გაკვეთილი მეცამეტე

 

რომაული ციფრები, სიმბოლოები, ფურცლის პარამეტრების დაყენება, ამობეჭვდა, ფაილის შენახვის ავტომატური რეჟიმი, მომხმარებელთა არჩევა, მოცდის მუსიკა

 

 

       ალბათ, გაგიგონიათ, რომ საქმის ბოლო საქმის გვირგვინიაო და ნამდვილი ოსტატი ის ხუროა, რომელიც უკანასკნელ ლურსმანს დააჭედებსო სახურავს. ჩვენც ვეცადოთ ღირსეულად დავუსვათ წერტილი ჩვენს განათლებას კომპიუტერის შესწავლის საქმეში. ცხადია, ამას მე გეუბნებით ფიგურალურად, თორემ ნამდვილად არ გააჩნია წერტილი კომპიუტერის შესწავლას, თუნდაც იმიტომ, რომ გამოდის სულ ახალ-ახალი, გაუმჯობესებული საოპერაციო სისტემები და ასი ათასობით სხვადასხვა დანიშნულების სამომხმარებლო პროგრამები. განა ერთ ადამიანს შესწევს უნარი ამ ზღვა მასალის ათვისებისა? მე უბრალოდ წერტილის დასმაში ვგულისხმობ ისეთი ძირითადი ცოდნის მიღებას და ჩვევების გამომუშავებას, რომელიც უნდა იცოდეს კომპიუტერის ყოველმა მომხმარებელმა.

      დავუბრუნდეთ ისევ კლავიატურას. ის ხომ კომპიუტერისთვის სამართავი საჭეა, როგორც მფრინავისთვის პილოტის შტურვალი.

     მივხედოთ ციფრულ-ალფაბეტურ ნაწილს.

    სამეცნიერო და სხვა ლიტერატურაში წესადაა მიჩნეული საუკუნეების რომაული ციფრებით აღნიშვნა. მაგალითად, IX საუკუნე. რომაული ათიანის დასაწერად ვიყენებთ შიფტსა და იქსს, რომაული ხუთიანისთვის  -  შიფტს და ასო ვეს,ხოლო ერთიანისთვის  - შიფტსა და ასო ი-ს. დასამახსოვრებლად გვაქვს მარტივი წესი: რომაული ათიანი ჰგავს იქსის ლათინურ მოხაზულობას, ხუთიანი ვეს და ინგლისური ი რომაულ ერთიანს.

     ახლა მე მოგცემთ ერთ რჩევას, რომელიც ძალიან გამოგადგებათ. ხშირად მართლწერის არმცოდნენი წესებს არ იცავენ. მაგალითად, დაწერენ საუკუნის აღმნიშვნელ რიცხვს და დაუშორებლად მიუწერენ სიტყვას საუკუნე, ანდა ორი საუკუნის ერთად მოხსენიებისას შუაში წერენ დეფისს ან ტირეს და ეს ნიშანი არც წინმდგომი რიცხვის და არც მომდევნო რიცხვისგან დაშორებით არ არის გამოყოფილი. ახლა მე დავწერ მეათე საუკუნეს, ისე რომ არ გავაკეთებ რიცხვსა და სიტყვას შორის დაშორებას. პროგრამა ბუ წაგვიკითხავს, მხოლოდ სიტყვას. აბა, მოუსმინეთ X საუკუნე. თუმცა ამ სიტყვის წინ ნამდვილად წერია რომაული ათიანი. ახლა დავსვამ მათ შორის დაშორებას და კიდევ ერთხელ მოუსმინეთ. X საუკუნე. ახლა დავწერ ასეთ ფრაზას: «მეჩვიდმეტე მეცხრამეტე საუკუნეებში», ისე რომ საუკუნეების აღმნიშვნელი რიცხვები და მათ შორის მოთავსებული ტირე არ იყოს ერთმანეთისგან დაშორებით გამოყოფილი. ვნახოთ რას წაგვიკითხავს კომპიუტერი: XVII-XIX საუკუნეებში. ახლა უბრალოდ დავწერ სწორად, რომ ტირე დაშორებული იყოს რიცხვებისგან, როგორც წესია და კვლავ მოვისმინოთ: XVII  -  XIX საუკუნეებში. ასეთი შეცდომები ძალზე ხშირია ინტერნეტში მოთავსებულ მასალებშიც, ამიტომაც მათ გასასწორებლად ყოველთვის გქონდეთ მხედველობაში ზემოთ ნათქვამი.

     ახლა მივხედოთ კლავიატურის მთავარი ბლოკის მარჯვენა მხარეს განლაგებულ ღილაკებს. ჩვენ უკვე ვიცით მათი დანიშნულებები, მაგრამ რა ფუნქციებს ასრულებენ ისინი შიფტთან ერთად? ქვედა საწერ რიგში ასო ემის შემდეგ სამი ღილაკია განლაგებული: მძიმის, წერტილის და მარცხნივ დახრილის. ეს ღილაკები შიფტთან ერთად იძლევიან: მძიმე -  ნაკლებობის ნიშანს, წერტილი  -  მეტობის ნიშანს და მარცხნივ დახრილი კითხვის ნიშანს. ძირითადი რიგის ორი ღილაკი წერტილ-მძიმე და აპოსტროფი, რომლებიც მდებარეობს ასო ელის მარჯვნივ, შიფტთან ერთად გადაიქცევიან: წერტილ-მძიმე  -  ორ წერტილად, ხოლო აპოსტროფი ბრჭყალებად. ავინაცვლოთ ზედა რიგში. აქ ასო პეს მარჯვნივ კვადრატული ფრჩხილის გახსნის და დახურვის ღილაკებია. შიფტთან ერთად ისინი გადაიქცევა ფიგურული ფრჩხილების გახსნის და დახურვის ღილაკებად. ახლა უკვე ვიცით, რომ კომპიუტერს აქვს შესაძლებლობა გამოსახოს სამნაირი: მრგვალი, კვადრატული და ფიგურული ფრჩხილები. ეს ჩვენ გამოგვადგება მათემატიკური გამოსახულებების ჩასაწერად.

    ახლა კიდევ ავინაცვლოთ ზევით, ციფრთა მწკრივში და გავარკვიოთ რა იწერება ამ რიგის ღილაკებითა და  შიფტის კომბინაციით. ჯერ გავარკვიოთ ის შემთხვევა, როცა არჩეული გვაქვს შრიფტი - სილფაენი. გავყვეთ მარცხნიდან მარჯვნივ.

     აკრეფის დროს დავიმახსოვროთ, რომ ციფრის ღილაკთან ერთად თითი დაჭერილი გვაქვს შიფტისთვის. ერთიანი წერს ძახილის ნიშანს, ორიანი  -  წრეში ჩასმულ ლათინურ ა-ს და გამოიყენება ინტერნეტის მისამართის ნიშნად, სამიანი გვაძლევს ნომრის ნიშანს, მაგრამ ის განსხვავდება ჩვენთვის ჩვეული ნომრის ნიშნისაგან და წარმოადგენს ორ ჰორიზონტალურ და ორ ოდნავ დახრილ ვერტიკალური ხაზების ერთობლიობას, რომლებიც გადაკვეთისას იძლევიან პარალელოგრამს. ოთხი წერს დოლარის ნიშანს და ხმოვანდება, როგორც პარაგრაფი, ხუთი პროცენტის ნიშანია, ექვსი იძლევა ეგრეთ წოდებულ ქუდს, რომელიც გამოიყენება ზოგიერთ ენაში ასოების ზემოდან დასასმელ მახვილად, მაგრამ ამ დროს ბუ ისევ აცხადებს რატომღაც მისამართის ნიშანს. შვიდი წერს ინგლისურ სიმბოლოს, რომელიც შემოკლებით გამოხატავს კავშირ და-ს. ეს აღნიშვნა ხშირად გამოიყენება კომპანიებისა და ფირმების სახელებში. მაგალითად, ჯონი ენდ კომპანი. აქ სიტყვა ენდის მაგივრად წერენ სწორედ ამ ნიშანს.  ენდი ქართულად ნიშნავს კავშირს «და». რვიანი შიფტთან წერს ვარსკვლავს, ხოლო ცხრიანი და ნული ხსნიან და ხურავენ მრგვალ ფრჩხილებს. შემდეგ მოდის დეფისი, იგი შიფტთან გადაიქცევა ტირედ. შემდეგი ღილაკი ტოლობის ნიშანია, რომელიც შიფტთან გვაძლევს პლიუსს და ბოლო მარჯვნივ დახრილი  -  ვერტიკალურ ხაზს. ამის შემდეგ მოდის კლავიში ბეგსპეისი.

     ახლა სილფაინის მაგივრად ავირჩიოთ აკადნუსხური. მაშინ მივიღებთ ასეთ ცვლილებებს: ორიანის გამოყენებისას მისამართის ნიშანი კი გამოცხადდება, მაგრამ არ აიკრიფება, სამიანი დაწერს ჩვეულებრივ ისეთი ნომრის ნიშანს, რომელიც მიღებულია ჩვენთან, საქართველოში, ასევე შემდეგი ღილაკით დაწერილი დოლარის ნიშანი დაიწერება ჩვენთვის ჩვეულ პარაგრაფის ნიშნად. ასევე, კი გამოცხადდება, როგორც ნომრის ნიშანი ეგრეთწოდებული ქუდი, მაგრამ არც ის დაიწერება მონიტორზე. დანარჩენი როგორც სილფაინშია, ისევე დარჩება. დავიმახსოვროთ კიდევ ერთი რამ: თუ ჩვენ პარაგრაფის ნიშნის შემდეგ იმ წუთში დაშორების გარეშე დავწერთ რიცხვს, კომპიუტერი გამოგვიცხადებს, მაგალითად ასე: პარაგრაფი მეშვიდე, ხოლო თუ პარაგრაფის ნიშანსა და რიცხვს დავაშორებთ ერთმანეთს, მაშინ პროგრამა წაგვიკითხავს: პარაგრაფი შვიდი. ამას ახლავე გავახმოვანებთ: $7,  $ 7. ნომრის ნიშნის შემდეგ რიცხვის აკრეფისას ეს წესი არ მოქმედებს, მაგრამ, სასურველია ამ ნიშნის შემდეგ დაუშორებლად დაიწეროს რიცხვი, რადგან იკითხება უკეთ, ყოველგვარი მცირე დაყოვნების გარეშე.

     მოდით, შევაჯამოთ ჩვენი მიღწევები:

     1. ჩვენ უკვე შეგვიძლია სხვების დაუხმარებლად ვიკითხოთ წიგნები;

     2. ქართული ანბანის შრიფტით ვწეროთ რაც მოგვესურვება და ჩვენ დაწერილს წაიკითხავენ აგრეთვე მხედველი ადამიანებიც;

     3. კომპიუტერი ჩვენთვის აღარ არის მიუწვდომელი რამ, რამეთუ უკვე ვერკვევით მის საფუძვლებში და შეგვწევს მისი მართვა.

     უპირველესი მაინც ისაა, რომ აღარ ვწერთ ბრაილის შრიფტით და ჩვენი ნაწერი მისაწვდომია სხვებისთვისაც. შეგვიძლია ჩვენს მიერ შედგენილი ტექსტური მასალა ამოვბეჭდოთ პრინტერზე და აბა ვინ მიხვდება, რომ გვაქვს მხედველობის პრობლემა. პრინტერი კომპიუტერთან დაკავშირებული საბეჭდი მოწყობილობაა. სიტყვა პრინტი ინგლისურად ნიშნავს ბეჭვდას. იგი ჩვენს მიერ მომზადებულ ტექსტურ მასალას ბეჭდავს ა-ოთხი ფორმატის ჩვეულებრივ, სტანდარტულ საწერ ფურცელზე.

     ახლა ვისწავლოთ როგორ უნდა მოვამზადოთ ფურცელი ამოსაბეჭდად. როგორც მიღებულია, წერას იწყებენ ფურცლის არა უკიდურეს მარცხენა ნაპირიდან, არამედ ნაწერს სილამაზის გამო გარკვეული მანძილით აშორებენ მარცხენა ნაპირს, ამას ეწოდება მინდორს. აბზაცები უფრო ღრმადაა შიგნით შეწეული. ჩვენც დავიცვათ ეს წესი. ამავე დროს, არც მარჯვენა ნაპირთან უნდა მივიდეთ კიდემდე, ესეც გავითვალისწინოთ.

     ამოსაბეჭდი ფურცლის პარამეტრები ყენდება შემდეგნაირად: კონტროლ + მძიმის ღილაკი აფიქსირებს ნაწერის დაშორებას ფურცლის მარცხენა ნაპირიდან; ამ კომბინაციის ხელმეორედ გამოყენება ზრდის  დაშორებას. გაზრდა ხდება ხუთ-ხუთი მილიმეტრის ბიჯით. დაშორების შესამცირებლად გამოიყენება კომბინაცია: კონტროლ + შიფტ + მძიმის ღილაკი. მარჯვენა ნაპირიდან დაშორების დაფიქსირებისთვის გამოიყენება ისევ ის ინერტული კლავიშები, მაგრამ ღილაკ მძიმის ნაცვლად ვიყენებთ წერტილის ღილაკს. კონტროლ +  წერტილი ზრდის დაშორებას მარჯვენა ნაპირიდან, ხოლო კონტროლ + შიფტ + წერტილი ამცირებს ამ დაშორებას. აბზაცის დაყენება ხდება კონტროლ + მარცხნივ დახრილის ღილაკით, მეორედ ამ ღილაკებზე დაჭერა უფრო შიგნით შეწევს აბზაცს, ხოლო კონტროლ + შიფტ + მარცხნივ დახრილის ღილაკი ამცირებს აბზაცის დაშორებას ფურცლის ნაპირიდან. აქ ყველა ჩამოთვლილი კომბინაციის გამოყენებას თან ახლავს ხმოვანი შეტყობინება, რაც ძალიან გაგიადვილებთ სასურველი პარამეტრების არჩევას. მე, მაგალითად, დაშორება მარცხენა და მარჯვენა ნაპირებიდან აღებული მაქვს ხუთი მილიმეტრი, ხოლო აბზაცისა ათი მილიმეტრი.

      სანამ დავამთავრებთ ამ გაკვეთილს, ვისწავლოთ ჩვენი პროგრამის ორი შესაძლებლობაც. აკრეფილი ტექსტი თუ არ დავიმახსოვრეთ, კომპიუტერის გამორთვის შემდეგ ის დაიკარგება და ვეღარ აღვადგენთ, ამიტომაც ჩვენ მას ვინახავთ ვინჩესტერზე ფაილის სახით. შენახვის ეს ხერხები ჩვენ უკვე ვისწავლეთ. მაგრამ სამწუხაროდ დედამიწაზე ხდება კატასტროფები და მიწისძვრები. კომპიუტერზე მუშაობის დროს ჩვენთვის ნამდვილ კატასტროფას წარმოადგენს ელექტროენერგიის უეცარი შეწყვეტა. წაგვეშლება აკრეფილი მასალა და შრომა ჩაგვეყრება წყალში. ამიტომაცაა, რომ იძულებულნი ვართ მუშაობის პერიოდში დროდადრო შევინახოთ ჩვენი ნამუშევარი, რომ უცბად არაფერი მოხდეს. პროგრამა ბუს გააჩნია შენახვის ავტომატური რეჟიმი. მისი ჩართვა და გამორთვა ხდება კონტროლ + ეფ-ცხრის საშუალებით. შენახვის ავტომატური რეჟიმის ჩართვისას კომპიუტერი გვთავაზობს ჩავწეროთ წუთებში დროის ის ინტერვალი, რომლის განმავლობაში მოხდება მასალის ავტომატური შენახვა. ჩავწერთ ამ ინტერვალს და ენტერით დავადასტურებთ. ახლა ცოტათი მაინც დაზღვეული ვართ, რომ თუ რამე მოხდა ბევრი-ბევრი დავკარგოთ მხოლოდ ის ნაშრომი, რომელიც შევასრულეთ უკანასკნელად დაფიქსირებული ინტერვალის დროში.

     ერთ კომპიუტერზე პროგრამა ბუ შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა მომხმარებელმა. ამიტომ ერთმანეთს ხელი რომ არ შეუშალონ ისინი შეიძლება დაფიქსირდნენ სხვადასხვა მომხმარებლად და როცა აირჩევენ თავიანთ სახელს, მაშინ ათივე ფანჯარაში გამოვა ის ტექსტები, რომლებიც ამ მომხმარებელს ჰქონდა გახსნილი. ამას ახლავე აგიხსნით მაგალითებით. როდესაც ვრთავთ პროგრამა ბუს, პირველად გამოდის საერთო მომხმარებლის ათი ფანჯარა. ვთქვათ, საერთო მომხმარებლის პარამეტრებით სარგებლობს კახაბერი. თუ უნდა, რომ თემურსაც ჰქონდეს თავისი დამოუკიდებელი ფანჯრები, მაშინ ის დააწვება ეფ-ექვს ღილაკს და გამოიძახებს მომხმარებელთა სიას. შემდეგ დააწვება ტაბ-ღილაკს და ჩაწერს თავის სახელს. ამით განცალკევდება კახაბერისა და თემურის ფანჯრები და ხელს არ შეუშლიან ერთმანეთს. კომპიუტერის ჩართვის შემდეგ თემური გამოიძახებს ეფ-ექვსით მომხმარებელთა სიას, ქვედა ან ზედა ისრების საშუალებით დადგება თავის სახელზე და ენტერით გახსნის თავის ფანჯრებს. მომხმარებელთა სიაში მომხმარებელთა რაოდენობა შეზღუდული არ არის. ის კი არა, ერთი და იგივე მომხმარებელი შეიძლება სარგებლობდეს რამდენიმე მომხმარებლის სახელით და საქმე ჰქონდეს არა ათ ფანჯარასთან, არამედ ოცთან, ოცდაათთან და ასე შემდეგ. საერთო მომხმარებლის პარამეტრებზე დაბრუნება შესაძლებელია კონტროლ + ეფ- ექვსის კომბინაციით. ამ დროს კომპიუტერი გვეკითხება გვსურს თუ არა საერთო მომხმარებლის პარამეტრებზზე გადასვლა. თანხმობის შემთხვევაში ვიყენებთ ენტერს, უარის დროს ვაწვებით ესკეიპს.

    ახლა ამასაც შეგეკითხებით, გიყვართ მუსიკა? არის მომენტები, როცა თქვენ ელოდებით კომპიუტერს მაგალითად, ჩართვისას, ფაილის შენახვისას, თუ ის საკმაოდ დიდია. არ სჯობია ამ დროს მოუსმინოთ მუსიკას? გამოიყენეთ კომბინაცია კონტროლ + ეფ-შვიდი. გამოვა მოცდის მუსიკის არჩევის ფანჯარა. გამოიყენეთ ტაბ-ღილაკი ორჯერ, როცა გადახვალთ ფაილებზე, ისრით აირჩიეთ თქვენი მოსაწონი მუსიკა და დაადასტურეთ ენტერით.

 

     საკონტროლო კითხვები

 

 1. რომელი ღილაკები შეესაბამებიან რომაულ ერთიანს, ხუთიანს და ათიანს?

 2. რა უნდა გვახსოვდეს რომაული ციფრების და სიტყვების წერისას?

 3. როგორ იწერება სილფაინისა და აკადნუსხურის შრიფტებით წერისას ნომრისა და პარაგრაფის ნიშნები?

 4. ღილაკთა რა კომბინაცია გამოიყენება ორ-წერტილისა და კითხვის ნიშნის დასაწერად კირილიცით წერისას ?

 5 როგორ იკითხება პარაგრაფის ნიშნის შემდეგ დაშორებით დაწერილი და დაუშორებლად დაწერილი რიცხვები?

 6.ფურცლის რა პარამეტრი ყენდება კონტროლ მძიმით და რა კონტროლ წერტილით?

  7. როგორ დავაფიქსიროთ აბზაცი?

  8. როგორ გავხდეთ საერთო მომხმარებლისგან განსხვავებული მომხმარებელი?

  9. როგორ გადავიდეთ საერთო მომხმარებლის პარამეტრებზე?

  10. როგორ ავირჩიოთ მოცდის მუსიკა?

 

   დავალება:

 

 მოიგონეთ და აკრიფეთ ხუთი წინადადება რომელშიც გამოიყენებთ ნომრის ნიშანს. მაგალითად, ამის მსგავსნი. აი, სახლი, რომელიც მე მიყვარდა ნომერი რვა კოტემესხის ქუჩაზე; საზოგადოებრივი მაუწყებელი მდებარეობს კოსტავას ნომერ სამოცდარვაში და ასე შემდეგ.

     2. იგივე გააკეთეთ პარაგრაფის ნიშნის გამოყენებით. ივანე ჯავახიშვილის «საქართველოს ისტორიის» პირველი ტომის პარაგრაფ  ათში ლაპარაკია ქრისტემდელ საქართველოზე.

    3. ისტორიის განყოფილებიდან ამოირჩიეთ რამდენიმე ტექსტი სადაც ქრონიკონი ნახსენებია რომაული რიცხვებთ. გადმოიწერეთ ეს ნაწყვეტები და ივარჯიშეთ საუკუნეებს შორის ჩასმული ტირეს მიტყუპებითა და დაშორებით.

     4. გახსენით დროებითი ფანჯარა და რამდენჯერმე შეცვალეთ მარცხენა, მარჯვენა და აბზაცების დაშორებები.

     4. თქვენი ბავშვობის დროინდელი სახელით გახდით პროგრამა ბუს მომხმარებელი.

     5. ჩართეთ ლოდინის მუსიკა.

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ ორის სახელმძღვანელო / 14.გაკვეთილი მეცამეტე-რომაული ციფრები, ფურცლის პარამეტრები, ამობეჭვდა