ვარგას ლიოსა მარიო

კითხვისა და წერის სადიდებელი 

 

 მთარგმნელი ჯოხაძე გია

 

                                                     (ნობელის ლექცია)

კითხვა ხუთი წლისამ, ბოლივიაში, კოჩაბამბაში მდებარე დე ლა სალეს აკადემიაში, მამა იუსტინიანეს კლასში ვისწავლე. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო, რაც კი ოდესმე თავს გადამხდენოდა. თითქმის სამოცდაათი წლის გასვლის შემდეგ, ახლაც მკაფიოდ მახსოვს ის სასწაული, როცა წიგნში დაბეჭდილი სიტყვები სახეებად გარდაიქმნა და ამან ისე გაამდიდრა ჩემი ცხოვრება, დროისა და სივრცის ბარიერები დაამსხვრია და საშუალება მომცა, კაპიტან ნემოსთან ერთად ოცი ათასი კილომეტრი გამევლო ზღვის ქვეშ, დარტანიანის, ათოსის, პორტოსისა და არამისის მხარდამხარ მებრძოლა დედოფალს დამუქრებულ ინტრიგათა წინააღმდეგ იდუმალი რიშელიეს ხანაში, ჟან ვალჟანად გარდაქმნილს პარიზის მიწისქვეშეთში მებორძიკა და მარიუსის უსიცოცხლო სხეული ზურგით მეთრია. კითხვა ოცნებას ცხოვრებად გარდასახავდა და _ პირიქით, ლიტერატურულ სამყაროს იმ ბიჭუნას ახლო-მახლო უჩენდა ადგილს, ოდესღაც რომ ვიყავი. დედაჩემმა მითხრა, რომ ჩემი პირველი თხზულება იმ წაკითხულ მოთხრობათა გაგრძელებანი იყო, რომელთა დასასრულიც სევდას მგვრიდა და მათი შეცვლა მინდოდა. კაცმა რომ თქვას, გაუცნობიერებლად მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაშიც ამას ვაკეთებდი: ზრდის, მოწიფვისა და დაჭარმაგების პარალელურად დროში ვაგრძელებდი იმ ამბებს, რომლებიც ჩემს სიყმაწვილეს აღფრთოვანებითა და თავგადასავლებით ავსებდა.

მინდა, დედაჩემიც აქ იყოს ახლა, ქალი, რომელსაც ამადო ნერვოსა და პაბლო ნერუდას ლექსების კითხვა უცრემლოდ არ შეეძლო; ასევე _ დიდცხვირა და მელოტი პაპა პედრო, რომელმაც ჩემი ლექსები მოიწონა; ბიძია ლუჩო, რომელიც გულხურვალედ მარწმუნებდა, ჩემი სული და სხეული წერისათვის მიმეძღვნა მაშინ, იმ დროსა და სივრცეშიც კი, როცა ლიტერატურა ძალზე მწირ გასამრჯელოს თუ უხდიდა თავის მიმდევრებს. ჩემს ცხოვრებაში ბევრი მათდარი ადამიანი ყოფილა, ხალხი, რომელიც ეჭვითშეპყრობილს მამხნევებდა და საკუთარი რწმენით მაავადებდა. მადლობელი ვარ მათი, და რა თქმა უნდა, საკუთარი სიკერპისა და ცოტაოდენი იღბლისაც, რომ შევძელი, ცხოვრების დიდი ნაწილი ვნებისთვის, მანკიერებისთვის, წერის სასწაულისთვის, პარალელური ცხოვრების შექმნისათვის მიმეძღვნა, რომელშიც უბედურების ჟამს თავშესაფრის მიკვლევა ძალგვიძს, რომელიც უჩვეულო ბუნებრიობასა და ბუნებრივ უჩვეულობას წარმოშობს, ქაოსს ფანტავს, სიგონჯეს ამშვენიერებს, წამს აუკვდავებს და სიკვდილს წარმავალ სანახაობად გარდაქმნის.

წერა ადვილი საქმე არ ყოფილა. როცა ამბავი სიტყვებად გადაიქცევა, ჩანაფიქრი ქაღალდს შეაშრება, იდეები და სახეები კი უფერულდება, როგორ უნდა გააცოცხლო ისინი? საბედნიეროდ, ოსტატები არსებობენ, მოძღვრები, რომელთაგან ისწავლი და რომელთაც წინ წარიმძღვარებ. ფლობერმა მასწავლა, რომ ტალანტი მწყობრი დისციპლინა და დიდი მოთმინებაა. ფოლკნერმა მიმაჩვია, რომ ფორმას _ წერასა და სტრუქტურირებას _ თემის ამაღლებაც ძალუძს და გაღატაკებაც. მარტორელმა, სერვანტესმა, დიკენსმა, ბალზაკმა, ტოლსტოიმ, კონრადმა, თომას მანმა შთამაგონეს, რომ მასშტაბი და ჩანაფიქრის სიდიადე რომანისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც _ სტილისტური სისხარტე და თხრობის სტრატეგია.

სარტრისაგან შევითვისე, რომ სიტყვები ქმედებაა, რომ რომანი, პიესა ან ესეი აწმყოსა და სწორ არჩევანს უკავშირდება: მათ ძალუძთ ისტორიის გეზის შეცვლა. კამიუსა და ორუელს დავესესხე, რომ მორალისგან განძარცვული ლიტერატურა არაადამიანურია, მარლოსგან კი ის ვისწავლე, რომ ეპიკურობა და ჰეროიზმი აწმყოშიც ისევე შესაძლებელია, როგორც _ არგონავტების ხანაში, ,,ოდისეასა” და ,,ილიადაში”. აქ ყველა მწერალი რომ ჩამომეთვალა, რომელთაგან დიდად თუ მცირედ დავალებული ვარ, მათი აჩრდილები თავს წყვდიადში ამოგვაყოფინებდნენ. ისინი უთვალავნი არიან. იმასაც დავძენ, რომ მათი შეგირდობა მავალდებულებს, კაცობრიობის უძირო სიღრმეები ვიკვლიო, თაყვანი ვცე მის გმირობას, თავზარი დამეცეს მისი სისასტიკით. ეს მწერლები იყვნენ ერთგული მეგობრები, რომელთაც სული ჩაუდგეს ჩემს მოწოდებას; მათ წიგნებში აღმოვაჩინე, რომ ყველაზე ცუდ გარემოებაშიც კი არსებობს იმედი, რომ სიცოცხლე ღირს, რადგან უიმისოდ ვერც წავიკითხავდით და ვერც ამბებს შევთხზავდით. დროდადო ცნობისმოყვარეობა მიპყრობდა: წერა სოლიფსურ ფუფუნებად ხომ არ უნდა აღმექვა, განსაკუთრებით, ჩემსა და ჩემის მსგავს ქვეყნებში, სადაც თითო-ოროლა მკითხველს თუ იპოვიდი, სადაც უამრავი ადამიანი ცხოვრობდა, რომელთა უმრავლესობა ღატაკი და წერა-კითხვის უცოდინარი გახლდათ, სადაც ამდენი უკანონობა სუფევდა, სადაც კულტურა ერთეულთა პრივილეგია იყო.

მიუხედავად ამისა, ამ მერყეობას მაინც არ ჩაუხშვია ჩემი მოწოდება, მაინც განვაგრძობდი წერას მაშინაც კი, როცა არსებობაზე ფიქრი მთელ ჩემს დროს ნთქავდა. მწამს, რომ სწორად მოვიქეცი, და ეს აუცილებელი იყო. იმისთვის, რომ ლიტერატურა აყვავებულიყო, საზოგადოებას ჯერ მაღალი კულტურისთვის უნდა მიეღწია, სხვაგვარად _ თავისუფლება, კეთილდღეობა, კანონიერება ვერასოდეს დამკვიდრდებოდა. მაგრამ ლიტერატურის, მის მიერ ჩამოყალიბებული ცნობიერების, მის მიერ შთაგონებული სურვილებისა და ოცნებების, სინამდვილისაგან განხიბლვის წყალობით, მშვენიერ ფანტაზიაში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ცივილიზაცია ნაკლებ სასტიკი დაგვხვდა, ვიდრე მაშინ, როცა მწერლები თავიანთი იგავებით ცდილობდნენ სიცოცხლის გაადამიანურებას. ჩვენ მიერ წაკითხული კარგი წიგნების გარეშე იმაზე უარესები ვიქნებოდით, ვიდრე ვართ, უფრო კონფორმისტები, უფრო მშვიდნი, უფრო მორჩილნი, პროგრესის მამოძრავებელი კრიტიკული სულისკვეთება კი საერთოდ არ იარსებებდა. წერის მსგავსად, კითხვაც სიცოცხლის უკმარობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტია. როცა წარმოსახვას იმის მოსაპოვებლად ვიმარჯვებთ, რაც ცხოვრებაში გვაკლია, ხმამაღლა უთქმელად და გაუაზრებლად ვამბობთ, რომ სიცოცხლე _ ადამიანური არსებობის საფუძველი _ წყურვილს ბოლომდე ვერ გვიკლავს და იგი უნდა გაუკეთესდეს.

წარმოსახვას იმიტომ ვეძლევით, რომ როგორღაც იმაზე მეტი ცხოვრებით ვიცხოვროთ, ვიდრე გვაქვს: ჩვენს განკარგულებაში ხომ სულ რაღაც ერთი სიცოცხლეა! უწიგნოდ უფრო ნაკლები გვეცოდინებოდა ნორმალური ცხოვრებისათვის საჭირო თავისუფლების მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რა ჯოჯოხეთად იქცევა ხოლმე ცხოვრება, როცა მას ტირანი, იდეოლოგია ან რელიგია თელავს! მას, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ ლიტერატურა არა მხოლოდ მშვენიერ და ბედნიერ ოცნებებში გვძირავს, არამედ სხვადასხვაგვარი ჩაგვრისგანაც გვაფხიზლებს, ჰკითხოს საკუთარ თავს, ყველა რეჟიმი აკვნიდან საფლავამდე რატომ აკონტროლებს ადამიანის ქცევას, რომელიც იმდენად აკრთობთ, დასაურვებლად ცენზურის სისტემას უწესებენ და თავისუფალ მწერლებს იჭვნეულ მზერას არ აცილებენ.

ამას იმიტომ სჩადიან, რომ წარმოსახვის ნებაზე მიშვების, წიგნებში თავისუფლად მოგზაურობის რისკს აცნობიერებენ; იციან, რად გადაიქცევა მეამბოხე წარმოსახვა, როცა მკითხველი მასში გამოხატულ თავისუფლებას, რომელმაც შესაძლებელი გახადა წარმოსახვა, ობსკურანტიზმსა და შიშს ადარებს, რეალურ სამყაროში რომ ჩასაფრებია.

ნებით თუ უნებლიეთ, განზრახ თუ გაუცნობიერებლად, მწერლები დაუკმაყოფილებლობას ქადაგებენ, ათვალსაჩინოებენ, რომ სამყარო ნაკლულია, გამოგონილი ცხოვრება უფრო მდიდარია, ვიდრე _ რუტინული ყოველდღიურობა. ამ ფაქტის გამო, თუ იგი გრძნობა-გონებიდან იღებს სათავეს, მოქალაქეები უფრო ძნელად სამართავნი ხდებიან, უფრო ნაკლებად ეგუებიან გამომძიებელთა და ციხის უფროსთა ცრუპენტელობას, თითქოს ისინი გისოსებსმიღმა გაცილებით უსაფრთხოდ და უკეთესად ცხოვრობდნენ.

კარგი ლიტერატურა ხიდს დებს განსხვავებულ ადამიანებს შორის და სიხარულის, ტანჯვისა და გაოცების ხარჯზე _ ენის, რწმენის, ჩვევებისა და ჩვეულებების, ცრურწმენების მიუხედავად _ გვაერთიანებს. როცა დიდი თეთრი ვეშაპი კაპიტან აჰავს ზღვაში მიუჩენს სამუდამო განსასვენებელს, მკითხველის გული ერთნაირად თრთის ტოკიოში, ლიმასა თუ ტიმბუქტუში. როცა ემა ბოვარი დარიშხანს ყლაპავს, ანა კარენინა მატარებელს უვარდება, ჟულიენ სორელი ეშაფოტისკენ მიემართება, ,,სამხრეთში” დოქტორი ხუან დალმანი დუქნიდან ავაზაკის დანასთან პირისპირ შესახვედრად გამოდის, ანდა როცა აღმოვაჩენთ, რომ კომალაში, პედრო პარამოს სოფლის ყველა მკვიდრი მკვდარია, ბუდას, კონფუცის, ქრისტეს, ალაჰის მიმდევარი იქნება თუ აგნოსტიკოსი, ჰალსტუხი ეკეთება, პიჯაკი ეცმება, ჯალაბა, კიმონო თუ ბომბაჩა, ყველას ერთი და იგივე თრთოლვა შეიპყრობს. ლიტერატურა ანათესავებს ადამიანებს განსხვავებულობასა და ბინდში, იგი უხეშობის, იდეოლოგიის, რელიგიის, ენისა და სიბრიყვის მიერ აგებულ საზღვრებზე მაღლდება. სხვა საშინელი პერიოდებივით, ჩვენი დროც ფანატიკოსების, თვითმკვლელი ტერორისტების უძველეს სახეობათა ხანაა, მათი ჟამია, ვისაც სწამს რომ მკვლელობით სამოთხეს მიეახლება, უმანკოთა სისხლით კოლექტიურ შეურაცხყოფას ჩამოიბანს, უკანონობას შეცვლის და სიმართლეს ყალბ რწმენაზე დაამყნობს.

მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად აურაცხელი ადამიანი ეწირება მათ, ვინც თავს აბსოლუტური ჭეშმარიტების მატარებლად ასაღებს. ტოტალიტარულ იმპერიათა მსხვრევასთან ერთად ვირწმუნეთ, რომ თანაცხოვრებამ, მშვიდობამ, პლურალიზმმა და ადამიანის უფლებებმა ძალაუფლებით აღგვჭურვა და სამყარო უჰოლოკოსტოდ, უგენოციდოდ, დაუპყრობლად, გამანადგურებელი ომების გარეშე იარსებებს. მაგრამ ასე არ მოხდა. ფანატიზმით წაქეზებული ბარბაროსობის ახალი ფორმების აყვავება, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება თვალს გვიბამს და ვეღარ ვამჩნევთ, რომ შეშლილ მხსნელთა კინკლაობამ ერთხელაც, შესაძლოა, ბირთვულ კატაკლიზმამდე მიგვიყვანოს. უნდა შევეწინააღმდეგოთ, დავუპირისპირდეთ მათ და დავამარცხოთ ისინი. მათი რაოდენობა არც ისე დიდია, მაგრამ მათი მგრგვინავი დანაშაული მთელ პლანეტას აზანაზარებს და მათ მიერ პროვოცირებული კოშმარები ძრწოლას გვგვრის.

ნება არ უნდა დავრთოთ საკუთარ თავს, მათ შეგვაშინონ, ვისაც თავისუფლების მოტაცება სურს: თავისუფლება ჩვენ ცივილიზაციის გრძელ გზაზე მოვიპოვეთ. მოდი, დავიცვათ ლიბერალური დემოკრატია მისთვის ნიშანდობლივი ყველა შეზღუდვით, განვაგრძოთ პოლიტიკური პლურალიზმის, თანაარსებობის, ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების, კრიტიკის პატივისცემის, კანონიერების, თავისუფალი არჩევნების, ძალაუფლების მონაცვლეობის გასიგრძეგანება; ყოველივე იმის მნიშვნელობის გაცნობიერება, რაც ველურობას გვაცილებს და  _ თუნდაც ვერასოდეს მივწვდეთ მას _ ლიტერატურის მიერ გამონაგონ მშვენიერ, სრულყოფილ ცხოვრებასთან გვაახლოებს, რომლის მოპოვება მხოლოდ წარმოსახვით, წერითა და კითხვით შეიძლება.

ფანატიკოს მკვლელებთან შეწინააღმდეგებით ჩვენ ვიცავთ საკუთარ უფლებას _ ვიოცნებოთ და ეს ოცნება გავანამდვილოთ. ახალგაზრდობაში, ჩემი თაობის ბევრი სხვა მწერალივით, მარქსისტი ვიყავი და მწამდა, რომ სოციალიზმი განგვკურნავდა ექსპლუატაციისა და იმ სოციალური უსამართლობისაგან, რომელიც განსაკუთრებით დაუნდობელი ხდებოდა ჩემს ქვეყანაში, ლათინურ ამერიკაში, მესამე სამყაროს დანარჩენ ნაწილში. ჩემი განჯადოება სახელმწიფოს მიერ მართული ეკონომიკისა და კოლექტივიზმისაგან, დემოკრატად და ლიბერალად გარდაქმნა, როგორიც დღეს ვარ _ ან ვცდილობ, ვიყო _ გრძელი და ძნელი გახლდათ. ეს პროცესი ნელა მიმდინარეობდა, როგორც _ ცალკეულ ეპიზოდთა შედეგი: მაგალითად, საბჭოთა კავშირის ვერტიკალურ მოდელად გარდასახული კუბის რევოლუცია, რომელსაც თავდაპირველად დიდი ენთუზიაზმით ვუჭერდი მხარს; იმ დისიდენტთა აღსარებანი, რომელთაც გულაგის მავთულხლართიანი ღობისთვის გვერდის ავლა მოახერხეს; ვარშავის ხელშეკრულების სახელმწიფოთა ჩეხოსლოვაკიაში შეჭრა; და ასევე, იმგვარი მოაზროვნენი, როგორებიც იყვნენ რაიმონდ არონი, ჟან ფრანსუა რეველი, ისაია ბერლინი, კარლ პოპერი: მათ ვუმადლი, რომ დემოკრატიული კულტურისა და ღია საზოგადოებისადმი დამოკიდებულება შევიცვალე. ეს შემოქმედები იყვნენ მაგალითი გამჭვირვალობისა და გაბედულებისა, როცა დასავლური ინტელიგენცია, ქარაფშუტობისა თუ ოპორტუნიზმის გამო, საბჭოთა სოციალიზმის, ან უფრო უარესი, ჩინეთის კულტურული რევოლუციის კუდიანთა სისხლიანი თემობის ცთუნებას დაჰყვა. ყმაწვილობისას ვოცნებობდი ერთხელაც პარიზში ჩავსულიყავი, რადგან, ფრანგული ლიტერატურით მოჯადოებულს, მჯეროდა, რომ იქ ცხოვრება, ბალზაკის, სტენდალის, ბოდლერის და პრუსტის ნასუნთქი ჰაერი ნამდვილ მწერლად გადამაქცევდა. პერუდან რომ არ წამოვსულიყავი, მხოლოდ ფსევდომწერლად, საკვირაო მოვლენათა და დღესასწაულთა აღმნუსხავად თუ გამოვდგებოდი! გამოგიტყდებით, საფრანგეთსა და ფრანგულ კულტურას უნდა ვუმადლოდე იმ დაუვიწყარ გაკვეთილებს, რომელთა თანახმადაც ლიტერატურა იმდენადაა მოწოდება, რამდენადაც _ დისციპლინა, შრომა, შეუდრეკლობა.

მე იქ მაშინ ვცხოვრობდი, როდესაც სარტრი და კამიუ ცოცხლები იყვნენ და წერდნენ... ეს იყო ხანა იონესკოსი, ბეკეტის, ბატაისა და სიორანისა... ეს გახლდათ ბრეხტის თეატრისა და ინგმარ ბერგმანის ფილმების, ჟან ვილარის ნაციონალური სახალხო თეატრისა და ჟან-ლუი ბაროს ოდეონის აღმოჩენის დრო... მაშინ გამოჩნდა ახალი ტალღა და ახალი რომანი... ანდრე მალრო თავის მშვენიერ მოხსენებებსა და ლიტერატურულ ფრაგმენტებს კითხულობდა...

მაგრამ იმდროინდელი ევროპის ყველაზე მშვენიერი სანახაობა მაინც მეხთამტყორცნელ გენერალ დე გოლის პრესკონფერენციები იყო. თუმც, შესაძლოა, საფრანგეთის მადლობელი ყველაზე მეტად იმიტომ ვიყო, რომ მან ლათინური ამერიკა აღმომაჩენინა.

იქ შევიტყვე, რომ პერუ ერთიანი ისტორიის, გეოგრაფიის, სოციალური და პოლიტიკური პრობლემების, ცხოვრების თავისებური სტილის, მშვენიერი ენის მქონე ვეება თანამეგობრობის ნაწილია, რომელზეც წერს და ლაპარაკობს. იმხანადვე წარმოიშვა ახალი, ძლევამოსილი ლიტერატურა. იქ წავიკითხე ბორხესი, ოქტავიო პასი, კორტასარი, გარსია მარკესი, ფუენტესი, კაბრერა ინფანტე, რულფო, ონეტი, კარპენტერი, ედუარდსი, დონოსო და სხვები, რომელთა შემოქმედებამ ამოატრიალა ესპანურენოვანი ლიტერატურა და რომელთა წყალობითაც ევროპამ და მსოფლიოს საკმაოდ დიდმა ნაწილმა შეიტყო, რომ ლათინური ამერიკა მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალებების, ოპერეტული დესპოტების, წვეროსანი პარტიზანების, მამბოსა და ჩა-ჩა-ჩას მარაკასების კონტინენტი კი არ არის, არამედ _ იდეების, არტისტული ფორმების, ლიტერატურული ფანტაზიისა, რომლებიც სცდება ეგზოტიკურობას, უნივერსალურია. იმ დროიდან დღევანდლამდე, ბევრი შეცდომისა და ბარიერის მიუხედავად, ლათინური ამერიკა განვითარდა, თუმც, როგორც ჩეზარ ვალიეხოს ლექსშია ნათქვამი, Hay, hermanos, muchisimo que hacer (საკეთებელი, ძმებო, კვლავაც უამრავია!). ახლა წინანდელზე ნაკლები დიქტატურები გვაყენებენ ტკივილს: ვგულისხმობ კუბას და მის სახელოვან მემკვიდრე ვენესუელას, ასევე ზოგ ფსევდოხალხურ, ტაკიმასხრულ დემოკრატიას, როგორებიც ბოლივიასა და ნიკარაგუაშია. კონტინენტის დანარჩენ ნაწილში დემოკრატიაა, რომელიც განმტკიცებულია დიდი სახალხო თანხმობით, და პირველად ჩვენს ისტორიაში, ბრაზილიის, ჩილეს, ურუგვაის, პერუს, კოლუმბიის, დომინიკის რესპუბლიკის, მექსიკისა და ლამის მთელი ცენტრალური ამერიკის მსგავსად, მემარცხენეებიცა და მემარჯვენეებიც პატივს სცემენ კანონიერებას, კრიტიკის, არჩევნების, ხელისუფლების მემკვიდრეობითობის თავისუფლებას. ეს სწორი გზაა, და თუ კვლავაც გაგრძელდება ცბიერ კორუფციასთან ბრძოლა და მსოფლიოსთან ინტეგრაცია, ლათინური ამერიკა მომავლის კონტინენტი აღარ იქნება, აწმყოს კონტინენტად გადაიქცევა.

მე არასოდეს მიგრძვნია თავი უცხოელად ევროპაში, და კაცმა რომ თქვას _ არც სხვაგან. იქ, სადაც მიცხოვრია, პარიზში, ლონდონში, ბარსელონაში, მადრიდში, ბერლინში, ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ბრაზილიასა თუ დომინიკის რესპუბლიკაში, ყველგან შინაურად ვგრძნობდი თავს. ყველგან ვპოულობდი ბუნაგს, სადაც შემეძლო სიმშვიდისა და საქმის მოძიება, სწავლა, გრძნობების აღზრდა, მეგობრების შეძენა, კარგი წიგნების წაკითხვა და მათი აღმოჩენა, ვისზეც დავწერდი. სულაც არ მგონია, რომ ჩემი მსოფლიო მოქალაქეობა დაასუსტებს, როგორც ამბობენ, ,,ჩემს ძირებს”, ჩემს ურთიერთობას საკუთარ ქვეყანასთან _ რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს _ ვინაიდან, ასე რომ ყოფილიყო, ჩემი პერუული გამოცდილება არ გამზრდიდა მწერლად და ყოველთვის არ წარმოჩნდებოდა ჩემს ნაწერებში, მაშინაც კი, როცა მოქმედება პერუდან ძალზე შორს ხდება. პირიქით, მწამს რომ იმ ქვეყნიდან შორს ყოფნა, სადაც დავიბადე, ამ ურთიერთობას აძლიერებს, მკაფიო პერსპექტივას ანიჭებს მას, ნოსტალგია მთავარს მეორეხარისხოვნისაგან აცალკევებს და მოგონებებს აახლებს. იმ ქვეყნის სიყვარული, რომელშიც მავანი დაიბადა, სავალდებულო კი არა, სიყვარულის სხვა სახეობათა მსგავსად, გულისმიერი სპონტანური აქტი უნდა იყოს, რომელიც სატრფოს, მშობლებს, შვილებსა და მეგობრებს აერთიანებს.

პერუს გულით დავატარებ, რადგან იქ დავიბადე, გავიზარდე, ჩამოვყალიბდი, იქ მივიღე ბავშვობისა და სიჭაბუკის გამოცდილება, რომელთაც განსაზღვრეს ჩემი პიროვნება, ჩამოქნეს ჩემი მოწოდება, იქ მიყვარდა, მძულდა, მიხაროდა, ვიტანჯებოდი და ვოცნებობდი. რაც იქ ხდება, უფრო მოქმედებს ჩემზე, უფრო მაღელვებს და მაშფოთებს, ვიდრე სხვაგან მომხდარი მოვლენები.

ეს არც მომინდომებია, არც თავისთვის მომიხვევია. უბრალოდ, ასეა. ზოგი ჩემი თანამემამულე, ღალატში მადანაშაულებდა, და უკანასკნელი დიქტატურის დროს, როცა მართლაც კინაღამ დავკარგე პერუს მოქალაქეობა, მსოფლიოს დემოკრატიულ მთავრობებს ვთხოვე, რეჟიმზე ეკონომიკური და დიპლომატიური სანქციების მეშვეობით ემოქმედათ. მუდამ ასე ვექცეოდი ნებისმიერ დიქტატურას _ იქნება ეს პინოჩეტი, ფიდელ კასტრო, ტალიბანი ავღანეთში, იმამები ირანში, აპარტეიდი სამხრეთ აფრიკაში, უნიფორმიანი სატრაპები ბირმაში (ახლა რომ მიანმარი ჰქვია). ასე მოვიქცევი ხვალაც _ დაე, ბედს არასოდეს მოესურვებინოს და პერულებს არასოდეს დაეშვათ ეს _ თუ პერუს კვლავაც იმსხვერპლებს სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც გაანადგურებს ჩვენს მყიფე დემოკრატიას. ეს არ ყოფილა ნაწყენი კაცის ნაჩქარევი, ემოციური ქმედება, როგორც ზოგიერთმა მჯღაბნელმა დაწერა, რომლებიც დაჩვეულნი არიან თავიანთი კნინი საზომით განსაჯონ სხვები. ეს გახლდათ ჩემი რწმენის გამოხატვა, რომ დიქტატურა ქვეყნისთვის აბსოლუტური ბოროტება, სისასტიკისა და მანკიერების წყაროა...

ის იმ ჭრილობებს აღრმავებს, რომელთა მოშუშებას ძალზე დიდი დრო სჭირდება ხოლმე, ის წამლავს ერის მომავალს, წარმოქმნის დამანგრეველ ჩვევებსა და პრაქტიქას, რომლებიც თაობებს სწვდება, და დემოკრატიულ გარდაქმნებს აფერხებს. აი, რატომ უნდა ვებრძოლოთ ყველა დიქტატურას უყოყმანოდ, ჩვენს განკარგულებაში არსებული ყველა საშუალებით, მათ შორის _ ეკონომიკური სანქციებითაც. დასანანია, რომ დემოკრატიული მთავრობები, ნაცვლად იმისა, მაგალითი მისცენ და მხარი დაუჭირონ ისეთებს, როგორებიც არიან ,,თეთრსამოსიანი ქალები” კუბაში, ვენესუელას ოპოზიცია, დიქტატურასთან მედგრად მებრძოლი აუნგ სან კუი და ლიუ ჰიაბო, პატივისცემით ეპყრობიან არა მათ, არამედ _ მათ მჩაგვრელებს. თავიანთი თავისუფლებისათვის მებრძოლი ეს მამაცი ადამიანები ამავე დროს ჩვენი თავისუფლებისთვისაც იბრძვიან. ერთმა ჩემმა თანამემამულემ, ხოსე მარია არგუედასმა, პერუს ,,მრავალსისხლიანი” ქვეყანა უწოდა. არა მგონია, სხვა სიტყვა უკეთ გამოხატავდეს იმას, რაც ჩვენ ვართ და რაც ყველა პერუელშია, მოგვწონს თუ არა ეს: ტრადიციების, რასების, რწმენის, კულტურების ერთობლიობა, ოთხ ძირითად ნაწილად რომ იყოფა. მეამაყება, რომ მემკვიდრე ვარ იმ პრეესპანური კულტურებისა, რომელთაც შექმნეს მაუდი და ბუმბულის მანტიები ნასკასა და პარაკასში, მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებში გამოფენილი მოჩიკური და ინკური კერამიკა; მემკვიდრე ვარ მაჩუ პიჩუს, გრან ჩიმუს, ჩან ჩანის, კუელაპის, სიპანის, ლა ბრუჯას ყორღანების, ელ სოლის, ლა ლუნას შემქნელთა; ესპანელებისა, რომელთაც აბგებით, ხმლებითა და ცხენებით ბერძნული, რომაული, იუდეო-ქრისტიანული ტრადიცია, რენესანსი, სერვანტესი, კუევადო, გონგორა, ანდებით დამტკბარი უხეში კასტილიური ენა პერუში შემოიტანეს.

ესპანეთთან ერთად შემოვიდა აფრიკა, თავისი ძლიერებით, მუსიკით, შუშხუნა წარმოსახვით, რათა პერუს მრავალეროვნება გაემდიდრებინა. მცირე გამოკვლევითაც კი ცხადი გახდება, რომ პერუ, ბორხესის ალეფისა არ იყოს, მთელი სამყაროს დამცრობილი ფორმატია. რა უჩვეულო ფუფუნებაა ქვეყნისთვის, არ ჰქონდეს ერთი იდენტობა, რადგან ყველა იდენტობა მასშია თავმოყრილი! ამერიკის დაპყრობას, როგორც ყველა სხვას, სისასტიკე და ძალადობა მოჰყვა. ამის მოწონება შეუძლებელია, მაგრამ იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ ვინც ძარცვავდა და დანაშაულს სჩადიოდა, ძირითადად, ჩვენი დიდი პაპები და პერპერები იყვნენ _ ამერიკაში მოსული ამერიკულ ყაიდაზე გარდაქმნილი ესპანელები და არა _ ესპანეთში დარჩენილნი. სამართლიანობა მოითხოვს, კრიტიკა თვითკრიტიკული იყოს. ორასი წლის წინ ესპანეთის ჩაგვრისაგან გავთავისუფლდით და დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. მათ კი, ვინც ყოფილ კოლონიებში ძალაუფლება იგდო ხელთ, იმის ნაცვლად, რომ ინდიელები გაეთავისუფლებინათ და ძველი შეცდომების ნაცვლად კანონიერება დაემკვიდრებინათ, ჩაგვრა დამპყრობლისათვის ნიშანდობლივი სიხარბითა და სისასტიკით განაგრძო.

ზოგ ქვეყანაში მკვლელობებითა და მოსახლეობის გაჟუჟვით მომხდურთაც კი გადააჭარბეს. ნება მომეცით, სავსებით მკაფიოდ განვაცხადო: აბორიგენი მოსახლეობის ორსაუკუნოვან ემანსიპაციაზე ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვეკისრებოდა, რომელიც უგულებელვყავით. ეს კვლავაც გადაუჭრელ საკითხად რჩება მთელ ლათინურ ამერიკაში, თუმც ჩვენი შემარცხვენელი და თავლაფდამსხმელი ერთადერთი გამონაკლისი როდია. ესპანეთი პერუსავით მიყვარს მისი ვალდებულიც ვარ და მადლიერიც. რომ არა ესპანეთი, ვერასოდეს ავიდოდი ამ ტრიბუნაზე, ვერასოდეს გავხდებოდი ცნობილი, და შესაძლოა, ზოგი ჩემი უიღბლო კოლეგასავით, გამომცემლის, ჯილდოს, მკითხველის მოლოდინში მწერალთა სალხინებელში მეხეტიალა. ვერაფერი ნუგეშია, მაგრამ ამ მწერალთა ნიჭიერებას ერთხელაც მომავალი თაობები აღმოაჩენენ. ყველა ჩემი წიგნი ესპანეთში დაიბეჭდა, სადაც გადაჭარბებული აღიარება და მეგობრები: კარლოს ბარალი, კარმენ ბალკელსი და მრავალი სხვა მოვიპოვე.

მათ იზრუნეს იმისათვის, რომ ჩემს ნაწერებს მკითხველი ჰყოლოდა. ესპანეთმა მომანიჭა მეორე მოქალაქეობა, როცა პირველს ვკარგავდი. არასოდეს მიგრძვნია მცირედი შეუთავსებლობაც კი, როცა პერუელი გახლდით და ესპანურ პასპორტს ვატარებდი, რადგან ესპანეთსა და პერუს ერთი მონეტის ორ მხარედ აღვიქვამ, არა მხოლოდ ჩემი მოკრძალებული პიროვნების, არამედ არსებითი სინამდვილის გამო, როგორიცაა ისტორია, ენა და კულტურა. ამ წლების განმავლობაში ესპანეთის მიწაზე ვცხოვრობდი. ყველაზე მკაფიოდ მახსოვს 1970-იანი წლების დასაწყისში უსაყვარლეს ბარსელონაში გატარებული ხუთი წელიწადი. ჯერ ისევ ფრანკოს დიქტატურა იყო და ხალხს ესროდა. მაგრამ იმხანად ეს გახლდათ ძველმოდურად შემოსილი გადმონაშთი, რომელსაც, განსაკუთრებით კულტურის სფეროში, ადრინდელი კონტროლის შენარჩუნება აღარ ძალუძდა.

ის ღრიჭოები და ღიობები გაიხსნა, რომელთაც ცენზურა ვეღარ დაგმანავდა. მათი შემწეობით ესპანური საზოგადოება ახალ იდეებს, წიგნებს, ცნობიერების ნაკადებს, არტისტულ ფორმებსა და ფასეულობებს ითვისებდა, მანამდე ანტისამთავრობოდ რომ ითვლებოდა. არც ერთ სხვა ქალაქს ამ ,,ღიაობით” ისე არ უსარგებლია, იმდენი გამოცდილება არ შეუძენია იდეებისა და შემოქმედების ყველა სფეროსაგან, რამდენიც _ ბარსელონას. ის ესპანეთის კულტურულ დედაქალაქად იქცა, იმ ადგილად, სადაც მომავალი თავისუფლების წინათგრძნობით უნდა გესუნთქა. ბარსელონა, გარკვეულად, ლათინური ამერიკის კულტურული დედაქალაქიც იყო აქ შეგროვილი ლათინოამერიკელი მხატვრების, მწერლების, გამომცემლების, მსახიობების გამო, რომელთაგან ზოგი უკვე დამკვიდრებულიყო, ზოგი კი წინ და უკან მიმოდიოდა. სწორედ აქ უნდა ყოფილიყავი, თუ პოეტობა, მწერლობა, მხატვრობა ან კომპოზიტორობა განგეზრახა. ჩემთვის ეს მეგობრობის, გეგმებისა და ნაყოფიერი ინტელექტუალური შრომის წლები გახლდათ.

ადრინდელი პარიზივით ბარსელონა ბაბილონის გოდოლი, კოსმოპოლიტური, უნივერსალური ქალაქი იყო, სადაც სიცოცხლე და შრომა ფასდებოდა, სადაც, პირველად _ სამოქალაქო ომის შემდეგ _ ესპანელი და ლათინოამერიკელი მწერლები შეერწყნენ, დანათესავდნენ, ერთურთს ერთი და იმავე ტრადიციისად მიიჩნევდნენ. ისინი ერთმა მიზანმა და რწმენამ შეადუღა: დიქტატურის დასრულება გარდაუვალი იყო და დემოკრატიულ ესპანეთში კულტურას მთავარი გმირობა უნდა ეკისრა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე ზუსტად ასე არ მომხდარა, დიქტატურიდან დემოკრატიად ესპანეთის გადაქცევა თანამედროვეობის საუკეთესო ამბად იქცა. ამ მაგალითით უპირატესობა საღ აზრს მიენიჭა და პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა საერთო სიკეთისათვის განდგომაზე უარი თქვეს. მოვლენები ისევე საოცრად განვითარდა, როგორც რეალისტურ რომანებში ხდება ხოლმე. ესპანეთის გარდაქმნამ ავტორიტარულიდან _ თავისუფლად, განვითარებადიდან _ წარმატებულად, მესამე სამყაროს ეკონომიკური კონტრასტებიდან და უთანაბრობიდან _  საშუალო კლასების ქვეყნად, მისმა ინტეგრაციამ ევროპასთან და მცირე ხანში დემოკრატიულ კულტურად ჩამოყალიბებამ მთელი სამყარო გააოცა და ესპანეთის მოდერნიზაცია დააჩქარა. ეს ამაღელვებელი და ჭკუის სასწავლებელი შეიქნა ჩემთვის.

მეიმედება, რომ ნაციონალიზმი, თანამედროვე სამყაროსა და ასევე, ესპანეთის უკურნებელი სენი, ვერ დაანგრევს ამ ბედნიერ ზღაპარს. მძაგს ნაციონალიზმის ნებისმიერი ფორმა, პროვინციული იდეოლოგია ან რელიგია, რომელიც ბეცი და შეზღუდულია, რომელიც ავიწროებს ინტელექტუალურ ჰორიზონტს და ზურგს უკან მალავს ეთნიკურ და რასისტულ ცრურწმენას: მისი შემწეობით მავანის დაბადების ადგილის შემთხვევითი გარემოება უზენაეს ფასეულობად, მორალურ და ონტოლოგიურ პრივილეგიად გარდაიქმნება. რელიგიასთან ერთად, სწორედ ნაციონალიზმია მიზეზი ყველაზე საშინელი სასაკლაოებისა, ორი მსოფლიო ომისა და ცენტრალურ აღმოსავლეთში მიმდინარე სისხლისღვრისა. ნაციონალიზმზე მეტად არაფერს შეუწყვია ხელი ლათინური ამერიკის ბალკანიზებისათვის: მის გამო მოითხვარა უაზრო ბრძოლებსა და შერკინებებში დაღვრილი სისხლით, მის გამო დაიხარჯა ასტრონომიული რესურსები იარაღის შესაძენად, ნაცვლად სკოლების, ბიბლიოთეკების, საავადმყოფოების აგებისა. ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ბრმა ნაციონალიზმი, ,,უცხოს” მიუღებლობა _ სისასტიკის სათავე, და პატრიოტიზმი _ იმ მიწის სიყვარულის მხსნელი, დიდსულოვანი განცდა, რომელზეც ვიშვით, სადაც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ, სადაც ჩვენი პირველი ოცნებები გამოიჭედა, რომლის საყვარელი გეოგრაფიული პეიზაჟები და მოვლენები მეხსიერების ნიშნულად გარდაისახა _ ის გვიცავდა მარტოობისაგან.

სამშობლო დროშები, ჰიმნები ან სიმბოლურ გმირებზე წარმოთქმული სახოტბო სიტყვები როდია! ეს გახლავთ ერთი მუჭა მიწა და ადამიანები, რომლებიც ჩვენს მოგონებებში სახლობენ, მელანქოლიით ავსებენ მათ. ეს არის ჩვენში გამჯდარი უთბესი გრძნობა, და იმის მიუხედავად, სად იმყოფები, ეს ის კერაა, სადაც დაბრუნება შეიძლება.

პერუ ჩემთვის არეკუიპაა, ადგილი, სადაც დავიბადე, მაგრამ არასოდეს მიცხოვრია, დედაჩემის, ბებიებისა და პაპების, დეიდებისა და ბიძების ქალაქი, მათი მოგონებებისა და სურვილების გავლით ჩემში რომ შემოაღწია, რადგან ჩემი მოდგმის ხალხს _ არეკუიპელებს თავიანთი მოხეტიალე არსებობისას ყოველთვის გულით დაჰქონდათ თეთრი ქალაქი. ეს გახლავთ უდაბნოში გაშენებული პიურა, მესკიტის ხეები, მრავალტანჯული სახედრები, რომელთაც ჩემი ახალგაზრდობისდროინდელი პიურელები მშვენიერ, სევდიან სახელს _ თავიანთ ,,მეორე ფეხებს” _ ეძახდნენ. პიურაში აღმოვაჩინე, რომ ბავშვები წეროებს კი არ მოჰყავდათ, არამედ წყვილებს _ ამაზრზენი სასიკვდილო ცოდვის ჩადენის შედეგად. ეს გახლავთ სან მიგელის აკადემია  და ვარიეტეს თეატრი, სადაც პირველად ვიხილე სცენაზე დადგმული ჩემი პატარა პიესა. ეს არის დიეგო ფერესა და კოლონის ქუჩების კუთხე ლიმას მირაფლორესში. ჩვენ მას ბედნიერ უბანს ვეძახდით, სადაც მოკლე შარვლის ნაცვლად გრძელი ჩავიცვი, პირველი სიგარეტი მოვწიე, ცეკვის სწავლა დავიწყე, სადაც შემიყვარდა და გული გოგონებს გადავუხსენი. ეს არის გაზეთ ,,ლა ქრონიკას”  მტვრიანი, ფუსფუსა საგამომცემლო ოფისები, სადაც თექვსმეტი წლის კალმით შეიარაღებულმა ჟურნალისტმა პირველად ვიგუშაგე.

ჟურნალისტის პროფესიამ, ლიტერატურასთან ერთად, მთლიანად მოიცვა ჩემი ცხოვრება და წიგნების მსგავსად, საშუალება მომცა, უფრო მსუყედ მეცხოვრა, სამყარო უკეთ შემეცნო, შევხვედროდი ყველა ჯურის ქალსა და მამაკაცს, შესანიშნავ, კარგ, ცუდ და ამაზრზენ ადამიანებს. ეს არის ლეონსიო პრადოს სახელობის სამხედრო აკადემია, სადაც შევიტყვე, რომ პერუ პატარა საშუალო კლასის რედუტი კი არ იყო, სადაც მანამდე დაცულად და დატყვევებულად ვგრძნობდი თავს, არამედ _ დიდი, ძველი, მტრული, უთანასწორო ქვეყანა, რომელსაც ათასნაირი სოციალური ქარიშხალი არყევდა. ეს არის კაჰუიდეს ფარული უჯრედები, სადაც ერთ მუჭა სან მარკოელ სტუდენტებთან ერთად მსოფლიო რევოლუციას ვამზადებდი. პერუა თავისუფლების მოძრაობაში ჩაბმული ჩემი მეგობრებიც, რომლებთან ერთადაც აფეთქებების, ელექტროენერგიის უქონლობისა და ტერორისტული აქტების ფონზე სამი წლის განმავლობაში დემოკრატიისა და თავისუფლების კულტურის დასაცავად ვიბრძოდი. პერუ პატრიციაა, ჩემი კუზინა, აპრეხილი ცხვირითა და ჯიუტი ხასიათით, რომელზეც, გამიმართლა და, ორმოცდაერთი წლის წინ დავქორწინდი. იგი კვლავაც იტანს ჩემს აჩემებებს, ნევროზებს და განრისხებას, რაც წერაში მეხმარება. პატრიცია რომ არ მყოლოდა, გონზალო, მორგანა და ექვსი შვილიშვილი, ჩვენს არსებობას რომ აფართოებენ და ახალისებენ, ვერასოდეს დაიბადებოდნენ და მეც დიდი ხნის წინ შთანმთქავდა მშფოთვარე გრიგალი; პატრიცია ყველაფერს აკეთებს და ყველაფერს კარგად აკეთებს.

ის მიწყვეტს პრობლემებს, უძღვება საოჯახო საქმეს, ქაოსში წესრიგს ამყარებს, ჟურნალისტებისა და აბეზარი ადამიანებისაგან მიცავს, ჩემს დროს უფრთხილდება, შეხვედრებსა და მოგზაურობას მიგეგმავს, ჩემოდნებს მილაგებს, და ისეთი დიდსულოვანია, მისი საყვედურიც კი ქათინაურად მესმის: ,,მარიო, ერთადერთი რამ, რაც შენ კარგად გამოგდის, წერაა”.

ახლა ლიტერატურას დავუბრუნდეთ. ბავშვური სამოთხე ჩემთვის ლიტერატურული მითი კი არ არის, არამედ _ რეალობა, რომელშიც ვცხოვრობდი და ვხარობდი: კოჩაბამბა, სადაც დიდი ოჯახი ასეთივე დიდ სახლში ბინადრობდა, და ჩემს ბიძაშვილებსა და სკოლის მეგობრებთან ერთად ვდგამდით ტარზანსა და სალგარის; პიურას პრეფექტურა, სადაც სხვენში ღამურები ბინადრობდნენ, მდუმარე აჩრდილები, რომლებიც იმ ცხელი მიწის ვარსკვლავიან ღამეებს იდუმალებით ავსებდნენ. იმ წლებში წერა თამაში იყო, რომელსაც ჩემი ოჯახი მიესალმებოდა. ამ მომხიბლავმა საქმიანობამ პირველი ტაში მოუტანა შვილიშვილს, დისშვილს, უმამო ბიჭუნას... მამაჩემი უკვე გარდაცვლილიყო და სამოთხეში გამგზავრებულიყო. ის გახლდათ მაღალი, პირმშვენიერი, მეზღვაურის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი, რომლის ფოტო ამშვენებდა ჩემს მაგიდას, რომელზეც ვლოცულობდი და რომელსაც ძილის წინ ვეამბორებოდი. ერთ დილით, პირუაში _ მგონი, დღესაც ვერ გამოვსულვარ მდგომარეობიდან _ დედა გამომიტყდა, რომ კაცი სინამდვილეში ცოცხალი იყო: სწორედ იმ დილით უნდა გავგზავრებულიყავით პერუში მასთან ერთად საცხოვრებლად.

თერთმეტის გახლდით. იმ წუთიდან ყველაფერი შეიცვალა. დავკარგე უბიწოება, შევიცანი მარტოსულობა, ძალაუფლება, ზრდასრული ცხოვრება და შიში. ჩემი ხსნა კითხვა გახლდათ, კარგი წიგნების კითხვა თავშესაფრად მექცა, სამყაროდ, სადაც ცხოვრება მშვენიერი და ღრმა იყო, ერთ თავგადასავალს მეორე მოსდევდა, იქ ისევ თავისუფლად და ბედნიერად ვგრძნობდი თავს. იმხანადვე დავიწყე წერაც, ოღონდ ამას ისე ვაიდუმალებდი, თითქოს ენითუთქმელ ბოროტებას ჩავდიოდი, აკრძალულ ვნებას ვეძლეოდი. ლიტერატურას თამაშად აღარ აღვიქვამდი. იგი გადაიქცა მტრობასთან ბრძოლის გზად, პროტესტად, ამბოხად, აუტანელი მდგომარეობიდან გაქცევად, ცხოვრების აზრად.

იმდროიდან დღემდე ყოველთვის, როცა კი უგუნებობა შემიპყრობდა და სასოწარკვეთის ზღვარს მივაღწევდი, ჩემს საქმეს, მწერლობას ვუთმობდი სულსა და სხეულს, რომელიც გახლდათ სინათლე გვირაბის ბოლოს, ფიცარი, რომლითაც წყალწაღებული ნაპირზე გამოდის.

თუმც ეს ურთულესი საქმეცაა, რომელიც სისხლის ოფლს მადენს და სხვა მწერლებივით, როცა დროდადრო ენერგიისაგან დაცლა მემუქრება, შთაგონებას კი მშრალი სეზონი უდგება, არაფერი ისე არ ახალისებს ჩემს ცხოვრებას, როგორც გაურკვეველი დასაწყისი, ამბის თხზვაში გატარებული წლები და თვეები, ცხოვრებისეული გამოცდილების საწყობში სახეთა მიკვლევა, რაც მოუსვენრობად, წყურვილად, ხილვად გადაიქცევა... ეს უდგამს სულს ჩანაფიქრსა და გადაწყვეტილებას, რომ ფანტომთა შემღვრეული ღრუბელი ამბად გარდავქმნა. ,,მწერლობა ცხოვრების წესია”, _ თქვა ფლობერმა. დიახ, სრული სიმართლეა, ეს მართლაც ცხოვრების წესია, აღსავსე ილუზიებითა და სიხარულით, კოცონით, რომელიც შენს თავში ნაპერწკლებს ყრის, ბრძოლით კერპ სიტყვებთან, ვიდრე მათ დაურვებას შეძლებდე; იმ ცხოვრებისა, რომელშიც მონადირესავით იკვლევ ფართო სამყაროს და სანუკვარ საკბილოსავით მისდევ თოთო ჩანაფიქრს, რათა აზრს პირი ჩაუტკბარუნო, ამბავს გაცხოველებული მადა დაუკმაყოფილო...

მაშინ კი, როცა წარმოსახვა იზრდება, ის ყველა სხვა ამბის ჩასანსვლას ლამობს.

ჯერ კიდევ თავბრუსხვევას გრძნობ ჩასახული რომანის გამო. შემდეგ ის ფორმას იღებს და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს _ პერსონაჟები უკვე იძვრიან, ფიქრობენ, გრძნობენ, პატივისცემასა და ანგარიშის გაწევას მოითხოვენ _ უკვე აღარ ძალგიძს, მათ საკუთარი აზრი მოახვიო თავს ან თავისუფალი ნება წაართვა, თუ არ მოკალი, თუ ამბავს დამარწმუნებელი ძალა არ წარსტაცე...

ეს განცდა დღესაც იმგვარადვე მაჯადოებს, როგორც პირველ ხანებში.

ის იმგვარადვე სრულყოფილია და მომთენთავი, როგორც _ საყვარელი ქალის შეუსვენებელი ალერსი დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში.

ლიტერატურაზე საუბრისას ბევრი რამ ვთქვი რომანზე და თითქმის არაფერი _ თეატრზე, მის მეორე გამორჩეულ ფორმაზე. ეს, რა თქმა უნდა, დიდი უსამართლობაა. თეატრი ჩემი პირველი სიყვარული გახლდათ. ახალგაზრდა ვიყავი, როცა ლიმის სეგურა თეატრში არტურ მილერის ,,კომოვოიაჟერის სიკვდილი” ვნახე, წარმოდგენა, რომელმაც განცდებით გათანგული დამტოვა და მაიძულა, ინკებზე დრამა დამეწერა. 1950-იანი წლების დასაწყისში ლიმაში რომ თეატრალური მოძრაობა არსებულიყო, დრამატურგი უფრო ვიქნებოდი, ვიდრე _ რომანისტი. ამ მდგომარეობამ ნარატივისადმი უფრო და უფრო კეთილგანწყობილი გამხადა.

მაგრამ თეატრის სიყვარული არასდროს გამნელებია. ის ოთხად მოკეცილი თვლემდა რომანთა ჩრდილში, როგორც საცთური, როგორც ნოსტალგია. ამას ყველაზე მეტად მაშინ ვგრძნობდი, როცა რომელიმე თავზარდამცემ სპექტაკლს ვნახულობდი. 1970-იანი წლების ბოლოს, ჯიუტმა მოგონებამ ას წელს მიტანებულ დიდ ბებიაზე, მამაეზე, რომელმაც სიცოცხლის ბოლო წლებში ყველანაირი კავშირი მოსხიპა გარესინამდვილესთან და მოგონებებსა და ფიქრებში გადასახლდა, ამბის შეთხზვა შთამაგონა. წინასწარ ვგრძნობდი, რომ ეს სათეატრო ნაწარმოები იქნებოდა, მხოლოდ სცენაზე შეიძენდა წარმატებული ნაწარმოებისათვის საჭირო აღმაფრენასა და ელვარებას. მე დავწერე ის გამოუცდელი მწერლისთვის ნიშანდობლივი მთრთოლვარებით და ძალზე გავიხარე, როცა სცენაზე განხორციელებული ვიხილე: მთავარ როლს ნორმა ალეანდრო თამაშობდა. ამის შემდეგ, რომანებსა და ესეებს შორის რამდენიმე პიესა დავწერე.

იმასაც დავძენ, რომ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, სამოცდაათი წლის ასაკში სცენაზე სათამაშოდ (მე ვიტყოდი, უფრო საბორძიკოდ) თუ ავიდოდი. ამ დაუფიქრებელმა ავანტიურამ საკუთარ ხორცსა და ძვლებზე პირველად განმაცდევინა სასწაული, თუ რას ნიშნავს, მწერალმა, მაყურებელთან ერთად, რამდენიმე საათით ცოცხლად იხილოს გამოგონილი პერსონაჟი და მისი ცხოვრება. ვერასოდეს შევძლებ სათანადო მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას მეგობრებს, რეჟისორ ხუან ოლესა და მსახიობ ქალს აიტანა სანჩეს გიჰონს, რომელთაც გამამხნევეს, მათთან ერთად გამეზიარებინა ეს ფანტასტიკური შთაბეჭდილება (მიუხედავად თანმდევი პანიკისა). ლიტერატურა ცხოვრების ყალბად ასახვაა, თუმც სწორედ მისი დახმარებით შეიძლება ცხოვრების უკეთ გაგება, იმ ლაბირინთში ორიენტირება, რომელშიც ვიბადებით, დავბორიალობთ და ვკვდებით. ლიტერატურა ანაზღაურებს იმ ღალატსა და იმედგაცრუებას, რეალური ცხოვრება რომ გვატეხს თავს. მისი წყალობით ნაწილობრივ მაინც ძალგვიძს იმ იეროგლიფის გაშიფრვა, რადაც კაცობრიობის უმრავლესობას ჩვენი არსებობა წარმოუდგენია, უპირატესად კი მათ, ვინც გამოხატავს ეჭვს, ვიდრე დარწმუნებულობას, და აღიარებს საკუთარ დაბნეულობას ისეთ საგანთა წინაშე, როგორებიცაა ტრანსცედენცია, ინდივიდუალური თუ კოლექტიური ბედისწერა, სული, ისტორიის საზრისი თუ უაზრობა, რაციონალური ცოდნის მიქცევ-მოქცევანი. ყოველთვის მხიბლავდა ის გაურკვეველი გარემოებანი, ჩვენმა წინაპრებმა _ ჯერ ისევ სულ ცოტათი რომ განირჩეოდნენ ცხოველთაგან, ხოლო ენა, მხოლოდ ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ რომ იყენებდნენ, ის-ის იყო დაბადებულიყო _ გამოქვაბულებში, კოცონის ირგვლივ, ღამით ელვის კრთომით, ჭექა-ქუხილით, ნადირის ღრენით აფორიაქებულებმა ამბავთა შეთხზვა და მოყოლა რომ დაიწყეს.

ეს ჩვენი ბედის გადამწყვეტი მომენტი გახლდათ, ვინაიდან ამბის მთხრობლის ხმითა და ფანტაზიით გაჯერებულ პრიმიტიულ წრეებში ცივილიზაცია დაიწყო, ვრცელი გზა, რომელმაც თანდათანობით გაგვაადამიანურა და ავტონომიური ინდივიდისაკენ გაგვიძღვა, ცივილიზაციამ ჩამოაცილა იგი ტომს, შვა ცნობიერება, ხელოვნება, სამართალი, თავისუფლება, და ძირისძირამდე გამოიკვლია ბუნების ქვაბულები, ადამიანის სხეული, სივრცე, და ვარსკვლავეთში ამოგზაურა. ის ლეგენდები, ზღაპრები, მითები, რომლებიც ახალ მუსიკასავით ახმიანდა სამყაროს საფრთხითა და იდუმალებით შეშინებულ მსმენელთა წინაშე, მარად მოგანგაშე სულთათვის ცივი აბაზანა, დამამშვიდებელი აუზი უნდა ყოფილიყო; მათთვის, ვისთვისაც ცხოვრება მხოლოდ ჭამას, თავშესაფრის მოპოვებას, კვლასა და მრუშობას ნიშნავდა. იმ დროიდან, რაც ამბის მთხრობლისაგან წაქეზებულებმა, კოლექტიური ოცნება, სიზმრების ერთურთისთვის განდობა დაიწყეს, გადარჩენისათვის მექანიკური შრომა და პირუტყვულ დავალებათა შესრულება შეწყვიტეს. მათი ცხოვრება ოცნებად, სიამოვნებად, ფანტაზიად და რევოლუციურ გეგმად გადაიქცა: თავი გაეთავისუფლებინათ, შეეცვალათ და სრულეყოთ ბრძოლა ოცნებათა და ნატვრათა ასახდენად, რომლებიც მათ წარმოსახვაში ფუთფუთებდა, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, რათა ნათელი მოეფინათ თავიანთი გარემომცველი იდუმალებისათვის. ეს მარადმედინი პროცესი მრავალფეროვანი მაშინ გახდა, როცა დამწერლობა იშვა, და მოსმენასთან ერთად ამბების წაკითხვაც დაიწყეს. ლიტერატურას მარადიულობა ხვდა წილად. აი, რატომ უნდა ვიმეოროთ ეს მანამ, სანამ ახალი თაობები არ დარწმუნდებიან: ლიტერატურა მეტია, ვიდრე გართობა, ვიდრე ინტელექტუალური სავარჯიშოები, რომლებიც მავანს მგრძნობელობას უმახვილებს და კრიტიკულ სულისკვეთებას უღვიძებს.

ლიტერატურა აბსოლუტურად აუცილებელია ცივილიზაციის არსებობის გაგრძელებისათვის, ის აახლებს და იცავს ჩვენში ყოველივე საუკეთესოს. ამდენად, უკან არ უნდა დავუბრუნდეთ იზოლაციის სიველურეს და ცხოვრება არ უნდა დავიყვანოთ იმ სპეციალისტის პრაგმატიზმამდე, რომელსაც ძალუძს საგნის ღრმა წვდომა, მაგრამ ვერ ამჩნევს, რა ახვევია გარს, რა უძღვის წინ და რა არის მის მიღმა. ამიტომ არ უნდა ვიქცეთ იმ მანქანათა მსახურებად, რომლებიც ჩვენდა სამსახურად გამოვიგონეთ. ამიტომ იქნებოდა ულიტერატურო სამყარო უოცნებო, უიდეალო და პატივაყრილი; იმ ავტომატთა ამარა დარჩენილი, რომლებიც ადამიანს იმას ართმევს, რაც მას ჭეშმარიტ ადამიანად აქცევს: იმ შესაძლებლობას ანიჭებს, ერთი მეორის ადგილას დადგეს, იმ სხვათა ადგილას, რომლებიც ჩვენი ოცნებებისაგან არიან ჩამოძერწილნი.

გამოქვაბულიდან ცათამბჯენამდე, კლუბიდან მასობრივი განადგურების იარაღამდე, ტომის ტავტოლოგიური ცხოვრებიდან გლობალიზაციის ერამდე ლიტერატურამ გაამრავლა ადამიანური გამოცდილება, დაგვიცვა ლეთარგიისაგან, თვითშთანთქმისაგან, მორჩილებისაგან.

არაფერს დაუთესავს იმდენი შფოთი, ისე არაფერს აუფორიაქებია ჩვენი წარმოსახვა და სურვილები, როგორც ნატყუარ ცხოვრებას, რომელსაც ლიტერატურის წყალობით, საკუთარსაც ვუმატებთ ხოლმე. ასე ვხდებით იმ დიდ თავგადასავალთა, დიდ ვნებათა პროტაგონისტები, რომელთაც რეალური ცხოვრება ვერასოდეს მოგვცემს. ლიტერატურული სიცრუე ჩვენით მართლდება, სურვილით დასენილი მკითხველი გარდაიქმნება, მხატვრული ლიტერატურის მეშვეობით ადამიანი პერმანენტულად კითხვებს უსვამს არაფრით გამორჩეულ სინამდვილეს.

ნამდვილი ჯადოსნობაა, როცა ლიტერატურა გვთავაზობს იმედს, მანამდე რომ არ გვქონდა, იმად გვქმნის, რაც ადრე არ ვყოფილვართ, იმ უჩვეულო არსებობას გვანიჭებს, რომელშიც წარმართულ ღვთაებათა მსგავსად, ერთდროულად მოკვდავებიც ვართ და უკვდავებიც,  სულში ნონკონფორმიზმსა და ამბოხს გვინერგავს, რომლებიც ყოველგვარი გმირობის საფუძველია, რომლებიც ხელს უწყობს სისასტიკის შემცირებასა და ადამიანური ურთიერთკავშირის გაცხოველებას. სისასტიკის დამცრობა მის დასრულებას არ ნიშნავს იმიტომ, რომ ჩვენი ამბავი, საბედნიეროდ, ყოველთვის დაუსრულებელი იქნება. აი, რატომ უნდა განვაგრძოთ ოცნება, კითხვა, წერა... _ ეს ყველაზე ეფექტური საშუალება ჩვენი მოკვდავობის გასაქარწყლებლად, დროის კოროზიის დასამარცხებლად და შეუძლებლის შესაძლებლად გადასაქცევად.

 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მთარგმნელის შენიშვნები

კოჩაბამბა _ ბოლივიის უმსხვილესი ქალაქი

ამადო ნერვო (1870-1919) _ მექსიკელი პოეტი

ხუანოტ მარტორელი (1413-1468) _ ვალენსიელი რაინდი, ავტორი რომანისა ,, Tirant lo Blanch”

,,სამხრეთი” (Eლ სურ) _ ბორხესის მოთხრობა, რომლის პროტაგონისტი ხუან დალმანია

,,პედრო პარამო” _ ხუან რულფოს (1917-1986) _ მექსიკელი მწერლის ნოველა

კომალა (კოლიმა) _ ხუან რულფოს ნაწარმოებში ,,აჩრდილთა ქალაქად” მოხსენიებული დაბა მექსიკაში

ჯალაბა _ მაროკოული ტანისამოსი, კაპიუშონიანი ბალახონი

ბომბაჩა _ სამხრეთამერიკული შარვალი

რაიმონდ არონი (1905-1983) _ ფრანგი ფილოსოფოსი, სოციოლოგი და პოლიტოლოგი

ჟან ფრანკო რეველი (1924-2006) _ ფრანგი ჟურნალისტი და ფილოსოფოსი

სერ ისაია ბერლინი (1909-1997) _ ბრიტანელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი

სერ კარლ რაიმონდ პოპერი (1902-1994) _ ავსტრო-ბრიტანელი ფილოსოფოსი

ემილ სიორანი (1911-1995) _ რუმინელი ფილოსოფოსი

ჟან ვილარი (1912-1978) _ ფრანგი თეატრალი, ავინიონის ფესტივალის დამაარსებელი

ჟან-ლუი ბარო (1910-1994) _ ფრანგი მსახიობი და რეჟისორი

ახალი რომანი (ფრ. Le nouveau roman) ან ,,ანტირომანი’’ _ ფრანგული პროზის ლიტერატურული მიმდინარეობა1940-1960 წწ.-ში, რომელიც გაემიჯნა ე.წ. ბალზაკურ სტილს. სახელწოდება პირველად კრიტიკოსმა ემილ ანრიომ გამოიყენა 1957 წელს.

ახალი ტალღა (ინგლ. New Wave) _ ეს ტერმინი წარმოქმნილი უნდა იყოს ფრანგული Nouvelle Vague-დან, რომელიც აღნიშნავდა 1950-1960-იანი წლების ახალ მიმართულებას ფრანგულ კინემატოგრაფში

კარლოს ფუენტესი (დ.1928) _ მექსიკელი მწერალი

გუილერმო კაბრერა ინფანტე (1929-2005) _ კუბელი მწერალი

ხუან კარლოს ონეტი (1909-1994) _ ურუგვაელი მწერალი

ალეჯო კარპენტიერ ი ვალმონტი (1904-1980) _ კუბელი მწერალი

ედუარდსი _ ამ გვარის რამდენიმე მწერალია ცნობილი. ძნელი დასადგენია, რომელს გულისხმობს ლიოსა.

ხოსე დონოსო იანეზი (1924-1996) _ ჩილეელი მწერალი

სეზარ აბრაჰამ ვალეჰო მენდოზა (1892-1938) _ პერუელი პოეტი

,,თეთრსამოსიანი ქალები’’ (ესპ. Damas de Blanco) _ კუბელ დატყვევებულ დისიდენტთა ცოლები, ქვრივები და მდედრობითი სქესის სხვა წარმომადგენლებისაგან შემდგარი ოპოზიციური მოძრაობა

აუნგ სან სუ კუი (დ.1945) _ ბირმელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქალი

ლიუ ჰიაობო (დ.1955) _ ჩინელი კრიტიკოსი, მწერალი, პროფესორი, ადამიანის უფლებათა დამცველი

ხოსე მარია არგუედას ალტამირანო (1911-1969) _ პერუელი მწერალი, პოეტი და ანთროპოლოგი

ნასკა _ ამავე სახელწოდების ქალაქი პერუში

პარაკასი _ პისკოს პროვინციის ერთ-ერთი რაიონი პერუში

მოჩე _ ძველპერუული კულტურა, რომელიც ვითარდებოდა პერუს ჩრდილოეთში II-IX სს-ში

მაჩუ პიჩუ (ძველი მთა) _ პერუში ურუბამბას ველზე მდებარე ქედი

გრან ჩიმუ _ პერუს ერთ-ერთი პროვინცია

ჩან ჩანი _ კოლუმბამდელი ქალაქი პერუში

კუელაპი _ VI-XVI სს. მასიური ქვის გალავნით გარშემორტყმული ასზე მეტი არქიტექტურული ნაგებობა

სიპანი _ მოჩეს კულტურის (II ს.) მეფე სიპანის სამარხი

ფრანსისკო გომეს დე კუემედო (1580-1645) _ ესპანელი პოეტი

კარლოს ბარალ ი აგესტა (1928-1989) _ ესპანელი პოეტი

კარმენ ბარსელსი _ ესპანელი ლიტერატურული აგენტი

არეკუიპა _ პერუს სამხრეთში მდებარე ქალაქი

პიურა _ პერის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქი

ლეონსიო პრადოს სამხედრო აკადემია _ პერუს საგანმანათლებლო ინსტიტუტი, რომელიც 1943 წელს დაარსა პერუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა მანუელ პრადო უგარტეჩემ; სასწავლებელს სახელი გაუთქვა ლიოსას რომანებმა

ხუან ოლე (დ.1955) _ ესპანელი რეჟისორი

აიტანა სანჩეს გიჰონი (დ.1968) _ იტალიელ-ესპანელი მსახიობი ქალი

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ლექციები / ვარგას ლიოსა მარიო / კითხვისა და წერის სადიდებელი