გაკვეთილი მეთოთხმეტე

 

ფაილის გაფართოებები, ერტეფ ფორმატი, ერტეეფ ფორმატის პრაქტიკული მაგალითები

 

  ამ გაკვეთილში უნდა დავასრულოთ პროგრამა ბუს დახმარებით კომპიუტერში წერა-კითხვის შესწავლის საქმე. შევეცდებით გაკვეთილის ბოლოს პრინტერზე ამოვბეჭდოთ ჩვენს მიერ აკრეფილი ტექსტური მასალა. ეგებ, ლაზათიანადაც გამოგვივიდეს ყოველივე ეს, ისე, როგორც ქიზიყის მოურავ ანდრონიკაშვილს უყვარდა. იგი ამბობდა: მე რასაც ვაკეთებ, ლაზათიანად ვაკეთებ.

     ჯერ ორიოდე სიტყვით ვახსენოთ შემდეგი: წინა გაკვეთილებში, ჩვენ არასაბიბლიოთეკო ნაწილში კონტროლ + ასო ესის დახმარებით შევინახეთ შექმნილი ფაილი სახელის მინიჭებით. კომპიუტერის შემოთავაზებაზე : «ჩაწერეთ ფაილის სახელიო», ფაილს მივეცით სახელი და ჩვენმა პროგრამაც იგი შეინახა ამ სახელით.

     სინამდვილეში, ფაილის სახელი უნდა შედგებოდეს ორი ნაწილისგან, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა წერტილით. წერტილამდე ვწერთ ჩვენს მიერ მოფიქრებულ სახელს, წერტილის შემდეგ კი სამ ან მაქსიმუმ ოთხ ასოს. ეს ბოლო ნაწილი მიუთითებს, თუ რა ფორმატით უნდა შეინახოს კომპიუტერმა ჩვენი ფაილი. წერტილის შემდეგ გამოიყენება ისეთი სამასოიანი ფორმატები, როგორიცაა დოკ, ტქსტ, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაილი ინახება ტექსტურ ფორმატში. არსებობს ასევე ემპე-სამი ფორმატი, იგი გამოიყენება აუდიო მასალის შესანახად და კიდევ სხვ მრავალი გაფართოებები. პროგრამა ბუ, თუ სხვა რამ საგანგებოდ არაა მითითებული ფაილს ინახავს ტექსტურ ფორმატში, ამიტომ, ჩვენ ეს გაფართოება აღარ მიგვითითებია. კომპიუტერმა ის თვითონ მიაწერა. პროგრამა ბუს გააჩნია აგრეთვე ფაილის შენახვის სხვა ფორმატიც. ესაა რიჩ ტექსტ ფორმატი. ის ქართულად გადმოითარგმნება, როგორც მდიდარი ტექსტური ფორმატი, ან გამდიდრებული ტექსტური ფორმატი. სიტყვა რიჩს ხანდახან გამოთქვამენ როგორც რიკს. გახსოვთ ცნობილი ანსამბლი რიკი ენდ პოვერი? რაც ნიშნავს მდიდრები და ღარიბები. მოკლედ ამ ფორმატს ეძახიან ერტეეფ ფორმატს და ამ ფორმატში შენახვისას წერტილის შემდეგ უნდა დავწეროთ:რტფ.

     ტექსტის გაფორმების რეჟიმის ჩართვა-გამორთვა ხდება კომბინაციით: კონტროლ + ასო ერი. გაფორმების რეჟიმში ტექსტს ვაძლევთ ჩვენთვის სასურველ ფორმას. მაგალითად, როგორც მიღებულია, ლექსს ვათავსებთ ფურცლის შუაში, მკვეთრად გამოვყოფთ მის სათაურს შრიფტის გამსხვილებით ან შრიფტის ზომის გადიდებით. განცხადებების შედგენისას, ვიცავთ განცხადებებისათვის მიღებულ ფორმას. გაფორმების რეჟიმში შეგვიძლია ხაზი გავუსვათ მნიშვნელოვან სიტყვას, ან დავწეროთ დახრილი შრიფტით და ასე შემდეგ. გაფორმების რეჟიმში ტექსტი შეგვიძლია ავკრიფოთ მარჯვნიდან მარცხნივ, ნაწერი გავასწოროთ ან მარცხენა ნაპირთან, ან მარჯვენა ნაპირთან ან არადა ცენტრში.

     კომპიუტერში წერისას აღარ არის მიღებული სიტყვის ერთი ხაზიდან მეორეში გადატანა: სიტყვა იწერება მიმდინარე ხაზზე და თუ არ ეტევა მთლიანად გადადის მეორე ხაზზე. ტექსტის მარცხნივ გაფორმების რეჟიმში ხაზებზე პირველი სიტყვების საწყისი ასოები მოთავსებულია ზემოდან ქვემოთ ერთ ვერტიკალურ ხაზზე. მარჯვენა ნაპირთან კი სხვადასხვა  ხაზის ბოლო სიტყვებში ეს დაცული არ არის, ისინი ნაპირიდან შეიძლება სხვადასხვა მანძილით იყვნენ დაცილებულნი.

    მარჯვნიდან წერის რეჟიმის დროს წერა იწყება მარჯვენა ნაპირიდან და დაწერილი სიტყვები წერისას ინაცვლებენ მარჯვნიდან მარცხნივ. მეორე ხაზიც დაიწყება მარჯვნიდან და ისიც აკრეფის დროს თანდათანობით წაინაცვლებს მარცხნივ. ამ დროს მარჯვნივაა გასწორებული ტექსტი და ბოლო ასოები მდებარეობს ერთ ვერტიკალურ ხაზში.

     ცენტრიდან წერის რეჟიმში წერა იწყება ცენტრიდან და აკრეფილი ასოები გადაინაცვლებენ როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ.

    ტექსტის მარცხნივ გასწორების რეჟიმის ჩართვა ხდება კონტროლ + ასო ჰას კომბინაციით, ცენტრში გასწორება კონტროლ + ასო ჯეის მეშვეობით, ხოლო მარჯვნიდან წერის რეჟიმი კონტროლ + ასო კათი.

    კონტროლ + ასო ბე ჩართავს და გამორთავს შრიფტის გასქელებას, კონტროლ + ასო ი ჩართავს და გამორთავს ტექსტის დახრას, ხოლო კონტროლ + ასო უ, ხაზგასმას.

     გაფორმების რეჟიმის პრაქტიკული ათვისება კარგად ხდება ლექსებისა და განცხადებების შედგენისას. აბა, ვცადოთ და ჯერ ლექსს მივცეთ სასურველი ფორმა და შემდეგ შევადგინოთ განცხადება.

    გადმოვიწეროთ გალაქტიონის ცნობილი ლექსი, მოვნიშნოთ იგი და ბუფერის საშუალებით გამოვიტანოთ დროებით ფანჯარაში.

 

 “ მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,

  ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.

  იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,

  ფრთებით დაიფარე  -  ამას გევედრები. 

  ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,

  სული მოუვლინე ისევ შენმიერი,   

 დილა გაუთენე ისევ ციურიდან,

  სული უმანკოთა მიეც მშვენიერი.

   ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,

  უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,

  მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,

  მზეო თიბათვისა, ამას გევედრები.”

 

                                                                                                             1917

 

აუცილებელი  არ არის, მაგრამ პოეტები როცა გადაათეთრებენ ხოლმე თავის ლექსებს, ცდილობენ იგი განათავსონ ისე, რომ სტრიქონის დაშორება ფურცლის მარცხენა და მარჯვენა ნაპირებიდან იყოს დაახლოებით ერთნაირი. მიაჩნიათ, რომ ეს ლექსს შეშვენის. აბა, ჩვენც ვცადოთ და ვნახოთ რა გამოგვივა.

    ახლა მე მოგიყვებით, თუ როგორ ვეცადე ზემოთ მოცემული ლექსისთვის მიმეცა ნახსენები ფორმა. იმის შემდეგ, რაც შემოვიტანე ფანჯარაში ლექსი ბუფერიდან, ვიფიქრე გავაკეთებ ცენტრირებას კონტროლ ჯეის კომბინაციით და ყველაფერი მოგვარდება-მეთქი. მაგრამ არაფერი არ გამოვიდა, ტექსტი კი დალაგდა ცენტრის მიმართ სიმეტრიულად, მაგრამ ზოგი სტრიქონი გამოწეული იყო და ზოგიც შეწეული. მივხვდი, რომ ლექსის ყოველ სტრიქონში რადგან არ არის სიმბოლოთა ერთნაირი რაოდენობა, ამიტომაც, გასწორდა რა ყოველი სტრიქონი ცალ-ცალკე ცენტრის მიმართ, ლექსიც გამოვიდა აცაბაცა დალაგებული. იმისთვის, რომ სტრიქონები ახალი ხაზიდან დაწყებულიყვნენ ერთი და იგივე პოზიციიდან სხვა ხერხი უნდა მეხმარა.

     ჩავრთე მარცხნივ გასწორების რეჟიმი. პირველ სტრიქონში ავკრიფე პოეტის სახელი და გვარი, ენტერით გამოვტოვე ორი ხაზი და დავწერე ლექსის სათაური, მერე კვლავ გამოვტოვე ორი ხაზი და ამის შემდეგ უკვე იწყებოდა თვითონ ლექსი. კონტროლ ერის საშუალებით ჩავრთე გაფორმების რეჟიმი და ტექსტი შევინახე ერტეეფ ფორმატში. მივიღე გადაწყვეტილება, თუ რა ზომის შრიფტი მეხმარა ტექსტისთვის, დავაყენე შრიფტის ზომა, დავუშვათ, ოცი. გადავედი ფაილის თავში და მოვნიშნე სიტყვები  -  გალაქტიონ ტაბიძე  -  ამ სიტყვებისათვის გავადიდე შრიფტი ორი ზომით. გავიხსენოთ, რომ ერტეეფ ფორმატში მოქმედება ხდება მხოლოდ მონიშნულ ტექსტზე, დანარჩენი ნაწილი კი უცვლელი რჩება. შემდეგ გადავედი სათაურზე, ისიც მოვნიშნე და შრიფტიც გავზარდე, მაგრამ ეს არ მივიჩნიე საკმარისად და კონტროლ ბეს კომბინაციით სათაური გავამუქე, შემდეგ კონტროლ ჯეით მოვახდინე სათაურის ცენტრირება. გაზრდილ შრიფტიანი და გამუქებული სათაური დაჯდა ფანჯრის შუაში. ახლა ჩემი ძირითადი მიზანი იყო ლექსის ლამაზად გადატანა შუა ადგილას, ისე რომ ყოველი სტრიქონი დაწყებულიყო ერთი და იგივე პოზიციიდან. მოვნიშნე თითო-თითოდ რამდენიმე სტრიქონი და კომპიუტერისგან შევიტყვე რომ ერთ სტრიქონში იყო ოცდაათი, მეორეში  -  ოცდათორმეტი, მესამეში  -  ოცდაჩვიდმეტი, ხოლო მეოთხეში ოცდათექვსმეტი სიმბოლო. საშუალოდ, ჩავთვალე, რომ სტრიქონში არის ოცდათხუთმეტი სიმბოლო. ფანჯარაში სიმბოლოთა საშუალო რიცხვის გასაგებად  მოვნიშნე და ბუფერში გადავიტანე ერთი სტრიქონი. გადავედი ტექსტის ბოლოში და სტრიქონი შემოვიტანე ბუფერიდან. შემოტანა განვახორციელე მარცხენა ნაპირის პირველი პოზიციიდან, მერე ერთი პოზიციის გამოტოვებით კვლავ შემოვიტანე იგივე სტრიქონი ბუფერიდან. შემდეგ, მესამედაც იგივენაირად მოვიქეცი. ეს იმიტომ, რომ დარწმუნებული ვყოფილიყავი სტრიქონის სრულ შევსებაში. წერის რეჟიმში გადავედი ჰოუმით სტრიქონის დასაწყისში და მოვნიშნე იგი. კომპიუტერმა მამცნო, რომ სტრიქონი შეიცავს ორმოცდათხუთმეტ სიმბოლოს. ამის შემდეგ წავშალე ბუფერიდან შემოტანილი. გამოვიანგარიშე რომ ლექსის ერთი სტრიქონის დაწერისას სტრიქონში რჩებოდა 55 მინუს 35 ოცი სიმბოლო. მაშასადამე სტრიქონი უნდა დაწყებულიყო მეთერთმეტე პოზიციიდან, რათა წინ დარჩენილიყო ათი და ბოლოშიც ათი სიმბოლოს ადგილი. ჩავრთე კითხვის რეჟიმი გამოცხადებით, რათა შემეტყო როდის იწყებოდა ახალი ხაზი (იგი ლექსში ყოველთვის იწყება აბზაცით). ამის შემდეგ ყოველი სტრიქონი გადავაადგილე დაშორების გრძელი კლავიშით მეთერთმეტე პოზიციაზე, ხოლო ყოველი ოთხი სტრიქონის შემდეგ ვაწვებოდი ენტერს სტროფების ერთმანეთისგან დასაშორებლად. მივიღე ლექსის სასურველი ფორმა. აბა, თქვენც სცადეთ! არ შეგეშინდეთ, ამ შემთხვევაში ჩიტი ბდღვნად ღირს. ბოლოს, რათქმა უნდა, მიღებული შედეგი კონტროლ+ შიფტ + ასო ესის ღილაკით გადავაწერე ამ ლექსის შენახულ ვარიანტს.

    ახლა მივხედოთ განცხადებას. ჯერ გავეცნოთ როგორ იწერება ის. განცხადების მიმართვის ფორმა გაწეულია მარჯვნივ, ხოლო შინაარსი იწერება ჩვეულებრივად. განცხადების პირველ ხაზზე იწერება ადრესატის სტატუსი. მაგალითად, თბილისის კრწანისის რაიონის გამგებელს. მეორე ხაზზე ადრესატის გვარ- სახელი: ბატონ შმაგი პურიჭამიაშვილს. განცხადების მესამე ხაზი უკავია განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მისამართს: ბნელი რიგის ნომერ ცამეტში მცხოვრებ. მეოთხე ხაზზე მოდის განმცხადებლის გვარ-სახელი, სოსანა ობოლაძის. ყველა ეს ოთხი ხაზი მარჯვნივ არის მიწეული. მეხუთე ხაზი უკავია სიტყვას  -  განცხადება. ეს სიტყვა იწერება ფურცლის შუაში და სილამაზისთვის შეიძლება ასოები ერთმანეთისგან დაშორებულნი იყოს ერთი ან ორი ბიჯით. მეექვსე ხაზიდან იწყება განცხადების ტექსტობრივი შინაარსი:

     მოგახსენებთ, რომ ვცხოვრობ ბნელი რიგის თანაც მესამე შესახვევში. ამიტომაც ჩემს საცხოვრებელში უკუნი სიბნელეა. არ მყოფნის ჰაერი. გთხოვთ გამომიყვანოთ ელექტრო დენი და ჩემი უსახსრობის გამო ელენერგიის ხარჯი დამიფაროთ თქვენი ქეიფის თანხიდან. ამავე დროს უჰაერობის გამო შემიძინოთ კონდიციონერი. ტელევიზორს არ ვითხოვ. ამის საფასურად გპატიჟებთ მეწვიო სტუმრად და მე, თქვენ და გაშინაურებულმა თაგვებმა ერთად ვჭამოთ კარგი პური.

     ჩვენ შეგვიძლია მოვიქცეთ შემდეგნაირად. ავკრიფოთ ეს ტექსტი ჩვეულებრივად მარცხნიდან მარჯვნივ. ყოველი ახალი ხაზი დავიწყოთ აბზაცით. ჩავრთოთ გაფორმების რეჟიმი. დავალაგოთ აკრეფილი ტექსტი ისე, რომ დავიცვათ ზემოთ ნახსენები მოთხოვნები.

     მოვნიშნოთ პირველი ოთხი ხაზი. მარჯვნიდან წერის რეჟიმის ჩართვით გავწიოთ ხაზები მარჯვნივ. მოვნიშნოთ მეხუთე ხაზი, რომელიც შეიცავს მარტო ერთ სიტყვას -  განცხადება. ცენტრირებით ის გადავიტანოთ ფურცლის შუაში. დანარჩენი ტექსტი დავტოვოთ ხელუხლებლად. გადავიდეთ განცხადების მეორე ხაზზე: მოვნიშნოთ სიტყვა ბატონ და კონტროლ ასო ბეთი გავამუქოთ. შემდეგ მოვნიშნოთ გამგებლის გვარ- სახელი და გავადიდოთ შრიფტის ზომა, მაგალითად ორი ან ოთხი ერთეულით. ჩამოვიდეთ მეოთხე ხაზზე და აქაც გავადიდოთ განმცხადებლის გვარ-სახელი, თანაც გავუსვათ ხაზი კონტროლ ასო უ-ს მეშვეობით. მეხუთე ხაზში სიტყვა განცხადების ასოები ერთმანეთისგან დავაშოროთ ერთი ან ორი ბიჯით. ამისთვის უნდა გადავიდეთ ასოდან ასოზე და დაშორების გრძელი კლავიშით მოვახდინოთ ეს მოქმედება. შინაარსი დარჩება უცვლელად. ბოლოში შეგვიძლია მივაწეროთ განმცხადებლის გვარი და შემდეგ ხაზზე  -  თარიღი. ჩვენი განცხადება უკვე მზად არის. შევინახოთ ის ერტეეფ ფორმატში.

     ჩვენ უკვე გავამზადეთ ორი ტექსტი: გალაქტიონის ლექსი და ბნელ რიგში მცხოვრებ ობოლაძის განცხადება ამოსაბეჭდად.

     ამობეჭვდა წარმოებს კონტროლ + ასო პეს კომბინაციით. ამ კომბინაციით გამოდის სადიალოგო ფანჯარა. კომპიუტერი გვეკითხება რომელი გვერდიდან გვსურს ამობეჭვდა. ვწერთ გვერდის ნომერს, ვაწვებით ტაბს, აქ უნდა ჩავწეროთ ამოსაბეჭდი მასალის იმ გვერდის  ნომერი სადამდეც გვსურს ამობეჭვდა. კვლავ ვაწვებით ტაბს და ამოსაბეჭდად ენტერს, ხოლო თუ გვსურს გავაუქმოთ ამობეჭვდვა, მაშინ  -  ესკეიპს.

     გამოვიძახოთ ნებისმიერ ფანჯარაში «მზეო თიბათვისა». ნაჩვენები მოქმედებით ამოვბეჭდოთ ეს დიდებული ლექსი. მერე გამოვიძახოთ განცხადება და ისიც ამოვბეჭდოთ.

    გილოცავთ! თქვენ ხელში გიჭირავთ თქვენს მიერ დაწერილი ორი ფურცელი, ისეთი სახით, როგორსაც წერენ მხედველი ადამიანები. გული არ დაგწყდეთ, რომ კალმისტრით არ შეგიძლიათ დაწერა. კალმისტარი დიდი ხანია მხედველებმაც გადააგდეს. ისინიც ისევე დაწერდნენ ამ ორ ტექსტს, როგორც თქვენ გააკეთეთ. მაშ, გაუმარჯოს სიცოცხლეს და ჩვენი შრომის ნაყოფს.

     ახლა ნამდვილად გეკუთვნით ორ-სამ დღიანი არდადეგები. გამოიძახეთ საბიბლიოთეკო ნაწილიდან მშვენიერი წიგნები და დატკბით მათი კითხვით.

    შემდეგ ორ გაკვეთილში მოცემულია ჩვენს მიერ განვლილი მასალა აკუმულირებული სახით. ის აუცილებლად უნდა წაიკითხოთ და კიდევ ერთხელ შეასრულოთ ის მოქმედებები და ბრძანებები, რომლებიც იქ შეგხვდებათ. თქვენ უკვე საკმაო მასალა დააგროვეთ ამ გაკვეთილების ათვისებისას. კიდევ ერთხელ მიიღეთ ჩემი მილოცვა.

 

    საკონტროლო კითხვები:

 

 1. რომელი კომბინაციით ხდება გაფორმების რეჟიმის ჩართვა-გამორთვა?

 2. წერის რომელი რეჟიმები შევისწავლეთ ამ გაკვეთილში?

 3. რა ღილაკებით ხდება შრიფტის გასქელების, დახრის და ხაზგასმის ჩართვა-გამორთვა?

 4. ფაილის შენახვის რამდენი ფორმატი იცით და რას წარმოადგენს ერტეეფ ფორმატი?

 5. როგორ ამოვბეჭდოთ ტექსტი პრინტერზე?

 

დავალება:

 

1. დაწერეთ თქვენი ავტობიოგრაფია და ამობეჭდეთ იგი.

2. მიეცით შემდეგ ლექსს ამოსაბეჭდი ფორმა. ლექსის ავტორია ოთარ ჭილაძე და ეს არის ამონარიდი მისი თხზულებიდან «თიხის სამი ფირფიტა».

 

ქალაქს საფუძვლად ლეგენდა უდევს.

და შესაფერი სახელიც ჰქვია.

და საათები უჩინარ წუთებს.

ჯანსაღი გულის სიზუსტით თვლიან.

 

რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე,

ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ.

და ქვებზე ჩუმად გროვდება მტვერი.

და ჩასაფრებულ თვალივით ბრწყინავს.

 

მაინც არავინ არ გარბის არსად,

ცხოვრებას ყველა თავიდან იწყებს.

 

და თიხის დიდი თოჯინის მსგავსად,

ქალაქი ხელში უჭირავს სიცხეს.

 

იზრდება სიცხე და მაგარ თითებს.

თანდათან უფრო თამამად უჭერს.

აცახცახებულ თაღებს და ხიდებს.

და ჩრდილებისკენ გაქცეულ ქუჩებს.

 

3. შეადგინეთ ნამდვილი განცხადება, უსინათლოთათვის დახმარების გაზრდის თაობაზე.

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ ორის სახელმძღვანელო / 15.გაკვეთილი მეთოთხმეტე-ფაილის გაფართოებები, ერტეეფ ფორმატი