გაკვეთილი მეთორმეტე

 

ტექსტის რედაქტირება, რეფლეისი, მონიშვნები, ბუფერი.

 

 

ჩვენ უკვე ვიცით ტექსტის აკრეფა. თუ რამე გვეშლება, ეს თანდათანობითი გაწაფულობის შემდეგ გაივლის. მაგრამ ტექსტის აკრეფა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს საქმის დამთავრებას. აკრეფის შემდეგ გაგვახსენდება, რომ სჯობდა რომელიმე სიტყვის მაგივრად გვეხმარა სხვა სიტყვა, რადგან ის უფრო კარგად შეეთანადება გადმოსაცემ აზრს. შეიძლება სულაც წასაშლელია მთლიანი წინადადება, რადგან ზედმეტია, ანდა სჯობს შევცვალოთ სხვა წინადადებით. შეიძლება მოხდეს ისეც, რომ გადასასმელი ან სულაც შესაცვლელია სასვენი ნიშანი და სჯობს წერტილის მაგივრად ყოფილიყო ძახილის ნიშანი. თქვენ, ვისაც გიწერიათ ოდესმე ბრაილის შრიფტით, კარგად გესმით რამდენად მოუხერხებელია ამ დამწერლობით შედგენილ ტექსტში შესწორებების გაკეთება. სხვათა შორის, როცა ილიამ დაწერა «კაცია ადამიანი?!» დარეჯანს ერქვა თამარი. ილიას ურჩიეს შეეცვალა ეს სახელი, სხვადასხვა მიზეზის გამო, რაზეც იგი დათანხმდა და ამხელა ნაწარმოებში შეიტანა შესწორება. ასევე, პირველ ქართულ ოპერას ერქვა «თამარ ცბიერი», შემდეგ მელიტონ ბალანჩივაძემ გადაარქვა სახელი და უწოდა «დარეჯან ცბიერი». კომპიუტერის შემოღებამ გაანაწყენა ლიტერატურათმცოდნენი. მწერლის ჩანაწერებში წაშლილი და ჩამატებული სიტყვებით თვალს ვადევნებდით მის ფიქრებს და შემოქმედებით პროცესსო. ახლა კი წადი და ეძიე, რას იპოვი?

მაშ, ასე. ჩვენ უკვე ვიცით, რომ წერისას დელეიტი შლის კურსორის მარჯვნივ მდგარ ასოს და წაშლილი ასოს ადგილს იკავებს მის მარჯვნივ მდებარე ასო. სიტყვაში ასოს ჩამატებისას კურსორის მარჯვნივ მდგომი ასოები გაიწევენ და ასო დაუბრკოლებლად ჩაჯდება თავის ადგილზე. იგივე პროცესი ხდება ბეგსსპეისის გამოყენებისას, ოღონდ კურსორის მარცხნივ მდგომ ასოებზე.

ახლა წავიწიოთ წინ. ვისწავლოთ ტექსტის რედაქტირება. თუ გვინდა წავშალოთ სიტყვა, მაშინ ვდგებით სიტყვის პირველ ასოზე და ვაჭერთ კონტროლ + დელეიტს. ამ დროს, სიტყვა კი წაიშლება, მაგრამ არა ამ სიტყვის ბოლოს დაწერილი სასვენი ნიშანი. თუ დავდგებით სიტყვის ბოლოში და გამოვიყენებთ კონტროლ + ბეგსსპეისს, წაიშლება ის სიტყვა, რომლის ბოლოშიც ვიდექით. თუ გვაქვს სურვილი, წავშალოთ მხოლოდ სიტყვის ნაწილი, კურსორს ვაყენებთ ამ ნაწილის წინ და ვიმეორებთ იგივეს იმავე ღილაკებით. კონტროლ ბეგსპეისი შლის სიტყვას ან მის ნაწილს იმ ადგილიდან მარცხნივ, სადაც დგას კურსორი. ამ ხერხით ჩვენ შეგვწევს უნარი წავშალოთ ასოები და სიტყვები.

     არსებობს კიდევ ერთი კარგი ხერხი ისეთი შეცდომების გამოსასწორებლად, როცა ეს შეცდომა ტექსტში მრავალჯერ და ერთიდაიგივე სახით გვხვდება. მაგალითად, თუ ტექსტში სიტყვა «მაგიდის» მაგივრად ბევრჯერ აკრეფილია 

«მიგიდა», მაშინ ვიყენებთ ამ მეთოდს. ჩავრთოთ კომბინაცია: კონტროლ + ასო გ-ს ღილაკი. გამოვა ფანჯარა ხმოვანი შეტყობინებით: ჩაწერეთ, რაც უნდა შეიცვალოს. თქვენ ზუსტად წერთ მიგიდა-ს, შემდეგ კი აწვებით ტაბ-ღილაკს. კომპიუტერი შემოგთავაზებთ: ჩაწერეთ რით უნდა შეიცვალოს, შემდეგ კიდევ აწვებით ტაბ-ღილაკს. პროგრამა გამცნობთ, შესაცვლელად დააწექით ენტერს. ამ მითითების შესრულების შემდეგ, სიტყვა მიგიდა მთელ ტექსტში შეიცვლება სწორი ფორმით, მაგიდა. შეცდომების გამოსწორების ამ მეთოდის გამოყენებისას უნდა გვახსოვდეს შემდეგი: ჩასწორება ხდება არა მარტო მთლიან ცალკე მდგომ სიტყვაში, არამედ იმ სიტყვაშიც, სადაც ეს სიტყვა შედის როგორც ნაწილი. მაგალითად, თუ გვაქვს სიტყვა «ფერი» და იგი უნდა  ჩასწორდეს სიტყვად - «ფარი», მაშინ ეს ჩასწორება მოხდება ისეთ სიტყვებშიც, როგორიცაა «ყველაფერი», «არაფერი» და სხვა. ამიტომ მოვიქცეთ შემდეგნაირად: კომპიუტერის შემოთავაზებაზე -  ჩაწერეთ რა უნდა შეიცვალოს, ჯერ უნდა დავსვათ დაშორება, შემდეგ ავკრიფოთ შესასწორებელი სიტყვა და შემდეგ ისევ დაშორება. ჩასასწორებელ ვარიანტშიც ასევე მოვიქცეთ, სიტყვის თავსა და ბოლოში უნდა დავსვათ დაშორება. ასეთ შემთხვევაში ჩასწორდება მხოლოდ ცალკე მდგარი სიტყვები.

    ზემოთ ჩვენ ვთქვით, თუ როგორ უნდა წავშალოთ ზედმეტი სიტყვები, მაგრამ თუ მთლიანად წასაშლელია ათი ან თხუთმეტი გვერდი, მაშინ თქვენც ხვდებით, რომ კარგ დღეში არ აღმოვჩნდებით. იმისთვის, რომ თავი დავაღწიოთ ამ სიძნელეს, უნდა ვიცოდეთ ეგრეთ წოდებული მონიშვნები. მონიშვნის დროს მონიშნული ტექსტის ნაწილი სხვა ნაწილისგან გამოიყოფა თეთრად, იმ შემთხვეაში, როცა ფონის ფერი შავია და შავად, თუ ფონად დაყენებული გვაქვს თეთრი ფერი. ეს მიაგავს იმ პროცესს, როცა მკითხველი წითელი ფანქრით ხაზს გაუსმევს ხოლმე წინადადებას, სიტყვას ან მთლიან აბზაცს.

   შიფტი და ისარი მარჯვნივ მონიშნავს ერთ სიმბოლოს, კურსორიდან მარჯვნივ, ხოლო ისარი მარცხნივ ისევ მონიშნავს ერთ სიმბოლოს, კურსორიდან მარცხნივ.

   დავაყენოთ კურსორი სიტყვის თავში. ეს ადვილად გამოგვივა წერის რეჟიმით. კომბინაცია კონტროლ+შიფტ+ მარჯვენა ისარი მონიშნავს სიტყვას, ხოლო თუ დავდგებით სიტყვის ბოლოში, მაშინ სიტყვა მოინიშნება კომბინაციით კონტროლ+შიფტ+მარცხენა ისარი. როცა კურსორი დგას სიტყვის შუაში, მაშინ კონტროლ+შიფტ+მარჯვენა ისარი მონიშნავს მარჯვნივ სიტყვის ნაწილს ბოლომდე. ხოლო მარცხენა ისრით იგივენაირად მოინიშნება მარცხნივ სიტყვის ბოლომდე. ერთი მთლიანი ხაზის მოსანიშნად წერის რეჟიმში ჰოუმით დავდგეთ ხაზის დასაწყისზე, შემდეგ დავაწვეთ შიფტ + ქვედა ისარს. ამით მოვნიშნავთ მთლიან ხაზს, ხოლო წერის რეჟიმში დავდგებით რა ენდით ხაზის ბოლოში, ვაწვებით შიფტ + ზედა ისარს,  -  მოინიშნება კურსორის მარცხნივ მთელი ხაზი. ხაზის მონიშვნისას მოწოდებული ინფორმაციით, იმის შესახებ, თუ რამდენი სიმბოლოა მონიშნული ვიგებთ სიმბოლოთა იმ რაოდენობას, რომელიც ეტევა ერთ ხაზზე. იმ შემთხვევაში, როცა ვდგავართ წინადადების შუაში, შიფტ + ზედა ისრით მოინიშნება მიმდინარე ხაზის მარცხენა და მისი წინა ხაზის მარჯვენა ნაწილი. ამ შემთხვევაში სწორედაც რომ, ინიშნება იმდენი სიმბოლო, რასაც იტევს ერთი მთლიანი ხაზი. ასევე წინადადების შუაში დგომისას შიფტ ქვედა ისარი მონიშნავს მიმდინარე ხაზის მარჯვენა და მომდევნო ხაზის მარცხენა ნაწილებს.

    აბზაცის მონიშვნაც მსგავსია ხაზის მონიშვნისა. დავდგეთ კურსორით აბზაცის თავში და გამოვიყენოთ კომბინაცია: კონტროლ + შიფტ +ქვედა ისარი. მთლიანად მოინიშნება ის აბზაცი, რომლის თავშიც დგას კურსორი. აბზაცის ბოლოში დგომისას კონტროლ + შიფტ + ზედა ისარი მონიშნავს აბზაცს, რომლის ბოლოშიც კურსორია დაფიქსირებული. კურსორით აბზაცის შუაში დგომისას და კონტროლ + შიფტ + ზედა ისრით ინიშნება აბზაცის ნაწილი კურსორიდან მარცხნივ აბზაცის დასაწყისამდე. კონტროლ + შიფტ + ქვედა ისარი მონიშნავს აბზაცს ბოლომდე. სხვათა შორის კონტროლ + შიფტ + ზედა ან ქვედა ისრის მაგივრად აბზაცის მონიშვნისას  სრულიად მსგავს შედეგებს იძლევა შიფტ + ჰოუმი და შიფტ + ენდ კომბინაციების გამოყენება.

     მონიშნულ ტექსტს წავიკითხავთ კონტროლ + აპოსტროფის გამოყენებით. აპოსტროფის ღილაკი მდებარეობს ასო ელის ღილაკიდან მარჯვნივ ღილაკ წერტილ-მძიმის შემდეგ. ეს მეთოდი კარგად გამოიყენება მცირე მონიშნული ტექსტების წასაკითხად. თუ ტექსტი საკმაოდ გრძელია, მაშინ ტექსტის თავში მდგარ სიტყვას ვახმოვანებთ კონტროლ + წერტილ-მძიმის საშუალებით. კონტროლ + შიფტ + წერტილ-მძიმე გვიკითხავს მონიშნული ადგილის ბოლო სიტყვას.

     მონიშვნებისას შესაძლებელია მოვნიშნოთ ზედმეტი ნაწილი, ან რაიმე სიტყვა დავაკლოთ საჭირო მონიშვნას. ეს მდგომარეობა შეიძლება გამოვასწოროთ შიფტის, კონტროლისა და მარცხენა ან მარჯვენა ისრების გამოყენებით. მთავარია ისარს არ დავაჭიროთ თითი, სანამ არ დავაწვებით კონტროლს და ისარს ერთად. თუ მონიშვნას რამე აკლია, გამოვიყენებთ მარჯვენა ისარს, ხოლო თუ რაიმეა წასაშლელი - მარცხენა ისარს.

თუ გვსურს მოვნიშნოთ ტექსტი კურსორიდან ტექსტის დასაწყისამდე, მაშინ ვიყენებთ კომბინაციას - კონტროლ+შიფტ+ჰოუმი, ხოლო კურსორიდან ტექსტის ბოლომდე მოსანიშნად - კონტროლ+შიფტ+ენდი.

მთლიან ტექსტს მონიშნავს კონტროლ +ა ასო.

თუ  გიძნელდებათ ზემოთ მოყვანილი კომბინაციებით შეასრულოთ მონიშვნები, მაშინ თქვენთვის პროგრამა ბუ-2 ითვალისწინებს მონიშვნის უნივერსალურ მეთოდს. მოვძებნით იმ ადგილის დასაწყისს, საიდანაც გვინდა დავიწყოთ მონიშვნა. მონიშვნის ადგილის ზუსტი მოძებნისათვის შეიძლება გამოვიყენოთ წერის რეჟიმი. კურსორს დავაყენებთ მოსანიშნი ადგილის დასაწყისში და დავაწვებით კონტროლ + კვადრატული ფრჩხილის გახსნის ღილაკს. იგი მდებარეობს ასო პი-ს ღილაკის მარჯვნივ.  გაისმება შესაბამისი შეტყობინება. თუ მოსანიშნია ტექსტის ძალიან დიდი ნაწილი, თავისუფლად შეგვიძლია გადავიდეთ კითხვის რეჟიმშიც და მოვძებნოთ მოსანიშნი ადგილის ბოლო. შემდეგ წერის რეჟიმით ზუსტად დავდგებით მოსანიშნი ადგილის დასასრულს და ვიყენებთ ღილაკთა კომბინაციას: კონტროლ+კვადრატული ფრჩხილის დახურვა. ეს მეთოდი ძალიან მოსახერხებელია. ზუსტად მოინიშნება დასაწყისიდან დასასრულამდე საჭირო ადგილი და კომპიუტერი შეგვატყობინებს თუ რამდენი სიმბოლოა მონიშნული.

      მონიშვნების გასაუქმებლად საკმარისია შევეხოთ მარცხენა ან მარჯვენა ისრების ღილაკიდან ერთ-ერთს. ალბათ გაინტერესებთ, რაში შეიძლება გამოვიყენოთ მონიშვნები. შემიძლია აქვე დავაკმაყოფილო თქვენი ინტერესი:

1. თუ მოვნიშნავთ ტექსტს და შემდეგ დავაწვებით დელეიტს, ტექსტი უკვალოდ გაქრება, რაც არ უნდა დიდი იყოს იგი.

2. შეგვიძლია მონიშნული ტექსტი გადავიტანოთ საშუალედო მეხსიერებაში ანუ ბუფერში. ამ ოპერაციის დროს მონიშნული ტექსტი შეინახება მეხსიერების გარკვეულ ნაწილში და გვეძლევა საშუალება მისი საჭიროებისამებრ გამოყენებისა. მაგალითად, ციტატის ერთი ტექსტიდან მეორეში გადატანისას ან ტექსტში ლექსის ჩასმისას და ასე შემდეგ.

     როგორ გადავიტანოთ მონიშნული ნაწილი ბუფერში? ამ მიზნით ვიყენებთ ღილაკების კომბინაციას: კონტროლ + ასო ცე. ამ დროს მონიშნული ტექსტი იწერება ბუფერში და იმ ფაილიდან, სადაც იყო მონიშნული, არ ქრება.  კონტროლ + ღილაკი იქსს მონიშნული ადგილი გადააქვს ბუფერში და მონიშნულ ადგილსაც ამოშლის ტექსტიდან. დავუშვათ ჩვენს თხზულებაში გვჭირდება რომელიღაც ლექსის მოტანა. მოვნიშნავთ ამ ლექსს და შევინახავთ ბუფერში, შემდეგ თხზულებაში, სადაც უნდა ჩავწეროთ ეს ლექსი, წერის რეჟიმში კურსორს მივიყვანთ ლექსის ჩასამატებელ ადგილზე და დავაწვებით კონტროლ + ასო ვეს ღილაკს. მთლიანი ლექსი სწრაფად დაიკავებს თავის ადგილს თხზულებაში.

     მოვიყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი მონიშვნისა და ბუფერის გამოყენების. ჩვენ ვთქვით, რომ შრიფტის არჩევისას სასურველია გამოვიყენოთ საძიებო ფანჯარა. გადადით მეთერთმეტე გაკვეთილზე და იპოვეთ შრიფტების ჩამონათვალი.

მონიშნეთ შრიფტების სია, გადაიტანეთ ბუფერში და შემდეგ რომელიმე ცარიელ ფანჯარაში. ახლა ავირჩიოთ სასურველი შრიფტი, მოვნიშნოთ მისი სახელი და კვლავ გადავიტანოთ ბუფერში. ამ დროს ბუფერში მოთავსებული ფაილი მთლიანად წაიშლება და ზედ გადაეწერება შრიფტის სახელი. გადავიდეთ იმ ფანჯარაზე, რომელშიც გვინდა ავკრიფოთ ან უკვე შევცვალოთ შრიფტი არჩეულით. გამოვიძახოთ შრიფტების მთლიანი ნუსხა ღილაკებით კონტროლ + ასო ე, შემდეგ საძიებო ფანჯარა კონტროლ + ასო ეფით. ბეგსპეისით მივიდეთ ფანჯრის დასაწყისამდე, ჩვენ ამას მიგვახვედრებს შესაბამისი ხმა. შემდეგ, ამ საძიებო ფანჯარაში კონტროლ+ ასო ვეს საშუალებით ჩავწეროთ ბუფერში შენახული შრიფტის სახელი. დავაწვეთ ენტერს და შრიფტიც არჩეული იქნება. ჩვენი რჩევაა წინა გაკვეთილში მოწოდებული შრიფტების ნუსხა შეინახოთ სადმე ცალკე ფაილად, შემდგომი გამოყენებისთვის.

     ბუფერის შინაარსის გამოსაშუქებლად ეკრანზე კითხვის რეჟიმში ვაწვებით ეფ-ათ ღილაკს და ბუფერში ჩაწერილი ფაილი გამონათდება. გვახსოვდეს, რომ ბუფერში მანამ ინახება ჩაწერილი ფაილი, სანამ კომპიუტერს არ გამოვრთავთ, ან სხვა ფაილს არ გადავაწერთ ზემოდან. სწორედ ამიტომაა, რომ ბუფერის ფანჯარა, გვეკითხება: გადავაწერო ახალი ტექსტი? თუ არა ვართ თანახმა, ვიყენებთ ესკეიპს და თუ გვინდა თანხმობა განვაცხადოთ, მაშინ დავაწვებით ენტერს.

 

 

საკონტროლო კითხვები:

 

1. როგორ წავშალოთ კურსორის მარჯნივ და მარცხნივ მდებარე სიმბოლო?

2. ღილაკთა  რა კომბინაცია გამოიყენება მთელი ან სიტყვის ნაწილის წასაშლელად?

3. რა ღილაკებით მოინიშნება  კურსორის მარჯვნივ და მარცხნივ  მდებარე თითო სიმბოლო, სიტყვა, ხაზი?

4. როგორ მოვნიშნოთ აბზაცი ან მისი ქვედა და ზედა ნაწილი?

5. როგორ მოვნიშნოთ კურსორის მარცხნივ  და მარჯვნივ მდებარე მთლიანი ტექსტი? 

6. როგორ მოვნიშნოთ მთლიანი ტექსტი?

7. რაში მდგომარეობს მონიშვნის უნივერსალური მეთოდი?

8. რისთვის გვჭირდება მონიშვნები?

9. რას წარმოადგენს ბუფერი?

10. როგორ შევცვალოთ მრავალჯერ ერთი და იგივე ფორმით დაშვებული შეცდომა?

 11. როგორ ამოვიწეროთ ტექსტის სასურველი მონაკვეთი მონიშვნისა და ბუფერის გამოყენებით?

 

დავალება:

 

1. მონიშნეთ ქვემოთ მოყვანილი ტექსტი. ამ ნაწყვეტში არეულია რუსთაველის  ვეფხისტყაოსნის და გრანელის ლექსის «მონოლოგი უდაბნოს ყვავილებთან» სტრიქონები, მაგრამ ისე, რომ თანამიმდევრობა ლექსისა და პოემის სტროფებს შორის ცალცალკე არ არის დარღვეული. ასე რომ, ლექსის პირველ კუპლეტს მიმდევრობით მოსდევს მეორე, შემდეგ მესამე და ასე შემდეგ. სტილით ამ განსხვავებულ ნაწყვეტთა ერთ ფაილად მოცემა იმ მიზეზითაა განპირობებული, რომ მკითხველს ეს ორი პოეტი  ერთმანეთში ძნელად თუ აერევა.  მონიშვნის შემდეგ მთლიანი ტექსტი ჩაწერეთ ბუფერში, შემდეგ კი შემოიტანეთ დროებით ფანჯარაში. ეცადეთ მონიშვნების, დროებითი ფანჯრისა და ბუფერის გამოყენებით ეს ორი ტექსტი დააშოროთ ერთმანეთს.

 

 

და       რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,

ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,

ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,

მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.

 

  საოცრება წარსული, ეშაფოტზე ასული,

ჩქარი და მოქანცული სიკვდილს არ ვენანები.

ვარდისფერი ოცნება ქარზე შეიმოსება

და იწვევს გაოცებას შორეული ალები.

 

და       ჰე ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,

შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,

მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიმდე გასატანისა,

ცოდვათა შემსუბუქება, მუნ თანა  წასატანისა.

 

მოგელოდა შენ გზები, როგორც ანგელოზები

და უმანკო ლოცვები კვირის ფრთებზე ატირდა.

როგორც ლურჯი პარიკებს ღამე ფიქრებს არიგებს

და ყორნებმა დარეკეს ბაბილონის ნაპირთან.

 

და       ვის შვენის,-ლომსა,- ხმარება შუბისა, ფარ -შიმშერისა,

- მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბალახშ, თმა -გიშერისა, -

მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შერისა?

მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს, მართ მიშერისა.

 

გადავყევი ამ მიზანს და ვედრებას ღამისას,

ო, უფალი დამიცავს კვირეების კეცაზე.

ნუგეშს რომ ვეზიარო, შენთან ვარჩევ სიარულს,

სული ერთვის სიხარულს როიალის კვნესაზე.

 

და       თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ -დათხეული,

ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ -ავად გამორჩეული.

მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული,

ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.

 

დავრჩი ბედის კუთხეში, ბრბო მიცქერის უხეში,

მოვა ქალის ნუგეში საიდუმლო ქნარებით.

მირაჟების კრებული არის გათეთრებული

და მე გაფითრებული შენსკენ მოვექანები.

 

და       მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,

ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა,

ბროლ-ბალახშისა თლილისა, მის მიჯრით მოწყობილისა.

გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა.

 

მიპყრობს ავი ზმანება, თვალი ცრემლებს დანებდა,

ასე კვდება ზარებთან ყვავილების სერია.

ვხედავ უცხო დარბაზებს და სიბნელე მაბრაზებს,

რატომ მე არ მაფასებს თარსი პერიფერია.

 

და       აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება, -

ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება;

მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება,

მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება.

 

 

მოგელოდა შენ გზები, როგორც ანგელოზები

და უმანკო ლოცვები კვირის ფრთებზე ატირდა.

როგორც ლურჯი პარიკებს ღამე ფიქრებს არიგებს

და ყორნებმა დარეკეს ბაბილონის ნაპირთან.

 

      2. ვეფხისტყაოსნის გამოყოფილ ნაწყვეტში სტროფების დასაწყისში მეორდება კავშირი «და». ერთიდაიგივე მრავალჯერადად განმეორებადი შეცდომების გასწორების მეთოდით, წაშალეთ ეს სიტყვა.

    3. მიღებულ ფაილებში საძიებო ფანჯრის და ბუფერის გამოყენებით შეცვალეთ შრიფტები.

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ ორის სახელმძღვანელო / 13.გაკვეთილი მეთორმეტე -ტექსტის რედაქტირება, რეფლეისი, მონიშვნები, ბუფერი