გაკვეთილი მეთხუთმეტე

 

 ბუ-2-ს კლავიშები და ბრძანებები, ფაილების შენახვა საბიბლიოთეკო ნაწილში

 

 ტექსტის ჩასმა ბუ-2- ტექსტების ფონდში.

  1. ფონდში ტექსტის შესატანად საჭიროა ეს ტექსტი შემოვიტანოთ ბუ ორის სისტემაში ბუფერის მეშვეობით.

  2. გავხსნათ ბუფერი ეფ-10 კლავიშის საშუალებით.

 3. დავაჭიროთ კლავიშებს ალტ და ესს ერთდროულად. გამოვა განყოფილებების კატალოგი. დავდგეთ იმ დასახელებაზე სადაც ვაპირებთ ტექსტის ჩაწერას და დავაჭიროთ ენტერს. ცოტა ხნის შემდეგ კომპიუტერი მოგვცემს შეტყობინებას ტექსტის ჩაწერის შესახებ.

 4. ბუ ორში არსებული ტექსტის სხვა განყოფილებაში ჩასაწერად, ვხსნით ამ ტექსტს და ვიმეორებთ ამ პარაგრაფის მესამე პუნქტს.

 

 კატალოგები:

 ბუ ორი შეიცავს რამდენიმე კატალოგს:

  1. საფონდოს, ანუ მიმართულებების;

  2. თემატურს, ანუ საგნობრივს;

  3. ძირთადს, ანუ ტექსტების.

  საფონდო, ანუ მიმართულების კატალოგი. ბუ ორის ბიბლიოთეკა შედგება რამდენიმე დამოუკიდებელი ნაწილისგან: ქართული, რუსული, ინგლისური, მუსიკალური და აუდიო წიგნებისგან. ეს მიმართულებები წარმოადგენენ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ბიბლიოთეკებს თავიანთი ფონდებით. მიმართულების კატალოგი იხსნება ღილაკით ეფ-ორი. მიმართულების არჩევა ხდება ზედა და ქვედა ისრების საშუალებით. ამორჩეული მიმართულების გასახსნელად ვაჭერთ ენტერს.

   მიმართულების კატალოგს შეიძლება დავუმატოთ ახალი მიმართულება. ამისათვის ვაჭერთ ღილაკს ტაბი. კომპიუტერი გვთავაზობს ახალი მიმართულების სახელის ჩაწერას. კლავიატურაზე ვკრეფთ ახალი მიმართულების სახელს და ვაჭერთ ღილაკს ენტერი. ახალი მიმართულება შექმნილია. მიმართულებების სახელები კატალოგში ავტომატურად ლაგდება ანბანის მიხედვით.

 პროგრამა საშუალებას იძლევა შექმნილი მიმართულების გაუქმებისასაც, ამისთვის კატალოგში უნდა დავდგეთ გასაუქმებელი მიმართულების სახელწოდებაზე და დავაჭიროთ ღილაკს დელეიტი. კომპიუტერის შეკითხვის შემდეგ, ნამდვილად გვინდა თუ არა მიმართულების გაუქმება, ვაჭერთ ენტერს, ხოლო თუ გადავიფიქრეთ  -  ღილაკს ესკეიპი.

 მიმართულების კატალოგის გამორთვა ხდება ღილაკით ესკეიპი.

 მიმართულების არჩევის კატალოგის სამართავი ღილაკები:

  ა) კატალოგის გამოძახება: ღილაკი ეფ-ორი;

   ბ) მიმართულების არჩევა: ზედა და ქვედა ისარი, მიმართულება შეიძლება ავირჩიოთ სახელწოდების პირველი ასოს შესაბამის ღილაკზე თითის დაჭერით, ან საძიებო ფანჯარაში სახელწოდების ჩაწერით. საძიებო ფანჯარა გამოდის ორ ღილაკზე  -  ეფ და კონტროლზე ერთდროული დაჭერით;

 გ) ახალი ჩანაწერი კატალოგში: ღილაკი ტაბი;

 დ) კატალოგში ჩანაწერის წაშლა: ღილაკი დელეიტი;

 ე) კატალოგის გამორთვა: ღილაკი ესკეიპი.

 

საგნობრივი, ანუ თემატური კატალოგი.

თითოეულ მიმართულებას გააჩნია თავისი საგნობრივი, ანუ თემატური კატალოგი.

იგი დამოუკიდებლად იხსნება ღილაკით ეფ-სამი, ხოლო თუ მიმართულების კატალოგში ვირჩევთ ერთ-ერთ მიმართულებას, მაშინ საგნობრივი კატალოგი გამოდის ავტომატურად. ამ კატალოგში ახალი განყოფილების შექმნა, ძველის წაშლა და ძიება ზუსტად ისევე და იგივე ღილაკებით ხდება, როგორც მიმართულების კატალოგში.

 

ტექსტების, ანუ ძირთადი კატალოგი.

ეს კატალოგი შეიცავს ჩანაწერებს ბიბლიოთეკაში არსებული ტექსტების შესახებ. თითოეული ჩანაწერი არსებული ტექსტის შესახებ შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: ავტორს, ტექსტის სათაურს, ტექსტის თემატურ მიკუთვნებას, ფაილის ზომას, ჩაწერის თარიღს და ფაილის სახელს.

 ძირითადი კატალოგის გახსნა ხდება ორი გზით: თემატურ კატალოგში შესაბამისი დარგის არჩევის და ენტერზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოდის ძირითადი კატალოგის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება არჩეულ თემატიკას. მთლიანი კატალოგის დამოუკიდებლად გამოძახება ხორციელდება ეფ-ოთხი ღილაკის საშუალებით.

ძირითად კატალოგში ერთი ჩანაწერიდან მეორეზე გადასვლა ხდება ზედა და ქვედა ისრების საშუალებით. არჩეული ტექსტი იხსნება ენტერით იმ ფანჯარაში, რომელიც უკანასკნელად გვქონდა გახსნილი. როცა კატალოგი შეიცავს ჩანაწერთა დიდ რაოდენობას, ისრებით ძიება ბევრ დროს იკავებს და მოუხერხებელია. დროის დაზოგვის მიზნით, შეგვიძლია გამოვიყენოთ ძიების უფრო სწრაფი მეთოდები:

ავტორის ან სათაურის პირველი ასოს გამოყენებით და საძიებო ფანჯარაში ავტორის გვარის ან ტექსტის სათაურის ჩაწერით. როგორც წესი, კატალოგში ფაილები განლაგებულია ავტორთა გვარის მიხედვით ანბანურად, ანბანის უკუგანლაგებით. განლაგების მიმართულების შესახებ ინფორმაცია მიიღება ალტ + ხანის  ღილაკებზე ერთდროული დაჭერით.

განლაგების შეცვლა ხდება კონტროლ-შიფტ-ენტერის ერთდროული დაჭერით. თუ გვინდა ავტორთა გვარების განლაგების შეცვლა, მაშინ ისრის საშუალებით ვდგებით ავტორთა ველზე და ვახდენთ ზემოთ აღწერილი წესით მოქმედებას.

ანალოგიური ხერხით ხდება კატალოგების დალაგება სათაურის მიხედვით. კატალოგებში ხშირად შედის ერთიდაიგივე ავტორის რამდენიმე ნაწარმოები. იმისთვის, რომ არ მოხდეს ავტორის ყველა ნაწარმოების გადახედვა, ვიყენებთ კონტროლ ქვედა ისარს. ამ დროს ხდება ერთიდაიგივე ავტორის ნაწარმოებების გამოტოვება და გადავდივართ სხვა ავტორის გვარზე.

 

ფანჯრები.

  პროგრამა ბუ-2 არის მრავალმომხმარებლიანი, მრავალფანჯრიანი და მრავალენოვანი პროგრამა. პროგრამის მომხმარებელს ერთდროულად შეუძლია გახსნილი ჰქონდეს ათი ტექსტი ათ სხვადასხვა ფანჯარაში. ერთი ფანჯრიდან

მეორეში გადასვლა ხდება კლავიატურის ძირითად ნაწილზე მოთავსებული რიცხვითი ღილაკების საშუალებით. ახალ ფანჯარაში გადასვლა კითხვის რეჟიმის დროს ხდება რიცხვით ღილაკზე თითის დაჭერით, ხოლო წერის ანუ ტექსტის შესწორების რეჟიმში შემდეგი კომბინაციით: კონტროლ+ რიცხვითი ღილაკი. ტექსტის ჩასასმელად ფანჯარაში ვდგებით ამ ფანჯარაზე, შემდეგ კატალოგების საშუალებით ვირჩევთ სასურველ ტექსტს და ვაჭერთ ენტერს.

 

 ფანჯრის ფონის და ტექსტის ფერები.

 მცირემხედველთათვის პროგრამა ბუ-2 ითვალისწინებს ტექსტის და ფანჯრის ფონების ფერების შერჩევას, რათა მან უკეთ შეძლოს ტექსტის დანახვა . ტექსტის ფერების შერჩევა ხდება კონტროლისა და ასო «ქუ»-ს ღილაკების ერთდროული დაჭერით, ხოლო ფანჯრის ფონის ფერის შეცვლა კონტროლ+შიფტ + ასო «ქუ»-ს

ღილაკების ერთდროული დაჭერით. ფონისა და ტექსტების ფერები თითოეულ ფანჯარაში შეირჩევა ცალკ-ცალკე. თუ გვინდა ყველა ფანჯარაში ერთდროულად დავაყენოთ ტექსტისა და ფონის პარამეტრები,  მაშინ ვაჭერთ ღილაკს «ეფ-5» და შეკითხვას ვადასტურებთ ენტერით.  მოცემულ ფანჯარაში დაყენებული ფონისა და ტექსტის ფერის გამოცხადება ხდება ალტ +ეფ-5 ღილაკების მეშვეობით.

 

 ფანჯრის ფონისა და შრიფტის ფერების დაყენების სამართავი და საინფორმაციო ღილაკები:

 

1.შრიფტის ზომის არჩევა კონტროლისა და ასო «ქუ»-ს ერთდროული გამოყენებით;

2. ფანჯრის ფონის ფერის არჩევა ხდება კონტროლ შიფტ და ასო «ქუ»-ს ღილაკების ერთდროული გამოყენებით;

   3. ყველა ფანჯარაში შერჩეული ფერების დაყენება შესაძლებელია ეფ-5 ღილაკითა და ენტერის დადასტურებით;

  4. ფანჯრის ფონისა და ტექსტის ფერების გამოცხადება ხდება ალტ ეფ-5  ღილაკების ერთდროული გამოყენებით.

 

შრიფტის ზომები.

ტექსტის შრიფტის ზომის გადიდება ხდება კონტროლისა და ასო «ზე»-ს ერთდროული გამოყენებით, ხოლო შემცირება შეიძლება შემდეგი კომბინაციით: კონტროლ+ შიფტ + ასო «ზე»-ს ღილაკით.

 შრიფტის გადიდებისა და შემცირების დროს კომპიუტერი გვაძლევს ინფორმაციას შრიფტის ზომის შესახებ. მუშაობის დროს შრიფტის ზომის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მივიღოთ ალტ +ეფ-5-ის გამოყენებით. ყველა ფანჯარაში შრიფტის შერჩეული ზომის დაყენება ხდება ღილაკ ეფ-5-ის საშუალებით და ენტერის დადასტურებით.

 

ხმები.

   პროგრამაში ტექსტებთან სამუშაოდ ჩადებულია ქართული, რუსული და ინგლისური ხმის ძრავები. ეს საშუალებას იძლევა წაკითხულ იქნას როგორც ერთენოვანი ტექსტები, ასევე ნარევი ტექსტი, რომელშიც გამოყენებულია სხვადასხვა ენა. პროგრამაში არსებობს ხუთი ქართული ენის ძრავა. გადართვა მათ შორის ხდება «ეფ-12» ღილაკის საშუალებით.  იმ შემთხვევაში, როცა კომპიუტერი შეჩერებულია, მაშინ გადართვის დროს ცხადდება ხმის სახელწოდება, ხოლო კითხვის დროს გადართვა ხორციელდება პირდაპირ ხმის სახელის გამოუცხადებლად. რუსული და ინგლისური ენებისთვის გამოყენებულია სისტემური ძრავები, ანუ ის ხმები, რომელიც ჩადებულია თქვენ კომპიუტერში არსებულ ოპერაციულ სისტემაში. «ვინდოუს იქსპიში» არსებობს ერთი ასეთი რუსული ხმა «ნიკალაი» და ოცდაერთი ინგლისური ხმის ძრავი. ინგლისურ ძრავებს შორის გადართვა შეიძლება «შიფტ+ ეფ-12»- ღილაკების მეშვეობით. არსებობს ხმების არჩევის მეორე გზაც: ალტ +ეფ 12-ს ერთდროული დაჭერით ეკრანზე გამოდის ხმების სიის ფანჯარა. აქ ხმებს ვირჩევთ ისრების საშუალებით, ხოლო ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებისათვის ერთი ენიდან მეორეზე გადავდივართ ტაბით. 

 

ხმების სამართავი ღილაკები:

 1. ქართული ხმების არჩევა ღილაკი «ეფ-12».

 2. ინგლისური ხმების არჩევა  -  ღილაკთა კომბინაცია «შიფტ ეფ-12».

 

   შრიფტის არჩევა. 

შრიფტის არჩევა შესაძლებელია ღილაკთა კომბინაციით: კონტროლ ასო «ე»-ს ღილაკი. ამ ღილაკების დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოდის შრიფტების სია, რომლის შიგნითაც მოძრაობა ხდება ქვედა და ზედა ისრების საშუალებით. ისრების მოძრაობისას მონიტორზე არსებული შრიფტი მყისიერად იცვლება იმ შრიფტით, რომელზედაც ხდება გადასვლა. შრიფტის არჩევისას შეიძლება ვისარგებლოთ შრიფტის სახელის პირველი ასოთი, ან საძიებო ფანჯრით. შრიფტის სახელის გასარკვევად და დასამახსოვრებლად შეიძლება ვისარგებლოთ სახელის ასო-ასო კითხვის ინსტრუმენტით: არჩეულ შრიფტზე დგომისას ვაწვებით ტაბულაციის ღილაკს, ხოლო შემდეგ ვიყენებთ ღილაკებს  -  კონტროლ + ისარი მარცხნივ ან მარჯვნივ.

 

   კითხვის რეჟიმი.

   ტექსტის კითხვისა და წერის რეჟიმებს შორის გადართვა ხდება კონტროლ+ ხანის საშუალებით, რასაც თან ახლავს სათანადო შეტყობინება. კითხვის დაწყება და შეჩერება ხდება ხანით. კითხვის ასაჩქარებლად ვიყენებთ ღილაკთა კომბინაციას კონტროლ პლიუსს კალკულატორის ბლოკიდან, ხოლო კითხვის შენელება ხდება კონტროლ მინუსით. მიმდინარე წინადადების გასამეორებლად ვაწვებით ღილაკს «5» კალკულატორის ბლოკიდან. ამ დროს კალკულატორი გამორთული უნდა იყოს. წინა და მომდევნო სიტყვაზე გადასასვლელად ვიყენებთ მარცხენა და მარჯვენა ისრებს. წინა და მომდევნო წინადადებების წასაკითხად გამოიყენება შესაბამისად ზედა და ქვედა ისრები, ხოლო წინა და მომდევნო აბზაცებზე გადასვლა შეიძლება კონტროლ ზედა და ქვედა ისრებით. გაუგებარი სიტყვა შეიძლება წავიკითხოთ ასო-ასო კონტროლ მარჯვენა და მარცხენა  ისრების გამოყენებით.

   ტექსტის რედაქტირებისა და შესწორების გაადვილების მიზნით გამოიყენება კითხვა სასვენი ნიშნებით. ამ რეჟიმის ჩართვა -გამორთვა ხდება კონტროლ ტილდას (ესკეიპის ქვევით მდებარე ღილაკი) მეშვეობით. ტექსტს პროგრამა «ბუ» ყოფს ფურცლებად და თვითონვე ნომრავს ავტომატურად. თითოეული ფურცელი შეიცავს დაახლოებით 2 ათას სიმბოლოს. ზედა ფურცელზე გადასვლისათვის გამოიყენება ღილაკი «პეიჯ აპ». ხოლო მომდევნო ფურცელზე გადასასვლელად ღილაკი «პეიჯ დაუნი». ტექსტის თავში და ბოლოში გადასვლა ხდება შესაბამისად «ჰოუმით» და ენდ-ით. სასურველ გვერდზე გადასვლისათვის ვაჭერთ ღილაკ «ალტს» და თითის აუღებლად კლავიატურის ძირთადი ბლოკის რიცხვთა მწკრივზე ვკრეფავთ სასურველი გვერდის ნომერს, შემდეგ ვიღებთ თითს ალტ-იდან. ამ ოპერაციის დამთავრებისთანავე სასურველ გვერდზე გადასვლა ხდება ავტომატურად. ღილაკი «ეფ-  11» გვატყობინებს მოცემული ტექსტის მერამდენე გვერდს ვკითხულობთ და სულ რამდენი გვერდია ტექსტში. კონტროლ ეფ 11 გვატყობინებს მერამდენე სიმბოლოს წინ იმყოფება კურსორი მარცხნიდან. შიფტ ეფ 11 გვიცხადებს მერამდენე გვერდზე და მერამდენე სტრიქონზე ვიმყოფებით.      ტექსტის კითხვის შეწყვეტის და შემდეგში კითხვის განახლებისას პროგრამა ავტომატურად კითხვას აგრძელებს იმ ადგილიდან, სადაც შეწყდა კითხვა. საინტერესო და საჭირო ადგილებზე დასაბრუნებლად პროგრამას გააჩნია სანიშნები. ამისთვის უნდა დავდგეთ შესაბამის ადგილზე, დავაჭიროთ ღილაკთა კომბინაციას: ალტ პლიუსი კალკულატორის განყოფილებიდან. გამოვა სანიშნი ფანჯარა, სადაც შეგვიძლია ჩავინიშნოთ ადგილი შესაბამისი კომენტარით. ამ დროს სანიშნში იწერება ტექსტის პატარა ნაწილი და ჩვენს მიერ ჩაწერილი ინფორმაცია. მაგალითად, გვერდის ნომერი, ან ის ინფორმაცია, რომელიც ადვილად გაგვახსენებს მოცემულ ადგილს. სანიშნის გამოძახება ხდება ღილაკ «პლიუსი»-ს საშუალებით. სანიშნების ფანჯარაში სასურველ ნიშნულზე გადასვლისთვის გამოიყენება ზედა და ქვედა ისრები. ვდგებით საჭირო ჩანაწერზე და ვაჭერთ ენტერს. სანიშნ ფანჯარაში ძიებისას შეიძლება გამოვიყენოთ სიტყვის საძიებელი ფანჯარა, რომლის გამოძახება ხდება კონტროლ ეფის საშუალებით. ჩანიშნული ადგილის ამოშლა სანიშნე ფანჯრიდან ხდება, ჩვეულებრივად, დელეიტის გამოყენებით. აღვნიშნოთ, რომ ჩანიშვნები მოცემულ ტექსტს მუდამ თან ახლავს, თუნდაც ტექსტი ამოვშალოთ ფანჯრიდან. ამ ტექსტის ხელმეორედ გამოძახებისას ჩვენ ისევ შეგვიძლია მოვძებნოთ ადრე ჩანიშნული ადგილი.

 

     წერის რეჟიმი.

  წერისთვის გამოიყენება დამატებითი ფანჯარა, რომელსაც ვხსნით ღილაკით ეფ ცხრა. ამ დროს პროგრამა ავტომატურად ჩართავს წერის რეჟიმს. შემდეგ კონტროლ+ «ე»-ს და ქვედა და ზედა ისრების საშუალებით ვირჩევთ შრიფტს. არჩევას ვადასტურებთ ენტერით. ვიწყებთ წერას. შევნიშნოთ, რომ ტექსტი ჩვენ შეიძლება ავკრიფოთ ბუ-2-ს ნებისმიერ ცარიელ ფანჯარაშიც. ამ შემთხვევაში წინასწარ უნდა გადავიდეთ წერის რეჟიმში კონტროლ ხანის მეშვეობით.

 ტექსტი შეიძლება ავკრიფოთ სხვადასხვა ენებზე. ამისთვის ვიყენებთ შრიფტებს, რომლებიც შექმნილია ქართული, ლათინური და კირილიცის ალფაბეტებისთვის. მაგალითად, სილფაენი ან ნიუ რომანი. გადართვა ამ ალფაბეტებს შორის ხორციელდება ალტ შიფტით, რასაც თან ახლავს სათანადო ხმოვანი შეტყობინებები. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ნებისმიერი შრიფტი და შევადგინოთ სხვადასხვა ენებზე შერეული ტექსტებიც, თუ მოვახდენთ გადართვებს ალტ შიფტის საშუალებით. ამ დროს ტექსტი იკრიფება უნიკოდში. ამას იტყობინება ყოველი აკრეფილი ასოს შემდეგ სპეციალური ხმოვანი სიგნალი.

 ორი შრიფტი აკადნუსხური და აკად მთავრული მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. მათი გამოყენებისას ალტ შიფტის საშუალებით უნდა ჩავრთოთ ინგლისური რეჟიმი: კლავიატურის განლაგება მიჰყვება ინგლისურ წყობას და იკრიფება ქართული ასოები. თუ გადავალთ ალტ შიფტით ქართულ რეჟიმზე , მაშინ ტექსტი აიკრიფება ქართული ასოებით უნიკოდში, მაგრამ კლავიატურაზე ასოთა განლაგება არ ემთხვევა ინგლისურს (სავარაუდოა, რომ განლაგება მიჰყვება საბეჭდი მანქანის განლაგებას). რუსულ რეჟიმში ამ შრიფტების გამოყენებისას ტექსტი აიკრიფება უნიკოდში. ამიტომ ჩვენი რჩევაა აკადნუსხური და აკადმთავრული შრიფტების გამოყენებისას აკრიფეთ მხოლოდ ისეთი ნარევი ტექსტი, რომელიც შეიცავს მხოლოდ ქართულ და რუსულ ტექსტებს. ამავე დროს ქართული ტექსტის აკრეფისას ჩართეთ წერის ინგლისური რეჟიმი. დანარჩენი შრიფტებით წერისას მაგ. სილფაინით ტექსტები იკრიფება უნიკოდში და არავითარი არევ-დარევა არ ხდება: ქართული ტექსტი აიკრიფება ქართულ რეჟიმში, რუსული რუსულში და ინგლისური ინგლისურში.     

 აკრეფილი ტექსტის გახმოვანება ხდება კითხვის რეჟიმით. კითხვის რეჟიმს აქვს ორი ვარიანტი: ინგლისური ასოების ქართულად და ინგლისურად წარმოთქმა. ამ ვარიანტებს შორის გადასვლა ხორციელდება კონტროლ+ეფ თორმეტის საშუალებით. თუ გვინდა ინგლისური ტექსტის გახმოვანება ინგლისური სინთეზატორით, მაშინ კონტროლ +ეფ12-თ შევარჩევთ ვარიანტს: ლათინურის ინგლისურად გახმოვანება. წინააღმდეგ შემთხვევაში ლათინურად აკრეფილი მასალა გახმოვანდება ქართულად.

წერის დროს მასალის ფურცლებად დაყოფა და დანომვრა ხდება ავტომატურად.

     წერის რეჟიმის გასაადვილებლად და ორიენტირებისთვის პროგრამას გააჩნია შემდეგი შესაძლებლობები:

     ბოლო აკრეფილი სიტყვის გამოცხადება. ამ რეჟიმის ჩართვა და გამორთვა ხდება კონტროლ შიფტ ტილდა (მდებარეობს ტაბ ღილაკის ზემოთ) ღილაკების კომბინაციით;

  ფურცლის მარცხენა საზღვრის დაყენება ხდება კონტროლ +ღილაკ «მძიმეს» საშუალებით. ამ დროს ცხადდება საზღვრის შესაბამისი რიცხვი. ეს რიცხვი იზრდება კონტროლ+ «მძიმეს» ხელახლა დაჭერით, ხოლო კლებულობს კონტროლ +შიფტ «მძიმეს» საშუალებით;

   ფურცლის მარჯვენა საზღვარი ყენდება კონტროლ+ «წერტილის» დახმარებით. საზღვრის ზომების ცვლილება მარცხენა საზღვრის ცვლილების ანალოგიურია;

    აბზაცის დაყენება მარცხენა და მარჯვენა საზღვრების მსგავსია და წარმოებს კონტროლ +»დახრილი ხაზის» დახმარებით;

   ტექსტის მარცხენა საზღვართან გასწორება, ცენტრირება და მარჯვენა საზღვარზე გასწორება ხორციელდება შესაბამისად კონტროლ +ღილაკ «ჰ», «ჯეი» და «კა»-ს მეშვეობით;

   თუ გვინდა ვწეროთ მარჯვნიდან მარცხნივ, მაშინ კონტროლ +ასო «კ»-ს დახმარებით უნდა ჩავრთოთ მარჯვენა საზღვარზე გასწორების რეჟიმი. ამ დროს ტექსტი აიკრიფება მარჯვენა მხრიდან. ასეთი წერის მანერა გამოდგება, მაგალითად, განცხადებების შედგენისათვის;

   კონტროლ+ ეფ თერთმეტი გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ კურსორი მარცხენა მინდვრიდან მერამდენე სიმბოლოს წინ იმყოფება;

    შიფტ +ეფ თერთმეტი გვეუბნება მერამდენე გვერდზე და ამ გვერდის მერამდენე სტრიქონზე ვიმყოფებით;

   ალტ +ეფ თერთმეტი აცხადებს ინფორმაციას ტექსტში გვერდების, აბზაცების და სტრიქონების რაოდენობის შესახებ;

    ალტ +ეფ ხუთი გვატყობინებს შრიფტის ზომას.

 

     გაფორმების რეჟიმი.

 პროგრამა ბუ ორი საშუალებას იძლევა გავაფორმოთ აკრეფილი ან გადმოწერილი ტექსტი. კერძოდ, გამოვყოთ ტექსტის ნაწილი ან სიტყვა  შრიფტის ზომის გადიდებით, შრიფტის გასქელებით, ხაზგასმით ან შრიფტის დახრით. მოვახდინოთ ტექსტის ცენტრირება.

    გაფორმების რეჟიმის ჩართვა-გამორთვა ხდება კონტროლ და ასო «რ»-ს ღილაკთა კომბინაციით;

    შრიფტის ზომის გაზრდისათვის ვიყენებთ კონტროლ+ ზეტს, ხოლო შესამცირებლად კონტროლ+ შიფტ ზეტს;

    ტექსტის გასქელების, დახრის და ხაზგასმის რეჟიმების ჩართვა-გამორთვისთვის ვიყენებთ შესაბამისად კონტროლ +ბე-ს, ი-ს და უ-ს კომბინაციებს.

    ზემოთ აღნიშნული მოქმედებების ჩასატარებლად წინასწარ უნდა მოვნიშნოთ ის სიტყვა ან ტექსტის ნაწილი, რომელზედაც გვსურს ჩავატაროთ მოქმედება, რადგან მოქმედებები ხორციელდება მხოლოდ მონიშნულ ტექსტზე.

    გაფორმებული ტექსტი უნდა შევინახოთ ერტეეფ ფორმატში, რადგან თუ ასე არ მოვიქცევით ტექსტი შეინახება ტექსტურ ფორმატში და გაფორმება დაიკარგება.

 

 

    მონიშვნები.

    ტექსტის სასურველი ნაწილის მოსანიშნად უნდა გადავიდეთ წერის რეჟიმში. არამხედველთათვის ამ ოპერაციის გასაადვილებლად ცალ-ცალკე ხდება მონიშვნის დასაწყისისა და დასასრულის დაფიქსირება. მონიშვნის დასაწყისის დაფიქსირებისთვის ვიყენებთ ღილაკთა კომბინაციას: კონტროლ+ ფიგურული ფრჩხილის გახსნა (ასო «პი»-ს მარჯვნივ მდებარე ღილაკი), ხოლო მონიშვნის დასასრულის ფიქსირებისთვის გამოიყენება კონტროლ+ ფიგურული ფრჩხილის დახურვა ( ასო «პი»-ს მარჯვნივ მდებარე მეორე ღილაკი).

    მონიშვნის ამ ხერხის პარალელურად შეიძლება გამოვიყენოთ სხვა, საყოველთაოდ მიღებული მონიშვნის ხერხებიც:

    შიფტი და მარცხენა ან მარჯვენა ისრების გამოყენებით მოინიშნება ერთი სიმბოლო შესაბამისად მარჯვნივ ან მარცხნივ. კონტროლ+ შიფტ მარჯვენა ან მარცხენა ისარი მონიშნავს სიმბოლოებს კურსორიდან მარჯვნივ ან მარცხნივ სიტყვის ბოლომდე. შიფტ+ ქვედა ისარი მონიშნავს სიმბოლოებს კურსორიდან მარჯვნივ სტრიქონის ბოლომდე, ხოლო შიფტ+ ისარი ზემოთ კურსორიდან სტრიქონის დასაწყისამდე. შიფტ+ კონტროლ ისარი ქვემოთ მონიშნავს ტექსტის ნაწილს კურსორიდან მიმდინარე წინადადების ბოლომდე, კონტროლ+ შიფტის იგივე კომბინაცია და ისარი ზემოთ კურსორიდან  -  წინადადების დასაწყისამდე. კონტროლ+ ჰოუმი, კონტროლ+ ენდი მონიშნავს შესაბამისად კურსორიდან ტექსტის დასაწყისამდე და ტექსტის ბოლომდე. კონტროლ +ასო «ა» მონიშნავს მთელ ტექსტს.

  ზემოთ აღნიშნული მონიშვნები უნდა განვახორციელოთ წერის რეჟიმში. გარდა ამისა, პროგრამა ბუ ორს აქვს შესაძლებლობა მთლიანი ტექსტი მოვნიშნოთ კითხვის რეჟიმშიც. მონიშვნის მოსახსნელად გამოიყენეთ მარჯვენა ან მარცხენა ისრები. მონიშვნის მოხსნას თან ახლავს სათანადო ხმოვანი შეტყობინება.

   მონიშნული ტექსტის დასაწყისი შეიძლება წავიკითხოთ შემდეგი კომბინაციით: კონტროლ+ ღილაკი წერტილ მძიმე, ხოლო დასასრული  -  კონტროლ+ შიფტ წერტილ მძიმე. როცა ტექსტი პატარაა, მთელი მონიშვნა იკითხება კონტროლ+ აპოსტროფით (წერტილ მძიმის შემდეგ მარჯვნივ მდებარე ღილაკი), ხოლო თუ მონიშნული ტექსტი დიდია, მაშინ ღილაკით «ხუთი» კალკულატორის ბლოკიდან.   

 

ბუფერი

 

მონიშნული ტექსტი ბუფერში გადაიტანება კონტროლ+ «ცე»-ს საშუალებით. ბუფერში შენახული ტექსტის ჩასმა სათანადო, ჩვენთვის სასურველ ადგილას წარმოებს კონტროლ +»ვ»-ეს მეშვეობით, ამისთვის კურსორი უნდა დავაყენოთ იმ ადგილზე, სადაც გვინდა ბუფერში არსებული ტექსტის ჩასმა და დავაწვეთ კონტროლ «ვ»-ეს. თუ გვინდა ბუფერში არსებული ტექსტი შემოტანა უნდა დავაწვეთ ღილაკ ეფათს, გაიხსნება ბუფერის ფანჯარა და ტექსტს შემოვიტანთ ენტერის საშუალებით.

 

  ტექსტის შენახვა

 

      პროგრამა ბუ ორს ტექსტები შეუძლია შეინახოს ორნაირად: არასაბიბლიოთეკო და საბიბლიოთეკო ნაწილებში. არასაბიბლიოთეკო ნაწილში ტექსტი ინახება ჩვეულებრივი ფაილის სახით. ასეთი ტექსტი არ ჩანს საბიბლიოთეკო კატალოგებში, თუმცა ის შეიძლება გამოვიძახოთ ნებისმიერ ფანჯარაში და წავიკითხოთ ან შევასწოროთ.

   არასაბიბლიოთეკო ნაწილში ტექსტის შესანახად ვიყენებთ ღილაკთა კომბინაციას: კონტროლ+ესს. გამოდის სამნაწილიანი ფანჯარა, სადაც ზედა და ქვედა ისრების საშუალებით შეგვიძლია ავირჩიოთ დისკი დე, ცე და ასე შემდეგ. ვაწვებით ტაბ ღილაკს და გადავდივართ ფოლდერების სიაზე. აქაც ზედა და ქვედა ისრების საშუალებით ვირჩევთ ფოლდერს, სადაც გვსურს ჩავწეროთ ტექსტი. კვლავ ვაწვებით ტაბს და ვწერთ ფაილის სახელს გაფართოებით ტქსტ ან ერტეფ ან გაფართოების გარეშე და ენტერის საშუალებით ვინახავთ ტექსტს. თუ ვასწორებთ უკვე არსებულ ჩაწერილ ტექსტს, მაშინ ფაილის სახელის ჩაწერა სავალდებულო არ არის. ტაბ ღილაკზე ორჯერ დაჭერის შემდეგ დავაწვებით ენტერს და შესწორებული ფაილი შეინახება ძველი სახელით.

     არასაბიბლიოთეკო ნაწილიდან ტექსტის გამოსაძახებლად ვიყენებთ კონტროლ + ასო «ო»-ს ღილაკების კომბინაციას. კვლავ ეკრანზე გამოდის სამნაწილიანი ფანჯარა. ტაბისა და ვერტიკალური ისრების მეშვეობით, ისევე როგორც ჩაწერის დროს, მივდივართ სასურველ ფაილამდე და ვხსნით მას ენტერის მეშვეობით. აქაც მართებულია ძიების ის მარტივი გზა, რომელიც აღვწერეთ ფაილის ჩაწერის რეჟიმის შემთხვევაში. გამოძახებული ტექსტი გაიხსნება იმ ფანჯარაში, რომელზეც დგავართ. ცხადია, ეს ფანჯარა არ უნდა იყოს ბლოკირებული.

     საბიბლიოთეკო ნაწილში ტექსტის შესანახად ვიყენებთ ღილაკთა კომბინაციას: ალტ+ესი. გამოდის საბიბლიოთეკო განყოფილებების კატალოგი. ვირჩევთ სასურველ განყოფილებას, ვაწვებით ენტერს, გამოდის ფაილის სახელის ჩასაწერი ფანჯარა. ფანჯარაში უკვე ჩაწერილია ტექსტის პირველ აბზაცში ჩაწერილი სიტყვები, რომელიც კატალოგში შეინახება, როგორც ავტორის გვარ-სახელი, ხოლო ტექსტის მეორე აბზაცი, როგორც ტექსტის სათაური. ტექსტის ავტორი და სათაური ერთმანეთისაგან გამოიყოფა ტირეს საშუალებით ავტომატურად. შემდეგ ვაწვებით ენტერს.  თუ გვინდა შევინახოთ შესწორების შემდეგ კატალოგში უკვე არსებული ტექსტი, მაშინ ვაწვებით კონტროლ+ შიფტ+ ესს. ამ დროს ტექსტი ინახება სწრაფად, რასაც ადასტურებს მოკლე მუსიკალური ფონი.

 ახლად აკრეფილი ტექსტის შესანახად, თუ გვინდა გამოვიყენოთ კონტროლ+ შიფტ +ესის ღილაკების შენახვის სწრაფი მეთოდი, რამდენიმე სიტყვის აკრეფის შემდეგ ის უნდა შევინახოთ ზემოთ აღწერილი ერთ-ერთი (მაგრამ არა სწრაფი შენახვის) ხერხით. ბუ ორს გააჩნია ტექსტის შენახვის ავტომატური რეჟიმიც. ამისთვის გამოიყენება ღილაკთა კომბინაცია: კონტროლ+ ეფცხრა, გამოსულ ფანჯარაში ვწერთ წუთების რაოდენობას, რომლის გასვლის შემდეგ ტექსტი ინახება ავტომატურად.

 

 

 

     ძებნა

        ძებნა მიმდინარე ტექსტში ხორციელდება კონტროლ+ ეფის საშუალებით. ამ დროს გამოდის ფანჯარა, რომელშიც ვწერთ მოსაძებნ სიტყვას და ვაჭერთ ენტერს. ძებნა ყველა ფანჯარაში ერთდროულად ხორციელდება კონტროლ+ AAAAშიფტ+ ეფის საშუალებით. ეს პროცესი ისევე ხორციელდება, როგორც ძებნა მიმდინარე ტექსტში, მაგრამ ამ შემთხვევაში ძებნა მიმდინარეობს ყველა ფანჯარაში.

 

 

 საინფორმაციო ღილაკები

 

 ალტ+ ეფ 5 - ფანჯრის პარამეტრების გამოცხადება;

 ალტ+ ეფ 6 - მიმდინარე მომხმარებლის გამოცხადება;

  ეფ 11 - ინფორმაცია აქტიური ფანჯრის ტექსტის, მიმდინარე გვერდისა და გვერდების რაოდენობის შესახებ.

 შიფტ+ ეფ 11 - ინფორმაცია კურსორის მდებარეობის შესახებ.

 კონტროლ +ეფ 11 - სტრიქონზე  კურსორის პოზიციის გამოცხადება.

 ალტ +ეფ 11 - ტექსტში გვერდების, აბზაცებისა და სტრიქონების რაოდენობა;

ალტ+ ი – ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ავტორის რამდენი ნაწარმოებია სიაში;

ალტ+ ხანი - აცხადებს მიმდინარე უჯრას, ხაზს და როგორაა სია დალაგებული

კონტროლ+ ხანი - აცხადებს რამდენ ტექსტს შეიცავს არჩეული განყოფილება ან მთლიანად კატალოგი;

პაუზა (ეფ თორმეტის მარჯვნივ მდებარე მესამე ღილაკი) - აცხადებს აქტიურია თუ არა ბუ2 და მისი რომელი  ფანჯარაა წინა პლანზე.

შიფტ +პაუზა - იმეორებს ბოლო ნათქვამს.

 დალოდების მუსიკის არჩევა

 

        პროგრამა ბუ ორის ჩართვისას ან ფაილების შენახვისას მომხმარებელს უწევს ცოტა ხნით ლოდინი. პროგრამა იძლევა საშუალებას სხვადასხვა მომხმარებელმა თავისი სურვილით აირჩიოს დალოდების მუსიკა, ამისთვის გამოიყენება ღილაკთა კომბინაცია კონტროლ+ ეფ შვიდი. ამ ღილაკებზე დაჭერის შემდეგ ტაბისა და ვერტიკალური ისრების დახმარებით ვირჩევთ დისკს, ფოლდერს და სასურველ მუსიკალურ ფაილს. არჩევას ვადასტურებთ ენტერით. დალოდების მუსიკა არჩეულია.

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ ორის სახელმძღვანელო / 16.გაკვეთილი მეთხუთმეტე-ბუ-2-ს კლავიშები და ბრძანებები