გაკვეთილი მერვე

 

სასვენი ნიშნები და ფრჩხილები, ფაილის შენახვა.

 

მეგობრებო, ხომ არ მიწყრებით ამხელა ტექსტებს რომ გაძლევთ ასაკრეფად? რას იზამთ, გაიხსენეთ დავით გურამიშვილის - «სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების!» ხომალდის კაპიტანს მტკიცე ხელით უნდა ეპყრას საჭე, უნდა იცოდეს მისი ყოველი შესაძლებლობა. კლავიატურა ჩვენთვის საჭეა, რადგანაც მისი დახმარებით ვაძლევთ კომპიუტერს ბრძანებებს ინფორმაციის უკიდეგანო ოკეანეში საცურაოდ. მაშ, მოიკრიფეთ ნებისყოფა და გავცუროთ წინ! გავა დრო და თქვენ ისე იგრძნობთ თავს, როგორც თევზი წყალში.

     ისე თქვენც მართლები ხართ. კრეფავთ ტექსტებს და კომპიუტერის გამორთვის შემდეგ ისინი უკვალოდ ქრება. ამ გაკვეთილში გასწავლით როგორ უნდა შეინახოთ აკრეფილი ტექსტები, რათა ისინი შემდეგაც გამოიყენოთ. ხომ შეიძლება თქვენ სულაც ლექსების წერის ნიჭი გაქვთ? მე გასწავლით როგორ დაუტოვოთ ისინი შთამომავლობას.

      მაგრამ სანამ აკრეფდეთ თქვენს შედევრებს, ხომ უნდა ისწავლოთ ყველა სასვენი ნიშნის დასმა? თორემ ავ მავანს არ ათქმევინოთ, წერტილს ვერ არჩევსო ძახილის ნიშნისგან.

    მაშ, დავიწყოთ.

წერის რეჟიმში საჩვენებელი თითების ძირითადი რიგის ნიშანდებულ ღილაკებზე დაწყობით ჩვენ თითქოს გავყავით კლავიატურის ეს ბლოკი მარცხენა და მარჯვენა ხელის ზონებად. სულ ქვედა რიგში პრობელის მარცხნივ მოთავსებულია სამი: კონტროლის, სტარტის, ანუ ვინდოუსის და ალტის ღილაკები. კონტროლის და ალტის ღილაკები ჩვენ უკვე გამოვიყენეთ. რაც შეეხება სტარტის, ანუ ვინდოუსის ღილაკს, რომელზეც ახატია ვინდოუსის სიმბოლოდ მიჩნეული ფანჯრები, იგი პროგრამა ბუში თითქმის არ გამოიყენება. მას ვხმარობთ ბუს დახურვის შემდეგ კომპიუტერის გამორთვისათვის. დაშორების კლავიშის მარჯვენა მხარეს ეს ღილაკები მეორდება მარცხენა მხარის სიმეტრიულად პატარა განსხვავებით. ჯერ არის ალტი, მას მოსდევს სტარტის, შემდეგ უცნობი აპლიკეიშენის ღილაკი და ბოლოს კონტროლის ღილაკი. აპლიკეიშენის, ანუ კონტექსტური მენიუს ღილაკი გამოიყენება სხვა ხმოვანი პროგრამების ხმარებისას. ჩვენ იგი პროგრამა ბუში არ გვჭირდება. მარჯვენა კონტროლის ზემოთ მდებარეობს მარჯვენა შიფტი.

     აკრეფის პროცესის მაღალი დონის მისაღწევად ეცადეთ გამოიყენოთ მარცხენა შიფტი, როცა გვხვდება კომბინაცია: შიფტ + ასო, თუ ეს ასო მდებარეობს მარჯვენა ხელის ზონაში და გამოიყენოთ მარჯვენა შიფტი, თუ ასო ასაკრეფია მარცხენა ხელის ზონაში.

     ახლა გავეცნოთ დარჩენილ სასვენი ნიშნების შესაბამისი ღილაკების მდებარეობას.

     კითხვითი ნიშნის ასაკრეფად უნდა დავაწვეთ მარჯვენა შიფტს და მის მარცხნივ მდებარე პირველივე ღილაკს.

     ორ-წერტილის დასასმელად ვაწვებით მარჯვენა შიფტს და მუხლისებური ენტერის ჰორიზონტალური ნაწილის მარცხნივ მეორე ღილაკს. ეს ღილაკი შიფტის გარეშე შეესაბამება წერტილ-მძიმეს და მდებარეობს ასო ლასი-ს მარჯვნივ.

    ახლა დაგისვამთ შეკითხვას: რა მოხდება, თუ მარჯვენა შიფტის ნაცვლად გამოვიყენებთ მარცხენა შიფტს? აბა, სცადეთ.

    ბრჭყალებისა და ძახილის ნიშნების დასაწერად გადმოვინაცვლოთ კლავიატურის უკიდურეს მარცხენა მხარეს.

    თუ დავაწვებით ესკეიპის ქვემოთ მდებარე ღილაკს, მაშინ გაიხსნება ბრჭყალები, ხოლო თუ დავაწვებით იგივე ღილაკს შიფტთან ერთად, მაშინ ბრჭყალები დაიხურება.

     ძახილის ნიშნის დასასმელად ვიყენებთ ბრჭყალების მარჯვენა მეზობელ ღილაკს. ეს ღილაკი შიფტთან ერთად ტექსტში სვამს ძახილის ნიშანს. კიდევ გეტყვით, რომ ძახილის ნიშნის ღილაკი არის ციფრების რიგში ერთიანის შესაბამისი ღილაკი.

     ციფრთა რიგში ციფრი ცხრის შესაბამისი ღილაკი შიფტთან ერთად ხსნის ფრჩხილს, ხოლო ამ ღილაკის მარჯვნივ მდებარე ნულის ღილაკი შიფტის დახმარებით ხურავს ფრჩხილს.

      დეფისით დასაწერი სიტყვებისთვის ვიყენებთ ნულის მარჯვნივ მდებარე ღილაკს, რომელიც სვამს დეფისს, ხოლო იგივე ღილაკი შიფტთან ერთად იქცევა ტირედ. ტირე განსაკუთრებით ხშირადაა საჭირო დიალოგების აკრეფისას.

    გილოცავთ! თქვენ ახლა იცით ყველა ასო და თითქმის ყველა მართლწერისას გამოსაყენებელი ნიშანი. ახლა თუ მოიკრეფთ ნებისყოფას და მოთმინებით აკრეფთ ტექსტებს, თქვენ უკვე კომპიუტერის შესწავლის საქმეში პირველი მწვერვალი დაპყრობილი გექნებათ და დაგიგროვდებათ საკმაო ჩვევები და გამოცდილება, რომელიც ასე ძვირფასია ნებისმიერ საქმეში.

     ამ გაკვეთილის ბოლოს მოგეცემათ დავალება, რომლის შესრულებისთვისაც უნდა აკრიფოთ ცნობილი მწერლის ნაწარმოებიდან ერთ გვერდიანი ნაწყვეტი. ეცადე მეგობარო, თავი გაართვა ამ დავალებას. იმისთვის რომ უქმად არ ჩაიაროს თქვენმა შრომამ, ბარემ აქვე აგიხსნით როგორ უნდა შეინახოთ აკრეფილი ტექსტი. ჯერ გასწავლით მექანიკურად, ხოლო შემდეგ გაკვეთილში აგიხსნით საფუძვლიანად.

    მაშ ასე, თქვენ უკვე აკრეფილი გაქვთ ტექსტი. გადადით კითხვის რეჟიმში. დააჭირეთ თითები კომბინაციას: კონტროლ + ასო ესი. გამოვა ფანჯარა ხმოვანი შეტყობინებით: ფაილის შენახვა. დააჭირეთ კლავიშს ტაბი. იგი მდებარეობს ესკეიპიდან ქვევით ვერტიკალურად ერთი ღილაკის გამოტოვებით. ტაბის გამოყენების შემდეგ გაისმება ინფორმაცია: ფოლდერების სია. ერთხელ კიდევ დააჭირეთ თითი იგივე ღილაკს. კომპიუტერი შემოგთავაზებთ: ჩაწერეთ ფაილის სახელი. რადგან თქვენ უკვე იცით ასოები, აკრიფეთ რაიმე სიტყვა, მაგალითად, ტიტა და დააწექით ენტერს. თქვენი ნაწერი კომპიუტერმა უკვე შეინახა სახელით ტიტა. ამ ტექსტს ჩვენ გამოვიძახებთ შემდეგი გაკვეთილის დროს.

      სანამ შევუდგებოდეთ ტექსტის აკრეფას, ერთხელ კიდევ წაიკითხეთ განვლილი გაკვეთილები. გაიხსენეთ ყველაფერი, განსაკუთრებით ასოების შესაბამისი ღილაკები და შემდეგ შეუდექით დავალების შესრულებას. თუ აკრეფის დროს დაგავიწყდათ რომელიმე ასო, გახსენით დროებითი ფანჯარა და ეცადეთ მოძებნოთ დავიწყებული ასოს ღილაკი. შემდეგ გადადით კითხვის რეჟიმში და ციფრების რიგში შესაბამის ციფრზე თითის დაჭერით ისევ დაუბრუნდით  ფანჯარას, რომელშიც კრეფავთ ტექსტს.

 

საკონტროლო კითხვები:

 

 1. რატომაა დუბლირებული კონტროლის, ალტისა და შიფტის ღილაკები?

 2. გაიხსენეთ შესწავლილი სასვენი ნიშნები, სად მდებარეობენ ისინი და როგორ აიკრიფებიან?

 3. როგორ შევინახოთ აკრეფილი ტექსტი?

 

 

 

 დავალება:

 

      1. აკრიფეთ ქვემოთ მოყვანილი ამონარიდი ჭაბუა ამირეჯიბის წიგნიდან «დათა თუთაშხია». იმ ფანჯრის მეზობლად, სადაც ეს ტექსტია გახსნილი, სხვა ფანჯარა. იქ არსებული ტექსტის შემთხვევაში გაათავისუფლეთ იგი ეფ შვიდი ღილაკის მეშვეობით. ამ ტექსტის წასაკითხად ჩართეთ კითხვის რეჟიმი სასვენი ნიშნებით. წაიკითხეთ ერთი წინადადება, გადადით ასაკრეფ ფანჯარაში და აკრიფეთ წაკითხული წინადადება. დაუბრუნდით ისევ ამ ტექსტს, წაიკითხეთ მეორე წინადადება და ასაკრეფად გამოყოფილ ფანჯარაში აკრიფეთ და ასე გააგრძელეთ. ბოლოს, გაკვეთილში ნასწავლი მეთოდით შეინახეთ იგი.

 

     და იქმნა კაცთათვის:

 

სინდისი - ნიჭად მხილებისათვის თვისთა მანკიერებათა, ძალა - ილაჯად თვისისავე სულის ხარვეზთა დაძლევისათვის, სიკეთე  უნარად რგებისათვის თავისა, გარნა მოყვასთათვის რგებისა შედეგად; დედაკაცი არსად მრავლებისა და პირობად კაცთა მოდგმის მარადობისა; მეგობარი - საზომად სულგრძელობისა და სამჟღავნებლად თავდადებისა თვისისა; ერი  -  ასპარეზად პირუთვნელი მსახურებისა და მსხვერპლად მისვლისა; ვენახი და მინდორი - ადგილად დაღვრისათვის ოფლისა, არედ განგების ნების აღსრულებისა; პური და საქონელი ყოველი - საზრდელად თავისა და მისაძღვნელად სხვათათვის; სოფელი - სივრცედ მიგებისათვის სიყვარულისა, რომელი იყო ღმერთი.

 

იქმნა ყოველი მარტოოდენ, ვითარცა ზემორე ითქვა, რწმენა და ზნე ესევითარი იყო განმჯდარ სიყვარულად ყოველსა ასოსა შიგან სიღრმეთა სულისასა კაცთა. ჰყავდა ერსა განმგებლად და მორიგედ ქვეყნიერთა საქმეთა თვისთა ჭაბუკი პირმშვენიერი და რაინდი კეთილ აღნაგი - თუთაშხა. არა იყო იგი სულდგმული ერთი და ძე ხორციელი, არამედ სული კრებითი, არსი მყოფი კაცთა წიაღსა შინა, ვითა

წახნაგთაგანი მათი უპირველესი.

 

შვა ამა ვითარებამან ერსა შიგან სიბრძნე გონებისა რომელმან: ჰპოვა მარცვალი ველური, ქმნა ყანად და დაუდვა კაცთა პურად არსობისა, შეიპყრა ხარი ტრამალსა ზედა, შინაურ ჰყო და განაწესა გამწევად ტვირთისა; აღაგო ბორბალი და გასჭრა გზა სანათესაოდ ტომთა შორის; ისწავა ვარსკვლავეთი და მიანიჭა კაცთ უნარი ამინდთმეტყველებისა; მოიხელოვნა რუკა სლვად წყალთა და ხმელთა ზედა და მიკვლევად უცნობთა ერთა; შეთხზა ანბანი გამოცდილებისა და ცოდნათა აღნუსხვად შთამომავალთათვის და გაახარა ვაზი მადლისა აღსავლენად ამა სიბრძნეთა მომნიჭებელისად.

 

ხედვიდა ერი მას თუთაშხას განსხეულებულს, ხორცქმნილს და მსახლობელს თვისსა ტაძარსა დიდებულსა შინა უფლად სიყვარულისა და ჰმორჩილებდა წესსა დადებულსა მისგან, ვითარცა წესსა ერთნებაობითა

რჩეულისა ხორციელისა მამისა.

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ ორის სახელმძღვანელო / 09.გაკვეთილი მერვე-სასვენი ნიშნები და ფრჩხილები, ფაილის შენახვა