გაკვეთილი მეცხრე

 

 ვინჩესტერი, საქაღალდე, ქვესაქაღალდე, ფაილის შენახვა და გამოძახება.

 

მოდით, ჯერჯერობით თავი დავანებოთ ჩვენს მიერ შენახულ ტექსტს, იყოს თავისთვის. ჩვენ კი გავეცნოთ იმ ტერმინებსა და პროცესებს, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეს მომხმარებელმა.

     ჩვენს მიერ აკრეფილი ტექსტი კომპიუტერმა შეინახა სისტემურ ბლოკში მოთავსებულ მაგნიტურ დისკზე, რომელსაც ვინჩესტერი ეწოდება. ის მოთავსებულია დახურულ კოლოფში და კარგად არის დაცული.

    კომპიუტერში ინფორმაცია: ტექსტური მასალა, გრაფიკული გამოსახულება, ნახატი, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, ინახება არა ჩვეულებრივი სახით, არამედ ნულებისა და ერთიანების მიმდევრობის ფორმით. კომპიუტერი შესანახ მასალას გარდაქმნის ასეთ თანმიმდევრობად და ისე ინახავს ვინჩესტერზე. თუ მონიტორზე გამოვიძახებთ შენახულ ინფორმაციას, მაშინ ამ მიმდევრობებს კომპიუტერი კვლავ პირუკუ გარდაქმნის ტექსტად ან სურათად და ისე წარმოგვიდგენს ეკრანზე. ამდენად ვინჩესტერის ტევადობა შეიძლება გავზომოთ, ამ ნულებისა და ერთიანების მაქსიმალური რიცხვით, რომელიც დაეტევა ამ მაგნიტურ დისკზე. თქვენ, ალბათ, მიხვდით, რომ ვინჩესტერის ერთ უჯრაში შეიძლება ეწეროს ან ნული, ან ერთი. სწორედ ეს უჯრა წარმოადგენს ინფორმაციის ერთეულს, რომელსაც ეწოდება ბიტი. ერთი ტექსტური სიმბოლოს, ციფრის ან ასოს, ჩასაწერად ორობით სისტემაში საკმარისია რვა უჯრა, ამიტომ ინფორმაციის ერთეულად მიღებულია რვა უჯრა ერთად აღებული. ამ რვა უჯრას  ერთად აღებულს ეწოდება ბაიტი. არსებობს ბაიტის ჯერადი ტერმინებიც: კილობაიტი, მეგაბაიტი, გეგაბაიტი. ერთი კილო ბაიტი შეიცავს ათას ბაიტს, მეგაბაიტი მილიონ, ხოლო გეგაბაიტი მილიარდ ბაიტს. თანამედროვე კომპიუტერის ვინჩესტერების ტევადობა იზომება ტერაბაიტებში.

     კომპიუტერის ვინჩესტერს, როგორც წესი, ყოფენ ორ ცე და დე დისკებად. მიღებულია, რომ ცე დისკში ჩაწერონ კომპიუტერის საოპერაციო სისტემა და სხვა დამხმარე ან მომხმარებლისთვის საჭირო პროგრამები, ხოლო დე დისკში წერენ შექმნილ ან სხვა მეთოდებით მიღებულ ინფორმაციებს, მაგალითად, ინტერნეტში მოძიებულს. ჩვენს მიერ წინა გაკვეთილის დროს აკრეფილი ტექსტი სწორედაც, რომ შეინახებოდა დე დისკზე.

     ახლა ვისწავლოთ, თუ როგორ უნდა შევინახოთ დე დისკზე სწორად ინფორმაცია. ამ პროცესის ათვისების გასამარტივებლად გამოვიყენოთ ანალოგიების მეთოდი.ეს მეთოდი ხშირად იხმარება რთული კატეგორიებისა და ტერმინების მარტივად გადმოცემისთვის. გავიხსენოთ, რომ სახარებაში თვით მახარებლები რთული მცნებებისა და ამბების აღსაქმელად იყენებენ იგავების ენას.

     დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, აუცილებლად შეგხვედრიათ ქალი, რომელიც ავტობუსში ბილეთის აღებისას ბევრს ქოთქოთებს,რადგან ხელჩანთაში დიდხანს ეძებს ხურდას და მაინც ვერ პოულობს. მას ხელჩანთაში დომხალი აქვს, განსაკუთრებით, თუ ეს ხელჩანთა საკმაოდ მოზრდილია. ერთმანეთშია არეული სავარცხელი, პატარა სარკე, პირადობის მოწმობა, თავის ტკივილის, და სხვა წამლები, პარფიუმერიის კოლოფი, ხურდა, გადასახადის ქვითრები, რეცეპტები წამლისა და საჭმლის, ქაღალდის ფულის კუპიურები და სხვა ათასი საჭირო თუ არა საჭირო ნივთი. ამიტომაა, რომ ამ თავგზა დაკარგულს ასე უჭირს საჭირო ხურდის მოძებნა. ეს ქალი ცოტათი წესრიგს რომ ყოფილიყო ჩვეული, მაშინ ჩანთის ერთ განყოფილებაში შეინახავდა პარფიუმერიას, სავარცხელსა და სარკეს, მეორეში ბლოკნოტს, რეცეპტებსა და სხვა ქაღალდებს, მესამეში საფულეს, რომლის ერთ განყოფილებაში ჩადებდა ქაღალდის კუპიურებს, მეორეში კი ხურდა ფულს და აღარ ასტეხდა ერთ ვაიუშველებელს.

      კომპიუტერის მეხსიერებაში ჩვენ უნდა ისე მოვათავსოთ ინფორმაცია, რომ საჭიროების შემთხვევაში მას მივაგნოთ სწრაფად და უშეცდომოდ. ამ შემთხვევაში ჩვენ გამოგვადგება ისეთი სისტემა, რომელიც გამოიყენება ბიბლიოთეკაში წიგნების ფონდის მოსაწესრიგებლად.

     აქ თაროები გამოყოფილია, დავუშვათ ასე: მხატვრული ლიტერატურა, სამეცნიერო, პერიოდიკა, ლექსიკონები და ასე შემდეგ. მხატვრული ლიტერატურისთვის გამოყოფილ თაროებზე შეიძლება არსებობდეს ქვეთაროები, ანუ ქვეგანყოფილებები: პროზა, პოეზია, საყმაწვილო ლიტერატურა, ზღაპრები და ასე შემდეგ. სამეცნიერო ლიტერატურის განყოფილებაში კი შეიძლება იყოს ქვეგანყოფილებები: ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, მინერალოგია და სხვა ამის მაგვარი. პერიოდიკაში კი გაზეთების, ჟურნალების, რეფერატული ჟურნალების და ასე შემდეგ. ზუსტად ასევე ჩვენ შეგვიძლია კომპიუტერში განვალაგოთ ჩანაწერთა ტექსტები. ბარემ, აქვე ვიტყვით, რომ კომპიუტერში ერთ ცალკე განსათავსებელ ჩანაწერს ეწოდება ფაილი. ფაილი შეიძლება იყოს ტექსტი რამდენიმე წინადადებიანი, ან  თუნდაც ერთსიტყვიანი, ან მთელი მოთხრობა ან ისეთი როგორიცაა პავლე ინგოროყვას გიორგი მერჩულე, რომელიც შეიცავს ათასზე მეტ გვერდს.

     კომპიუტერში ერთნაირი შინაარსის ფაილების ერთად განთავსებისთვის იქმნება განყოფილებები, რომელთაც ეწოდებათ ფოლდერები, ან ქართულად საქაღალდეები. ერთი ფოლდერი შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა ქვეფოლდერებს, ისინი კი თავის მხრივ სხვა ქვეფოლდერებს და ასე შემდეგ.

    ახლა ვისწავლოთ ბუს პროგრამის საშუალებით როგორ შევქმნათ ფოლდერები და ქვეფოლდერები.

    კითხვის რეჟიმში დავაწვეთ ეფ ორ ღილაკს. გაიხსნება მთავარი კატალოგი, სადაც შეგვხვდება ისეთი განყოფილებები, ანუ ფოლდერები როგორიცაა: ქართული, რუსული და ასე შემდეგ. დავაწვეთ ტაბ-ღილაკს. კომპიუტერი შემოგვთავაზებს: ჩაწერეთ ახალი კატალოგის სახელი და დააწექით ენტერს. სავარჯიშოდ შევქმნათ ახალი განყოფილება-ფოლდერი: ავკრიფოთ სიტყვები : ჩემი საქაღალდე. თუ აკრეფის დროს რაიმე შეგეშალათ, წასაშლელად გამოიყენეთ დელეიტი ან ბეგსსპეისი.  ენტერზე დადასტურების შემდეგ კომპიუტერი შეგვატყობინებს: შექმნილია ახალი კატალოგი. ისრების დახმარებით დავდგეთ ახალ შექმნილ ფოლდერზე და დავაწვეთ ენტერს. გამოვა ფანჯარა, რომელსაც ახლავს შეტყობინება: განყოფილებები არ არსებობს. აქაც შევქმნათ ტაბ-ღილაკის დაწოლით და შემდგომ ჩაწერით ფოლდერ ჩემი საქაღალდის ქვეფოლდერები. მაგალითად ტელეფონები, რომელშიც შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი ნათესავებისა და ნაცნობების ტელეფონის ნომრები. მეორე ქვეფოლდერს დაარქვით უბის წიგნაკი, მესამეს   -  საყვარელი წიგნები, შემდეგს საჭირო ჩანაწერები და ასე შემდეგ.

     ახლა დროა დავუბრუნდეთ წინა გაკვეთილის დროს ჩვენს მიერ შენახულ ამონარიდს ჭაბუა ამირეჯიბის წიგნიდან «დათა თუთაშხია». ეს ტექსტი ჩვენ შევინახეთ ღილაკთა კომბინაციით: კონტროლ + ასო ესი. მოვამზადოთ ფანჯარა და ფაილის გამოსაძახებლად გამოვიყენოთ კომბინაცია: კონტროლ + ასო ო. გამოვა ფანჯარა და პროგრამა ბუ შეგვატყობინებს: ფაილის გამოძახება. დავაწვეთ ტაბ-ღილაკს, კომპიუტერი გვამცნობს: «ფოლდერების სია», კვლავ დავაწვეთ ენტერს, ჩვენ გადავალთ ფაილების სიაზე. ახლა ისრების დახმარებით ჩამოვიდეთ დაბლა. ვიპოვოთ ფაილი ტიტა და ენტერზე თითის დაჭერით გავხსნათ ამორჩეულ ფანჯარაში. დამერწმუნეთ, რომ ძალიან გაგახარებთ თქვენს მიერ აკრეფილი ტექსტის ხელახალი გამოჩენა.

     ცოტა ხნით შეისვენეთ და გაიაზრეთ თუ უკვე რა შეგიძლიათ და რა შესანიშნავი მეგობარია კომპიუტერი. შეისვენეთ? ცოტა კიდევ მოიკრიფეთ ნებისყოფა და ამ გაკვეთილსაც მალე დავამთავრებთ.

    მოდი, ვცადოთ და ეს ტექსტი შევინახოთ სხვაგანაც. მაგალითად, ჩვენს მიერ შექმნილ «საყვარელ წიგნებში». ამისთვის უნდა მოვამზადოთ ეს ფაილი. ჰოუმ-ღილაკით გადავიდეთ ტექსტის თავში. კონტროლისა და პრობელის დახმარებით გადავიდეთ წერის რეჟიმში. დავდგეთ პირველი ხაზის პირველ პოზიციაში, ამას ჩვენ მივხვდებით შესატყვისი ხმის გაგონებით. აქ უნდა ეწეროს ავტორის გვარი და სახელი. თუ ეს ასეა, მაშინ ენტერით გადავდივართ მეორე ხაზზე, თუ არადა ვკრეფთ გვარსა და სახელს და გადავდივართ მეორე ხაზზე. მეორე ხაზზე ავკრიფოთ მაგალითად, ასეთი სათაური: ამონარიდი დათა თუთაშხიიდან. გადავიდეთ მესამე ხაზზე, აქედან უნდა იწყებოდეს შინაარსი. თუ შეგვხვდა რაიმე ზედმეტი წავშალოთ დელეიტის ან ბეგსპეისის დახმარებით. ტექსტი მზადაა შესანახად ახალ განყოფილებაში.

    დავაწვეთ ისევ ეფ ორს, რათა მოვხვდეთ ამ ფოლდერში, ისრის საშუალებით დავდგეთ ფოლდერ «ჩემ საქაღალდეზე». დავაწვეთ ენტერს. გადავალთ ჩვენს მიერ შექმნილ ქვეფოლდერებზე. ამის შემდეგ თითს ვაჭერთ ესკეიპს, რადგანაც ფოლდერი «ჩემი საქაღალდე» უკვე არჩეულია. კომპიუტერმა ენტერზე დაჭერის შემდეგ ხომ გვაუწყა, რომ საქაღალდე არჩეულია. დავაწვეთ ღილაკთა კომბინაციას: ალტ + ასო ესი. ამ დროს კომპიუტერი გვეტყვის: «აირჩიეთ განყოფილება (ქვეფოლდერი), რომელშიც გინდათ ჩაწეროთ ტექსტი». ვაწვებით ენტერს და გვესმის ახალი შეტყობინება: «მიუთითეთ ფაილის სახელი». ამ შემთხვევაში., რადგან ჩვენ უკვე გამზადებული გვქონდა ფაილი პირველ ხაზზე ავტორის, ხოლო მეორე ხაზზე სათაურის მითითებით, ფაილის სახელი უკვე ჩაწერილია. კომპიუტერი აცხადებს ავტორს, შემდეგ ამბობს ტირეს და მერე სათაურს. ყველაფერი სწორადაა. კიდევ ერთხელ გამოვიყენოთ ენტერი და ფაილი შეინახება ფოლდერ «ჩემი საქაღალდის» ქვეფოლდერ «საყვარელ წიგნებში».

     თუ ჩასაწერ ფაილში პირველი ხაზი არ არის შევსებული, ხოლო მეორე ხაზზე სწერია სათაური, მაშინ კომპიუტერი ასე გამოგვიცხადებს: ტირეს და შემდეგ სათაურს.

     როდესაც ჩვენ ვმუშაობთ ერთხელ უკვე შენახულ ტექსტზე, მაგალითად, თუ ვუმატებთ ახალ ნაწილს, ან ვასწორებთ შეცდომებს მაშინ შენახვის მთელი ეს პროცესი აღარ არის საჭირო. ერთდროულად ვაწვებით კონტროლსა და შიფტსდა აგრეთვე ასოესი-ს ღილაკს. ტექსტი გადაეწერება ძველ ჩანაწერს და შეინახება დამატებულ ან გასწორებულ ნაწილთან ერთად.

    შევამოწმოთ, თუ როგორ შეინახა ტექსტი ჩვენმა მეგობარმა. ეფ ორით გამოვიძახოთ მთავარი კატალოგი. ისრებით ავირჩიოთ «ჩემი საქაღალდე», შემდეგ ენტერით გავხსნათ ეს ფოლდერი და განყოფილებების კატალოგში მოვძებნოთ «საყვარელი წიგნები». ეს ქვეფოლდერიც გავხსნათ და გადავალთ ძირთად კატალოგში, რომელიც შედგება ავტორთა, სათაურთა და სხვა ველებისაგან. აქ გვექნება ერთადერთი ჩანაწერი: ამირეჯიბი ჭაბუა, ამონარიდი «დათა თუთაშხიიდან». დავდგეთ ამ ჩანაწერზე და დავაწვეთ ენტერს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ არჩეულ ფანჯარაში გამოვა ნაცნობი ამონარიდი.

      კიდევ ერთხელ ვთქვათ: თუ პირველ ხაზზე არ იყო მითითებული ავტორი, მაშინ ძირითად კატალოგში ავტორის ადგილი დარჩება შეუვსებელი და ტექსტის მოძებნა მოგვიხდება სათაურთა ველში.

     დაიღალეთ? ვიცი, მაგრამ ერთსაც გეტყვით. როცა ჩვენ ტექსტი შევინახეთ კონტროლ ესის საშუალებით, მაშინ ის ჩაიწერა ბუს ფოლდერში ფაილის სახით. მეორე შემთხვევაში პროცესს მივეცით უფრო ცივილური და ისეთი სახე, რომელიც უფრო ხშირადაა გამოყენებული კომპიუტერებში ფაილების შესანახად. თორემ, ჩვენ რომ ყველა ფაილი პირდაპირ შევინახოთ ბუს საქაღალდეში, ფოლდერებისა და ქვეფოლდერების გამოუყენებლად, მაშინ ერთად თავს მოიყრიდა ათასობით ფაილი და შემდეგ საჭირო ფაილის მოძებნა ძალიან გაგვიჭირდებოდა.

 

  საკონტროლო კითხვები:

 

 1. კომპიუტერის რომელი მოწყობილობა ინახავს ინფორმაციას, რა ჰქვია მას?

 2. რა და რა ერთეულებით იზომება ინფორმაცია?

  3. რას წარმოადგენენ ცე და დე დისკები და ძირითადად რა დანიშნულება აქვთ მათ?

 4. როგორ ვიძახებთ კონტროლ ესით შენახულ ფაილებს?

 5. როგორ უნდა შევქმნათ ფოლდერები და ქვეფოლდერები?

 6. როგორ უნდა მოვამზადოთ ფაილი სწორად შენახვისთვის?

 

      დავალება:

 

     1. აკრიფეთ თქვენი ნაცნობებისა და ნათესავების სატელეფონო ნომრები. ნომრების ჩასაწერად,როგორც მიღებულია, ორ ორი ან სამსამი ნომერი ერთმანეთისგან დააშორეთ, ან მათ შორის დასვით დეფისი. შეინახეთ იგი ჩვენს მიერ შექმნილ ქვეფოლდერში «ტელეფონები».

     2. ალბათ, მოგბეზრდათ ტექსტების აკრეფა, მაგრამდარწმუნებული ვარ, ჯერ კიდევ ბევრი გაკლიათ ოსტატობამდე. ის კი მიიღწევა მხოლოდ თავდაუზოგავი შრომით. კიდევ ერთხელ მოგიხდება, მეგობარო, ტექსტის აკრეფა. დამიჯერე, ასეა საჭირო.ამჯერად შემოგთავაზებთ ლექსს, აკრიფე ის და შეინახე ნასწავლი მეთოდით. მე ვაფასებ თქვენს შეუპოვრობას და ამიტომ არა უბრალო, არამედ ქართული პოეზიის მარგალიტს გთავაზობთ.

 

     ქებათა ქება ნიკორწმინდას

 

     მაქვს მკერდს მიდებული

     ქნარი, როგორც მინდა.

     ჩემთვის დიდებული

     სხივი გამობრწყინდა.

     მკვიდრად ააშენა,

     ვინაც ააშენა

     და ცით დაამშვენა

     დიდი ნიკორწმინდა.

 

     გზნებით დამკარგავი

     გრძნეულ ჩუქურთმებით,

     ქარგით დამქარგავი

     ნაზი შუქურთმებით,

     ნეტა ვინ აზიდა,

     ან როგორ აზიდა,

     რა ხელმა აზიდა

     მაღლა ნიკორწმინდა!

 

     რა განძი გვქონია,

     რა მხნე, რა მდიდარი,

     ჟრერს ქვის ჰარმონია  -

     დარობს რამდი დარი.

     კარგად გამოჰკვეთა,

     ვინაც გამოჰკვეთა,

     სიბრძნით გამოჰკვეთა

     მძლავრი ნიკორწმინდა.

 

     აქ რომ თაღებია,

     სვეტთა შეკონება,

     ისე ნაგებია,

     სიზმრის გეგონება.

     ნეტა ვინ ააგო,

     რა ნიჭმა ააგო,

 

     რა მადლმა ააგო

     სვეტი  -  ნიკორწმინდა!

 

     გრძნობ, ვით დიადია

     თორმეტი სარკმელი,

     ხაზებში ანთია

     ცეცხლი მისარქმელი:

 

 

     ნეტა ვინ აანთო,

     რომ გრძნობით აანთო

     და წლებს გადაანდო

     ნათლად ნიკორწმინდა!

 

     ხვეულთ დიადემა

     ვხედავ  -  რა უხვია,

     დრომ მას დიადემა

     კრძალვით შეუხვია.

     ნეტა ვინ მოჰქარგა,

     და როცა მოჰქარგა,

     შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა

     გზნება  -  ნიკორწმინდა!

 

     მკვეთრი და მოქნილი

     ხაზთა დასრულება

     არის ამოდქმნილი

     ნატვრის ასრულება.

     ეს ის სიმკვეთრეა,

     ეს ის სიმდიდრეა,

     რაითაც მკვიდრია

     ძეგლი  -  ნიკორწმინდა.

 

     შენის სულმნათისად

     ასვლა ეროვანი:

     ყელი გუმბათისა

     მაღალღეროვანი,

     ცამდის აღერილი,

     ნებით აღერილი,

     სათნოდ აღერილი

     გშვენის, ნიკორწმინდა!

 

     მზერა ქართულია

     სივრცის დაუნჯებით,

     თვალი გართულია

     ფრთიან ფასკუნჯებით:

     ფრთები, ფრთები გინდა,

     კიდევ ფრთები გვინდა,

     გინდა დაეუფლო

     სივრცეს, ნიკორწმინდა!

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ ორის სახელმძღვანელო / 10.გაკვეთილი მეცხრე-ვინჩესტერი, საქაღალდე, ფაილის შენახვა