხათ, დიდი საბოძვარი აღუთქვეს სამსახურის სანაცვლოდ: დიდებულ სამოსს, აურაცხელ ოქრო-ვერცხლს, ბრწყინვალე ეტლს, ბარაქიან მამულს, ქვეშევრდომობისგან სამუდამო გათავისუფლებას შეჰპირდნენ.

   დედოფალმა მედბმა თავისი უმშვენიერესი ასული მოიხმო დარბაზში და გმირს უთხრა:

   - ფერდიად, თუკი ამისრულებ საწადელს და ორთაბრძოლაში გამოიწვევ კუხულაინს, მაშინ ჩემი ასული, ჩემი მშვენიერი ფინდაბაირი შენი გახდება.   უხმოდ იჯდა ფერდიადი, მჭმუნვარებას შეეპყრო მისი გული. იმის გაფიქრებაც კი ტანჯავდა გმირს, რომ სამკვდრო-სასიცოცხლოდ უნდა შებმოდა თავის ძმადნაფიცს:

   - უხვია შენი წყალობა, დედოფალო, მაგრამ ვერ გავხდები ღირსი ასეთი პატივისა. არასოდეს მივიღებ ამგვარ საბოძვარს ჩემს ძვირფას ძმადნაფიც კუხულაინთან ბრძოლის სანაცვლოდ.

   მიხვდა დედოფალი, რომ ერთგულების, სიყვარულის და დიდსულოვნების წინააღმდეგ ოქროთი ვერაფერს გახდებოდა და ფერდიადის მოსადრეკად მზაკვრულ და ვერაგულ ხერხს მიმართა. როდესაც მოყმემ სიტყვა დაასრულა, ცბიერი დედოფალი მიუბრუნდა იქ მყოფ დიდებულებს და მშვიდად ჩაილაპარაკა: - მაშ, მართალი უთქვამს კუხულაინს, - ფერდიადი ისეთი ფრთხილი და მხდალია, ჩემთან შებმას ვერ გაბედავსო.

   მართლაც რომ ნიშანში მოარტყა მედბმა. წითელი ღვინით შემთვრალი ფერდიადი რისხვით აღენთო, ფეხზე წამოიჭრა და შესძახა:

   - ოჰ, ნუთუ ეს მართლა კუხულაინმა თქვა, ჩემმა ძმადნაფიცმა... მან, ვისაც თავისი თვალით უნახავს ჩემ მიერ გადახდილი ომები, არაერთხელ თავად ყოფილა მომსწრე ჩემი მამაცობისა და შეუპოვრობის. ვფიცავ ჩემს ხმალსა და ფარ-შუბს, ხვალ, ვიდრე მზე ამოიწვერებოდეს, ორთაბრძოლაში გამოვიწვევ! - თქვა ეს ფერდიადმა და ისე გასრულდა ნადიმი, მეტად ხმა აღარ ამოუღია.

   პირმოქუფრული, შუბლშეჭმუხნილი დაბრუნდა გმირი კარავში და თანამებრძოლებს ამცნო თავისი გადაწყვეტილება.  

სევდამ დაისადგურა ფერდიადის ბანაკში. აღარც მუსიკის ტკბილი ჰანგები ისმოდა, აღარც ლაღობა და ხუმრობა. უჩვეულო შფოთს და წუხილს შეეპყრო მებრძოლთა გული და გონება.

   არა, ეს არ იყო შიშის შფოთი - ყველამ კარგად იცოდა თავისი წინამძღოლის სიმამაცის ამბავი. ისიც კარგად უწყოდნენ, რომ ჯაბანი არც კუხულაინი იყო, ამიტომ ხვალინდელი დღე მებრძოლთათვის საბედისწერო იქნებოდა - ამ ორთაბრძოლაში ერთ-ერთი უთუოდ გამოესალმებოდა სიცოცხლეს.

 

 

   * * *

 

 

  ღრმა ძილით   ჩაეძინა ფერდიადს იმ ღამით, განთიადამდე იწვა გაუნძრევლად. როცა ინათა, გაეყარა ძილი და თან წაიღო მისი სიმთვრალე. მაშინ კი უფრო შეფიქრიანდა ფერდიადი, კაეშანი აღებეჭდა სახეზე, მერე უცბად წამოდგა და მეეტლეს ცხენების შებმა უბრძანა.

   ერთგული მეეტლე შეეცადა, გადაეთქმევინებინა პატრონისთვის წინა ღამით დანაქადები, მაგრამ ვერაფერს გახდა. ვაჟკაცი სიტყვას ვეღარ გადავიდოდა.   უმძიმდა, ოჰ, როგორ უმძიმდა ფერდიადს ამ ნაბიჯის გადადგმა. წუთით არ ტოვებდა მოსალოდნელ ბრძოლაზე ფიქრი. ბოლოს სძლია გულისმღრღნელ ფიქრებს და თავის მხედრობას მიმართა:

   - ძალგულოვანო მებრძოლნო! უმჯობესია, მე დავიღუპო უმამაცესი კუხულაინის ხელით, ვიდრე ის ჩემი მახვილით განგმირული დაეცეს ბრძოლის ველზე... და თუ ღმერთებმა ჩემი გამარჯვება და მისი სიკვდილი ინებეს, მაშინ დედოფალი მედბი და ცბიერი დიდებულებიც გამოესალმებიან სიცოცხლეს, რადგან

მათ ღვინით დაბანგულს გამომტყუეს საბედისწერო პირობა... მერწმუნეთ, არ გადავა ჩემი სიტყვები!   ... და ფერდიადი ისევ მიეცა მოსვენებას.

 

 

   * * *

 

 

   ცოტა ხნის შემდეგ კონახტთა ბანაკს გამოეყო ერთი მხედარი - ფერგუსი. იგი კუხულაინთან მიიჩქაროდა, რათა მომავალი ორთაბრძოლის ამბავი ეცნობებინა.

   - არ ვისურვებდი ამგვარ შეხვედრას ჩემს ძმადნაფიცთან. არა შიშისა და სიმხდალის გამო, არამედ ჩვენი მეგობრობის, ძმადნაფიცობის კრძალვით; მაგრამ რაღა გაეწყობა. მოხდეს, რაც მოსახდენია. მიჯობს, მე დავიღუპო მისი მახვილით, ვიდრე ჩემი სიყრმის მეგობარი ჩემი ხელით განგმირული დაეცეს ბრძოლის ველზე! - თქვა კუხულაინმა და ძილს მისცა თავი.   მზე დიდი ხნის ამოსული იყო, როცა გაიღვიძა. არ უნდოდა, მხედრებს ეფიქრათ, შიშმა ძილი გაუკრთო და სისხამზე ადგაო.

   კუხულაინმა მეეტლეს ბედაურები ეტლში შეაბმევინა და ბრძოლის ადგილისკენ გაეშურა. მის ეტლს, როგორც ყოველთვის, ძრწოლის გამომწვევი ველთა და ჰაერთა სულები მოაცილებდნენ შემზარავი ზათქითა და ხმაურით. მათი სულისშემძვრელი გრგვინვა უგულოვნეს ლაშქარსაც შიშსა და ზაფრას ჰგვრიდა. ამ ხმამ ფერდიადის მეეტლის ყურამდეც მიაღწია. გააღვიძა თავისი პატრონი, განიფრთხე ძილი, ბრძოლის ველზე მოგელიანო.

 

 

   * * *

 

 

   აგერ, გამოჩნდა უმამაცესი კუხულაინი. ფერდიადის მეეტლემაც გააჭენა ცხენები. ერთმანეთს მიესალმნენ ძმადნაფიცები.

   - ჰეი, ფერდიად, - ტკივილით აღმოხდა კუხულაინს - წინათ მჯეროდა, რომ შენ მხოლოდ ისე მომესალმებოდი, როგორც მეგობარს. ახლა გამიქრა ეს რწმენა. მითხარი, მაინც როგორ გაცვალე ჩვენი ძმობა ყბედი დედაკაცის ცრუ დანაპირებზე? რად შემოაბიჯე იმ სამეფოში, სადაც მე ვდგავარ? ჭეშმარიტად, არა გმართებდა შენ ჩემთან ბრძოლა!

   ისედაც გახელებული ფერდიადი ამ სიტყვებმა კიდევ უფრო გააშმაგა:

   - დიდხანს ვაყოვნებთ. მოკლე თქმა ჯობს. დროა, ჩვენმა შუბებმა ილაპარაკონ! - გასძახა მეგობარს.

   და ეკვეთნენ ერთმანეთს გულოვანი მეომრები. მზეზე ელავდა მათი მუზარადები, შემზარავად სტვენდნენ შუბები, გააფთრებით სცემდნენ ხმლები და მედგრად უდგებოდნენ ფარები. ისე დაბინდდა, მათ მახვილებს ერთხელაც არ მოსცხებია სისხლი. ღამემ გაჰყარა მორკინალნი. ვაჟკაცთა წესისამებრ, სამჯერ ეამბორნენ გმირები ერთურთს.

   დასტაქრები, მსახურები და ფარეშნი თავს ევლებოდნენ დაქანცულ მებრძოლთ, რათა მეორე დღეს ისინი ძალამოკრებილნი გასულიყვნენ ბრძოლის ველზე.

 

   * * *

 

   დილას, კუხულაინის რჩევით, მეომრები ყველაზე გრძელი, მძიმე შუბებით აღიჭურვნენ. ეტლებით უნდა შებმოდნენ ერთმანეთს.

   - პირდაპირი კვეთებით უფრო გადავწყვეტთ, ვიდრე შორიდან ბრძოლით. - უთხრა ფერდიადს კუხულაინმა.   - დე, იყოს ასე. - მიუგო ფერდიადმა.   გააფთრებით ეკვეთნენ ერთმანეთს. მთელი დღე გასტანა შერკინებამ. ქანცი გაუწყდათ მეომრებს, მეეტლეებს, ცხენებს...

   - შევწყვიტოთ, დღეისთვის გვეყოფა! - თქვა ბოლოს ფერდიადმა.

   კვლავ სამგზის ეამბორნენ გმირები ერთურთს და მომავალი ბრძოლისთვის მზადებას შეუდგნენ.  

   * * *

 

 

   რიჟრაჟზე ისევ ბრძოლის ველზე გაჩნდნენ.

კუხულაინს თვალში მოხვდა ფერდიადის მოღუშული, მწუხარე სახე - თვალები დანისლული, დაბეცებული ჰქონდა, იერიც შეცვლოდა; სილაღე და სიმარდე არ ეტყობოდა მის მძლავრ სხეულს. გული შეეკუმშა კუხულაინს, ამის დამნახავს.

   - ჩემო მეგობარო, რაღაც ვეღარ გცნობ. გამოცვლილხარ, სხივი ჩაგქრობია თვალებში.

   - არა იმიტომ, რომ შიშმა შემიპყრო! - მრისხანედ მიუგო ფერდიადმა.

   დაღონდა კუხულაინი. კიდევ ერთხელ შეევედრა ძმადნაფიცს:

   - გაიხსენე ჩვენი ბავშვობა, ჩვენი მეგობრობა, ერთად გადახდილი ბრძოლები. უკუაგდე, ფერდიად, მოშუღარი დიაცისთვის მიცემული პირობა, უარი თქვი ორთაბრძოლაზე.

   - არაფერი გამოვა, გვიანია. - უთხრა ფერდიადმა - ახლა რომ უომრად დავცილდეთ, როგორც ძმადნაფიცებს შეჰფერის, ეს ჩემი სახელის, ღირსების შერცხვენა იქნება. მიცემულ სიტყვას ვეღარ გადავალ. ვიბრძოლოთ, ვიდრე ერთ-ერთი ჩვენგანი არ დაეცემა!   ამჯერად ერთად აირჩიეს იარაღი - ძალუმად მჩეხავი, მტრის უწყალოდ მკაფავი ხმლები.

   ხელში ვეება ფარები ჩაბღუჯეს და გააფთრებით შეიბნენ. გრგვინავდა დედამიწა, ზათქი და ზრიალი გაჰქონდა საჭურველს. ჰაერში დაფარფატებდნენ მოყმეთა სისხლსა და ხორცს დანატრებული მოყაშყაშე ყვავ-ყორნები. კვლავ უმოწყალოდ სისინებდნენ ელვარე ხმლები და კვლავ შეუვალი იყო ფართა დახვედრა. ისევ ბნელმა ღამემ გაჰყარა მორკინალნი.

 

   * * *

 

   ფერდიადი ალიონზე წამოდგა.  გადამწყვეტი ჟამის მოახლოებას გრძნობდა, უჩვეულოდ უცემდა გული მოყმეს.

   ამ დღეს განსაკუთრებული გულმოდგინებით აღიჭურვა კონახტთა რჩეული: მოოქროვილი ქობით დამშვენებული აბრეშუმის საწმერთული და ტყავის შარვალი ჩაიცვა, ქამარზე დოლაბისოდენა ლოდი შეიბა, რკინის წვივსაცმელები ამოისხა, თავს

უმშვენებდა მრავალბრძოლაგადანახადი, აღმოსავლური ხატებით მოჭედილი მუზარადი, რომლის შუაგულშიც წითელი, იშვიათი მინანქრით მორთული ჯიღა ბრწყინავდა. წელზე ოქროსვადიანი ხმალი მოირგო ფერდიადმა, ოქროსკოპებიანი ფარი მოიგდო მხარზე და საბრძოლველად გაემართა.

   გული უგრძნობდა ფერდიადს, ძეს დამანისას, რომ გადამწყვეტ ბრძოლაში კუხულაინი თავის სახელგანთქმულ რქის შუბს გამოიყენებდა, ამიტომ აღიკაზმა ასე გულმოდგინედ - უნდოდა, საიმედოდ დაეცვა თავი.

 

      * * *

 

      დაიწყო ბრძოლა, რომლის მსგავსიც არ უნახავს ქვეყნად არავის. მძლავრად ნატყორცნი შუბების შხუილი მთებს აზანზარებდა, ფართა ჯახანი აყრუებდა არემარეს, ხოლო გორდა ხმლების კვეთებისაგან ისეთი ნაპერწკლები ცვიოდა, უკუნ

ღამესაც კი გაანათებდა.

   გახელდნენ მებრძოლნი. მიუხდა ძმობილს კუხულაინი, ცის ელვას ჰგავდა მისი მახვილის ნათება. უშიშრად შეეგება გმირი ფერდიადი, ფარი უფარა - არ უმტყუნა ხარის ტყავისგან ქმნილმა მტკიცე ჯავშანმა. ძლიერმა დარტყმამ უკან მოისროლა კუხულაინი.   ყოველივე ეს იხილა ლოიგმა - ულადთა გმირის ერთგულმა მეეტლემ.

   - ვაგლახ, კუხულაინ! - შესძახა პატრონის გასახელებლად - მან დაგაპო, როგორც ნაჯახი აპობს მუხას. ჩაესვენა მზე შენი დიდების. ჭკუას მოეგე, ცოფიანო ქონდრისკაცო, აგემე მტერს ძალა შენი მარჯვენის!

   მაშინ მრისხანე მშვილდივით მოიზიდა კუხულაინი, ჯანღისფერი დაედო სახეზე და ქორივით დააცხრა ფერდიადს. ციხის სიმტკიცე დაახვედრა ულადელს კონახტთა რჩეულმა, მძლავრი ძგერებით უკან გასტყორცნა. მდინარეში შეიჭრნენ მებრძოლნი, შუადღის მზე უპრიალებდა სისხლითა და ოფლით მოსვრილ სახეებს. ისე ახლოს მივიდნენ ერთმანეთთან, რომ ჭახანით დაილეწა გმირთა ფარები; ისე ახლოს მივიდნენ ერთმანეთთან, რომ მოირკალა და დაიმსხვრა მათი შუბები; ისე ახლოს მივიდნენ ერთმანეთთან, რომ მდინარე ამოვიდა კალაპოტიდან. სისხლმა, გრიალმა და ყიჟინამ დააფრთხო ირლანდიური ბედაურები, აწყვიტეს აღვირები და საშინელი ჭიხვინით გადაიკარგნენ...

   ხმალი მოუქნია ფერდიადმა. კუხულაინის მკერდიდან სისხლმა იხუვლა და წითლად შეფერა მდინარის ტალღები. ძმადნაფიცის სისხლის დანახვამ სულ გააცოფა ფერდიადი, ახალი ძალით ეკვეთა კუხულაინს.

   მაშინ კი მოუხმო ულადთა რჩეულმა ლოიგ რიანგაბარას ძეს, თავის ერთგულ მეეტლეს, და უბრძანა, მიეწოდებინა მისთვის განთქმული რქის შუბი - “გა-ბულგა”. ეს შუბი ოცდაათი კბილით ერჭობოდა სხეულში ადამიანს და მისი ამოღება შეუძლებელი იყო, თუკი ხორცს არ ამოკვეთდი.

   გაიგონა ფერდიადმა კუხულაინის ნათქვამი, გული შეუტოკდა და მოემზადა დასახვედრად. მძლავრად შემოჰკრა ულადის გმირმა მახვილი ფერდიადს. ძლივს მოასწრო ფარის შეგებება კონახტთა რჩეულმა, მაგრამ ამ დროს ერთგულმა ლოიგმა გამართა შუბი. ფეხის თითებით შესტყორცნა კუხულაინმა “გა-ბულგა” ძმადნაფიცს. ვეღარ იფარა ფარი ფერდიადმა... შუბის ბასრმა კბილებმა დაფლითა მისი ბექთარი. სამ ნაწილად დაიმსხვრა წვივსაცმელი და საქამრეზე გამობმული დოლაბისოდენა ლოდი. შუბი შეიჭრა ფერდიადის სხეულში და კუნთებსა და სახსრებში გაიხლართა.

   - ხმა წამრთმევია, ვგრძნობ სიკვდილის საშინელ სუნთქვას, სხეული ჩემი სისხლისაგან იცლება უკვე. შენ კი, კუხულაინ, არ მოგასვენებს სიკვდილამდე ძმობილის სისხლი! ერთიც იცოდე: არ დავცემულვარ შენი მარჯვენით, ფეხის თითებით შემომტყორცნე წყეული შუბი! - აღმოხდა ფერდიადს და სული განუტევა.

 

   * * *

 

    შეძრწუნებული იდგა კუხულაინი ძმადნაფიცის ცხედართან, თვალცრემლიანი დიდხანს დასცქეროდა ფერდიადის უსულო სხეულს; დავიწყებოდა გადახდილი ჭირი და განსაცდელი. აღარც იმაზე ფიქრობდა, რომ წუთი წუთზე შეიძლება დედოფალი მედბის გააფთრებული მხედრები მოსულიყვნენ და შური ეძიათ ფერდიადის სიკვდილის გამო.

  გულსაკლავად მოთქვამდა მეგობართან ბრძოლაში გამარჯვებული გმირი... შემდეგ მეეტლეს უბრძანა, ფერდიადის სხეულიდან ამოეძრო რქის მსახვრალი შუბი, იხილა მეგობრის სისხლით შეღებილი თავისი საჭურველი და ისევ აქვითინდა:

  გონებას ჩემსას ეუფლება სევდა და გლოვა,  განგმირულ ცხედარს მეგობრისას ვუყურებ ოდეს.  აჩქარებდა ერთგული მეეტლე - გავეცალოთ აქაურობას, მტერი გვიახლოვდებაო.  უთხრა მაშინ კუხულაინმა:

  - ჩემო მეგობარო ლოიგ, მინდა იცოდე, რომ ყოველი ბრძოლა ან ორთაბრძოლა, რომელიც გადამიხდია ან წინ მომელის, თამაშად და გართობად მიმაჩნია ამ ორთაბრძოლასთან შედარებით.

  კუხულაინი კიდევ ერთხელ გამოეთხოვა ცხედარს და მეეტლესთან ერთად დატოვა ცოტა ხნის წინ ბრძოლის ცეცხლში გახვეული მდინარის ნაპირი.

 

   * * *

 

   გამოხდა ხანი. გადაიარა უსიხარულო მძიმე ზამთარმა. დადგა გაზაფხული. კონხობარის მებრძოლებს აეხსნათ ომის ქალღმერთის ჯადო, მომავალ ზამთრამდე ისევ გულოვანნი და უძლეველნი გახდნენ, სიცოცხლის ჟინი ჩაუდგათ თვალებში.   მხოლოდ კუხულაინი დადიოდა მოქუფრული, ცოფს გადაელესა მისი ლამაზი სახე, არ ასვენებდა უწყალოდ შემუსრული მეგობრის სისხლი, ვერ ერეოდა გულში შავად ჩაკუპრულ დარდს, უძირო სინანული ტანჯავდა; ვეღარც სათნო და ტკბილმოუბარი

მიჯნურის - ულამაზესი ემერის ნუგეში უქარვებდა სევდას, ფერდიადის სიტყვები ჩაესმოდა მუდამ:   - კუხულაინ, არ მოგასვენებს სიკვდილამდე ძმობილის სისხლი!

 

   * * *

 

   ამბობენ, მას შემდეგ მრავალი ომი გადაიხადა კუხულაინმა, მისებრი გმირი არ უნახავს ზღვას და ხმელეთსო. გულმაგრობით და სიქველით განთქმული ყმა დიდხანს სახელოვნად უძღოდა ულადთა მხედრობას.

   კუხულაინი ღალატით მოკლეს უთანასწორო ბრძოლაში თავისივე შუბით - არც ერთ სხვა საჭურველს არ შეეძლო მისი განგმირვა, მოკლეს იმ შუბით, რომლითაც მან სასიკვდილო დარტყმა აგემა ფერდიადს. მომაკვდავმა გმირმა თავი ლოდზე მიიბა, რათა დაჩოქილი და წაქცეული არ ენახა მტერს. ხელში ხმალჩაბღუჯულ კუხულაინს, მკვდარსაც კი, დიდხანს ვერ უახლოვდებოდა მომხდურთა ჯარი, რადგან ეჩვენათ, ჯერ კიდევ არ მომკვდარაო ულადთა გმირი. ბოლოს მალვით, უკნიდან მიეპარა ერთი მოყმე,  ლუგაიდი, ხელი თმებში ჩაავლო - უნდოდა, ხმლით წარეკვეთა თავი. მაშინ გაჰვარდა მახვილი კუხულაინს, დაეცა ყმას და წააცალა მარჯვენა. ასეთი იყო გარდაცვლილი გმირის უკანასკნელი გაბრძოლება.   ამ დროს მოიჭრა კუხულაინის მრავალომგადანახადი ბედაური - „მახელი რუხი” - და სამგზის შეუტია მტერს; არვის ენახა მანამდე ასეთი კვეთება მერნისა. ომისა და ზათქის ხმა ესმა კუხულაინის ძმობილ კონალ ძლევამოსილსაც. ორ გმირს აღთქმა ჰქონდა დადებული, - ერთ-ერთის მოკვლის შემთხვევაში შური ეძიათ და მტრის სისხლი აეღოთ. კუხულაინისკენ მომსწრაფ კონალ ძლევამოსილს გზად შეეყარა მკვლელი ძმობილისა - ლუგაიდი, შეება მას, მოჰკვეთა თავი და ასე იძია შური კუხულაინის სიკვდილისთვის... როდესაც იმ ლოდს მიუახლოვდა კონალ ძლევამოსილი, რომელზეც თავი მიიჯაჭვა კუხულაინმა, უეცრად დაინახა ძმადნაფიცის მკერდზე თავმიდებული ბედაური - „მახელი რუხი”. ბორცვზე შემოდგა დაღონებული კონალი და თქვა ასეთი სიტყვები: „ვფიცავ იმას, რასაც იფიცებს ჩემი ხალხი, - ეს ბორცვი დიდი მეომრის ბორცვია.”

   დასრულდა კუხულაინის სიცოცხლე. არავის არასოდეს უნახავს იგი დამარცხებული და ქედმოხრილი. მხოლოდ ერთხელ მოიდრიკა მუხლი ულადთა რჩეულმა თავისი ხელით მოკლული ძმადნაფიცის ცხედრის წინაშე. მხოლოდ სულამომდინარმა ფერდიადმა იხილა დაჩოქილი კუხულაინი.

   ასე ამბობენ ირლანდიაში: როდესაც კლდეზე მიჯაჭვულმა კუხულაინმა ბოლო ოხვრას ამოაყოლა ნატანჯი სული, კლდის წვერებიდან თუ ღრუბლებიდან მეყვსეულად ფრინველთა გუნდი აფრინდა და მოყმის მხრებზე დაეშვაო...

   ლაღად ვიდოდნენ ფრთოსანნი ცის ტატნობზე, ერთი შუბისგან განგმირული ძმადნაფიცების ხმალთა კვეთებას ჰგავდა თურმე მათი კამარა.

 

   ერთხელღა იხილეს ულადელებმა სწორუპოვარი გმირი კუხულაინი. სატახტო ქალაქ ემაინ-მახაში, სამეფო გვარის ქალებს, რომელთა შორის იყო ემერი - მშვენიერი და მგლოვიარე სატრფო გმირისა, ეჩვენათ ცისკენ მიმქროლი კუხულაინი, რომელიც მღეროდა:  ო, ემაინ-მახა, ემაინ-მახა, დიდებულო სამშობლოვ ჩემო!

 

 

ალექსანდრე მაკედონელი

 

   ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა პატარა ქვეყანა - მაკედონია. მაკედონიას ჰყავდა მეფე და დედოფალი. მეფეს ფილიპე ერქვა, დედოფალს - ოლიმპიადა. ფილიპე კარგი მეომარი იყო, მაკედონელებიც განთქმულნი იყვნენ ცხენოსნობითა და იარაღის ხმარებით. ფილიპემ ძლიერი ჯარი შექმნა და ცოტა ხანში მაკედონიაზე გაცილებით დიდი ქვეყანა - საბერძნეთი დაიპყრო. ამ გამარჯვებამ მაკედონიას მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი.

   სანამ ფილიპეს და ოლიმპიადას შვილი ეყოლებოდათ, ქურუმებმა უწინასწარმეტყველეს - თქვენს მემკვიდრეს ცეცხლის ძალა და ლომის გული ექნებაო.

   გამოხდა ხანი და მისანთა სიტყვები გამართლდა. ალექსანდრემ, რომელიც ოცი წლისა გამეფდა, სულ რაღაც ცამეტ წელიწადში ნახევარი მსოფლიო დაიპყრო, შექმნა იმპერია, რომლის საზღვრები საბერძნეთიდან ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპირომდე

ვრცელდებოდა. მისი გასაოცარი სამხედრო წარმატებების შესახებ უამრავი ლეგენდა შეითხზა.

   ამბობენ,  ალექსანდრე ბავშვობიდანვე არაჩვეულებრივ ნიჭს და გონიერებას ამჟღავნებდა. ერთხელ, როცა ფილიპე საომრად იყო წასული, მაკედონიას სპარსეთის ელჩები ესტუმრნენ. მამის ნაცვლად ელჩები ყრმა უფლისწულმა მიიღო. სტუმრები განაცვიფრა პატარა ბიჭის საზრიანობამ.

   ალექსანდრეს არ აღელვებდა სიმდიდრე და ფუფუნება. მისი ოცნება სახელის მოხვეჭა იყო და ერთხელ, ფილიპეს მორიგი ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, უფლისწულმა მეგობრებს სინანულით უთხრა - მამაჩემი ყველაფერს დაიპყრობს და მე აღარაფერს დამიტოვებს, თქვენთან ერთად საგმირო საქმეები რომ ჩავიდინოო.

 

   * * *

 

   ფილიპე ხედავდა, რომ ალექსანდრეს თავნება ხასიათი ჰქონდა. ძალდატანებით მას ვერაფერს გააკეთებინებდი, მაგრამ თუ გონივრულად და საბუთიანად ურჩევდი, იოლად დაიყოლიებდი. მეფემ გადაწყვიტა, უფლისწულისთვის საუკეთესო მოძღვარი ეპოვა, რომელიც სწორი აღზრდისა და ბრძნული შეგონებების გზით მოახერხებდა მისი გონებისა და ხასიათის გაწვრთნას. ამიტომ, საბერძნეთიდან არისტოტელე მოიწვია - სახელგანთქმული მოძღვარი და ფილოსოფოსი.

   არისტოტელემ თავისი ნიჭის, ცოდნისა და სიბრძნის შესაფერისი გასამრჯელო მოსთხოვა მეფეს უფლისწულის აღზრდისათვის. ფილიპეს უნდა აღედგინა არისტოტელეს მშობლიური ქალაქი სტაგირე, რომელიც თვითონვე დაანგრია საბერძნეთზე ლაშქრობის დროს, მისი მიმოფანტული და მონობაში გაყიდული მოქალააქეები კი უნდა გამოესყიდა და უკანვე დაებრუნებინა სტაგირეში.

   ფილიპემ უსიტყვოდ აღასრულა ფილოსოფოსის პირობა და ისიც შეუდგა ალექსანდრეს წვრთნрнннას. მოძღვარს მცდელობა არ დაუკლია, რომ იჭიერი მოწაფე სრულად დაუფლებოდა მეცნიერებას, ლიტერატურას, მედიცინას, ფილოსოფიას... არისტოტელემ ალექსანდრე გაწაფა მეტყველებაში, რიტორიკაში, პოეზიაში; გამოუმუშავა დაკვირვების და სწრაფი ანალიზის უნარი. ამბობენ, თითქოს ალექსანდრე ხშირად იმეორებდა, რომ თავისი მოძღვარი მამაზე ნაკლებ არ უყვარდა, რადგან თუ მშობელმა სიცოცხლე აჩუქა, არისტოტელემ მის სიცოცხლეს უფრო დიდი ფასეულობა - ღირსება და კეთილშობილება შესძინა.

   ერთხელ ფილიპესთან შესანიშნავი რაში მოიყვანეს. რაშს ბუკეფალა ერქვა. ვაჭრები უზარმაზარ ფულს ითხოვდნენ ცხენში. ბუკეფალა მინდორში გაიყვანეს გამოსაცდელად, მაგრამ ცხენი ისეთი შფოთიანი გამოდგა, ახლოსაც ვერავინ გაეკარა - ყალყზე დგებოდა, ფლოქვებით ტორავდა მიწას, ფორიაქობდა.

   უფლისწულმა მამას ცხენის გახედნის ნებართვა სთხოვა და მოედანზე გავიდა. რაშს თავი შეუბრუნა, მოხდენილად შემოახტა და დასავლეთის მხარეს გააქროლა. არავისთვის უთქვამს, მაგრამ მიხვდა, რომ ცხენს საკუთარი ჩრდილის დანახვა აფრთხობდა და იმიტომ ბორგავდა.

   როცა გახედნილი ცხენი მამას მიჰგვარა, ფილიპემ თავზე აკოცა და სიცილით უთხრა: შენი შესაფერისი საბრძანებელი უნდა მოძებნო, შვილო, პატარა მაკედონია ვერ დაგიტევსო.

 

 

   * * *

 

      სამეფოს მართვაში ალექსანდრე უკვე16 წლის ასაკიდან იღებდა მონაწილეობას. სანამ მამა იბრძოდა, შვილი სახელმწიფო საქმეებს განაგებდა. ფილიპეს სიამოვნებდა, რომ მაკედონელები მას თავის მხედართმთავარს უწოდებდნენ, ალექსანდრეს კი მეფედ მიიჩნევდნენ. თუმცა, არც ომში ჩამოუვარდებოდა შვილი მამას. პირველ ბრძოლებში ჯერ კიდევ სრულიად ყმაწვილმა მიიღო მონაწილეობა. ყველა განაცვიფრა გამბედაობითა და სიმარჯვით. როგორც ამბობენ, ლომივით  ეკვეთებოდა ხოლმე მტერს და თავისი საარაკო სიმამაცით სხვა მეომრებშიც აღვიძებდა ბრძოლის ჟინს.

   დაპყრობილ ხალხებს სძულდათ მაკედონია და სულ იმის ცდაში იყვნენ, დამოუკიდებლობა დაებრუნებინათ. მართალია, ფილიპემ დაიპყრო საბერძნეთი, მაგრამ მისი დამორჩილება ვერ შეძლო - ბერძნები აჯანყებას აჯანყებაზე აწყობდნენ. ამიტომ, გამეფების შემდეგ ალექსანდრეს თავიდან მოუხდა ბერძნებთან შებრძოლება. ერთ-ერთი ბერძნული ქალაქი - თებე, განსაკუთრებით შეურიგებელი აღმოჩნდა.

   ალექსანდრემ უზარმაზარი ჯარი დაძრა თებეს წინააღმდეგ. თებელები თავგანწირვით იბრძოდნენ, მაგრამ რიცხვით აღმატებულმა მაკედონელებმა ისინი სასტიკად დაამარცხეს. ქალაქი აიღეს, გაძარცვეს და მიწასთან გაასწორეს. ოცდაათი ათასი კაცი მონად გაყიდეს, ექვსი ათასზე მეტი ბრძოლაში ჩახოცეს. 

 ქალაქის აღებისას მაკედონელები ერთ-ერთი წარჩინებული ქალბატონის -  ტიმოკლეას სახლში შეიჭრნენ. სანამ ჯარისკაცები მის სახლს არბევდნენ, მათი წინამძღოლი ქალს აწამებდა, უნდოდა ეთქმევინებინა, სად ჰქონდა ოქრო-ვერცხლი შენახული. ქალმა ბაღში გაიყვანა მაკედონელი და ჭაზე მიუთითა. ჯარისკაცმა ჭაში ჩაიხედა. ტიმოკლეამ ხელი ჰკრა მოძალადეს  და შიგ ჩააგდო. მომხდურებმა ტიმოკლეა შეიპყრეს და ალექსანდრეს მიჰგვარეს. ქალს ღირსეულად ეჭირა თავი, ამაყად მიჰყვებოდა ჯარისკაცებს.

   როდესაც ალექსანდრემ ვინაობა ჰკითხა, ქალმა უშიშრად უპასუხა: «მე შენი დაუძინებელი მტერი და შენი მტრის და ვარ. ჩემი ძმა საბერძნეთის თავისუფლებას შეეწირა!» ალექსანდრეს მოეწონა ტიმოკლეას პირდაპირობა და ქალის გათავისუფლება ბრძანა. პატივისცემას მტერიც კი იმსახურებს, როცა ის ღირსეულად იქცევა!   საერთოდ, ბერძენთა მტკიცე და დაუმორჩილებელმა ხასიათმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაკედონელთა ახალგაზრდა მეფეზე. ერთხელ, კორინთოში ყოფნის დროს, ალექსანდრემ ცნობილ ბერძენ ფილოსოფოსთან, იოგენე სინოპელთან

მოისურვა შეხვედრა. დიოგენე ამ დროს წამოწოლილი იყო და მზეზე თბებოდა. ალექსანდრე მიესალმა ფილოსოფოსს და ჰკითხა - ჩემთან რაიმე სათხოვარი ხომ არა გაქვსო. დიოგენემ ამოხედა მეფეს, ყურადღებით დააკვირდა მის მედიდურ სახეს და მშვიდად უპასუხა: - განზე გადექი, მზეს ნუ მიჩრდილავო!   ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ალექსანდრემ ამალას მიმართა: - ალექსანდრე რომ არ ვიყო, ვინატრებდი, დიოგენე ვყოფილიყავიო.

 

   * * *

 

   საბერძნეთის დამორჩილების შემდეგ ალექსანდრემ სპარსეთის დაპყრობა განიზრახა. უზარმაზარი, საუკეთესოდ გაწვრთნილი ჯარი შეკრიბა და სპარსეთისკენ დაიძრა. მაკედონიიდან გამგზავრების წინ მთელი თავისი ქონება მეგობრებს დაურიგა. როდესაც ჰკითხეს, ყველაფერი რომ გაეცი, შენ რაღა გრჩებაო, მოკლედ მოუჭრა - იმედი! ამ ერთ სიტყვაში იმდენი რწმენა, დამაჯერებლობა და ძალა იყო ჩაქსოვილი, რომ ერთ-ერთმა მისმა მეგობარმა, პერდიკამ, აღფრთოვანებით შესძახა - «მაგ განძიდან წილი მეც მინდა, მეფეო!» - და უარი თქვა ალექსანდრეს მიერ ნაჩუქარ ქონებაზე.   პერდიკას მეფის სხვა მეგობრებმაც მიჰბაძეს.

   ამ განწყობით დაიძრა მაკედონელთა ლაშქარი ახალი მიწებისკენ. ცოტა ხანში ალექსანდრე მაკედონელმა ჰელესპონტი გადალახა - ზღვა, რომლის გადაღმა სპარსთა მეფის, დარიოსის სამფლობელოები იწყებოდა.

   დარიოსის სარდლებმა მდინარე გრანიკის ნაპირებზე შეკრიბეს ჯარი. მაკედონელები უცხო ქვეყნის რელიეფს არ იცნობდნენ. ნაპირი მიუდგომელი იყო. თანამებრძოლები ალექსანდრეს ურჩევდნენ, მდინარეზე არ გადასულიყო, მტერს დალოდებოდა და იქვე გაემართა პირველი ბრძოლა. მრჩევლებს მეფემ მხიარულად უპასუხა: ზღვა გადმოვცურე და ამ პატარა მდინარემ როგორ უნდა დამაფრთხოს? თუ გრანიკის შემეშინდა, ჰელესპონტი შეურაცხყოფილი დარჩებაო. მაკედონიის მეფე მდინარეში გადაეშვა სამ მეწინავე რაზმთან ერთად - არც მტრის ისრებს დარიდებია,

არც აზვირთებულ ტალღებს. ნაპირზე ასვლისთანავე ჩაება ბრძოლაში.

   ალექსანდრეს ჩაცმულობა მეტად თვალშისაცემი იყო მრგვალი ფარისა და დიდი თეთრბუმბულიანი მუზარადის ჯიღის გამო. ამიტომ ყველა ცდილობდა, პირდაპირ მეფეს შერკინებოდა. მტრის მიერ გამოტყორცნილი შუბი ალექსანდრეს ჯავშნის ნაოჭში მოხვდა, მაგრამ არ დაჭრილა.

   სანამ მხედრობა გააფთრებით იბრძოდა მეფესთან ერთად, ქვეითი ჯარიც გადმოვიდა მდინარეზე და ახლა უკვე გათანაბრდა ძალები. დარიოსის სპა დააფრთხო მაკედონელთა ელვისებურმა იერიშმა. გრანიკთან ალექსანდრემ პირველი დიდი გამარჯვება იზეიმა.

 

   აქედან დაიწყო ალექსანდრე მაკედონელის ტრიუმფალური სვლა აზიისკენ - მან ზედიზედ დაიმორჩილა პისიდები, პაფლაგონიელები, კაპადოკიელები, დიკიელები.

 

   * * *

 

   მიუხედავად დამარცხებისა, დარიოსი არ ნებდებოდა, იმედი ჰქონდა, რომ ძალაუფლებას დაიბრუნებდა. იგი მეტად გაამხნევა იმ გარემოებამ, რომ ალექსანდრე დიდხანს დაყოვნდა კილიკიაში. ამის მიზეზი კი მეფის ავადმყოფობა იყო. ექიმები მის მკურნალობას ვერ ბედავდნენ. ეშინოდათ, მარცხი არ მოსვლოდათ და ალექსანდრეს ჯანმრთელობა არ გაუარესებულიყო. იცოდნენ, მაკედონელები არ აპატიებდნენ მეფის სიკვდილს.

   მაგრამ ერთმა ექიმმა, ფილიპე აქინელმა, სძლია შიშს, წამალი მოამზადა და ალექსანდრეს მიართვა. იმ დილით ალექსანდრემ ბანაკიდან წერილი მიიღო. ერთ-ერთი სარდალი აფრთხილებდა - დარიოსმა ფილიპე მოისყიდა და არავითარ შემთხვევაში მისგან დახმარება არ მიიღოო.

   ალექსანდრეს არავისთვის უთქვამს წერილის შესახებ. უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. საღამოს, როდესაც ექიმი მოვიდა, მეფემ გამოართვა ფიალა,

დალია წამალი, შემდეგ კი წერილი ამოიღო და  უჩვენა. ალექსანდრეს მეგობრები განაცვიფრა მეფის არაჩვეულებრივმა გამბედაობამ. რამდენიმე დღეში იგი

გამოჯანმრთელდა. ხმა მეფის უშიშარი ბუნების შესახებ ელვისებური სისწრაფით გავრცელდა და ჯარში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.

 

 

   * * *

 

   მეორედ დარიოსისა და ალექსანდრეს ჯარები მდინარე პინაროსთან შეხვდნენ ერთმანეთს. ამჯერად დარიოსი უკვე თავად ხელმძღვანელობდა ლაშქარს. ალექსანდრემ ამ ბრძოლაშიც ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ თავად დარიოსი ვერ შეიპყრო, მხოლოდ მისი მშვილდი და საომარი ეტლი იგდო ხელთ.

   მებრძოლებმა ალექსანდრე დარიოსის კარავში შეიყვანეს. ეს კარავი კი არა, ოქროულობით, თვალ-მარგალიტით, ძვირფასი ხალიჩებითა და სურნელოვანი ნელსაცხებლებით სავსე უზარმაზარი სასახლე იყო.

მაკედონელებს ჯერ არსად ენახათ ასეთი სიმდიდრე და ფუფუნება. თვითონ განცვიფრებულმა ალექსანდრემ კი შესძახა: «აი, თურმე რა ყოფილა მეფობა?!»   მთელი ამ ავლა-დიდებიდან მისი ყურადღება მხოლოდ ერთმა ნივთმა მიიპყრო - ეს განსაკუთრებით ძვირფასი ზარდახშა იყო.   მეფემ ზარდახშა დაიტოვა და შიგ თავისი საყვარელი წიგნი, ჰომეროსის «ილიადა» ჩადო. ამ მშვენიერი წიგნის გარდა არაფერი ეგულებოდა იმის ფასი, რომ იქ შეენახა.

   საერთოდ, ალექსანდრე დამთმენი, თავშეკავებული ადამიანი იყო და ცდილობდა, არ გაენებივრებინა თავი ძვირფასი კერძებითა თუ სასმელით. ხშირად იმეორებდა ხოლმე: - «ჩემმა მოძღვარმა ასკეტიზმსა და ზომიერებას შემაჩვია, მეფეს არ შეშვენის ნივთების, საჭმლის ან ღვინის მონობაში ყოფნა».

   საღამო ხანს ტყვეები მოიყვანეს, მათ შორის დარიოსის დედა, ცოლი და ორი ქალიშვილი იყვნენ. მეფის ეტლის დანახვაზე ქალებმა ტირილი მორთეს, რადგან დარიოსი მკვდარი ეგონათ. ალექსანდრე ააღელვა ტყვე ქალების დანახვამ. მან განკარგულება გასცა,  მათთვის მეფური პატივი და ფუფუნება არ მოეკლოთ.

   მაკედონელთა მეფის კეთილშობილებამ უფრო დიდი მოწონება ჰპოვა სპარსთა შორის, ვიდრე მისმა სამხედრო ხელოვნებამ. დამარცხებული მტრის მიმართ ლმობიერი დამოკიდებულება დიდად დააფასეს მაკედონელის მტრებმაც და მეგობრებმაც.

 

 

   * * *

 

 

   ბოლო, მესამე ბრძოლა ალექსანდრე მაკედონელსა და დარიოსს შორის სექტემბრის თვეში მოხდა გავგამელებში. დარიოსმა მილიონიანი არმია შეკრიბა.   ღამით, როცა ორივე ჯარი ისვენებდა, ალექსანდრე მრჩევლებთან ერთად კარვიდან გამოვიდა და სპარსთა ჯარს გადახედა. უზარმაზარი ველი ჩირაღდნებით იყო გაჩახჩახებული. მაკედონელები განაცვიფრა დარიოსის ჯარის სიმრავლემ. ყველა მიხვდა, რომ უძნელესი ომის გადახდა მოუწევდათ. ალექსანდრეს ურჩიეს, ღამით დასხმოდა თავს დარიოსის ლაშქარს, რათა სიბნელით საკუთარი არმიის სიმცირე დაეფარა. მაკედონელმა მეფური პასუხი გასცა მრჩევლებს: «ალექსანდრე მაკედონელი გამარჯვებას არ მოიპარავს!»   ჯარები მზის სინათლეზე შეხვდნენ ერთმანეთს და, მიუხედავად იმისა, რომ ცხადად ჩანდა სპარსთა რიცხობრივი უპირატესობა, ალექსანდრე მაკედონელმა, თავისი გასაოცარი გამბედაობისა და მხედრული ნიჭის წყალობით, ამჯერადაც ბრწყინვალე  გამარჯვება მოიპოვა. სპარსელები უკუიქცნენ.

   დარიოსმა ისევ გაქცევით უშველა თავს.

 

   * * *

 

   გავგამელებში გამარჯვების შემდეგ ალექსანდრე აზიის მეფედ აღიარეს. მაგრამ სანამ დარიოსი ცოცხალი იყო, ფიქრი საბოლოო გამარჯვებაზე ნაადრევი ჩანდა და მეფემ ჯარი დაადევნა გაქცეულ დარიოსს.

 

   მაკედონელის მხედრობა გადაღლილი იყო. ჯარს უდაბურ ადგილებზე უხდებოდა გადასვლა. მებრძოლები გაითანგნენ წყურვილისა და სიცხისგან. დევნასაც აღარ უჩანდა ბოლო. ამ გაჭირვების ჟამს ალექსანდრეს გზად რამდენიმე მაკედონელი შემოეყარა, რომელთაც წყალი მოჰქონდათ ტიკებით. როცა პაპანაქება სიცხეში წყურვილისგან გათანგული ალექსანდრე დაინახეს, მუზარადი გაუვსეს წყლით და მოწიწებით მიართვეს. ალექსანდრემ გამოართვა წყალი და ის იყო უნდა დაელია, რომ შეამჩნია - უდაბნოში ხეტიალისგან დატანჯული ჯარისკაცები ხარბად

შესცქეროდნენ მუზარადს. მეფემ წყალი არ დალია, სავსე მუზარადი უკან დააბრუნა, მადლობა უთხრა მგზავრებს და ჯარის გასაგონად ბრძანა: «მარტო მე ვერ დავლევ, ყველას კი ეს წყალი არ გვეყოფა!»

   მეფის დიდსულოვნებით ფრთაშესხმულმა ჯარმა გასაოცარი თავგანწირვა გამოიჩინა პირველივე ბრძოლაში. ყველა თავგამეტებით იბრძოდა, მაგრამ მეფესთან ერთად მტრის ბანაკში შეჭრა მხოლოდ სამოცმა კაცმა მოახერხა. ბოლოს იპოვეს შუბებით განგმირული სპარსთა ხელმწიფე. დარიოსი მიწაზე ეგდო. მომაკვდავმა წყალი მოითხოვა და როცა მოართვეს, მწარედ ამოიოხრა: - «აი, მეგობარო, ეს წამი სიკვდილისა ყველა ჩემს უბედურებაზე უფრო მემწარა, რადგან სიკეთისთვის სამაგიერო სიკეთეს ვეღარ გადაგიხდი». - ამის თქმაღა შეძლო სპარსთა მეფემ და სული განუტევა.

   ალექსანდრემ მოკლული მეფის ცხედარს თავისი ქლამიდი დააფარა. მაკედონელებმა პატივით და მეფის საკადრისი ღირსებით  დაკრძალეს  დარიოსი.   ასე დამთავრდა შვიდწლიანი ომი მაკედონიასა და სპარსეთს შორის.   ეგვიპტე უომრად დანებდა გამარჯვებულებს.  

 

   * * *

 

 

   ეგვიპტეში ალექსანდრე მაკედონელმა დიდი ბერძნული ქალაქის დაარსება განიზრახა. ქალაქს ალექსანდრია უნდა დარქმეოდა. ხუროთმოძღვართა რჩევით მან კიდეც მონიშნა ადგილი ამ ქალაქისთვის, მაგრამ ღამე უცნაური სიზმარი ნახა. ეჩვენა, თითქოს ერთი მოხუცი ლექსით მიმართავდა:

   «ძევს ერთი კუნძული პატარა იქ მრავალტალღოვან ზღვაში, ეგვიპტის მახლობლად; და მას უწოდებენ სახელად ფაროსს.»   ალექსანდრე მიხვდა, რომ სიზმრად ნახული მოხუცი ჰომეროსი იყო, რომელიც «ილიადას» ერთ სტროფს ეუბნებოდა. მყისვე ფაროსისკენ გაემგზავრა.

იქ იხილა მეტად ხელსაყრელი ადგილი ქალაქისთვის და მაშინ აღმოხდა: «ჰომეროსი საუკეთესო ხუროთმოძღვარი ყოფილა!».

   ალექსანდრე მაკედონელმა მომავალი ქალაქის გეგმის მოხაზვა ბრძანა. რაკიღა ცარცი ვერ იშოვეს, ხუროთმოძღვრებმა შავ მიწაზე მიმოაბნიეს ფქვილი და დიდი რკალი მოხატეს. ცოტა ხანში, როცა მეფე კმაყოფილებით ათვალიერებდა ქალაქის გეგმას, საიდანღაც სხვადასხვა ჯიშის აურაცხელი ფრინველი მოფრინდა და თვალის დახამხამებაში მოასუფთავა მიწაზე დაყრილი ფქვილი. ქურუმებმა ასე ახსნეს ეს ნიშანი: შენ დააარსებ მეტისმეტად მდიდარ ქალაქს, რომელიც მრავალი ტომის ხალხს გამოკვებავსო.

 

 

   * * *

 

   აზიის სრული დამორჩილების შემდეგ ალექსანდრემ ინდოეთზე გაილაშქრა, მაგრამ მის ჯარს უკვე დაკარგული ჰქონდა უწინდელი სიმსუბუქე და გამძლეობა. მხედრობა ისე დაიტვირთა ნადავლით, რომ გადაადგილება უჭირდა.

   მეფის უახლოესი გარემოცვა ფუფუნებასა და სიმდიდრის მოხვეჭაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს. ჯარის წვრთნა, ვარჯიში, განაწესის შესრულება ყველას ეზარებოდა. იქამდე მივიდა საქმე, რომ მეფის ბრძანებებსაც კი აღარ ასრულებდნენ. ერთხელ აბულეტემ, რომელსაც დაკისრებული ჰქონდა სურსათის მომარაგება, დავალება არ შეასრულა და ალექსანდრეს სამი ათასი ტალანტის ლითონის ფული მიართვა სურსათის მაგივრად. მეფემ ბრძანა, ეს ფული ცხენებისთვის დაეყარათ; როცა ცხენებმა ფულს პირიც არ დააკარეს, ალექსანდრემ აბულეტეს უყვირა: - «ახლა გამაგებინე, რაში მარგია ფულის შენი მარაგები!» - და მისი საპყრობილეში ჩაგდება ბრძანა.

   მაგრამ მეფე ხვდებოდა, რომ მხოლოდ სასჯელითა და სიმკაცრით ვერას გახდებოდა და უეცარი გადაწყვეტილება მიიღო. გარიჟრაჟზე, როცა მთელი ჯარი ერთად იყო შეკრებილი, ალექსანდრემ კოცონი დაანთებინა და საკუთარი ხელით შეყარა ცეცხლში თავისი ქონება. შემდეგ ჯარს მიმართა: - არაფერია ფუფუნებაზე უფრო მონური და შრომაზე უფრო მეფურიო. - და ურმების დაწვაც ბრძანა, რომ მთლიანად  გათავისუფლებულიყო ზედმეტი ტვირთისგან. ლაშქარი ყიჟინით შეხვდა მეფის გადაწყვეტილებას. ჯარისკაცებმა უპოვართ დაურიგეს თავისი სიმდიდრე, ზედმეტი ტვირთი კი დაწვეს და გაანადგურეს.

   მაკედონელთა ჯარი მსუბუქად დაიძრა ინდოეთისკენ.

 

   * * *

 

 

   პოროსმა, ინდოეთის ერთ-ერთი მხარის მეფემ, უზარმაზარი ბრძოლა გადაიხადა მაკედონელთა წინააღმდეგ. პოროსს საბრძოლო სპილოები ჰყავდა.   მაკედონელებს არასოდეს ეომათ სპილოებიანი არმიის წინააღდეგ, ამიტომ თავიდან კიდეც შეშინდნენ, მაგრამ ალექსანდრემ, ბრწყინვალე სამხედრო ნიჭის წყალობით, ამჯერადაც გადალახა დაბრკოლება და ეს უჩვეულო ომიც გამარჯვებით დააგვირგვინა. პოროსი მეტად ახოვანი კაცი იყო. მას ცხენის მაგივრობას უზარმაზარი სპილო უწევდა. როგორც გადმოგვცემენ, ამ ცხოველმა გასაოცარი გონიერება და იშვიათი მზრუნველობა გამოიჩინა თავისი მხედრის მიმართ. სანამ პოროსი მედგრად იყო, სპილო გააფთრებით იცავდა თავს და მტერს იგერიებდა, მაგრამ როცა იგრძნო, რომ მეფეს ღონე ეცლებოდა, ფრთხილად ჩაიჩოქა, გადმოსვა მიწაზე და ხორთუმით ნელ-ნელა, სათითაოდ დაუწყო ისრების ამოცლა. პოროსი სიკვდილს კი გადარჩა, მაგრამ ტყვედ ჩაიგდეს.   საერთოდ, ინდოეთის ბრძოლებში მრავალი საფრთხე გადახდა ალექსანდრეს და რამდენიმე მძიმე ჭრილობაც მიიღო. დიდმა სიკვდილიანობამ, რაც სურსათის ნაკლებობითა და იქაური მკაცრი ჰავით იყო

გამოწვეული, მისი მხედრობა საკმაოდ შეამცირა. მიუხედავად ამისა, ალექსანდრე ცდილობდა, ბედისწერას მედგრად გამკლავებოდა, ხოლო სიძნელეები ხასიათის სიმტკიცით დაეძლია. იგი ხშირად ამბობდა ხოლმე: მამაცთათვის არაფერია დაუძლეველი, ლაჩარს კი ვერანაირი ციხესიმაგრე ვერ დაიცავსო.

   და მართლაც, მაკედონელთა შემოსევებს წინ ვერც ერთი ციხესიმაგრე ვერ უდგებოდა. წარმატებით დამთავრდა ნისის, ერთ-ერთი სიმაგრის, იერიშიც. ბრძოლის დამთავრების შემდეგ ალყაშემორტყმული ქალაქიდან ელჩები მოვიდნენ ზავის სათხოვნელად და მეტად განცვიფრდნენ, მეფე უბრალო სამოსით, ხელში იარაღით და ამალის გარეშე რომ დაინახეს. ალექსანდრემ პატივით მიიღო ელჩები და მათი უხუცესი წარმომადგენლისთვის, ვინმე აკუფისთვის, ბალიშის მორთმევაც კი ბრძანა.   აკუფიმ მეფეს ჰკითხა: - რის შესრულებას მოითხოვ ჩვენგან, რომ შენი მეგობრები გავხდეთო?   ალექსანდრემ უპასუხა: - შენმა ხალხმა თავის მმართველად შენ უნდა აგირჩიოს, ჩვენ კი მძევლებად ასი საუკეთესო ვაჟკაცი გამოგვიგზავნოსო.

   აკუფის ამაზე გაეცინა და უთხრა: - მეფეო, მე უფრო კარგად მოვუვლი ჩემს სამეფოს, თუ ასი ნარჩევი ვაჟკაცის ნაცვლად ამდენივე არამზადას გამოგიგზავნიო.

 

 

   * * *

 

 

   ყველაზე უფრო გულადი ინდოელები, დაქირავებულ მეომრებად რომ მსახურობდნენ, ქალაქიდან ქალაქში გადადიოდნენ და ალექსანდრეს დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ. მაკედონელთა მეფემ ერთ-ერთ ქალაქში ამ ინდოელებთან საზავო პირობა შეკრა, მაგრამ გატეხა სიტყვა - როგორც კი მეომრები წავიდნენ, მოულოდნელად დაესხა თავს გზაში და სულ ერთიანად ამოჟლიტა. ეს უღირსი საქციელი მის საომარ საქმეებს შავ ლაქად აჩნია.

   მეომრებზე არანაკლებ წინააღმდეგობას ალექსანდრეს ინდოელი ფილოსოფოსები უწევდნენ. ისინი კიცხავდნენ მაკედონელთა მხარეს გადასულ ინდოელებს და ხალხს დამპყრობელთა წინააღმდეგ ამხედრებდნენ.

   ერთხელ ალექსანდრემ ათი ფილოსოფოსი დაატყვევა. ეს ბრძენი ინდოელები განთქმულნი იყვნენ იმით, რომ ნებისმიერ კითხვაზე მოსწრებულად და სხარტად პასუხობდნენ. ალექსანდრემ ყოველ მათგანს თითო შეკითხვა დაუსვა:

   - დედამიწა უფრო დიდ ნადირებს ზრდის თუ ზღვა?

   ფილოსოფოსმა უპასუხა:

   - დედამიწა, რამეთუ ზღვა ნაწილია მიწისა.

   - რომელი ცხოველია ყველაზე უფრო მოხერხებული?

   - ის ცხოველი, რომელიც დღემდე უცნობია ადამიანისთვის. - იყო პასუხი.

   - რატომ ამხედრებდით ინდოელ ხალხს ჩემს წინააღმდეგ?

   - იმიტომ, რომ მონობაში გატარებულ ნაძრახ სიცოცხლეს კაცმა თავისუფლებისთვის სიკვდილი უნდა ამჯობინოს.

    - რა საშუალებით შეუძლია კაცს სხვების სიყვარული დაიმსახუროს?

   ფილოსოფოსმა თვალი თვალში გაუყარა ალექსანდრეს და მკაცრად უთხრა:

   - იმით, თუ ეს კაცი, ძლიერებასთან ერთად, საშიში არ იქნება.

   ალექსანდრე მიხვდა, რასაც გულისხმობდა ფილოსოფოსი. გაახსენდა თებე, მოტყუებული ინდოელი მეომრები, აოხრებული სპარსული ქალაქები, გაძარცული საბერძნეთი, მონებად გაყიდული თავისუფალი მოქალაქეები, თავისი დასნეულებული და დასახიჩრებული ჯარისკაცები... ასეთი იყო მისი ძალაუფლების შედეგები - მძიმე და უსიხარულო.   მეფემ ფილოსოფოსების გათავისუფლება და დასაჩუქრება ბრძანა, მაგრამ ინდოელმა ბრძენებმა უარი თქვეს საჩუქრებზე. წასვლის წინ კი თვითონაც დასვეს ერთი კითხვა:

   - რისი გულისთვის გამოიარა მაკედონიის მეფემ ესოდენ შორი გზა და რატომ მოვიდა ჩვენთან?!

 

 

   * * *

 

   ეს კითხვა იყო ყველაზე მწარე სიმართლე, რომელიც ინდოელმა ფილოსოფოსებმა უთხრეს ალექსანდრეს. დიდი ხნით უმეფოდ დატოვებული მაკედონია იშლებოდა. ყველა დაპყრობილი ქვეყანა ცდილობდა, თავი დაეღწია მაკედონელთა ბატონობისთვის. მათ თავიდან დამორჩილებას ახალი ომები სჭირდებოდა. ჯარი განახევრებული და დასუსტებული იყო. თვითონ ალექსანდრეც კარგავდა ჯანმრთელობას. იმპერია ისევე სწრაფად იშლებოდა, როგორ სწრაფადაც შეიქმნა.   მეფესაც შეეცვალა ხასიათი - თავნება, სასტიკი, დაუნდობელი გახდა. ის სილაღე, რომელიც ასე ამშვენებდა მის გამარჯვებებს, უკვალოდ გაქრა.

ქარაფშუტა ქალივით ეამებოდა ქება. გვერდით მხოლოდ იმას იჩერებდა, ვინც უფრო ოსტატურად ეპირფერებოდა.

   ეს ჯარსაც ხრწნიდა. უფრო წარჩინებულები მეფეს ჰბაძავდნენ, სიამოვნებასა და ფუფუნებაში ატარებდნენ დროს. ომი აღარ უნდოდათ. ჯარისკაცებს სახლები ენატრებოდათ. აღარ ესწრაფოდნენ ახალი მიწების დაპყრობას, რადგან თითოეულს იმაზე ბევრად მეტი ჰქონდა მოპოვებული, ვიდრე შინ წაღება შეეძლო.

   დროთა განმავლობაში ალექსანდრე გულღვარძლიანი და ეჭვიანი გახდა. აღარ

სიამოვნებდა, როცა ვინმე სიმართლეს ეტყოდა. როგორც გადმოგვცემენ, ერთ დღეს მეფესთან გამართულ ნადიმზე, სადაც ბევრი სტუმარი იყო მოწვეული, ფილოსოფოს კალისთენეს სთხოვეს, მაკედონელთა სადღეგრძელო ეთქვა. მან ისეთი

ენაწყლიანობით შეასრულა, თურმე, ეს თხოვნა, რომ სტუმრები ფეხზე წამოდგნენ, კალისთენე ტაშით დააჯილდოეს და გვირგვინითაც შეამკეს. მხოლოდ ალექსანდრე ჩანდა უკმაყოფილო: - «ჯობს, შენი მჭევრმეტყველების ძალა მაკედონელთა გაკიცხვით გვიჩვენო, რათა გაიგონ თავიანთი შეცდომები და უკეთესები გახდნენ».

   მაშინ კალისთენემ სიმართლე მიახალა მაკედონელებს. მისმა  სიტყვამ ერთობ მკაცრად გაიჟღერა: - «მაკედონელებმა იმიტომ კი არ მოახერხეს ბერძნების ძლევა, რომ უკეთესი მეომრები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ ბერძნებს ერთობა არ ჰქონდათ.

სწორედ ბერძენთა სისუსტეში იმალებოდა ფილიპეს ზღაპრული წარმატებების საიდუმლო»... და ლექსიც მიაყოლა ნათქვამს:   «თუ ხალხში ერთობა მცირობს, პატივშია თვით არამზადა.»

   ერთნი ამბობენ, ალექსანდრემ კალისთენე ჩამოახრჩოო, მეორენი კი მიიჩნევენ, რომ ფილოსოფოსი საპყრობილეში გარდაიცვალა მძიმე ავადმყოფობისგან.

 

 

 

   * * *

 

   ჯარის მოთხოვნით ალექსანდრემ დატოვა ინდოეთი. მაკედონიაში დაბრუნება ბრძანა, მაგრამ მეფეს აღარ ეწერა სამშობლოში ჩასვლა. უკანა გზა ხანგრძლივი და მტანჯველი აღმოჩნდა.   მისნებმა იწინასწარმეტყველეს - მეფე ბაბილონს მოერიდოსო. მაგრამ ალექსანდრე იმდენად იყო ქებისგან გაბრუებული, მართლა სჯეროდა, რომ ღმერთის შვილი იყო და ყური არ ათხოვა მისანთა თათბირს - არ აუარა ბაბილონს გვერდი, მაგრამ მიუახლოვდა თუ არა ქალაქს, სასტიკად ინანა თავისი საქციელი.

   მეფე შეზარა საშინელმა სურათმა - ქალაქის შესასვლელში აურაცხელი ყვავი ირეოდა. ისინი ერთმანეთს კორტნიდნენ. რამდენიმე ყვავი მეფის ფერხთით დაეცა. ცოტა ხანში კიდევ ერთი უსიამოვნება  მოხდა - ბაბილონში გამოზრდილ დიდსა და ლამაზ ლომს შინაური ვირი დაესხა თავს, ჰკრა წიხლი და სული გააცხებინა.

   მეფეს ეს უცნაური ამბავიც ავად ენიშნა. შეეშინდა ბაბილონში შესვლა. ამიტომ მთელ დროს ან ქალაქის ზღუდის გარეთ გაშლილ კარავში ატარებდა, ან ნავით სეირნობდა ევფრატზე. ცრუმორწმუნეობას მიეცა. მუდამ ჟამს შიშში იყო. ქურუმებით და წინასწარმეტყველებით გაივსო სამეფო კარი, მაგრამ შიშმა ვერ იხსნა მეფე სიკვდილისგან. მისანთა წინასწარმეტყველება გამართლდა.

   მაკედონელთა მეფე - დიდი ალექსანდრე, გარდაიცვალა ოცდაცამეტი წლის ასაკში. მითი იმის შესახებ, რომ იგი ღმერთის შვილი იყო და ამიტომ  - უკვდავიც, გაქარწყლდა. მიწამ შთანთქა ოცნება მსოფლიო ბატონობის შესახებ.

   ალექსანდრე მაკედონელის საფლავს ის წარწერა მოუხდებოდა, კიროსის განსასვენებელზე რომ ამოიკითხა ერთხელ და სიმწრით გადააქნია თავი.   «ადამიანო, ვინც უნდა იყო შენ, იცოდე, რომ მე ვარ კიროსი, სპარსთა უძლეველი სამეფოს დამაარსებელი, და ნუ დამამადლი ამ ერთ პეშვ მიწას, სხეულს რომ მიფარავს.»   ასეთი იყო კიროსის საფლავზე ამოტვიფრული სინანულით სავსე სიტყვები. ნეტავ მაშინვე თუ იგრძნო პატივმოყვარე მაკედონელმა, რომ თვით დიდი მეფეებიც კი უძლურნი არიან ულმობელი დროისა და ზესთა სამართლის წინაშე?

 

 

 

სიმღერა როლანზე

 

   მთელ ქვეყანაზე იყო განთქმული ფრანგთა ძლევამოსილი ხელმწიფე შარლემან დიდი. მისი უმაგალითო სიმამაცე და სამხედრო წარმატებები შიშის ზარს სცემდა ყველა ურჯულოს. შარლემანმა თავისი ქვეყნიდან განდევნა მავრები, - მაჰმადიანი არაბები - რომელთაც იმხანად ესპანეთი და საფრანგეთის ნაწილი ჰქონდათ დაპყრობილი, მაგრამ ბრძენმა ხელმწიფემ კარგად უწყოდა: - თუ ესპანეთსაც არ დაიხსნიდა ურჯულოთაგან, მტრის ურდოები მის ქვეყანას არ მოასვენებდნენ. ურყევმა რწმენამ და მართალი საქმისთვის თავდაუზოგავმა გარჯამ სასწაულებრივ გააძლიერა შარლემანი. ესპანეთისკენ დაძრულ მის ლაშქარს თამაშად უჩნდა მტერთან შერკინება. 

 მავრები ქალაქს ქალაქზე კარგავდნენ. დიდად შეშფოთებული მარსილი - არაბთა მეფე - საგონებელში ჩავარდა. ხვდებოდა, შარლემანის ძლევამოსილ წინსვლას სასწაულის გარდა ვერაფერი შეაჩერებდა.

 

* * *

 

   სარაგოსაში - ესპანელ არაბთა სატახტო ქალაქში - მარსილმა დარბაზი მოიწვია და თუკი ვინმე ნაქები იყო ჭკუით ან მოხერხებით, ყველა იქ იხმო. დიდი თათბირი გამართა. რჩევას ითხოვდა, რა ეღონა ფრანგთა უძლეველი ჯარის წინააღმდეგ.   ცბიერი ბლანკანდრენის გარდა ვერავინ გაბედა მეფის წინაშე სიტყვით წარდგომა:

   - დიდო მეფეო, - ბრძანა ვეზირმა - ძველთაგან თქმულა, საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო. ომით შარლემანთან ვერას გავხდებით, ჭკუით უნდა ვაჯობოთ. რჩევას შემოგბედავთ, ძღვენი მივართვათ ფრანგთა ხელმწიფეს. ნუ დავინანებთ ოქროს, ვერცხლს, თვალ-მარგალიტს, ძვირფას ბეწვეულს... თვით ჩვენი შვილები ვაახლოთ მძევლებად. შევფიცოთ ერთგულება. ვთხოვოთ, სატახტო ქალაქ აახენში დაბრუნდეს. შევპირდეთ, რომ მიქაელ მთავარანგელოზის დღესასწაულზე ეახლებით და ქრისტიანად მოინათლებით. შარლემანი ენდობა არაბთა მეფის სიტყვას. ბანაკებს აშლის. საფრანგეთისკენ იბრუნებს პირს. ომი შეწყდება. რაღა თქმა უნდა, აახენს თქვენ არ ჩახვალთ, მაგრამ გვიანღა იქნება. სანამ შარლემანი ჯარს შეკრებს ესპანეთის

დასალაშქრავად, ჩვენც გავძლიერდებით, ციხეებს გავამაგრებთ, ომისთვის უკეთ მოვემზადებით. სხვა გზას მე ვერ ვხედავ. - დაასრულა ბლანკანდრენმა თავისი სიტყვა.

   ბრძენთა საკრებულომ მოიწონა ცბიერი ვეზირის თათბირი. გადაწყდა, დიდძალი ძღვენი გაეგზავნათ შარლემანისთვის. დატვირთეს აქლემები, ცხენები, ჯორები. გასამგზავრებლად მოამზადეს მძევლები - წარჩინებულ არაბთა უფროსი ვაჟები. მათ შორის ბლანკანდრენის შვილიც. იმდენად დიდი იყო ძალაუფლების სიყვარული, შვილების სიცოცხლეც კი არად უღირდათ არაბებს.

 

* * *

   ირმების გუნდი ნებივრად მიმოდიოდა მუხნარის ჩრდილში. იქვე, შორიახლოს, შარლემანის ოქროს ტახტი იდგა. ძლევამოსილი მეფე სიამოვნებით ადევნებდა თვალს ირმების ნავარდს. უერთგულესი ბარონებით გარშემორტყმული ფრანგთა ხელმწიფე გამარჯვებას ზეიმობდა. კიდევ ერთი მავრიტანული ქალაქი დაეცა - კორდოვა უომრად ჩაბარდა ფრანგებს.

   სასახლის ბაღში როლანი - მეფის დისწული, გმირული ბრწყინვალებით გამორჩეული, ოლივიეს - თავის მეგობარს, განთქმულს სიდინჯით, სიბრძნით, თავშეკავებით, ჭადრაკს ეთამაშებოდა ალერსიანად მოშრიალე ფოთლების ჩრდილში. ალდა - ოლივიეს მშვენიერი და - სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს ორთაბრძოლას. დროდადრო სიყვარულით გამთბარ მალულ მზერას შეაჩერებდა ხოლმე როლანის ამაყ, ლამაზ სახეზე.

   მეფეს სარაგოსელი ელჩების მობრძანება შეატყობინეს. შარლემანი დიდად ჩააფიქრა არაბთა გამოჩენამ. ცბიერი ბლანკანდრენი დათაფლული სიტყვებით წარდგა მეფის წინაშე. მორჩილება და ერთგულება აღუთქვა, სარწმუნოების შეცვლას დაჰპირდა, უძვირფასესი ძღვენი მიართვა.    შარლემანმა ყურადღებით მოუსმინა ცბიერ არაბს. აწონ-დაწონა მისი სიტყვა. იცოდა, ურჯულოთა ნდობა უმადური საქმე იყო. ელჩების დაბინავება ბრძანა, თვითონ კი სათათბირო იხმო. მარტომ არ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება.

   ბარონები თავშეკავებით შეხვდნენ არაბთა მეფის წინადადებას. “უნდა გავფრთხილდეთ!” - აღმოხდათ ერთხმად. მხოლოდ გულფიცხმა როლანმა ვერ შეიკავა თავი:   - არ შეიძლება არაბთა ნდობა. ღმერთი ამ ომში ჩვენს მხარეზეა. გამარჯვებას გამარჯვებაზე ვზეიმობთ. ბოლომდე უნდა მივდიოთ არაბებს. ყველას გვახსოვს, რამდენჯერ გატეხეს სიტყვა ურჯულოებმა, რამდენი საზავო შეთანხმება დაარღვიეს. ფიცი, ერთგულება, მართალი სიტყვა მტერმა არ იცის... მოგვატყუებენ, დიდო მეფეო!   სათათბირომ მდუმარედ მოისმინა როლანის სიტყვა.

ბოღმამ დაახრჩო განელონი, მისი მამინაცვალი - როგორც ყოველთვის, ისევ როლანმა გაბედა მეფისთვის პირდაპირ ეთქვა ყველას სათქმელი. შურმა გონება დაუბნელა მედიდურ თავადს:   - ნუ დაუჯერებთ ამპარტავანი როლანის სიტყვებს,

ფიცხი და თავნებაა თქვენი დისწული. ნურც მე მენდობით. საკუთარ გულისთქმას მიუგდეთ ყური, ბრძენო მეფეო. შერიგების მეტი რაღა დარჩენია უბადრუკ მარსილს?! ომი წააგო. დღეს თუ ხვალ მთელი ესპანეთი ჩაგბარდებათ.

გონიერებას მოვუხმოთ, გადავარჩინოთ ქვეყანა უაზრო სისხლის ღვრას. დავზოგოთ ჩვენი ბიჭები. ფრანგი მეომრების სიცოცხლე ჩვენს ტკბილ სამშობლოს სჭირდება. დავბრუნდეთ საფრანგეთში. იქ დაველოდოთ მარსილის ჩამოსვლას. ნუ დავყვებით უგნურთა რჩევას. მშვიდობა ყველა გამარჯვებაზე უფრო ძვირფასია, დიდო მეფეო! - ბლანკანდრენივით დაიშაქრა ენა ვერაგმა განელონმა.

   მოწონების შეძახილი აღმოხდათ ფრანგებს.   კეთილგონიერებით განთქმულმა ნეიმმაც დაზავებას დაუჭირა მხარი. მეფეს ურჩია, ერწმუნა მარსილის სიტყვა და აეშალა ფრანგთა კარვები, მშვიდობით დაბრუნებულიყო ტკბილ საფრანგეთში.

 

* * *

   ყველა მოუთმენლად ელოდა მეფის გადაწყვეტილებას. შარლემანი არ ჩქარობდა. იცოდა, ნეიმი ჭკვიანი კაცი იყო; თუმცა, ფიცხი, მაგრამ ერთგული როლანის სიტყვები უფრო ეხმიანებოდა მის გულისთქმას. სათათბიროს გადახედა. ნეიმმა თეთრ წვერზე მოისვა ხელი. ამ უნებლიე მოძრაობამ გადაწყვიტა სადავო საკითხი. შარლემანი ჭაღარას ენდო. სარაგოსაში ელჩების წარგზავნა ბრძანა. ხელმწიფემ სწორად განსაჯა, რომ ერთგული და სამშობლოს მოყვარული ადამიანი იქ, ადგილზე, უკეთ ამოიცნობდა ორპირობას, სიცრუეს, ღალატს.

   - სენიორებო, ვინ გავგზავნოთ ელჩად

სარკინოზებთან? - მიმართა დარბაზს შარლემანმა.   ნეიმი,  კეთილგონიერი თეთრწვერა ნეიმი, წამოდგა პირველი:

   - არაბთა მეფეს მე ვეახლები, ჩემო ხელმწიფევ. 

 - არა, ერთგულო ნეიმ, შენი კეთილი რჩევა და ბრძნული სიტყვა აქ დამჭირდება.

   - მეფევ-ბატონო, მე გამგზავნეთ! - მეხივით გაისმა გულფიცხი როლანის ხმა.

   - შენი წასვლა სარაგოსაში არ შეიძლება. ფიცხი და გულზვიადი ხასიათი გაქვს. უთუოდ ხიფათს გადაეყრები. ელჩობა შენი საქმე არ არის. - არ აცალა მეგობარს სიტყვის დამთავრება ოლივიემ.   ტურპენს - მღვდელმთავარს, მოძღვარს და მეომარს

- ეშმაკურად ჩაეცინა:

   - მე გამიშვით სარაგოსაში. ვნახავ ერთი, რა ხალხია ეს არაბები. თანაც, მომავალი მრევლია თურმე. ხომ უნდა გავიცნო ჩემი სულიერი შვილები.

   ყველას გაეღიმა ეპისკოპოსის ხუმრობაზე. 

 როლანმა ელჩად თავისი ღვარძლიანი მამინაცვალი დაასახელა. განელონი შეცბა, ფერი დაკარგა, მკრთალ სახეზე მრისხანება გამოეხატა.

 

   ფრანგებს მოეწონათ როლანის სიტყვა: - ჩვენს შორის უფრო ღირსეულს ვერავის ნახავთ! - გაისმა აქეთ-იქიდან.

   შარლემანმა განელონს თავისი კვერთხი გადასცა, რითაც უსიტყვოდ დაადასტურა მისი ელჩობა.

 

* * *

   ვერაგი ბარონი ზეთისხილის ვერცხლისფერ ხეებს შორის მიაჭენებს ბედაურს. ბოღმა ახრჩობს. სძულს თავისი გერი, მას აბრალებს, ფრანგებმა ელჩად რომ აირჩიეს. არაფრად ეპრიანება ესპანეთის ხიფათიან გზებზე ხეტიალი. ჰგონია, როლანს მისი დაღუპვა უნდა. მაგრამ შიშზე უფრო შური ეძალება. როლანი იქ არის, შარლემანის გვერდით, ბედის ნებიერი და მეფის რჩეული...

   არც საფრანგეთზე ფიქრობს და არც ხელმწიფისთვის მიცემული ფიცი ადარდებს - შურისძიების სურვილს შეუპყრია. სიძულვილით დაბრმავებული, სამშობლოს ღალატს ჩაიდებს გულში.   ეჰ, რამდენი სიმდაბლეა ამქვეყნად.   აოი!

   არაბები პატივით დახვდნენ შარლემანის ელჩის მობრძანებას. მეფე მარსილმა ბლანკანდრენს მიანდო განელონთან მოლაპარაკებების წარმართვა. ცბიერი ბლანკანდრენი მიხვდა, რომ პატივმოყვარე, ამპარტავან ადამიანთან ჰქონდა საქმე და ქათინაურებით, ძვირფასი საჩუქრებით თუ დაპირებებით ღალატზეც კი იოლად დაიყოლიებდა.

   მალევე გამონახეს საერთო ენა და ერთად შეიმუშავეს უსირცხვილო ღალატის გეგმა: განელონს მეფე შარლემანი არაბთა გულწრფელობაში უნდა დაერწმუნებინა. ფრანგთა ხელმწიფე ბანაკს აშლიდა და სამშობლოსკენ გაბრუნდებოდა. განელონის რჩევით, არიერგარდში, ჯარისთვის ზურგიდან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შარლემანს როლანი უნდა დაეტოვებინა. არაბები ვიწრო ხეობაში მოამწყვდევდნენ არიერგარდს და სულ ერთიანად გაჟუჟავდნენ.

ბლანკანდრენის თქმით, შარლემანი საფრანგეთამდე ისე ჩავიდოდა, ვერც კი მიხვდებოდა, რომ არიერგარდი მოსწყდა. ცოტა ხანში მიქაელ მთავარანგელოზის

დღესასწაულიც დადგებოდა, არაბთა მეფე აახენს ესტუმრებოდა, ქრისტიანად მოინათლებოდა, ერთგულებას შეჰფიცავდა ფრანგთა ხელმწიფეს. ეს ისეთი მომგებიანი საზავო საფუძველი იქნებოდა, რომ არიერგარდში დატოვებული როლანი აღარავის გაახსენდებოდა. ქვეყნად ნანატრი მშვიდობა დამყარდებოდა.

   განელონმა თავი მოიკატუნა. ვითომ ვერ მიხვდა, რომ შარლემანის ზურგის დამცველი ჯარის განადგურება ხელს შეუშლიდა ფრანგებსა და არაბებს შორის რაიმე საზავო მოლაპარაკების გაგრძელებას. ვინ ვინ და განელონმა მშვენივრად უწყოდა, რომ შარლემანი როლანის სიკვდილს არავის აპატიებდა, მაგრამ სიძულვილს ვერ მოერია - როლანიც გაწირა, თორმეტი ბრწყინვალე პერიც გაიმეტა სასიკვდილოდ და თავიც ბრიყვულად დაიღუპა.

   როლანზე - მეფის დისწულზე, გმირული ბრწყინვალებით გამორჩეულ ვაჟკაცზე, რომელმაც თავი სამშობლოს შესწირა, საფრანგეთში დღემდე მღერიან სიმღერებს. განელონმა კი მოღალატის, ფიცის გამტეხის სამარცხვინო სახელი ირჩია.   ამ მარადიულ ორთაბრძოლაში ვინ გაიმარჯვა?!

* * *

   ალდას, მშვენიერთვალება ალდას, ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა. ადგილს ვერ პოულობდა. საშინელ სიზმრებს ხედავდა. როლანის და ოლივიეს ერთად დანახვაზე გული ისე უფრთხიალებდა, თითქოს მკერდიდან ამოფრენას ლამობსო. იმ დღეს, როცა განელონი სარაგოსადან დაბრუნდა, ალდა მეფის ტახტის უკან, ათასწლოვანი ბზების სურნელოვან ჩრდილში დაიმალა.

   მეფე შარლემანმა სათათბიროს მოწვევა ბრძანა. მოღალატე განელონი გრძელი, დათაფლული სიტყვით წარდგა ხელმწიფის წინაშე. სარაგოსას გასაღები მიართვა მდაბლად. ისე ილაპარაკა, თითქოს მართლა დიდი დიპლომატი ყოფილიყო. ათას წვრილმანს მიედ-მოედო. დაღალა მსმენელი. მშვიდობას ადიდებდა, საფრანგეთს უშფოთველ მომავალს უწინასწარმეტყველებდა, მარსილის გულწრფელობაში არწმუნებდა მეფეს.

   პერებმა მოიწონეს ელჩის სიტყვა.

   სათათბირომ საფრანგეთში დაბრუნება გადაწყვიტა.   შარლემანის ტახტის ახლოს, ათასწლოვანი ბზების უკან, რაღაცამ გაიფრთხიალა. თითქოს უნუგეშო ოხვრაც მოჰყვაო თან ამ უცნაურ ფრთხიალს. ალბათ, ჩიტი თუ გაიხლართა ბზის ხშირი რტოების ბნელ ლაბირინთში. - სევდიანად გაიფიქრა ფრანგთა ძლევამოსილმა მეფემ და ბანაკების აშლა ბრძანა.

 

* * *

   რონსევალის ვიწრო ხეობას მიუახლოვდა ფრანგთა ლაშქარი. შარლემან დიდმა გარიჟრაჟზე ლოცვა აღავლინა უფლის მიმართ. ტურპენმა წირვა დააყენა.

სულგანაბული უსმენდა ჯარი ეპისკოპოსს. ვინ იფიქრებდა, რომ ზემოთ, მთებში, არაბთა მეომრები იკრიბებოდნენ. სამშობლოს მონატრებული ფრანგები შინ დაბრუნებაზე ოცნებობდნენ. უკვე ძალიან შორს იყვნენ ესპანეთისგან. ტკბილ საფრანგეთთან შეყრას ესწრაფოდნენ.

   შარლემანმა პერებს მიმართა: - სამშობლოსკენ დაძრულ ჯარს ზურგს ვინ გაუმაგრებს?.. ვინ დავაყენოთ არიერგარდში?

   - როლანი, ჩემი გერი. - არ დააყოვნა პასუხი განელონმა - უფრო მამაცი სხვა ბარონი არ მეგულება.

   - მერე ავანგარდს ვინ გაუძღვება?

   - დანიელი თავადი ოჟიე. უებრო ვაჟკაცი და გამოცდილი მეომარია.

   საფრთხის მოლოდინში სახე აენთო ბრწყინვალე როლანს. სატევარზე გაივლო ხელი. მადლიერია, რომ გზის ყველაზე ძნელი მონაკვეთი მიანდვეს დასაცავად.

მოუსვენრად ბორგავს მისი ბედაურიც - ბრძოლებში ნათამაშები ფეხმარდი ვეიანტიფი.

   მხოლოდ ერთი წამით გააპარებს როლანი თვალს იქით, სადაც ქალები ისვენებენ ნაძვების ჩრდილში. ალდაც, მშვენიერთვალება ალდაც, ამოხედავს ცხენზე

ამხედრებულ ვაჟკაცს. ორი გამჭვირვალე ცრემლი გადმოუვარდება ლურჯი თვალებიდან და ნელა, ძალიან ნელა ჩამოეღვენთება ფაიფურივით მკრთალ ლოყებზე.

 

***

   ხელმწიფე მძიმედ დაიძრა საფრანგეთისკენ. ეძნელებოდა როლანის დატოვება. იმ ღამეს უცნაური სიზმარი ნახა. თითქოს სიზის ვიწრო ხეობაში იყო. იფნის შუბი ეჭირა. განელონმა გამოჰგლიჯა ხელიდან შუბი, მოიქნია და ნამსხვრევებად აქცია. დამსხვრეული შუბი, იმის მაგივრად, რომ მიწას დანარცხებოდა, ცისკენ აიზიდა.

   გამართლდა მეფის წინათგრძნობა, ხეობიდან არც იყო გასული, რომ არაბთა ასიათასიანი ლაშქარი დაიძრა ფრანგთა არიერგარდის წინააღმდეგ.   კეთილშობილმა ოლივიემ დილიდანვე დაათვალიერა რონსევალის მიდამოები. ყველაზე მაღალ ბორცვზე ააგელვა ბედაური და იქიდან გადმოხედა ესპანეთის ველებს. ახლად ამოწვერილი მზის სხივებს სარკინოზების შუბები უთვალავფერად აელაპლაპებინა.

განცვიფრდა ოლივიე, ამდენი ჯარისკაცი ერთად არასოდეს ენახა.

   ბანაკში დაბრუნებულმა ჯარს მოახსენა: - გაუგონარი ბრძოლა მოგველის. ასიათასი მეომარი მაინც იქნება. ჩემო ერთგულო მეგობრებო, ღმერთს შევევედროთ, მტრის გამკლავება შეგვაძლებინოს.

   ერთხმად აღმოხდათ ფრანგებს ომახიანი შეძახილი - “წყეულიმც იყოს, ვინც მტერს გაექცეს!”   როლანი ცალკე გაიხმო ოლივიემ: - ბევრნი არიან

სარკინოზები. ჩვენი პატარა რაზმით მათთან ვერას გავხდებით. სანამ შარლემანი შორს არ წასულა, სანამ ჯერ კიდევ არის ცოტა დრო, ბუკს უნდა ჩავბეროთ. მეფე გაიგონებს ოლიფანის ხმას და შემოაბრუნებს ფრანგთა მხედრობას. აქ სათაკილო არაფერია.

   - მტრის სიმრავლე ვერ შეაშინებს შარლემანის ნაცად მეომრებს. ოლიფანს - ჩემს ბუკს - ტყულად ვერ გავსარჯავ. სახელოვანი სიკვდილი გვიჯობს მოპარულ გამარჯვებას.

   კეთილგონიერმა ოლივიემ სამჯერ გაუმეორა თხოვნა მეგობარს.

   სამჯერ უარი მიიღო მისგან.   ბრძოლის ჟინით აღტყინებული როლანი აღარ უგდებდა ყურს მეგობრის რჩევას.     

 

* * *

 

   შემაღლებულ ადგილზე შედგა გმირი როლანი. ოლივიე და ტურპენი უმშვენებენ მხარს. ტურპენმა - მეომარმა და მღვდელმთავარმა - თავის სამწყსოს მიმართა:

   - შვილნო ჩემნო, ამ უმძიმესი განსაცდელის ჟამს მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები. ვილოცოთ სულის ხსნისთვის და ბრძოლის ველზე თუ დავეცემით, სამშობლოსთვის გაწირული ჩვენი სულები სასუფეველში ამაღლდებიან.

   ჩამოქვეითდა ფრანგთა მხედრობა. ყველამ

პირჯვარი გადაისახა. ტურპენმა უფლის მიმართ ლოცვა აღავლინა და ის იყო ფეხზე უნდა წამომდგარიყო, რომ ესპანეთის მხრიდან სარკინოზთა მწყობრი ლეგიონებიც გამოჩნდა.

   ცოდვებშენდობილ, განწმენდილ ფრანგებს ურჯულოების არ ეშინიათ. სამშობლოსთვის ომში სიკვდილი პატივად უჩანს ყოველ ჯარისკაცს.   სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა. თითო ფრანგზე ათი არაბი მაინც მოდის, მაგრამ შარლემანის მეომრები მტრის სიმრავლეს არ უდრკებიან. ვაჟკაცურად იბრძვიან როლანი, ოლივიე, ტურპენი, თორმეტი რჩეული პერი. მუსრს ავლებენ ცბიერ სარკინოზებს. მათი ხმლები ჯოჯოხეთის ცეცხლივით ლაპლაპებს ხეობის თავზე ამოწვერილი მზის შუქზე. არაბები უკვე ხვდებიან, რომ უძნელესი ომი მოუწევთ, მაგრამ უკანდასახევი გზა მოჭრილია.

   მტრის სისხლშია ამოსვრილი გმირი როლანი. მის გარშემო ურჯულოთა გვამები ყრია. ხმლის ერთი დაკვრით ცხენიანად გაჩეხავს ახმახ სარკინოზს, წამით შეისვენებს, შუბლიდან ოფლს მოიწმენდს და სინანულით მოავლებს თვალს ბრძოლის ველს, რომელიც სასაკლაოდ გადაქცეულა. ხედავს, ფრანგიც ბევრია დახოცილთ შორის. ოლივიეს გადასძახებს, თავის მეგობარს, - ბუკს ხომ არ ჩავბერო, ჩემს მჟღერ ოლიფანს? ხელმწიფემ უნდა იცოდეს, რომ ზურგი დაუცველი რჩება. ამ ომში ცოცხალი ვერავინ გადავრჩებით. მართლა უთვალავი ყოფილან ეს ოხრები!

   ოლივიე, კეთილგონიერი ოლივიე, დამცინავად და ნაღვლიანად გადმოხედავს თავის მეგობარს:

   - ასჯერ რომ მკითხო, ასჯერ გიპასუხებ - ბუკის ჩაბერვა სათაკილო საქმე ყოფილა.

   ტურპენი - მღვდელმთავარი, ფრანგთა მოძღვარი და მეომარი - ყურს მოჰკრავს მეგობრების წალაპარაკებას. ხმლის ერთი მოქნევით გააგდებინებს თავს ურჯულო მტერს და ხმამაღლა დაიძახებს: - ჩხუბის დრო აღარ არის. ერთმანეთს ჯიბრში ნუ ჩაუდგებით. როლან, ჩაჰბერე შენს ბუკს, ოლიფანს! შარლემანმა უნდა იცოდეს, რომ ზურგი დაუცველი დარჩება. ჩვენ ამ ბრძოლაში ჩავიხოცებით!

   ჩაჰბერავს როლანი თავის ბუკს. მთები ღრიალით მისცემენ ბანს ოლიფანის ხმას.

   შორს შარლემანი გაიგებს ამ განწირულ ძახილს. გული ტკივილით აევსება. მიხვდება, რომ მოატყუა ვერაგმა განელონმა. ჯარის უკან შემობრუნებას ბრძანებს. იქნებ მიეშველოს თავის დისწულს,

საფრანგეთის მხედრული ღირსებისთვის თავდადებულ გმირს, თავნება როლანს.

 

* * *

 

   როლანმა ვერ მოიგდო ხელში მარსილი - არაბთა მეფე. დაინახა თუ არა იმ უბადრუკმა, რომ ფრანგთა ძლევა მის არმიას არ შეუძლია, ფეხმარდ ულაყზე ამხედრებულმა ესპანეთისკენ იბრუნა პირი.

   გაკვირვებული გაჰყურებს როლანი გაქცეულ მეფეს. მარსილის ფეხდაფეხ მისი ურჯულო ჯარისკაცებიც გარბიან. ეს, ალბათ, დიდი გამარჯვებაა - ფრანგებმა უთვალავი მტერი უკუაქციეს, მაგრამ თვითონაც ჩაიხოცნენ რონსევალის ღრმა ხეობაში. დაჩეხილი, სისხლისგან დაცლილი როლანი აჩრდილივით დახეტიალებს დახოცილ თანამებრძოლთა შორის. ოლივიეს დაინახავს, სიყრმის მეგობარს - ხმალი ხელში ჩაუბღუჯავს, სასოებით აღუპყრია თვალნი ზეცისკენ და გამშრალი, თითქმის უსისხლო ტუჩებით ლოცვის სიტყვებს წარმოთქვამს ჩუმად.

   - ჩემო კეთილო მეგობარო, გული სინანულით მევსება, რომ არ დაგიჯერე, ბუკს არ ჩავბერე. თქვენი სიკვდილი ჩემი ბრალია. ეჰ, უძლური ვარ, რამე შევცვალო. ჩვენ, ოლივიე, ვერავინ გაგვყრის. მე თუ ამ ომში არ მომკლეს, იცოდე, ტკივილი მომკლავს.

   მომაკვდავ ოლივიეს ჩაესმის უსაყვარლესი მეგობრის უცნაური სიტყვები, უკანასკნელ ძალებს მოიკრებს, წამოიწევა, როლანს ბავშვივით ჩაეხუტება და, მის მკლავებში მომწყვდეული, ღიმილით დალევს სულს.

   დაუძლურებული, თითქმის მომაკვდავი როლანი ერთ მაღალ ბორცვზე აფორთხდება, რომ საფრანგეთის შორეულ ველებს შეავლოს თვალი უკანასკნელად.

გულში ჩაიკრავს ოლიფანს და სასიკვდილოდ მოემზადება. ფიქრობს მეფეზე, საფრანგეთზე, მშვენიერთვალება ალდაზე... ეჰ, იმის თქმაც კი ვერ მოასწრო, როგორ უყვარდა...    გვერდით მახვილი უდევს - უმძიმეს ომებში ნაწრთობი დურანდალი. თვით შარლემანმა აჩუქა დისწულს, პირველ ბრძოლაში როცა იახლა.   შორიახლოს ერთი არაბი ჩასაფრებულა, აქამდე თავს რომ იმკვდარუნებდა. აღარ ეშინია გმირი როლანის, მკვდარი ჰგონია. უნდა, რომ ხმალი აართვას - სარაგოსაში ძვირად გაყიდის ასეთი მეომრის ნაქონ იარაღს. როლანი გრძნობს, ხმლის წართმევას რომ უპირებენ, ოლიფანს მოიქნევს და ხარბ სარკინოზს თავს გაუხეთქავს. მერე წამოდგება, იქვე ქვის ლოდზე დაჰკრავს რამდენჯერმე დურანდალს, თავის ხმალს, რომ ვადაში გადაამტვრიოს. არ უნდა, შარლემანის ნაბოძები მახვილი მტერს ჩაუვარდეს ხელში, უღირს ურჯულოს. მაგრამ ღონე აღარ ჰყოფნის. იქნებ ფოლადია ისე ნაწრთობი, რომ ვერ გადატეხავს.

ესპანეთისკენ შეტრიალდება, მტერს ზურგი მკვდარმაც რომ არ უჩვენოს. ქალწულ მარიამს შეავედრებს სულს და სიკვდილის მოლოდინში გაირინდება.

   უფალი ციდან ანგელოზს გზავნის, რათა სამოთხისკენ წარუძღვეს სამშობლოსთვის თავდადებული გმირის ნათელ სულს.

   ჰეი! როგორი გრგვინვა-გრიალი ატყდა მთელ საფრანგეთში. სეტყვა უშენს, ჭექა-ქუხილი აყრუებს ზეცას. მიწა სენ-მიშელ დე პერილიდან ვიდრე სანსამდე იძვრის და ბორგავს. ყველას ჰგონია, დადგა ჟამი საშინელი აღსასრულისა. არავინ უწყის, რომ ეს როლანის დატირებაა. ბუნება გლოვობს ომში ჩახოცილი თავისი ამაყი შვილების უდროო სიკვდილს.   აოი!

* * *

 

   ერთადერთი საშინელი წამი დასჭირდა ფრანგთა ხელმწიფეს, შარლემან დიდს, იმის მისახვედრად, რომ ასეთ სასტიკ შეტაკებაში ვერც ერთი მისი მეომარი ცოცხალი ვერ გადარჩებოდა. მამაცი ფრანგი მეომრები სამშობლოს სადიდებლად ჩაიხოცნენ რონსევალის ღრმა ხეობაში. არემარე საზარელმა ღრიალმა შეძრა.

   არც კი ჩამოქვეითებულა მეფე ცხენიდან. სწრაფად გადაიარა ფრანგთა სასაკლაო და გაქცეულ ურჯულოებს დაედევნა შურისძიების ჟინით შეპყრობილი.

   აი, გამოჩნდნენ სარკინოზთა უწესრიგო, დამფრთხალი რაზმები, მაგრამ შარლემანმა იგრძნო, რომ ვერ ასწრებდა არაბებთან შებრძოლებას. მზე დაისისკენ გადაიხარა. საღამოვდებოდა. მძლეთამძლე მეფეს ბრაზი ახრჩობდა. ეს ომი დილამდე რომ გადაედო, ალბათ, გული ტკივილისგან გაუსკდებოდა.

 

   მუხლი მოიყარა ფრანგთა ხელმწიფემ თავისი მეომრების სისხლით გაპოხილ უცხო მიწაზე და ღმერთს მხურვალედ შესთხოვა მზის ჩასვლის დაყოვნება. უფალმა შეისმინა მეფის ლოცვა - სასწაულებრივ შეაჩერა დროის დინება.   სანამ ფრანგთა ხელმწიფე უწყალოდ ხოცავდა ბრძოლის ველიდან ლაჩრულად გაქცეულ არაბებს, მზე, დაისისკენ ოდნავ გადახრილი, იდგა მაღალი ნაძვების თავზე და სიწითლეშეპარული თბილი სხივებით გზას უნათებდა მამაც შარლემანს.

* * *

   იმ მძლეთამძლე მეფემ, შარლემან დიდმა, სასტიკად იძია შური ურჯულო მტერზე. სარაგოსამდე სდია არაბებს. ვერავინ გადაურჩა მის სამართლიან რისხვას - ვერც მეფე მარსილი, ვერც გაიძვერა მისი მრჩეველი, ვითომ ბრძენი, ცბიერი ბლანკანდრენი; ვერც ის უბადრუკი განელონი, თავს რომ მტრის ქალაქს აფარებდა, მეფის შიშით საფრანგეთიდან გამოქცეული. სამარცხვინო და უსახელო იყო მისი სიკვდილი.   საფრანგეთისკენ მიმავალმა მეფემ ისევ ჩაიარა რონსევალის ბნელი ხეობა. გამარჯვებულმა შარლემანმა მხურვალედ დაიტირა სამშობლოსთვის დახოცილი ფრანგი მებრძოლები. ყველას სათითაოდ გამოეთხოვა: ტურპენს - მღვდელმთავარს, მოძღვარს და მებრძოლს; ოლივიეს - ერთგულ ვასალს და კეთილ მეგობარს; თორმეტ წარჩინებულ პერს - კეთილშობილ, სანდო მეომრებს; გმირი როლანი - ფიცხი და თავნება თავისი დისწული - გულში ჩაიკრა.    მის ძლიერ სხეულს სიკვდილის დამღა ოდნავადაც არ დასტყობია. ცოცხალივით წევს შემაღლებულ ბორცვზე გმირი როლანი პირით ესპანეთისკენ, რომ მტერს ზურგი მკვდარმაც კი არ უჩვენოს. ხმალი - უმძიმეს ომებში ნაწრთობი დურანდალი - გულში ჩაუკრავს...   გასკონიაში, პირინეის მთებს შეფენილ პატარა სოფელში, დღესაც მოგიყვებიან სევდიან ლეგენდას როლანის მშვენიერი აღსასრულის შესახებ.   ამბობენ, თურმე როლანს ხელი ვერ გაუშალეს, რომ მახვილი გამოერთმიათ. მაშინ შარლემანმა ლოცვა წარმოთქვა. ხმალი, თითქოს მეფის ხმა გაიგონაო, სასწაულებრივ გამოსხლტა როლანის ხელიდან და წკრიალით დაეცა მიწაზე, ხელმწიფის ფერხთით. შარლემანმა ომებში ნაწრთობი დურანდალი ტბაში მოისროლა, რადგან არავინ ეგულებოდა მთელ საფრანგეთში იმისი ღირსი, რომ როლანის სიკვდილის შემდეგ მისი ხმალი ეტარებინა.

 

 

 

 

თეკლა  ბატონიშვილი

 

   მთავარმართებელ ციციანოვს ჩაჟამულ სახეზე სიამოვნება გამოეხატა, რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე პირველის მიმართვა რომ წაიკითხა.საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეთა ოჯახების სამშობლოდან აყრას და რუსეთში გადასახლებას ავალებდა ხელმწიფე თავის ერთგულ გენერალს. უწინარესად, ერეკლე მეფის ქვრივს, დარეჯან დედოფალს იწვევდა პეტერბურგში.    ადრეც ყოფილა მცდელობა, დედოფალი გაეხმოთ საქართველოდან, მაგრამ იგი ავადმყოფობის მომიზეზებით ახერხებდა იძულებითი გადასახლების არიდებას. ამჯერად იმპერატორი დაჟინებით ითხოვდა - თუ ნებით არ დაჰყვება ჩვენს სურვილს, შეიპყარით და ბადრაგის თანხლებით გამოგზავნეთო...   ფრიად გაახარა ამ ამბავმა ციციანოვი. ეამაყებოდა, მას რომ დაეკისრა ესოდენ „საპატიო” დავალების შესრულება. იცოდა, უთუოდ მაღალ ჯილდოს მიიღებდა ალექსანდრე პირველისგან, რადგან კავკასიის მოთვინიერება რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენდა.

   - ქართველთა დამორჩილებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როცა ხალხში საბოლოოდ წარიხოცება სამეფო დინასტიის აღდგენის იმედიო - ფიქრობდნენ რუსები.

   დაყოვნებას შეიძლება ახალი არეულობები მოჰყოლოდა, ამიტომ ციციანოვი საუკეთესო ლაქიის თავგამოდებით შეუდგა ბრძანების აღსრულებას - რუსები მოულოდნელად დაესხნენ თავს მარტყოფში მყოფ დარეჯან დედოფალს და იმპერატორის ბრძანება გადასცეს.

   ცნობა დედოფლის შინაპატიმრობის შესახებ სწრაფად გავრცელდა. შეძრწუნებული თეკლა ბატონიშვილი უმალ დედის გვერდით გაჩნდა. დადარდიანებულ დედოფალს ღირსეულად ეჭირა თავი. მისმა უცნაურმა, თითქმის ავადმყოფურმა სიფითრემ და წამიერმა გამოხედვამ, რომელშიც გამოუთქმელი მწუხარება გამოიხატა, თეკლას გადააწყვეტინა, თუნდაც დამცირების ფასად, მთავარმართებლისთვის დედოფლის მოზდოკამდე გაცილების უფლება გამოეთხოვა. ქმართან, ვახტანგ ორბელიანთან, ერთად გაჰყვა დედას ნაღვლიან მოგზაურობაში.

* * *

   რუსეთის გზას მდგომნი ღამის გასათევად კაიშაურში შეჩერდნენ. წყვდიადი ჩამოწვა დარიალის ხეობაში. მთის სწრაფი მდინარე ღრიალით ეხეთქებოდა ნაპირებს. მისი შფოთიანი ხმაური კიდევ უფრო ამძაფრებდა დადარდიანებული ბატონიშვილის უსიხარულო ფიქრებს:

 

   სიტყვის გამტეხნი, უპირონი, სასტიკნი და დაუნდობელნი აღმოჩნდნენ რუსები. რაც დრო გადიოდა, მით უფრო საცნაური ხდებოდა მეფის ასულისთვის - არ გამართლდა ომებისა და გაუთავებელი შინააშლილობისგან მოქანცული მეფე ერეკლეს იმედი, რომ ერთმორწმუნე რუსეთის მფარველობა მშვიდობას მოუტანდა მის სამშობლოს.

   თეკლას თითქოს ცხადად ჩაესმოდა მამა ბატონის ხმა: - ძლიერი ქვეყანაა, ჩვენსავით ქრისტიანები არიან, ურჯულოებთან ბრძოლაში დაგვეხმარებიან, ჩვენც ცოტა ხნით მოვისვენებთ, სულს მოვითქვამთ, მოვმძლავრდებით, კარგად გაწვრთნილ ჯარს შევქმნით და შემდეგ თავსაც მოვუვლითო.

   იმხანად სხვა გამოსავალი არ ჩანდა. ეს სიტყვებიც დამაჯერებლად ჟღერდა... უკანასკნელ წლებში მეფე იმ იმედით ცოცხლობდა, რომ სწორი არჩევანი გააკეთა. თუმცა, ასარჩევადაც არასდროს ჰქონია საქმე... განუწყვეტლივ იბრძოდა ხან ერთთან, ხან მეორესთან, ხან მესამესთან... არ დაილია მტერი.

   მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავდა მეფის გადაწყვეტილებას. ურჩევდნენ - ნუ ვენდობით რუსეთს, ტკბილი დაპირებებით შემოვა, დიდი ქვეყანაა, იოლად მოგვერევა, დაგვიპყრობს და გაგვარუსებსო. ეჰ, იქნებ ჯობდა მათთვის დაეჯერებინა... მაგრამ ხედავდა, ქვეყანა დაშლის პირას იყო მისული, გამოსავალი კი არსაიდან ჩანდა და ისევ ქრისტიანები არჩია მოკავშირედ.

   შედეგი უმძიმესი აღმოჩნდა - ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისა და ბაგრატიონთა 1200 წლიანი დინასტიის გაუქმება, აოხრებული და გადათელილი ქვეყანა, სამეფო გვარის წარმომადგენელთა დამცირება, დევნა, შევიწროება...

 

* * *

   ბატონიშვილი მოახლემ გამოიყვანა ფიქრებიდან. დედა თავისთან უხმობდა თეკლას და ვახტანგს. უმალ ეახლნენ დედოფალს.

   - რამდენიმე წუთის წინ - დინჯად დაიწყო დედოფალმა - მოხუცი მთიული გვესტუმრა და გვამცნო, რომ მთიულეთში გაუგიათ ჩემი დატყვევებისა და რუსეთში გასახლების ამბავი და მომზადებულან რუსებზე თავდასასხმელად. ვისაც ბრძოლა შეუძლია, აქვე, ტყეში დაბანაკებულან და მითვლიან: - გვიბრძანე და რუსებს თავს დავესხმით, მხლებლებთან ერთად მთებში გაგიყვანთ და მოგივლით. შემდეგ კი... ღმერთმა განაგოს ჩვენი და თქვენი ბედიცაო. ახლა თქვენ გთხოვთ რჩევას, შვილებო. რა გზას დავადგეთ? მთიულები პასუხს ელიან.

 

   - დედავ ბატონო, ჩემს სათაყვანებელ მამას ჯერ კიდევ ბავშვი დავყავდი ომებში, - მღელვარებისგან ხმა გაებზარა თეკლას - გვიბრძანე, დედოფალო, და მეცა და ჩემი ქმარიც თან გავყვებით მოხუცს. დავანახოთ რუსებს, როგორი ბრძოლა იციან ქართველებმა.

   დარეჯან დედოფალი ერთხანს დუმდა, ბოლოს ჩვეული სიდინჯით განსაჯა: - ერთი შეხედვით, მეც მომხიბვლელად მეჩვენება მთიულთა განზრახვა. წარმატებაც თითქოს უთუო ჩანს, მაგრამ... შემდგომ რა უნდა ვქნათ? სასტიკ მტერს ვართ შეჭიდებული. ამათ არც დანდობა იციან, არც ცოდვა-ბრალი. საბოლოოდ მაინც გვძლევენ და უმოწყალოდ გაჟლეტენ დიდსა თუ პატარას. არა, არ ეგების ეს ამბავი ამგვარად.   რა უნდა ეთქვა თეკლას? იცოდა, მართლა არავის შეიბრალებდნენ რუსები, მიწასთან გაასწორებდნენ მთიულეთს. ვახტანგი არ ჩარეულა დედა-შვილის საუბარში. დედოფალმა მოხუც მთიელს უხმო.

მშვიდად, გულდინჯად დაიწყო საუბარი. არ უნდოდა, მის ხმას მღელვარება დასტყობოდა:   - თავდადებისთვის დიდი მადლობა მოახსენე მთიულებს, მაგრამ არ მსურს, ჩემს გამო სისხლი დაიღვაროს. ამიტომაც უთხარი, დაიშალონ, ოჯახებს დაუბრუნდნენ და უფრო ხელსაყრელი დღისთვის შემოინახონ ძალები. მოხდეს ჩემს თავს, რაც მოსახდენია. ასე ჯობს. ბედს უნდა დავმორჩილდეთ.

   გულდაწყვეტილი მოხუცი უხმოდ გავიდა ოთახიდან. თეკლას სიცოცხლის ბოლომდე დაამახსოვრდა მისი ვაჟკაცური სახე და გამჭრიახი, უშიშარი გამოხედვა.   დედოფალი შვილს მიუბრუნდა: - მომიახლოვდი, თეკლა ბიჭო!

   დედა-შვილი ერთმანეთს ჩაეკრა. დედოფალმა პირველად მისცა თავს უფლება, დაუფარავად გამოეთქვა საშინელი  სევდა და იმედგაცრუება, რომელიც რა ხანია ტანჯავდა:

   - მაგათ ერეკლეს აჩრდილისაც კი ეშინიათ, ამიტომ გვემტერებიან. ჰგონიათ, ჩვენ თუ ამოგვწყვეტენ, საქართველოსაც დაიმორჩილებენ. ამას ვერ ეღირსებიან! მოტყუებული, დამცირებული და შეგინებულია ჩვენი სამშობლო, მაგრამ უნდა დავითმინოთ და უჩუმრად ვემზადოთ. ხანგრძლივი შეიძლება იყოს ეს მზადება. თუმცა, სხვა გზას ვერ ვხედავ. შენთვის განსაკუთრებით მტკივნეული იქნება, შვილო, უსამართლობასთან შეგუება. მამაშენის შვილი ხარ - პირდაპირი, უდრეკი,  შეუპოვარი ხასიათი გაქვს, მაგრამ სხვა მხრივ უნდა წარმართო საქმიანობა. ქალი ბრძანდები და ღირსეული მამულიშვილების აღზრდა გმართებს. სულით ძლიერი, გულით კეთილი და თავდადებული შვილები სჭირდება ჩვენს სამშობლოს...

   გაფითრებული ბატონიშვილი მშვენიერ ქანდაკებას ჰგავდა. გულს უკლავდა დედის მწუხარე სახის ყურება. ვერც სათქმელს პოულობდა. მდუმარედ იჯდა მის წინაშე და ღაპაღუპით მოსდიოდა ცრემლები ლამაზი, არაჩვეულებრივად ლამაზი, ლმობიერი თვალებიდან.

* * *

   შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო, როცა თეკლამ და ვახტანგმა დედოფლის სამყოფელი დატოვეს. დარეჯანი სახელდახელოდ გაშლილ საწოლზე მიესვენა და დაძინება სცადა. ვერ დაიძინა. თვალწინ წარსულის სურათები უტრიალებდა, თეკლას ბავშვობის და ყმაწვილქალობის სურათები.

   ... აგერ ცეროდენა თეკლა უფროს ძმებში გარეულა და ტოლს არ უდებს ანცობაში - დახტის, ყირაზე გადადის... ღიმილით შესცქერის მეფე ერეკლე მათ თამაშს, მერე კი ბრძანებს:

   - ყველანი აქეთ მობრძანდით, სიგელი უნდა შევადგინო!

   ახლაც კარგად ახსოვს დარეჯან დედოფალს მეფის მიერ ხუმრობით შედგენილი სიგელის თითოეული სიტყვა:

   “გიბოძეთ ეს სიგელი შენ, ჩვენს ქალს, თეკლა ბიჭს. თუმცა აქამდის შენ ყველასაგან ქალად იყავ ცნობილი, მაგრამ ამიერიდან გიწყალობებთ ბიჭის სახელს და ვუბრძანებთ ყველა ძმებს და დებს ამიერიდან გიწოდონ თეკლა ბიჭი.”

   დღესაც სათუთად ინახავს დედოფალი ამ სიგელს.   ოთხი წლის იყო თეკლა მაშინ. ვარსკვლავებივით უციმციმებდა თვალები. ერეკლეს უხაროდა, ასეთი ყოჩაღი გოგო რომ ჰყავდა. ძალიან უყვარდა, ეფერებოდა, ანებივრებდა. ზოგჯერ იტყოდა ხოლმე: - ღმერთს რომ ჩემი ბიჭებისთვის მიეცა ის სიკეთე, რაც თეკლას აქვს, საქართველოს ვერავინ მოერეოდაო. ეჰ, ბედნიერი დრო იყო... ბედნიერი დრო იყო, ჩვენი სამშობლო ჩვენ გვეკუთვნოდა...

   სხვა ამბავიც გაახსენდა დედოფალს... შემოდგომის მზის ოქროს სხივებით განათებული დღე იდგა. დიდებულებით გარშემორტყმული მეფე ერეკლე სასახლის აივანზე ისვენებდა. დარბაისლურად საუბრობდნენ სადილის მოლოდინში.

   უეცრად სასახლის ეზოში ხეები ჩიტებით დაიხუნძლა. ყურთასმენა წაიღო იმათმა ჟივილ-ხივილმა. - აბა, ვინ შეძლებს გაფრენილი ჩიტის ერთი გასროლით ჩამოგდებას? - იკითხა ერთ-ერთმა სტუმარმა.

   შერცხვენის შიშით, ვერვინ გაბედა თავის გამოდება. ისეთი ბრწყინვალე მეომრის თანდასწრებით, როგორიც მეფე ერეკლე იყო, ყველამ ითაკილა ფუჭი ქადილი.

   - მომიტანეთ ჩემი თოფი - ხირიმი - და თეკლას მიხმეთ! - ბრძანა ერეკლემ.

   იმავ წუთს აღსრულდა მეფის ბრძანება. ისე იშვიათად ხდებოდა, რომ მეფეს დრო ეპოვა სალაღობოდ...

   ერეკლეს მეფეც არ ეთქმოდა. არც სიამოვნებისთვის ეცალა არასდროს, არც მოლხენისთვის.  მეომარი იყო - მთელი სიცოცხლე იბრძოდა. სამოცდაათი ომი ჰქონდა გადახდილი, ცხენიანად შეეძლო კაცის გაჩეხვა. ქართველები პატარა კახს ეძახდნენ სიყვარულით. ლექსებს უწერდნენ. ლეგენდებს ჰყვებოდნენ მის შესახებ. ისე ცხოვრობდა, როგორც უძველესი თქმულებების უკვდავი გმირი. ყველას მისი იმედი ჰქონდა. ამიტომ იყო, რომ არ დაიჯერეს პატარა კახის სიკვდილი, - დიდი ხნის მერე ერეკლეს გარდაცვალებიდან საქართველოში კიდევ ჩაესმოდათ მეფის ხმლის ომახიანი სიმღერა და ელოდნენ, რომ ისევ გაუძღვებოდათ წინ ახალ ომებში, ახალი გამარჯვებებისკენ...

   - თეკლა ბიჭო, ესროლე გაფრენილ ჩიტს და თუ ჩამოაგდებ, ხირიმი მიბოძებია.

   მოხდენილად მოირგო თოფი მხარზე თეკლა ბიჭმა, მოირგო და გაფრენილ ჩიტს მიზანი გააყოლა. გაისმა სროლა. ჩიტი მიწას დაენარცხა. აღტაცებულმა დიდებულებმა ყიჟინა დასცეს. ერეკლემ გულში ჩაიკრა შვილი და ხირიმიც საზეიმოდ გადასცა. ამაყი და ბედნიერი იყო მოხუცი მეფე. მუდამ თან ატარებდა იმ თოფს თეკლა ბატონიშვილი, ახლაც თან ჰქონდა უთუოდ.

   თორმეტი წლის იყო მაშინ თეკლა ბიჭი. ამის შემდეგ ხშირად დაჰყავდა მეფე ერეკლეს ვაჟურად გადაცმული თავისი ასული ომებში - ნამდვილი მეომარივით საბრძოლოდ აღკაზმული...   თენდებოდა. წინ გრძელი, დამქანცველი გზა იდო. დედოფალმა იცოდა, არც თეკლას ეძინა იმ ღამეს. ისიც, ალბათ, იმ მოხუც მთიულზე ფიქრობდა, რომელმაც იმედის ნაპერწკალი აუნთო გულში. მართალია, სულ ერთი წამით, მაგრამ როგორი ტკბილი და ძვირფასი იყო ის ერთი უმშვენიერესი წამი დაუსრულებელ უიმედობაში...   მოზდოკამდე მიჰყვა თეკლა ბატონიშვილი დედას. მისმა მეუღლემ კი - ვახტანგ ორბელიანმა - პეტერბურგამდე ჩააცილა დარეჯანი.    დედოფალს სამშობლოში დაბრუნება აღარ ეწერა. ცივი, მკაცრი, საძულველი ქვეყანა გახდა მისი იძულებითი თავშესაფარი და საუკუნო განსასვენებელი.

 

* * *

   გადიოდა დრო. საქართველოს ცაზე ჩამოწოლილი ღრუბელი კიდევ უფრო ჩაშავდა და ჩაიქუფრა. რუსები უკვე მყარად დამკვიდრდნენ ჩვენს ქვეყანაში. არყით გამომთვრალი ჯარისკაცები ათასგვარ სისაძაგლეს სჩადიოდნენ - ამცირებდნენ, შეურაცხყოფდნენ, როზგავდნენ და უღელში აბამდნენ თავმომწონე, ამაყ ქართველებს...

   არც ქართველები ნებდებოდნენ, აჯანყებას აჯანყებაზე აწყობდნენ. ვერაფრით შეეგუენ თავისუფლების დაკარგვას. თეკლას ძმის, ალექსანდრე ბატონიშვილის გამეფებაზე ოცნებობდნენ.1812 წელს კახეთში დიდმა აჯანყებამ იფეთქა. საბაბი თიანეთში რუსების მიერ ჩადენილი არნახული სისასტიკე გახდა: - ჯარისკაცებმა ხიშტზე ააგეს პატარა ქართველი გოგონა. აჯანყება მთელ კახეთს მოედო. იქ მდგომი

რუსის მხედრობა დიდ გასაჭირში ჩავარდა... 

 ძალზე დამწუხრებული დაბრუნდა ერთ დღეს სახლში ვახტანგ ორბელიანი. თეკლამ ქმარს რიდით ჰკითხა უგუნებობის მიზეზი. ამ мსაუბარის მომსწრე შემთხვევით გახდა ვახტანგისა და თეკლას ვაჟი, პატარა ალექსანდრე ორბელიანი, რომელმაც შემდგომ თავის მოგონებებში აღწერა იმდროინდელი შთაბეჭდილებები:

   - ბატონიშვილო, აღარა იქნება რა, სულ ხელცარიელნი დავრჩით. - აღმოხდა ვახტანგს.

   - გეტყობა, რომ შეწუხებული ხარ. რა ვქნათ, ძალა მაგათშია და რაც უნდათ, იმას გვიბრძანებენ.

   - ჩემო ბატონიშვილო, როგორ არ ვიყო შეწუხებული? რუსებს უნდათ, აჯანყების ჩახშობაში დავეხმარო. რა ვქნა, ქართველმა კაცმა ქართველს თოფი როგორ ვესროლო? იმ ხალხის წინააღმდეგ მივყავარ საომრად, ვისაც ბაგრატიონების მეფობის

აღდგენა და ჩემი სამშობლოს გათავისუფლება სწადია. თუ ჩვენ მათ თოფს არ ვესვრით, ცოლ-შვილს გაგვიწყვეტენ, ხომ იცი, სასტიკნი და დაუნდობლები არიან.

   - სხვებსაც უხმობენ კახელების წინააღმდეგ?

   - რაღა თქმა უნდა.

   - ჩემი რჩევა ეს არის, რომ თქვენ ყველანი კახელებს მიუდგეთ. წადით, ნუღარ დააყოვნებთ საქმეს. ჩვენზე ნუ იდარდებთ, თუგინდ სულ ლუკმა-ლუკმა დაგვჭრან... მიუდექით თქვენ ძმებს, კახელებს.

   - ყველა დამფრთხალია. ადამიანებს ერთმანეთის წინააღმდეგ აქეზებენ. კახელი თავადებიც კი გადაუბირებიათ. ვერავის დაველაპარაკები ამ საქმეზე. ნდობა აღარავისი შეიძლება. ისე მოაქციეს რუსებმა საქმე, ყველას ეშინია ხმის ამოღება.

   - მაშ ყოველი ჩაიშალა, წახდა?

   - სწორედ ეგრე, ბატონიშვილო.

   - ახლა რაღა გვეშველება, საუკუნოდ მონად დარჩა საქართველო რუსებისა?

   - დარჩა თუ არ დარჩა, ეგ ღმერთმა იცის, მე კი ვეღარ მნახავ ცოცხალს, ბატონიშვილო.

   ამ სიტყვების გაგონებაზე პატარა ალექსანდრემ ხმამაღალი ტირილი მორთო. დედ-მამამ ბავშვს დამშვიდება დაუწყო, მაგრამ მოფერებით რომ ვერას გახდნენ, დააშინეს: - დაჩუმდი, თორემ აგერ კართან რუსები არიან, მოვლენ და ახლავ წაგიყვანენო. ალექსანდრე მაშინვე გაჩუმდა.

   ...დადარდიანებული ბატონიშვილი დიდხანს იდგა ხატების წინ. ვინ იცის, სამშობლოს, თუ თავისი შვილების მამას ავედრებდა უფალს. მის თვალებში გამოუთქმელი სევდა აღბეჭდილიყო. იცოდა, იმ საღამოს უკანასკნელად ნახა საყვარელი მეუღლე.

   კახეთის აჯანყება სისხლში ჩაახშვეს. ვახტანგ ორბელიანმა ვერ შეძლო აჯანყებულებს მიმხრობოდა, მაგრამ თეკლასთვის მიცემული სიტყვა არ გაუტეხია. თავისი ხალხის წინააღმდეგ იარაღის აღმმართველმა ჩუმლაყში შეაკლა თავი ერთ ქართველ მეომარს. უსახელო სიცოცხლეს იქნებ ასეთი სიკვდილი უჯობდა, რადგან სათაყვანებელ ბატონიშვილს ვერასდროს გამოსთხოვდა პატიებას ამ ღალატისთვის.

* * *

   საოჯახო საქმეებში ჩაბმული თეკლა ბატონიშვილი თავად იყო ლალაც და მასწავლებელიც ობლობაში გამოზრდილი  ალექსანდრეს, დიმიტრის, ვახტანგისა.   დასვამდა ხოლმე პატარებს გვერდიგვერდ და მოუთხრობდა ათას ამბავს ჩვენი მშვენიერი სამშობლოს ბედკრული წარსულიდან. თავადაც პოეტი, მგზნებარე გატაცებით უამბობდა შვილებს წინაპართა საგმირო საქმეების შესახებ. ეს მშვიდი, ამაღლებული საუბრები სამუდამოდ აღიბეჭდა თეკლა ბატონიშვილის ვაჟების გულში.

   “თავადაც ჩინებული მცოდნე ქართული მწერლობისა, ჩვენი ერის წარსულისა და საღმრთო წერილისა, ნიადაგ შთააგონებდა შვილებს ბევრს რასმე სანატრელს, უთბობდა გულს სამშობლოს სიყვარულით და წარსულის ღრმა პატივისცემით” -

ბრძანებდა დიდი ილია ერეკლეს ქალიშვილზე.  

გადიოდა დრო. ბავშვები იზრდებოდნენ. ბატონიშვილის ფიქრები ოჯახსა და სამშობლოს დასტრიალებდა.

   საქართველო ვერ ურიგდებოდა მონობის უმძიმეს უღელს. ერის საუკეთესო შვილები დიდ, საერთო ეროვნულ აჯანყებას გეგმავდნენ. ჩვეული შემართებით ჩაება ამ მზადებაში თეკლა ბატონიშვილი. მისი სამივე შვილიც აქტიურად მონაწილეობდა შეთქმულებაში.

   თითქმის ყოველ საღამოს იკრიბებოდნენ თეკლას ოჯახში შეთქმულები. გვიანობამდე გრძელდებოდა სჯა-ბაასი, კამათი. ბატონიშვილს საქმიანი მიწერ-მოწერა ჰქონდა დაღესტანთან, ჩეჩნეთთან... თვით პეტერბურგთან, სადაც მისი ძმის - იულონის - შვილები, აგრეთვე შეთქმულები - დიმიტრი და ლუარსაბი - ცხოვრობდნენ. კავკასიიდანაც საიმედო ცნობები მოდიოდა...

   მაგრამ 1832 წელს რუსეთის იმპერიის საიდუმლო სამსახურმა, ამბოხების ერთ-ერთი მონაწილის ღალატის მეოხებით, გამოააშკარავა შეთქმულება.

ელვის სისწრაფით დააპატიმრეს აჯანყებულები, ოჯახებიდან აყარეს და უკიდეგანო რუსეთის სხვადასხვა მხარეში გადაასახლეს. თეკლა ბატონიშვილმა, თავის სამ ვაჟთან ერთად, საერთო ხვედრი გაიზიარა - მას სამშობლოან გასახლება და შვილებთან განშორება გადაუწყვიტეს. 

 იმ საღამოს, როცა მისი უფროსი ძე - ალექსანდრე - უნდა წაეყვანათ, თეკლას სანთლები აენთო და ხატების წინ ლოცულობდა მხურვალედ. გამოსათხოვებლად შესულ შვილს, რომელსაც კართან ბადრაგი ელოდებოდა, მხოლოდ რამდენიმე წინადადება უთხრა:

   - ალექსანდრე, შვილო, ქვეყანაზე ბევრი უბედური ადამიანია. რა ვქნათ, იმათ შორის ჩვენი სახლიც უბედური იყოს. ღმრთის მადლობით დავითმინოთ. ამ ცოტა ხანში მეც გამისტუმრებენ საქართველოდან. განსვენებულის გულით მივდივარ მე. თუ შენ ჩემი შვილი ხარ, შენც ჩემსავით მაგრა იყავ და უბედურებას ნუ გაუტყდები. ახლა კი წადი, ღვთისთვის მიმიბარებიხარ.

   გულაჩუყებულ, აღელვებულ ალექსანდრეს უნდოდა ხელები დაეკოცნა დედისთვის. არ დაანება ბატონიშვილმა:

   -  ჯობს, ხატებს ემთხვიო, შვილო.

   ამას რომ ამბობდა, მღელვარება შეეპარა ხმაში, მაგრამ მოერია თავს - შვილი ისე გაისტუმრა, დარდი არ აგრძნობინა.

   მერამდენედ ეთხოვებოდა საყვარელ ადამიანს ბატონიშვილი ისე, რომ მისი ნახვის იმედი აღარ რჩებოდა...

* * *

 

   ალექსანდრეს არ გაჰკვირვებია დედის თავშეკავება. მასაც და მის ძმა ვახტანგსაც ჭირთათმენა ბატონიშვილისგან ჰქონდათ ნასწავლი. ვინ იცის, რამდენ განსაცდელს გაუძლეს დედის მაგალითით გამხნევებულმა ძმებმა. ან იმას რა დაავიწყებდათ, როგორ მედიდურად შემოვიდა თეკლა დატყვევებული შვილების სანახავად მეტეხის საპყრობილეში:

   - ჯერ თქვენი უბედურება არ დასრულებულა. მომავალი  უფრო მძიმე განსაცდელს გიმზადებთ. უნდა გაუმაგრდეთ კარს მომდგარ ჭირს. ჩემი დიდი ბებია, ქეთევან დედოფალი, შაჰ-აბასს საპყრობილეში ჰყავდა დამწყვდეული - მაჰმადიანთა სარწმუნოება მიიღეო. ვერა შეგონებით ვერ დაითანხმეს. ეს ამბავი სპარსეთის ქალაქ შირაზში მოხდა...ერთ დილას შირაზის ხანი მივიდა საპყრობილეში და ქეთეანს შაჰის სასტიკი განაჩენი გამოუცხადა. დედოფლის სიმტკიცით განრისხებულ აბასს მისი მახვილებით წამება ებრძანებინა. ხანს წამების იარაღები ხელში ეჭირა და დიდის მწუხარებით ამცნობდა ქეთევან დედოფალს, თუ რა საშინელ განსაცდელს უმზადებდა ბედი. უცრემლოდ, მამაკაცურად, დამყუდროებულის გულით წამოდგა დედოფალი: „ჩემს სულთან საქმე არა გაქვთ რა, ღვთისა არის, აჰა ხორცი ჩემი და მახვილი თქვენი, ნუღარ ჰყოვნით, მაწამეთ.” ქეთევანის ამ სიტყვებს თვით შირაზის ხანმაც ვერ გაუძლო და ტირილით გამოვიდა გარეთ. რაღა ბევრი გავაგრძელო, შვილებო, ისე სტანჯეს დედოფალი ქეთევანი მტარვალებმა, რომ ენითაც ძნელი სათქმელია, მაგრამ დაითმინა, არც კი დაუკვნესია. აი, უბედურების ჟამს ჭირთათმენის მაგალითი ქეთევან დედოფალია. მით უფრო გასაკვირია ასეთი თავგანწირვა დედაკაცისაგან!

თუ დედაკაცმა გაუძლო ამ საშინელ უბედურებას, კაცებს რაღა გმართებთ? - დაასრულა ბატონიშვილმა.

 

* * *

   ცოტა ხანში თავად თეკლა ბატონიშვილიც გადაასახლეს სამშობლოდან. კალუგაში მიუჩინეს ბინა. ახლობლებს და ნათესავებს მოწყვეტილი - ლოცვაში, ფიქრში და სამშობლოს თავისუფლებაზე ოცნებაში ატარებდა უსიხარულო დღეებს. იძულებით ჩამოშორებული ყველას და ყველაფერს - მოგონებებით ცხოვრობდა. ახსენდებოდა სათაყვანებელი მამა - ნიადაგ მოუცლელი, ხმლის ქნევაში დაბერებული მეფე ერეკლე - პატარა კახი;  მასავით მარტოობაში სულამომდინარი დედა - დარეჯან დედოფალი; მეუღლე - უაზრო ომში უწყალოდ გულგანგმირული ვახტანგ ორბელიანი; ობლობაში სისათუთით გამოზრდილი შვილები - ალექსანდრე, დიმიტრი, ვახტანგი - რუსეთის სხვადასხვა კუთხეებში გადაყრილები.

უცნაურია, მაგრამ ხშირად მოხუც მთიელზეც ფიქრობდა, რომელიც სულ ერთხელ ნახა თავის სიცოცხლეში. იმ მხნე მოხუცმა იმედის ნაპერწკალი აუნთო გულში. მართალია, სულ ერთი წამით, მაგრამ როგორი ტკბილი და ძვირფასი იყო ის ერთი უმშვენიერესი წამი დაუსრულებელ უიმედობაში...

 

   თეკლა ბატონიშვილი 1846 წელს გარდაიცვალა თავის სამშობლოში. ერთობ რიცხვმრავალმა პროცესიამ მიაცილა მცხეთას ნეშტი თეკლა ბიჭისა. სვეტიცხოვლის ტაძარში, საქართველოს უკანასკნელი დიდი მეფის - ერეკლე მეორის გვერდით, დარეჯან დედოფლისთვის განკუთვნილი სამარხი იქცა თეკლა ბატონიშვილისთვის საუკუნო განსასვენებელ ადგილად.

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / მითოლოგია / უავტორო / შაკუნტალა (შევარდენთა მშვენიერი ნებიერი)