გაკვეთილი მეათე

 

კიდევ ერთხელ კატალოგების შესახებ, ტექსტში ადგილის მოძებნა, სანიშნები კომენტარებით, გახმოვანების ტემპის ცვლილება, სინთეზატორების არჩევა.

 

     პირველი აღმართის ავლის შემდეგ შეგვიძლია გავივაკოთ და მივუბრუნდეთ წიგნების კითხვის რეჟიმს. როგორც ვიცით, არსებობს სამი კატალოგი: მთავარი, თემატური და ძირითადი. ეს  კატალოგები დალაგებულია ანბანურად. მთავარ და თემატურ კატალოგებში სასურველი განყოფილების მოსაძებნად შეგვიძლია დავაწვეთ განყოფილების დასახელების პირველ ასოს და პროგრამას სწრაფად გადავყევართ იმ განყოფილებებზე, რომელთა დასახელებაც იწყება ამ ასოზე. ძირითად კატალოგში კი თუ დავდგებით ავტორთა ველზე, საკმარისია დავაწვეთ რომელიმე ასოს ღილაკს, რომ გადავალთ იმ ავტორთა გვარების პირველ ჩანაწერზე, ანუ იმ ავტორებზე რომელთა გვარებიც იწყება მოცემულ ასოზე. ამის შემდეგ კი ისრების დახმარებით სწრაფად მოვძებნით საჭირო ავტორს.

     ეფ სამი ღილაკის პირდაპირი დაწოლა იძახებს, იმ თემატურ კატალოგს, რომელიც უკვე გახსნილია მუშაობისას. მაგალითად, ეფ სამი გახსნის ქართული წიგნების შესაბამის თემატურ კატალოგს და გაიხსნება პირადი საქაღალდის შესაბამისი კატალოგი, თუ უკვე ვმუშაობდით ამ პირადი საქაღალდის ფოლდერში.

     ღილაკი ეფ ოთხი იძახებს ყველა იმ წიგნების საერთო სიას, რომლებიც ჩაწერილია მთავარი კატალოგის შესაბამის ფოლდერში. ეფ ოთხი გამოიძახებს ქართულის შესაბამის ქვეკატალოგებში (განყოფილებებში) ჩაწერილ ყველა წიგნს. ერთდროულად, ხოლო რუსული წიგნების საერთო სია გამოვა, თუ გახსნილი გვქონდა ფოლდერი «რუსული»

      ახლა განვიხილოთ, წიგნების გამოძახების უფრო სწრაფი ხერხი, ვიდრე ეს იყო განყოფილების დასახელების ან ავტორთა გვარის პირველი ასოს გამოყენებით პოვნის მეთოდი.

     კონტროლ + ეფ ასოს შესაბამისი კომბინაცია იძახებს პატარა ფანჯარას, რომელსაც ახლავს ხმოვანი შეტყობინება: «ჩაწერეთ საძიებელი სიტყვა». თუ ჩვენ ავკრეფთ სიტყვას და დავაწვებით ენტერს, მაშინ პროგრამა ბუ სწრაფად მოგვიძებნის ამ სიტყვას და დადგება მასზე. სიტყვა იძებნება წიგნში, კატალოგებში და საერთოდ ნებისმიერ ტექსტში, რომელიც გახსნილია მოცემულ მომენტისათვის ფანჯარაში. საძებნი ეს სისტემა ძალიან მოსახერხებელია იმ შემთხვევებში, როცა განყოფილება შეიცავს დიდ რაოდენობას ფაილებისას, რომელთა რიცხვი სავსებით შესაძლებელია აღწევდეს რამდენიმე ათასს, ან სულაც არ ვიცით, გვაქვს თუ არა  მოცემულ მომენტისათვის ჩვენთვის საჭირო წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში, ან რომელ განყოფილებაშია იგი ჩაწერილი. ეფ ოთხით გამოვიძახოთ საერთო კატალოგი. ჰოუმით დავდგეთ კატალოგის თავში, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ მუშაობის დროს კატალოგის პირველი გამოძახებისას კურსორი ყოველთვის დგას ფანჯრის თავში. კონტროლ ასო ეფით  გამოვიძახოთ საძიებო ფანჯარა. ჩავწეროთ სასურველი  ავტორის გვარი. მაგალითად, ჯოისი. თუ არსებობს ამ ირლანდიელის ერთი მაინც წიგნი, მაშინ ბუ უსწრაფესად მოძებნის და დადგება ამ გვარზე. შემდეგ ენტერით შეგვიძლია გავხსნათ მისი რომელიმე ნაწარმოები, მაგალითად ულისე. თუ არ არის ჯოისის წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში, მაშინაც მივიღებთ სათანადო შეტყობინებას. თუ არ გვახსოვს ავტორი და ვიცით წიგნის სათაური ან სათაურში ერთი სიტყვა მაინც, საძებნ ფანჯარაში ავკრიფოთ ეს სიტყვა და სისტემა მაინც მოძებნის ამ წიგნს.

     სიტყვის მოძებნის ეს მეთოდი ზედ მისწრებაა ლექსიკონებში სიტყვის მოსაძებნად. ლექსიკონების განყოფილებიდან გამოვიძახოთ უცხო სიტყვათა ლექსიკონი. დავდგეთ თავში და საძიებო ფანჯარაში ჩავწეროთ სიტყვა ეპატაჟი. ამ ლექსიკონს გააჩნია შემდეგი თავისებურება: განსამარტავი სიტყვების ბოლო ასო სიტყვის ფუძიდან გამოყოფილია დეფისით, ამიტომაც ფანჯარაში ჩვენ ვწერთ სიტყვას: ეპატაჟ. ენტერზე დაწოლის შედეგად იძებნება ეს სიტყვა და კომპიუტერი გვიკითხავს ეპატაჟი  -  სკანდალური

გამოხდომა; საქციელი, რომელიც არღვევს საერთოდ

მიღებულ ნორმებსა და წესებს.

     სიტყვის ძებნისას დავიმახსოვროთ, რომ ტექსტში იძებნება პირველად შემხვედრ ადგილზე დაწერილი, ხოლო თუ გვინდა ამ სიტყვის კვლავ მოძებნა ტექსტის დარჩენილ  ნაწილში, მაშინ მარჯვენა ისრის დახმარებით გამოვცდებით უკვე მოძებნილს. კვლავ გამოვიძახებთ საძებნ ფანჯარას, მაგრამ სიტყვას აღარ ჩავწერთ, რადგან ის უკვე ჩაწერილია და ვაწვებით ენტერს. სისტემა კვლავ იწყებს ძებნას კურსორიდან ქვემოთ.

    წინა გაკვეთილებიდან, ვიცით, რომ კომპიუტერის გამორთვის შემდეგ ფანჯრებში არსებული ტექსტები ინახება და კითხვა გრძელდება იმ ადგილიდან სადაც შეწყდა. ტექსტურად ნაბეჭდ წიგნში ამისთვის სდებენ სანიშნს. დავუშვათ მომხმარებელს კითხვის დროს სურს ჩაინიშნოს საინტერესო ადგილი, რათა შემდეგი მიბრუნებისას ადვილად იპოვოს იგი. ამ მიზნით ჩვენს პროგრამას გააჩნია სანიშნთა სისტემა. დავაწვეთ ალტს და პლიუს კლავიშს კალკულატორის ბლოკიდან. ეკრანზე გამოდის პატარა ფანჯარა შეტყობინებით: «თქვენ ინიშნავთ ადგილს, ჩაწერეთ კომენტარი». თუ დავაწვებით ენტერს, კომპიუტერი ამ ადგილიდან ჩაწერს რამდენიმე სიტყვას და ადგილი ჩაინიშნება. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სანიშნების გადათვალიერებისას შეიძლება აღარ გვახსოვდეს თუ რატომ ჩავინიშნეთ მოცემული ადგილი. ამიტომ როცა პროგრამა გვეუბნება ჩაწერეთო კომენტარი, უნდა ჩავწეროთ რატომაა საინტერესო ჩვენთვის ეს ადგილი. შეგვიძლია ჩავწეროთ, მაგალითად, « აქ არის ცნობები ჩემი გვარის შესახებ» და სხვა ამგვარი. ენტერის გამოყენების შემდეგ ადგილი ჩაინიშნება. შევნიშნოთ, რომ ეს ჩანიშვნა ინახება თუნდაც ტექსტი ფანჯრიდან წავშალოთ. ხელახალი გამოძახებისას ის იქამდე იქნება ჩანიშნული, სანამ დელეიტის გამოყენებით არ წავშლით მას.

     სანიშნების გამოძახებისთვის ვიყენებთ პლიუს კლავიშს კალკულატორის ბლოკიდან. გამოსულ ფანჯარაში ისრების მეშვეობით ვპოულობთ საჭირო ჩანიშვნას და ვადასტურებთ ენტერით. კითხვა განახლდება ზუსტად მოძიებული ადგილიდან.

     სანამ არ დაგვიწყებია, ვთქვათ, რომ ჩვენ დავისწავლეთ ფოლდერებისა და ქვეფოლდერების შექმნა. მათ გასანადგურებლად ვდგებით მოცემულ ფოლდერსა ან ქვეფოლდერზე კატალოგებში, ვაწვებით დელეიტს და იმისთვის რომ გადაწყვეტილება არ იყოს ნაჩქარევი ენტერზე ერთხელ თითის დაჭერისას, კომპიუტერი მეორედ გვეკითხება: « მართლა გსურთ წაშლა?» მტკიცე გადაწყვეტილების შემთხვევაში კვლავ ვაწვებით ენტერს. ანალოგიურად იშლება ფაილიც. კატალოგის ან ქვეკატალოგის წაშლისას იშლება არა მარტო მისი დასახელება, არამედ მისი შიგთავსიც, ანუ ყველა ფაილი რომელიც ამ ფოლდერში ანქვეფოლდერში იყო ჩაწერილი.

     გავიდა ერთი კვირა და რატომღაც დაგვჭირდა წაშლილი ფაილი. მართლაც რა გვაჩქარებდა, ყოფილიყო თავისთვის, რაში გვიშლიდა ხელს? მაგრამ ამდენ ფაილებში სულ აგვებნა თავგზა. ვნანობთ და აღარ ვიცით რა ვქნათ, დაგვეკარგა ნაშრომი.

     კომპიუტერი და პროგრამები, თქვენც ხვდებით, რომ ჭკვიანი ხალხის შექმნილია! ეს ადამიანური სისუსტეც კი გაუთვალისწინებიათ. თურმე შევნანებივართ და წაშლილი მასალა მთლიანად კი არ წაუშლიათ, არამედ სანაგვეში მოუსროლიათ. სანაგვე ყუთში ჩაძრომას მერე ვისწავლით.

      მე მგონი ყველაფერი უკვე იცით რაც ტექსტების კითხვას ეხება. მაგრამ არა! პროგრამა ბუ მუშაობს შემდეგი პრინციპით: მოინიშნება ერთი სიტყვა და ხდება მისი წაკითხვა, შემდეგ მოინიშნება მეორე სიტყვა და ასე შემდეგ. სიტყვების მონიშვნას, წაკითხვასა და მეორე სიტყვის მონიშვნას და წაკითხვას შორის არსებობს თუნდ პატარა, მაგრამ მაინც რაღაც დროითი ინტერვალი. ჩვენ შეგვიძლია ეს ინტერვალი გავზარდოთ ან შევამციროთ კონტროლ პლიუსით ან კონტროლ მინუსით კალკულატორის ბლოკიდან. ამ ცვლილებებს თან ახლავს აუდიო შეტყობინებები. მათი გამოყენებით შეგვიძლია შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი და აღსაქმელად მოსახერხებელი კითხვის ტემპი.

    ბუში ჩაწერილია სხვადასხვა ხმები. ხმათა ხმების ასარჩევად ვიყენებთ ალტ + ეფ თორმეტ ღილაკთა კომბინაციას. გახსნილ პატარა ფანჯარაში ისრების საშუალებით ვდგებით იმ ქართულ ხმაზე რომელიც მოგვწონს. ტაბის საშუალებით შეგვიძლია გადავიდეთ რუსული ენის შერჩევაზე და იქაც ისრებით ავირჩიოთ სასურველი გახმოვანება. ისევ ტაბით გადავალთ ინგლისური სინთეზატორის შერჩევაზე და ასე შემდეგ. ხმის არჩევა დასტურდება ენტერით.     ახლა აქ შევჩერდეთ და გავიხსენოთ რა ვიცით კითხვის რეჟიმის შესახებ. მეთერთმეტე გაკვეთილზე კი დავუბრუნდეთ   წერის რეჟიმს უფრო ღრმად.

 

     საკონტროლო კითხვები:

 

 1. კითხვის რეჟიმში რა ფუნქცია აკისრიათ ეფ სამ და ეფ ოთხ ღილაკებს?

 2.როგორ არის ჩანაწერები გაკეთებული კატალოგებსა და ქვეკატალოგებში?

 3. როგორ მოვძებნოთ სასურველი წიგნი მხოლოდ ერთი ასოს გამოყენებით?

 4. რა არის სიტყვის ძებნის სისტემა, როგორ გამოვიძახოთ იგი?

 5. როგორ ჩავინიშნოთ ტექსტში ადგილები, ანუ როგორ ჩავდოთ სანიშნეები?

  6. რა ღილაკთა კომბინაცია გამოიყენება სიტყვებს შორის დროითი ინტერვალის არჩევისთვის?

 7. როგორ შეირჩევა ქართული ხმები?

 

     დავალება:

 

      1. გამოიძახეთ მთავარი კატალოგის რომელიმე ფოლდერის, მაგალითად, ქართულის, ყველა ფაილის ერთდროული სია და ორივე მეთოდით: ერთი ასოს და საძიებო ფანჯრის გამოყენებით მოძებნეთ მწერლებისა და პოეტების იაკობ ხუცესის, რუსთაველის, გურამიშვილის, სულხან-საბას, არჩილის, ბესიკის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გრიგოლ ორბელიანის, ყაზბეგის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, გალაქტიონის, გრანელის, ოთარ ჭილაძის, ანა კალანდაძის, ჭაბუა ამირეჯიბის, გიორგი ლეონიძის, დოჩანაშვილის და აკა მორჩილაძის ნაწარმოებები.

     2. გასავარჯიშებლად მთავარ და თემატურ კატალოგებში შექმენით ათ-ათი განყოფილება და შემდეგ წაშალეთ ისინი.

     3. საძიებო ფანჯრის საშუალებით უცხო სიტყვათა ლექსიკონში მოძებნეთ სიტყვები: აგნი, აეროპონიკა, ალოგენეზი, ანთროპოგენური, ფიასკო, ასტროლოგია, კარეტა, ნეოპოტიზმი, კასკადიორი, ანდრომედა, კუპაჟი, კულმინაცია, ალფონსი, ანონსი, მინერალოგია, ნუმეროლოგია, ფრანკენშტეინი, ბრავო, კრედიტი, მარჟა, ბარჟა, ბუნგალო ეგოიზმი, პასაჟი, პურიტანიზმი, პალეონტოლოგია და სხვა თქვენთვის უცნობი სიტყვები.

      4. გახსნილ ფანჯრებში ჩადეთ სანიშნები, თითოეულ ფანჯარაში ხუთი მაინც და შემდეგ წაშალეთ ისინი.

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ ორის სახელმძღვანელო / 11.გაკვეთილი მეათე-კატალოგები, სანიშნები, სინთეზატორი