გაკვეთილი მეხუთე

 

წერის რეჟიმი, კლავიატურის ძირითადი რიგი.

 

გავაგრძელოთ კლავიატურის შესწავლა და ვეცადოთ ტექსტის აკრეფას. ნუ შეგვაშინებს კლავიატურის ღილაკთა სიმრავლე. თანდათანობითი ვარჯიშის შემდეგ თითები თვითონ დაისწავლიან ღილაკებს და წერის პროცესი ასე წარმოიდგინეთ, რომ ავტომატიზმამდეც კი შეიძლება დავიყვანოთ. რასაკვირველია, მთლიანი კლავიატურის ათვისება ერთ გაკვეთილში არ არის შესაძლებელი, ამიტომ ეს მოხდება ნელნელა და კლავიატურის შესწავლა გადავა გაკვეთილიდან გაკვეთილში.

      ეფ ცხრით გამოვიძახოთ დროებითი ფანჯარა. გავიხსენოთ, რომ პროგრამა ბუს გააჩნია ორი რეჟიმი: წერის და კითხვის და რომ ერთი რეჟიმიდან მეორეში გადასვლა ხდება კონტროლ + პრობელით. დროებითი ფანჯრის გამოძახებისას პროგრამა თვითონ დგება წერის რეჟიმში.

     მივმართოთ კლავიატურის ძირთად ნაწილს, ასოით-რიცხვით ბლოკს. მოკლედ მას შეიძლება ვუწოდოთ სიმბოლოთა ბლოკიც.

     კლავიატურაზე შეიძლება არსებობდეს ასოთა ორგვარი განლაგება: ლათინური და კირილიცის. ასოების კირილიცური განლაგება გამოიყენება ძირითადად რუსული ტექსტების აკრეფისას. საქართველოში უმეტესად იყენებენ ასოთა ლათინურ განლაგებას, ამიტომაც ჩვენც მას შევისწავლით.

     მივმართოთ კლავიატურის ძირითადი ბლოკის ძირითად რიგს. გავიხსენოთ, რომ იგი არის ქვემოდან მესამე და მასზე არსებობს ორი ნიშანდებული ღილაკი, რომლებსაც შეესაბამებიან ასოები ეფი და ჯეი. წერის დროს ხელების საჩვენებელი თითები მოთავსებული უნდა იყვნენ ამ ღილაკებზე. ხელის მტევნების თითები დავალაგოთ ამ ღილაკების გასწვრივ. მაშინ მარცხენა ხელის ნეკის ქვეშ იქნება ასო ა, უსახელოს ქვეშ ასო ესი, ხოლო შუა თითი იმყოფება ასო დე-ზე. მარჯვენა ნეკი იქნება სასვენი ნიშან წერტილ-მძიმის შესაბამის ღილაკზე, იგივე ხელის არათითის ქვეშ აღმოჩნდება ასო ლ, ხოლო შუა თითი ასო კ-ზე.

     თითოეულ ასოს დავაჭიროთ რამდენჯერმე და ვეცადოთ კარგად დავიმახსოვროთ ისინი. ეს გავიმეოროთ ბევრჯერ.

     ადამიანები ქაღალდზე წერის დროს როცა მიუახლოვდებიან ქაღალდის მარჯვენა კიდეს და სიტყვას ვერ ტევენ მთლიანად, წერენ სიტყვის მხოლოდ ნაწილს, დანარჩენი კი გადატანის ნიშნის დასმის შემდეგ გადააქვთ ახალ ხაზზე. სიტყვის გადატანას აქვს წესები,  რომელთა  გამოყენებაც სავალდებულოა წერის კულტურისათვის. ამ წესების გათვალისწინება თანამედროვე კომპიუტერში არ ხდება. თუ სიტყვა ვერ ეტევა, მაშინ კომპიუტერს იგი მთლიანად გადააქვს ახალ ხაზზე.

      ასოების ძირითად რიგში საჩვენებელ თითებს შორის მდებარეობს კიდევ ორი ღილაკი: მარცხენა საჩვენებელი თითის მარჯვნივ არსებობს ასო განი-ს შესაბამისი ღილაკი, ხოლო მარჯვენა საჩვენებელი  თითის მარცხნივ ასო ჰოეს-ს შესაბამისი ღილაკი. აი, სულ ესაა ძირითადი რიგის ასოები, მაგრამ კიდევ ვთქვათ შემდეგი. ასო ა-ს მარცხნივ არსებობს ჰორიზონტალური კლავიში კაპსლუკი. იგი გამოიყენება რუსული სასათაურე ასოების დაწერისთვის, ეგრეთ წოდებული ზაგლავნიე ბუკვი. შემთხვევით თუ მასზე მოგვიხვდა ნეკა მაშინ ასოები აღარ აიკრიფება და კომპიუტერი შეგვატყობინებს: ზედა რეგისტრი ჩართულია. ჩვეულებრივ რეჟიმში დასაბრუნებლად კვლავ უნდა დავაწვეთ იგივე კლავიშს და კომპიუტერიც გამოგვიცხადებს: ზედა რეგისტრი გამორთულია.

     სანამ გადავალთ ახალ გაკვეთილზე შევისწავლოთ ენტერის კიდევ ერთი თვისება. როგორც ვთქვით, წერისას როცა შეივსება ერთი ხაზი, კომპიუტერი თვითონ შეუტყობინებლად გადადის მეორე ხაზზე. თუ ჩვენ გვინდა ხაზის შეუვსებლად გადავიდეთ ახალ ხაზზე, მაშინ ვაწვებით ენტერს : პროგრამა იძახის აბზაცს და ჩვენ გადავდივართ ახალ ხაზზე. ამას ჩვენ გავაკეთებთ მარჯვენა ხელის ნეკათი. როგორც ვიცით, ეს თითი აწვება ღილაკს წერტილ-მძიმეს. პატარაზე გავიწვდით მარჯვენა ნეკს და იქვეა ენტერის ღილაკიც. ახლა ალბათ, გასაგებია ამ კლავიშის მუხლისებური ფორმა.

     სიტყვების აკრეფაში გასავარჯიშებლად  მოვძებნოთ ასო ი, რადგან ძირთად ხაზში მხოლოდ ერთი ხმოვანია და შინაარსის მატარებელი სიტყვებისთვის მეორე ხმოვანიც დაგვჭირდება, მითუმეტეს, რომ ქართული სიტყვების უმრავლესობა მთავრდება ი-ზე. ავწიოთ მარჯვენა ხელის შუა თითი ერთი რიგით ზევით. ჩვენ პირდაპირ მოვხვდებით ასო ი-ს შესაბამის ღილაკზე. ვისწავლოთ აგრეთვე სასვენი ნიშნების წერტილისა და მძიმის ღილაკების მდებარეობა. მძიმე მდებარეობს პრობელის მარჯვენა კიდის ზემოთ. პრობელის მარჯვენა ბოლო ზუსტად ხვდება ამ ღილაკის შუაზე. წერტილის ღილაკი მდებარეობს მძიმის მარჯვნივ.

    ამრიგად, ჩვენ უკვე ვიცით ძირთადი რიგის ცხრა ასო და ასო ი. აგრეთვე წინა გაკვეთილებიდან ასო ზ-ს და ასო ქ-ს შესაბამისი ღილაკები. კიდევ სამი სასვენი ნიშანი: მძიმე, წერტილი და წერტილ-მძიმე.

     მგონი დროა შევუდგეთ ტექსტის აკრეფას, მაგრამ ალბათ, ცხადია თავს ვერ დავაღწევთ შეცდომებს. ნუ იდარდებთ, ამის გამოსწორება ადვილად შეიძლება. თუ შეგვეშალა ასო, მაშინ უნდა დავაწვეთ ბეგსპეის ღილაკს და ასოც წაიშლება. ბეგსსპეისი მდებარეობს ძირითადი ბლოკის უკიდურეს მარჯვენა კიდეში მუხლისებური ენტერის ზუსტად თავზე და ეფ ღილაკების ქვემოთ. მას იოლად გამოვიცნობთ, რადგან მასზე თითის დაჭერა გვაძლევს შეტყობინებას: წაშლა მარცხნივ.      

 

   საკონტროლო კითხვები:

 

1. როგორ მოვძებნოთ ასოების ძირითადი რიგი?

2 სად მდებარეობენ ასოების: ი-ს, ზ-ს და ქუ-ს შესაბამისი ღილაკები?

3. რომელი ასოები მდებარეობენ ნიშანდებულ ღილაკებს შორის?

4. სად მდებარეობენ სასვენი ნიშნების: მძიმის, წერტილის და წერტილ-მძიმის ღილაკები?

5. რა ფუნქციას ასრულებს ენტერ-ღილაკი წერისას?

 

 დავალება:

 

    1. ავკრიფოთ სიტყვები: აი ია,დაზგა, სჯა, ზაზა, სია, სასა, ლალა, ლალი, ლილა, ჯაჯაი, ქისა, სიქა, კასა, ფასი, ფაფა, ლიდა, დალი, ზიზია, ფალასი, ფისა, ჯილა, ლაჯი, ასსა, სილა, გია, გალალა, სირი, საარი, ლილია, ლაზი,აჯა, ასფასია, დასი, ზეზი, სადა, ფისი,ფაფალა, ლია, აზია,ჰაჰაჰა, ჰიჰიჰი, ჯაზი,კისკისი, ჰაიჰაი,ასი, ჰაჯი, ზაალი, საზი, ზაქი, ჯაფა, ფიჯი, დიდი, კაკალი, გიგლა, გაგაი, ლაქლაქი, ქაქანი, ფასფასი, ჯალალი, დიდა, დილა,კაისა, კაკილა.

     იმისთვის რომ მოხერხებულად აკრიფოთ ტექსტი, გახსენით ორი მეზობელი ფანჯარა. ერთში გახსენით ეს დავალება, მეორეში გადადით წერის რეჟიმში და პირველ ფანჯარაში სიტყვის წაკითხვის შემდეგ გადადით მეორეში და აკრიფეთ წაკითხული სიტყვა.მთელი ტექსტის აკრეფა გაიმეორეთ ხუთჯერ მაინც.

    შენიშვნა: წერის რეჟიმიან ფანჯრიდან მეორე ფანჯარაში გადადით ღილაკთა კომბინაციით: კონტროლ + გადასასვლელი ფანჯრის ნომერი.

    2. ეცადეთ ნაცნობი ასოებით შეადგინოთ ახალი სიტყვები და აკრიფეთ ისინი. წერისას გამოიყენეთ ნასწავლი სასვენი ნიშნები.

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ ორის სახელმძღვანელო / 06.გაკვეთილი მეხუთე- წერის რეჟიმი, კლავიატურის ძირითადი რიგი